ა. სასქესო ორგანოები და სარძევე ჯირკვლები

1. საშვილოსნო. საშვილოსნო მომყოლის დაბადებისთანავე იწყებს ძლიერ შეკუმშვას და უკვე რამდენიმე წუთში მომრგვალო ფორმას იღებს. მისი კედლები მკვრივდება, პლაცენტური მოედნის (სადაც პლაცენტა იყო მიმაგრებული) სისხლძარღვები იკუმშება. საშვილოსნოს ძირი (ფსკერი) ჭიპის დონეზე ან მის ოდნავ ქვემოთ მდებარეობს. მშობიარობიდან 2 კვირის შემდეგ საშვილოსნო უკვე მცირე მენჯის ღრუს ფარგლებშია. მისი ზომები კვლავ იკლებს და მშობიარობიდან 4 კვირის შემდეგ არაორსულის ზომებს აღწევს. მშობიარობიდან რამდენიმე დღეში დეციდუალური გარსის ზემოთა შრე სცილდება საშვილოსნოს და ლოქიის სახით გამოიყოფა. ეპითელიუმის რეგენერაცია მისი ჯირკვლების ხარჯზე ხდება. საშვილოსნოს ღრუს კედლი (პლაცენტური მოედნის გამოკლებით) ეპითელიზაციას 7-10 დღის შემდეგ განიცდის, ენდომეტრიუმი ნორმალურ სისქეს მშობიარობიდან 2-3 კვირის შემდეგ აღწევს. პლაცენტური მოედნის ეპითელიზაცია გაცილებით ნელა (მშობიარობის შემდეგ მე-6 კვირის დასასრულს), მეზობელი უბნებიდან ენდომეტრიუმის გადმოცოცების ხარჯზე ხორციელდება. პლაცენტური მოედნის ეპითელიზაციის შეფერხება გვიან ლოგინობის ხანაში შესაძლოა საშვილოსნოდან სისხლდენის მიზეზად იქცეს.

2. საშვილოსნოს ყელი. მშობიარობიდან 2-3 დღეში საშვილოსნოს ყელის ტონუსი აღდგება, შიგნითა პირი 2-3 სმ-ზე გახსნილი რჩება. მშობიარობის შემდეგ პირველი კვირის ბოლოს საშვილოსნოს ყელი საბოლოოდ ფორმირდება.

3. საშო. მშობიარობიდან 3 კვირის განმავლობაში საშოს კედლები შეშუპებული რჩება, ხოლო საშოს სანათური - ოდნავ გაფართოებული. შეშუპება მთლიანად გაივლის ლოგინობის ხანის ბოლოს.

4. საკვერცხეები. ქალების უმრავლესობას ბავშვის ძუძუთი კვების დასრულებამდე არ აღუდგება მენსტრუაცია. ლაქტაციის არქონის შემთხვევაში ოვულაცია მშობიარობიდან დაახლოებით მე-10 კვირას ხდება, ხოლო პირველი მენსტრუაცია - მე-12 კვირას. მენსტრუაცია შესაძლოა მშობიარობიდან 7-9 კვირის შემდეგაც აღდგეს. ამ შემთხვევაში პირველი ციკლი, წესისამებრ, ანოვულატორულია.

5. სარძევე ჯირკვლები. ესტროგენების, პროგესტერონის, კორტიზოლის, პროლაქტინის, პლაცენტური ლაქტოგენისა და ინსულინის ზემოქმედებით ორსულებს სარძევე ჯირკვლებში სწრაფად უვითარდებათ ჯირკვლოვანი სტრუქტურები. ორსულობის პერიოდში პლაცენტის მიერ სინთეზირებული სტეროიდული ჰორმონები ლაქტაციას თრგუნავს. მშობიარობის შემდეგ მათი რაოდენობა მკვეთრად იკლებს და პროლაქტინის მაღალი დონის ფონზე იწყება ლაქტაცია. თავდაპირველად სარძევე ჯირკვლები გამოყოფენ ხსენს, რომელიც რძისგან ცილებისა და იმუნოგლობულინების უფრო მაღალი შემცველობით განსხვავდება.

ბ. სხვა ორგანოები

1. საშარდე გზები. მშობიარობის დროს არცთუ იშვიათად ზიანდება შარდის ბუშტი, რის გამოც ლოგინობის ადრეულ პერიოდში მოსალოდნელია მისი გაწელვა და შარდის შეკავება. ეს ზრდის საშარდე გზების ინფიცირების რისკს. თირკმლისმიერი სისხლის მიმოქცევა, გორგლოვანი ფილტრაცია და მილაკებში ელექტროლიტების, ამინომჟავებისა და გლუკოზის რეაბსორბცია ნორმას 6 კვირის შემდეგ უბრუნდება. თირკმლის მენჯი, ფიალები და შარდსაწვეთი შესაძლოა რამდენიმე თვე გაფართოებული დარჩეს.

2. გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ბუნებრივი გზით მშობიარობისას სისხლის დანაკარგი, ჩვეულებრივ, 500 მლ-ს არ აღემატება, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 1 000 მლ-ს. მიუხედავად სისხლის დაკარგვისა, მშობიარობის შემდეგ იზრდება გულის მოცულობა (პლაცენტური სისხლის მიმოქცევის გამოთიშვის გამო იმატებს სისხლძარღვშიგა სითხე სისხლის მიმოქცევის წრეში და ძლიერდება ვენური უკუდენა). ამის გამო გულის წუთმოცულობა მცირდება, განდევნის ფრაქცია კი იგივე რჩება ან უმნიშვნელოდ იმატებს. მშობიარობიდან 2 კვირის შემდეგ ყველაფერი ნორმას უბრუნდება.

3. საჭმლის მომნელებელი სისტემა. ორსულობისას ესტროგენების გავლენით ღვიძლში ცილების სინთეზი ძლიერდება, რაც შრატისმიერი ცილების დონის მომატებას განაპირობებს. მშობიარობიდან 3 კვირის შემდეგ ისიც ნორმას უბრუნდება.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია