მშობიარობის შემდგომი  ინფექციები

მშობიარობის შემდგომი  ინფექციური გართულებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ენდომეტრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, მასტიტი და პნევმონია.

მშობიარობის შემდგომ ინფექციას ეჭვობენ, თუ მშობიარობიდან პირველი 10 დღის განმავლობაში (პირველი 24 საათის გამოკლებით) სხეულის ტემპერატურა ზედიზედ 2 დღე 38 გრადუსს აღწევს. ტემპერატურას ზომავენ დღეში 4-ჯერ. ხანმოკლე სუბფებრილიტეტი ნორმალური მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც შეიძლება განვითარდეს, რასაც სისუსტე, გარდამავალი ბაქტერიემია და სისხლში უცხო სხეულების - ნაყოფის ცილების - მოხვედრა განაპირობებს. ბუნებრივი გზით მშობიარობის შემდეგ ტემპერატურა, წესისამებრ, თავისთავად უბრუნდება ნორმას. საკეისრო კვეთის შემდეგ კი ცხელება ინფექციურ გართულებაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში ტემპერატურა თავისთავად ათიდან 3 შემთხვევაში ნორმალიზდება. ექიმი შეისწავლის, როგორ მიმდინარეობდა მშობიარობა, როგორი იყო მშობიარობის შემდგომი პერიოდი და შემდგომ გამოკვლევას ამის მიხედვით ნიშნავს.
ლაბორატორიული გამოკვლევა: ტარდება სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით, შარდის საერთო ანალიზი და დათესვა, სისხლის დათესვა და გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში ითესება ნახველიც. ენდომეტრიტზე ეჭვის შემთხვევაში ანტიბიოტიკის შესარჩევად ითესება საშვილოსნოდან არსებული გამონადენი. მასალას იღებენ ორსანათურიანი კათეტერით საშვილოსნოს გამორეცხვის შემდეგ. დასათესი მასალის ტამპონით აღების შემთხვევაში საშვილოსნოს გამონადენს უერთდება საშოს მიკროფლორა, რაც გამომწვევის იდენტიფიკაციას ართულებს.

ცალკეული დაავადებები

ენდომეტრიტი ენდომეტრიუმის ანთებაა. როდესაც ანთებითი პროცესი მიომეტრიუმზეც ვრცელდება, მეტროენდომეტრიტზე საუბრობენ. თუ ანთება საშვილოსნოს ახლომდებარე ქსოვილებსაც მოედო, ვითარდება პარამეტრიტი.
მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი, წესისამებრ, ვითარდება მშობიარობიდან 5 დღის განმავლობაში და ვლინდება ცხელებით, ლეიკოციტოზით, პალპაციისას საშვილოსნოს მტკივნეულობით და ჩირქნარევი, მძაფრსუნიანი ლოქიის გამოყოფით.
რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია საკეისრო კვეთა, მშობიარობის გახანგრძლივება, ხანგრძლივი უწყლო პერიოდი. საკეისრო კვეთის შემდეგ ენდომეტრიტის პროფილაქტიკისთვის ინიშნება ანტიბიოტიკები, ენდომეტრიტის განვითარების შემთხვევაში - გამომწვევის შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია.
გართულებებიდან აღსანიშნავია თრომბოფლებიტი, მენჯის აბსცესი და სეპტიკური შოკი. გაურთულებელი ენდომეტრიტი უშვილობას არ იწვევს.

გ) მასტიტი სარძევე ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა, რომელიც, წესისამებრ, მშობიარობიდან 2-3 თვის შემდეგ ვითარდება.
სარძევე ჯირკვლების პალპაციით (ხელით გასინჯვით) აღმოაჩენენ მკვეთრად შემოსაზღვრულ, კონუსის ფორმის გამკვრივებულ უბნებს. სხეულის ტემპერატურა 39°C-მდე იმატებს.
რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია დვრილებზე ნახეთქების არსებობა, ძუძუს წოვება.
ასიდან 95 შემთხვევაში მასტიტს იწვევს შტაპჰყლოცოცცუს აურეუს. დანარჩენ შემთხვევებში გამომწვევი შეიძლება იყოს Streptococcus pyogenes და Streptococcus agalactiae, Haemophilus influenzae და Haemophilus parainfluenzae. აბსცესის არარსებობისას ქალი აგრძელებს ბავშვის ძუძუთი კვებას ან გულდასმით იწველის რძეს. ამ დროს მიზანშეწონილია სარძევე ჯირკვლის მჭიდროდ გადაკვრა და ყინულის საფენები. ინიშნება პენიცილინაზისადმი მდგრადი ანტიბიოტიკები.
აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში საჭიროა მისი გახსნა და დრენირება. ჩირქოვანი გამონადენის შეწყვეტამდე ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

დ) მუცლის წინა კედლის (საკეისრო კვეთის შემდეგ) და შორისის არის (პერინეო ან ეპიზიოტომიის შემდეგ) ადრეული ინფექცია.

აშშ-ის ნაციონალურ აკადემიასთან არსებული ნაციონალური კვლევის საბჭოს განმარტებით, ადრეული ინფექციის დამახასიათებელი ნიშანია ჭრილობიდან ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა. ანთების ნიშნების ფონზე სეროზული გამონადენის არსებობის შემთხვევაში საუბრობენ ანთებად ინფილტრატზე.
მუცლის წინა კედლის ადრეული ინფექცია, ჩვეულებრივ, საკეისრო კვეთის შემდეგ მე-3 ან მე-8 დღეს ვითარდება და ვლინდება ცხელებით, ინფილტრაციით, ჭრილობის კიდეების შეწითლებითა და მტკივნეულობით პალპაციისას. მოსალოდნელია ფლუქტუაციაც. დიაგნოზი ჩირქოვანი გამონადენის აღმოჩენისთანავე დასტურდება.
შორისის მიდამოს ადრეული ინფექცია ქსოვილების შეშუპებითა და შეწითლებით ვლინდება. ჭრილობის კიდეებზე ზეწოლის შემთხვევაში გამოიყოფა ჩირქი.
მუცლის წინა კედლის ადრეული ინფექციის რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია ქორიოამნიონიტი, სიმსუქნე, ხანგრძლივი ან ექსტრემალური ქირურგიული ჩარევა, შაქრიანი დიაბეტი, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა და ორგანიზმის გამოფიტვა.
მუცლის წინა კედლის ადრეული ინფექციის გამომწვევი უმეტესად საშოს ნორმალური მიკროფლორაა. ოპერაციიდან 48 საათში გავრცობილი ფლეგმონის განვითარებას იწვევს Streptococcus pyogenes ან Clostridium perfringens. უკანასკნელ შემთხვევაში ჭრილობიდან დის სითხე და ჭრილობის კიდეები ბრინჯაოსფერ შეფერილობას იღებს.

მკურნალობა:

  • მუცლის წინა კედლის ადრეული ინფექცია - ჭრილობას ხსნიან, ასუფთავებენ ჩირქოვანი ნადებისა და ნეკროზული ქსოვილებისგან და ტოვებენ შესახორცებლად. ანტიმიკრობული თერაპია მხოლოდ გავრცობილი ფლეგმონის შემთხვევაშია ნაჩვენები. ამ დროს ინიშნება ბენზილპენიცილინი.
  • შორისის ადრეული ინფექცია - შორისის ადრეულ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში ინიშნება მჯდომარე აბაზანები. როცა უკეთესობა ვერ მიიღწევა, ნაკერებს ხსნიან, ჭრილობას ასუფთავებენ ჩირქოვანი ნადებისა და ნეკროზული ქსოვილებისგან და შესახორცებლად ტოვებენ. გართულება: მოსალოდნელია ზედაპირული ფასციიტი, ნეკროზული ფასციიტი და კუნთების ნეკროზი.
  • მუცლის წინა კედლის ადრეული ინფექციის გართულება: ზედაპირული ფასციიტის შემთხვევაში ზიანდება მუცლის ზედაპირული ფასციის ზედაპირული და ღრმა ფირფიტები. ნეკროზული ფასციიტის დროს პროცესი უფრო ღრმად ვრცელდება.
  • შორისის ადრეული ინფექციის გართულება: ზედაპირული ფასციიტის დროს ზიანდება შორისის ზედაპირული ფასცია. ნეკროზული ფასციიტის დროს პროცესი ვრცელდება ქვედა ფასციაზე, შარდსასქესო დიაფრაგმასა და კუნთებზე. ანთებითი პროცესის შემდგომი გავრცელების შემთხვევაში ვითარდება კუნთის ნეკროზი. აუცილებელია ნეკროზული ქსოვილის მოშორება და ბენზილპენიცილინის დიდი დოზების დანიშვნა.

ე) ცინოზური ატელექტაზი ოპერაციიდან პირველი სამი დღის განმავლობაში ვითარდება. ახასიათებს ტემპერატურის მცირედი მატება (სუბფებრილიტეტი) და ორმხრივი სველი ხიხინი ფილტვების ქვედა წილებში. ნაჩვენებია ნაოპერაციები ქალის ადრეული აქტივიზაცია და სუნთქვითი ვარჯიშები (სპიროტრენაჟორით ღრმა სუნთქვის სტიმულირება). მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მოსალოდნელია პნევმონია.
ვ) პნევმონია, ჩვეულებრივ, საკეისრო კვეთის მე-4 დღიდან (არა უადრეს ამ დღისა) ვითარდება.
დიაგნოზს სვამენ ცხელების, ქოშინის, სველი ხიხინისა და გულმკერდის ყაფაზის რენტგენოგრამაზე აღმოჩენილი დამახასიათებელი ცვლილებების საფუძველზე.
ოპერაციის შემდგომი პნევმონიის გამომწვევი, ჩვეულებრივ, პირის ნორმალური მიკროფლორაა.
რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია სიმსუქნე, ფილტვების ქრონიკული დაავადება, მოწევა და ზოგადი ანესთეზია ტრაქეის ინტუბაციით.
სამკურნალოდ ანტიბიოტიკი შეირჩევა ნახველის დათესვის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე. ჩვეულებრივ, ინიშნება პენიცილინი ან პირველი თაობის ცეფალოსპორინები. მკურნალობის სქემაში აუცილებელია სამკურნალო ფიზკულტურის (სპიროტრენაჟორი ღრმა სასუნთქი კუნთების სტიმულირებისთვის) და ფიზიოთერაპიის ჩართვა. ჰიპოქსიის შემთხვევაში ინიშნება ჟანგბადით ინჰალაცია.
გართულებებიდან აღსანიშნავია პლევრის ემპიემა, სეპტიკური შოკი და ფილტვების შეშუპება.
ზ) სეპტიკური მენჯისმიერი თრომბოფლებიტით შესაძლოა გართულდეს მეტროენდომეტრიტი და სალპინგოოფორიტი. ამ დროს ვითარდება საკვერცხეების ვენების თრომბოზი.
სეპტიკური მენჯისმიერი თრომბოფლებიტი საეჭვოა, როდესაც ენდომეტრიტის მკურნალობა, ანტიბიოტიკისადმი გამომწვევის მგრძნობელობის მიუხედავად, არ არის ეფექტიანი. ბიმანუალური გამოკვლევის დროს საშვილოსნოს გვერდით და ოდნავ მაღლა (უფრო ხშირად _ მარჯვენა მხარეს) ისინჯება მოცულობითი წარმონაქმნი (ვენების გასქელება). დიაგნოზი დასტურდება ულტრაბგერითი კვლევით. კომპიუტერული ტომოგრაფიითა და მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიით.
გამომწვევი უმეტესად სტაფილოკოკი, აერობული და ანაერობული სტრეპტოკოკები, Proteus spp. და Bacteroides spp-ია.
რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია ენდომეტრიტი, სამშობიარო გზების ტრავმა, გარეგანი სასქესო ორგანოებისა და საშოს ვრცელი ჰემატომა, ასევე - დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
სამკურნალოდ ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკოთერაპიის უეფექტობის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.
გართულებებიდან აღსანიშნავია მენჯის აბსცესი და ფილტვის არტერიის სეპტიკური ემბოლია.
თ) მენჯის აბსცესი ვითარდება ჰემატომის დაჩირქების, სეპტიკური მენჯისმიერი თრომბოფლებიტის, მეტროენდომეტრიტის ან სალპინგოოფორიტის შედეგად.
მენჯის აბსცესი საეჭვოა, როდესაც ავადმყოფს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზეც კი აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. ბიმანუალური კვლევით მცირე მენჯში ისინჯება მოცულობითი წარმონაქმნი. დიაგნოზი დასტურდება ექოსკოპიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის საშუალებით.
გამომწვევი იგივეა, რაც ენდომეტრიტის დროს.
რისკფაქტორები ისეთივეა, როგორიც ენდომეტრიტის დროს.
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა. თუ აბსცესი მდებარეობს სწორნაწლავ-საშვილოსნოს ჩაღმავებაში, მას გამოფხეკენ და ახდენენ დრენირებას.

გართულებებიდან აღსანიშნავია აბსცესის გახევა, პერიტონიტი და სეპტიკური შოკი.

მშობიარობის შემდგომი სხვა გართულებები

1. სანაყოფე წყლებით ემბოლია უმეტესად მშობიარობისთანავე ვითარდება. იგი იშვიათი, მაგრამ საშიში გართულებაა, იწვევს შოკს და სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომს. ამ დროს დედის სიკვდილის ალბათობა მაღალია (80%).

სანაყოფე წყლების ემბოლიის ზუსტი მექანიზმი უცნობია. სავარაუდოდ, აღმოცენდება ფილტვის არტერიის ტოტების გარდამავალი სპაზმი, რაც იწვევს ჰიპოქსიას და ფილტვებსა და გულის მარცხენა პარკუჭში მიკროცირკულაციის მოშლას. შემდგომ ვითარდება მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა და ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპება.
დაავადება მიმდინარეობს მწვავედ - ვითარდება შოკი, რაც ვლინდება სუნთქვის მკვეთრად გამოხატული უკმარისობითა და არტერიული ჰიპოტენზიით. ასევე მოსალოდნელია ეპილეფსიური გულყრები, სისხლდენა და ფილტვების შეშუპება. მოგვიანებით ამ სიმპტომებს სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომიც დაერთვის.
დიაგნოსტიკა ეფუძნება ფილტვის არტერიიდან კათეტერით აღებულ სისხლში ნაყოფის საფარველის ეპითელიუმის უჯრედების აღმოჩენას, თუმცა, ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ეს უჯრედები შესაძლოა ნორმულ მდგომარეობაშიც შეგვხვდეს. აუტოფსიის შემთხვევაში დიაგნოზი დასტურდება, თუ ფილტვის არტერიის წვრილ ტოტებში აღმოჩნდა ნაყოფის საფარველის ეპითელიუმის უჯრედები.
მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა, ქალს ნიღბის საშუალებით დიდი სიჩქარით აწვდიან ჟანგბადს და უტარებენ გულ-ფილტვის რეანიმაციას.

2. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ორსულობის დროს იმატებს სისხლის შედედების უნარი, აქედან გამომდინარე, სარისკოა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის განვითარება. ალბათობა 0,1-1%-ს უტოლდება

3. ეკლამფსია. ორსულობისას ეკლამფსიის განვითარების ალბათობა 0,5%-ია. აქედან ყოველ მესამე შემთხვევაში კრუნჩხვები აღმოცენდება მშობიარობის შემდეგ. ჰიპოტენზიური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები ნამშობიარებ ქალს გაცილებით დიდი დოზით ეძლევა, ვიდრე ორსულს.

4. მშობიარობის შემდგომი დეპრესია. პირველი რამდენიმე დღე პრაქტიკულად ყველა ახალნამშობიარები ქალი უჩივის ემოციურ ლაბილურობას, შფოთვას. ეს სტრესია (ბაბყ ბლუეს), რომელიც თანდათანობით, ორგანიზმის ჰორმონული ფონის სტაბილიზაციასთან ერთად მცირდება. მშობიარობის შემდგომი სტრესი მკურნალობას არ საჭიროებს. მასთან გასამკლავებლად მელოგინეს სჭირდება დასვენება, ოჯახის წევრების, მეგობრების მზრუნველობა. მშობიარობის შემდგომი დეპრესია კი სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა. იგი გაცილებით მეტხანს გრძელდება (წლამდე) და ხშირად სამედიცინო ჩარევასა და სპეციალიზებულ მკურნალობას მოითხოვს. ეს არის ფსიქიკური დაავადება, რომლის სიმპტომები დიდად არ განსხვავდება დეპრესიის სხვა სახეობათა სიმპტომებისგან, მაგრამ იმით გამოირჩევა, რომ უკავშირდება განსაზღვრულ მოვლენას - ბავშვის დაბადებას.

  • მშობიარობის შემდგომი დეპრესია შესაძლოა განვითარდეს მშობიარობის შემდეგ ნებისმიერ დროს და გაგრძელდეს თვეობით, მთელი წელიწადიც კი. მშობიარობა ხომ ძლიერი სტრესია, ახალშობილის მოვლა კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ახალნამშობიარებ ქალს ემოციური ფონი რამდენადმე ეცვლება - შფოთავს, დაძაბულია, სწრაფად იღლება, გარემოსადმი ინტერესს კარგავს, უჩნდება არამოტივირებული აგრესია. თუ ეს სიმპტომები 2-3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, დაერთო აპათია და კონცენტრირების უნარის დაქვეითება, მაშინ აუცილებელია ექიმის ჩარევა და იმის დადგენა, ხომ არ გვაქვს საქმე მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან.
    მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზების შესახებ სპეციალისტებს საერთო აზრი არ გააჩნიათ. არსებობს რამდენიმე თეორია. მათგან აღსანიშნავია:
  • ჰორმონული თეორია. ორსულობისას ქალის ორგანიზმში დიდი ოდენობით წარმოიქმნება ქალის სასქესო ჰორმონები - ესტროგენები და პროგესტერონი. მათი გამომუშავება ბავშვის დაბადებისთანავე იკლებს და თანდათანობით (ჩვეულებრივ, ერთ კვირაში) ორსულობამდელ დონეს უბრუნდება. ჰორმონული დონის ასეთი ცვლილება ძლიერ მოქმედებს ქალის ემოციურ მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ იკლებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზიც, რაც დაღლილობასა და დეპრესიას იწვევს. გარდა ამისა, მშობიარობის შემდეგ იცვლება მეტაბოლიზმი, სისხლის წნევა, სისხლის მოცულობა, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ახალნამშობიარები ქალის სულიერ მდგომარეობაზე.
  • გენეტიკური თეორია. ზოგიერთი ნეიროფსიქიატრის აზრით, მშობიარობის შემდგომი დეპრესია მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც ფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობას საჭიროებს. ამ თეორიის თანახმად, დეპრესიის განვითარების დიდი ალბათობა აქვთ ქალებს, რომელთა დედებს თავის დროზე ეს პრობლემა ჰქონდათ.
  • ფსიქოლოგიური თეორია. ეს თეორია აქცენტს ქალის ხასიათსა და მომხდარზე რეაგირების უნარზე აკეთებს. მრავალ ქალს ცვალებადი ხასიათი აქვს. გარდა ამისა, ახალგაზრდა დედას ეჩვენება, რომ ვერ აუვა ბუნების მიერ დაკისრებულ მოვალეობას. ამას ერთვის ფიზიკური გადაღლა: ახალშობილის მოვლა ძნელია, მით უმეტეს, პირველმშობიარისთვის. ქალი გამუდმებით ღელავს ბავშვის ჯანმრთელობის გამო. ეს ყველაფერი ძლიერ დაღლილობასა და სისუსტეში, უმადობაში, ძილის დარღვევაში გადაიზრდება.ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებული მიზეზები - შიში იმისა, რომ თავს ვერ გაართმევ დედის მოვალეობას; ოჯახის წევრების მხრივ დახმარების ნაკლებობა, ქმრის ყურადღების დეფიციტი; თავისუფალი დროის უქონლობა და უძილობა; მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო ტკივილის შეგრძნება; ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული პრობლემები; ცვლილებები სქესობრივ ურთიერთობაში.
    მშობიარობის შემდგომი დეპრესიის აღსაკვეთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკასა და ხასიათის ცვლილების ბუნების განსაზღვრას.
    არსებობს დეპრესიის აღკვეთის რამდენიმე ეფექტური საშუალება:
  • გაარკვიეთ, ხომ არ ყოფილა სისხლით ნათესავებს შორის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შემთხვევები;
  • ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია შესაძლო რისკფაქტორების განსაზღვრის მიზნით;
  • ყურადღება მიაქციეთ თვითშეფასების შეცვლას;
  • უარს ნუ იტყვით ახლობლების დახმარებაზე და რაც შეიძლება კარგად დაისვენეთ;
  • საოჯახო საქმეები და სამუშაო ახლანდელი მდგომარეობის შესაბამისად დაგეგმეთ;
  • ბევრი დრო გაატარეთ მეუღლესა და ახლობლებთან ერთად.

სულიერი და ფიზიკური თანადგომა, პრობლემის ექიმთან ან მეგობრებთან განხილვა და მედიკამენტური მკურნალობა დეპრესიას საგრძნობლად ამსუბუქებს.
მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია დროებითი მდგომარეობაა, ექიმის კონსულტაციას მაინც საჭიროებს. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით ექიმმა პაციენტი აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს. მკურნალობის ტიპი დამოკიდებულია ახალგაზრდა დედის მდგომარეობაზე. მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა. ინიშნება წამლები, მაგალითად, ანტიდეპრესანტები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები). ეს პრეპარატები ზრდის ტვინში მედიატორ სეროტონინის შემცველობას, რაც ჰორმონული ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ამ სამკურნალო საშუალებებს აქვს უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები და ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის, მაგრამ ბავშვებზე მათი ხანგრძლივი მოქმედება ჯერ შეუსწავლელია, ამიტომ ექიმები წინასწარ გამოთვლიან ანტიდეპრესანტის პოტენციურ რისკსა და მოსალოდნელ სარგებელს და ამის საფუძველზე არჩევენ მკურნალობას. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობაში წამლებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოთერაპია. იშვიათად დეპრესია იმდენად ღრმაა, რომ ნამდვილი ფსიქოზის კლინიკურ სურათს იძლევა: ქალი შფოთავს, რეალობის შეგრძნებას კარგავს, აწუხებს ჰალუცინაციები... ასეთ დროს აუცილებელია ფსიქიატრის ჩარევა, რომელიც მკურნალობის ეფექტურ მეთოდს შეარჩევს.

5. ნევროლოგიური დარღვევები. ბუნებრივი გზით მშობიარობის შემდეგ გავის წნულზე ნაყოფის თავის ზეწოლის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ამ ნერვის მიერ ინერვირებული კუნთების (ტერფისა და თითების მომხრელი კუნთები) გარდამავალი დამბლა, საკეისრო კვეთის შემთხვევაში - კანის მგრძნობელობის დროებითი დაქვეითება ნაწიბურის არეში. ეს ცვლილებები 6 თვის განმავლობაში გაქრება.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია