ნევრინომა ნერვული ღეროების გარსებიდან გამომავალი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ყველაზე ხშირად სასმენ ნერვში გვხვდება.
სასმენი მილის ნევრინომა თავის ტვინის სიმსივნეთა 11-13%-ს შეადგენს და მეტწილად 30-დან 40 წლამდე აღინიშნება. ეს სიმსივნური დაავადება არ ვითარდება სქესობრივ მომწიფებამდე.
სიმსივნის ჰისტოლოგიური შენება კეთილთვისებიანია. დროული ამოკვეთის შემდეგ ავადმყოფს მთლიანად უბრუნდება შრომის უნარი, მაგრამ შორს წასულ შემთხვევაში ყალიბდება ავთვისებიანი კლინიკური ფორმა: სიმსივნე აწვება ტვინის ახლომდებარე უბნებს და იწვევს მძიმე ცერებრულ გართულებებს. ნერვის ზეწოლის შედეგად ავადმყოფს თანდათანობით უვითარდება სმენის ცალმხრივი დაქვეითება და ყურის შუილი. სიმსივნის შემდგომი ზრდისას შესაძლოა განვითარდეს დიზართრია (დანაწევრებული მეტყველების უნარის დარღვევა, ცალკეული სიტყვების, მარცვლებისა და ბგერების (განსაკუთრებით - თანხმოვნების) წარმოთქმის გაძნელება ან დამახინჯებული წარმოთქმა), დისფაგია (ყლაპვის აქტის მოშლა), ატაქსია (მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა),  ჰემიპარეზი (მოტორული ფუნქციის ნაწილობრივი მოშლა სხეულის ნახევარში), ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი, თავ-ზურგტვინის სითხის რაოდენობის მომატება ქალას ღრუში) და ქალასშიგა ჰიპერტენზია.

სიმპტომები. სასმენი მილის ნევრინომას ახასიათებს სმენის ცალმხრივი ნელი და თანდათანობითი დაქვეითება სრულ სიყრუემდე. ხშირად ავადმყოფი ცალ ყურში სიყრუეს დიდხანს ვერ ამჩნევს. არცთუ იშვიათად ადამიანი, რომლის დიაგნოზიც არის ცალმხრივი კოხლეარული ნევრიტი, დაავადების დაწყებიდან 5-6 წელი ინარჩუნებს შრომის უნარს.
სასმენი მილის ნევრინომა განვითარების ადრეულ სტადიაშივე ვლინდება, რასაც განაპირობებს მისი ანატომოტოპოგრაფიული თავისებურებები - სიმსივნე აწვება სასმენ მილს, ნათხემს, ტვინის ღეროს, მოგრძო ტვინს. პათოგნომური სიმპტომია ლიქვორში ცილების მატება, მაშინ როცა ავადმყოფს არ აღენიშნება თავბრუხვევა.
სიმპტომების გამოვლენის ხარისხი სიმსივნის ზომაზეა დამოკიდებული.
განასხვავებენ ნევრინომის 3 სტადიას.
I სტადია: ნევრინომა ზომით არ აღემატება ალუბალს. ავადმყოფს აღენიშნება ოტოლარინგოლოგიური სიმპტომები მკვეთრი ფოკალური ნიშნების სახით: სმენის დაქვეითება ცალ ყურში და ვესტიბულური აგზნებადობის დაქვეითება ამავე მხარეს, გემოს შეგრძნების დაკარგვა ენის ორ მესამედში, VII ნერვის (სახის ნერვის) მსუბუქი პარეზი.
II სტადია: ნევრინომა კაკლისოდენაა. შეინიშნება ყველა კლინიკური სიმპტომი. ტვინის ღეროზე ზეწოლის გამო გამოხატულია მრავლობითი სპონტანური ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე, რიტმული, სინქრონული გვერდითი, ზევით-ქვევითი ან ბრუნვითი ხასიათის მოძრაობები) და სტატიკის დარღვევა.
III სტადია: ნევრინომა მანდარინისოდენა ხდება. სიმპტომები განპირობებულია ტვინზე მსუბუქი ზეწოლით: აღინიშნება უხეში, ტონური და მრავლობითი სპონტანური ნისტაგმი, ჰიდროცეფალია იწვევს ფსიქიკის მოშლას, შესაძლოა განვითარდეს სიბრმავე მხედველობის ნერვზე სიმსივნური წარმონაქმნის ზეწოლის გამო. ამ სტადიაში ოპერაცია არ კეთდება.

დიაგნოსტირება.
დიაგნოზი დაისმის აუდიომეტრიის, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საფუძველზე.

მკურნალობა.
I და II სტადიაში ნევრინომის მკურნალობა ოპერაციულია. როგორც წესი, სრულდება გამოჯანმრთელებით ან მნიშვნელოვანი გაუმჯობესებითა და შრომის უნარის აღდგენით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია