VII თვე
ორსულობის მეორე ტრიმესტრი დასრულებულია. 28-ე კვირის ბოლოს პატარა არ არის დღესრული, მაგრამ სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობის შემთხვევაში შეძლებს დედის სხეულის გარეთ სიცოცხლეს. კანქვეშა ცხიმი ბოლომდე ჯერ კიდევ არ განვითარებია, ამიტომ თავად არ შეუძლია სხეულის ტემპერატურის რეგულირება, არც ფილტვები აქვს სათანადოდ განვითარებული, რომ დამოუკიდებლად სუნთქვა შეძლოს, მაგრამ უკვე ბევრი რამით ჰგავს ახალშობილს: თავისებურად ხედავს, თავისებურად ესმის... მისი გემოვნების რეცეპტორები დიდი ადამიანისაზე გაცილებით მგრძნობიარეა; პაწია ფრჩხილები თითის წვერებს ვერ აღწევს. ამ პერიოდში ბიჭუნებს სათესლე ჯირკვალი ჯერ არ ჩამოსვლიათ სათესლე პარკში, არც გოგონებს განვითარებიათ ბოლომდე გარეთა სასქესო ორგანოები. პატარა ძალზე აქტიურად მოძრაობს და დაბადების შემთხვევაში სუსტი ხმა აქვს. მისი სიგრძე ამ პერიოდში 32-35 სმ-ია, წონა კი 1000-1500 გ.
ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, კომენტარები და რეკომენდაციები
ამ პერიოდში ორსული შედარებით მძიმედ სუნთქავს. ეს იმის ბრალია, რომ საშვილოსნოს ფუძე სიმძიფის ძვლიდან 27-28 სმ-ის სიმაღლეზე მდებარეობს (ორსულობის დროს საშვილოსნო სწრაფად იზრდება. ორსულობამდე მისი წონა 500 გ-ია, ორსულობის დროს კი 1000-1500 გ-მდე იმატებს. მთვარის მე-6 თვის მიწურულს (24 კვირა) საშვილოსნოს ყველაზე მაღალი წერტილი ჭიპამდე აღწევს, მე-9 თვის მიწურულს (36 კვირა) - ნეკნის რკალამდე, მე-10 თვის ბოლოს კი საშვილოსნო ოდნავ დაბლა იწევს, რადგან ბავშვის თავი მიიწევს ქვემოთ). მაღლა დგომის გამო საშვილოსნო დიაფრაგმას ებჯინება და სუნთქვას ხელს უშლის.
ამ პერიოდში ორსულს ურჩევენ, სუფთა ჰაერზე ხშირად ისეირნოს, რადგან ზედაპირული და ხშირი სუნთქვა ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას ვერ უზრუნველყოფს.
სეირნობა არ უნდა იყოს დამღლელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვენები გაგანიერებული და დაბერილია.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება გავრცელებული მოვლენაა, მაგრამ არა ფატალური და, წესისამებრ, მშობიარობის შემდეგ გაივლის. მიუხედავად ამისა, ორსული თავის ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს. მაგალითად, წესად უნდა გაიხადოს დასვენების დროს გვერდზე და არა ზურგზე წოლა. როცა ორსული ზურგზე წევს, საშვილოსნო აწვება მსხვილ ვენებს, რომელთა საშუალებითაც სისხლი სხეულის ქვედა ნაწილებიდან გულისკენ მიედინება.
ორსულმა უნდა ავარჯიშოს ფეხები, ხოლო კვირაში 2-3-ჯერ 10-15 წუთით ბალიშზე შეაწყოს, რათა ვენები სისხლისგან დაიცალოს. თუ ვენების გაგანიერებამ მოიმატა, რეკომენდებულია ელასტიკური ბინტის დახვევა ან ელასტიკური კოლჰოტის ჩაცმა.
თუ წვივებისა და ტერფების შეშუპება 24 საათი გაგრძელდა ან შეშუპდა სახე, ხელები და მუცელი, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა.
მოძრაობისა და ფიზიკური დატვირთვის დროს ორსულმა შესაძლოა მუცლის ქვედა არეში შეკუმშვები იგრძნოს. ეს შეკუმშვები არ უნდა იყოს რეგულარული და ძალზე მტკივნეული. თუ ქალი საათში 5-ზე მეტ შეკუმშვას გრძნობს, აუცილებელია ექიმთან მისვლა.
ორსულმა კვირაში 400-500 გ უნდა მოიმატოს. კვების რაციონი უწინდებურად მრავალფეროვანია: ხილი და ბოსტნეული, ხაჭო და რძის სხვა ნაწარმი, ხორცისა და თევზის ნახარში, ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები.
ქალმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ორსულობის დროს ვიტამინების დღიური ნორმა გაორმაგებულია. ვიტამინების უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული დარღვევები, დაღლილობა, ღრძილებიდან სისხლდენა, კარიესი, ნერწყვდენა. ხილი და ბოსტნეული ორსულმა ვიტამინების მიღების შემთხვევაშიც უნდა მიირთვას, თუმცა ზომიერება აქაც საჭიროა - ყოველდღიურად 500 გ-ზე მეტი ხილის მიღებამ შესაძლოა საჭმლის მონელების დარღვევა გამოიწვიოს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სხეულის ჰიგიენას. აუცილებელია ყოველდღიური შხაპი, რადგან სისხლის მიმოქცევის გააქტიურებისა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების გაძლიერებული ფუნქციონირების გამო კანი განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება და შრება. შხაპის შემდეგ რეკომენდებულია ტანზე ხარისხიანი დამატენიანებელი კრემის ან კოსმეტიკური ზეთის წასმა.
სარძევე ჯირკვლების დაბანა საჭიროა საპნითა და თბილი წყლით, მასაჟი და გაკაჟება არ არის რეკომენდებული. სარძევე ჯირკვლები იზრდება. მათთვის უნდა შეირჩეს შესაფერისი ბიუსტჰალტერი, რომელიც კარგად აზის მკერდს (მაგრამ არ უჭერს) და კარგად იკავებს მას ქვემოდან. ბიუსტჰალტერის შესაკრავი და ბრეტელები უნდა იყოს განიერი და რბილი, რათა ხორცში არ ჩაეჭიროს.
მუცელზე, თეძოებსა და სარძევე ჯირკვლებზე სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად ორსულს შეუძლია გამოიყენოს სპეციალური კრემი. კანს სტრიებისგან ორსულებისთვის განკუთვნილი ბანდაჟიც იცავს. ექიმის თანხმობის შემთხვევაში ორსულს შეუძლია ასეთი ბანდაჟის ჩაცმა, მაგრამ იგი ზუსტად მისი ზომისა უნდა იყოს. ბანდაჟი აუცილებელია ორსულობის მესამე ტრიმესტრში დიდი რაოდენობით სანაყოფე წყლების, მრავალნაყოფიანობისა და დიდი ნაყოფის შემთხვევაში.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მომავალი დედის პირის ღრუ. აუცილებელია სტომატოლოგთან მისვლა ორსულობის მესამე და მეშვიდე თვეს. კბილები ორსულმა დღეში ორჯერ უნდა გაიხეხოს რბილი ჯაგრისით. პარალელურად დაიზილოს ღრძილები.
დაბოლოს, ორსული ყოველთვის კარგ გუნებაზე უნდა იყოს. ამისთვის ოჯახის წევრებმა უნდა შეუქმნან სასიამოვნო ატმოსფერო. ნაყოფი დედის გულისცემას ზედმიწევნით კარგად გრძნობს და მისი ოდნავ გახშირებაც კი აწუხებს და ვნებს.

VIII თვე
პატარა დასაბადებლად ემზადება. იზრდება, იმატებს კილოგრამებს. მას განვითარებული აქვს გრძნობის ყველა ორგანო, ინტენსიურად ეზრდება ტვინი. დაბალ ხმებს ამჯობინებს და უყვარს ყურის გდება.
32-ე კვირის ბოლოს დაბადებული ბავშვი სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ სპეციალურ მოვლას საჭიროებს. ამ პერიოდში ის დაახლოებით 45 სმ სიგრძისაა და 2000 გ-ს იწონის.
ორსულს სრული სიმშვიდე და დადებითი ემოციები სჭირდება.
რეკომენდებულია შემდეგი პარამეტრების კონტროლი:
1. წონა და არტერიული წნევა;
2. შაქარი და ცილა შარდში;
3. საშვილოსნოს დგომის სიმაღლე;
4. ნაყოფის ზომა, მდებარეობა და მდგომარეობა;
5. კიდურების შეშუპება;
6. ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
ორსული წონას უფრო და უფრო ნელა იმატებს. თუ ქალმა კვირაში 1 კგ-ზე მეტი მოიმატა, შესაძლოა, მიზეზი შეშუპება იყოს. შეშუპება გვიანი ტოქსიკოზის (გესტოზის) სიმპტომია. თუ სათანადო ზომები დროულად არ მივიღეთ, შესაძლოა მოიმატოს არტერიულმა წნევამ და შარდში ცილა გაჩნდეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და სათანადო მკურნალობა. ორსული საორიენტაციოდ უნდა დააკვირდეს საქორწინო ბეჭედს - თუ თითიდან ვეღარ იხსნის, ესე იგი სითხის შეკავება აქვს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ორსულობის VIII თვეს:

  • ბავშვის მოძრაობა წინა თვეებთან შედარებით ნაკლებინტენსიურია, უფრო ქანაობას ჰგავს;
  • საშოდან გამონადენი იმატებს;
  • შეინიშნება შეკრულობა, გულძმარვა, მუცლის შებერვა;
  • შესაძლოა, თავი იჩინოს წვივის კუნთების კრუნჩხვამ;
  • დღის ბოლოს შეინიშნება კოჭებისა და ტერფების შეშუპება;
  • ვენები ფართოვდება;
  • ჩნდება ჰემოროიდული კვანძები;
  • უარესდება ძილი;
  • თავს იჩენს ქოშინი, გამოწვეული ნაყოფის მაღლა დგომით და დიაფრაგმაზე ზეწოლით (ქრება 36-ე კვირის შემდეგ, როდესაც ნაყოფი ქვემოთ, მცირე მენჯის შესასვლელთან ჩამოვა); ზურგის ტკივილი; მოახლოებული მშობიარობით გამოწვეული შფოთვა.

ზოგიერთ ორსულს ყველა სიმპტომი აღენიშნება, ზოგიერთს - რამდენიმე.
საჭმლის მონელების დარღვევის (აირების წარმოქმნა, შეკრულობა, გულძმარვა) თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით. ორსული უნდა ერიდოს შემწვარ-მოხრაკულს, ცხარეს, შაშხს, მიირთვას ბევრი ხილი (გარდა ყურძნისა), ბოსტნეული (გარდა კომბოსტოსი), ახალგამოწურული წვენი და რძის ნაწარმი. 6 საათის შემდეგ დასჯერდეს მხოლოდ ხილსა და მაწონს. დღის განმავლობაში მიღებული სითხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 ლიტრს.
მე-8 თვის დამლევს ქოშინმა უნდა გაიაროს, რადგან ბავშვი ქვემოთ ჩამოდის და დიაფრაგმას აღარ აწვება. ორსულს სუნთქვა გაუადვილდება, თუ ზურგს სწორად დაიჭერს, იწვება გვერდზე, მოერიდება მნიშვნელოვან ფიზიკურ დატვირთვას.
წონისა და მუცლის ზომის მატების გამო ორსულს შესაძლოა გაუჭირდეს ძილი, ამიტომ რეკომენდებულია ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება.
ქვედა კიდურებზე ვენების გაგანიერების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად ორსული უნდა ერიდოს ფეხების მეტისმეტად დატვირთვას, ვიწრო ფეხსაცმლის ტარებას; სასურველია, ხშირად იაროს ფეხშიშველმა, არ გადაიდოს ფეხი ფეხზე. თუ დანიშნული აქვს სპეციალური კოლჰოტის ტარება, უნდა ჩაიცვას იგი დილით, გაღვიძებისთანავე, საწოლიდან ადგომამდე, მწოლიარემ.

ემოციური მდგომარეობა
საკმაოდ ხშირად ორსულობის მიწურულს ქალის ორგანიზმში ფსიქოლოგიური გადაწყობა ხდება. შესაძლოა, მშობიარობის წინ ერთგვარი შიში დაეუფლოს. სულ უფრო ხშირად ფიქრობს მომავალ შვილზე, ღელავს მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საზოგადოდ, ორსულობისას ქალი ჩვეულებრივზე მგრძნობიარეა, უფრო მძაფრად განიცდის დადებითსა თუ უარყოფით მოვლენებს და წვრილმანებიც კი აღიზიანებს. მაგრამ ორსულს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვს დედისგან უკლებლივ გადაეცემა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები, დედის ნერვიულობა ბავშვსაც აყენებს ზიანს, და ეცადოს არ გაღიზიანდეს.
შფოთვის შემთხვევაში ორსულმა თავისი დარდი მეუღლეს, მშობლებს, მეგობარს ან ფსიქოლოგს უნდა გაუზიაროს. ისინი დაეხმარებიან მშვიდი და გაწონასწორებული გარემოს შექმნაში. გაღიზიანებისას ორსულმა უნდა სცადოს ყურადღების სასიამოვნო საგანზე გადატანა, მაგალითად, ბუნებით ტკბობა, ქმართან ურთიერთობა, მასთან ერთად თეატრში, გამოფენაზე, ქალაქგარეთ სიარული.
მართალია, ორსული ყოველთვის ლამაზია, მაგრამ მან მაინც უნდა იზრუნოს გარეგნობაზე: იყოს ყოველთვის დავარცხნილი, სუფთად და კოხტად ჩაცმული. მისი მომხიბვლელობით უნდა ტკბებოდნენ გარშემო მყოფები (მით უმეტეს, ქმარი), რაც მთავარია, თავად უნდა მოსწონდეს საკუთარი თავი - ეს მას თავდაჯერებას შემატებს და განწყობას აუმაღლებს.
თუ ორსულს უკვე ჰყავს შვილი, უნდა ესაუბროს იმაზე, რომ მალე ოჯახს ახალი წევრი შეემატება, მისცეს მუცელზე შეხების უფლება, "დაალაპარაკოს" მომავალ დას ან ძმას, ანუ იზრუნოს იმაზე, რომ უმცროსი უფროსს დაბადებამდე შეაყვაროს.
მე-8 თვის მიწურულს ქალმა უნდა დაიწყოს მომზადება ბავშვის დაბადებისთვის, მოამზადოს ის ნივთები, რომლებიც დასჭირდება სამშობიაროში (ცალ-ცალკე თავისთვის და ბავშვისთვის):

  • პირადი ჰიგიენის ნივთები (კბილის ჯაგრისი და პასტა, საპონი, სავარცხელი, ორი პირსახოცი);
  • ჰიგიენური საფენები (1 ან 2 შეკვრა ჰიგიენური საფენი ჭარბი სისხლდენისთვის, 1 ან 2 შეკვრა - ნორმალური სისხლდენისთვის);
  • ქვედა საცვლები და ბიუსტჰალტერი;
  • მშობიარობის შემდგომი ბანდაჟი (სარტყელი და არა ბანდაჟ-ტრუსი);
  • ტანსაცმელი - წელიწადის დროის გათვალისწინებით;
  • ბავშვის პამპერსები.

ორსულობის ამ ვადაზე ქალს უკვე შერჩეული უნდა ჰქონდეს სამშობიარო სახლი. კარგი იქნება, თუ იმ მეანსაც გაიცნობს, ვინც უნდა ამშობიაროს.

IX თვე
36-ე კვირიდან იწყება ორსულობის უკანასკნელი თვე. პატარა კიდევ იზრდება, კანი უხდება გლუვი, ვარდისფერი, ღინღლი სხეულიდან უქრება, თავზე კი, პირიქით, ეზრდება. ფილტვებში უჩნდება სურფაქტანტი - ცხიმოვანი ნივთიერება, რომელიც ამოფენს და შეწებების საშუალებას არ აძლევს ალვეოლებს, ანუ პატარას შეუძლია დამოუკიდებლად სუნთქვა. ბავშვის თავი ჩამოდის დედის მენჯის ღრუში და ემზადება დასაბადებლად. პატარა 50 სმ სიგრძისაა და 2400-3000 გ-ს იწონის.
ამ თვეში ორსული ექიმს ყოველ კვირა უნდა შეხვდეს, აიწონოს და გაიზომოს არტერიული წნევა, ასევე, მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩაუტარდეს შემდეგი გამოკვლევები:

  • გაუკეთდეს შარდის ანალიზი ცილებისა და შაქრის შემცველობაზე, სისხლის საერთო ანალიზი;
  • განესაზღვროს საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე და მუცლის გარშემოწერილობა;
  • ჩაუტარდეს ექოსკოპიური გამოკვლევა, რათა განისაზღვროს ნაყოფის ზომები, მასა, გაირკვეს, რამდენად დაბლა ჩამოვიდა იგი, დადგინდეს პლაცენტის სიმწიფის ხარისხი;
  • შემოწმდეს, ხომ არ შეინიშნება კიდურების შეშუპება, ქვედა კიდურებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ჩატარდეს საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა;
  • შეფასდეს ორსულის გულის მუშაობა (ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოსკოპია).

რას გრძნობს ორსული

  • ბავშვი უფრო მეტად მოძრაობს, რადგან მუცელში თავს ვიწროდ გრძნობს;
  • გამონადენი გენიტალიებიდან უფრო ხშირია;
  • შესაძლოა, შეიქმნას კუჭის მოქმედების პრობლემა;

მოსალოდნელია:

  • გულძმარვა და საჭმლის მონელების დარღვევა;
  • ძილის დროს წვივის კუნთების კრუნჩხვა (ეს სიმპტომი შესაძლოა მეტყველებდეს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დეფიციტზე);
  • ხერხემალში დისკომფორტისა და სიმძიმის შეგრძნება;
  • ქვედა კიდურებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • მუცლის კანის ქავილი (ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს კანის სიმშრალით, ამიტომ ორსულმა უნდა გამოიყენოს მცენარეული დამატენიანებელი კრემი);
  • სუნთქვის შედარებით გაუმჯობესებას (ნაყოფის ქვევით დაწევის გამო);
  • უძილობა;
  • მადის გაძლიერება ან დაქვეითება.

ემოციური მდგომარეობა

  • შეინიშნება შიში, შფოთვა, გონებაგაფანტულობა, პარალელურად კი შვების შეგრძნება, რადგან მალე ბავშვი ქვეყნიერებას მოევლინება;
  • ოცნება მომავალ შვილზე.

ორსულობის ამ ვადაზე მნიშვნელოვანია მშობელთა სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრება. ეს ორსულს დაეხმარება შიშის დაძლევაში და ორსულობის ბოლო დღეებში კარგი გუნება-განწყობილების შენარჩუნებაში.

მშობიარობის წინა სიმპტომები

  • პირველმშობიარე ორსულის ნაყოფი, ჩვეულებრივ, მშობიარობამდე 2-4 კვირით ადრე იწყებს მენჯის ღრუში ჩამოსვლას, ადრე ნამშობიარებ ორსულებს კი ეს იშვიათად მოსდით მშობიარობის დაწყებამდე;
  • საზარდულის მიდამოში შეიგრძნობა სპაზმი, ბოქვენთან - დაქაჩვის შეგრძნება.
  • მშობიარობის დაწყებამდე ქალი კარგავს 1-1,5 კგ-ს.
  • საშვილონოს ყელის დამოკლებისა და გახსნის გამო მისი ყელის არხში არსებული ლორწოს საცობი, რომელიც საშვილოსნოს ახშობს, შესაძლოა მშობიარობის დაწყებამდე 1-2 კვირით ადრე გამოვარდეს.
  • ხშირად ორსული მშობიარობის წინ შეიგრძნობს ნაწლავების გაძლიერებულ მუშაობას და გამოყოფს თხელ განავალს.
  • მშობიარობის დაწყების ნიშნებია ძლიერი და ინტენსიური ჭინთვები, ბოქვენზე ზეწოლა, ვარდისფერი (ზოგჯერ - სისხლიანი და ლორწოიანი) გამონადენის გაჩენა.
  • ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამშობიარო სახლს.

მე-40 კვირას ბავშვი ქვეყნიერებას ევლინება. მას მთელი სხეული ნადებით აქვს დაფარული. პატარა დაბადებისთანავე გამოსცემს მჭექარე ხმას და ყველას ამცნობს თავის დაბადებას. ახალშობილი დაახლოებით 51 სმ სიგრძისა და 2800-4000 გ წონისაა.

ორსულთა კვება
ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის, ნაყოფის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისა და მშობიარობის ნორმალური წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას რაციონალური კვება წარმოადგენს. სწორი კვება უდიდეს როლს ასრულებს ანემიის, ორსულთა ტოქსიკოზის, ნაყოფის ჰიპოქსიის, სამშობიარო მოქმედებების ანომალიებისა და სხვა გართულებათა პროფლაქტიკაში.
ქალი ორსულობის განმავლობაში დაახლოებით 8-11 კგ-ს იმატებს. ორსულობის პირველი და ბოლო სამი თვის განმავლობაში წონის ჭარბმა მატებამ შესაძლოა ნაყოფის მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს. ორსულობის მეორე ნახევარში ქალი კვირაში საშუალოდ 300-350 გ-ს უნდა იმატებდეს. გასათვალისწინებელია, რომ ორსულის წონის მატება ხდება ნაყოფის (დაახლოებთ 3,5 კგ), საშვილოსნოსა და სანაყოფე წყლების (650-900 გ), სარძევე ჯირკვლებს გადიდების (400 გ), მოცირკულირე სისხლისა და უჯრედშორისი სითხის მოცულობის ზრდის (1,2-1,8 კგ) ხარჯზე. თვით დედის ცხიმოვანი ქსოვილის ნამატი დაახლოებით 1,6 კგ-ია.
რაციონალური კვების უმნიშვნელოვანესი პირობაა განსაზღვრული რეჟიმის დაცვა, რომლის დარღვევა არა მარტო დედას აყენებს ზიანს, არამედ არასასურველ გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზეც.
ორსულობის პირველ ნახევარში ქალის კვება მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს ორსულობამდელი კვებისგან, მაგრამ საგულისხმოა, რომ ორსულობის I ტრიმესტრში ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი), ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება.
ორსულობის დასაწყისიდან (დადგენიდან) მოყოლებული მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში მცირე სიმაღლისა (150 სმ) და წონის (50 კგ) ქალის დღიური რაციონი არ უნდა აღემატებოდეს 2100-2300 კკალ-ს, ამასთანავე, ცილა მასში 90-100 გ უნდა იყოს, ცხიმი - 55-65 გ, ნახშირწყლები - 290-320 გ. საშუალო სიმაღლის (155-165 სმ) და წონის (55-60 კგ) ქალისთვის კალორიების დღიური ჯამი 2400-2700 კკალ-ა, ცილების ნორმა - 110 გ, ცხიმებისა - 75 გ, ნახშირწყლებისა - 3350 გ. მაღალი (170-175 სმ) ორსულებისთვის კი საჭიროა 2700-2900 კკალ, 120-125 გ ცილა, 75-85 გ ცხიმი, 360-400 გ ნახშირწყლები.

ორსულობის პირველ ნახევარში მისაღებია ოთხჯერადი კვება შემდეგ საათებში: საუზმე - 8.00-9.00 სთ; ლანჩი - 11.00-12.00 სთ; სადილი - 14.00-15.99 სთ; ვახშამი - 18.00-19.00 სთ და 21.00 სთ-ზე - ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი. საუზმე დღიური რაციონის 30%-ს უნდა შეადგენდეს, ლანჩი - 20%-ს; სადილი - 40%-ს, ვახშამი კი 19%-ს.
ჭამის შემდეგ აუცილებელია დასვენება, მაგრამ აქტიური. ორსულმა ვახშამი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე მაინც უნდა მიირთვას.

ორსულობის II ნახევარში ცილაზე მოთხოვნილება კიდევ უფრო იმატებს, ამიტომ ტანდაბალი ორსულის დღიური რაციონი 2400-2600 კკალ-ს უნდა შეადგენდეს, ცილების შემცველობა მასში 100-110გ უნდა იყოს, ცხიმებისა - 70-74 გ, ნახშირწყლებისა - 330-360 გ. საშუალო სიმაღლის ორსულისთვის საჭიროა 2800-3000 კკალ, 120 გ ცილა, 85გ ცხიმი, 400 გ ნახშირწყლები. მაღალ ორსულებს სჭირდებათ 3000-3300 კკალ, 120-140 გ ცილა, 85-100 გ ცხიმი, 410-440 გ ნახშირწყლები.
ორსულობის მეორე ნახევარში მიზანშეწონილია 5-6-ჯერადი კვება, თანაც ორსულმა მთელი დღის ულუფის უდიდესი ნაწილი დღის პირველ ნახევარში უნდა მიირთვას. საუზმე დღიური ოდენობის 30%-ს უნდა შეადგენდეს, ლანჩი - 15%-ს, სადილი - 40%-ს, სამხარი - 5%-ს; ვახშამი - 10%-ს.

ორსულმა უნდა დაიცვას კვებითი პირამიდის პრინციპი. მის ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება პური, მარცვლეული, ბურღულეული, მაკარონი. ეს პირამიდის საფუძველია. ხილი და ბოსტნეული მომდევნო საფეხურზეა განლაგებული. მესამე დონეზე ანუ შედარებით მცირე
რაოდენობით წარმოდგენილია რძის ნაწარმი, ხორცი და პარკოსნები, კვერცხი და კაკალი. პირამიდის წვერზეა ცხიმი (ზეთი), ტკბილეული. მათი მიღება რეკომენდებულია მცირე რაოდენობით.

ორსულისთვის სასარგებლოა:

  • მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
  • ყოველგვარი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა;
  • ხორცი, თევზი, კვერცხი;
  • ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებმარილიანი ყველი, ხაჭო.

ორსული უნდა ერიდოს:

  • კოფეინის შემცველ სასმელებს: ყავას, მაგარ ჩაის, პეპსი-კოლასა და კოკა-კოლას. თუ ძალიან უნდა, დღის განმავლობაში შეუძლია 1-2 ჭიქა დალიოს;
  • ალკოჰოლს - ნაყოფისთვის 1 ჭიქა ალკოჰოლიც კი ბევრია. ის შეუფერხებლად გადის პლაცენტურ ბარიერს და შესაძლოა, ნაყოფს სერიოზული ზიანი მიაყენოს;
  • თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთად ოთახში ყოფნას;
  • ჭარბ შაქარს და ტკბილ საკვებს - კანფეტებს, ნამცხვრებს;
  • ჭარბ მარილს და მარილიან პროდუქტს - მარინადებს, მწნილებს, საწებლებს;
  • ჭარბ ცხოველურ ცხიმს - კარაქს, არაჟანს, ხორცის ნახარშს;
  • კონსერვებს, რომლებიც შესაძლოა იქცეს ისეთი საშიში ინფექციის წყაროდ, როგორიც არის ბოტულიზმი;
  • არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძის ნაწარმს;
  • ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს ან თევზს;
  • თოხლო და უმ კვერცხს;
  • გულ-ღვიძლს.

სითხის მიღების რეჟიმი
ორსულმა დღეში უნდა მიიღოს, სულ მცირე, რვა ჭიქა სითხე. თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას სითხის შეზღუდვა შეშუპების დროსაც კი არ შეიძლება. მთავარია, ორსულმა არ მიიღოს დღეში სამ ჭიქაზე მეტი კოფეინის შემცველი სასმელი: ჩაი, ყავა, გაზიანი (არამინერალური) წყალი.
მეორე მხრივ, ორსულობის ბოლო თვეებში, როდესაც შარდის ბუშტი ქალს აიძულებს ტუალეტში საათში ერთხელ მაინც იაროს, მას შედარებით ნაკლები სითხის მიღებას ურჩევენ.

ვიტამინები და ელემენტები
ორსულს დიდი რაოდენობით სჭირდება რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა.
რკინით მდიდარია პარკოსნები, ფოთლოვანი ბოსტნეული, რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი, შინაური ფრინველი.
ფოლიუმის მჟავათი მდიდარია საფუარიანი პური, პარკოსნები, კვერცხი, ჭარხალი, კომბოსტო, ბარდა და პომიდორი.
კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე და რძის ნაწარმი, ლობიო, კომბოსტო, მწვანილი (ოხრახუში, კამა) და კვერცხის გული.
თუ ორსული ამ ნივთიერებებს საკვებთან ერთად საკმარისი რაოდენობით არ იღებს, მაშინ ექიმმა ორსულებისთვის განკუთვნილი ვიტამინური პრეპარატები უნდა გამოუწეროს.

ორსულთა ჰიგიენა
ორსულობის დროს ქალის ორგანიზმს ორმაგი დატვირთვა ადგება. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის პირად ჰიგიენას. აუცილებელია:
1. შხაპის მიღება. ორსულისთვის კანის სისუფთავეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უსუფთაობა არღვევს კანის თერმორეგულაციურ, დამცველობით, გამომყოფ და სხვა ფუნქციებს, იწვევს საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების დაცობას და აჩენს არასასიამოვნო სუნს, აღიზიანებს კანს და ხელს უწყობს მასზე ჩირქოვანი მუწუკების წარმოქმნას, რაც ძალიან საშიშია როგორც ქალისთვის, ისე ნაყოფისთვისაც. ორსულმა დღეში 1-2-ჯერ უნდა მიიღოს შხაპი. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ ტანი ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული პირსახოცით გაიწმინდოს. შხაპის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 წუთს. შხაპის მიღება (მხოლოდ წყლის გადავლება) განსაკუთრებით დილაობით არის რეკომენდებული - ეს ხელს უწყობს ნერვული სისტემის სათანადო მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სუნთქვას, აკაჟებს სხეულს, უზრუნველყოფს კარგ განწყობასა და მხნეობას. კვირაში ერთხელ მაინც (ორსულობის ბოლო კვირებში კი უფრო ხშირად) ორსულმა შხაპის ქვეშ საპნით უნდა დაიბანოს მთელი სხეული. დასაბანად გამოყენებულ უნდა იქნეს საბავშვო საპონი, რომელიც კანს იცავს და არ აღიზიანებს. აუცილებელია იღლიის ფოსოების გაპარსვა და ყოველდღე თბილი წყლით დაბანა. ეს იმისთვის, რომ სოკო, რომელიც შესაძლოა იქ ბინადრობდეს, ძუძუსთავებზე არ მოხვდეს.
აბაზანის მიღება ორსულობის ბოლო თვეებში აკრძალულია, რადგან აბაზანიდან დაბინძურებული წყალი შესაძლოა საშოში მოხვდეს. მთელი ორსულობის მანძილზე, განსაკუთრებით კი იმ დღეებში, რომლებიც მენსტრუაციისას შეესაბამება, აბაზანის მიღება უკუნაჩვენებია იმ ქალებისთვის, რომლებსაც წინა ორსულობა დროზე ადრე შეუწყდათ ან სისხლდენით გაურთულდათ. იკრძალება საუნა და ფეხების დაორთქვლა - ამან შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიოს.
2. ორსულმა დღეში ორჯერ საპნითა და თბილი წყლით უნდა დაიბანოს გარეთა სასქესო ორგანოები. დაბანა ხდება სუფთა ხელებით, დაბანის დროს ხელის მოძრაობა მიმართულია წინიდან უკან, სწორი ნაწლავისკენ. არ შეიძლება თასზე დასხმული წყლით გამობანა. ცალი ხელით წყალი უნდა დაისხათ, მეორით დაიბანოთ. საშოს გამორეცხვა კატეგორიულად იკრძალება.
3. ორსულობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს სისუფთავეს და კბილების მდგომარეობას. ორსულმა კბილები დილა-საღამოს უნდა გაიხეხოს, ჭამის შემდეგ კი პირში ანადუღარი თბილი წყალი გამოივლოს.
4. ორსულმა ხშირად უნდა ისეირნოს ფეხით. ზაფხულში კარგია სეირნობა დილის 9-იდან 11 საათამდე, ზამთარში კი 11-იდან 14-ამდე. სეირნობა ორი საათი მაინც უნდა გაგრძელდეს, ოღონდ ორსული არ უნდა დაიღალოს. უნდა იაროს ნელა, ღრმად და თანაბრად ისუნთქოს ცხვირით. გასეირნების შემდეგ სასურველია მცირე ხნით წამოწვეს. მზის აბაზანების მიღების საკითხი მკურნალ ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. ისინი უკუნაჩვენებია, თუ ადრე ქალს ნაადრევი მშობიარობა ან თვითნებური აბორტი ჰქონდა. მზის გულზე ორსული 20 წუთზე მეტხანს არ უნდა დარჩეს. თუ მზის აბაზანები მისთვის ნებადართულია, ისინი დიდ სარგებლობას მოუტანს: დაბლა დასწევს მომატებულ არტერიულ წნევას, შეაკავებს ორგანიზმში კალციუმსა და ფოსფორს, გაანადგურებს ბაქტერიებს, D ვიტამინს კი D3-ად გარდაქმნის, რაც ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
5. არ არის სასურველი დიდხანს დგომა. ორსულმა მჯდომარემაც კი ფეხები პატარა სკამზე უნდა შემოაწყოს. სიარული უკუნაჩვენები არ არის, ვინაიდან კუნთების აქტიური შეკუმშვა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
6. ორსულმა უნდა ატაროს მოხერხებული, ნატურალური ქსოვილის, თავისი სარძევე ჯირკვლების ზომისა და ფორმის შესაფერისი ბიუსტჰალტერი.
7. ვენების პრობლემების (ვენური სისხლის შეგუბება სხეულის ქვედა ნახევარში, ქვედა კიდურებში, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქვედა კიდურების შეშუპება და ბუასილი) თავიდან ასაცილებლად ორსულს მოხერხებული და თავისუფალი ტანსაცმელი უნდა ეცვას. განსაკუთრებით მავნეა ორსულობის მეორე ნახევარში გულმკერდსა და მუცელზე მოჭერილი სამოსის ტარება. ორსულებს უნდა ეცვათ ფართო, თავისუფალი კაბები და ქვედაკაბები. ორსულობის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით - მეორე ორსულობისას, მუცლის კედლის გადაჭიმვის თავიდან ასაცილებლად შეიძლება სპეციალური ბანდაჟის ჩაცმაც. მას იცვამენ დილით, ადგომამდე, ხოლო ღამით იხდიან. თუ ორსულს უკვე აქვს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, დილაობით, ადგომამდე, ფეხებზე აუცილებლად უნდა შემოიხვიოს ელასტიკური ბინტი ან ჩაიცვას სპეციალური ელასტიკური კოლჰოტი. ფეხსაცმელი ფეხზე კარგად მომდგარი, ფართო და დაბალქუსლიანი უნდა იყოს. ღამის პერანგი ბუნებრივი ქსოვილისგან - სელისგან ან ბამბისგან უნდა იყოს შეკერილი. მისი გახამება აუცილებელი არ არის. საწოლის თეთრეული სასურველია გამოიცვალოს კვირაში ერთხელ, საცვლები - ყოველდღე.
8. ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას დაუძაბავი გონებრივი შრომის შემთხვევაში ძილის ხანგრძლივობა, სულ მცირე, 8 საათი უნდა იყოს. ორსული დასაძინებლად 22-23 საათზე გვიან არ უნდა დაწვეს, დილით კი სასურველია, 7-8 საათისთვის ადგეს. ამ რეჟიმის დარღვევა შესაძლოა ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის მიზეზადაც კი იქცეს.
9. არ შეიძლება სიმძიმეების აწევა და მკვეთრი მოძრაობა.
10. ორსულმა თავი უნდა არიდოს ემოციურ სტრესს.
11. მოწევა და ალკოჰოლი იკრძალება, ორსული უნდა ერიდოს იმ ოთახში ყოფნას სადაც ეწევიან'
12. ორსულობის პირველ და ბოლო ორ თვეს სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავებაა რეკომენდებული. პირველი ორი თვის განმავლობაში განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს მიმაგრების ზედაპირი არასაკმარისად აქვს განვითარებული, რის გამოც სქესობრივმა აქტმა შესაძლოა მისი აშრევება და თვითნებური აბორტი გამოიწვიოს, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი სქესობრივ ცხოვრებას შესაძლოა საშოსა და საშვილოსნოს ყელის დაზიანება და ინფექციის განვითარება მოჰყვეს. გარდა ამისა, სანაყოფე გარსის დაზიანების გამო შესაძლოა ნაადრევი მშობიარობა დაიწყოს.
13. ორსულმა უნდა ივარჯიშოს - ფიზკულტურა სახლის პირობებში ყველა ორსულისთვის ხელმისაწვდომია. ის ხელს უწყობს ორგანოების სისხლმომარაგებას, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე. მომავალი დედებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ვარჯიშები, რომლებიც ავითარებს დიაფრაგმულ სუნთქვას, აძლიერებს მუცლისა და შორისის კუნთებს. ვარჯიშების კომპლექსს ნიშნავს ექიმი ორსულის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის, ორსულობის მიმდინარეობის, ფიზიკური ფორმი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია