სიმპტომები და მიმდინარეობა
ოტომიკოზისთვის დამახასიათებელია სასმენი მილის ტკივილი, ქავილი, ყურის ნიჟარისა და სასმენი მილის კანის მომატებული მგრძნობელობა, თავის ტკივილი დაზიანებული ყურის მხარეს, ყურში შუილი, ყურში სისავსისა და დაცობის შეგრძნება. ოტოსკოპიით ჩანს, რომ სასმენი მილი შევიწროებულია მთელ სიგრძეზე (ანთებითი ინფილტრაციის შედეგად), კედლები მაცერირებული და ჰიპერემიულია (თუმცა ნაკლებად, ვიდრე ბაქტერიული ოტიტების დროს). სასმენი მილიდან გამონადენი უმეტესად ზომიერია, უსუნო და შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა შეფერილობა დაავადების გამომწვევი სოკოს სახეობის შესაბამისად (მორუხო-შავი, მოშავო-ყავისფერი, მოყვითალო ან მომწვანო). ავადმყოფთა უმრავლესობას დაფის აპკი ჰიპერემიული, ინფილტრირებული აქვს, ზოგჯერ მასში ჩანს ხვრელი. იშვიათად პათოლოგიური პროცესი სცილდება გარეთა სასმენი მილის საზღვრებს და გარეთა ყურსაც კი (სახის კანი, კისერი). კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება რეციდივი.
დიაგნოზი დაისმის ოტოსკოპიისა და გარეთა სასმენი მილის გამონადენის მიკოლოგიური გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე. დიფერენცირება საჭიროა კანდიდამიკოზისგან (საფუვრისებრი სოკოთი დაზიანება): ეს უკანასკნელი მიმდინარეობს როგორც სველი ეგზემა, ოტომიკოზი კი მშრალი ეგზემის მსგავსია. უნდა გამოირიცხოს გარეთა ყურის სხვა ეტიოლოგიის დერმატიტებიც.
მკურნალობა, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის, დაავადების კლინიკური სურათისა და სოკოს სახეობის გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალურია. ადგილობრივი მკურნალობისთვის ეფექტურია სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები. ჩვენებისამებრ ინიშნება მადესენსიბილიზებელი მკურნალობა.
დროული დიაგნოსტიკისა და სოკოს საწინააღმდეგო ინტენსიური თერაპიის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ოტომიკოზი არის დაავადება, რომელსაც გარეთა სასმენი მილის კედლებზე (ზოგჯერ - დაფის აპკზეც) სხვადასხვა სახის ქსლისებრი სოკოს განვითარება განაპირობებს. ამ დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ტენიანი გარემო, გადატანილი ჩირქოვანი შუა ოტიტი, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და არარაციონალური გამოყენება, ნივთიერებათა ცვილის მოშლა, ზოგადი და ადგილობრივი ალერგია და სხვა.
Facebook კომენტარები