ოტოსკლეროზი ლაბირინთის ძვლოვანი კაფსულის უცნობი ეტიოლოგიის კეროვანი დაზიანებაა. იგი შუა ყურის შედარებით იშვიათი დაავადებაა. ამ დროს შეზღუდულია ერთ-ერთი სასმენი ძვლის - უზანგის - მოძრაობა. დაავადების პრაქტიკულად ერთადერთი სიმპტომია სმენის პროგრესული დაქვეითება, რასაც შესაძლოა ერთვოდეს ხმაური. დაავადება აღმოცენდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ან მის მომდევნო წლებში. გვხვდება ბავშვთა ასაკშიც (8-10 წელი). ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები.
ოტოსკლეროზის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პათოლოგია გენეტიკურ ხასიათს ატარებს და ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობაში ვლინდება. ოტოსკლეროზის განვითარებაში მაპროვოცირებელი ფაქტორის როლს ხშირად ასრულებს სტრესი, ტრავმა. მაგალითად, ქალებში პირველი სიმპტომები ხშირად ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ იჩენს თავს.

სიმპტომები და მიმდინარეობა
დამახასიათებელია პროგრესირებადი სიყრუე (ჩვეულებრივ, ორივე ყურისა), რომელიც ხშირად ხილული მიზეზის გარეშე ვითარდება და ყურების შუილი, რომელიც უფრო ცალ ყურშია გამოხატული. ძალიან ხშირად ყურების შუილი ძირითადი ჩივილია, ამასთანავე, ხმაურიან გარემოში (მეტროში, ქუჩაში) პაციენტს უკეთ ესმის. დაავადება, როგორც წესი, ვითარდება ნელა. ორსულობა და მშობიარობა პროცესის მიმდინარეობას აჩქარებს. ოტოსკოპიით ჩანს შეუცვლელი დაფის აპკი.
გამოყოფენ ოტოსკლეროზის სამ ტიპს: ტიმპანურს, შერეულსა და კოხლეარულს.
ოტოსკლეროზის ტიპური ტიმპანური ფორმის დროს აღინიშნება სიყრუე ხმის გამტარი სისტემის ფუნქციის დარღვევის ტიპით, კოხლეარულ ფორმას ახასიათებს პროცესში ბგერის აღმქმელი სისტემის მნიშვნელოვანი ჩართვა, შერეული ფორმის დროს კი პროცესში ბგერის აღმქმელი სისტემა ზომიერად არის ჩართული.
დიაგნოზი დაისმის ანამნეზის, კლინიკური და აუდიომეტრიული მონაცემების საფუძველზე. დიფერენციული დიაგნოზი უნდა გატარდეს ადჰეზიური შუა ოტიტისა და კოხლეარული ნევრიტის მიმართ.

მკურნალობა
ოტოსკლეროზის  მკურნალობა ქირურგიულია (სტაპედოპლასტიკა). ტიმპანური ფორმის დროს  ოპერაციის შემდეგ სმენის გაუმჯობესების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია