პანარიციუმი (საწერელა) ეწოდება ხელის, იშვიათად ფეხის თითების ქსოვილთა მწვავე ჩირქოვან ანთებას. არსებობს პანარიციუმის კანის, კანქვეშა, ფრჩხილის, მყესის, ძვლის, სახსრის ფორმები. თითის ქსოვილებში ჩირქმბადი მიკრობები უმთავრესად კანიდან ხვდება, სისხლის გზით ინფექციის შეჭრა იშვიათია. თითების ვრცელი დაზიანება, მაგალითად, ჭრილობა, დამწვრობა, პანარიციუმს თითქმის არასოდეს იწვევს. სამაგიეროდ, მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ხილული ტრავმა, ისე მიკროტრავმა (ნაჩხვლეტი, ნაკაწრი და სხვა). პანარიციუმის განვითარებას ხელს უწყობს დიაბეტი, ავიტამინოზი, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

კანის პანარიციუმი
ჩირქოვანი პროცესი ლოკალიზდება ეპიდერმისსა და კანის შრეს შორის. ტკივილი აღმოცენდება თითის განსაზღვრულ უბანში. დათვალიერებისას ჩანს მცირე ზომის ბუშტუკი, რომელიც სავსეა მოყვითალო ჩირქით ან მღვრიე, სისხლიანი სითხით.

მკურნალობა
ბუშტუკს ხსნიან, აშორებენ დაზიანებული ეპიდერმისის ნაწილს და ადებენ მალამოს ნახვევს.

კანქვეშა პანარიციუმი
ჩირქი გროვდება ფალანგის კანქვეშა შრეში. პირველი ნიშანია ფალანგის დაზიანებული არის მკვეთრი, მოპულსირე ტკივილი. აღინიშნება მკვეთრი შესივება, სიწითლე, ფალანგთაშორის დისტალურ და პროქსიმულ სახსარში მოძრაობის შეზღუდვა. თითი ნახევრად მოხრილია. ფალანგზე შეხებაც კი ძალიან მტკივნეულია.

მკურნალობა
ტარდება გაკვეთა, ედება ჯერ ასეპტიკური, მერე კი მალამოს ნახვევი.

ფრჩხილის პანარიციუმი
ფრჩხილის პანარიციუმი ორგვარია: ფრჩხილქვეშა და ფრჩხილბუდისა. ამ უკანასკნელს პარონიქიას უწოდებენ.
ფრჩხილქვეშა პანარიციუმის მიზეზი ზოგჯერ ინფექციაა, რომელიც ქსოვილში ნაჩხვლეტი ჭრილობიდან ხვდება, ზოგჯერ კი ის ფრჩხილქვეშა ჰემატომის (სისხლჩაქცევის) დაჩირქების შედეგად ვითარდება. ფრჩხილის ქვეშ ჩირქის დაგროვება მის აცლას და მოვარდნას იწვევს. დეფექტის არეში განვითარებული ქსოვილი ეპითელიზაციას განიცდის, ფრჩხილის არეში კი იზრდება ახალი, მაგრამ ხშირად დეფორმირებული ფირფიტა.
ფრჩხილბუდის პანარიციუმის დროს პროცესი იწყება ფრჩხილის ბუდის ირგვლივ არსებული მიდამოდან და ხანგრძლივი მიმდინარეობით გამოირჩევა. მისი მიზეზია ინფექციის შეჭრა, ხშირად - მანიკიურისა თუ პედიკიურის დროს. ფრჩხილბუდის არეში, ხშირად - ეპიდერმისის ქვეშ, მცირეოდენი ჩირქი გროვდება. მისი გამორწყვის შემდეგ ჭრილობა სწრაფად ხორცდება, მაგრამ ჩირქი ხელახლა წარმოიქმნება. ასე მეორდება რამდენიმეჯერ, რის გამოც ფრჩხილის ბუდე შემსხვილებულია.
პარონიქიას ზოგჯერ ფრჩხილის მოვარდნა ან პანარიციუმის ძვლის ფორმის განვითარება მოჰყვება, თუმცა ეს უკანასკნელი შედარებით იშვიათია.

მკურნალობა
ფრჩხილქვეშა პანარიციუმის დროს ზოგჯერ საკმარისია ანთების მიზეზის (ხიწვის, ეკლის) ამოღება, თუმცა ამისთვის ფრჩხილის კიდის მოკვეთაა საჭირო. უნდა მოხდეს ფრჩხილქვეშა ჩირქის დრენირება. ზოგჯერ საჭიროა მთელი ფრჩხილის ან მისი ნაწილის აცლაც. პარონიქიის მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატიულია. იყენებენ საპნიანი წყლის აბაზანებს (ზოგჯერ - ცხელი სპირტით განზავებულს), აგრეთვე - მარილის ჰიპერტონული ხსნარის (2ს/კ მარილი 200 გ ანადუღარ წყალში) კომპრესებს. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, საქმეში ქირურგია ერთვება.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია