პერიოდონტიტი კარიესული პროცესის ყველაზე საშიში გართულებაა.
პერიოდონტი მკვრივი ფიბროზულ-შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც კბილთა ფესვების კბილბუდესთან შეერთებას უზრუნველყოფს. პერიოდონტიტს ახასიათებს ანთებითი პროცესის გავრცელება არა მარტო კბილის ქსოვილზე, არამედ ფესვების ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილზეც. ამ დროს იშლება ნერვი და ზიანდება იოგი, რომელიც კბილს კბილბუდეში ამაგრებს.
პერიოდონტიტი შეიძლება იყოს როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური წარმოშობისა. მის აღმოცენებაში მთავარ როლს მიკროორგანიზმები და მათი ტოქსინები ასრულებენ. ამ დროს ინფექცია უმეტესად პულპიტის ან პულპის ნეკროზის შედეგად ვრცელდება ფესვის არხიდან. მიკრობები და მათი ტოქსინები აღწევენ პერიოდონტის ქსოვილში და ანთებას იწვევენ.
არაინფექციური პერიოდონტიტის მიზეზად შეიძლება იქცეს ტრავმა ან მედიკამენტი. ტრავმული დაზიანებებიდან აღსანიშნავია:
ა) დარტყმა, არხების დაბჟენის შემდგომი დაზიანება, პერიოდონტის ტრავმა პულპის ამოღების შემდეგ, მკვეთრი ჩაკბეჩა, თხილის გატეხა, ძვლის ღრღნა;
ბ) ქრონიკული მიკროტრავმა, მაგალითად, მოსაწევი მილით, სასულე ინსტრუმენტით, ძაფის მოწყვეტით, კბილზე ფანქრის, კალმის დაჭერით, მაღალი ბჟენით და სხვა.
მედიკამენტებიდან პერიოდონტიტი შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმოქმედმა საშუალებებმა, თუ ისინი პერიოდონტში მოხვდა, მაგალითად, ფესვის არხების გაფართოების (ტრილონი B, სამეფო არაყი) ან მათი სტერილიზაციის (ფორმალინი, აზოტმჟავას ვერცხლი) დროს, ასევე- დარიშხანოვანმა პასტამ.
მიმდინარეობა და სიმპტომები. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პერიოდონტიტს და ქრონიკული პერიოდონტიტის გამწვავებას, თავისებურებათა მიხედვით კი პერიოდონტიტის ფიბროზულ ფორმას, გრანულომას და კისტას.
პერიოდონტიტის დროს, რაკი კბილის საფიქსაციო იოგი ზიანდება, კბილი მოძრავი ხდება, მცირედი შეხების დროსაც კი ტკივილი იჩენს თავს. მწვავე პერიოდონტიტი ვლინდება კბილის არეში მკვეთრი ტკივილით, რომელიც ძლიერდება კბილთან შეხებისას. დაავადებას ახასიათებს ტკივილი კბილის კბილზე დაჭერის დროს. ადამიანს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს კბილი დაუგრძელდა. შესაძლოა, შეშუპდეს ღრძილიც. კბილი კბილბუდეში მყარად აღარ დგას, მოძრაობს. თუ ამ ჩივილების გამო ადამიანმა ექიმს დროულად არ მიმართა, ჩამოყალიბდება ქრონიკული პერიოდონტიტი.
ქრონიკული პერიოდონტიტი ტკივილის გარეშე მიმდინარეობს, შესაძლოა, მოხდეს ფესვის ირგვლივ გრანულომის (პარკისებრი წარმონაქმნი კბილის მწვერვალზე) ან კისტის (კბილის მწვერვალის არეში მკვრივი კაფსულის მქონე ანთებითი წარმონაქმნი) ფორმირება. ქრონიკული პერიოდონტიტის დროს ზოგჯერ ღრძილზე წარმოიშობა ხვრელმილი, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი.
ქრონიკული პერიოდონტიტის დიფერენცირება შესაძლებელია კბილის რენტგენოგრამის საფუძველზე. გრანულომა და კისტა საკმაოდ მძიმე პროცესებია არა მარტო იმიტომ, რომ ამ დროს კბილის შენარჩუნება ჭირს, არამედ იმიტომაც, რომ შესაძლოა ორგანიზმში გავრცელდეს ქსოვილების დაშლის ტოქსიკური პროდუქტები. პერიოდონტიტით გართულებული კბილი, მით უმეტეს - რამდენიმე, ინფექციის წყაროა მთელი ორგანიზმისთვის.

მკურნალობა
პერიოდონტიტის მკურნალობა მრავალეტაპიანია. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი ინდივიდუალურ ტაქტიკას ირჩევს, თუმცა არსებობს საერთო პრინციპებიც. ხდება კბილის პრეპარირება, არხების სათანადო დამუშავება, საჭიროებისამებრ - სპეციალური ანტისეპტიკების გამოყენება. გრანულომის გაწოვისთვის ხელის შესაწყობად გამოიყენება პასტები. ზოგჯერ კონსერვატიული მეთოდები უეფექტოა და ინფექციის კერის მოსაცილებლად საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაცია - კბილის ფესვის მწვერვალის რეზექცია. ნებისმიერ შემთხვევაში ექიმი მაქსიმალურად ცდილობს კბილის შენარჩუნებას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია