პიოდერმიის კლასიფიკაცია

პიოდერმიის ჯგუფები .                 პიოდერმიის ფორმები

ზედაპირული

ღრმა

სტაფილოდერმია ოსტიოფოლიკულიტი,
ფოლიკულიტი,
სტაფილოკოკური სიკოზი
(ვულგარული)
ღრმა ფოლიკულიტი,
ფურუნკული,
კარბუნკული,
ჰიდრადენიტი
სტრეპტოდერმია

სტრეპტოკოკური
იმპეტიგო 
ვულგარული
ექთიმა
შერეული
(სტრეპტოსტაფილოდერმია)     
ვულგარული
იმპეტიგო
ქრონიკული
წყლულოვან-ვეგეტაციური
პიოდერმია

ფოლიკულიტი
ფოლიკულიტი სტაფილოდერმიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც წარმოადგენს თმის ფოლიკულის ჩირქოვანი ანთების შედეგს და შეიძლება იყოს როგორც ზედაპირული, ასევე ღრმა.
ფოლიკულიტის განვითარების ორი გზა არსებობს. პირველი - თმის ბოლქვის შესართავთან არსებული ოსტიოფოლიკულური პუსტულიდან (ჩირქოვანი მუწუკი) ინფექცია ფოლიკულის სიღრმეში ვრცელდება. ამ პროცესისთვის დამახასიათებელია ფოლიკულის გარშემო სიწითლის (ჰიპერემიის) გაძლიერება და ზომიერი ინფილტრაციის გაჩენა. პუსტულა რამდენიმე დღის განმავლობაში შრება (ხმება) და წარმოშობს ქერქს, რომელიც მალე ძვრება და იწყება პერიფოლიკულურ არეში ანთებითი ცვლილებების უკუგანვითარება.
ზოგჯერ ფოლიკულში ჩნდება აბსცესი, რომლის გახსნისა და მცირეოდენი ჩირქის გამოსვლის შემდეგ შესამჩნევი ხდება მცირე ზომის შეხორცებული და ოდნავ დანაწიბურებული წყლული.
ფოლიკულიტის განვითარების მეორე ვარიანტის დროს ფოლიკულის გარშემო ჩნდება მტკივნეული ვარდისფერი პაპულა (მშრალი მუწუკი), რომლის შუაგულში 2-3 დღეში წარმოიქმნება პუსტულა. ამის შემდეგ პროცესი პირველის ანალოგიურად ვითარდება.
ოსტიოფოლიკულიტი წარმოადგენს თმის ფოლიკულთან მდებარე მცირე ზომის (მუხუდოსოდენა) პუსტულას, რომლის ცენტრიდანაც გამოდის თმა, ხოლო პერიფერიაზე შემოვლებული აქვს ჰიპერემიული (შეწითლებული) გარსი. პუსტულის შიგთავსი მოყვითალო-მომწვანოა.
ოსტიოფოლიკულიტი დიდხანს არ გრძელდება - 3-5 დღის შემდეგ ჰიპერემია თანდათანობით ცხრება, პუსტულის ჩირქოვანი შიგთავსი შრება და წარმოშობს ქერქს, რომელიც მალე ძვრება და ტოვებს მოლურჯო ლაქას, რომელიც ასევე მალე ქრება უკვალოდ.
ღრმა ფოლიკულიტი გამოირჩევა დიდი ზომით (1 სმ-მდე დიამეტრით), მტკივნეულობითა და ღრმა დაზიანებით (მოიცავს მთელ ფოლიკულს), მაგრამ, ფურუნკულისგან განსხვავებით, ჩირქოვან-ნეკროზული ძირი არ გააჩნია.
ფოლიკულიტის მკურნალობა გულისხმობს:

  • სტერილური ნემსით პუსტულის გახსნას;
  • თმის ეპილაციას;
  • გახსნილი პუსტულის დამუშავებას:
  • ფუკორცინით;
  • 1-2%-იანი ანილინის საღებავიანი სპირტხსნარით;
  • 2-5%-იანი იოდის სპირტხსნარით;
  • სანგუირიტრინით ან ევკალიმინით;
  • პუსტულის გარშემო კანის გასუფთავებას 2%-იანი სალიცილის სპირტით, კერის მიმართულებით.

ღრმა ფოლიკულიტის დროს გამოიყენება იქთიოლი.
ეფექტიანია 30-70%-იან დიმექსიდის ხსნარში გახსნილი ლევომიცეტინის, ლინკომიცინის ან კრემ-ბაქტრობანის ადგილობრივი გამოყენება.
ანტიბიოტიკები და იმუნოპრეპარატები ინიშნება ფოლიკულიტის ქრონიკული მიმდინარეობის შემთხვევაში.
ასევე ინიშნება ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობა.

ვულგარული სიკოზი
ვულგარული სიკოზი (სინონიმი - სტაფილოკოკური სიკოზი) სტაფილოდერმიის ზედაპირული ფორმაა. იგი წარმოადგენს ხანგრძლივად მიმდინარე, მორეციდივე ბუნების მრავლობით ფოლიკულიტსა და ოსტიოფოლიკულიტს და ახასიათებს დაზიანების კერაში, დერმის ზედა შრეზე, მკვეთრად გამოხატული ანთებითი რეაქცია. სიკოზი ყველაზე ხშირად სახეზე (წვერისა და ულვაშის არეში) ლოკალიზდება.
განვითარების პიკზე დაზიანების კერა წარმოადგენს კანის დიფუზურად ინფილტრირებულ წითლად შეფერილ უბანს, რომელიც მოთესილია კვანძებითა და პუსტულებით და ნაწილობრივ დაფარულია ჩირქოვანი ფუფხით, რომელიც თანდათან სცილდება და ზომიერად სისხლმდინარ ზედაპირს აშიშვლებს. თუ დაავადება დიდხანს გაგრძელდა, თმა ადვილად და უმტკივნეულოდ ძვრება. დაზიანების კერაში შეინიშნება ზომიერი ქავილი, წვა, სუსტი ტკივილი, კანის მოჭიმვის შეგრძნება.

დიაგნოსტიკა. საჭიროა ვულგარული სიკოზის პარაზიტული სიკოზისგან დიფერენცირება. სტაფილოკოკური სიკოზი, პარაზიტულისგან განსხვავებით, მიმდინარეობს ქრონიკულად, ხანგრძლივად. ინფილტრაცია ნაკლებად არის გამოხატული, არ ახასიათებს კანიდან წამოწეული კვანძები, დაზიანების კერაში სოკოსა და ჩირქის ელემენტების აღმოჩენა შეუძლებელია.

მკურნალობა. ვულგარული სიკოზის მკურნალობა ძნელია მისი ქრონიკული ფორმის დროს, რომელიც ხშირად ვითარდება ამა თუ იმ თანმხლები დაავადების ფონზე.
სიკოზის მკურნალობა ასეთია:

  • დაზიანების კერაში თმას ჭრიან, კანს დღეში ორჯერ ასუფთავებენ 2%-იანი სალიცილის მჟავას სპირტხსნარით;
  • ოსტიოფოლიკულიტებს ხსნიან და შემდეგ ამუშავებენ ანილინის საღებავის ხსნარით;
  • ინფილტრატის გაჩენის შემთხვევაში ხდება ხელით ეპილაცია და შემდეგ იდება კალიუმის პერმანგანატის ბაცი ხსნარის ცხელი საფენები;
  • ქერქის გაჩენის შემთხვევაში ნაჩვენებია ლორინდენ ცეს, ბელოგენტის, გენტამიცინიანი ცელესტოდერმის,  დიპროგენტის, ბაქტრობანის და სხვა კრემების გამოყენება;
  • ინფილტრატის გასაწოვად გამოიყენება მარედუცირებელი (შემამცირებელი) კრემები (ბორის (2%)-კუპრის(5%) კრემი);
  • რეკომენდებულია ულტრაიისფერი დასხივება.

სიკოზს ადგილობრივთან ერთად სჭირდება ზოგადი მკურნალობაც ანტიბიოტიკებით, იმუნური პრეპარატებით, თანმხლები დაავადების სამკურნალო პრეპარატებით.
სტაფილოკოკური სიკოზი არცთუ იშვიათად სასქესო ფუნქციის დაქვეითების ფონზე ვითარდება, ამიტომ სათანადო ღონისძიებების გატარება ამ მხრივაც არის საჭირო.
ზედა ტუჩის სიკოზის შემთხვევაში აუცილებელია ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან მისვლა, რადგან კანის დაზიანების მიზეზი შესაძლოა გამონადენით მიმდინარე ცხვირის ქრონიკული დაავადებები იყოს.
ლუპოიდური სიკოზი სტაფილოკოკური ფოლიკულიტის თავისებური ფორმაა. იგი იწყება ჰიპერემიულ და ინფილტრირებულ კანზე ფოლიკულური პუსტულების გაჩენით. დაზიანების კერის ცენტრში დროთა განმავლობაში ფორმირდება ნაწიბუროვანი ატროფია, რომელიც ფოლიკულის ბოჭკოების სიკვდილს იწვევს, ხოლო მის პერიფერიულ უბნებში ახალი პუსტულები ჩნდება. პროცესი უფრო მეტად ლოყებზე, შუბლზეა ლოკალიზებული და წლობით გრძელდება.
სამკურნალოდ ინიშნება ანტიბიოტიკები, სპეციფიკური და არასპეციფიკური იმუნოთერაპია, ულტრაიისფერი დასხივება. ნაჩვენებია აგრეთვე ფოლიკულიტების გახსნა, ხელით ეპილაცია, ანტიბიოტიკებიანი დიმექსიდის ხსნარის, ანტიბაქტერიული კრემების ადგილობრივი გამოყენება.

ფურუნკული (ძირმაგარა)
ფურუნკული სტაფილოდერმიის ღრმა ფორმაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თმის ბუდისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ჩირქოვან-ნეკროზული ანთება.
ფურუნკული შეიძლება წარმოიქმნას ფოლიკულიტისგან ან უფრო ღრმად მდებარე კვანძისგან, რომლის შუაგულშიც ჩნდება ჩირქოვან-ნეკროზული ძირი (ფსკერი).
პირველ შემთხვევაში ფოლიკულიტის გაჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ მის გარშემო ფორმირდება შეშუპებულ-ინფილტრირებული მუქი წითელი (შინდისფერი) მოზრდილი კვანძი, რომელიც დროთა განმავლობაში იხსნება და ჩირქოვან-ნეკროზული შიგთავსისგან თავისუფლდება. ამის შემდეგ ანთებითი მოვლენები ცხრება, ხოლო წყლული, რომელიც ყალიბდება ჩირქოვან-ნეკროზული ძირის ადგილზე, ნაწიბურდება. დაავადების დაწყებიდან წყლულის შეხორცებამდე საშუალოდ 2 კვირა გაივლის.
მეორე ვარიანტის დროს პროცესი იწყება დერმაში მტკივნეული კვანძების გაჩენით, რომელთა პერიფერიებზე 3-5 დღის შემდეგ ვითარდება ინფილტრატი. ამას თან ახლავს კანის შეშუპება, ტკივილი და შინდისფრად შეფერვა. შემდეგ კვანძის ცენტრალურ ნაწილში ჩნდება უმნიშვნელო რაოდენობის ჩირქი, რომლის ქვეშაც არის მომწვანო ფერის ჩირქოვან-ნეკროზული ძირი. მომდევნო დღეებში ჩირქის რაოდენობა იმატებს, ბოლოს ფურუნკული სკდება და ჩირქი და ნეკროზული მასები გარეთ გამოდის. წყლული მალე ხორცდება და ანთებითი მოვლენები უკუვითარდება.
ფურუნკული შეიძლება გაჩნდეს კანის ნებისმიერ უბანზე, სადაც კი თმა ამოდის, უწინარეს ყოვლისა - იმ ადგილებზე, რომლებიც გამუდმებით განიცდის მექანიკურ გაღიზიანებას: კისრის უკანა მხარეზე, იღლიის ფოსოში, წელზე, ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე და სხვა. ერთეული ფურუნკულები, როგორც წესი, მძიმედ არ მიმდინარეობს, იშვიათად თუ განვითარდება ცხელება და საერთო სისუსტე, ზოგჯერ კი ადგილობრივი გართულებაც - ლიმფანგიტი ან ლიმფადენიტი.
შედარებით არაკეთილსაიმედო მიმდინარეობა ახასიათებს სახის მიდამოში (ტუჩებზე, ცხვირ-ტუჩის მიდამოში) ლოკალიზებულ ფურუნკულს. პროცესმა შეიძლება მიიღოს ავთვისებიანი ხასიათი, მიმდინარეობდეს მაღალი ტემპერატურით და ზოგადი მდგომარეობის დამძიმებით. ლიმფური და ვენური ძარღვების თრომბირების შედეგად დაზიანებული უბანი მკვეთრად შუპდება. შეშუპება შესაძლოა გართულდეს მენინგიტით, სეფსისით, ჩამოყალიბდეს შინაგანი ორგანოების აბსცესი, მოხდეს ცვლილებები სისხლში.
ფურუნკულის გაავთვისებიანება, უპირველეს ყოვლისა, შესაძლოა გამოიწვიოს გამორწყვის მცდელობამ ან პარსვის დროს სამართებლით ტრავმირებამ.
ერთეული ფურუნკული პერიოდულად შესაძლოა ხელახლა გაჩნდეს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მორეციდივე ერთეულ ფურუნკულთან და არა ფურუნკულოზთან, რომელსაც განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი მრავალი ფურუნკულის გაჩენა ახასიათებს.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ ადგილობრივ (ორგანულ) და ზოგად (დისემინირებულ) ფურუნკულოზს. ორივე ვარიანტს შეიძლება ჰქონდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ხასიათი.
ადგილობრივი ფურუნკულოზის მიზეზი, ჩვეულებრივ, პირველადი ფურუნკულის არარაციონალური მკურნალობაა. დისემინირებული ფურუნკულოზის მწვავე მიმდინარეობა ყველაზე ხშირად ორგანიზმის მკვეთრი გადაცივების ან გადახურების დროს შეიმჩნევა, ქრონიკულს კი განაპირობებს სხვადასხვა ენდოგენური ფაქტორი, რომელიც იწვევს ორგანიზმის გამძლეობის დაქვეითებას სტაფილოკოკების მიმართ (ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა (შაქრიანი დიაბეტი), ზოგადი დაავადებების ფონზე ორგანიზმის მკვეთრი გამოფიტვა, კორტიკოსტეროიდული და ციტოსტატიკური პრეპარატების ხანგრძლივი მიღება და სხვა).
მკურნალობისას საჭიროა ფურუნკულის გარშემო თმის შეჭრა და დღეში ორჯერ კანის დეზინფიცირება, ისევე, როგორც ფოლიკულიტის დროს, ხოლო მომწიფების სტადიაში - ფურუნკულის ზედაპირზე იქთიოლის მალამოს დადება და დოლბანდის თხელი ფენით დაფარვა. ეს პროცედურა ტარდება დღეში ორჯერ ფურუნკულის გახსნამდე. ამის შემდეგ იქთიოლი უნდა დაიდოს მხოლოდ ფურუნკულის პერიფერიაზე, წყლულზე კი აფენენ ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონულ ხსნარში დასველებულ დოლბანდს.
ეფექტურია ლევომეკოლისა და ლევოსინის მალამოების ტურუნდები.
თუ ჩირქოვან-ნეკროზული ძირის გამოსვლა გაძნელებულია, შეიძლება ნოვოკაინში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში გახსნილი პროტეოლიტური ფერმენტების (0,5%-იანი ტრიფსინის, ქიმოტრიფსინის ან ქიმოფსინის) გამოყენება.
ჩირქოვან-ნეკროზული მასის გამოსვლის შემდეგ წყლულზე უნდა დაიდოს ანტიბიოტიკების (2%-იანი ლინკომიცინი, ტეტრაციკლინი, ბაქტობანი და სხვა) შემცველი მალამოების ნახვევი.
ფურუნკულის მომწიფების ფაზაში ნაჩვენებია ულტრამაღალი სიხშირის სხივები.
ერთეული ფურუნკულის შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია არ ინიშნება. გამონაკლისია სახეზე ლოკალიზებული ფურუნკული, რომელიც რთულდება ლიმფანიგიტით და ლიმფადენიტით და იწვევს ავადმყოფის საერთო მდგომარეობის მოშლას.
ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ აბსცესირებული ფურუნკულის შემთხვევაში.
მრავალობითი ფურუნკულისა და ფირუნკულოზის დროს, ადგილობრივი მკურნალობის პარალელურად, საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია, იმუნური თერაპია და თანმხლები დაავადებების მკურნალობა.

კარბუნკული
კარბუნკული სტაფილოდერმიის მძიმე ფორმაა და წარმოადგენს დერმის ღრმა ფენებისა და კანქვეშა ქსოვილების მწვავე ჩირქოვან-ნეკროზულ ანთებას.
პროცესი, წესისამებრ, დერმის ღრმა ფენებსა და კანქვეშა ქსოვილებში მკვრივი და მტკივნეული ინფილტრატის წარმოქმნით იწყება. კვანძის ზემოთ კანი მუქ წითელ შეფერილობას იღებს. ამას ემატება შეშუპება, რომელიც კვანძის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება. რამდენიმე დღის შემდეგ ანთებითი მოვლენებისა და ტკივილის გაძლიერების პარალელურად კვანძის ზედაპირზე ნეკროზული ძირის მქონე პუსტულები ჩნდება. მალე ამ ადგილას წარმოიქმნება ღრმა წყლულები, საიდანაც უხვად გამოიყოფა მომწვანო-მორუხო ფერის, ხშირად სისხლიანი მინარევის მქონე მასა.
კარბუნკულის განვითარების პროცესისთვის დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაზიანებული არის იმდენად მკვეთრი ტკივილი, რომ საქმე ავადმყოფის დეგრადაციამდე მიდის.
წყლულების გაწმენდასა და მათ საბოლოო შეხორცებას რამდენიმე კვირა სჭირდება. რეგრესირებული კარბუნკულის ადგილას ჩნდება ღრმა ვარსკვლავისებრი ნაწიბური.
ხანდაზმულ, დასუსტებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში კარბუნკული, გარდა რეგიონული გართულებებისა (ლიმფანგიიტი, ლიმფადენიტი), შეიძლება გადაიზარდოს სეფსისში და ლეტალური შედეგით დასრულდეს.
დიაგნოსტიკა. აუცილებელია ფურუნკულოზის (ახასიათებს მხოლოდ ერთი ნეკროზული ძირის არსებობა) და აბსცესის გამორიცხვა.
მკურნალობა. კარბუნკულის მკურნალობა გულისხმობს:

  • ადგილობრივად - იმავე ღონისძიებებს, რასაც ფურუნკულის შემთხვევაში;
  • ანტიბიოტიკოთერაპიას (ნებისმიერ შემთხვევაში):
  • პენიცილინით;
  • ლინკომიცინით;
  • ნეტრომიცინით.
  • ძიმე შემთხვევაში (მკვეთრი შეშუპება, ინტოქსიკაცია, მაღალი სიცხე):
  • პოლიგლუკინი;
  • ჰემოდეზი;
  • სისხლის გადასხმა.

ქსოვილების გავრცობილი ნეკროზის დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.

ჰიდრადენიტი
ჰიდრადენიტი არის აპოკრინული საოფლე ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება, რომელსაც სტაფილოკოკი იწვევს. დაავადება ლოკალიზდება მხოლოდ ამ ჯირკვლების არეში, კერძოდ, იღლიის ფოსოებში, ანოგენიტალურ მიდამოში და სარძევე ჯირკვლების დვრილების ირგვლივ. ხანდაზმულებსა და ბავშვებს ჰიდრადენიტი არ ემართებათ, რადგან ამ ასაკში აპოკრინული საოფლე ჯირკვლები არ ფუნქციონირებს. არსებობს მონაცემები, რომ ჰიდრადენიტსა და აკნეს მსგავსი პათოგენეზი აქვს.
ჰიდრადენიტის განვითარების პროცესი იწყება ღრმა და მტკივნეული ინფილტრატების წარმოქმნით. ტკივილის გაძლიერების პარალელურად ინფილტრატები იზრდება და ქმნის კანთან მიხორცებულ ხორკლიან, ფლუქტუაციურ, მოლურჯო-მოვარდისფრო კერას. მალე კვანძი იხსნება და გადმოდის ჩირქი. ამის შემდეგ ანთებითი მოვლენები თანდათანობით ცხრება და ინფილტრატი გაიწოვება. პროცესი 2 კვირა გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ჰიდრადენიტი საკმაოდ ხშირად აზიანებს ორივე იღლიის ფოსოს და მიდრეკილია რეციდივისკენ.
მკურნალობა. ჰიდრადენიტის ადგილობრივი და ზოგადი მკურნალობა ფუ რუნკულისა და ფურუნკულოზის მკ ურ  ნალობის მსგავსია. ფლუქტუაციის აღმოცენების ან აბსცესის განვითარების შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.

იმპეტიგო
სტრეპტოკოკული იმპეტიგო სტრეპტოდერმიის ზედაპირული ფორმაა, რომელიც ხშირად უჩნდებათ სახეზე ბავშვებსა და ახალგაზრდა ქალებს. ახასიათებს კანი დან ოდნავ შემაღლებული ღრუიანი, თხელაპკოვანი, პერიფერიაზე ვარდისფერი ვიწრო საყელოს მქონე და მღვრიეშიგთავსიანი სავსე ბუშტუკები (ფლიქტენები). ეს ბუშტუკები სწრაფად სკდება, მათი შიგთავსი შრება და ქარვისფერ ფუფხად გარდაიქმნება. ფუფხის მოცილების შემდეგ რჩება ბაცი წითელი ფერის ეროზიული ზედაპირი, რომელიც მოცილებული გარქოვანებული შრის არშიით არის გარშემორტყმული. ერთი ელემენტის განვითარების ციკლი დაახლოებით ერთკვირიანია, მაგრამ შეიძლება ეს ელემენტები მრავლად წარმოიქმნას და, შესაბამისად, დაავადებაც დიდხანს გაგრძელდეს.
სტრეპტოკოკული იმპეტიგოს სახესხვაობაა ბულოზური იმპეტიგო, რომლის დროსაც ტერფებზე, წვივებზე ან მტევნებზე ჩნდება მსხვილი, ნახევარსფერული, მღვრიე შიგთავსის მქონე ერთეული ელემენტები. არცთუ იშვიათად ბულოზური იმპეტიგო ფრჩხილის ფირფიტის ახლოს არის ლოკალიზებული.
ვულგარული იმპეტიგო სტრეპტოსტაფილოდერმიის გავრცელებული ფორმაა. დაავადება იწყება სახის კანზე სტრეპტოკოკული იმპეტიგოსთვის დამახასიათებელი ფლიქტენების გაჩენით. სტაფილოკოკური ინფექციის თანდართვის გამო ბუშტუკების მღვრიე შიგთავსი ძალიან მალე იღებს მოყვითალო ფერს, რომლის გაშრობის შემდეგ წარმოიქმნება მასიური, ფხვიერი, მოთაფლისფრო (ზოგჯერ მომწვანო ელფერით) ქერქი, რომელზეც ხშირად სისხლის მინარევიც შეინიშნება.
ელემენტები მდებარეობს ჰიპერემიულ კანზე, პერიფერიისკენ მათი რაოდენობა იმატებს და შესაძლოა, კანის საკმაოდ დიდი უბანი მოიცვას. პროცესს თან ახლავს რეგიონული ლიმფადენიტი.
იმპეტიგოს ერთი ელემენტის არსებობა საშუალოდ ერთი კვირა გრძელდება. მაღალი კონტაგიოზურობის (გადადების უნარის) და ბუშტუკის შიგთავსის კანის სხვა უბანზე ადვილად მოხვედრის გამო დაავადება შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს. იმპეტიგო ყველაზე ხშირად სახეზე ლოკალიზდება და განვითარების საწყის ეტაპზე შეიძლება ჰერპესად მიიჩნიონ.

მკურნალობა.
ჩვეულებრივ, ადგილობრივი მკურნალობა საკმარისია. გამოიყენება:

  • ერითრომიცინის 1%-იანი მალამო;
  • ბაქტრობანი;
  • ლორინდენ ცე;
  • დიპროგენტი;
  • ლინკომიცინის პასტა;
  • ანილინის საღებავების სპირტხსნარი;
  • ფუკორცინი;
  • მასიური ქერქის არსებობისას - სალიცილის 1-2%-იანი მალამო.

ერთ-ერთი მეთოდია ბუშტუკის (ფლიქტენის) გახსნა.
შინაგანად მისაღები ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ ინიშნება, როცა პროცესი გავრცობილია და დიდხანს გასტანს.
დაავადების კონტაგიოზურობის გამო განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ავადმყოფის იზოლაციას. გარდა ამისა:

  • ავადმყოფს ეკრძალება დაბანა;
  • აუცილებელია ჯანსაღი კანის სალიცილის სპირტით დამუშავება;
  • აუცილებელია თეთრეულის სტერილიზაცია;
  • აუცილებელია ფრჩხილების მოკლედ დაჭრა და დღეში 2-ჯერ იოდის 2%-იანი ხსნარით დამუშავება;
  • გამოიყენება ულტრაიისფერი დასხივება.

ექთიმა
ვულგარული ექთიმა წარმოადგენს სტრეპტოდერმიის ღრმა ფორმას. დაავადება იწყება მსხვილი ბუშტუკების გაჩენით, რომელიც სავსეა მღვრიე, ზოგჯერ ჩირქოვან-ჰემორაგიული შიგთავსით. ბუშტუკებს გარს აკრავს მოვარდისფრო-მოლურჯო არშია. ფლიქტენას შიგთავსი თანდათანობით შრება და წარმოიქმნება ქერქი, რომლის ქვეშაც ჩნდება ღრმა, მტკივნეული, კიდეებშემაღლებული და რბილი ჩირქით ფსკერდაფარული წყლული, რომელიც 2-4 კვირაში ხორცდება.
ყველაზე ხშირად გვხვდება წვივის კანზე ლოკალიზებული ერთეული ექთიმა.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის დამცველობითი ძალების დაქვეითება (გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის - ქრონიკული დაავადებებითაც) და ქავანა დერმატოზები.
ვულგარულ ექთიმას სიფილისურისგან განასხვავებს საწყის ეტაპზე ფლიქტე ნებისა და მწვავე ანთებითი მოვლენების არსებობა და ინფილტრატის არარსებობა.
ექთიმას მკურნალობა პიოდერმიის მკურნალობის ანალოგიურია.

ქრონიკული  წყლულოვან-ვეგეტატიური პიოდერმია
ქრონიკული წყლულოვან-ვეგეტატიური პიოდერმია წარმოადგენს ღრმა სტრეპტოსტაფილოდერმიას, რომელსაც ახასიათებს კანზე (უმეტესად - ქვედა კიდურებზე) წყლულოვან-ვეგეტატიური უბნების გაჩენა, ფსევდოეპითელიოზური ჰიპერელაზია და ქრონიკული გრანულომატოზის ნიშნების განვითარება. დაავადებას უმეტესად სტაფილოკოკები და A ჯგუფის სტრეპტოკოკები იწვევს. არცთუ იშვიათად ქრონიკული წყლულოვან-ვეგეტატიური პიოდერმია ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც სჭირთ წყლულოვანი კოლიტი, ალკოჰოლიზმი, ლიმფომა და იმუნოდეფიციტური ხასიათის სხვა დაავადებები.
ქრონიკული წყლულოვან-ვეგეტატიური პიოდერმიის დროს კანი წყლულებით იფარება. წყლულებს აქვს უსწორმასწორო კიდეები, დაფარულია ფსკერის ვეგეტაციებით (მორუხო ჩირქოვანი გამონადენით) და სდის უსიამოვნო სუნი. წყლულოვანი ზედაპირის გარშემო კანი ანთებადი და ინფილტრირებულია.
არ არის გამორიცხული წამოწეული, ჩირქოვანი ქერქითა და ვეგეტატიური ფოლაქებით დაფარული და წვრილი პუსტულებით გარშემორტყმული წყლულების განვითარება.
ქრონიკული წყლულოვან-ვეგეტატიური პიოდერმიის მკურნალობა გულისხმობს იმ დაავადების გამოვლენასა და მკურნალობას, რომელმაც ხელი შეუწყო ქრონიკული პიოდერმიის განვითარებას.
ინიშნება:

  • ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები;
  • იმუნომოდულატორები;
  • ვიტამინები;
  • კორტიკოსტეროიდები;
  • ციტოსტატიკები;
  • პლაზმაფერეზი;
  • ანტისტაფილოკოკური პლაზმა;
  • სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ვაქცინა;
  • ოქსიგენაცია;
  • ულტრაიისფერი დასხივება;
  • ულტრამაღალი სიხშირის სხივებით მკურნალობა;
  • ლაზეროთერაპია;
  • მადეზინფიცირებელი საშუალებები;
  • 5-10%-იანი დერმო-იქთიოლის მალამო;
  • ანტიბიოტიკების შემცველი მალამო;
  • ეპითელიზაციის მასტიმულირებელი საშუალებები (კურიოზინი, ლევომეკოლი და სხვა).

შანკრიფორმული პიოდერმია ქრონიკული წყლულოვანი პიოდერმიის თავისებურ ფორმას წარმოადგენს. კლინიკური გამოვლინებებით იგი მაგარ შანკრს ჰგავს. პროცესი იწყება სასქესო ორგანოების ან სახის არეში წვრილი ბუშტუკის გაჩენით, რომლებიც გარდაიქმნება ეროზიად ან საფუძველში ინფილტრატის მქონე ზედაპირულ წყლულად. ამ ელემენტის კიდეები უმეტესად დაქანებულია, იშვიათად - ოდნავ შემაღლებული და გარს არტყია წვრილი ანთებითი არშია. ზოგჯერ ეროზია ან წყლული ჰემორაგიული ქერქით ან ჩირქოვანი ნადებით იფარება.
შანკრიფორმული პიოდერმიის დროს რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებული, გამკვრივებული და უმტკივნეულოა.
შანკრიფორმულ პიოდერმიას უმთავრესად ერთეული დაზიანებები ახასიათებს, მრავლობითი წყლული იშვიათად ჩნდება.
დიაგნოსტიკა. საჭიროა შანკრიფორმული პიოდერმიის მაგარი შანკრისგან დიფერენცირება. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, შანკრიფორმული პიოდერმიის დროს ეროზიის ან წყლულის გამონაყოფში ვერ აღმოაჩენენ მკრთალ ტრეპონემას, სეროლოგიური რეაქცია სიფილისზე უარყოფითია.
მკურნალობა ტარდება სიფილისის გამორიცხვის შემდეგ.
ადგილობრივად ინიშნება:

  • ანტიბიოტიკების შემცველი მალამო;
  • ანილინის საღებავი;
  • ეპითელიზაციის სტიმულირებისთვის - კურიოზინის ხსნარი: 1 წვეთი 1 კვ. სმ ზედაპირზე.

ზოგადი მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკოთერაპიას (იხ. პიოდერმიის მკურნალობა).

პიოდერმიის მკურნალობა
პიოდერმიით დაავადებულის რეჟიმი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანის მოვლას როგორც დაზიანების კერაში, ისე მის გარეთ.
დაავადების ლოკალური ფორმების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული დაზიანების კერაში და მის მახლობლად კანის დაბანა, ხოლო დისემინირებული პროცესის დროს ბანაობა საერთოდ იკრძალება.
პიოდერმიული ელემენტების განლაგების არეში აუცილებელია თმის შეჭრა (მაგრამ მოპარსვა არ შეიძლება!)
საღ კანს, განსაკუთრებით - დაზიანების კერის მახლობლად, ამუშავებენ მადეზინფიცირებელი ხსნარით (1-2%-იანი სალიცილის მჟავათი, 0,1%-იანი კალიუმის პერმანგანატის წყალხსნარით და სხვა).
ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაავადებულმა ფრჩხილები მოკლედ უნდა დაიჭრას და დღეში ორჯერ დაიმუშაოს 2%-იანი იოდის წყალხსნარით.
თუ პროცესი გახანგრძლივდა ან გამონაყარი მრავლობითია, ყურადღება უნდა მიექცეს კვებას: ის უნდა იყოს რეგულარული, სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი; უნდა შეიზღუდოს მარილისა და ნახშირწყლების მოხმარება; კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლი.

ზოგადი მკურნალობა

პიოდერმიის დროს ანტიბიოტიკები ინიშნება პროცესის გახანგრძლივების ან გაქრონიკულების, გავრცობის, ზოგადი მოვლენების (ცხელება, თავის ტკივილი, სისუსტე), რეგიონული გართულებების (ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი) და ღრმა პიოდერმიის სახის არეში ლოკალიზების შემთხვევაში.
მიზანშეწონილია ჩირქის დათესვა და ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დადგენა. უკანასკნელ ხანს პიოდერმიის სამკურნალოდ პრაქტიკულად აღარ იყენებენ პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებს. დღესდღეობით არსებობს უფრო ეფექტური და იმავდროულად ნაკლები გვერდითი მოვლენების მქონე ანტიბიოტიკები - მაკროლიდები (ერითრომიცინი, ვილპრაფენი, კლაციდი და სხვა), ლინკომიცინი, ტეტრაციკლინი (ტეტრაციკლინი, მეტაციკლინი, დოქსიციკლინი, ვიბრამიცინი). ასევე შეიძლება დაინიშნოს რიფამიცინი, ცეპორინი, კეფზოლი, კლაფორანი, როცეფინი და სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკების დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, დაავადების კლინიკური სურათისა და პროცესის მიმდინარეობის გათვალისწინებით.
ანტიბიოტიკებზე იშვიათად (უმეტესად - ანტიბიოტიკების აუტანლობის შემთხვევაში) გამოიყენება სულფანილამიდები. ისინი ნაკლებად ეფექტიანი გახლავთ და არცთუ იშვიათად ტოქსიდერმიასაც იწვევენ. ჩვეულებრივ, ინიშნება პროლონგირებული მოქმედების პრეპარატები - დუო სეპტოლი, სულფომონომეტოქსინი, ბისეპტოლი და სხვა.
პიოდერმიის ქრონიკული ფორმის დროს ანტიბაქტერიული თერაპიის პარალელურად მიმართავენ იმუნოთერაპიას. აქტიური სპეციფიკური იმუნოთერაპიის საშუალებებს მიეკუთვნება სტაფილოკოკური ანატოქსინი და სტაფილოკოკური ანტიფაგინი, სტაფილოპროტექტინი, რომელიც წარმოადგენს ციტოპლაზმოტიკური სტაფილოკოკური ანტიგენისა და ანატოქსინის ნარევს. შინაგანი ორგანოების მძიმე დაავადებების მქონე ავადმყოფებს უნიშნავენ ანტისტაფილოკოკურ Y-გლობულინს ან ანტისტაფილოკოკურ ჰიპერიმუნურ პლაზმას.
იმუნიტეტის არასპეციფიკური ფაქტორის სტიმულაციისთვის გამოიყენება აუტოჰემოთერაპია, პიროგენალი, პროდიგიოზანი, ჰემოტრანსფუზინი, მეთილურაცილი, ჩინური ლიმინიკის ხსნარი, ელეუტეროკოკი.
რეციდიული, აგრესიულად მიმდინარე პიოდერმიის დროს იმუნიტეტის არასპეციფიკური ფაქტორების სტიმულაციისთვის იყენებენ იმუნისტიმულატორებს (თიმუსის პრეპარატები (თიმალინი, ტაქტივინი და სხვა), გამა-გლობულინის პრეპარატებს (კუნთის გამა-გლობულინი და სხვა), სინთეტიკურ ქიმიურ ნივთიერებებს (ნეოვირი, ციკლოფერონი და სხვა). პიოდერმიის ქრონიკული ფორმების დროს ნაჩვენებია პოლივიტამინების დანიშვნა.
ადგილობრივი მკურნალობა უნდა ჩატარდეს პიოდერმიის ნებისმიერი ფორმის დროს.
პროფილაქტიკა. როგორც პირველადი (ანამნეზში ჩირქოვანი დაავადებების არარსებობა), ისე მეორეული პიოდერმიის პროფილაქტიკა (დაავადების რეციდივის თავიდან აცილება) გულისხმობს საყოფაცხოვრებო და საწარმოო პირობებში განსაკუთრებული ღონისძიებების გატარებას. საწარმოებში აუცილებელია სანიტარიულ-ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, საწარმოო ტრავმებისა და მიკროტრავმების გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა.
პიოდერმიასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა მიკროტრავმების დროული დამუშავება, რისთვისაც იყენებენ ანილინის საღებავის ხსნარს, იოდის სპირტხსნარს, აპკის წარმომქმნელ აეროზოლს - ლიფუზოლს.
საჭიროა იმ ქრონიკული დაავადებების გამოვლენა, რომელთა ფონზეც ვითარდება კანის ჩირქოვანი დაზიანებები (შაქრიანი დიაბეტი, საჭმლის მომნელებელი ორგანოების,

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია