პროსტატიტი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. წინამდებარე ჯირკვალი, პროსტატა, უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს, მონაწილეობს შარდვის აქტსა და ეაკულაციის - თესლდანთხევის - პროცესში. პროსტატას აქვს ჰორმონული ფუნქციაც, რომელსაც ამჟამად იკვლევენ.
პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. 30 წლის შემდეგ პროსტატიტით ავადდება ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 30%, 40 წლის შემდეგ - 40%, 50 წლის შემდეგ - 50% და ა.შ.
პროსტატიტს იწვევს:
1) სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ასევე - ნაწლავის ჩხირი (Esherichia coli), რომელთაც შეუძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა;
2) მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (შეგუბებითი მოვლენები იწვევს ჯირკვლის ანთებას), მჯდომარე ცხოვრების წესი (მძღოლები, ოფისის მუშაკები), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება;
3)ხშირი გადაცივება (დაივინგი, სერფინგი, ბაიდარა, სამთო-სათხილამურო სპორტი), შეკრულობა;
4) სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის - ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული);
5) შორისის ქრონიკული ტრავმა (ველოსიპედისტები,  მოტოციკლისტები, ავტომობილისტები), თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს ფაქტორი იმდენად პროსტატიტის განვითარების მიზეზი არ არის, რამდენადაც ხელს უწყობს ლატენტურად (ფარულად) და შეუმჩნეველი სიმპტომებით მიმდინარე ინფექციური პროცესის გამოვლენას;
6) დაბოლოს, იმუნური სისტემის დათრგუნულობა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა, უხარისხო (არაბალანსირებული) კვება.

სიმპტომები და მიმდინარეობა
პროსტატიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული პროსტატიტი ხშირად არასათანადოდ ნამკურნალევი მწვავე პროსტატიტის შედეგია, თუმცა შესაძლოა, პროცესი იმთავითვე ქვემწვავედ, დუნედ მიედინებოდეს, არ იქცევდეს ყურადღებას და შედეგად დაავადების ქრონიკული ფორმა ჩამოყალიბდეს.
ქრონიკულ პროსტატიტს განაპირობებს მწვავე პროსტატიტის ხშირი რეციდივიც. მწვავე პროსტატიტის რამდენიმე ეპიზოდის გამეორება მეორეულ მორფოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, რასაც საბოლოოდ ქრონიკულ პროსტატიტამდე მივყავართ.
დაავადების გაქრონიკულებას ხელს უწყობს მკურნალობის თვითნებური, ნაადრევი შეწყვეტა, დაწყებული მკურნალობის გაგრძელება არა სპეციალისტის მეთვალყურეობით, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ.
ქრონიკულ პროსტატიტს ახასიათებს გამწვავების პერიოდები.
მწვავე პროსტატიტი, ასევე - ქრონიკული ფორმის გამწვავება ამგვარად ვლინდება:

  • სხეულის ტემპერატურა მომატებულია 39-40°C-მდე, ავადმყოფს ამცივნებს.
  • წარმოიშობა შარდვასთან  დაკავშირებული ჩივილები. ვინაიდან წინამდებარე ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ, ხოლო ურეთრა გაივლის ამ ჯირკვალს, ამიტომ პროსტატის გადიდების დროს თავს იჩენს შარდვის სხვადასხვა სახის დარღვევა:
  • შარდვის დაწყების გაძნელება;
  • წყვეტილი შარდვა;
  • შარდის სუსტი ნაკადი;
  • წვეთ-წვეთად შარდვა;
  • შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;
  • უნებლიე შარდვა, გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით - ღამის საათებში;
  • იძულებითი ჭინთვა მოშარდვის სურვილით და შარდის შეუკავებლობა ამ დროს;
  • სქესობრივი ფუნქციის მოშლა:
  • ურეთრისა და სწორი ნაწლავის ტკივილი ეაკულაციის დროს;
  • სუსტი ერექცია;
  • ნაადრევი ეაკულაცია;
  • ორგაზმის დაკარგვა (ანორგაზმია);
  • ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულების არეში, თეძოების ან წელის არეში შიგნიდან ტკივილი;
  • ნერვული სისტემის მოშლა (ნერვოზული მდგომარეობა, განპირობებული ავადმყოფის ყურადღების გადატანით თავის მდგომარეობაზე).

პროსტატიტი შეიძლება ერთბაშად განვითარდეს როგორც მწვავე ანთებითი დაავადება. ასეთ დროს აღინიშნება ცხელება, სხეულის ტემპერატურის 39-40°C-მდე მომატება, მწვავე ტკივილი შორისის, საზარდულის, ბოქვენის, ანუსის მიდამოში. შარდვა და დეფეკაცია იმდენად მტკივნეულია, რომ ეს ფიზიოლოგიური პროცესები სატანჯველად იქცევა. შესაძლოა, წინამდებარე ჯირკვალზე გაჩნდეს აბსცესი (ჩირქგროვა) და სხვა.
უმეტესად კი დაავადება ფარულად  ვითარდება და თანდათან იღებს ქრონიკულ ხასიათს. ქრონიკული პროსტატიტის დროს ჩივილები უფრო მრავალფეროვანია, სქესობრივი ფუნქციის დარღვევიდან დაწყებული, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობით დამთავრებული. ხშირად ასეთი ავადმყოფები წლების მანძილზე მიმართავენ თერაპევტს გაუთავებელი ჩივილებით წელის ტკივილის, დაღლილობის, გულის არეში ტკივილის გამო. შედეგად დაისმის რადიკულიტის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ნევროზის დიაგნოზი და მხოლოდ ექიმის სწორად მიმართული საუბარი გამოავლენს ხოლმე ჩივილის ნამდვილ მიზეზს.

ვირუსული პროსტატიტები
ცალკე უნდა შევეხოთ ვირუსულ პროსტატიტებს, რომლებსაც ჰერპესვირუსი, ციტომეგალოვირუსი, პაპილომავირუსი იწვევს. ამ ვირუსებით გამოწვეული ურეთრიტი (შარსადენის ანთება) ართულებს პროსტატიტის მიმდინარეობას და იწვევს უშვილობას.
ამ ტიპის პროსტატიტები განსაკუთრებით საყურადღებოა,  რადგან ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ სპერმის ან სეკრეტის ლაბორატორიული გამოკვლევით. ხშირად ასეთი ავადმყოფები მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ვირუსული დაავადება ანტიბიოტიკებს არ ემორჩილება; ის მკურნალობის სრულიად სხვა ტაქტიკას - ანტივირუსულ მკურნალობას, იმუნოთერაპიას და ა. შ. - მოითხოვს.

გართულებები

ყველაზე არასასურველი და მძიმე გართულება, რაც შეიძლება ქრონიკულ პროსტატიტს მოჰყვეს, პროსტატის კიბოა. ბოლო ხანს ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგების თანახმად, ქრონიკული პროსტატიტის დროს პერმანენტულად ხდება კინინების - განსაზღვრული ტიპის ნივთიერებების - პროდუქცია. კინინები ატიპური (კიბოსეული) უჯრედების გამრავლებას განაპირობებს. ამგვარად, ქრონიკულ პროსტატიტსა და პროსტატის კიბოს შორის უშუალო კავშირია.
გარდა ამისა, ქრონიკული პროსტატიტი რთულდება ვეზიკულიტით – სათესლე ბუშტუკების ანთებით, ეპიდიდიმოორქიტით – საკვერცხეებისა და მისი დანამატების ანთებით. შედეგია უნაყოფობა (წინამდებარე ჯირკვალი ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ხარისხიან სეკრეტს, რომელიც აუცილებელია სპერმატოზოიდის მოძრაობისთვის), იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაცია (თესლის გამოყოფა). ამიტომ პროსტატიტის დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაშივე აუცილებელია. ამაზე მნიშვნელოვანწილად  არის დამოკიდებული მკურნალობის შედეგი.

პროსტატიტი და
იმპოტენცია

ზევით უკვე შევეხეთ ამ საკითხს, მაგრამ გვინდა განვმარტოთ, რომ პროსტატის ანთება თავისთავად არ იწვევს იმპოტენციას, თუმცა ნებაზე მიშვებულმა ქრონიკულმა პროსტატიტმა, ისევე როგორც სათესლე პარკის ანთებამ, შესაძლოა გამოიწვიოს სქესობრივი ლტოლვის დათრგუნვა, არასაკმარისი ერექცია, ნაადრევი ან დაჩქარებული ეაკულაცია და ე.წ. წაშლილი ორგაზმი.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
პროსტატიტის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია შარდის სეგმენტური (და არა საერთო) ანალიზი. ეს გამოკვლევა იძლევა შარდში არსებული ცვლილებების გენეზის დადგენის საშუალებას. კვლევა ძალზე მარტივია. მის ჩასატარებლად საკმარისია, ცალ-ცალკე ჭურჭელში შეგროვდეს შარდის I, II და III ულუფა. წესისამებრ, პროსტატის მასაჟის შემდეგ მიღებული შარდის III ულუფა შეიცავს პროსტატის სეკრეტს. მისი ანალიზის დროს გამოვლენილი ცვლილებები, ანთებითი უჯრედები და ბაქტერიები მიუთითებს, რომ ანთებითი პროცესი სწორედ წინამდებარე ჯირკვალშია ლოკალიზებული.
ჩვეულებრივი პროსტატის სეკრეტის ანალიზით ცვლილებების გამომწვევი პროცესის ლოკალიზაციაზე მაღალი სიზუსტით მსჯელობა შეუძლებელია - ამ დროს პროსტატის სეკრეტი გაივლის ურეთრას (შარდსადენს) და თუ ურეთრაში ანთებითი პროცესია, შედეგი ცრუ დადებითი აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ არის უფრო სარწმუნო შარდის სეგმენტური ანალიზის მონაცემები.
არანაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ექოსკოპიური გამოკვლევა.
გარდა ამისა, აუცილებელია:

  • გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე;
  • რექტალური გამოკვლევა თითით;
  • სისხლის ანალიზი პროსტატასპეციფიკურ ანტიგენზე და ბიოფსია (ჩვენებისამებრ) პროსტატის სიმსივნის გამორიცხვის მიზნით და სხვა.

კვლევის შედეგების მიღების შემდეგ ექიმი უროლოგი შეადგენს მკურნალობის პროგრამას. ეს პროგრამა მოიცავს სამკურნალო ღონისძიებების მთელ სპექტრს. პროსტატიტის პროვოცირებას ყოველთვის რამდენიმე ფაქტორი ახდენს, ამიტომ მოქმედებაც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით არის საჭირო. მკურნალობის კომპლექსურ პროგრამაში შედის ანტიბაქტერიული მკურნალობა, მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც აუმჯობესებს სისხლძარღვების ტონუსს, ფიზიოთერაპიული პროცედურები (მაგნიტოლაზეროინდუქტოთერაპია, ულტრაბგერა, რეფლექსოთერაპია, წურბელებით მკურნალობა), ასევე - ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები. ინიშნება პროსტატის მასაჟის კურსი.
პროსტატის მასაჟის კურსი, მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, აუცილებელი პროცედურაა. პირველ რიგში - დიაგნოსტიკისთვის, როცა აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლიდან გამოსაკვლევად სეკრეტის აღება. გარდა ამისა, განსაზღვრულ შემთხვევებში მასაჟს მიმართავენ ჯირკვალში შეგუბებითი მოვლენების მოსახსნელად.
პროსტატიტის ანტიბაქტერიული მკურნალობა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს, რათა ზუსტად იქნეს შერჩეული სათანადო ანტიბაქტერიული პრეპარატი, განისაზღვროს დოზები და მკურნალობის ხაგრძლივობა. ზოგჯერ, როცა პაციენტები თვითმკურნალობას მიმართავენ, იყენებენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, ირჩევენ მათ უსაფუძვლო კომბინაციებს, ხშირად დროზე  ადრე  წყვეტენ  მკურნალობას,  რაც დაუშვებელია.

პროფილაქტიკა
პროსტატიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს:

  • ფიზიკური აქტივობის გაზრდას (მეტადრე - თუ მამაკაცს მუშაობისას უმეტესად ჯდომა უხდება. ამ შემთხვევაში სხეული საათში ერთხელ მსუბუქად მაინც უნდა გაავარჯიშოთ), ვარჯიშს, სეირნობას, სირბილს, ცურვას, ჩოგბურთის თამაშს და სხვა. რეკომენდებულია კიბეზე ფეხით ასვლა-ჩამოსვლა (მით უმეტეს, თუ მხოლოდ 3-4 სართული გაქვთ ასავლელი). განსაკუთრებით სასარგებლოა ველოსიპედით სიარული - ამ დროს ხდება წინამდებარე ჯირკვლების მასაჟი, ეს კი არეგულირებს მათში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას და ხელს უშლის წინამდებარე ჯირკვლების დასნებოვნებას;
  • ძილის მართებულ რეჟიმს;
  • სრულფასოვან, მაგრამ დამზოგველ კვებას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მწარე, ცხარე, შებოლილი და სანელებლებით შეზავებული კერძები. მკვეთრად უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის, ლუდისა და გაზიანი სასმელების მიღება. კვების რაციონში უნდა შედიოდეს მოხარშული ხორცი (საქონლის ან ქათმის), მოხარშული თევზი, რძე და მისი პროდუქტები (ხაჭო, არაჟანი, ყველი, მაწონი), ბურღულეული (ბრინჯი, წიწიბურა), ბოსტნეული და ახალი ხილი, ნიგოზი, არარაფინირებული ზეთი და მწვანილი. ხილისა და ბოსტნეულის სიმცირის შემთხვევაში აუცილებელია პოლივიტამინების მიღება.
  • ერიდეთ გადაცივებას. ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ სიცივეში. დაუშვებელია ცივ ზედაპირზე (ცივ ქვაზე, ბორდიურზე) ჯდომა.
  • რეკომენდებულია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, რათა შენარჩუნდეს სპერმის მუდმივი ცირკულაცია და წინამდებარე ჯირკვლის აქტიური სისხლმომარაგება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები პროსტატიტის პროვოცირებას ახდენს, ამიტომ სქესობრივი ცხოვრება უნდა იყოს რეგულარულიც და უსაფრთხოც.
  • თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას და ნუ მიუშვებთ დაავადებას ნებაზე. გახსოვდეთ: პროსტატიტის ერთ-ერთი სახეობაა გონორეული პროსტატიტი. ის შეიძლება განვითარდეს გონორეის გადატანის შემდეგ. თუ ძირითადი დაავადება ბოლომდე არ განიკურნა, განვითარდება გონორეული ურეთრიტი, ეს უკანასკნელი კი პროსტატიტის მიზეზად იქცევა. მამაკაცებს, რომლებიც გონორეას სერიოზულ დაავადებად არ მიიჩნევენ, უნდა ახსოვდეთ, რომ მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად მისი დროული და საფუძვლიანი მკურნალობაა საჭირო.
  • ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას. ხშირი ყაბზობის შემთხვევაში მიიღეთ სასაქმებელი საშუალება - დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე ასეთი საშუალებების ფართო არჩევანია.
  • ყოველი მამაკაცი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს აუცილებელ პროფილაქტიკურ შემოწმებას. პირველ რიგში გამოკვლეული უნდა იქნეს წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტი და ჩატარდეს უროლოგიური კვლევა.
  • გადატანილი პროსტატიტის შემდეგ საჭიროა ერთთვიანი პრევენციული ამბულატორიული კურსის ჩატარება წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.
  • გახსოვდეთ: ხშირად პროსტატიტის გამოვლინება უმნიშვნელოა. თუ დროდადრო გაწუხებთ სუსტი ტკივილი შორისის არეში, უსიამოვნო შეგრძნება მოშარდვის ან დეფეკაციის დროს, უმნიშვნელო გამონადენი შარდსადენი არხიდან, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

პროსტატიტის მკურნალობა ხალხური მედიცინით
არსებობს შესანიშნავი ხალხური საშუალებები, რომლებიც ეფექტურია არა მარტო პროსტატიტის, არამედ შარდსასქესო ორგანოების სხვა ტიპის ანთებათა დროსაც. ესენია წითელი მოცვი, ასკილი და შავი მოცხარი. მათ პროფილაქტიკისთვისაც იყენებენ.

წითელი მოცვი
პროსტატიტის დროს  გამოიყენება წითელი მოცვის ფოთლების ნახარში. ფოთლები უნდა მოგროვდეს ადრე გაზაფხულზე, სანამ თოვლი ბოლომდე დადნება. ნახარში ასე მზადდება: 10 გ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 3-5 წუთი ადუღეთ, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ თბილი, მთელი ულუფა, დღეში სამჯერ. ნახარშის შენახვა არ შეიძლება. ის უნდა მომზადდეს უშუალოდ მიღების წინ.

ასკილი

ასკილი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში ან თვითონვე დაკრიფოთ. მომზადების წესი: 2 სუფრის კოვზ დანაყილ ასკილს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 10 წუთი ადუღეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, მერე ერთი დღე თავდახურული გააჩერეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ, 1/2 ჭიქა.

შავი მოცხარი
პროსტატიტის სამკურნალოდ გამოიყენება შავი მოცხარის ნორჩი ფოთლების ნაყენი: 25-30 გრამ წვრილად დაკუწულ ფოთოლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. ჭურჭელს თავზე დაახურეთ და შეფუთეთ. დააცადეთ გაცივება. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ.

მკურნალობა სატაცურის წვენით
წვენი უნდა სვათ იმდენი, რამდენიც გესიამოვნებათ. შესამჩნევი შედეგისათვის აუცილებელია დღეში არანაკლებ 600 მლ-ისა.
ცხოველური ცხიმების მუდმივი მიღება ტვირთავს თირკმელებსა და სხვა გამომყოფ ორგანოებს, შედეგად ორგანიზმიდან სულ უფრო ნაკლები შარდოვანა გამოიყოფა და, შესაბამისად, მეტი შთაინთქმება კუნთების მიერ. ეს პროცესი წინამდებარე ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთი მიზეზია. ამ შემთხვევაში კარგია სატაცურის წვენი სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენთან ერთად.

ოხრახუშის თესლი

1) ოხრახუშის თესლი დაფქვით, 4 ჩაის კოვზ ფხვნილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-6-ჯერ.
2) 1 ჩაის კოვზ თესლს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი და 8 სთ გააჩერეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ. კარგია წინამდებარე ჯირკვლის ანთების დროს.

შიმშილით მკურნალობა

თუ გაქვთ ჭარბი წონა და პროსტატა გადიდიბულია, რეკომენდებულია რამდენიმედღიანი შიმშილობა. მაგრამ შიმშილი მხოლოდ მცირე ხნით შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. თუ ცხოვრების წესი არ შეიცვალეთ, ჯირკვლის ზომა სათანადოდ არ შემცირდება. შიმშილის დროს შარდვა შედარებით თავისუფალია, ქრება ზოგიერთი უსიამოვნო შეგრძნება.
პროსტატიტის საწყის სტადიაში ერთ-ორდღიანი შიმშილობა საკმარისია შარდის ნორმალური დენის აღსადგენად. შეიძლება დროდადრო, საჭიროებისამებრ, ამ პროცედურის გამეორება, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ დროებითი დამხმარე საშუალებაა. კვალიფიციური, პროფესიული სამედიცინო ჩარევის გარეშე შეიძლება ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ.  

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია