პულპიტი უმეტესად კარიესის გართულებაა. მისი უშუალო მიზეზია მიკრობი, რომელიც პულპაში - კბილის რბილ ქსოვილში - კბილის მაგარი ქსოვილის დაზიანების შედეგად აღწევს. პულპიტის გამომწვევი უმეტესად სტრეპტოკოკია (ჰემოლიზური და არაჰემოლიზური), შედარებით იშვიათად - სტაფილოკოკი და ლაქტობაცილა. კბილის ანთება მეტწილად კარიესული ღრუს მიმდებარე ინფიცირებული უბნიდან იწყება, მერე და მერე კი მიკრობები და მათი ტოქსინები უფრო ღრმად იჭრებიან.
გარდა ინფექციისა, პულპიტი შესაძლოა გამოიწვიოს კბილის ტრავმამ (გატეხამ) და ტემპერატურულმა ან ქიმიურმა (მჟავა, ტუტე) ფაქტორებმა. პულპიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს ექიმის არასწორი ქმედებაც - კბილის პრეპარირება ორთოპედიული კონსტრუქციით, უხარისხო ბჟენის ჩასმა და სხვა.
პულპიტი შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკულიც. თითოეული მათგანი კიდევ რამდენიმე ფორმად იყოფა.
მწვავე პულპიტის ფორმებია:
- პულპის ჰიპერემია;
- სეროზული შემოსაზღვრული;
- სეროზული დიფუზური;
- ჩირქოვანი;
- ტრავმული.
ქრონიკული პულპიტის ფორმებია:
- ფიბროზული;
- ჰიპერტროფიული (პროლიფერაციული);
- განგრენოზული;
- გართულებული.
ტერმინი "მწვავე პულპიტი" გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც პულპაში ინფექცია იჭრება კბილის კარიესული დაავადების გამო გათხელებული კედლიდან ისე, რომ პულპის ღრუს მთლიანობა დარღვეული არ არის. მწვავე პულპიტს თავდაპირველად აქვს კეროვანი ხასიათი და მიმდინარეობს როგორც სეროზული ანთება (სეროზული პულპიტი), შემდეგ ჩნდება ჩირქოვანი ექსუდატი (ჩირქოვანი პულპიტი). ამასთან, პულპის დახურულ ღრუში ჩირქის დაგროვების გამო იწყება ძლიერი ტკივილი.
ქრონიკული პულპიტი ყველაზე ხშირად მწვავე პულპიტისგან ვითარდება. ის უმეტესად ფიბროზულია. ამ დროს იზრდება ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი. ჰიპერტროფიული ფორმის დროს ხდება პულპის ქსოვილის გამოზრდა ღია კარიესული ღრუდან. რაც შეეხება განგრენოზულ ფორმას, ამ დროს გვირგვინოვან პულპაში აღმოჩნდება დაშლილი ქსოვილი, ხოლო ფესვის პულპაში - გრანულაციური.
კლინიკური სურათი და მიმდინარეობა
მწვავე კეროვანი და დიფუზური პულპიტი
მწვავე პულპიტის ძირითადი სიმპტომებია:
- ძალიან ძლიერი ტკივილი, რომელიც თავისთავად (უმიზეზოდ) აღმოცენდება;
- შეტევითი ხასიათის ტკივილი - მტკივნეული და უმტკივნეულო პერიოდების მონაცვლეობა;
- თერმული გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად აღმოცენებული ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც, კარიესის თანმხლები ტკივილისგან განსხვავებით, გამაღიზიანებელი ფაქტორის მოშორების შემდეგაც ძლიერდება და გრძელდება;
- ტკივილის გაძლიერება ღამით.
გარდა ამისა, ტკივილი ვრცელდება სახის სხვადასხვა უბანში - სამწვერა ნერვის ტოტების გასწვრივ (მწვავე კეროვან პულპიტს ტკივილის გადაცემა არ ახასიათებს, პაციენტს ზუსტად შეუძლია მტკივნეულ კბილზე მითითება). პულპიტის დროს, პერიოდონტიტისგან განსხვავებით, კბილზე პერკუსია (დაკაკუნება) არ იწვევს (ან იწვევს უმნიშვნელო) ტკივილის პროვოცირებას. ანთების ჩირქოვან ფაზაში გადასვლასთან ერთად ტკივილი ძლიერდება და მოპულსირე ხდება.
ანთებითი პროცესი, ჩვეულებრივ, პულპის შემოფარგლული უბნიდან იწყება, მაგრამ თუ ტკივილი ორ დღეზე მეტხანს გაგრძელდა, ეს დიფუზური ანთების მანიშნებელია.
ზოგჯერ მწვავე ანთება გადადის ქრონიკულში და მიმდინარეობს ტალღისებურად, გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობით.
ქრონიკული პულპიტი
ქრონიკული ფიბროზული პულპიტი
პულპიტის ეს ფორმა მწვავე ანთების გაქრონიკულების შედეგად ვითარდება. თავდაპირველად აღმოცენდება კბილის ძლიერი ტკივილი, შემდეგ ტკივილი ყუჩდება, იღებს პერიოდულ ხასიათს და თავს იჩენს სხვადასხვა გამღიზიანებლის ზემოქმედებისას, მათ შორის - ჰაერის შესუნთქვის დროსაც. არც ის არის გამორიცხული, ტკივილი საერთოდ არ იგრძნობოდეს ან პაციენტი მხოლოდ სუსტ უსიამოვნო შეგრძნებას უჩიოდეს.
სტომატოლოგი კბილზე ხშირად აღმოაჩენს ღრმა კარიესულ ღრუს.
ქრონიკული ჰიპერტროფიული (პროლიფერაციული) პულპიტი
ჰიპერტროფიული პულპიტი ქრონიკული ფიბროზული პულპიტისგან ვითარდება. ამ დროს პულპის ქსოვილი იზრდება და ავსებს კარიესულ ღრუს (ჰიპერტროფიული ფიბროზული პოლიპი). დამახასიათებელია ძლიერი ტკივილის აღმოცენება ამა თუ იმ გამღიზიანებლის (ღეჭვა, ცივი, ცხელი, მჟავე, ტკბილი, მარიალიანი) ზემოქმედებისას და სისხლდენა.
ქრონიკული განგრენოზული პულპიტი
თუ ხანგრძლივად მიმდინარე ფიბროზულ პულპიტს ყურადღება არ მივაქციეთ, ის შესაძლოა განგრენოზულ ფორმაში გადაიზარდოს. ამასთან, კარიესულ ღრუში ლპობითი ინფექციის გავლენით პულპა იშლება და სხვადასხვა გამღიზიანებლის ზემოქმედებისას ხანგრძლივი ყრუ ტკივილი აღმოცენდება. ცხელი ტკივილს აძლიერებს, ხოლო ცივი აყუჩებს. პირის ღრუში ჩნდება სიდამპლის სუნი.
არანამკურნალები ან ცუდად ნამკურნალები ქრონიკული პულპიტი შესაძლოა პერიოდონტიტით გართულდეს.
მკურნალობა
არსებობს პულპიტის მკურნალობის ორი მეთოდი - კონსერვატიული (ბიოლოგიური) და ქირურგიული.
კონსერვატიული (ბიოლოგიური) მეთოდით მკურნალობის დროს სიცოცხლის უნარის მქონე პულპა და ნერვი ნარჩუნდება ანტიბიოტიკებისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, აგრეთვე - კალციუმის შემცველი პრეპარატების დახმარებით. კონსერვატიულ მეთოდს იყენებენ პულპის შექცევადი ანთებითი დაავადებისა და ტრავმული პულპიტის დროს. ეს მეთოდი ეფექტურია ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანებისთვის.
ქირურგიული მეთოდი გულისხმობს პულპის ამოკვეთას, ექსტირპაციას. ეს მეთოდი ორგვარია: ვიტალური და დევიტალური. ვიტალური ექსტირპაცია გულისხმობს პულპის ამოღებას ანესთეზიის თანხლებით, ხოლო დევიტალური - პულპის ამოღებას მისი სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვის (ნერვის მოკვლის) შემდეგ, რაც სპეციალური ნივთიერებებით ხორციელდება. ანესთეზიის ან ნერვის მოკვლის შემდეგ სტომატოლოგი აშორებს დაზიანებულ ქსოვილებს და ქმნის არხებთან პირდაპირი მიდგომის გზებს. შემდგომ ხდება ამ არხების მექანიკური და მედიკამენტური დამუშავება, გამოშრობა და დაბჟენა.
პულპიტის პროფილაქტიკა კარიესის დროული მკურნალობაა.
რა არის საჭირო, როცა პულპიტს ვეჭვობთ:
- კარიესული ღრუდან საკვების ნარჩენების მოშორება;
- პირის ღრუში წყლის გამოვლება. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კბილში არ არის ჩირქი, თბილი წყლის გამოვლება ტკივილს აყუჩებს, ხოლო ჩირქის არსებობის შემთხვევაში უმჯობესია ცივი წყლის გამოვლება;
- კარიესულ ღრუში ჩაიდეთ ტკივილგამაყუჩებლიანი (ანალგინი, ასპირინი) ბამბის ბურთულა;
- მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (ანალგინი, ტემპალგინი და სხვა);
- სასწრაფოდ მიმართეთ სტომატოლოგს.