რადიკულიტის მიზეზები
ხერხემლის არხში მოთავსებულია ზურგის ტვინი, რომლიდანაც გამოდის მთელი ორგანიზმის მუშაობაზე პასუხისმგებელი უამრავი ნერვი. რომელიმე მათგანის ტრავმული ან ანთებითი დაზიანებისას ვითარდება რადიკულიტი.
ჯერ კიდევ არ არსებობს საყოველთაო აზრი იმის შესახებ, რა შეიძლება ჩაითვალოს რადიკულიტის უშუალო მიზეზად. XIX საუკუნეში მიაჩნდათ, რომ რადიკულიტი ნერვის ფესვის დამოუკიდებლად აღმოცენებული ანთებაა, XX საუკუნის დასაწყისში ვარაუდობდნენ, რომ ყველაფერი მალათაშორისი თიაქრის ბრალია - მალებს შორის არსებული ხრტილი იგლიჯება, გარეთ გამოდის და ნერვის ფესვს ჭყლეტს, ამჟამად კი ვარაუდობენ, რომ რადიკულიტის მიზეზი თავად ხერხემალი, უფრო ზუსტად, მისი დაზიანებაა. მიიჩნევა, რომ ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაში რადიკულიტი ოსტეოქონდროზით არის განპირობებული, დანარჩენ ხუთში კი ხერხემლის ტრავმით, ამა თუ იმ შინაგანი ორგანოს დაავადებით, ხერხემლის ანთებითი და დისტროფიული დაზიანებით, პერიფერიული ნერვული სისტემის სიმსივნით და სხვა.
სიმპტომები და მიმდინარეობა
რადიკულიტის მთავარი ნიშანია ტკივილი. მისი ლოკალიზაცია უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი. დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:
- კისრის რადიკულიტს;
- კისერ-მხრის რადიკულიტს;
- გულმკერდის რადიკულიტს;
- გავა-წელის რადიკულიტს, რომელიც, თავის მხრივ, ან მწვავეა, ან ქრონიკული.
კისრის რადიკულიტი
კისრის რადიკულიტის დროს ტკივილი ლოკალიზდება კეფისა და კისრის არეში და ზოგჯერ გადაეცემა ყურში, ძლიერდება თავის მიბრუნება-მობრუნებისას და ხველისას. ტკივილი აღმოცენდება მოულოდნელად, ზოგჯერ - თავის დახრის დროს, და, წესისამებრ, მკეთრია. ამ დროს ავადმყოფი იღებს რეფლექსურ პოზას - თავს უკან და გვერდზე აგდებს.
ოსტეოქონდროზისა და სპონდილოზის ფონზე აღმოცენებული კისრის რადიკულიტის დროს ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს თავბრუხვევა, სმენის დაქვეითება, ბარბაცი და თავის ტვინის სისხლით მომარაგების დეფიციტის სხვა ნიშნები.
კისრის რადიკულიტი გავა-წელის რადიკულიტთან შედარებით იშვიათია, მაგრამ მისი სიმპტომები (კისრის ტკივილი) უფრო მკვეთრია, ვიდრე ხერხემლის სხვა უბნების რადიკულიტისა.
კისრის რადიკულიტი აღმოცენდება ზურგის ტვინის ფესვების მიჭყლეტის შედეგად, მაგალითად, ხერხემალში ასაკობრივი ცვლილებების გამო. კისრის რადიკულიტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ნერვის ახლოს მდებარე კუნთებისა და იოგების ანთება, რის შედეგადაც ამ ნერვის ფესვი ზეწოლას განიცდის. ზოგჯერ კისრის რადიკულიტი ხერხემლის კისრის ნაწილის მალათაშუა დისკოს თიაქრის შედეგია.
დიაგნოსტიკა
კისრის რადიკულიტის დიაგნოსტირების მიზნით პაციენტი უნდა გასინჯოს ნევროლოგმა, რომელმაც, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს მგრძნობელობა, კუნთოვანი ძალა და რეფლექსები. გარდა ამისა უნდა ჩატარდეს ხერხემლის რენტგენოლოგიური, კომპიუტერული ტომოგრაფიული (კტ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევები.
მკურნალობა
კისრის რადიკულიტის მკურნალობის დროს რეკომენდებულია ხერხემლის კისრის არეში დატვირთვის შეზღუდვა, დროებით იკრძალება თავის დახრა და ტრიალი, რათა ზურგის ტვინის ნერვის ფესვის გაღიზიანება ჩაცხრეს. ამისთვის ნევროლოგი პაციენტს ხშირად კისრის ბანდაჟის ტარებას ურჩევს.
კისრის რადიკულიტის მწვავე პერიოდში ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ავადმყოფს კატეგორიულად ეკრძალება დამოუკიდებლად კისრის დაჭიმვის მცდელობა. ტკივილის გაყუჩების შემდეგ ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა.
ტკივილის გაყუჩების პერიოდში ძალზე ეფექტურია კისრის მსუბუქი მასაჟი, მაგრამ ის მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. სხვაგვარად, არ არის გამორიცხული, მდგომარეობა გაუარესდეს.
ვარჯიშები კისრის რადიკულიტის დროს
საწყისი მდგომარეობა - ჯდომითი ან დგომითი, ფეხები - მხრების სიგანეზე, მხრები, გულმკერდი და წელი უძრავადაა, სუნთქვა ერთგვაროვანია, მუცლისმიერი. ვიყურებით მოძრაობის მხარეს. თითოეულ მხარეს უნდა შესრულდეს 10-15 მოძრაობა. ვარჯიშის დროს თავის მოძრაობა უნდა იყოს მსუბუქი, ნელი, კისრის კუნთები - მოდუნებული. ჩავისუნთქავთ, როცა თავი შუაშია, ამოვსუნთქავთ თავის მოძრაობისას.
1. თავი დავხაროთ რაც შეიძლება მეტად და შევახოთ მკერდს. ამ დროს კისერში ვიგრძნობთ დაძაბულობას.
2. თავი მაქსიმალურად გადავწიოთ უკან და შევეხოთ კეფით ზურგს.
3. დავხაროთ თავი მარჯვნივ და მარცხნივ, ამ დროს მხრებს არ ვამოძრავებთ და ვცდილობთ, ყურებით შევეხოთ მხრებს.
4. თავი მაქსიმალურად მოვაბრუნოთ მარჯვნივ და მარცხნივ.
5. "ძაღლი": წარმოვიდგინოთ, რომ ცხვირიდან კეფამდე (წინიდან უკან) ღერძია გავლებული. თავი ვატრიალოთ ამ წარმოსახვითი ღერძის გარშემო ისე, თითქოს ნიკაპი ცხვირის გარშემო ტრიალებს. ეს ვარჯიში ტარდება სამ ვარიანტად: თავი პირდაპირ, თავი დახრილია წინ და თავი გადაწეულია უკან.
6. თავი ვამოძრაოთ წრიულად, თითქოს მხრებზე დაგორავსო.
7. ვამოძრაოთ მხრები წრიულად, თავდაპირველად - მონაცვლეობით, მერე კი ორივე ერთად, ჯერ წინ, მერე უკან. აწევისას ჩავისუნთქოთ, დაშვებისას კი ამოვისუნთქოთ.
8. საწყისი მდგომარეობა - მჯდომარე. იდაყვები ახლო-ახლოს დავაწყოთ მაგიდაზე, ვაბრუნოთ თავი. თითოეულ პოზიციაში გავაჩეროთ 20-40 წამი. ვარჯიში 2-3-ჯერ უნდა შევასრულოთ.
8.1. კეფის უკან გადავაჯვარედინოთ თითები და თავი დავხაროთ ისე, რომ ნიკაპით მკერდს შევეხოთ. დავხუჭოთ თვალები. მცირე ხანს შევყოვნდეთ და ნელ-ნელა დავუბრუნდეთ საწყის პოზიციას.
8.2. ნელა მოვაბრუნოთ თავი და ჩამოვდოთ ნიკაპი მარჯვენა ხელისგულზე. მარცხენა ხელით დავაფიქსიროთ კეფა. თავი ნელ-ნელა შევატრიალოთ ხელებით მარჯვნივ, რამდენადაც შესაძლებელია (მაგრამ დაუძაბავად). თვალები დავხუჭოთ. ამ პოზიციაში მცირე ხანს შევყოვნდეთ და ნელ-ნელა დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. შევცვალოთ ხელების მდგომარეობა და შევასრულოთ იგივე ვარჯიში.
9. კობრას პოზა. საწყისი მდგომარეობა - პირქვე ვწევართ იატაკზე, ფეხები - ერთად, ფეხის წვერები - უკან გაჭიმული, ხელები უნდა მოვხაროთ ისე, რომ თითის წვერები მხრების დონეზე იყოს, იდაყვებით ოდნავ შევეხოთ ტანს. ჩასუნთქვისას თავი მაქსიმალურად ავწიოთ მაღლა, კისრის კუნთები დავჭიმოთ. შემდეგ ზურგის კუნთების დახმარებით ჯერ მხრები წამოვწიოთ, მერე - სხეულის ზედა ნაწილი. მუცლით იატაკს უნდა ვეყრდნობოდეთ. ხელები მოდუნებული უნდა გვქონდეს. როცა ზურგის კუნთები ბოლომდე შეიკუმშება, გავაგრძელოთ წამოწევა ხელების დახმარებით. ბოქვენის არე არ უნდა მოშორდეს იატაკს. შევჩერდეთ ამ პოზაში 5-10 წამს.
კისერ-მხრის რადიკულიტი
კისერ-მხრის რადიკულიტს ახასიათებს კისრის, მხრის სარტყლისა და ხელების ინტენსიური ჭვლისებრი ტკივილი, რომელიც მკვეთრად ძლიერდება ხელების მოძრაობის, ხველის, მიბრუნება-მობრუნებისა და თავის დახრის დროს. ავადმყოფს იდაყვში მოხრილი ხელი ტანზე აქვს მიკრული, თავი კი დაზიანებული ნერვის მხარეს აქვს დახრილი. ზოგჯერ სითბო ტკივილს ამცირებს, სიცივე კი, პირიქით, აძლიერებს. კისერ-მხრის რადიკულიტის მიზეზი იგივეა, რაც კისრის რადიკულიტისა - ნერვის ახლოს მდებარე კუნთისა და მყესების ანთება ან მალათაშუა დისკოს თიაქარი.
კისერ-მხრის რადიკულიტს ზემოთ აღნიშნულ არეებში ტკივილის გარდა ახასიათებს თავის თმიანი ნაწილის მგრძნობელობის დარღვევა, ყურის, ბეჭის, გულმკერდის ზედა ნაწილის ტკივილი და ზოგჯერ - მხედველობის დარღვევა დაზიანების მხარეს.
კისერ-მხრის რადიკულიტის დროს, ისევე როგორც კისრის რადიკულიტის შემთხვევაში, შეტევითი ტკივილი შეიძლება პერიოდულად განმეორდეს.
დიაგნოსტიკა ხდება ისევე, როგორიც კისრის რადიკულიტის დროს.
მკურნალობაც (ვარჯიშებითურთ) კისრის რადიკულიტის მკურნალობის მსგავსია.
გულმკერდის რადიკულიტი
გულმკერდის რადიკულიტს (გულმკერდის შუა ან ქვედა ფესვის დაზიანებას) ახასიათებს შეტევისმაგვარი ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობის ან ღრმა ჩასუნთქვის დროს, უპირატესად გულმკერდის გვერდითა ნაწილებს მოიცავს და ვრცელდება ნეკნთაშუა არეებზე, სადაც ნეკნთაშუა ნერვები გადის. ამის გამო გულმკერდის რადიკულიტს ნეკნთაშუა ნევრალგიასაც უწოდებენ. ამ დაავადების დროს, განსაკუთრებით - მის ადრეულ სტადიებში, შეინიშნება კანის მომატებული მგრძნობელობა: ტანსაცმლისა და საბნის შეხებაც კი არასასიამოვნო, შემაწუხებელ შეგრძნებებს იწვევს.
ტკივილი ზოგჯერ შეტევითია, ზოგჯერ კი მუდმივი, ძლიერდება ხველისა და ცხვირცემინების, მოხრისა და მკვეთრი მოძრაობის, საზოგადოდ, ფიზიკური დატვირთვის დროს.
გულმკერდის რადიკულიტის მთავარი მიზეზი ოსტეოქონდროზია, ანუ მალათაშუა დისკოების დეგენერაციული პროცესი, რის შედეგად განვითარებული ანთებითი პროცესისა და მალათაშუა თიაქრის გამოც აღმოცენდება მეორეული რადიკულიტი - ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთება. აღნიშნული პათოლოგიური პროცესი უმთავრესად იმას ემუქრება, ვისაც ნახევრად მოხრილს ან პოზის შეუცვლელად უწევს მუშაობა, ხანგრძლივად განიცდის დიდ სტატიკურ დატვირთვას ან პროფესიული საქმიანობის გამო მუდამ რყევასა და ჯანჯღარშია.
ბევრს ჰგონია, რომ გულმკერდის რადიკულიტის მიზეზი სიმძიმის აწევა და გაციებაა. ეს მთლად ასე არ არის. გაციება, ჩვეულებრივ, არ იწვევს გულმკერდის რადიკულიტს (დაავადების საფუძველი, როგორც უკვე ითქვა, ხერხემლის გულმკერდის მალებში მიმდინარე დეგენერაციული პროცესი და მათი ანატომიური სტრუქტურის რღვევაა), თუმცა პათოლოგიურ პროცესს აღრმავებს და ტკივილს აძლიერებს. საქმე ის გახლავთ, რომ გაციებისას რეფლექსურად ვითარდება კუნთების სპაზმი. სწორედ ამის ბრალია დაზიანებულ მხარეს ტკივილის გამძაფრება. კუნთების დაჭიმულობა-დაძაბულობას ასეთ დროს სითბო აქრობს. შალის ქსოვილით ან შემთბარი ქვიშით სავსე ტომრით ჩათბუნება ტკივილს ამცირებს და ადამიანს შვებას ჰგვრის.
დიაგნოსტიკა
აუცილებელია ნევროლოგთან მისვლა. გულმკერდის არეში ტკივილი, გარდა რადიკულიტისა, ზოგიერთი შინაგანი დაავადების სიმპტომიც არის. მაგალითად, ამგვარი ტკივილი ახასიათებს პლევრიტს, ფილტვების ანთებასა და გულის დაავადებებს. ამიტომ სანამ თვითმკურნალობას დაიწყებდეთ, კონსულტაციის მიზნით უნდა მიმართოთ ექიმს, თორემ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მიიღოთ.
გავა-წელის რადიკულიტი
რადიკულიტის ფორმებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება გავა-წელის რადიკულიტი (გავისა და წელის დონეზე ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების დაზიანება). დაავადება უმეტესად მალათაშუა დისკოში, ხერხემლის სახსარში არსებული დეგენერაციული პროცესების (ოსტეოქონდროზის, თიაქრის) ფონზე აღმოცენდება, აქვს გაქრონიკულებისა და ხშირი რეციდივის ტენდენცია. გავა-წელის რადიკულიტი მეტწილად საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ. ყველაზე ხშირად ეს დაავადება აწუხებთ პირებს, რომელთაც უწევთ არასახარბიელო კლიმატურ პირობებში მუშაობა ან აქვთ დიდი ფიზიკური დატვირთვა. გავა-წელის რადიკულიტის დროს ტკივილი სხვადასხვა ხასიათისა და ლოკალიზაციისაა, კერძოდ, აღმოცენდება საჯდომი ნერვის გასწვრივ და ძლიერდება მოძრაობის, სიარულისა და დახრის დროს.
ჩვეულებრივ, გავა-წელის რადიკულიტი იწყება ერთბაშად, წელის არეში ძლიერი ტკივილის აღმოცენებით. ტკივილი ვრცელდება თეძოების უკანა ზედაპირზე. შემთხვევათა უმრავლესობაში (80%) ტკივილის შეგრძნება აღმოცენდება წელში და აქედან ვრცელდება ფეხების უკანა მხარეს. გაცილებით იშვიათად ტკივილი ერთდროულად ვითარდება წელსა და ფეხებში და კიდევ უფრო იშვითად - მხოლოდ ფეხში. ტკივილის ლოკალიზაცია და მისი გამოხატულების ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ დონეზე მოხდება ნერვის ღეროს ან ფესვის მიჭყლეტა, ასევე - იმ ქსოვილის ბუნებაზე, რომელმაც მიჭყლეტა განაპირობა. განსაკუთრებით ძლიერია ტკივილის სინდრომი ძვლოვანი წანაზარდებით, ხერხემლის დისკოთი და სხვა მკვრივი ქსოვილით (მაგალითად, მალათაშორისი თიაქრით) მიჭყლეტის დროს. შედარებით რბილი ქსოვილით (კუნთი, მყესი) მიჭყლეტისას ტკივილი და მისი გაძლიერების დინამიკა ნაკლებად არის გამოხატული.
წელის მე-5 მალის ნერვის ფესვის ანთების ან დეგენერაციული ცვლილებების შედეგად აღმოცენდება გამჭოლი ტკივილი დუნდულების არეში, თეძოების გვერდით ზედაპირებზე, წვივების წინა ზედაპირზე და ტერფის შიგნითა ნაწილში დიდ თითამდე. მრავალ შემთხვევაში ამ უბნებში აღინიშნება კანის მგრძნობელობის მოშლა (პარესთეზია).
კუდუსუნის პირველი მალის ფესვის დაზიანებისას ტკივილი გადის დუნდულებზე, თეძოების უკანა და წინა ზედაპირებზე, წვივებზე, შემდეგ - ფეხისგულსა და ტერფის გარეთა ზედაპირზე ნეკა თითისკენ. აღინიშნება აქილევსის მყესის რეფლექსის შესუსტება ან გაქრობა. ძალიან ხშირად შეიმჩნევა რამდენიმე ნერვის ფესვის დაზიანება და მაშინ კლინიკური სურათი წარმოდგენილია ცალკეული ფესვის სინდრომთა ერთობლიობით.
გავა-წელის რადიკულიტი, როგორც წესი, ვითარდება მწვავედ და გრძელდება დაახლოებით 2-3 კვირა. პაციენტი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები იმოძრაოს, რადგან ნებისმიერი მოძრაობა (სიარული, დახრა, მობრუნება) ტკივილს აძლიერებს. ხშირად ავადმყოფები ხერხემალს დაზიანებულ მხარეს ზნექენ და ამ მდგომარეობაში ჩერდებიან. ამ იძულებით პოზას ტკივილის საწინააღმდეგო სკოლიოზს უწოდებენ.
პაციენტის გასინჯვისას ექიმი აღმოაჩენს, რომ დაძაბულია ზურგის კუნთები (დამცველობითი დაძაბვა). ხერხემლის დაზიანებულ მხარეს ზეწოლისას აღმოცენდება ლოკალური ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს დუნდულების ზედაპირზე. ძალიან ხშირად დათვალიერებისას ჩანს ვეგეტოტროფიკული ცვლილებები - კანის გაცივება, სიფითრე, ოფლიანობის მატება, ტერფის პულსაციის დასუსტება და სხვა.
გავა-წელის რადიკულიტს, წესისამებრ, თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- ლასეგას სიმპტომი - ზურგზე მწოლიარე ავადმყოფს დაზიანებულ მხარეზე გასწორებული ფეხის აწევისას უჩნდება მკვეთრი ტკივილი წელში, დუნდულის არესა და თეძოების უკანა ზედაპირზე.
- ბეხტერევის სიმპტომი - ზურგზე მწოლიარე ავადმყოფი წამოჯდომისას დაზიანების მხარეს რეფლექსურად ხრის ფეხს.
- ნერის სიმპტომი - თავის მკვეთრი დახრისას წელსა და ფეხში ტკივილი ძლიერდება.
- დეჟერინის სიმპტომი - ჩასუნთქვის, ხველისა და ცემინების დროს ტკივილი ძლიერება.
- ბონეს სიმპტომი - დაზიანების მხარეს დუნდულების ნაოჭი გადასწორდება.
დიაგნოსტიკა
რადიკულიტის დიაგნოსტირება, პირველ რიგში, ავადმყოფის ჩივილების მიხედვით ხდება. მათი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს კუნთების ტონუსის, კიდურების მგრძნობელობის, მტკივნეულობის ლოკალიზაციის განსაზღვრას. მას შემდეგ, რაც ექიმი დიაგნოზს დასვამს, განისაზღვრება დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის აუცილებლობა.
დიაგნოსტიკის ინსტრუმენტულ მეთოდებს მიეკუთვნება: ულტრაბგერითი გამოკვლევა, რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიელოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კონტრასტული დისკოგრაფია, ელექტროსპონდილოგრაფია.
პროფილაქტიკა
რადიკულიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ხერხემლის ტრავმების თავიდან აცილებას. ერიდეთ ასევე გადაცივებას და ორპირ ქარს. სამკურნალო ფიზკულტურა, სპორტით ზომიერი დატვირთვა ზურგს ამაგრებს და რადიკულიტის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს.
მკურნალობა
გავა-წელის (და საერთოდ, ნებისმიერი ფორის) რადიკულიტის მკურნალობა მიმართულია არა მარტო მიჭყლეტილი ნერვის გათავისუფლებისკენ, არამედ მიჭყლეტის მიზეზის კორექციისკენაც.
თუ რადიკულიტი მოულოდნელად დაგატყდათ თავს, ექიმის მოსვლამდე დაწექით მაგარ საწოლზე, დალიეთ გამაყუჩებელი, დაიზილეთ მტკივანი ადგილი ტკივილგამაყუჩებელი მალამოთი და კარგად შეიფუთნეთ შალის ღაზლით.
რადიკულიტის სამკურნალოდ ინიშნება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი (მათი ბოროტად გამოყენება არ შეიძლება, რადგან ყველა მათგანი მოქმედებს კუჭზე) გამახურებელი საშუალებები (მაგალითად, ფუტკრის ან გველის შხამი, მწარე წიწაკის ნაყენი), ვიტამინების კომპლექსი, ბიოგენური სტიმულატორები (ალოე, მინისებრი სხეული და სხვა). მწვავე პერიოდში ავადმყოფმა მშვიდი, წოლითი რეჟიმი უნდა დაიცვას. ამ პერიოდის გავლის შემდეგ ინიშნება მსუბუქი მანუალური თერაპია, მსუბუქი მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა (მათ შორის - წყალქვეშა დაჭიმვები), ეფექტიანია ფიზიოთერაპიული პროცედურებიც. ვარჯიშებისა და მასაჟის თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე დაწყებამ შესაძლოა მდგომარეობა გააუარესოს. თუ რადიკულიტი მალათაშორისი დისკოს გამოვარდნამ გამოიწვია, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
რადიკულიტის სამკურნალო მცენარეული საშუალებები
რადიკულიტის დროს ტკივილს ეფექტურად აყუჩებს მცენარეული მალამოები. მათ მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით იღებენ ჩამოთვლილ კომპონენტებს:
- ქინძის თესლს, არყის ხის კვირტებს, პიტნას, ბაბუაწვერას ფესვს;
- არყის ხის კვირტებს, მატიტელას, კრაზანას, ვერხვის კვირტებს;
- გულყვითელას ყვავილებს, ქაფურას ყვავილებს, პიტნას, სვიის გირჩებს, ქრისტესისხლას, ევკალიპტის ფოთლებს;
- ოროვანდის ფესვს, პიტნას, მრავალძარღვას, გვირილის ყვავილს;
- ტუხტის ფესვს, ლავანდას, ფარსმანდუკს, შვიტას, ბაბუაწვერას ფესვს;
- მატიტელას ფესვს, კრაზანას, პიტნას, ფიჭვის კვირტებს, ქრისტესისხლას, ევკალიპტის ფოთლებს;
- არყის ხის კვირტებს, პიტნას, გვირილის ყვავილს, ფიჭვის კვირტებს, იასამფერას, ბაბუაწვერას ფესვს.
ამ სამკურნალო მცენარეების შეძენა ფიტოაფთიაქებში შეიძლება.
მალამო ასე მზადდება: აიღეთ რომელიმე ნაკრები, დაფშვენით, 3 სუფრის კოვზს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე და თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ კარგად შეათქვიფეთ 75-75 გრამ ღორის (მუცლის) გამდნარ ქონს (შეგიძლიათ, მის ნაცვლად გამოიყენოთ ნაღების მარგარინი) და მცენარეულ ზეთს, გააცივეთ და სიცივეში შეინახეთ. წაისვით მტკივან ადგილას და 3-5 წუთის განმავლობაში იზილეთ, შემდეგ თბილად შეიფუთნეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ.
სასარგებლოა კომპრესიც: მალამო მსუბუქად შეიზილეთ კანში, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენი, შემდეგ - შალის ნაჭერი და შეიხვიეთ. კომპრესს არაჩვეულებრივი ეფექტი ექნება, თუ პოლიეთილენის ნაცვლად გამოიყენებთ იასამნის, სალბის ან ბარამბოს ფოთლებს, ხოლო ზემოდან კომბოსტოს ფურცლებს გადააფარებთ.
გაგაცნობთ სხვა შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტებს:
- ქრონიკული რადიკულიტის დროს რეკომენდებულია ჭვავის საფუვრიანი ცომის კომპრესი. თავდაპირველად წელი სკიპიდარით უნდა გაიწმინდოთ, ვიდრე კანი არ გაწითლდება, შემდეგ მტკივან ადგილზე დაიდოთ დოლბანდში გახვეული ცომი, დაიფაროთ გასანთლული ქაღალდი, ზემოდან კი თბილი ქსოვილი და 40 წუთს გაიჩეროთ. კომპრესი კეთდება დღეგამოშვებით. წვის შეგრძნების შესამცირებლად დალიეთ ფინჯანი თბილი რძე, რომელშიც გახსნილია 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. თუ კანი დაგეწვათ, მკურნალობა დროებით შეწყვიტეთ. მოსარჩენად საკმარისია 3-5 კომპრესი.
- კარგია მოხარშული ვერხვის ფოთლების კომპრესები და აბაზანები.
- ვერხვის კვირტებისა და ფოთლების ნაყენი: 1 სუფრის კოვზს ვასხამთ 1 ჭიქა მდუღარეს, ვაჩერებთ 1 საათს და ვიღებთ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 5-6-ჯერ. ქერქის ნაყენი: გამომშრალ, დაქუცმაცებულ ქერქს ვასხამთ წყალს (1:20), ვადუღებთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში და ვიღებთ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ. მალამო: აიღეთ თანაბარი რაოდენობის დაფშვნილი კვირტი და ნაღების კარაქი და ერთმანეთში აურიეთ.
- სუფთა რბილი ქსოვილი დაასველეთ შავი ბოლოკის წვენში, დაიდეთ მტკივან ადგილზე, შეიხვიეთ თბილი ქსოვილით. თუ არ გექნებათ ძლიერი წვა, კომპრესი შეიძლება 2-3 დღე დაიტოვოთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.
- წვრილად დაკეპეთ ნიორი და ძილის წინ 5-7 წუთით დაიდეთ მტკივან ადგილზე. ყურადღებით იყავით, კანი არ დაგეწვათ. ამის შემდეგ მტკივან ადგილას შეიზილეთ მზესუმზირას ზეთი და ღამით თბილად შეიხვიეთ.
- რადიკულიტის დროს 1 სუფრის კოვზ გვიმრის ფესურას ვასხამთ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს, ვათბობთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში და 2 საათით ვაყენებთ. ვიღებთ თითო ყლუპს დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ფრთხილად, მცენარე შხამიანია!
- გათალეთ და გახეხეთ შავი ბოლოკი. დადეთ ბამბის ან სელის ქსოვილზე თხელ ფენად და ზემოდან დააფარეთ იგივე ქსოვილი. დაიდეთ ეს საფენი მტკივან ადგილას, ზემოდან დააფარეთ გასანთლული ქაღალდი და შეიხვიეთ თბილი თავშლით. გაიჩერეთ კომპრესი მაქსიმალურად დიდხანს. თანდათანობით შეიგრძნობთ კანის სიმხურვალეს. შეტევის მოსახსნელად ზოგჯერ საკმარისია 2-3 პროცედურა.
- 50 მლ წყალში გახსენით 1/4 ტაბლეტი ფურაცილინი, კარგად ადუღეთ (სანამ წამალი ბოლომდე არ გაიხსნება). შემდეგ დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და გულდასმით მოურიეთ. აიღეთ ჩვეულებრივი მდოგვის საფენი, ამოავლეთ თაფლისა და ფურაცილინის ხსნარში და დაიდეთ წელზე. 5-6 წუთის შემდეგ მოიხსენით საფენი, კანზე დარჩენილ სითხეს დააფარეთ პოლიეთილენის ქსოვილი და შეიხვიეთ შალის თავშლით. ამ სახვევით დაიძინეთ და მხოლოდ დილით მოიხსენით.
- ძალიან ეფექტური მეთოდია უმი კარტოფილის მიკვრა მტკივან ადგილას.
- აიღეთ 300 გ 3-5-წლიანი ალოეს ფოთოლი, თანაც მოჭრამდე 5 დღე არ მორწყოთ მცენარე. გაატარეთ ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ მიღებულ მასას 500 გ ნატურალური მაისის თაფლი, 500 მლ წითელი ღვინო, გულდასმით აურიეთ და 5 დღე დადგით გრილ, ბნელ ადგილას. პირველი 5 დღე მიიღეთ დღეში თითო-თითო ჩაის კოვზი ჭამამდე ერთი საათით ადრე, ხოლო შემდეგ დღეებში - დღეში თითო-თითო სუფრის კოვზი ჭამამდე ერთი საათით ადრე. მკურნალობის კურსია 2-3 კვირიდან 1,5 თვემდე.