ამ პათოლოგიას სხვაგვარადაც უწოდებენ: ფსევდოწითურას, მოულოდნელ ეგზემას, ბავშვთა სამდღიან ცხელებას და სხვა.
შეიძლება ითქვას, რომ ბავშვთა როზეოლა უჩვეულო, ძნელად დიაგნოსტირებადი, მაგრამ უსაფრთხო დაავადებაა.
მიზეზები
როზეოლას გამომწვევია ჰერპესის ვირუსი, კერძოდ, მისი მე-6 და მე-7 ტიპი. აღსანიშნავია, რომ მე-6 ტიპის ჰერპესი ბავშვებში როზეოლას იწვევს, ზრდასრულებში კი - ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. როზეოლას გამომწვევი ათიდან ერთ შემთხვევაში მე-7 ტიპის ჰერპესვირუსია. იგი სისხლის საშუალებით ხვდება კანში და ქსოვილს აზიანებს. აღნიშნული ვირუსი ბავშვს 3 თვიდან 3 წლამდე ასაკში აინფიცირებს. ყველაზე ხშირად ინფიცირება 2 წლის ასაკში ხდება. 3 თვემდე ბავშვს, წესისამებრ, იცავს დედის რძიდან მიღებული ანტისხეულები, 3 წლიდან კი იმუნური სისტემას უკვე დამოუკიდებლად შეუძლია ამ ვირუსთან გამკლავება. ეს დაავადება ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას გადააქვს, მაგრამ ყველა ვერ ხვდება ამას, რადგან ხშირად უსიმპტომოდ (ან უმნიშვნელოდ გამოხატული სიმპტომებით) მიმდინარეობს.
სიმპტომები და მიმდინარეობა
დაავადება, ჩვეულებრივ, ტემპერატურის 39OC-მდე მომატებით იწყება, რასაც ზოგჯერ თან სდევს ფებრილური კრუნჩხვაც. მე-4-5 დღეს ტემპერატურა ეცემა და ჩნდება წვრილი, უსწორმასწორო, ვარდისფერი (შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ელფერი ვარდისფერიდან წითლამდე) ლაქოვანი ან ლაქოვან-პაპულური გამონაყარი, თავდაპირველად - სახეზე, ყელზე, გულმკერდსა და მუცელზე, რამდენიმე საათის შემდეგ კი მთელ სხეულზე. ამ სტადიაში შეიძლება გადიდდეს ლიმფური ჯირკვლებიც კეფის არეში. გამონაყარის გაჩენის შემდეგ ტემპერატურა აღარ იმატებს. გამონაყარი 4 დღეში ქრება, ლიმფური კვანძები 7 დღის განმავლობაში პატარავდება. გამონაყარის გაქრობის შემდეგ ბავშვი გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა, მაგრამ თუ ლიმფური კვანძები დიდხანს დარჩა გადიდებული, აუცილებელია ექიმთან მისვლა.
დიაგნოსტიკა
როზეოლას დიაგნოსტირება რთულია, რადგან, გარდა მაღალი ტემპერატურისა, მკვეთრად გამოხატული ნიშნები არ გააჩნია. მისი თანამდევი ზოგიერთი სიმპტომი, მათ შორის - მადის დაქვეითება, გაღიზიანება, განავლის გათხიერება, ბევრ სხვა ინფექციურ დაავადებასაც ახასიათებს. გამონაყარი და მაღალი ტემპერატურა კი წითურასა და ალერგიის დროსაც ვითარდება, თუმცა, როზეოლასგან განსხვავებით, მათ გაჩენას უმეტესად წინ უძღვის ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, ხველა ან სხვა სიმპტომები.
როზეოლას დროს სისხლის საერთო ანალიზში დასტურდება ლეიკოპენია, ლიმფოციტოზი. სეროლოგიური ანალიზი ავლენს IgG-ს 4-ჯერად ზრდას.
მკურნალობა
როზეოლა სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ გარკვეული ზომების მიღება აუცილებელია. თუ ბავშვს უჭირს მაღალი სიცხის ატანა, წუხს, სტკივა თავი, აუცილებელია სიცხის დამწევი პრეპარატის მიცემა. მაგრამ მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ სიცხის დამწევი საშუალების მიცემა საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ ტემპერატურამ 38,3 გრადუსს გადააჭარბა.
ორგანიზმის გაუწყლოება არ უნდა დავუშვათ, ამიტომ ბავშვს უნდა მივაწოდოთ ბევრი სითხე და ყურადღება მივაქციოთ შარდის გამჭვირვალობას.