საშვილოსნოს ყელის ეროზია რეპროდუქციული ასაკის დაავადებაა.
განასხვავებენ ეროზიის შემდეგ სახეობებს:
- თანდაყოლილ ეროზიას. იგი გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებს შორის და მკურნალობის გარეშე უკუვითარდება, თუმცა არ არის გამორიცხული, სქესობრივ სიმწიფემდეც გაჰყვეს გოგონას. ასეთ დროს მოსალოდნელია მისი ინფიცირება და ანთებითი პროცესის ჩამოყალიბება
- ჭეშმარიტ ეროზიას. იგი შეძენილი პათოლოგიაა. დეფექტი საშვილოსნოს ყელის გარეთა პირის გარშემო, უმეტესად უკანა ბაგის მიდამოში ჩნდება. ჭეშმარიტი ეროზია 1-2 კვირა გრძელდება, შემდეგ კი დაავადების მომდევნო სტადიაში - ფსევდოეროზიაში გადადის.
- ფსევდოეროზიას. ექიმი იშვიათად აწყდება ჭეშმარიტ ეროზიას, პროცესის გამოვლენა, როგორც წესი, ფსევდოეროზიის სტადიაში ხდება. ფსევდოეროზია შესაძლოა არსებობდეს დიდხანს, თვეობით, წლობითაც კი, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი არ ალაგდება. აქ ერთგვარი მანკიერი წრე იკვრება, რადგან ფსევდოეროზია თვითონვე უწყობს ხელს საშვილოსნოს ყელში ანთებითი პროცესის შენარჩუნებას, რაც ეროზირებული ზედაპირის ინფიცირებით არის გამოწვეული.
მიზეზები
ეროზიის ეტიოპათოგენეზის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მათ შორის ყველაზე სარწმუნოა საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორის თეორია. საშვილოსნოს ყელის ანთებას სხვადასხვა მიკროორგანიზმი იწვევს: ტრიქომონა, ქლამიდია, სხვადასხვა მიკრობული ასოციაცია, ვირუსი... ამ დროს წარმოქმნილი პათოლოგიური გამონადენის ზემოქმედებით საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის მფარავი ეპითელიუმი განიცდის მაცერაციას (იქერცლება), დისტროფიას და შემდგომ დესქვამაციას (ჩამოიფცქვნება).
ეროზიის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს საშვილოსნოს ყელის სამშობიარო ტრავმაც (ნახეთქები, დეფორმაცია). აქვე უნდა ითქვას, რომ უხეში სქესობრივი აქტი ეროზიის მიზეზი ვერ იქნება, მაგრამ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომლებიც საშვილოსნოს ლორწოვან გარსს აზიანებენ, იოლად შეიძლება ეროზიის მიზეზად იქცნენ.
არსებობს დისჰორმონული თეორიაც, რომლის მიხედვითაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასქესო სტეროიდული ჰორმონების ბალანსის დარღვევას. მაგალითად, ეროზია ხშირად ახლავს თან ქრონიკულ სალპინგოოოფორიტს, რომელიც საკვერცხეებისა და მისი დანამატების ფუნქციის მოშლით მიმდინარეობს.
სიმპტომები
ეროზიას ტკივილი არ ახასიათებს, თუმცა არ არის გამორიცხული, ტკივილის შეგრძნებამ თავი იჩინოს სქესობრივი აქტის დროს და უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენიც მოჰყვეს. გამაღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდეგ ტკივილი ქრება, სისხლიანი გამონადენი კი შესაძლოა მცირე ხანს კიდევ დარჩეს.
საშვილოსნოს ყელის ეროზია შესაძლოა თვეობით, წლობით უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ქალი არაფერმა დააეჭვოს. დიაგნოზი უმეტესად სხვა მიზეზით ჩატარებული გინეკოლოგიური გასინჯვის შემდეგ ისმება. ჩივილები უმთავრესად იმ დაავადებაზეა დამოკიდებული, რომელსაც თან ახლავს ეროზია ან ფსევდოეროზია. ერთადერთი, ისიც იშვიათი ჩივილი კონტაქტური სისხლდენაა და ამ დროს დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ გინეკოლოგს.
გართულება
თანდაყოლილი ეროზია კიბოდ არ გადაგვარდება. ფსევდოეროზიების უმრავლესობა მკურნალობას ექვემდებარება და, წესისამებრ, არც მისი კიბოდ გადაგვარების საშიშროება არსებობს, თუმცა გვხვდება ფსევდოეროზიის ისეთი ფორმებიც (პაპილარული, ფოლიკულური, ჯირკვლოვანი), რომლებიც მედიკამენტური მკურნალობისადმი მედეგია, ახასიათებს რეციდივებისკენ (გამწვავებებისკენ) მიდრეკილება და უჯრედების ატიპურობა, რასაც მიკროსკოპიული გამოკვლევა ავლენს. ამ შემთხვევებში ფსევდოეროზიას განიხილავენ როგორც ფონურ ან კიბოსწინარე დაავადებას. პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა აღმოჩენილი პათოლოგიის დროული და სრულფასოვანი მკურნალობა და ექვს თვეში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით. კონტაქტური სისხლდენა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, სწორედ ის სიმპტომია, რომელიც მალიგნიზაციისკენ მიდრეკილების ეჭვს ბადებს.
დიაგნოსტიკა
საშვილოსნოს ყელის ეროზიის დიაგნოსტირებისთვის მიმართავენ გამოკვლევის კომპლექსურ მეთოდს, რომელიც მოიცავს საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერებას, კოლპოსკოპიურ კვლევას, დაზიანებული უბნების ბიოფსიას და ჰისტოლოგიურ და ციტოლოგიურ შესწავლას.
მკურნალობა
თანდაყოლილი ეროზია მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა აუცილებელია დაკვირვება. ჭეშმარიტი ეროზიისა და ფსევდოეროზიის შემთხვევაში წამყვანია ეტიოლოგიური მკურნალობა - ადგენენ პათოლოგიის მიზეზს და ნიშნავენ შესაბამის მკურნალობას საყოველთაოდ მიღებული სქემებით. ინიშნება სიმპტომური მკურნალობაც. უკანასკნელ ხანს ფართოდ გამოიყენება მეთოდები, რომელთა არსია ფსევდოეროზიის დესტრუქცია (დაშლა). შედეგად წყლული ჩამოიფცქვნება და დეფექტი აღდგება.
დიათერმოკოაგულაცია
დიათერმოკოაგულაცია, უბრალო ენით - მოწვა, სპეციალური აპარატით ხორციელდება. ამ დროს ხდება არა მარტო დაზიანებული უბნის მოწვა, არამედ საშვილოსნოს ყელის არხის დეფორმაციის ალაგებაც. მომწვარი ზედაპირი ხორცდება მას შემდეგ, რაც ჩამოიფცქვნება ნეკროზული ქსოვილი (ამას 3-4 კვირა სჭირდება). დეფექტის ეპითელიზაცია მთავრდება 1,5-3 თვის შემდეგ. მეთოდის კლინიკური ეფექტიანობა 75-98%-ია. გართულება (სისხლდენა, ანთების გამწვავება) ძალზე იშვიათია. პროცედურა ტარდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ცერვიკალური არხის შევიწროება (სტრიქტურა).
კრიოკოაგულაცია
კრიოკოაგულაცია, იგივე კრიოდესტრუქცია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, მოყინვა, მკურნალობის უმტკივნეულო, უსისხლო მეთოდია. ქსოვილებს დაბალი ტემპერატურის გამოყენებით შლიან. ამ დროს საშვილოსნოს ყელის არხის ნაწიბუროვანი გადაგვარება არ ხდება და ეპითელიზაცია სწრაფად მიმდინარეობს. პროცედურა ტარდება ლოკალური კრიოკოაგულაციის აპარატით. დაბალი ტემპერატურის მისაღებად იყენებენ თხევად აზოტს. პროცედურის შემდეგ ჩნდება უხვი თხევადი გამონადენი. ეპითელიუმის აღდგენა დანეკროზებული უბნების ჩამოფცქვნისთანავე იწყება, მე-7 დღიდან რეეპითელიზაცია მიმდინარეობს, 4-6 კვირაში კი რეგენერაცია სრულდება, ჯანმრთელი ქსოვილი სავსებით აღდგება.
ლაზერული მკურნალობა
ლაზერული დესტრუქცია შედარებით ახალი მეთოდია. იგი ტარდება მაღალენერგეტიკული ლაზერით, რომელსაც შეუძლია ქსოვილების ჭრა, აორთქლება და კოაგულაცია. ლაზერული მკურნალობის მეთოდს, ჩO2-ით ლაზეროვაკორიზაციას, წარმატებით იყენებენ საზღვარგარეთ, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით არცთუ ისე ფართოდ არის გავრცელებული.
დიათერმოკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია და ლაზერული დასხივება ტარდება მხოლოდ გაფართოებული კოლპოსკოპიისა და ბიოფსიის შემდეგ, რათა გამოირიცხოს სიმსივნური პროცესებისადმი მიდრეკილება (დისპლაზია და მალიგნიზაცია). ამ უკანასკნელთა დადგენის შემთხვევაში მიმართავენ მკურნალობის სხვა მეთოდებს, მათ შორის - საშვილოსნოს ყელის ამპუტაციას.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს:
- პირადი ჰიგიენის დაცვას;
- ერთი სქესობრივი პარტნიორის ყოლას;
- წელიწადში ორჯერ გინეკოლოგთან პროფილაქტიკურ ვიზიტს.
პროფილაქტიკური გასინჯვის დროს ფართოდ გამოიყენება ციტოლოგიური გამოკვლევა - პაპ-ტესტი. დიაგნოსტიკური სკრინინგი ქალის ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში იძლევა საშუალებას, აღმოჩენილი იქნეს ფონური და კიბოსწინარე პროცესები, დროულად შეირჩეს მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი და ამით შემცირდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი.