საცრემლე ორგანოების პათოლოგიები ვლინდება ცრემლწარმომქმნელი აპარატისა და ცრემლგამტარი გზების განვითარების ანომალიებით, ანთებითი, სიმსივნური და ტრავმის შემდგომი ცვლილებებით.

ცრემლწარმომქმნელი ორგანოების პათოლოგიები
ცრემლწარმომქმნელი ორგანოების პათოლოგიები მოიცავს განვითარების ანომალიებს, ანთებით პროცესებს, სიმსივნურ, ატროფიულ, ტრავმის შემდგომ დაზიანებებს.
განვითარების ანომალიები უმეტესად ბავშვებში გვხვდება.
საცრემლე ჯირკვლების ანომალიებია: მათი არარსებობა, განუვითარებლობლობა, უმოქმედობა ან ჰიპერტროფია.
საცრემლე ჯირკვლის არარსებობა ან არასაკმარისი განვითარება იწვევს ქსეროზს (სიმშრალეს) და მხედველობის დაკარგვას. ამ შემთხვევაში მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. იგი გულისხმობს კონიუნქტივის ღრუს გარეთა ნაწილში სანერწყვე ჯირკვლის სადინარის გადანერგვას (ნერწყვის და ცრემლის ფიზიკურ-ქიმიური მსგავსება დიდია, რაც უზრუნველყოფს თვალის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას).
საცრემლე ჯირკვლის უმოქმედობის და ფუნქციის დარღვევის შემთხვევაშიც ოპერაციული მკურნალობაა ნაჩვენები, რაც გულისხმობს სანერწყვე ჯირკვლის მიკერებას წარბის გარეთა ზედაპირზე, ძვლისაზრდელაზე.
ჰიპერსეკრეციის შემთხვევაში ცრემლის გამოყოფის შესამცირებლად ტარდება ჯირკვლის ნაწილობრივი მოცილება, სკლეროთერაპია.
საცრემლე ჯირკვლის ანთებითი დაავადება, დაკრიოადენიტი, არც ისე ხშირად გვხვდება. ის შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც.
საცრემლე ჯირკვლის მწვავე ანთება, მწვავე დაკრიოადენიტი, უმეტესად ბავშვებსა და ახალგაზრდებს უდასტურდებათ. იგი ცალმხრივიც შეიძლება იყოს და ორმხრივიც. დაავადება აღმოცენდება გრიპის, ქუნთრუშის, ანგინის, რევმატიზმის, პნევმონიის, მუცლის ტიფის, გონორეის და პაროტიტის - ყბაყურას - დროს (ყველაზე ხშირად - უკანასკნელ შემთხვევაში).
ყბაყურას დროს დაკრიოადენიტი ყოველთვის ორმხრივია. მას თან ახლავს ყბაყურა და ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლების ანთება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ინფექცია აზიანებს როგორც სანერწყვე, ისე საცრემლე ჯირკვლებს. ეს იმით აიხსნება, რომ სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლებს აქვს მსგავსი ჰისტოლოგიური შენება და საერთო ინერვაცია. თუმცა ანთებითი პროცესი ყბაყურა ჯირკვალში შეიძლება ჯერ კიდევ დაკრიოადენიტის განვითარებამდე დასრულდეს ანდა სუსტად იყოს გამოხატული. ამის გათვალისწინება აუცილებელია ბავშვებში დიაგნოსტიკური შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

სიმპტომები და მიმდინარეობა
მწვავე დაკრიოადენიტი კლინიკურად ზედა ქუთუთოს გარეთა ზედაპირის შეშუპებითა და ტკივილით გამოიხატება. შეშუპება შესაძლოა ჯირკვლის არიდან საფეთქლებამდე გავრცელდეს და ნახევარი სახეც კი მოიცვას. ასეთ დროს თვალი იხუჭება. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში დასუსტებულ ბავშვებს შესაძლოა აბსცესი ან ფლეგმონა განუვითარდეთ და პროცესში ჩაერთოს რეტრობულბური არეც. თვალის კაკალი გადაადგილდება ქვემოთ და შიგნით და ორბიტიდან ოდნავ წინ წამოიწევს. ავადმყოფი უჩივის გაორებას, თვალის მოძრაობის შეზღუდვას ზემოთ და შიგნით. კონიუნქტივა გარეთა ნაწილში მკვეთრად ჰიპერემიული და შეშუპებულია. შესაძლოა განვითარდეს ქემოზიც - კონიუნქტივის შემოფარგლული შეშუპება, რომელიც გარემოიცავს რქოვანა გარსს. ამ დროს უარესდება საერთო მდგომარეობა - აღმოცენდება თავის ტკივილი, ირღვევა ძილი და მადა, იმატებს ტემპერატურა, ვითარდება რეგიონული ლიმფადენიტი.

მკურნალობა

სამკურნალოდ ინიშნება ადგილობრივი გამახურებელი პროცედურები, უმს (УВЧ), ვიტამინოვანი წვეთები და სულფანილამიდებისა და ანტიბიოტიკების შემცველი კრემები, საცრემელე ჯირკვლის საპროექციო არეში კანქვეშ ანტიბიოტიკები შეჰყავთ.
ზოგადი მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადების წინააღმდეგ. ინიშნება ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები, სიმპტომური საშუალებები (ანალგეტიკები, საძილე პრეპარატები და სხვა). დაჩირქებისა და აბსცესის გაჩენის შემთხვევაში ჩირქოვან წარმონაქმნს კვეთენ და ღრუს ანტიბიოტიკებით გამორეცხავენ.
გახანგრძლივებული დაკრიოადენიტის შემთხვევაში მიმართავენ რენტგენოთერაპიას.
წესისამებრ, დაავადება გამოჯანმრთელებით სრულდება.
ქრონიკული დაკრიოადენიტი ზოგჯერ მწვავეს მომდევნო საფეხურია, უფრო ხშირად კი დამოუკიდებლად ვითარდება. პროცესი შეიძლება იყოს ცალმხრივიც და ორმხრივიც, აღმოცენდეს ტუბერკულოზის, სიფილისის, მიკულიჩის სინდრომისა და ტრაქომის დროს.
ქრონიკული დაკრიოადენიტის დროს სუბიექტური ჩივილები არ არსებობს. კლინიკური სურათი სახასიათოა იმით, რომ საცრემლე ჯირკვლის არე შეშუპებული, მკვრივი და უმტკივნეულოა და თანდათანობით ფართოვდება. კანი მის ზემოთ არ არის შეცვლილი. ტუბერკულოზური დაკრიოადენიტის დროს დაჩირქება არ ხდება.

მიკულიჩის სინდრომი
ეს დაავადება პირველად 1892 წელს აღწერა მიკულიჩმა და ამიტომ მის სახელს ატარებს. ეს არის სიმპტომოკომპლექსი, რომელსაც ახასიათებს ნელი პროგრესირება, საცრემლე და სანერწყვე (ხშირად - ყბისქვეშა, იშვიათად - ყბაყურა და ენისქვეშა) ჯირკვლების სიმეტრიული ზრდა, თვალის კაკლის ქვემოთ და შიგნით გადაადგილება და წინ წამოწევა. ჯირკვალი არასდროს ჩირქდება. პროცესში ერთვება ლიმფური კვანძები.
დაავადების მიზეზი ბოლომდე ჯერჯერობით არ არის გარკვეული. მიკულიჩის დაავადების დროს ჰისტოლოგიურად დასტურდება საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლების ლიმფომური ჰიპერპლაზია. ზოგიერთ ავტორს ამის მიზეზად ტუბერკულოზი მიაჩნია, მაგრამ უმრავლესობა დაავადებას მთელი ლიმფური აპარატის სისტემური დაავადებით (ლეიკემია და ფსევდოლეიკემია) განპირობებულ საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლების ლიმფომატოზად მიიჩნევს.
მიკულიჩის სინდრომზე ეჭვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სისხლის გამოკვლევა.
ტუბერკულოზური დაკრიოადენიტის სადიაგნოზოდ მნიშვნელოვანია საერთო კლინიკური გამოკვლევა ტუბერკულოზზე და პირკესა და მანტუს ტესტების ჩატარება.
სიფილისური ქრონიკული დაკრიოადენიტი მიმდინარეობს საცრემლე ჯირკვლის გუმატოზური დაკრიოადენიტის სახით. შანკრი იშვიათია. თანდაყოლილი სიფილისის დროს მოსალოდნელია თანდაყოლილი ინტერსტიციური დაკრიოადენიტის განვითარება.

მკურნალობა
მკურნალობა დაავადების მიზეზის შესაბამისად ინიშნება. ადგილობრივად ნაჩვენებია რენტგენოთერაპია. მიკულიჩის დაავადების დროს კანქვეშ ან ვენაში დარიშხანის პრეპარატები შეჰყავთ.

საცრემლე ჯიკვლებისკისტა
კისტა საცრემლე ჯირკვლის გამომტანი სადინარების გაფართოების შედეგია და ჰგავს ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის გამომტანი სადინარის კისტას. ზომით ალუბლის კურკისოდენაც შეიძლება იყოს და კაკლისოდენაც. წარმონაქმნი უმტკივნეულოა, ელასტიკური, მის ზემოთ კანი შეუცვლელია. ზედა ქუთუთოს ამოტრიალების შემთხვევაში იგი გამჭვირვალე ბუშტივით მოჩანს.
მკურნალობა გულისხმობს კისტის გახსნას.

საცრემლე ჯირკვლის სიმსივნეები
საცრემლე ჯირკვალში შეიძლება განვითარდეს შერეული სიმსივნეები, ცილინდრომა, სარკომა, ადენოკარცენომა. იშვიათია ადენომა და ონკოცისტომა.
ამჟამად მიიჩნევენ, რომ საცრემლე ჯირკვლის შერეული სიმსივნეები სანერწყვე (ყბაყურა) ჯირკვლების შერეული სიმსივნეების ნაირსახეობაა.
სიმსივნე უვითარდებათ ხანდაზმულებს, იზრდება ნელა, თუმცა ცნობილია სწრაფი ზრდის შემთხვევებიც. მისი ძირითადი სიმპტომებია ტკივილი და ეგზოფთალმი. იშვითად აღმოცენდება დიპლოპია (გაორება) და მხედველობითი მოშლილობანი. თვალის ფსკერზე გამოხატულია ცვლილებები და მოსალოდნელია მხედველობის ნერვის ატროფია. ზოგ შემთხვევაში სიმსივნე ავთვისებიანია, რეციდივებისა და მეტასტაზირებისკენ მიდრეკილი.
ცილინდრომის კლინიკური სურათი საცრემლე ჯირკვლის შერეული სიმსივნისას ჰგავს, მაგრამ პროგნოზი ცილინდრომის დროს უარესია - ასიდან 23-25 შემთხვევაში შედეგი ლეტალურია.
მკურნალობა გულისხმობს სიმსივნის ამოკვეთას საცრემლე ჯირკვალთან ერთად და სხივურ თერაპიას.
სარკომა გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში, მიმდინარეობს მძიმედ, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
ადენომისა და ონკოცისტომის დროს მკურნალობა ქირურგიულია, პროგნოზი - კეთილსაიმედო.

ცრემლგამომტანი ორგანოების პათოლოგია
ცრემლგამომტანი გზების დაავადებათა ძირითადი ნიშანია მუდმივი ცრემლდენა, რომელიც ძლიერდება სიცივესა და ქარში. როცა ცრემლდენა ხანგრძლივია, მას ერთვის ხამხამი და ქუთუთოების კიდეების შეწითლება.
ზოგჯერ სიცივეში ცრემლდენას განაპირობებს სახეზე კანქვეშა კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვა კანის მგრძნობელობის მატების გამო. იშვიათად ცრემლდენას საცრემლე ჯირკვლების ფუნქციის გაძლიერება იწვევს, უმეტესად კი ის უკავშირდება სამწვერა ნერვის I და II ტოტებისა და სიმპათიკური ნერვების გაღიზიანებას, ასევე - ფოკალურ ინფექციას კბილების დაავადებათა დროს.
ცრემლდენა ზოგჯერ ცხვირის დამატებითი წიაღების ავთვისებიანი სიმსივნის ერთადერთი სიმპტომია; შეიძლება იყოს ჰიპოფიზის სიმსივნის პირველი ნიშანი; აღმოცენდება ზედა ყბის ოსტეომის დროსაც.
პათოლოგიური ცრემლდენა შეინიშნება კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, კერატიტის, სკლერიტის, რქოვანა გარსში უცხო სხეულის, მწვავე და ქრონიკული რინიტების, ცხვირის დანამატ წიაღებში ანთებითი პროცესების დროს.
ცრემლდენის პროვოცირება შეუძლია ზოგიერთ საკვებს.
ყველაზე ხშირად პათოლოგიური ცრემლდენა უკავშირდება ცრემლგამომტანი გზების ფუნქციის თანდაყოლილ ან შეძენილ დარღვევას. შეძენილი დარღევები, წესისამებრ, საცრემლე წერტილის და არხის, საცრემლე პარკისა და ცრემლ-ცხვირის არხის პათოლოგიებია.
მოხუცებში საკმაოდ ხშირია საცრემლე წერტილის ატონიური ევერსია.

მკურნალობა
მკურნალობა ქირურგიულია. საცრემლე წერტილის შევიწროება ხშირად ვითარდება ქრონიკული ბლეფარიტისა და კონკუნქტივიტის შედეგად. ის შეიძლება გამოიწვიოს საცრემლე წერტილის სფინქტერის კუნთის ხანგრძლივმა სპაზმმა. უკანასკნელ შემთხვევაში ეფექტურია საცრემლე წერტილის გაფართოება ზონდით. თუ შევიწროება ნაწიბუროვანი ხასიათისაა, კეთდება ოპერაცია.
არხების ან უცხო სხეულის (წამწამი, მტვრის ნაწილაკები, ჰლისტები) მოშორება ოპერაციული მეთოდით ხდება.
არხების ჩირქოვანი ანთება (კანალიკულიტი) ლორწოვანი გარსის ანთებაა. ანთებითი პროცესის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე გავრცელების შემთხვევაში ვითარდება პერიკანალიკულიტი. არხების არეში კანი წითლდება, შუპდება, შეხებისას მკვრივი და მტკივნეულია. საცრემლე წერტილიდან გამოიყოფა ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. გამოხატულია ცრემლის დაგროვება და ცრემდენა. კანალიკულიტის მიზეზი შეიძლება იყოს ტუბერკულოზი, სიფილისი, ბრუცელოზი, ტრაქომა, ბლეფარიტი, მიკოზი. სოკოვანი კანალიკულიტი დიდხანს მიმდინარეობს.
მკურნალობა გულისხმობს მიზეზზე ზემოქმედებას. ნაჩვენებია გამორეცხვები ასეპტიკური ხსნარებით. საჭიროა ანტიბიოტიკების ხშირ-ხშირად ჩაწვეთება და ანტიბიოტიკებიანი და სულფანიამიდიანი მალამოს წასმა. სოკოვანი კანალიკულიტის დროს ნაჩვენებია საცრემლე არხის გაკვეთა. ამოფხეკა და იოდით დამუშავება.
თანდაყოლილ ანომალიებს მიეკუთვნება:
*საცრემლე წერტილის ატრეზია;
*საცრემლე არხების ატრეზია;
*საცრემლე წერტილისა და არხების ატრეზია;
*დამატებითი საცრემლე წერტილი და არხები (რამდენიმე საცრემლე წერტილი და არხი);

*საცრემლე წერტილისა და არხის დისლოკაცია (წინ, უკან, გარეთ, შიგნით).

საცრემლე პარკის ანთებითი დაავადება
საცრემლე პარკის ანთებითი დაავადება მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.

ქრონიკული დაკრიოცისტიტი
საცრემლე პარკის ქრონიკული ანთება, ქრონიკული დაკრიოცისტიტი (dacryocystitis chronica), ვითარდება ცრემლ-ცხვირის არხის გამავლობის დარღვევისას, როდესაც საცრემლე პარკში ცრემლი გუბდება და მიკროორგანიზმების (მეტწილად - პნევმოკოკებისა და სტაფილოკოკების) გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება. გარდა ამისა, დაავადების განვითარება შესაძლოა უკავშირდებოდეს საცრემლე პარკის მეზობლად (მაგალითად, ჰაიმორის ღრუში, პარკის გარემომცველ ძვლებში) მიმდინარე პროცესს, რომლის შედეგადაც ხდება ცრემლ-ცხვირის არხის სტენოზირება (უნდა ითქვას, რომ ცრემლ-ცხვირის არხის სტენოზი ზოგჯერ თანდაყოლილია). ქრონიკული დაკრიოცისტიტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ზედა ყბის მოტეხილობა, ცხვირში მიმდინარე სიფილისური პროცესები და საცრემლე პარკის ტუბერკულოზი.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ქრონიკული დაკრიოცისტიტის დროს შეინიშნება საცრემლე პარკის მიდამოს შეშუპება, ცრემლდენა, შემდეგ - ჩირქდენაც. საცრემლე პარკის არეზე ზეწოლისას საცრემლე წერტილიდან გამოიყოფა ლორწოვანი, ლორწოვან-ჩირქოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი. თუ სტენოზირებულ საცრემლე არხს გამტარობა ნაწილობრივ შენარჩუნებული აქვს, საცრემლე პარკის შიგთავსი შეიძლება ცხვირის ღრუში დაიცალოს. საცრემლე აპკის საპროექციო არეში ქსოვილები, ნახევარმთვარისებური ნაოჭი და კონიუნქტივა გაღიზიანებული და ჰიპერემირებულია (შეწითლებული). არცთუ იშვიათად აღინიშნება კონიუნქტივიტი და ბლეფარიტი. გახანგრძლივებული დაკრიოცისტიტის დროს პარკი შეიძლება მკვეთრად გაიწელოს და საცრემლე პარკის არეში კაკლისოდენა გამობერილობა გაჩნდეს. შეშუპებული მიდამოს ზედაპირზე კანი რამდენადმე განლეულია. საცრემლე პარკმა შეიძლება ატროფია განიცადოს, აღარ გამოყოს ლორწო და ჩირქი. ამ შემთხვევაში პარკში დაგროვდება გამჭვირვალე, მოსქო სითხე. ამ მდგომარეობას საცრემლე პარკის წყალმანკს (hydrops sacci lacrimalis) უწოდებენ.
ქრონიკული დაკრიოცისტიტი ქალებში 6-7-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ამ დაავადებას თან ახლავს რქოვანა გარსის წყლულისა და საცრემლე პარკის ფლეგმონის განვითარების საფრთხე.

მკურნალობა
ქრონიკულ დაკრიოცისტიტს ქირურგიული გზით მკურნალობენ. ოპერაციას დაკრიოცისტორინოსტომია ეწოდება და ცხვირის ღრუსთან კონიუნქტივის ღრუს ხელოვნურ მიერთებას გულისხმობს.

საცრემლე პარკის მწვავე ანთება ანუ საცრემლე პარკის ფლეგმონა
საცრემლე პარკის მწვავე ანთება (მწვავე დაკრიოცისტიტი) საცრემლე პარკის კედლისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ჩირქოვანი ანთებაა. მას იწვევს კოკები, ტუბერკულოზის ჩხირი, ვირუსები და სოკოები.
მწვავე დაკრიოცისტიტი უმეტესად ვითარდება როგორც ქრონიკული დაკრიოცისტიტის გართულება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ანთებითი პროცესი საცრემლე პარკის გარემომცველ ქსოვილებზე მეზობელი წიაღებიდან (ჰაიმორის ღრუ და ცხავის ლაბირინთი), პარკის გარემომცველი ძვლებიდან ან ცხვირის ღრუდან გადადის.
მწვავე დაკრიოცისტიტის დროს საცრემლე პარკის არეში ჩნდება ძლიერი სიწითლე და მკვრივი, მტკივნეული შეშუპება, რომელიც ცხვირისა და ლოყების მიმდებარე არეზე ვრცელდება. თვალის ნაპრალი შევიწროებულია ან მთლიანად დახურული. რამდენიმე დღეში შეშუპება რბილდება, ყალიბდება აბსცესი, რომელიც მოგვიანებით იხსნება (მეტწილად გარეთ) და წარმოიქმნება ფისტულა, რომლიდანაც გამოიყოფა ცრემლისმაგვარი სითხე. ასეთი ფისტულა შეიძლება დიდხანს არ შეხორცდეს. ზოგჯერ ვითარდება ე.წ. შიდა ფისტულა და მაშინ ჩირქი ცრემლ-ცხვირის არხიდან შედის ცხვირის ღრუში. მკურნალობის გარეშე (განსაკუთრებით - ბავშვებში) მწვავე ჩირქოვანი დაკრიოცისტიტი შესაძლოა ფლეგმონურ პროცესში გადაიზარდოს, არასათანადო (არასაკმარისი) მკურნალობის შემთხვევაში კი დიდია რეციდივების ალბათობა.

მკურნალობა
მწვავე დაკრიოცისტიტის დროს ინიშნება სითბო (მშრალი), ულტრამაღალი სიხშირის სხივები (УВЧ), კუნთებში ანტიბიოტიკების ინექცია, დასალევად - სულფანილამიდები, ადგილობრივად - ანტიბიოტიკები და 3%-იანი კოლარგოლის კრემი.
თუ აბსცესი ჩამოყალიბდა, საჭიროა მისი გახსნა და დრენირება, ხოლო მწვავე პროცესის ჩაქრობის შემდეგ ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.

ახალშობილთა დაკრიოცისტიტი
ახალშობილთა დაკრიოცისტიტი იმის გამო ვითარდება, რომ ბავშვს დაბადების შემდეგაც რჩება ლორწოვან-ჟელატინისებრი აპკი (ემბრიონული აპკი), რომელიც მუცლადყოფნის პერიოდში ქვემოდან ფარავს ცრემლ-ცხვირის არხის სანათურს (წესით, იგი ბავშვის პირველი ჩასუნთქვის დროს უნდა გასკდეს). ამ შემთხვევაში ახალშობილს სიცოცხლის პირველ დღეებში თვალის შიგნითა კუთხეში აღენიშნება ლორწოვანი გამონადენი და კონიუნქტივის ზომიერი შეწითლება. მომდევნო კვირებში თვალის ნაპრალში ცრემლი ჩადგება, მერე კი ცრემლდენა ვითარდება. მოსალოდნელია საცრემლე პარკის არეში შეშუპება. საცრემლე პარკის მიდამოში ზეწოლისას ქვედა საცრემლე წერტილიდან გამოიყოფა ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი.
ახალშობილებში მწვავე დაკრიოცისტიტი, წესისამებრ, თანდაყოლილი დაკრიოცისტიტის გართულებაა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესი საცრემლე პარკზე ახლომდებარე ანთებითი ქსოვილებიდან (ზედა ყბის ჩირქოვანი ოსტეომიელიტის შემთხვევაში) გადადის.
ახალშობილთა დაკრიოცისტიტი ტემპერატურის მატებითა და მოუსვენრობით მიმდინარეობს. შეიძლება განვითარდეს გარეთა ან შიგნითა ფისტულა.
თანდაყოლილი დაკრიოცისტიტის დიაგნოსტიკა არ არის რთული, მაგრამ ხდება შეცდომებიც, მაგალითად, კონიუნქტივის ჰიპერემიას და გამონადენს კონიუნქტივიტად მიიჩნევენ და დიდხანს უშედეგოდ მკურნალობენ ანტიბიოტიკებით.

მკურნალობა
ახალშობილებში დაკრიოცისტიტს მკურნალობენ საცრემლე პარკის არის მასაჟით (დარტყმით) ზემოდან ქვემოთ, თვალში ალბუციდის (30%), ლევომიცეტინის (0,25%) და ვიტამინების ჩაწვეთებით. მასაჟის მიზანია საცრემლე პარკში წნევის გაზრდა ემბრიონული აპკის გახეთქვის გასაადვილებლად. თავდაპირველად უნდა მოხდეს ზეწოლა თვალის კუთხეში და ამის შედეგად გამოყოფილი ჩირქოვანი გამონადენი მოიწმინდოს ფიზიოლოგიურ ხსნარში (ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი) დასველებული ბამბის ტამპონით. მასაჟის მიმართულება საცრემლე არხის პროექციას უნდა ემთხვეოდეს. მასაჟი კეთდება თვალის კუთხიდან ჯერ ჰორიზონტალურად, მერე კი ცხვირის ფრთის გასწვრივ, ზევიდან ქვევით, თითების რამდენიმე წერტილოვანი ან ვიბრირებადი ზეწოლითი მოძრაობით. სასურველია, ზეწოლის პარალელურად მოხდეს ცხვირის ასპირატორით ჰაერის გამოქაჩვა. მასაჟი უნდა ჩატარდეს დღეში 6-10-ჯერ, უმჯობესია ჭამამდე, რადგან ჩვილებს ეს პროცედურა არ მოსწონთ, ჭამა კი მალე დაამშვიდებთ. დადებითი შედეგის არარსებობის შემთხვევაში 7-10 დღის შემდეგ ხდება ცრემლგამომტანი გზების გამორეცხვა სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით, ოღონდ პარკის შიგთავსის გამორწყვის შემდეგ. განმეორებითი გამორეცხვა შეიძლება გაკეთდეს ტრიფსინითა და ქიმოტრიფსინით. თუ გამტარობა არ აღდგა, გადადიან ზონდირებაზე. ზონდირება უნდა ჩატარდეს, ვიდრე ბავშვს 3 თვე შეუსრულდება.
შესაძლებელია ცრემლგამომტანი გზების გამორეცხვა ასეთი კოქტეილით: 0,5 მლ 2,5%-იანი ჰიდროკორტიზონის სუსპენზია, 32 ერთეული ლიდაზა და 5 მლ სტერილური 0,5%-იანი ნოვოკაინი.

საცრემლე პარკის სიმსივნური დაავადებები
საცრემლე პარკის სიმსივნური დაავადებები იშვიათია. ეპითელური რიგის კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან აღსანიშნავია პაპილომები, რომლებიც შესაძლოა გაავთვისებიანდეს. შედარებით იშვიათად გვხვდება საცრემლე პარკის სარკომა (მეტწილად - ბავშვებსა და და მოზრდილებში), რომელიც ავთვისებიანი ბუნებით გამოირჩევა.
საცრემლე პარკის სხვადასხვა წარმოშობის სიმსივნურ დაავადებებს ერთმანეთის მსგავსი კლინიკური სურათი აქვთ: თავდაპირველად თავს იჩენს ცრემლდენა, შემდეგ ვითარდება საცრემლე პარკის არის შეშუპება; ამ სტადიაში ისინჯება მკვრივი და ელასტიკური სიმსივნური წარმონაქმნი, საცრემლე პარკზე ზეწოლისას საცრემლე წერტილებზე ჩნდება სისხლის წვეთი; მესამე სტადიაში სიმსივნე იზრდება ცხვირის ღრუში, მერე - დანამატ წიაღებში, ზედა ყბაში, გარეთ და ა.შ.
საცრემლე პარკის სიმსივნის მკურნალობა ყოველთვის ქირურგიულია. საწყის სტადიებში სიმსივნის ბუნებაზე მსჯელობენ მხოლოდ საცრემლე პარკის გახსნის შემდეგ. გრანულომატოზურ (რომლებსაც მიაკუთვნებენ ფსევდოსიმსივნეებს და რომლებიც ვითარდება ჭრილობით ან უხეში ზონდირებით გამოწვეული გაღიზიანების გამო) და პაპილომურ სიმსივნეებს ამოკვეთენ საცრემლე პარკთან ერთად და ატარებენ რინოსტომიას.
თუ დაიბადა ეჭვი მალიგნიზაციის (გაავთვისებიანების) თაობაზე, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტარდება სხივური თერაპია.
აღწერილია ასევე ეპითელიომები, ფიბრომები, ენდოთელიომები, ლიმფომები, ლიმფოსარკომები, ონკოცისტომები და შერეული სიმსივნეები.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია