კანის ცხიმს დიდი ფუნქციური მნიშვნელობა აქვს. კანის ზედაპირზე იგი ერევა საოფლე ჯირკვლების სეკრეტს და წარმოქმნის წყალცხიმოვან აპკს, რომელიც კანის ტენის დაკარგვისგან, გარესამყაროს მავნე ზემოქმედებისა და ინფექციებისგან იცავს. სებორეის დროს კი იმატებს კანის pH, რაც ხელს უწყობს მიკროორგანიზმების ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას და ანთების განვითარებას.
სებორეის განვითარების მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. თუმცა ცნობილია მასზე მოქმედი ფაქტორები. ესენია:
- გენეტიკური განწყობა (ცხიმწარმოქმნის მატებასა და ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბ განვითარებას ხშირად ოჯახური ხასიათი აქვს);
- ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) და ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) ნორმალური თანაფარდობის დარღვევით გამოიხატება. კანის ცხიმის გამოყოფის პროცესი ჰორმონდამოკიდებულია. ანდროგენების პროდუქციის მატება ცხიმის გამოყოფას აძლიერებს. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ხდება ორგანიზმის ჰორმონული გადაწყობა, რის შედეგადაც ცხიმის გამომუშავება ძლიერდება. ამ მოვლენას ფიზიოლოგიური სებორეა ეწოდება. სქესობრივი მომწიფების დასრულების შემდეგ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა ნორმას უბრუნდება;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ენდოკრინული მოშლილობანი, ფსიქიკური დაავადებები;
- ჰორმონული პრეპარატების (გლუკოკორტიკოსტეროიდების, ანაბოლური სტეროიდების, ტესტოსტერონის, პროგესტერონის და სხვა) ხანგრძლივი მიღება;
- ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევა - ფსიქოგენური სტრესი ხელს უწყობს კანის ცხიმის გამომუშავების გაძლიერებას;
- დაუბალანსებელი კვება, პირველ რიგში - A და B ჯგუფის ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობა;
- კანის არასწორი მოვლა, მაგალითად, აგრესიული გამწმენდი საშუალებების ხმარება. თავის თმიანი ნაწილის კანზე სებორეის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს ფენის ხშირმა გამოყენებამ და თმის შეღებვამ.
კანის სხვადასხვა უბანზე ცხიმოვანი ჯირკვლების რაოდენობა სხვადასხვაა. ყველაზე მჭიდროდ ცხიმოვანი ჯირკვლები განლაგებულია სახის ცენტრალურ ნაწილში (ცხვირი, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი), შუბლზე, ნიკაპზე, თავის თმიან ნაწილზე, ყურის ნიჟარებზე, დელკოლტეს არეში, ბეჭებზე და ბეჭებს შორის. სწორედ ამ უბანში შეიმჩნევა დაზიანებები სებორეის დროს.
გამოყოფენ სებორეის რამდენიმე სახეს: ცხიმოვანს, მშრალსა და შერეულს.
ცხიმოვანი სებორეა
სებორეა უმეტესად ცხიმოვანი ფორმით მიმდინარეობს. ამ დროს სებორეული ზონები - სახე (შუბლი, ცხვირი, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი), თავის თმიანი ნაწილი, დეკოლტეს ზონა და ბეჭები - იღებს მოყვითალო ელფერს, ხდება გადამეტებულად ცხიმიანი, კანი პრიალებს, უხეშდება, სქელდება, ფორები ფართოვდება. აღინიშნება ძლიერი, ზოგჯერ აუტანელი ქავილი.
კანის ცხიმის ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, განასხვავებენ სებორეის თხევად და სქელ ფორმებს. თხელი სებორეის დროს ცხიმის სეკრეტი ძალიან თხელია, კანი გარეგნულად ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ცხიმი აქვს წასმული, ხოლო სქელი სებორეის დროს სეკრეტი ძალიან სქელია, ცომის კონსისტენციისა, კანი კი მონაცრისფრო ელფერს იღებს.
ცხიმოვანი სებორეის დროს კანის ცხიმის ჭარბი გამოყოფა იწვევს კანის უჯრედების გარქოვანებისკენ მიდრეკილებას, რის შედეგადაც ჩნდება ქერტლი. თმა სწრაფად ცხიმიანდება, ეწებება ერთმანეთს, ზოგჯერ კიდეც ცვივა.
მშრალი სებორეა
მშრალი სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითების შედეგია. ამ დროს ცხიმის გამოყოფა შემცირებულია, ქერტლი ფარავს თმას, ზოგჯერ ეფინება ერთმანეთს და წარმოქმნის მოყვითალო-მოთეთრო ან მორუხო-მოთეთრო ქერქს. ცხიმის გამოყოფის შემცირების გამო თმა შრება, თხელდება, მტვრევადი ხდება, ბოლოებში იყოფა. ტანსა და კიდურებზე ჩდება მოვარდისფრო-მოწითალო ლაქები.
ზოგჯერ მშრალი სებორეა ვლინდება მცირე ქერცლით, რომელიც ქერტლს მოგვაგონებს. ქერტლი სებორეის ერთ-ერთი ნიშანია. ამ ფორმას თავის თმიან ნაწილზე უხვი წვრილი ქერცლის გაჩენა ახასიათებს.
მშრალი სებორეა ეგზემური პროცესის რისკფაქტორია. ცხიმოვანი სებორის დროს მეტწილად ფერიმჭამელების წარმოშობა (აკნე) და თმის ცვენაა მოსალოდნელი. მაგრამ როგორც მშრალი, ისე ცხიმოვანი სებორეის დროს კანი უხეშდება და სქელდება, იღებს არაჯანსაღ ელფერს.
სებორეას აქვს მიდრეკილება ქრონიკული მიმდინარეობისა და ხშირი გამწვავებისკენ.
სებორეის დიაგნოსტირება და მკურნალობა უნდა ჩაატაროს დერმატოლოგმა.
სებორეული დერმატიტი
სებორეულ დერმატიტს, ტრადიციისამებრ, ცალკე დაავადებად გამოყოფენ. იგი სებორეისგან იმით განსხვავდება, რომ მისი თავდაპირველი მიზეზია არა ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დარღვევა, არამედ კანის ანთებითი დაავადება, რომელიც შემდგომ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დარღვევას, კანის დამცველობითი და ყველა სხვა ფუნქციის დაქვეითებას იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, დაავადების შემდგომი განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
სებორეული დერმატიტი - ეს არის დერმატიტი, რომელიც ლოკალიზდება მხოლოდ ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებში: სახეზე (შუბლზე, ცხვირზე, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედზე, ნიკაპზე), თავის თმიან ნაწილზე, დეკოლტეს ზონასა და ბეჭებზე. სებორეული დერმატიტი იწვევს სიწითლეს, აქერცვლას, კანის გასქელებას, მკვეთრ ქავილს. მისთვის ასევე დამახასიათებელია ქერტლი, თმის გამოფიტვა და დაზიანება.
განასხვავებენ თავის თმიანი ნაწილის სებორეული დერმატიტის სამ ფორმას:
- მშრალი ტიპის ანუ ჩვეულებრივი ქერტლი - ახასიათებს წვრილი ქერტლი, თმა სწრაფად არ ჭუჭყიანდება;
- ცხიმოვანი ტიპის ქერტლი - ახასიათებს სქელი ცხიმიანი, ყვითელი ქერტლი, რომელიც ეკვრის თმას; შესაძლოა, ქერტლი ერთმანეთს შეეწებოს; თმა ძალიან სწრაფად ჭუჭყიანდება;
- ანთებითი ტიპი - დამახასიათებელია ძლიერი სიწითლე, სისველე, ქავილი; დაზიანება სცდება თმოვანი საფარველის არეს.
სებორეული დერმატიტის გამომწვევი ფაქტორები სებორეის ანალოგიურია - ნეიროგენული, ჰორმონული, იმუნური. სებორეული დერმატიტი ძლიერდება ნერვული სტრესის, ჰორმონული ცვლილებისა და იმუნური სისტემის დასუსტების შემთხვევაში.
თუ სებორეულ დერმატიტს არ ვუმკურნალეთ, ის შესაძლოა სებორეულ უბნებს გასცდეს და ერითროდემიამდე განივრცოს (ერითროდემია კანის დიფუზური გაწითლებაა, რომელიც კანის მთელ საფარველს მოიცავს), ცალკეულ შემთხვევებში კი მეორეული ბაქტერიული ინფექციით გართულდეს.
სებორეული დერმატიტი უმეტესად გვხვდება სამ წლამდე (დიათეზის სახით), სქესობრივი მომწიფების პერიოდში და 30-დან 70 წლამდე. მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს. აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი. უკეთესობა (ჩაცხრობა, რემისია) შეინიშნება ზაფხულობით, გამწვავება - შემოდგომაზე.
მკურნალობა
მკურნალობა ინიშნება ინდივიდუალურად გამოკვლევათა წყების შემდეგ. ზოგჯერ რამდენიმე სპეციალისტთან გამოკვლევაც კი ხდება საჭირო.
მკურნალობის ძირითადი საშუალებებია:
- პრეპარატები, რომლებიც აღადგენს ვეგეტაციური ნერვული სისტემის მუშაობას;
- ჰორმონული პრეპარატები, თუმცა ისინი ინიშნება მხოლოდ ძალიან მძიმე ფორმების დროს;
- განსაკუთრებული დიეტა. სასარგებლოა რძის ნაწარმი, კვერცხი, ხილი, ბოსტნეული (განსაკუთრებით - კომბოსტო და ჭარხალი), შვრიის (ჰერკულესის) ფაფა. უნდა შეიზღუდოს: ცხოველური ცხიმი (საქონლის, ღორისა და ცხვრის ქონი), მსუქანი ფრინველის ხორცი, კონსერვები, მლაშე და ცხარე პროდუქტები, საკაზმი (მდოგვი, პილპილი). ყოველივე ეს აუცილებელია მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და კუჭ-ნაწლავის მუშაობის მოსაწესრიგებლად; B, A, D, E ვიტამინები, თუთიისა და გოგირდის პრეპარატები - ისინი აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა იგი დამოუკიდებლად გაუმკლავდეს სებორეას;
- ფიზიოთერაპია: მასაჟი, კრიოთერაპია, მეზოთერაპია, ოზონოთერაპია, ფიტოთერაპია, დარსენვალი, ულტრაიისფერი სხივები.
ძალიან მნიშვნელოვანია კანისა და თმის მოვლა სახლის პირობებში. ხშირად ამისთვის საჭიროა სამკურნალო საშუალებების გამოყენებაც.
აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა: ჰაერზე სეირნობა, მზისა და ჰაერის აბაზანები, გაკაჟება, ცურვა ღია აუზში.
ვარჯიში აწესრიგებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას;
დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ინიშნება ანტიმიკოზური პრეპარატები.
მშრალი სებორეის დროს ინიშნება 10%-იანი გოგირდის კრემი.
სებორეული ეგზემა
სებორეული ეგზემა (სებორეული ეგზემატიდი, სებორეიდი) კანის ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარი უბნების (თავის თმიანი ნაწილის, ყურის უკანა არეების, ცხვირ-ტუჩის ნაკეცის, ქუთუთოს კიდეების, ბეჭთაშუა არის, მკერდის ზედა ნაწილის და სხვა) ქრონიკული ანთებაა. სებორეიდი, წესისამებრ, იმუნური სისტემის დასუსტებისას ვითარდება. ასეთ დროს კანის სენსიბილიზაციას ანუ მგრძნობელობის მომატებას ხშირად საკუთარივე ექსკრეტი (ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც გამოიდევნება ორგანიზმიდან) ან კანზე მობინადრე ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტები იწვევს.
ზოგიერთი ავტორი სებორეულ ეგზემას ქრონიკულ სებორეულ დერმატიტს მიაკუთვნებს, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სპეციფიკური მიკროორგანიზმი (მოროკოკი) ან სტრეპტოსტაფილოკოკი იწვევს.
სებორეული ეგზემის მიზეზებიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პიოკოკებს (ერთგვარი მიკროორგანიზმებია), განსაკუთრებით - ოვალურ პიტიროსპორუმს. ანტიგენებად შესაძლოა მოგვევლინოს კანდიდას ტიპის სოკო და სტაფილოკოკიც. დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროენდოკრინული სისტემის დარღვევები და ორგანიზმის რეაქტიულობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სებორეულ ეგზემას კავშირი აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკულ დაავადებებთან, ჰაიმორიტთან, კონიუნქტივიტთან (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), რინიტთან (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), ნევროლოგიურ დარღვევებთან.
სიმპტომები და მიმდინარეობა
სებორეული ეგზემის დროს თავის თმიანი უბნების კანი გამომშრალი და ჰიპერემიულია, დაფარულია დიდი რაოდენობით ქატოსმაგვარი მორუხო ქერცლით, სეროზული ან სეროზულ-ჩირქოვანი მოყვითალო ფუფხით, რომლის მოცილების შემდეგაც კანზე სველი ზედაპირი რჩება. დაზიანებულ უბნებს აქვს მკვეთრი საზღვრები, თმა ამ ადგილებზე ერთგვარად შეწებებულია. კანის ნაკეცებში შეშუპება, ჰიპერემია, ღრმა მტკივნეული ნახეთქები აღინიშნება, დაზიანებული უბნების პერიფერიულ ნაწილს კი ყვითელი ქერცლი და ქერქი ფარავს. სხეულსა და კიდურებზე მოყვითალო-მოვარდისფრო ლაქები ჩნდება. კლინიკურად სებორეული ეგზემა ერითემულ ფოლაქებს წარმოადგენს (ერითემა სისხლძარღვთა გაფართოებით გამოწვეული კანის სიწითლეა). ეს ფოლაქები უმეტესად წვრილი პაპულების (მშრალი მუწუკების) ან მოყვითალო-მოვარდისფრო მიკრობუშტუკების გაერთიანებით წარმოიქმნება. პერიფერიებზე შერწყმის გამო დაზიანების კერები შედარებით გავრცობილ სახეს იძენს. პაციენტები წვასა და ქავილს უჩივიან. ქერქების მოცილებისას, განსაკუთრებით - კანის ნაკეცებში, კანი სველი და ეროზირებული რჩება.
მკურნალობა
სებორეული ეგზემის მკურნალობა კომპლექსურია. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანმხლები დაავადების კორექციას, ვიტამინოთერაპიას. პაციენტს უნიშნავენ სედაციურ პრეპარატებს, ანტიჰისტამინურ და მადესენსიბილიზებელ საშუალებებს (რომლებიც აქვეითებენ გამღიზიანებლისადმი ორგანიზმის მგრძნობელობას). დაავადების შედარებით მძიმე ფორმების დროს აუცილებელია გლუკოკორტიკოიდების გამოყენება. დიდი ყურადღება ეთმობა ადგილობრივ თერაპიასაც. თავის თმიანი ნაწილის დასაბანად პაციენტებს 2%-იანი კეტოკონაზოლის შამპუნის (ნიზორალის) გამოყენებას ურჩევენ. ამის შემდეგ კანი ჰიდროკორტიზონის შემცველი სპეციალური სითხით ან ლოსიონით უნდა დამუშავდეს. საგანგებო დამუშავება და მოვლა სჭირდება სხეულისა და სახის კანსაც. პიოკოკური ფლორის შეერთების შემთხვევაში აუცილებელი ხდება სამკურნალო კომპლექსში ანტიბიოტიკების შემცველი კრემებისა და საცხების ჩართვა. მკურნალობის ტაქტიკას ექიმი დერმატოლოგი ადგენს პაციენტის მდგომარეობის, დაავადების ფორმისა და მიმდინარეობის შესაბამისად. აუცილებელია ძილისა და კვების რეჟიმის მოწესრიგება, სხვადასხვა სახის ალერგენსა და სტრესფაქტორთან კონტაქტის თავიდან აცილება, რაციონიდან კვერცხის, ნიგვზის, ყავის, შოკოლადის, ციტრუსების, ბულიონების, გაზიანი სასმელების ამოღება.