აფექტური
სინდრომები

აფექტური სინდრომები ხასიათის (ემოციის, გუნება-განწყობის) დარღვევებით მიმდინარე ფსიქიკურ დარღვევათა სიმპტოკომპლექსებია. იყოფა ორ ძირითად ჯგუფად. პირველი უპირატესად ამაღლებული (მანიაკური) გუნება-განწყობით მიმდინარეობს, მეორე - უპირატესად დაქვეითებულით (დეპრესიულით). დეპრესიული სინდრომი მანიაკურზე გაცილებით ხშირად გვხვდება. საყურადღებოა, რომ სუიციდის შემთხვევათა 50% დეპრესიული სინდრომის ფონზე ხდება.
აფექტური სინდრომები ყველა ფსიქიკურ პათოლოგიას ახასიათებს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში დაავადების ერთადერთი გამოვლინებაა (ცირკულარული ფსიქოზი, შიზოფრენია), ზოგჯერ კი სხვა სიმპტომებს ახლავს თან (პროგრესირებადი დამბლა, სიფილისი, ტვინის სიმსივნე და სხვა).
აფექტური სინდრომების კლინიკურ სურათში წამყვანი ადგილი უკავია ემოციური სფეროს დარღვევებს – ხასიათის ცვლილებებიდან დაწყებული, მის გამოხატულ დარღვევებამდე (აფექტები). აფექტები ორგვარია - სთენიური, რომლებიც უპირატესად აღგზნებით მიმდინარეობს (სიხარული, აღტაცება) და ასთენიური, სადაც ჭარბობს დამუხრუჭება (შიში, ნაღველი, სევდა, სასოწარკვეთილება).
აფექტურ სინდრომებს მიეკუთვნება დისფორია, ეიფორია, დეპრესია და მანია.
დისფორია ხასიათის დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს დაძაბულობა, სიბრაზე-სევდის აფექტები და გამოხატული გაღიზიანებადობა, რომელიც შეიძლება მრისხანებასა და აგრესიაშიც კი გადაიზარდოს.
დისფორია ყველაზე ხშირად ეპილეფსიას ახლავს თან. ამ დროს იგი მოულოდნელად, ყოველგვარი საბაბის გარეშე ვლინდება, გრძელდება რამდენიმე დღე და ასევე მოულოდნელად სრულდება. დისფორია შეიმჩნევა ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებების დროსაც. ზოგჯერ იგი ალკოჰოლიზმს ერწყმის.
ეიფორიას ახასიათებს ამაღლებული გუნება-განწყობილება, უდარდელი კმაყოფილება, პასიური სიხარული, უშფოთველი განცხრომა. ეიფორია გვხვდება პროგრესული დამბლისა და ტვინის ტრავმის კლინიკურ სურათში.
დეპრესიას ახასიათებს დაქვეითებული, სევდიანი გუნება-განწყობა (დისთიმია), ასოციაციური პროცესების, მეტყველებისა და მოძრაობის შეფერხება. იგი სხვადასხვა ხარისხით შეიძლება გამოვლინდეს, გუნება-განწყობის მსუბუქი დაქვეითებიდან (ჰიპოთიმია) უდიდეს სევდამდე. დეპრესიულ ავადმყოფებს დაქვეითებული აქვთ აღქმის ინტენსივობა - გარესამყაროს ნაცრისფრად და ერთგვაროვნად აღიქვამენ, განვლილ წლებს უარყოფითად აფასებენ, აწმყოს შავბნელ ფერებში ხედავენ, მომავალს უიმედოდ უყურებენ. მათი აღქმის არეალი ვიწროა, მთელი ყურადღება საკუთარი დარდისკენ, საკუთარი მდგომარეობის სიმძიმისკენ აქვთ მიპყრობილი. მათი ასოციაციური პროცესები შეფერხებულია, გონების მცირე დაძაბვაც კი უჭირთ, უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას. დაქვეითებული აქვთ საქმიანობის მოტივაციაც, დიდხანს წვანან ან სხედან ერთ პოზაში, ლაპარაკობენ ჩუმად, ძალიან ცოტას, აქვთ შენელებული მოძრაობები და ნაღვლიანი გამომეტყველება. დაქვეითებული აქვთ თავიანთი სომატური მდგომარეობის (ფიზიკური ჯანმრთელობის) აღქმის უნარიც. უჩივიან უძლურებას, სისუსტეს, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას, თავისა და ფეხების ტკივილს, უმადობას, პერიოდულად - შეკრულობას. იკლებენ წონას, უქვეითდებათ კანის ტურგორი, აქვთ მობერებული იერი. დეპრესია დღის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით ვლინდება - დილაობით უფრო ძლიერია, საღამო ხანს კი იკლებს.
დეპრესიული სინდრომის ძირითადი ვარიანტებია:
1. თავის დადანაშაულების ბოდვითი იდეებით მიმდინარე დეპრესია. მას ზემოაღნიშნულ დარღვევებთან ერთად ახასიათებს თვითგანადგურებისა და თავის დადანაშაულების ბოდვითი იდეები. ავადმყოფები ამტკიცებენ, რომ ოჯახისა და საზოგადოების წინაშე ესა თუ ის დანაშაული აქვთ ჩადენილი; უჩნდებათ სუიციდური აზრები. ზოგ შემთხვევაში ბოდვით იდეებს საფუძველი არც კი აქვს.
2. ასთენიური დეპრესია. ამ დროს შეინიშნება ე.წ. ფსიქიკური ანესთეზია: ადამიანს არ აქვს არავითარი ემოცია - არც უხარია, არც სწყინს, არც ახლობლებზე შესტკივა გული. მათ გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილნი არიან, თუმცა ხვდებიან ამას და ამის გამო იტანჯებიან კიდეც.
3. აჟიტირებული დეპრესია. ამგვარი დეპრესიისთვის დამახასიათებელია დარდისა და ნაღველის შერწყმა ერთფეროვან აზროვნებასა (დეპრესიული მონოიდეიზმი) და მოძრაობით აგზნებებთან. ავადმყოფი ვერ ისვენებს, გამუდმებით წუხს, წუწუნებს, ითხოვს, მოკლან, რადგან სიცოცხლის ღირსი არ არის. ამტკიცებს, რომ ვერასოდეს გამოჯანმრთელდება და თავს იდანაშაულებს იმაში, რომ დაავადდა. აჟიტირებული დეპრესიის დროს შესაძლოა განვითარდეს კოტარის სინდრომი - ჰიპოქონდრიული, ნიჰილისტური ხასიათის ბოდვითი აზრები (სამყაროს დაღუპვის, მტანჯველი უკვდავების, ბოროტი სიდიადის შესახებ). ზოგჯერ ავადმყოფი ამტკიცებს, რომ მის შიგნით სიცარიელეა, არ აქვს ტვინი, საკვები მასში ისე ვარდება, როგორც ტომარაში.
4. სტუპორით (გაშეშება, გაშტერება) ან სუბსტუპორით მიმდინარე დეპრესია. ამ დროს ავადმყოფი თითქმის არ მოძრაობს, შეკითხვებზე ძლივს პასუხობს, ჩურჩულით წარმოთქვამს ერთ ან ორ სიტყვას, აქვს გაყინული, მწუხარე სახე.
5. ფსიქასთენიური დეპრესია. იგი ვლინდება არა იმდენად გუნება-განწყობის დაქვეითებითა და დამუხრუჭებული რეაქციებით, რამდენადაც გაუბედაობით და საკუთარი თავის რწმენის უქონლობით.
6. ჰიპოქონდრიული დეპრესია. ავადმყოფი უჩივის უსიამოვნო შეგრძნებებს და მძიმე დაავადების შიშს, რის გამოც ხშირად მიმართავს ექიმს გამოსაკვლევად. ზოგჯერ კლინიკურ სურათში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ვეგეტაციურ დარღვევებს: გულისცემის შეგრძნებას, ოფლიანობას, გულისრევას, ღებინებას და სხვა. ავადმყოფი უგუნებოდაა, ასოციაციური და მოძრაობითი შეფერხებები უმნიშვნელოდ არის გამოხატული. ავადმყოფს მთელი ყურადღება საკუთარი უსიამოვნო შეგრძნებებისკენ აქვს მიპყრობილი.
დეპრესიული სინდრომი შეინიშნება სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების დროს. მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზის დეპრესიული ფაზის კლინიკა შეესაბამება ტიპობრივ დეპრესიულ სინდრომს. დეპრესია შეიძლება იყოს ფსიქიკის ცვლილების პირველი გამოვლინება ათეროსკლეროზის, სიფილისის, მოხუცებულობის ფსიქოზის, პროგრესიული დამბლის დროს. დეპრესია (ხშირად - ატიპურად მიმდინარე) ახასიათებს სომატურ ფსიქოზებსა და შიზოფრენიას. ორგანული პროცესების დროს დეპრესიული სინდრომი რთულდება მეხსიერების დაქვეითებით, ასთენიითა და პარანოიდული დარღვევებით, შიზოფრენიული პროცესების დროს მას, ჩვეულებრივ, დაერთვის სისუსტე, ბოდვები, კატატონიური სინდრომი (სხეულის ერთ პოზაში გაშეშება). დეპრესიული სინდრომი შეიძლება განვითარდეს ნეიროლეპტიკური საშუალებებით მკურნალობის შედეგად (ე.წ. ამინაზინური დეპრესია). დეპრესია შეიძლება აღმოცენდეს როგორც რეაქცია ფსიქოლოგიური ტრავმის დროს (რეაქციული დეპრესია).

მანია
მანიას ანუ მანიაკურ სინდრომს ახასიათებს არამოტივირებულად ამაღლებული, მხიარული გუნება-განწყობა (ჰიპერთიმია), ასოციაციური პროცესების დაჩქარება და მეტყველება-მოძრაობითი აღგზნება. ავადმყოფს გარესამყარო სახალისო, ზედმეტად საინტერესო ეჩვენება, უჩვეულოდ გულადია და გრძნობს ძალების მოზღვავებას. ასოციაციური პროცესების დაჩქარება გამოიხატება ავადმყოფის სურვილების ცვალებადობით და ყურადღების ლაბილურობით: ის ამჩნევს ყველაფერს, უმნიშვნელო დეტალებსაც კი, მაგრამ ყურადღების რაიმე კონკრეტულზე კონცენტრირება არ შეუძლია ანუ ყურადღება ეფანტება და მსჯელობა გამუდმებით ერთი საკითხიდან მეორეზე გადააქვს, რადგან დაჩქარებულია მისი აზროვნების ტემპი. მსჯელობა ზედაპირულია. გამოხატულია აქტივობისადი მიდრეკილება: ავადმყოფი გამუდმებით ცდილობს, რაიმე აკეთოს, მაგრამ არც ერთი საქმის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია. მანიაკური სინდრომით შეპყრობილი ადამიანი დაუღალავია, სულ მოძრაობს, ხმამაღლა ლაპარაკობს, იცინის, თავის ღირსებას, შინაგან ბუნებას, საზოგადოებრივ მდგომარეობას გადაჭარბებულად აფასებს, საკუთარ თავს მიაწერს დიდ დამსახურებასა და ნიჭს. ასეთი ავადმყოფები სექსუალურები არიან და ხშირად აქვთ შემთხვევითი კავშირები. აღსანიშნავია, რომ მადის მატებისა და ჭარბი კვების მიუხედავად, წონას იკლებენ. ძილი, როგორც წესი, დარღვეული აქვთ.
მანიაკური სინდრომის ვარიანტებია:
1. მანიაკური მდგომარეობა იდეების მოზღვავებით - ახასიათებს მკვეთრად გამოხატული იდეატორული აღგზნება, "მოგონებების ზღვა" - ავადმყოფი არცთუ იშვიათად იგონებს უმნიშვნელო, დიდი ხნის წინ დავიწყებულ და შორეულ წარსულში მომხდარ ეპიზოდებს (ჰიპერმნეზია). შეინიშნება გონებაგაფანტულობა, აწმყოს დამახსოვრება ჭირს. ზოგჯერ მეხსიერების პრობლემას ავსებენ ცრუ მოგონებებით. დაავადებულს აქვს სწრაფი მეტყველება, ზოგჯერ - ტელეგრაფული სტილისა: მთელი ფრაზიდან ამბობს მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს.
2. მრისხანე მანია. დამახასიათებელია ამაღლებული გუნება-განწყობა, შერწყმული მრისხანებასა და გაღიზიანებასთან. ავადმყოფი შარიანობს, გამუდმებით ერევა სხვის საქმეში, ხმამაღლა ლაპარაკობს, მოუსვენრობს. მაქსიმალური ხარისხის მოძრაობითი აგზნების შემთხვევაში აგრესიულია, ირგვლივ ყველაფერს ლეწავს (მანიაკური აღგზნება გაშმაგებით).
3. მსუბუქი მანიაკური სინდრომი ანუ ჰიპომანიაკური მდგომარეობა.
მანიაკური მდგომარეობა, რომელიც ფსიქიკური დაავადების შემთხვევაში რამდენადმე იშვიათად გვხვდება, ვიდრე დეპრესიული, შეიძლება იყოს მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზის მანიაკური ფაზა, განვითარდეს შიზოფრენიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადების, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის, ფსიქოტროპული და ანტიდეპრესიული საშუალებების მიღების შემთხვევაშიც კი.
პათოლოგიური აფექტი ხანმოკლე ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც უვითარდებათ ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ იმ პირებს, რომლებიც არ არიან სულით ავადმყოფები, მაგრამ გამოირჩევიან ცვალებადი ხასიათით და ასთენიით. ამ მდგომარეობის დროს მრისხანება და სიბრაზე უფრო მეტადაა გამოხატული პირებში, რომელთაც ფიზიოლოგიური აფექტები ახასიათებთ.
პათოლოგიური აფექტის მიმდინარეობაში გამოყოფენ სამ ფაზას:
ა) წყენისა და შიშის ასთენიური აფექტები, რომლებსაც თან ახლავს აზროვნების დარღვევა (ცალკეული აზრების დაუსრულებლობა, აზრებს შორის კავშირის არარსებობა) და ვეგეტაციური დარღვევები (სახის სიფითრე, ხელების კანკალი, პირის სიმშრალე, კუნთების ტონუსის დაქვეითება);
ბ) აფექტი ხდება სთენიური, ემატება სიბრაზე და მრისხანება; ამ დროს გონება იზღუდება, დომინირებს მოგონებები ფსიქიკური ტრავმების შესახებ; აზროვნების დარღვევები ღრმავდება, თან ახლავს აღგზნება და აგრესიულობა; ვეგეტაციური ცვლილებები შემდეგი ხასიათისაა: სახე წითელია, პულსი - აჩქარებული. კუნთების ტონუსი მომატებულია;
გ) პათოლოგიური აფექტიდან გამოსვლა - ახასიათებს პროსტრაცია (დაძაბუნება, უხალისობა, გარემოს მიმართ ინტერესის დაკარგვა) ან ძილი და სრული ან ნაწილობრივი ამნეზია.
მკურნალობა. აფექტური სინდრომების დროს უნდა გატარდეს ექსტრემალური ღონისძიებები: ავადმყოფს დაუწესდეს მეთვალყურეობა და გამოკვლეული იქნეს ფსიქიატრის მიერ. დეპრესიული ავადმყოფები, რომელთაც აქვთ სუიციდის მცდელობები, უნდა მოთავსდნენ სტაციონარში მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. აჟიტირებული დეპრესიის ან სუიციდის მცდელობების შემთხვევაში ამბულატორიულ პირობებში ინიშნება ამინაზინი.
მკურნალობის დანიშვნის დროს ითვალისწინებენ ნოზოლოგიურ დიაგნოზს და ავადმყოფის მდგომარეობას. თუ დეპრესია წარმოადგენს ცირკულაციური ფსიქოზის ფაზას, მკურნალობა ტარდება ფსიქოტროპული საშუალებებით - ანტიდეპრესანტებით. დეპრესიაში აჟიტირების, შფოთვის ელემენტების არსებობის შემთხვევაში ინიშნება კომბინირებული თერაპია ანტიდეპრესანტებით (დღის პირველ ნახევარში) და ნეიროლეპტიკური საშუალებებით (დღის მეორე ნახევარში).
ფსიქოგენური დეპრესიის დროს, თუ იგი არ არის ღრმა, ჰოსპიტალიზაცია აუცილებლად არ მიიჩნევა, რადგან ამ დროს დაავადების გამოვლინება თანდათანობით სუსტდება. მკურნალობა ტარდება სედაციური და ანტიდეპრესიული საშუალებებით.
მანიაკური მდგომარეობის შემთხვევაში ავადმყოფს აწვენენ სტაციონარში, რათა მისი არასწორი და ხშირად არაეთიკური ქმედებებისგან დაიცვან გარშემო მყოფებიც და თავად დაავადებულიც. მანიაკური მდგომარეობის სამკურნალოდ გამოიყენება ნეიროლეპტიკური საშუალებება - ამინაზინი, პროპაზინი ან რომელიმე სხვა. ეიფორიის შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, რადგან ეს მდგომარეობა მეტყველებს ან ინტოქსიკაციაზე (რაც სწრაფ დიაგნოსტიკას და სათანადო ღონისძიებების სწრაფ გატარებას მოითხოვს), ან ტვინის ორგანულ დაავადებაზე, რისი არსიც სწრაფად უნდა იქნეს დადგენილი. რეკონვალესცენციის პერიოდში, ასევე - გადატანილი ინფექციური ან სომატური დაავადების ფონზე განვითარებული ეიფორიის დროს ავადმყოფს არ სჭირდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ უნდა იყოს ექიმისა და მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. სამკურნალოდ ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებებთან ერთად უნდა დაინიშნოს სედაციური პრეპარატებიც. ეპილეფსიური დისფორიის მდგომარეობაში ავადმყოფს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, რადგან მისი მხრივ დიდია აგრესიის გამოვლენის ალბათობა.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია