სინდრომი
ლოფრენის სინდრომისთვის დამახასიათებელია ჰილუსის ლიმფური კვანძების ორმხრივი გადიდება, კანის დაზიანება კვანძოვანი ერითემის ტიპით და ცხელება. ეტიოლოგია დაუდგენელია. სადღეისოდ ეს სინდრომი მიჩნეულია მწვავე სარკოიდოზის ერთ-ერთ კლინიკური ვარიანტად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ლუბარშ-პიკის
სინდრომი
ლუბარშ-პიკის სინდრომი წარმოადგენს მიელომური დაავადების (იხ. რუსციტკი-კალერის დაავადება) გართულებას და გამოიხატება სისტემური პარაამილოიდოზის, მაკროგლოსიის, მრავლობითი ეკქიმოზისა და ქსანთომის, პროტეინურიის, ჰიპერქოლესტერინემიის, ანურიის შერწყმით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ლუი-ბარის
სინდრომი
ლუი-ბარის სინდრომისთვის დამახასიათებელია ატაქსია, ტელეანგიექტაზია, თიმუსის ჰიპოპლაზია და ამასთან დაკავშირებული უჯრედული იმუნიტეტის დეფექტი. აღინიშნება ქრომოსომის არასტაბილურობა. თან ახლავს იმუნოგლობულინების სრული დეფიციტი. ორგანიზმს აქვს მიდრეკილება მძიმე ინფექციური გართულებებისადმი. ამ სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად ემართებათ სხვადასხვა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეები, ლიმფოსარკომა, შედარებით იშვიათად - მწვავე ლეიკოზი, რომელიც განვითარებულია ლიმფოპოეზის წინამორბედი უჯრედისგან.
მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს. პროგნოზი ცუდია.
ლუმბალგიურ-ჰემატურიული
სინდრომი
ლუმბალგიურ-ჰემატურიული სინდრომის პათოგენეზში მნიშვნელობა ენიჭება თირკმლის ლოკალურ ჰემოსტაზს, რომლის დროსაც ხდება თრომბოციტების აქტივაცია და ფიბრინული დეპოზიტების წარმოშობა. კლინიკურ სურათში წამყვანია ლუმბალური და ჰემორაგიული მოვლენები, თირკმლის დაზიანების სხვა ნიშნები არ შეიმჩნევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ლურჯი სკლერების
სინდრომი
ლურჯი სკლერების სინდრომი (სინონიმები: ჰუვეს სინდრომი, ვან დერ ჰუვეს სინდრომი, ადაირ-დაიტონის სინდრომი, ედოვსის დაავადება) მემკვიდრეობითი პათოლოგიაა გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მისთვის დამახასიათებელია ძვლების მტვრევადობა (რაც ჩონჩხის დეფორმაციას იწვევს), სმენის დაქვეითება (პროგრესირებადი ოსტეოსკლეროზის გამო) და სკლერების მორუხო-მოცისფრო შეფერილობა. ეს გამოწვეულია გათხელებითა და მათი გამჭვირვალობის მომატებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ლუსი-დრისკოლის
სინდრომი
ლუსი-დრისკოლის სინდრომი არაჰემოლიზური ოჯახური სიყვითლეა. მიმდინარეობს მძიმედ. პათოლოგიის არსია გლუკოურონილტრანსფერაზის აქტივობა. ჯანმრთელ ცხოველთა ღვიძლის უჯრედებში ვლინდება დაავადებული ბავშვის სისხლის შრატის გადასხმას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
ლუჩიანის
სინდრომი
ლუჩიანის სინდრომი წარმოადგენს ნათხემისებურ ატაქსიას, ნათხემის სხვადასხვა გენეზის დაზიანების სიმპტომოკომპლექსს. მისთვის დამახასიათებელია სიმპტომთა ტრიადა: ასთენია, ატონია, ასტაზია. გარდა ამისა, ჩვეულებრივ, ატაქსია, ადიადოქოკინეზი, ჰიპერმეტრია, ბრადილალია, სახსართა გადაჭიმვა, ინტენციური რხევა, ქორეოფორმული ჰიპერკინეზიები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მადელუნგის დაავადება
I ანუ სინდრომი
მადელუნგის დაავადება I ანუ სინდრომი გამოიხატება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დიფუზური მატებით, უპირატესად - კისრის არეში. აღწერილია სხვადასხვა სახელწოდებით: ცხიმოვანი კისერი, კამეჩის კუზი, ცალუწი, კისრისირგვლივი ლიპომა, კისრის კეთილთვისებიანი სიმეტრიული ლიპომატოზი, ლონგუა-ბენსოდის ადენომატოზი, ბუსკეს დაავადება. მიმდინარეობა პროგრესულია, მკურნალობა - ქირურგიული.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მაიერ-უელსის
სინდრომი
მაიერ-უელსის სინდრომი წარმოადფენს მემკვიდრეობითი სიმპტომების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. იწყება ახალაგზრდა ასაკში შემცივნების რეციდივებით. აღინიშნება ხანმოკლე ურტიკარია, საერთო სისუსტე, სმენის დაქვეითება სრულ სიყრუემდე, ნევროლიზური სინდრომი, სათესლე ჯირკვლის ატროფია, სქესობრივი მოთხოვნილების დაკარგვა, გლაუკომა, ჰიპერგლობულინემია, ჰიპერქოლესტერინემია, ედსის აჩქარება, პროტეინურია, ჰიპერამინოაციდურია, აზოტემია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მაკგინ-უაიტის
სინდრომი
მაკგინ-უაიტის სინდრომი წარმოადგენს ელექტროკარდიოგრაფიულ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც თავს იჩენს ფილტვების არტერიის ემბოლიის დროს. ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნება: ღრმა S და Q3, ღრმა და უარყოფითი V3 კბილი.
მაკგიოკა-რიდის
სინდრომი
მაკგიოკა-რიდის სინდრომი წარმოადგენს კანის მემკვიდრეობით სიმპტომოკომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მისთვის დამახასიათებელია საფეთქლის ორივე მხარეს დანაოჭებული კანის უბნები, რაც მეანის სატაცის ნაკვალევს მოგვაგონებს, ჰისტოლოგიურად - მეზოდერმული დისპლაზია კანქვეშა ცხიმის თითქმის სრული გაქრობით. ჩონჩხის კუნთები მჭიდროდაა მიხორცებული ეპიდერმისთან.
მაკ დუფიეს
სინდრომი
მაკ დუფიეს სინდრომი (მანეკროზებელი ვენულიტი, მანეკროზებელი ვენოანგინიტი) გამოიხატება გამონაყარით, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპებით, სპეციფიკური კომპლემენტის აქტივაციით ცხვირისა და ლოყების ლორწოვანზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ქვედა კიდურებზე ლოკალიზებული პაპულებით, სახეზე გამონაყარით. გარდა ამ სიმპტომებისა, მოსალოდნელია ართრალგია, თირკმელების ზომიერი უკმარისობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, ადენოპათია, ცვლილებები თვალების მხრივ (კერატიტი, კონიუნქტივიტი, ეპისკლერიტი). სინდრომი განეკუთვნება ჰიპერიმუნურ პროცესებს. პათოლოგოჰისტოლოგიურად აღინიშნება ვენულოკაპილარული ზონის არჩევითი დაზიანება. ავადდებიან უმეტესად ქალები. რისკფაქტორებია ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქოპნევმონია და თამბაქოს წევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მაკ კარის
სინდრომი
მაკ კარის სინდრომი წარმოადგენს იდიოპათიურ ოჯახურ ჰიპოგლიკემიას. მისი ნიშნებია სისუსტე, ოფლიანობა, ტრემორი, კრუნჩხვა, კომა. ხშირია ჰიპოგლიკემია უზმოზე. ექვსი-ათი წლის ასაკშიაღინიშნება სპონტანური რემისია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მაკ კენზის
სინდრომი
მაკ კენზის სინდრომი (ცერებრულ-ოკულო-რენული სინდრომი, ცერებრულ-ოკულო-რენული დისტროფია) წარმოადგენს ტვინის, თვალებისა და თირკმელების მეკვიდრეობითი ანომალიების შერწყმას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. თავს იჩენს ადრეულ ბავშვობაში. ახასიათებს: ანორექსია, განვითარების შეჩერება, მორეციდივე ღებინება, დისპეფსია, კუნთების ჰიპოტონია, რქოვანას ორმხრივი შემღვრევა, ფოტოფობია, ნისტაგმი, კრუნჩხვები, კრიპტორქიზმი, მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია, აზოტემია, აციდურია, ჰიპოსთენიურია. პროგნოზი მძიმეა. სიკვდილის მიზეზია თირკმელების უკმარისობა.
მაკ-კიტრიკ-უილოკის
სინდრომი
მაკ-კიტრიკ-უილოკის სინდრომი წარმოადგენს ელექტროლიტური დარღვევების სიმპტომოკომპლექსს, რომელიც ნაწლავის ადენომით დაავადებულებში იჩენს თავს. ეს სინდრომი, ჩვეულებრივ, მოხუცებულობის ასაკში ვლინდება. ახასიათებს: პროფუზული ქრონიკული ლორწოვანი ფაღარათი (განავალში სისხლი არ აღინიშნება), ტენეზმი, დეჰიდრატაცია, ჰიპოქლორემია, ჰიპოკალიემია, იშვიათად გასინჯვისას (პალპაცია, რექტალური გასინჯვა, რექტოსკოპია) სიგმაში ან სწორ ნაწლავში აღმოაჩენენ ადენომას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მაკ ლენენის
სინდრომი
მაკ ლენენის სინდრომი (სინონიმი: თაისინის სინდრომი) წარმოადგენს ანალური ხვრელის მიდამოში რეფლექსური შეტევის მსგავს ტკივილს. მისთვის დამახასიათებელია ხანმოკლე ტკივილი ანალური სფინქტერის მიდამოში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ღრმად. ხშირია ზეწოლის შეგრძნება გულის არეში, სიფითრე, ოფლიანობა, შეკრულობა, ბუასილი, პროსტატიტი, პროქტოსიგმოიდიტი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მაკლეოდის
სინდრომი
მაკლეოდის სინდრომი, იგივე მაკლეოდის სიმპტომი, წარმოადგენს ბრონქიოლების ცალმხრივი დახშობის კლინიკურ-რენტგენოლოგიურ სურათს. იმავდროულად აღინიშნება ფილტვის სისხლძარღვთა ცალმხრივი პათოლოგია. თვალსაჩინო მიზეზების გარეშე იწყება პროგრესირებადი ქოშინი, ცალ ფილტვზე ისმის შესუსტებული სუნთქვა, კრეპიტაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მაკქუარის
სინდრომი
მაკქუარის სინდრომი წარმოადგენს ოჯახურ იდიოპათიურ ჰიპოგლიკემიას - სპონტანურ იდიოპათიურ მემკვიდრეობით პათოლოგიას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. გამოწვეულია ინსულინის შენელებული დაშლით ინსულინის ენზიმური ბლოკის გამო. დამახასიათებელია უზმოზე განვითარებული საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ჰიპერფაგია, ტრემორი, კრუნჩხვები, მოსალოდნელია კომაც. მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მალასიმილაციის
სინდრომი
მალასიმილაციის სინდრომი წარმოადგენს ნაწლავთა ფუნქციის მოშლას, რომელსაც იწვევს მალდიგესტიისა და მალაბსორბციის სინდრომები. ასეთი ავადმყოფები ცუდად იტანენ რძეს და რძის ნაწარმს.
მალაბსორბციის
სინდრომი
მალაბსორბციის სინდრომი (სინონიმი: დარღვეული შეწოვის სინდრომი) წარმოადგენს კლინიკურ სიმპტომთა კომპლექსს, რომელიც ვითარდება წვრილ ნაწლავში აბსორბციის დარღვევის შედეგად. ვლინდება ნივთიერებათა (ცილოვანი, ცხიმოვანი, მინერალური, წყალმარილოვანი, ვიტამინების) ცვლის მოშლით. აღინიშნება მუდმივი სტეატორეა და კრეატორეა. სიმპტომებიდან აღსანიშნავია: ძლიერი სისუსტე, კვების დაქვეითება კახექსიამდე, ოსტეოპოროზი, მძიმე შემთხვევებში - ოსტეომალაცია, კანისა და ფრჩხილების ტროფიკული ცვლილებები, სხეულის შეშუპება, შესაძლოა პოლიგლანდულარული უკმარისობა, მარაზმი. ღვიძლის ალიმენტური ციროზი. სისხლში - ანემია, ჰიპოპროტეინემია, შეიძლება იყოს პირველადი - გენეტიკური ენზიმოპათიის შედეგი. მეორეული - დაკავშირებული თირეოტოქსიკოზთან, ჰიპოპიტუიტარიზმთან, გულის უკმარისობასთან, უმთავრესად კი კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებასთან და დიგესტიკურ ტრაქტზე ოპერაციული ჩარევის შემდგომ ცვლილებებთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მალორი-ვეისის
სინდრომი
მალორი-ვეისის სინდრომი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაა, რომლის წყაროა ნახეთქი (საყლაპავის ან კუჭის დასაწყისი ნაწილის ლორწოვანი გარსის გაგლეჯა). სინდრომს აქვს ტიპური კლინიკური სურათი: ალკოჰოლის ან დიდი რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ იწყება მასიური ღებინება ჯერ კუჭის შიგთავსით, მერე კი შეუცვლელი სისხლით. სისხლდენა იშვიათად არის ინტენსიური. დიაგნოზი ზუსტდება ენდოსკოპიური გამოკვლევით, რომლის დროს, როგორც წესი, სისხლდენის შეჩერება ხერხდება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მანიაკურ-პარაფრენიული
სინდრომი
მანიაკურ-პარაფრენიული სინდრომი წარმოადგენს მანიაკური სინდრომის შერწყმას გრანდიოზულ, ფანტასტიკური შინაარსის მქონე ბოდვით იდეებთან (განდიდების, ეპოქალური აღმოჩენისა და სხვ.); ვითარდება, მაგალითად, ქალა-ტვინის ტრავმების, პროგრესული დამბლის, ზოგიერთი ნივთიერებით ინტოქსიკაციის დროს.
მანიაკური
სინდრომი
მანიაკური სინდრომისთვის დამახასიათებელია ამაღლებული განწყობის შერწყმა კარგ თვითშეგრძნებასთან, ავადმყოფობის შეცნობის უუნარობასთან, მომეტებულ ფსიქიკურ აქტივობასთან. ავადმყოფი დაუფიქრებლად იქცევა, გაზვიადებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, შეინიშნება ასოციაციური პროცესების დაჩქარება, გაფანტულობა. ვითარდება მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზისა და ზოგიერთი სხვა ფსიქიკური დაავადების დროს.
მანის
სინდრომი
მანის სინდრომისთვის დამახასიათებელია თვალის კაკლის მოძრაობის ცალმხრივი შეზღუდვა ატაქსიის მხარეს, ასევე - თავისქალასშიდა წნევის მომატება და სისხლძარღვოვანი დარღვევები. ვითარდება თავის ტვინის კონტუზიის ან კომოციოს შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარანიონის სინდრომი I
მარანიონის სინდრომი I წარმოადგენს ძვალენდოკრინულ ტრიადას ქალებში; მოიცავს სკოლიოზს, ბრტყელტერფიანობას, ოვარიულ (საკვერცხის) ჰიპოფუნქციას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარანიონის სინდრომი II
მარანიონის სინდრომი II წარმოადგენს ენდოკრინული სიმპტომების კომპლექსს მამაკაცებში. გამოიხატება სათესლე ჯირკვლების ჰიპერტროფიით, გინეკომასტიით, ზომიერი სიმსუქნით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარდენ-უოკერის
სინდრომი
მარდენ-უოკერის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: ბლეფარომორფიზმი, მიკროგნატია, სახის გაყინული გამომეტყველება, კიფოსკოლიოზი, კიდურთა სხვადასხვაგვარი კონტრაქტურა, ქათმის გულმკერდი, არაქნოდაქტილია, თირკმელების პოლიკისტოზი (მიკროცისტები).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარი-ბამბერგერის
სინდრომი
მარი-ბამბერგერის სინდრომი (სინონიმები: მარის დაავადება, ფილტვისმიერი ოსტეოდისტროფია, ოსტეოპათია ჰიპერტროფიული ფილტვისმიერი) წარმოადგენს გრძელი ლულისებრი ძვლების გასქელებისა და სკლეროზის შერწყმას ფრჩხილების ფალანგების გასქელებასთან დოლის ჩხირების სახით; აღინიშნება შინაგანი ორგანოების ზოგიერთი ქრონიკული დაავადებების დროს (კიბო, ჩირქოვანი პროცესები ფილტვებში, ღვიძლის ციროზი, გულის უკმარისობა და სხვ.).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარილების დაკარგვის
სინდრომი
მარილების დაკარგვის სინდრომი (მარილებისაგან გამოფიტვის სინდრომი) წარმოადგენს არტერიული ჰიპოტონიის შერწყმას ადინამიასთან, ექსიკოზთან, კუნთების ფიბრილურ შეკუმშვასთან, გულის მუშაობის დარღვევასა და ფსიქიკის მოშლასთან. გამოწვეულია ორგანიზმის მარილებით (უპირატესად - ნატრიუმისა და კალიუმის მარილებით) გაღარიბებით. ვითარდება ხანგრძლივი ღებინების, პოლიურიის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარინ-ამტას
სინდრომი
მარინ-ამტას სინდრომი გამოიხატება თვალების უნებლიე დახუჭვით პირის გაღებისა და ღეჭვის დროს. შეინიშნება სახის ნერვის ნევრიტის შემდეგ, აღდგენით პერიოდში.
მარინესკუს
სინდრომი
მარინესკუს სინდრომი ანუ დაავადება ამიოტროფიის ნაირსახეობაა. ატროფია ვრცელდება სხეულის თითქმის ყველა კუნთზე, გარდა კისრისა და სახისა. დასაწყისში დამახასიათებელია ტკივილი, რომელსაც თან სდევს მგრძნობელობის მნიშვნელოვანი მოშლა და ცვლილებები ძვლებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარინესკუ-დრაგანესკუ-ვასილიუს
სინდრომი
მარინესკუ-დრაგანესკუ-ვასილიუს სინდრომი (სინონიმები: მარინესკუ-შეგრენ-ვარლანდის სინდრომი, მარინესკუ-შეგრენის სინდრომი) მემკვიდრეობითი დაავადებაა გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. ახასიათებს ნათხემისმიერი ატაქსია, ოლიგოფრენია და კატარაქტა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარინიონის
სინდრომი
მარინიონის სინდრომი წარმოადგენს ენდოკრინული ანომალიების კომპლექსს ქალებში. მისთვის დამახასიათებელია: სიმსუქნე, ცხელება, თირეოტოქსიკოზი, ეგზოფთალმი, დაღლილობა, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, ლეიკოციტოზი, მაღალი ედსი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარკეზანის
სინდრომი
მარკეზანის სინდრომი წარმოადგენს მარფანის გაუკუღმართებულ სინდრომს. იგი თანდაყოლილი პათოლოგიაა. მისთვის დამახასიათებელია ჯუჯობა, თვალის სიმპტომები, ბრადიდაქტილია. გვხვდება უპირატესად გოგონებში და არცთუ იშვიათად შეუღლებულია განვითარების სხვა მანკებთან, კერძოდ, გულის მანკებთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარკიაფავას
სინდრომი
მარკიაფავას სინდრომი (ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია; სინონიმები: სტრუბინგ-მარკიაფავას სინდრომი, მარკიაფავა-მიკელის ანემია, მარკიაფავა-ნაზარის სინდრომი, ჰარლეის დაავადება) შეძენილი ჰემოლიზური ანემიის ნაირსახეობაა. მიმდინარეობს მსუბუქი სიყვითლით, ანემიით, ელენთისა და ღვიძლის გადიდებით, ჰემოსიდენურიით, შეტევისას - ჰემოგლობინურიით, თრომბოციტოპენიით, რეტიკულოციტოზით. ერითროციტების ოსმოსური რეზისტენტობა ნორმალურია. კრიზის დროს შეინიშნება გულის ფრიალი, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, ეტიოლოგია უცნობია, პროგნოზი - მძიმე.
მაროტეუქს-ლემის
სინდრომი
მაროტეუქს-ლემის სინდრომი (სინონიმი: ჰერლერ-პფაუნდელის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობით პათოლოგიას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია პათოლოგიურ პროცესში ნერვული სისტემის ჩართვა, რქოვანას შემღვრევა. გონებრივი ჩამორჩენილობა არ აღინიშნება. შარდში მომატებულია ქონდროიტინსულფატის რაოდენობა. მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
მარტინი-ბალესტრის
სინდრომი
მარტინი-ბალესტრის სინდრომი (სინონიმი: ბერკის სინდრომი) წარმოადგენს ფილტვების იდიოპათიურ ატროფიას, ბულოზური ემფიზემის ერთ-ერთ ფორმას. რენტგენოლოგიურად აღინიშნება ფილტვების ნორმალური სურათის თანდათანობით გაქრობა.
მარტინ-ბოსვილის
სინდრომი
მარტინ-ბოსვილის სინდრომი (სინონიმი: ბოსვილის სინდრომი) წარმოადგენს მწვავე სისხლჩაქცევას რბილ სასაში. ავადმყოფს უეცრად ეუფლება ყელში უცხო სხეულის გაჩხერის შეგრძნება, გულისრევა, მოხრჩობის შეგრძნება, ირღვევა ყლაპვა, ჭირს მეტყველება. წოლისას სიმპტომები ძლიერდება. ობიექტურად ვლინდება რბილი სასის მრავლობითი ჰემატომა. გვხვდება მხოლოდ ზრდასრულებში. სინდრომი პოლიეტიოლოგიური ხასიათისაა. სისხლის კოაგულაციური თვისებები არ იცვლება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარტინ-დე მანის
სინდრომი
მარტინ-დე მანის სინდრომი წარმოადგენს ხორხისა და ბრონქების კატარულ ანთებას, რომელსაც თან ახლავს ქრონიკული სურდო, ფილტვების მწვერვალზე პერკუტორული ხმის მოყრუება და კრეპიტაცია. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვების გამჭვირვალობის ჰომოგენური დაქვეითება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარტლენდის
სინდრომი
მარტლენდის სინდრომი, იგივე მოკრივეთა სინდრომი, წარმოადგენს პოსტტრავმულ ენცეფალოპათიას პროფესიონალ მოკრივეებში. მისთვის დამახასიათებელია: მზარდი ემოციური არამდგრადობა, აზროვნებისა და მეტყველების შენელება, მეხსიერების დაქვეითება; ტვინის განმეორებითი არცთუ ძლიერი კონტუზიების შედეგად ყალიბდება მრავლობითი სკლეროზის კლინიკური სურათი, ელექტროენცეფალოგრამა თავის ტვინის ქერქის ატროფიულ პროცესზე მიუთითებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარტორელის სინდრომი I
მაღალი და მყარი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ხნიერ ქალებს წვივების მიდამოში აქვთ სიმეტრიულად განლაგებული წყლულები. პულსი ქვედა კიდურთა არტერიაზე კარგი ავსებისაა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარტორელის სინდრომი II
მარტორელის სინდრომი II გამოიხატება სპონტანურად გაჩენილი მტკივნეული კუნთებშიდა სისხლჩაქცევებით. მისთვის დამახასიათებელია: ფეხების მოულოდნელი ტკივილი, წვივებზე - ეკქიმოზები, კუნთებშიდა ვენური სისტემის თრომბოზის ნიშნები - შეშუპება, ციანოზი, ტკივილი, არტერიის სპაზმის ნიშნები, კანის ტემპერატურის დაქვეითება, დიდი წვივის უკანა და სხვა არტერიების პულსაციის შესუსტება, ოსცილომეტრიული ინდექსის შემცირება, ტკივილის გაძლიერება წვივებში სიარულის დროს, განსაკუთრებით - კიბეზე ასვლისას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარტორელ-ფაბრეს
სინდრომი
მარტორელ-ფაბრეს სინდრომი, იგივე პულსის დაკარგვის სინდრომი (სინონიმები: ტაკაიასუს სინდრომი, ტაკაიასუს აორტიტი, მაობლიტირებელი ბრაქიოცეფალური არტერიიტი, აორტის რკალის სინდრომი, ონიშის დაავადება), ხასიათდება აორტისა და მსხვილი სისხლძარღვების კედლის ანთებითა და დისტროფიული ცვლილებებით, სტენოზირებით, შიდა არტერიული თრომბების ჩამოყალიბებით, ორგანოთა იშემიით. ზედა კიდურებზე პულსი არ ისინჯება, ქვედაზე კი კარგადაა გამოხატული. ეტიოლოგიურ ფაქტორად მიიჩნევენ ათაშანგს, არტერიოსკლეროზს, რევმატიზმს. არ გამორიცხავენ დაავადების კოლაგენოზურ ხასიათს. პროგნოზი მძიმეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარფანის
გაუკუღმართებული
სინდრომი
მარფანის გაუკუღმართებული სინდრომი (სინონიმები: ვეილ-მარკენაზის სინდრომი, მარკენაზის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობით დაავადებას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია დაბალი ტანი, განუვითარებელი კიდურები, ბრაქიდაქტილია, თვალის ცვლილებები (სფეროფაკია, მიკროფაკია, გლაუკომა, აკომოდაციის დარღვევა).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარშალის
სინდრომი
მარშალის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: სახის დისპლაზია (ეგრეთ წოდებული ბულდოგის სახე); კბილების ანომალია - ადენტია, ჰიდოტონია, კბილების გაორება, მიკროდენტია; ფსევდოპროგერია; თვალების ანომალიები - სიელმე, კატარაქტა, გლაუკომა, თვალის ფსკერზე პიგმენტური დისტროფია: სმენის ცალმხრივი ან ორმხრივი თანდაყოლილი დაქევითება, რომელიც სიყრუეში გადადის; საერთო ჰიპოჰიდროზი. თმოვანი საფარი ნორმალურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარშალ-უაიტის
სინდრომი
მარშალ-უაიტის სინდრომი ანუ ქრონიკული ვაზოკონსტრიქციული ლაქა (სინონიმი: ბირის ლაქა) ვაზოპათიის ერთ-ერთი ფორმაა, არცთუ იშვიათად - სისტემური ვასკულიტის ადრეული გამოვლინება. ხელის მტევნებზე ჩნდება ანგიოსპასტიკური იშემიური ლაქები, კანი ამ ადგილებზე უფრო ფერმკრთალი და ცივია, ვიდრე სხვა უბნებში. ახასიათებს პერიოდული უძილობა, მუდმივი ტაქიკარდია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარშან-ვათერჰაუზ-
ფრიდერიქსენის
სინდრომი
მარშან-ვათერჰაუზ-ფრიდერიქსენის სინდრომი (სინონიმები: ფრიდერიქსენ-ვათერჰაუზ-ბამატერის სინდრომი, ვათერჰაუზ-ფრიდერიქსენის სინდრომი) წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობას, რომელსაც იწვევს ამ ორგანოში განვითარებული აპოპლექსიები უმწვავესი სეფსისის დროს, სისხლძარღვშიდა დისემინირებული კოაგულოპათიები თრომბოზებითურთ. მისთვის დამახასიათებელია სწრაფი, უეცარი დასაწყისი, თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ცხელება, სისხლჩაქცევები კანში და კანქვეშ, კოლაფსი, კრუნჩხვები. ლეტალური შედეგი რამდენიმე საათში დგება. უმთავრესად აღინიშნება 15 წლამდე ასაკის მოზარდებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მარშენაზის
სინდრომი
მარშენაზის სინდრომი (სინონიმი: ვეილ-მარშეზანის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობით პათოლოგიას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია ტანდაბლობა, კიდურების განუვითარებლობა, ბრაქიდაქტილია, თვალის ცვლილებები (სფეროფაკია, მიკროფაკია, გლაუკომა, აკომოდაციის დარღვევა).
მარცხენა წინაგულის
მწვავე ფუნქციური
უკმარისობის
სინდრომი
მარცხენა წინაგულის მწვავე ფუნქციური უკმარისობის სინდრომი ვითარდება მიტრალური სტენოზის დროს, როდესაც მანკი კომპენსირებულია მარცხენა წინაგულის გაძლიერებული მუშაობით, ხოლო მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვითი ფუნქცია შენარჩუნებულია. ფიზიკურ გადაძაბვას შესაძლოა მოჰყვეს ფილტვის სისხლძარღვებში სისხლის შეგუბება, გულის ასთმის განვითარება და ფილტვების მწვავე შეშუპება. ზოგჯერ ასეთი შეტევები ვითარდება ერთბაშად და ხშირად და ასევე ერთბაშად წყდება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მასუდა-კიტახარას
სინდრომი
მასუდა-კიტახარას სინდრომი (სინონიმი: კიტახარას სინდრომი) გამოიხატება პრერეტინული შეშუპებით, ბადურას იდიოპათიური ბრტყელი ატკეცით, ცენტრალური ექსუდაციური რეტინიტით, ანგიოსპაზმური ცენტრალური რეტინოპათიით, ანგიონევროზული ცენტრალური ქორიორეტინოპათიით, ცენტრალური სეროზული ქორიორეტინიტით - თვალის ტოქსიკურ-ინფექციური ბუნების დაავადებით. ახასიათებს ქორიოპათიური ფირფიტის სისხლძარღვოვანი გარსის სისხლძარღვთა სპაზმი, რაც ვლინდება მხედველობის უცაბედი გაუარესებით, ცენტრალური სკოტომის განვითარებით. ოფთალმოსკოპიურად ნიშნეულია ბადურას შემღვრევა და შეშუპება ყვითელი ლაქის მიდამოში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მასჰოფის
სინდრომი
მასჰოფის სინდრომი წარმოადგენს ლიმფადენიტს, რომელიც გამოწვეულია ფსევდოტუბერკულოზური პასტეურელათი. მისთვის დამახასიათებელია: ცხელება, მუცლის ტკივილი, მეზენტერიული ლიმფური კვანძების გადიდება, მოგვიანებით - ბადექონის ერთეული ან მრავლობითი აბსცესი, სისხლში ლეიკოციტოზი, რეტიკულოზი.
მატიოლი-ფოჯის
სინდრომი
მატიოლი-ფოჯის სინდრომი წარმოადგენს ლიპო-ფიბრო-კალკარეულ მიოპათიას, იდიოპათიური მიოპათიის ნაირსახეობას. დამახასიათებელია კუნთების პროგრესული სისუსტე. კუნთებში ისინჯება მკვრივი უმტკივნეულო წარმონაქმნები. ჰისტოლოგიურად ნიშანდობლივია შემაერთებელი და ცხიმოვანი ქსოვილების სიმსივნეები კალციუმის მარილების ჩალაგებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მაუნტის
სინდრომი
მაუნტის სინდრომი (პაროქსიზმული მემკვიდრეობითი ქორეოათეტოზი) წარმოადგენს მემკვიდრეობითი ნევროლოგიური სიმპტომების კომპლექსს აუტოსომურ-დომინანტური ტიპის გადაცემით. დამახასიათებელია ქორეოათეტოზურ მოძრაობათა შეტევები ტორსული სპაზმით. შეტევის დროს ავადმყოფი გონს არ კარგავს. შეტევას პროვოცირებას უწევს ალკოჰოლი, ყავა, შიმშილი, თამბაქო, დაღლა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მაუნტ-რებეკის
სინდრომი
მაუნტ-რებეკის სინდრომი წარმოადგენს კუნთების მემკვიდრეობით დისტონიას აუტოსომურ-დომინანტური ტიპის გადაცემით. ავადმყოფი გონის დაუკარგავად ერთბაშად იღებს ცალმხრივი დისტონიისთვის დამახასიათებელ პოზას. კრუნჩხვა და ჰიპერკინეზია არ ვითარდება. ცალკეული შემთხვევები აღირიცხება გაფანტული სკლეროზისა და ჰეპატოლენტიკალური დეგენერაციის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
მაუჯერის
სინდრომი
მაუჯერის სინდრომი წარმოადგენს ბრონქული ასთმის შეტევების, ტრაქეისა და ხორხის შეშუპების, ხველისა და ღრმა ჩასუნთქვისას, მიდრიაზისა და ანიზოკორის შერწყმას. ეტიოლოგია გაურკვეველია. ზოგი ავტორი უკავშირებს შუასაყრის სილიკოზს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.