ტაბაჩნიკის სინდრომი
ტაბაჩნიკის სინდრომი წარმოადგენს გულის არითმიის მემკვიდრეობით შეუღლებას ზედა კიდურთა განვითარების ანომალიასთან - ჩვეულებრივ, დიდი თითის დამოკლებასთან. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტაკაიასუს სინდრომი
ტაკაიასუს სინდრომი (სინონიმები: ონიშის დაავადება, ტაკაიასუს აორტიტი, მარტორელ-ფაბრის სინდრომი, მაობლიტერირებელი ბარაქიცეფალური არტერიიტი, აორტის ინვერტირებული კოარქტაცია, მრავლობითი მაობლიტერირებელი პანარტერიიტი, აორტის რკალის სინდრომი) წარმოადგენს პულსის არარსებობის სინდრომს. ახასიათებს აორტისა და მსხვილ სისხლძარღვთა კედლის ანთებითი და დისტროფიული ცვლილებები, სტენოზირება, შიდა არტერიული თრომბების ჩამოყალიბება, ორგანოთა იშემია. ზედა კიდურებზე პულსი არ ისინჯება, ქვედაზე კი კარგადაა გამოხატული. ეტიოლოგიურ ფაქტორად მიიჩნევენ ათაშანგს, არტერიოსკლეროზს, რევმატიზმს. არ არის გამორიცხული დაავადების კოლაგენოზური ხასიათი. პროგნოზი სერიოზულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტანჯკიერის სინდრომი
ტანჯკიერის სინდრომი (სინონიმი: ფრედერიქსონის სინდრომი) განპირობებულია ლიპოპროტეინების სინთეზის მემკვიდრეობითი დეფექტით. არ მუშავდება ალფა-პირველი ლიპოპროტეინი. კლინიკურად აღინიშნება ლიმფური ჯირკვლების ჰიპერტროფია, ჰეპატოსპლენომეგალია, თვალის რქოვანა გარსის ინფილტრაცია. შესაძლოა პოლინევრიტი, სისხლში - ჰიპოქოლესტერინემია, ჰიპერბილირუბინემია (არაპირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე), ალფა-პირველი ლიპოპროტეინის არარსებობა, ლიპოპროტეინაზის აქტივობის მომატება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტაპიას სინდრომი
ტაპიას სინდრომი წარმოადგენს მბგერავი იოგების კუნთებისა და ენის ცალმხრივ დამბლას, ზოგჯერ შერწყმულს მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი და ტრაპეციოიდული კუნთების დამბლასთან. გამოწვეულია დამატებითი და ენისქვეშა ნერვების ბირთვების დაზიანებით ნათხემის უკანა ქვედა არტერიის თრომბოზის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტაუსინ-ბინგის სინდრომი

ტაუსინ-ბინგის სინდრომი გულის თანდაყოლილი მანკია: აორტის გამოსვლა მარჯვენა პარკუჭიდან, ფილტვის ღეროსი კი ორივე პარკუჭიდან, პარკუჭთაშუა ძგიდის მაღალი დეფექტი. გამოვლინდება ციანოზით, მცირე წრეში ჰიპერტენზიის ნიშნებით და აორტული ჰიპოტენზიით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტაუსინგ-სნელენ-ალბერსის
სინდრომი

ტაუსინგ-სნელენ-ალბერსის სინდრომი წარმოადგენს ფილტვის ვენების სრულ ტრანსპოზიციას, გულის თანდაყოლილ მანკს, პირობადებულს ფილტვის ყველა ვენის არასწორი განვითარებითა და არასწორი შერთვით (მარცხენა უსახელო ვენაში), აგრეთვე - გულის ნახევრების კავშირებით წინაგულების დონეზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტევენარის სინდრომი

ტევენარის სინდრომი (სინონიმები: პერონ-დრეკე-კულონის სინდრომი, ჯიაკაიას სინდრომი) - ეს არის ოჯახური აკროოსტეოლიზი, წყლულოვანი მადეფორმირებელი აკროპათია, მემკვიდრეობითი დერმატოზი, გამოწვეული ზურგის ტვინის განგლიების დაზიანებით. გამოვლინდება კიდურთა (უმეტესად - ქვედა) დისტალური ნაწილების ჰიპერკერატოზით, წყლულების წარმოშობით, ძვლებისა და ტერფის დეფორმაციით, წვრილი ძვლების ოსტეოლიზით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტეიბის სინდრომი
ტეიბის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის რეცესიული, იქს ქრომოსომასთან შეჭიდული ტიპით. დამახასიათებელია: დაბალი ან ჯუჯისებრი სიმაღლე, გონებრივი განვითარების შეფერხება, სახე - ანომალიური, თავის ქალა - გადიდებული, შუბლი - წინ წამოწეული, ჰიპერტელორიზმი, პატარა პირი, კბილთა განლაგების ანომალია, ჰიპოდონტია, სიყრუე ან სმენის დაქვეითება, დისპლაზიური გულმკერდი, მაჯისა და ტერფის დისპლაზია, კლინოდაქტილია, ბრაქიდაქტილია, სინდაქტილია, მენჯის ძვლების დისპლაზია, გამოხატულია ანდროტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტეილორ-როზენბერგ-ჩუტორიენის
სინდრომი

ტეილორ-როზენბერგ-ჩუტორიენის სინდრომი (სინონიმი: როზენბერგ-ჩუტორიენის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ან რეცესიული ტიპით. მისი ნიშნებია: ადრეულ ასაკში გამოხატული სმენის დაქვეითება სიყრუემდე, მეტყველების განვითარების შეფერხება ან ყრუმუნჯობა; სამი-ხუთი წლის ასაკში იწყება სიარულის დარღვევა და ქვედა კიდურების კუნთების ატროფია; სიმწიფემდე ატროფირდება კიდურის მთელი დისტალური კუნთები; ოცი წლიდან იწყება მხედველობის ნერვის თანდათანობითი ატროფია; კუნთების ბიოფსიით - ნეიროგენული ატროფია, დემილიტარიზაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტეი-საქსის სინდრომი

ტეი-საქსის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობით განგლიოდოზს აუტოსომურ-რეცესიული ტიპის გადაცემით. ამ დროს საქმე გვაქვს ცხიმოვანი ცვლის მოშლასთან (ლიპოიდოზთან). ორგანიზმში არ არის ფერმენტი ჰექსოზამინადაზა, რის გამოც გროვდება განგლიოზიდი. გვხვდება დაავადების სამი ფორმა: 1) ინფილტრაციული (თვით ტეი-საქსის სინდრომი); 2) იუვენილური (ახალგაზრდული - იხ. ბატენ-მეიო-ფოგტ-შპიმაიერის იუვენილური ფორმა); 3) მოზრდილთა. ინფანტილური ფორმა, ჩვეულებრივ, 5-6 წლის ასაკში იწყება, ზოგჯერ - 3-4 წლის ასაკშიც (ე.წ. მოგვიანებითი ინფანტილური ფორმა). ბავშვი პასიურია, ცუდად რეაგირებს გარე სამყაროზე, ვეღარ ჯდება, აღარ თამაშობს, ვეღარ იჭერს თავს, აქვს კრუნჩხვები, აღენიშნება ჭკუასუსტობა, რამდენიმე ხანში ბრმავდება. თავი დიდდება; ჰეპატოსპლენომეგალია იშვიათია. დაავადების ფინალი დგება პირველი კლინიკური სიმპტომების გამომჟღავნებიდან 5-6 წლის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტეიჩლენდერის სინდრომი

ტეიჩლენდერის სინდრომი - ეს არის პროგრესული ინტრამუსკულური ლიპოგრანულომატოზი გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: კუნთებსა და დიდი სახსრების ჩანთებში კალცინოზის კერების წარმოშობა; კერის ცენტრში მოფლუქტუირე სიმსივნე; კუნთების ფასციებსა და სეროზულ გარსებში ლაგდება ლიპოიდები, ვითარდება გრანულომური ქსოვილი გიგანტური უჯრედებით. თვითშეგრძნება ძალიან ცუდია, პერიოდულად აღინიშნება ცხელება; თან ახლავს ჰიპერქოლესტერინემია, კუნთოვანი დისტროფია, ოსტეოპოროზი, სკლეროდერმია. გვხვდება მხოლოდ ოც წლამდე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტემტამის სინდრომი

ტემტამის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანიომალიების კომპლექსს აუტოსომურ-რეცესიული ტიპის გადაცემით. მისი ნიშნებია: ჯუჯისებრი სიმაღლე, საერთო განვითარების შეჩერება, სახის თავისებური ნაკვთები - კვადრატული, წინ წამოწეული შუბლი, ვიწრო სახე, გრძელი ცხვირი,პატარა თვალები მეჩხერი წამწამებითა და წარბებით, პატარა მომრგვალო ყურები; ძვლები მტვრევადია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტენტორიალური
სინდრომი

ტენტორიალური სინდრომი (სინონიმი: ბურდენკო-კრამერის სინდრომი, ნათხემის ნადების სინდრომი) წარმოადგენს თავის ტკივილის შერწყმას თვალის კაკლების ტკივილთან, სინათლის შიშთან, ბლეფაროსპაზმთან, ცრემლის დენასა და მენინგეალურ სიმპტომოკომპლექსთან. აღინიშნება ნათხემის ჭიის სიმსივნის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტერის სინდრომი

ტერის სინდრომი - რეტროლენტური ფიბროპლაზია - თვალის ორმხრივი დაზიანებაა დღენაკლულ ბავშვებში. გამოწვეულია ჰაერში ჟანგბადის მაღალი შემცველობით. ახასიათებს ფიბროზული აპკის წარმოშობა და ცვლილებები შუშისებრ სხეულში, შეშუპება და ბადურას ატკეცა შემდგომ თვალის კაკლებში ატროფიული პროცესის განვითარებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ტერნერის (ტურნერის)
მცირე სინდრომი

ტერნერის (ტურნერის) მცირე სინდრომი (სინონიმები: ნუნაის სინდრომი, ულრიხის მცირე სინდრომი, ულრიხ-ტერნერის ფსევდოსინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. დამახასიათებელია: ფილტვის არტერიის სარქვლის სტენოზი, მცირე სიმაღლე, ჰიპერტელორიზმი, მუცლის სწორი კუნთების დიასტაზი, ჩონხის დეფორმაცია, გონებრივი ჩამორჩენა, ანდროტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია