აპალიური სინდრომი
აპალიური სინდრომი (აკინეტიკური მუტიზმი, ლუციდური სტუპორი, პოსტტრავმული კატატონია) თავის ტვინის ქერქის გათიშვის (დეკორტიკაციის) შედეგად ვითარდება და ფსიქიკური და ნევროლოგიური დარღვევებით ვლინდება.
აპალიური პათოლოგიის მიზეზად შეიძლება იქცეს მოხუცებულობისწინა ან მოხუცებულობის ასაკის ატროფიული დაავადება, თავის ტვინის მწვავე დაავადება (ტრავმა, სისხლჩაქცევა, სიმსივნე, ანთებითი პროცესი, ინტოქსიკაცია), რასაც თან ახლავს თავის ტვინის ქერქის გათიშვა ანუ ფუნქციობის შეწყვეტა.
სიმპტომები: ავადმყოფი გონზეა, წევს თვალებგახელილი, მაგრამ ვერ აფიქსირებს გარშემო არსებულ საგნებს, არ რეაგირებს მიმართვაზე, ძახილზე, მექანიკურ და ოპტიკურ გამღიზიანებლებზე; არ აქვს ემოციური რეაქციები, შეუძლებელია მისი ყურადღების მიპყრობა; ვერ ახერხებს ლაპარაკს და მიზანმიმართულ მოძრაობას; ყლაპვის რეფლექსი, როგორც წესი, შენარჩუნებული აქვს. პროცესის დასაწყისში შენარჩუნებულია აგრეთვე პრიმიტიული რეფლექსები და ავტომატიზმი (ორალური და ტაცებითი) - ე.წ. მოტორული შაბლონი. დამახასიათებელია დისოციაცია - შედარებით ნათელი ცნობიერების ფონზე ფსიქიკური აქტების არარსებობა.
ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, შეინიშნება სხვა ნევროლოგიური დარღვევებიც: პარკინსონიზმი, სხვადასხვა სახის (ხშირად ქორეის ფორმის) ჰიპერკინეზია, ზოგჯერ - სპასტიკური პარეზი და თვალის მოძრაობის დარღვევები.
დიაგნოსტიკა: საჭიროა დიფერენცირება კომისა და დემენციისგან.
მკურნალობა: თავის ტვინის ტრავმით განპირობებული აპალიური სინდრომის დროს ავადმყოფს ათავსებენ რეანიმაციულ განყოფილებაში, სხვა შემთხვევაში კი ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა.

აპათო-ადინამიკური სინდრომი
აპათო-ადინამიკური სინდრომი ვითარდება სომატური ხასიათის ფსიქოზების დროს. კლინიკური სურათი მოიცავს აპათიური სინდრომის სიმპტომებს, რომლებსაც ერთვის უძალობა, მოძრაობითი აქტივობის არარსებობა.
დიაგნოსტიკა: მოითხოვს დიფერენცირებას სტუპორისგან (გაშეშება), გონების ონეიროიდული დარღვევებისა და კატატონიური სტუპორისგან.
მკურნალობა: გულისხმობს ძირითადი დაავადების მკურნალობას.


აპათიური სინდრომი

აპათიური სინდრომი არის ფსიქიკური დარღვევა, რომელსაც ახასიათებს სრული სულიერი გამოფიტვა, ფსიქიკური და ფიზიკური ადინამია, აფექტური სფეროს უჩვეულო სიღარიბე მის სრულ ბლოკირებამდეც კი (ემოციის დამბლა).
აპათიური სინდრომი ვითარდება სიპტომური სომატური ფსიქოზის (ტუბერკულოზი, მალარია, ტიფი, ავიტამინოზი, სეფსისი) გახანგრძლივების, ზოგიერთი ენდოკრინული დარღვევის, სხვადასხვა გენეზის კახექსიის, თავის ტვინის ორგანული დაზიანების (ტრავმა, სიმსივნე, პროგრესული დამბლა, ეპიდერმული ენცეფალიტი, ატროფიული პროცესი) დროს. გვხვდება შიზოფრენიის დროსაც. მის მონათესავე მდგომარეობებად ლიტერატურაში აღწერილია "მწვავე განკურნებადი დემენცია", "სტუპოროზული ამენცია", "აპათიური სტუპორი", "ასთენიური სტუპორი".
სიმპტომები: ავადმყოფი უძრავად წევს ზურგზე, არ აინტერესებს არც პირადი, არც საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები, არ აქვს სურვილები, ლტოლვა, მისწრაფება. მხედველობა მიმართულია სივრცისკენ, მაგრამ არაფერზე არ არის ფიქსირებული. კუნთები სრულიად მოდუნებულია. დამახასიათებელია ღამით სიფხიზლე - ე.წ. "ფხიზელი კომა" ან "ღია თვალებით სიკვდილი". სინდრომის სუსტი გამოხატვის შემთხვევაში ავადმყოფი მოდუნებულია, იძლევა მარტივ, მოკლე პასუხებს, შესაძლოა ჰქონდეს ხანმოკლე ემოციური და ადეკვატური რეაქციები.
აპათიურ სინდრომს ხშირად ერწყმის ღრმა ნებისყოფითი (აბულია) დარღვევები (უნებისყოფობა) მოტივაციის სისუსტის სახით.
დიაგნოსტიკა: მოითხოვს დიფერენცირებას სტუპორისგან, გონების ონეიროიდული დარღვევებისგან, კატატონიური სინდრომისგან.
მკურნალობა: გულისხმობს ძირითადი დაავადების მკურნალობას.


აპერის სინდრომი

აპერის სინდრომს ახასიათებს მუცლადყოფნის პერიოდის განვითარების მანკების შერწყმა, კერძოდ, გამოხატულია ქალას სახის ნაწილის დეფორმაცია, სინდაქტილია (თითების თანდაყოლილი შეზრდა) და ძვლოვანი სისტემის სხვა დეფექტები. აპერის სინდრომის ეტიოლოგია დაუდგენელია. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარებისთვის არახელსაყრელი პირობები და მშობელთა ხანდაზმული ასაკი. გამოთქმულია ვარაუდი აპერის სინდრომის მემკვიდრეობითი ხასიათის თაობაზეც.
სიმპტომები: აპერის სინდრომის დროს ბავშვს აქვს დამახასიათებელი სახე: მაღალი თავი და წინ წამოწეული შუბლი (ე.წ. კოშკისებური თავი), თვალის ნაპრალების ირიბი განლაგება, თვალების ერთმანეთისგან ძლიერი დაშორება, ეგზოფთალმი, ფართოფუძიანი კაუჭისებრი ცხვირი, სინდაქტილია, პოლიდაქტილია (თითმეტობა), იშვიათად აღინიშნება სხივისა და იდაყვის ძვლების სინესტოზი (უძრავად შეერთება). არ არის გამორიცხული ძვლოვანი სისტემის სხვა დეფექტები: კბილების დაგვიანებული (4 წლის ასაკში) ამოჭრა, გონებრივი ჩამორჩენა, მხედველობის ნერვის ატროფია, ანალური ხვრელის შეხორცება.
სხვა სახის დიზოსტოზებისგან (ძვლოვანი ჩონჩხის განვითარების ანომალიათა ზოგადი სახელწოდება) აპერის სინდრომს განასხვავებს სინდაქტილია.
მკურნალობა: აპერის სინდრომის მკურნალობა სიმპტომურია.


აპოპლექსიფორმული (აპოპლექსიური) სინდრომი

აპოპლექსიფორმული (აპოპლექსიური) სინდრომი უმთავრესად აღინიშნება ნერვული სისტემის სიფილისური დაზიანების დროს, მეტწილად - პროგრესული დამბლის შემთხვევაში. ახასიათებს ტვინის ზოგადი და კეროვანი სიმპტომების უეცარი განვითარება. მოგვაგონებს ჰემორაგიულ ინსულტს, მაგრამ განპირობებულია სხვა მიზეზით.
სიმპტომები: შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში ხშირი (თავდაპირველად - შედარებით მსუბუქი ხასიათის) ინსულტებით, გარდამავალი კეროვანი სიმპტომებით, მაგრამ არ ტოვებს მნიშვნელოვან კვალს.
მკურნალობა: ინიშნება სიფილისის საწინააღმდეგო მკურნალობა და ნოოტროპები ნევროლოგის კონსულტაციით.


არგაილ-რობერტსონის სინდრომი

არგაილ-რობერტსონის სინდრომს ახასიათებს სინათლეზე გუგების პირდაპირი და შეთანხმებული რეაქციის უქონლობა კონვერგენციის (მხედველობის ხაზების (დასანახი საგნის ყვითელი ხალის ცენტრთან დამაკავშირებელი წარმოსახვით ხაზები) ერთდროული მართვა) და აკომოდაციის (თვალის უნარი, ნათლად გაარჩიოს საგნები სხვადასხვა მანძილზე) შენარჩუნების ფონზე. არგაილ-რობერტსონის სინდრომს ნეიროსიფილისს უკავშირებენ. გვხვდება აგრეთვე თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, ეპიდემიური ენცეფალიტის, სიმსივნის დროსაც, თუ პროცესი თვალის მამოძრავებელი ნერვის ბირთვების არეშია ლოკალიზებული.
სიმპტომები: ახასიათებს მიოზი (გუგის პათოლოგიური დავიწროება), ზოგჯერ - მიდრიაზი (გუგის გადიდება), ანიზოკორია (გუგის უთანაბრობა), გუგების დეფორმაცია, გუგების დაზიანების ორმხრივობა, დღის განმავლობაში თითქმის ერთნაირი სიდიდის გუგები (გუგები არ იცვლის ზომას), ატროპინზე, პილოკარპინსა და ნაწილობრივ კოკაინზე, თვალში ჩაწვეთებისას, გუგები სუსტად რეაგირებენ (მათი ზომა უმნიშვნელოდ იცვლება).
არცთუ იშვიათად მხოლოდ ზოგიერთი ნიშანი დასტურდება.
მკურნალობა: აუცილებელია ავადმყოფის სიფილისზე გამოკვლევა და ძირითადი დაავადების მკურნალობა.


არლეკინოს სინდრომი

არლეკინოს სინდრომი - ეს არის მიკროცირკულაციისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რასაც იწვევს ჰიპოთალამური არის დაზიანება პირველადი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის (სამშობიარო ტრავმა) დროს.
სიმპტომები: დაბადებიდან 3-4 დღის შემდეგ ვლინდება სიმპტომთა კომპლექსი: ახალშობილის სხეულის ნახევარზე კანის შეფერილობა პერიოდულად იცვლება (30 წამიდან 20 წუთამდე) ვარდისფერიდან ციანოზურამდე (ლურჯი). ეს ნიშანი განსაკუთრებით მკვეთრად არის გამოხატული, როცა ბავშვი გვერდზე წევს. კანის შეფერილობის ცვლილება არ აუარესებს ბავშვის თვითშეგრძნებას.
მკურნალობა: არლეკინოს სინდრომის დროს ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა.


არნოლდ-კიარის სინდრომი

არნოლდ-კიარის სინდრომი თავის ტვინის განვითარების ანომალიაა. ამ დროს ნათხემის შემცველი ქალას უბანი ძალიან პატარაა ან დეფორმირებულია, რის გამოც ტვინზე ზეწოლა ხდება. ნათხემის ყველაზე ქვედა ნაწილი ხერხემლის არხის ზედა ნაწილისკენ არის გადანაცვლებული. პედიატრიული ფორმა ანუ არნოლდ-კიარის სინდრომის II ტიპი ყოველთვის მიელომენინგოცელესთან (ზურგის ტვინის და თავის ტვინის გარსის თიაქართან) არის ასოცირებული. ზრდასრულთა ფორმა ანუ კიარის სინდრომის I ტიპი ვითარდება ქალას უკანა ნაწილის არასაკმარისი სიდიდის გამო.
ხერხემლის არხის ზედა ნაწილზე ნათხემის ზეწოლამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ლიქვორის ნორმალურ გადინებას. ეს უკანასკნელი იცავს თავისა და ზურგის ტვინს. ლიქვორის ცირკულაციის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინიდან მის ქვეშ მდებარე ორგანოებამდე გადასაცემი სიგნალების ბლოკირება ან თავ-ზურგტვინის სითხის თავის ტვინსა და ზურგის ტვინში დაგროვება. ზურგის ტვინზე ნათხემის ზეწოლამ შესაძლოა გამოიწვიოს სირინგომიელია (ახასიათებს ღრუების წარმოქმნა ზურგისა და მოგრძო ტვინში, ტკივილისა და ტემპერატურული მგრძნობელობის ვრცელი ზონების გამოთიშვით).
დიაგნოზს სვამენ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის საფუძველზე. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია.
სიმპტომები: არნოლდ-კიარის სინდრომის დროს შეინიშნება 2-3 ან მეტი სიმპტომი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

  • თავბრუხვევა და/ან რყევა (შესაძლოა გაძლიერდეს თავის მობრუნებისას);
  • ხმაური (ზარის ხმა, გუგუნი, სტვენა, შრიალი და სხვა) ერთ ან ორივე ყურში (შესაძლოა გაძლიერდეს თავის მობრუნებისას);
  • თავის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია ქალასშიდა წნევის მატებასთან (განსაკუთრებით ძლიერია დილაობით) ან კისრის კუნთების დაძაბვასთან (მტკივნეული წერტილები კეფაზეა);
  • ნისტაგმი (თვალის კაკლების უნებლიე კანკალი).

უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს:

  • გარდამავალი სიბრმავე, გაორება ან მხედველობის სხვა დარღვევა (შესაძლოა თავი იჩინოს თავის მობრუნებისას);
  • ხელების, ფეხების ტრემორი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
  • სახის ნაწილის, სხეულის ნაწილის, ერთი ან რამდენიმე კიდურის მგრძნობელობის მატება;
  • უნებლიე შარდვა ან შარდვის გაძნელება;
  • გონების დაკარგვა (შესაძლოა, პროვოცირება მოახდინოს თავის მობრუნებამ).

მძიმე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მდგომარეობა, რომელიც მოსალოდნელს ხდის თავისა და ზურგის ტვინის ინფარქტს.
მკურნალობა: სინდრომის სიმძიმის ხარისხსა და ავადმყოფის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში მკურნალობა შესაძლოა არც კი დაინიშნოს, ექიმი მხოლოდ მუდმივ მეთვალყურეობას დასჯერდეს.
თუ პირველი სიმპტომია თავის ტკივილი ან სხვა სახის ტკივილი, ექიმი ნიშნავს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. ზოგიერთ პაციენტს შვებას ჰგვრის ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ამან შესაძლოა თავიდან აგვაცილოს ან გადაავადოს ოპერაცია.

ასთენიური სინდრომი
ასთენიურმა სინდრომმა შესაძლოა თავი იჩინოს მძიმე დაავადების (მაგალითად, გრიპის ან ანგინის) შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდში. ამ შემთხვევაში იგი ხანმოკლეა, გრძელდება ერთ-ორ კვირას, მერე კი ორგანიზმი მწყობრში დგება. მაგრამ ხდება ისეც, რომ ასთენიური სინდრომი დიდხანს გრძელდება და ცვლის დაავადებულის პიროვნებას და გარშემო მყოფების მისდამი დამოკიდებულებას.
ასთენიური სინდრომი მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება ძლიერი დაღლილობით, გამოფიტვით, სისუსტით ან ხანგრძლივი ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარის დარღვევით.
ასთენიური სინდრომი შესაძლოა განვითარდეს ხანგრძლივი ემოციური ან ინტელექტუალური გადაძაბვის, ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების, მწვავე ინფექციური ან არაინფექციური დაავადების, ინტოქსიკაციის (მაგალითად, მოწამვლის), ქალა-ტვინის ტრავმის ფონზე, ასევე - თავის ტვინის ზოგიერთი დაავადების (მაგალითად, ჰიპერტენზიული დაავადების, ათეროსკლეროზის, ენცეფალიტის) საწყის პერიოდში. ასთენიური დარღვევები ახასიათებს შიზოფრენიის საწყის სტადიასაც.
ეს სინდრომი ყველაზე ხშირად უვითარდებათ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სუსტი ან გაუწონასწორებელი ტიპის უმაღლესი ნერვული მოქმედება, თუმცა გვხვდება ძლიერი, ფეთქებადი და დამუხრუჭებული ტიპის უმაღლესი ნერვული მოქმედებების მქონე პირებშიც. ასთენიის განვითარებას უკავშირებენ ნერვული ელემენტების გამოფიტვას, რასაც იწვევს ენერგიის ჭარბი ხარჯვა, არასრულფასოვანი კვება, უჯრედშიდა ცვლის დარღვევა, შინაგანი ან გარეგანი ბუნების ტოქსინებით მოწამვლა.
ჯამში, ასთენია შეიძლება განვიხილოთ როგორც შეგუებითი (ადაპტაციური) რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ცვლის პროცესების შენელება და სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის მოქმედების ინტენსივობის დაქვეითება. აღსანიშნავია, რომ შემდგომ ამ პროცესების აღდგენა შესაძლებელია.

სიმპტომები: ასთენიური სინდრომის დროს აღინიშნება გამაღიზიანებელი სისუსტე, რაც ვლინდება აღგზნებადობის მატებით, განწყობის ცვალებადობით და ფეთქებადობით. ეს სიმპტომები ძლიერდება დღის მეორე ნახევარში და ღამის საათებში. ავადმყოფი გამუდმებით უგუნებოდაა, ახირებულია (ჟინიანია), იოლად ერევა ცრემლი და გამუდმებით უკმაყოფილოა.
ასთენიური სინდრომისთვის ასევე დამახასიათებელია მკვეთრი სინათლის, მაღალი ხმის, მკვეთრი სუნის აუტანლობა. არცთუ იშვიათად შეინიშნება თავის ტკივილი, ძილის დარღვევა - ძილად მივარდნა ან უძილობა, დარღვევები ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ (ეს ნერვები ახდენენ სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების ინერვაციას).
ასთენიური სინდრომის დროს ადამინი მგრძნობიარეა ამინდის მიმართ. ატმოსფერული წნევის დაცემისას უფრო ადვილად იღლება და უძლიერდება გამაღიზიანებელი სისუსტე.
თუ ასთენიური სინდრომი თავის ტვინის ორგანული დაავადების (თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებების) შედეგია, ზიანდება მახსოვრობა. უმეტესად ირღვევა მიმდინარე მოვლენების დამახსოვრების უნარი.
ასთენიური სინდრომი, წესისამებრ, თანდათანობით ვითარდება. მისი ინტენსივობა ნელ-ნელა იმატებს. ზოგჯერ დაავადების პირველი გამოვლინებაა ძლიერი დაღლილობა და გაღიზიანებადობა, რაც შერწყმულია მოუთმენლობასა და საქმიანობისადმი მუდმივ სწრაფვასთან, დასვენების დროსაც კი.
ასთენიის გამოვლინება მიზეზების მიხედვით:

  • მწვავე დაავადებების შემდგომ განვითარებულ ასთენიას არცთუ იშვიათად ახასიათებს ემოციური სფეროს სისუსტე; ადამიანი ხდება მეტისმეტად მგრძნობიარე; ამას ერწყმის ემოციური დაძაბულობის აუტანლობა;
  • ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ განვითარებული ასთენიური დარღვევები გამოიხატება გამაღიზიანებელი სისუსტით, აზრების მოზღვავებით, თავის ტკივილითა და მკვეთრი ვეგეტატიური დარღვევებით (არტერიული წნევის ცვალებადობა, ძლიერი გულისცემის შეტევები, სახეზე სისხლის მოწოლა, გულის არეში ტკივილი და სხვა), ამ შემთხვევაში საუბრობენ ასთენოვეგეტატიურ სინდრომზე;
  • ჰიპერტენზიული დაავადების საწყის პერიოდში აღმოცენებულ ასთენიას მოუსვენრობა ახასიათებს;
  • ათეროსკლეროზის დროს ასთენია ვლინდება მკვეთრად გამოხატული დაღლილობით, გამაღიზიანებელი სისუსტით, სევდიანობითა და უგუნებობით;
  • შიზოფრენიის შემთხვევაში ასთენია ვლინდება ფსიქიკური გამოფიტვის ნიშნებით, ამ უკანასკნელთან შეუთავსებელი გონებრივი დაძაბულობით, აქტიურობის დაქვეითებით.

მკურნალობა: ასთენიური სინდრომის მკურნალობა მის მიზეზზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ადგენენ ძირითად დაავადებას და მას მკურნალობენ. გარდა ამისა, ინიშნება სიმპტომური მკურნალობა, რომლის მიზანი დაავადების ძირითადი ნიშნების ალაგებაა. ავადმყოფს ენიშნება სპეციალური რეჟიმი: ძილისა და დასვენების რეგულარული მონაცვლეობა, თუ მუშაობს - შვებულებაში გასვლა, ჩვეული გარემოს შეცვლა, ფიზიკური ვარჯიში, სპორტი და ტურიზმი. მედიკამენტებიდან იყენებენ ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებებს, ვიტამინებს, გამაღიზიანებელი სისუსტის მოსახსნელად - ტრანკვილიზატორებს. ინიშნება აგრეთვე ფიზიოთერაპიული პროცედურები (ელექტროძილი, ელექტროფორეზი სამკურნალო პრეპარატებით და სხვა), მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, კურორტოთერაპია. ეფექტურია ფსიქოთერაპია და რეფლექსოთერაპია.
ასთენიური სინდრომის პროგნოზი ძირითადი დაავადების ხასიათზეა დამოკიდებული.


ასთენო-ადინამიკური სინდრომი

ასთენო-ადინამიკური სინდრომის დროს ასთენიური სინდრომის კლინიკურ სურათს ერთვის პასიურობა, უმოქმედობა და მოძრაობითი შეფერხება.
მკურნალობა: იგივეა, რაც ასთენიური სინდრომის დროს.


ასთენო-დეპრესიული სინდრომი

ასთენო-დეპრესიული სინდრომის დროს ერთმანეთს ერწყმის ასთენიური და დეპრესიული სინდრომების სიმპტომები (ასთენია ვითარდება გუნება-განწყობის დაქვეითებისა და დეპრესიის ან უპირატესად რომელიმე მათგანის ფონზე) (იხ. ასთენიური სინდრომი და დეპრესიული სინდრომი).


ასთენო-ჰიპოქონდრიული სინდრომი

ასთენო-ჰიპოქონდრიული სინდრომის დროს ერთმანეთს ერწყმის ასთენიური და ჰიპოქონდრიული სინდრომების სიმპტომები (ასთენია, რომელსაც თან ახლავს ჰიპოქონდრიული გამოთქმები და შეგრძნებები) (იხ, ასთენიური სინდრომი და ჰიპოქონდრიული სინდრომი).


ასთმოიდური სინდრომი

ასთმოიდური სინდრომი უპირატესად ფილტვების პათოლოგიის ფონზე ვითარდება.
სიმპტომები: ასთმოიდური სინდრომი კლინიკური სურათით ჰგავს ბრონქული ასთმის შეტევას, მაგრამ, მისგან განსხვავებით, პათოგენეზურად არ უკავშირდება ალერგიულ პროცესებს.
მკურნალობა: გულისხმობს იმ ძირითადი დაავადების მკურნალობას, რომლის ფონზეც განვითარდა სინდრომი. ტარდება სიმპტომური მკურნალობაც.

აურიკულო-ტემპორალური სინდრომი
აურიკულო-ტემპორალურ სინდრომს (სინონიმები: ყურ-საფეთქლის ჰიპერჰიდროზი, ყურ-საფეთქლის ნერვის სინდრომი, ფრეის სინდრომი) ახასიათებს ჰიპერემია და ოფლიანობა, ზოგჯერ - ყურის ირგვლივ და საფეთქლის არეში კანის მგრძნობელობის დაქვეითება. ჰიპერემიისა და მომატებული ოფლიანობის უბნები ზუსტად არ ემთხვევა კანის მგრძნობელობის დაქვეითების უბნებს. აურიკულო-ტემპორალური სინდრომი, წესისამებრ, აღენიშნებათ იმ ადამიანებს, რომელთაც ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლის დაავადების გამო ნაწიბუროვანი ცვლილებები აქვთ განვითარებული.
აურიკულო-ტემპორალური სინდრომი შესაძლოა განვითარდეს ჩირქოვანი პაროტიტის გადატანისა და ყბაყურა ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ. სავარაუდოდ, პათოგენეზი ასეთია: ხდება ჯირკვლის დანაწიბურებული ქსოვილის არეში განლაგებული ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება, სახელდობრ, რეაქცია გემოვნებით გამღიზიანებელზე; სხვაგვარად რომ ვთქვათ, მუშაობას იწყებს სანერწყვე ჯირკვლები და ამ ჯირკვლების დანაწიბურებული ქსოვილი აწვება სახის კანის სისხლძარღვებისა და საოფლე ჯირკვლების მაინერვირებელი ნერვების ტოტებს, რის შედეგადაც აღმოცენდება სიწითლე და იწყება ოფლდენა.
სიმპტომები: სახეზე, ყურ-საფეთქლის ნერვის მაინერვირებელ არეში, ჩნდება სიწითლე და ოფლის წვეთები ჭამის (მხოლოდ ისეთი საკვების მიღების და ზოგჯერ მასზე ფიქრის დროსაც კი, რომელიც იწვევს ძლიერ ნერწყვდენას), ფიზიკური დატვირთვის, ნერვიულობის და ა.შ. დროს. ღეჭვითი მოძრაობები და თხიერი საკვების მიღება ნერწყვდენას არ იწვევს ან იწვევს უმნიშვნელოდ. აღწერილი დარღვევები შეინიშნება არა მარტო ყურ-საფეთქლის ნერვის, არამედ დიდი ყურისა და კეფის ნერვის საინერვაციო არეშიც. აღსანიშნავია, რომ ჭარბ ოფლდენას ძალიან მძიმედ განიცდიან ავადმყოფები.
დიაგნოზი: დაისმის უპირატესად ანამნეზის მიხედვით და ავადმყოფზე დაკვირვებით.
მკურნალობა: გულისხმობს ფიზიოთერაპიას ნაწიბურების ასალაგებლად (ტალახი და პარაფინოთერაპია, ელექტროფორეზი კალიუმის იოდიდით), ყურ-საფეთქლის ნერვის ცენტრალური არის ნოვოკაინით ბლოკირებას და ნემსით თერაპიას. იშვიათად ჭრიან ყურ-საფეთქლისა და ყურის დიდ ნერვს.

აშერის სინდრომი
აშერის სინდრომი უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა, თუმცა აქვს მემკვიდრეობითობის ნიშნები (შეიმჩნევა სისხლით ნათესავებში).
სიმპტომები: აშერის სინდრომს ახასიათებს სამი სიმპტომის შერწყმა:
1. კანის გათხელებული ნაკეცი, რომელიც დაკიდებულია ზედა ქუთუთოზე (ბლეფაროქალაზია);
2. ტუჩის გასქელება ლორწოვანის დუბლიკატურის წარმოქმნით, რაც ქმნის ორმაგი ტუჩის შთაბეჭდილებას;
3. ეოთირეოიდული ჩიყვი (ყოველთვის არ აღინიშნება).
აშერის სინდრომი ვლინდება ბავშვობაში ან პუბერტატულ ასაკში და თანდათანობით პროგრესირებს.
დიაგნოსტიკა: მოითხოვს დიფერენცირებას კვინკეს შეშუპებისგან, მელკერსონ-როზენტალის სინდრომისგან (სახის ნერვის მორეციდივე, ხშირად ორმხრივი დამბლა, რომელიც მიმდინარეობს გრანულომატოზური ქეილიტით, ენის დანაოჭებითა და ანგიონევროზული შეშუპებით) და სკლეროდერმიისგან.
მკურნალობა: გულისხმობს ქუთუთოს კანისა და ტუჩის ლორწოვანი გარსის ზედმეტი ნაწილის ქირურგიული წესით მოშორებას.

აშერმანის სინდრომი
აშერმანის სინდრომს (აშერმანის სიმპტომოკომპლექსი, საშვილოსნოს სინექია, ტრავმული ამენორეა) ახასიათებს საშვილოსნოშიდა სინექია (შეხორცებები, ნაწიბურები), რომლებიც ვითარდება აბორტის დროს ან მშობიარობის შემდეგ ენდომეტრიუმის ხშირი და/ან უხეში გამოფხეკის ანდა ენდომეტრიტის შედეგად. ტრავმებისა და ანთებების შედეგად საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ადგილას ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი. შემაერთებელქსოვილოვანი შეხორცებები ერთმანეთთან "აწებებენ" საშვილოსნოს წინა და უკანა კედელს. ამასთან, ნორმალური ენდომეტრიუმი მთლიანად ან ნაწილობრივ კვდება.
სიმპტომები: კლინიკური სურათი დამოკიდებულია იმაზე, რამდენადაა შენარჩუნებული ენდომეტრიუმის უჯრედები. თუ ნორმალურ ენდომეტრიუმს მთლიანად შემაერთებელი ქსოვილი ჩაენაცვლა, წყდება მენსტრუაცია და ვითარდება უნაყოფობა. თუ ენდომეტრიუმი ნაწილობრივ შენარჩუნდა, შეინიშნება მწირი, მტკივნეული მენსტრუაცია და უნაყოფობა. ჩვეულებრივ, ქალები დაავადებას უკავშირებენ აბორტს, ენდომეტრიუმის გამოფხეკას ან ენდომეტრიტს.
დიაგნოსტიკა: ტარდება ექოსკოპიური კვლევა (ვლინდება საშვილოსნოს სინექიისთვის დამახასიათებელი ნიშნები), სისხლის ანალიზი ჰორმონებზე (თუ საკვერცხეების ფუნქცია არ არის დარღვეული, ჰორმონების დონე ნორმალურია), ჰისტეროსალპინგოგრაფია (რენტგენოლოგიური გამოკვლევა ავლენს დაავადებისთვის ტიპობრივ სურათს), ჰისტეროსკოპია (ოპტიკური ხელსაწყოთი ათვალიერებენ საშვილოსნოს ღრუს და ადგენენ შეხორცებათა ადგილმდებარეობას).

მკურნალობა: გულისხმობს სინექიის გაშლას ჰისტერორეზექტოსკოპიის დროს. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია და ფიზიოთერაპია. აუცილებელია ჰორმონული თერაპია ენდომეტრიუმის უჯრედების აღსადგენად და შესანარჩუნებლად.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია