გულის კახექსიის
სინდრომი

გულის კახექსიის სინდრომი მორფოლოგიური გამოვლინებაა. ამ დროს აღინიშნება გულის ზომებისა და მასის შემცირება (150-200 გ), ეპიკარდიუმის ატროფია, მიოკარდიუმის რუხი ატროფია, იშვიათი არაბაქტერიული თრომბოენდოკარდიტი. გულის კახექსიის ძირითადი მიზეზებია სიმსივნური დაავადება, გამოხატული ტუბერკულოზური და ენდოკრინული დარღვევები.
მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადების მკურნალობას.
გულის ტამპონადის დროს წინაგულებისა და პარკუჭების სისხლით ავსება ირღვევა და იმატებს დიასტოლური წნევა, რის შედეგადაც  გულის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობა საგრძნობლად მცირდება. სითხის მოცულობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ტამპონადა, მკვეთრად განსხვავებულია. ის უკუპროპორციულია სითხის დაგროვების სიჩქარისა და პერიკარდიუმის პარიესული (გარეთა ფურცლის) სისქისა და პირდაპირპროპორციულია პარკუჭთა კედლის სისქისა. მაგალითად, თუ სითხე სწრაფად გროვდება პერიკარდიუმის ღრუში, ტამპონადის განვითარებისთვის შესაძლოა 200 მლ-მაც კი იკმაროს, ხოლო თუ სითხის დაგროვება ნელ-ნელა მიმდინარეობს, პერიკარდიუმი თანდათან იწელება (იჭიმება) და შესაძლოა ორ ლიტრამდე სითხეც კი დაიტიოს. კრიტიკული მოცულობა მით უფრო მეტია, რაც უფრო სქელია პარკუჭთა კედლები და მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო მცირეა პერიკარდიუმის სისქე.
გულის ტამპონადა შესაძლოა ძალზე სწრაფად განვითარდეს, ვინაიდან პერიკარდიუმის დაბალი წევადობის გამო მის ღრუში თუნდაც მცირე რაოდენობის სითხის აკუმულირებამ განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა პერიკარდიუმის შიდა წნევის მკვეთრი მომატება გამოიწვიოს. გულის ტამპონადა მაშინ ვითარდება, როდესაც პერიკარდიუმის ღრუში არსებული წნევა გულის საკნებში დიასტოლის დროს არსებულს უტოლდება. თავდაპირველად ზეწოლას განიცდის გულის მარჯვენა განყოფილებები და ღრუ ვენები, რომლებშიც დიასტოლური წნევა ისედაც დაბალია. შემდეგ, პერიკარდიუმის ღრუში წნევის მატების კვალდაკვალ, დიასტოლური წნევა პროგრესულად იმატებს გულის მარცხენა ნახევარშიც.

სიმპტომები
გულის ტამპონადის ნიშნებია: გულის მოყრუების საზღვრების გადიდება, პარადოქსული პულსი, ფილტვებში შეგუბების არარსებობა, რენტგენოსკოპიის დროს გულის პულსაციის შესუსტება, გულის ჩრდილის გადიდება და სპეციფიკური ელექტროგრაფიული მონაცემები. გულის ტამპონადის დროს სისხლის ნაკადის მოძრაობა განსაკუთრებით გაძნელებულია ღვიძლის ვენებში, რომლებიც დამატებით ზეწოლას განიცდის პერიკარდიუმის მხრიდან (ფაქტობრივად - დიაფრაგმის გადაცემით, გარედან). ყოველივე ეს პერიფერიულ შეშუპებებთან შედარებით ასციტის ადრეულ განვითარებას განაპირობებს. გულის ტამპონადის დროს ფილტვებში შეგუბება, წესისამებრ, არ აღმოცენდება, რადგან მარჯვენა პარკუჭის სუსტი ავსების გამო სისხლი ფილტვებში შეზღუდული რაოდენობით ხვდება. ამ დროს ჩივილები არასპეციფიკურია. ავადმყოფი უჩივის ქოშინს, სისუსტეს, თავბრუხვევას, ტამპონადის ნელი განვითარებისას - მუცლის გადიდებას, გულმკერდისა და მარჯვენა ფერდქვეშა არეში სიმძიმის შეგრძნებას, ზოგჯერ ტკივილსაც. მნიშვნელოვანი სადიაგნოზო ნიშანია პარადოქსული პულსი, რაც გულისხმობს ჩასუნთქვისას სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითებას ვერცხლისწყლის სვეტის 10 მმ-ზე მეტი მაჩვენებლით. პარადოქსული პულსის გამოსავლენად ავადმყოფს სთხოვენ, ნელა და ღრმად ისუნთქოს. ამ დროს ტონომეტრით ზომავენ არტერიულ წნევას. მძიმე შემთხვევებში ჩასუნთქვისას პულსი სუსტდება ან სრულიად ქრება.
პარადოქსული პულსის მექანიზმი ასეთია: ღრუში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების ან შედარებით მცირე მოცულობის სითხის სწრაფი მოხვედრის გამო პერიკარდიუმი ვერ იწელება. ჩასუნთქვისას (ისევე როგორც ნორმაში) გულის მარჯვენა განყოფილებებში სისხლის ნაკადი იმატებს, მარჯვენა წინაგული ფართოვდება,  პარკუჭთაშუა ძგიდე მარცხენა პარკუჭში ჩაიზნიქება, რის გამოც ამ უკანასკნელის მოცულობა საგრძნობლად მცირდება. ქოშინი აძლიერებს პლევრული წნევის მერყეობას და აღრმავებს დარღვევებს.

მკურნალობა
გულის ტამპონადა დაუყოვნებლივ მკურნალობას - პერიკარდიოცენტეზს - მოითხოვს. პერიკარდიოცენტეზი პერიკარდიუმის პუნქციასა და ღრუდან სითხის ასპირაციას (ამოქაჩვას) გულისხმობს. მას უმეტესად მარცხენა მეოთხე ნეკნთაშუა სივრცეში პუნქციით ატარებენ. განსაკუთრებით აშკარა კლინიკურ ეფექტს იძლევა პირველი 25-50 მლ სითხის ასპირაცია. პერიკარდიოცენტეზის შემდგომი ტაქტიკა გულისხმობს ძირითადი დაავადების აქტიურ მკურნალობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტამპონადის რეციდივი (გამეორება). თუ ეს ვერ მოხერხდა, პერიკარდიუმის ღრუში კათეტერს ათავსებენ მუდმივი დრენირებისთვის და მედიკამენტების შესაყვანად. იშვიათად ქირურგიულ ჩარევასაც მიმართავენ - სრულ ან ნაწილობრივ პერიკარდექტომიას ანუ გულის პერანგის მოკვეთას.

გულმკერდის ზედა
აპერტურის კომპრესიული
სინდრომი

გულმკერდის ზედა აპერტური მცირე ზომის სივრცეა, რომელიც ლავიწითა და პირველი ნეკნით არის შემოსაზღვრული. ამ ხვრელიდან ზედა კიდურებთან მიდის სისხლძარღვები, ნერვები და კუნთები. ზოგ შემთხვევაში (ნეკნის, ლავიწის ან კუნთის ზეწოლისას) ეს სივრცე  ვიწროვდება, რაც ზემოთ ჩამოთვლილი წარმონაქმნების მიჭყლეტას იწვევს. ამგვარად აღმოცენდება ზედა აპერტურის სინდრომი.
იმის მიხედვით, იჭყლიტება თუ არა გულმკერდის ზედა აპერტურში ნერვები, არტერიები ან ვენები, ეს პათოლოგია სხვადასხვანაირად ვლინდება. შემთხვევათა 95%-ში გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის გამოვლინება ნერვების კომპრესიასთან არის დაკავშირებული. 3-4%-ში მიჭყლეტილია ვენა (რომლითაც სისხლი ზედა კიდურებიდან გულისკენ მიედინება). ამასთან, ვენის მიჭყლეტის ადგილას ჩნდება თრომბი, რაც ტკივილს და ხელების შეშუპებას განაპირობებს. დანარჩენ 1-2%-ში გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი ვლინდება არტერიაზე ზეწოლის გამო. ზედა კიდურების მსხვილი არტერიების ხანგრძლივი კომპრესია ასევე იწვევს თრომბის განვითარებას მათ სანათურში და შემდგომ - ხელის მთელ სისხლძარღვში, რაც იშემიური ნეკროზის წინაპირობაა.

მიზეზები
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის მიზეზი ყველაზე ხშირად არის დამატებითი  ნეკნი, ლავიწის ან პირველი ნეკნის მოტეხილობა, ანდა, მაგალითად, მხრის ჩამოშვება კუნთოვანი ტონუსის სისუსტის გამო. გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი გვხვდება იმ ახალგაზრდებშიც, რომელთა სამუშაო ხელის განმეორებად მოძრაობებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ ხელების ასეთი მოძრაობისას ხდება ლავიწის პირველ ნეკნზე ზეწოლა, რაც გულმკერდის ზედა აპერტურის შევიწროებას იწვევს. იშვიათად ზოგიერთი ინვაზიური  ჩარევის ან დიაგნოსტიკური პროცედურის, მაგალითად, ანგიოპლასტიკის ან რიტმის ხელოვნური გამტარის ჩადგმის შემდეგ სისხლძარღვის სანათურში ჩნდება თრომბი, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის განვითარებას.

სიმპტომები და მიმდინარეობა
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის გამოვლინება იმაზეა დამოკიდებული, ნერვია მიჭყლეტილი თუ სისხლძარღვი. ყველაზე ხშირად კომპრესიას განიცდის არა რომელიმე ერთი კომპონენტი, არამედ  რამდენიმე, რაც მრავალფეროვან სიმპტომებს იწვევს. გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის ყველაზე გავრცელებული ნიშანია ხელის შეშუპება, ხელის ან მტევნის სისუსტე, ხელში დაღლილობის შეგრძნება, რომელიც ძლიერდება ხელის თავს ზემოთ აწევისას. გარდა ამისა, ავადმყოფი შესაძლოა უჩიოდეს ხელში ჩხვლეტის შეგრძნებას და დაბუჟებას (ნერვის მიჭყლეტის გამო), ზედა კიდურების (მხრიდან თითებამდე) ტკივილს.
სამწუხაროდ, გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის გამოვლინება ხშირად არასპეციფიკურია, რაც შესაძლოა დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცეს.

დიაგნოსტიკა
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის დიაგნოსტიკა რთულია, რადგან ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ნიშნეულია ბევრი სისხლძარღვოვანი თუ ნერვული დაავადებისთვის (ოსტეოქონდროზი, რეინოს დაავადება და სხვა). თავდაპირველად ექიმმა უნდა გამოკითხოს პაციენტი, გაიგოს, რას უჩივის იგი და რას უკავშირებს ამ ჩივილების განვითარებას. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს გამოკვლევა, დაზუსტდეს ხელისა და მხრის მოძრაობის სიფართოვე. გარდა ამისა,  იყენებენ ე.წ. ედსონის მეთოდს: ავადმყოფი ხელებს მაღლა სწევს და ექიმი უსინჯავს პულსს სხივების არტერიაზე ნეკის არეში. გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის დროს არტერიის პულსაცია ქრება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ეს ტესტი ჯანმრთელ ადამიანებსაც დადებითი აქვთ.
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის დიაგნოსტიკისთვის ტარდება:

  • კისრის ან მხრის რენტგენოგრაფია;
  • დოპლერული ექოსკოპიური გამოკვლევა;
  • ნერვის გამავლობის გამოკვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ფლებოგრაფია ან არტერიოგრაფია.

მკურნალობა
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის მკურნალობა დამოკიდებულია როგორც მის მიზეზზე, ისე გამოვლინებაზე. მაგალითად, თუ მთავარი მიზეზი ზედა კიდურების სისხლძარღვების დამატებითი ნეკნით მიჭყლეტაა, მაშინ ექიმი პირველ რიგში ამ მიზეზის მოშორების თაობაზე იძლევა რეკომენდაციას. სხვა შემთხვევაში მკურნალობა იწყება ვარჯიშებით, რომლებიც მიზნად ისახავს კუნთების გაძლიერებას გულმკერდის ზედა აპერტურის მიდამოში. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია ვარჯიშები, რომლებიც აძლიერებს მხრის კუნთოვან სარტყელს და ნერვსა და ზედა კიდურების სისხლძარღვებზე ზეწოლის შემცირების საშუალებას იძლევა. შესაძლოა, საჭირო გახდეს კუნთების რელაქსანტების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, ტკივილგამაყუჩებლებისა და სტეროიდული ჰორმონების დანიშვნა. გარდა ამისა, ეფექტურია სითბური პროცედურები და  დაზიანებული არის მასაჟი.
დაავადების ადრეულ სტადიაზე  ბევრი პაციენტი ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების შემდეგ შვებას გრძნობს, მაგრამ თუ კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა, რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა.
ოპერაციული მკურნალობა  გულისხმობს  გულმკერდის ზედა აპერტურის დეკომპრესიას - დამატებითი ნეკნის (თუ მიზეზი ეს იყო) ან პირველი ნეკნის მოშორებას, რის შედეგადაც ფართოვდება გულმკერდის ზედა აპერტურის სივრცე. გარდა ამისა, ქირურგმა შეიძლება გაჭრას პირველ ნეკნზე მიმაგრებული ზოგიერთი მცირე ზომის კუნთი, ასევე დანაწიბურებული ქსოვილი, რომელიც ნერვს ჭყლეტს.
ხელის ვენების თრომბით დაცობის შემთხვევაში ქირურგი შეეცდება თრომბი სპეციალური ნივთიერების შეყვანით დაშალოს. ამ პროცედურას თრომბოლიზისი ეწოდება.
გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომის დროს ზედა კიდურების არტერიების მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში, რაც ხანგრძლივი კომპრესიის შედეგია, ქირურგმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს მათი აღდგენა შუნტირებით ან სტენტირებით.

გულმკერდის მცირე კუნთის
სინდრომი

გულმკერდის მცირე კუნთის სინდრომი (სინონიმი - რაიტის სინდრომი) განპირობებულია ლავიწქვეშა არტერიასა და მხრის წნულზე პათოლოგიურად შეცვლილი გულმკერდის მცირე კუნთით ზეწოლით. იგი იწყება II-V ნეკნებიდან, მიემართება ცერად ზემოთ და ლატერალურად, მოკლე მყესებით ემაგრება ბეჭის ნისკარტისებრ მორჩს. ამ ადგილას შესაძლოა მოხდეს სისხლძარღვოვან-ნერვული კონის კომპრესია გულმკერდის მცირე კუნთით.
გულმკერდის მცირე კუნთის სინდრომი შესაძლოა აღმოცენდეს გულმკერდის ყაფაზის ტრავმის გამო კუნთის გადაგვარების, გულმკერდის მცირე კუნთის ჰიპერტროფიის, ამ კუნთის ხანგრძლივი ტრავმატიზების შედეგად. გარდა ამისა, სისხლძარღვებისა და ნერვების კომპრესია შესაძლოა განვითარდეს მუშაობის, ძილის ან დატვირთვის დროს ხელის ზედმეტად გადაწევით მაღლა და უკან.
გულმკერდის მცირე კუნთის სინდრომის პროვოცირებას იწვევს ზოგიერთი პროფესიისთვის (მღებავი, მხატვარი, ავტომობილების ხელოსანი და სხვა) დამახასიათებელი ხელის განმეორებითი მოძრაობები, ასევე - ძილის დროს ხელების თავქვეშ ამოდების ჩვევა. ახასიათებს ტკივილი და პარესთეზიები გულმკერდის წინა ზედაპირზე და ბეჭის არეში. ტკივილი გადაეცემა მხრის შიდა ზედაპირს, წინამხარს, მტევნებს, რასაც მოძრაობა აპროვოცირებს; აღინიშნება მოძრაობის შეზღუდვა შუა ნევრვის ინერვაციის უბანში, II-III თითების სისუსტე, ზედა კიდურების კუნთოვანი სარტყლის ჰიპოტონია და მოძრაობის შეზღუდვა მხრის სახსარში, აკროციანოზი, წინამხრებისა და მტევნების შეშუპება. სხივის არტერიაზე პულსი ქრება ხელის მაღლა აწევისას და დაავადებული ხელის მტევნის კეფაზე მიდებისას. გულმკერდის მცირე კუნთის პალპაცია (როცა ავადმყოფს ხელები მაღლა აქვს აწეული) ტკივილს იწვევს, ხელით შეიგრძნობა, რომ ეს კუნთი გასქელებული და დაძაბულია.
გულმკერდის მცირე კუნთის სინდრომის დიაგნოსტირება ხდება სიმპტომების საფუძველზე, ხელის მაქსიმალური განზიდვის დროს დადებითი სინჯების (ტკივილის გაძლიერება, პარესთეზია, ხელზე პულსაციის შემცირება), ნოვოკაინით ბლოკადის დადებითი ეფექტის მიხედვით.
გულმკერდის მცირე კუნთის სინდრომის დროს ტარდება ბლოკადა ნოვოკაინით და ჰიდროკორტიზონით, ელექტროფორეზი, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ინიშნება ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური საშუალებები. ეფექტურია ნემსით თერაპია.
კონსერვატიული თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.

გულისმიერი კახექსიის
სინდრომი

გულისმიერი კახექსიის სინდრომი ვითარდება სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში. ამ დროს სისხლის პლაზმაში იმატებს ლაქტატის შემადგენლობა, ნაწლავებში ირღვევა აბსორბციის პროცესი, აღინიშება ანორექსია, ასიმილაციის პროცესების დარღვევა და სასუნთქი მუსკულატურის გაძლიერებული მუშაობის გამო იმატებს ენერგიის ხარჯვა. გულისმიერ კახექსიის სინდრომს, ისევე როგორც საზოგადოდ კახექსიას, ახასიათებს მკვეთრი სიგამხდრე, ფიზიკური სისუსტე, ფიზიოლოგიური ფუნქციების დაქვეითება, ასთენია, მოგვიანებით კი აპათიაც.
მკურნალობა გულისხმობს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად.

გუნის სინდრომი

გუნის სინდრომი პალპებრულ-მანდიბულური (ქუთუთოსა და ქვედა ყბასთან დაკავშირებული) სინკინეზიაა (უნებლიე მოძრაობა), რომელიც აღინიშნება თვალის მამოძრავებელი ნერვის ბირთვის თანდაყოლილი განუვითარებლობით გამოწვეული ცალმხრივი ფთოზის დროს. პირის გაღებასა და ქვედა ყბის ჯანმრთელი თვალისკენ განზიდვას თან ახლავს ჩამოშვებული ქუთუთოს აწევა.
მკურნალობა ძირითადი დაავადების მკურნალობას გულისხმობს.

გუჟეროს სინდრომი

გუჟეროს ანუ პლურიგლანდულარული სინდრომისთვის (სინონიმები: ფალტის სინდრომი, გუჟერო-ფალტის სინდრომი) დამახასიათებელია მშრალი დანაოჭებული კანის შეუღლება კბილების ნაადრევ დაცვენასთან, სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებასთან, ფსიქიკურ და ფიზიკურ ასთენიასთან, აღინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ატროფიის დროს.
მკურნალობა გულისხმობს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად.

გუჟერო-ბლუმის
სინდრომი

გუჟერო-ბლუმის სინდრომი პურპუროზული პიგმენტური ლიქენოიდური დერმატიტია. შედის კანის ჰემოსიდეროზების (რკინაშემცველი პიგმენტის, ჰემოსიდერინის, ჭარბი ჩალაგება კანში) ჯგუფში. გუჟერო-ბლუმის სინდრომი განპირობებულია ქვედა კიდურების კაპილარიტით და ახასიათებს ბარძაყებზე, დუნდულებსა და წვივებზე სიმეტრიულად განლაგებული გამონაყარი (ლიქენოიდური პურპუროზული პაპულები, პეტექიები, ტელეანგიექტაზიები, ბადისებრი პიგმენტაცია).
მკურნალობის მიზანია სისხლძარღვთა კედლების გამაგრება. ანთებითი პროცესის შემთხვევაში ინიშნება კორტიკოსტეროიდების შემცველი კრემები.

გუჟერო-კარტოს
სინდრომი

გუჟერო-კარტოს სინდრომი (სინონიმი - ვიშესაქსის პაპილომატოზი), იგივე პაპულოზური პაპილომატოზი, გაურკვეველი წარმოშობის დერმატოზია. კლინიკურად ვლინდება წვრილი წითელი, სწრაფი გამუქებისა და გარქოვანებისკენ მიდრეკილი პაპულების გაჩენით. პაპულები ერთმანეთს ერწყმის და რომბისებრ კერებს ქმნის. ეს კერები უპირატესად მკერდზე, ბეჭის ძვლებს შორის და ხელისგულებზეა ლოკალიზებული. სინდრომმა თავი შესაძლოა ბავშვობაშივე იჩინოს, მაგრამ უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკში გვხვდება.

გუჟერო-ჰუვერ-
სეგრენ-მიკულიჩის
სინდრომი

გუჟერო-ჰუვერ-სეგრენ-მიკულიჩის სინდრომი (სინონიმები: მიკულიჩ-სეგრენის სინდრომი, სეგრენის ანუ შეგრენის სინდრომი, მულოკ-ჰუვერ-გუჟერო-სეგრენის სინდრომი, მიკულიჩ-გუჟერო-სეგრენის დაავადება, პრედტეჩენსკი-გუჟერო-სეგრენის სინდრომი) ქსეროდერმატოზია, რომლის დროსაც საქმე გვაქვს გარეგანი სეკრეციის ჯირკვლების უკმარისობასთან. მისთვის დამახასიათებელია მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, პირისა და ცხვირის ღრუს სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერტროფია და ნერწყვის გამოყოფის უკმარისობა, კუჭის სეკრეციის უკმარისობა ან სრული დათრგუნვა, კუჭქვეშა ჯირკვლის გარეგანი სეკრეციის მოშლა; კანი მშრალია, იქერცლება, დეპიგმენტირებულია, შესაძლოა ეგზემის განვითარება; თან ახლავს ქრონიკული პოლიართრიტი, კბილებისა და ძვლების კალციფიცირების დარღვევა, კბილების კარიესი და ოსტეოპოროზი, სისხლში - დისპროტეინემია,  ჰიპოქრომული ანემია, რკინის ნაკლებობა, ფიბრინოგენის კონცენტრაციის მომატება. გვხვდება უმეტესად ქალებში კლიმაქსის ან მენოპაუზის პერიოდში, აგრეთვე - ახალგაზრდა ასაკშიც ოვარიული უკმარისობის დროს.
გუჟერო-ჰუვერ-სეგრენ-მიკულიჩის სინდრომის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად.

გურევიჩის
სინდრომი

გურევიჩის სინდრომისთვის დამახასიათებელია წონასწორობის დარღვევა თვალის კაკლების მოძრაობის დროს, რასაც თან ახლავს ყურების შუილი, თავბრუხვევა და ღებინება. აღინიშნება ავადმყოფებში, რომლებმაც გადაიტანეს თავის ქალას მძიმე ტრავმა ან აქვთ ხერხემლისა და ბაზილარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.
გურევიჩის სინდრომის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს სიმპტომურ თერპიას ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად.

გურმანის
სინდრომი

გურმანის სინდრომი შესაძლოა წარმოიშვას თავის ტვინის საფეთქლის წილის ორგანული დაზიანების (ენცეფალიტის, ქალა-ტვინის ტრავმის) დროს. ახასიათებს დახვეწილი საკვებისადმი მიდრეკილება, რასაც ზოგჯერ პათოლოგიური გაუმაძღრობა ერწყმის.
მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადების მკურნალობას.

გუტერეს-ნორიეგოს
სინდრომი

გუტერეს-ნორიეგოს სინდრომი არის ფსიქიკური დარღვევები ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. ახასიათებს ინტელექტის დაქვეითება, ფიქსაციური ამნეზია, აფექტური დარღვევები, აპათია, ხასიათის ცვალებადობა, ასოციალური ქცევები და სექსუალური დარღვევები.
გუტერეს-ნორიეგოს სინდრომის მკურნალობა კომპლექსურია, გულისხმობს ალკოჰოლიზმის მკურნალობას და სიმპტომურ თერაპიას.

გუტიერესის
სინდრომი

გუტიერესის სინდრომი შეიძლება წარმოიშვას ნალისებრი თირკმლის დროს. ახასიათებს ტკივილი ფერდქვეშ ან ჭიპის მიდამოში, ქრონიკული შეკრულობა, პროტეინურია და ჰემატურია.
მკურნალობა გულისხმობს სიმპტომურ თერაპიას ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად.

გუტმან-ფროილენთალის
სინდრომი

გუტმან-ფროილენთალის სინდრომი კანის პირველადი ლიქენოიდური ამილოიდოზია. წვივის გამშლელ ზედაპირზე ჩნდება წვრილი პაპულები და კვანძები, რაც იწვევს ძალზე შემაწუხებელ ქავილს. მიმდინარეობა ქრონიკულია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია