ლაიტვუდის სინდრომი
ლაიტვუდის სინდრომი წარმოადგენს ლაიტვუდ-ოლბრაიტის სინდრომის ვარიანტს, რომელიც თირკმლის მილაკების პროქსიმული ნაწილის ბიკარბონატების ანიონთა რეაბსორბციის უუნარობის შედეგია. გვხვდება უპირატესად ბავშვებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლაიტვუდ-ოლბრაიტის
სინდრომი

ლაიტვუდ-ოლბრაიტის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ჰიპოპარათირეოზის ერთ-ერთ ფორმას. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია. გამოიხატება პოლიურიით, მძიმე მოგვიანებითი რაქიტით, ძვლების გამრუდებითა და სპონტანური მოტეხილობებით, დიფუზური ოსტეოპოროზით, ნეფროკალცინოზით, ნეფროლითიაზით და მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევით. ჩვილებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო მოზრდილებსა და ზრდასრულებში - მძიმედ. განასხვავებენ სინდრომის ორ ფორმას: ლაიტვუდის სინდრომს და ბატლერ-ლაიტვუდ-ოლბრაიტის სინდრომს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლამბერტ-იტონის  ტიპის
მიასთეზიური სინდრომი

მიასთეზიური სინდრომის  ლამბერტ-იტონის ტიპისთვის დამახასიათებელია მოძრაობითი დარღვევების ტიპობრივი ლოკალიზაცია, მყესთა რეფლექსების დაკნინება, დადებითი რეაქცია გუანიდინის შეყვანაზე. შესაძლოა ამ სინდრომის შეუღლება ფილტვის კიბოსთან და ნათხემის ატროფიასთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლამბლინგის სინდრომი

ლამბლინგის სინდრომი იგივე პოსტგასტროექტომიური სინდრომია, რომელიც წარმოადგენს გასტროექტომიის მოგვიანებით გართულებას და საყლაპავიდან საკვების უშუალოდ ნაწლავში გადასვლის შედეგია. ამ დროს ირღვევა მონელების პროცესი. ვლინდება ძლიერი და სწრაფი გახდომით, დიარეით, შეშუპებით, ანემიით, ჰიპოპროტეინემიით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლამი-მაროტის სინდრომი

ლამი-მაროტის სინდრომი (სინონიმები: ლამის სინდრომი, მუკოპოლისაქარიდოზი VI) წარმოადგენს მემკვიდრეობით ქონდროზს - ტროფიკული დიზოსტინიის ნაირსახეობას (ე.წ. დისტროფიული ქონდრისკაცობა). გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია. დამახასიათებელია: დისპროპორციული ჯუჯა სიმაღლე კიდურთა პროქსიმული ნაწილების უპირატესი დამოკლებით, ტერფის ანომალიები, იზოდაქტილია, თორაკალური სკოლიოზი, სასის გაპობა.

ლანგერ-გიდიონის
სინდრომი

ლანგერ-გიდიონის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობით ანომალიათა კომპლექსს. დამახასიათებელია გონებრივი განუვითარებლობა, მიკროცეფალია, მრავლობითი ექზოსტოზი, დანაოჭებული კანი, სახსრებში მოძრაობის მომატება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციისადმი მომატებული მიდრეკილება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლანდრის აღმავალი
დამბლა ანუ სინდრომი

ლანდრის აღმავალ დამბლას ანუ სინდრომს განსაკუთრებით სწრაფი მიმდინარეობა ახასიათებს. პროცესი იწყება კიდურების რბილი დამბლით, შემდეგ გადადის ხელებზე, ბოლოს აღწევს თავის ტვინის ბულბურ ნაწილს და რამდენიმე დღეში სრულდება სიკვდილით სუნთქვის დამბლისა და გულის მუშაობის მოშლის გამო. შესაძლოა განვითარდეს პოლიომიელიტის, პოლირადიკულიტის და სხვა დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლანდრი-გილენ-ბარეს
სინდრომი

ლანდრი-გილენ-ბარეს სინდრომი (სინონიმები: გილენ-ბარე-შტროლის სინდრომი, გილენ-ბარეს (გიიენ-ბარეს) სინდრომი) წარმოადგენს პირველად მწვავე იდიოპათიურ პოლირადიკულონევრიტს (პოლირადიკულიტი), რომლისთვისაც დამახასიათებელია კუნთების პერიფერიული დამბლები და ცერებროსპინალურ  სითხეში ცილისა და უჯრედთა დისიოციაცია ზედაპირული მგრძნობელობის შენარჩუნებით. შესაძლოა ჰქონდეს აღმავალი ხასიათი სახის, ხორხისა და ხახის კუნთების ჩათრევით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლანეს სინდრომი
ლანეს სინდრომი წარმოადგენს თანდაყოლილ დისპლაზიას ღვიძლის ციროზის დროს. არცთუ იშვიათად გვხვდება პალმალური და პლანტარული ერითემები, რაც პერიფერიულ სისხლძარღვთა გაფართოების შედეგია. ასეთი ერითემები გვხვდება ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზის, რევმატოიდული ართრიტის, ავთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა ქრონიკული დაავადებების დროსაც, როდესაც ერთდროულად აღინიშნება კვების მოშლა და ჰიპოპროტეინემია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლანელონგ-აშარის
სინდრომი

ლანელონგ-აშარის სინდრომი წარმოადგენს თანდაყოლილ ელეფანტიაზს ანუ გასპილოვნებას. მისთვის დამახასიათებელია: ქვედა კიდურების გადიდება ლიმფური სადინარების გაფართოების, კანისა და კანქვეშა ქსოვილების ინფილტრაციის გამო, ცვლილებებს აქვს პოლიკისტოზური ხასიათი. ძვლები უცვლელია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლარსენის სინდრომი

ლარსენის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს, რომლის გადაცემის ტიპი უმეტესად აუტოსომურ-დომინანტურია, იშვიათად - რეცესიული. მისთვის დამახასიათებელია: ბრტყელი სახე, წინ წამოწეული თითები, გაპობილი სასა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლარსენ-იოჰანსენის
სინდრომი

ლარსენ-იოჰანსენის სინდრომი წარმოადგენს კვირისტავის გაძვალების დარღვევას. ვლინდება მისი შესივებით და მტკივნეულობით პალპაციის დროს, მუხლის სახსრის მორეცედივე ჰიდრართროზით, ძირითადად გვხვდება სიყმაწვილეში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლარუელის სინდრომი

ლარუელის სინდრომი (იგივე კეფის ხვრელის სინდრომი) გამოიხატება შეტევითი ხასიათის თავის ტკივილით, კისრის კუნთების ხანმოკლე კრუნჩხვებით ან მათი მყარი კონტრაქტურით, სახისა და კისრის ვაზომოტორული დარღვევებით, პროგრესირებადი ტაქიპნოეთი და საყლაპავის სპასტიკური შეკუმშვებით. ვითარდება თავის ქალას უკანა ფოსოს სიმსივნის დროს, თავის ტვინის ჩაჭედვის შემთხვევაში კეფის ნახვრეტში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლასთენი დე ფერჟოლის
სინდრომი

ლასთენი დე ფერჟოლის სინდრომი (სახელწოდება დაკავშირებულია ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთ პერსონაჟთან) პიროვნების ფსიქოპათიური სტრუქტურის გამოვლინებაა. ავადმყოფები ხელოვნურად იწვევენ სისხლდენას (ცხვირიდან, ბუასილის კვანძებიდან, ჭრილობიდან და ა.შ.), ანდა სპეციალურად უშლიან ხელს მის შეჩერებას. აქედან გამომდინარეობს ჰიპოქრომული ანემია თავისი სიმპტომებით. ჩვეულებრივ, აღინიშნება ქალებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლაურელ-ერიკსონის
სინდრომი

ლაურელ-ერიკსონის სინდრომი წარმოადგენს ფილტვების მემკვიდრეობით ემფიზემას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია ბავშვობიდან ფილტვების დიფუზური ობსტრუქციული ემფიზემა, პროგრესიული ქოშინი. ქრონიკული ბრონქიტის სიმპტომები არ შეინიშნება. სისხლში დაქვეითებულია ან საერთოდ არ არის ალფა-პირველი გლობულინი და ალფა-პირველი ანტიტრიფსინი. არ დასტურდება ანემია. ზოგჯერ გვხვდება ღვიძლის ციროზი და კატარაქტა, გინეკოტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლაფტის სინდრომი

ლაფტის სინდრომი წარმოადგენს განივზოლიანი კუნთების მიტოქონდრიების მემკვიდრეობითი ანომალიების სიმპტომოკომპლექსს. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია. ახასიათებს: პროფუზული ოფლი, პოლიდიფსია პოლიურიის გარეშე, პოლიფაგია, პროგრესიული სიგამხდრე, ასთენია, კუნთების სისუტე და ატროფია, პათოლოგიური ელექტრომიოგრამა, მყესთა ღრმა რეფლექსების გაქრობა. მნიშვნელოვნად არის მომატებული ძირითადი ცვლა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლაქტორეა-ამენორეის
სინდრომი

ლაქტორეა-ამენორეის სინდრომი  არის პათოლოგია, რომლის კლინიკური სიმპტომატიკა გაპირობებულია ჰიპოფიზის წინა ნაწილის მიერ პროლაქტინის მოჭარბებული პროდუქციით.
ჰიპერპროლაქტინემია ვითარდება ნეიროტრანსმიტერული კონტროლის (ძირითადად - კატექოლამინურისა, ნაკლებად - სეროტონინულისა), ჰიპოთალამურ ჰორმონთა სეკრეციის, ჰიპოფიზის მიერ პროლაქტინის პროდუქციის შემაკავშირებელი და გამათავისუფლებელი მოქმედების დარღვევათა შედეგად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლებლოვიტცის სინდრომი
ლებლოვიტცის სინდრომი (სინონიმი: იაკობის სტომატიტი) პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მორეციდივე აფთების ნაირსახეობაა. მიმდინარეობს მსუბუქად, აფთები, ჩვეულებრივ, ერთ კვირაში ქრება, მაგრამ მალევე ვითარდება რეციდივი. იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსთან ახლო მდგომი ვირუსი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლედერჰოზის სინდრომი
ლედერჰოზის სინდრომი ე. წ. მცირე კოლაგენოზის ნაირსახეობაა. ახასიათებს  ქვედა კიდურებზე, თითების ფუძესთან, ერთი ან რამდენიმე ზეთისხილისოდენა ან უფრო პატარა წითელი, შეხებისას უმტკივნეულო ან ოდნავ მგრძნობიარე შესქელება. ზოგჯერ ვითარდება სპონტანური რეგრესია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლედის სინდრომი
ლედის სინდრომი წარმოადგენს წვრილი  ნაწლავის ფიქსაციის თანდაყოლილ მანკს, რომელსაც ნაწლავთა გაუვალობამდე მივყავართ. რენტგენოლოგიურად დასტურდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ძლიერი გაფართოება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლევანდოვსკის სინდრომი

ლევანდოვსკის სინდრომი წარმოადგენს თანდაყოლილ პიგმენტურ ხალს, რომელსაც აქვს წინ წამოწეული პაპულების ფორმა. პაპულები 2-3 მმ დიამეტრისაა, მოთეთრო-მოყვითალო, მკვრივი, გარს ახვევია ფერნაცვალი კანი. უმეტესად ლოკალიზებულია მკერდის ცალ მხარეს. ჰისტოლოგიურად წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის ჰიპერპლაზიას.

ლევენ-როთის სინდრომი
ლევენ-როთის სინდრომი აღენიშნებათ ჯალღუზისებრი სხეულის მარცვლოვანი გადაგვარების მქონე ავადმყოფებს. მისთვის დამახასიათებელია: ჯუჯისებრი ტანი, ჰიპოთირეოზი, გონებრივი ჩამორჩენილობა. სიმპტომები ვლინდება ბავშვობაში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლევენფელდ-ჰენებერგის
სინდრომი

ლევენფელდ-ჰენებერგის სინდრომი (აფექტური ადინამია, ემოციური ტონუსის ბლოკადა) წარმოადგენს კატაპლექსიას - კუნთების ტონუსის ხანმოკლე პაროქსიზმულ დაკარგვას, რის გამოც ადამიანი ეცემა, თუმცა გონს არ კარგავს. უმეტესად დაკავშირებულია ძლიერ ემოციურ გაღიზიანებასთან. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია ნარკოლეფსიის ან ჟელინიის დაავადებისა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეიდენ-მებიუს-ციმერლინის
სინდრომი

ლეიდენ-მებიუს-ციმერლინის სინდრომი წარმოადგენს კუნთთა პროგრესიული ატროფიის ფორმას, რომლის დროსაც ატროფირებულია მენჯის სარტყლისა და ბარძაყის კუნთები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეიდიგის სინდრომი
ლეიდიგის სინდრომი გამოიხატება  ვაჟებში სქესობრივი განვითარების დარღვევით. დამახასიათებელია სათესლე ჯირკვლების გლანდულოციტების (ლეიდიგის უჯრედების) არასრულყოფილება სხვა სტრუქტურათა შენარჩუნებით. გამოიხატება ღარიბი თმიანობითა და გინეკომასტიით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეინის სინდრომი

ლეინის სინდრომის დროს პირის ღრუში შეინიშნება გალვანიზაციის მოვლენები, რასაც კბილების ხელოვნური გვირგვინები ან სხვადასხვა მეტალის ბჟენები იწვევს. დამახასიათებელია: წვა და ტკივილი პირის ღრუში, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიები, თავის ტკივილი, ლაბილური არტერიული წნევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეიტნერის სინდრომი
ლეიტნერის სინდრომი წარმოადგენს ლიმფური კვანძების გენერალიზებულ კაზეოზურ ტუბერკულოზს ატიპური მიმდინარეობით. დამახასიათებელია: ტემპერატურის მომატება, ცუდი საერთო თვითშეგრძნება, ლიმფური კვანძების გადიდება, პანციტოპენია, ედს-ის მნიშვნელოვანი აჩქარება, კაზეოზური ტუბერკულოზური ცვლილება სხვა ორგანოებში (ფილტვები, თირკმელები, ძვლები). პროგნოზი გაურკვეველია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეიტონ-ტორნბულ-ბრეტონის
სინდრომი

ლეიტონ-ტორნბულ-ბრეტონის სინდრომი წარმოადგენს თიმუსის მაკროგენიტოსომიას, ჰორმონული დარღვევები მსგავსია კუშინგის სინდრომისა. დამახასიათებელია ბავშვებში სიმსუქნე და კუნთების ზომაზე მეტი განვითარება. გამოწვეულია მკერდუკანა ჯირკვლის პირველადი სიმსივნით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლემან-რობინგ-მიულერის
სინდრომი

ლემან-რობინგ-მიულერის სინდრომი (სინონიმები: რიბანგის სინდრომი I, მიულერ-რიბინგ-კლემენტის სინდრომი) სახსრების ეპიფიზთა იზოლირებული დიზოსტოზია. ახასიათებს: სხვადასხვა ძვლის ეპიფიზთა დეფორმაცია და შეჭმუხვნა ოსტეომალაციისადმი მიდრეკილებით, იშვიათად - ჯუჯის სიმაღლე, სუბიექტურად - ტკივილი და შეზღუდულობა სახსრებში. ჩვეულებრივ, ვლინდება ბავშვობაში, ზოგჯერ აღინიშნება ჰიპოთირეოზის სიმპტომები. გადაცემის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლემიურ-ბოლტანსკი-ჟიუსტინ-ბეზანსონის
სინდრომი

ლემიურ-ბოლტანსკი-ჟიუსტინ-ბეზანსონის სინდრომი წარმოდგენს  ალკოჰოლური პოლინევრიტის ფორმას. გვხვდება უმეტესად ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ ქალებში. ხშირად კორსაკოვის სინდრომი ერწყმის ღვიძლის ცვლილებებს. დამახასიათებელია ფილტვების ტუბერკულოზის სწრაფი განვითარება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლენგერ-გიდიონის  
სინდრომი

ლენგერ-გიდიონის  სინდრომი წარმოდგენს  მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს. გადაცემის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტურია. დამახასიათებელია: გონებრივი განვითარების შეჩერება, მიკროცეფალია, მრავლობითი ეგზოსტოზი, დაკეცილი კანი, სახსართა გადაჭიმვა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისადმი მიდრეკილება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლენდინგ-ოპენჰეიმერის
სინდრომი

ლენდინგ-ოპენჰაიმერის სინდრომი მემკვიდრეობითი ლიპოიდოზის ნაირსახეობაა. გადაცემის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიულია. ახასიათებს: ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ფაღარათი, ღვიძლის პროგრესირებადი უკმარისობა, ღვიძლში, ელენთასა და ნაწლავთა ლორწოვან გარსში ცეროიდის ჩალაგება (პიგმენტაცია), რომელიც ახლოსაა ლიპოფუსცინთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლენდორფის სინდრომი

ლენდორფის სინდრომი გარდამავალი ანემიაა, როგორც ჩანს, ალერგიული ბუნებისა. აღენიშნებათ ახალშობილებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლენობლ-ობინოს  
სინდრომი

ლენობლ-ობინოს სინდრომი წარმოადგენს ნისტაგმ-მიოკლონიას. ეს მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, რომელიც გადაეცემა დომინანტური ტიპით და მიმდინარეობს ნერვული სისტემის უპირატესი დაზიანებით. გამოიხატება თანდაყოლილი ნისტაგმით, კუნთების ფასციკულარული შეკუმშვით, თავისა და ხელების ტრემორით, ჰიპერრეფლექსიით, ვაზომოტორული დარღვევებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლენცის სინდრომი
ლენცის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობით ანომალიათა კომპლექსს, რომლის გადაცემა ხდება რეცესიული, X-ქრომოსომასთან შეკავშირებული ტიპით. მისთვის დამახასითებელია: თვალების ანომალიები (მიკროფთალმი, ენოფთალმი), ჩონჩხის ანომალიები (გრძელი გულმკერდი, ლორდოზი, ხელ-ფეხის ცალკეული თითების დამოკლება, დაბალი ტანი, ვიწრო მხრები), ზოგიერთი კბილის აგენეზია, ორმხრივი კრიპტორქიზმი, ჰიპოსპადია, შარდსაწვეთების გაფართოება, თირკმელების დისპლაზია, გონებრივი ჩამორჩენილობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეოპოლდ-ლევის
სინდრომი

ლეოპოლდ-ლევის სინდრომი წარმოადგენს ინტერმისიულ თირეოტოქსიკოზს. ეს არის ტოქსიკური ჩიყვის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის გამოხატული ჰიპერფუნქციის პერიოდებს ეუთირეოზისა ცვლის.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეოტის სინდრომი
ლეოტის სინდრომი წარმოადგენს სუბჰემატურ პერივისცერიტს (გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოთა გარემომცველი ქსოვილების ანთებას, რომელიც მათი ფორმისა და ფუნქციის დარღვევით მიმდინარეობს). ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია ღვიძლქვეშა პერივისცერიტის კლინიკური სურათი: ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, არცთუ იშვიათად - ჭვლის სახით, გულისრევა, მეტეორიზმი, ქრონიკული ქოლეცისტიტისა და აპენდიციტის ნიშნები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეპეს სინდრომი

ლეპეს სინდრომი, იგივე ენტეროოქსალურიული სინდრომი, მჟაუნჟავას მემკვიდრეობითი დიათეზი, მემკვიდრეობითი ბუნებისაა. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია. ლეპეს სინდრომისთვის დამახასიათებელია: ქრონიკული დისპეფსია, მეტეორიზმი, ცალკეული პროდუქტების მოუნელებლობა (ისპანახი, კვერცხი, ბრინჯი), ჰეპატომეგალია, ანამნეზში სიყვითლე, სანაღვლე გზების დისკინეზია ან ქოლელითიაზი, კუჭუკანა ჯირკვლის უკმარისობა, ნაწლავების ანომალიები (დივერტიკულოზი, გაფართოება), ნეფროლითიაზი (ოქსალატური კენჭები), ჰიპეროქსალემია, ჰიპეროქსალურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერის სინდრომი
ლერის დაავადება ანუ სინდრომი I, იგივე მელორეოსტოზი, მემკვიდრეობითი პათოლოგიაა გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია ერთი ან რამდენიმე ძვლის, უპირატესად - ზედა ან ქვედა კიდურების ძვლების, ძვლოვანი სტრუქტურის მკვეთრი გამსხვილება. დაავადება დაკავშირებულია ოსტეოგენეზის ანომალიასთან. ავადმყოფები უჩივიან ტკივილებს, რომლებიც ძლიერდება ღამით. ახალგაზრდებს აღენიშნებათ დაზიანებული კიდურის სისუსტე, გაურკვეველი სიმძიმის შეგრძნება, კუნთების ატროფია. მოგვიანებით ამას ერთვის სახსრებში მოძრაობის გაძნელება, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს. ექვემდებარება მკურნალობას. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერის პლეონოსტეოზი
ანუ სინდრომი II

ლერის პლეონოსტეოზი ანუ სინდრომი II წარმოადგენს მემკვიდრეობით პოლიპოზურ დიზოსტომიას გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. ამ დროს ირღვევა ჩონჩხის განვითარება: ტორსი მოკლეა, თავის ქალა - დიდი, დეფორმირებულია ძვლების სასახრე დაბოლოებანი, სახსრებსა და ხერხემალში მოძრაობა შეზღუდულია, თითები მსხვილია, ძეხვისებური, ფიქსირებულია მოხრილ მდგომარეობაში პირველ ფალანგთაშორის სახსარში. ხასიათდება დაბალი ტონით, დამახასიათებელია ტიპური მონგოლოიდური სახე, გონებრივი ჩამორჩენილობა, ანთროტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერის სინდრომი III

ლერის სინდრომი III (სინონიმი: ლერი-მოლინ-დე ტეისიეს სინდრომი) ვითარდება ფილტვის მწვერვალის ტუბერკულოზის დროს ნერვულ ელემენტებზე გადიდებული ლიმფური კვანძების ზეწოლის შედეგად. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი და მგრძნობელობის დარღვევა მხრის მიდამოში. შესაძლოა ამ მიდამოს მსუბუქი პარეზიც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერის სინდრომი IV
ლერის სინდრომი IV, იგივე პოლიტოპური დიზოსტოზი (სინონიმი: ლერი-ვეილის სინდრომი) განეკუთვნება თანდაყოლილ ენქონდრულ დიზოსტოზთა რიცხვს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მისთვის დამახასიათებელია ჩონჩხის განვითარების დარღვევა - გრძელი ლულოვანი ძვლების დამოკლება, გასქელება და გამრუდება, კისრის მალების დეფორმაცია, ლორდოზი, მრავლობითი ეგზოსტოზი. ინტელექტი შენარჩუნებულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერი-კინდბერგის
სინდრომი

ლერი-კინდბერგის სინდრომისთვის დამახასიათებელია ინფილტრატი ფილტვებში, გამოხატული ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია. იწყება მწვავედ, მიმდინარეობს მაღალი სეპტიკური ციებ-ცხელებით, ოფლდენით, პლევრის ღრუში ზომიერი გამონაჟონით. პროგნოზი კარგია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერი-ზუდეკის
სინდრომი

ლერი-ზუდეკის სინდრომი (სინონიმი: ზუდეკის სინდრომი) წარმოადგენს ძვლის ქსოვილის მწვავე ატროფიას, რომელიც განვითარებულია ძვალ-სახსართა მექანიკური დაზიანების ან ანთებითი პროცესის შედეგად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეტულის სინდრომი

ლეტულის სინდრომი წარმოადგენს კისტოიდურ ლიმფანგიომას. მიეკუთვნება ლიმფური სისტემის თანდაყოლილი ანომალიების რიცხვს. მისთვის დამახასიათებელია კისტოიდური ლიმფომა, წარმოშობილი ლიმფური ძარღვების გაფართოებისა და შეერთების შედეგად. ასეთივე ანომალიები ყალიბდება კისერზე, ენასა და ტუჩებზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეფლერის სინდრომი
ლეფლერის სინდრომი, იგივე კარტაგენერის სინდრომი, ლეფლერის ეოზინოფილია ანუ სინდრომი (იხ.)

ლეფლერის სინდრომი II
ლეფლერის სინდრომი II, იგივე ლეფლერის ენდოკარდიტი, წარმოადგენს პარიეტალური ენდოკარდიუმის ანთებას ეოზინოფილიით. კლინიკურად გამოიხატება პროგრესირებადი გულის უკმარისობითა და ეოზინოფილიით (50-70%). ტემპერატურული რეაქცია თან არ ახლავს. პათანატომურად აღინიშნება მარჯვენა გულის ჰიპერტროფია, მარჯვენა პარკუჭის ენდოკარდიუმში - ფიბროზი. მიზეზი უცნობია. არ არის გამორიცხული ალერგიული ან ვირუსული ეტიოლოგიის ანთება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეფლერის სინდრომი III

ლეფლერის სინდრომი III გამოიხატება ჰილუსის ლიმფური კვანძების ორმხრივი გადიდებით, კანის კვანძოვანი ერითემის ტიპის დაზიანებითა და ცხელებით. ეტიოლოგია დაუდგენელია. სადღეისოდ ეს სინდრომი მიჩნეულია მწვავე სარკოიდოზის ერთ-ერთ კლინიკურ ვარიანტად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეშკეს დაავადება
ანუ სინდრომი I

ლეშკეს დაავადება ანუ სინდრომი I მემკვიდრეობითი პიგმენტური დისტროფიაა. მისთვის დამახასიათებელია კანის მრავლობითი ქაოსურად განლაგებული პიგმენტური ლაქა, ფიზიკური და ფსიქიკური განუვითარებლობა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, დარღვევები ენდოკრინული (გენიტალიური დისტროფია, ჰიპოფიზური სიმსუქნე, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია ადინამიითა და ჰიპოტონიით) და ვეგეტატიური ნერვული სისტემების მხრივ. ცნობილია აგრეთვე როგორც ვებერის სინდრომი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეშკეს სინდრომი II
ლეშკეს სინდრომი II წარმოადგენს აბორტული მიმდინარეობის ნეიროფიბრომატოზს (იხ. რეკლინჰაუზენის დაავადება). გამოიხატება გლიკემიის მქონე პირებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეშ-ნაიაჰანის სინდრომი
ლეშ-ნაიაჰანის სინდრომი წარმოადგენს ჰიპერურიკემიას, ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობით მოშლას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. განპირობებულია ფერმენტ ჰიპოქსანტინფოსფორიბოზილტრანსფერაზის დეფიციტით. გამოიხატება გონებრივი ჩამორჩენილობით, ქორეოატეტოზით, აგრესიული თვითდაზიანების შეტევებით, შარდში შარდმჟავას შემცველობის მომატებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიან-სიგიე-ველტის
სინდრომი

ლიან-სიგიე-ველტის სინდრომი წარმოადგენს დიაფრაგმული თიაქრის, რეფლუქსეზოფაგიტის, ოთხივე კიდურის მორეციდივე თრომბოფლებიტის, სისხლძარღვთა თრომბოზის და არცთუ იშვიათად რკინადეფიციტური ანემიის შერწყმას. პათოგენეზი უცნობია.

ლიბოვის სინდრომი
ლიბოვის სინდრომი (სინონიმები: როზენის სინდრომი, როზენ-კასტლმენ-ლაბოვის სინდრომი) წარმოადგენს ფილტვის ალვეოლების პროტეინოზს, პნევმოფსევდოფიბროზის გამოხატულებას. მისთვის დამახასიათებელია: ხველა, ლორწოვანი ნახველი, ქოშინი, ჰემაპტოე, დოლის ჯოხების მაგვარი თითები, ფილტვის ქვედა წილებში კრეპიტაცია ან სველი ხიხინი, რენტგენოლოგიურად - ორმხრივი სიმეტრიული დაჩრდილვა. დამახასიათებელია პროცესის მიგრაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია