მაფუჩის
სინდრომი

მაფუჩის სინდრომი (სინონიმი: მაფუჩკასტის სინდრომი) წარმოადგენს მეზოდერმული წარმოშობის ქსოვილთა განვითარების იშვიათ დარღვევას დისქონდრომატოზითა და მრავლობითი ანგიომატოზით. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია. დამახასიათებელია ძვლების ასიმეტრიული ქონდრომატოზი ან ცალმხრივი დიქონდროპლაზია კიდურების მნიშვნელოვანი დამახინჯებით, კანისა და შინაგან ორგანოთა მრავლობითი ანგიომატოზი, კანის უბნების დეპიგმენტაციითა და ხალებით. არცთუ იშვიათად რთულდება ავთვისებიანი სიმსივნური პროცესით - ქონდროსარკომით, ანგიოსარკომით, ლიმფანგიომით, გლიომით, ოვარიული ტერატომით. მოსალოდნელია მოტეხილობები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ფლებიტი, ანდროტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მახის სინდრომი
მახის სინდრომი წარმოადგენს შეშუპებისა და ჰიპერალდოსტერონურიის შერწყმას. გვხვდება ქალებში. მისთვის დამახასიათებელია შეშუპება დღეში ოთხ გრამზე მეტი სუფრის მარილის მიღების შემთხვევაში, ზომიერი ჰიპერალდოსტერონურია. გულის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციები ნორმალურია. სუფრის მარილით დატვირთვა ალდოსტერონურიას არ ამცირებს. ჰიპოკალიემია არ შეინიშნება. ხშირია სიმსუქნე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეა-სინდრომი
მეა-სინდრომი (სინონიმი: ვერმერის სინდრომი) წარმოადგენს თანდაყოლილი ენდოკრინული ადენომატოზისა და წვრილი ნაწლავის პეპტიკური წყლულების შეუღლებას. გამოიხატება: ჰიპოფიზის წინა ნაწილის კეთილთვისებიანი სიმსივნით (რომელიც შეიძლება წარმოიშვას მისი ნებისმიერი უჯრედისგან); პარათირეოიდული ჯირკვლების კვანძოვანი ჰიპერპლაზიით (რომელშიც უპირატესად ჩართულია მთავარი უჯრედები); კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულების მრავლობითი კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნით; პეპტიკური წყლულებით წვრილ ნაწლავში. ამ სინდრომს საფუძვლად უდევს აპუდ-სისტემის უჯრედებისგან განვითარებული მრავლობითი ენდოკრინული ადენომატოზი (მეა) ანუ მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიები (მენ).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მებიუსის სინდრომი I
მებიუსის სინდრომი I ხასიათდება ერთ-ერთი ან ორივე თვალის კაკლის გვერდითი მოძრაობის შეზღუდვით და სახის ნერვის პარეზით ან დამბლით. გაძნელებულია კონვერგენცია, აღინიშნება კონვერგენციული სიელმე. ზოგჯერ თან ახლავს ენისქვეშა ნერვის პარეზი, პოლიდაქტილია, განვითარების სხვა მანკები და გონებრივი ჩამორჩენილობა. სიმპტომთა პათოგენეზში წამყვან როლს მიაკუთვნებენ ცენტრალურ ბირთვზედა და პერიფერიული ინერვაციის მოშლას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მებიუსის სინდრომი II
მებიუსის სინდრომი II ანუ დაავადება წარმოადგენს ოფთალმოპლეგიურ შაკიკს. თვალის მამოძრავებელი ნერვის დამბლა. უვითარდებათ პერიოდული შაკიკის მქონე ავადმყოფებს. მისთვის დამახასიათებელია: თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ოფთალმოდენია, მიდრიაზი, თვალი არ მოძრაობს. თანდათანობით ყველა სიმპტომი ქრება. ყველაზე მეტხანს რჩება მიდრიაზი. როგორც ჩანს, ამ სინდრომს იწვევს შეშუპებული ქსოვილის ან გადავსებული სისხლძარღვების ნერვზე ზეწოლა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მედიასტინული
სინდრომი

მედიასტინული სინდრომი გამოიხატება გულმკერდის ტკივილით, პერიფერიული ლიმფოსტაზით, სტენოზური სუნთქვით. გამოწვეულია შუასაყრის ორგანოებზე, მაგალითად, სიმსივნის, ანთებადი ინფილტრატის, აორტის ანევრიზმის ზეწოლით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მედოკის
სინდრომი

მედოკის სინდრომი წარმოადგენს ჰიპოფიზის გონადო- და ადრენოკორტიკოტროპული ფუნქციების უკმარისობას თირეოტროპული ფუნქციის შენარჩუნებით. მისთვის დამახასიათებელია: თმიანობის გაქრობა სიმფიზის ზევით და იღლიებში, ფიზიკური და ფსიქიკური სისუსტე, სიგამხდრე, ღამით - უძილობა, დღისით - ძილიანობა, სიფითრე, კანის ნაადრევი დაბერება. შარდში შესამჩნევადაა დაქვეითებული 17 კეტოსტეროიდების რაოდენობა. გონადოტროპინი არ არის. სისხლში ცილებთან შეკავშირებული იოდის რაოდენობა ნორმალურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეია-ჰეგლინის
სინდრომი

მეია-ჰეგლინის სინდრომი ლეიკოციტების მემკვიდრეობითი ანომალიაა გადაცემის დომინანტური ტიპით. ამ სინდრომის დროს ყველა ლეიკოციტი, განსაკუთრებით კი ნეიტროფილები და ეოზინოფილები, შეიცავს ბაზოფილების შემოფარგლულ უბნებს, რომელთაც დაკარგული აქვთ მარცვლოვნება. ერთდროულად შეინიშნება თრომბოციტოპენია (4000-3000-ის ფარგლებში) და გიგანტური თრომბოციტები. არცთუ იშვიათია ერითრობლასტოზი. კლინიკურად ვლინდება ჰემორაგიული სინდრომით, როდესაც სისხლის კოლტის რეტრაქციის დრო გახანგრძლივებულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეირე-ბეტცის
სინდრომი

მეირე-ბეტცის სინდრომი (იგივე პარალიზური მიოპათია, მეირე-ბეტცის დაავადება) წარმოადგენს მიოპათიის სინდრომების ერთდროული არსებობისა და შექცევადი მიოგლობინურიის შერწყმას. კუნთების (უპირატესად - ქვედა კიდურების კუნთთა) სისუსტისა და მტკივნეულობის შემდეგ ვითარდება მიოგლობინურია, რასაც თან სდევს ალბუმინურია, ლეიკოციტურია, ერითროციტურია, ცილინდრურია. შეტევები აღმოცენდება სპონტანურად ან ხანგრძლივი კუნთოვანი დაძაბვის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეირ-შვიკერატის
სინდრომი

მეირ-შვიკერატის სინდრომი წარმოადგენს ექტომეზოდერმულ დისპლაზიას, რომელიც გამოიხატება მიკროფთალმით, კბილის მინანქრის ჰიპოპლაზიით და ყავისფერი შეფერილობით, მოკლე თითებით ოთხივე კიდურზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეკელის
სინდრომი

მეკელის სინდრომი (სინონიმები: გრუბერის სინდრომი, ჰანჰარტის სინდრომი) წარმოადგენს სპლანქნოკისტოზურ დიზენცეფალიას - მემკვიდრეობით დაავადებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავის ქალას, ხერხემლის, შარდსასქესო ორგანოთა განვითარების ანომალიები, პოლიდაქტილია თირკმელებში, უფრო იშვიათად - ღვიძლში, პანკრეასში, საკვერცხეებში კისტების წარმოშობა. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეკერენ-ელერს-დანლოსის
სინდრომი

მეკერენ-ელერს-დანლოსის სინდრომი (სინონიმები: ელერს-დანლოსის სინდრომი, ჩერნოგუბოვის სინდრომი, ლეგერის მეზენქიმატოზი, ელასტიკური ფიბროდისპლაზია, თანდაყოლილი მეზოდერმული დისტროფია) წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრეობით პათოლოგიას. მისთვის დამახასიათებელია: სახსართა ჰიპერმობილურობა, ხშირი ამოვარდნილობა; კანის ელასტიკურობის მომატება, სისხლძარღვებისა და კანის სიმყიფე, კუნთების ჰიპოტონია. მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მელერის
სინდრომი

მელერის სინდრომი (სინონიმები: ჰუნტერის ენა, ანუ გლოსიტი, მიხელსონის გლოსიტი, მელერ-ჰუნტერის გლოსიტი) წარმოადგენს ანემიის ნიადაგზე განვითარებულ ქრონიკულ გლოსიტს. ახასიათებს ენის წვა და ტკივილი, ღია წითელი, კარგად შემოფარგლული ოვალური, V-სებრი ან Y-ისებრი ლაქები. პალპაციისას მტკივნეულია. ენის გამოყოფისას ლაქები ფერს კარგავს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მელკერსონ-როზენტალის
სინდრომი

ძირითადი ნიშანია სახის მყარი, მორეციდივე შეშუპება, უმეტესად - ტუჩების მიდამოში. ის მთლიანად არ ქრება და ყოველი ახალი კრიზი სახეს უფრო და უფრო ამახინჯებს, ტუჩებს ადიდებს და ამკვრივებს. ზოგჯერ თან ახლავს სახის ნერვის პარეზი და ენის დანაოჭება. ძირითადი მიზეზია ინფექცია და ალერგიული მდგომარეობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მელორი-ვეისის
სინდრომი

მელორი-ვეისის სინდრომი წარმოადგენს საყლაპავის კარდიული ნაწილის ლორწოვანი შრის სპონტანურ მრავლობით დაწყლულებას. თან ახლავს სისხლდენა და სისხლიანი პირღებინება. ეტიოლოგია უცნობია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენდელსონის
სინდრომი

მენდელსონის სინდრომი არის ასთმოიდური მდგომარეობა და ფილტვის შეშუპება ნარკოზის დროს ასპირირებული კუჭის შიგთავსის ნიადაგზე. ვითარდება ნარკოზიდან 2-5 საათის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენდეს სინდრომი

მენდეს სინდრომი წარმოადგენს ნაწილობრივი ალბინიზმის შერწყმას მონგოლოიდურ იერთან. მემკვიდრეობს აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. დამახასიათებელია: ნაწილობრივი ალბინიზმი კანისა და თმის პიგმენტური ანომალიებით, თანდაყოლილი ყრუმუნჯობა, მონგოლოიდური სახე, ჩვეული ბლეფარიტი, ტანდაბლობა, გახლეჩილი ზედა ტუჩი, ბრაქიცეფალია, ჭკუასუსტობა, კბილების დაგვიანებული ამოსვლა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენეჯერის
სინდრომი

მენეჯერის სინდრომი წარმოადგენს ნეიროცირკულურ დისტონიას მამაკაცებში, განვითარებულს ფსიქიკური, უფრო იშვიათად - ფიზიკური გადაძაბვის შედეგად. ემართებათ უპირატესად ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს 40-60 წლის ასაკში. მისთვის დამახასიათებელია: შრომისუნარიანობის, ინიციატივის დაქვეითება, ადვილად დაღლა, დეპრესია, ძილის დარღვევა, სქესობრივი ლტოლვისა და პოტენციის დაქვეითება, ქოშინი უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც კი, სტენოკარდია, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რადიკულური ტკივილი, მიდრეკილება გულის კუნთის ინფარქტისა და  თავის ტვინში სისხლჩაქცევისადმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენინგეალური
სინდრომი

მენინგეალური სინდრომი გამოიხატება მყარი, დიფუზური თავის ტკივილით, რასაც, ჩვეულებრივ, თან ახლავს გულისრევა და ღებინება, კანის საერთო ჰიპერესთეზია და მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ბგერით გაღიზიანების მიმართ, ავადმყოფისათვის დამახასიათებელი პოზა, კეფის კუნთების რიგიდულობა და სხვ. გამოწვეულია თავის ტვინის გარსების გაღიზიანებით, მაგალითად, მენინგიტის დროს, ან სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენკებერგის
სინდრომი
მენკებერგის სინდრომი ანუ სკლეროზი გვხვდება ათეროსკლეროზის დროს და გამოიხატება ქვედა კიდურების საშუალო კალიბრის არტერიების კალციფიკაციით. არ არის გამორიცხული ამგვარი ცვლილებები საფეთქლის, საშვილოსნოსა და საკვერცხეების არტერიებშიც. თან ახლავს კიდურების გაცივების, დაბუჟების, ჭიანჭველების ცოცვის ან ტკივილის შეგრძნება. ასევე შესაძლოა განვითარდეს ლუმბალური სიმპატექტომიის შედეგად. ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროსაც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენკესის
სინდრომი

მენკესის სინდრომი ანუ ხუჭუჭა თმის სინდრომი მემკვიდრეობითი დაავადებაა, გამოწვეული სპილენძის ათვისებისა და ტრანსპორტირების დარღვევით. გამოვლინდება ადრეულ ბავშვობაში მიკროცეფალიით, კრუნჩხვით, ხუჭუჭა უპიგმენტო თმით, მათი კეროვანი ცვენით. მემკვიდრეობის ტიპი რეცესიულია, X-ქრომოსომასთან შეჭიდული.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.


მენცელის სინდრომი

მენცელის სინდრომი მოიცავს სიმპტომთა ტრიადას, რომელიც ვითარდება სასულეს ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთ შემთხვევაში: კისრის ლიმფური კვანძების გადიდებას, სმენის დაქვეითებას და სამწვერა ნევრალგიას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მერშ-ვოლტმენის
სინდრომი

მერშ-ვოლტმენის სინდრომი წარმოადგენს გაურკვეველი წარმოშობის კუნთების ტკივილს. მისთვის დამახასიათებელია კუნთების მტკივნეული პროგრესირებადი შებოჭილობა. იწყება კიდურებიდან, კეფიდან, ბეჭებიდან, რამდენიმე დღეში (უფრო იშვიათად - კვირებისა და თვეების შემდეგ) პროცესი გადადის სხვა კუნთებზეც, რასაც საბოლოოდ კუნთების საერთო რიგიდულობამდე მივყავართ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეტცენაუერ-პოლანდის
სინდრომი

მეტცენაუერ-პოლანდის სინდრომი (სინონიმები: დრაუერ-ველშის აკნე, ბესნიერ-რენოს ურტიკარია) არის დისმენორეული სიმეტრიული დერმატოზი, ნეკროზული აკნე, განგრენოზული ურტიკარია, დისჰორმონული დერმატოზის გამოვლინება. მისთვის დამახასიათებელია: სპონტანური სიმეტრიული, მკაფიოდ შემოფარგლული ერითემა, ფოლიკულური ეროზიები, ვაზომოტორული მოშლილობანი. აღნიშნული ცვლილებები რეგულარულად მეორდება, რაც უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. ხშირია დისმენორეის მქონე ახალგაზრდა ქალებში, ასევე კლიმაქსამდელ პერიოდში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეცხრე დღის
სინდრომი

მეცხრე დღის სინდრომი (სინონიმი: მილიანას სინდრომი) ანუ მეცხრე დღის ცხელება, სალვარსანის ცხელება, არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ზოგჯერ ყალიბდება დარიშხანის პრეპარატების პარენტერალური შეყვანის მეცხრე დღეს. ახასიათებს ცხელება 39-40 გრადუსამდე, გულისრევა, ღებინება, ხახის ჰიპერემია, სახსრების ტკივილი, ელენთისა და ღვიძლის ტკივილი და გადიდება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მზის წნულის
სინდრომი

მზის წნულის სინდრომი ანუ სპლანქნიკუსის სინდრომი - ეს არის ეპიგასტრიუმში ძლიერი ტკივილის შეტევები, რომელიც ზურგში ირადირებას განიცდის. თან ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, არტერიული წნევის მერყეობა, ადინამია, სევდა და შიში. გამოწვეულია მზის წნულის დაზიანებით, მაგალითად, მუცლის ტრავმის, მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების, სოლარიტების შედეგად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიელოსპაზმური
სინდრომი

მიელოსპაზმური სინდრომისთვის დამახასიათებელია პანციტოპენია, ძვლის ტვინის ჰიპერსკლეროზულობა და ხარისხობრივი ცვლილებები სისხლის წარმოშობის სამივე შტოში. გამოყოფილია ხუთი მორფოლოგიური ქვეჯგუფი: 1. რეფრაქტული ანემია; 2. რეფრაქტული ანემია მრგვალი სიდეორბლასტებით; 3. რეფრაქტული ანემია ზედმეტი ბლასტებით; 4. რეფრაქტული ანემია ზედმეტი ბლასტებით ტრანსფორმაციის სტადიაში და 5. ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკოზი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიკულიჩის
სინდრომი

მიკულიჩის სინდრომისთვის (სინონიმი: მიკულიჩ-ჰეერფორდტის სინდრომი) დამახასიათებელია საცრემლე ჯირკვლებისა და ყველა სანერწყვე ჯირკვლის გადიდება მათი სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითებით. აღინიშნება ლეიკოზის, ლიმფოგრანულომატოზის, ტუბერკულოზის, ათაშანგის, ენდოკრინული დარღვევების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილერის სინდრომი

მილერის სინდრომი წარმოადგენს თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის (ვილმსის სიმსივნის) შეუღლებას მრავლობით ანომალიასთან. არ გამორიცხავენ მემკვიდრეობის აუტოსომურ-რეცესიული ტიპის გადაცემას. ვლინდება ანიროდიით, კატარაქტით, გლაუკომით, ტანის ჰემიჰიპერტროფიით, პიგმენტური ხალებით, მრავლობითი ჰემანგიომით, ჰიპოსპადიით, კრიპტორქიზმით, მიკროცეფალიით, ჯუჯობით, გონებრივი ჩამორჩენილობით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილერ-ტაუსინგის
სინდრომი

მილერ-ტაუსინგის სინდრომი წარმოადგენს ტუჩებზე განვითარებულ მწვავე ანთებით ცვლილებებს. მისთვის დამახასიათებელია წვა და ქავილი ტუჩსაცხის წასმიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ყველაზე ხშირად გამოწვეულია წყალში ხსნადი საღებავებით (ეოზინი, როდამინ B, ტოლუ-საფრანინი), უფრო იშვიათად - ცხიმში ხსნადით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილერ-უაიტ-ლევის
სინდრომი

მილერ-უაიტ-ლევის სინდრომი წარმოადგენს გულისა და მსხვილი სისხლძარღვების თანდაყოლილ ანომალიებს. სავარაუდოა მემკვიდრეობითი ხასიათი. გამოიხატება: პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტით, აორტის დექსტროპოზიციით, მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით, ფალოს ტეტრადისგან განსხვავებით, ფილტვის არტერიის გაფართოება, სისტოლურ-დიასტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში. ეკგ - მარჯვენა კათეტერიზაცია: წნევის მომატება მარჯვენა პარკუჭში, წნევის დაცემა ფილტვის არტერიაში, შერეული არტერიოვენური შუნტი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილზის დაავადება
ანუ სინდრომი

მილზის დაავადება ანუ სინდრომი წარმოადგენს პროგრესირებად აღმავალ დამბლას. ჩვეულებრივ, იწყება ცალი ფეხიდან, მოგვიანებით გადადის მეორეზე. პათოლოგანატომიური გამოკვლევით ადგენენ თავის ტვინის პარკუჭთა გაფართოებას, თავის ტვინის დიდი ჰემოსფეროების წინა ცენტრალურ და შუბლის წილების ხვეულთა ატროფიას. იგივეა, რაც მილზის ჰემიპლეგია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილზის სინდრომი I

მილზის სინდრომი I გამოიხატება ნათხემის დაზიანების სიმპტომებთან ერთად ზერელე მგრძნობელობის დისოცირებული ხასიათის მოშლილობებით მოპირდაპირე მხარის კიდურებსა და სხეულზე, ზოგჯერ - ქორეული ჰიპერკინეზით ზედა კიდურებზე. აღინიშნება ნათხემის ზედა არტერიის დახშვისას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილზის სინდრომი II
მილზის სინდრომი II არის ნელა პროგრესირებადი ზურგტვინოვანი წარმოშობის ჰემიპლეგია.

მილიარ-გუბლერის

ალტერნაციული
სინდრომი

პათოლოგიური კერის მხარეზე აღინიშნება სახის ნერვის პერიფერიული დამბლა, ხოლო მოპირდაპირე მხარეზე - ჰემიპარეზი. გვხვდება პათოლოგიური, უფრო მეტად სისხლძარღვოვანი პროცესების დროს ვაროლის ხიდში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილის სინდრომი

მილის სინდრომი (სინონიმები: შტურგე-ვებერ-დიგიტრის სინდრომი, შტურგე-ვებერ-კრაბეს სინდრომი, პარკეს-ვებერ-ოსლერ-დიმიტრის დაავადება, შტურგე-ვებერის დაავადება) - მისი სიმპტომებია: ცალმხრივი თანდაყოლილი სისხლძარღვოვანი ხალი სახესა და ლორწოვან გარსებზე, ანგიომა თვალის სისხლძარღვოვან გარსზე, ბადურას სისხლძარღვთა კლაკნილობა, გლაუკომა, ტვინში - გაკირული უბნები. ნევროლოგიური ნიშნებია ეპილეფსია, პარეზები. არის ფსიქიკური დარღვევები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილიკენ-ზიკერტის
სინდრომი

გარდამავალი თავბრუ, თვალებში გაორება, ზოგჯერ - გონის ხანმოკლე დაკარგვით. გამოწვეულია თავის ტვინის ბაზილარული ვენის აუზსა და ხერხემლის სისტემაში სისხლის მიმოქცევის დარღვევით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილიუს-ჰეერფორდტის
სინდრომი

მილიუს-ჰეერფორდტის სინდრომი (სინონიმები: ლორეზ-მილკმენის დაავადება, ლორეზ-დებრეიზ-მილკმენის სინდრომი) ქვემწვავე ფებრილური უვეოპაროტიტია. მისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, გახდომა, კვანძოვანი ირიდოციკლიტი, ქრონიკული პაროტიტი, შესაძლოა სასქესო ჯირკვლების ანთებაც, მენინგოენცეფალიტი, სარკოიდოზისმაგვარი ცვლილებები ფილტვების მხრივ, რის გამოც არ გამორიცხავენ, ეს სინდრომი სარკოიდოზის ერთ-ერთი ვარიანტი იყოს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილროი-მეჯის
სინდრომი

მილროი-მეჯის დაავადება ანუ სინდრომი წარმოადგენს წვივის მემკვიდრეობით ტროფიკულ შეშუპებას. თეთრი, მკვრივი, უმტკივნეულო შეშუპება რამდენიმე წლის განმავლობაში. ვლინდება ოჯახის წევრების რამდენიმე თაობაში. ეტიოლოგია უცნობია. სავარაუდოა ზურგის ტვინის სათანადო ტროფიკული ცენტრების მემკვიდრეობითი დარღვევა.

მინკოვსკის სინდრომი

მინკოვსკის სინდრომი - საკონცენტრაციო ბანაკების სინდრომი, "ემოციური ანესთეზია" - ხანგრძლივი ფსიქიკური ტრავმისა და მუდმივი არასრული შიმშილის შედეგია. მისი ნიშნებია: სისუსტე, სიგამხდრე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა, განმარტოებისკენ მიდრეკილება, უინტერესობა, ფსიქიკის სხვა ცვლილებები, ინფექციებისადმი მდგრადობის დაქვეითება. პირობების გაუმჯობესებისას ეს ავადმყოფური მდგომარეობა ქრება, მაგრამ რჩება შრომისუნარიანობის დაქვეითება. რიგ შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია.

მინორის სინდრომი

მინორის სინდრომი - ოჯახური ესენციური კანკალი გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. დაავადება იწყება ბავშვობის ასაკში, გვხვდება შედარებით მოზრდილებშიც. მისთვის დამახასიათებელია: კიდურების, თავისა და ენის ინტერმიტირებული კანკალი, რომელიც ძლიერდება ემოციური დაძაბვის დროს, კუნთების საერთო ჰიპოტონია.
მკურნალობა სიმპტომურია.

მიტჩელის სინდრომი
მიტჩელის დაავადება ანუ სინდრომი (სინონიმები: ვეიერ-მიტჩელის სინდრომი, გერჰარდტის დაავადება) წარმოადგენს ერითრომელალგიას, ლოკალურ ვაზომოტორულ ნეკროზს. დამახასიათებელია შეტევისებრი მწვავე, ჩვეულებრივ, ღამის ტკივილი ქვედა კიდურებზე, რბილი ქსოვილის გაწითლება და შეშუპება. დაზიანებული უბანი უფრო თბილია, დაფარულია ოფლით, აღინიშნება ჰიპერესთეზია. თანდათან ჩნდება ცვლილებები კანზე (ეროზია, მელანოზი, გამკვრივება), ფრჩხილებზე, თმასა და ძვალზე. უპირატესად აღენიშნებათ მამაკაცებს ნერვული სისტემის სნეულებებისა და ჰიპერტონიული დაავადების დროს. გამოწვეულია სისხლძარღვთა გაფართოებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია