ღვიძლი, ელენთა,
თირკმელები)
სისხლდენა
პარენქიმული ორგანოებია ფილტვი, ღვიძლი, ელენთა, თირკმელები.
ელენთა
ელენთა შესაძლოა დააზიანოს ცეცხლსასროლმა, მჩხვლეტავ-მჭრელმა იარაღმა, მუცლის ყრუ ტრავმამ. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია ნორმალური ელენთის სპონტანური გახეთქვაც, რაც ხშირად ხდება ელენთის გადიდებითა და მისი სტრუქტურის შეცვლით მიმდინარე დაავადებების (მალარიის, ინფექციური მონონუკლეოზის) დროს. განსაკუთრებული ადგილი უკავია ელენთის შემთხვევით, იატროგენულ დაზიანებებს მუცლის ღრუს ზედა ნაწილში წარმოებული ოპერაციების (გასტრექტომიის, კუჭის რეზექციის, პანკრეასის რეზექციის) მსვლელობისას.
ელენთის დაზიანებისას წინა პლანზე წამოიწევს შინაგანი სისხლდენისა და შოკის სიმპტომები: სიფითრე, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება. შესაძლოა, თავი იჩინოს პერიტონეუმის გაღიზიანების ან ჰემოთორაქსის სიმპტომებმაც. თუ სისხლი სუბდიაფრაგმულ სივრცეში ჩაიღვარა, ავადმყოფი წევს მარცხენა გვერდზე მუცელთან მიტანილი ფეხებით და ზურგზე ან მარჯვენა გვერდზე გადაბრუნებისას მყისვე უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას დიაფრაგმული პერიტონეუმის ნერვული რეცეპტორების ძლიერი გაღიზიანების გამო.
ელენთის დაზიანებისას ტარდება გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა და ასიდან 80-95 შემთხვევაში ეს ორგანო იკვეთება - სისხლდენის შეჩერება ამ დროს ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა, რადგან ნებისმიერ პარენქიმულ ორგანოში საჭიროა ნემსის გაყრა გასაკერავად, კოაგულაცია შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. პატარა და ზედაპირული დაზიანების დროს ელენთა შესაძლოა გაიკეროს, მოხდეს მისი ერთ-ერთი პოლუსის რეზექცია, ელენთის არტერიის გადაკვანძვა. ეფექტიანია ასევე სპეციალური სამედიცინო წებოსა და ფიბრინოგენის გამოყენებაც. ეს ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები არ შეიძლება ჩატარდეს ელენთის ფართო დაზიანების, დაჟეჟვის, კარის მიდამოში გახეთქვისა და ელენთის ფეხის მოგლეჯის დროს.
1983 წელს დაინერგა ელენთის ქსოვილის 4-6 ფრაგმენტის ავტოტრანსპლანტაცია დიდი ბადექონისაგან შექმნილ ჯიბეებში. ეს ოპერაცია ელენთის ისეთი დაზიანებისას ტარდება, როდესაც არ აღინიშნება დაზიანებული ორგანოს პათოლოგია. ტრანსპლანტირებული ქსოვილი შეეზრდება ორგანიზმს და, როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, დიდი ხნის შემდეგაც წარმატებით ფუნქციობს.
ფილტვები
ისეთი პათოლოგიური პროცესების დროს, როგორიც არის ბრონქოექტაზია, ფილტვის სიმსივნე, აბსცესი, განგრენა, ტუბერკულოზი, ფილტვისმიერი შეგუბება გულის მარცხენა ვენური ხვრელის სტენოზის გამო და ზოგჯერ - კრუპოზული პნევმონიაც კი, შესაძლოა განვითარდეს ჰემოპტოე - სისხლიანი ნახველის ამოღება. ზოგჯერ ნახველს ცხვირ-ხახიდან, ღრძილებიდან და ნუშურა ჯირკვლებიდან გამონაჟონი სისხლი ერევა, ამიტომ აუცილებელია ამ ორგანოების საგულდაგულო გამოკვლევა.
ძლიერი, სასიკვდილო სისხლდენა, გარდა ტრავმისა, შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქში ჩაზრდილი აორტის ანევრიზმის გასკდომამ. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ კუჭიდან სისხლდენის შესახებ, რომელიც სისხლიან ღებინებას იწვევს. ასეთი სისხლდენა ჰემოპტოესგან იმით განსხვავდება, რომ წინ უძღვის გულისრევის შეგრძნება, სისხლი მუქი ფერისაა, შეიცავს საჭმლის ნაწილაკებს, ფილტვებიდან ამოღებული სისხლი კი ხველის შემდგომია, წითელი და ჰაერის შერევის გამო ქაფიანი, თუმცა კი კუჭის სისხლისგან სწრაფი დაცლისას ან საყლაპავი მილის კვანძოვნად გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენისას დიფერენციაცია ჭირს.
პლევრის ღრუში სისხლის ჩაქცევისას თავს იჩენს სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, ციანოზი. პათოლოგიური ცვლილებები მოსმენითაც შეიძლება დადგინდეს. ფილტვის ხმიანობა შეცვლილია, გულის ტონები - მოყრუებული ან ადგილნაცვალი. თუ პაციენტი აქამდე არ უჩიოდა არავითარ ქრონიკულ დაავადებას სისხლიანი ამოხველებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს მწვავე დაზიანებასთან, რომელიც ტრავმის შედეგი უნდა იყოს. ამ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება.
ღვიძლი
ღვიძლი ადამიანის უდიდესი სეკრეციული, ექსკრეციული და სინთეზური ფუნქციის მქონე ჯირკვალია. ეს პარენქიმული ორგანო მარჯვენა ფერდქვეშა არეში მდებარეობს და საკმაოდ ხშირად ზიანდება ტრავმით, ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით გამოწვეული ჭრილობებით. დახურულ დაზიანებას უმეტესად იწვევს წიხლის ჩარტყმა, სიმაღლიდან გადმოვარდნა... ამ დროს შესაძლოა სუბკაფსულური ჰემატომა ჩამოყალიბდეს. დაზიანება, ჩვეულებრივ, მცირე მასშტაბისაა და ავადმყოფი მალე გამოდის ტრავმით გამოწვეული შოკის მდგომარეობიდან. ტრავმის შედეგად უმეტესად ღვიძლის მარჯვენა წილი იგლიჯება. ამ დროს ვითარდება მძიმე შოკური მდგომარეობა, რომელიც მალე მწვავე ანემიის კლინიკურ სურათში გადაიზრდება: მაჯა ჩქარი და სუსტი ავსებისაა, სისხლის წნევა ეცემა, დაშავებული ფერმკრთალი და ანემიურია, მტკივნეულია მარჯვენა ფერდქვეშა არე, ნეკნთაშუა სივრცეები, დაჭიმულია მუცლის პრესი. ღვიძლის ღია დაზიანებას იწვევს ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ამ დროს ხშირად მუცლის ღრუს სხვა ორგანოები, გულმკერდის ორგანოები და დიაფრაგმაც ზიანდება.
ღვიძლის დაზიანების ამოსაცნობად დიდი მნიშვნელობა აქვს ჭრილობის ადგილმდებარეობას, შესავალ და გამოსავალ ხვრელებს, მწვავე ანემიას, შოკს და ჭრილობიდან ნაღველშერეული სითხის გადმოსვლას. ღვიძლის დაზიანების როგორც აშკარა, ისე საეჭვო შემთხვევაში აუცილებელია ლაპაროტომია. მუცლის ღრუს გახსნის, ამოსუფთავებისა და ორგანოს დათვალიერების შემდეგ უნდა დაისახოს შემდგომი მკურნალობის გეგმა.
ჰემატურია
ჰემატურია ანუ შარდში სისხლის არსებობა მეტად საყურადღებო სიმპტომია. აღსანიშნავია, რომ მკურნალობას საჭიროებს არა თავად ჰემატურია, არამედ მისი გამომწვევი დაავადება.
არსებობს ჰემატურიის ორი ფორმა:
- მაკროჰემატურია - შარდი ხორცის ნარეცხის ფერისაა (მუქი ყავისფერი ან შავი);
- მიკროჰემატურია, რომლის დროსაც შარდში ვიზუალური ცვლილებები არ შეინიშნება და ერითროციტების აღმოჩენა მასში მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი.
ჰემატურია შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული და დროდადრო იჩინოს თავი დამოუკიდებლად ან შარდში ცილების გაჩენასთან ერთად. ერთმანეთისგან განსხვავდება თირკმელებისა და საშარდე გზების ჰემატურია. აღსანიშნავია, რომ მიკროჰემატურია ზოგიერთი ჯანმრთელი ადამიანისთვის ნორმას წარმოადგენს და ვითარდება გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ასეთი რამ, წესისამებრ, მკურნალობას არ მოითხოვს, საკმარისია დასვენება და შრომის რეჟიმის ნორმალიზება.
ჰემატურიის მიზეზები
სხვადასხვა ასაკში ჰემატურიას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ის შეიძლება აღენიშნოთ ახალშობილებს, რაც თირკმელების ან საშარდე გზების განვითარების თანდაყოლილ მანკზე (პოლიკისტოზი, ჰიდრონეფროზი და სხვა), მეტაბოლურ დარღვევებზე, ახალშობილთა ჰემორაგიულ დაავადებაზე, თირკმელკენჭოვან დაავადებაზე, თირკმელების ავთვისებიან სიმსივნეზე და ა.შ. მიუთითებს.
2-6 წლის ბავშვებში ჰემატურიის მიზეზად შესაძლოა იქცეს ტრავმა ან გარე სასქესო ორგანოების დაზიანება, უცხო სხეული საშარდე გზებში, მწვავე ნეფრიტი, ჰემორაგიული ცისტიტი, ვასკულიტი, თირკმლის სიმსივნეები, საშარდე გზების განვითარების მანკი, მეტაბოლური ნეფროპათია, თრომბოპათია და სხვა.
საშუალო სასკოლო ასაკის ბავშვებში ჰემატურია შესაძლოა განაპირობოს ცისტიტმა, ურეთროპროსტატიტმა, თირკმლის ტრავმამ, მწვავე და ქრონიკულმა ნეფრიტმა, კოლაგენოზებმა, იმუნურმა ნეფროპათიამ, მწვავე პიელონეფრიტმა, კოაგულოპათიამ, ნეფროიდულმა კიბომ, ზოგიერთი პრეპარატის მიღებამ (სულფანილამიდები და სხვა).
უფროსკლასელებში ჰემატურია შეიძლება იყოს საშარდე ტრაქტის კიბოს, თირკმლის არტერიის ემბოლიის, თირკმელკენჭოვანი დაავადების და სხვ. სიპტომი.
სისხლი შარდში შეიძლება გაჩნდეს კენჭის თირკმლის მენჯიდან ან ფიალიდან შარდსადენში გადაადგილებისას დაიქიდან შარდის ბუშტში გადასვლისას, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი. როგორც წესი, კენჭის დაბადების შემდეგ სისხლი ქრება. ამ შემთხვევაში სპეციალური მკურნალობა არ არის საჭირო.
პიელონეფრიტისა და საშარდე სისტემის სხვა ინფექციების დროს სისხლდენის წყარო შესაძლოა იყოს ანთებითი და შეშუპებული თირკმლის მენჯის კაპილარები და შარდსადენი. ლაბორატორიული ანალიზით ხდება ანთების გამომწვევი მიკროფლორის გამოვლენა. ანთებითი პროცესის აღმოფხვრის შემდეგ ჰემატურია წყდება. ამ შემთხვევაში მკურნალობა ხორციელდება ანტიბიოტიკებით, მაგრამ წინასწარ უნდა დადგინდეს მათდამი მიკრობების მგრძნობელობა, რადგან მიკლოფლორა ზოგიერთი პრეპარატისადმი გამძლეა.
ჰემატურია შეიძლება განვითარდეს თირკმლისა და საშარდე გზების სიმსივნის დროს. შარდში სისხლის გამოყოფა ხდება მაშინ, როცა სიმსივნური წარმონაქმნი ჭყლეტს მეზობლად განლაგებულ რბილ ქსოვილებს, სისხლძარღვებს, საშარდე გზებს, ასევე - სიმსივნის დაშლისას. მკურნალობა ხშირად ოპერაციულია (ამოკვეთენ მთელ თირკმელს).
ხშირად ჰემატურია გლომერულონეფრიტის სიმპტომია, რომელიც გორგლოვანი ნეფრიტის სახელწოდებითაცაა ცნობილი.
გლომერულონეფრიტი თირკმლის დაავადებაა, რომლის დროსაც მიმდინარეობს გლომერულების (ნეფრონებში მდებარე მინიატურული გამფილტრავი ელემენტების) ანთება. გლომერულონეფრიტის დროს ჰემატურიასთან ერთად შარდში ცილების რაოდენობის მატებაც აღინიშნება.
შარდს მოწითალო ფერი შესაძლოა მისცეს ზოგიერთმა პერეპარატმა (მაგალითად, ამიდოპირინმა, ფენილსალიცილატმა, რიფამპიცინმა). აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჰემატურიას იწვევს ჰემოფილია, თრომბოციტოპენიური პურპურა და თრომბოციტოპენიის სხვა ფორმებიც.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ჰემატურიის დიაგნოსტიკა ხდება ავადმყოფის ჩივილების, ასაკის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების მონაცემთა საფუძველზე. საშარდე სისტემაში სისხლმდენი არის დასადგენად ტარდება სამი ჭიქის სინჯი. ლაბორატორიაში შარდის თითოეულ ულუფას ცალ-ცალკე იკვლევენ ლეიკოციტების, ერითროციტების, ჩირქის, ლორწოს, სისხლის არსებობაზე. თუ სისხლი აღმოჩნდა მხოლოდ პირველ ულუფაში, ხოლო დანარჩენებში - არა, სავარაუდოდ, მიზეზი შარდსადენის დაზიანებაა. თუ პირველ ულუფაში სისხლი არ არის, ხოლო დანარჩენ ორში არის, შეიძლება ვიეჭვოთ შარდის ბუშტის ყელის, ურეთრის ბოლო ნაწილის ან წინამდებარე ჯირკვლის (მამაკაცებში) დაზიანება. თუ სისხლი სამივე ულუფაშია, მაშინ საეჭვოა თირკმლის, შარდის ბუშტის სიმსივნე, წინამდებარე ჯირკვლის კიბო.
ჰემორაგიული ცისტიტი.
აუცილებელია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ექოსკოპიური გამოკვლევა. ზოგჯერ ტარდება ურიოგრაფია, თირკმლის ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ცისტოსკოპია, თირკმლის ბიოფსია.
ჰემატურიის მკურნალობა გულისხმობს იმ დაავადების მკურნალობას, რომლის სიმპტომსაც იგი წარმოადგენს. როგორც წესი, ამ დაავადების განკურნება ჰემატურიის გაქრობას იწვევს.