გამომწვევი
ტოქსოპლაზმოზს უჯრედშიდა პარაზიტი Toxoplazma Gondii იწვევს. პარაზიტის საბოლოო მასპინძელია კატა. თავად ის თაგვებისგან, ვირთხებისგან ან ფრინველებისგან ინფიცირდება. ინფიცირებული კატა ფეკალიებთან ერთად გამოყოფს ოოციტებს; ტოქსოპლაზმის გამომწვევი გარემო პირობების მიმართ დიდი გამძლეობით გამოირჩევა და მხოლოდ 60-65 გრადუსზე იღუპება. ნიადაგში მოხვედრილი პარაზიტი მკვრივ გარსს შემოიკრავს და ასე 6-დან 8 თვემდე შეიძლება იცოცხლოს. სწორედ მისი გამძლეობა განაპირობებს ამ დაავადების ძლიერ გავრცელებას. ადამიანის დასნებოვნება ხდება ოოციტების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას. სხვა ცხოველები საშიშროებას არ წარმოადგენენ. მათგან დასნებოვნება შესაძლებელია მხოლოდ უმი ხორცის (ხორცის ფარშის) მეშვეობით. დაავადებული ადამიანი გარშემო მყოფთათვის საშიში არ არის. ეს დაავადება უმეტესობას განსაკუთრებული სირთულეების გარეშე, უსიმპტომოდ გადააქვს, ორსულის ინფიცირებამ კი შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ჯანმრთელობას.
გადაცემის მექანიზმი
ტოქსოპლაზმით ინფიცირება სხვადასხვა გზით ხდება. გადაცემის მექანიზმი ძირითადად ფეკალურ-ორალურია. ინფიცირება უმეტესად კატასთან კონტაქტისას ხდება. ასევე ხშირია დაუმუშავებელი ხორცის, გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით დასნებოვნება. აღწერილია დაავადების გავრცელება პროფესიული გზით - ლაბორატორიებში. ინფიცირება ხდება ტრანსპლაცენტურადაც, ანუ დედისგან გადაედება ნაყოფს. ამ გზით დასნებოვნების ალბათობა დაახლოებით 44%-ია. ორსულისთვის ტოქსოპლაზმოზი სწორედ ამ გზით გადაცემის გამოა საშიში. ინფიცირება მოსალოდნელია ასევე სისხლის მეშვეობით, ორგანოთა ტრანსპლანტაციისას და ა.შ.
ძალიან იშვიათად ლაპარაკობენ გადაცემის სქესობრივ გზაზე, თუმცა ეს მოსაზრება დადასტურებული არ არის. ამ გზით დასნებოვნება ნაკლებსავარაუდოა.
ეტიოლოგია და პათოგენეზი
ტოქსოპლაზმოზის გამომწვევია უმარტივესი მიკროორგანიზმი - ტოქსოპლაზმა. ადამიანისა და შუალედური მასპინძლების ორგანიზმში იგი არსებობს ტროფოზოიტების სახით, რომლებიც უჯრედშიგნით მრავლდებიან; გარდა ამისა, ორგანიზმში წარმოიქმნება ცისტები - მკვრივი გარსით გარშემორტყმული პარაზიტების გროვა. ცისტები ძალზე გამძლეები არიან და ქიმიოთერაპიული პრეპარატების ზემოქმედებითაც არ იხოცებიან. ინფექციის კარიბჭეა საჭმლის მომნელებელი ორგანოები. გამომწვევი ჩაინერგება წვრილ ნაწლავში, მიჰყვება ლიმფის ნაკადს, ხვდება რეგიონულ ლიმფურ კვანძებში და იწვევს ანთებით ცვლილებებს. ჰემატოგენურად ანუ სისხლის ნაკადთან ერთად ტოქსოპლაზმა ხვდება სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში, სადაც წარმოქმნის ცისტებს და ათეულობით წელი, ზოგჯერ - სამუდამოდაც კი, რჩება ადამიანის ორგანიზმში. შედეგად ხდება ორგანიზმის ალერგიზაცია და ანტისხეულების გამომუშავება. ინფექცია ხშირად მიმდინარეობს ლატენტურად, ხოლო ორგანიზმის დამცველობითი ძალების დასუსტებისას შესაძლოა გამწვავდეს. იმუნური სისტემის მკვეთრი დათრგუნვის დროს შესაძლოა განვითარდეს გენერალიზებული ინფექცია მძიმე ენცეფალიტით.
სიმპტომები და მიმდინარეობა
ტოქსოპლაზმოზი ათიდან რვა შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტები უმეტესად ვერც კი ხვდებიან, ისე გადააქვთ ეს ინფექცია.
სუბკლინიკურ ფორმებს (როცა პროცესი არც მკვეთრადაა გამოხატული, მაგრამ არც მთლიანად წაშლილია) გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს. იშვიათად დიდდება ლიმფური ჯირკვლები, შეინიშნება აღგზნება, თავის ტკივილი, სისუსტე.
არსებობს დაავადების გენერალიზებული ფორმაც, როდესაც დიდდება პერიტონეული და მეზენტერიული (ჯორჯლის) ლიმფური ჯირკვლები. 10-20%-ში დაავადება მკვეთრად გამოხატული კლინიკით მიმდინარეობს და ინფექციურ მონონუკლეოზს მოგვაგონებს. ამ დროს დიდდება ლიმფური ჯირკვლები, ელენთა და ღვიძლი, ვითარდება სიყვითლე, კუნთებისა და ყელის ტკივილი. აღსანიშნავია, რომ არაორსულებთან, მძიმე შემთხვევებშიც კი, დაავადება თვითგანკურნებით მთავრდება და სპეციფიკურ ჩარევას არ მოითხოვს.
დაავადება ორსულებშიც უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გვხვდება მძიმე ფორმებიც. უსიმპტომო მიმდინარეობა ართულებს დაავადების გამოვლენას, ამიტომ მკურნალობაც გვიან იწყება, როცა პროცესი შორს არის წასული და ჩარევაც დაგვიანებულია.
საბედნიეროდ, თუ დედას ტოქსოპლაზმოზი აქვს, ნაყოფის დაავადება არ არის გარდაუვალი. ეს ორსულობის ვადაზეა დამოკიდებული. ინფიცირების რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მეტია გესტაციის ვადა. პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ინფიცირების ალბათობა 9%-მდეა, მეორეში - 39%-მდე, მესამეში კი - 60%-მდე. თუმცა აღსანიშნავია, რომ მძიმე გართულებები, მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობა გესტაციის მოგვიანებით ვადაზე უფრო იშვიათია, ანუ პირველ ტრიმესტრში დაინფიცირებული 100 დედისგან 81 ბავშვი სავსებით ჯანმრთელი იბადება, მაგრამ დაავადებულებში დიდია მკვდრადშობადობისა და პერინატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მესამე ტრიმესტრში კი, მართალია, 100-დან მხოლოდ 41-ია ჯანმრთელი, მაგრამ ინფიცირებულებს შორის მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობა თითქმის ნულის ტოლია.
ტოქსოპლაზმოზის მიმართ მყარი იმუნიტეტი ყალიბდება, ანუ თუ ადამიანმა ერთხელ გადაიტანა ის, მეორედ აღარ დაემართება. გამორიცხული არ არის, იმუნიტეტის ძლიერი დაქვეითების ფონზე დაავადება მაინც გააქტიურდეს, თუმცა ასეთი რამ ძალზე იშვიათია, თანაც ამ დროს დაავადება გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე პირველ შემთხვევაში.
ნაყოფი ტოქსოპლაზმოზის დროს
თუ დედა დაავადდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნაყოფის დაავადებას. თუ ნაყოფის ინფიცირება მაინც მოხდა, ვითარდება თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზისთვის დამახასიათებელი კლასიკური ტეტრადა: მიკროცეფალია (თავის ტვინის სიმცირე) ან ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი), ქორიორეტინიტი (თვალის ბადურა გარსის ანთება), კრუნჩხვა ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სხვა სიმპტომები და კალციფიკატები თავის ტვინში. იშვიათად შესაძლოა შეგვხდეს დაავადების სხვა ფორმებიც - თრომბოციტოპენიური პურპურა, სიყვითლე, დიარეა, ცხელება, ჰიპოთერმია (დაბალი ტემპერატურა), ღებინება, პნევმონია (ფილტვების ანთება). არის შემთხვევები, როცა ახალშობილი თითქოს ჯანმრთელი იბადება და თვეების შემდეგ გამოაჩნდება ღვიძლისა და ელენთის გადიდება. დაავადების სიმპტომები შესაძლოა დიდხანს არ ჩანდეს და მხოლოდ სკოლამდელ ასაკში იჩინოს თავი, რაც ასევე ართულებს მის დიაგნოსტიკას. ყველაზე მძიმე გართულებები კი მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობაა.
დაავადების გადატანიდან დაორსულებამდე ოპტიმალური შუალედია 6 თვე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, მყარ იმუნურ პასუხს 6 თვე სჭირდება.
დიაგნოსტიკა
ტოქსოპლაზმოზის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სეროლოგიური კვლევები ანუ სისხლის შრატის გამოკვლევა ტოქსოპლაზმის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე. ადამიანის სისხლში არის სხვადასხვა ტიპის ანტისხეულები, რომლებიც განსხვავებული მდგომარეობის დროს იმატებს. იმუნოგლობულინი M მწვავე პროცესის მანიშნებელია და მას დიაგნოსტიკისას აუცილებლად განსაზღვრავენ. ის სისხლში ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩნდება, პიკს ერთ თვეში აღწევს, ხოლო მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში ნელ-ნელა იკლებს, თუმცა შესაძლოა, ეს ანტისხეული ორგანიზმში წლობითაც დარჩეს. ამიტომაც მხოლოდ M-ის ნახვით მწვავე ტოქსოპლაზმოზის დიაგნოზი ვერ დაისმება. ამისთვის საჭიროა იმუნოგლობულინ G-ს განსაზღვრაც. მწვავე პროცესის დიაგნოზი ისმება მაშინ, როცა წყვილ შრატებში G-ს ოთხჯერადად მატება ფიქსირდება.
დიაგნოზის დასმის საფუძველია ისიც, თუ სისხლში ტოქსოპლაზმოზის საწინააღმდეგო IgG-ს მაჩვენებელი უარყოფითი იყო და შემდეგ დადებითი გახდა, ანუ სერონეგატიური პასუხი სეროპოზიტიურით შეიცვალა.
ძალიან კარგი იქნება, განისაზღვროს ავიდობა, ანუ ანტისხეულებისა და ანტიგენის (გამომწვევის) ერთმანეთთან შეკავშირების სიმტკიცე. რაც უფრო მაღალია ავიდობის მაჩვენებელი (რაც პროცესის ხანდაზმულობაზე მეტყველებს), მით მყარია იმუნიტეტი.
თუ სეროლოგიური ტესტი IgG ანტისხეულზე დადებითია, ხოლო IgM -ზე უარყოფითი, ეს ნიშნავს, რომ ქალმა დაავადება გადაიტანა და მის მიმართ მყარი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა.
არსებობს ტოქსოპლაზმის საწინააღმდეგო A და I ანტისხეულებიც. ისინი სისხლში ყველზე ადრე ჩნდებიან და მალევე ქრებიან, ამიტომ მათი "დაჭერა" ძალიან ძნელია. მათ ბავშვებში იყენებენ დიაგნოსტიკისთვის.
ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა ორსულთა რუტინული გამოკვლევა. მაგალითად, საფრანგეთში ტოქსოპლაზმოზზე გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და ის ორსულობის ყოველ ტრიმესტრში ტარდება. საქართველოში ასე არ არის. საერთოდ უმჯობესი იქნებოდა, ტოქსოპლაზმზის ინფექციებზე ქალს დაორსულებამდე რომ იკვლევდნენ, ეს მრავალ უსიამოვნებას აგვაცილებდა თავიდან. სამწუხაროდ, საქართველოში პირიქით ხდება და დიაგნოზი ხშირად იმ ეტაპზე ისმება, როცა მკურნალობა დაგვიანებულია.
პროფილაქტიკა
ორსულებს, რომელთაც ტოქსოპლაზმოზი არ გადაუტანიათ, ვურჩევთ:
-მინიმუმამდე დაიყვანონ კატის ფეკალიებთან კონტაქტი; თუ მაინც მოუხდათ, გამოიყენონ ხელთათმანი;
-ხშირად იბანონ ხელები, განსაკუთრებით - ჭამის წინ;
-მიირთვან თერმულად საკმარისად დამუშავებული ხორცი;
-ხილი და ბოსტნეული მიღებამდე საფუძვლიანად გარეცხონ;
-ერიდონ ნიადაგთან ურთიერთობას ან გამოიყენონ რეზინის ხელთათმანი.
გახსოვდეთ: პროფილაქტიკა დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე იაფი, ადვილი და ეფექტური საშუალებაა.
მკურნალობა
ტოქსპლაზმოზს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. პირველ ტრიმესტრში - სპირამიცინით, მეორესა და მესამეში - პირიმეტამინითა და სულფადიაზინით ფოლიუმის მჟავასთან ერთად, მაგრამ ვინაიდან ესენი საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებებია, მკურნალობა მხოლოდ მაშინ ინიშნება, როდესაც ნაყოფის ინფიცირება დადასტურებულია. ამისთვის ორსულობის 20 კვირის ვადაზე ტარდება ამნიოცენტეზი (სანაყოფე სითხის აღება შემდგომი კვლევისთვის) და დადებითი პასუხის შემთხვევაში იწყება მკურნალობა.
ორსულობისას ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია. თუ პათოლოგიათა განვითარების რისკი არანამკურნალებ შემთხვევებში 56%-მდეა, მკურნალობის შედეგად ის 24%-მდე ჩამოდის, დაავადების აგრესიულობა და სიმწვავე იკლებს. მაგრამ სრული განკურნება, სამწუხაროდ, არ დგება. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი TORCH ინფექციებზე გამოკვლევა დროულად, დაორსულებამდე, რათა თავი დავიზღვიოთ მძიმე გართულებებისგან და ორსულობა მშვიდად და უვნებლად წარიმართოს.