C ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტით დღეს დედამიწის მოსახლეობის 15-20%-ია ავად. ქრონიკული C ჰეპატიტი ინფიცირებულთა 70-75%-ს უვითარდება. ამასთანავე, მოზრდილებთან ასიდან 8-24 შემთხვევაში საქმე ციროზამდე მიდის, ხოლო 0,7-1,3 შემთხვევაში - ჰეპატოცელულარულ კარცინომამდე. ბავშვებში ციროზის განვითარების ალბათობა ქრონიკული C ჰეპატიტის დროს, სხვადასხვა მონაცემებით, 1-დან 8%-მდე მერყეობს. C ვირუსი დედისგან ნაყოფს ასიდან 1-6 შემთხვევაში გადაედება.
ვირუსის თავისებურება და გავრცელება
C ანუ პოსტტრანსფუზიული ჰეპატიტი მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს. "არც A და არც B" - ასე უწოდებდნენ მას 1989 წლამდე, ვიდრე მისი გამომწვევი რნმ-ს შემცველი ფლავივირუსის არსებობა გახდებოდა ცნობილი. ეს ვირუსული ჰეპატიტის ყველაზე მძიმე ფორმაა, ასიდან 80-85 შემთხვევაში მწვავე ინფექცია ქრონიკულ ფორმაში გადადის და წლობით გრძელდება.
C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი წვრილი, სფეროსებრი მიკროორგანიზმია, რომელსაც საკმაოდ მკვრივი გარსი აქვს. ვირუსის თვისებები მის ერთადერთ გენშია კოდირებული.
C ვირუსს ერთი მეტად საინტერესო თავისებურება ახასიათებს - მუდმივად იცვლება. ადამიანი ინფიცირდება ვირუსის ერთი ვარიანტით, რომელიც ინფექციური პროცესის მიმდინარეობისას მუტაციას განიცდის და რამდენადმე იცვლის სახეს. შედეგად ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმში ვირუსის საწყისი ვარიანტის მიმართ გამომუშავდა, ვეღარ ახერხებს მუტანტი ვირუსის პათოგენური თვისებების განეიტრალებას და ისიც მშვიდად განაგრძობს ორგანიზმის დაზიანებას.
ამჟამად ცნობილია C ვირუსის 6 გენოტიპი და რამდენიმე ქვეტიპი, რომლებიც ერთმანეთისგან სამი ძირითადი ნიშნით განსხვავდება:
1. გეოგრაფიული გავრცელებით;
2. ინტერფერონისადმი მგრძნობელობით;
3. ვირემიით (სისხლში ვირუსის კონცენტრაციით).
ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ C ვირუსის მუდმივი ცვალებადობა ჯერჯერობით შეუძლებელს ხდის მის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. მიუხედავად ამისა, მეცნიერებს სწამთ, რომ ამას მალე მოახერხებენ.
C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება ხდება უმთავრესად პარენტერალური გზით (სისხლის მეშვეობით) - სისხლის სისხლთან უშუალო შეხებით ან ისეთი მჭრელი ნივთების საშუალებით, რომლებსაც მანამდე ინიფცირებულის სისხლთან ჰქონდა კონტაქტი. ასეთი ნივთი უმეტესად საერთო შპრიცია, რომელსაც ნარკომანები ინტრავენური ინექციისთვის იყენებენ, თუმცა შესაძლებელია დასნებოვნება პირსინგისა და ტატუირების ინსტრუმენტების, სამართებლის, მანიკიურის იარაღების და კბილის ჯაგრისის მეშვეობითაც კი.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები ინფიცირდებიან. დასნებოვნების რისკი მაღალია თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც. სისხლის გადასხმა ამ მხრივ ნაკლებად სარისკოა - ჰემოტრანსფუზიის დროს ინფიცირებულთა ოდენობა 4%-ს არ აღემატება. არსებობს ალბათობა, თუმცა პრაქტიკულად ნაკლებმოსალოდნელია ინფიცირება სამედიცინო მანიპულაციების დროს. რისკი იზრდება სანიტარიული ნორმების უხეში დაღვევისას.
სამედიცინო პერსონალი შესაძლოა დაინფიცირდეს სამსახურში (საავადმყოფოში, კლინიკაში) ტრავმირებისას და ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტისას.
არცთუ იშვიათად C ჰეპატიტის წყაროს ზუსტი მითითება ჭირს.

ინფექციის სქესობრივი გზით გადაცემის რისკი

C ჰეპატიტის სქესობრივი გზით გადადება შესაძლებელია, მაგრამ რეალურად გაცილებით იშვიათი, ვიდრე B ჰეპატიტისა ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისა (აივ). ვირუსმატარებელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს ინფიცირების ალბათობა 3-5%-ს შეადგენს. C ჰეპატიტით დაავადებულთან ან ვირუსმატარებელთან სქესობრივი კავშირის დროს რეკომენდებულია თავდაცვის ბარიერული საშუალების (პრეზერვატივის) გამოყენება. სქესობრივი გზით ინფიცირების რისკი მაღალი აქვთ მათ, ვინც ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორს (ამ კატეგორიის პირებთან მაღალია შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების განვითარების რისკიც). პრაქტიკულად დაზღვეულნი არიან ადამიანები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი პარტნიორები და მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. დასნებოვნების ალბათობას ზრდის მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება - შემთხვევითი კავშირები და მრავალი პარტნიორის ყოლა, მით უმეტეს, ადამიანს გარეგნულად არც ავადმყოფობა ეტყობა და არც ვირუსმატარებლობა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად უწყობს ხელს ინფექციის გადაცემას ორალური სქესობრივი კონტაქტი.
თუ სისხლში ვირუსი აღმოგაჩნდათ და ეჭვობთ, რომ სქესობრივი პარტნიორისგან დაინფიცირდით, დაფიქრდით და ყველაფერი აწონ-დაწონეთ. ხომ არ სარგებლობს ვინმე თქვენი კბილის ჯაგრისით, მაკრატლით, სამართებლით? ხომ არ გაგიკეთებიათ ტატუირება? თუ ნარკოტიკს მოიხმართ, გამოგიყენებიათ თუ არა საერთო შპრიცი? ხომ არ გადაგიტანიათ ახლო წარსულში ოპერაცია, ხომ არ გადაუსხამთ სისხლი?

მშობლებისგან ბავშვის ინფიცირების რისკი

დაახლოებით 5%-ში ინფიცირება ხდება ვერტიკალური გზითაც - დაავადებული ორსული ახალშობილს გადასდებს ინფექციას. ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია დედის სისხლში ვირუსის მაღალი კონცენტრაციის, სამშობიარო ტრავმების და ძუძუთი კვების დროს.

საყოფაცხოვრებო კონტაქტით ინფიცირების რისკი
C ჰეპატიტი არ გადაედება:

  • ჰაერწვეთოვანი გზით (საუბრისას, ცემინებისას, ხველისას);
  • ხელის ჩამორთმევისას, მოხვევისას, კოცნისას;
  • საერთო ჭურჭლის მეშვეობით.

ნებისმიერი ამ გზით ინფექციის გადაცემა თეორიულად მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ჯანმრთელი ადამიანი შეეხო ნივთს, რომელზეც შემთხვევით მოხვდა ინფიცირებულის სისხლი ან ტრავმას (ჭრილობას) თვით ინფიცირებულის სხეულზე.
C ჰეპატიტით დაავადებულებსა და ვირუსმატარებლებს არ სჭირდებათ იზოლირება ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან, შრომის, სწავლის, ცხოვრების განსაკუთრებული პირობები. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამ ვირუსით ინფიცირებულებს ჯარიდან ათავისუფლებენ.

C ჰეპატიტის რისკჯგუფი

ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ:

  • მათ, ვინც მოიხმარს საინექციო ნარკოტიკებს;
  • მათ, ვისაც 1987 წლამდე გადაუსხეს სისხლის შემდედებელი ფაქტორი.

საშუალო რისკი აქვთ:

  • მათ, ვინც იტარებს ჰემოდიალიზს (თირკმლის ხელოვნურ გაწმენდას);
  • მათ, ვისაც გადაუნერგეს ორგანოები ან გადაუსხეს სისხლი 1992 წლამდე;
  • ღვიძლის დაუდგენელი დაავადების მქონე პირებს;
  • ინფიცირებული ქალების ახალშობილებს.

დაბალი რისკი აქვთ:

  • სამედიცინო პერსონალს და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის მუშაკებს;
  • მათ, ვისაც მრავალი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს;
  • მათ, ვისაც სქესობრივი კავშირი აქვს ერთ ინფიცირებულ პარტნიორთან.

ყველამ, ვინც მაღალი და საშუალო რისკის ჯგუფებს ეკუთვნის, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა C ჰეპატიტის ვირუსზე. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მაშინაც, თუ რისკის ფაქტორის ზემოქმედება რამდენიმე წლის წინ მოხდა. ანალიზები უნდა ჩააბაროს ყველა აივინფიცირებულმა, სამედიცინო პერსონალმა, რომელსაც კონტაქტი აქვს დაავადებულის სისხლთან. ბავშვებს, რომლებსაც ინფიცირებული დედები ჰყავთ, გამოკვლევა 12-18 თვის ასაკში უტარდებათ. რისკის ჯგუფში შემავალმა პირებმა უნდა ჩაიტარონ B ჰეპატიტის ვაქცინაციაც, რადგან მაღალია ინფიცირების ალბათობა.

სიმპტომები და მიმდინარეობა
C ჰეპატიტის ფარული საინკუბაციო პერიოდი 20-დან 140 დღემდე, საშუალოდ 50 დღეს გრძელდება.
არ არის გამორიცხული, C ჰეპატიტი კარგა ხანს დარჩეს შეუმჩნეველი და მხოლოდ მაშინ იჩინოს თავი, როდესაც ციროზში გადაიზრდება.
C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ვითარდება მწვავე C ჰეპატიტი - C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესის მწვავე ფაზა.
ოფიციალური განმარტებით, მწვავე C ჰეპატიტი - ეს არის C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესი, განვითარებული ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან 6 თვის განმავლობაში. მისი ასიდან 15-30 შემთხვევა თვითგანკურნებით მთავრდება, ხოლო 70-85 ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. თუ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ ვირუსი ჯერ კიდევ არის ორგანიზმში, ეს უკვე ქრონიკული C ჰეპატიტია.
მწვავე C ჰეპატიტი ასიდან დაახლოებით 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ინფექციის ამ სტადიაზე დიაგნოზის დასმა ხშირად ვერ ხერხდება. უსიმპტომო მიმდინარეობა იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფს არავითარი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება, ამიტომ არც ექიმს მიმართავს და მწვავე C ჰეპატიტისგან შესაძლოა ისე განიკურნოს, რომ ვერც კი გაიგოს. ასიდან დაახლოებით 25 შემთხვევაში კი ვითარდება მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება კანისა და სკლერების სიყვითლე და/ან სხვა სიმპტომები: შარდის გამუქება, განავლის გაბაცება, ინტოქსიკაციის მოვლენები (გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავის ტკივილი და სხვა), საერთო სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, დისკომფორტი მუცლის არეში... ასე რომ, სიმპტომური C ჰეპატიტი მიმდინარეობით (კლინიკურად) სხვა მწვავე ვირუსული ჰეპატიტებისგან არ განსხვავდება. თითოეული ეს სიმპტომი შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობით იყოს გამოხატული. სიმპტომური (კლინიკურად გამოვლენილი) მწვავე C ჰეპატიტი ძირითადად მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. მძიმე მიმდინარეობა იშვიათია, ხოლო მწვავე C ჰეპატიტის ფულმინანტური ფორმები პრაქტიკულად არ არსებობს. მწვავე ფაზის გავლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში თვითგანკურნება არ მოხდა, პროცესი იღებს ქრონიკულ ხასიათს (ასეა ასიდან 70-75 შემთხვევაში).
ქრონიკულ C ჰეპატიტს ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს და დაავადების შესახებ ავადმყოფი მეტისმეტად გვიან, ზოგჯერ ათეულობით წლის შემდეგ შეიტყობს ხოლმე.

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა
ვინაიდან მწვავე C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა მხოლოდ კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაავადებას არ გააჩნია პათოგნომური სიმპტომები ანუ ისეთი სიმპტომები, რომლებიც მხოლოდ მისთვის იქნებოდა დამახასიათებელი; ამას ისიც ემატება, რომ დაავადება უმეტესად სრულიად უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო გამოვლინებით მიმდინარეობს), აუცილებელია მწვავე C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ამჟამად მწვავე C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის - ე.წ. PCR მეთოდით). ქრონიკული C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკაც ზემოთ აღნიშნულ მაჩვენებლებს ემყარება. განსხვავება ის არის, რომ მწვავე C ჰეპატიტის დროს ხშირად ავადმყოფის სისხლში აღმოაჩენენ მხოლოდ ვირუსს (ვირუსის გენეტიკურ მასალას), ხოლო ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს - ვერა. მწვავე C ჰეპატიტის დროს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არარსებობის მიზეზი ის არის, რომ პროცესი ახალია და დროის ამ მოკლე მონაკვეთში იმუნურმა სისტემამ შესაძლოა ვერ მოასწროს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ავადმყოფის სისხლში ანტისხეულების არარსებობის ფონზე ვირუსის აღმოჩენა მწვავე C ჰეპატიტის დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს. არცთუ იშვიათად ვირუსის გენეტიკურ მასალასთან ერთად სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებიც განისაზღვრება. ამ შემთხვევაში მწვავე C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმაში ექიმებს ეხმარება ეპიდემიოლოგიური ანამნეზი - ავადმყოფის გამოკითხვა იმის თაობაზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ინფექცია ან როდის შეიძლება იყოს იგი ინფიცირებული. მაგალითად, საყურადღებოა, თუ ავადმყოფი აღნიშნავს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩაიტარა რაიმე სამედიცინო მანიპულაცია,  რომელიც შესაძლოა ვირუსით ინფიცირების მიზეზი გამხდარიყო. ხშირად მწვავე C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმაში ექიმებს ეხმარება შემდეგი ინფორმაცია: თუ ავადმყოფმა ზუსტად იცის, რომ დაახლოებით 6-12 თვის წინ ჩატარებული გამოკვლევისას C ჰეპატიტი არ ჰქონდა, ახლა კი დაავადება აღმოაჩნდა, ესეც მწვავე C ჰეპატიტზე მიანიშნებს.

C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა რამდენიმე ეტაპად იყოფა - სკრინინგულად, კონფირმაციულად და სხვა. დიაგნოსტიკის პირველი ეტაპია C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულის აღმოჩენა იმუნოფერმენტული ანალიზის (IFA) ან ეგრეთ წოდებული სწრაფი მარტივი მეთოდით. C ჰეპატიტის პირველადი ანუ სკრინინგული გამოკვლევისთვის სასურველია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მესამე და მეოთხე თაობის ტესტები, რომლებიც მაღალი სპეციფიკურობითა და მგრძნობელობით გამოირჩევა. ამ ტესტების გამოყენება ამცირებს ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგების მიღების ალბათობას. C ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითი შედეგი უნდა გადამოწმდეს კონფირმაციული (იმუნობლოტინგის) მეთოდით, რომლის დადებითი შედეგიც აბსოლუტურად სარწმუნოდ მიიჩნევა.
სკრინინგული ანალიზით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში კვლევა გრძელდება უფრო რთული და მაღალტექნოლოგიური მეთოდებით, რომლებიც განსაზღვრავს სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკურ მასალას, რნმ-ს, მყისიერი (რეალური დროის) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით. თანამიმდევრულად ტარდება რნმ-ს განსაზღვრის ჯერ თვისებრივი, მერე კი რაოდენობრივი ტესტები. C ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ს თვისებრივი გამოკვლევის უარყოფითი შედეგი იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გამრავლება, რეპლიკაცია, არ ხდება და საქმე გვაქვს ორიდან ერთ შემთხვევასთან - ან ლატენტურ ჰეპატიტთან, ან ადრე გადატანილ და განკურნებულ C ჰეპატიტთან. ამ შემთხვევაში სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა საჭირო არ არის, თუმცა 6 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს საკონტროლო გამოკვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც განისაზღვრება დაავადების შემდგომი მართვის ტაქტიკა. ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ს თვისებრივი გამოკვლევის დადებითი შედეგი იმას ნიშნავს, რომ ხდება ვირუსის გამრავლება, რეპლიკაცია, და საქმე გვაქვს დაავადების აქტიურ ფორმასთან. ამ შემთხვევაში აუცილებელია შემდგომი გამოკვლევა და სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა. შემდგომი გამოკვლევა ვირუსის რაოდენობრივ განსაზღვრასა და ვირუსის გენოტიპირებას გულისხმობს. რაოდენობრივი ტესტი - მყისიერი (რეალური დროის) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი - სადღეისოდ ყველაზე ზუსტი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც, ისევე როგორც B ჰეპატიტის შემთხვევაში, ვირუსის გენეტიკური მასალის მინიმალურ რაოდენობასაც კი ავლენს და პრაქტიკულად ერთეულის სიზუსტით განსაზღვრავს სისხლში ვირუსის კონცენტრაციას ძალზე დიდ დიაპაზონსა და გაცილებით მოკლე ხანში. რაოდენობრივი ტესტის პარალელურად ტარდება C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპირება. გენოტიპირების ტესტით ადგენენ, ვირუსის რომელი გენოტიპითა და სუბტიპით არის ინფიცირებული პაციენტი. C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპების განსაზღვრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ხანგრძლივობისა და რეჟიმის შესარჩევად, აგრეთვე - მკურნალობის შედეგის პროგნოზირებისთვის. მაგალითად, პირველი და მეოთხე გენოტიპებით ინფიცირების შემთხვევაში საჭიროა, სულ ცოტა, ერთწლიანი მკურნალობა პეგილირებული ინტერფერონით და რიბავირინით, განკურნების შანსი კი მხოლოდ 40-45%-ია, ხოლო მეორე და მესამე გენოტიპის შემთხვევაში მკურნალობა 6 თვე გრძელდება, განკურნების შანსი კი 70-80%-ია.
გარდა ამისა, C ჰეპატიტიან პაციენტებს უტარდებათ ღვიძლის ბიოქიმიური ტესტები. აუცილებლად უნდა ჩატარდეს მუცლის ღრუს ორგანოების (უპირველეს ყოვლისა, ღვიძლისა და ელენთის) ულტრაბგერითი გამოკვლევა, ღვიძლის ელასტოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში - ეზოფაგოსკოპიაც.

ჰეპატიტის
მკურნალობა

მკურნალობის პრინციპები მწვავე C ჰეპატიტის დროს
მწვავე C ჰეპატიტის მკურნალობის ოფიციალური რეკომენდაციების თანახმად, თუ ადგილი აქვს სიმპტომებით მიმდინარე მწვავე C ჰეპატიტს (სიმპტომური მწვავე C ჰეპატიტი), უმჯობესია 12-14 კვირა დალოდება და მკურნალობის მერე დაწყება. თუ ადგილი აქვს უსიმპტომო მწვავე C ჰეპატიტს, მკურნალობა დაწყებულ უნდა იქნეს რაც შეიძლება ადრე, მწვავე C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმისთანავე. რა თქმა უნდა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს ამ დარგის სპეციალისტი.
მკურნალობისადმი სხვადასხვანაირი მიდგომის მიზეზი შემდეგია: სადღეისოდ არსებული მონაცემების თანახმად, მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმის დროს თვითგანკურნება ათიდან დაახლოებით 5 შემთხვევაშია შესაძლებელი, ამიტომ ექიმები ირჩევენ ლოდინის ტაქტიკას და ავადმყოფს არ უკარგავენ თვითგანკურნების შანსს. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ანტივირუსული მკურნალობის სიძვირე, მკურნალობის სერიოზული გვერდითი ეფექტები და სხვა. თუ 12-14 კვირის განმავლობაში ვირუსმა ორგანიზმი არ დატოვა, ამის შემდეგ თვითგანკურნების შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ არსებობს და სასურველია, დაინიშნოს ანტივირუსული მკურნალობა.
მწვავე C ჰეპატიტის უსიმპტომო ფორმის დროს თვითგანკურნების ალბათობა იმთავითვე დაბალია, დაახლოებით 10%-მდე, ამიტომ სასურველია, ანტივირუსული მკურნალობა დიაგნოზის დასმისთანავე დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ ანტივირუსული მკურნალობით მწვავე C ჰეპატიტისგან განკურნება ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაშია შესაძლებელი.
სიმპტომური და უსიმპტომო მწვავე C ჰეპატიტის დროს თვითგანკურნების სხვადასხვაგვარი ალბათობის ზუსტი მექანიზმი უცნობია. არსებობს მოსაზრება და კვლევებიც ადასტურებს, რომ სიმპტომური მწვავე C ჰეპატიტის დროს ორგანიზმში გაცილებით ძლიერი იმუნური პასუხი ვითარდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიმპტომური C ჰეპატიტის დროს ორგანიზმი უფრო ძლიერ წინააღმდეგობას უწევს ვირუსს და ადრეულ ეტაპზევე ამარცხებს მას. უსიმპტომო C ჰეპატიტის დროს კი ინფექცია შედარებით ჩუმად და შემპარავად ვითარდება, ორგანიზმის მხრივ ძლიერ რეაქციასა და წინააღმდეგობას არ აწყდება. ამ შემთხვევაში ვირუსს მეტი საშუალება ეძლევა, გადალახოს მწვავე სტადია და ინფექციაც ქრონიკულ ხასიათს იღებს.

ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობის საფუძვლები და ეფექტურობა
სადღეისოდ C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები. უფრო ზუსტად, ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაცია, თუმცა წამყვან როლს ინტერფერონი ასრულებს. ინტერფერონი ორნაირია: სტანდარტული (არამოდიფიცირებული) და პეგილირებული (მოდიფიცირებული). ბოლო ხანს C ჰეპატიტის სამკურნალოდ იყენებენ უმთავრესად პეგილირებულ ინტერფერე ონებს, რომლებიც ეფექტურად თრგუნავს C ჰეპატიტის ვირუსის რეპლიკაციას (გამრავლებას) და ხშირად ორგანიზმიდან მის სრულ ელიმინაციასაც (განდევნა) კი იწვევს, რაც, თავის მხრივ, გამოჯანმრთელებას ნიშნავს. C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტიანობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორც ითქვა, მწვავე C ჰეპატიტის შემთხვევაში მკურნალობის ეფექტიანობა დაახლოებით 90-99%-ია, ქრონიკულის შემთხვევაში კი ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული. კერძოდ,  I გენოტიპის შემთხვევაში 40-45%-ს უდრის, ხოლო II და III გენოტიპების შემთხვევაში - 80-85%-ს. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს ზოგიერთ ფაქტორს, მათ შორის - დაავადების გართულებათა არსებობა-არარსებობას, პაციენტის ასაკს, სქესს, წონას, ორგანიზმში C ჰეპატიტის ვირუსის კონცენტრაციას და სხვა.
C ჰეპატიტის მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას უმთავრესად დაავადების სტადიისა და სიმძიმის საფუძველზე იღებენ. სადღეისოდ მედიკოსები ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით:

  • თუ C ჰეპატიტი გამოწვეულია HCV-ის II ან III გენოტიპით, როგორც ითქვა, განკურნების შანსი ძალიან მაღალია. ამ დროს ექიმი პაციენტს ურჩევს, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს მკურნალობა. განკურნების შემთხვევაში ავადმყოფი სამუდამოდ თავისუფლდება C ჰეპატიტის ვირუსისგან.
  • თუ ავადმყოფს აქვს HCV-ის I გენოტიპით გამოწვეული C ჰეპატიტი და, ამავე დროს, დაავადება მსუბუქი ფორმისაა, ექიმი უმეტესად მკურნალობის გადადებას და ავადმყოფობის დინამიკაზე დაკვირვებას ამჯობინებს.
  • შორს წასული C ჰეპატიტის შემთხვევაში ექიმი ავადმყოფს მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას ურჩევს.

ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობის გვერდითი ეფექტები
სამწუხაროდ, ინტერფერონით მკურნალობას ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს. ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც არასასიამოვნო სუბიექტური შეგრძნებებით, ასევე საკმაოდ მძიმე პათოლოგიური გადახრებითაც. ისიც უნდა ითქვას, რომ ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობისას თავჩენილი ყველა გვერდითი ეფექტი მართვადია. ამის გათვალისწინებით აუცილებელია, ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობა წარმართოს გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელიც უხელმძღვანელებს ამ ხანგრძლივ (6 თვე ან ერთი წელი) პროცესს. მკურნალი ექიმი ავადმყოფს აძლევს მითითებებს აუცილებელი საკონტროლო გამოკვლევებისა და მათი ჩატარების ვადების შესახებ, რათა დროულად მოხდეს გართულებათა კორექცია და შეუქცევადი პროცესები არ განვითარდეს. ინტერფერონის პრეპარატებით მკურნალობა, თუ ის გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით ჩატარდა, უსაფრთხოა. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ყველა გვერდითი ეფექტი უკვალოდ ქრება.

პაციენტის რეჟიმი და ცხოვრების წესი C ჰეპატიტის მედიკამენტური მკურნალობის დროს
C ჰეპატიტის მკურნალობისას ავადმყოფს განსაკუთრებული რეჟიმი არ სჭირდება. მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად. ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის კატეგორიული აკრძალვის თაობაზე. რაც შეეხება კვებას, პრაქტიკულად არაფერი იკრძალება, გარდა განსაკუთრებით ცხიმიანი საკვებისა (ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი და სხვა). პაციენტს ასევე ურჩევენ, ერიდოს გადაღლას, ხშირად დაისვენოს, ეცადოს, მოიწესრიგოს ძილის რიტმი, ხშირად იყოს სასიამოვნო გარემოში და ერიდოს ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც შესაძლოა გააღიზიანოს. ერთი სიტყვით, მკურნალობისას ავადმყოფს სჭირდება სიმშვიდე და დაძაბული შრომითი რეჟიმისგან თავის შეკავება. აუცილებელია ექიმთან რეგულარული კონტაქტი, რათა გვერდითი ეფექტები დროულად იქნეს აღმოფხვრილი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია