ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი მიეკუთვნება პროსტაგლანდინების (E1) ჯგუფის პრეპარატს. ალპროსტადილი აფართოებს არტერიებს და პრეკაპილარულ სფინქტერებს, აუმჯობესებს სისხლმიმოქცევას და დარღვეულ მიკროცირკულაციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, აგრეთვე სისხლძარღვთა გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას, ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას და აუმჯობესებს ერითროციტების ელასტიურ თვისებებს.
პრეპარატი აინჰიბირებს ქოლესტეროლის სინთეზს, ნეიტროფილების აქტივაციას და აუმჯობესებს უჯრედოვან მეტაბოლიზმს, ხასიათდება ანგიოპროტექტული თვისებებით. იგი აგრეთვე აქვეითებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობას და არტერიულ წნევას, რეფლექსურად იწვევს გულის სისტოლური მოცულობის და მისი რითმის გაზრდას. ამასთან ერთად პრეპარატი ასტიმულირებს ნაწლავების, შარდის ბუშტის და საშვილოსნოს გლუვი კუნთების ტონუსს, ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას, აუმჯობესებს კავერნოზული სხეულების სისხლმომარაგებას და ამის შედეგად ერექციას.
ფარმაკოკინეტიკა
ალპროსტადილის გადასხმისას მისი კონცენტრაცია პლაზმაში სწრაფად აღწევს პიკურ მაჩვენებლებს და ინფუზიის შეწყვეტისას რამდენიმე წუთში უბრუნდება საწყის დონეს. პლაზმაში არსებული პრეპარატის დაახლოებით 90% დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან. ალპროსტადილის მეტაბოლიტები გამოიყოფიან შარდთან (82%) და განავალთან (12%) ერთად 72 საათის განმავლობაში. გადასხმიდან 24 საათის განმავლობაში ელიმინირდება მთლიანი დოზის 92%.
ჩვენებები
- ნეიროგენული, ფსიქოგენური და სისხლძარღვოვანი გენეზის (ან შერეული ფორმის) ერექციის დისფუნქციის მკურნალობა;
- ერექციის დარღვევის სხვა დიაგნოსტიკურ ტესტებთან კომპლექსში;
- პერიფერიული არტერიების ოკლუზური დაავადებები, როდესაც სხვა მკურნალობით ვერ იქნა მიღწეული ადექვატური შედეგი, ან როდესაც მისი ჩატარება შეუძლებელია;
- პერიფერიული არტერიების III და IV ხარისხის ქრონიკული ოკლუზიური დაავადება (ფონტეინის კლასიფიკაციით).
დოზირების რეჟიმი
საერთოდ პრეპარატის დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია.
ინტრავენური გადასხმა: ორი ამპულა ალპროსტადილი (40 მკგ) უნდა გაიხსნას 50-250 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. გადასხმა ტარდება დღეში ორჯერ, ან პრეპარატის სამი ამპულა (60 მკგ) უნდა გაიხსნას 50-250 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. გადასხმა ტარდება დღეში ერთხელ.
ინტრაარტერიული გადასხმა: ერთი ამპულა ალპროსტადილი (20 მკგ) უნდა გაიხსნას 50 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. ჩვეულებრივ შეჰყავთ ნახევარი ამპულა (10 მკგ) 60-120 წუთის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გადაისხას 1 ამპულა (20 მკგ). გადასხმა ტარდება დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 კვირას. საინფუზიო ხსნარი უნდა მომზადდეს უშუალოდ გადასხმის წინ.
გვერდითი მოვლენები
ინტრავენური ან ინტრაარტერიული გადასხმისას შესაძლოა აღინიშნოს: სიწითლე, ტკივილი და შეშუპება შეყვანის ადგილას, თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება ტაქიკარდიით და სტენოკარდიით; ალერგიული რეაქციები, სახსროვანი სიმპტომები, ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა, ზოგჯერ ჰიპერთერმია, ფსიქოზი, ცენტრალური გენეზის კრუნჩხვები, შემცივნება, დიარეა, გულისრევა, ღებინება, პარესთეზიები, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, იშვიათად ჰიპერბილირუბინემია, გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, ტაქიპნოე, ანურია, გულის არითმიები, ჰიპოქრომული ანემია, თრომბოციტოპენია, ინტრაკავერნოზული შეყვანისას ასოს ტკივილი, პრიაპიზიმი, ხანგრძლივი ერექცია. იშვიათად ფიბროზი, შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ჰემორაგიები, სათესლე ჯირკვლების ტკივილი, გრიპის მსგავსი სინდრომის განვითარება.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა ალპროსტადილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
* ფილტვების შეშუპება, ბრონქული ასთმა, გულის არითმია, ფილტვებისა და ღვიძლის დაავადებები, კუჭის მწვავე წყლული, მიელომური დაავადება, ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, ასოს დეფორმაცია (ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი, პერონის დაავადება);
* არანამკურნალები გულის უკმარისობა;
* ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში უნდა შემოწმდეს გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა, უნდა განისაზღვროს წყლის ბალანსი და ცენტრალური ვენური წნევა.
საჭიროა მუდმივად სისხლის შედედების სისტემის, ბიოქიმიური მაჩვენებლების და ჰემოდინამიკის მონიტორინგი. არ გამოიყენება ქრონიკული ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ფსიქიკური დარღვევებით შეპყრობილ პირებში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ალპროსტადილმა შეიძლება გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ვაზოდილატატორების და გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული საშუალებების ეფექტების პოტენცირება.
არ არის სასურველი ალპროსტადილის გამოყენება ერექციის დისფუნქციის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.