ფეროვიტი-ავერსი
(FERROVIT-AVERSI)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, მარმარილოსებური ყავისფერი ტაბლეტები;
შემადგენლობა:
1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს 100მგ ელემენტარული რკინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, სორბიტოლი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი, ნატრიუმის სახარინი, მაგნიუმის სტეარატი, შოკოლადის არომატიზატორი.

გამოშვების ფორმა:
საღეჭი ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები. სამვალენტიანი რკინის პერორალური პრეპარატები.
ათქ-კოდი: B03AB05.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინა წარმოადგენს ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელიც შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტის შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს სუნთქვის, სისხლის წარმოქმნის, იმუნობიოლოგიურ და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა პროცესებში. ფეროვიტი-ავერსის შემადგენლობაში რკინა წარმოდგენილია რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის სახით, რომლის სტრუქტურა ორგანიზმის ბუნებრივი ნაერთის – ფერიტინის მსგავსია. პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის, რკინის ლატენტური (ფარული) დეფიციტის მკურნალობისას და რკინადეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკის მიზნით.
პოლიმალტოზურ კომპლექსს არ გააჩნია ორვალენტიანი რკინის მარილებისთვის დამახასიათებელი პროოქსიდანტური თვისებები, რის გამოც ძალიან დაბალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ნაკლებად ექვემდებარება დაჟანგვას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი შეიწოვება უმეტესწილად თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში. ფიზიოლოგიურ პირობებში პოლიმალტოზური კომპლექსი სტაბილურია და არ დისოცირებს რკინის იონების გამოთავისუფლებით. მისი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ხდება აქტიური ტრანსპორტის გზით.
ორმაგი იზოტოპების (55Fე და 59Fე) გამოყენებით ჩატარებული კვლევების თანახმად, რკინის აბსორბცია მიღებული დოზის უკუპროპორციულია (რაც უფრო მაღალია დოზა, მით უფრო დაბალია აბსორბცია), რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ჭარბ დოზირებას. დადგენილია ასევე, რომ რაც უფრო დიდია ორგანიზმში რკინის დეფიციტი, მით უფრო აქტიურად მიმდინარეობს მისი შეწოვის პროცესი. შეწოვილი რკინა გამოიყენება ძვლის ტვინში ჰემოგლობინის სინთეზისთვის ან ფერიტინის სახით დეპონირდება უმეტესად ღვიძლში. არააბსორბირებული რკინა გამოიყოფა განავლით. კუჭ-ნაწლავის და კანის აქერცლილი ეპითელიუმით, ოფლით, შარდით და ნაღველით ორგანიზმიდან დღე-ღამეში დაახლოებით 1 მგ რკინა გამოიყოფა. გასათვალისწინებელია რკინის დაკარგვა ქალებში მენსტრუაციის დროს.

ჩვენება:
- რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა;
- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა;
- რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა ორსულობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე და დგინდება ინდივიდუალურად. სადღეღამისო დოზის მიღება შესაძლებელია ერთ ჯერზე ან გაყოფილი რამდენიმე მიღებად. ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გადაიყლაპოს მთლიანად ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ.
12 წლის ზევით ასაკის ბავშვები და მოზრდილები (მათ შორის მეძუძური ქალები):
რკინადეფიციტური ანემიის დროს ინიშნება 1-3 ტაბლეტი (100-300 მგ) დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 თვეს და ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზების შემდეგ გრძელდება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ორგანიზმში რკინის მარაგის აღდგენის მიზნით.
რკინის ლატენტური დეფიციტის დროს ინიშნება 1 ტაბ (100 მგ) დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1-2 თვე.
ორსული ქალები:
რკინადეფიციტური ანემიის დროს ინიშნება 2-3 ტაბ (200-300 მგ) დღეში ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებამდე. შემდეგ, ორგანიზმში რკინის დონის შენარჩუნების მიზნით, მკურნალობას განაგრძობენ დოზით 1 ტაბ დღეში ორსულობის ბოლომდე.
რკინის ლატენტური დეფიციტი და რკინადეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკა: ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბ (100 მგ) დღეში.
ფეროვიტი-ავერსი საღეჭი ტაბლეტების რეკომენდებული დოზირება მოყვანილია შემდეგ ცხრილში:

ფეროვიტი-ავერსი ტაბლეტი

 რკინადეფიციტური ანემია

რკინის ლატენტური დეფიციტი

პროფილაქტიკა

12 წლის ზევით ასაკის ბავშვები და მოზრდილები (მათ შორის მეძუძური ქალები) 

1-3 ტაბლეტი დღეში

1 ტაბლეტი დღეში

-

ორსული ქალები

 2-3 ტაბლეტი დღეში

1 ტაბლეტი დღეში

1 ტაბლეტი დღეში

 გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - განავლის ფერის შეცვლა (რკინის პრეპარატების მიღებით განპირობებულ განავლის მუქ შეფერილობას კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს), იშვიათად - მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, კბილის მინანქრის ფერის შეცვლა.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი.
კანის მხრივ: გამონაყარი, ქავილი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- რკინის სიჭარბე ორგანიზმში (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი) ან რკინის უტილიზაციის დარღვევა (სიდეროაქრესტიული ანემია, ტყვიისმიერი ანემია, თალასემია);
- ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური, მეგალობლასტური, გამოწვეული ვიტამინ B12-ის უკმარისობით).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების გამოვლენა ფეროვიტი-ავერსით მკურნალობისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ტეტრაციკლინი, ანტაციდები) ან კვებით პროდუქტებთან (ფიტინი, ოქსალატები, ტანინი) ნაკლებად სავარაუდოა.
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ფარულ სისხლდენაზე ანალიზების შედეგებზე, ამიტომ გამოკვლევის დროს არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა.
არ არის რეკომენდებული ფეროვიტი-ავერსის რკინის პრეპარატების პარენტერალურ ფორმებთან ერთდროული დანიშვნა, რადგან ამ შემთხვევაში პერორალურად მიღებული რკინის შეწოვა მკვეთრად ქვეითდება.

ჭარბი დოზირება:
რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსით მკურნალობისას ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის, რაც განპირობებულია პრეპარატის კონტროლირებადი შეწოვით და დაბალი ტოქსიკურობით (LD50 > 2000 მგ Fe/კგ სხეულის მასაზე).

ორსულობა და ლაქტაცია:
ფეროვიტი-ავერსის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დაწყებამდე რკინის დეფიციტი დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატორიული მაჩვენებლებით.
იმ შემთხვევაში, თუ ანემია განვითარდა ინფექციური ან სიმსივნური პროცესის ფონზე, რკინის პრეპარატების დანიშვნა მიზანშეწონილია ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ.
ფეროვიტი-ავერსი შეიცავს სორბიტოლს და ნატრიუმის საქარინს, რის გამოც არ ინიშნება პაციენტებში ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა/გალაქტოზას შეწოვის დარღვევა და საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა.
პრეპარატის მიღება ბავშვებში რეკომენდებულია სიროფის სახით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია