გულის პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს მკერდის, ყელის, ზურგისა და მკლავის არეში ტკივილით. ასევე, მნიშვნელოვანი სიმპტომებია სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, თავბრუსხვევა და გულისრევა. ამ ჩივილების ერთობლიობა განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაუყოვნებლივ სამედიცინო შეფასებას მოითხოვს.
გულის ტკივილი ჯანმრთელობის ის პრობლემაა, რომელსაც დისკომფორტთან ერთად, შფოთვა და შიშიც ახლავს. ზოგჯერ, ადამიანებმა არ იციან, ზუსტად რასთან აქვთ საქმე და რომელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.
გულის ფიცრის ტკივილი, წვისა და სიმძიმის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა – ეს იმ ჩივილების ძალიან მცირე ჩამონათვალია, რომლებიც შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე მიუთითებდეს.
თუ გაწუხებთ ისეთი შეგრძნებები, მაგალითად, როგორიცაა გულის წვა და ტკივილი, ამ სტატიას ყურადღებით გაეცანით.
რა შეიძლება იყოს გულის არეში ტკივილის მიზეზი?
გულის ტკივილი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ზოგიერთი მათგანი სრულიად უვნებელია, ზოგი კი სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ტკივილის ხასიათი, ხანგრძლივობა და თანმხლები სიმპტომები.
იმისთვის, რომ ტკივილი გულის არეში პირდაპირ საფრთხედ არ აღიქვათ, შესაძლო მიზეზები განვიხილოთ.
პირველი ეს არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები – სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი. ორივე მათგანი ცალ-ცალკე გავაანალიზოთ. სტენოკარდია არის მდგომარეობა, როდესაც გულის კუნთი დროებით საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით მდიდარ სისხლს ვერ იღებს. ტკივილი ძირითადად მომჭერი ხასიათისაა და დატვირთვის დროს ჩნდება. რაც შეეხება მიოკარდიუმის ინფარქტს, ეს ძალიან სერიოზული მდგომარეობა. ძლიერი, ხანგრძლივი ტკივილი, შეიძლება მარცხენა ხელისა და ყბის არეში გადავიდეს. შესაძლოა, მას თან ახლდეს ოფლიანობა და სუნთქვის გაძნელება.
მეორე – კუნთოვანი ან ნერვული მიზეზები. ტკივილი გულის არეში შეიძლება გულმკერდის კუნთის დაჭიმვამ ან ნერვის გაღიზიანებამაც გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ ტკივილი ხშირად მოძრაობისას ან შეხებისას ძლიერდება.
კუჭ-ნაწლავის პრობლემები კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია. ის გულმკერდის არეში წვის შეგრძნებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ სიმპტომი განსაკუთრებით ჭამის შემდეგ ვლინდება.
ფსიქოლოგიური ფაქტორები – რა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოთ ისეთი სერიოზული საკითხი, როგორიც მენტალური ჯანმრთელობაა. შფოთვა ან პანიკური შეტევა დისკომფორტის ხშირი მიზეზი ხდება. ამ შემთხვევაში, ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე, თან ახლდეს გულისცემის აჩქარება და სუნთქვის გაძნელება.
ფილტვების პრობლემები – კიდევ ერთი სერიოზული მიზეზია. ტკივილს შესაძლოა ფილტვის ინფექცია ან პლევრის გაღიზიანება იწვევდეს. ასეთ დროს, ტკივილი ღრმად ჩასუნთქვისას ძლიერდება.
ფაქტია, რომ გულის არეში ტკივილი შესაძლოა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა პრობლემებზე არ მიანიშნებდეს და მას სულ სხვა მიზეზი ჰქონდეს. ამიტომაც, თუ მსგავსი სიმპტომები გაწუხებთ, საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროთ.
კონკრეტულად რომელი სიმპტომები მიუთითებს გულის პრობლემებზე?
გულის ტკივილი სხვადასხვანაირად ვლინდება. თუმცა, არსებობს კლასიკური ნიშნები, რომელთა ცოდნითაც ზოგჯერ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაც კი შესაძლებელია. ახლა სწორედ იმ ძირითად სიმპტომებზე გიამბობთ, რომლებიც მიანიშნებს, რომ ტკივილი შეიძლება გულიდან მოდიოდეს.
ტკივილის ხასიათი და ლოკალიზაცია
გულის ტკივილი იშვიათად არის „წერტილოვანი“ ან ჩხვლეტითი. პაციენტები მას ხშირად აღწერენ, როგორც ზეწოლის ან სიმძიმის შეგრძნებას. თითქოს მკერდზე ლოდი ადევთ ან მარწუხებში არიან მოქცეული. გარდა ამისა, ამბობენ, რომ გულის წვა და ტკივილი აწუხებთ. ეს არის დისკომფორტი, რომელიც თავს იჩენს მკერდის ძვლის უკან და შეიძლება კუჭის წვასაც წააგავდეს.ტკივილი, ძირითადად, მკერდის შუა ნაწილში ან მარცხნივაა ლოკალიზებული, თუმცა შეიძლება მთელ გულმკერდზე გავრცელდეს.
ტკივილის გავრცელება (ირადიაცია)
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ გულის პრობლემების დროს ტკივილი ხშირად სხეულის სხვა ნაწილებსაც „გადაეცემა“.
მისი გავრცელების არეალი შეიძლება შემდეგი იყოს:
- მარცხენა ხელი და მხარი (ზოგჯერ ორივე ხელი);
- ქვედა ყბა;
- კისერი და ყელის არე;
- ბეჭებს შორის ან ზურგი.
შესაბამისად, თუ რომელიმე ამ არეში დისკომფორტი გაწუხებთ, შესაძლოა, ეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემაზე მიანიშნებდეს.
თანმხლები სიმპტომები
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მთავარი ნიშანი ყოველთვის მხოლოდ გულმკერდის ტკივილი არ არის. ხშირად მას თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
- ჰაერის უკმარისობა და გულის ტკივილი: სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება მცირე ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი;
- ოფლიანობა: ცივი ოფლი, რომელიც თავს უეცრად იჩენს;
- გულისრევა ან ღებინება: ხშირად ამას შეცდომით საკვებით მოწამვლას მიაწერენ ხოლმე;
- თავბრუსხვევა და სისუსტე: გონების დაკარგვის შეგრძნება.
გულის ტკივილის დიაგნოსტიკა
გულის ტკივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია დროული ვიზიტი კარდიოლოგთან. კლინიკაში შესაძლოა ისეთი კარდიოლოგიური კვლევები ჩაგიტარონ, როგორიცაა ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). ეკგ საშუალებას იძლევა შეფასდეს გულის რიტმი და იშემიის ნიშნები, ხოლო მრტ აჩვენებს გულის სტრუქტურის დეტალურ სურათს.
ჰაერის უკმარისობა და გულის ტკივილი – რა კავშირშია ერთმანეთთან?
აღსანიშნავია, რომ ჰაერის უკმარისობა და გულის ტკივილი ხშირად ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სიმპტომებია. ეს იმიტომ, რომ ორივე შეიძლება ერთი და იმავე მიზეზით იყოს გამოწვეული – ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდების დარღვევით.
როდესაც გული თავის ფუნქციას სრულფასოვნად ვერ ასრულებს და საკმარის სისხლს ვერ ტუმბავს, ქსოვილებს ჟანგბადი აკლდება. ეს კი როგორც გულმკერდის ტკივილს, ასევე სუნთქვის გაძნელებას იწვევს.
მსგავსი მდგომარეობა გვხვდება, მაგალითად, სტენოკარდიის დროს, როდესაც გულის კუნთი დროებით საკმარის სისხლს ვერ იღებს. განსაკუთრებით საშიშია მიოკარდიუმის ინფარქტი, როდესაც სისხლის მიწოდება მკვეთრად ირღვევა და გულის კუნთი ზიანდება. ამ დროს ტკივილს ხშირად ახლავს ჰაერის მწვავე უკმარისობა, სისუსტე და ცივი ოფლი. თუმცა ეს ორი სიმპტომი მხოლოდ გულის პრობლემაზე არ მიუთითებს – ისინი შეიძლება სულ სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.
გახსოვდეთ, რომ ჰაერის უკმარისობა და გულის ტკივილი ის სიმპტომები, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს.
როდის არის მდგომარეობა საგანგაშო?
გულის წვა და ტკივილი ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშია. იმისთვის, რომ გართულებები თავიდან აირიდოთ, საჭიროა ექიმს მიმართოთ და თქვენი სიმპტომების შესახებ მოუყვეთ.
ამავდროულად კი, არის შემთხვევები, როდესაც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო.
თუ ტკივილი 5 წუთზე მეტხანს გრძელდება, არ გადის დასვენებისას და თან ახლავს ძლიერი შიში, სამედიცინო დახმარება უნდა გამოიძახოთ.
მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ქალებში, დიაბეტით დაავადებულებსა და ხანდაზმულებში გულის შეტევა შეიძლება ტიპური ტკივილის გარეშე მიმდინარეობდეს. ამ დროს ადამიანს მხოლოდ ძლიერი სისუსტე, უჰაერობა და კუჭის არეში დისკომფორტი აღენიშნება. სწორედ ამიტომ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ხვალისთვის ნუ გადადებთ.
ხშირად დასმული კითხვები – FAQ
შეიძლება თუ არა გულის ფიცრის ტკივილი სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული?
დიახ, ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს კუნთოვანი ან ნერვული სისტემა, კუჭ-ნაწლავისა და ფილტვის პრობლემები. ასევე, ფსიქოლოგიური ფაქტორები.
როდის უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება?
დაუყოვნებლივ მიმართეთ მედიკოსებს, თუ ტკივილი 5 წუთზე მეტხანს გრძელდება, ტკივილი არ ქრება მოსვენებულ მდგომარეობაში და თან ახლავს სიკვდილის შიში, ცივი ოფლი, გულისრევა ან თავბრუსხვევა.
ვინ არიან „ატიპიური” სიმპტომების რისკის ქვეშ?
ქალებში, ხანდაზმულებსა და დიაბეტით დაავადებულებში გულის შეტევა შეიძლება მკერდის ტკივილის გარეშე წარიმართოს.







