შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ბრინზოლამიდი. 1 მლ შეიცავს 10 მგ ბრინზოლამიდს.
სხვა კომპონენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ედეტატი, მანიტოლი, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ტილოქსაპოლი. მჟავიანობის შესამცირებლად (рН-ის დონის ნორმალიზებისათვის) მცირე რაოდენობით დამატებულია მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
ბეფარდინი შეიცავს ბრინზოლამიდს, რომელიც მიეკუთვნება კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების ჯგუფს. ბრინზოლამიდი ამცირებს თვალის შიდა წნევას.
ჩვენება:
მომატებული თვალის შიდა წნევა
უკუჩვენება:
- თირკმლის დაავადებები
- ბეფარდინის შემადგენლობაში არსებული რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის არსებობისას
- სულფონამიდის ჯგუფის მედიკამენტების მიმართ ალერგიული რეაქციის არსებობისას
- ჰიპერქლორემიული აციდოზი
დოზირება:
1 წვეთი დაავადებულ თვალში (დაავადებულ თვალებში) 2 ჯერ დღეში - დილას და საღამოს. პრეპარატის დოზირების მეთოდი იცვლება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით. ბეფარდინის ჩაწვეთება ორივე თვალში დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
ბეფარდინი სიფრთხილით მიიღება:
- თირკმლის ან ღვიძლის დაავადებების დროს
- თვალების სიმშრალის ან რქოვანას დაზიანების დროს
- სულფონამიდის ჯგუფის სხვა მედიკამენტების გამოყენებისას
- ბეფარდინი შეიცავს კონსერვანტს (ბენზალკონიუმის ქლორიდს), რომელმაც შეიძლება თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს და შეცვალოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერი. ამიტომ პრეპარატი არ გამოიყენება რბილი კონტაქტური ლინზების მოხმარების დროს. ბეფარდინის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ, ჩაიწვეთოთ პრეპარატი და 10-15 წთ-ის შემდეგ ისევ გაიკეთოთ ლინზები.
ბავშვები და მოზარდები
ბეფარდინი არ გამოიყენება ახალშობილებში, ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატს დანიშნავს ექიმი.
ბეფარდინი და სხვა სამკურნალო საშუალებები
კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორების აცეტაზოლამიდის ან დორზოლამიდის გამოყენებისას აცნობეთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ბეფარდინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვისა და დანადგარებთან მუშაობისაგან მკაფიო მხედველობის აღდგენამდე. შესაძლებელია მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა ბეფარდინის გამოყენების შემდეგ.
ბეფარდინით მკურნალობისას შესაძლებელია შემცირდეს იმ ამოცანების შესრულების უნარი, რომლებიც ყურადღებას ან/და ფიზიკურ კოორდინაციას მოითხოვს. ამ ეფექტების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვისაგან.
გამოყენების წესი
- აიღეთ ბეფარდინის ფლაკონი და სარკე
- დაიბანეთ ხელი
- შეანჯღრიეთ ფლაკონი და მოხსენით თავსახური. თავსახურის მოხსნის შემდეგ, თუ აღმოჩნდა, რომ ფლაკონზე არ არის პირველი გახსნის მაჩვენებელი - დამცავი რგოლი, პროდუქტი არ გამოიყენოთ.
- გადაატრიალეთ ფლაკონი, გეჭიროთ შუა თითით და ცერით.
- თავი უკან გადაწიეთ. სუფთა თითით ქვედა ქუთუთო ქვემოთ დაწიეთ, რათა შეიქმნას „ჯიბე“ ქუთუთოსა და თვალს შორის. ამ „ჯიბეში“ უნდა მოხვდეს წვეთი.
- მიიტანეთ ფლაკონის საწვეთური თვალთან. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ სარკე.
- არ შეახოთ საწვეთურის წვერი თვალს ან ქუთუთოს ან თვალის გარშემო კანს. ამან შეიძლება წვეთების ინფიცირება გამოიწვიოს.
- ფლაკონის ძირს ხელი მსუბუქად მოუჭირეთ ისე რომ ბეფარდინის ერთი წვეთი გადმოედინოს.
- არ მოუჭიროთ ფლაკონს ხელი ძალიან ძლიერად, რადგან საკმარისია ფლაკონის ძირზე მსუბუქად დაჭერა.
- ბეფარდინის ჩაწვეთებიდან 1 წთ-ის განმავლობაში საჭიროა თითის დაჭერა თვალის შიდა კუთხის მიდამოზე, ცხვირთან, რადგან თავიდან აიცილოთ პრეპარატის სისტემური შეწოვა.
- გაიმეორეთ იგივე მოქმედებები, თუ საჭიროა პრეპარატის ჩაწვეთება მეორე თვალშიც.
- პრეპარატის გამოყენებისთანავე, ფლაკონს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.
- ერთი ფლაკონი ბოლომდე დახარჯეთ და ამის შემდეგ გახსენით მეორე.
თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, კიდევ სცადეთ.
ბეფარდინის პარალელურად სხვა თვალის წვეთების გამოყენებისას ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლები 5 წუთისა.
თვალის მალამო გამოიყენეთ ყველაზე ბოლოს.
ბეფარდინის ჭარბი დოზირებისას
პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზით ჩაწვეთების შემთხვევაში, გამოირეცხეთ თვალი თბილი წყლით. არ ჩაიწვეთოთ პრეპარატი დანიშნულ დროზე ადრე.
ბეფარდინის დოზის გამოტოვებისას
ჩაიწვეთეთ წვეთები რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგ დაუბრუნდით ჩვეულ რეჟიმს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.
ბეფარდინის გამოყენების შეწყვეტა
ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისას უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ვერ გააკონტროლებთ თვალის შიდა წნევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა.
გვერდითი მოვლენები
- მხედველობის მხრივ: მხედველობის დაბინდვა, თვალების გაღიზიანება, თვალების ტკივილი, ცრემლდენა, თვალების ქავილი, მშრალი თვალის სინდრომი, უჩვეულო შეგრძნებები თვალში, თვალების სიწითლე.
- სისტემური გვერდითი მოვლენები: უსიამოვნო გემოს შეგრძნება პირში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე
ვარგისობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან არაუმეტეს 4 კვირისა
გამოშვების ფორმა და აღწერილობა
ბეფარდინი წარმოადგენს თეთრი ფერის სითხეს (სუსპენზიას), რომელიც მოთავსებულია 10 მლ-იან პლასტმასის ფლაკონებში საწვეთურ-დოზატორით და ხრახნიანი თავსახურით
მწარმოებელი: ფარმა მედიტერანია, ს.ლ., ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი