Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 330

ბელარა 2მგ/0.03მგ #21ტ

54.45 ლარი
51.18 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: გედეონ რიხტერი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

აგნუსკასტ პლიუსი #30კაფს

აგნუსკასტ პლუსი

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

2 კაფსულის  შემადგენლობა:    #30 კაფსულა                                                      

Vitex agnus castus d.e                  300 მგ                                              

Green tea d.e of                           200 მგ                                              

of which poliphenols                     80 მგ                                                

Broccoli d.e                                  120 მგ

Kudzu d.e                                    150 მგ

 Equal to isoflavones                     60 მგ

ინგრედიენტების თვისებები:

Vitex agnus castus – აბრაამის ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის ე.წ ლაქტოგენური უჯრედების დოფამინურ -2 რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის სეკრეციას. აღადგენს ფიზიოლოგიური გონადოტროპინის სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს.

ექსტრაქტის აქტიურ კომპონენტებს აქვს გამაწონასწორებელი ეფექტი პროლაქტინის დონეზე. 

Green tea – მწვანე ჩაის ხის ექსტრაქტი  გამოირჩევა მრავალი თვისებებით: ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული, კარდიოპროტექტორული, ანტიათეროგნული, ანტივირუსული, ანტიპროლიფერაციული.

Broccoli d.e – ბროკოლის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია ინდოლ-3-კარბინოლი.

მას აქვს უნარი გარდაქმნას ესტროგენის აქტიური ფორმა, რომელიც იწვევს სიმსივნის განვითარებას, არატოქსიურ დაშლის პროდუქტად. ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის ნორმალიზებას და აკონტროლებს უჯრედის ანომალურ ზრდას მიომატოზისა და ენდომეტრიოზის დროს. 

Kudzu d.e  კუძუ (პუერარია) -მასში შედის იზოფლავანიოდები, რომლებიც აჩერებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას, გამოწვეულს ჰორმონული დისფუნქციით. კერძოდ იგი შეიცავს პუერარინს, რომელსაც უნარი აქვს შეაფერხოს სიმსივნის ზრდა, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნისაც. 

მიზანი:  გამოიყენება – მენსტრუალური ციკლის დარღვევების, ყვითელი სხეულის უკმარისობისას, უნაყოფობის დროს, რომელიც დაკავშირებულია ჰიპერპროლაქტინემიასთან, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებების დროს (მასტოდინია, მასტოპათია), პრემენსტრუალური სინდრომისას, მიმდინარე შეშუპებით, მცირე მენსტრუაციით ან მისი არარსებობით, ანოვულატორული ციკლი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შემდეგ, კლიმაქტერული სინდრომი.

რეკომენდაცია გამოყენებისთვის:

მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ან ორჯერ, ერთსადაიმავე დროს. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 თვეს. 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

Manufactured for GLOBAL CBS LLC by

PromoPharma

www.promopharma.it იტალია

ჰიპერტენზიული დაავადება

არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიული წნევის მაჩვენებლები მყარად იმატებს. არტერიულ ჰიპერტენზიას განმარტავენ როგორც მრავალჯერ დაფიქსირებულ არტერიული წნევის აწევას ვერცხლისწყლის სვეტის 140/90 მილიმეტრზე მაღლა. 140/90 ნორმის ზედა ზღვარია. მას, ვისაც წნევის ასეთი მაჩვენებელი აქვს, არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბება ემუქრება – 5 წლის განმავლობაში მათ 12%-ს შესაძლოა ჰიპერტენზია განუვითარდეს. ზოგჯერ პაციენტს, განსაკუთრებით – თუ 60 წელსაა გადაცილებული, მომატებული აქვს მხოლოდ სისტოლური (ზედა) წნევა, ხოლო დიასტოლური (ქვედა) ნორმის ფარგლებში რჩება. ასეთ ჰიპერტენზიას იზოლირებულ სისტოლურ ჰიპერტენზიას უწოდებენ.
“ჰიპერტენზიული დაავადება” და “არტერიული ჰიპერტენზია” სინონიმებია. პირველი ტერმინი წინათ ფართოდ იყო გავრცელებული ჩვენს ლიტერატურაში, დღეს კი უცხოური ლიტერატურის ანალოგიით მეორეს უფრო მეტად იყენებენ.
არტერიული წნევის მომატებას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 20-30%. ასაკთან ერთად მისი გავრცელება იმატებს და 65 წელს გადაცილებულებთან 50-60%-ს აღწევს. არტერიული წნევის ისეთი მომატება, რომელიც საექიმო გამოკვლევასა და მკურნალობას მოითხოვს, მსოფლიოში თითქმის ყოველ მეოთხე მოზრდილ ადამიანს აღენიშნება. ყოველ მესამეს აქვს რისკფაქტორები, რომლებიც არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობას ზრდის.
საქართველოში ჰიპერტონიული დაავადების მქონეთა რიცხვი განუხრელად იზრდება: ყოველ 10 000 სულ მოსახლეზე ეს რაოდენობა 1995 წლიდან 2002 წლამდე 1438-იდან 2410-მდე გაიზარდა, ანუ თითქმის გაორმაგდა.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წნევის მომატების ცალკეული ეპიზოდები არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებას არ ნიშნავს. მართალია, ქრონიკული სტრესი, რომელიც ხშირად რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, უარყოფით ემოციებს უკავშირდება,  არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ წნევის მომატების ცალკეული შემთხვევები, რომლებსაც ეპიზოდური ხასიათი აქვს და მჭიდრო კავშირშია სტრესთან ან ორგანიზმის გადაძაბვასთან, დაავადებად არ მიიჩნევა. ეს მხოლოდ ორგანიზმის რეაქციაა სტრესზე.

ასაკი და არტერიული წნევის ნორმა
არტერიული წნევის ნორმა 140/90 მმ ვწყ სვ-ია, განურჩევლად სქესისა და ასაკისა – ახალგაზრდებისა თუ მოხუცებისთვის, ქალებისა თუ მამაკაცებისთვის. ასე რომ, წნევის ასაკობრივ ნორმაზე ლაპარაკი ზრდასრულ პაციენტებთან მიმართებით მცდარია. არადა, ეს შეცდომა ბევრს მოსდის – არტერიული წნევის `ასაკობრივ ნორმებს~ დღემდე აწესებენ, რაც დაუშვებელია.

სქესი და არტერიული ჰიპერტენზია
არტერიული წნევის მატება მამაკაცებთან უფრო ადრეულ ასაკში იწყება. 50 წლამდე ჰიპერტენზია სწორედ მამაკაცებთან ჭარბობს, ამაზე უფროსი ასაკის პაციენტები კი უმეტესად ქალები არიან.

მენოპაუზა და არტერიული წნევა
მენოპაუზის გავლენა არტერიულ წნევაზე დავის საგანია. კვლევების ერთმა ნაწილმა ვერ დაადასტურა, რომ მენოპაუზა გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, მაშინ როდესაც მეორე ნაწილმა აჩვენა არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მატება პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში.

ორალური კონტრაცეფცია და  არტერიული წნევა
იმ ქალების უმრავლესობას, რომლებიც ორალურ კონტრაცეფციას იყენებენ, აღენიშნება არტერიული წნევის მცირედი, მაგრამ შესამჩნევი მატება, ხოლო მათ მცირე ნაწილს მნიშვნელოვანი ჰიპერტენზია უვითარდება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალები, რომლებიც ხშირად იყენებენ კონტრაცეპტივებს, იმყოფებიან არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების უფრო მაღალი რისკის ჯგუფში, ვიდრე ქალები, რომლებიც ორალურ კონტრაცეპტივებს არ ხმარობენ. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ორალური კონტრაცეპტივების მოხმარების შეწყვეტის შემდეგ არტერიული წნევა 3 თვეში უბრუნდება საწყის დონეს. კონტრაცეპტივებით თერაპიისას რეკომენდებულია არტერიული წნევის რეგულარული მონიტორინგი. კონტრაცეპტივის მიღების ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს ექვს თვემდე, რათა მოხდეს მდგომარეობის ხელახალი შეფასება. კონტრაცეპტივებით გამოწვეული ჰიპერტენზიის დროს უნდა შეწყდეს ამ პრეპარატების მიღება. გამონაკლის შემთხვევებში (თუ კონტრაცეფციის სხვა მეთოდები არახელსაყრელია) უნდა მოხდეს მისი კომბინირება ანტიჰიპერტენზიულ თერაპიასთან.

არტერიული ჰიპერტენზიის კლასიფიკაცია
ცნობილია არტერიული ჰიპერტენზიის მრავალი კლასიფიკაცია, რომელთაგან თითოეული ეფუძნება სხვადასხვა პრინციპს. მაგალითად, ძველად ავადმყოფებს განასხვავებდნენ გარეგნული იერის მიხედვით (ფერმკრთალი და ღაჟღაჟა). ეს ერთ-ერთი პირველი კლასიფიკაციაა, რომელსაც მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა შერჩა. გარდა ამისა, არსებობს კლასიფიკაციები:

  • დაავადების წარმოშობის მიხედვით – პირველადი, ანუ იდიოპათიური და მეორეული ანუ სიმპტომური;
  • მიმდინარეობის მიხედვით – კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი, ანუ სწრაფად პროგრესირებადი;
  • არტერიული წნევის მომატების მიხედვით – იზოლირებული სისტოლური და დიასტოლური;
  • სამიზნე ორგანოების დაზიანების ხარისხის მიხედვით.

ცალკე უნდა გამოიყოს შემდეგი ფორმები:

  • რეფრაქტერიული ჰიპერტენზია – ჰიპერტენზიულ პაციენტთა 10% რეზისტენტულია მკურნალობის მიმართ ანუ არტერიული წნევის მომატება არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას;
  • თეთრი ხალათის ჰიპერტენზია – წნევის მომატების განსაკუთრებული სახე, რომელიც ვითარდება მხოლოდ ექიმის ან სხვა მედპერსონალის თანდასწრებით;
  • ჰიპერტონიული კრიზი – არტერიული წნევა უეცრად იმატებს და აღწევს კრიტიკულ მაჩვენებლებს, რის გამოც იშლება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ავტომარეგულირებელი მექანიზმები და ვითარდება ზოგადტვინოვანი და კეროვანი სიმპტომები (ძლიერი თავის ტკივილით, თავბრუხვევით, გულისრევითა და პირღებინებით). ეს მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევასა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
  • ორთოსტატიკური ჰიპოტენზია – ნორმაში ფეხზე დგომისას სისტოლური არტერიული წნევა მცირედით იკლებს, ხოლო დიასტოლური მცირედით იმატებს. ორთოსტატიკური ჰიპოტენზია დიაგნოსტირდება, თუ წამოდგომისას სისტოლური არტერიული წნევა ეცემა 20 მმ ვწყ სვ-ით ან მეტად, ანდა დიასტოლური წნევა ეცემა 10 მმ ვწყ სვ-ით ან მეტად. ორთოსტატიკური ჰიპოტენზია განსაკუთრებით ხშირია ხანში შესულ, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან. არსებობს პირდაპირი კორელაცია ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის სიმძიმესა და სიკვდილობას შორის.

ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის მიზეზებია: ჰიპოვოლემია, ბარორეცეპტორების დისფუნქცია, ავტონომიური დისფუნქცია, ვენოდილატატორების (ალფა ბლოკერების, ბეტა-ალფა ბლოკერების) გამოყენება. ნიტრატებმა და დიურეტიკებმა შესაძლოა ორთოსტატიკური ჰიპოტენზია გააძლიეროს.
ხანში შესულ პაციენტთა მკურნალობისას კლინიცისტს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის რისკი და არ გამოეპაროს მისი სიმპტომები (წამოდგომისას თავბრუხვევა, წონასწორობის დაკარგვა, სისუსტე). აუცილებელია წნევის პერიოდული გაზომვა წოლისას და დგომისას 50 წელს გადაცილებულ ყველა პაციენტთან.

არტერიული წნევის მყარი მომატების მიზეზები
არტერიული წნევის ციფრების მომატებას დაავადების სხვადასხვა ფორმის დროს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ქსოვილებში იონური წონასწორობის დარღვევა.

  • ჰიპერტონიული დაავადება დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქის იმ უბნების ფუნქციურ ცვლილებებთან, რომლებიც პასუხს აგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კერძოდ, სისხლის წნევის, რეგულაციაზე.
  • ასიდან 10-15 შემთხვევაში მისი განვითარება დაკავშირებულია გულზე ადრენალინის (სტრესის ჰორმონის) გაძლიერებულ ზემოქმედებასთან: გული იკუმშება უფრო სწრაფად, გადმოისვრის მეტი რაოდენობის სისხლს და არტერიული წნევა იმატებს. ამიტომ ფსიქიკური გადაძაბვა ჰიპერტენზიის განვითარების ერთ-ერთ რისკფაქტორად არსი მიჩნეული.
  • წნევის მატებას ხელს უწყობს სისხლში ნატრიუმის სიჭარბე, ვინაიდან იზრდება გულის შეკუმშვისას გადმოსროლილი სისხლის ოდენობა.
  • უჯრედის შიგნით კალციუმის ოდენობის მატება იწვევს ჰიპერტონიული დაავადების ისეთი ფორმის განვითარებას, რომლის დროსაც ავადმყოფს აღენიშნება გლუვი მუსკულატურის სპაზმი, რაც სისხლძარღვთა კედლის მდგომარეობის ცვლილების გამო ასევე არღვევს სისხლის წნევის რეგულაციას.
  • 20-25%-ში ჰიპერტონიული დაავადება დაკავშირებულია არტერიების სკლეროზთან, ასევე – სისხლძარღვთა კედელზე ათეროსკლეროზული ბალთების ჩამოყალიბებასთან. ამ დროს სისხლძარღვის კედლის შევიწროების გამო უარესდება ორგანოთა სისხლით მომარაგება და ორგანიზმი ცდილობს, მეტი ძალით გადაისროლოს სისხლი სისხლძარღვებში, რის გამოც იზრდება სისხლის წნევა.
  • ზოგიერთმა მედიკამენტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება. კერძოდ, ჩასახვის საწინააღმდეგო და მადის დასაქვეითებელმა საშუალებებმა, გლუკოკორტიკოიდებმა (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი და სხვ.), ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა (ინდომეტაცინი და სხვა).

არტერიული ჰიპერტენზია უმეტესად დამოუკიდებელია. ამ შემთხვევაში მას პირველად არტერიულ ჰიპერტენზიას უწოდებენ. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომლის მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მის აღმოცენებას. მათგან აღსანიშნავია:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • ასაკი და ზოგი სხვა ბიოლოგიური მაჩვენებელი;
  • ჭარბი წონა;
  • არარაციონალური კვება (დიდი რაოდენობით ცხიმიანი და მარილიანი საკვების, ნაკლები ხილისა და ბოსტნეულის მიღება);
  • უმოძრაო ცხოვრების წესი, მცირე ფიზიკური აქტივობა;
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • თამბაქოს წევა;
  • სტრესული სიტუაციის გადალახვის უუნარობა;
  • შრომისა და დასვენების არასწორი მონაცვლეობა;
  • სოციალური გარემო;
  • ასაკი.

წნევის მატების შემთხვევათა შედარებით მცირე ნაწილი ამა თუ იმ დაავადებითაა განპირობებული. ამ შემთხვევაში არტერიული ჰიპერტენზია დამოუკიდებელი პათოლოგია კი არ არის, არამედ სხვა დაავადების ერთ-ერთ ნიშანს, მის გამოხატულებას წარმოადგენს. არტერიული წნევის მატების ასეთ შემთხვევებს მეორეულ ჰიპერტენზიას უწოდებენ. ის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მიზეზებს უკავშირდება. მათგან აღსანიშნავია:

  • თირკმლისა და მისი სისხლძარღვების დაავადებები;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
  • ნერვული სისტემის დაავადებები;
  • ზოგიერთი მედიკამენტის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, გლუკოკორტიკოიდების, პერორალური კონტრაცეფციული საშუალებების) მიღება. თუ ამ პრეპარატების გამოყენებისას არტერიული წნევის მატება შევამჩნიეთ, ექიმი აუცილებლად უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში;
  • აორტის კოარქტაცია და სხვა.

არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომები და მიმდინარეობა
განასხვავებენ არტერიული ჰიპერტენზიის რამდენიმე სტადიას:
1. პრეჰიპერტენზია
I სტადია
II სტადია
2. ჰიპერტენზია
მცდარი წარმოდგენები არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ
1. წნევის მატების დროს პაციენტები ხშირად უჩივიან ძლიერ თავის ტკივილს, სუბიექტური შეგრძნებების მკვეთრ გაუარესებას. არცთუ იშვიათად ამგვარი ჩივილები წნევის ნორმალური მაჩვენებლების დროსაც იჩენს თავს, რის გამოც პაციენტებს მიაჩნიათ, რომ ისეთი წნევა, როგორიც არის, მაგალითად, 120/80, მათთვის მაღალია, რაც მცდარი შეხედულებაა.
2. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანი ვერ გრძნობს მაღალ წნევას, არაფერს უჩივის და ამიტომ მკურნალობაზე უარს ამბობს – ესეც მცდარი შეხედულებაა.

სად არის სიმართლე
პაციენტის პირად შეგრძნებებზე დაყრდნობით არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ მსჯელობა არ შეიძლება. პაციენტის ჩივილები ნორმალური არტერიული წნევის ან მისი უმნიშვნელო მომატების შემთხვევაში შესაძლოა სულ სხვა ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული. თუნდაც სტრესთან.
არტერიული წნევის მომატებას ხშირად სდევს თან განსაზღვრული ნიშნები: თავის ტკივილი, სიმძიმე კეფის არეში, გულისრევა, ადვილად დაღლა, ცუდი ძილი, თვალწინ მოციმციმე წერტილების გაჩენა, – მაგრამ არც ის არის გამორიცხული, არტერიული წნევის მომატებისას ადამიანი არაფერს უჩიოდეს და ჰიპერტენზია შემთხვევით აღმოაჩინონ. ასეთ დროს მკურნალობა ისევე აუცილებელია, როგორც მაშინ, როცა პაციენტი მაღალი წნევის გამო თავს ცუდად გრძნობს.
არტერიული ჰიპერტენზია მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებათა გამო არ არის საშიში. ის საშიშია, უპირველეს ყოვლისა, გართულებებით, რომლებიც საფრთხეს უქადის სიცოცხლეს, აქვეითებს შრომისუნარიანობას და კარდინალურად ცვლის ცხოვრების რიტმს. უნდა გვახსოვდეს, რომ არტერიული ჰიპერტენზია არის მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულისა და თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) რისკფაქტორიც. დადგენილია, რომ მიოკარდიუმის ინფარქტის 100-დან 68 შემთხვევაში და ინსულტის 100-დან 75 შემთხვევაში ავადმყოფებს დიდხანს ჰქონდათ მომატებული არტერიული წნევა, მაგრამ ან არ უტარდებოდათ სათანადო მკურნალობა, ან თვითონვე ამბობდნენ უარს მედიკამენტების მიღებაზე, ან მკურნალობას მანამდე წყვეტდნენ, ვიდრე წნევა სამიზნე ციფრებს მიაღწევდა.

პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული წნევის მომატება
ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს სამსახურში არტერიული წნევა ხშირად უწევს მაღლა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ასეთი რამ ემართება ყოველ მეხუთე დაავადებულს. არტერიული ჰიპერტენზიის ასეთ ვარიანტს “სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიას” უწოდებენ. ამ ფორმის თავისებურება ის არის, რომ ექიმთან ან შინ გაზომვისას პაციენტებს უმეტესად ნორმალური წნევა აღმოაჩნდებათ ხოლმე. სამუშაო ადგილის ჰიპერტენზია, წესისამებრ, მათ ემართებათ, ვისი სამუშაოც მოითხოვს ძლიერ ფსიქოემოციურ დატვირთვას ან ერთი საქმიანობიდან მეორეზე ხშირ გადართვას. სამუშაო ადგილის ჰიპერტენზია ხშირია აგრეთვე ეგრეთ წოდებული საშუალო რგოლის ხელმძღვანელთა შორის. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ურთიერთობა უწევთ როგორც ხელმძღვანელებთან, ასევე ხელქვეითებთანაც.
არტერიული ჰიპერტენზიის აღნიშნული ფორმის დროს ხშირია სამიზნე ორგანოების დაზიანება, განსაკუთრებით – გულისა, რაც მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით ვლინდება და შემდგომ გართულებათა მიზეზად იქცევა.
სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა არტერიული წნევის გაზომვა სამუშაო დღის განმავლობაში რამდენჯერმე, წნევის მონიტორინგი სადაგ და უქმე დღეებში. სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიის მკურნალობა უფრო რთულია, ვინაიდან რთული და მრავალფეროვანია ამ დროს არტერიული წნევის მომატების მექანიზმები. პრაქტიკულად ყოველთვის აუცილებელია კომბინირებული მკურნალობა ანუ, სულ ცოტა, ორი წნევის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება (ზოგჯერ – მეტისაც).

წნევის რომელი მაჩვენებლის მატება უფრო საშიშია – ზედასი (სისტოლურისა) თუ ქვედასი (დიასტოლურისა)?
წნევის როგორც ზედა, ისე ქვედა მაჩვენებლის მატება თანაბრად საშიშია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის (მხოლოდ ზედა წნევის მატების) დროს გართულების (მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულის უკმარისობის) რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ორივე მაჩვენებლის ერთდროული მომატებისას.

არტერიული წნევის რეგულარული ზომვის აუცილებლობა
არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში ექიმი აუცილებლად უნიშნავს პაციენტს წნევის დამწევ პრეპარატს. ამის შემდეგ საჭიროა მკურნალობის ეფექტის ზუსტი შეფასება არტერიული წნევის მაჩვენებლების საგულდაგულო კონტროლით. ამიტომაცაა აუცილებელი არტერიული წნევის რეგულარული ზომვა. ვინაიდან ექიმს წნევის გაზომვა მხოლოდ ვიზიტის დროს შეუძლია, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველდღიური ვერ იქნება, პაციენტმა თვითონვე უნდა გაიზომოს წნევა დღე-ღამეში არანაკლებ ორჯერ – დილა-საღამოს. ამისთვის არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შინ წნევის საზომი ხელსაწყო. სწორედ ამ ხელსაწყოს მეშვეობით ხდება არტერიული წნევის ოცდაოთხსაათიანი მონიტორირება. არტერიული წნევა მუდმივი არ არის, ის დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ იცვლება, ოცდაოთხსაათიანი მონიტორირება კი საშუალებას იძლევა, დადგინდეს აღნიშნული ცვლილების ხასიათი, განისაზღვროს, უბრუნდება თუ არა წნევა ნორმას.

კვლევები არტერიული ჰიპერტენზიის დროს
არტერიული ჰიპერტენზიის დადგენისას, წესისამებრ, ტარდება ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, შარდის საერთო ანალიზი, განისაზღვრება სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის, კრეატინინის, კალიუმის შემცველობა. ტარდება ექოკარდიოსკოპია. გარდა ამისა, შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობის, არტერიული ჰიპერტენზიის გართულებათა გათვალისწინებით საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები, რასაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს. სპეციალური ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებია აუცილებელი მეორეული ჰიპერტენზიის გამომწვევი დაავადების დასადგენადაც.

ჰიპერტენზიის მკურნალობა

უკვე საყოველთაოდაა აღიარებული, რომ არტერიული ჰიპერტენზიის დროს აუცილებელია რეგულარული სამედიცინო დაკვირვება და სისტემატური მკურნალობა. მკურნალობის მიზანია არტერიული წნევის სამიზნე ციფრების მიღწევა და ამ გზით გართულებათა რისკის მინიმუმამდე დაყვანა.
აღნიშნული ტაქტიკა გამოყენებულ უნდა იქნეს არტერიული ჰიპერტენზიის ყველა შემთხვევაში. წნევის მომატებული მაჩვენებლების დაქვეითება გეგმაზომიერად უნდა მოხდეს. ყოველი ცალკეული პაციენტისთვის არტერიული წნევის სასურველი ციფრები და მათი მიღწევის ვადა მკურნალმა ექიმმა უნდა დაადგინოს პაციენტის ორგანიზმის თავისებურებების, დაავადების ხანგრძლივობისა და მიმდინარეობის სპეციფიკის, სხვადასხვა დიაგნოსტიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით.

წნევის სამიზნე ციფრები
არტერიული წნევა ისეთ მაჩვენებლამდე უნდა დაქვეითდეს, რომ გართულების რისკი მინიმალური იყოს. სწორედ ესაა წნევის სამიზნე ციფრები. თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად, ეს ციფრები 140/90 მმ ვწყ სვ-ზე ნაკლები უნდა იყოს, თუ პაციენტს დიაბეტი აქვს – 130/80 მმ ვწყ სვ-ზე ნაკლებიც.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ წნევის სამიზნე ციფრები, ისევე როგორც არტერიული წნევის ნორმა, ნებისმიერ ასაკში უცვლელია. 130/80 მმ ვწყ სვ-ია სამიზნე მაჩვენებელი თირკმლის უკმარისობის შემთხვევაშიც.

მკურნალობის ხანგრძლივობა
ჰიპერტენზიის უშუალო მიზეზი, არსებითად, დღემდე დაუდგენელია, ამიტომაც შეუძლებელია დაავადების დროებით ან სამუდამოდ აღმოფხვრა. მკურნალობის მოკლე კურსებით არტერიული ჰიპერტენზიისგან განკურნება შეუძლებელია.
ხშირად პაციენტები წნევის დამწევ პრეპარატს სიმპტომურად იღებენ – მაშინ, როდესაც აფიქსირებენ არტერიული წნევის მაღალ ციფრებს ან აწუხებთ უსიამოვნო შეგრძნებები: თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა… მერე კი, როდესაც სწრაფი მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებით (კლოფელინი, ადელფანი, კორინფარი) წნევის ნორმალიზებას მიაღწევენ, წნევის დამწევი მედიკამენტების მიღებას წყვეტენ.
ხშირად გვხვდება არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მეორე არასწორი მოდელიც – პაციენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში იტარებენ ოპტიმალურ მკურნალობას, რომლის შედეგადაც არტერიული წნევა მეთოდურად, თანდათანობით ნორმალიზდება, მაგრამ მოიწესრიგებენ თუ არა წნევის ციფრებს, მიაჩნიათ, რომ უკვე განიკურნენ და წამლის მიღებას წყვეტენ. ეს არანაკლებ დიდი შეცდომაა.
არტერიული ჰიპერტენზიის შესვენებებით მკურნალობა არ შეიძლება. მკურნალობის მიზანი, როგორც ითქვა, სამიზნე ორგანოთა დაზიანების თავიდან აცილებაა. როცა პაციენტი წყვეტს მკურნალობას და აღარ იღებს წნევის დამწევ პრეპარატს, მის გულს, თირკმელებს, სისხლძარღვებს, თავის ტვინს ვეღარაფერი იცავს მაღალი წნევის ნეგატიური ზემოქმედებისგან და იზრდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (ინფარქტის, ინსულტის) განვითარების რისკი.
სადღეისოდ ექიმებს წნევის დამწევი საშუალებების ფართო არსენალი აქვთ. არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის შვიდი სხვადასხვა კლასის პრეპარატებია მოწოდებული. მათი რაციონალური კომბინირება იძლევა არტერიული წნევის საიმედო კონტროლის საშუალებას იმის ხარჯზე, რომ ამ წამლების კომპონენტები ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებს და ერთმანეთის გვერდითი ეფექტების განეიტრალებაც შეუძლია.
მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებისა და შენარჩუნების მექანიზმი მრავალნაირია. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჰიპერტენზიის განვითარებას ერთდროულად რამდენიმე მექანიზმი უზრუნველყოფს, ამიტომ მკურნალობის სქემაც ექიმმა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შეიმუშაოს. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და რეგულარულად იღებდეს წამალს. თვითნებური, შესვენებებით მკურნალობა დაუშვებელია.
ექიმი ყოველთვის ცდილობს, შეარჩიოს ისეთი მედიკამენტი, რომელიც მხოლოდ წნევის მოწესრიგებას და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას კი არ იწვევს, არამედ დაინვალიდების ალბათობასაც ამცირებს და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ზრდის. ყველა პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შერჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია, რადგან მხოლოდ ის ფლობს პროფესიულ ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგებისა და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებათა შესახებ. ეს ყველაფერი მკაცრად ინდივიდუალურია, ამიტომ თუ რომელიმე პრეპარატი მოუხდა თქვენს ნათესავს ან მეზობელს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც აუცილებლად გარგებთ.

უვნებელია თუ არა წნევის დამწევი მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობა?
ზოგი ავადმყოფი ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას წყვეტს იმ გავრცელებული შეხედულების გამო, რომ ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა სხვა ორგანოების (მაგალითად, კუჭის, ღვიძლის) დაზიანება გამოიწვიოს. ეს შიში უსაფუძვლოა. მსოფლიოში წნევის დამწევი პრეპარატების გამოყენების უდიდესი გამოცდილება დაგროვდა. თანამედროვე პრეპარატებს პრაქტიკულად არ ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს წამალი, რომელსაც არასდროს, არც ერთ პაციენტთან არ გამოუწვევია თანმხლები ეფექტი. ყოველი პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ სრული ინფორმაცია მოყვანილია წამლის კოლოფში მოთავსებულ დანართში. თუ პაციენტმა შეამჩნია გვერდითი მოვლენების ნუსხაში ნახსენები რომელიმე სიმპტომი ან უსიამოვნო შეგრძნება, რომელსაც წამლის მიღებას უკავშირებს, აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს, პრეპარატის მიღების შედეგია ეს სიმპტომი თუ რომელიმე სხვა დაავადების გამოხატულება.

მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდების როლი არტერიული წნევის კონტროლში
არტერიული წნევის რეგულირებაში უდავოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამედიკამენტური მეთოდები – რაციონალური კვება, წონის დაკლება, მარილისა და ალკოჰოლის შეზღუდვა, ფიზიკური აქტიურობის გაზრდა, ემოციური სფეროს მოწესრიგება. ვინაიდან არტერიული წნევის მატება ხშირად სულიერ მღელვარებასთანაა დაკავშირებული, უნდა ვეცადოთ, ნებისმიერ ვითარებაში სიმშვიდე შევინარჩუნოთ. როდესაც ვერაფერს შევცვლით, უმჯობესია, ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, მშვიდად მივიღოთ.

რაციონალური კვება
რაციონალური კვება გულისხმობს საკვებ ნივთიერებებზე, ვიტამინებზე, მინერალურ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის მოთხოვნილებას დაკმაყოფილებას. იგი ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
რაციონალური კვების ძირითადი პრინციპებია:

  • ბალანსის შენარჩუნება ორგანიზმისთვის ენერგიის დღიურ მიწოდებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მის ხარჯვას შორის;
  • საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დაბალანსებული შეხამება დღიურ კალორაჟში (ცილები – 15%, ცხიმები – 30%, ნახშირწყლები – 55%);
  • სწორი კვების რეჟიმი – საკვების მიღება დღეში 4-5-ჯერ, ერთსა და იმავე დროს, მსუბუქად ვახშმობა, ვახშამსა და საუზმეს შორის ოპტიმალური, არანაკლებ 12-საათიანი ინტერვალი.

ცილების დღიური მოთხოვნილება 90-95 გრამია. სრულფასოვან ცილას შეიცავს ყველა ცხოველური პროდუქტი – ხორცი, თევზი, ფრინველი, რძის ნაწარმი (ხაჭო, ყველი, რძე, კვერცხი). ცილების წყაროა ზოგიერთი მცენარეც – პარკოსნები, ნიგოზი, კარტოფილი, მარცვლეული. რეკომენდებულია, ყოველდღიურ რაციონში შეტანილ იქნეს როგორც ცხოველური (დღიური ცილის 1/3), ისე მცენარეული ცილების (დღიური ცილის 2/3) შემცველი პროდუქტები.
ცხიმების დღიური მოთხოვნილება შეადგენს 80-100 გრამს. ამ რაოდენობის ნახევარს შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ხორცი, ძეხვი, ყველი, ხაჭო, რძე და სხვ. წვნიანი კერძების მოსამზადებლად, ასევე – სალათების, ფაფების შესაზავებლად რეკომენდებულია ყოველდღიურად არა უმეტეს 40-50 გრამი ცხიმის გამოყენება (3 სუფრის კოვზი ცხოველური და მცენარეული ცხიმი თანაფარდობით 1:2). მცენარეული ზეთი (მზესუმზირასი, სიმინდისა, ბამბისა), თევზი, ზღვის პროდუქტები შეიცავს მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზაციისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებსაც, მათ შორის – ცხიმში ხსნად ვიტამინებს (A, B ჯგუფი, ჩ,P). ზღვის თევზების ცხიმის შემადგენლობაში შედის ზეუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს.
ნახშირწყლების დღიური მოთხოვნილება 300-350 გრამს უტოლდება. არსებობს რთული და მარტივი ნახშირწყლები. ამ ოდენობის უდიდესი ნაწილი (300 გრამამდე) უნდა შეივსოს რთული ნახშირწყლების (სახამებლის შემცველი პროდუქტების – პურის, ბურღულეულის, მაკარონის, კარტოფილის, ასევე – ხილისა და ბოსტნეულის) ხარჯზე. მარტივი ნახშირწყლების (სუფთა შაქარი, ტკბილეული) დღიური მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს 40 გრამს.
სუფრის მარილის მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 5 გრამს. სუფრის მარილი შეიცავს ნატრიუმს, რომელიც ორგანიზმში სითხეს აკავებს და ამით არტერიული წნევის მატებას იწვევს. გაითვალისწინეთ, რომ მარილს დიდი რაოდენობით შეიცავს შებოლილი ხორცი, ძეხვეული, კონსერვები.
თუ რაციონიდან სულ მთლად ვერ ამოვიღებთ, სასურველია, შევამციროთ მაინც ცხარე კერძების, სანელებლების, მწნილების, ცხოველური ცხიმის, დაკონსერვებული პროდუქტების, ცომეულის, ტკბილეულისა და საკონდიტრო ნაწარმის წილი. მივირთვათ უმთავრესად მოხარშული, ორთქლზე მომზადებული, ღუმელში გამომცხვარი საკვები. კარგი იქნება, თუ მარილს, ნაცვლად იმისა, რომ მზადების პროცესში დავამატოთ, მოვაყრით უკვე მზა კერძს. თავისუფალი სითხის, განსაკუთრებით – გაზიანი მინერალური წყლების, მიღება, რეკომენდებულია, დღეში 1,5 ლიტრამდე შევამციროთ.
კალიუმის დღიური ულუფა, სასურველია, 5-6 გრამამდე გავზარდოთ. ამ ელემენტს საკმარისი რაოდენობით (დაახლოებით 0,5 გრამი 100 გრამ პროდუქტში) შეიცავს გარგარის ჩირი, ლობიო, ზღვის კომბოსტო, შავი ქლიავი, ქიშმიში, ბარდა, კანიანად გამომცხვარი კარტოფილი. კალიუმით ასევე მდიდარია (0,4 გრამი 100 გრამში) ღორისა და საქონლის ხორცი, ხეკი, სკუმბრია, კალმარი, შვრიის ფაფა, პომიდორი, ჭარხალი, ბოლოკი, მწვანე ხახვი, მოცხარი, ყურძენი, გარგარი, ატამი.
ხილი, ბოსტნეული, კენკრა, ასევე – სხვა მცენარეული პროდუქტები შეიცავს სასარგებლო უჯრედისს, ვიტამინებსა და მინერალურ მარილებს (კალიუმს, მაგნიუმს). მინერალურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას, შეიცავს ჭარხალი, ხახვი, ნიორი, სალათის ფურცლები, შავი მოცხარი, მარწყვი და სხვა კენკრა. ძალიან კარგია ზღვის პროდუქტები. ამ ტიპის საკვების მიღებისას სისხლში ხვდება ბუნებრივი ანტიოქსიდანტები – C ვიტამინი, ლუთეინი, ბეტა-კაროტინი. კაკაო არტერიული წნევის ციფრების შემცირებას იწვევს, ჩაი კი მომატებას.

წონის დაკლება
უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომელი წონაა თქვენთვის ნორმალური და რომელი – მომატებული. სხეულის მასისა და სიმაღლის თანაფარდობა მასის ინდექსით ფასდება. ამ ინდექსის დასადგენად წონა უნდა გაიყოს სიმაღლის კვადრატზე (კგ/მ2). თუ სხეულის მასის ინდექსია 18.5-24.9, ადამიანს ნორმალური წონა აქვს; 25.0-29.9 – მსუქანია; 30.0 და მეტი – ძალიან მსუქანი, 18.5 და ნაკლები – ძალიან გამხდარი.
მნიშვნელოვანია მიღებულ ენერგიასა და ენერგეტიკულ დანახარჯს შორის ბალანსის დაცვა ანუ იმის დადგენა, რამდენი კალორია გჭირდებათ დღე-ღამეში. ჭარბწონიანთა უმრავლესობისთვის ეს 2-დან 4 ათასამდე კილოკალორიაა, წონის დეფიციტის მქონეთათვის კი 10-15 ათასი. ოპტიმალური რაოდენობის დასადგენად უნდა გაითვალისწინოთ ძირითადი ცვლის რაოდენობა, რომელიც მოზრდილი ადამიანისთვის საშუალოდ 1500-2000 კილოკალორიას შეადგენს და შრომის პროცესში დახარჯული ენერგიის რაოდენობა. მჯდომარე პროფესიებისთვის ეს ძირითადი ცვლის 26%-ია, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვით მომუშავეებისთვის (ლაბორანტები, მოლარეები, პროგრამისტები, ექიმები, მასწავლებლები) – 1000 კილოკალორია, ზომიერად მძიმე სამუშაოთი დაკავებულთათვის (მძღოლები, დაზგებსა და დანადგარებთან მომუშავეები) – 1500, მძიმე ფიზიკური დატვირთვით მომუშავეთათვის (სპორტსმენები, მეშახტეები, მძიმე მრეწველობის თანამშრომლები) კი 2000-2500 კილოკალორია.
სადღეღამისო კალორაჟი, გარდა ძირითადი ცვლისა და სამსახურში დახარჯული ენერგიისა, ითვალისწინებს საკვების მოსანელებლად (300-400 კკალ) და დასვენების დროს (90-100 კკალ) დახარჯულ ენერგიასაც. ფიზიკურიდატვირთვის დონე ექიმმა უნდა შეგირჩიოთ.
წონის ნორმალიზებაზე ზრუნვა დაიწყეთ იმით, რომ გადახედეთ თქვენს ჩვევებს და საკვების შემადგენლობას, დაიკელით რამდენიმე კილოგრამი, მერე კი ფიზიკური ვარჯიშით სტაბილური წონის მიღწევასა და შენარჩუნებაზე იზრუნეთ. გახსოვდეთ, რომ ჭარბი წონა, თუ რაიმე დაავადებით არ არის გამოწვეული, უმეტესად ჭარბი კვების ბრალია. თუ საკვების სადღეღამისო კალორიულობა რეგულარულად 200 კილოკალორიით აჭარბებს ენერგოდანახარჯს, ადამიანმა წელიწადში შესაძლოა 3-7კგ მოიმატოს.

ფიზიკური აქტივობა
ფიზიკური დატვირთვის დონეს ექიმი შეგირჩევთ. სპეციალური ვარჯიშები უმჯობესია სპეციალისტის მეთვალყურეობით დაიწყოთ და მხოლოდ მისივე რეკომენდაციით გადახვიდეთ შემდეგ დამოუკიდებელ დატვირთვაზე. ყველაზე გონივრული იქნება, თუ გაზრდით ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვას ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების პირობებში.
თვითკონტროლში დაგეხმარებათ პულსის კონტროლი დატვირთვამდე და მის შემდეგ. უნდა განისაზღვროს დრო, რომლის განმავლობაშიც ხდება პულსის საწყის ციფრებამდე აღდგენა ერთი და იმავე დატვირთვის პირობებში (მაგალითად, 20 ბუქნის შემდეგ).
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვარჯიშის შემდეგ გულისცემის სასურველი ციფრები ასეთია:

  • 20-29 წელი – 140 დარტყმა წუთში;
  • 30-39 წელი – 132 დარტყმა წუთში;
  • 40-49 წელი – 125 დარტყმა წუთში;
  • 50-59 წელი – 115 დარტყმა წუთში.

თუ თვითშეგრძნება (ძილი, მადა, შრომისუნარიანობა) გაგიუარესდათ, გაგიჩნდათ უსიამოვნო შეგრძნებები, დატვირთვის ინტენსივობა უნდა შეამციროთ. დატვირთვამ არ უნდა გაუწიოს პროვოცირება ქოშინს, პროფუზულ ოფლიანობას, გულის არეში ტკივილს, საერთო სისუსტეს. ამ სიმპტომების გაჩენა განმეორებითი კონსულტაციის სიგნალად უნდა იქცეს.
დატვირთვა თანდათანობით უნდა გაზარდოთ – მით უფრო ნელა, რაც უფრო ნაკლებად ხართ ტრენირებული. ვარჯიში სასურველია კვირაში 3-5-ჯერ. უმჯობესია, დაიწყოთ დოზირებული სიარულით – დაახლოებით 120 ნაბიჯი/წთ, 3-4 კმ შეუსვენებლად. დისტანციასა და ტემპს თანდათანობით უნდა მოუმატოთ. მაგალითად, წადით სამსახურში და დაბრუნდით შინ ფეხით. თუ საშუალება გაქვთ, უმჯობესია ივარჯიშოთ ტყეში ან პარკში, სადაც ჰაერი უფრო სუფთაა.

მავნე ჩვევებზე უარის თქმა
კარგადაა ცნობილი ორგანიზმზე თამბაქოსა და ჭარბი ალკოჰოლის მავნე გავლენის შესახებ. ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას, ზრდის გულის დატვირთვას. ალკოჰოლის გავლენით ადამიანი კარგავს კონტროლს თვითშეგრძნებაზე, რის გამოც მომატებული წნევა უფრო სახიფათო ხდება.
თამბაქოზე უარის თქმა, მით უმეტეს, თუ დიდი ხნის მწეველი ბრძანდებით, იოლი როდია. დაიწყეთ მიზეზის ანალიზით: რატომ ეწევით? რამდენად აუცილებელია თქვენთვის თამბაქო? აწარმოეთ დღიური, სადაც ყოველდღიურად აღნიშნავთ, რამდენი სიგარეტი მოწიეთ, გააანალიზეთ, რამდენად აუცილებელი იყო ეს თქვენთვის. ეცადეთ მოიშოროთ ავტომატიზმამდე დასული ჩვევები, კერძოდ, სხვაგან შეინახეთ თამბაქო და სანთებელა, შეცვალეთ სიგარეტის სახეობა. ერიდეთ მწეველთა საზოგადოებაში დიდხანს ყოფნას. დაინიშნეთ დრო, როცა აპირებთ, საბოლოოდ მიატოვოთ ეს მავნე ჩვევა. შეატყობინეთ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს თქვენი სურვილის შესახებ, თავი დაანებოთ თამბაქოს წევას, რათა მათი თანადგომა იგრძნოთ. დახმარებისთვის შეიძლება სპეციალიზებულ კაბინეტსა და საზოგადოებასაც კი მიმართოთ.

სრულფასოვანი დასვენება
სრულფასოვანი დასვენება გულისხმობს დღე-ღამეში 8-9-საათიან ძილს. სინჯეთ არასპეციფიკური საძილე საშუალებები: ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა, თბილი აბაზანა, ვახშამსა და ტელევიზორის ყურებაზე უარის თქმა.

სტრესისთვის თავის არიდება
თავი არიდეთ გადაღლას, განსაკუთრებით – ქრონიკულს, ერთმანეთს შეუნაცვლეთ გონებრივი და ფიზიკური შრომა. თქვენთვის უსიამოვნო, ამაღელვებელ სიტუაციაში მოხვედრისას ღრმად ჩაისუნთქეთ და გააკეთეთ პაუზა, ვიდრე მრისხანებას, უკმაყოფილებას გამოთქვამდეთ, ეცადეთ შეცვალოთ საუბრის თემა, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგისთვის მზად არ ხართ.
გახსოვდეთ, მაღალი არტერიული წნევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მთელი წყების უმთავრესი რისკფაქტორია. არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლა ზოგ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პრობლემის რანგშია აყვანილი, წნევის დაქვეითება კი თავის ტვინის ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, უეცარი კარდიული სიკვდილის, გულის ქრონიკული უკმარისობის, თირკმლის უკმარისობისა და მხედველობის დაქვეითების რისკსაც ამცირებს. აქედან გამომდინარე, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულმა გულისყურით უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა, რისი საწინდარიც სწორი დიეტური რეჟიმი და ცხოვრების ჯანსაღი წესია (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ). საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია სრულყოფილი მედიკამენტური მკურნალობა თანამედროვე, მაღალეფექტური პრეპარატებით. რა თქმა უნდა, ცუდია, თუ მაღალი არტერიული წნევა გაქვთ, მაგრამ კარგია, რომ ამის შესახებ დროულად შეიტყვეთ. დღეს თქვენ გაქვთ საშუალება, ექიმის დახმარებით თვითონვე აკონტროლოთ სიტუაცია და არ მისცეთ ავადმყოფობას შანსი.
ნუ გამოიჩენთ ინიციატივას და თვითნებურად ნუ შეცვლით ექიმის დანიშნულებას, ნუ შეწყვეტთ წამლების მიღებას, თუნდაც თავს გაცილებით უკეთ გრძნობდეთ. აუცილებელია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა.
დაუშვებელია ყოველგვარი თვითმკურნალობა და ნათესავის ან ნაცნობ-მეგობრების რჩევით, ერთი მედიკამენტის მეორით შეცვლა.

ჰიპერტენზია მეორეული

როდესაც არტერიული ჰიპერტენზია ვლინდება მეტისმეტად ახალგაზრდა ან, პირიქით, ხანში შესულ ასაკში, თავს იჩენს ენდოკრინული ან თირკმლის დაავადების ნიშნები, აღინიშნება წნევის მკვეთრი მატება, შეიძლება, მეორეული ჰიპერტენზია ვივარაუდოთ, თუმცა არც ერთი ხსენებული სიმპტომი არ არის მეორეული ჰიპერტენზიის აუცილებელი ნიშანი. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი მეორეული ჰიპერტენზიის არსებობას პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებისა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით ვარაუდობს.

რენული ანუ თირკმლისმიერი ჰიპერტენზია
რენული ანუ თირკმლისმიერი ჰიპერტენზია შესაძლოა უკავშირდებოდეს უშუალოდ თირკმლის ქსოვილის დაავადებას ან მისი მკვებავი სისხლძარღვების, არტერიების, ცალმხრივ ან ორმხრივ შევიწროებას. მეორეული ჰიპერტენზიის გამომწვევ თირკმლის დაავადებათაგან აღსანიშნავია გლომერულონეფრიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი, თირკმლის პოლიკისტოზი – დაავადება, რომლის დროსაც ორივე თირკმელში აღინიშნება მრავალი სხვადასხვა ზომის კისტა, ჰიდრონეფროზი – შარდის გამომტანი გზების ზედა ნაწილის დილატაცია (გაფართოება).
დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია შარდის ანალიზის, ექოსკოპიური და ზოგ შემთხვევაში – სპეციალური უროლოგიური კვლევის მონაცემები. თირკმლის არტერიის შევიწროებას საბოლოოდ ადასტურებს ანგიოგრაფიული გამოკვლევა.

ენდოკრინული ჰიპერტენზია
ჰიპერტენზიის გამომწვევი ენდოკრინული პათოლოგიებია:

  • ფეოქრომოციტომა;
  • პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი ანუ კონის სინდრომი;
  • კუშინგის სინდრომი;
  • თირეოტოქსიკოზი ან ჰიპოთირეოზი;
  • აკრომეგალია.

ენდოკრინული ჰიპერტენზიის მდგომარეობა ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. ენდოკრინული დაავადების შედეგიანი მკურნალობის შემდეგ არტერიული წნევის მაჩვენებლები ხშირად ნორმას უბრუნდება. როცა სავარაუდოა მეორეული ჰიპერტენზიის აღნიშნული ნაირსახეობა, მკურნალობა წარიმართება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით. მკურნალობის ტაქტიკასაც ის შეიმუშავებს.

ფეოქრომოციტომა
ჰიპერტენზიის გამომწვევ ენდოკრინულ პათოლოგიათა შესახებ საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ფეოქომოციტომა უნდა დავასახელოთ. ეს არის სიმსივნე, რომელიც კატექოლამინებს გამოიმუშავებს. სიმსივნეთა უმრავლესობა კეთილთვისებიანია. დაავადების უმთავრესი გამოხატულებაა არტერიული ჰიპერტენზია, რომელსაც კრიზული მიმდინარეობა ახასიათებს. კრიზის დროს აღინიშნება კატექოლამინების სიჭარბის სხვა სიმპტომები: კანკალი, ტაქიკარდია, ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, თავის ტკივილი, გუგების გაფართოება. როდესაც ადამიანს აქვს მუდმივი ან პაროქსიზმული ჰიპერტენზია, რომელსაც თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი, გულისცემა და ძლიერი ოფლიანობა, სისხლით ნათესავებს შორის იყო ფეოქრომოციტომის შემთხვევა, ჰიპერტენზია მიმდინარეობს კრიზებით, – აუცილებელია კვლევა ფეოქრომოციტომის გამოსარიცხავად. ამ მიზნით ტარდება სისხლისა და შარდის ბიოქიმიური გამოკვლევა, მერე კი სიმსივნის ლოკალიზაცია დგინდება კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. მკურნალობა ქირურგიულია და სიმსივნის ამოკვეთას გულისხმობს.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის ტიპური ნიშანია არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოკალიემია – სისხლში კალიუმის შემცველობის დაქვეითება, რომლის მიზეზიც ალდოსტერონის მაპროდუცირებელი ადენომაა. იშვიათად ის ავთვისებიანია. სისხლში კალიუმის მცირე შემცველობა და შარდით მისი ჭარბი გამოყოფა ეჭვს ბადებს აღნიშნული დაავადების არსებობაზე. შემდგომ ტარდება ბიოქიმიური და რადიოლოგიური კვლევები. მკურნალობა გულისხმობს ადენომის ქირურგიულ მოცილებას, ზოგ შემთხვევაში – მედიკამენტურ თერაპიას.

კუშინგის სინდრომი
კუშინგის სინდრომი, ისევე როგორც კონის სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზიის შედარებით იშვიათი მიზეზია. ის განპირობებულია კორტიზოლის ჭარბი გამომუშავებით. ჰიპერტენზია ამ სინდრომის მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს აღენიშება. დაავადების ტიპური კლინიკური ნიშნებია სიმსუქნე ცხიმის უპირატესად ტანსა და კისერზე დაგროვებით, მთვარისებრი სახე, ჭარბთმიანობა, კანის გათხელება, მოვარდისფრო სტრიები, სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილება, ოსტეოპოროზი. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით ტარდება სპეციალური ლაბორატორიული ტესტები.

თირეოტოქსიკოზი ან ჰიპოთირეოზი
თირეოტოქსიკოზის დროს ვითარდება სისტოლური არტერიული ჰიპერტენზია. მასთან ერთად დაავადების ტიპურ შემთხვევებში ყურადღებას იპყრობს აგზნებადობა, ოფლიანობა, მთელი სხეულის კანკალი, წონის კლება, ტაქიკარდია, თვალების გადმოკარკვლა, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ტემპერატურის მატება. დიაგნოზს ადასტურებს ლაბორატორიული კვლევები. ჰიპოთირეოზის დროს არტერიული წნევა უმეტესად იკლებს, იშვიათად კი იმატებს, რაც სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის ზრდის ბრალია.

აკრომეგალია
აკრომეგალია ჰიპოფიზის წინა წილის ადენომის შედეგად ვითარდება. მას ახასიათებს სომატოტროპული ჰორმონის ჭარბი წარმოქმნა. არტერიული წნევის მომატებასთან ერთად აღინიშნება მტევნის, ტერფის, ქუსლის ძვლების, წარბზედა რკალების, ცხვირის გადიდება. ქვედა ყბა წინ წამოიწევს, კბილები მეჩხერდება. დიდდება შინაგანი ორგანოებიც.

ჰიპერთერმია, ჰიპოთერმია

ადამიანის ორგანიზმში ქსოვილები და ორგანოები მუდმივად წარმოქმნიან სითბოს, რომლის ნაწილი ორგანიზმშივე იხარჯება, ნაწილი კი გარემოში გამოიყოფა. სხეულსა და გარემოს შორის განუწყვეტლივ მიმდინარეობს სითბოს ცვლა, თუმცა სხეულის ნორმალური ტემპერატურა განსაზღვრულ მექანიზმთა წყალობით მუდმივი რჩება. მისი მაჩვენებელი 36,5-დან 37,2-მდე მერყეობს.
ადამიანის ორგანიზმის მთავარი თერმოსტატი თავის ტვინში მდებარე ჰიპოთალამუსია, რომელიც განუწყვეტლივ არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. თბური ბალანსის შენარჩუნებასაც სწორედ ის განაგებს. ადამიანის მთელი სხეული დაფარულია სიცივისა და სითბოს აღმქმელი შინაგანი და გარეგანი თერმორეცეპტორებით. ეს რეცეპტორები სხვადასხვა ოდენობით არის თავმოყრილი ორგანოთა სხვადასხვა სისტემაში, თითოეულ ორგანოში, ყველაზე მეტი კი კანშია. როგორც კი სხეულის ტემპერატურა მოიმატებს, თერმორეცეპტორები ღიზიანდებიან და ამის შესახებ ინფორმაცია სხეულის მთავარ თერმოსტატამდე მიაქვთ, ეს უკანასკნელი კი გასცემს ბრძანებას, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სხეულიდან სითხის აორთქლება მის გასაგრილებლად. ამის შემდეგ შესაბამისი ნერვულ-ენდოკრინული ინსტანციები გაძლიერებულად იწყებენ საოფლე ჯირკვლებიდან ოფლის გამოყოფას, რომლის სწრაფი აორთქლებით ორგანიზმი სწრაფადვე გრილდება და ჩვეულ ტემპერატურას იბრუნებს. საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს სხეულის ტემპერატურის დაქვეითებისას: ჰიპოთალამუსის ბრძანებით, საოფლე ჯირკვლები ამცირებენ ოფლის სეკრეციასა და გამოყოფას, რათა სითხის შეკავებით და შემცირებული აორთქლებით სხეულში ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ტემპერატურა შენარჩუნდეს.
თერმორეგულაცია პირობითად ქიმიურ და ფიზიკურ რგოლებად იყოფა.
თერმორეგულაციის ქიმიური რგოლი სითბოს წარმოქმნის ქიმიურ პროცესებს არეგულირებს და საჭირო ტემპერატურის მუდმივობას ნივთიერებათა ცვლის რეაქციათა ინტენსივობის შეცვლით ინარჩუნებს. ეს მექანიზმი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაჟანგვაზე ვრცელდება: ამ პროცესთა გააქტიურებისას სითბოს პროდუქცია ძლიერდება, შენელებისას კი მცირდება. ფიზიკური თერმორეგულაცია სხეულის მიერ სითბოს გაცემის ინტენსივობის ცვლილებას ითვალისწინებს. ეს მექანიზმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას გარემოს ტემპერატურის მომატების ან დაცემის პირობებში იძენს: როცა გარემოს ტემპერატურა ოპტიმალურზე მაღალია, მცირდება სითბოს წარმოქმნა და ძლიერდება მისი გაცემა, ხოლო როცა დაბალია, იზრდება სითბოს პროდუქცია და მცირდება გაცემა. ყველაზე ძლიერი სითბოწარმომქმნელი ორგანო კუნთია. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი არაფერს აკეთებს, კუნთების ხარჯზე ორგანიზმში სითბოს წარმოქმნა 10%-ით იზრდება, მცირე მოძრაობითი აქტივობისას – 50-80%-ით, ხოლო მძიმე კუნთური მუშაობისას – 400-500%-ით.

ტემპერატურის ფიზიოლოგიური ცვლილებანი
სხეულის ტემპერატურა დღეღამური რიტმების შესაბამისად იცვლება. დილისა და საღამოს მაჩვენებლებს შორის სხვაობა 0,5-1,00C-ს შეადგენს. განსხვავებულია ტემპერატურა თავად სხეულის შინაგან ორგანოებს, კუნთებსა და კანს შორის. სხვაობა ზოგჯერ 5-10 გრადუსიც კია. როცა თერმომეტრი პირის ღრუში 37 გრადუსს აჩვენებს, კუჭსა და თირკმელებში ტემპერატურა 36,5-ია, იღლიისქვეშა ფოსოში – 36, თეძოს ღრმა კუნთოვან ღარში – 35, წინამხრის ფოსოში – 32, მტევანში – 28, ტერფის ცენტრში – 27-28. ქალის სხეულის ტემპერატურა მენსტრუალური ციკლის ფაზების მიხედვით იცვლება: თუ, ჩვეულებრივ, 37 გრადუსია, ციკლის პირველ დღეებში 36,8-მდე დაიწევს, ოვულაციის წინ – 36,6-მდე, მომდევნო მენსტრუაციის დაწყების წინ 37,2-მდე იმატებს, რამდენიმე დღეში კი კვლავ 37 გრადუსამდე ჩამოდის. მამაკაცებს სათესლეების არეში ტემპერატურა სხეულის დანარჩენ ნაწილებზე 1,5 გრადუსით დაბალი აქვთ. ტემპერატურა იცვლება ფიზიკური დატვირთვის დროსაც. მაქსიმალური ტემპერატურა საღამოს 16-18 საათზე აღინიშნება, მინიმალური – ნაშუაღამევს, 3-4 საათზე. ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებს ტემპერატურის მაჩვენებლები პირიქით ეცვლებათ. სხეულის მაღალ კრიტიკულ ტემპერატურად მიჩნეულია 42 გრადუსი, რადგან ამ დროს თავის ტვინში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ზიანდება ტვინის ქსოვილი.

ჰიპერთერმია
ჰიპერთერმიაა სხეულის ტემპერატურის აწევა 37 გრადუსზე მეტად, რაც რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული. ეს მეტად გავრცელებული სიმპტომია და თან ახლავს ნებისმიერი სისტემის მწყობრიდან გამოსვლას. სხეულის ტემპერატურის 420C-ზე მეტად აწევა გონების დაკარგვას იწვევს.

ჰიპერთერმიის შესაძლო მიზეზებია:

  • იმუნური სისტემის ფუნქციათა დაქვეითება – ამ დროს აღინიშნება დაბალი ხარისხის ჰიპერთერმია, თუმცა შესაძლოა განვითარდეს საშუალო ხარისხის ფორმაც. ჰიპერთერმია შესაძლოა იყოს როგორც პერიოდული და დროებითი (შეძენილი იმუნოდეფიციტები, სისტემური წითელი მგლურა), ისე მუდმივი (პოლიართრიტები). სტანდარტულ ჩივილებთან ერთად მოსალოდნელია მოთენთილობა, წონის კლება, ღამით – გაძლიერებული ოფლდენა.
  • ინფექციური და ანთებითი დაავადებები – ასეთ დროს მოსალოდნელია დაბალი (კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი), მაღალი (ბაქტერიული პნევმონიები), გარდამავალი (ინფექციური მონონუკლეოზი, ოტიტი), სეპტიკური (ფილტვების აბსცესი, გრიპი, ენდოკარდიტი), მუდმივი (მენინგიტი), მორეციდივე (მალარია) ჰიპერთერმიის განვითარება.
  • ჰეპატიტის დროს ჰიპერთერმია მოსალოდნელი დაავადების მაუწყებელია, აპენდიციტის დროს კი დაავადების მწვავე სტადიაზე მიგვანიშნებს. თუ ტემპერატურამ ტაქიკარდიის ფონზე უეცრად მოიმატა, თავს იჩენს სუნთქვის გაძნელება და შესაძლოა, ავადმყოფმა გონებაც კი დაკარგოს. ეს სიცოცხლისთვის მეტად საშიში სეპტიკური შოკის მაუწყებელია, რომელიც გადაუდებელ კვალიფიციურ დახმარებას მოითხოვს.
  • სიმსივნეები – პირველადი სიმსივნეებისა და მეტასტაზების დროს მოსალოდნელია დაბალი და საშუალო ხარისხით მომატებული ტემპერატურის ხანგრძლივი პერიოდები, თუმცა შესაძლოა, ჰიპერთერმიამ ერთბაშადაც იჩინოს თავი.
  • თერმორეგულაციის დარღვევა – ასეთ დროს ტემპერატურა უეცრად და მკვეთრად იმატებს 41,7 გრადუსამდე. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, თან სდევს სიცოცხლისთვის მეტად საშიშ დაავადებებს: ინსულტს, თირეოტოქსიკურ კრიზს, ავთვისებიან ჰიპერთერმიას, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას. თერმორეგულაციური მექანიზმების გამო განვითარებულ დაბალ და საშუალო ჰიპერთერმიას ყოველთვის ახლავს თან მომატებული ოფლიანობა.
  • სამკურნალო პრეპარატები – ჰიპერთერმია და გამონაყარი ყველაზე ხშირად ვლინდება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, სულფანილამიდების,  პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ჰიპერთერმია თან სდევს ქიმიოთერაპიას და შესაძლოა, იმ პრეპარატებით მკურნალობის დროსაც განვითარდეს, რომლებიც ოფლდენას აპროვოცირებს. სხეულის ტემპერატურა იმატებს ზოგიერთი პრეპარატის გადამეტებული დოზით მიღების შემთხვევაშიც.
  • პროცედურები – გარდამავალი და დროებითი ჰიპერთერმია შესაძლოა განვითარდეს ქირურგიული ოპერაციის, ჰემოტრანსფუზიის (ტემპერატურის უეცარი მომატება და კანკალი) შემდეგ. უეცარი ან თანდათანობით გამოვლენილი ჰიპერთერმია ზოგიერთ რადიოლოგიურ გამოკვლევასაც ახასიათებს, განსაკუთრებით ისეთებს, სადაც კონტრასტულ ნივთიერებებს იყენებენ.

ჰიპოთერმია
ადამიანის ორგანიზმი სიცივეს უფრო ადვილად ეგუება, ვიდრე სიცხეს. ჰიპოთერმია სხეულის გადაცივების, მოყინვისა და თერმორეგულაციის დარღვევის შედეგად ვითარდება. 32 გრადუსზე ადამიანს კანკალი უვარდება, 27 გრადუსზე კომაში ვარდება, ერღვევა გულის მუშაობა და სუნთქვა, 25-ის ქვევით კი ტემპერატურა კრიტიკულია.
არსებობს ტერმინი პოიკილოთერმია. ის გულისხმობს ცენტრალური ტემპერატურის ფლუქტუაციას (მერყეობას) 20C-ზე მაღალი მაჩვენებლით, როგორც რეაქციას გარემოს ტემპერატურის ცვლილებაზე. პოიკილოთერმია ვლინდება თერმორეგულაციის ჰიპოთალამური მექანიზმების თანდაყოლილი ან შეძენილი  დარღვევის ან აღნიშნული სისტემის ნეიროვეგეტაციური ეფექტების დაზიანების ფონზე.
ჰიპოთერმიაა ორგანიზმის ცენტრალური ტემპერატურის დაცემა 350C-ზე მეტად. მას სხვადასხვა მიზეზი აქვს, უმეტესად კი გაურკვეველი მექანიზმით ვითარდება. კლასიკურად განასხვავებენ ოთხ დიდ ეტიოლოგიურ ჯგუფს:

  • სითბოს გამომუშავების დაქვეითება (უმეტესად თან სდევს ჰიპოთირეოიდიტს – ფუნქციური უკმარისობით მიმდინარე ფარისებრი ჯირკვლის ანთებას, ჰიპოკორტიციზმს – თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ფუნქციის დაქვეითებას,  ჰიპოგლიკემიას – სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას, კვების დარღვევას, აგრეთვე ვლინდება დღენაკლულობისა და ღრმა მოხუცებულობის შემთხვევაში);
  • სითბოს გაცემის გაძლიერება (ვლინდება ფარმაკოლოგიური ან ტოქსიკური ვაზოდილატაციის (სისხლძარღვთა გაფართოების), სიცივესთან ექსპოზიციის, ხანგრძლივი ქირურგიული ჩარევის, შეუმთბარი ხსნარების დიდი რაოდენობით გადასხმის შემთხვევაში);
  • თერმორეგულაციის ანომალია (დაკავშირებულია ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევებთან, მედიკამენტებთან ან ტოქსინებთან);
  • ჰიპოთერმია,  რომელიც ვითარდება კრიტიკულ მდგომარეობათა ჩარჩოებში – პოლიტრავმატიზმის, მძიმე სეპტიკური მდგომარეობის, მწვავე პანკრეატიტის – კუჭქვეშა ჯირკვლის ანუ პანკრეასის ანთების დროს.

ჰიპოთერმია მსუბუქია, თუ სხეულის ცენტრალური ტემპერატურა 35-32,20C-ის ფარგლებშია. ამ დროს ადამიანს ცნობიერება ებინდება, ეუფლება აპათია (უქვეითდება ემოციური და ფსიქიკური აქტიურობა). ხშირად ვლინდება დიზართრია – მეტყველების დარღვევა. კანი ცივია. გამოხატულია ზედაპირული ტაქიპნოე – ქოშინის ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც სუნთქვა აჩქარებულია.
საშუალო ფორმის ჰიპოთერმიის დროს სხეულის ცენტრალური ტემპერატურა 32,2-280C-ის ფარგლებშია. ამ დროს ცნობიერების დაბინდვა კიდევ უფრო მკაფიოდ არის გამოხატული. ვითარდება კუნთების ჰიპერტონუსი (გაგრძელებული ტონუსი), ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) და ბრადიპნოე (ნელი, გაიშვიათებული სუნთქვა).
280C-ზე დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში სახეზეა ჰიპოთერმიის მძიმე ფორმა. ამ დროს პაციენტი კომურ, უგონო მდგომარეობაშია. ზოგჯერ ვითარდება აპნოე – სუნთქვის შეჩერება. მაღალია პარკუჭების ფიბრილაციის რისკი (ფიბრილაცია წარმოადგენს კუნთის ცალკეული ბოჭკოების ძლიერ სწრაფ მოუწესრიგებელ შეკუმშვას. პარკუჭების ფიბრილაცია ძალიან საშიშია, რადგან ამ დროს გულის კუნთი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს).
ხელოვნური ჰიპოთერმია გულისხმობს სხეულის ტემპერატურის ხელოვნურად დაქვეითებას ნივთიერებათა ცვლის პროცესთა შენელების მიზნით როგორც მთელ ორგანიზმში (ზოგადი ჰიპოთერმია), ასევე ცალკეულ ორგანოებში (ლოკალური ჰიპოთერმია). ორგანიზმის გაცივებისა და გათბობის სიჩქარე სხეულის მასაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ხელოვნური ჰიპოთერმია ადვილი გამოსაწვევია ბავშვებში, მით უმეტეს, მოზრდილებისგან განსხვავებით, მათი თერმოსარეგულაციო სისტემა არასრულყოფილია. ცალკეული ორგანოების (გულის, თავის ტვინის, კუჭის, თირკმელების, წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის) ლოკალურ ჰიპოთერმიას მიმართავენ ჟანგბადოვანი შიმშილისადმი ქსოვილთა გამძლეობის ასამაღლებად, აგრეთვე მეტაბოლურ პროცესთა შესასუსტებლად, ძნელად მისადგომ ადგილებში სისხლდენის შესამცირებლად ან შესაჩერებლად, ანთებით პროცესთა ჩასაცხრობად და დასათრგუნავად. ხელოვნურ ჰიპოთერმიას ფართოდ იყენებენ კარდიოქირურგიაში. სიცივით კარდიოპლეგიას კარდიოქირურგიული ჩარევის დროს მიოკარდიუმის – გულის კუნთოვანი შრის – დასაცავად მიმართავენ. კრანიოცერებრული ჰიპოთერმია გამოიყენება ზრდასრული პაციენტებისთვის ჟანგბადოვანი შიმშილისგან თავის ტვინის დასაცავად როგორც ტვინის შეშუპების მკურნალობისას, ასევე სხვადასხვა სახის ოპერაციის დროს.

ჰიპერვიტამინოზი

ჰიპერვიტამინოზი (ვიტამინებით ინტოქსიკაცია) ვიტამინების ზედოზირებით გამოწვეული მდგომარეობაა. ოპტიმალური დოზა და ზედოზირებით გამოწვეული სიმპტომები ყველა ვიტამინისთვის სხვადასხვაა. ჰიპერვიტამინოზი უფრო და უფრო ხშირდება იმ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც პოპულარულია ვიტამინოვანი დანამატები. ბევრიც ამა თუ იმ დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით ვიტამინების ჭარბ დოზას (მეგადოზას) იღებს.
ვიტამინები საკვებში შემავალი ორგანული მოლეკულური ნაერთებია. მათი ზომიერი რაოდენობა აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ვიტამინები ორ დიდ ჯგუფად – წყალში ხსნად და ცხიმში ხსნად ვიტამინებად იყოფა. წყალში ხსნადია B ჯგუფის ყველა ვიტამინი და C ვიტამინი, ხოლო ცხიმში ხსნადი – A, D, E და K ვიტამინები. B ჯგუფის ვიტამინებია თიამინი (ანუ ანევრინი), რიბოფლავინი (B2), ნიაცინი (ნიკოტინმჟავა), პანტოთენის მჟავა (B5), პირდოქსინი (B6), ციანკობალამინი (B12), ფოლიუმის მჟავა (B9), ბიოტინი (B7), ლეციზინი. ნებისმიერი ვიტამინის ზედოზირებამ შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ამ მხრივ ყველაზე საშიშია A და D ვიტამინები. რიბოფლავინის, პანტოთენის მჟავას, ბიოტინის და C ვიტამინის ზედოზირების რისკი უმნიშვნელოა.

ვიტამინები მედიცინაში
მედიცინაში ვიტამინებს ზოგიერთი დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის იყენებენ. მაგალითად, ფოლიუმის მჟავას ზომიერი მოხმარება აქვეითებს კიბოს ზოგიერთი ფორმისა და ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალიის (მაგალითად, ნერვული მილის დეფიციტის) განვითარების რისკს, D ვიტამინის ზედოზირებას კი შეუძლია შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს. მისი მცირედი ზედოზირებაც კი საშიშია. ნიკოტინის მჟავა ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ის D ვიტამინზე ნაკლებტოქსიკურია. თუმცა ნებისმიერი ვიტამინი მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს.

ვიტამინების ზედოზირება
ჯანმრთელი ადამიანის მიერ ვიტამინების დანამატების მოხმარებას (გარდა ფოლიუმის მჟავასი) არავითარი კავშირი არ აქვს ჯანმრთელობის მოძლიერებასთან, ორგანიზმისთვის აუცილებელი რაოდენობის ვიტამინების მიღება უმეტესად საკვებითაც შესაძლებელია, მაგრამ ბევრი მათ ტაბლეტების სახით მიღებას ამჯობინებს, თანაც რეკომენდებულზე დიდი დოზით. ვიტამინების დიდ დოზას ზოგჯერ მეგადოზას უწოდებენ. მრავალი ვიტამინი მეგადოზირების შემთხვევაშიც უვნებელია, მაგრამ A-ს, D-სა და B-ს ზედოზირება საშიშია და შესაძლოა, ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს. ზოგიერთი კვლევის შედეგების თანახმად, C და E ვიტამინების მეგადოზებს შეუძლია დააქვეითოს ონკოლოგიური დაავადებებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი და შეაფერხოს დაბერება, თუმცა ორგანიზმზე მათი გავლენა ბოლომდე არ არის შესწავლილი: ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ C ვიტამინი გვიცავს კიბოსგან, ზოგის აზრით კი, პირიქით, ის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.

ჰიპერვიტამინოზის
მიზეზები და
სიმპტომები

ცხიმში ხსნადი ვიტამინები

D ჰიპერვიტამინოზი
D ჰიპერვიტამინოზს უმთავრესად მზა ვიტამინის ჭარბი მიღება იწვევს, თუმცა ისიც შესაძლოა, ვიტამინი ასაკის შესაბამისი დოზით იყოს დანიშნული, მაგრამ ბავშვს ჰქონდეს მის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც დოზის გადაჭარბებისას.
D ვიტამინის მიმართ მგრძნობელობა იზრდება:

  • სამშობიარო ტრავმის, ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შედეგად;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციის, მძიმე დისტროფიის დროს;
  • სრულფასოვანი ცილის, A, C, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის დროს;
  • რაციონის არასწორი ბალანსირებისას, როცა ბავშვი დიდი ოდენობით იღებს კალციუმისა და ფოსფორის შემცველ საკვებს.

D ჰიპერვიტამინოზი უმეტესად ისეთ პატარებს უვითარდებათ, რომელთა დედებიც ორსულობისას ჭარბად იღებდნენ ამ ვიტამინს ან განმეორებითი კურსის ჩატარებისას, როცა ორგანიზმის სენსიბილიზაცია ხდება. გარდა ამისა, კანში D ვიტამინის წარმოქმნას ასტიმულირებს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, ამიტომ ზაფხულში ან ულტრაიისფერი დასხივების პარალელურად D ვიტამინის მიღებამ, სავსებით შესაძლებელია, დაავადების განვითარებას შეუწყოს ხელი. ასეთივე რისკფაქტორია რაქიტის მკურნალობისას თევზის ქონის, კალციუმის პრეპარატების, დიდი ოდენობით ძროხის რძისა და ხაჭოს მიღება.
D ვიტამინის ზედოზირებით გამოწვეული ტოქსიკურობის ხარისხი დამოკიდებულია არა მარტო დოზაზე, არამედ ვიტამინის მიღების ხანგრძლივობაზეც. მაგალითად, ახალშობილებთან მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს 15 მგ D ვიტამინის ერთჯერადმა მიღებამაც და 1 მგ პრეპარატის დიდხანს ყოველდღიურმა მიღებამაც. ზრდასრულებისთვის საშიშია ერთჯერადად 50 მგ და ყოველდღიურად, მაგრამ ხანგრძლივად 1-2 მგ-ზე მეტი D ვიტამინის მიღება.
D ჰიპერვიტამინოზი საშიში დაავადებაა. იმდენად საშიში, რომ ექიმები იმასაც კი ამბობენ, მსუბუქ D ჰიპერვიტამინოზს მსუბუქი რაქიტი სჯობსო.

რითია საშიში?
D ვიტამინი მჭიდროდ უკავშირდება ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. ეს მიკროელემენტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორგანიზმის ნორმალურ, ჰარმონიულ ცხოველმყოფელობაში. D ვიტამინის სიჭარბე კალციუმის ცვლის უხეშ დარღვევას იწვევს, აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, უარყოფითად მოქმედებს იმუნური სისტემის მთავარი ორგანოს – თიმუსის ფუნქციობაზე და, საზოგადოდ, იმუნიტეტზე. ბავშვებს, რომლებიც ამ დაავადებას ადრეულ ასაკში გადაიტანენ, შემდგომ წლობით აწუხებთ უმადობა, დისტროფია, ფიზიკური ჩამორჩენა, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, შესაძლოა, განუვითარდეთ კარდიომიოპათიები, ქრონიკული პიელონეფრიტი და უამრავი სხვა პათოლოგია.

რა ხდება ამ დროს?
როცა კალციუმის ცვლა ირღვევა, იზრდება ნაწლავებში მისი შეწოვის ხარისხი და შინაგან ორგანოებში, უპირველეს ყოვლისა, თირკმელებსა და გულში, ზედმეტი კალციუმი გროვდება. ვითარდება ამ ორგანოთა შეუქცევადი კალცინოზი, ხოლო ქსოვილებში – კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტი. ეს გულის კუნთის შეკუმშვის უნარს აქვეითებს და გულის უკმარისობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. D ვიტამინის სიჭარბის შედეგად ძლიერდება ძვლებიდან კალციუმისა და ფოსფორის მარილების გამოლექვა, ეს კი ოსტეოპოროზს იწვევს, რაც, თავის მხრივ, მრავალრიცხოვან მოტეხილობათა მიზეზად იქცევა. ამავე დროს, ეს მიკროელემენტები გაძლიერებულად ლაგდება ძვლების ზრდის ზონებში, ხდება ხრტილოვანი ქსოვილის ნაადრევი გაძვალება და ორგანიზმის ფიზიკური ზრდა ფერხდება. ჭარბი D ვიტამინი უჯრედულ დონეზეც მოქმედებს – ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და თირკმელების ქსოვილებს აზიანებს.

რა ნიშნები ახასიათებს დაავადებას
?
მწვავე ინტოქსიკაცია, ჩვეულებრივ, 6 თვემდე ასაკის პატარებს უვითარდებათ. მათ შედარებით მოკლე პერიოდში აძლევენ პრეპარატის დარტყმით დოზებს. ასეთ დროს ბავშვს აღენიშნება:

  • უმადობა;
  • მრავალჯერადი პირღებინება;
  • წონის სწრაფი კლება;
  • ხშირი შარდვა;
  • გაძლიერებული წყურვილი.

პატარა მოდუნებულია, ძილად არის მივარდნილი, თუმცა ამავე დროს გაღიზიანებულიცაა. ზოგჯერ კრუნჩხვაც კი ემართება. ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს. კანი მონაცრისფრო-მოყვითალო ხდება, ეშვება. მცირდება კუნთების ტონუსიც. მდგომარეობა თანდათან მძიმდება და შესაძლოა, თირკმლის მწვავე უკმარისობით დასრულდეს. ქრონიკული ინტოქსიკაცია მაშინ ვითარდება, როცა ბავშვს 6-8 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში აძლევენ პრეპარატის ზომიერ დოზას, ოღონდ ისეთს, რომელიც ბავშვის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას აღემატება. ამ დროს კლინიკური სურათი არც ისე მკვეთრია: ინტოქსიკაცია სუსტია, მადა ოდნავ არის დაქვეითებული, ღებინება იშვიათია, – მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს, ვინაიდან ამ ნიშნებს მოჰყვება:

  • ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა, რაც აფერხებს ტვინის განვითარებას და იწვევს გონებრივ ჩამორჩენას;
  • ძვლების ზრდის ნაადრევი შეწყვეტა, რასაც ფიზიკური ჩამორჩენა მოსდევს;
  • ოსტეოპოროზი;
  • ქრონიკული პიელონეფრიტი;
  • ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

ჰიპერვიტამინოზის შიშით D ვიტამინზე უარის თქმა შეცდომაა, თუ არ გსურთ, თქვენს შვილს ბრტყელი თავი და გაღუნული ფეხები ჰქონდეს. მით უფრო, დღეს D ვიტამინის პრეპარატები ისეთი ფორმით გამოდის, ერთი წვეთის ნაცვლად ბავშვს შემთხვევით ათიც რომ ჩააწვეთოთ, დიდი უბედურება არ მოხდება, მაგრამ მაინც ყურადღებით ყოფნა ჯობს. კარგად დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ პედიატრის ყველა რჩევა: “დღეში ერთი წვეთი” ნიშნავს ერთ წვეთს და არამც და არამც ორს ან, მით უმეტეს, სამს.

A ჰიპერვიტამინოზი
A ვიტამინის ტოქსიკური ეფექტი მოსალოდნელია დღეში 20 მგ-ის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. A ჰიპერვიტამინოზი შესაძლოა გამოიწვიოს განსაზღვრული ტიპის პროდუქტების ჭარბმა მოხმარებამ. მაგალითად, 10 მგ რეტინოლს შეიცავს 30 გ საქონლის ღვიძლი, 500 გ კვერცხი და 2,5 კგ სკუმბრია.
A ჰიპერვიტამინოზის სიმპტომებია: ჰიდროცეფალია (თავის ქალას ღრუში თავზურგტვინის სითხის დაგროვება), ღებინება, სისუსტე, შეკრულობა, მოთენთილობის შეგრძნება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, კანის სიმშრალე, ფრჩხილების სიმყიფე, თმის ცვენა.
A ვიტამინის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ორსულობისას. ორსულებს, რომლებიც ყოველდღიურად 10 მგ და მეტ A ვიტამინს იღებენ, შესაძლოა გაუჩნდეთ განვითარების ანომალიის (სახის დეფექტის, გულის მანკის, მკერდუკანა ჯირკვლის დეფექტის, ნერვული სისტემის დარღვევის) მქონე ბავშვები.

E ჰიპერვიტამინოზი
E ჰიპერვიტამინოზის სიმპტომებია: თავის ტკივილი, სწრაფად დაღლა, თვალებში გაორება, დიარეა.
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ E ვიტამინის სიჭარბე ხელს უშლის სხვა ცხიმში ხსნადი ვიტამინების ადსორბციას (სისხლში შეწოვას), ამიტომ მეგადოზით მისმა ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა D, A და K ვიტამინების დეფიციტი გამოიწვიოს.

K ჰიპერვიტამინოზი
K3 ვიტამინის მეგადოზით ხანგრძლივი მიღება აფერხებს სისხლში წითელი სხეულაკების გამომუშავებას, რასაც ანემიამდე მივყავართ. ახალშობილებში ამ ვიტამინის ხანგრძლივი მიღება იწვევს ჰიპერბილირუბინემიას, აზიანებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს სისხლის წითელი სხეულაკების დაშლას (ჰემოლიზს), რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს. 10 მგ K3 ვიტამინის ყოველდღიური ინექცია სასიკვდილოა ბავშვისთვის. წინათ ახალშობილებს ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკისთვის K3 ვიტამინის ინექციას უკეთებდნენ, რაც ზოგჯერ ფატალურ შედეგს იწვევდა, ამიტომ დღეს ამ მიზნით K ვიტამინის სხვა ფორმას იყენებენ.

წყალში ხსნადი
ვიტამინები

ფოლატები (ფოლიუმმჟავა მარილები)
საკვები სხვადასხვა ფორმით შეიცავს ფოლატებს. ცნობილია მათი ათზე მეტი ფორმა. ვიტამინების დანამატებში მხოლოდ ფოლიუმის მჟავა შედის. ზედოზირების (დღეში 20 მგ-ზე მეტის მიღების) შემთხვევაში შესაძლოა დაირღვეს თირკმლის ფუნქცია. ფოლატები სხვა ვიტამინებთან შედარებით არატოქსიკურია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიღებას ავთვისებიანი ანემიის გამოწვევა შეუძლია).

B12 ჰიპერვიტამინოზი
B12 ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ავთვისებიანი ანემიის მკურნალობაში. ამ დროს პაციენტის ორგანიზმში ინექციით შეჰყავთ მისი დიდი დოზა (წესისამებრ, 0,1 მგ ყოველდღიურად სიმპტომების გაქრობამდე), მერე კი პერორალურად (დასალევად) უნიშნავენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ავთვისებიანი ანემიის დროს ვიტამინის ტოქსიკურობა ნაკლებმნიშვნელოვანია, მაგრამ ფოლიუმის მჟავათი მკურნალობამ შესაძლოა სხვა პრობლემებს გაუწიოს პროვოცირება. ავთვისებიანი ანემიის ნებაზე მიშვებამ შესაძლოა ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. ფოლიუმის მჟავათი მკურნალობის სირთულე ის არის, რომ იგი, მართალია, აფერხებს დაავადების შემდგომ განვითარებას, მაგრამ ზოგჯერ თავად აზიანებს ნერვიულ სისტემას.

B6 ჰიპერვიტამინოზი
B6 ვიტამინი საშიშია რეკომენდებული დოზის 1000-ჯერ გადაჭარბების შემთხვევაში. 2-3 გრამის ყოველდღიურმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიარულის გაძნელება, ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება. თუ მეგადოზებით B6-ის მიღება დიდხანს გაგრძელდა, არასასიამოვნო შეგრძნება ძლიერდება – ხელები ბუჟდება და პაციენტს პატარა ნივთების დაჭერა უჭირს. ვიტამინის მიღების შეწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში ყველა სიმპტომი ქრება, ხოლო სრული გამოჯანმრთელებისთვის 2-3 წელია საჭირო.

C ჰიპერვიტამინოზი
C ვიტამინის დღიური დოზა 60 მგ-ია. ზედოზირება საშიშია მათთვის, ვისაც თირკმელებში ან ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენისადმი მემკვიდრეობითი განწყობა აქვს. ამ შემთხვევაში, წესისამებრ, ოქსალატები ჩნდება. ამ ტიპის კენჭები შეიცავს მჟაუნმჟავას მარილებს, რომლებითაც მდიდარია კაკაო, შოკოლადი, რევანდი და ისპანახი. ორგანიზმში ამ ნივთიერების გამომუშავება ნორმალური მოვლენაა და C ვიტამინის გახლეჩით მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღე 3 გრამი ამ ვიტამინის მიღება აორმაგებს მჟაუნმჟავას მარილების დონეს, რომლებიც ორგანიზმიდან თირკმელების გავლით შარდთან ერთად გამოიყოფა.

ნიაცინი
ზრდასრულ ადამიანს დღეში 15-19 გ ნიაცინი სჭირდება. მისი ორი ფორმა არსებობს: ნიკოტინის მჟავა და ნიკოტინამიდი. ნიაცინზე ზრდასრული ადამიანის მოთხოვნილებას ნებისმიერი მათგანი აკმაყოფილებს, მაგრამ ნიკოტინის მჟავა ძალზე საშიშია რეკომენდებული დოზის 100-ჯერ და მეტად გადაჭარბებისას. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია კანის სიწითლე, გულისრევის შეგრძნება, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის მოშლა. კანის სიწითლეს იწვევს კანის სისხლძარღვებში წნევის მატება, რაც, თავის მხრივ, სახესა და სხეულის სხვა ნაწილებზე უფრო მსხვილი კანქვეშა სისხლძარღვების გაფართოებითაა გამოწვეული. მიუხედავად გვერდითი ეფექტებისა, ნიკოტინის მჟავა დიდი დოზებით (დღეში 1,5-4 გრამი) ინიშნება სისხლში „ცუდი” ქოლესტერინის დასაქვეითებლად და „კარგის” მოსამატებლად, ასევე – სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონის დასაწევად. აღსანიშნავია, რომ ხშირად სახის სიწითლე მკურნალობის დასაწყისში იჩენს თავს და მკურნალობის პროცესში თანდათან გაივლის.

დიაგნოსტიკა
ჰიპერვიტამინოზის დიაგნოსტირება შესაძლებელია პაციენტის კვების რაციონისა და ავადმყოფობის ისტორიის შესწავლის საფუძველზე. ამა თუ იმ სიმპტომის მიზეზის დასადგენად ექიმმა შესაძლოა ჰკითხოს პაციენტს, რომელ ვიტამინებიან დანამატს იღებს იგი. ზოგჯერ დიაგნოზის დასადასტურებლად ინიშნება სისხლისა და შარდის ანალიზი. ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყალში ხსნადი ვიტამინების მოხვედრისას მათი დიდი ნაწილი სისხლში შეიწოვება და სწრაფად გამოიყოფა შარდთან ერთად. ცხიმში ხსნადი ვიტამინები უმეტესად სისხლში, იქიდან კი ცხიმოვან და სხვა ქსოვილებში ხვდება. როგორც ცხიმში, ისე წყალში ხსნადი ვიტამინების ჭარბი ნაწილი (ის, რომელიც არ ადსორბირდება ანუ არ შეიწოვება ნაწლავებში) განავალთან ერთად გამოიყოფა. ბევრი ვიტამინის ზედოზირება დიარეას იწვევს. ეს იმით აიხსნება, რომ ნივთიერება, რომელიც ნაწლავებში არ შეიწოვება, ორგანიზმიდან ისრუტავს წყალს, რამაც შესაძლოა გაუწყლოებამდე მიგვიყვანოს.

მკურნალობა
ჰიპერვიტამინოზის დროს, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეწყდეს ვიტამინების მიღება. D ვიტამინით ინტოქსიკაციის შემთხვევაში აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის დაქვეითებაც, რადგან D ჰიპერვიტამინოზი შესაძლოა ჰიპერკალციემიის (სისხლის პლაზმაში კალციუმის მაღალი შემცველობის) მიზეზად იქცეს. მწვავე ჰიპერკალციემიის შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და იზოტონური ხსნარის გადასხმა.
პროგნოზი
ჰიპერვიტამინოზის პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა. გვერდითი ეფექტები ვიტამინების დოზის ნორმალიზების შემდეგ, ჩვეულებრივ, ქრება. გამონაკლისია D, A და B6 ვიტამინებით ინტოქსიკაცია. D ვიტამინის სიჭარბე კალციფიკატების წარმოქმნას იწვევს, А ვიტამინით ინტოქსიკაცია – თანდაყოლილ დეფექტებს, B6 ვიტამინის ზედოზირებას კი ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევამდე მივყავართ, რომლის მკურნალობას შესაძლოა მთელი წელი დასჭირდეს.

პროფილაქტიკა
ვიტამინების დანამატების მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

ჰერპესი

ჰერპესი (ბერძ. “მცოცავი”) ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს. ინფექციის გამომწვევია ჰერპესვირუსი. ამ ვირუსით ინფიცირებისთვის სქესს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უმთავრესად ახალგაზრდები ავადდებიან. ვირუსი სამუდამოდ რჩება ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ უმეტესად ლატენტურ მდგომარეობაშია. ინფექციის კლინიკური გამოვლენა მასპინძლის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული: ჯანმრთელ პირებთან ჰერპესის რეციდივი მსუბუქად მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად – უსიმპტომოდაც, ხოლო მათთან, ვისაც იმუნური სისტემა დასუსტებული ან დარღვეული აქვს – მძიმედ.

ჰერპესის სახეობები
ადამიანის ჰერპესვირუსთაგან ყველაზე გავრცელებულია I ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (მჰვ-I ანუ აჰვ-I) და II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (მჰვ-II ანუ აჰვ-II). ადამიანის მჰვ-I-ით ინფიცირების შედეგია სახისა და ზედა კიდურების კანის სხვადასხვაგვარი დაზიანება. მჰვ-II-ით ინფიცირება სასქესო ორგანოთა დაზიანებასა და ახალშობილთა დაავადებებს იწვევს, თუმცა ამჟამად გენიტალური ჰერპესის ყოველი მე-4 შემთხვევა პირველი ტიპის ჰერპესვირუსით არის გამოწვეული და ეს არატრადიციული სქესობრივი კავშირების შედეგია.
III ტიპის ჰერპესვირუსით (აჰვ-III ანუ ზოსტერი) ინფიცირება იწვევს ორ დამოუკიდებელ დაავადებას – ჩუტყვავილასა და სარტყლისებრ ლიქენს, იმავე სარტყლისებრ სირსველას.
IV ტიპის ჰერპესვირუსი (აჰვ-IV), იგივე ეპშტეინ-ბარის ვირუსი, შესაძლოა ინფექციური მონონუკლეოზისა (ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია, ანგინა, ელენთის, ღვიძლის, ლიმფური კვანძების გადიდება და ცვლილებები სისხლში) და ენის ვირუსული ლეიკოპლაკიის (ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი კერა, ახასიათებს სხვადასხვა ხარისხის გარქოვანება თეთრი ლაქებისა და ბალთების სახით) მიზეზად იქცეს.
V ტიპის ჰერპესვირუსი (აჰვ-V) ციტომეგალოვირუსული ინფექციის მიზეზია.
VI ტიპის ჰერპესვირუსი (აჰვ-VI), უახლესი მონაცემებით, ადრეული ასაკის ბავშვებთან უეცარ ეგზანთემას (წინწკლებიანი გამონაყარი ტანზე) იწვევს, ხოლო ზრდასრულებთან – ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ვარაუდობენ, რომ ეს ვირუსი კიდევ რამდენიმე დაავადების განვითარებაში მონაწილეობს.
1990 წელს აღმოჩენილ იქნა აჰვ-VII და აჰვ-VIII, რომელთა აქტიური შესწავლა დღემდე მიმდინარეობს. აჰვ-VII ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან ასოცირდება, აჰვ-VIII კი კაპოშის სარკომასთან (კანის ავთვისებიანი სიმსივნე).

I და II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსები
ინფექციის წყაროა ავადმყოფი, რომელსაც ჰერპესული გამონაყარი ლორწოვან გარსზე (მაგალითად, ტუჩზე) აქვს. მასთან კონტაქტის შედეგად ვირუსი ლორწოვანი გარსიდან ან დაზიანებული კანიდან სხვის ორგანიზმში იჭრება. კონტაქტური გზა (პირდაპირი კონტაქტი, მათ შორის – სქესობრივიც) ჰერპესვირუსის გავრცელების უმთავრესი გზაა. გარდა ამისა, ის ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ნივთების (საერთო პირსახოცი და სხვ.) მეშვეობით, გადაედება დედისგან ნაყოფს.
მარტივი ჰერპესვირუსი იჭრება ნერვულ განგლიებში (ნერვული უჯრედების გროვა) და სამუდამოდ რჩება იქ.
ორგანიზმში ვირუსის “ვოიაჟი” უფრო გასაგები რომ გახდეს, წარმოვიდგინოთ, თითქოს ადამიანის ორგანიზმი რკინიგზაა, ვირუსი – მატარებელი, ნერვები – რელსები, რომლებზეც ეს მატარებელი მოძრაობს, ნერვული წნულები ან განგლიები – დეპო, კანი და ლორწოვანი გარსი კი სადგური, საითაც მატარებელი მიემართება.
ინფიცირების შემდეგ ვირუსი დეპოში ხვდება. ტუჩების ჰერპესისთვის ასეთი დეპოა სამწვერა განგლია (სამწვერა ნერვების წნული), რომელიც თავის ქალას ღრუში მდებარეობს. ვუწოდოთ მას ზედა დეპო. რეციდივის შემთხვევაში ვირუსი გამოდის დეპოდან და ნერვებს, როგორც მატარებელი – რელსებს, სადგურისკენ მიუყვება – სახის კანისკენ, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისკენ, ღრძილებისკენ, ყურებისკენ, შუბლისკენ, ნიკაპისკენ, ტუჩებისკენ და ა.შ. სწორედ ამ ადგილებშია მოსალოდნელი ჰერპესის რეციდივი.
გენიტალური ჰერპესის დროს ვირუსის დეპო მდებარეობს წელ-გავის ნერვულ წნულში (მცირე მენჯის ღრუში, ხერხემლის გვერდით). ეს ვირუსის ქვედა დეპოა. რეციდივის შემთხვევაში ვირუსი ამ წნულიდან გამოსული ნერვების გასწვრივ მოძრაობს და მიემართება გენიტალიების, დუდულებისა და თეძოების კანისკენ, საშოსა და ურეთრის ლორწოვანი გარსისკენ.
ორგანიზმში არ არსებობს ზედა და ქვედა დეპოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი შიდა მაგისტრალი, ამიტომ ზედა დეპოდან ქვედაში ვირუსის გადასვლა პრაქტიკულად არ ხდება.

სახისა და ტუჩების ჰერპესი
მარტივი ჰერპესით პირველი ინფიცირების შემდეგ (არ აქვს მნიშვნელობა, კლინიკურად გამოვლინდა თუ არა) დაავადების რეციდივი ასიდან 30 შემთხვევაში ხდება. წელიწადში 3-4 რეციდივია მოსალოდნელი. მას პროვოცირებას უწევს ცხელებით მიმდინარე დაავადებები, განსაკუთრებით – პნევმონია, გრიპი, მალარია, ასევე – სტრესი, მენსტრუაცია, ინსოლაცია, ტუჩების ტრავმა. ზოგჯერ რეციდივის მიზეზი უცნობი რჩება.
შემთხვევათა უმრავლესობაში გამონაყარის გაჩენამდე 1-2 საათით ადრე ვითარდება წვა, ქავილი და ტუჩის კუთხეების სიწითლე. მომდევნო 4 დღის განმავლობაში ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც შეიძლება დაწყლულდეს. დაზიანების კერიდან ვირუსი 8-9 დღის განმავლობში გამოიყოფა. რეციდივები ვითარდება ერთსა და იმავე ადგილას, უმეტესად – ტუჩის კუთხეებთან.

გენიტალური ჰერპესი
როგორც ითქვა, გენიტალურ ჰერპესს მჰვ-II და მჰვ-I იწვევს. ინფიცირება უმთავრესად ხდება უსიმპტომო ფორმით დაავადებულთან სქესობრივი კონტაქტის დროს. შესაძლებელია ახალშობილის ინფიცირებაც მშობიარობისას. შედარებით იშვიათია აუტოინოკულაცია – ორგანიზმის ერთი ადგილიდან მეორეზე ინფექციის გადატანა.
დაავადება ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ქალებს დაავადების მეტი შანსი აქვთ. შესაძლოა, ამაში ბრალი მიუძღვდეს მათი სხეულის ანატომიურ თავისებურებას – სქესობრივი კონტაქტის დროს შეხების ზედაპირი უფრო დიდია.
ჰომოსექსუალები და ბისექსუალი მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ჰეტეროსექსუალი მამაკაცები.
არსებობს სასქესო ორგანოების ჰერპესის რამდენიმე ფორმა:

  • სასქესო ორგანოთა პირველადი ჰერპესი. ეს არის დაავადების პირველი ეპიზოდი, როდესაც ინფექციის გამოვლენისას ვირუსის მიმართ ანტისხეულები გამომუშავებული არ არის. ის რთულად და დიდხანს (2-3 კვირის განმავლობაში) მიმდინარეობს. დამახასიათებელია რეგიონული ლიმფადენიტი (ლიმფური კვანძების გადიდება). მოსალოდნელია ნევროლოგიური და ზოგადი სიმპტომების წარმოშობაც. კერძოდ, სასქესო ორგანოს პირველად ჰერპესს ახასიათებს მრავლობითი ორმხრივი გამონაყარი გენიტალიებზე ან პერიანალურ მიდამოში. მამაკაცებთან გვხვდება ურეთრიტი (შადსაწვეთის ანთება), რომელსაც შარდვის დროს ტკივილი ახასიათებს. ქალებს შესაძლოა ეროზიული ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთება) განუვითარდეთ. კანზე არსებული გამონაყარი 7-15 დღის განმავლობაში ასეთი თანამიმდევრობით იცვლის სახეს: პაპულა (მშრალი მუწუკი, კვანძი) > ვეზიკულა (კანზე ამობურცული წარმონაქმნი, შეიცავს გამჭვირვალე, იშვიათად – მღვრიე ან სისხლნარევ სითხეს) > პუსტულა (ჩირქოვანი მუწუკი) > წყლული (კანის დეფექტი ქსოვილის ნეკროზის გამო) >  ქერქი. ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო გამონაყარი აქაც ჩნდება. ვითარდება საზარდულის ლიმფადენიტი (ლიმფური ჯირკვლების გადიდება), ტკივილი შარდვის დროს, გამონადენი შარდსადენი მილიდან და საშოდან. არცთუ იშვიათად გვხვდება ნევროლოგიური სიმპტომებიც. სახელდობრ, შარდის შეკავება, შეკრულობა ნერვების ადგილობრივი დაზიანების გამო. გარდა ამისა, მოსალოდნელია ცხელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, სინათლის შიში და სხვა.
  • სასქესო ორგანოების არაპირველადი ჰერპესი არის დაავადების პირველი ეპიზოდი, როდესაც ინფექციის გამოვლენისას ვირუსის მიმართ ანტისხეულები უკვე გამომუშავებულია. ამ დროს ზოგადი სიმპტომები იშვიათია, გამონაყარი – ნაკლებად გამოხატული. მკურნალობის გარეშე ის 10-14 დღეში ალაგდება. ასევე იშვიათია საზარდულის ლიმფადენიტი, გამონადენი შარდსადენი გზებიდან, ტკივილი შარდვის დროს, ზოგადი და ნევროლოგიური სიმპტომები.
  • სასქესო ორგანოების ჰერპესის რეციდივი – დაავადების მეორე და მომდევნო ეპიზოდები, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობა, რეგიონული ლიმფადენიტის, ნევროლოგიური და ზოგადი სიმპტომების არარსებობა ახასიათებს. ჩნდება მხოლოდ ერთეული გამონაყარი, რომელიც, წესისამებრ, ცალმხრივია.
  • უსიმპტომო ინფექცია. სასქესო ორგანოების ჰერპესი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აქვე დავაზუსტებთ: გვხვდება როგორც ჭეშმარიტად უსიმპტომო შემთხვევები, ასევე შემთხვევები, როდესაც სიმპტომებს პაციენტი არასწორად აფასებს.

ორსულები და ჰერპესი
ჰერპესვირუსით (განსაკუთრებით – II ტიპის ვირუსით) ინფიცირებამ, თუ ეს ორსულობისას მოხდა, შესაძლოა ნაყოფის ინფიცირებაც გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია გენიტალური ჰერპესის გამწვავება ორსულობის 32-ე კვირის შემდეგ. თუ მკურნალმა ექიმმა გამწვავება ამ დროს აღმოაჩინა, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა. თუ მშობიარობა გამონაყარის გაქრობამდე დაიწყო, რეკომენდებულია საკეისრო კვეთა, ვინაიდან მაღალია სამშობიარო გზებში გავლისას ნაყოფის ინფიცირების რისკი. სასქესო ორგანოების ჰერპესის დედისგან შვილზე გადაცემა კი ძალიან საშიშია – შესაძლოა, ბავშვის სიკვდილი ან მყარი ნევროლოგიური დაზიანება გამოიწვიოს.
თუ ქალი ორსულობამდე იყო ინფიცირებული ჰერპესვირუსით და ორსულობისას გაუმწვავდა, დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობის ტაქტიკას ექიმი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად არჩევს.

მკურნალობა
მკურნალობა აუცილებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვირუსის განადგურება ვერ ხერხდება – მიიღწევა არა სრული გამოჯანმრთელება, არამედ დაავადების ფარულ ფორმაში გადასვლა.
ეფექტურია პერორალურად (შინაგანად) მისაღები ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა. ანტივირუსული პრეპარატების ადგილობრივ გამოყენებას აზრი არ აქვს – ვირუსი ნერვულ განგლიებში ბუდობს და კანზე წასმული ანტივირუსული საშუალება მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა აუცილებელია დაზიანებული არის სათანადო მოვლა მეორეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად: ხშირი ბანა, ანტისეპტიკური ხსნარებით (ფიზიოლოგიური ხსნარით, უფერო კასტელანით) დამუშავება. ექიმი ნიშნავს ისეთ საფენებს, რომლებიც წყლულებს აშრობს და მათ სწრაფ ეპითელიზაციას (შეხორცებას) უწყობს ხელს.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა, არ დავინფიცირდეთ, რისთვისაც ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა მივდიოთ და ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორი გვყავდეს.
ჰერპესვირუსით ინფიცირების შემთხვევაში კი პროფილაქტიკა გამწვავებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. ფარულ პერიოდში ნებისმიერი თანმხვედრი ინფექცია, ფილტვების ანთება იქნება ეს, გაციება, გრიპი თუ სხვა, ააქტიურებს ჰერპესის ვირუსს, ამიტომ ეს რისკფაქტორი თავიდან უნდა ავიცილოთ. ლატენტურ ფაზაში მყოფ ვირუსს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ არ გააქტიურდეს – სრულფასოვან კვებით, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნით, დადებითი ემოციებით და სხვა.

ჰეპატოზი

ცხიმოვანი ჰეპატოზი, იგივე ღვიძლის სტეატოზი ან ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას წარმოადგენს. ეს არის ღვიძლის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები, ჰეპატოციტები, გაცხიმოვნებას განიცდის.

მიზეზები
ღვიძლში ცხიმის ჩალაგებას მრავალი მიზეზი აქვს. ცხიმის დაგროვება ჰეპატოციტებში ხშირად ღვიძლის საპასუხო რეაქციაა სხვადასხვა ფაქტორით განპირობებულ ეგზოგენურ (გარეგან) ან ენდოგენურ (შინაგან) ინტოქსიკაციაზე. პაციენტთა 2/3-ისთვის ეს ფაქტორი ალკოჰოლია. შემდეგ მოდის შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე და ჰიპერლიპიდემია (საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით ცხიმის მიღება და სისხლში მისი ჭარბი დაგროვება ნივთიერებათა ცვლის მოშლის გამო). უფრო იშვიათ მიზეზთა რიცხვს მიეკუთვნება ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღება (ღვიძლზე სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებისა და ზოგიერთი მიკროორგანიზმის ზემოქმედება, კორტიკოსტეროიდების, ესტროგენების, ტეტრაციკლინებისა და ზოგი სხვა პრეპარატის ხანგრძლივი მიღება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ოპერაციები, მემკვიდრეობითი დაავადებები.
პათოლოგიური პროცესი ზოგჯერ დაკავშირებულია შიმშილობასთან, მკაცრ ვეგეტარიანელობასთან და სხვა.
როგორც უკვე ითქვა, ცხიმოვანი ჰეპატოზის განვითარების ერთ-ერთი რისკფაქტორი საკვებ რაციონში ცხიმების სიჭარბეა, განსაკუთრებით – ცილოვან დეფიციტთან შეუღლებისას. არაერთი გამოკვლევითაა დადასტურებული, რომ დაუბალანსებელი კვება, მეტადრე – ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასთან კომბინაციაში, ყოველთვის აძლევს დასაბამს ცხიმოვან ჰეპატოზს.
ალკოჰოლი და ღვიძლი ურთიერთშეუთავსებელი ცნებებია, განურჩევლად იმისა, როგორი ხარისხის ალკოჰოლს მოიხმართ. ალკოჰოლზე თითოეული ადამიანის რეაქცია ინდივიდუალურია: ეს დაკავშირებულია ფერმენტების გენეტიკურად განსაზღვრულ აქტივობასთან, სქესთან, ასაკთან და სხვ. მაგალითად, ქალებთან ჰორმონული ფონი ხელს უწყობს ალკოჰოლის მიერ ღვიძლის დაზიანებას, ხოლო მონგოლოიდური რასის წარმომადგენელთა ნახევართან ეთილის სპირტის დაშლის ტოქსიკური პროდუქტების უვნებელყოფა გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ევროპელებთან. გარდა ამისა, ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს თანმხლები დაავადებებიც, მაგალითად, ვირუსული ჰეპატიტი ან შაქრიანი დიაბეტი. ეს დაავადებები საგრძნობლად ზრდის ღვიძლის უჯრედების მგრძნობელობას ალკოჰოლის მიმართ. უნდა გვახსოვდეს, რომ ღვიძლი ძალიან სანდო, ჩუმი და მომთმენი ორგანოა, რომელიც თავის გასაჭირს მაშინღა გვამცნობს, როდესაც აღდგენის რეზერვი პრაქტიკულად აღარ გააჩნია. თუ სასმელს საჭმელს არ დააყოლებთ, ღვიძლის გაცხიმოვნება დაჩქარდება. თუმცა ვიტამინების სრული კომპლექტით გაჯერებული დელიკატესებიც კი ვერ დაგვიცავს ღვიძლის გაცხიმოვნებისგან – ეს დამტკიცებულია როგორც ცხოველურ მოდელებზე, ისე მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევითაც.

დაავადების განვითარების მექანიზმი

დაავადების განვითარების მექანიზმი ასეთია: ღვიძლში ცხიმის დიდი რაოდენობით მოხვედრის ან საკვები ცხიმებითა და ნახშირწყლებით ორგანოს გადატვირთვის გამო ღვიძლიდან მათი გამოდევნა ირღვევა და ჰეპატოციტები ცხიმოვან ინფილტრაციას განიცდის. ცხიმის ჟანგვა-გამოდევნის დარღვევა იმის ბრალია, რომ მცირდება ცხიმების გადამუშავებაში მონაწილე ნივთიერებების – ლიპოტროპული ფაქტორებისა და ცილის – რაოდენობა, ცხიმებისგან აღარ წარმოიქმნება ფოსფოლიპიდები, ბეტა-ლიპოპროტეინები, ლეციტინი და ჭარბი თავისუფალი ცხიმი ღვიძლის უჯრედებში ლაგდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა

დაავადება ძალიან ნელა პროგრესირებს და ჰეპატოზით დაავადებულ პაციენტებს, ჩვეულებრივ, ჩივილები არ აღენიშნებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში, პათოლოგიური პროცესის გაღრმავებისდა კვალად, აღმოცენდება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, ირღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედება. ავადმყოფს ეუფლება სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ადვილად დაღლა ფიზიკური დატვირთვის დროს. არის შემთხვევები, როდესაც ჰეპატოზს მკვეთრად გამოხატული კლინიკური სურათი აქვს – ძლიერი ტკივილები, წონის კლება, ქავილი, მუცლის შებერილობა. გასინჯვისას ღვიძლი გადიდებული და მტკივნეულია. ცხიმოვან ჰეპატოზს, წესისამებრ, არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა ქრონიკულ ჰეპატიტში ან ღვიძლის ციროზში გადაიზარდოს.

რითია საშიში ღვიძლის გაცხიმოვნება?

უმთავრესად იმით, რომ სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად ზედმეტი ცხიმი იწყებს დაჟანგვას მაღალაქტიური ნაერთების წარმოქმნით, რომლებიც დამატებით აზიანებს უჯრედებს. ეს უკვე დაავადების მომდევნო სტადიაა – ჰეპატიტი ანუ ღვიძლის ანთება, რომლის პროგრესირება იწვევს ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) განადგურებას, კარკასული შემაერთებელი ქსოვილით მათ ჩანაცვლებას. შედეგად ვიღებთ ღვიძლში სისხლის მიმოქცევის მოშლას და ღვიძლის უკმარისობას. სწორედ ეს არის ღვიძლის ციროზის ძირითადი გამოხატულება.

დიაგნოსტიკა
ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიისა და მისი გართულებების დიაგნოსტიკა კომპლექსურია. გამოცდილი ექიმი ყოველთვის გულდასმით კრებს ანამნეზს, ყურადღებას ამახვილებს ალკოჰოლის მიღების სიხშირეზე, დოზებსა და რეგულარულობაზე, აგრეთვე – თანმხლებ დაავადებებზე. შემდეგ ავადმყოფი ისინჯება, განისაზღვრება ღვიძლისა და ელენთის ზომები. მხოლოდ ამის შემდეგ დგება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის ეტაპი. კვლევის ულტრაბგერითი მეთოდი საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს ღვიძლში ცხიმოვანი ჩანართების ირიბი ნიშნები, ზუსტად განისაზღვროს მისი ზომები და ზოგჯერ ციროზისთვის დამახასიათებელი ცვლილებებიც კი იქნეს აღმოჩენილი. სისხლის ბიოქიმიური ანალიზი გვაწვდის ფასეულ ინფორმაციას ანთების არსებობასა და ხასიათზე, ნაღვლის ცვლის დარღვევასა და ღვიძლის ფუნქციურ რეზერვზე. აუცილებლად უნდა ჩატარდეს ჰეპატიტის ვირუსების გამოსავლენი ანალიზი. ეს იმიტომ, რომ ვირუსული ჰეპატიტი ღვიძლის დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, ვირუსული C ჰეპატიტი არღვევს ღვიძლში ცხიმის ცვლის პროცესს. დამატებითი გამოკვლევა, რომელიც ითვალისწინებს იმუნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ღვიძლის ბიოფსიას, განსაკუთრებულ ჩვენებათა არსებობისას ინიშნება.

მკურნალობა
ღვიძლის ანთების მკურნალობა და მისი ნეკროზული (მკვდარი) უბნების აღდგენა ჰეპატოზის მკურნალობაზე გაცილებით რთულია, ამიტომ აუცილებელია ექიმთან დროულად მისვლა, მით უმეტეს, ღვიძლის გაცხიმოვნება შექცევადი პროცესია. სათანადო მკურნალობისა და პათოლოგიური პროცესის განმაპირობებელი მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში ჰეპატოზი უკან იხევს.
უპირველესად, უნდა გამოირიცხოს ან მაქსიმალურად შემცირდეს იმ ფაქტორების ზემოქმედება, რომლებმაც ღვიძლში ცხიმის ჩალაგება გამოიწვია. ეს პრაქტიკულად ყოველთვის შესაძლებელია, როდესაც მიზეზია ალკოჰოლი, მაგრამ არა მასზე ჩამოყალიბებული დამოკიდებულება – ამ შემთხვევაში ნარკოლოგის დახმარებაა საჭირო. შაქრიანი დიაბეტითა და ჰიპერლიპიდემიით დაავადებული პაციენტებისთვის საჭიროა ენდოკრინოლოგისა და კარდიოლოგის დაკვირვება. ყველა პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობით. მნიშვნელოვანია ყოველდღიური ფიზიკური აქტივობაც. როდესაც ეს ღონისძიებები არ კმარა, საჭიროა, მკურნალობაში ჩაერთოს პრეპარატები, რომლებიც მოაწესრიგებს ღვიძლში ცხიმის ცვლას.
სამკურნალოდ ინიშნება:

  • ცილებით მდიდარი დიეტა (იზღუდება ცხიმი, განსაკუთრებით – ცხოველური წარმოშობისა);
  • პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებს ცხიმების ცვლას – ვიტამინი B12, ფოლიუმის მჟავა, ქოლინ-ქლორიდი;
  • ღვიძლის პრეპარატები – პროჰეპარი,  რიპაზონი, სირეპარი და სხვა.

რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობაც.

ჰეპატიტი E

E ჰეპატიტი, ნაწლავურ ინფექციათა მსგავსად, ფეკალურ-ორალური მექანიზმით ვრცელდება. ამრიგად, ავადობა ელემენტარული სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევას უკავშირდება: ადამიანის ორგანიზმში გამომწვევი ხვდება ინფიცირებული წყლისა და საკვების მეშვეობით ან დაავადებულთან საყოფაცხოვრებო კონტაქტის შედეგად (ჭუჭყიანი ხელებით).

E ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი:

  • ძირითადად ვრცელდება წყლით;
  • ავადობის მაღალი სიხშირე ვლინდება 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში, უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები;
  • ხშირია მძიმე შემთხვევები ორსულებთან;
  • საქართველოში E ჰეპატიტის ძალზე იშვიათია, გავრცელებულია ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

სიმპტომები და მიმდინარეობა
E ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი 14-50 დღეა. ის თანდათანობით იწყება საჭმლის მონელების დარღვევით, ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, იშვიათად – ტემპერატურის ხანმოკლე მატებით. А ჰეპატიტისგან განსხვავებით, სიყვითლის გამოვლენას მდგომარეობის გაუმჯობესება არ ახლავს თან. დაავადების დაწყებიდან 2-4 კვირაში სიმპტომები უკუგანვითარებას იწყებს.
E ჰეპატიტის მძიმე ფორმის დროს შეინიშნება ღვიძლისა და თირკმელების აშკარა დაზიანება. საშუალოდ მძიმე და მძიმე მიმდინარეობა უფრო ხშირია, ვიდრე А ჰეპატიტის დროს. ორსულობის მეორე ნახევარში E ჰეპატიტით ავადობისას ქალის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დიდია (9-40%), ნაყოფი პრაქტიკულად ყოველთვის იღუპება. E ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია ქრონიკული მიმდინარეობა და ვირუსმატარებლობა.

დიაგნოსტიკა
E ჰეპატიტის დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს:

  • მწვავე ჰეპატიტის არსებობა დასნებოვნების შესაძლო გზების გათვალისწინებით (დაავადებამდე 2-8 კვირით ადრე E ჰეპატიტისთვის სპეციფიკურ რეგიონში ყოფნა და იქ აუდუღარი წყლის მოხმარება ან ამ ინფექციის მქონე პირთან კონტაქტი);
  • სისხლში A და B ჰეპატიტების მარკერების არარსებობა. სპეციფიკურია E ჰეპატიტის ვირუსის მიმართ IgI კლასის ანტისხეულების (ანტი-IAV IgI) არსებობა, რომლებიც მწვავე პერიოდში ვლინდება სისხლის შრატში იმუნოფერმენტული ანალიზით.

მკურნალობა
E ჰეპატიტს, წესისამებრ, არ მკურნალობენ. ორგანიზმი თავად ერევა ვირუსს. 1-1,5 თვის შემდეგ ხდება სრული გამოჯანმრთელება. იშვიათად ინიშნება სიმპტომური საშუალებები თავის ტკივილის, გულისრევის ან სხვა არასასიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად.

პროფილაქტიკა
E ჰეპატიტის პროფილაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირად ჰიგიენას:

  • იბანეთ ხელები ხშირად და გულმოდგინედ, აუცილებლად – ჭამის წინ, საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ, ქუჩიდან შინ შესვლისას;
  • ერიდეთ ქუჩაში ჭამას;
  • სუფრასთან მიტანამდე საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;
  • დაიცავით დაბინძურებისგან რძე, არაჟანი, სალათები;
  • თუ დარწმუნებული არ ხართ წყლის უსაფრთხოებაში, სვით მხოლოდ ანადუღარი, განსაკუთრებით – ნაწლავთა ინფექციების ეპიდაფეთქების პერიოდში;
  • დაიცავით ბინაში სისუფთავე, არ დაუშვათ ბუზებისა და ტარაკნების გავრცელება.

Don`t copy text!