Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 349

ოტოსკლეროზი – otosclerosis – отосклероз

ოტოსკლეროზი ლაბირინთის ძვლოვანი კაფსულის უცნობი ეტიოლოგიის კეროვანი დაზიანებაა. იგი შუა ყურის შედარებით იშვიათი დაავადებაა. ამ დროს შეზღუდულია ერთ-ერთი სასმენი ძვლის – უზანგის – მოძრაობა. დაავადების პრაქტიკულად ერთადერთი სიმპტომია სმენის პროგრესული დაქვეითება, რასაც შესაძლოა ერთვოდეს ხმაური. დაავადება აღმოცენდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ან მის მომდევნო წლებში. გვხვდება ბავშვთა ასაკშიც (8-10 წელი). ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები.
ოტოსკლეროზის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პათოლოგია გენეტიკურ ხასიათს ატარებს და ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობაში ვლინდება. ოტოსკლეროზის განვითარებაში მაპროვოცირებელი ფაქტორის როლს ხშირად ასრულებს სტრესი, ტრავმა. მაგალითად, ქალებში პირველი სიმპტომები ხშირად ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ იჩენს თავს.

სიმპტომები და მიმდინარეობა
დამახასიათებელია პროგრესირებადი სიყრუე (ჩვეულებრივ, ორივე ყურისა), რომელიც ხშირად ხილული მიზეზის გარეშე ვითარდება და ყურების შუილი, რომელიც უფრო ცალ ყურშია გამოხატული. ძალიან ხშირად ყურების შუილი ძირითადი ჩივილია, ამასთანავე, ხმაურიან გარემოში (მეტროში, ქუჩაში) პაციენტს უკეთ ესმის. დაავადება, როგორც წესი, ვითარდება ნელა. ორსულობა და მშობიარობა პროცესის მიმდინარეობას აჩქარებს. ოტოსკოპიით ჩანს შეუცვლელი დაფის აპკი.
გამოყოფენ ოტოსკლეროზის სამ ტიპს: ტიმპანურს, შერეულსა და კოხლეარულს.
ოტოსკლეროზის ტიპური ტიმპანური ფორმის დროს აღინიშნება სიყრუე ხმის გამტარი სისტემის ფუნქციის დარღვევის ტიპით, კოხლეარულ ფორმას ახასიათებს პროცესში ბგერის აღმქმელი სისტემის მნიშვნელოვანი ჩართვა, შერეული ფორმის დროს კი პროცესში ბგერის აღმქმელი სისტემა ზომიერად არის ჩართული.
დიაგნოზი დაისმის ანამნეზის, კლინიკური და აუდიომეტრიული მონაცემების საფუძველზე. დიფერენციული დიაგნოზი უნდა გატარდეს ადჰეზიური შუა ოტიტისა და კოხლეარული ნევრიტის მიმართ.

მკურნალობა
ოტოსკლეროზის  მკურნალობა ქირურგიულია (სტაპედოპლასტიკა). ტიმპანური ფორმის დროს  ოპერაციის შემდეგ სმენის გაუმჯობესების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

ოტომიკოზი – otomycosis – отомикоз

ოტომიკოზი არის დაავადება, რომელსაც გარეთა სასმენი მილის კედლებზე (ზოგჯერ – დაფის აპკზეც) სხვადასხვა სახის ქსლისებრი სოკოს განვითარება განაპირობებს. ამ დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ტენიანი გარემო, გადატანილი ჩირქოვანი შუა ოტიტი, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და არარაციონალური გამოყენება, ნივთიერებათა ცვილის მოშლა, ზოგადი და ადგილობრივი ალერგია და სხვა.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ოტომიკოზისთვის დამახასიათებელია სასმენი მილის ტკივილი, ქავილი, ყურის ნიჟარისა და სასმენი მილის კანის მომატებული მგრძნობელობა, თავის ტკივილი დაზიანებული ყურის მხარეს, ყურში შუილი, ყურში სისავსისა და დაცობის შეგრძნება. ოტოსკოპიით ჩანს, რომ სასმენი მილი შევიწროებულია მთელ სიგრძეზე (ანთებითი ინფილტრაციის შედეგად), კედლები მაცერირებული და ჰიპერემიულია (თუმცა ნაკლებად, ვიდრე ბაქტერიული ოტიტების დროს). სასმენი მილიდან გამონადენი უმეტესად ზომიერია, უსუნო და შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა შეფერილობა დაავადების გამომწვევი სოკოს სახეობის შესაბამისად (მორუხო-შავი, მოშავო-ყავისფერი, მოყვითალო ან მომწვანო). ავადმყოფთა უმრავლესობას დაფის აპკი ჰიპერემიული, ინფილტრირებული აქვს, ზოგჯერ მასში ჩანს ხვრელი. იშვიათად პათოლოგიური პროცესი სცილდება გარეთა სასმენი მილის საზღვრებს და გარეთა ყურსაც კი (სახის კანი, კისერი). კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება რეციდივი.
დიაგნოზი დაისმის ოტოსკოპიისა და გარეთა სასმენი მილის გამონადენის მიკოლოგიური გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე. დიფერენცირება საჭიროა კანდიდამიკოზისგან (საფუვრისებრი სოკოთი დაზიანება): ეს უკანასკნელი მიმდინარეობს როგორც სველი ეგზემა, ოტომიკოზი კი მშრალი ეგზემის მსგავსია. უნდა გამოირიცხოს გარეთა ყურის სხვა ეტიოლოგიის დერმატიტებიც.
მკურნალობა, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის, დაავადების კლინიკური სურათისა და სოკოს სახეობის გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალურია. ადგილობრივი მკურნალობისთვის ეფექტურია სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები. ჩვენებისამებრ ინიშნება მადესენსიბილიზებელი მკურნალობა.
დროული დიაგნოსტიკისა და სოკოს საწინააღმდეგო ინტენსიური თერაპიის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ოტიტი – otitis – отит

ოტიტი ყურის ანთებაა. იმის მიხედვით, ყურის რომელი ნაწილის ანთებასთან გვაქვს საქმე, გამოყოფენ ოტიტის სამ სახეობას: გარეთა ყურისას, შუა ყურისას და შიგნითა ყურისას (ლაბირინთიტი). ოტიტით ყველა ასაკში ავადდებიან, მაგრამ მისი უმთავრესი სამიზნეები მაინც ბავშვები არიან. მათ 80%-ს სამ წლამდე შუა ყურის ანთება ერთხელ მაინც აქვს გადატანილი.

გარეთა  ოტიტი
არსებობს გარეთა ოტიტის ორი ფორმა – შემოსაზღვრული (გარეთა სასმენი მილის ფურუნკული) და დიფუზური.
შემოსაზღვრული გარეთა ოტიტი ვითარდება გარეთა სასმენი მილის ფიბროზულ-ხრტილოვანი ნაწილის თმის ფოლიკულებსა და ცხიმის ჯირკვლებში ინფექციის (უმეტესად – სტაფილოკოკის) შეღწევისას, რასაც ხელს უწყობს ასანთით თუ სხვა საგნით ყურის მოქავების შედეგად გარეთა სასმენ მილში გაჩენილი მცირე ტრავმები. გარეთა სასმენი მილის ფურუნკულები ხშირად ჩნდება შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრის, A B, C ჰიპოვიტამინოზის დროს. ზოგჯერ პროცესი ყურის ირგვლივ არსებულ ჯირკვლებზეც ვრცელდება.
დიფუზური გარეთა ოტიტი უმეტესად ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის დროს, სასმენი მილის კანში და კანქვეშა შრეში სხვადასხვა ბაქტერიისა თუ სოკოს შეღწევისას ვითარდება. ხშირად ანთებითი პროცესი დაფის აპკზეც ვრცელდება.

სიმპტომები
მწვავე დიფუზური გარეთა ოტიტის დროს ავადმყოფები უჩივიან ყურის ქავილს (თუმცა უფრო სუსტს, ვიდრე ფურუნკულის დროს) და ტკივილს, უსიამოვნო სუნიან ჩირქოვან გამონადენს. შესაძლოა განვითარდეს რეგიონული ლიმფური კვანძების ლიმფადენიტიც. ოტოსკოპიის დროს შეიმჩნევა კანის ჰიპერემია (სიწითლე), შეშუპება, გარეთა სასმელი მილის სანათურის შევიწროება. დიფუზური გარეთა ოტიტის დროს გარეთა სასმენი მილის ჰიპერემიასა და შეშუპებასთან ერთად შეინიშნება სველი უბნები კანის ზედა შრის აშრევების გამო. პროცესი შეიძლება გავრცელდეს დაფის აპკზე,  რომელიც ასეთ დროს ჰიპერემიული და გასქელებული ჩანს.
ყურის ტკივილი ძლიერდება წინასახურზე დაჭერისა და ყურის ნიჟარის მოქაჩვის შემთხვევაში. პირის გაღების დროს ტკივილი შეინიშნება ფურუნკულის წინა კედელზე ლოკალიზაციის დროს.

დიაგნოსტიკა
დიაგნოზი დაისმის კლინიკური სურათისა და ოტოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე.

პროგნოზი
გარეთა ოტიტის დროს სმენა არ ქვეითდება. უნდა მოხდეს დიფერენცირება მწვავე შუა ოტიტის, მასტოიდიტისა და ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტისგან. ამ დროს ითვალისწინებენ პროცესის დინამიკას, ოტოსკოპიურ მონაცემებს და აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევის შედეგებს. თუ ოტოსკოპიის შემდეგ ოტომიკოზის ეჭვი გაჩნდა, ტარდება ყურიდან აღებული ნაცხის სოკოზე გამოკვლევა.

მკურნალობა
ფურუნკულის დროს რეკომენდებულია, გარეთა სასმენ მილში ჩაიდოს 70%-იან სპირტში ან 3%-იან ბორის მჟავას სპირტხსნარში დასველებული დოლბანდის ტურუნდი. კარგია თბილი კომპრესი, ფიზიოთერაპიული პროცედურები, აუტოჰემოთერაპია, ვიტამინთერაპია. ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები ინიშნება გამოხატული ინფილტრაციისა და ტემპერატურის მომატების შემთხვევაში. აბსცესის წარმოქმნისას ნაჩვენებია მისი გახსნა.
დიფუზური ანთების დროს სასმენ მილს რეცხავენ 3%-იანი ბორის მჟავას ან  ფურაცილინის ხსნარით (შეიძლება სხვა საშუალებითაც). გარეთა სასმენი მილის კანს ამუშავებენ კორტიკოსტეროიდული კრემით (ოქსიკორტით, ლოკაკორტენით, ფლუცინარმით), სინტომიცინის ემულსიით, 1%-იანი ბრიალინტის მწვანით. ალერგიული მოვლენების არსებობის შემთხვევაში ინიშნება ტავეგილი, დიმედროლი, სუპრასტინი, დიაზეპამი ან სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატი. გარდა ამისა, ხდება სასმენი მილის დასხივება დაბალენერგიული ჰელიო-ნეონური ლაზერით.

მწვავე შუა ოტიტი
განასხვავებენ მწვავე შუა ოტიტის კატარულ და ჩირქოვან ფორმებს – მწვავე შუა კატარულ ოტიტს და მწვავე შუა ჩირქოვან ოტიტს. მწვავე შუა ოტიტი ვითარდება უმთავრესად მწვავე რინიტის, ზედა სასუნთქი გზების კატარის, გრიპის დროს სასმენი (ევსტაქის) მილიდან ინფექციის შუა ყურში შეჭრის გამო. ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორებია პნევმოკოკი, ჰემოფილური ჩხირები და მათი კომბინაცია. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის თავდაცვითი ძალების დასუსტება, ცხვირის ღრუს, პარანაზალური წიაღების, ცხვირ-ხახის პათოლოგიური ცვლილებები (ჰიპერტროფიული რინიტი, ცხვირის ძგიდის გამრუდება, სინუსიტი, ადენოიდები და სხვა). სასმენი მილის ვენტილაციური ფუნქციის დარღვევა ხელს უწყობს დაფის ღრუს ლორწოვან გარსში ვენური შეგუბების განვითარებას და ტრანსუდატის წარმოქმნას. ახალშობილებს ოტიტი უვითარდებათ შუა ყურში სანაყოფე წყლების მოხვედრის შედეგად. დიდ როლს ასრულებს ასევე სასმენი მილის ანატომიური აგებულება – ბავშვებს იგი ფართო და მოკლე აქვთY- და იმუნური სისტემის ჩამოუყალიბებლობა.
განასხვავებენ მწვავე შუა ოტიტის სამ სტადიას:
I სტადია – ანთებითი პროცესის განვითარება და ექსუდატის წარმოქმნა (მწვავე კატარული ოტიტი);
II სტადია – დაფის აპკის გახვრეტა და ჩირქდენა (მწვავე ჩირქოვანი ოტიტი);
III სტადია – ანთებითი პროცესის დაცხრობა, ჩირქდენის შემცირება და შეწყვეტა, გახვრეტილი დაფის აპკის კიდეების შეხორცება.
დაავადება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება.

ქრონიკული შუა ოტიტი
ქრონიკული შუა ოტიტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა. მას ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს შორის მეორე ადგილი უკავია ხახის პათოლოგიის შემდეგ. ქრონიკული ოტიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სოციალურ-ეკონომიკური და ჰიგიენური პირობები. მოსახლეობის მატერიალური და კულტურული დონის გაუმჯობესება, ინფექციური სნეულებების გაიშვიათება, მედიცინის წინსვლა როგორც მკურნალობის, ასევე ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და განახლების კუთხით ხელს უწყობს ამ პათოლოგიის გავრცელების შემცირებას.
შუა ყურის ქრონიკული ანთება ორი სახისაა: ჩირქოვანი და ექსუდაციური ანუ სეკრეტორული.
ქრონიკული  შუა ოტიტის მთავარი მიზეზია შუა ყურის მწვავე ანთების გაქრონიკულება, თუმცა ეს არ მოხდება ხელშემწყობი ფაქტორების არარსებობისას. ასეთი ფაქტორებია:

  • მწვავე ოტიტის არარაციონალური ანტიბიოტიკთერაპია, რაც იმას ნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, ოტიტის მკურნალობა (რასაკვირველია, მდგომარეობის შესატყვისად) უნდა დაიწყოს შედარებით სუსტი ანუ არჩევის ანტიბიოტიკით; მეორე – მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არა უმცირეს 5 დღისა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღება 2-3 დღის შემდეგ შეწყდეს, დაავადების სიმპტომების გაქრობის შემთხვევაშიც კი. გამონაკლისია ანტიბიოტიკები, რომლებიც ინიშნება მხოლოდ 3 დღით, ვინაიდან ორგანიზმში კუმულირება ახასიათებს.
  • დაავადების გამომწვევი მიკროფლორის მაღალი ვირულენტობა. ქრონიკული ოტიტის ძირითადი გამომწვევია სტაფილოკოკი, რომელიც ხშირად გრამუარყოფით ფლორასთან (პროტეუსი, ნაწლავისა და ლურჯ-მწვანე ჩხირი) არის ასოცირებული. სწორედ გრამუარყოფითი ფლორა გამოირჩევა მაღალი ვირულენტობით და ხშირად ამ მიკრობების არსებობა განაპირობებს უშედეგო მკურნალობას.
  • ორგანიზმის იმუნური რეაქტიულობის ანუ პათოლოგიურ პროცესთან ბრძოლის უნარის დაქვეითება.

ქრონიკული ოტიტი უმთავრესად ბავშვთა ასაკში ყალიბდება. 3 წლამდე ამ პროცესს ხელს უწყობს რაქიტი, ექსუდაციურ-კატარული დიათეზი, ზემო სასუნთქი გზების ხშირი დაავადებები. 3 წლის შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიური მდგომარეობა (ქრონიკული რინიტი, ადენოიდები, სინუსიტი), რასაც მივყავართ ევსტაქის მილის (ცხვირ-ხახისა და შუა ყურის დამაკავშირებელი მილი) გამავლობის დარღვევამდე. ამ დროს ირღვევა შუა ყურის ბუნებრივი ვენტილაცია, შედეგად ფერხდება დაფის ღრუს ლორწოვანის ნორმალური ფუნქციობა, რაც ხელს უწყობს პათოლოგიური პროცესის გახანგრძლივებულ ქვემწვავე მიმდინარეობას.
ზოგჯერ შუა ყურის ანთებას დასაწყისიდანვე ნაკლებად გამოხატული, დუნე მიმდინარეობა აქვს და თავიდანვე იღებს ქრონიკული პროცესის სახეს. ქრონიკული ანთების სახით მიმდინარეობს ნეკროზული ოტიტები, კერძოდ, ქუნთრუშის, წითელას, დიფტერიის გართულება. ასეთივე მიმდინარეობა აქვს დიაბეტით, სისხლის დაავადებით, სიმსივნური პროცესით, ტუბერკულოზით გამოწვეულ ანთებას.
ქრონიკული ოტიტის მიზეზად შეიძლება იქცეს დაფის აპკის ტრავმული დაზიანებაც.

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

სიმპტომები და მიმდინარეობა

ქრონიკულ ჩირქოვან შუა ოტიტს ახასიათებს სამი ძირითადი სიმპტომი:
1. დაფის აპკის მდგრადი პერფორაცია;
2. ყურიდან სისტემატური ან პერიოდული ჩირქდენა;
3. სმენის დაქვეითება.
განასხვავებენ შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთების ორ ძირითად ფორმას: მეზოტიმპანიტსა და ეპიტიმპანიტს. არსებობს შერეული ფორმაც – მეზოეპიტიმპანიტი. ეს ფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც დაფის აპკის პერფორაციის (დეფექტის) ლოკალიზაციით, ასევე კლინიკური მიმდინარეობით, დაავადების სიმძიმით და პროგნოზით.
მეზოტიმპანიტი ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის უფრო გავრცელებული ფორმაა. იგი ვლინდება შემთხვევათა 55-60%-ში. მისთვის დამახასიათებელია ცენტრალური პერფორაცია და ჩირქდენა ყურიდან. პერფორაციული ხვრელი სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა – ქინძისთავისოდენადან ტოტალურ დეფექტამდე (ანუ რჩება მხოლოდ დაფის აპკის მცირე კიდე). მეზოტიმპანიტის დროს ყურიდან გამონადენი ლორწოვან-ჩირქოვანია, უსუნო. იგი შეიძლება შეწყდეს, მაგრამ ვინაიდან პერფორაციული ხვრელი რჩება, ყოველთვის მოსალოდნელია რეციდივი გარეთა სასმენი მილიდან ინფექციის შეღწევის გამო.
ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის და განსაკუთრებით მეზოტიმპანიტის გამწვავებას იწვევს, პირველ რიგში, წყლის მოხვედრა შუა ყურში, ამიტომ ამ პათოლოგიის მქონე ადამიანი ვალდებულია, თავის დაბანის წინ გარეთა სასმენ მილში ჩაიდოს ვაზელინით, სხვა მალამოთი ან კრემით, ანდა ზეთით დასველებული ბამბა, ვინაიდან ზეთოვანი სუბსტრატი არ ატარებს წყალს. საცურაო ქუდი, ცელოფანი ყურს დასველებისაგან არ იცავს.
გამწვავების კიდევ ერთი მიზეზია ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, კერძოდ კი სურდო. ამ დროს ირღვევა დაფის ღრუს ვენტილაცია, ინფექცია აღმავალი გზით, ევსტაქის მილის გავლით, აღწევს შუა ყურის ლორწოვან გარსს.  
მეზოტიმპანიტი, ჩვეულებრივ, მშვიდად მიმდინარეობს: ავადმყოფს ტკივილი არ აწუხებს, უჩივის მხოლოდ ყურიდან ჩირქდენას გამწვავების პერიოდში, სმენა დაქვეითებულია სხვადასხვა ხარისხით. სმენაჩლუნგობა, ჩვეულებრივ, პროგრესირებს.  შესაძლოა, გამოხატული იყოს ყურის შუილი და თავის ტკივილი. თავბრუხვევა ამ ფორმისთვის დამახასიათებელი არ არის. ხშირი გართულების ფონზე შესაძლოა განვითარდეს ყურის პოლიპი, რომელიც, თუ არ ვუმკურნალეთ, იზრდება. ამ დროს ყურიდან გამონადენი სისხლნარევი ხდება. ეს სიმპტომი თავისთავად საშიში არ არის, მაგრამ უყურადღებოდ მისი დატოვება არ შეიძლება.
ეპიტიმპანიტისთვის დამახასიათებელია კიდითი პერფორაცია, მყრალსუნიანი ჩირქოვანი გამონადენი, ძვლის კარიესი (დაშლა), გრანულაციები (ხორცმეტები), ქოლესტეატომა. პერფორაცია ამ დროს ვითარდება დაფის აპკის ზედა კიდესთან, პატარა ზომისაა და ხშირად დაფარულია ქერქით. სმენის დაქვეითებაც დაავადების დასაწყისში ხშირად უმნიშვნელოა, ამიტომ, მეზოტიმპანიტისგან განსხვავებით, მისი დიაგნოსტირება გაცილებით ძნელია.
ეპიტიმპანიტის დროს ყურიდან გამონადენი სუნიანია ჩირქის ევაკუაციის შეფერხების გამო. დაფის ღრუს ზედა სართულის ამომფენი ლორწოვანი გარსი დაწყლულებულია, რასაც თან სდევს ანთებითი პროცესი, გრანულაციები, პოლიპები, რომლებიც უფრო მეტად აფერხებს ჩირქის გამოსვლას და აძლიერებს მის დამშლელ ზემოქმედებას. ამ დროს ანთებითი და დესტრუქციული პროცესი გადადის ძვალზეც, იწყება ძვლის დაშლა, რომელიც თანდათან ვრცელდება სასმენ ძვლებსა და დაფის ღრუს კედლებზე.
ეპიტიმპანიტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ქოლესტეატომის ჩამოყალიბება. ეს არის ეპიდერმული (კანის უჯრედებისმიერი) წარმონაქმნი, რომელიც შედგება კონცენტრულად, ხახვის ბოლქვისებურად განლაგებული ფენებისგან; შეიცავს მიკრობებს, ჩირქსა და დაშლის პროდუქტებს, მათ შორის ქოლესტერინს; გარედან შემოხვეული აქვს გარსი – მატრიქსი, რომელიც ხშირად მჭიდროდ ეკვრის ძვალს. ქოლესტეატომა მოქმედებს ძვალზე თავისი ქიმიური კომპონენტებითა და დაშლის პროდუქტებით და აზიანებს მას. თუ გავითვალისწინებთ, რომ შუა ყურის სტრუქტურები თავის ტვინის, ტვინის ვენური სისტემის, სახის ნერვის არხის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, გასაგები უნდა გახდეს, რაოდენ საშიშია ძვლის კარიესი ამ სტრუქტურების მიმართულებით.
ყურის ტკივილი ქრონიკული ოტიტის არც ამ ფორმას ახასიათებს, თუმცა არ არის იშვიათი სიმძიმის შეგრძნება ყურსა და თავში დაავადებულ მხარეს, თავის ტკივილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გრანულაციების ან პოლიპის გამო ჩირქის გამოსვლა ფერხდება. ეპიტიმპანიტს უფრო მეტად ახასიათებს ყურების შუილი, თავბრუხვევა. ეს უკანასკნელი დამახასიათებელია ლაბირინთის (წონასწორობის ორგანო) ფისტულისათვის, რომელიც იქმნება ქოლესტეატომის ზემოქმედებით. ამ დროს გამოხატულია ფისტულის სიმპტომი – თავბრუხვევა ყურის გამოწმენდისას.
ეპიტიმპანიტს მეზოტიმპანიტზე გაცილებით უარესი პროგნოზი აქვს და თუ სათანადო მკურნალობა დროულად ჩატარდა, მოსალოდნელია სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებანი.
ამ გართულებათა რიცხვს მიეკუთვნება:

  • ჩირქოვანი ლაბირინთიტი;
  • ჩირქოვანი მენინგიტი;
  • სიგმოიდური სინუსის (ვენური სისხლძარღვის) თრომბოზი;
  • სეფსისი;
  • ტვინის აბსცესი.

მკურნალობა
არსებობს ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის მკურნალობის კონსერვატიული (არაქირურგიული) და ქირურგიული მეთოდები. მეთოდი შეირჩევა პროცესის მიმდინარეობისა და გართულებების შესატყვისად.
ქრონიკული ოტიტი იკურნება, მაგრამ მხოლოდ ოპერაციული გზით. ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია ოტიტის ფორმაზე, პროცესის ხანდაზმულობაზე. აღნიშნული ოპერაციების მიზანია სმენისა და დაფის აპკის მთლიანობის აღდგენა. მათ სმენის გამაუმჯობესებელ ოპერაციებს, ანუ ტიმპანოპლასტიკას უწოდებენ.
დაფის აპკის მთლიანობის აღდგენამდე უნდა მოხდეს შუა ყურის სანაცია – ჩირქისა და პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილებისგან განთავისუფლება. მოსამზადებელი ეტაპი შეიძლება იყოს როგორც კონსერვატიული მკურნალობა: ყურის ტუალეტი და ანტიბაქტერიული ხსნარებით გამორეცხვა, რასაც უნდა მოჰყვეს 3-6-თვიანი რემისია, – ისე ქირურგიული ჩარევა.
მეზოტიმპანიტის პროგნოზი გაცილებით უკეთესია. ეპიტიმპანიტის შემთხვევაში დროულმა ჩარევამ (იგულისხმება მცირე ზომის ქოლესტეატომა) სასურველი შედეგი უნდა გამოიღოს.

პროფილაქტიკა

  • ნუ ეცდებით თვითმკურნალობას;
  • მწვავე ოტიტის ჩამთავრების შემდეგ საჭიროა დაფის აპკის მდგომარეობის ვიზუალური შემოწმება სპეციალისტთან;
  • ხშირად მორეციდივე მწვავე ოტიტის ან ექსუდაციური ოტიტის (სითხე შუა ყურში) შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მოხდეს ზედა სასუნთქი გზების სანაცია (ადენოტომია, ტონზილექტომია, ცხვირის პრობლემების მოწესრიგება).
  • ქრონიკულ ოტიტს ტკივილი არ ახასიათებს, ამიტომ ჩირქდენა ტკივილის გარეშე ქრონიკული ოტიტის ერთ-ერთი პირველი სიმპტომია;
  • სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს და არა პედიატრს და თერაპევტს;
  • არ გაუწიოთ წინააღმდეგობა ექიმს, თუ მწვავე ოტიტის დროს პარაცენტეზის (დაფის აპკის ჩაჩხვლეტა ჩირქის ამოღების მიზნით) აუცილებლობა წარმოიშვა.
  • მოარიდეთ ყური წყალს;
  • ექიმის გარეშე ნუ გამოირეცხავთ ყურს 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით;
  • პროცესის გამწვავების (ჩირქდენის) შემთხვევაში დროულად მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს;
  • სისხლიანი გამონადენი ყურიდან და ცუდი სუნი გართულების მომასწავებელია;
  • გახსოვდეთ: დროულად გაკეთებული ოპერაცია განკურნების საწინდარია.

ექსუდაციური შუა ოტიტი
სასმენი მილის სადრენაჟო ან ვენტილაციური ფუნქციის ხანგრძლივი დარღვევის შედეგად ვითარდება. დარღვევის მიზეზია ცხვირის, ცხვირის დანამატი წიაღებისა და ხახის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ალერგია, ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება (მწვავე შუა ოტიტის მკურნალობის დროს). ექსუდაციური შუა ოტიტის დროს დაფის ღრუ შეიცავს ექსუდატს, რომელიც დაავადების მწვავე სტადიაში თხიერია, ქრონიკულში სქელდება და მწებავი ხდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ახასიათებს სმენის დაქვეითება, ყურის დაცობის, მასში სითხის გადასხმის შეგრძნება. ოტოსკოპიური გამოკვლევით დაფის აპკი შემღვრეული და ჩაზნექილია. ზოგჯერ ჩანს სითხის დონე.
მკურნალობა მწვავე სტადიაში კონსერვატიულია: ანტიბაქტერიული თერაპია, პოლივიტამინები, მადესენსიბილიზებელი თერაპია (ჩვენების მიხედვით), ცხვირში – სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები, თბილი კომპრესი ყურზე, ელექტროფორეზი, ყურებში ჩაბერვა. ზოგჯერ საჭიროა ტიმპანოპუნქცია და ექსუდატის ამოქაჩვა. ქრონიკულ სტადიაში ადჰეზიური შუა ოტიტის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სასმენი მილის გამავლობის აღდგენა.

ადჰეზიური შუა ოტიტი
შუა ყურის მწვავე ან ქრონიკული ჩირქოვანი ანთების შემდეგ ვითარდება. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება მწვავე კატარული (არაპერფორაციული) შუა ოტიტის დროს ასევე იწვევს დაფის ღრუში შეხორცებების წარმოქმნას. ადჰეზიური ოტიტი შესაძლოა წარმოიშვას შუა ყურის წინამორბედი ანთების გარეშეც, კერძოდ, ცხვირ-ხახასა და სასმენ მილში ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესის შედეგად, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არღვევს დაფის ღრუს ვეტილაციას. დაფის აპკის პერფორაციის დროს მშრალ პერფორაციულ ოტიტზე ლაპარაკობენ.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ადჰეზიური შუა ოტიტის  ძირითადი სიმპტომია – სმენის დაქვეითება ხმის გამტარი აპარატის ფუნქციის დარღვევის ტიპით, ყურების შუილი. ოტოსკოპიით ჩანს გათხელებული, ნაწიბუროვანი დაფის აპკი ჩაკირული უბნებით. აპკის მოძრაობა და სასმენი მილის გამავლობა დარღვეულია.
მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატიულია: ჩაბერვა ყურებში, პნევმო- და ვიბრომასაჟი, დაფის ღრუში პროტეოლიზური ფერმენტების შეყვანა, დიათერმია, ტალახით მკურნალობა. ეს მეთოდები, როგორც წესი, იძლევა მხოლოდ დროებით ეფექტს; ძირითადი გზაა ქირურგიული მკურნალობა – სტაპედოპლასტიკა, ტიმპანოპლასტიკა.

ოსტეოპოროზი – osteoporosis – остеопороз

ოსტეოპოროზი ძვლოვანი ქსოვილის დაავადებაა, რომლის დროსაც ძვალი სტრუქტურულ ცვლილებას განიცდის და მყიფდება. ეს დაავადება დიდხანს თვალში საცემი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ხშირად მხოლოდ მცირე დატვირთვით გამოწვეული ძვლის მოტეხილობის შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე (ამის გამო ოსტეოპოროზს ჩუმ ეპიდემიასაც უწოდებენ). მოტეხილობა თავიდან რომ ავიცილოთ, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ოსტეოპოროზის ისეთი ადრეული სიმპტომები, როგორებიც არის სიმაღლის დაკლება რამდენიმე სანტიმეტრით ან ტანდეგობის დარღვევა (გულმკერდის კიფოზი, კუზი).
ოსტეოპოროზის კლასიკური განმარტება ასეთია: ქრონიკული სისტემური მეტაბოლური დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლის მასის დაქვეითება, მისი შენების მიკროარქიტექტონიკის დარღვევა და სტრუქტურული გარდაქმნა, რაც, თავის მხრივ, აქვეითებს ძვლის სიმტკიცეს და ზრდის მოტეხილობათა რისკს.
მოტეხილობათაგან ყველაზე გავრცელებულია:

  • სხივის ძვლის მოტეხილობა (ვითარდება გაშლილ ხელზე დაცემისას);
  • ბარძაყის ყელის მოტეხილობა (ყველაზე ვერაგია, რადგან ასეთი მოტეხილობის შემდეგ პაციენტთა ნახევარი ინვალიდდება და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს);
  • ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა (ვითარდება ტვირთის აწევისას და მიმდინარეობს ძლიერი ტკივილის თანხლებით).

არსებობს პირველადი და მეორეული ოსტეოპოროზი. პირველადი ოსტეოპოროზი საშუალო და ხანდაზმული ასაკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დაავადებაა. მეორეული ოსტეოპოროზი ამა თუ იმ დაავადების გართულებას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში პირველადი შეიძლება იყოს:

  • ენდოკრინული დაავადება – ფარისებრი ჯირკვლის როგორც ჰიპერფუნქციით, ასევე ჰიპოფუნქციით მიმდინარე დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, იცენკო-კუშინგის დაავადება;
  • ჰემატოლოგიური დაავადება;
  • ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება;
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • სიმსივნე;
  • რევმატოიდული ან სხვა სახის ართრიტი;
  • სისტემური აუტოიმუნური დაავადება;
  • მედიკამენტური (სტეროიდული) თერაპია (მაგალითად, გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის – L-თიროქსინის – ხანგრძლივი მიღება).

ცნობილია, რომ ოსტეოპოროზი მამაკაცებზე ხშირად ქალებს ემართებათ. მსოფლიოში ქალების 18%-ს ოსტეოპოროზი აქვს, ხოლო 50%-ს – ოსტეოპენია, მამაკაცებს შორის კი, შესაბამისად, 6%-სა და 47%-ს. საქმე ის არის, რომ მენოპაუზის შემდეგ სწრაფად და პროგრესულად მცირდება ძვლების სიმკვრივე. მენოპაუზის დადგომიდან პირველი 5 წლის განმავლობაში ქალები ძვლოვანი მასის მეოთხედს კარგავენ. ამის მიზეზია ესტროგენების გამომუშავების შემცირება (ესტროგენები ქალის სასქესო ჰორმონებია, რომლებიც ძვლოვანი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაში მონაწილეობს).
უფრო ხშირად გვხვდება პირველადი ოსტეოპოროზი, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს არა მარტო ესტროგენების, D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი, არამედ ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვანი გაუარესება.

მიზეზები
ძვლები ძირითადად კალციუმისგან შედგება, ხოლო ოსტეოპოროზს ძვლოვანი მასის დაქვეითება ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ოსტეოპოროზის მიზეზი შეიძლება იყოს საკვების საშუალებით კალციუმის არასათანადო მიღება ან ორგანიზმში მიმდინარე დარღვევები, რომელთა გამოც ორგანიზმი ვერ ახერხებს ამ ელემენტის ათვისებას. ასევე მნიშვნელოვანი მიზეზია იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალციუმის გამოძევებას.
კალციუმთან ერთად ორგანიზმს სჭირდება D ვიტამინი, ფოსფორი და ზოგიერთი ლითონი.
ამრიგად, ოსტეოპოროზის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს:

  • დიეტამ ან არასწორმა კვებამ (კალციუმის არასაკმარისი მოხმარების გამო);
  • ცხოვრების ნაკლებმოძრავმა წესმა, ხანგრძლივმა წოლითმა რეჟიმმა – ეს ძვლის კვებას აუარესებს და ამცირებს, ამიტომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვის არარსებობის შემთხვევაში ძვლები განლევას იწყებს;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებმა, რომელთა გამოც ვერ ხერხდება კალციუმის ათვისება. ასეთია კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის ის ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც საკვები ნივთიერებების, ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების შეწოვის უნარის დაქვეითება ახლავს თან და, ამის კვალობაზე, ძვლოვანი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს;
  • გენეტიკურმა განწყობამ. თუ დედას ოსტეოპოროზი აქვს, ქალიშვილი ამ დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება;
  • მზის სხივების უკმარისობამ, რის შედეგადაც ორგანიზმში D ვიტამინი მცირე რაოდენობით სინთეზირდება.
  • ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბმა მოხმარებამ.
  • სიცოცხლის მეორე ნახევარში ოსტეოპოროზის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის ბუნებრივი დაბერება, ქალებში – კლიმაქსურ პერიოდში სასქესო ჰორმონების ნაკლებობა.

ოსტეოპოროზის განვითარების რისკფაქტორებია:

  • 65 წელზე უფროსი ასაკი;
  • 25 წლის ასაკში 155 სმ-ზე ნაკლები სიმაღლე;
  • მოწიფულ ასაკში 150 სმ-ზე ნაკლები სიმაღლე;
  • 65 კგ და ამაზე ნაკლები სხეულის მასა;
  • 24-ზე ნაკლები სხეულის მასის ინდექსი (მასა/სიმაღლის მ2);
  • ანამნეზში ენდოკრინული დაავადების არსებობა;
  • ანამნეზში სტეროიდული, ანტიკონვულსიური პრეპარატებით, სხივური თერაპიით მკურნალობა (ასეთ დროს ორგანიზმიდან დიდი ოდენობით კალციუმი გამოიყოფა).

სიმპტომები
მართალია, ოსტეოპოროზს ფარული მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ არსებობს სიმპტომები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ამ დაავადებას ეჭვობენ. ეს სიმპტომებია:

  • ხერხემლის დეფორმაცია (კიფოზი);
  • სიმაღლის დაკლება;
  • ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა;
  • ხერხემლის მალათა სხეულების კომპრესიული მოტეხილობა;
  • ე.წ. დაღლილი ზურგის სიმპტომი.

ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე შედეგია ბარძაყის ყელის მოტეხილობა, რომლის შედეგადაც, როგორც აღინიშნა, პაციენტების დიდი ნაწილი ინვალიდდება.

ადრეული დიაგნოსტიკა
ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტიკა მხოლოდ ძვლის დენსიტომეტრიით (ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის განსაზღვრით) არის შესაძლებელი. ყველაზე მეტად გავრცელებულია ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური დენსიტომეტრია, რომელთა მეშვეობით ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობა სწრაფად და უმტკივნეულოდ განისაზღვრება. ასეთი გამოკვლევის ჩატარება წელიწადში ერთხელ საკმარისია. 55 წლიდან ადამიანი ყოველწლიურად კარგავს ძვლოვანი ქსოვილის 1%-ს. თუ განმეორებითმა გამოკვლევამ ამაზე მაღალი პროცენტი აჩვენა, სავარაუდოა ოსტეოპოროზი.
დენსიტომეტრია ნაჩვენებია:

  • ქალებისთვის მენოპაუზის დადგომიდან პირველი რამდენიმე წლის მანძილზე, განსაკუთრებით – საკვერცხეების ოპერაციული მკურნალობის (ამოკვეთის) შემდეგ;
  • ყველა იმ პირისთვის, ვისაც აქვს ოსტეოპოროზის განვითარების ორი ან მეტი რისკფაქტორი;
  • მათთვის, ვინც 40 წლის შემდეგ გადაიტანა თუნდაც ერთი მოტეხილობა, რომელიც არ იყო გამოწვეული სერიოზული ტრავმით (საავტომობილო კატასტროფა, სიმაღლიდან გადმოვარდნა, სპორტული ტრავმა);
  • მათთვის, ვინც დიდხანს იღებდა გლუკოკორტიკოიდულ ჰორმონებს (პრედნიზოლონი), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს;
  • ძვლების რენტგენოლოგიური კვლევის დროს ოსტეოპოროზის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში;
  • მათთვის, ვინც იტარებდა ოსტეოპოროზის სამკურნალო თერაპიას – მკურნალობის ეფექტურობის კონტროლისათვის.

მკურნალობა
ოსტეოპოროზის მკურნალობა იმ სამკურნალო საშუალებების გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც თრგუნავს ძვლის რეზორბციას. უკანასკნელ ხანს ანტირეზორბციული მოქმედების პრეპარატების (მაგალითად, ბიფოსფონატებისა და D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტების) გამოყენება ამ მძიმე სენის წარმატებული მკურნალობის საშუალებას იძლევა. აუცილებელია, საკვებთან ერთად ყოველდღიურად მივიღოთ 1,5 გრამი კალციუმი, რომელსაც ყველაზე უხვად ნატურალური რძის პროდუქტები შეიცავს. პაციენტებმა რაც შეიძლება მეტი ხანი უნდა დაყონ სუფთა ჰაერზე, ზომიერად მიიღონ მზის სხივების აბაზანები. საჭიროა ბევრი, მაგრამ ფრთხილი მოძრაობა. უნდა ერიდონ დაცემას. ამისთვის უნდა ეცვათ რბილი, კომფორტული ფეხსაცმელები, აიღონ იატაკიდან დაუმაგრებელი ნოხები, კაბელები და სხვა, კარგად გაანათონ სახლი.
ოსტეოპოროზის დროს ინიშნება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, კალციტონინები, ბიფოსფონატები, ფთორიდები და ვიტამინ D3-ის აქტიური მეტაბოლიტები.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის:

  • აქტუალურია ფიზიკური აქტიურობა. იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი, მაგრამ ერიდეთ დაცემას და ტრავმას; თუ ყოველდღე შეხტებით ადგილზე (შეიძლება სახტუნაოთიც) 50-ჯერ მაინც, ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა საგრძნობლად შემცირდება.
  • ეცადეთ, მიიღოთ კალციუმის შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით არასასურველია რაციონიდან რძის ნაწარმის ამოღება. უნდა მიირთვათ ყველაფერი, ოღონდ დოზირებულად. ძალიან სასარგებლოა კალციუმის შემცველი პროდუქტებისა და პრეპარატების მიღება ძილის წინ, რადგან ღამით ორგანიზმი უფრო მეტ კალციუმს კარგავს, ვიდრე დღისით.

გაითვალისწინეთ, რომ კალციუმზე მოთხოვნილება ასაკთან ერთად იცვლება:

  • 10 წლამდე ადამიანს სჭირდება დღე-ღამეში 800 მგ კალციუმი;
  • 11-იდან 25 წლამდე – 1 200 მგ;
  • 26-იდან 50 წლამდე – 800 მგ;
  • 50 წლიდან – 1200 მგ.

ყველაზე მეტ კალციუმს შეიცავს რძის ნაწარმი (ყველი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი), ფოთლოვანი მწვანილი, ისპანახი, ზღვის კომბოსტო, სალათის ფურცლები, სტაფილო, ლობიო, თევზი, შავი პური, ჰერკულესი, წიწიბურა, ოხრახუში და სოია.
სასურველია შემცირდეს ცხოველური ცხიმის, მარილისა და ყავის მოხმარება, რადგან ისინი კალციუმის შეწოვას და ძვლებში მის შენარჩუნებას უშლიან ხელს.
გარდა ამისა, კალციუმის კარგად ათვისებისთვის საჭიროა D ვიტამინით ორგანიზმის მომარაგება. მას შეიცავს ნაღების კარაქი, თევზის ქონი, კვერცხის გული და რძის პროდუქტები. მას ადამიანის ორგანიზმიც გამოიმუშავებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.
ამჟამად აფთიაქებში იყიდება კალციუმისა და D  ვიტამინის შემცველი უამრავი პრეპარატი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ კალციუმის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას მოსალოდნელია საჭმლის მონელების დარღვევა – მუცლის შებერილობა, ყაბზობა, ღებინება, ასევე – თირკმელებში კალციუმის ჩალაგება, ჰიპერკალციემია. საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ფორმის დარღვევა D ვიტამინის შემცველმა პრეპარატებმაც შეიძლება გამოიწვიოს.
ბევრი ისე იღებს კალციუმის პრეპარატებს, რომ არ იცის, სჭირდება თუ არა. ეს გაუმართლებელია. თუ ძვლის მინერალური სიმკვრივე ნორმაშია, ჭარბმა კალციუმმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ართროზის განვითარებას. ბიფოსფონატების მიღება მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, როდესაც სისხლში კალციუმის დონე ნორმის ფარგლებშია. კალციუმის დაბალი მაჩვენებლის დროს ბიფოსფონატების მიღებამ შესაძლოა ტეტანია გამოიწვიოს, ამიტომ ბიფოსფონატები კალციუმის პრეპარატებთან ერთად უნდა იქნეს მიღებული. ეს არის არჩევითი პრეპარატები პოსტმენოპაუზური ასაკის პაციენტებისთვის – ასტიმულირებს ძვლის ფორმირებას, ამცირებს რეზორბციას, აღადგენს ოსტეოპოროზის დროს დარღვეულ ბალანსს.

  • რაც შეიძლება მეტი ხანი გაატარეთ მზეზე. ორგანიზმი მთელი წლის სამყოფი D ვიტამინით რომ მოამარაგოთ, საკმარისია, ზაფხულში მზეს ყოველდღიურად 15-20 წუთით მიეფიცხოთ.
  • შეძლებისდაგვარად ხშირად ჩაიტარეთ დიაგნოსტიკა.
  • გარდა პრეპარატებით მკურნალობისა, რომლებიც იძლევა მასალას ძვლის მასის გასაზრდელად, აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომ კალციუმი მივიდეს ძვლამდე და მოხდეს მისი ათვისება. ამისთვის ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა და მანუალური თერაპია. მათი საშუალებით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში და, შესაბამისად, ძვლების კვებაც.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარჯიშს. კარგი იქნება, თუ მათ ყოველდღე გააკეთებთ.

საწყისი მდგომარეობა: დაწექით ზურგზე, ფეხები შეატყუპეთ, ხელები დაიწყვეთ ტანის გასწვრივ.

  • დაჭიმეთ ფეხისა და დუნდულა კუნთები, ხელისგულებით დააწექით იატაკს, გამართეთ ზურგი. ფეხები თავთან მიიტანეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, რამდენიმე წამით მოეშვით და ვარჯიში გაიმეორეთ.
  • ფეხები ოდნავ მოხარეთ მუხლებში, ტერფები დადგით იატაკზე, დაძაბეთ მუცლის კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • ტერფები დადგით იატაკზე, გამართეთ ზურგი, ხელისგულებით დააწექით იატაკს, დაძაბეთ დუნდულა და მუცლის კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • ასწიეთ მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელისგულით დააწექით მარცხენა თეძოს ძვალს, მარჯვენა ფეხით – იატაკს. შემდეგ კიდურები შეანაცვლეთ და ვარჯიში გაიმეორეთ.
  • ფეხები ოდნავ მოხარეთ მუხლებში, ტერფები დადგით იატაკზე, ხელები ასწიეთ მაღლა და გაიწოდეთ წინ. წამოსწიეთ თავი, დაჭიმეთ მუცლის კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • ხელისგულებითა და წინამხრებით დააწექით იატაკს, წამოსწიეთ თეძოები, ტერფებით დაეყრდენით იატაკს, შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • მუხლები მიიტანეთ გულმკერდთან და შემოაჭდეთ ხელები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • დაჯექით გამართულად, ხელისგულებით დაეყრდენით იატაკს, დაჭიმეთ მუცლისა და დუნდულა კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

საწყისი მდგომარეობა: დადექით ოთხზე.

  • ასწიეთ თავი, დაძაბეთ კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას;
  • წამოსწიეთ თავი, გამართეთ ზურგი, ძლიერად დაჭიმეთ კუნთები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • დაჭიმეთ მუცლის კუნთები, გასწიეთ მარცხენა ხელი წინ, მარცხენა ფეხი კი უკან. შემდეგ კიდურები შეანაცვლეთ.

ოსტეოპოროზის მკურნალობის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებია:

  • მოტეხილობათა გაიშვიათება;
  • პაციენტის მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მისი მოძრაობითი აქტივობის გაფართოება;
  • ოსტეოდენსიტომეტრიის მაჩვენებლების დადებითი დინამიკა.

ეფექტური თერაპიის მარკერად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ძვლის რეზორბციის მარკერების მაჩვენებელი: იმუნოლოგიური მარკერები, ტუტე ფოსფატაზის B-cross Laps ფერმენტის აქტივობა.

ორსულობის III ტრიმესტრი – III graviditatis trimester – III триместр беременности

VII თვე
ორსულობის მეორე ტრიმესტრი დასრულებულია. 28-ე კვირის ბოლოს პატარა არ არის დღესრული, მაგრამ სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობის შემთხვევაში შეძლებს დედის სხეულის გარეთ სიცოცხლეს. კანქვეშა ცხიმი ბოლომდე ჯერ კიდევ არ განვითარებია, ამიტომ თავად არ შეუძლია სხეულის ტემპერატურის რეგულირება, არც ფილტვები აქვს სათანადოდ განვითარებული, რომ დამოუკიდებლად სუნთქვა შეძლოს, მაგრამ უკვე ბევრი რამით ჰგავს ახალშობილს: თავისებურად ხედავს, თავისებურად ესმის… მისი გემოვნების რეცეპტორები დიდი ადამიანისაზე გაცილებით მგრძნობიარეა; პაწია ფრჩხილები თითის წვერებს ვერ აღწევს. ამ პერიოდში ბიჭუნებს სათესლე ჯირკვალი ჯერ არ ჩამოსვლიათ სათესლე პარკში, არც გოგონებს განვითარებიათ ბოლომდე გარეთა სასქესო ორგანოები. პატარა ძალზე აქტიურად მოძრაობს და დაბადების შემთხვევაში სუსტი ხმა აქვს. მისი სიგრძე ამ პერიოდში 32-35 სმ-ია, წონა კი 1000-1500 გ.
ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, კომენტარები და რეკომენდაციები
ამ პერიოდში ორსული შედარებით მძიმედ სუნთქავს. ეს იმის ბრალია, რომ საშვილოსნოს ფუძე სიმძიფის ძვლიდან 27-28 სმ-ის სიმაღლეზე მდებარეობს (ორსულობის დროს საშვილოსნო სწრაფად იზრდება. ორსულობამდე მისი წონა 500 გ-ია, ორსულობის დროს კი 1000-1500 გ-მდე იმატებს. მთვარის მე-6 თვის მიწურულს (24 კვირა) საშვილოსნოს ყველაზე მაღალი წერტილი ჭიპამდე აღწევს, მე-9 თვის მიწურულს (36 კვირა) – ნეკნის რკალამდე, მე-10 თვის ბოლოს კი საშვილოსნო ოდნავ დაბლა იწევს, რადგან ბავშვის თავი მიიწევს ქვემოთ). მაღლა დგომის გამო საშვილოსნო დიაფრაგმას ებჯინება და სუნთქვას ხელს უშლის.
ამ პერიოდში ორსულს ურჩევენ, სუფთა ჰაერზე ხშირად ისეირნოს, რადგან ზედაპირული და ხშირი სუნთქვა ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას ვერ უზრუნველყოფს.
სეირნობა არ უნდა იყოს დამღლელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვენები გაგანიერებული და დაბერილია.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება გავრცელებული მოვლენაა, მაგრამ არა ფატალური და, წესისამებრ, მშობიარობის შემდეგ გაივლის. მიუხედავად ამისა, ორსული თავის ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს. მაგალითად, წესად უნდა გაიხადოს დასვენების დროს გვერდზე და არა ზურგზე წოლა. როცა ორსული ზურგზე წევს, საშვილოსნო აწვება მსხვილ ვენებს, რომელთა საშუალებითაც სისხლი სხეულის ქვედა ნაწილებიდან გულისკენ მიედინება.
ორსულმა უნდა ავარჯიშოს ფეხები, ხოლო კვირაში 2-3-ჯერ 10-15 წუთით ბალიშზე შეაწყოს, რათა ვენები სისხლისგან დაიცალოს. თუ ვენების გაგანიერებამ მოიმატა, რეკომენდებულია ელასტიკური ბინტის დახვევა ან ელასტიკური კოლჰოტის ჩაცმა.
თუ წვივებისა და ტერფების შეშუპება 24 საათი გაგრძელდა ან შეშუპდა სახე, ხელები და მუცელი, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა.
მოძრაობისა და ფიზიკური დატვირთვის დროს ორსულმა შესაძლოა მუცლის ქვედა არეში შეკუმშვები იგრძნოს. ეს შეკუმშვები არ უნდა იყოს რეგულარული და ძალზე მტკივნეული. თუ ქალი საათში 5-ზე მეტ შეკუმშვას გრძნობს, აუცილებელია ექიმთან მისვლა.
ორსულმა კვირაში 400-500 გ უნდა მოიმატოს. კვების რაციონი უწინდებურად მრავალფეროვანია: ხილი და ბოსტნეული, ხაჭო და რძის სხვა ნაწარმი, ხორცისა და თევზის ნახარში, ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები.
ქალმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ორსულობის დროს ვიტამინების დღიური ნორმა გაორმაგებულია. ვიტამინების უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული დარღვევები, დაღლილობა, ღრძილებიდან სისხლდენა, კარიესი, ნერწყვდენა. ხილი და ბოსტნეული ორსულმა ვიტამინების მიღების შემთხვევაშიც უნდა მიირთვას, თუმცა ზომიერება აქაც საჭიროა – ყოველდღიურად 500 გ-ზე მეტი ხილის მიღებამ შესაძლოა საჭმლის მონელების დარღვევა გამოიწვიოს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სხეულის ჰიგიენას. აუცილებელია ყოველდღიური შხაპი, რადგან სისხლის მიმოქცევის გააქტიურებისა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების გაძლიერებული ფუნქციონირების გამო კანი განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება და შრება. შხაპის შემდეგ რეკომენდებულია ტანზე ხარისხიანი დამატენიანებელი კრემის ან კოსმეტიკური ზეთის წასმა.
სარძევე ჯირკვლების დაბანა საჭიროა საპნითა და თბილი წყლით, მასაჟი და გაკაჟება არ არის რეკომენდებული. სარძევე ჯირკვლები იზრდება. მათთვის უნდა შეირჩეს შესაფერისი ბიუსტჰალტერი, რომელიც კარგად აზის მკერდს (მაგრამ არ უჭერს) და კარგად იკავებს მას ქვემოდან. ბიუსტჰალტერის შესაკრავი და ბრეტელები უნდა იყოს განიერი და რბილი, რათა ხორცში არ ჩაეჭიროს.
მუცელზე, თეძოებსა და სარძევე ჯირკვლებზე სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად ორსულს შეუძლია გამოიყენოს სპეციალური კრემი. კანს სტრიებისგან ორსულებისთვის განკუთვნილი ბანდაჟიც იცავს. ექიმის თანხმობის შემთხვევაში ორსულს შეუძლია ასეთი ბანდაჟის ჩაცმა, მაგრამ იგი ზუსტად მისი ზომისა უნდა იყოს. ბანდაჟი აუცილებელია ორსულობის მესამე ტრიმესტრში დიდი რაოდენობით სანაყოფე წყლების, მრავალნაყოფიანობისა და დიდი ნაყოფის შემთხვევაში.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მომავალი დედის პირის ღრუ. აუცილებელია სტომატოლოგთან მისვლა ორსულობის მესამე და მეშვიდე თვეს. კბილები ორსულმა დღეში ორჯერ უნდა გაიხეხოს რბილი ჯაგრისით. პარალელურად დაიზილოს ღრძილები.
დაბოლოს, ორსული ყოველთვის კარგ გუნებაზე უნდა იყოს. ამისთვის ოჯახის წევრებმა უნდა შეუქმნან სასიამოვნო ატმოსფერო. ნაყოფი დედის გულისცემას ზედმიწევნით კარგად გრძნობს და მისი ოდნავ გახშირებაც კი აწუხებს და ვნებს.

VIII თვე
პატარა დასაბადებლად ემზადება. იზრდება, იმატებს კილოგრამებს. მას განვითარებული აქვს გრძნობის ყველა ორგანო, ინტენსიურად ეზრდება ტვინი. დაბალ ხმებს ამჯობინებს და უყვარს ყურის გდება.
32-ე კვირის ბოლოს დაბადებული ბავშვი სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ სპეციალურ მოვლას საჭიროებს. ამ პერიოდში ის დაახლოებით 45 სმ სიგრძისაა და 2000 გ-ს იწონის.
ორსულს სრული სიმშვიდე და დადებითი ემოციები სჭირდება.
რეკომენდებულია შემდეგი პარამეტრების კონტროლი:
1. წონა და არტერიული წნევა;
2. შაქარი და ცილა შარდში;
3. საშვილოსნოს დგომის სიმაღლე;
4. ნაყოფის ზომა, მდებარეობა და მდგომარეობა;
5. კიდურების შეშუპება;
6. ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
ორსული წონას უფრო და უფრო ნელა იმატებს. თუ ქალმა კვირაში 1 კგ-ზე მეტი მოიმატა, შესაძლოა, მიზეზი შეშუპება იყოს. შეშუპება გვიანი ტოქსიკოზის (გესტოზის) სიმპტომია. თუ სათანადო ზომები დროულად არ მივიღეთ, შესაძლოა მოიმატოს არტერიულმა წნევამ და შარდში ცილა გაჩნდეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და სათანადო მკურნალობა. ორსული საორიენტაციოდ უნდა დააკვირდეს საქორწინო ბეჭედს – თუ თითიდან ვეღარ იხსნის, ესე იგი სითხის შეკავება აქვს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ორსულობის VIII თვეს:

  • ბავშვის მოძრაობა წინა თვეებთან შედარებით ნაკლებინტენსიურია, უფრო ქანაობას ჰგავს;
  • საშოდან გამონადენი იმატებს;
  • შეინიშნება შეკრულობა, გულძმარვა, მუცლის შებერვა;
  • შესაძლოა, თავი იჩინოს წვივის კუნთების კრუნჩხვამ;
  • დღის ბოლოს შეინიშნება კოჭებისა და ტერფების შეშუპება;
  • ვენები ფართოვდება;
  • ჩნდება ჰემოროიდული კვანძები;
  • უარესდება ძილი;
  • თავს იჩენს ქოშინი, გამოწვეული ნაყოფის მაღლა დგომით და დიაფრაგმაზე ზეწოლით (ქრება 36-ე კვირის შემდეგ, როდესაც ნაყოფი ქვემოთ, მცირე მენჯის შესასვლელთან ჩამოვა); ზურგის ტკივილი; მოახლოებული მშობიარობით გამოწვეული შფოთვა.

ზოგიერთ ორსულს ყველა სიმპტომი აღენიშნება, ზოგიერთს – რამდენიმე.
საჭმლის მონელების დარღვევის (აირების წარმოქმნა, შეკრულობა, გულძმარვა) თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით. ორსული უნდა ერიდოს შემწვარ-მოხრაკულს, ცხარეს, შაშხს, მიირთვას ბევრი ხილი (გარდა ყურძნისა), ბოსტნეული (გარდა კომბოსტოსი), ახალგამოწურული წვენი და რძის ნაწარმი. 6 საათის შემდეგ დასჯერდეს მხოლოდ ხილსა და მაწონს. დღის განმავლობაში მიღებული სითხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 ლიტრს.
მე-8 თვის დამლევს ქოშინმა უნდა გაიაროს, რადგან ბავშვი ქვემოთ ჩამოდის და დიაფრაგმას აღარ აწვება. ორსულს სუნთქვა გაუადვილდება, თუ ზურგს სწორად დაიჭერს, იწვება გვერდზე, მოერიდება მნიშვნელოვან ფიზიკურ დატვირთვას.
წონისა და მუცლის ზომის მატების გამო ორსულს შესაძლოა გაუჭირდეს ძილი, ამიტომ რეკომენდებულია ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება.
ქვედა კიდურებზე ვენების გაგანიერების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად ორსული უნდა ერიდოს ფეხების მეტისმეტად დატვირთვას, ვიწრო ფეხსაცმლის ტარებას; სასურველია, ხშირად იაროს ფეხშიშველმა, არ გადაიდოს ფეხი ფეხზე. თუ დანიშნული აქვს სპეციალური კოლჰოტის ტარება, უნდა ჩაიცვას იგი დილით, გაღვიძებისთანავე, საწოლიდან ადგომამდე, მწოლიარემ.

ემოციური მდგომარეობა
საკმაოდ ხშირად ორსულობის მიწურულს ქალის ორგანიზმში ფსიქოლოგიური გადაწყობა ხდება. შესაძლოა, მშობიარობის წინ ერთგვარი შიში დაეუფლოს. სულ უფრო ხშირად ფიქრობს მომავალ შვილზე, ღელავს მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საზოგადოდ, ორსულობისას ქალი ჩვეულებრივზე მგრძნობიარეა, უფრო მძაფრად განიცდის დადებითსა თუ უარყოფით მოვლენებს და წვრილმანებიც კი აღიზიანებს. მაგრამ ორსულს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვს დედისგან უკლებლივ გადაეცემა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები, დედის ნერვიულობა ბავშვსაც აყენებს ზიანს, და ეცადოს არ გაღიზიანდეს.
შფოთვის შემთხვევაში ორსულმა თავისი დარდი მეუღლეს, მშობლებს, მეგობარს ან ფსიქოლოგს უნდა გაუზიაროს. ისინი დაეხმარებიან მშვიდი და გაწონასწორებული გარემოს შექმნაში. გაღიზიანებისას ორსულმა უნდა სცადოს ყურადღების სასიამოვნო საგანზე გადატანა, მაგალითად, ბუნებით ტკბობა, ქმართან ურთიერთობა, მასთან ერთად თეატრში, გამოფენაზე, ქალაქგარეთ სიარული.
მართალია, ორსული ყოველთვის ლამაზია, მაგრამ მან მაინც უნდა იზრუნოს გარეგნობაზე: იყოს ყოველთვის დავარცხნილი, სუფთად და კოხტად ჩაცმული. მისი მომხიბვლელობით უნდა ტკბებოდნენ გარშემო მყოფები (მით უმეტეს, ქმარი), რაც მთავარია, თავად უნდა მოსწონდეს საკუთარი თავი – ეს მას თავდაჯერებას შემატებს და განწყობას აუმაღლებს.
თუ ორსულს უკვე ჰყავს შვილი, უნდა ესაუბროს იმაზე, რომ მალე ოჯახს ახალი წევრი შეემატება, მისცეს მუცელზე შეხების უფლება, “დაალაპარაკოს” მომავალ დას ან ძმას, ანუ იზრუნოს იმაზე, რომ უმცროსი უფროსს დაბადებამდე შეაყვაროს.
მე-8 თვის მიწურულს ქალმა უნდა დაიწყოს მომზადება ბავშვის დაბადებისთვის, მოამზადოს ის ნივთები, რომლებიც დასჭირდება სამშობიაროში (ცალ-ცალკე თავისთვის და ბავშვისთვის):

  • პირადი ჰიგიენის ნივთები (კბილის ჯაგრისი და პასტა, საპონი, სავარცხელი, ორი პირსახოცი);
  • ჰიგიენური საფენები (1 ან 2 შეკვრა ჰიგიენური საფენი ჭარბი სისხლდენისთვის, 1 ან 2 შეკვრა – ნორმალური სისხლდენისთვის);
  • ქვედა საცვლები და ბიუსტჰალტერი;
  • მშობიარობის შემდგომი ბანდაჟი (სარტყელი და არა ბანდაჟ-ტრუსი);
  • ტანსაცმელი – წელიწადის დროის გათვალისწინებით;
  • ბავშვის პამპერსები.

ორსულობის ამ ვადაზე ქალს უკვე შერჩეული უნდა ჰქონდეს სამშობიარო სახლი. კარგი იქნება, თუ იმ მეანსაც გაიცნობს, ვინც უნდა ამშობიაროს.

IX თვე
36-ე კვირიდან იწყება ორსულობის უკანასკნელი თვე. პატარა კიდევ იზრდება, კანი უხდება გლუვი, ვარდისფერი, ღინღლი სხეულიდან უქრება, თავზე კი, პირიქით, ეზრდება. ფილტვებში უჩნდება სურფაქტანტი – ცხიმოვანი ნივთიერება, რომელიც ამოფენს და შეწებების საშუალებას არ აძლევს ალვეოლებს, ანუ პატარას შეუძლია დამოუკიდებლად სუნთქვა. ბავშვის თავი ჩამოდის დედის მენჯის ღრუში და ემზადება დასაბადებლად. პატარა 50 სმ სიგრძისაა და 2400-3000 გ-ს იწონის.
ამ თვეში ორსული ექიმს ყოველ კვირა უნდა შეხვდეს, აიწონოს და გაიზომოს არტერიული წნევა, ასევე, მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩაუტარდეს შემდეგი გამოკვლევები:

  • გაუკეთდეს შარდის ანალიზი ცილებისა და შაქრის შემცველობაზე, სისხლის საერთო ანალიზი;
  • განესაზღვროს საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე და მუცლის გარშემოწერილობა;
  • ჩაუტარდეს ექოსკოპიური გამოკვლევა, რათა განისაზღვროს ნაყოფის ზომები, მასა, გაირკვეს, რამდენად დაბლა ჩამოვიდა იგი, დადგინდეს პლაცენტის სიმწიფის ხარისხი;
  • შემოწმდეს, ხომ არ შეინიშნება კიდურების შეშუპება, ქვედა კიდურებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ჩატარდეს საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა;
  • შეფასდეს ორსულის გულის მუშაობა (ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოსკოპია).

რას გრძნობს ორსული

  • ბავშვი უფრო მეტად მოძრაობს, რადგან მუცელში თავს ვიწროდ გრძნობს;
  • გამონადენი გენიტალიებიდან უფრო ხშირია;
  • შესაძლოა, შეიქმნას კუჭის მოქმედების პრობლემა;

მოსალოდნელია:

  • გულძმარვა და საჭმლის მონელების დარღვევა;
  • ძილის დროს წვივის კუნთების კრუნჩხვა (ეს სიმპტომი შესაძლოა მეტყველებდეს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დეფიციტზე);
  • ხერხემალში დისკომფორტისა და სიმძიმის შეგრძნება;
  • ქვედა კიდურებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • მუცლის კანის ქავილი (ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს კანის სიმშრალით, ამიტომ ორსულმა უნდა გამოიყენოს მცენარეული დამატენიანებელი კრემი);
  • სუნთქვის შედარებით გაუმჯობესებას (ნაყოფის ქვევით დაწევის გამო);
  • უძილობა;
  • მადის გაძლიერება ან დაქვეითება.

ემოციური მდგომარეობა

  • შეინიშნება შიში, შფოთვა, გონებაგაფანტულობა, პარალელურად კი შვების შეგრძნება, რადგან მალე ბავშვი ქვეყნიერებას მოევლინება;
  • ოცნება მომავალ შვილზე.

ორსულობის ამ ვადაზე მნიშვნელოვანია მშობელთა სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრება. ეს ორსულს დაეხმარება შიშის დაძლევაში და ორსულობის ბოლო დღეებში კარგი გუნება-განწყობილების შენარჩუნებაში.

მშობიარობის წინა სიმპტომები

  • პირველმშობიარე ორსულის ნაყოფი, ჩვეულებრივ, მშობიარობამდე 2-4 კვირით ადრე იწყებს მენჯის ღრუში ჩამოსვლას, ადრე ნამშობიარებ ორსულებს კი ეს იშვიათად მოსდით მშობიარობის დაწყებამდე;
  • საზარდულის მიდამოში შეიგრძნობა სპაზმი, ბოქვენთან – დაქაჩვის შეგრძნება.
  • მშობიარობის დაწყებამდე ქალი კარგავს 1-1,5 კგ-ს.
  • საშვილონოს ყელის დამოკლებისა და გახსნის გამო მისი ყელის არხში არსებული ლორწოს საცობი, რომელიც საშვილოსნოს ახშობს, შესაძლოა მშობიარობის დაწყებამდე 1-2 კვირით ადრე გამოვარდეს.
  • ხშირად ორსული მშობიარობის წინ შეიგრძნობს ნაწლავების გაძლიერებულ მუშაობას და გამოყოფს თხელ განავალს.
  • მშობიარობის დაწყების ნიშნებია ძლიერი და ინტენსიური ჭინთვები, ბოქვენზე ზეწოლა, ვარდისფერი (ზოგჯერ – სისხლიანი და ლორწოიანი) გამონადენის გაჩენა.
  • ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამშობიარო სახლს.

მე-40 კვირას ბავშვი ქვეყნიერებას ევლინება. მას მთელი სხეული ნადებით აქვს დაფარული. პატარა დაბადებისთანავე გამოსცემს მჭექარე ხმას და ყველას ამცნობს თავის დაბადებას. ახალშობილი დაახლოებით 51 სმ სიგრძისა და 2800-4000 გ წონისაა.

ორსულთა კვება
ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის, ნაყოფის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისა და მშობიარობის ნორმალური წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას რაციონალური კვება წარმოადგენს. სწორი კვება უდიდეს როლს ასრულებს ანემიის, ორსულთა ტოქსიკოზის, ნაყოფის ჰიპოქსიის, სამშობიარო მოქმედებების ანომალიებისა და სხვა გართულებათა პროფლაქტიკაში.
ქალი ორსულობის განმავლობაში დაახლოებით 8-11 კგ-ს იმატებს. ორსულობის პირველი და ბოლო სამი თვის განმავლობაში წონის ჭარბმა მატებამ შესაძლოა ნაყოფის მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს. ორსულობის მეორე ნახევარში ქალი კვირაში საშუალოდ 300-350 გ-ს უნდა იმატებდეს. გასათვალისწინებელია, რომ ორსულის წონის მატება ხდება ნაყოფის (დაახლოებთ 3,5 კგ), საშვილოსნოსა და სანაყოფე წყლების (650-900 გ), სარძევე ჯირკვლებს გადიდების (400 გ), მოცირკულირე სისხლისა და უჯრედშორისი სითხის მოცულობის ზრდის (1,2-1,8 კგ) ხარჯზე. თვით დედის ცხიმოვანი ქსოვილის ნამატი დაახლოებით 1,6 კგ-ია.
რაციონალური კვების უმნიშვნელოვანესი პირობაა განსაზღვრული რეჟიმის დაცვა, რომლის დარღვევა არა მარტო დედას აყენებს ზიანს, არამედ არასასურველ გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზეც.
ორსულობის პირველ ნახევარში ქალის კვება მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს ორსულობამდელი კვებისგან, მაგრამ საგულისხმოა, რომ ორსულობის I ტრიმესტრში ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი), ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება.
ორსულობის დასაწყისიდან (დადგენიდან) მოყოლებული მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში მცირე სიმაღლისა (150 სმ) და წონის (50 კგ) ქალის დღიური რაციონი არ უნდა აღემატებოდეს 2100-2300 კკალ-ს, ამასთანავე, ცილა მასში 90-100 გ უნდა იყოს, ცხიმი – 55-65 გ, ნახშირწყლები – 290-320 გ. საშუალო სიმაღლის (155-165 სმ) და წონის (55-60 კგ) ქალისთვის კალორიების დღიური ჯამი 2400-2700 კკალ-ა, ცილების ნორმა – 110 გ, ცხიმებისა – 75 გ, ნახშირწყლებისა – 3350 გ. მაღალი (170-175 სმ) ორსულებისთვის კი საჭიროა 2700-2900 კკალ, 120-125 გ ცილა, 75-85 გ ცხიმი, 360-400 გ ნახშირწყლები.

ორსულობის პირველ ნახევარში მისაღებია ოთხჯერადი კვება შემდეგ საათებში: საუზმე – 8.00-9.00 სთ; ლანჩი – 11.00-12.00 სთ; სადილი – 14.00-15.99 სთ; ვახშამი – 18.00-19.00 სთ და 21.00 სთ-ზე – ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი. საუზმე დღიური რაციონის 30%-ს უნდა შეადგენდეს, ლანჩი – 20%-ს; სადილი – 40%-ს, ვახშამი კი 19%-ს.
ჭამის შემდეგ აუცილებელია დასვენება, მაგრამ აქტიური. ორსულმა ვახშამი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე მაინც უნდა მიირთვას.

ორსულობის II ნახევარში ცილაზე მოთხოვნილება კიდევ უფრო იმატებს, ამიტომ ტანდაბალი ორსულის დღიური რაციონი 2400-2600 კკალ-ს უნდა შეადგენდეს, ცილების შემცველობა მასში 100-110გ უნდა იყოს, ცხიმებისა – 70-74 გ, ნახშირწყლებისა – 330-360 გ. საშუალო სიმაღლის ორსულისთვის საჭიროა 2800-3000 კკალ, 120 გ ცილა, 85გ ცხიმი, 400 გ ნახშირწყლები. მაღალ ორსულებს სჭირდებათ 3000-3300 კკალ, 120-140 გ ცილა, 85-100 გ ცხიმი, 410-440 გ ნახშირწყლები.
ორსულობის მეორე ნახევარში მიზანშეწონილია 5-6-ჯერადი კვება, თანაც ორსულმა მთელი დღის ულუფის უდიდესი ნაწილი დღის პირველ ნახევარში უნდა მიირთვას. საუზმე დღიური ოდენობის 30%-ს უნდა შეადგენდეს, ლანჩი – 15%-ს, სადილი – 40%-ს, სამხარი – 5%-ს; ვახშამი – 10%-ს.

ორსულმა უნდა დაიცვას კვებითი პირამიდის პრინციპი. მის ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება პური, მარცვლეული, ბურღულეული, მაკარონი. ეს პირამიდის საფუძველია. ხილი და ბოსტნეული მომდევნო საფეხურზეა განლაგებული. მესამე დონეზე ანუ შედარებით მცირე
რაოდენობით წარმოდგენილია რძის ნაწარმი, ხორცი და პარკოსნები, კვერცხი და კაკალი. პირამიდის წვერზეა ცხიმი (ზეთი), ტკბილეული. მათი მიღება რეკომენდებულია მცირე რაოდენობით.

ორსულისთვის სასარგებლოა:

  • მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
  • ყოველგვარი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა;
  • ხორცი, თევზი, კვერცხი;
  • ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებმარილიანი ყველი, ხაჭო.

ორსული უნდა ერიდოს:

  • კოფეინის შემცველ სასმელებს: ყავას, მაგარ ჩაის, პეპსი-კოლასა და კოკა-კოლას. თუ ძალიან უნდა, დღის განმავლობაში შეუძლია 1-2 ჭიქა დალიოს;
  • ალკოჰოლს – ნაყოფისთვის 1 ჭიქა ალკოჰოლიც კი ბევრია. ის შეუფერხებლად გადის პლაცენტურ ბარიერს და შესაძლოა, ნაყოფს სერიოზული ზიანი მიაყენოს;
  • თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთად ოთახში ყოფნას;
  • ჭარბ შაქარს და ტკბილ საკვებს – კანფეტებს, ნამცხვრებს;
  • ჭარბ მარილს და მარილიან პროდუქტს – მარინადებს, მწნილებს, საწებლებს;
  • ჭარბ ცხოველურ ცხიმს – კარაქს, არაჟანს, ხორცის ნახარშს;
  • კონსერვებს, რომლებიც შესაძლოა იქცეს ისეთი საშიში ინფექციის წყაროდ, როგორიც არის ბოტულიზმი;
  • არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძის ნაწარმს;
  • ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს ან თევზს;
  • თოხლო და უმ კვერცხს;
  • გულ-ღვიძლს.

სითხის მიღების რეჟიმი
ორსულმა დღეში უნდა მიიღოს, სულ მცირე, რვა ჭიქა სითხე. თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას სითხის შეზღუდვა შეშუპების დროსაც კი არ შეიძლება. მთავარია, ორსულმა არ მიიღოს დღეში სამ ჭიქაზე მეტი კოფეინის შემცველი სასმელი: ჩაი, ყავა, გაზიანი (არამინერალური) წყალი.
მეორე მხრივ, ორსულობის ბოლო თვეებში, როდესაც შარდის ბუშტი ქალს აიძულებს ტუალეტში საათში ერთხელ მაინც იაროს, მას შედარებით ნაკლები სითხის მიღებას ურჩევენ.

ვიტამინები და ელემენტები
ორსულს დიდი რაოდენობით სჭირდება რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა.
რკინით მდიდარია პარკოსნები, ფოთლოვანი ბოსტნეული, რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი, შინაური ფრინველი.
ფოლიუმის მჟავათი მდიდარია საფუარიანი პური, პარკოსნები, კვერცხი, ჭარხალი, კომბოსტო, ბარდა და პომიდორი.
კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე და რძის ნაწარმი, ლობიო, კომბოსტო, მწვანილი (ოხრახუში, კამა) და კვერცხის გული.
თუ ორსული ამ ნივთიერებებს საკვებთან ერთად საკმარისი რაოდენობით არ იღებს, მაშინ ექიმმა ორსულებისთვის განკუთვნილი ვიტამინური პრეპარატები უნდა გამოუწეროს.

ორსულთა ჰიგიენა
ორსულობის დროს ქალის ორგანიზმს ორმაგი დატვირთვა ადგება. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის პირად ჰიგიენას. აუცილებელია:
1. შხაპის მიღება. ორსულისთვის კანის სისუფთავეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უსუფთაობა არღვევს კანის თერმორეგულაციურ, დამცველობით, გამომყოფ და სხვა ფუნქციებს, იწვევს საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების დაცობას და აჩენს არასასიამოვნო სუნს, აღიზიანებს კანს და ხელს უწყობს მასზე ჩირქოვანი მუწუკების წარმოქმნას, რაც ძალიან საშიშია როგორც ქალისთვის, ისე ნაყოფისთვისაც. ორსულმა დღეში 1-2-ჯერ უნდა მიიღოს შხაპი. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ ტანი ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული პირსახოცით გაიწმინდოს. შხაპის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 წუთს. შხაპის მიღება (მხოლოდ წყლის გადავლება) განსაკუთრებით დილაობით არის რეკომენდებული – ეს ხელს უწყობს ნერვული სისტემის სათანადო მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სუნთქვას, აკაჟებს სხეულს, უზრუნველყოფს კარგ განწყობასა და მხნეობას. კვირაში ერთხელ მაინც (ორსულობის ბოლო კვირებში კი უფრო ხშირად) ორსულმა შხაპის ქვეშ საპნით უნდა დაიბანოს მთელი სხეული. დასაბანად გამოყენებულ უნდა იქნეს საბავშვო საპონი, რომელიც კანს იცავს და არ აღიზიანებს. აუცილებელია იღლიის ფოსოების გაპარსვა და ყოველდღე თბილი წყლით დაბანა. ეს იმისთვის, რომ სოკო, რომელიც შესაძლოა იქ ბინადრობდეს, ძუძუსთავებზე არ მოხვდეს.
აბაზანის მიღება ორსულობის ბოლო თვეებში აკრძალულია, რადგან აბაზანიდან დაბინძურებული წყალი შესაძლოა საშოში მოხვდეს. მთელი ორსულობის მანძილზე, განსაკუთრებით კი იმ დღეებში, რომლებიც მენსტრუაციისას შეესაბამება, აბაზანის მიღება უკუნაჩვენებია იმ ქალებისთვის, რომლებსაც წინა ორსულობა დროზე ადრე შეუწყდათ ან სისხლდენით გაურთულდათ. იკრძალება საუნა და ფეხების დაორთქვლა – ამან შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიოს.
2. ორსულმა დღეში ორჯერ საპნითა და თბილი წყლით უნდა დაიბანოს გარეთა სასქესო ორგანოები. დაბანა ხდება სუფთა ხელებით, დაბანის დროს ხელის მოძრაობა მიმართულია წინიდან უკან, სწორი ნაწლავისკენ. არ შეიძლება თასზე დასხმული წყლით გამობანა. ცალი ხელით წყალი უნდა დაისხათ, მეორით დაიბანოთ. საშოს გამორეცხვა კატეგორიულად იკრძალება.
3. ორსულობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს სისუფთავეს და კბილების მდგომარეობას. ორსულმა კბილები დილა-საღამოს უნდა გაიხეხოს, ჭამის შემდეგ კი პირში ანადუღარი თბილი წყალი გამოივლოს.
4. ორსულმა ხშირად უნდა ისეირნოს ფეხით. ზაფხულში კარგია სეირნობა დილის 9-იდან 11 საათამდე, ზამთარში კი 11-იდან 14-ამდე. სეირნობა ორი საათი მაინც უნდა გაგრძელდეს, ოღონდ ორსული არ უნდა დაიღალოს. უნდა იაროს ნელა, ღრმად და თანაბრად ისუნთქოს ცხვირით. გასეირნების შემდეგ სასურველია მცირე ხნით წამოწვეს. მზის აბაზანების მიღების საკითხი მკურნალ ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. ისინი უკუნაჩვენებია, თუ ადრე ქალს ნაადრევი მშობიარობა ან თვითნებური აბორტი ჰქონდა. მზის გულზე ორსული 20 წუთზე მეტხანს არ უნდა დარჩეს. თუ მზის აბაზანები მისთვის ნებადართულია, ისინი დიდ სარგებლობას მოუტანს: დაბლა დასწევს მომატებულ არტერიულ წნევას, შეაკავებს ორგანიზმში კალციუმსა და ფოსფორს, გაანადგურებს ბაქტერიებს, D ვიტამინს კი D3-ად გარდაქმნის, რაც ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
5. არ არის სასურველი დიდხანს დგომა. ორსულმა მჯდომარემაც კი ფეხები პატარა სკამზე უნდა შემოაწყოს. სიარული უკუნაჩვენები არ არის, ვინაიდან კუნთების აქტიური შეკუმშვა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
6. ორსულმა უნდა ატაროს მოხერხებული, ნატურალური ქსოვილის, თავისი სარძევე ჯირკვლების ზომისა და ფორმის შესაფერისი ბიუსტჰალტერი.
7. ვენების პრობლემების (ვენური სისხლის შეგუბება სხეულის ქვედა ნახევარში, ქვედა კიდურებში, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქვედა კიდურების შეშუპება და ბუასილი) თავიდან ასაცილებლად ორსულს მოხერხებული და თავისუფალი ტანსაცმელი უნდა ეცვას. განსაკუთრებით მავნეა ორსულობის მეორე ნახევარში გულმკერდსა და მუცელზე მოჭერილი სამოსის ტარება. ორსულებს უნდა ეცვათ ფართო, თავისუფალი კაბები და ქვედაკაბები. ორსულობის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით – მეორე ორსულობისას, მუცლის კედლის გადაჭიმვის თავიდან ასაცილებლად შეიძლება სპეციალური ბანდაჟის ჩაცმაც. მას იცვამენ დილით, ადგომამდე, ხოლო ღამით იხდიან. თუ ორსულს უკვე აქვს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, დილაობით, ადგომამდე, ფეხებზე აუცილებლად უნდა შემოიხვიოს ელასტიკური ბინტი ან ჩაიცვას სპეციალური ელასტიკური კოლჰოტი. ფეხსაცმელი ფეხზე კარგად მომდგარი, ფართო და დაბალქუსლიანი უნდა იყოს. ღამის პერანგი ბუნებრივი ქსოვილისგან – სელისგან ან ბამბისგან უნდა იყოს შეკერილი. მისი გახამება აუცილებელი არ არის. საწოლის თეთრეული სასურველია გამოიცვალოს კვირაში ერთხელ, საცვლები – ყოველდღე.
8. ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას დაუძაბავი გონებრივი შრომის შემთხვევაში ძილის ხანგრძლივობა, სულ მცირე, 8 საათი უნდა იყოს. ორსული დასაძინებლად 22-23 საათზე გვიან არ უნდა დაწვეს, დილით კი სასურველია, 7-8 საათისთვის ადგეს. ამ რეჟიმის დარღვევა შესაძლოა ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის მიზეზადაც კი იქცეს.
9. არ შეიძლება სიმძიმეების აწევა და მკვეთრი მოძრაობა.
10. ორსულმა თავი უნდა არიდოს ემოციურ სტრესს.
11. მოწევა და ალკოჰოლი იკრძალება, ორსული უნდა ერიდოს იმ ოთახში ყოფნას სადაც ეწევიან’
12. ორსულობის პირველ და ბოლო ორ თვეს სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავებაა რეკომენდებული. პირველი ორი თვის განმავლობაში განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს მიმაგრების ზედაპირი არასაკმარისად აქვს განვითარებული, რის გამოც სქესობრივმა აქტმა შესაძლოა მისი აშრევება და თვითნებური აბორტი გამოიწვიოს, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი სქესობრივ ცხოვრებას შესაძლოა საშოსა და საშვილოსნოს ყელის დაზიანება და ინფექციის განვითარება მოჰყვეს. გარდა ამისა, სანაყოფე გარსის დაზიანების გამო შესაძლოა ნაადრევი მშობიარობა დაიწყოს.
13. ორსულმა უნდა ივარჯიშოს – ფიზკულტურა სახლის პირობებში ყველა ორსულისთვის ხელმისაწვდომია. ის ხელს უწყობს ორგანოების სისხლმომარაგებას, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე. მომავალი დედებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ვარჯიშები, რომლებიც ავითარებს დიაფრაგმულ სუნთქვას, აძლიერებს მუცლისა და შორისის კუნთებს. ვარჯიშების კომპლექსს ნიშნავს ექიმი ორსულის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის, ორსულობის მიმდინარეობის, ფიზიკური ფორმი

ორსულობის II ტრიმესტრი – II graviditatis trimester – II триместр беременности

IV თვე
ორსულობის მე-4 თვეს ნაყოფს უყალიბდება კუნთები და სახსრები, ის უფრო და უფრო აქტიურად მოძრაობს და ბოლოს და ბოლოს დედაც შეიგრძნობს ბავშვის განძრევას. თუმცა, ჩვეულებრივ, ეს შედარებით გვიან – მე-18-22-ე კვირას ხდება. ამ დროისთვის პლაცენტა უკვე მზად არის ნაყოფის ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ბავშვიც იზრდება და იზრდება. ახლა ტანი თავზე უფრო სწრაფად ვითარდება, ხელის თითები და ფეხები ბოლომდე ჩამოყალიბებულია, მეტიც – თითებს უკვე შეძენილი აქვს თავისი უნიკალური, დამახასიათებელი ანაბეჭდი. თუმცა კანი ჯერ მეტისმეტად თხელია, კანქვეშა ცხიმი არ არსებობს. პატარას უკვე აქვს წოვისა და ყლაპვის რეფლექსი, მას თითის წოვა შეუძლია. მე-16 კვირის ბოლოს ნაყოფი დაახლოებით 15 სმ სიგრძისაა.
ამ პერიოდში ორსული უჩივის:

  • სისუსტეს;
  • მოშარდვის ხშირ სურვილს;
  • შეკრულობას;
  • ბოყინსა და მუცლის შებერვას;
  • პერიოდულ თავის ტკივილს;
  • პერიოდულ თავბრუხვევასა და სისუსტეს, განსაკუთრებით – პოზის მკვეთრი შეცვლისას;
  • ცხვირიდან მცირე გამონადენს;
  • კბილების ხეხვის დროს ღრძილებიდან უმნიშვნელო სისხლდენას;
  • მადის გაძლიერებას;
  • ტერფების, წვივ-ტერფის სახსრისა და სახის პერიოდულ ოფლიანობას;
  • ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას და/ან ჰემოროეს;
  • წვივის კუნთების კრუნჩხვას;
  • მუცელსა და სახეზე პიგმენტაციის გაძლიერებას;
  • თეთრი ფერის მცირე გამონადენს საშოდან.

თანდათან სუსტდება და ქრება გულისრევა. ღებინება ამ პერიოდში ძალიან ცოტა ორსულს აწუხებს.
სარძევე ჯირკვლები კვლავ იზრდება, მაგრამ ამ დროისთვის ნაკლებად მგრძნობიარეა.
მე-4 თვის დასასრულს განმეორებით მშობიარემ ან გამხდარმა ორსულმა შესაძლოა ნაყოფის მოძრაობა იგრძნოს. მე-20 კვირიდან მოძრაობას გრძნობს თითქმის ყველა ორსული.
ორსულობის მეორე ტრიმესტრში საშვილოსნო სცდება მცირე მენჯის საზღვრებს და მუცლის ღრუში გადის. მე-20 კვირისთვის საშვილოსნოს ფსკერი ჭიპის დონეზეა. საშვილოსნოს ასეთი გაზრდა იწვევს მისი იოგოვანი აპარატის გაწელვას, რასაც ორსულები მუცლის ქვედა ნაწილში დაჭიმვის, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნებად აღიქვამენ.
კვლავ შეინიშნება ემოციური ცვლილებები: არასტაბილური განწყობა, გაფანტულობა და გულმავიწყობა, სიხარული ნაყოფის მოძრაობის გამო. მეორე ტრიმესტრის ბოლოს, როცა ორსული გააანალიზებს, რომ მშობიარობა კარსაა მომდგარი, შესაძლოა ერთგვარი შიში დაეუფლოს. ამ პერიოდში შესაძლოა განვითარდეს უფრო სერიოზული და სპეციფიკური ფსიქოლოგიური პრობლემებიც.
ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით აუცილებელია გინეკოლოგთან ხშირი ვიზიტი.
აუცილებელია არტერიული წნევის მკაცრი კონტროლი, განსაკუთრებით მაშინ, თუ გეგმური გასინჯვების დროს ორსულს არასტაბილური წნევა ჰქონდა. აუცილებელია წონის მკაცრი კონტროლი. წონის სწრაფი მატება (კვირაში 1,5 კგ-ზე მეტი მეორე ტრიმესტრში ან კვირაში 1 კგ-ზე მეტი მესამე ტრიმესტრში) და გამოხატული შეშუპება ორგანიზმში სითხის შეკავებაზე მიუთითებს.

გარეგანი ცვლილებები
ორსულობას თან სდევს კანისა და თმის სპეციფიკური ცვლილებები. კანზე შესაძლოა გაჩნდეს ჰიპერპიგმენტური ან ჰიპოპიგმენტური ლაქები, თმა გახდეს მტვრევადი, ღრძილები გასქელდეს. მოსალოდნელია სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან. ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში სახლში დაანოტივეთ ჰაერი.
ყველა ჩამოთვლილი მოვლენა დაკავშირებულია ორსულის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ქალის ჰორმონის არსებობასთან, ასევე – ლორწოვან გარსში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებასთან. სასარგებლოა C ვიტამინის მიღება, რადგან იგი ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.

ნაყოფის მოძრაობა

ემბრიონი სპონტანურ მოძრაობას მუცლადყოფნის მე-7 კვირას იწყებს, მაგრამ მომავალი დედა ამას გაცილებით გვიან შეიგრძნობს. ვადა ინდივიდუალურია – მე-14-დან 26-ე კვირამდე, უმეტესად – მე-18-22-ე კვირა. ამასთანავე, პირველმშობიარენი ბავშვის მოძრაობას უმეტესად მე-20 კვირიდან გრძნობენ, ხოლო განმეორებით მშობიარენი – მე-18-დან.

სქესობრივი ცხოვრება

ორსული და მისი მეუღლე ამ საკითხს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. ორსულობის ამ პერიოდში სქესობრივი კავშირი უმეტესად უსაფრთხოა (მთავარია, კონტაქტი არ იყოს მეტისმეტად ხშირი, თანაც გასათვალისწინებელია პოზა – ყველაზე მოხერხებულია გვერდზე წოლა), მაგრამ ზოგიერთს ამ პერიოდში სქესობრივი ურთიერთობა საფრთხეს უქმნის, ამიტომ ორსულმა აუცილებლად უნდა ჰკითხოს თავის გინეკოლოგს, უსაფრთხოა თუ არა მისთვის სქესობრივი ცხოვრება.
სქესობრივი კონტაქტი საშიშია, როცა:

  • ქალს აქვს სასქესო ორგანოებიდან სისხლიანი გამონადენი;
  • ქალი დაორსულებამდე უშვილობის გამო მკურნალობდა;
  • არსებობს მუცლის მოშლის საშიშროება;
  • ქალს ერთხელ მაინც მოეშალა მუცელი;
  • შეიმჩნევა ნაადრევი მშობიარობის მომასწავებელი ნიშნები ან წინა ორსულობა ნაადრევი მშობიარობით დასრულდა;
  • პლაცენტა მდებარეობს დაბლა ან წინ;
  • არსებობს ეჭვი, რომ ქმარს აქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (ჰერპესი, ქლამიდია და სხვა);
  • ორსულობა მრავალნაყოფიანია.

ძილის პოზა
ორსულებს აინტერესებთ, როგორ პოზაშია მიზანშეწონილი ძილი.
მუცელზე წოლა მოუხერხებელიც არის და საზიანოც. ზურგზე წოლა მოხერხებულია, მაგრამ მოსალოდნელია, საშვილოსნო დააწვეს ქვედა ღრუ ვენას, რაც გამოიწვევს წელის ტკივილს, გააუარესებს საჭმლის მონელებას, სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას, დააქვეითებს წნევას.
ყველაზე მოხერხებული და უსაფრთხოა გვერდზე (სასურველია, მარცხენა გვერდზე) წოლა ერთი მოხრილი ფეხით და ფეხებს შორის ამოდებული ბალიშით. ასეთი მდებარეობა ხელს უწყობს პლაცენტაში სისხლის მაქსიმალურ მიდენას და აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას.

ნაყოფის მოძრაობითი აქტიურობა
ნაყოფი ცოცხალი ადამიანია, – ისეთივე, როგორიც თითოეული ჩვენგანი, თავისი ხასიათითა და ტემპერამენტით. მისი მოძრაობა ხშირად დედის მოძრაობაზეა დამოკიდებული. თუ ორსული მთელი დღე დადის ან ასრულებს ერთგვაროვან მოძრაობებს, ბავშვს ჩასთვლემს და ნაკლებად იაქტიურებს. როცა ქალი ისვენებს, ნაყოფი უფრო აქტიურად მოძრაობს. საყურადღებოა ისიც, რომ დასვენების დროს ორსული ნაკლებად არის დაკავებული საქმით და უფრო მეტად ამჩნევს ბავშვის აქტიურობას.
თავდაპირველად ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება სუსტი და იშვიათია, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო შესამჩნევი და ინტენსიური ხდება. ნაყოფი ყველაზე მეტად აქტიურობს მუცლადყოფნის 24-28-ე კვირას, მაგრამ ამ პერიოდში მისი მოძრაობა თავისებურია და ხანმოკლე. მოძრაობითი აქტიურობა უფრო ორგანიზებული და მუდმივი ხდება ორსულობის 28-32-ე კვირას. 32-ე კვირიდან, განსაკუთრებით კი მშობიარობის მომენტისთვის, მოძრაობის შეგრძნება თანდათან სუსტდება.
ექიმი ორსულს 28-ე კვირიდან ურჩევს, დაითვალოს ნაყოფის მოძრაობა დღეში ორჯერ: დილით, როცა ნაყოფი ნაკლებად აქტიურია და საღამოს – უფრო აქტიური მოძრაობის დროს. ნორმად მიღებულია საშუალოდ 10 დარტყმა საათში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ნაყოფს შეიძლება ეძინოს, მაგალითად, 3 საათი და ამ დროს თითქმის არ მოძრაობდეს. თუ დედამ 12 საათის განმავლობაში ვერ იგრძნო ნაყოფის მოძრაობა, აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს. მეტისმეტად აქტიური და მტკივნეული მოძრაობაც იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც არ არის რიგზე. გინეკოლოგთან ვიზიტი ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.

წვივის კუნთების კრუნჩხვა
ბევრი ორსული წვივის კუნთების კრუნჩხვას უჩივის. მედიცინაში ამას კრამპი ეწოდება. იგი გამოწვეულია ქვედა კიდურებზე ჭარბი წონის ზეწოლით, სისხლის შედედების უნარის მომატებით, დედის ორგანიზმში ფოსფორის სიჭარბითა და კალციუმის კლებით. კრუნჩხვის შესამსუბუქებლად მიზანშეწონილია კალციუმის ტაბლეტების მიღება, ელასტიკური კოლჰოტის ტარება, ხშირი დასვენება, წოლისას და ჯდომისას ფეხების მცირე სიმაღლეზე შემოწყობა, სიარული, მსუბუქი მასაჟი. თუ კუნთების ტკივილმა და კრუნჩხვამ მუდმივი ხასიათი მიიღო, აუცილებელია ექიმთან მისვლა – გამორიცხული არ არის ვენების ანთება, რომელიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს.
სიმპტომები, რომელთა შემჩნევისას ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:

  • გამოხატული ტკივილი (მეტადრე – მოჭერითი ხასიათისა) მუცლის ქვედა არეში;
  • გამოხატული ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
  • სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;
  • წყლისებური გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;
  • წყურვილის გაძლიერება, რასაც თან ახლავს შარდვის გახშირება;
  • ზედა და ქვედა კიდურების ან სახის შეშუპება;
  • ძლიერი ან 2-3 საათზე ხანგრძლივი თავის ტკივილი;
  • მხედველობის დარღვევა (ნისლი ან შავი წერტილები თვალწინ, საგნების გაორება);
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • გამოხატული გულისრევა, ღებინება, ღებინების შერწყმა მუცლის ტკივილთან ან ცხელებასთან;
  • წონის უცაბედი მომატება 1 კილოგრამით და მეტით;
  • ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ ნაყოფის მოძრაობის შეწყვეტა 12 საათით და მეტი ხნით;
  • კანის ქავილი სიყვითლით ან მის გარეშე, შარდის გამუქებით, განავლის გაუფერულებით.


უსაფრთხოების ღვედის სწორად გაკეთება

მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მინიმალური დისკომფორტის მიზნით ორსულმა ღვედი უნდა გადმოიტაროს მხარზე, გულმკერდის ყაფაზის დიაგონალურად, ისე, რომ მან სარძევე ჯირკვლებს შორის გაიაროს. ღვედის მეორე ნაწილი მუცლის ქვეშ უნდა დამაგრდეს.

V თვე
ორსულობის V თვეს ბავშვი აქტიურია და დედა კარგად გრძნობს მის მოძრაობას. პატარას უკვე უმუშავებს თირკმელები და შარდი სანაყოფე სითხეში გამოიყოფა. მუშაობას იწყებენ ცხიმოვანი ჯირკვლებიც. ბავშვს სხეულს უფარავს ფაფუკი ღინღლი, რომელიც დაცულია სქელი საცხით. თავზე ამოსვლას იწყებს თმა. ჩნდება მოთეთრო ფერის წარბები და წამწამები. პატარა ამ დროისთვის 20-25 სმ სიგრძისაა.
ამ თვეში ექიმთან საკონტროლო ვიზიტის დროს, ორსულობის მიმდინარეობის შესაბამისად, ტარდება შემდეგი გამოკვლევები:

  • არტერიული წნევის განსაზღვრა;
  • შარდის ანალიზი შაქრისა და ცილის შემცველობაზე;
  • ნაყოფის გულისცემის შემოწმება;
  • საშვილოსნოს ფორმის განსაზღვრა გარეგანი დაკვირვებით;
  • საშვილოსნოს სიგრძის დადგენა;
  • კიდურების შემოწმება შეშუპებისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამოსავლენად;
  • ორსულის ნებისმიერი სიმპტომის გაანალიზება.


რას გრძნობს ორსული

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ერთდროულად, ასევე მონაცვლეობით გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუმცა არც სხვა სიმპტომების არსებობაა გამორიცხული.

ფიზიკური სიმპტომები:

  • ნაყოფის მოძრაობა;
  • საშოდან გამონადენის მომატება;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
  • შეკრულობა;
  • გულძმარვა, ნაწლავების ფუნქციის დარღვევა, მეტეორიზმი;
  • პერიოდული თავის ტკივილი, გულის წასვლა, თავბრუხვევა;
  • სურდო და ცხვირიდან სისხლდენა, ყურების დაგუბება;
  • კოჭებისა და ტერფების, ზოგჯერ ხელებისა და სახის მსუბუქი შეშუპება;
  • წვივის ან ანალური ხვრელის ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ზურგის ტკივილი;
  • მუცელზე ან/და სახეზე კანის პიგმენტაციის შეცვლა;
  • მადის მომატება;
  • წვივის კუნთების კრუნჩხვა.

ემოციური მდგომარეობა:

  • ქალი ბოლომდე აცნობიერებს, რომ ორსულადაა;
  • გუნება-განწყობის ცვალებადობა წინა თვეებთან შედარებით გაცილებით იშვიათია, მაგრამ გაღიზიანებადობისა და გაფანტულობის შეტევები კვლავ მოსალოდნელია.


VI თვე

პატარა ჯერ კიდევ მეტისმეტად გამხდარია, მაგრამ ძალზე ენერგიულად მოძრაობს. ცხადია, არა გამუდმებით – ზოგჯერ სძინავს. ადვილი შესაძლებელია, პატარას ეძინოს, დედა კი ფხიზლად იყოს.
ამ პერიოდში ბავშვს უკვე შეუძლია სლოკინი და დახველება, ესმის ხმები, მკვეთრ ბგერებზე კრთება. მიმიკაც უჩნდება: პაწია თვალებს ჭუტავს და კოპებს კრავს. მას უკვე ყველა შინაგანი ორგანო აქვს, მაგრამ დედის სხეულის გარეთ სიცოცხლისთვის მზად არ არის, რადგან ორგანოები ბოლომდე ჯერ არ მომწიფებულა. ბავშვი ამ დროისთვის 30-32 სმ სიგრძისაა და დაახლოებით 900-1000 გ-ს იწონის.
ორსულობის მეორე ტრიმესტრში დედამ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით ვიტამინები და მინერალური მარილები. ეს საჭიროა თავად დედისთვის, უფრო მეტად კი ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. ქალს, რომელსაც აქვს რეზუსკონფლიქტის პრობლემა, ამ პერიოდში (კერძოდ, 28-ე კვირას) შესაძლოა დასჭირდეს სპეციალური პრეპარატების შეყვანა ნაყოფისა და დედის ორგანიზმებს შორის კონფლიქტის შესამცირებლად.
ამ თვეში ორსულის მდგომარეობის გათვალისწინებით ტარდება შემდეგი გამოკვლევები:

  • წონისა და არტერიული წნევის განსაზღვრა;
  • შარდის ანალიზი შაქრის და ცილის შემცველობაზე;
  • ნაყოფის გულის მუშაობის განსაზღვრა;
  • გარეგანი გასინჯვით საშვილოსნოს ზომისა და ნაყოფის მდებარეობის განსაზღვრა;
  • საშვილოსნოს ფუძის სიმაღლის განსაზღვრა;
  • კიდურების დათვალიერება შეშუპების ან ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამოსარიცხად;
  • ორსულის ჩივილების (გასაკუთრებით – არატიპურის) გაანალიზება.

რას გრძნობს ორსული
ორსული შესაძლოა შეაწუხოს ყველა ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილმა სიმპტომმა. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მთელი ორსულობის განმავლობაში გაგრძელდეს, ზოგიერთი პერიოდულად გამოვლინდეს. ზოგიერთი ორსული ამ სიმპტომებს თითქმის ვერ ამჩნევს, რადგან ეჩვევა.

ქვემოთ ჩამოთვლილთა გარდა შესაძლოა განვითარდეს სხვა, უფრო იშვიათი სიმპტომებიც.

ფიზიკური სიმპტომები

  • ნაყოფის აქტიურობის უკეთ შეგრძნება;
  • საშოდან გამონადენი;
  • მუცლის ქვედა არის ტკივილი, რომელსაც იწვევს საშვილონოს დამჭერი იოგის დაჭიმვა;
  • შეკრულობა;
  • გულძმარვა, ნაწლავთა ფუნქციის დარღვევა, მეტეორიზმი;
  • პერიოდული თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუხვევა;
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია (სიწითლე) ან ცხვირიდან პერიოდული სისხლდენა;
  • ყურების დაგუბება;
  • ქვედა კიდურების ან/და ანალური ხვრელის არეში ვენების გაგანიერება, მუცლის კანის ქავილი;
  • ღრძილებიდან სისხლდენა;
  • მადის მომატება;
  • ზურგის ტკივილი;
  • მუცლის და/ან სახის კანის პიგმენტაცია;
  • სარძევე ჯირკვლების ზრდა;
  • ფეხის კუნთების კრუნჩხვა.

ემოციური მდგომარეობა:

  • იშვიათია განწყობის ცვალებადობა;
  • შეინიშნება გონებაგაფანტულობა;
  • ქალი მომავალი მშობიარობის გამო შფოთავს.

ორსულობის I ტრიმესტრი – I graviditatis trimester – I триместр беременности

ქალის საკვერცხე ყოველთვიურად მხოლოდ ერთ კვეცხუჯრედს გამოყოფს. თითქმის ყოველი მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, ციკლის დაწყებიდან დაახლოებით მე-10-15 დღეს, ქალის ორგანიზმში ხდება ოვულაცია – საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა: ფოლიკული სკდება და მომწიფებულ კვერცხუჯრედს გადაისვრის საშვილოსნოს მილის ძაბრისებრ დაბოლოებაში, საიდანაც ის საშვილოსნოს მილისკენ მიემართება. ფალოპის ლულაში კვერცხუჯრედი დაახლოებით 4 დღის განმავლობაში მოძრაობს. აქ, მილის ზედა ნაწილში, ხდება მისი განაყოფიერება მამაკაცის სასქესო უჯრედით – სპერმატოზოიდით. აქვე იწყება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარება. ამის შემდეგ იგი თანდათანობით ეშვება საშვილოსნოს ღრუში, სადაც 3-4 დღე თავისუფალ მდგომარეობაში იმყოფება, მერე კი მიემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს ანუ ხდება იმპლანტაცია და იწყება ორსულობა. აქედან მოყოლებული მთელი ორსულობის განმავლობაში, რომელიც, ჩვეულებრივ, გრძელდება 265-270 დღე, ქალის საშვილოსნოში ვითარდება ადამიანის ჩანასახი. მისგანვე ვითარდება ისეთი სტრუქტურები, როგორიც არის პლაცენტა, ჭიპლარი და სხვა.
ორსულობა სამ ტრიმესტრად იყოფა. თითოეული 3 თვეს მოიცავს. მომავალმა დედამ უნდა იცოდეს, რა რომელ ტრიმესტრში უვითარდება ნაყოფს და რით შეიძლება დაეხმაროს მუცლადყოფნის ამა თუ იმ პერიოდში შვილს.

I თვე
იმ მემკვიდრეობითი ინფორმაციის მატარებლები, რომელსაც დედა და მამა მომავალ შვილს გადასცემენ, არიან კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი. ეს ინფორმაცია კონცენტრირებულია ქრომოსომებში და წარმოადგენს 2 000-ამდე გენის შემცველ მიკროსკოპულ სტრუქტურას. გენები განსაზღვრავენ ბავშვის მიერ მშობლებისგან დამემკვიდრევებულ შტრიხებს, მაგალითად, თმისა და თვალების ფერს, სისხლის ჯგუფს, სიმაღლეს, წონას. განაყოფიერებისას ხდება სქესის განსაზღვრაც, თუმცა ეს მხოლოდ სპერმატოზოიდზეა დამოკიდებული: თუ ის ქალის სასქესო ქრომოსომას შეიცავს – გოგონა დაიბადება, თუ მამაკაცისას – ბიჭი.
პატარა, რომელიც ჯერ სულ რამდენიმე უჯრედს წარმოადგენს, იწყებს ორსულობის ჰორმონის – ქორიონული გონადოტროპინის – გამომუშავებას, რომელიც დედის შარდში ხვდება. სწორედ ამ ჰორმონზე რეაგირებს ორსულობის ტესტი.
განაყოფიერებიდან პირველი კვირის განმავლობაში კვერცხუჯრედი განუწყვეტლივ იყოფა და თან დედის საშვილოსნოსკენ მიემართება. მეორე კვირის დასაწყისში იგი ხვდება საშვილოსნოში და მის კედელს ემაგრება. მესამე კვირას განვითარებას იწყებენ ქსოვილები, იწყება ნაყოფის ორგანოების ფორმირების პროცესი, ყალიბდება გული, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ ერთი კამერისგან შედგება, მაგრამ მეორე თვის დასასრულს უკვე თითქმის ზრდასრული ადამიანის გულის მსგავსია. მე-2 კვირის ნახევრიდან იწყება ნერვული სისტემის (თავისა და ზურგის ტვინის) განვითარება. მე-4 კვირიდან ფორმირდება თვალის ჩაღრმავებები, განვითარებას იწყებს ხელ-ფეხი, ყალიბდება ზემოთა შინაგანი ორგანოების ჩანასახი. პირველი თვის მიწურულს ბავშვი დაახლოებით 4 მმ სიგრძისაა.
ზოგიერთი ქალი ორსულობის ნიშნებს ამჩნევს განაყოფიერებიდან ძალიან მალე, უმეტესად – ორსულობის პირველ-მეორე კვირას, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ორსულად არის. სახელდობრ, ორსულობის პირველ თვეს მოსალოდნელია:

  • მენსტრუაციის შეწყვეტა (თუმცა ზოგჯერ მოსალოდნელი მენსტრუაციისა და ნაყოფის იმპლანტაციის პერიოდში შეინიშნება მენსტრუალურის მსგავსი გამონადენი);
  • სისუსტე და ძილიანობა. პლაცენტა საბოლოოდ მხოლოდ მე-3 თვის ბოლოს ყალიბდება, ამიტომ ორსულობის პირველ თვეს ქალის ორგანიზმი გაძლიერებულად მუშაობს, რათა განვითარების პროცესში მყოფი ნაყოფის ტარება შეძლოს. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულფასოვანი დასვენება, მაგრამ არა გადამეტებული, რადგან, რა პარადოქსულიც უნდა მოგვეჩვენოს, ის ქალს უფრო მეტად დაასუსტებს. ორსულის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, ავიტამინოზის თავიდან ასაცილებლად საჭიროებისამებრ უნდა შეიცვალოს შრომისა და კვების რეჟიმი. ასევე მნიშვნელოვანია ქალის საცხოვრებელი სახლის მიკროკლიმატის კონტროლი. კერძოდ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ცუდი განათება, ჩახუთული ჰაერი, ძლიერი ხმაური ორსულის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ორსულობის პირველ თვეს აუცილებელია ფიზიკური შრომის შეზღუდვა.
  • გახშირებული შარდვა. ამ შემთხვევაში ინფექციის გამოსარიცხად ქალმა ექიმს უნდა მიმართოს. ინფექციის გამორიცხვის შემთხვევაში შარდვის გახშირების მიზეზად შეიძლება ვივარაუდოთ ორგანიზმის ახალ მდგომარეობაზე გადაწყობა (გაზრდილი საშვილოსნო აწვება შარდის ბუშტს). მოშარდვის დროს ორსული წინ უნდა დაიხაროს, რათა შარდის ბუშტი ბოლომდე დაიცალოს.
  • გულისრევა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ღებინება და/ან ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება. ეს ადრეული ტოქსიკოზის ნიშნებია. იგი ორსულთა ნახევარს აღენიშნება და იშვიათია ორსულობის მე-15 კვირის შემდეგ. ტოქსიკოზი უფრო მეტად გამოხატულია პირველი ან მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს.
  • გულძმარვა და მუცლის შებერვა;
  • ზოგიერთი საკვების აუტანლობა და ზოგიერთი საკვებისადმი ლტოლვა;
  • სარძევე ჯირკვლების სიმძიმისა და სისავსის შეგრძნება, დვრილების ირგვლივ ქსოვილის გამუქება; შესაძლოა, სარძევე ჯირკვლების კანზე გაჩნდეს გაფართოებული ლურჯი ვენების ქსელი; თუ სარძევე ჯირკვლები მეტისმეტად მგრძნობიარეა, ბიუსტჰალტერის გახდა ღამითაც კი არ არის რეკომენდებული.

რამდენიმე რჩევა, რომლებიც ორსულს მუდმივი გულისრევისგან თავის დაღწევაში დაეხმარება:

  • დიეტა მდიდარი უნდა იყოს ცილებითა და ნახშირწყლებით;
  • აუცილებელია საკმაო რაოდენობით სითხის მიღება (რძის კოქტეილები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, სუპები, ბულიონი);
  • რაციონში უხვად უნდა იყოს ახალი ხილი (წვნიანი) და ბოსტნეული;
  • სასურველია საწოლიდან აუდგომლად საუზმობა. დღის განმავლობაში აუცილებელია ხშირად და მცირე ულუფებით კვება;
  • ყოველი კვების შემდეგ ორსულმა პირში უნდა გამოივლოს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი (აუცილებლად სტომატოლოგის რეკომენდაციით შერჩეული);
  • დაუშვებელია, ორსული ეწეოდეს. მეტიც – იმ ოთახშიც კი არ შეიძლება გაჩერება, სადაც ეწევიან;
  • ორსულმა თავი უნდა არიდოს სტრესულ სიტუაციებს. გარშემო მყოფებმა მას მშვიდი, სასიამოვნო ატმოსფერო უნდა შეუქმნან.

პირველი თვე ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის შემდგომი განვითარებისთვის. თუ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედზე გავლენა მოახდინა განსაკუთრებით არასასურველმა ფაქტორებმა ან მოხდა უხეში გენეტიკური შეცდომა, ორსულობა წყდება.
ქალები ხშირად ნერვიულობენ, როდესაც ორსულობის ამბავს შეიტყობენ – ვაითუ ორსულობის გამომჟღავნებამდე მიღებულმა ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებმა ან ალკოჰოლმა ჩანასახს ავნოო, მაგრამ პრაქტიკამ ცხადყო, რომ თუ ასეთ დროს ორსულობა ადრეულ ვადაზე (პირველ ორ კვირას) არ შეწყდა, მაშინ იგი ნორმალურად განვითარდება, – იმ პირობით, რომ არასასურველი ფაქტორების ხელახალ ზემოქმედებას გამოვრიცხავთ.
ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ ორსულს აწუხებს:

  • ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა არეში (ცალ ან ორივე მხარეს); მუცლის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი გამონადენი გენიტალიებიდან, გულისრევა და ღებინება;
  • გამონადენი (სუნიანი ან უსუნო) საშოდან;
  • სისხლიანი გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან;
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • ძლიერი სისუსტე, თავბრუხვევა, გულის წასვლისადმი მიდრეკილება;
  • შემცივნება, ტემპერატურის მატება;
  • გულისრევა და ღებინება (დღეში 2-3 ჯერზე მეტად).

II თვე
ორსულობის მეორე თვეს ნაყოფის ყველა ორგანო, განსაკუთრებით კი თავის ტვინი, აქტიურად ვითარდება. თავი სხეულის მესამედს შეადგენს. ბავშვს გული უკვე უცემს. სახე არ უჩანს, მაგრამ გასქელებული აქვს ის ადგილები, სადაც მომავალში თვალები და ყურები უნდა ჩამოყალიბდეს. მე-2 თვის ბოლოს ექოსკოპიაზე ჩანს ხელები და ფეხები, რომლებზეც ზრდას იწყებს თითები. იწყება სასქესო ორგანოებისა და ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაც. 8 კვირის ასაკში ბავშვი 2,5 სმ სიგრძისაა.
ორსულს უჩნდება ახალი შეგრძნებები, რომლებიც უფრო აშკარად მიუთითებს ორსულობაზე: ზოგიერთი საკვებისადმი ლტოლვა; თავის პერიოდული ტკივილი; თავბრუხვევის პერიოდული შეგრძნება; კუჭის მოქმედების პრობლემები. შესაძლოა, თეძოებთან ტანსაცმელიც დაუვიწროვდეს. მოსალოდნელია ემოციური ცვლილებებიც: გაღიზიანებადობა, არასტაბილური განწყობა, ტირილისადმი მიდრეკილება, გულჩვილობა, შფოთვა.
ორსული გარეგნულადაც იცვლება. მკერდსა და მუცელზე შესამჩნევი ხდება ვენები – სისხლძარღვები მზარდი ნაყოფის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ფართოვდება. თეძოებზე შესაძლოა გაჩნდეს წვრილი მოწითალო კლაკნილი ხაზები. ეს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებია, რომლებიც მშობიარობის შემდეგ გაქრება.
ორსულებში საკმაოდ ხშირია ვენების ვარიკოზი. ვენური სისტემის სისუსტე ამ დაავადებისადმი მიდრეკილ ქალებში პირველად სწორედ ორსულობის მეორე თვეს გამოვლინდება. ყველაზე მეტად ზიანდება ქვედა კიდურებისა და გარეთა გენიტალიების ვენები. ამის მიზეზია: ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობის მატება; ვენათა კედლის კუნთოვანი შრის დასუსტება, რასაც ჰორმონები განაპირობებს. ასეთ დროს ორსულს აწუხებს ტკივილი გაფართოებული ვენის არეში, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში. კარგად ჩანს გაფართოებული და გასქელებული ვენები.
ვარიკოზული ცვლილებების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ორსული გაითვალისწინებს შემდეგ რჩევებს:
არ შეიძლება წონის ზედმეტად მომატება. არ შეიძლება ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა. ჯდომისას დაძაბულობის მოსახსნელად ფეხები მენჯ-ბარძაყის დონეზე უნდა იყოს აწეული. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დასვენებისას რეკომენდებულია გვერდზე წოლა, ტერფების ან მუხლების ქვეშ ბალიშის ამოდება. არ შეიძლება დიდხანს ფეხიფეხგადადებული ჯდომა. არ შეიძლება სიმძიმეების აწევა. რეკომენდებულია სპეციალური კოლჰოტების ტარება, რომლებიც ამაგრებს ფეხის კუნთოვან ტონუსს, ამცირებს შეშუპებას, აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას და ამის კვალობაზე – გულის დატვირთვასაც. კოლჰოტები ორსულმა უნდა ჩაიცვას დილით, საწოლიდან წამოდგომამდე. არ შეიძლება ვიწრო, მეტისმეტად მოჭერილი ტანსაცმლის ტარება (განსაკუთრებით – ისეთი წინდებისა, რომელთა ზედა ნაწილი ელასტიკურია). ფეხსაცმელი უნდა იყოს კომფორტული. არ შეიძლება მოწევა. რეკომენდებულია მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში, მაგალითად, ყოველდღე 20-30-წუთიანი სწრაფი სიარული. აუცილებელია სათანადო რაოდენობის C ვიტამინის მიღება – მისი წყალობით ვენები ელასტიკურობას ინარჩუნებენ.
ორსულობის დროს ვენების ქირურგიული მკურნალობა რეკომენდებული არ არის. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ოპერაცია მშობიარობის შემდეგ უნდა გაკეთდეს. მაგრამ მშობიარობის შემდეგ, როცა ქალი იბრუნებს ადრინდელ წონას, ვარიკოზული მოვლენები, როგორც წესი, ქრება.

როგორ უნდა მოიქცეს ორსული

0-8 კვირა:

  • ჩაიტაროს ორსულობის ტესტი (სასურველია, დილის შარდით).
  • მიმართოს გინეკოლოგს გასასინჯად და ექოსკოპიური გამოკვლევისთვის. აუცილებელია იმის დადგენა, რომ ორსულობა ნორმალურად ვითარდება. ორსულობის ადრეულ ვადაზე ვაგინალური ექოსკოპია საშიში არ არის.
  • მიიღოს ექიმის კონსულტაცია სწორი კვებისა და ვიტამინების თაობაზე. ორსულობის ადრეულ ვადაზე მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავას მიღება (მინიმუმ 400 მკგ/დღ).

8-12 კვირა

  • ჩაიტაროს ყველა აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევა. მნიშვნელოვანია ტოქსოპლაზმის, ციტომეგალოვირუსის, ჰერპესის ვირუსის მიმართ იმუნიტეტის განსაზღვრა – ამ ინფექციებმა შესაძლოა ნაყოფის განვითარებაზე იმოქმედოს.
  • 15-16 კვირა
  • აუცილებელია ნაყოფის მდგომარეობის, კერძოდ, მისი ძირითადი ორგანოების შენებისა და განვითარების შემოწმება, რადგან ამ დროისთვის ისინი უკვე პრაქტიკულად ფორმირებულია.
  • ნაყოფის განვითარების მანკებისა და გენეტიკური დეფექტების გამოსავლენად მოწოდებულია გამოკვლევის შემდეგი მეთოდები:
  • სისხლის ანალიზი ალფა-ფეტოპროტეინზე. ეს არის ცილა, რომელსაც გამოიმუშავებს ნაყოფი და გამოიყოფა სანაყოფე წყლებსა და დედის სისხლში. ნაყოფის განვითარების ზოგიერთი მანკის დროს მოსალოდნელია ამ ნივთიერების ოდენობის ცვლილება;
  • ექოსკოპიური გამოკვლევა;
  • გინეკოლოგის კონსულტაცია. ეს ყველა ორსულისთვის არის აუცილებელი, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც გადატანილი აქვს თვითნებური აბორტი, მკურნალობდა უშვილობაზე ან 30 წელს არის გადაცილებული.

III თვე
იკვეთება პატარას სახე. ჩნდება ტერფები და მტევნები. მესამე თვის ბოლოს უკვე ფორმირებულია სისხლძარღვოვანი და შარდის გამომყოფი სისტემები. სხვა სისტემები და ორგანოები განვითარებას განაგრძობენ. კუჭი და ნაწლავები უკვე ჩამოყალიბებულია, ღვიძლი იწყებს ნაღვლის გამომუშავებას, ფორმირდება სასუნთქი აპარატი. გულს უკვე 4 კამერა აქვს, ტვინს – ღარები და ხვეულები. ხრტილოვანი ქსოვილი ნაწილობრივ ძვლოვანით იცვლება. ბავშვი უკვე ამოძრავებს კიდურებს, თუმცა დედა ამას ვერ გრძნობს. გენიტალიები უკვე განვითარებულია, მაგრამ ბავშვის სქესის განსაზღვრა ექოსკოპიური კვლევით ჯერ კიდევ ძნელია. ნაყოფი 10 სმ სიგრძისაა.
ამ პერიოდში მომავალი დედის შეგრძნებები ძალიან ჰგავს წინა თვისას, თუმცა ხშირდება თავის ტკივილი, რომლის მიზეზიც უმეტესად ჰორმონული ცვლილებებია. ორსულობის პერიოდში წამლების მიღება არ არის რეკომენდებული, ამიტომ ტკივილს მაპროვოცირებელი ფაქტორის მოხსნის გზით, დაღლილობის, დაძაბულობის, შიმშილის, ფიზიკური და ემოციური სტრესის მინიმუმამდე შემცირებით უნდა ვებრძოლოთ. კარგია მოდუნება: წყნარი მუსიკის მოსმენა, საინტერესო წიგნის კითხვა, სეირნობა. ორსული უნდა ერიდოს ჩაფუთვნას, ჩახუთულ ოთახში ყოფნას, ხმაურსა და ხალხმრავლობას. კარგია კონტრასტული კომპრესებიც: ცხელისა და ცივის მონაცვლეობა 10 წუთის განმავლობაში 30-წამიანი შუალედებით. თუ თავის ტკივილის მიზეზი ნერვული დაძაბულობაა, შეიძლება კეფაზე 20 წუთით ყინულის დადება, თვალების დახუჭვა და მოდუნება.
თუ თავის ტკივილი რამდენიმე საათია გრძელდება და თან ახლავს ტემპერატურის მატება, მხედველობის მოშლა, ხელ-ფეხის შეშუპება, არტერიული წნევის მატება, – ორსულმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
ამავე პერიოდში საკმაოდ გავრცელებული ჩივილია ნაწლავების პერისტალტიკის (კუჭის მოქმედების) მოშლა. ორსულობის დროს განსაზღვრული ჰორმონების მატების გამო ნაწლავების კუნთოვანი შრე დუნდება, ნელდება მასში საკვების გადაადგილება და შეწოვა. ამავე დროს გადიდებული საშვილოსნო აწვება მსხვილ ნაწლავს, ცვლის მის მოძრაობით აქტიურობას, რის შედეგადაც ვითარდება ყაბზობა (შეკრულობა).

რამდენიმე რჩევა, რომლებიც ორსულს შეკრულობისგან თავის დაღწევაში დაეხმარება:

  • უნდა გაიზარდოს რაციონში უჯრედისით მდიდარი (უმი ან ორთქლზე მომზადებული, შეძლებისდაგვარად, გაუფცქვნელი) ხილისა და ბოსტნეულის წილი;
  • რაციონი უნდა გამდიდრდეს შემდეგი პროდუქტებით: ცეხვილი პურით, ხმელი ხილით (ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი, გარგარის ჩირი). თუ დაორსულებამდე ქალი უჯრედისს სათანადო რაოდენობით არ მოიხმარდა, რაციონში ის თანდათანობით უნდა შეიტანოს, რათა თავიდან აიცილოს მუცლის შებერვა და დისკომფორტი. ამავე მიზეზით კვება საჭიროა დღეში 5-6-ჯერ, ზომიერი ულუფებით.
  • თუ დიეტით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, რეკომენდებულია ცოტაოდენი ქატოს მიღება (მაქსიმუმ ორი სუფრის კოვზისა, რადგან ქატოს შეუძლია, მიიკრას საკვებიდან ბევრი სასარგებლო ნივთიერება). რეკომენდებულია სითხის ოდენობის გაზრდაც. წყალი, ხილისა და ბოსტნეულის წვენი ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების გადაადგილებას. შეიძლება ლიმონიანი (მაგრამ უშაქრო) წყალი, შავი ქლიავის ჩირის ნახარში.
  • შეკრულობასთან ბრძოლის მესამე ხერხია ფიზიკური დატვირთვა. მოძრაობას დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწლავის ნორმალური ფუნქციობისთვის. კარგია დღის განმავლობაში 30-წუთიანი სწრაფი სიარული ან ორსულთათვის განკუთვნილი მსუბუქი ვარჯიშების შესრულება.
  • პერისტალტიკის დარღვევის დროს საკმაოდ ხშირია მუცლის შებერვა, რაც ნაწლავებში აირების ჭარბ წარმოქმნას უკავშირდება. ნაყოფს, რომელიც გარეგანი მავნე ზემოქმედებისგან გარსით არის დაცული, აირთა სიჭარბე არ აწუხებს, მაგრამ როცა აირთა დაგროვება დედას უშლის, იკვებოს სწორად და რეგულარულად, მაშინ ეს ნაყოფისთვისაც მნიშვნელოვანი ხდება.
  • საჭიროა ნაწლავების ყოველდღიური დაცლა, მცირე ულუფებით ჭამა (კუჭისა და ნაწლავების გადავსება მუცლის შებერვას უწყობს ხელს), საკვების მიღება მშვიდად და აუჩქარებლად. როცა ჭამის დროს ქალი დაძაბულია, საკვებთან ერთად კუჭში ხვდება ჰაერიც, რაც ასევე აირთა ჭარბი წარმოქმნის მიზეზად იქცევა.
  • აირწარმოქმნის პროცესს აძლიერებს: ხახვი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, შემწვარი პროდუქტები, ტკბილეული, ლობიო. ეს საკვები დროებით უნდა ამოვიღოთ რაციონიდან.

ინტიმური ცხოვრება
სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება რეკომენდებულია ორსულობის პირველ ორ და ბოლო ორ თვეს. დანარჩენ დროს, თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს (რასაც გამოკვლევებით დავადგენთ), სქესობრივი ურთიერთობა ნებადართულია.

ორსულთა ტოქსიკოზი – toxicosis gravida – токсикоз беременных

ორსულთა ტოქსიკოზი მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ორსულის ორგანიზმში ადაპტაციური პროცესების დარღვევისას ვითარდება, ანუ  ტოქსიკოზი ორსულობაზე ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქციაა. მისი სიმპტომები აღმოცენდება ორსულობის დროს, ართულებს მის მიმდინარეობას და, როგორც წესი, სრულდება მშობიარობის შემდეგ.
ტოქსიკოზის განვითარების რამდენიმე თეორია არსებობს: ალერგიული, ტოქსიკური, იმუნოლოგიური, ნეირორეფლექტორული, ჰუმორული და სხვა.  

ორსულთა ტოქსიკოზის კლასიფიკაცია:
ორსულთა ტოქსიკოზები პირობითად ორ დიდ ჯგუფად იყოფა:
1. ადრეული ტოქსიკოზი (ორსულთა ნერწყვდენა და ორსულთა ღებინება), რომელიც აღმოცენდება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და წესისამებრ, 12 კვირის შემდეგ გაივლის;
2. გვიანი (პრეეკლამფსია და ეკლამფსია), რომელიც ორსულობის მესამე ტრიმესტრში ვითარდება.
არსებობს ორსულთა ტოქსიკოზის იშვიათი ფორმებიც: ორსულთა ტეტანია (კრუნჩხვა), დერმატოზები (კანის დაზიანება), ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება), ორსულთა ბრონქული ასთმა, ორსულთა სიყვითლე.

ორსულთა ადრეული ტოქსიკოზი
ორსულთა ნერწყვდენა  იშვიათად მიმდინარეობს ადრეული ტოქსიკოზის დამოუკიდებელი ფორმის სახით. ის უმეტესად თან სდევს ღებინებას. ძლიერი ნერწყვდენის დროს ორსული დღე-ღამეში 1 ლიტრამდე სითხეს კარგავს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს:

  • ორგანიზმის გაუწყლოება;
  • ჰიპოპროტეინემია;
  • კანის აქერცვლა;
  • უარყოფითად იმოქმედოს ფსიქიკაზე;
  • შეამციროს სხეულის მასა.

ორსულთა ღებინება ადრეული ტოქსიკოზის შედარებით ხშირი ფორმაა, მაგრამ მკურნალობას იშვიათად მოითხოვს.
ორსულობის რაც უფრო ადრეულ ვადაზე დაიწყება ღებინება, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს იგი.
განასხვავებენ ღებინების მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებს.

  • მსუბუქი ანუ პერიოდული პირღებინება დღეში 2-3-ჯერ, უზმოზე ან ჭამის შემდეგ, აგრეთვე სუნებზე, ორსულთა უმრავლესობას აწუხებს. ის უვნებელია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც და მედიკამენტურ ჩარევას არ საჭიროებს.
  • საშუალო სიმძიმის ტოქსიკოზის დროს ღებინება დღეში 6-10-ს აღწევს, საკვების მიღებასთან კავშირი არ აქვს, თან სდევს წონის კლება, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია, კანის სიმშრალე, დიურეზის დაქვეითება. არტერიული წნევა უმნიშვნელოდ ეცემა. ამ დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია ან დღის სტაციონარში ინფუზიური თერაპიის ჩატარება (სითხეების გადასხმა) სისხლში სითხისა და საკვები ნივთიერებების შემცველობის აღსადგენად.
  • მძიმე ღებინება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის ჩვენებაა. ამ დროს ღებინება მრავალჯერადი ან შეუკავებელია. მეორდება დღეში 15-20-ჯერ და მეტჯერ, არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. მძიმე ღებინება იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას და წონის მკვეთრ კლებას, კანის გამოშრობას და მოდუნებას. ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, პირიდან ამოდის უსიამოვნო სუნი, სხეულის ტემპერატურა იმატებს, პულსი წუთში 110-120-ს აღწევს. არტერიული წნევა ეცემა, შარდში ჩნდება აცეტონი. ზოგჯერ ორსულის სიცოცხლეს საფრთხეც კი ემუქრება. ამ შემთხვევაში დგება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის საკითხი.

დიაგნოსტირება. აუცილებელია ადრეული ტოქსიკოზის დიფერენცირება ისეთი დაავადებებისგან, რომლებიც ასევე ღებინებით ვლინდება. ასეთია კვებითი ინტოქსიკაცია, გასტრიტი, პანკრეატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ნეიროინფექცია.

მკურნალობა. მსუბუქი ტოქსიკოზი მკურნალობას არ საჭიროებს, შეუკავებელი პირღებინების დროს კი აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. მკურნალობა კომპლექსურია. გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აწესრიგებს წყალმარილოვან და ელექტროლიტურ ბალანსს. გაუწყლოების აღმოსაფხვრელად, დეტოქსიკაციისთვის და წყალმარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ინფუზიურ თერაპიას.
ტოქსიკოზის დროს მეტად მნიშვნელოვანია ორსულთა კვება. მსუბუქი ადრეული ტოქსიკოზის დროს რეკომენდებულია ნახშირწყლების მკაცრი შეზღუდვა და საჭმელი მარილის ოდენობის გაზრდა. საკვები კარგად უნდა მოიხარშოს და გაიხეხოს. კვება საჭიროა 2-3-საათიანი შუალედებით, მცირე ულუფებით. სითხის ოდენობა არ იზღუდება, მაგრამ მისი მიღებაც მცირე ულუფებით (50-100 მლ) არის სასურველი. კვების რაციონი უნდა გამდიდრდეს ცილით, უნდა შეიზღუდოს ცხიმიანი, ცხარე, მჟავე, შემწვარი საკვები, ასევე – დაკონსერვებულ ხილი და მისი წვენი, ტკბილეული. რეკომენდებულია მარცვლეული, პარკოსნები, კვერცხი, თევზი, ქათმის ხორცი, კაკალი და ავოკადო. ასევე – ლიმონი და პიტნა, რომლებიც გულისრევას ამცირებს.

ორნითოზი – ornithos – орнитоз

ორნითოზი არის მწვავე ზოონოზურ-ქლამიდიოზური დაავადება, რომელიც უპირატესად ფილტვებს აზიანებს და ვლინდება ინტოქსიკაციის სინდრომით.
მიზეზები. ორნითოზის გამომწვევია გრამუარყოფითი ბაქტერია ჩჰლამყდია პსიტტაცი ჩჰლამყდია-ს ოჯახიდან, რომელიც ინფიცირებულ უჯრედებში პარაზიტობს. ყინვაგამძლეა, ინაქტივირდება გაცხელებით და სადეზინფექციო ნივთიერებების ზემოქმედებით.
ინფექციის წყაროა ფრინველი, – როგორც შინაური, ასევე გარეული. ამჟამად ორნითოზის გამომწვევს 150-ზე მეტი სახეობის ფრინველი გამოყოფს. ეპიდემიური თვალსაზრისით საშიშია შინაური ფრინველები (განსაკუთრებით – იხვები და ინდაურები), ოთახის ჩიტები (თუთიყუში, იადონი) და მტრედები. ისინი გამომწვევს ფეკალურ მასებსა და ცხვირის სეკრეტთან ერად გამოყოფენ. დაავადებული ადამიანი გადამდები არ არის.
ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ასევე – მტვრითა და საკვებით. ტოვებს ხანმოკლე იმუნიტეტს, ასე რომ, ხელმეორედ დაავადება შესაძლებელია.
ძირითადი ეპიდემიოლოგიური ნიშნები. დაავადება ვრცელდება ყველგან. პნევმონიების 10%-ს ორნითოზული ბუნება აქვს. უმეტესად ის ადამიანები ავადდებიან, რომელთაც ხშირი კონტაქტი აქვთ ჩიტებთან (ფრინველების ფაბრიკის, ხორცკომბინატის, ზოომაღაზიის თანამშრომლები, მტრედების მომშენებლები და სხვა). საყოფაცხოვრებო დაავადება მთელი წლის განმავლობაში აღმოცენდება, პროფესიული – ფრინველების მასობრივი ხოცვის, ფრინველების ახალი პარტიის მიღების და ამგვარ პერიოდებში. უმეტესად საყოფაცხოვრებო ინფიცირების ცალკეული შემთხვევები გვხვდება, თუმცა დროდადრო მცირე მასშტაბის (ოჯახური) ეპიდემიური აფეთქებაც შეინიშნება. ავადდებიან უმეტესად შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები.

პათოგენეზი. გამომწვევი სასუნთქი გზების (მათ შორის – წვრილი ბრონქებისა და ალვეოლების) ლორწოვანი გარსის ეპითელიუმიდან იჭრება. ეპითელურ, ლიმფოიდურ და რეტიკულოჰისტიოციტურ უჯრედებში  მრავლდება და გროვდება. დაზიანებული უჯრედის დაშლისას დაშლის პროდუქტები, ასევე – ქლამიდიები, ბაქტერიული ტოქსინები და ცხოველმოქმედების პროდუქტები სისხლში ხვდებიან. ორგანიზმში იწყება პროგრესული ინტოქსიკაცია და ალერგიული რეაქცია. მკვეთრად გამოხატულმა ინტოქსიკაციამ შესაძლოა ინფექციურ-ტოქსიკური შოკი გამოიწვიოს. ქლამიდია შესაძლოა შეიჭრას სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაში, მეტადრე – ფილტვებში, ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა სისტემებში, ღვიძლში. ორგანოებში ვითარდება ანთებითი პროცესები, ხოლო პირობით-პათოგენური ფლორის თანდართვის შემთხვევაში მოსალოდნელია ავადმყოფის სიკვდილი. პნევმონია ვითარდება კატარული ტრაქეობრონქიტისა და პერიბრონქული ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზიის ფონზე.
ქლამიდიას შესწევს უჯრედის შიგნით ხანგრძლივი ლოკალიზაციის უნარი, რაც დაავადების რეციდივებით მიმდინარეობის შესაძლებლობას განაპირობებს.

კლინიკური სურათი. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 1-3 კვირა. ინფექცია შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ფორმით.

მწვავე ფორმა.
ორნითოზის მწვავე ფორმა იწყება ტემპერატურის მკვეთრი მატებით (მაღალ ციფრებამდე). ცხელებას თან ახლავს შემცივნება, ოფლის ჭარბი გამოყოფა, კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილი. ცხელება მუდმივი ან რემისიულია და გრძელდება 1-3 კვირა.
ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, ყელის ტკივილს, ძილის დარღვევას, უმადობას, შეკრულობას. ზოგჯერ შეინიშნება გულისრევის შეგრძნება და თხელი განავალი.
ზოგიერთი დაავადებულის გასინჯვისას ექიმი აღმოაჩენს კონიუნქტივიტს. ენა გასქელებულია, ნადებიანი, შესაძლოა, კიდეებზე კბილების კვალიც კი ეტყობოდეს. დაავადების პირველ კვირას იშვიათი არ არის ჰეპატოლიენური სინდრომის ჩამოყალიბება. გულის ტონები მოყრუებულია, შეიმჩნევა  ბრადიკარდიისკენ მიდრეკილება და არტერიული წნევის დაქვეითება. ორნითოზს ახასიათებს უძილობა, გაღიზიანება და მოწყენილობა, ზოგჯერ – აპათია და ადინამია. შესაძლოა გამოვლინდეს თავის ქერქის გაღიზიანების სინდრომი.
ორნითოზის პირველი ნიშანი – ფილტვების დაზიანება, მშრალი ან ლორწოვანნახველიანი ხველა – თავს იჩენს მხოლოდ დაავადების მე-3-4 კვირას. ამ პერიოდში ავადმყოფს შესაძლოა გამოუვლინდეს ლარინგიტისა და ტრაქეობრონქიტის ნიშნები. შემდგომ პნევმონიის განვითარების შემთხვევაში ქოშინი არ არის გამოხატული, ფლიტვების პერკუტორული ხმიანობის შეცვლა იშვიათია, აუსკულტაციურად ისმინება მშრალი ხიხინი და მხოლოდ ცაკეულ შემთხვევებში – წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი, თუმცა რენტგენოლოგიურად  ფილტვებში  შესაძლოა აღმოჩენილ იქნეს ცვლილებები (ინტერსტიციული ცვლილებები ან ინფილტრაციული კერები ფილტვების ქვედა ნაწილში, ფილტვის ფუძის გაფართოება, ფილტვის სურათის გაძლიერება, ზოგჯერ – ლიმფური კვანძების  გადიდება). პირობით-პათოგენური ფლორის შეერთების შემთხვევაში პნევმონია შესაძლოა მსხვილკეროვანი გახდეს.
პნევმონიის კერები ნელა გაიწოვება და ასთენია დიდხანს გრძელდება. ზოგჯერ სრული გამოჯანმრთელებისთვის 10-15 დღეა საკმარისი, ზოგჯერ კი დაავადებას ახასიათებს რემისიებისა და რეციდივების მონაცვლეობა. ადრეული რეციდივი ვითარდება მწვავე ფაზიდან 2-4 კვირის შემდეგ, გვიანი – 3-4 თვის შემდგე. ზოგჯერ ორნითოზი ქრონიკულ ხასიათს იღებს.
მწვავე ორნითოზის იშვიათ ფორმებს მიეკუთვნება შემთხვევები, როცა დაავადება მიმდინარეობს ფილტვების დაზიანების გარეშე, ზომიერი ცხელებით, ყელისა და კუნთების ტკივილით და ჰეპატოლიენური სინდრომით. ცნობილია ორნითოზული სეროზული მენინგიტი, რომელიც ზოგჯერ ერთვის პნევმონიას, ასევე – მენინგოენცეფალიტი პოლინევრიტებით, პარეზითა და დამბლით (ხმის იოგების, ქვედა კიდურების).
ორნითოზის ქრონიკული ფორმა უვითარდება დაავადებულთა 10-12%-ს. იგი მიმდინარეობს ქრონიკული ბრონქიტის ან სხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებით და შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს.
ორნითოზის გენერალიზებული ფორმა მიეკუთვნება ზოონოზური ქლამიდიოზების ჯგუფს, ვითარდება ადამიანის ჩ. პსიტტაცი-თ ინფიცირების შემთხვევაში. აქვს ორნითოზის მსგავსი ეტიოლოგია, ეპიდემიოლოგია და პათოგენეტიკური ხასიათი.
საინკუბაციო პერიოდი 1-3 კვირაა. დაავადება უმეტესად მწვავედ იწყება, ტემპერატურა სწრაფად აღწევს მაღალ ციფრებს, ახასიათებს შემცივნება, თავის ტკივილი, ართრალგია. პროდრომულ პერიოდში შესაძლოა ავადმყოფს აწუხებდეს მხოლოდ საერთო სისუსტე, უმადობა, თავის ტკივილი და სუბფებრილური ტემპერატურა. შემდგომ ტემპერატურა იმატებს და მაღალი ცხელება რამდენიმე დღე გრძელდება. ავადმყოფი უჩივის პირის სიმშრალეს, წყურვილს,  გულისრევას, მადის გაუარესებას და ძილის დარღვევას. უმეტესად დაავადების პირველივე დღეებიდან ვითარდება კიდურების მსხვილი სახსრების ტკივილი.
ავადმყოფს აქვს ფერმკრთალი კანი (ძალიან იშვიათია სახისა და სხეულის ზედა ნაწილის ხანმოკლე ჰიპერემია), კონიუნქტივიტი ლორწოვანი გამონადენით. გულის ტონები მოყრუებულია, პულსი – გახშირებული და ლაბილური, არტერიული წნევა ზოგჯერ უმნიშვნელოდ იმატებს. სასუნთქი სისტემის მხრივ პათოლოგია არ შეინიშნება. ენაზე თეთრი ნადებია, ღვიძლი გადიდებულია, შარდვა – გახშირებული, მომატებულია დღეღამური დიურეზი, შარდში მომატებულია ცილების, ლეიკოციტების, ცილინდრების ოდენობა, შეინიშნება ჰიპო- და იზოსთენია. ავადმყოფი გაბრუებული და უემოციოა. შესაძლოა თავი იჩინოს ნევროლოგიურმა სიმპტომებმა – ხელის თითების ტრემორმა, ენის კანკალმა (ენის გამოყოფის დროს), ხელის თითების პარესთეზიამ, სამწვერა ნერვის ნევრიტმა. დაავადების მე-2 კვირიდან დამახასიათებელია ეპისკლერიტის განვითარება, რომელიც ვლინდება თვალების წვით და თვალებში სილის ჩაცვენის შეგრძნებით, თვალის კაკლის მოძრაობის დროს ტკივილით, ზოგჯერ – მხედველობის დაქვეითებით. შესაძლოა, თვალის ფსკერზე ცვლილებებიც დაფიქსირდეს.

დიაგნოსტიკა. ორნითოზი უნდა განვასხვაოთ გრიპისგან, ზედა სასუნთქი გზების ინფექციისგან, ფილტვების ანთებითი პროცესებისგან, ტუბერკულოზისგან, ბრუცელოზისგან, Q-ცხელებისგან, ინფექციური მონონუკლეოზისგან, მიკოპლაზმოზისგან და ზოგ შემთხვევაში სეროზული მენინგიტისაგან. ორნითოზზე ეჭვის შემთხვევაში ექიმი ითვალისწინებს ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს – კონტაქტს ფრინველებთან (ფრინველების ფერმაში, ხორცკომბინატში, ზოომაღაზიაში  მუშაობა, მტრედების მოშენება და სხვა). დიაგნოზს სვამენ სპეციფიკური ანტისხეულების აღმოჩენის საფუძველზე.

მკურნალობა. ორნითოზს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ფორმაზე. ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია, ინიშნება ბრონქოლიტიკები, ვიტამინები, ჟანგბადი, სიმპტომატური საშუალებები.

პროფილაქტიკა. ორნითოზის პროფილაქტიკა გულისხმობს შინაურ ფრინველებს შორის ორნითოზის გავრცელების საწინააღმდეგო ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებების ჩატარებას, დაავადებული ფრინველების გამოვლენას. ავადმყოფი გარშემო მყოფთათვის საშიში პრაქტიკულად არ არის.

ოლიგოფრენიის მკურნალობა და პროფილაქტიკა – mental retardation – Treatment and Prevention – олигофрения – лечение и профилактика

მკურნალობა და პროფილაქტიკა. ოლიგოფრენიის მკურნალობა პირობითად შეიძლება დაიყოს სპეციფიკურ, სიმპტომურ და კორექციულ (სამკურნალო-პედაგოგიურ) მკურნალობად.
სპეციფიკური მკუნალობა ტარდება რამდენიმე სახის ოლიგოფრენიის დროს (თანდაყოლილი სიფილისი, ტოქსოპლაზმოზი და სხვა), როდესაც დადგენილია ეტიოლოგია და პათოგენეზი.
დიეტათერაპია ეფექტურია, როცა ოლიგოფრენია უკავშირდება მეტაბოლიზმის დარღვევას, მაგალითად:

  • ფენილკეტონურიას – იზღუდება ნატურალური ცილა; იგი იცვლება კაზეინის ჰიდროლიზატით, რომელიც ღარიბია ფენილალანინით;
  • ჰომოცისტინურიას – იზღუდება მეთიონინით მდიდარი პროდუქტები (ხორცი, თევზი და სხვა);
  • გალაქტოზემია, ფრუქტოზურია, სუკროზურია – რაციონიდან უნდა გამოირიცხოს შესაბამისი ნახშირწყლები.

თანდაყოლილი ენდოკრინოპათიის, მეტადრე – კრეტინიზმისა და მიქსედემის დროს ნაჩვენებია კომპენსატორული ჰორმონოთერაპია.
თერაპიის ეფექტიანობა ბევრად არის დამოკიდებული მკურნალობის დროულ დაწყებაზე. მკურნალობა დეფექტის მოხსნისკენ კი არა, არამედ მისი განვითარების შეფერხებისკენ არის მიმართული.
სიმპტომური მკურნალობა პრინციპულად არ განსხვავდება სხვა დაავადებების მკურნალობისგან: მიმართავენ დეჰიდრატაციულ, გამწოვ, ზოგადგამაჯანსაღებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, სედაციურ თერაპიას.
სიმპტომურ საშუალებებს შეიძლება მივაკუთვნოთ მედიკამენტები, რომლებიც ასტიმულირებენ ფსიქიკურ განვითარებას – ნოოტროპები და სხვა ფსიქოსტიმულატორები.
კორექციული სამკურნალო-პედაგოგიური ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოლიგოფრენიული დეფექტის გადალახვაში. წამყვანი მნიშვნელობა აქვს ოლიგოფრენოპედაგოგიკას, შრომის შესწავლასა და პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებას, რაც დამოკიდებულია ოლიგოფრენიის  ხარისხსა და კლინიკურ თავისებურებებზე, ასევე – ავადმყოფის ასაკზე.

ოლიგოფრენიის პროფილაქტიკა.
სადღეისოდ, გენეტიკაში არსებული მიღწევებისა და სამედიცინო-გენეტიკური კონსულტაციების წყალობით, ოლიგოფრენიის პირველადი პროფილაქტიკის შესაძლებლობა გაფართოვდა.
რუბეოლური ოლიგოფრენიის პროფილაქტიკა გულისხმობს ორსულის წითურასგან დაცვას. ოლიგოფრენიის პრევენციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ორსულის სიფილისზე, ტოქსოპლაზმოზზე, რეზუს-კონფლიქტზე გამოკვლევა. თანდაყოლილი სიფილისისა და მასთან დაკავშირებული ოლიგოფრენიის პროფილაქტიკა გულისხმობს ინფიცირების თავიდან აცილებას, ხოლო სიფილისით დაავადების შემთხვევაში – ორსულის შესაბამის მკურნალობას.
ტოქსოპლაზმოზის პროფილაქტიკა უკავშირდება ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს და ტოქსოპლაზმოზით  ინფიცირების შემთხვევაში ორსულის პრევენციულ მკურნალობას. ასევე მნიშვნელოვანია ორსულებში უარყოფითი რეზუსფაქტორის დროული დადგენა და სისხლში რეზუს-ანტისხეულების განსაზღვრა.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობიარობის დროს და შემდგომ ახალშობილის ტრავმისა და ინფიცირებისგან დაცვას.
ოლიგოფრენიისა და მასთან ახლო მდგარი ჭკუასუსტობის პრევენცია ბევრად არის დამოკიდებული სოციალურ ღონისძიებებზე, რომლებიც მიმართულია  ორსულისა და ბავშვის გარემო პირობების გაუმჯობესებისა და ბავშვის ნორმალურ პირობებში აღზრდისკენ.

რეაბილიტაცია და სოციალური ადაპტაცია. ოლიგოფრენიით დაავადებულთა რეაბილიტაცია გულისხმობს მკურნალობას, სწავლას და შრომითი უნარ-ჩვევების დაუფლებას. ყოველივე ეს ავადმყოფთა სამკურნალო-პროფილაქტიკური და სოციალური დახმარების ორგანიზაციებმა უნდა განახორციელონ. ასეთი კონტინგენტის ჭეშმარიტი რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ოლიგოფრენიით დაავადებული ავადმყოფებისთვის განკუთვნილ დიფერენცირებულ ქსელურ დაწესებულებებში, სადაც ითვალისწინებენ ავადმყოფის ასაკსა და ჭკუასუსტობის ხარისხს. გონებრივად შეზღუდული ადამიანების სოციალური რეაბილიტაცია გულისხმობს შრომითი მოწყობისა და მეურვეობის უზრუნველყოფას. ამ საქმიანობაში ჯანდაცვის დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობენ საზოგადოებრივი განათლებისა და სოცუზრუნველყოფის განყოფილებები: ჩვილ ბავშვთა სახლები, ბავშვთა ბაგა-ბაღები, რომლებიც განკუთვნილია სკოლამდელი ასაკი ცნს-ის დაზიანების მქონე და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის; დამხმარე სკოლები და სკოლა-ინტერნატები; სპეციალიზებული სკოლები, სადაც მოხერხდება ოლიგოფრენიით დაავადებულთათვის ზოგადი განათლებისა და შრომითი უნარ-ჩვევების მიცემა; სამკურნალო-შრომითი სახელოსნოები, სამრეწველო დაწესებულებები გონებრივად ჩამორჩენილთათვის; მაღალი ხარიხის ჭკუასუსტ ბავშვთა და ზრდასრულთა სპეციალური სახლები და სხვა. სოციალურ დახმარებას ახორციელებს მეურვეობის, პატრონაჟისა და პენსიით უზრუნველყოფის სისტემა.
დაავადებულები სამკურნალო-პროფილაქტიკურ დახმარებას იღებენ ბავშვთა პოლიკლინიკების ფსიქონევროლოგიურ კაბინეტებში, ფსიქონევრლოგიურ დისპანსერებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ასევე – ზოგად სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში. უნარშეზღუდულთა იურიდიულ დაცვას უზრუნველყოფს საზოგადო და სოციალური კანონმდებლობა.

ფსიქოზი ოლიგოფრენიის დროს
ოლიგოფრენიით დაავადებულებში ფსიქოზის არსებობა ბურუსით არის მოცული. ფსიქოზის ბუნების შესახებ ურთიერთსაპირისპირო აზრები არსებობს. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ფსიქოზს ახასიათებს სპეციფიკური  თავისებურებები, რომლებიც სხვა დაავადებების დროს არ გვხვდება. ავტორთა უმრავლესობის აზრით, ოლიგოფრენიით დაავადებულებს შეიძლება განუვითარდეთ ისეთივე ფსიქოზი, როგორიც სხვა ადამიანებს (რეაქციული მდგომარეობა, ეგზოგენური ფსიქოზი, შიზოფრენია, მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი და სხვა); განსხვავება მხოლოდ გონებასუსტობაა.
ოლიგოფრენებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ რეაქციული ფსიქოზი, რომელსაც თან ახლავს შიში, დეპრესია, ისტერიკის გამოვლინება, გონების დაბინდვა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ორგანულ ფსიქოზს, კერძოდ, ე.წ. პერიოდულ ფსიქოზს.
ოლიგოფრენიის დროს შიზოფრენიას აქვს ისეთივე ძირითადი ნიშნები და ფორმები (მუდმივი და შეტევისებური), როგორიც ჩვეულებრივ შეზოფრენიას, მაგრამ ეს სიმპტომები უფრო ელემენტარულია. ასევე განსხვავებულია ჭკუასუსტობის სტრუქტურა, კერძოდ, ფსიქიკური განუვითარებლობის მოვლენები ერწყმის სპეციფიკურ შიზოფრენიულ დეფექტს (აუტიზმი, ემოციის გაღარიბება, აბულია (ნებისყოფის პათოლოგიური სისუსტე), შერწყმული უმოქმედობასთან).
ოლიგოფრენებში მანიაკურ-დეპრესიული სინდრომის განვითარება საეჭვოა. სავარაუდოდ, ეს უფრო რეზიდუალურ-ორგანული პერიოდული ფსიქოზია.

ოლიგოფრენიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული შრომითი ექსპერტიზა. ინვალიდობის ჯგუფისა და სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებების დადგენა ფსიქიკური განუვითარებლობის დონესა და ოლიგოფრენიის ფორმაზეა დამოკიდებული.

Don`t copy text!