Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 370

გინეკომასტია – Gynaecomastia – гинекомастия

გინეკომასტია მამაკაცის სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი გადიდებაა. ტერმინი გინეკომასტია ლათინურიდან ითარგმნება, როგორც ქალური მკერდი. ეს პათოლოგია პირველად XIV საუკუნეში აღწერეს, მაგრამ ცნობილია, რომ ამ სენით შორეულ წარსულშიც ავადდებოდნენ. მედიცინის ისტორიის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გინეკომასტია ჰქონდა ფარაონ ტუტანხამონს. ყოველ შემთხვევაში, მის გამოსახულებებზე გულმკერდი აშკარად ნორმაზე დიდია. გინეკომასტიის დროს მამაკაცის დათვალიერებისას ან ხელით გასინჯვისას შეიმჩნევა სარძევე ჯირკვლების სიდიდე. მკერდი შეიძლება 1-დან 10 სმ-დე გაიზარდოს. გადიდებული სარძევე ჯირკვლები გარეგნულად ქალის მცირე ზომის მკერდს ემსგავსება.

მიმდინარეობა და სიმპტომები. განასხვავებენ გინეკომასტიის განვითარების სამ სტადიას.
განვითარების (პროლიფერაციის) ანუ საწყისი სტადია 4 თვეს გრძელდება. ამ დროს დაავადების უკუგანვითარება შესაძლებელია - კონსერვატიული თერაპიის შემთხვევაში გადიდებული სარძევე ჯირკვლები ხშირად ნორმალურ ზომებს იბრუნებს.
შუალედური სტადია 4 თვიდან 1 წლამდე გრძელდება. ამ დროს ხდება სარძევე ჯირკვლების ქსოვილების მომწიფება. ამ სტადიაში პროცესის უკუგანვითარება იშვიათია.
უკანასკნელ, ფიბროზულ სტადიას ახასიათებს სარძევე ჯირკვლებში მწიფე ქსოვილების გაჩენა, ჯირკვლის ქსოვილების ირგვლივ ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგება. ამ სტადიაში პათოლოგიური პროცესის უკუგანვითარება არ ხდება.

მკურნალობა. გინეკომასტიის კონსერვატიული მკურნალობა (გადიდებული სარძევე ჯირკვლების დაპატარავების მიზნით) ტარდება პირველ სტადიაში (დაავადების გამოვლენის პირველ 4 თვეს). ინიშნება ჰორმონული თერაპია, რის შედეგადაც ტესტოსტერონ-ესტროგენის ბალანსი ნორმალიზდება და სარძევე ჯირკვლების ზომა მცირდება. ამ დროს ინიშნება:
ტესტოსტერონი - მამაკაცის სასქესო ჰორმონი. ამ პრეპარატს მაშინ უნიშნავენ, როდესაც სისხლში მისი დონე შემცირებულია. ტესტოსტერონი განსაკუთრებით ეფექტურია ჰიპოგონადიზმის (ტესტოსტერონის დონის დაქვეითებით გამოწვეული სპეციფიკური მდგომარეობის) დროს.
ანტიესტროგენული პრეპარატები (ტამოქსიფენი). ინიშნება მამაკაცის ორგანიზმში ესტროგენების სიჭარბისას. ეს საშუალებები ბლოკავს ესტროგენების ზემოქმედებას სარძევე ჯირკვლებსა და სხვა უბნებზე, რომლებზეც შეიძლება ამ ჰორმონმა მოახდინოს გავლენა. არსებობს სხვა ანტიესტროგენებიც, მაგალითად, დანაზოლი, მაგრამ ის მოსალოდნელი მრავალრიცხოვანი უკუეფექტის გამო შეზღუდვით ინიშნება.
გინეკომასტიის ქირურგიული მკურნალობა ტარდება მაშინ, როდესაც კონსერვატიული თერაპია უეფექტოა ან მაშინ, როდესაც მისი უშედეგობა იმთავითვე ცნობილია. ქირურგიული მკურნალობის მიზანია სარძევე ჯირკვლის ჭარბი ქსოვილის მოკვეთა და მკერდის ნორმალური კონტურის აღდგენა. გინეკომასტიის სამკურნალოდ შემუშავებულია რამდენიმე სახის ქირურგიული ჩარევა:
სარძევე ჯირკვლის მოკვეთა (უბრალო მასტექტომია) დვრილებითურთ. დღესდღეობით ეს მეთოდი არ გამოიყენება, ვინაიდან ტოვებს აშკარა კოსმეტიკურ დეფექტს;
კანქვეშა მასტექტომია (ამ დროს დვრილები ნარჩუნდება);
სარძევე ჯირკვლის მოკვეთა ზემოთ აღნიშნული მეთოდით, პლუს ლიპოსაქცია მკერდის ნორმალური კონტურის დასაბრუნებლად;
ენდოსკოპიური მასტექტომია (სარძევე ჯირკვლების მცირედი გადიდების შემთხვევაში).

 

 

გინგივიტი – Gingivitis – гингивит

გინგივიტი ღრძილში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც კბილ-ღრძილის კავშირი შენარჩუნებულია (კბილები არ ირყევა). გინგივიტი დამოუკიდებელ დაავადებად განიხილება, მაგრამ შესაძლოა, პაროდონტის სხვა პათოლოგიებსაც ახლდეს თან. გინგივიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც გარეგანი (ეგზოგენური), ისე შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები.
ეგზოგენურია ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორები, მათ შორის - კბილის ქვა: კბილის ყელში არსებული რბილი ნადები თანდათან მინერალიზდება და მკვრივდება, აზიანებს მიმდებარე ღრძილს და პირის ღრუში არსებული მიკრობების დახმარებით ხელს უწყობს ანთების განვითარებას.
გინგივიტის ჩამოყალიბებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს კბილების ღეჭვით დაუტვირთაობა (ჰიპოფუნქცია). ის გავლენას ახდენს პაროდონტის ქსოვილთა ფუნქციონირებაზე, მათ ტონუსზე და ხელს უწყობს პაროდონტში ატროფიული პროცესების დაწყებას. ჰიპოფუნქცია ამცირებს ადგილობრივ  სისხლის მიმოქცევას, ასუსტებს ქსოვილთა მეტაბოლიზმს, რასაც ქსოვილებში დესტრუქციული პროცესების დაწყებამდე მივყავართ.
ენდოგენური ფაქტორებია შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, მათ შორის - მინერალური ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი სისტემის მდგომარეობა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. გინგივიტი განიხილება ორ ასპექტში: როგორც ღრძილების დამოუკიდებელი ანთება და როგორც სხვა ორგანოთა დაავადებებთან დაკავშირებული პათოლოგია. პირველ ჯგუფს ეკუთვნის გინგივიტის კატარული, ჰიპერტროფიული, წყლულოვანი, ატროფიული ფორმები, მეორეს - მისი სიმპტომური ნაირსახეობანი, მათ შორის - მოზარდთა და ორსულთა, ავიტამინოზური, სისხლმბადი ორგანოების დაავადებათა თანმხლები გინგივიტები.
გინგივიტის კლინიკური  ნიშნებია ტკივილი, შეწითლება, შეშუპება, სისხლდენა.
კატარული გინგივიტი უმეტესად ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორებით (კბილის ქვა, არასწორად დადებული ბჟენი, ხელოვნური პროთეზი და სხვა) არის გამოწვეული. ავადმყოფი უჩივის ტკივილს და სისხლდენას ჭამის დროს. ღრძილი შეშუპებული, შეხებისას სისხლმდინარი და მტკივნეულია. პათოლოგიური ღრძილოვანი ჯიბე არ აღინიშნება. რენტგენოგრაფია ცვლილებებს არ ავლენს.
ჰიპერემიული გინგივიტი ქრონიკული ანთებითი პროცესია, მიმდინარეობს ხანგრძლივად. ავადმყოფს აწუხებს ღრძილების ტკივილი, ღრძილების ფორმის შეცვლა და გადიდება. კბეჩისას შეიგრძნობა ტკივილი, ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სისხლდენაც. გამოხატულია ცრუ პათოლოგიური ჯიბეები.
წყლულოვანი გინგივიტი დაავადების უფრო მძიმე ფორმაა და მწვავედ მიმდინარეობს. დაავადების ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება ორგანიზმის იმუნიტეტის დასუსტება, რაც პირის ღრუს ადგილობრივ იმუნურ ძალებსაც აქვეითებს და მიკრობთა პათოგენურობის გაძლიერებას განაპირობებს. ანთებითი პროცესი იწყება ღრძილების დონეზე და სწრაფად პროგრესირებს. ავადმყოფის მდგომარეობა მძიმდება. აღინიშნება ტემპერატურის მატება, ტკივილი, უმადობა, ყლაპვის გაძნელება. ყბისქვეშა ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია. ღრძილები დაფარულია ნეკროზული მასით. პირიდან მყრალი სუნი ამოდის. ნერწყვდენა გაძლიერებულია. პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება შეუძლებელია. ღრძილიდან ოდნავი შეხების დროსაც კი დის სისხლი. რენტგენოგრაფია ავლენს კბილთაშორისი ძვლოვანი ძგიდეების ოსტეოპოროზულობას და ნაწილობრივ განლევას.
წყლულოვანი გინგივიტი უნდა განვასხვაოთ სისხლის დაავადებათა ფონზე განვითარებული სიმპტომური წყლულოვან-ნეკროზული პროცესისგან. ჩვეულებრივ, წყლულოვანი გინგივიტი უფრო ლოკალურია და რომელიმე კბილის არეში ვითარდება, მაგრამ საბოლოო დიაგნოზს მაინც სისხლის ანალიზის საფუძველზე სვამენ.
ატროფიული გინგივიტი შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი დისტროფიული პროცესების ნიადაგზე. ის სიმპტომური გინგივიტის სახითაც გვხვდება (ავიტამინოზის შედეგად, პაროდონტოზის დროს და სხვა). ამ ფორმის დროს ანთება ან არ არის გამოხატული, ან ძალიან სუსტია. ღრძილის დვრილები ატროფირებულია, კბილთაშორისი სივრცეები - გამოხატული, ღრძილები - შემცირებული, ფერმკრთალი. სისხლდენა არ აღინიშნება. ზოგჯერ თან სდევს სოლისებრი დეფექტი.
სომატურ (სიმპტომურ) გინგივიტებს შორის ყურადსაღებია:
მოზარდთა გინგივიტი - ვითარდება ჰორმონული ცვლის ფორმირების დროს. გოგონებში - 10-12 წლის, ხოლო ვაჟებში - 13-14 წლის ასაკში. ღრძილები დიდდება, მომკვრივოა, არცთუ სისხლმდინარი. მკურნალობა საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა.
ორსულთა გინგივიტი - ის ორსულობის თანმხლები პროცესია. ვლინდება ორსულობის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით - ტოქსიკოზის ფონზე. ღრძილები დიდდება, ალისფერს იღებს, სისხლმდინარი და მტკივნეულია. გინგივიტის განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს მოუვლელობა. სპეციალურ მკურნალობას არ მოითხოვს, მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაივლის.

მკურნალობა. ღრძილების ანთების მკურნალობა ინდივიდულურია და ანთების ფორმის შესაბამისად წარიმართება, ზოგადი მითითებები კი ასეთია: გაუტკივარება, გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, ტკივილის გაყუჩება, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება, იმუნიტეტის მოძლიერება, ანტისეპტიკა (სავლები, პირის ღრუს აბაზანები), ღრძილების ეპითელიზაციის (შეხორცების) დაჩქარება (სოლკოსერილი, აქტოვეგინი).
ანტიბიოტიკები შეირჩევა ანტიბიოტიკოგრამის შესაბამისად. მათი გამოყენება პათოლოგიური პროცესის აქტივობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. საჭიროებისას მიმართავენ მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებს: უმს (ულტრა მაღალი სიხშირის) დენს, კვარცს.

 

 

გესტოზი – Gestosis – гестоз

გესტოზი ორსულობის გართულებაა, რომლის დროსაც ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების, განსაკუთრებით - სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის მიმოქცევის, დისფუნქცია. გესტოზის პირველი კლინიკური სიმპტომია შეშუპება, რომელსაც მედიცინაში ორსულთა წყალმანკს უწოდებენ. მეტწილად შუპდება ქვედა კიდურები და ხელის მტევნები. მოგვიანებით ვლინდება არტერიული წნევის მატება და შარდში ცილების გაჩენა, რაც დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს. ამ სიმპტომების შემჩნევისას აუცილებელია მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი, ვინაიდან შესაძლოა, გესტოზმა ორსულის ჯანმრთელობასა და ნაყოფის განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედოს.
გესტოზი სხვადასხვანაირად ვლინდება, დაწყებული გაჭიანურებული, ნაკლებად გამოხატული ფორმით (რომელიც ორსულს შესაძლოა არც კი აწუხებდეს), ელვისებური და ლეტალური ფორმების ჩათვლით. განასხვავებენ მის სამ კლინიკურ ფორმას: ორსულთა შეშუპებას, პრეეკლამფსიასა და ეკლამფსიას.
შეშუპება შეიძლება იყოს როგორც აშკარა, ისე ფარული. გესტოზის ადრეულ სტადიაში ვითარდება ფარული შეშუპება, რაც ქსოვილებში სითხის შეკავებით არის განპირობებული. ამ დროს შარდმდენებით თვითმკურნალობა არამცთუ არ ამცირებს შეშუპებას, არამედ აუარესებს ორსულისა და ნაყოფის ზოგად მდგომარეობას.
ორსულობისას განვითარებული შეშუპება ყოველთვის გესტოზის ბრალი არ არის, ამიტომ დიაგნოზის დასაზუსტებლად და მართებული მკურნალობის შესარჩევად აუცილებელია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია.
პრეეკლამფსია უვითარდება ორსულთა 5%-ს (მეტწილად - პირველმშობიარეებს) ორსულობის მე-20 კვირიდან მშობიარობის შემდგომ პირველ კვირამდე. ვლინდება სამი ძირითადი სიმპტომით: შეშუპებით, ჰიპერტენზიითა და პროტეინურიით.
ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) გესტოზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, რადგან სისხლძარღვების სპაზმის ხარისხს ასახავს. ამ დროს სისტოლური წნევა 30 მმ. ვწყ. სვ-ით იმატებს, დიასტოლური კი - 15 მმ. ვწყ. სვ-ითა და მეტით.
მძიმე პრეეკლამფსია მეტწილად ცნს-ის, კერძოდ, თავის ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევით გამოიხატება. ორსული უჩივის კეფაში სიმძიმის შეგრძნებას ან თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, მხედველობის დარღვევას. მოსალოდნელია ცვლილებები ფსიქიკურ სფეროში, კერძოდ, მომხდარის არაადეკვატური აღქმა.
ეკლამფსია გესტოზის ყველაზე მძიმე სტადიაა და რთული სიმპტომოკომპლექსი ახასიათებს. ყველაზე ტიპური ნიშანია განივზოლიანი კუნთების კრუნჩხვა. შეტევისას არტერიული წნევის ნახტომისებრი ზრდის გამო შესაძლოა თავის ტვინის სისხლძარღვი გასკდეს და განვითარდეს ინსულტი, ანუ ქალასშიგა სისხლჩაქცევა. არ არის გამორიცხული პლაცენტის ნაადრევი აშრევება, რაც ხშირად ნაყოფის სიკვდილის მიზეზად იქცევა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გესტოზის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე. ადრეული დიაგნოსტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა ქალთა კონსულტაციაში ორსულობის ადრეულ სტადიაში მისვლა. იქ ქალს რეგულარულად ჩაუტარებენ აუცილებელ გინეკოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროებისას კონსულტაციისთვის გაგზავნიან სხვადასხვა სპეციალისტთან.
გთავაზობთ იმ გამოკვლევათა ჩამონათვალს, რომლებიც დასჭირდება ორსულს, თუ გინეკოლოგმა გესტოზი იეჭვა:
სისხლის საერთო ანალიზი ერითროციტებისა და თრომბოციტების აბსოლუტური რაოდენობის განსაზღვრით;
სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - სისხლში  ცილებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის, შარდმჟავასა და კრეატინინის განსაზღვრა;
სისხლის კოაგულოგრამა;
შარდის ანალიზი;
დიურეზის კონტროლი (ორგანიზმში სითხის დაგროვების კონტროლი შესაძლებელია დღე-ღამის განმავლობაში მიღებული და გამოყოფილი სითხის ოდენობის შედარებით და დინამიკაში სხეულის წონის კონტროლით);
არტერიული წნევის გაზომვა დინამიკაში ორივე ხელზე, ვინაიდან სისხლძარღვოვანი სპაზმის შემთხვევაში მარჯვენა და მარცხენა ხელებზე აღრიცხული მაჩვენებლები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს;
სხეულის წონის კონტროლი;
თვალის ფსკერის დათვალიერება, ვინაიდან თვალის ფსკერის სისხლძარღვთა მდგომარეობის ანალოგიური იქნება თავის ტვინის და ზოგადად სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა;
ექოსკოპიური კვლევა და ნაყოფის დოპლეროდათვალიერება;
თერაპევტის, ნეფროლოგისა და ნევროლოგის კონსულტაცია

მკურნალობა. თანამედროვე მედიცინას არ შესწევს გესტოზისგან სავსებით განკურნების უნარი, მაგრამ მდგომარეობის კონტროლი უმეტესად შესაძლებელია. დროული და მართებულად შერჩეული მკურნალობით მედიკოსებს შეუძლიათ, თავიდან აგვაცილონ გესტოზის მძიმე ფორმა. თვითმკურნალობა დაუშვებელია - პროფესიონალური და ინდივიდუალური თერაპიის გარეშე გესტოზი შესაძლოა დამძიმდეს და საფრთხე შეუქმნას ორსულისა და ნაყოფის სიცოცხლეს.
გესტოზის მკურნალობის მთავარი პრინციპებია:

  • ქალის ნერვული სისტემისთვის სამკურნალო-დამცველობითი რეჟიმის შექმნა, დაავადების სიმძიმის კვალობაზე, სხვადასხვა პრეპარატის დანიშვნა (შავბალახათი და კატაბალახათი დაწყებული, ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი საშუალებებით დამთავრებული);
  • სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის აღდგენა მედიკამენტების დახმარებით;
  • პირობების შექმნა დროული და გაურთულებელი მშობიარობისთვის.

როდესაც გესტოზი მკურნალობას ემორჩილება, მეან-გინეკოლოგი ნაადრევი მშობიარობის სტიმულაციას არ ახდენს. ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მკურნალობა უეფექტოა და ორსულისა და ბავშვის მდგომარეობა უარესდება. გესტოზის იოლი ფორმების მკურნალობა შესაძლებელია შინაც, რთულ შემთხვევებში კი თერაპია აუცილებლად საავადმყოფოში უნდა წარიმართოს.

 

 

გაუვალობა – Intestinal obstruction – Кишечная непроходимость

ნაწლავთა გაუვალობა დაავადებაა, რომელიც ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების გაძნელებით ან შეწყვეტით გამოიხატება. ის უპირატესად 30-60 წლის პირებს შორის გვხვდება. ნაწლავთა გაუვალობა მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიულ დაავადებათა 1,2-9,4%-ს შეადგენს და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც სრულდება. განასხვავებენ ნაწლავთა გაუვალობის ხელშემწყობ ფაქტორებსა და უშუალო მიზეზებს. უშუალო მიზეზებად ითვლება ნაწლავთა თანდაყოლილი ანომალია, შევიწროება (სიმსივნე, ჭიებით ინვაზია, ოპერაციის შემდგომი შეხორცება), ხელშემწყობ ფაქტორებად კი - არარეგულარული კვება (რომელიც ჰიპერპერისტალტიკას იწ¬ვევს), ფაღარათი, შეკრულობა და სხვა.
გაუვალობა სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
ნაწლავთა მწვავე გაუვალობა სხვადასხვა ბუნებისაა:
I - დინამიკური (ფუნქციური):
ა. სპაზმური;
ბ. პარალიზური;
II - მექანიკური:
ა. ობტურაციული (სიმსივნით, უცხო სხეულით, განავლოვანი ან ნაღვლის კენჭით, ბეზოარით, ჭიების გორგლით, კოპროსტაზით განპირობებული);
ბ. სტრანგულაციური (ნაწლავის შემოგრეხით, კვანძით, შიგნითა გაჭედვით განპირობებული);
გ. შერეული (ინვაგინაცია, შეხორცებითი გაუვალობა).
ნაწლავთა მწვავე გაუვალობის იშვიათი ფორმაა ბეზოარით გამოწვეული გაუვალობა. ბეზოარი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ უცხო სხეულს, რომელიც თმისგან, მცენარეთა გადაუმუშავებელი ბოჭკოსა და კურკებისგან, თხის ქონისგან, საღებავი ნივთიერებებისგან, ფისისგან ყალიბდება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ბეზოარი სისხლის კოლტის მინერალიზაციის შედეგად, სამკურნალო პრეპარატისგან (სალოლი, მაგნეზია), საღეჭი რეზინის ხანგრძლივი ხმარების გამო წარმოიქმნა.
ყველაზე ხშირად ფიტობეზოარით (მცენარეული ბეზოარით) გამოწვეული გაუვალობა გვხვდება. ფიტობეზოარი წარმოიქმნება კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავის დივერტიკულში, გადადის წვრილ ნაწლავში და იწვევს გაუვალობას.

მიმდინარეობა და სიმპტომები. გაუვალობის დროს ირღვევა წყლისა და ელექტროლიტების ცვლა, სისხლის მიმოქცევა, ვითარდება ინტოქსიკაცია, დაბრკოლების ზემოთ ნაწლავი გადავსებულია. მის სანათურში გროვდება სისხლის თხიერი ნაწილი, კუჭის, ნაწლავის, პანკრეასის, ნაღვლის წვენი. 24 საათში შეიძლება 8 ლიტრამდე სითხე დაგროვდეს. მცირდება სისხლის მოცულობა. ნაწლავში დაგროვილ სითხეში იწყება დუღილისა და ლპობის პროცესები, რაც ინტოქსიკაციას აძლიერებს. ღებინებისას იკარგება დიდი რაოდენობით სითხე, ცილები, ელექტროლიტები, ფერმენტები, კუჭის, პანკრეასის, ნაღვლის, წვრილი ნაწლავის წვენები, სისხლის ცირკულაციურ დარღვევებთან ერთად ძლიერდება ინტოქსიკაცია, რაც ავადმყოფის ზოგად მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დაწყებიდან 24 საათის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები (განსაკუთრებით - წყლისა და ელექტროლიტების ცვლის, მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა) მკვეთრად ვლინდება. იწყება ცილებისა და ცხიმების დაშლა, ორგანიზმში გროვდება მათი დაშლის პროდუქტები, იწყება აციდოზი, ირღვევა გადავსებული ნაწლავის კედლის გამტარობა, მუცლის ღრუში გროვდება ექსუდატი, რომელიც ინფიცირდება. იწყება პერიტონიტი.
ნაწლავში სითხისა და აირის შეწოვა მკვეთრად დარღვეულია. ნაწლავის სანათურში იზრდება წნევა, მკვეთრად იმატებს მისი დიამეტრი. ნაწლავის კედელში არსებული სისხლჩაქცევები ზეწოლას განიცდის. კაპილარებში წარმოიშობა თრომბები. ნაწლავის პერისტალტიკა ნელდება, შემდეგ კი სრულებით წყდება. დაბრკოლების არიდან 30-40 სმ-ის მანძილზე ნაწლავის ლორწოვანში ჯერ სისხლჩაქცევები ჩნდება, შემდეგ - ნეკროზული უბნები. დაზიანებული ნაწლავის კედლიდან მუცლის ღრუსა და სისხლში დიდი რაოდენობით გადადის ბაქტერიული ტოქსინები, ბაქტერიები.
ორგანიზმში გამოიყოფა ანტიდიურეზული ჰორმონი და ალდოსტერონი, რომელიც შარდის გამოყოფას ამცირებს. ძლიერდება ნატრიუმის უკუშეწოვა და დიდი რაოდენობით გამოიყოფა კალიუმი, რის შედეგადაც ირღვევა კუნთთა ტონუსი, ქვეითდება მიოკარდიუმის (გულის კუნთის) შეკუმშვის უნარი და პერისტალტიკა. შარდის ოდენობის შემცირება იწვევს კალიუმის გამოყოფის შემცირებას, სისხლში ამ ნივთიერების კონცენტრაცია იმატებს, ვითარდება ალკალოზი და მეტაბოლური აციდოზი. უფრო მეტად ირღვევა გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმელების, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქცია.
ნაწლავთა გაუვალობის ძირითადი ნიშნები ასეთია:

  • მოვლითი ტკივილი მუცლის არეში;
  • ღებინება;
  • მეტეორიზმი;
  • ნაწლავთა მოქმედების შეწყვეტა;
  • აირთა გამოყოფის შეკავება.

დაავადება იწყება მოულოდნელად, შეტევითი ხასიათის მოვლითი ტკივილით მუცლის არეში, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურია სტრანგულაციური გაუვალობის დროს. ავადმყოფი ფერს კარგავს, ასხამს ცივი ოფლი. თანდათან ვლინდება მუცლის შებერილობა, გულისრევა, ბოყინი, ღებინება. პირნაღები მასა თავდაპირველად კუჭის შიგთავსისგან შედგება, შემდეგ ნაღველნარევია, ბოლოს კი ნაწლავის შიგთავსს შეიცავს. ღებინების ინტენსივობა დამოკიდებულია ნაწლავში დაბრკოლების ლოკალიზაციაზე: რაც უფრო მაღალია გაუვალობა (ანუ რაც უფრო მაღლაა ნაწლავში დაბრკოლება), მით უფრო ინტენსიურია კლინიკური სურათი. სწრაფად იწყება დეჰიდრატაცია და ინტოქსიკაცია.
ნაწლავთა გაუვალობისას აირებზე გასვლა და დეფეკაცია ჭირს ან შეწყვეტილია. მაღალი გაუვალობისას პირველ საათებში მოსალოდნელია ნაწლავთა მოქმედება, მაგრამ ეს მდგომარ ეობას არ აუმჯობესებს. ნაწლავთა ინვაგინაციის დროს ზოგჯერ სისხლიანი განავალი აღინიშნება, რის გამოც ბავშვებს ხშირად შეცდომით დიზენტერიის დიაგნოზს უსვამენ.
დაავადების კლინიკურ სურათში გამოყოფენ სამ პერიოდს: ტკივილის პერიოდს, დაავადების სრული გამოვლენის სტადიასა და ტერმინალურ სტადიას, როდესაც აღინიშნება დიფუზური პერიტონიტი და ინტოქსიკაცია.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ტიპური მიმდინარეობისას ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის. ხდება დიფერენცირება მუცლის ღრუს სხვა მწვავე დაავადებებისგან, როგორიც არის, მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაცია, მწვავე ქოლეცისტიტი, მწვავე აპენდიციტი, მწვავე პანკრეატიტი, საშვილოსნოსგარე ორსულობის დარღვევა, საკვერცხეების კისტის შემოგრეხა. უნდა გამოირიცხოს თირკმლის ჭვალი, გული კუნთის ინფარქტის აბდომინალური ფორმა, დიაფრაგმული პლევრიტი, ასევე - ალიმენტური (კვებითი) ინტოქსიკაცია, ტყვიით მოწამვლა. დიაგნოსტირებაში დიდ როლს ასრულებს რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
გაუვალობის ზოგიერთი ფორმის დროს შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა: ორმხრივი პარანეფრული ბლოკადა ვიშნევსკის წესით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის მუდმივი ასპირაცია, ნაწლავის სტიმულაცია - 10%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან პროზერინით, რის შემდეგაც კეთდება ოყნა. ეს ყველაფერი ტარდება იმ ღონისძიებათა პარალელურად, რომლებიც მიზნად ისახავს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენას, ცილების დეფიციტის, მოცირკულირე სისხლის ცვლილებათა აღმოფხვრას და სხვა.
ამგვარი თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში (როდესაც მუცლის მოვლითი ტკივილი გრძელდება, ნაზოგასტრული ზონდიდან აღინიშნება მწვანე ფერის გამონადენი, ნაწლავთა სტიმულაციას არ მოჰყვება ნაწლავების მოქმედება) ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. წინასაოპერაციო მომზადება (ინტრავენური ტრანსფუზია, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები) გრძელდება 1-3 საათს.
ქირურგიული მკურნალობის მიზანია მუცლის ღრუს სრულყოფილი დათვალიერება და ნაწლავის დაბრკოლების ლიკვიდაცია. ოპერაცია ტარდება ზოგადი ნარკოზით. ოპერაციის შემდეგ ხორციელდება ინტენსიური თერაპია.

 

 

გასტრიტი – gastritis – гастрит

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ზოგჯერ, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ზანდება კუჭის ლორწოვან გარსზე ღრმად მდებარე შრეები. გასტრიტი და გატროდუოდენიტი კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული. გასტრიტით არის დაავადებული მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი.
განასხვავებენ გასტრიტის ორ სახეს - მწვავესა და ქრონიკულს.

მწვავე გასტრიტი
მწვავე გასტრიტს მრავალი მიზეზი აქვს: ამა თუ იმ ნივთიერების ან მედიკამენტის (ალკოჰოლის, ასპირინის) მავნე ზემოქმედება, მექანიკური გაღიზიანება, ანთების გამომწვევი ბაქტერია, ასევე - ორგანიზმის არაადეკვატური რეაქცია რომელიმე მძიმე დაავადების მიმართ. გასტრიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სტრესი. ამ დროს კუჭის სისხლძარღვები ვიწროვდება და კუჭის კედელზე მარილმჟავები გაძლიერებულ ზემოქმედებას ახდენს. გასტრიტის დროს ანთება ზოგჯერ მხოლოდ კუჭის ლორწოვან გარსზე ვრცელდება, ზოგჯერ კი კუჭის მთელ სისქეს მოიცავს და კუნთებამდეც კი აღწევს. მწვავე გასტრიტი უმეტესად მწვავე გასტროენტეროკოლიტის ან გასტროენტერიტის სახით მიმდინარეობს.
არსებობს მწვავე გასტრიტის რამდენიმე ფორმა: უბრალო, კოროზიული და ფლეგმონური. ყველაზე ხშირად პირველი ორი გვხვდება.

უბრალო გასტრიტი
უბრალო გასტრიტის გამომწვევი ფაქტორები ორ ჯგუფად: ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად - იყოფა. პირველთაგან აღსანიშნავია არასწორი კვება, კუჭის კედლის გამღიზიანებელი მედიკამენტების ზემოქმედება, ალერგია ზოგიერთი საკვების (მაგალითად, ჟოლოს, სოკოს, მარწყვის) მიმართ. ენდოგენურ გასტრიტს თვით დაავადებულის ორგანიზმი აპროვოცირებს. კერძოდ, ის შესაძლოა აღმოცენდეს ორგანიზმში ინფექციის მოხვედრისას ან ისეთი აუტოიმუნური რეაქციის განვითარებისას, როდესაც ავადმყოფის იმუნური სისტემა უმიზეზოდ ებრძვის კუჭის ლორწოვან გარსს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადებულმა უბრალო მწვავე გასტრიტის ნიშნები შესაძლოა შეამჩნიოს დამზიანებელი ფაქტორის (მაგალითად, ასპირინის) კუჭში მოხვედრიდან 4-8 საათის შემდეგ. გასტრიტის ამ ფორმისთვის დამახასიათებელია გულისრევა, უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი გულის კოვზთან, თავბრუხვევა, საერთო სისუსტე, დიარეა, უწყვეტი ღებინება. კანი და ლორწოვანი გარსი ფერმკრთალია, ენაზე ჩნდება ნაცრისფერი ნადები, აღინიშნება პირის სიმშრალე.

კოროზიული გასტრიტი
კოროზიული გასტრიტი შესაძლოა გამოიწვიოს კუჭში ძლიერი ტუტეს ან მჟავას, განუზავებელი სამედიცინო სპირტის, ზოგიერთი ლითონის მარილის მოხვედრამ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კოროზიული გასტრიტის მთავარი სიმპტომებია ტკივილის შეგრძნება გულის კოვზთან, პირსა და გულმკერდის არეში, მუდმივი ღებინება. ამონაღები მასა შეიცავს სისხლს, ლორწოს. პირში, ტუჩებზე შეიმჩნევა ქიმიური ნივთიერებით გამოწვეული დაზიანება (შეშუპება და სხვა). შესაძლოა, დაზიანდეს ხორხიც. ასეთ შემთხვევაში დაავადებულს ხმა ეხლიჩება. როდესაც კოროზიული გასტრიტი მძიმედ მიმდინარეობს, გამორიცხული არ არის, მკვეთრად დაეცეს არტერიული წნევა და ავადმყოფმა გონება დაკარგოს.
კოროზიული გასტრიტის დროს ავადმყოფი ტკივილსა და დაავადების სხვა ნიშნებს უმეტესად ორგანიზმში მავნე ნივთიერების მოხვედრის პირველსავე საათებში, ზოგჯერ პირველსავე წუთებშიც კი გრძნობს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. უბრალო მწვავე გასტრიტის დიფერენციული დიაგნოსტიკა გულისხმობს სალმონელოზისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ინფექციების გამორიცხვას, რაც მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზებით არის შესაძლებელი. თუ უბრალო მწვავე გასტრიტის მკურნალობა დროულად დაიწყო, პროგნოზი კეთილსაიმედოა. თუ გასტრიტის გამომწვევის მოქმედება დიდხანს გაგრძელდა, მწვავე გასტრიტი ქრონიკულში გადაიზრდება.
უბრალო მწვავე გასტრიტის მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ნაწლავებისა და კუჭის სრულყოფილი გამორეცხვაა. არასწორმა კვებამ ანთება უფრო მეტად რომ არ გაამწვაოს, სასურველია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

  • შეტევის პირველ დღეს უმჯობესია, ავადმყოფმა საერთოდ არაფერი ჭამოს. ნებადართულია მხოლოდ მაგარი ჩაისა და ბორჯომის მიღება;
  • შეტევის მეორე-მესამე დღეს შეიძლება მანანისა და ბრინჯის ფაფის, ქათმის ბულიონისა და კისელის მიღება;
  • შემდეგ ავადმყოფს ენიშნება დიეტა #1;
  • შეტევიდან ერთი კვირის შემდეგ დასაშვებია კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასვლა. უბრალო მწვავე გასტრიტის პროფილაქტიკა გულისხმობს სწორ და რაციონალურ კვებას.

კოროზიული გასტრიტის შედეგები დამოკიდებულია კუჭში მიმდინარე ანთებითი პროცესის ხარისხზე, ასევე - მკურნალობის დაწყების დროზე. თუ მკურნალობა დაგვიანდა, 2-3 დღეში ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ელის. სიკვდილის მიზეზი ამ დროს პერიტონიტი და შოკია.
მკურნალობის მიუხედავად, კოროზიული გასტრიტი ხშირად ტოვებს კვალს კუჭში ნაწიბურების სახით.
კოროზიული გასტრიტის მკურნალობა უნდა დაიწყოს კუჭის გამორეცხვით, რაც ზონდის მეშვეობით ხორციელდება. თუ ავადმყოფს აქვს კოლაფსის ნიშნები, აუცილებლად შეჰყავთ მეზატონი, კოფეინი, კორდიამინი, ნორადრენალინი, თანაც - გლუკოზასთან ერთად. პირველ დღეებში უმჯობესია, ავადმყოფმა არ მიიღოს საკვები და გადაესხას გლუკოზა და ფიზიოლოგიური ხსნარი. საჭიროებისას ასეთ პაციენტებს პლაზმის ან ცილოვანი ხსნარების გადასხმას უნიშნავენ. თუ ხორხი შეშუპდა ან მოხდა კუჭის პერფორაცია, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ოპერაცია.

მედიკამენტური მკურნალობა. თავდაპირველად ტარდება მკურნალობა, რომელიც კუჭის მჟავიანობის დაქვეითებისკენ არის მიმართული. ამ მიზნით ინიშნება ომეპრაზოლი ან სუკრალაფტი.
თუ გასტრიტი პროვოცირებულია ინფექციით, ინიშნება ანტიბიოტიკი.
საყურადღებოა ალერგიით განპირობებული გასტრიტი. ამ დროს პაციენტს ანტიჰისტამინურ პრეპარატებს უნიშნავენ. თუ გასტრიტის შეტევები მკვეთრი ტკივილით მიმდინარეობს, აუცილებელია სპაზმის მომხსნელი ნივთიერებების მიცემა (პაპავერინი ან ატროპინი კანქვეშ).
გასტრიტს შესაძლოა მოჰყვეს დიდი ოდენობით სითხის დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფს ვენაში გლუკოზისა და ფიზიოლოგიური ხსნარი უნდა გადაესხას. ზოგჯერ საგულე საშუალებების დანიშვნაც ხდება საჭირო.

ქრონიკული გასტრიტი
ქრონიკული გასტრიტი არის კუჭის კედლის ანთება სხვადასხვა სიღრმეზე - ლორწოვანი გარსიდან კუჭის ღრმა შრეებამდე. კუჭ-ნაწლავების დაავადებათა მესამედი სწორედ ქრონიკულ გასტრიტზე მოდის.
ქრონიკული გასტრიტის დესტრუქციული მოქმედება თანდათანობით ხდება თვალსაჩინო: თავდაპირველად ირღვევა კუჭის მოტორული ფუნქცია და საჭმლის მონელებისთვის აუცილებელი ნივთიერებების გამოყოფა. შედეგად კუჭში უფრო მძიმე ანთებითი და დისტროფიული ხასიათის დაზიანებანი ყალიბდება. დასასრულ, კუჭი კარგავს დაზიანებული კედლის აღდგენის უნარს.
ქრონიკული გასტრიტი პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. მიზეზის კვალობაზე, განასხვავებენ მის ეგზოგენურ (ალკოჰოლი, ასპირინი, რადიაცია, ტემპერატურული დაზიანება) და ენდოგენურ (აუტოიმუნური რეაქცია, ინფექცია და ა.შ.) ფორმებს. ქრონიკული გასტრიტის კიდევ მრავალი ფორმა არსებობს. მათი კლასიფიკაცია დაზიანების ხარისხის, დაზიანების ადგილისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით ხდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭში სხვადასხვა ნივთიერების სეკრეცია მეტწილად ნორმალური ან მომატებულია. გასტრიტის ეს ფორმა უპირატესად ახალგაზრდა მამაკაცებს ემართებათ. ის ვლინდება გულძმარვით, მჟავე ნივთიერებების წამოღებინებით, ტკივილით გულის კოვზთან და კუჭის არეში, ზოგჯერ - შეკრულობით. ხშირია ღამით კუჭის სეკრეტორული მოქმედების გაძლიერება.
არსებობს ქრონიკული გასტრიტის ჰემორაგიული ფორმა, რომელსაც სისხლდენისკენ მიდრეკილება ახასიათებს. სეკრეტორული ფუნქცია ამ დროს ან უცვლელია, ან მომატებული.
თუ ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭში ნივთიერებათა სეკრეცია მეტისმეტად არის დაქვეითებული, კუჭის ლორწოვანი გარსის სრულ ან ნაწილობრივ ატროფიაზე ლაპარაკობენ. ამ ტიპის ქრონიკული გასტრიტი უმეტესად მოხუცებს და მოწიფული ასაკის პირებს ემართებათ. დამახასიათებელი სიმპტომებია მადის დაქვეითება, გულისრევა, მუცლის ბუყბუყი, პირში უსიამოვნო გემო, ბოყინი, დიარეა. თუ ამ ტიპის გასტრიტი დიდხანს გაგრძელდა, ავადმყოფი ხდება, იფიტება, მუდმივად უჩივის სისუსტეს. საკვების უკმარისობის გამო ხშირად რკინადეფიციტური ანემიაც აღმოცენდება. უმეტესად ვითარდება დისბაქტერიოზი, ქოლეცისტიტი, ენტერიტი, პანკრეატიტი.

დიაგნოსტიკა და პროგნოზი. ქრონიკული გასტრიტის დიაგნოსტირების მთავარი მეთოდებია გასტროფიბროსკოპია და რენტგენოლოგიური კვლევა.
იშვიათია შემთხვევა, როდესაც ავადმყოფს მხოლოდ ქრონიკული გასტრიტი აწუხებს. მას ხშირად ერთვის ჰეპატიტი, პანკრეატიტი, დუოდენიტი, ქოლეცისტიტი და სხვა. ქრონიკული გასტრიტი საჭმლის მონელების ძლიერ დარღვევას იწვევს, რის გამოც საკვების ათვისება უარესდება. სწორედ ამის ბრალია ავიტამინოზი, დისბაქტერიოზი, ანემია. პაციენტს იმუნიტეტი უქვეითდება, ამიტომ იოლად ემართება ინფექციური დაავადებები. ქრონიკული გასტრიტი შესაძლოა გართულდეს და წყლულში, პოლიპებში, კიბოშიც კი გადაიზარდოს.

მკურნალობა. დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას, ვინაიდან შესაძლოა, მაგარმა, ცხელმა, ცხარე საკვებმა სამედიცინო პროცედურები სრულიად უეფექტო გახადოს. ხორცი უცხიმო უნდა იყოს, ბოსტნეული - უხეში. ავადმყოფს საკვები უნდა მიეცეს პიურეს სახით. უნდა ერიდოს ბულიონებს. შემწვარი და შებოლილი პროდუქტის ნაცვლად სასურველია მოხარშული და ორთქლზე მომზადებული მიიღოს, მიეჩვიოს მცირე ულუფებით ხშირ კვებას, უარი უნდა თქვას თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ყავაზე. ავადმყოფი კუჭისთვის საშიშია რძე, მარილი, ტკბილეული, ცხიმი.
ქრონიკული გასრტიტის დროს ეფექტიანია ფიზიოთერაპიული პროცედურები, მაგალითად, ტალახით ან წყლით მკურნალობა. რემისიის სტადიაში ბალნეოლოგიური თერაპიაც სასარგებლოა.
მედიკამენტური თერაპია. თუ ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭის სეკრეტორული ფუნქცია მომატებულია, ინიშნება მისი დასაქვეითებელი საშუალებები (ვიკალინი, ალმაგელი, ატროპინი, პლატიფილინი). ასეთი ფორმის გასტრიტის დროს უნიშნავენ კუჭის კედლის მთლიანობის აღმდგენ პრეპარატებს (მეთილურაცილს, პენტოქსილს).
თუ ქრონიკულ გასტრიტს თან ახლავს კუჭის სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითება და ტკივილი, ინიშნება საშუალებები, რომლებიც ხსნის სპაზმის, მაგრამ კუჭის წვენების გამოყოფას არ აფერხებს. ასევე, გამოიყენება მრავალძარღვას წვენი, რომელიც არა მარტო ხსნის ტკივილს, არამედ კუჭში მიმდინარე ანთებით პროცესსაც აცხრობს. აუცილებელია ვიტამინოთერაპია. თუ გასტრიტი დაქვეითებული მჟავიანობის ფონზე ფაღარათით, მუცლის შებერვით მიმდინარეობს, უნიშნავენ კუჭის წვენების შემცვლელ ნივთიერებებს (აბომინს ან ბეტაციდს).
ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭის წვენის გამოყოფის დაქვეითება ზოჯერ იმუნური სისტემის არასწორი მუშაობით არის განპირობებული. ასეთ შემთხვევაში კორტიკოსტეროიდები ინიშნება.

ჰელიკობაქტერიული გასტრიტი
გასტრიტის ერთ-ერთი მიზეზია ბიკროორგანიზმი ჰელიცობაცტერ პყლორი, რომელიც მჟავე გარემოში ცხოვრობს. ეს ბაქტერია გასტრიტით დაავადებული პრაქტიკულად ყველა ადამიანის კუჭში მოიპოვება. ის განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს ბავშვთა გასტრიტის განვითარებაში. ამგვარი გენეზის გასტრიტით დაავადებულ ბავშვებს სრულიად განსხვავებული სიმპტომები უვლინდებათ.
ჰელიკობაქტერიული გასტრიტით დაავადებულთა ნაწილს უვითარდება კუჭის დაზიანების ნაკლებად შესამჩნები ნიშნები, მაგალითად, ტკივილი გულის კოვზთან, გულისრევის მუდმივი შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება კუჭში ჭამის შემდეგ, პირიდან ამოსდით უსიამოვნო სუნი, იკლებენ წონას, უჩნდებათ ისეთი რამის ჭამის სურვილი, რაც საკვებად არ გამოიყენება, ზოგჯერ ემართებათ ალერგიის მსგავსი კანის დაავადება.
შესაძლოა, ჰელიკობაქტერიული გასტრიტით დაავადებული კუჭისა და ნაწლავების მხრივ არაფერს უჩიოდეს, მაგრამ გამოკვლევისას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მძიმე დაზიანება აღმოაჩნდეს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჰელიკობაქტერიული გასტრიტის დიაგნოსტირების მრავალი მეთოდი არსებობს, მათ შორის - გასტროსკოპია, სისხლის სეროლოგიური ანალიზი. მკურნალობისთვისაც მრავალი მეთოდია შემუშავებული. მკურნალობის თითქმის ყველა სქემაში შედის ფართო და ვიწრო სპექტრის ანტიბიოტიკები და პრეპარატები, რომლებსაც ჰელიკობაქტერიის განადგურება შეუძლია. თუ თერაპია მართებულად იქნა შერჩეული, ავადმყოფი სრულიად იკურნება.

 

 

განგრენა – gangrena – гангрена

განგრენა სხეულის ან ორგანოს რომელიმე ნაწილის ნეკროზი ანუ სიკვდილია. მკვდარი უბანი ფერს იცვლის - მოლურჯოდან შავამდე. განგრენა ქსოვილისთვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტის ან მკვეთრი შეზღუდვის შემთხვევაში ვითარდება. ის გვხვდება გულისგან დაშორებულ ადგილებში (მაგალითად, კიდურებზე, თითებზე) და იმ უბნებში, სადაც ადგილობრივად არის დარღვეული სისხლის მიმოქცევა (მაგალითად, ინფარქტის დროს გულის კუნთში ან ფილტვის ქსოვილში).
განგრენას აქვს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ფაქტორები. გარეგანი ფაქტორები, თავის მხრივ, სხვადასხვა ბუნებისაა:

  • მექანიკური (ტრავმა, რომელსაც თან ახლავს ქსოვილის დაჭყლეტა, სისხლძარღვებისა და ნერვების მთლიანობის რღვევა);
  • ფიზიკური (დამწვრობა, მოყინვა);
  • რადიაქტიური (მაიონიზებელი რადიაციის გავლენა);
  • ქიმიური (ძლიერი მჟავების, ტუტეების, დარიშხანის, ფოსფორის და სხვათა გავლენა).

განგრენის შინაგანი მიზეზებია ის მდგომარეობები და პროცესები, რომლებიც ქსოვილთა კვების დარღვევას იწვევს, უმთავრესად - სისხლძარღვების დაზიანება: ჭრილობა, არტერიის სანათურის დახშობა სპაზმის ან ანატომიური ცვლილებების, მაგალითად, ათეროსკლეროზის გამო, რაც არცთუ იშვიათად იქცევა ინფარქტის, თრომბოზისა და მოხუცებულთა განგრენის მიზეზად. განგრენა შესაძლოა მიმდინარეობდეს მიკრობების მოქმედების გარეშეც (ასეპტიკური განგრენა) და მათი მონაწილეობითაც (სეპტიკური ანუ ჩირქოვანი განგრენა).

განასხვავებენ მშრალ, სველ და აიროვან განგრენას.
მშრალი განგრენა. მშრალი განგრენა ქსოვილებისთვის სისხლის მიწოდების მკვეთრი შეზღუდვისა და მათი გამოშრობის შედეგია. თუ ნეკროზულ ქსოვილში ჩირქოვანი ინფექცია არ შეიჭრა, ქსოვილი შრება, იჭმუჭნება და მკვრივდება (მცირდება დაზიანებული ნაწილის მოცულობა), რაც უჯრედებში ცილების შეწებებით და სისხლის ფორმიანი ელემენტების დაშლით არის განპირობებული. მკვდარი ქსოვილი იღებს მუქ რუხ ან შავ ფერს. ასეთი უბნის მუმიასთან მსგავსების გამო მშრალი განგრენის ფორმირების პროცესს მუმიფიცირებას უწოდებენ. სისხლის მიწოდების შეწყვეტას თან სდევს დაზიანებული უბნის მკვეთრი ტკივილი, კიდური ფითრდება, ლურჯდება და ცივდება. პულსი და კანის მგრძნობელობა ქრება, თუმცა ღრმად მდებარე ქსოვილებში ტკივილი დიდხანს გრძელდება. ნეკროზი პერიფერიიდან ცენტრისკენ ვრცელდება. სხეულის დაზიანებული ნაწილის ფუნქცია ირღვევა. დროთა განმავლობაში მკვდარი და ცოცხალი ქსოვილების საზღვარზე აღმოცენდება რეაქციული (დემარკაციული) ანთება, რაც მკვდარი უბნის მოწყვეტას იწვევს. მშრალი განგრენა, ჩვეულებრივ, ლოკალიზდება კიდურებზე, ცხვირის წვერსა და ყურის ნიჟარებზე (განსაკუთრებით - მოყინვისა და ქიმიური დამწვრობის დროს).
მკვდარ ქსოვილში ჩირქოვანი ინფექციის შეჭრისას მშრალი განგრენა შესაძლოა სველში გადაიზარდოს. არ არის გამორიცხული, რამდენიმე თვის შემდეგ მკვდარი უბანი თავისთავად მოძვრეს. შინაგანი ორგანოების ასეპტიკური ნეკროზის დროს მკვდარი ნაწილი თანდათანობით გაიწოვება და მას ნაწიბუროვანი ქსოვილი ჩაენაცვლება. შესაძლოა, განგრენა მეზობელ ჯანსაღ ქსოვილებზეც გავრცელდეს. ამასთანავე, სისხლში ხვდება ჩირქოვანი დაშლის პროდუქტები, რაც მძიმე ინტოქსიკაციას იწვევს.

სველი განგრენა. სველი განგრენისთვის დამახასიათებელია დაზიანებული ქსოვილების მუქი რუხი შეფერილობა, მათი შეშუპება და მოცულობის მატება. ქსოვილი იქცევა ჭუჭყიანი მწვანე ელფერის მქონე რბილ მასად, რომელსაც ჩირქის სუნი სდის, თანდათან თხიერდება და იშლება.
კეთილსაიმედო მიმდინარეობისას ჯანსაღი და მკვდარი ქსოვილების მიჯნაზე შეიმჩნევა მკვეთრი საზღვარი. მკვდარი ქსოვილი სხეულს სცილდება, წარმოქმნილი დეფექტი ხორცდება და ნაწიბური ყალიბდება. ზოგჯერ (ინფექციის არარსებობის, შემოფარგლული უბნის შემთხვევაში) სველი განგრენა შესაძლოა მშრალში გადაიზარდოს. თუ ორგანიზმი დასუსტებულია, ხოლო კანის ადგილობრივი რეაქცია - დაქვეითებული, პროცესი განივრცობა, ჩირქოვანი დაშლის პროდუქტები სისხლში შეიწოვება და ვითარდება სეფსისი (ასეთი რამ ხშირად ემართებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს). სველი განგრენის დროს დაზიანებული ქსოვილის ზედა შრეები კარგავს მგრძნობელობას, ღრმა შრეებში კი ტკივილი აღინიშნება. სხეულის ტემპერატურა იმატებს, საერთო მდგომარეობა მძიმეა.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. განგრენის მკურნალობა და პროფილაქტიკა ითვალისწინებს:

  • გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრას;
  • სისხლის გადასხმას;
  • ანტიბიოტიკების დანიშვნას;
  • ქირურგიულ ჩარევას.

 

 

ბურსიტი – bursitis – бурсит

ბურსიტი სახსრის სინოვიური აბგის მწვავე ან ქრონიკული ანთებაა და ხსენებულ უბანში ექსუდატის დაგროვება ახასიათებს. სინოვიური აბგა წარმოადგენს სინოვიური სითხით სავსე ტომრისებრ ღრუს. ის სხეულის იმ ადგილას მდებარეობს, რომელზეც მოძრაობისას ყველაზე მეტი მექანიკური დატვირთვა მოდის, მაგალითად, მყესების ქვეშ. ბურსიტს, ჩვეულებრივ, თან სდევს მყესების ანთება.
ბურსიტი მეტად გავრცელებული დაავადებაა. ყველაზე ხშირად მას ტრავმა იწვევს, შედარებით იშვიათად - ინფექცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ინტოქსიკაცია, ალერგიული რეაქციები, აუტოიმუნური პროცესები. სინოვიური აბგის ღრუში დაგროვილი ექსუდატი შეიძლება იყოს სეროზული, ჩირქოვანი ან ჰემორაგიული. სინოვიური აბგის გასქელებულ კედლებზე ზოგჯერ კალციუმი, ურატები და სხვა მარილები ილექება.

მიმდინარეობა და სიმპტომები. ადამიანს 140-მდე სინოვიური აბგა აქვს. ბურსიტი შეიძლება ნებისმიერ მათგანში განვითარდეს. ყველაზე ხშირად მაინც მხრის სახსარში გვხვდება, შედარებით იშვიათდ - იდაყვის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის სახსრებში. ასევე იშვიათია აქილევსის მყესებსა და ქუსლის ძვალს შორის მდებარე სინოვიური აბგის ანთება.
ბურსიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე ბურსიტი იწყება უეცარი მწვავე ტკივილით, რომელიც მოძრაობისას კიდევ უფრო მძაფრდება. მაგალითად, მხრის ბურსიტის დროს ავადმყოფს უჭირს თავთან ხელების მიტანა, თმის ვარცხნა. ანთებითი სახსრის ზედაპირზე შეიძლება მოიძებნოს ერთი ყველაზე მეტად მტკივნეული წერტილი. ტკივილი ხშირად გადაეცემა კისერში ან ხელის გასწვრივ. დამახასიათებელია ღამით ტკივილის გაძლიერება.
მწვავე ბურსიტის ნიშნებია:

  • ტკივილი;

  • შეხებისას მტკივნეულობა;

  • მოძრაობის შეზღუდვა;

  • ანთებითი სინოვიური აბგის საპროექციო არეში კანის სიწითლე და სიმხურვალე.

ერთი ან რამდენიმე შეტევის შემდეგ მწვავე ბურსიტი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.
ქრონიკული ბურსიტის დროს ტკივილი შედარებით სუსტია, მაგრამ უფრო ხანგრძლივი. ზოგჯერ სახსრის ირგვლივ არსებული ქსოვილები თითქოს შეეზრდება ძვალს, რაც სახსარში მოძრაობის მკვეთრ შეზღუდვას იწვევს. ქრონიკული ბურსიტის დროს სინოვიური აბგის მიდამოებში ხშირად ჩნდება კალციუმის ნალექები.
ქრონიკული ბურსიტის ნიშნებია:

  • სინოვიური აბგის კედლის გასქელება;

  • ღრუსშიგა შეხორცებები და კალციფიკაცია;

  • რეგიონული კუნთების ატროფია.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბურსიტის დიაგნოზს კლინიკური ნიშნების საფუძველზე სვამენ. საჭიროებისას ტარდება რენტგენოლოგიური კვლევა.
მწვავე ბურსიტის მკურნალობა კონსერვატიულია და, წესისამებრ, ამბულატორიულად ტარდება. პირველი 5-7 დღის განმავლობაში რეკომენდებულია მოსვენება, დაზიანებული არის იმობილიზაცია. ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ზოგ შემთხვევაში სასახსრე აბგაში შეჰყავთ ჰორმონული პრაპარატები (მაგალითად, ჰიდროკორტიზონი) ანტიბიოტიკებთან ერთად. მწვავე ანთების ნიშნების გაქრობის შემდეგ ინიშნება სპირტის კომპრესი ღამით, ფონოფორეზი ჰიდროკორტიზონით, ულტრაიისფერი დასხივება, ულტრამაღალი სიხშირის სხივებით მკურნალობა. ჩირქოვანი ბურსიტის დროს ავადმყოფი ქირურგთან იგზავნება. ამ დროს ნაჩვენებია პუნქცია ან ოპერაცია - სინოვიური აბგის გახსნა და ჩირქის გამოღება.
ქრონიკულ ბურსიტს უმეტესად ქირურგიულად მკურნალობენ. თუ კალციუმის ნადები მეტისმეტად დიდია, მოძრაობისას უსიამოვნო შეგრძნება აღმოცენდება, ამიტომ ნადების მოცილება აუცილებელია. კალციუმის მარილების მოცილება შესაძლებელია როგორც ასპირაციულად (ნემსით გამოწოვა), ისე ქირურგიულად. თუ ქსოვილის შეზრდამ სახსრის სრულ უმოძრაობა გამოიწვია, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.
ბურსიტის პროფილაქტიკა სინოვიური აბგის განმეორებითი ტრავმატიზაციის თავიდან აცილებას ითვალისწინებს.

 

 

ბულიმია – Bulimia – булимия

ბულიმია - დაუოკებელი მადა - ორი ტიპისაა. პირველი ტიპი, ნერვული ბულიმია, 25-30 წლის ასაკში ვითარდება. ავადმყოფი ხდება მგრძნობიარე, ემოციური, ადვილად აგზნებადი. მშვიდდება საკვების მიღების შემდეგ. ნერვული ბულიმიის დროს ადამიანი თავდაპირველად მხოლოდ სტრესის დროს ჭამს, მოგვიანებით კი მადა სტრესისგან დამოუკიდებლად იღვიძებს - შიმშილის შეგრძნებას, ფაქტობრივად, ნებისმიერი დისკომფორტი იწვევს. საკვებზე ფიქრი ასეთი ადამიანების ცხოვრების არსს შეადგენს.
ყველა, ვინც სტრესის დროს შიმშილს გრძნობს, ბულიმიით დაავადებული არ არის. მაგრამ თუ ამან რეგულარული ხასიათი მიიღო და ადამიანს ხელს უშლის მუშაობაში, მაშინ მას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს და ექიმიც აუცილებლად უნდა ჩაერიოს.
ბულიმიისას დანაყრების შეგრძნება ქრება და ადამიანი ვეღარ აკონტროლებს მიღებული საკვების ოდენობას. ავადმყოფი ხვდება, რაც ხდება მის თავს, იცის, რომ უნდა შეჩერდეს, მაგრამ თავს იმით იმშვიდებს, რომ ხვალიდან ახალ ცხოვრებას დაიწყებს. "ხვალე" კი არა და არ დგება. ბულიმიით დაავადებული მუშაობას გულს ვერ უდებს, პირად ცხოვრებაზე ვეღარ ფიქრობს, რადგან გულისყური მხოლოდ ჭამისკენ აქვს მიმართული. ის ჭამს კუჭის ტკივილამდე, შემდეგ კი ღებინებას იწვევს, რათა შემდეგ კვლავ ჭამას შეუდგეს და ა.შ.
არ არის აუცილებელი, ბულიმიით დაავადებული მსუქანი ან ჭარბწონიანი იყოს.
ბულიმიის მეორე ტიპი, როგორც წესი, პუბერტატული (სქესობრივი მომწიფების) ასაკის გოგონებს უვითარდებათ. მისთვის დამახასიათებელია გაცხოველებული მადისა და უმადობის მონაცვლეობა და წონის მკვეთრი ცვალებადობა. სწორედ წონის მკვეთრი კლებისა და მატების ბრალია პრობლემისადმი უყურადღებობა - გოგონებს გაცხოველებული მადა არ აღელვებთ, რადგან გახდომა მათთვის ადვილი საქმეა. ისინი მშვიდად სადილობენ და იმატებენ წონას, მაგრამ მადა მალევე უქვეითდებათ და ისევ ხდებიან, შემდეგ მადა კვლავ უძლიერდებათ და ასე გრძელდება, ვიდრე გაცხოველებული მადა მუდმივი არ გახდება და წონაც სტაბილურად არ დაიწყებს მატებას.

მკურნალობა. რაც უფრო ადრე დაიწყება ბულიმიის მკურნალობა, მით უფრო ეფექტური და იაფი იქნება ის (შესაძლოა, მხოლოდ ფსიქოთერაპევტის დახმარებაც საკმარისი აღმოჩნდეს). ყველაზე შედეგიანია ფსიქოთერაპიის, დიეტოთერაპიისა და მედიკამენტური მკურნალობის კომბინაცია. ფსიქოთერაპევტმა უნდა დაარწმუნოს პაციენტი მკურნალობის აუცილებლობაში. მათ ერთობლივად უნდა დასახონ მკურნალობის სტრატეგია, შეარჩიონ კვების რაციონი და რეჟიმი.

 

 

ბუასილი (ჰემოროი) – Haemorrhois – геморрой

ბუასილი ანუ ჰემოროი სწორი ნაწლავის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ჩივილებისა და ობიექტურ ცვლილებათა კომპლექი. მთავარი სიმპტომია სისხლდენა ანალური არხიდან დეფეკაციის დროს.
ბუასილი კეთილთვისებიანი დაავადებაა - ავთვისებიანად არასოდეს გადაგვარდება, თუმცა ქრონიკული ფორმის დროს ცხოვრების ხარისხი იმდენად ქვეითდება, რომ ბევრი გამოჯანმრთელების იმედსაც კი კარგავს. მედიცინაში ცნობილია ასეთი ავადმყოფების დამახასიათებელი გამომეტ¬ყველება, რომელსაც ჰემოროიდული პაციენტის სახეს უწოდებენ.
ბუასილის რისკფაქტორებია:

  • ქრონიკული შეკრულობა ან ფაღარათი, ნაწლავთა არასრული მოქმედება (გადაჭარბებული ჭინთვები);
  • კვებითი ჩვევები (მცირებოჭკოვანი დიეტა, მწარე, ცხარე საკვები და ალკოჰოლი);
  • სიმსუქნე;
  • ორსულობა;
  • დიდხანს ჯდომა ან დგომა (მაგალითად, ბუასილით ხშირად ავადდებიან დირიჟორები, ბუღალტრები, მძღოლები).

სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ ბუასილის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ქრონიკულ ბუასილს ახასიათებს წინარე პერიოდი, რომლის ძირითადი ჩივილებია:

  • უსიამოვნო შეგრძნება უკანა ტანის არეში;
  • მსუბუქი ქავილი;
  • დეფაკაციის შეფერხება.

ეს პერიოდი შესაძლოა რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს. ამის შემდეგ იწყება სისხლდენა დეფეკაციის დროს. სისხლდენის ინტენსივობა სხვადასხვაგვარია: განავლოვან მასებზე სისხლის კვალით დაწყებული, მასიური სისხლდენით დამთავრებული. არის შემთხვევები, როდესაც რექტალურ სისხლდენას ძლიერ ანემიამდე მივყავართ. ქრონიკულ ბუასილს თან ახლავს ტკივილები უკანა ტანის არეში, რომელიც დეფეკაციის დროს და დიეტის დარღვევის, კერძოდ, მწარე, ცხარე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელი პროდუქტების მიღების შემთხვევაში აღმოცენდება. მომდევნო ეტაპზე კი იწყება ბუასილის კვანძების გამოვლენა.
გამოყოფენ ქრონიკული ბუასილის 4 სტადიას.
I სტადიისთვის დამახასიათებელია ანალური არხიდან სისხლდენა დეფეკაციის დროს კვანძების გამოვარდნის გარეშე.
II სტადიას ახასიათებს ჭინთვების დროს ჰემოროიდული კვანძების გამოსვლა, რომლებიც დეფეკაციის დამთავრებისთანავე სპონტანურად ბრუნდება უკან.
III სტადიაზე ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა ხდება მხოლოდ დეფეკაციის დროს, მაგრამ ისინი სპონტანურად უკან არ ბრუნდება, საჭიროა დახმარება. მოგვიანებით პროლაფსი შეიძლება განვითარდეს მუცელშიდა წნევის ამა თუ იმ მიზეზით მომატებისას (მაგალითად, მძიმე ტვირთის აწევის, ხველის შემთხვევაში).
IV სტადიას ახასიათებს პერმანენტული პროლაფსი, რომელიც არ სწორდება. ის განაპირობებს თრომბოზს და ტკივილს, ხშირად - ძლიერ სისხლდენასაც კი.
მწვავე ბუასილს თან სდევს ძლიერი ტკივილი უკანა ტანის არეში. ამ დროს წარმოქმნილი ქსოვილების შეშუპება, შემდგომში კი ანთებითი ინფილტრაცია ხშირად ბუასილის კვანძების ჩაჭედვის სურათს ქმნის. ზოგ შემთხვევაში მწვავე ბუასილს თან ახლავს პერიანალური მიდამოს შეშუპება და კვანძების ნეკროზი. ამასთანავე, უმეტესად შიგნითა კვანძები ზიანდება, გარეთა კვანძები კი ამ პროცესში მეორეულად ერთვება, თუმცა არც გარეთა კვანძების იზოლირებული ანთებაა გამორიცხული. შესაძლოა, მათზე თრომბებიც კი ჩამოყალიბდეს. ისინი მრგვალი, თითქმის უმტკივნეულო წარმონაქმნებია, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი ნარჩუნდება.
დიაგნოსტიკა. საკმაოდ გამოკვე¬თილი კლინიკური სურათის მიუხედავად, ჰემოროიდული დაავადების დიაგნოსტირებისადმი მკაცრი და თანმიმდევრული მიდგომაა საჭირო. სწორი ნაწლავიდან სისხლდენა და ტკივილი სხვა პათოლოგიებმაც (მაგალითად, სიმსივნემ) შეიძლება გამოიწვიოს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის გასინჯვას, ანამნეზის დეტალურ შეკრებას.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ბუასილის პროფილაქტიკა და მკურნალობა გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობს კუჭის მოქმედების მოწესრიგებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს ღონისძიებებია:

  • კვების რაციონში მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვებისა და ბოჭკოს შემცველი საკვები დანამატების ჩართვა;
  • სითხის ოდენობის გაზრდა (6-8 ჭიქამდე დღეში);
  • ფიზიკური ვარჯიში;
  • ჯდომის ხანგრძლივობის შემცირება;
  • ცივი ან გრილი მჯდომარე აბაზანების მიღება;
  • დეფეკაციის დროს გადაჭარბებული ჭინთვების თავიდან აცილება.

I და II სტადიის ბუასილის დროს გამოიყენება მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი - მალამოები და ორალური (შინაგანად მისაღები) ფლებოტროპული პრეპარატები, რომლებიც სიმპტომატიკის სწრაფ და თვალსაჩინო უკუგანვითარებას უზრუნველყოფს.
ბუასილის კლინიკური მანიფესტირების (ტკივილის, სისხლდენის, დისკომფორტის) შემთხვევაში ავადმყოფმა დროულად უნდა მიმართოს პროქტოლოგს, რათა დაავადება არ გართულდეს და საჭირო არ გახდეს მკურნალობის ქირურგიული მეთოდის გამოყენება.
ქირურგიულ მეთოდს დაავადების III-IV სტადიებში მიმართავენ. ის ბუასილის კვანძების რადიკალურ მოცილებას ითვალისწინებს. მკურნალობის ეს მეთოდი იძლევა გარანტიას, რომ დაავადების რეციდივი თავიდან იქნება აცილებული.

 

 

ბრუცელოზი – Brucellosis – бруцеллез

ბრუცელოზი (ტალღისებრი ცხელება, ჰიბრალტარის ცხელება) ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ცხელება, რეტიკულურ-ენდოთელური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა სისტემების დაზიანება ახასიათებს. ბრუცელოზი გვხვდება ყველგან, სადაც კი მეცხოველეობას მისდევენ. დაავადების გამომწვევია ბრუცელების გვარის წარმომადგენელი. ამჟამად მისი 6 სახეობაა ცნობილი. მათ შორის ადამიანისთვის განსაკუთრებით პათოგენურია Br. melitensis, რომლის მატარებელიც თხა და ცხვარია. ბრუცელოზის შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ამ ბაქტერიით არის გამოწვეული. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც, რომელიც Babovius bovis-ის მატარებელია. დაავადებული ძროხა მრავალ ადამიანს აინფიცირებს, მაგრამ ავადდებიან ერთეულები და დაავადებაც უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.
ინფექცია გადაედება ალიმენტური, კონტაქტური და ასპირაციული გზით. პირველ შემთხვევაში ადამიანი ავადდება დაავადებული ცხოველის თერმულად ცუდად დამუშავებული რძისა და ხორცის პროდუქტების მიღებისას. კონტაქტური გზით ინფიცირებისას გამომწვევი ორგანიზმში იჭრება დაზიანებული კანიდან ან ლორწოვანი გარსიდან დაავადებული ცხოველის სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხებისას.
ბრუცელოზი პროფესიული დაავადებაა. უმთავრესად ავადდებიან ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები, ხორცკომბინატის თანამშრომლები, მატყლზე მომუშავეები, მონადირეები და ა.შ. ავადობის სიხშირე იზრდება გაზაფხულზე და ზაფხულში - დოლისა და მასიური წველის პერიოდში.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ბრუცელოზის კლინიკა მეტად მრავალფეროვანია. მწვავე ფორმის შემთხვევაში საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 3 კვირას (7-50 დღეს) გრძელდება. შემდეგ იწყება დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტალღისებრი მიმდინარეობა, გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა. დაავადების დასაწყისში ვლინდება სამი დამახასიათებელი ნიშანი: ცხელება, შემცივნება და ოფლიანობა. ავადმყოფი უჩივის ტკივილს კუნთების, მსხვილი სახსრების არეში და ნერვების გასწვრივ. სახე და კისრის არე უწითლდება,  ეუფლება ეიფორია. სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსს აღწევს, თუმცაღა ავადმყოფს ცუდი თვითშეგრძნება არ აქვს. ცხელება ტალღისებურია. მაღალი ცხელება 5-8 დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება, შემდეგ ტემპერატურა თანდათან ნორმას უბრუნდება და დგება რემისიის პერიოდი (1 კვირიდან 1-1,5 თვემდე), რომელსაც კვლავ გამწვავება ცვლის. შეტევა შესაძლოა 5-8-ჯერ გამეორდეს. თუ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დაგვიანდა, 3 წლის შემდეგ დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება.
ბრუცელოზი სიკვდილს არ იწვევს. როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ფორმა იკურნება. ცხელების ერთი ან რამდენიმე ტალღის შემდეგ ავადმყოფი შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდეს, მაგრამ რეჟიმის დარღვევისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაში გამორიცხული არ არის ინფექციის გააქტიურება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბრუცელოზის დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკას (ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა და ტალღისებრი ხასიათი) და სისხლის სეროლოგიურ ანალიზს (სისხლიდან უნდა ამოითესოს ბრუცელები). სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, ნარჩენი მოვლენების ასალაგებლად ინიშნება ფიზიოთერაპია და ბალნეოთერაპია.

 

Don`t copy text!