Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 371

ბუასილი (ჰემოროი) – Haemorrhois – геморрой

ბუასილი ანუ ჰემოროი სწორი ნაწლავის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ჩივილებისა და ობიექტურ ცვლილებათა კომპლექი. მთავარი სიმპტომია სისხლდენა ანალური არხიდან დეფეკაციის დროს.
ბუასილი კეთილთვისებიანი დაავადებაა – ავთვისებიანად არასოდეს გადაგვარდება, თუმცა ქრონიკული ფორმის დროს ცხოვრების ხარისხი იმდენად ქვეითდება, რომ ბევრი გამოჯანმრთელების იმედსაც კი კარგავს. მედიცინაში ცნობილია ასეთი ავადმყოფების დამახასიათებელი გამომეტ¬ყველება, რომელსაც ჰემოროიდული პაციენტის სახეს უწოდებენ.
ბუასილის რისკფაქტორებია:

  • ქრონიკული შეკრულობა ან ფაღარათი, ნაწლავთა არასრული მოქმედება (გადაჭარბებული ჭინთვები);
  • კვებითი ჩვევები (მცირებოჭკოვანი დიეტა, მწარე, ცხარე საკვები და ალკოჰოლი);
  • სიმსუქნე;
  • ორსულობა;
  • დიდხანს ჯდომა ან დგომა (მაგალითად, ბუასილით ხშირად ავადდებიან დირიჟორები, ბუღალტრები, მძღოლები).

სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ ბუასილის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ქრონიკულ ბუასილს ახასიათებს წინარე პერიოდი, რომლის ძირითადი ჩივილებია:

  • უსიამოვნო შეგრძნება უკანა ტანის არეში;
  • მსუბუქი ქავილი;
  • დეფაკაციის შეფერხება.

ეს პერიოდი შესაძლოა რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს. ამის შემდეგ იწყება სისხლდენა დეფეკაციის დროს. სისხლდენის ინტენსივობა სხვადასხვაგვარია: განავლოვან მასებზე სისხლის კვალით დაწყებული, მასიური სისხლდენით დამთავრებული. არის შემთხვევები, როდესაც რექტალურ სისხლდენას ძლიერ ანემიამდე მივყავართ. ქრონიკულ ბუასილს თან ახლავს ტკივილები უკანა ტანის არეში, რომელიც დეფეკაციის დროს და დიეტის დარღვევის, კერძოდ, მწარე, ცხარე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელი პროდუქტების მიღების შემთხვევაში აღმოცენდება. მომდევნო ეტაპზე კი იწყება ბუასილის კვანძების გამოვლენა.
გამოყოფენ ქრონიკული ბუასილის 4 სტადიას.
I სტადიისთვის დამახასიათებელია ანალური არხიდან სისხლდენა დეფეკაციის დროს კვანძების გამოვარდნის გარეშე.
II სტადიას ახასიათებს ჭინთვების დროს ჰემოროიდული კვანძების გამოსვლა, რომლებიც დეფეკაციის დამთავრებისთანავე სპონტანურად ბრუნდება უკან.
III სტადიაზე ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა ხდება მხოლოდ დეფეკაციის დროს, მაგრამ ისინი სპონტანურად უკან არ ბრუნდება, საჭიროა დახმარება. მოგვიანებით პროლაფსი შეიძლება განვითარდეს მუცელშიდა წნევის ამა თუ იმ მიზეზით მომატებისას (მაგალითად, მძიმე ტვირთის აწევის, ხველის შემთხვევაში).
IV სტადიას ახასიათებს პერმანენტული პროლაფსი, რომელიც არ სწორდება. ის განაპირობებს თრომბოზს და ტკივილს, ხშირად – ძლიერ სისხლდენასაც კი.
მწვავე ბუასილს თან სდევს ძლიერი ტკივილი უკანა ტანის არეში. ამ დროს წარმოქმნილი ქსოვილების შეშუპება, შემდგომში კი ანთებითი ინფილტრაცია ხშირად ბუასილის კვანძების ჩაჭედვის სურათს ქმნის. ზოგ შემთხვევაში მწვავე ბუასილს თან ახლავს პერიანალური მიდამოს შეშუპება და კვანძების ნეკროზი. ამასთანავე, უმეტესად შიგნითა კვანძები ზიანდება, გარეთა კვანძები კი ამ პროცესში მეორეულად ერთვება, თუმცა არც გარეთა კვანძების იზოლირებული ანთებაა გამორიცხული. შესაძლოა, მათზე თრომბებიც კი ჩამოყალიბდეს. ისინი მრგვალი, თითქმის უმტკივნეულო წარმონაქმნებია, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი ნარჩუნდება.
დიაგნოსტიკა. საკმაოდ გამოკვე¬თილი კლინიკური სურათის მიუხედავად, ჰემოროიდული დაავადების დიაგნოსტირებისადმი მკაცრი და თანმიმდევრული მიდგომაა საჭირო. სწორი ნაწლავიდან სისხლდენა და ტკივილი სხვა პათოლოგიებმაც (მაგალითად, სიმსივნემ) შეიძლება გამოიწვიოს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის გასინჯვას, ანამნეზის დეტალურ შეკრებას.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ბუასილის პროფილაქტიკა და მკურნალობა გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობს კუჭის მოქმედების მოწესრიგებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს ღონისძიებებია:

  • კვების რაციონში მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვებისა და ბოჭკოს შემცველი საკვები დანამატების ჩართვა;
  • სითხის ოდენობის გაზრდა (6-8 ჭიქამდე დღეში);
  • ფიზიკური ვარჯიში;
  • ჯდომის ხანგრძლივობის შემცირება;
  • ცივი ან გრილი მჯდომარე აბაზანების მიღება;
  • დეფეკაციის დროს გადაჭარბებული ჭინთვების თავიდან აცილება.

I და II სტადიის ბუასილის დროს გამოიყენება მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი – მალამოები და ორალური (შინაგანად მისაღები) ფლებოტროპული პრეპარატები, რომლებიც სიმპტომატიკის სწრაფ და თვალსაჩინო უკუგანვითარებას უზრუნველყოფს.
ბუასილის კლინიკური მანიფესტირების (ტკივილის, სისხლდენის, დისკომფორტის) შემთხვევაში ავადმყოფმა დროულად უნდა მიმართოს პროქტოლოგს, რათა დაავადება არ გართულდეს და საჭირო არ გახდეს მკურნალობის ქირურგიული მეთოდის გამოყენება.
ქირურგიულ მეთოდს დაავადების III-IV სტადიებში მიმართავენ. ის ბუასილის კვანძების რადიკალურ მოცილებას ითვალისწინებს. მკურნალობის ეს მეთოდი იძლევა გარანტიას, რომ დაავადების რეციდივი თავიდან იქნება აცილებული.

 

 

ბრუცელოზი – Brucellosis – бруцеллез

ბრუცელოზი (ტალღისებრი ცხელება, ჰიბრალტარის ცხელება) ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ცხელება, რეტიკულურ-ენდოთელური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა სისტემების დაზიანება ახასიათებს. ბრუცელოზი გვხვდება ყველგან, სადაც კი მეცხოველეობას მისდევენ. დაავადების გამომწვევია ბრუცელების გვარის წარმომადგენელი. ამჟამად მისი 6 სახეობაა ცნობილი. მათ შორის ადამიანისთვის განსაკუთრებით პათოგენურია Br. melitensis, რომლის მატარებელიც თხა და ცხვარია. ბრუცელოზის შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ამ ბაქტერიით არის გამოწვეული. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც, რომელიც Babovius bovis-ის მატარებელია. დაავადებული ძროხა მრავალ ადამიანს აინფიცირებს, მაგრამ ავადდებიან ერთეულები და დაავადებაც უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.
ინფექცია გადაედება ალიმენტური, კონტაქტური და ასპირაციული გზით. პირველ შემთხვევაში ადამიანი ავადდება დაავადებული ცხოველის თერმულად ცუდად დამუშავებული რძისა და ხორცის პროდუქტების მიღებისას. კონტაქტური გზით ინფიცირებისას გამომწვევი ორგანიზმში იჭრება დაზიანებული კანიდან ან ლორწოვანი გარსიდან დაავადებული ცხოველის სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხებისას.
ბრუცელოზი პროფესიული დაავადებაა. უმთავრესად ავადდებიან ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები, ხორცკომბინატის თანამშრომლები, მატყლზე მომუშავეები, მონადირეები და ა.შ. ავადობის სიხშირე იზრდება გაზაფხულზე და ზაფხულში – დოლისა და მასიური წველის პერიოდში.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ბრუცელოზის კლინიკა მეტად მრავალფეროვანია. მწვავე ფორმის შემთხვევაში საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 3 კვირას (7-50 დღეს) გრძელდება. შემდეგ იწყება დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტალღისებრი მიმდინარეობა, გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა. დაავადების დასაწყისში ვლინდება სამი დამახასიათებელი ნიშანი: ცხელება, შემცივნება და ოფლიანობა. ავადმყოფი უჩივის ტკივილს კუნთების, მსხვილი სახსრების არეში და ნერვების გასწვრივ. სახე და კისრის არე უწითლდება,  ეუფლება ეიფორია. სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსს აღწევს, თუმცაღა ავადმყოფს ცუდი თვითშეგრძნება არ აქვს. ცხელება ტალღისებურია. მაღალი ცხელება 5-8 დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება, შემდეგ ტემპერატურა თანდათან ნორმას უბრუნდება და დგება რემისიის პერიოდი (1 კვირიდან 1-1,5 თვემდე), რომელსაც კვლავ გამწვავება ცვლის. შეტევა შესაძლოა 5-8-ჯერ გამეორდეს. თუ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დაგვიანდა, 3 წლის შემდეგ დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება.
ბრუცელოზი სიკვდილს არ იწვევს. როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ფორმა იკურნება. ცხელების ერთი ან რამდენიმე ტალღის შემდეგ ავადმყოფი შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდეს, მაგრამ რეჟიმის დარღვევისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაში გამორიცხული არ არის ინფექციის გააქტიურება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბრუცელოზის დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკას (ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა და ტალღისებრი ხასიათი) და სისხლის სეროლოგიურ ანალიზს (სისხლიდან უნდა ამოითესოს ბრუცელები). სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, ნარჩენი მოვლენების ასალაგებლად ინიშნება ფიზიოთერაპია და ბალნეოთერაპია.

 

ბრტყელტერფიანობა – Pes planus – плоскостопие

ტერფის სრულყოფილება განისაზღვრება მისი ძვლოვანი თაღის ფორმით, კუნთებისა და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსით, დატვირთვისადმი ამტანობით. ბრტყელტერფიანობა ტერფების დეფორმაციაა, რომელიც განივი და გასწვრივი თაღების გასადავებით გამოიხატება. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი.
ტერფის გასწვრივი თაღი მდებარეობს ტერფის მედიალურ (შიგნითა) ნაწილში და აქვს სამი ძვლოვანი ორიენტირი: წინატერფის პირველი ძვლის თავი (მდებარეობს ფეხის პირველი თითის მოსახართან), ნავისებრი და ქუსლის ძვლები. განივი თაღი მდებარეობს წინატერფის პირველ და მეხუთე ძვლებს (ფეხის მეხუთე თითის მოსახართან) შორის. გასწვრივ თაღს უფრო მეტი ფუნქციური დატვირთვა აქვს. ბრტყელტერფიანობის მძიმე ფორმების დროს ტერფის მედიალური ნაწილი პრონირებულია (შებრუნებულია) და მთლიანად დაშვებულია ჰორიზონტზე. ნავისებრი ძვალი გამოწეულია.
ბრტყელტერფიანობის კლინიკური ნიშნებია:

  • ტერფის დაგრძელება;
  • ტერფის გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება;
  • ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება;
  • ქუსლის გარეთ მიბრუნება;
  • ადვილად დაღლა, ტერფის ტკივილი კოჭ-წვივის სახსრის დატვირთვის შემდეგ.

ბრტყელტერფიანობა დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და ტორსისა და ქვემო კიდურების დეფორმაციასაც დაერთოს. ის ხშირად ახლავს თან ბარძაყის თანდაყოლილ ამოვარდნილობას, ბარძაყის დეფორმაციას, ტანდეგობის დარღვევას, განსაკუთრებით – კიფოზ-ლორდოზულ ტანდეგობას (ხერხემლის გამრუდებას), წვივის დიდი ძვლის შიგნით შეტრიალებას, ასევე – ოსტეომალაციას, სახსრებში მოძრაობის სიჭარბეს, პოლიომიელიტსა და ნეიროორთოპედიულ დაავადებას.
მიზეზების კვალობაზე, განასხვავებენ ბრტყელტერფიანობის რამდენიმე ფორმას. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება:

  • სტატიკური ბრტყელტერფიანობა – დაკავშირებულია ქვემო კიდურების ქრონიკულ დატვირთვასთან. უვითარდებათ დისპლაზიური (არასწორად განვითარებული) შემაერთებელი ქსოვილის მქონე ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ კუნთებისა და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსის დაქვეითება;
  • ტრავმული ბრტყელტერფიანობა – გამოწვეულია ძვლების არასწორად შეხორცებით წინატერფის, ქუსლის ძვლის, კოჭ-წვივის ან მუხლის სახსრის, მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ხერხემლის დაზიანებისას;
  • პარალიზური ბრტყელტერფიანობა – განპირობებულია ნერვული სისტემის დაზიანებით – ქვემო კიდურების რბილი ან სპასტიკური პარეზით;
  • რაქიტული ბრტყელტერფიანობა – განპირობებულია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დარღვევით, ოსტეომალაციით, მყესოვანი და კუნთოვანი სისტემის მოდუნებით.

ბრტყელი ტერფი სიარულისას ზამბარასავით დრეკადი აღარ არის. სწორედ ეს იწვევს ტკივილსა და ადვილად დაღლას. გასწვრივი თაღის გაბრტყელება ტერფის დაგრძელებას განაპირობებს. ეს პაციენტს აიძულებს, ადრინდელთან შედარებით ერთი ან ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი ატაროს. განივი თაღის გაბრტყელების შედეგად თითების ძირთან ტერფი ფართოვდება, ფეხისგულზე ბებერა ჩნდება, დიდ თითზე კი – ძვლოვანი წანაზარდი. განივი და გრძივი თაღების გადასწორება, როგორც წესი, ერთდროულად იწყება, ამიტომ ტერფი გრძელდება და თითები მარაოსავით იშლება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ ტერფის თაღების სრული ფორმირება 6-7 წლის ასაკში ხდება, – მანამდე ტერფის ფორმა საბოლოოდ გამოკვეთილი არ არის, – ბრტყელტერფიანობისკენ მიდრეკილების ამოცნობა წლამდე ასაკის ბავშვებშიც შესაძლებელია. დიაგნოსტიკას აბრკოლებს სიმსუქნე – მსუქანი ბავშვების ტერფების თაღი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ბალიშით არის ამოვსებული. თუ ასეთ ტერფზე დაყრდნობისას ტერფის მედიალური ზედაპირი პრონირებულია (შიგნით არის შებრუნებული), ხოლო უკანა ნაწილი ვალგუსური ორიენტაციისაა (ქუსლი მიბრუნებულია გარეთ), სავარაუდოა  ბრტყელტერფიანობის განვითარება.
ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა ხდება კომპიუტერული კვლევით, რომელიც თვალნათლივ გვაჩვენებს ზეწოლის უბნებს. მისი შედეგების საფუძველზე შეირჩევა ინდივიდუალური საკორექციო ღაბაშები (სუპინატორები).
არსებობს ბრტყელტერფიანობის დასადგენი ტესტი – ე.წ ქაღალდის სარკე, რომლის ჩატარება შინაც შეიძლება. მისი მეშვეობით პაციენტი თვალნათლივ ხედავს, რომ ტერფების ფორმა დარღვეული აქვს. აიღეთ სუფთა ფურცელი და დადეთ იატაკზე. ტერფებზე წაისვით ცხიმოვანი კრემი და ფურცელზე დადექით. ტანი სწორად დაიკავეთ, ფეხები შეატყუპეთ, რათა სხეულის სიმძიმე ორივე ფეხზე თანაბრად გადანაწილდეს. ფურცელზე თქვენი ტერფების ანაბეჭდი დარჩება. აიღეთ ფანქარი და სწორი ხაზით შეაერთეთ ანაბეჭდის შიგნითა მხარეს ყველაზე მეტად გამოწეული წერტილები. შემდეგ მათ პერპენდიკულარულად გაავლეთ სწორი ხაზი, რომელიც გადაკვეთს ტერფების ჩაღრმავებას ყველაზე ღრმა ადგილას (ნახ. 1).
თუ ანაბეჭდის ვიწრო ნაწილი პერპენდიკულარული ხაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ტერფი ნორმალურია, თუ ტოლია, აშკარაა ბრტყელტერფიანობა.

გართულებები. ტერფის არასწორი დატვირთვისას ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ღერძული სიმეტრია, რაც ტერფზედა სეგმენტების (კოჭ-წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის სახსრების, ხერხემლის სვეტის) ნორმალური ფუნქციის დარღვევას განაპირობებს.
ცალმხრივი ბრტყელტერფიანობისას ზედა სეგმენტების ზოგადი სისუსტე და ფუნქციური დარღვევა უფრო მეტად არის გამოხატული.
თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ასაკთან ერთად ტერფის დეფორმაცია ღრმავდება. აღინიშნება ორგანიზმის ზოგადი გადაღლა, ტერფის რესორული ფუნქციის (დრეკადობის) დაკარგვის გამო ირღვევა ნაბიჯების თანამიმდევრობა და რიტმული ხასიათი.
თუ ბრტყელტერფიანობას არ ახლავს ქვემო კიდურების ფუნქციის დარღვევა (დაღლა, ტკივილი) და არც დეფორმაციის პროგრესირება აღინიშნება, რაც განპირობებულია თაღამწევი კუნთების მყარი ამტანობითა და ძალით, – ასეთი ტერფი პათოლოგიურად არ მიიჩნევა. ამავე დროს, არ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს ტერფი, რომელსაც აქვს კარგად გამოხატული გასწვრივი თაღი, მაგრამ შეზღუდული საყრდენუნარიანობა – ასეთ გადახრას თან სდევს გადაღლა და ტკივილი.
მკურნალობა. ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ბავშვებში უპირატესად კონსერვატიულია, მისი მიზანია ნერვკუნთოვანი და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსის აწევა და მკურნალობით მიღწეული თაღის ფორმის შენარჩუნება მოდელირებული (ინდივიდუალურად შერჩეული) სუპინატორით.
მკურნალობა კომპლექსურია. გასათვალისწინებელია როგორც ძირითადი, ისე თანმხლები დაავადებები. კომპლექსი მოიცავს დღის საგანგებო რეჟიმს, სამკურნალო ფიზკულტურას, აპარატულ ფიზიოთერაპიას, ბალნეოთერაპიას, მედიკამენტურ თერაპიას.
წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნებათ ტერფის მედიალური, წვივის მედიალური და წინა დუნდულა, გავა-წელის, პარავერტებრული (ხერხემლის გასწვრივი) და მუცლის კუნთების მატონიზებელი მასაჟი აქტოვეგინის ან სოლკოსერილის მალამოების გამოყენებით. პროცედურების შემდეგ ტერფი ფიქსირდება სუპინირებულ მდგომარეობაში რვიანისმაგვარი რბილი ნახვევით. ღამით, ძილის დროს, ტერფი ფიქსირებულია სუპინირებულ მდგომარეობაში თაბაშირის ან პოლივიკის უკანა ღარში. ასეთი მკურნალობა გრძელდება 1 წლამდე რეგულარულად და თანმიმდევრულად. ფეხის ადგმისას ყურადღება უნდა მიექცეს ფეხსაცმლის ცვეთის თავისებურებას: თუ ტერფი გაბრტყელებისკენ არის მიდრეკილი, ცვდება ქუსლის შიგნითა ზედაპირი. თუ დეფორმაციის პროგრესირების ტენდენცია შეიმჩნევა, უნიშნავენ სუპინატორებს.
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მკურნალობა სამკურნალო ვარჯიშებით და მასაჟით იწყება. ტარდება ტერფის თაღამწევი, დუნდულა, გავა-წელისა და პარავერტებრული კუნთების მასაჟი.
კუნთების კუმშვადობის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ტერფის თაღამწევი კუნთების ელექტროსტიმულაციას.
ეფექტურია ვარჯიში წყალში. სათლში ჩასხმულ 10 ლ წყალს დაუმატეთ 100 გ ზღვის მარილი და მატონიზებელი სამკურნალო მცენარეების (გვირილა, მუხის ქერქი, წიწვი, მრავალძარღვა და სხვა) 2 ლ ნაყენი. წყლის ტემპერატურა 36-370ჩ უნდა იყოს. ამ ჭურჭლის ფსკერიდან სუპინირებული ტერფით ბავშვს წყლის ზედაპირზე ნელა ამოაქვს დამძიმებული ბურთი ან ქვა. თავდაპირველად ვარჯიში 5-7-ჯერ სრულდება. შემდეგ რაოდენობა თანდათან იმატებს და 20-მდე ადის.
მკურნალობის შემდეგ ტერფის სწორი ფორმირებისა და ფიზიოლოგიური ფუნქციის შესრულებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ფეხსაცმელს, რომლის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ტერფის ნორმალური დაყრდნობა როგორც დგომის, ისე მოძრაობის დროს (მოძრაობისა და დგომისას ტერფი ყველაზე მეტ ზეწოლას განიცდის. ამ დროს მისი გასწვრივი თაღის სიმაღლე 1,3 სმ-ით მცირდება). ტერფის ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლეზე, რომელიც კუნთის მუშაობისთვის ხელსაყრელ ან არახელსაყრელ პირობებს ქმნის. სწორად შერჩეული ქუსლი ამაღლებს გასწვრივ თაღს და აუმჯობესებს მის რესორულ ფუნქციას. ქუსლის სიმაღლე ტერფის სიგრძის 1/4-ს უნდა შეადგენდეს, რაც დაახლოებით 2-3 სანტიმეტრს უდრის.
სუპინატორი აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მისი მეშვეობით ხდება ტერფის ამაღლება, მტკივნეული უბნების ზეწოლისგან გათავისუფლება, სიარულის გაუმჯობესება, დეფორმაციის პროგრესის პროფილაქტიკა.
სპეციალური ვარჯიშებით შესაძლებელია ტერფების კუნთოვანი აპარატის გამაგრება.
ამ ვარჯიშების შესრულება შინაც შეგიძლიათ:
დაჯექით მაღალ სკამზე. ფეხებქვეშ ფარდაგი დაიდეთ. ტერფები მყარად უნდა გედგათ იატაკზე, ოდნავ განიგან, მუხლები და მენჯ-ბარძაყი კი 900-ით იყოს მოხრილი.

  • ტერფები მოხარეთ და გაშალეთ.
  • მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები.
  • ტერფებით დაიჭირეთ ბურთი, ასწიეთ ის და საწყის მდგომარეობაში დააბრუნეთ.
  • ტერფებით გააგორ-გამოაგორეთ საგორავი (ცომის გასაბრტყელებელი) ჯოხი.
  • ფეხის თითებქვეშ ამოიდეთ პირსახოცი, მისი ბოლოები ხელში დაიჭირეთ და მოქაჩეთ.
  • იარეთ ფეხის წვერებზე.

ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკა ასეთია: არ შეიძლება ვიწრო ფეხსაცმლის ტარება, ბევრი სირბილი, დიდხანს დგომა. ფეხები ხშირად უნდა დაასვენოთ, რეგულარულად ავარჯიშოთ ტერფები, იკეთოთ მასაჟი, აბაზანები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ტერფებს 40 წლის შემდეგ.

ბრონქოექტაზიური დაავადება – Bronchostatic disease  – бронхоэктатическая болезнь

ბრონქოექტაზია ფილტვების ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ბრონქების სანათურის მყარი (შეუქცევადი) ცილინდრული ან ტომრისებრი გაგანიერება და გაგანიერებული ბრონქის ქრონიკული ბაქტერიული ანთება. ბრონქოექტაზია შეიძლება იყოს პირველადიც – აღმოცენდეს როგორც დამოუკიდებელი დაავადება – და მეორეულიც – ტუბერკულოზის, სიმსივნის, ფილტვის ქრონიკული აბსცესის შედეგი. ასევე, შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. თანდაყოლილი ბრონქოექტაზია ბრონქების ემბრიონული განვითარების მანკის შედეგია. შეძენილი კი ვითარდება წვრილი ბრონქების სეკრეტის გამოყოფის ქრონიკული დარღვევის, ბრონქების სანათურში უცხო სხეულის მოხვედრის, გადიდებული ლიმფური ჯირკვლებისა და სიმსივნის ბრონქებზე ზეწოლის შედეგად. ამ დროს ხდება ბრონქების გაგანიერება, გაგანიერებულ ბრონქებში გროვდება ინფიცირებული სეკრეტი და ვითარდება ჩირქოვანი ანთება.

განასხვავებენ ბრონქოექტაზიის 3 სტადიას:
I სტადიაში მხოლოდ ბრონქები ფართოვდება. გაფართოებული ღრუები ლორწოთია ამოვსებული. ამ დროს დაჩირქება არ აღინიშნება.
II სტადიაში ზემოხსენებულ ცვლილებებს ერთვის ბრონქის კედლის ანთებითი და ჩირქოვანი ცვლილებები. გაფრთოებული ბრონქები უკვე შეიცავენ ჩირქს.
III სტადიაში ჩირქოვანი პროცესი ბრონქებიდან მიმდებარე ფილტვის ქსოვილზე გადადის. ვითარდება ე.წ პნევმოსკლეროზი.
ბრონქოექტაზიური დაავადება ასიდან 30 შემთხვევაში ფილტვების ორმხრივი დაზიანებით მიმდინარეობს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ეს დაავადება დიდხანს გრძელდება და პერიოდული გამწვავება ახასიათებს. ზოგიერთს კარგა ხანს მხოლოდ ხველა აწუხებს, თუმცა ნახველის ოდენობა თანდათან იმატებს. ნახველი ლორწოვან-ჩირქოვანი ან ჩირქოვანია. ჭურჭელში ცოტა ხნით რომ გავაჩეროთ, სამ: ჩირქოვან, სეროზულ და ლორწოვან – შრედ დაიყოფა. თუ ავადმყოფს გულმკერდის ტკივილი და ქოშინი დაეწყო, ეს ბრონქოექტაზიური დაავადების გამწვავებაზე მიუთითებს.
ბრონქოექტაზიური დაავადების კლასიკურ ნიშნად მიჩნეულია დოლისებრი თითები და საათის მინის ფორმის ფრჩხილები. მათ ჩამოყალიბებას ხშირად წინ უძღვის კიდურების ტეხა. ასეთ დროს ავადმყოფს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ დაზიანებული ფილტვის მხარეს გულმკერდის ყაფაზი სუნთქვაში ჩამორჩება.
ბრონქოექტაზიური დაავადების II სტადიაში ავადმყოფს მკვეთრად უქვეითდება შრომის უნარი, III სტადიაში კი შრომისუუნარო ხდება. ირგვლივ მყოფთათვის ხშირად შემაწუხებელია მათი ამონასუნთქის უსიამო სუნი და ხველა უხვი ნახველით.
ბრონქოექტაზიური დაავადება ხშირად რთულდება ფილტვებიდან სისხლდენით, პლევრის ემპიემით, ფილტვების აბსცესითა და განგრენით, თავის ტვინის აბსცესით, მენინგიტით.
მკურნალობა. ბრონქოექტაზიური დაავადების კონსერვატიულ მკურნალობას მიმართავენ მხოლოდ I სტადიაში ან მაშინ, როდესაც ქირურგიული ჩარევა ამა თუ იმ მიზეზით შეუძლებელია.

ავადმყოფს სჭირდება სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი, მაღალკალორიული, ცილებით მდიდარი რაციონი, ანტიბაქტერიული საშუალებები (მიკროფლორის მგრძნობელობის გათვალისწინებით), ოპტიმალური პირობები ფილტვების დაზიანებული უბნის დრენირებისათვის. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ავადმყოფის ოპერაციისთვის მომზადებას. ოპერაცია ფილტვის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთას ითვალისწინებს.
ოპერაციის შემდეგ, ფილტვის დიდი ნაწილის ამოკვეთის მიუხედავად, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება და მას უბრუნდება შრომის უნარი.

 

 

ბრონქიტი – Bronchitis – бронхит

ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე ბრონქიტი ზემო სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. საფუძვლად უდევს ბრონქების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება. მწვავე ბრონქიტს უმთავრესად ვირუსი (გრიპი, პარაგრიპი, ადენოვირუსი) იწვევს. მიკრობული ფლორის თანდართვა მეორეულია. ბრონქიტი, ასევე, შეიძლება განვითარდეს ფიზიკური (ორთქლის ან ცივი ჰაერის შესუნთქვა) ან ქიმიური (გამაღიზიანებელი ან მომწამლავი აირის) ზემოქმედების შედეგად. მწვავე ბრონქიტის ხელმშემწყობი ფაქტორებია გაციება, თამბაქოს წევა, ცხვირ-ხახის კეროვანი ინფექცია და შეგუბება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში.

მწვავე ბრონქიტს, ჩვეულებრივ, წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების კატარი. ავადმყოფი უჩივის ზოგად სისუსტეს, ყელის ტკივილს, მკერდის ძვლის უკან ფხაჭნისა და ჩახეხვის შეგრძნებას. ამას ერთვის მშრალი ხველის შეტევები, ზოგჯერ – მცირე რაოდენობის ლორწოვანი ნახველის გამოყოფით. შემდეგ ნახველი იმატებს და ლორწოვან-ჩირქოვანი ხდება. გახანგრძლივებულმა ხველამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ნეკნთაშუა კუნთების, მუცლის ზედა ნაწილის კუნთებისა და ფერდების არეში. ტემპერატურა ზოგჯერ ნორმალური რჩება, ზოგჯერ იმატებს – 38 გრადუსამდე და უფრო მეტადაც. არის შემთხვევები (განსაკუთრებით – წვრილი ბრონქების დაზიანებისას), როდესაც ანთებითი ცვლილებებისა და სპაზმის გამო ირღვევა ბრონქების განვლადობა. ეს შეტევითი ხველით, ქოშინითა და ციანოზით ვლინდება. მწვავე ბრონქიტის ამ ფორმას ახასიათებს გახანგრძლივებული მიმდინარეობა და გაქრონიკულებისკენ მიდრეკილება.
მწვავე ბრონქიტის დროს ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. ავადმყოფს ეკრძალება თამბაქოს წევა. რეკომენდებულია დიდი ოდენობით სითხის (ჩაი, ტუტე მინერალური წყალი, რძე) მიღება, ინჰალაცია სოდის 2%-იანი ხსნარით. მშრალი ხველისას ინიშნება ხველის ცენტრის დამამშვიდებელი საშუალებები. თუ ხველა ნახველიანია, უნიშნავენ ამოსახველებელ საშუალებებს, ბრონქების სპაზმის საწინააღმდეგოდ – ბრონქოლიზურ პრეპარატებს. ვირუსული ბრონქიტის დროს ინიშნება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, იმუნოგლობულინი, ინტერფერონი. პნევმონიის პროფილაქტიკის მიზნით ან მწვავე ბრონქიტის მძიმე მიმდინარეობისას ავადმყოფს აძლევენ სულფანილამიდებს. თუ ბრონქიტი მსუბუქად მიმდინარეობს და პნევმონიით არ არის გართულებული, ანტიბიოტიკებით მკურნალობა მიზანშეწონილად არ მიიჩნევა.

ქრონიკული ბრონქიტი ბრონქების დიფუზური, ხანგრძლივად მიმდინარე შეუქცევადი დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება და რემისია. ბრონქიტი ქრონიკულად ითვლება, თუ ბრონქების ჰიპერსეკრეცია და ხველა 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 3 თვეს გაგრძელდა.
ქრონიკული ბრონქიტის მიზეზები ბოლომდე დაუდგენელია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ დაავადებას ყველაზე ხშირად თამბაქოს წევა იწვევს. ქრონიკული ბრონქიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს გარემო პირობები.
მისი განვითარების რისკი მეტია დიდ ქალაქებში, სადაც ჰაერი მავნე საწარმოო ნარჩენებით არის დაბინძურებული. ბრონქებზე დამაზიანებელ გავლენას ახდენს ბუნებრივი აირიც.
ქრონიკული ბრონქიტი ხშირად უვითარდებათ სხვადასხვა პროფესიის პირებს, რომლებსაც ხანგრძლივი კონტაქტი აქვთ მავნე ნივთიერებებთან.
ქრონიკული ბრონქიტის განვითარებასა და პროგრესირებაში ინფექციის როლი ბოლომდე დადგენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ბავშვებში ზემო სასუნთქი გზების ხშირი ვირუსული ინფექცია ქრონიკული ბრონქიტისადმი მიდრეკილებას განაპირობებს. არც ბაქტერიული ინფექციის მნიშვნელობაა დადგენილი. სამაგიეროდ, ცნობილია გენეტიკური ფაქტორის როლი. დადგენილია, რომ თამბაქოს მწეველთა შვილები ქრონიკული ბრონქიტისკენ არიან მიდრეკილნი.

მიმდინარეობა და სიმპტომები. ქრონიკული ბრონქიტი თანდათან ყალიბდება და წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობს, რომ პაციენტი მის არსებობასაც ვერ გრძნობს. თავდაპირველად ავადმყოფს აწუხებს ხველა, რომელიც უფრო მეტად დილაობით, ადგომისას, ან პირველი სიგარეტის მოწევის შემდეგ არის გამოხატული. ხველის შემდეგ გამოიყოფა მცირე რაოდენობით ლორწოვანი ნახველი. პროცესი უპირატესად ზამთრის თვეებში მწვავდება. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ხველა უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, შესაძლოა, მთელ დღეს გაგრძელდეს. დაავადება განუწყვეტლივ პროგრესირებს და საბოლოოდ სუნთქვითი უკმარისობა ან ფილტვისმიერი გული ყალიბდება.
ისევე, როგორც ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას, ბრონქიტსაც გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობა ახასიათებს. გამწვავებისას ხველა ძლიერდება, გამოიყოფა დიდი რაოდენობის მოყვითალო-მონაცრისფრო ან მომწვანო ნახველი, რაც ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს. ზოგჯერ სისხლის მინარევიც შეიმჩნევა. სხეულის ტემპერატურა 37-38 გრადუსამდე იმატებს, პაციენტი უჩივის შემცივნებას, ოფლიანობას, საერთო სისუსტეს.

მკურნალობა. ქრონიკული ბრონქიტის წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი, მისი რეკომენდაციების ზუსტად შესრულება როგორც გამწვავების, ისე რემისიის პერიოდში, თამბაქოს წევის შეწყვეტა, მავნე საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დიდხანს ყოფნა. პრეპარატებიდან ინიშნება ინფექციური პროცესების საწინააღმდეგო, ნახველის გამოყოფის ხელშემწყობი და ბრონქოსპაზმის საწინააღმდეგო საშუალებები. ეფექტურია ფიზიოთერაპია და დოზირებული სამკურნალო ფიზკულტურა.
 

 

ბოტულიზმი – Botulismus – ботулизм,аллантиазис

ბოტულიზმი მძიმე ტოქსიკურ-ინფექციური დაავადებაა. მას ახასიათებს ორგანიზმის ინტოქსიკაცია და ნერვული სისტემის დაზიანება. ბოტულიზმის გამომწვევია ბოტულიზმის ბაქტერია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში, ბინადრობს რქოსანი საქონლის, ღორის, ცხენის, თევზების, ფრინველების ნაწლავებში. იგი გამოიყოფა განავალთან ერთად და ხვდება ნიადაგში, სადაც იკეთებს სქელ, მკვრივ გარსს და დიდხანს ძლებს. ნიადაგით ბინძურდება ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, სოკო, წყალი და სხვა. ამ პროდუქტებში ბაქტერია გარსს იშორებს, მრავლდება და გამოიმუშავებს შხამს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას დაავადებას იწვევს.
საკვებ პროდუქტებში ბოტულიზმის ბაქტერიების გამრავლება და ტოქსინის გამოყოფა მხოლოდ უჟანგბადო პირობებში ხდება. ამიტომაც არის სარისკო კონსერვი, შაშხი, შებოლილი, დამარილებული თევზი (რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ ბოტულიზმის ბაქტერიებით ან მათი სპორების შემცველი ნიადაგით დაბინძურების შემდეგ სათანადოდ არ დამუშავდა). საგულისხმოა, რომ ინფიცირებული პროდუქტი იცვლის ფერს, აქვს მძაღე კარაქის ან ყველის სუნი, კონსერვები ამობურცულია.
დაავადების მიზეზი უმთავრესად შინ დამზადებული კონსერვებია. ოჯახურ პირობებში დუღილის ხანგრძლივობა, გამოყენებული ძმრისა და მარილის კონცენტრაცია საკმარისი არ არის, რათა ბოტულოტოქსინის გამომუშავებას ხელი შეუშალოს, ჰერმეტული მოხუფვა კი ტოქსინის გამომუშავებისთვის სათანადო უჟანგბადო გარემოს ქმნის.
მიმდინარეობა და სიმპტომები. ბოტულიზმის საინკუბაციო პერიოდი 4-36 საათს, იშვიათად 2 კვირამდე გრძელდება. რაც უფრო მეტია მიღებული ტოქსინის დოზა, მით უფრო ხანმოკლეა საინკუბაციო პერიოდი და დაავადებაც მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
ბოტულიზმს ძირითადად 3 სინდრომი ახასიათებს: გასტროინტესტინური, ზოგადინტოქსიკაციური და პარალიზური. თავდაპირველად ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები: თავბრუხვევა, ძლიერი სისუსტე (ავადმყოფს უჭირს საგნებისა და თავის დაჭერა, სწორად გავლა), მუცლის შებერილობა, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება. ზოგჯერ ამას ერთვის გულისრევა, პირის სიმშრალე, ბოყინი და ყაბზობა. იშვიათია ღებინება და ფაღარათი, რომლებიც ნევროლოგიური ნიშნების გამოვლენისთანავე იცვლება: ფაღარათი – მყარი ყაბზობით, ღებინება – კუჭიდან საკვების ევაკუაციის შენელებით. რამდენიმე საათის შემდეგ გამოვლინდება პარალიზური სინდრომი. თავდაპირველად ავადმყოფი ბუნდოვნად და გაორებულად ხედავს. სინათლეზე გუგების რეაქცია დაქვეითებულია, ქუთუთოები – დაშვებული, მძიმე შემთხვევაში თვალის კაკლები საერთოდ არ მოძრაობს, ქუთუთოების აწევა მხოლოდ ხელით შეიძლება.
მხედველობის მოშლისთანავე ან ოდნავ მოგვიანებით ვითარდება ყლაპვისა და მეტყველების მოშლა. პირის ღრუს ლორწოვანი მშრალია, ენა – შელესილი. მალევე თავს იჩენს სუნთქვისა და გულის მუშაობის დარღვევა, ქოშინი, ჯერ – ბრადიკარდია, შემდეგ კი ტაქიკარდია, სისხლის არტერიული წნევა იმატებს, მძიმე შემთხვევაში კი, პირიქით – იკლებს.
განასხვავებენ ბოტულიზმის მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებს.
მძიმე ბოტულიზმის დროს პარალიზური სინდრომი მაქსიმალურად გამოვლინდება. სუნთქვის მოშლა და ყლაპვის შეუძლებლობა ცუდი პროგნოზის მაუწყებელია.
საშუალო სიმძიმის ბოტულიზმის დროს ნევროლოგიური ნიშნები კარგად არის გამოხატული, მაგრამ არ აღინიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
მსუბუქი ფორმის შემთხვევაში ბოტულიზმისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი იმდენად მსუბუქადაა გამოხატული, რომ ავადმყოფს შრომის უნარი შენარჩუნებული აქვს და მხოლოდ მხედველობის პრობლემებს უჩივის.
არსებობს ბოტულიზმის წაშლილი ფორმაც, როდესაც დაავადების მხოლოდ ზოგიერთი ნიშანია გამოხატული და სუნთქვის ფუნქცია არ ირღვევა.
ბოტულიზმის დროს სუნთქვის მწვავე უკმარისობამ შესაძლოა ავადმყოფის სიკვდილი გამოიწვიოს. სუნთქვის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში ავადმყოფი შეშინებულია, არ ჰყოფნის ჰაერი, წრიალებს, სახე უწითლდება, სუნთქვა ზერელე, ჩქარი უხდება, თანდათან ლურჯდება. მაჯა თავდაპირველად აჩქარებულია, შემდეგ – შენელებული. სისხლის არტერიული წნევა ქვეითდება.
ჰაერის უკმარისობისა და ქოშინის დაწყებისთანავე ავადმყოფი გადაყვანილ უნდა იქნეს რეანიმაციულ განყოფილებაში – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე პათოლოგიური მოვლენები ღრმავდება და ადამიანი იღუპება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბოტულიზმის სიმპტომები იმდენად სპეციფიკურია, რომ მისი დიაგნოსტირება ძნელი არ არის, მით უმეტეს – როდესაც ცნობილია, რომ ავადმყოფმა საეჭვო პროდუქტი მიიღო. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა (გამომწვევისა და ტოქსინის დადგენა) რთულია და ბევრ დროს მოითხოვს.
ბოტულიზმის ნიშნების გამოვლენისთანავე ავადმყოფს ათავსებენ საავადმყოფოში, სადაც ტოქსინის შემცველი პროდუქტისგან განთავისუფლების მიზნით ურეცხავენ კუჭს და უკეთებენ სიფონის ოყნას. ამის შემდეგ ტარდება კომპლექსური მკურნალობა, რომელიც მიმართულია ტოქსინის დათრგუნვისა და ტოქსინით გამოწვეული ცვლილებების კორექციისკენ.
მას, ვინც დაავადებულთან ერთად მიიღო საეჭვო პროდუქტი, პროფილაქტიკის მიზნით უკეთდება ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატი.

 

 

ბლეფაროფტოზი – Blepharoptosis  – блефароптоз

ბლეფაროფტოზი ქუთუთოს ჩამოშვებაა. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი, ცალმხრივი და ორმხრივი, სრული და ნაწილობრივი. სრული ფტოზის დროს მოდუნებული და დაშვებული ქუთუთო მთლიანად ფარავს რქოვანა გარსს. ავადმყოფი ცდილობს, თავის უკან გადახრით, წარბების აწევითა და შუბლის კუნთის ძლიერი შეკუმშვით ოდნავ მაინც ასწიოს ქუთუთო, მაგრამ ვერ ახერხებს. ნაწილობრივი ფტოზის დროს ქუთუთო რქოვანას მთლიანად არ ფარავს, მისი ოდნავ აწევა შესაძლებელია.
თანდაყოლილი ბლეფაროფტოზის მიზეზი ქუთუთოს ამწევი კუნთის განუვითარებლობა, არასწორი მიმაგრება ან არარსებობაა. თანდაყოლილი ფტოზი უმთავრესად ორმხრივი და მემკვიდრეობითია.
შეძენილი ფტოზი ცალმხრივია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებით გამოწვეული თვალის მამოძრავებელი ნერვის პარეზი ან დამბლა, ინფექციური სნეულება (მენინგიტი, ბოტულიზმი, დიფტერია), ქუთუთოს ტრავმა, სიმსივნე და სხვა.
ფტოზის მკურნალობა ოპერაციულია.

 

 

ბლეფაროსპაზმი – blepharospasmus – блефароспазм

ბლეფაროსპაზმი ქუთუთოს ირგვლივი კუნთის კლონური და ტონური კრუნჩხვებით გამოვლინდება. კლონური სპაზმის დროს მკვეთრად შესამჩნევია ქუთუთოების ხშირი, ელვისებური ხამხამი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კონიუნქტივიტით, ბლეფარიტით, რეფრაქციის ამა თუ იმ ანომალიით, ნევრასთენიით, ბავშვებში – ჭიებით ინვაზიით.
ტონური სპაზმის დროს ადგილი აქვს თვალის ირგვლივი კუნთის გახანგრძლივებულ შეკუმშვას, რის გამოც ქუთუთო რამდენიმე ხნის განმავლობაში სრულიად იხურება. მიზეზი სამწვერა ნერვის ანთებაა.
მკურნალობა ძირითადი დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული.

 

ბლეფარიტი – Blepharitis – блефарит

ბლეფარიტი ქუთუთოს კიდეების ანთებაა. დაავადება ვითარდება დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე. ბლეფარიტის მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ინფექციური ან ალერგიული დაავადება, ვირუსული ინფექცია, ვიტამინების უკმარისობა, ანემია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, კბილების, ცხვირ-ხახის დაავადებები, არაკორეგირებული პათოლოგიური მხედველობა (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი), ასევე – თვალის მუდმივი გაღიზიანება ქარით, მტვრით, კვამლით. ბლეფარიტი ხშირად იმუნიტეტის აქტიურობის დაქვეითების მანიშნებელია.

მიმდინარეობა და სიმპტომები. დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას ქუთუთოს კიდეები ოდნავ შუპდება, წითლდება, წამწამების ძირი იფარება მონაცრისფრო ქერცლით, რომელიც ადვილად ძვრება და ჩნდება შეწითლებული ქუთუთო. წამწამების ქვეშ აღინიშნება ქავილის შეგრძნება, ქუთუთოები მძიმდება, ზოგჯერ წამწამებიც ცვივა. ავადმყოფს თვალები ადვილად ეღლება, უცრემლიანდება, უმძაფრდება მგრძნობელობა ქარზე, მკვეთრ სინათლეზე, მტვერზე და სხვა.
ბლეფარიტის უფრო მძიმე ფორმის (ან საწყისი სტადიის უეფექტო მკურნალობის) შემთხვევაში ქუთუთოს კიდეზე ჩნდება ჩირქოვანი ქერქი. შემდეგ ის ძვრება და მის ადგილას წარმოიქმნება სისხლმდინარე წყლული. წყლულის შეხორცებამ შეიძლება გამოიწვიოს ქუთუთოს დეფორმაცია, წამწამის არასწორი ზრდა (წამწამები იზრდება ჯგუფურად, სხვადასხვა მხარეს, შესაძლოა, თვალის კაკლის მიმართულებითაც გაიზარდოს და მუდმივად გააღიზიანოს იგი). წამწამები იშვიათდება, თხელდება, ადვილად ძვრება, ძნელად იზრდება.
დაავადება ზოგჯერ ქერცლისა და წყლულის გარეშეც მიმდინარეობს. ამ დროს ქუთუთოს კიდე სქელდება, წითლდება და სველდება (თითქოს ცხიმიანიაო), მასზე ზეწოლისას გამოიყოფა ზეთოვანი სეკრეტი.

მკურნალობა. წყლულოვანი ბლეფარიტის დროს საჭიროა ქუთუთოების ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა. ქერქსა და გამონადენს აცილებენ სველი ტამპონით. უხეშ ქერქს წინასწარ არბილებენ სველი საფენით ანდა ქუთუთოს კიდეებზე თითით ან სპეციალური წკირით უსვამენ კრემს, რომელიც შეიცავს კორტიკოსტეროიდსა და ანტიბიოტიკს, მაგალითად, დექსა-გენტამიცინს, გენტამიცინის აუტანლობის შემთხვევაში – მაქსიტროლს. წყლულოვანი კონიუნქტივიტის ან კერატიტის შემთხვევაში ავადმყოფს თვალში დამატებით აწვეთებენ დექსა-გენტამიცინს ან მაქსიტროლს.
სებორეული ბლეფარიტის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქუთუთოების ჰიგიენას. ინიშნება ჰიდროკორტიზონის მალამო (ქუთუთოს კიდეებზე წასასმელად) და ხელოვნური ცრემლი. კონიუნქტივიტის თანდართვის შემთხვევაში თვალში დექსამეტაზონის 0,1%-იან წვეთებსაც აწვეთებენ.
დემოდეკოზური ბლეფარიტის მკურნალობის მთავარი მიზანია ტკიპებით დაზიანების ხარისხის შემცირება. რეკომენდებულია ჰიგიენური პროცედურები: დღეში ორჯერ ქუთუთოების გაწმენდა ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებული საბავშვო შამპუნისა და 70%-იანი ეთილის სპირტის ნარევით. აუცილებელია ქუთუთოს კიდეებზე თვალის ჰიდროკორტიზონის მალამოს ან დექსა-გენტამიცინის წასმა. ძილის წინ ქუთუთოს კიდეები მალამოთი კარგად უნდა იყოს დაფარული – ეს ტკიპების სასიცოცხლო ციკლს არღვევს. კონიუნქტივიტის თანდართვის შემთხვევაში ინიშნება ხელოვნური ცრემლი. სასურველია წინასწარ ჰიგიენურად დამუშავებული ქუთუთოების მასაჟირება.
ალერგიული ბლეფარიტის შემთხვევაში მკურნალობის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი დამნაშავე ალერგენთან კონტაქტის აღკვეთაა. ასევე, საჭიროა თვალის ანტიალერგიული წვეთები და ანთების საწინააღმდეგო კორტიკოსტეროიდული მალამოები. ინფექციურ-ალერგიული ბლეფარიტის დროს ავადმყოფს ქუთუთოს კიდეებზე უსვამენ დექსა-გენტამიცინს ან მაქსიტროლს.

 

 

ბიურგერის დაავადება – Buerger’s disease – болезнь Бюргера




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

Don`t copy text!