Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 373

ასციტი – Ascitis – асцит

ასციტი (მუცლის წყალმანკი) მუცლის ღრუში სითხის დაგროვებას ნიშნავს. ის ყველაზე ხშირად ვითარდება ღვიძლის ციროზის დროს პორტული ჰიპერტენზიის შედეგად, ასევე გულის უკმარისობის, კარის ვენის თრომბოზის ან მის ტოტზე სიმსივნური წარმონაქმნის ზეწოლისას. ასციტის შედარებით იშვიათ მიზეზებს მიეკუთვნება მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება (კიბო, ტუბერკულოზი და სხვა), გულმკერდის არეში ლიმფის მიმოქცევის დარღვევა, თირკმლის დაავადებები. აღსანიშნავია, რომ ასციტი ალიმენტური დისფუნქციის დროს ზოგადი შეშუპების სინდრომის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ჩვილებში ის შეიძლება იყოს ნაყოფის ან ახალშობილის ჰემოლიზური დაავადების გამოხატულება, ასევე - კვების ქრონიკული მოშლის, ექსუდაციური ენტეროპათიის შედეგი, თანდაყოლილი ნეფროზული სინდრომის გამოვლინება. ასციტის განვითარებასა და პროგრესირებას ხელს უწყობს წყალმარილოვანი ცვლის რეგულაციის მოშლაც.
მუცლის ღრუში სითხის (ზოგჯერ - 20 ლ-ზე მეტის) დაგროვება მუცელშიგა წნევის მატებას და გულმკერდის ღრუში დიაფრაგმის მაღლა დგომას (აწევას) იწვევს. ამის გამო საგრძნობლად (სუნთქვის უკმარისობის განვითარებამდე) იზღუდება ფილტვების სუნთქვითი მოძრაობები, ირღვევა გულის ფუნქცია, ძნელდება სისხლის მიმოქცევა მუცლის ღრუს ორგანოებში და ირღვევა მათი ფუნქცია. ასციტურ სეროზულ სითხეში ცილების კონცენტრაცია არცთუ ისე დიდია, მაგრამ მასიური ასციტის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სითხე პუნქციის საშუალებით რამდენიმეჯერ იქნა ამოღებული, მისი საერთო დანაკარგი შესაძლოა იმდენად მნიშვნელოვანი იყოს (ცილების დანაკარგს მარილებისაც ემატება), რომ ცილოვანი უკმარისობის განვითარება გამოიწვიოს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კლინიკურად ასციტი მუცლის ღრუში 1 ლ-ზე მეტი სითხის არსებობის შემთხვევაში ვლინდება. ავადმყოფს აქვს დიდი მუცელი, რომელიც დგომისას ერთგვარად დაკიდებულია. არცთუ იშვიათად აღინიშნება ჭიპის გამობერვა. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მუცელი გაშლილი და გვერდებში გამობერილია (ე.წ. ბაყაყის მუცელი). გამოხატული პორტული ჰიპერტენზიის დროს მუცლის კანზე ჩანს გაფართოებული ვენური ქსელი, რაც კარის ვენასა და ღრუ ვენებს შორის ანასტომოზების წარმოქმნის შედეგია. გაფართოებული და შესივებული ვენური კოლატერალები განლაგებულია ჭიპის ირგვლივ, საიდანაც მზის სხივებივით იშლება და ქმნის ასციტისთვის დამახასიათებელ ფიგურას - ე.წ. მედუზას თავს. თუ ავადმყოფს მუცლის ცალ მხარეს ხელისგულს დავადებთ, მოპირდაპირე მხარეზე კი თითებს დავუკაკუნებთ, ხელისგულზე შევიგრძნობთ ბიძგებს (ფლუქტუაციის სიმპტომი). პერკუსიით და რენტგენოლოგიურად ვლინდება დიაფრაგმის მაღლა დგომა და სუნთქვითი მოძრაობების შეზღუდვა. გულის უკმარისობით დაავადებულ ასციტიან ავადმყოფებს არცთუ იშვიათად აღენიშნებათ ჰიდროთორაქსი - პლევრის ღრუში სითხის არსებობა.

დიაგნოსტიკა. ასციტის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძირითადი დაავადების გამოვლენას (თუ ის ასციტის გამოვლენამდე არ იქნა დადგენილი). ამაში დიდ როლს ასრულებს თანდართული სიმპტომების ანალიზი. ციროზით დაავადებულ ავადმყოფებში გამოხატული პორტული ჰიპერტენზიის დროს ასციტს არცთუ იშვიათად თან ახლავს სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან და კოლატერალების განვითარება მუცლის კანქვეშ. გულის უკმარისობის დროს ასციტის გარდა შეიმჩნევა წვივებისა და ტერფების შეშუპება, აკროციანოზი (მოლურჯო ელფერი ტუჩებზე), თირკმელების უკმარისობის დროს - კანისა და კანქვეშა უჯრედების გავრცობილი შეშუპება.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუცლის ღრუს სადიაგნოსტიკო პუნქციას და ასციტური სითხის ლაბორატორიულ გამოკვლევას. ღვიძლის ციროზით და გულის უკმარისობით დაავადებულებს, როგორც წესი, გამჭვირვალე ასციტური სითხე აქვთ, ხოლო ცილების კონცენტრაცია არ აღემატება 2,5%-ს. სითხე უმთავრესად ენდოთელიუმის უჯრედებს შეიცავს, თუმცა განმეორებითი პუნქციის გამო მუცლის ფარი ღიზიანდება და ამის გამო შესაძლოა, სითხეში ლეიკოციტებიც კი გაჩნდეს. სიმსივნური დაავადების დროს ასციტურ სითხეში შესაძლოა აღმოჩნდეს სიმსივნური უჯრედებიც. მუცლის ღრუს ტუბერკულოზური დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ე.წ. ასციტ-პერიტონიტი. ამ დროს ასციტური სითხე შეიძლება ჰემორაგიული (სისხლიანი) იყოს, შეიცავდეს ლიმფოციტებს. არ არის გამორიცხული, მასში ტუბერკულოზის მიკობაქტერიებიც კი იქნეს აღმოჩენილი. სამ წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა მოხდეს ასციტის დიფერენცირება ფსევდოასციტისგან (ნაწლავების შებერვა ატონიის გამო), რომელიც თან სდევს მუკოვისციდოზს.

მკურნალობა. მკურნალობა ძირითადი დაავადების ლიკვიდაციისკენ უნდა იყოს მიმართული. მუცლის ღრუში სითხის შესამცირებლად გამოიყენება შარდმდენი საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები, საჭიროა წყალმარილოვანი ცვლის კორექცია და პორტული ჰიპერტენზიის შემცირება. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობისას სითხე შეიძლება ამოღებულ იქნეს პუნქციით - ლაპაროცენტეზით (აბდომინალური პარაცენტეზით), რომელიც ტარდება მჯდომარე მდგომარეობაში შარდის ბუშტის წინასწარი დაცლის შემდეგ (მძიმე ავადმყოფებს აწვენენ გვერდზე), ასეპტიკისა და ანტისეპტიკის კანონების სრული დაცვით, რაც ყველაზე უკეთ ლაპაროცენტეზის სტაციონარში განხორციელებისას მიიღწევა. კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სითხის გამოღება ხდება ნელ-ნელა. ერთ ჯერზე გამოღებული სითხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-6 ლიტრს. განმეორებითმა პუნქციამ შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის კედლის ანთება და ნაწლავის ან ბადექონის შეხორცება მუცლის კედლის წინა ნაწილთან, რაც მომდევნო პუნქციების დროს მძიმე გართულებათა საფრთხეს ქმნის.
ქირურგიულ მკურნალობას უმთავრესად მაღალი პორტული ჰიპერტენზიის დროს მიმართავენ, რათა შეამცირონ წნევა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ასციტური სითხის შეწოვისთვის სათანადო პირობები შექმნან.
ასციტის დროს ძირითადი დაავადების პროგნოზი უარესდება. ის განსაკუთრებით არაკეთილსაიმედოა განმეორებითი პუნქციის შემდეგ ასციტის ხარისხის ზრდის შემთხვევაში.

 

 

ასფიქსია – Asphyxia – асфиксия

ასფიქსია სუნთქვის შეწყვეტაა. ის შეიძლება განვითარდეს სასუნთქ გზებში მექანიკური ცვლილებების (მექანიკური ასფიქსია) ან სასუნთქი ცენტრის ფუნქციის დარღვევის (დამბლის) შედეგად (ცენტრალური წარმოშობის ასფიქსია).
მექანიკური ასფიქსია სასუნთქ გზებში უცხო სხეულის (პირნაღები მასის, ტამპონის, ლორწოს, სისხლის, კბილის პროთეზის) მოხვედრისას ვითარდება. ასფიქსიას იწვევს ენის უკან გადავარდნაც.
ასფიქსიის ნიშნებია ციანოზი, გუგების გაფართოება და სინათლეზე რეაქციის უქონლობა, სუნთქვის შეწყვეტა. ჟანგბადის უკმარისობის გამო სისხლი მუქდება, მაგრამ გული კიდევ რამდენიმე ხანს მუშაობს.
პირველ ყოვლისა, სასუნთქი გზებიდან დაბრკოლება უნდა მოვაცილოთ. ზოგჯერ ამისთვის ტრაქეოსტომია ხდება საჭირო. თუ ენა უკან გადავარდა, მას სპეციალური დამჭერით იღებენ, შემდეგ კი ხორხში ჰაერგამტარ მილს დგამენ ანდა ქვედა ყბას გამოსწევენ და რეანიმაციული ღონისძიებების დასრულებამდე სწორად აფიქსირებენ: ვდგებით ავადმყოფის უკან, ორივე ხელის ცერა თითებს ვათავსებთ ქვედა ყბის შუა ნაწილში და ვქაჩავთ, ვიდრე ქვემოთა კბილები ზემოთებზე წინ არ გამოიწევა. შემდეგ ქვედა ყბის კუთხეებში მოთავსებული საჩვენებელი და შუა თითებით ქვედა ყბას წინ ვწევთ და ასეთ მდგომარეობაში ვაკავებთ (თითები უნდა დავაყრდნოთ საფეთქელს და არა კისერს, რათა არ მიიჭყლიტოს ვენა ან სახის ნერვი). ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ხელოვნური სუნთქვა, უზრუნველყოფილ იქნეს ჰაერისა და ჟანგბადის მიწოდება, ვენაში გაკეთდეს სასუნთქი გზების აღმგზნები და გულის მუშაობის დამხმარე საშუალებები.

 

 

ასტიგმატიზმი – Astigmatizmus – астигматизм

ასტიგმატიზმი რეფრაქციის (თვალის შუქგარდამტეხი უნარის) ისეთი ანომალიაა, როდესაც თვალის ოპტიკური არეების ზედაპირს წესიერი სფერული ფორმა არ აქვს და სინათლის სხივები ბადურაზე ერთ წერტილში არ იკრიბება.
განასხვავებენ რქოვანასა და ბროლის ასტიგმატიზმს.
ასტიგმატიზმის მთავარი მიზეზია რქოვანას სფერულობის დარღვევა, რის გამოც მის სხვადასხვა მერიდიანს სხვადასხვა სიმრუდის რადიუსი აქვს. ის, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ბროლის ზედაპირის სფერულობის დარღვევამ ან მისმა ირიბმა მდებარეობამ თვალის ოპტიკური ღერძის მიმართ. ზოგჯერ რქოვანასა და ბროლის ასტიგმატიზმი ჯამდება. ასეთ შემთხვევაში თვალის საერთო ასტიგმატიზმის ხარისხი იმატებს. არის შემთხვევები, როდესაც ისინი ერთმანეთს აბათილებს და რეფრაქცია ნორმალური (სფერული) რჩება.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ასტიგმატური თვალის მხედველობა ისეთი მახვილი და მკაფიო არ არის, როგორიც ნორმალური თვალისა. რაც უფრო მაღალია ასტიგმატიზმის ხარისხი, მით უფრო მეტად არის დაქვეითებული მხედველობის სიმახვილე. ახალგაზრდა და საშუალო ასაკში სუსტი ასტიგმატიზმის დროს მხედველობის სიმახვილე შესაძლოა დამაკმაყოფილებელი იყოს, საშუალო და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს კი ხშირად გამოხატულია მხედველობის სისუსტე, თვალის ტკივილი და ქრონიკული ბლეფაროკონიუნქტივიტი (ქუთუთოებისა და თვალის შემაერთებელქსოვილოვანი ანთება).
დიაგნოსტიკა. დიაგნოზი დასტურდება ოფთალმომეტრისა და რეფრაქტომეტრის (რქოვანასა და მთელი თვალის შუქგარდატეხის უნარის განმსაზღვრელი ხელსაწყოს) საშუალებით.

მკურნალობა. მკურნალობა სათვალის სწორად შერჩევას გულისხმობს. თუ ეს დაავადების ადრეულ სტადიაზე მოხდა, პრობლემა მოგვარდება. შესაძლებელია სპეციალური კონტაქტური ლინზების შერჩევაც. ქირურგიული მკურნალობა ითვალისწინებს კერატოტომიას (მას ოკულისტი ნიშნავს). ბავშვობაში არაკორექტირებულმა ასტიგმატიზმმა შეიძლება მიგვიყვანოს ამბლიოპიამდე (ზარმაცი თვალი) - ანატომიური ცვლილებების გარეშე განვითარებულ მხედველობის დაქვეითებამდე, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება.

 

 

ასკარიდოზი – Ascaridosis – аскаридоз

ასკარიდოზის გამომწვევია მრგვალი ჭია ასკარიდა. ინვაზიის (დასნებოვნების) წყაროა ადამიანი, რომელიც განავალთან ერთად ასკარიდის მოუმწიფებელ კვერცხებს გამოყოფს. კვერცხები ნიადაგში მწიფდება და ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში კვლავ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ინვაზიის გზებია მჭიდრო კონტაქტი მიწასთან, ადამიანის განავლით დაბინძურებულ ნებისმიერ ნივთთან, დაბინძურებული და სათანადოდ დაუმუშავებელი წყლის, მწვანილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის მიღება. მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში. პირიდან კვერცხები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. აქ კვერცხის გარსი იშლება, ლარვა ნაწლავის კედელში ჩაინერგება, გაივლის მას და სისხლთან ერთად ღვიძლისა და ფილტვებისკენ მიემართება, სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნერწყვთან ერთად კვლავ კუჭსა და ნაწლავებში ბრუნდება. მიგრაცია 10-15 დღეს გრძელდება. ნაწლავებში მოხვედრილი ლარვა 2 თვეში მწიფდება და კვერცხის დებას იწყებს.

კლინიკური სურათი. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია პარაზიტების რაოდენობაზე, ავადმყოფის ასაკზე (ბავშვებში მძიმე ფორმები უფრო ხშირია), კვებაზე (საკვებში ცილებისა და B12 ვიტამინის დეფიციტზე). ზრდასრული ასკარიდები ხშირად იცვლიან ლოკალიზაციის ადგილს და სხვადასხვა ორგანოს აზიანებენ. ასკარიდოზის კლინიკურ მიმდინარეობაში განასხვავებენ ორ ფაზას: მიგრაციის ფაზას (ინვაზიის პირველი 3-4 კვირა) და ნაწლავში ლოკალიზაციის შემდგომ პერიოდს.
მიგრაციის ფაზას ახასიათებს საერთო სისუსტე, ქავილი და გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლისა და გულმკერდის არეში, სუბფებრილური (380ჩ-მდე) ან მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, ხველა და ნახველის (ზოგჯერ- სისხლიანის) გამოყოფა, ქოშინი, დიარეა. ღვიძლი გადიდებულია, ენა- შელესილი, პულსი- აჩქარებული. ფილტვებში სველი ხიხინი ისმის, ხოლო რენტგენოგრამაზე ჩანს მკაფიოდ გამოხატული ბრონქოპნევმონიის კერები. ნახველში შეიძლება ლარვების აღმოჩენა. სისხლში აღინიშნება მკვეთრი ეოზინოფილია, მომატებული ედსი, მცირე ლეიკოციტოზი. 3-4 კვირის შემდეგ მწვავე მოვლენები გაივლის და მდგომარეობა უმჯობესდება.
ნაწლავურ ფაზაში ძირითადი ჩივილებია უმადობა (იშვიათად- ბულიმია), გამკრავი ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, წონაში დაკლება, მეხსიერების დაქვეითება. ვითარდება ავიტამინოზი და დიზბაქტერიოზი. გართულებები ყოველთვის მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი სრულდება. გართულებებიდან აღსანიშნავია სასუნთქი გზების დახშობა, ნაწლავის პერფორაცია, რომელიც პერიტონიტით მთავრდება, ნაწლავის სანათურის დახშობით განპირობებული გაუვალობა, რომელიც ტკივილით, ღებინებით, ყაბზობით მიმდინარეობს, ღვიძლის ასკარიდოზი, ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა, რაც რთულდება სეფსისითა და ჩირქოვანი აბსცესით, პანკრეასის სადინარის დახშობა, რასაც მწვავე პანკრეატიტი მოჰყვება.

დიაგნოსტიკა. მიგრაციის პერიოდში დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ანამნეზის (გაურეცხავი მწვანილისა და ხილის მიღება, სანიტარიულად არადამაკმაყოფილებელი გარემო), კლინიკური სურათის (ქავილი, გამონაყარი, ბრონქოპნევმონია), სისხლის ანალიზის (ეოზინოფილია), ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევის (ლარვების აღმოჩენა) საფუძველზე. მოგვიანებით განავალში ასკარიდის კვერცხების აღმოჩენა დიაგნოზს ადასტურებს.

მკურნალობა. საზოგადოდ, ჰელმინთოზს ანტიჰელმინთური საშუალებებით მკურნალობენ. მათთან ერთად ზოგჯერ ინიშნება დიეტა და სიმპტომური თერაპია (ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანემიას, ბრონქოპნევმონიას და სხვა დაავადებებს, რომლებიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს). ამჟამად გამოიყენება შემდეგი ანტიჰელმინთური პრეპარატები: ბენზიმიდაზოლის წარმოებულები, მაგალითად, ლევამიზოლი (ასკარიდოზი, ენტერობიოზი), მებენდაზოლი (ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი, ტრიქინელოზი, ექინოკოკოზი, პოლიინვაზია), ალბენდაზოლი (ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქინელოზი, ტრიქოცეფალოზი, ენტერობიოზი, ექინოკოკოზი, პოლიინვაზია) და სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატები, მათ შორის- პირანტელის პამოატი (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი), დიეთილკარბამაზინი, ნიკლოზამიდი, პრაზიკვანთელი (ტრემატოდოზი, ოპისტორქოზი, კლონორქოზი, პარაგონიმოზი, შისტოსომოზი, ცესტოდიზი- ტენიარინქოზი, ტენიოზი, დიფილობოთრიოზი, ცისტიცერკოზი), ივერმეკტინი (ონქოცერკოზი, სტრონგილოიდოზი).

პროფილაქტიკა. ასკარიდოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ავადმყოფისა და მატარებლის გამოვლენასა და დეჰელმინთიზაციას, ნიადაგის, წყლის დაცვას ადამიანის განავლისა და ცხოველების გადაუმუშავებელი ნაკელისგან, სურსათის (ხორცის, თევზის, ხილისა და მწვანილის) თერმულ დამუშავებას, გადამტანი მწერების, მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვას.

 

 

ასთმა კარდიული – Asthma cardiale  – астма кардиальная

კარდიული (გულის) ასთმა ანუ მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა შეიძლება განვითარდეს ფიზიკური და ემოციური გადაძაბვის, ჰიპერტენზიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, საკვების ან სასმლის ჭარბი მიღების, მოწამვლის შედეგად. კარდიული ასთმა მარცხენა წინაგულში მოძრავი თრომბის არსებობამაც შეიძლება გამოიწვიოს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კარდიულ ასთმას საფუძვლად უდევს ფილტვის ქსოვილის შეშუპება, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ბრონქოსპაზმი. შედეგად ვითარდება მოხრჩობის შეტევა, მეტწილად- ღამით. ავადმყოფი იღვიძებს ჰაერის უკმარისობის ძლიერი შეგრძნებით, საწოლში წამოჯდება, ფეხებს ჩამოუშვებს, ფერს კარგავს, თუ შეტევა ხანგრძლივია, სახეზე მოლურჯო ფერი ედება. სუნთქვა გაძნელებული და გახშირებულია. ზოგჯერ აღინიშნება მშრალი ხველა ან ხველა მცირე რაოდენობის ლორწოვანი ნახველით. მაჯისცემა გახშირებული და არითმიულია, ხშირად მომატებულია წნევაც. კარდიული ასთმის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს.
კარდიული ასთმის შორსწასულ ფორმას წარმოადგენს ფილტვების შეშუპება. ამ დროს შეგუბებული სითხე გამოჟონავს და ალვეოლებში, ბრონქებსა და ტრაქეაში გროვდება. დამახასიათებელია მოხრჩობის შეგრძნება, ბუყბუყა სუნთქვა, რომელიც შორ მანძილზეც ისმის, ხველა დიდი რაოდენობის სეროზული ან მოვარდისფრო ქაფიანი ნახველით. ავადმყოფს ეუფლება სიკვდილის შიში, ედება ციანოზური ელფერი, ასხამს ცივი ოფლი. მაჯა აჩქარებული და სუსტია. წნევა ჯერ იმატებს, შემდეგ მკვეთრად ეცემა.
ფილტვების შეშუპება სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, რადგან მოსალოდნელია ლეტალური შედეგი.

დიაგნოსტიკა. მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაავადების დიფერენცირება ბრონქული ასთმისგან, რათა სწორად ჩატარდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ლეტალური შედეგია მოსალოდნელი.
მოსახლეობის უმრავლესობისთვის ტერმინი კარდიული ასთმა უცხოა, ამიტომ ის ბრონქულ ასთმაში ერევათ. როგორ განვასხვაოთ ეს ორი დაავადება?
კარდიული ასთმა ვითარდება მოწიფულ ან ხანდაზმულ ასაკში და ახასიათებს:
ჩასუნთქვის გაძნელება;
სიფერმკრთალე;
პულსის გახშირება;
დიდი რაოდენობის ქაფიანი, ვარდისფერი ნახველი.
ბრონქული ასთმა ვითარდება ნებისმიერ ასაკში და ახასიათებს:

  • ამოსუნთქვის გაძნელება;
  • გაფანტული ციანოზი (სილურჯე);
  • ნორმალური ან შენელებული პულსი;
  • მცირე რაოდენობის ლორწოვან-წებოვანი ნახველი.

მკურნალობა. კარდიული ასთმის შეტევის კუპირების მიზნით ავადმყოფს უნდა მიეცეს ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ. შეუცვლელი ეფექტი აქვს მორფინს. ის მოქმედებს კარდიული ასთმის განვითარების ყველა მექანიზმზე. ასთმის შეტევის დროს სუნთქვა ხშირდება და ხანმოკლე ხდება, ამიტომ ჟანგბადით ფილტვების სრულფასოვანი გაჯერება ვერ ხერხდება, მორფინი კი სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის გზით ამცირებს ქოშინს, ამასთანავე, იწვევს ბრადიკარდიას, აქვეითებს არტერიულ წნევას და ვენური სისხლის გულისაკენ დინებას. როდესაც სხვა საშუალებაზე ხელი არ მიგვიწვდება, შეტევის კუპირებისთვის კიდურებზე ლახტის დადებაც დასაშვებია. გულისკენ ვენური სისხლის დინება ამ შემთხვევაშიც მცირდება.

 

 

ასთმა ბრონქული – Asthma bronchiale – астма борнхиальная

ბრონქული ასთმა წვრილი ბრონქების სპაზმით გამოწვეული ქოშინისა და სულხუთვის განმეორებითი შეტევებით მიმდინარე დაავადებაა. მას საფუძვლად უდევს ბრონქების მომატებული მგრძნობელობა ზოგიერთი ისეთი ფაქტორის მიმართ, რომლებზეც ადამიანი, ჩვეულებრივ, არ რეაგირებს. ამგვარი ზემგრძნობელობა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებით არის განპირობებული.
ალერგიული ანთების შედეგად სასუნთქი გზები მგრძნობიარე ხდება ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ, როგორიც არის ხემცენარეების, ბალახების, მარცვლოვნების, სარეველებისა და ყვავილების მტვერი, ოთახის მტვრის ტკიპა, შინაური ცხოველების ბეწვი, ნესტის სოკოები, მწერების შხამი, საყოფაცხოვრებო ალერგენები, სურსათი (რძე, კვერცხი, თევზი, თხილი, ციტრუსი, ნიგოზი და სხვა), ქიმიური გამღიზიანებლები, თამბაქოს კვამლი, ცივი ჰაერი, ფიზიკური დატვირთვა, ფსიქოემოციური სტრესი. მათი ზემოქმედებით სასუნთქი გზები ვიწროვდება, შუპდება, ივსება ლორწოთი და ზედმეტად მგრძნობიარედ რეაგირებს სტიმულებზე. თუ ბრონქების მომატებულ მგრძნობელობას თან ახლავს სენსიბილიზაცია ალერგენის მიმართ სპეციფიკური (IგE) ანტისხეულების წარმოქმნით, მაშინ ამ ალერგენმა შესაძლოა ასთმის შეტევის პროვოცირება მოახდინოს. ეს არის ალერგიული ანუ ატოპიური ასთმა.
არსებობს ინფექციით განპირობებული ასთმა, ასევე - ფორმები, როდესაც შეტევა ვითარდება არასპეციფიკური გამღიზიანებლების (თამბაქოს, ცივი ჰაერის, ფიზიკური დატვირთვის, ძლიერი ემოციის და სხვა) ზემოქმედებისას.
ბრონქული ასთმის განვითარებაში მონაწილეობს სამი ელემენტი: ბრონქის კუნთების სპაზმი, ლორწოვანის შეშუპება და ჰიპერსეკრეცია. ეს ელემენტები ზოგჯერ სავსებით შექცევადია, ზოგჯერ - ნაწილობრივ.
ასთმა შეიძლება არაალერგიულმა ფაქტორებმაც გაამწვავოს, მათ შორის - ამა თუ იმ წამლის აუტანლობამ (მაგალითად, ასპირინის აუტანლობისას ასპირინისა და ბეტა-ბლოკატორების დანიშვნა ასთმიან პაციენტებში ასთმის პროვოცირებას იწვევს), გასტროეზოფაგალურმა რეფლუქსმა. შესაძლოა, სულხუთვის მიზეზად იქცეს დიდი ზომის ჩიყვი, უცხო სხეული და სხვა. არცთუ იშვიათად პენიცილინის რიგის პრეპარატები, ადგილობრივი და ზოგადი მოქმედების ანესთეტიკები და ზოგიერთი სხვა მედიკამენტი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რომელთა შორის არც ასთმური შეტევაა გამორიცხული. ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელია ბრონქოსპაზმის შექცევადობა სპონტანურად ან მკურნალობის ფონზე.
ბრონქული ასთმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები: ტენიანობა, მცენარეული საფარველის თავისებურება. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობის გამო ხშირია ბრონქული ასთმის ფორმები, როდესაც აღინიშნება სენსიბილიზაცია ოთახის მტვრის ტკიპებისა და სოკოვანი ალერგენების მიმართ, ვინაიდან ხელსაყრელი პირობები იქმნება ამ ალერგენების გამრავლებისთვის.

კლინიკური ნიშნები და მიმდინარეობა. ბრონქული ასთმის სიმპტომებს შორის უმთავრესია ამოსუნთქვითი ხასიათის ქოშინის შეტევები. კლინიკურად ქოშინი ვლინდება ხიხინითა და სუნთქვის გაძნელებით, უპირატესად - ამოსუნთქვის ფაზაში. ის შესაძლოა განვითარდეს როგორც პერიოდულად, ისე მუდმივად, განსაკუთრებით - ღამით, ფიზიკური დატვირთვისას ან ქრონიკულ ხველასთან ერთად.
ბრონქული ასთმის შეტევისთვის დამახასიათებელია სიმპტომების ტრიადა: ქოშინი, ხველა და მსტვენი სუნთქვა. შეტევის დასაწყისში ავადმყოფს აწუხებს მოხრჩობის შეგრძნება, ამოსუნთქვის ფაზა ხანგრძლივდება, ხშირდება სუნთქვა, გულისცემა, ზომიერად იმატებს სისხლის წნევა. არსებობს ასთმის ისეთი ფორმაც, როდესაც შეტევის ერთადერთი სიმპტომი ხველა ან ხმის ჩახლეჩაა. ასთმის შეტევისთვის დამახასიათებელი მსტვენი ხიხინი მძიმე მიმდინარეობისას შესაძლოა გაქრეს (ე.წ. მუნჯი ფილტვები), რასაც განაპირობებს არა მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ სასუნთქ გზებში ლორწოვანი სეკრეტის საცობის გაჩენა. შეტევა, როგორც წესი, ხველებითა და წებოვანი, გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით სრულდება. როდესაც ასთმის შეტევა ერთ-ორ დღეს გრძელდება, ასთმურ სტატუსზე ლაპარაკობენ. მისთვის დამახასიათებელია რეზისტენტულობა მკურნალობის მიმართ.

დიაგნოსტიკა. დიაგნოსტირებისას საჭიროა ასთმის დიფერენცირება სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებებისა და გულის პათოლოგიებისგან. ასთმის შემთხვევაში აუცილებელია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა კომპიუტერული სპირომეტრიით, საჭიროებისამებრ - რენტგენოლოგიური და სხვა გამოკვლევები, რათა აღმოჩენილ იქნეს (ან გამოირიცხოს) სასუნთქი გზების ინფექცია, დაზიანება, უცხო სხეული და სხვა. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, ალერგიული ბუნებისაა თუ არა ასთმა, უნდა გაკეთდეს კანის ალერგოლოგიური სინჯები და სისხლის ანალიზი საერთო და სპეციფიკური IგE-ს დონის დასადგენად. საჭიროების შემთხვევაში კეთდება ნახველის ანალიზი. არსებობს ასევე სადიაგნოსტიკო პროვოკაციული სინჯები: ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირების მიზნით იყენებენ დოზირებულ ფიზიკურ დატვირთვას, ცივი ჰაერის ინჰალაციას და ა.შ. ეს სინჯები მაშინ ტარდება, როდესაც ანამნეზი, კანის სინჯები და IგE-ს გამოკვლევის შედეგები ერთმანეთს არ თანხვდება. ალერგოლოგიური სინჯები უნდა ჩატარდეს სპეციალიზებულ ცენტრში. მათი შედეგების ინტერპრეტაციას ახდენს ალერგოლოგი. პროვოკაციული სინჯები შეიძლება ჩატარდეს მაშინაც, როცა საჭიროა სიმპტომთა სიმძიმის ან წამლების ეფექტურობის შეფასება.

მკურნალობა. ასთმის თანამედროვე მკურნალობა (GINA-ს მიხედვით) მოიცავს ექვს კომპონენტს:

  • პაციენტის განათლება ასთმის მკურნალობაში პარტნიორობისთვის;
  • ასთმის სიმძიმის დადგენა, სიმპტომების მონიტორირება ფილტვის ფუნქციის შეფასების საფუძველზე;
  • ასთმის მაპროვოცირებელი ფაქტორების ელიმინაცია ან კონტროლი;
  • გრძელვადიანი ბაზისური მკურნალობის გეგმის შედგენა;
  • გამწვავებათა მკურნალობის გეგმის შედგენა;
  • რეგულარული შემდგომი მეთვალყურეობა.

ასთმის მკურნალობა საფეხუროვანია. მისი სიმძიმის თითოეულ საფეხურზე შემუშავებულია სტანდარტული მკურნალობის ჩარჩო. ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება სიმპტომური და ბაზისური პრეპარატები. სიმპტომური პრეპარატები ხსნის ბრონქების სპაზმს და აღადგენს სასუნთქი გზების გამტარობას. ასეთია სწრაფი და გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქოდილატატორები (ბეტა 2 სტიმულატორები, თეოფილინები, ადრენალინი, იპრატროპიული ბრომიდის პრეპარატები და სხვა). ასთმის კონტროლისთვის უმეტესად ამ მედიკამენტების პერიოდული გამოყენებაც საკმარისია. მათი შეძენა შეიძლება ტაბლეტების, ინჰალატორების, ინექციებისა და სანთლების სახით. ისინი ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს როგორც ალერგიული, ისე არაალერგიული ასთმის დროს.
ბაზისური პრეპარატები (ინტალი, ტაილედი, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები) მოქმედებს ბრონქებში მიმდინარე ანთებით პროცესებზე და გამოიყენება ხანგრძლივად, შეტევათა პროფილაქტიკის მიზნით.
მკურნალობის ეფექტიანი მეთოდია ალერგენებით სპეციფიკური იმუნოთერაპია ანუ ჰიპოსენსიბილიზაცია, რაც ალერგენების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებას ითვალისწინებს. ეს მეთოდი ემყარება ალერგენის მზარდი დოზების რეგულარულ შეყვანას ორგანიზმში. მკურნალობა ხანგრძლივია, მაგრამ საიმედო.
თუ ასთმის შეტევების მიზეზი რომელიმე კვებითი ალერგენია, ეს საკვები რაციონიდან უნდა გამოირიცხოს. გამწვავების დროს სასურველია თავის შეკავება მაღალი ალერგენულობით გამორჩეული პროდუქტებისგან (რძე, კვერცხი, თაფლი, ციტრუსი, თხილი, შოკოლადი, თევზი და სხვა). ასთმიანებისთვის რეკომენდებულია სპორტი, რომელიც ადამიანს ეხმარება როგორც ასთმის კონტროლში, ისე გაკაჟებაში. სპორტის სახეობა პაციენტს ექიმმა უნდა შეურჩიოს. მაგალითად, აუზში ცურვა სასარგებლოა, მაგრამ არ არის გამორიცხული ქლორის, ნესტის ზემოქმედება, დახურულ შენობებში გასათვალისწინებელია ასთმის პროვოცირება ოთახის მტვრის ტკიპის მიერ, ამიტომ სპორტის სახეობა, დატვირთვის ინტენსივობა და ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციებზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს. ბრონქული ასთმით დაავადებულებისთვის მეტად სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები, მაგრამ მათი სახეობისა და დოზირების შერჩევაც ექიმის პრეროგატივაა.

პროფილაქტიკა. ალერგიისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციით, სასურველია თამბაქოს კვამლის ელიმინაცია, განსაკუთრებით - ისეთ გარემოში, სადაც ორსულები და მცირე ასაკის ბავშვები იმყოფებიან; საცხოვრებელ ბინებში ნესტის მტვრის ტკიპების, ტარაკნების, ბეწვიანი შინაური ცხოველების ელიმინაცია; მასენსიბილიზებელი და ძლიერ გამაღიზიანებელი თვისებების მქონე აგენტების ელიმინაცია საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებიდან; 4-6 თვემდე ასაკის ბავშვების მხოლოდ ძუძუთი კვება; ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში ატოპიური დერმატიტის მკურნალობა რესპირაციული ალერგიის თავიდან ასაცილებლად; რინოკონიუნქტივიტის მკურნალობა ასთმის განვითარების რისკის შესამცირებლად. ძროხის რძის მიმართ სენსიბილიზებული ბავშვები უნდა ვარიდოთ ძროხის რძის პროტეინებს; თუ დამატებითი საკვების მიღება აუცილებელია, მივცეთ ჰიპოალერგენული ნარევები; ასპირინული ასთმის მქონე პაციენტები უნდა ერიდონ ასპირინსა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს. მნიშვნელოვანია პაციენტთა, მათი ოჯახის წევრებისა და სკოლების პერსონალის ინფორმირება ასთმის მიმდინარეობისა და კონტროლის საკითხების შესახებ.

 

 

ასთენია – Asthenia – астения

ასთენია მრავალი დაავადების მთავარი ან მეორეხარისხოვანი სინდრომია. ის ზოგჯერ ავადმყოფობის დასაწყისში ვლინდება, ზოგჯერ - ბოლოს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ტიპური ჩივილია სისუსტე, ადვილად დაღლა, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, მკვეთრი სინათლისა და მაღალი ხმის აუტანლობა. ძილი ზედაპირული და მოუსვენარი ხდება, ავადმყოფს უჭირს როგორც ჩაძინება, ისე გაღვიძება, დილით კი დაღლილი და გამოუძინებელი დგება. ამას ერთვის ემოციური გაუწონასწორებლობა, დეპრესია, შიში, უსიამოვნო შეგრძნებები სხეულში. ასთენიურმა დარღვევებმა შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერი დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე. მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და გრიპი სწორედ ამგვარი სიმპტომებით მიმდინარეობს. ზოგჯერ ასთენიური მოვლენები გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება.

მკურნალობა. დიდი ქალაქის ნებისმიერი მცხოვრები, რომელიც მუშაობს და თან ყოველდღიურად უწევს ყოფითი პრობლემების გადალახვა, მხოლოდ მომადუნებელი ვარჯიშებით ასთენიას თავს ვერ დააღწევს. ასთენიის დროს ირღვევა ტვინის განსაზღვრული სტრუქტურების მუშაობა, ამიტომ სეირნობით, დასვენებით თუ ცხოვრებაში პატარ-პატარა სიახლეების შეტანით პრობლემა არ მოგვარდება. აქ ექიმის დახმარებაა საჭირო. ის ავადმყოფს შეურჩევს ცხოვრების სათანადო წესს და დაუნიშნავს წამლებს. როგორც წესი, ექიმები ასეთ პაციენტებს ადაპტოგენებს (ჟენშენს, ელეუტეროკოკს და სხვა) უნიშნავენ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მათი დოზის შერჩევა ძნელია. ამასთანავე, შესაძლოა, ამ საშუალებებმა ისეთი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორიც არის ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა და სხვა.
ასთენიური სინდრომის სამკურნალო პრეპარატებიდან აღსანიშნავია ენერიონი. იგი გროვდება ტვინის პრობლემურ უბნებში და აღადგენს მათ ფუნქციას. კერძოდ, ახდენს ბიოლოგიური რიტმის ნორმალიზებას, აუმჯობესებს მახსოვრობას, ყურადღების კონცენტრაციის უნარს.

 

 

არიტმია – Arhithmia – аритмия

არიტმია გულის ნორმალური რიტმის დარღვევაა, პროგნოზის თვალსაზრისით იგი შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილთვისებიანი, რომელიც არავითარ მკურნალობას არ საჭიროებს და ძალზე საშიში, რომელსაც ზოგჯერ გონების დაკარგვა ახლავს და შეიძლება უეცარი სიკვდილითაც კი დასრულდეს. ამიტომ არითმიების დიფერენცირება და მათი ადეკვატური მკურნალობა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
არსებობს არიტმიის უამრავი სახეობა. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე სერიოზული დაავადებით ან მის უკან იდგეს ემოციური გადაძაბვა, ან ყავის დიდი რაოდენობით მიღება, ან ფაღარათის გამო კალიუმის დიდი რაოდენობით კარგვა და სხვა.
ზოგჯერ გულის მუშაობის დარღვევა ვითარდება მეორეულად, ანუ ის რომელიმე სხვა ორგანოს დაავადების სიმპტომია. მაგალითად: ჩიყვის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია არითმია; ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას თან ახლავს რომელიმე ტიპის არიტმიის განვითარება და ა.შ.
არიტმიები შეიძლება განაპირობოს უშუალოდ გულში მიმდინარე გარკვეულმა ელექტროფიზიოლოგიურმა მოვლენებმა. კერძოდ, მათ იწვევს გულის დაავადებები ან არიტმოგენული პათოლოგიები. არიტმია ყველაზე ხშირად გულის რომელიმე დაავადების სიმპტომია. მაგალითად, გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა არითმია (ინფარქტი შეიძლება წარიმართოს არითმიით).

არიტმიის რისკის ფაქტორებია:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელიმე თანმხლები დაავადება;
  • მეტაბოლიზმის დარღვევა;
  • ენდოკრინული სისტემის რომელიმე დაავადება;
  • ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის რომელიმე დაავადება;
  • ხანგრძლივი მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც ინტოქსიკაციას იწვევს;
  • სტრესები, დეპრესია, ფსიქიკური გადაძაბვა;
  • ფიზიკური დატვირთვა;
  • მოწამვლა;
  • გადაცივება.

არიტმიის სახეები
არსებობს არიტმიის მრავალი სახე. ისინი ერთმანეთისგან წარმოშობით (იხ. ზემოთ) და გამოვლინებით განსხვავდებიან:
სინუსური არიტმია (ტაქიკარდია და ბრადიკარდია) - სინუსური არიტმია ხასიათდება გულის არამდგრადი შეკუმშვებით: მისი გახშირებით (ტაქიკარდია) ან შენელებით (ბრადიკარდია).
პაროქსიზმული ტაქიკარდია - პაროქსიზმული ტაქიკარდია ხშირად გამოწვეულია თანდაყოლილი გულის ანომალიებით, რის გამოც შესაძლებელია მკვეთრად გახშირდეს გულის რითმი.
მოციმციმე არიტმია - მოციმციმე არიტმია ხშირად ვითარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების ფონზე, ამასთან წინაგულების შეკუმშვები შეიძლება საერთოდ არ ხდებოდეს, ხოლო პარკუჭები კი იკუმშება მოუწესრიგებლად.
ექსტრასისტოლია - ექსტრასისტოლიის განვითარება მიუთითებს გულში აგზნების სხვა იმპულსების გაჩენაზე, რაც იწვევს ნაადრევ შეკუმშვას. ამასთან, ავადმყოფს გულის გაჩერების შეგრძნება აქვს.
გულის ბლოკადები - გულის ბლოკადის გაჩენისას ირღვევა იმპულსების გადაცემა წინაგულებიდან პარკუჭისაკენ ან თავად პარკუჭში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გულის კუნთის ანთებით და სხვა მსგავსი დაავადებებით. ავადმყოფის პულსი, რომელსაც აქვს ბლოკადა, განსაკუთრებულად შენელებული ხდება, სასიცოცხლო ორგანოებში, მათ შორის თავის ტვინში, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რის გამოც სავსებით შესაძლებელია გულყრები, დათრგუნულობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. მაგრამ იმის გამო, რომ გულის ბლოკადის დროს რითმი შეიძლება მდგრადი იყოს, ამ დაავადების გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტროკარდიოგრამის საშუალებით.

ტაქიკარდია
ტაქიკარდიაზე საუბრობენ, როდესაც სიმშვიდისა და ნორმალური ტემპერატურის პირობებში გულის შეკუმშვათა რიცხვი მწოლიარე მდგომარეობაში - 80-მდე, ხოლო ფეხზე დგომისას 100-ზე მეტად იმატებს.
ტაქიკარდია ყოველთვის პათოლოგიად არ განიხილება: ფიზიკური დატვირთვისა და ნერვული გადაძაბვის დროს გულისცემა ჯანმრთელ ადამიანებსაც უხშირდებათ.
პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც ტაქიკარდიას იწვევს:

  • დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემაში;
  • მოწამვლა, მათ შორის - ალკოჰოლით, კოფეინით, ნიკოტინით;
  • სისტემატური ფსიქიკური გადაძაბვა;
  • სისხლდენა;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • ანთებითი მდგომარეობა.

ბრადიკარდია
ბრადიკარდია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაა, რომელსაც დიასტოლის პერიოდის გახანგრძლივება ანუ გულის შეკუმშვათა გაიშვიათება ახასიათებს. ამ დროს პულსი წუთში 55 დარტყმამდე მცირდება. ბრადიკარდია ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ პათოლოგიური მიზეზი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს, რადგან მუდმივმა ბრადიკარდიამ შესაძლოა შინაგანი ორგანოების არასაკმარისი სისხლმომარაგება გამოიწვიოს.

რისკის ფაქტორებია:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მათ შორის - ანთებითი პროცესები;
თანდაყოლილი ანომალიები;
ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევა;
ქალასშიგა წნევის მომატება.

როდის არის საშიში არითმია
არითმია ყოველთვის აშინებს ადამიანს, რადგან მისი სიმპტომები: გულის ფრიალი, პულსის გამოვარდნის შეგრძნება - შემაძრწუნებელია.
არითმია საშიშია, როდესაც ორგანული პათოლოგიით, მაგალითად, გულის იშემიური დაავადებით ან პოსტინფარქტული მდგომარეობით არის გამოწვეული ანდა გულის კუნთის მძიმე დაავადება - კარდიომიოპათია უდევს საფუძვლად. არითმიის სხვა სახეობები, მაგალითად, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი, ასევე - სიმპტომური (მაგალითად, ჰიპერთირეოზის ან ემოციურ ფონზე განვითარებული) არითმიები ნაკლებად საშიშია და მკურნალობისას სრულიად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, როდესაც ადამიანმა იცის, რომ აქვს გულის რომელიმე პათოლოგია, არითმიის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს კარდიოლოგს, რათა შეფასდეს არითმიის ბუნება და გაირკვეს, მოითხოვს თუ არა იგი სპეციალიზებულ ჩარევას. ექიმის ჩარევა აუცილებელია, როდესაც არითმია ხშირია, მოქმედებს ჰემოდინამიკაზე (მკვეთრად ცვლის არტერიულ წნევას) ან მეტისმეტად შემაწუხებელია (პულსის ამოვარდნა, გულის ფრიალი).
არიტმიის დროს ადამიანს აწუხებს:

  • გულის ფრიალი;
  • სისუსტე და თავბრუხვევა;
  • გულისცემის შეგრძნება, თითქოს გული საგულედან ამოვარდაო.

პულსის გასინჯვისას შეიმჩნევა მისი მკვეთრი ცვალებადობა, კერძოდ:
ან მეტისმეტად აჩქარებულია;
ან არათანაბრად სცემს;
ან ძალზე შენელებულია.
არითმიის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა სინკოპე - გონების დაკარგვა.
არის შემთხვევები, როდესაც არითმიის ერთადერთი გამოვლინება უეცარი კარდიული სიკვდილია.
გონების დაკარგვა ყოველთვის არითმიას არ უკავშირდება. ის შეიძლება უბრალო მიზეზმაც, მაგალითად, ორთოსტატიკური წნევის ცვალებადობამ, გამოიწვიოს. არის ხალხი, ვისაც ადგომისას - ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ პოზიციაში გადასვლისას - წნევა მკვეთრად ეცვლება, წნევის მკვეთრ დაცემას კი გონის დაკარგვა მოჰყვება. გონის დაკარგვა გულის სტრუქტურული დაავადების ბრალიც შეიძლება იყოს. არითმიის დროს გონების დაკარგვის მიზეზია გულის მეტისმეტად სწრაფი შეკუმშვა - იმდენად სწრაფად იკუმშება, რომ ვერ ახერხებს სათანადო რაოდენობის სისხლის გადასროლას სისხლის მიმოქცევის წრეებში, აქედან გამომდინარე, ვერც ტვინს აწვდის საკმარის სისხლს, წნევა ეცემა და ადამიანი გონებას კარგავს.
სინკოპე ყველაზე ხშირად პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და პარკუჭოვანი ფიბრილაციის დროს ვითარდება. იშვიათად - ბრადიარითმიას (გულისცემის გაიშვიათება) ახლავს.
გონების დაკარგვას ნევროლოგიური პათოლოგიებიც იწვევს, მაგრამ ამ მიზეზით გამოწვეული გონის დაკარგვა სინკოპესგან განსხვავდება. კერძოდ:

  • სინკოპე ყოველთვის ხანმოკლეა, ავადმყოფი სწრაფად მოდის გონს და თავს ისე გრძნობს, თითქოს არაფერი მომხდარაო - ახსოვს, გონი რომ დაკარგა, მაგრამ გამოფხიზლების შემდეგ არაფერს უჩივის;
  • ნევროლოგიური პათოლოგიით გამოწვეული გულის წასვლა ხანგრძლივია და უკვალოდ არ ჩაივლის - გონზე მოსვლის შემდეგ ავადმყოფს დამბლა, მეტყველების მოშლა ან სხვაგვარი ცვლილება აღენიშნება.

საშიში არიტმია შეიძლება განუვითარდეს:
ადამიანს, რომელსაც მემკვიდრეობა დატვირთული აქვს უეცარი კარდიული სიკვდილით, ანუ პირველი რიგის ნათესავები (მშობლები, და-ძმა) შედარებით ახალგაზრდა ასაკში უეცრად გარდაეცვალა;
ადამიანს, რომელსაც აქვს გულის იშემიური დაავადება (გადატანილი აქვს ინფარქტი) ან გულის რომელიმე სტრუქტურული დაავადება.
არითმიით განპირობებული გულის წასვლის შემთხვევაში რაც უფრო სწრაფად გავუწევთ ადამიანს პირველ დახმარებას, მით მეტი იქნება მისი გადარჩენის შანსი.

პირველი დახმარების წესები

  • არამც და არამც არ წამოსვათ ავადმყოფი (რასაც ხშირად აკეთებენ), პირიქით, დააწვინეთ, შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა და სასუნთქი გზები უცხო სხეულებისგან გაუთავისუფლეთ.
  • ფეხები აუწიეთ. თუ გულის წასვლა ორთოსტატიკური წნევის ბრალია, მაშინვე მოვა გონს.
  • თუ არ სუნთქავს, ჩაუტარეთ კარდიოპულმონური რეანიმაცია - ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი. პარალელურად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მასაჟი მეტად მნიშვნელოვანია - პატარა ბიძგმაც კი შეიძლება, ფიბრილაცია (გულის მეტისმეტად ხშირი შეკუმშვა) მოხსნას. მასაჟით ავადმყოფს ექიმის მოსვლამდე შეუნარჩუნებთ ტვინის ხელოვნურ ვენტილაციას და სისხლის ცირკულაციას. ასე რომ, მასაჟი გადარჩენის შანსს ზრდის.

დიაგნოსტირება. დიაგნოსტირება ხდება ჩვეულებრივი ელექტროკარდიოგრამისა და ოცდაოთხსაათიანი ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორინგის, დატვირთვის ტესტის (ტრედმილის) საფუძველზე. არსებობს ინტრაკარდიული (კათეტერის საშუალებით გულის შიგნიდან) კვლევის მეთოდი და სხვა საშუალებები. მთავარია, დადგინდეს, რომელი მეთოდი იქნება მოცემულ შემთხვევაში უფრო ინფორმაციული. აუცილებლად უნდა გაირკვეს, ხომ არ აქვს ავადმყოფს გულის ორგანული დაავადება ან დატვირთული მემკვიდრეობა. ამ მონაცემების საშუალებით ექიმი შეაფასებს არითმიის სირთულეს და დასახავს მკურნალობის სტრატეგიას.

მკურნალობა. არიტმიის მკურნალობა მის სახეობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი სახის არიტმიას მკურნალობა საერთოდ არ სჭირდება - საკმარისია, მოიხსნას მისი მიზეზი (მაგალითად, ნერვული ფაქტორი ან ჰიპერთირეოზი), რომ ის თავისთავად გაივლის.
პირველადი არიტმიის სამკურნალოდ უამრავი პრეპარატი არსებობს, ოღონდ საჭიროა შერჩევა. თუ ფარმაკოლოგიური ჩარევა უეფექტო აღმოჩნდა (მაგალითად, პარკუჭოვანი არითმიის დროს), შესაძლებელია უფრო რადიკალური ჩარევა: არიტმიის ოპერაციული (ინვაზიური) მკურნალობა, რადიოსიხშირული აბლაცია, მკურნალობა ანტიტაქიკარდიული მოწყობილობით, დეფიბრილატორით. მოციმციმე არიტმიის პრევენციისთვის სპეციალურ მოწყობილობას იყენებენ, ბრადიარითმიების დროს - სტიმულატორებს და ა.შ.

 

 

ართროზი – Arthrosis  – артроз

ართროზი სახსარშიგა ხრტილის ნაადრევი გაცვეთაა. ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლით არის გამოწვეული. მისი ერთ-ერთი მიზეზია ქონდროციტების (ხრტი¬ლოვანი ქსოვილის უჯრედების) დაბერება. დროთა განმავლობაში შეიძლება შემცირდეს სახსარში ხრტილის საერთო ოდენობა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ხანდაზმულ ასაკში, ასევე - ტრავმის შემდეგ, ტრავმის შემდგომი ანთებითი პროცესების, რომელიმე სახსრის მუდმივი დატვირთვის დროს (მაგალითად, ფეხბურთელებსა და სოფლის მეურნეობის მუშაკებში). ოსტეოართროზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის (გონართროზი) და მენჯ-ბარძაყის (კოქსართროზი) სახსრები.
ართროზის ყველაზე ადრეული სიმპტომი სახსრის ტკივილია. დაავადების საწყის სტადიაში ის მოსვენებისას არ ვლინდება, მხოლოდ სახსრის დატვირთვისას იჩენს თავს.

მკურნალობა. ართროზს მკურნალობენ როგორც კონსერვატიულად, ისე ქირურგიული გზით (სახსრის შეცვლით). მუხლის სახსრის ართროზის დროს სასარგებლოა ქვედა კიდურის მასაჟი, მაგრამ უშუალოდ მტკივან სახსარზე ზემოქმედება დაუშვებელია - შესაძლოა, ამან ანთებითი რეაქცია გაამძაფროს. თუ ხრტილის ცვეთის პროცესი შორს ჯერ კიდევ არ არის წასული, ეფექტურია გლუკოზამინსულფატის (იღებენ ზღვის ცხოველებისგან) შემცველი პრეპარატები. ის დადებითად მოქმედებს ხრტილში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე და სახსარში მოძრაობას აუმჯობესებს.

 

 

ართრიტი ჩირქოვანი – Arthritis purulenta – гнойный артрит

სახსრის ჩირქოვანი ანთება მასში მიკრობების შეჭრის შედეგად ვითარდება. მიკრობები სახსარში სხვადასხვა გზით ხვდება: პირდაპირი გზით (ტრავმებისა და ჭრილობების დროს), ლიმფოგენური გზით გვერდით მდებარე ჩირქოვანი კერებიდან (ლიმფადენიტი, ოსტეომიელიტი და სხვა). გამომწვევი შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, პნევმოკოკი და სხვა. შერეული ფლორის შემთხვევაში დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს.
ჩირქოვანი ართრიტი შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც, ასევე - გამოწვეული ჩირქოვანი ან სპეციფიკური ინფექციით (გონორეით, მუცლის ტიფით და სხვა). კლინიკური სურათი დამოკიდებულია პროცესის გავრცელებასა და ლოკალიზაციაზე, ასევე - იმ დაავადების სიმძიმეზე, რომლის გართულებასაც ართრიტი წარმოადგენს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ჩირქოვანი ართრიტის დროს პათოლოგიური პროცესის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც მცირე მოძრაობაზეც კი ძლიერდება. კიდური დამახასიათებელ მდგომარეობას იღებს. მაგალითად, სხივ-მაჯის სახსრის დაზიანებისას ხელი ოდნავ მოხრილია და გარეთ არის გაწეული. დაზიანებული სახსრის არეში ტემპერატურა მომატებულია და მასზე ზეწოლისას ტკივილი ჩნდება. საწყის სტადიაზე საერთო სისუსტე და ტემპერატურის მკვეთრი მატება არ შეიმჩნევა. აღინიშნება კანის სიწითლე და ოფლიანობა. თუ ჩირქოვანი პროცესი აზიანებს სახსრის და კუნთების შემომფენ ფასციას, მაშინ ვითარდება რბილი ქსოვილების შეშუპება. ამ დროს არცთუ იშვიათად საერთო მდგომარეობა მძიმეა, შეიმჩნევა კანის საფარველის სიყვითლე, შემცივნება, ცხელება და ბოდვა. ავადმყოფებს უყალიბდებათ სეპტიკოპიემია.
სასახსრე ჩანთიდან ჩირქის გადინება ადგილობრივ სიმპტომებს (კონტრაქტურას, ტკივილს და სხვას) ამცირებს, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ზოგჯერ უარესდება კიდეც ჩირქოვანი ინტოქსიკაციის გაძლიერების შედეგად. მყეს-იოგოვანი კავშირები ირღვევა და ხშირია ამოვარდნილობები და ქვეამოვარდნილობები.

მკურნალობა. გამოიყენება ადგილობრივი და ზოგადი, როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა. დიაგნოზის დასადასტურებლად და სახსრიდან ჩირქის გამოსადევნად მიმართავენ პუნქციას. ამის შემდეგ სახსრის ღრუში იმავე ნემსით შეჰყავთ ანტიბიოტიკი, ადებენ დამწოლ ნახვევს და ახდენენ კიდურის იმობილიზაციას, რათა სახსრის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა უზრუნველყონ. ერთი დღის შემდეგ ეს პროცედურა მეორდება. ამ დროს ექსუდატი ხშირად სტერილურია და პროცესი ჩაცხრობისკენ მიდის.
ართროტომიის (სახსრის გახსნის) ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როცა მრავალჯერადი პუნქცია არ იძლევა სათანადო, მყარ ეფექტს.
ჩირქოვანი ანთებითი პროცესის ჩაქრობის შემდეგ ნაჩვენებია ფიზიოთერაპიული პროცედურები (მაღალი სიხშირის ტალღები, ულტრაიისფერი დასხივება და სხვა) და სამკურნალო ფიზკულტურა.
ზოგადი თერაპია მოიცავს მიკროფლორის დამთრგუნველი პრეპარატების (ანტიბიოტიკების, ანტისეპტიკების) დანიშვნას, ავადმყოფის იმუნური ძალების ამაღლებას (სისხლის პრეპარატები, კარგი კვება), სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის აღდგენას.

 

 

Don`t copy text!