Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 374

ართრიტი რევმატოიდული  – Rheumatoid arthritis – ревматоидный артрит

რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული სისტემური ანთებითი დაავადებაა, რომელიც უპირატესად სახსრების დაზიანებით ვლინდება. პათოლოგიური პროცესი იწვევს სახსრების შესამჩნევ დეფორმაციას და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მოშლას.
რევმატოიდული ართრიტის მიზეზები და განვითარების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. სავარაუდოა, მასში მონაწილეობდეს ინფექციები, აუტოიმუნური დარღვევები და გენეტიკური ფაქტორები.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ავადმყოფი დაავადების დაწყებას უკავშირებს მაპროვოცირებელ ფაქტორებს, მათ შორის - ინფექციას (უმთავრესად - რესპირაციულს), ტრავმას, ფსიქონერვულ მოშლილობას, მშობიარობას, აბორტს, კლიმაქსს. დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე კვირით ან თვით ადრე მოსალოდნელია უგუნებობა, წონის კლება, ოფლიანობა, ტემპერატურის მატება 37-38 გრადუსამდე, სახსრების ტკივილი, დილაობით - შებოჭილობა (რომელიც აქტიური მოძრაობის შემდეგ გაივლის), ანემია და სხვა.
რევმატოიდული ართრიტის მთავარი ნიშანია სახსრების დაზიანება, რომელიც რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა, მაგალითად, მრავალრიცხოვანი დაზიანებით (პათოლოგიურ პროცესში პრაქტიკულად ყველა სახსარი შეიძლება ჩაერთოს), სიმეტრიულობით, პროგრესირებადი მიმდინარეობითა და რეციდივებისკენ მიდრეკილებით.
დაავადება იწყება მტევნებისა და ტერფების წვრილი სახსრებიდან. ახასიათებს ტკივილი ღამის მეორე ნახევარში, შესივება და მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა. დაავადების დასაწყისში მტევნის თითები თითისტარივით მსხვილდება და მოლურჯო ფერს იღებს. წვრილი სახსრების ანთებასთან ერთად ზიანდება მომხრელი მყესები და ვითარდება კონტრაქტურა (სახსრის მოძრაობის შეზღუდვა). სახსრების მყესების, იოგების და კუნთების დაზიანების შედეგად მტევანი განიცდის დეფორმაციას და მან შეიძლება სხვადასხვა ფორმაც კი მიიღოს: სელაპის ფარფლისებრი, გედის კისრისებრი და სხვა. ეს რევმატოიდული ართრიტის უტყუარი ნიშანია.
მტევნისა და ტერფების წვრილი სახსრების სიმეტრიული დაზიანება რევმატოიდული ართრიტის ადრეული სტადიის გამოვლინებაა, თუმცა პროცესი შეიძლება სხვა სახსრის დაზიანებითაც დაიწყოს. მაგალითად, მუხლის სახსრის დაზიანებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ პათოლოგიური პროცესი შეიძლება გავრცელდეს ყველა სახსარზე - სხივ-მაჯის, იდაყვის, მხრის, კოჭ-წვივის, მენჯ-ბარძაყის. შედარებით იშვიათად ზიანდება საფეთქელ-ქვედა ყბის, მკერდ-ლავიწის და გავა-თეძოს შესახსრებები.

ზოგადი რეაქციებიდან აღსანიშნავია:

  • სხეულის ტემპერატურის მატება;
  • შებოჭილობა, განსაკუთრებით - დილის საათებში;
  • სისხლძარღვების ფუნქციური დარღვევები - რეინოს სინდრომი, ხელისგულის ერითემა და ფრჩხილების ტროფიკული ცვლილებები.

არასახსროვანი დაზიანებებიდან აღსანიშნავია:
რევმატოიდული კვანძების გაჩენა. ისინი წარმოადგენს მკვრივ, ბრინჯის მარცვლის ან თხილისოდენა მარცვლებს, რომლებიც კანქვეშ არის განლაგებული. ხელით გასინჯვისას ისინი უმტკივნეულო და მოძრავია. უმეტესად განლაგებულია წინამხარზე, იდაყვის სახსართან, მტევნის ზურგზე, ქუსლის ზემოთ და კეფაზე. რევმატოიდული კვანძები, დილის შებოჭილობის მსგავსად, ამ დაავადების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმად მიიჩნევა.
პოლინეიროპათია - ზიანდება ის სისხლძარღვები, რომლებითაც პერიფერიული ნერვები იკვებება. ავადმყოფები უჩივიან კიდურების დაბუჟებას, წვას, სიცივეს, მგრძნობელობის გაძლიერებას ან დაქვეითებას.
შედარებით იშვიათია შინაგანი ორგანოების რევმატოიდული დაზიანება, მაგალითად, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, გულის მანკი, ალვეოლიტი, პლევრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის ამილოიდოზი.

დიაგნოსტირება. ამერიკის რევმატოიდული ასოციაციის მიერ მოწოდებული სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები ასეთია:

  • სახსრებში შებოჭილობა, რომელიც გრძელდება არანაკლებ 1 საათის განმავლობაში;
  • ერთდროულად სამი ან მეტი სასახსრე არის რბილი ქსოვილის შესივება და სახსარშიგა გამონაჟონი;
  • მტევნების ერთ-ერთი სასახსრე არის შესივება;
  • ართრიტის სიმეტრიულობა;
  • რევმატოიდული კვანძების არსებობა;
  • სისხლის შრატში რევმატოიდული ფაქტორის მაღალი ტიტრის გამოვლენა;
  • რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სიმპტომები მტევნის სურათზე.
    თუ ავადმყოფს ამ 7 კრიტერიუმიდან 4 აღენიშნება, რევმატოიდული ართრიტი უნდა ვივარაუდოთ.

მკურნალობა. რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა ითვალისწინებს:
ანთების საწინააღმდეგო და ბაზისურ თერაპიას;
ინდივიდუალურ თერაპიას რევმატოიდული ართრიტის მიმდინარეობის, სიმძიმის, სტადიის მიხედვით.
პრეპარატებიდან გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი და სხვა), ზოგჯერ - გლუკოკორტიკოსტეროიდებიც, მძიმე შემთხვევაში - ბაზისური პრეპარატები, როგორიც არის კრიზანოლი, მიოკრიზინი, დელაგილი. რემისიის პერიოდში შედეგიანია ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, მაგნიტოთერაპია) და კურორტული თერაპია.
კომპლექსური მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო ფიზკულტურას და მასაჟს. ვარჯიშები სახსარში მაქსიმალური მოძრაობისა და კუნთოვანი მასის შენარჩუნებისკენ უნდა იყოს მიმართული. მყარი ართრიტის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა: სინოექტომია, რეკონსტრუქციული ოპერაცია

 

 

ართრიტი რეაქტიული – Reactive arthritis – реактивный артрит

რეაქტიული ართრიტი სახსრების დაავადებაა. მას იმუნოკომპლექსური ბუნება აქვს. შესაძლოა, განვითარდეს ინფექციური დაავადების (იერსინიოზული ენტეროკოლიტის, დიზენტერიის, გონორეის, საშარდე გზების ქლამიდიოზის) შემდეგ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. რეაქტიული ართრიტის დროს უმეტესად ქვედა კიდურების, განსაკუთრებით - ტერფების სახსრები შუპდება. ირგვლივ კანი მოლურჯო ან მოწითალო-მოლურჯო ელფერს იღებს. შესაძლოა, შეშუპდეს მყესებიც ძვლებთან მიმაგრების ადგილას. არცთუ იშვიათად აღმოცენდება სხვა ნიშნებიც: გამონაყარი (ხშირად - წყლულოვანი) პირის ღრუს ლორწოვანი გარსზე, ანთებითი ცვლილებები საშვილოსნოში, სასქესო ასოზე, თვალებზე (კონიუნქტივიტი), გულში (მიოკარდიტი, პერიკარდიტი).
რეაქტიული ართრიტი დიდხანს იშვიათად გრძელდება. ის უმეტესად რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გასტანს და თავისთავად გაივლის, თუმცა გამორიცხული არ არის, ქრონიკული ხასიათი მიიღოს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თუ ართრიტმა რომელიმე ნაწლავური ან შარდსასქესო ინფექციის შემდეგ იჩინა თავი, სწორედ რეაქტიული ტიპი უნდა ვიეჭვოთ. დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ანტიგენის (გამომწვევის) გამოყოფა, რისთვისაც სეროლოგიურ რეაქციას იყენებენ.
რეაქტიულ ართრიტს უმთავრესად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (ინდომეტაცინი, ორტოფენი, ნაპროქსენი და სხვა) და სახსარში კორტიკოსტეროიდების შეყვანით მკურნალობენ. გახანგრძლივებული მიმდინარეობისას ნაჩვენებია პლაზმოფერეზი.

 

ართრიტი პოდაგრული – Gout arthritis – артрит подагрически

პოდაგრული ართრიტი მიკროკრისტალური ართრიტის ერთ-ერთი სახეობაა. პოდაგრა დაავადებაა, რომლის დროსაც სახსრებსა და სხვა ქსოვილებში ურატული წარმოშობის კრისტალები ლაგდება. მას ან პურინული ცვლის დარღვევა უდევს საფუძვლად, ან თირკმელების მიერ შარდმჟავას შემცირებული ოდენობით გამოყოფა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. პოდაგრულ ართრიტს სახსართა მწვავე ლოკალური ანთებითი პროცესისა და უსიმპტომო პერიოდების მონაცვლეობა ახასიათებს. ის უმეტესად შუა ხნის მამაკაცებს ემართებათ. ვითარდება უეცრად, თითქოსდა უმიზეზოდ, თუმცა ცნობილია შეტევის რისკფაქტორები, რომელთა შორის აღსანიშნავია პურინებით მდიდარი საკვები და ალკოჰოლური სასმელები, ტრავმა, ფიზიკური და ნერვულ-ემოციური გადაძაბვა, გაციება, ქირურგიული ჩარევა, ცხოვრების წესის შეცვლა (აქტიური ცხოვრებიდან პასიურზე გადასვლა ან პირიქით), სხვადასხვა ინფექციური დაავადება, ალერგიული რეაქცია, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი (კოფეინი, თეობრომინი, დიურეტინი, ეუფილინი, ვიტამინები, შარდმდენები, სულფანილამიდები, ღვიძლის ექსტრაქტები და ა.შ.), ხანგრძლივი სტეროიდული თერაპია ან სტეროიდების უეცარი შეწყვეტა. ხშირად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს ერწყმის.
მწვავე პოდაგრული ართრიტის კლინიკური სურათი, განსაკუთრებით - მისი პირველი შეტევა, იმდენად სპეციფიკურია, რომ პოდაგრის ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმად არის მიჩნეული. დაავადება უმეტესად ტერფის დიდი თითის წინატერფ-ფალანგის სახსრის ანთებით იწყება. ტერფის სხვა თითების, კოჭ-წვივის, მუხლის ანთება იშვიათია, სხივ-მაჯის, იდაყვის, ხელის მტევნის, მენჯ-ბარძაყისა და სხვა სახსრებისა - კიდევ უფრო იშვიათი. როგორც წესი, ანთებითია ერთი სახსარი, თუმცა არც პოლიართრიტის განვითარებაა გამორიცხული.

პოდაგრულ ართრიტს ლოკალიზაციის მხრივ ერთგვარი კანონზომიერება ახასიათებს: ზედა კიდურების სახსრებზე ხშირად ქვედა კიდურებისა ზიანდება, მსხვილ სახსრებზე ხშირად - წვრილი.
პოდაგრული ართრიტის შეტევა მოულოდნელად, უმეტესად ღამით ვითარდება. ავადმყოფს ტერფის დიდი თითის ძლიერი ტკივილი აღვიძებს. სახსარი სწრაფად (რამდენიმე საათში) სივდება, კანი ჰიპერემიულია, დაჭიმული და მბზინავი. ხშირად გაფართოებული ვენებიც მოჩანს. შესიებული ქსოვილები მკვრივია, ადგილობრივი ტემპერატურა - მომატებული, ანთებით სახსარში ყოველგვარი მოძრაობა - მკვეთრად მტკივნეული. ასეთი ძლიერი ტკივილი არც ერთმა ართროლოგიურმა დაავადებამ არ იცის. კრიზი, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათიდან 10-12 დღემდე გრძელდება, მერე კი თანდათან გაივლის. პარალელურად ქრება შეშუპება და სახსრის ფუნქცია აღდგება. კრიზს შესაძლოა ცხელებაც დაერთოს. წვრილი სახსრების დაზიანებისას ტემპერატურა სუბფებრილურია, მსხვილი სახსრების დაზიანებისას - მაღალი.
პოდაგრული კრიზის დასრულების შემდეგ ავადმყოფი თავს ჯანმრთელად გრძნობს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ შეტევა მეორდება. შეტევების სიხშირე და ინტენსივობა თითოეული ავადმყოფისთვის ინდივიდუალურია. ზოგს სახსროვანი კრიზი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უმეორდება, ტკივილი არცთუ ძლიერია და შრომის უნარს დიდი ხნით არ აქვეითებს, ზოგს კი ძლიერი ინტენსივობის ხშირი შეტევები აქვს, რომლებიც ადრეულ ინვალიდობას იწვევს. პირველი რამდენიმე შეტევა უპირატესად ტერფის პირველი თითის წინატერფ-ფალანგთაშუა სახსარს აზიანებს, მომდევნოები კი სხვა სახსრების დაზიანებასაც განაპირობებს. დაავადების დასაწყისში უმეტესად ერთი სახსარია ანთებითი, მერე და მერე კი შეტევები ერთდროულად ორი ან რამდენიმე სახსრის ანთებით მიმდინარეობს.
პირველი სახსროვანი კრიზიდან 3-5 წლის შემდეგ პოდაგრა ქრონიკულ ფორმაში გადადის. ეს პერიოდი შესაძლოა 10-15 წლამდე გაგრძელდეს. დაავადების ხანის მატებასთან ერთად შეტევებს შორის ინტერვალი მცირდება. პროცესში სულ უფრო მეტი სახსარი ერთვება. შეუმჩნევლად წარმოიქმნება პოდაგრისთვის დამახასიათებელი კვანძები (ტოფუსები). იმატებს სახსრების მყარი დაზიანებანი. ყალიბდება ტიპური ქრონიკული პოლიართრიტის სურათი: სახსრების დეფიგურაცია და დეფორმაცია ძვლების წანაზარდების ხარჯზე, თითების ქვეამოვარდნილობები, კონტრაქტურები, სახსრების უხეში ხრაშუნი, მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფს უჭირს მოძრაობა, უქვეითდება ან სრულიად ეკარგება შრომის უნარი.
ქრონიკული პოლიართრიტის საბოლოო შედეგი მეორეული მადეფორმირებელი პოლიოსტეოართროზია.
ტოფუსი სხვადასხვა ზომისაა - როგორც მუხუდოს მარცვლის, ისე ვაშლისოდენა. კანქვეშა, ზედაპირულად მდებარე ტოფუსი მკვრივი კონსისტენციის თეთრი წარმონაქმნია. უმეტესად ყურის ნიჟარებზე, თვალის სკლერაზე, იდაყვის არეებში ჩნდება, შედარებით იშვიათად - ხელისა და ფეხის თითებზე და სხვა ადგილებში. ტოფუსი ხშირად რბილდება, თავისთავად იხსნება და იქიდან კბილის პასტისმაგვარი თეთრი მასა გადმოედინება. მიკროსკოპული გამოკვლევისას მასში შარდმჟავა ნატრიუმის კრისტალებს პოულობენ. ჭრილობა იშვიათად ინფიცირდება, რაც შარდმჟავა მარილების ბაქტერიოციდული ეფექტით უნდა აიხსნას (ამ ეფექტს მჟავა რეაქცია განაპირობებს).

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სისხლსა და დღე-ღამის შარდში შარდმჟავას განსაზღვრა ძირითადი ბიოქიმიური გამოკვლევაა, რომელიც პოდაგრით დაავადებულს უნდა ჩაუტარდეს. ტარდება სხვა გამოკვლევებიც, რომლებსაც ექიმი შეარჩევს. პოდაგრის მკურნალობა კომპლექსურია. იგი მოიცავს კრიზის კუპირებას, მწვავე ართრიტის ჩაქრობის შემდეგ - ბაზისური პრეპარატების დანიშვნას, მეორეული მადეფორმირებელი ოსტეოართროზის მკურნალობას, დიეტოთერაპიას, ფიზიოთერაპიას, ბალნეოთერაპიას, ორთოპედიულ ოპერაციებს. მწვავე სახსროვანი კრიზის დროს, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა წოლითი რეჟიმი, დაზიანებული კიდურის ოდნავ მაღლა აწევა. აუცილებელია დიეტოთერაპია.
მედიკამენტებიდან სახსროვანი შეტევის კუპირებისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, კოლხიცინი, იბუპროფენი და სხვა), იშვიათად - სტეროიდული საშუალებები (გლუკოკორტიკოსტეროიდები). მსხვილი სახსრების ანთებითი პროცესის დროს, როდესაც ვითარდება გამოხატული სინოვიტი, იშვიათად დასაშვებია გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთჯერადი სახსარშიგა ინექცია.
მწვავე პოდაგრული კრიზის დასრულების შემდეგ ავადმყოფს უნდა დაენიშნოს ე.წ. ბაზისური თერაპია, რომელიც ურიკოდეპრესანტებით (ალოპურინოლი, მილურიტი, თიოპურინოლი და სხვა) და ურიკოელიმინატორებით (ანტურანი, ეტამიდი, ბენემიდი) ხორციელდება. მათ, ვისაც მყარი უსიმპტომო ჰიპერურიკემია და პოდაგრის მიმართ მემკვიდრეობითი მიდრეკილება აქვთ (განსაკუთრებით - მამაკაცებმა), პროფილაქტიკის მიზნით უნდა დაიცვან დიეტა, უარი თქვან ალკოჰოლურ სასმელებზე, ერიდონ ცხიმიან საკვებს და, საზოგადოდ, ყველა იმ ფაქტორს, რომლებსაც პოდაგრის შეტევის პროვოცირება შეუძლია.
ავადმყოფებს ეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით - ლუდი, ხორცის ნახარში, შემწვარ-მოხრაკული, პარკოსნები, სოკო, ჟოლო.

 

 

ართრიტი იუვენილური რევმატოიდული  – Juvenile rheumatoid arthritis – ювенильный ревматоидный артрит

იუვენილური რევმატოიდული ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. ის მოზრდილთა რევმატოიდული ართრიტისგან განსხვავდება, ამიტომ ცალკე ნოზოლოგიად განიხილავენ. მას ახასიათებს:

  • უპირატესად მსხვილი სახსრების მცირერიცხოვანი დაზიანება როგორც დაავადების დასაწყისში, ისე მისი მიმდინარეობის პერიოდში;
  • პათოლოგიურ პროცესში ხერხემლის კისრის ნაწილის ჩართვა;
  • თვალის ხშირი დაზიანება;
  • სისხლში რევმატოიდული ფაქტორის იშვიათი გამოვლენა;
  • შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა და პროგნოზი, მაგრამ ხშირი სისტემური გამოვლინებები.
    იუვენილური რევმატოიდული ართრიტის მიზეზები და მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დაავადება სტრეპტოკოკული, სტაფილოკოკური ან ვირუსული  (წითურას ვირუსი, ადენოვირუსები) წარმოშობისაა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადებას სიმპტომების მრავალფეროვნება ახასიათებს. თავდაპირველად ის შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული, რაც შემდგომში მის კლინიკურ მიმდინარეობას განაპირობებს. დაზიანებულ სახსართა რაოდენობის მიხედვით არსებობს მონო-, ოლიგო-, პაუცი- (4 სახსარი) და პოლიართრიტი.
სახსროვანი სიმპტომებიდან აღსანიშნავია: სახსარში ტკივილი, შეშუპება (ან მის გარეშე), რბილი ქსოვილების შეშუპება. დილის შებოჭილობა ბავშვებში ნაკლებად აღინიშნება. პათოლოგიური პროცესი უფრო ხშირად მუხლის, კოჭ-წვივის, მენჯ-ბარძაყის, ფალანგთაშუა სახსრების ართრიტით იწყება. ზოგჯერ კი - ხერხემლის კისრის მიდამოს, მკერდ-ლავიწის ან საფეთქელ-ქვედა ყბის შესახსრების დაზიანებით, რასაც შეიძლება ნიკაპის განუვითარებლობა დაერთოს. სახსროვანი სინდრომის პროგრესირებას შესაძლოა მოჰყვეს რბილი ქსოვილის (კუნთების, მყესების, ხრტილის) დაზიანება და სახსარში მოძრაობის შეზღუდვა (კონტრაქტურა). დამახასიათებელია თვალის დაზიანება.
არასახსროვან სისტემურ გამოვლინებებს შორის აღსანიშნავია პერიკარდიტი, პლევრიტი, პერიტონიტი, ლიმფადენოპათია, ჰეპატო- და სპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება). რევმატოიდული კვანძების სიხშირე მოზრდილებთან შედარებით ნაკლებია.

დიაგნოსტირება. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებია:
არანაკლებ 3 კვირის ხანგრძლივობის ართრიტი;
სამი სახსრის დაზიანება პირველი 3 კვირის განმავლობაში;
წვრილი სახსრების სიმეტრიული ართრიტი;
ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანება;
სახსარშიგა გამონაჟონი;
დილის შებოჭილობა;
კუნთების, მყესების, ხრტილის დაზიანება;
უვეიტი (თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება);
რევმატოიდული კვანძები;
ოსტეოპოროზი;
დაზიანებული სახსრის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სურათი;
რევმატოიდული ფაქტორის არსებობა.
3 დადებითი კრიტერიუმის არსებობისას დიაგნოზი სავარაუდოა, 4-ის შემთხვევაში - სარწმუნო, ხოლო 7 კრიტერიუმის შემთხვევაში - დადასტურებული.

მკურნალობა. გამოიყენება უმთავრესად იგივე საშუალებები და მეთოდები, რომლებიც მოზრდილთა რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისას.

 

 

ართრიტი – Arthritis – артрит

ართრიტი სახსრების ანთებითი დაავადებაა. ახასიათებს ტკივილი, განსაკუთრებით - მოძრაობისას, არცთუ იშვიათად - მოძრაობის შეზღუდვა, სახსართან შესიება, დეფორმაცია. ზოგჯერ სახსრის ზემოთ კანი შეწითლებულია და ცხელება ვითარდება. ანთება შეიძლება ერთ სახსარსაც მოიცავდეს (მონოართრიტი) და რამდენიმესაც (პოლიართრიტი). ზოგ შემთხვევაში ართრიტი უეცრად, სახსრის ძლიერი ტკივილით იწყება (მწვავე ართრიტი), ზოგჯერ კი თანდათანობით ვითარდება (ქრონიკული ართრიტი). დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს ინფექცია, ტრავმა, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნერვული სისტემის პათოლოგია, ვიტამინების უკმარისობა.
ართრიტის მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების გამოვლინებათა შემცირებას, ხრტილებში ნივთიერებათა ცვლის აღდგენას (ანუ ხრტილში მიმდინარე დესტრუქციული პროცესების შეფერხებას) და დაზიანებული სახსრის ფუნქციის მაქსიმალურ შენარჩუნებას. თერაპია გულისხმობს ანთების ძირითადი მიზეზის - გამომწვევი დაავადების (პოდაგრის, რევმატოიდული ართრიტის და ა.შ.) აღმოფხვრას. ამის კვალობაზე, ართრიტის მკურნალობა კომპლექსური (ფარმაკოლოგიური, არაფარმაკოლოგიური და ქირურგიული მეთოდები), ხანგრძლივი და სისტემატურია.

მკურნალობის არაფარმაკოლოგიური მეთოდებია:
სახსრის დატვირთვის შემცირება: ორთოპედიული ფეხსაცმლის შერჩევა, სუპინატორის, მუხლის სახვევის, სიარულისას - ხელჯოხის გამოყენება;
სამკურნალო ფიზკულტურა, რომელიც მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში ან წყალში (სტატიკური დატვირთვის გარეშე) უნდა შესრულდეს, თანაც ისე, რომ სახსრის ტკივილი არ გამოიწვიოს. იკრძალება ვარჯიში, რომელიც მუხლების მოხრას მოითხოვს და ბუქვნა. რეკომენდებულია ცურვა;
ფიზიოთერაპია: სითბური პროცედურები, ულტრაბგერა, მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია, წყლით მკურნალობა, მასაჟი, კუნთების ელექტროიმპულსური სტიმულაცია. ნებისმიერი ფიზიოთერაპიული პროცედურა ექიმმა უნდა შეარჩიოს. აქვე მოიაზრება მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება: თამბაქოს მიტოვება, კოფეინიან სასმელებზე უარის თქმა.

მკურნალობის ფარმაკოლოგიური მეთოდებია:
ადგილობრივი თერაპია: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მალამოების (გელების) გამოყენება, სახსარში გლუკოკორტიკოსტეროიდების შეყვანა;
სახსრის ტკივილის შესამცირებლად - ტკივილგამაყუჩებლების, არასათანადო ეფექტის შემთხვევაში - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენება;
ქონდროპროტექტორების გამოყენება (ეს არის პრეპარატები, რომლებიც მხოლოდ ტკივილს კი არ აყუჩებს, არამედ აფერხებს ხრტილში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს და მის ერთგვარ უკუგანვითარებას უწყობს ხელს).
ქირურგიული მეთოდია სახსრის ენდოპროთეზირება. მას მხოლოდ შორსწასული ფორმების დროს მიმართავენ.

 

 

არაქნოიდიტი – Arachnoiditis – арахноидит

არაქნოიდიტი ტვინის ქსელისებრი გარსის ანთებაა. ტვინის ქსელისებრი გარსი წარმოადგენს სისხლძარღვებისა და შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნებისგან შემდგარ თხელ ბადეს, რომელიც ტვინს გარედან ფარავს. დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს გრიპმა ან რომელიმე სხვა ვირუსულმა ინფექციამ, ქრონიკულმა ტონზილიტმა, რინოსინუსიტმა, ოტიტმა, ქალა-ტვინის ტრავმამ, თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნემ და სხვა.
ნორმაში, ტვინი ლიქვორში (თავ-ზურგტვინის სითხეში) დაცურავს. ანთებისას ლიქვორის ცირკულაცია ირღვევა, თავიდან ზურგის ტვინში მისი გადადინება ძნელდება, ანთებითი პროცესი ნერვებზეც გადადის.

განასხვავებენ არაქნოიდიტის რამდენიმე ძირითად ფორმას:
ქალას წინა ღრმულის არაქოიდიტი - იგი ცხვირის წიაღების ანთების შედეგია;
ქალას უკანა ღრმულის არაქნოიდიტი - ხშირად შუა ყურის დაავადების შედეგია;
ბაზალური არაქნოიდიტი - ტვინის ანთების შედეგია.

ყოველგვარი ლოკალიზაციის არაქნოიდიტს აქვს რამდენიმე საერთო სიმპტომი:
აღმოცენდება ინფექციური დაავადებიდან 10-12 დღის შემდეგ;
მთავარ ნიშანს წარმოადგენს თავის ტკივილი (თითქოს თავი სკდებაო) და თვალებზე ზეწოლის შეგრძნება;
იწვევს ძილის დარღვევას, შრომის უნარის დაქვეითებას, მხედველობის გაუარესებას.
არაქნოიდიტით უმეტესად ქალები ავადდებიან. კვლევის უახლესი მეთოდების მიუხედავად, დაავადების დიაგნოსტიკა ძნელია. სამკურნალოდ ინიშნება ფსიქოთერაპიის კურსი, ვიტამინოთერაპია, გამწოვი და სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებები.
არაქნოიდიტი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ახასიათებს რეციდივები.

 

 

აპოპლექსია საკვერცხის – Apoplexia ovarii – апоплексии яичника

საკვერცხის აპოპლექსია საკვერცხეში სისხლჩაქცევას ნიშნავს. მას ხშირად სდევს თან საკვერცხის გახეთქვა და მუცლის ღრუში სისხლის ჩაქცევა. მიზეზი ანთებითი პროცესების გამო საკვერცხის სისხლძარღვების პათოლოგიური გადაგვარებაა, მაგალითად, ვარიკოზული გაგანიერება ან სკლეროზი. საკვერცხის აპოპლექსია ყველაზე ხშირად ოვულაციისას ან ყვითელი სხეულის ვასკულარიზაციის სტადიაში (ციკლის შუა და მეორე ფაზაში) ხდება. მაპროვოცირებელ როლს ასრულებს ტრავმა, მძიმე ტვირთის აწევა, სქესობრივი აქტი.
აპოპლექსიის დროს ყალიბდება მწვავე მუცლისა (მუცლის ტკივილი, დეფანსი და სხვა) და შინაგანი სისხლდენისთვის დამახასიათებელი (სისუსტე, წნევის დაცემა და ა.შ.) კლინიკური სურათი. აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. თუ შინაგანი სისხლდენა და კოლაფსი გამოხატული არ არის, მიმართავენ კონსერვატიულ მკურნალობას (მოსვენება და ცივი საფენი მუცელზე). შინაგანი სისხლდენის პროგრესირებისას აუცილებელია ოპერაციული ჩარევა - საკვერცხის რეზექცია. ამავე დროს, აუცილებელია დაკარგული სისხლის შევსება, საჭიროებისას - გულ-სისხლძარღვთა პრეპარატების შეყვანა.

 

 

აპენდიციტი – Appendicitis – аппендицит

აპენდიციტი ჭიანაწლავის ანთებაა, რომელიც მისი სანათურის განავლოვანი ქვებით, ანთებითი ინფილტრატით, უცხო სხეულით, სიმსივნური წარმონაქმნით, ჰელმინთებით (ჭიებით) დახშობის შემთხვევაში ვითარდება. განასხვავებენ აპენდიციტის კატარულ და დესტრუქციულ ფორმებს. ეს უკანასკნელი უფრო რთულად მიმდინარეობს და მძიმე გართულებები ახასიათებს. ჩირქოვანი (დესტრუქციული) აპენდიციტი, თავის მხრივ, რამდენიმე სახისაა: ფლეგმონური (პერფორაციით (გახეთქვით) ან პერფორაციის გარეშე), განგრენული (პერფორაციით ან პერფორაციის გარეშე), აპენდიკულარული ინფილტრატით (დაჩირქებით ან დაუჩირქებლად) მიმდინარე.

სიმპტომები და მიმდინარეობა. მწვავე აპენდიციტის კლინიკური გამოვლენა დამოკიდებულია ჭიანაწლავის დაზიანების ხასიათზე, მის მდებარეობაზე, ავადმყოფის ასაკზე, გართულებათა ხასიათზე. დაავადების საწყისი სიმპტომია მოულოდნელი ყრუ ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში (ზუსტ ლოკალიზაციას ვერ მიუთითებენ) ან ჭიპის არეში. დაახლოებით 6 საათის შემდეგ ტკივილი მარჯვენა თეძოს არეში გადაინაცვლებს. ტკივილის ლოკალიზაციის შეცვლა და მარჯვენა თეძოს არეში მტკივნეული შეგრძნების აღმოცენება ანთებითი პროცესის გაღრმავებაზე მიუთითებს.
ტკივილის ლოკალიზაცია ჭიანაწლავის მდებარეობაზეა დამოკიდებული. ტიპური მდებარეობისას ავადმყოფი ტკივილს გრძნობს მარჯვენა თეძოს არეში, მაღლა დგომისას - თითქმის მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რეტროცეკალური მდებარეობისას - მუცლის კიდეებში ან წელში, მენჯში მდებარეობისას - ბოქვენის ზემოთ. აპენდიციტს ხშირად სდევს თან გულისრევა, ზოგჯერ, განსაკუთრებით - დაავადების საწყის სტადიაში, ღებინებაც. კუჭის მოქმედება მეტწილად ნორმალურია. თუ ჭიანაწლავი ბრმა ან სწორი ნაწლავის ან წვრილი ნაწლავის მარყუჟს შორის მდებარეობს, ანთებითი პროცესი შესაძლოა ნაწლავის კედლებზე გავრცელდეს, რაც ნაწლავში სითხის დაგროვებას და ფაღარათს გამოიწვევს.
დაავადების საწყის სტადიაზე ენა თეთრი ნადებით არის დაფარული. ავადმყოფი წევს ზურგზე ან მარჯვენა გვერდზე; სხეულის მდებარეობის შეცვლა, ხველება, გაცინება, დაცემინება მუცლის ტკივილს მკვეთრად აძლიერებს. მუცლის დათვალიერებისას შესაძლოა შეიმჩნეოდეს მუცლის ქვედა მარჯვენა კვადრატის ჩამორჩენა სუნთქვისას. ხელით გასინჯვისას შეიმჩნევა მუცლის კუნთების დაჭიმულობა და მტკივნეულობა მარჯვენა თეძოს არეში. ხშირად ტემპერატურა 380ც-მდე იმატებს. სისხლში ლეიკოციტოზი აღინიშნება.
ტიპურ შემთხვევაში მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკა ადვილია, ატიპური მდებარეობისას - ძნელი. ასეთ დროს საჭიროა მისი დიფერენცირება პიელიტისგან, თირკმლის ჭვალისგან, მწვავე ადნექსიტისგან, საშვილოსნოსგარე ორსულობისგან, მწვავე ენტერიტისგან, მწვავე ქოლეცისტიტისგან, მწვავე პანკრეატიტისგან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისგან. მწვავე დესტრუქციული აპენდიციტის შემთხვევაში სიმპტომატიკა უფრო მკვეთრია: ტკივილი, მუცლის გაღიზიანების სიმპტომები ძლიერია (ამას ექიმი ადგენს), მაღალია ტემპერატურა და ლეიკოზი.
ბავშვებში, მოხუცებსა და ორსულებში მწვავე აპენდიციტი რამდენადმე თავისებურად მიმდინარეობს. ბავშვებში, ორგანიზმის ჰიპერრეაქციულობისა და ბადექონის ბოლომდე განუვითარებლობის გამო, ანთებითი პროცესი სწრაფად პროგრესირებს და პერიტონიტი ვითარდება. საწყის სტადიაში დიაგნოსტირება ძნელია, გულისრევა, მრავალჯერდი ღებინება, მაღალი ტემპერატურა, მუცლის გავრცობილი ტკივილი ხშირად დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცევა. მოხუცებში, ორგანიზმის დაქვეითებული რეაქციის გამო, კლინიკური სურათი წაშლილია, რაც დიაგნოსტირებასა და ჰოსპიტალიზაციას აგვიანებს. ორსულებში ბრმა ნაწლავის თაღისა და ჭიანაწლავის საშვილოსნოსთან მიახლოება ტკივილის ლოკალიზაციას ცვლის, ხოლო ჭიანაწლავის საშვილოსნოს უკან მდებარეობა პერიტონიტის სიმპტომების სიმკვეთრეს აქვეითებს.

მკურნალობა. აპენდიციტს ქირურგიული გზით მკურნალობენ. საჭიროებისას, კერძოდ, პერიტონიტის სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში, ოპერაციამდე ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება. ჯანმრთელ ახალგაზრდებს ოპერაცია ადგილობრივი გაუტკივარებით უტარდებათ, არამყარი ფსიქიკის პირებს, ბავშვებს, ორსულებს, მოხუცებს - უფრო მეტად ზოგადი გაუტკივარებით. ძლიერი ტკივილის დროსაც ზოგად ანესთეზიას მიმართავენ.

 

 

აორტიტი – Aortitis – аортит

აორტიტი აორტის კედლის ინფექციური ან ალერგიული (აუტოიმუნური) ბუნების ანთებაა. ის სიფილისის, სეფსისის (განსაკუთრებით - სტრეპტოკოკურის), ტუბერკულოზის, რევმატიზმის და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს ვითარდება. ახასიათებს დაზიანებული სისხლძარღვის უბნის გაფართოება და ანევრიზმის ჩამოყალიბებაც კი. არცთუ იშვიათად აღმოცენდება ტკივილი გულმკერდის უკან (აორტალგია), რომელიც ძალიან ჰგავს სტენოკარდიას, მაგრამ უფრო ხანგრძლივია და ნიტროგლიცერინი არ ხსნის.

პროფილაქტიკა და მკურნალობა ძირითადი დაავადებისგან განკურნებას გულისხმობს. აორტის ანევრიზმის წარმოქმნისას შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

 

 

ანოსმია – Anosmia – аносмия

ყნოსვა ორგანიზმის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა, რომელიც არა მარტო სუნის აღქმას, არამედ გემოს შეგრძნებასაც განაპირობებს. ყნოსვის ორგანო ცხვირის ზედა სართულზე მდებარეობს და უკავშირდება მგრძნობიარე უჯრედებს, რომლებსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს ტვინის ქერქთან.
არსებობს ყნოსვის დარღვევის შემდეგი ფორმები:

ანოსმია, ისევე როგორც ჰიპოსმია, თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც.
თანდაყოლილი ანოსმიის მიზეზი ყნოსვის გზების განუვითარებლობა ან უქონლობაა. ის, როგორც წესი, განვითარების სხვა მანკებს ერწყმის. ყველაზე ხშირად თანდაყოლილი ანოსმია სახის (განსაკუთრებით - ცხვირის) ძვლების თანდაყოლილი ანომალიის დროს გვხვდება.
შეძენილი ანოსმია ცენტრალური (ნეიროსენსორული) ან პერიფერიული წარმოშობისაა.
ცენტრალური ანოსმია (ზოგჯერ მას ტვინისმიერს ან ტვინშიგას უწოდებენ) ტვინში მდებარე ყნოსვის ცენტრის დაზიანების შედეგია. დაზიანება სიმსივნის, გაფანტული ენცეფალომიელიტის, ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის, ათეროსკლეროზის, ქალა-ფუძის ტრავმის დროს, გადატანილი მენინგიტის შემდეგ და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში ხდება.

პერიფერიული ანოსმია სამი სახისაა: ფუნქციური, რესპირატორული და ესენციური.
ფუნქციური ანოსმია
, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა და ნევროზის ან ისტერიის დროს (ზოგჯერ - გაურკვეველი მიზეზითაც) იჩენს თავს.
რესპირატორული ანოსმია მაშინ ვითარდება, როდესაც ნესტოებიდან შემავალი ჰაერი და მასთან ერთად შემავალი ყნოსვადი ნივთიერებები ვერ აღწევს ცხვირის ღრუს იმ ნაწილს, სადაც ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული სეგმენტი მდებარეობს. მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ბაქტერიული რინიტი, სინუსიტი, ალერგიული რინიტი და სხვა.
ზოგჯერ რესპირატორული ანოსმია ცხვირის ღრუს დაზიანებასთან - ცხვირის ძგიდის გამრუდებასთან, ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში მიმდინარე სიმსივნურ პროცესთან (მათ შორის - პოლიპთან), ადენოიდებთან, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიასთან ასოცირდება. ყნოსვის დაქვეითებას ცხვირის ლორწოვანი გარსის სეკრეციის დარღვევაც იწვევს. ამ დროს ყნოსვის აღმქმელი წამწამები სეკრეტით არის დაფარული.
ესენციური ანოსმია უშუალოდ ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული ნაწილის დაზიანების შედეგია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ანთება, რომელიც ცხვირის ლორწოვანი გარსიდან იმ უბნებამდე ვრცელდება, სადაც ყნოსვის რეცეპტორებია განლაგებული, ცხვირ-ხახის ტრავმა (მაგალითად, ქირურგიული ჩარევა), ცხვირ-ხახის თერმული და ქიმიური დამწვრობა, სიმსივნური წარმონაქმნის (მაგალითად, პოლიპის) ხანგრძლივი ზეწოლა ამ უბნებზე, ყნოსვის რეცეპტორების ტოქსიკური დაზიანება, რომელსაც მოწამვლა ან ინფექციური დაავადება იწვევს.

დიაგნოსტიკა. დაავადების მიზეზის შესახებ ძირითად ინფორმაციას ავადმყოფი იძლევა, მაგრამ მისი სუბიექტური ჩივილების დასადასტურებლად, ყნოსვის დაკარგვის მიზეზის დასადგენად და მკურნალობის სწორი წარმართვისთვის ობიექტური გამოკვლევაა აუცილებელი. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ყნოსვის დარღვევის ხარისხი. ამისთვის ტარდება სინჯი მკვეთრი სუნების გამოყენებით. ავადმყოფმა შეთავაზებული სუნის იდენტიფიკაცია უნდა მოახდინოს და რამდენიმე სავარაუდო პასუხიდან სწორი ამოიცნოს. ყნოსვის დაზიანების მიზეზი ბავშვებსა და მოზარდებში უმთავრესად ქალა-ტვინის ტრავმაა, ხოლო მოზრდილებში - ვირუსული ინფექცია. თავსა თუ ცხვირში რაიმე წარმონაქმნისა და ტრავმული დაზიანების აღმოსაჩენად აუცილებელია რენტგენული და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევების ჩატარება.

მკურნალობა. ყნოსვის დაქვეითება და დაკარგვა ხშირად შექცევადია. მიზეზის კვალობაზე, ანოსმიამ, შესაძლოა, თავისთავადაც გაიაროს, მაგრამ უმეტესად ექიმის ჩაურევლად ყნოსვის აღდგენა შეუძლებელია, მით უმეტეს - ნევროლოგიური ხასიათის ანოსმიის დროს. დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულ დაწყებას. როდესაც ყნოსვის დაკარგვა დიდხანს (წლების განმავლობაში) გრძელდება, რეცეპტორი შესაძლოა მოკვდეს, მისი აღდგენა კი შუძლებელია.
რესპირატორული ანოსმიისა და ჰიპოსმიის მკურნალობა მეტწილად ეფექტურია. ძირითადი დაავადებისგან განკურნების შემდეგ ყნოსვის ფუნქცია აღდგება. ალერგიისა და ვირუსის შემთხვევაში მკურნალობა სასუნთქი გზების გახსნისკენ არის მიმართული. ამისთვის ცხვირის სპეციალურ წვეთებსა და სასხურებლებს იყენებენ. მიმართავენ ინჰალაციასაც. ზოგჯერ ავადმყოფს ანტიბიოტიკებს, ანტიჰისტამინურ პრეპარატებსა და კორტიკოსტეროიდებს აძლევენ. ცხვირის ძგიდის გამრუდება, პოლიპები და ადენოიდები ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. ნეიროსენსორული (ცენტრალური) ხასიათის ანოსმია ძნელი განსაკურნებელია.
პროფილაქტიკა. გაციების შემდეგ ყნოსვის შეგრძნება შესაძლოა ერთი-ორი დღით დაიკარგოს. ასეთი ანოსმია უმეტესად რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის. გამოჯანსაღებისთვის აუცილებელია სიმშვიდე და სრულფასოვანი ძილი. სახიფათოა გაციების ფეხზე გადატანა - ნებაზე მიშვებულმა გრიპმა შესაძლოა ნეიროსენსორული ხასიათის ანოსმია გამოიწვიოს, რომელიც ხშირად შეუქცევადია.

  • თუ ანოსმიას ან ჰიპოსმიას სურდოს (გაციებას, ალერგიას) უკავშირებთ, სასარგებლოა ზოგადგამაჯანსაღებელი ვარჯიში, ცხელი აბაზანა. ეს ოფლის მოდენაში დაგეხმარებათ, სასუნთქი გზები გაგეხსნებათ და ყნოსვის შეგრძნება გაგიუმჯობესდებათ.
  • აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა გაარკვიოთ, ყნოსვის დაქვეითება ზემო სასუნთქი გზების ინფექციით ხომ არ არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა დაგჭირდებათ.
  • თუ ყნოსვის პრობლემებმა მცენარეთა ყვავილობის პერიოდში იჩინა თავი, აუცილებლად ეჩვენეთ ექიმს. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, შედეგიანია ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობა. თუ ყნოსვის დაქვეითება დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, ცხვირში შესასხურებელი სტეროიდები ან ისეთი პრეპარატები დაგჭირდეთ, რომლებიც ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას ხსნის.
  • ამოიკვეთეთ პოლიპები. ადრეულ სტადიაზე სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობა შედეგიანია. პოლიპების მკურნალობა ანტიბიოტიკებით, ცხვირის ლორწოვანი ქსოვილის სისხლსავსეობისა და შეშუპების შესამცირებელი, ანტიჰისტამინური პრეპარატებითაც შეიძლება. თუ პოლიპი დიდია, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
  • ყნოსვის ფუნქციას თამბაქოს წევაც არღვევს. თუ სიგარეტზე უარს იტყვით, ყნოსვა თავისთავად აღდგება.
  • თუ სამუშაოზე ქიმიური ნივთიერებების ან მტვრის შესუნთქვა გიწევთ, აიფარეთ ფილტრიანი ნიღაბი.
  • შესაყნოსი ნარკოტიკები (კოკაინი, ჰეროინი) წლების განმავლობაში არა მხოლოდ ყნოსვის რეცეპტორებს, არამედ ცხვირის მთელ ლორწოვანს ანადგურებს.
  • პრეპარატებმა, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლისას იყენებენ, შესაძლოა, ყნოსვის დაქვეითება გამოიწვიოს.
  • სიმსივნეების უმეტესობა, რომლებიც ყნოსვის დაქვეითებას იწვევს, კეთილთვისებიანია. მათი ხასიათის კვალობაზე, შეიძლება კომბინირებული მკურნალობის (ქირურგიული ოპერაციის, სხივური ან ქიმიოთერაპიის) ჩატარება. მკურნალობა უმეტესად შედეგიანია.

 

 

Don`t copy text!