Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 337

ტულარემია

ტულარემია ციების მსგავსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს დასნებოვნებული მღრღნელებისგან, მწერებისა და ტკიპებისგან გადაედება. მას ახასიათებს ზოგადი ინტოქსიკაცია, რეგიონული ლიმფური კვანძების, კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანება. შესაძლოა, დაზიანდეს ფილტვებიც.

მიზეზები
ტულარემიის გამომწვევია Bacterium tularense. იგი გამძლეა გარემო პირობების მიმართ, მაგრამ დუღილის ტემპერატურაზე 1-2 წუთში კვდება. ინფექციის ძირითადი წყარო მღრღნელები არიან. ხშირად ინფიცირდებიან მონადირეები, ფერმერები, ბეწვის მწარმოებლები და ყასბები ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის დროს.
არსებობს ორგანიზმში ტულარემიის გამომწვევი მიკრობის შეჭრის რამდენიმე გზა:
1. კანის გავლით – ინფიცირებულ მღრღნელებთან კონტაქტით და სისხლისმწოველი მწერებისგან ტრანსმისიური გადაცემით;
2. საჭმლის მომნელებელი სისტემიდან – ინფიცირებული წყლისა და საკვების მოხმარებით;
3. რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ტრაქტიდან – ინფიცირებული მტვრის ჩასუნთქვით;
4. ლორწოვანი გარსებიდან.

კლინიკური ფორმები
ტულარემიის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 2 კვირამდე გრძელდება. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებითა და სხეულის ტემპერატურის 39-400C-მდე მატებით. ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, ძლიერ თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, უძილობას, შესაძლოა, განვითარდეს ღებინებაც. სახისა და კისრის კანი ჰიპერემიულია, სკლერის სისხლძარღვები – ინიექცირებული. ზოგს დაავადების მე-3 დღიდან უჩნდება გამონაყარი, ხშირად – ერითემული ხასიათისა. სხვა სიმპტომების გამოვლენა ტულარემიის ფორმაზეა დამოკიდებული. არსებობს ამ დაავადების რამდენიმე კლინიკური ფორმა, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ინფექციის შეჭრის გზასთან. ეს ფორმებია:
*ბუბონური და კან-ბუბონური ფორმა – ვითარდება მიკრობის კანის გზით შეჭრისას. ამ დროს დიდდება ახლომდებარე ლიმფური კვანძები (ბუბონების სახით). მოგვიანებით პროცესში შეიძლება შორეული ლიმფური კვანძებიც ჩაერთოს.
*წყლულოვან-ბუბონური ფორმა, რომელიც ხშირად ვითარდება ინფექციის მწერის ნაკბენიდან გავრცელების შემთხვევაში. კბენის ადგილას ბუბონთან ერთად ჩნდება არცთუ ღრმა, კიდეებწამოწეული წყლული, რომელსაც მუქი ქერქით დაფარული ძირი აქვს.
*თვალ-ბუბონური ფორმა – ვითარდება მიკრობის კონიუნქტივიდან შეჭრის შემთხვევაში. მისთვის დამახასიათებელია კონიუნქტივაზე ჩირქმდენი ეროზიისა და წყლულის გაჩენა და ახლომდებარე ლიმფური კვანძების ბუბონები. ზიანდება ცალი თვალი. პროცესი გრძელდება რამდენიმე თვე, მხედველობა აღდგება სრულად.
*ანგიოზურ-ბუბონური ფორმა – ვითარდება ინფიცირებული წყლისა და საკვების მოხმარების შემთხვევაში. იგი მიმდინარეობს მძიმე ანგინის სახით (ხდება ნუშურა ჯირკვლების (ტონზილების) ნეკროზი). ბუბონები ჩნდება ლავიწქვეშა, კისრისა და ყბაყურა ჯირკვლებში. დაავადება ვლინდება ყლაპვისას ტკივილით, ნუშურების, სასის რკალების ნეკროზული ცვლილებებით, დაზიანებულ უბნებზე ფიბრინული ნადების გაჩენით, რომელიც დიფთერიულს მოგვაგონებს. წყლულები ნელა ხორცდება.
*აბდომინალური ფორმა – ვითარდება ჯორჯლის ლიმფური ძარღვების დაზიანებისას. ვლინდება მუცლის ძლიერი ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, ზოგჯერ – ფაღარათით.
*პნევმონიური ფორმა – ვითარდება ასპირაციული გზით ინფიცირების დროს (მიკრობის ჩასუნთქვისას). შესაძლოა დაზიანდეს ტრაქეის, ბრონქებისა და შუასაყრის ლიმფური კვანძები (უფრო მსუბუქი ვარიანტია) ან განვითარდეს კეროვანი პნევმონია (მიმდინარეობს საკმაოდ მძიმედ და აქვს გართულებისკენ მიდრეკილება).
პნევმონიურ ფორმას ახასიათებს ხანგრძლივი ცხელება, განმეორებითი შემცივნება და უხვი ოფლდენა. ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მკერდის არეში, ხველას, თავდაპირველად – მშრალს, შემდეგ კი – ლორწოვან-ჩირქოვანს, ზოგჯერ – სისხლიანი ნახველით. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ავლენს ფილტვის ქსოვილის კეროვან ან წილოვან ინფილტრაციას. მიმდინარეობს დუნედ, ხანგრძლივად, რეციდივებით.
*გენერალიზებული ფორმა ჰგავს მძიმე სეფსისს. გამოხატულია ინტოქსიკაციის ნიშნები: მძიმე ცხელება, სისუსტე, ჟრჟოლა, თავს ტკივილი. მოსალოდნელია ცნობიერების დაბინდვა, ბოდვა, ჰალუცინაციები. შესაძლოა, მთელ სხეულზე გაჩნდეს გამონაყარი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ბუბონები და განვითარდეს პნევმონია. დაავადების ეს ფორმა შესაძლოა გართულდეს ინფექციურ-ტოქსიკური შოკით.

დიაგნოსტიკა
ტულარემიის დიაგნოსტირება დაავადების პირველ დღეებში რთულია. ექიმს დიაგნოზის დასმაში ეხმარება იმის ცოდნა, რომ პაციენტს ჰქონდა კონტაქტი მღრღნელებთან ან სხვა პოტენციურ მატარებლებთან. დიაგნოზის დაზუსტება ხდება გამომწევის მიმართ შრატისმიერი ანტისხეულების აღმოჩენით და ტულარინით კან-ალერგიული სინჯით. დიაგნოსტიკის ინფორმაციულ მეთოდს წარმოადგენს პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია.

მკურნალობა
ტულარემიას მკურნალობენ სტაციონარში. ტარდება ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივი კურსი, ასევე – დეზინტოქსიკაცია და ანთების საწინააღმდეგო თერაპია, საჭიროების შემთხვევაში – შინაგანი ორგანოების ფუნქციის შემანარჩუნებელი მკურნალობა.
ლიმფური კვანძების დაჩირქების შემთხვევაში საჭიროა დიდი აბსცესების გახსნა და დრენირება.
თუ სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, შემთხვევათა 6% ინფექციის გენერალიზების შედეგად ლეტალური შედეგით სრულდება.
ტულარემია ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკა გულისხმობს მღრღნელებთან ბრძოლას, პროდუქტებისა და წყლის დაცვას. თუ ცხოველებს აღმოაჩნდათ ტულარემია, მოსახლეობას უნდა ჩაუტარდეს პროფილაქტიკური აცრა.

ტუბერკულოზის ფორმები

ფილტვგარეთა
ტუბერკულოზი

როგორც უკვე ითქვა, ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს, თუმცა იგი ადამიანის სხვა ორგანოებსა და ქსოვილებსაც ემტერება: ძვლებს, თვალებს, კანს, შარდსასქესო სისტემას, ნაწლავებს და სხვა. ფილტვგარეთა ფორმას ერთი თავისებურება ახასიათებს – გვიანი გამოვლენა (დაავადების დაწყებიდან 3 თვიდან 10 წლამდე პერიოდში), რაც განაპირობებს გართულებათა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს – 80%-ს.

ფილტვგარეთა ტუბერკულოზის  ფორმები
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ შემდეგ ფორმებს:
-ძვალსახსროვანს – შემთხვევათა საერთო რაოდენობის 47%; მიმდინარეობს უპირატესად ხერხემლის ძვლების დაზიანებით;
-შარდსასქესოს – 37%; ზიანდება თირკმელები, შარდგამომტანი გზები და სასქესო ორგანოები;
-თვალისას – 5,5%;
-ცენტრალური ნერვული სისტემისა და ტვინის გარსებისას – 4%; დამახასიათებელია თავისა და ზურგის ტვინის, თავის ტვინის მაგარი გარსის დაზიანება (ტუბერკულოზური მენინგიტი);
-ლიმფური კვანძებისას – 2,5%;
-საჭმლის მომნელებელი სისტემისას – 1,5%; ყველაზე ხშირად ზიანდება წვრილი ნაწლავის დისტალური ნაწილი და ბრმა ნაწლავი;
-კანისას – 1,5%.
ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც, შესაძლოა ტუბერკულოზით დაზიანდეს პერიკარდიუმი, თირკმელზედა ჯირკვლები და სხვა.
ფილტვგარეთა ფორმით ყველაზე ხშირად ავადდებიან მოზრდილები – 79%, იშვიათად – ბავშვები (16%) და მოზარდები (5%).

ფილტვგარეთა ტუბერკულოზის  სტადიები

ფილტვგარეთა ტუბერკულოზის ყველა ფორმა 3 ეტაპად მიმდინარეობს.
I ეტაპზე ჩნდება ტუბერკულოზური ანთების პირველადი კერა უმცირესი ანატომიური ერთეულების სახით, რომლებიც თანდათან ვრცელდება.
II ეტაპზე პათოლოგიურ პროცესში ერთვება ირგვლივ მდებარე ქსოვილები და ორგანოები, რომლებიც ფუნქციურად დაკავშირებულნი არიან დაზიანებულ კერასთან.
III ეტაპზე ხდება ტუბერკულოზის მიერ ორგანოსა და სისტემის სრული დაზიანება გართულებათა განვითარებით.

ძვალ-სახსართა
ტუბერკულოზი

ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი ნებისმიერ ასაკში ვითარდება და ჩონჩხის სხვადასხვა განყოფილებას აზიანებს: ხერხემალს, მენჯ-ბარძაყის, მუხლის, ტერფის, მტევნის, მხრის სახსრებს. ჩვეულებრივ, რამდენიმე წვრილს და ერთ მსხვილს. დაავადება მას შემდეგ იწყება, რაც სისხლისა და ლიმფური ძარღვების მეშვეობით მიკობაქტერია ძვლოვან ქსოვილში მოხვდება და მის დაშლას დაიწყებს. ამ პროცესის ხელშემწყობი ფაქტორებია ტრავმები და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ხშირი გადატვირთვა, გადაცივება, განმეორებითი ინფექცია, ცხოვრებისა და შრომის არახელსაყრელი პირობები.
დაავადება 3 ფაზად მიმდინარეობს:
-პირველი ფაზა პრესპონდილური, პრეართრიტულია. ამ დროს ძვლებსა და მალებზე ჩნდება პირველადი ტუბერკულოზური წანაზარდები – ოსტიტები.
-მეორე ფაზა სპონდილური, ართრიტულია. შეესაბამება პროგრესირებად სპონდილიტსა და ართრიტს. ამ ფაზაში პათოლოგიური პროცესი პროგრესირებს, აზიანებს სასახსრე ხრტილს. ტუბერკულოზური ოსტიტები იხსნება სახსარში და წარმოქმნის ჩირქოვან კერას – აბსცესს. მოგვიანებით ოსტიტები იხსნება კანზე ჩირქოვანი შიგთავსით, რომელიც ტუბერკულოზის მიკობაქტერიას შეიცავს.
-მესამე ფაზას პოსტსპონდილურს, პოსტართრიტულს უწოდებენ. ხრტილისა და სახსრის ზედაპირების დაზიანების შედეგად სახსარი დეფორმირდება და უმოძრაო ხდება. ხერხემლის მალების დაზიანება პროგრესირებს და პროცესი მეზობელ მალებზეც ვრცელდება, რაც იწვევს ხერხემლის სხვადასხა ტიპის დეფორმაციასა და გამრუდებას.
მალების პროგრესირებადი დაზიანებისას გარკვეულ ზეწოლას განიცდის ზურგის ტვინი და ვითარდება მისი კომპრესია, რომელიც შემდეგ უკვე ზურგის ტვინის დაზიანებისთვის დამახასიათებელი ნევროლოგიური სიმპტომებით ვლინდება. პაციენტებს ამ დროს აღენიშნებათ ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის სიმპტომები: ადვილად დაღლა, მოთენთილობა, გაძლიერებული ოფლიანობა, მადის დაქვეითება, წონის კლება, საღამოობით სხეულის ტემპერატურის მატება. ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის ადრეული ნიშანი სახსარში მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილია. არცთუ იშვიათად ვითარდება დაზიანების ზონის ირგვლივ მდებარე კუნთების ატროფია და დაჭიმულობა. შედარებით გვიანდელი სიმპტომებია წანაზარდების განვითარება, რომლებიდანაც ხაჭოსმაგვარი ჩირქოვანი შიგთავსი გამოედინება. დიაგნოსტიკა, ჩვეულებრივ, საკმაოდ იგვიანებს, რადგან პაციენტები ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა სახსარში მოძრაობა შესამჩნევად შეეზღუდებათ. დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიური კვლევითა და ტომოგრაფიით. ტარდება ჩირქოვანი შიგთავსის ბაქტერიოლოგიური კვლევა მასში მიკობაქტერიის აღმოსაჩენად. მკურნალობა კომპლექსურია. ძირითად მეთოდად მიიჩნევა ოპერაციული მკურნალობა სპეციფიკურ ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად, რომელიც ტარდება ოპერაციამდეც და მის შემდეგაც. ოპერაციული ჩარევის მოცულობა დამოკიდებულია ჩონჩხის დაზიანებული ნაწილის დესტრუქციაზე. ადრეულ სტადიაში ხდება პირველადი ტუბერკულოზური ოსტიტების რადიკალური ამოკვეთა, რაც განკურნების საშუალებას იძლევა. მოგვიანებით ტარდება რთული ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს ძვლების სასახსრე ბოლოებიდან და მალის სხეულებიდან მასიური დეფექტების ლიკვიდაციას, ძვლების დაგრძელებას, ზურგის ტვინის დეკომპრესიას. მკურნალობა შედარებით რთულდება, როდესაც დიდი რაოდენობის მალაა დაზიანებული, ძვლის სასახსრე ბოლოები მთლიანად დაშლილია, ხერხემალი მნიშვნელოვნად არის დეფორმირებული, ზურგის ტვინი დაზიანებულია. მკურნალობის შედეგი დაავადების დროულ დიაგნოსტიკაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში გამოჯანმრთელების ალბათობა საკმაოდ მაღალია – 90%-ს აღწევს.

შარდსასქესო
ორგანოთა
ტუბერკულოზი

ამ ტიპის ტუბერკულოზსაც ჰემატოგენური ბუნება აქვს, ანუ შარდგამომტან გზებსა და სასქესო ორგანოებში მიკობაქტერია ტუბერკულოზით დაავადებული ფილტვებიდან ან სხვა ორგანოებიდან სისხლის ნაკადის მეშვეობით ხვდება. დაავადების სიმპტომები მკვეთრად გამოხატული არ არის, ამიტომ თავისუფლად შეიძლება, ისინი შარდსასქესო სისტემის სხვა დაავადებებში აერიოთ. პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში იკვლევენ უროლოგები, გინეკოლოგები და ნეფროლოგები, ვიდრე საბოლოოდ ეჭვს ტუბერკულოზზე არ მიიტანენ. თირკმელების ტუბერკულოზი ვლინდება პიურიით (ჩირქი შარდში) და მიკროჰემატურიით (სისხლი შარდში). ზოგჯერ თავდაპირველად ბაქტერიოსკოპიით დაავადების გამომწვევის აღმოჩენა ვერც კი ხერხდება, ამიტომ პროცესი თანდათან პროგრესირებს და ნელ-ნელა აზიანებს შარდის ბუშტს, საკვერცხეების დანამატებს, წინამდებარე ჯირკვალს, საბოლოოდ კი ვითარდება პიონეფროზი – თირკმლის ჩირქოვანი ანთება მისი ფუნქციური ნაწილის – პარენქიმის დაშლით. პაციენტები უჩივიან სისუსტეს, თავისა და წელის ტკივილს. თავის ტკივილი მუდმივი არ არის. ის ზოგჯერ ინტენსიურია, თან ახლავს თავბრუხვევა და გულისრევის შეგრძნება. იმატებს ტემპერატურა. შესაძლოა განვითარდეს მაკროჰემატურიაც (შარდი სისხლის შერევის გამო ხორცის ნახარშის ფერს იღებს), რაც ხშირად დაავადების პირველი ნიშანია. მოსალოდნელია შარდში ცილების არსებობაც. ტიპობრივი ნიშანია სიფითრე, ქვედა კიდურების, წელის, იშვიათად ზედა კიდურების შეშუპება. მუცლისა და პლევრის ღრუში შესაძლოა ჩადგეს სითხე. ისეც ხდება, რომ თირკმელების ტუბერკულოზის დროს ზიანდება გულის კუნთიც და გულის უკმარისობის გამო პროცესში ღვიძლიც ერთვება. თავდაპირველად გამოხატული შეშუპების ფონზე შარდის რაოდენობა მცირდება, მოგვიანებით კი იმატებს და ნორმასაც აჭარბებს. თირკმლის ტუბერკულოზის გართულებაა მწვავე გლომერულონეფრიტი. მისი შეტევები ერთბაშად იჩენს თავს, პაციენტი მალევე კარგავს გონს და ეწყება მთელი სხეულის მსხვილი კუნთების კრუნჩხვა, რაც ზოგჯერ რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. დიაგნოზი ემყარება პირველადი ტუბერკულოზური კერის არსებობას და შარდში მიკობაქტერიის აღმოჩენას. დროულად დაწყებული მკურნალობა შედეგიანია, დაგვიანების შემთხვევაში უმეტესად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
წინათ ტუბერკულოზური დაზიანებისას თირკმელს გაცილებით ხშირად ამოკვეთდნენ. ამჟამად ადეკვატური მკურნალობის პირობებში ამის აუცილებლობა უფრო და უფრო იკლებს.
მამაკაცის სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზი ვითარდება როგორც თირკმელებისა და შარდგამომტანი გზების ტუბერკულოზის გართულება. პროცესი იწყება ტუბერკულოზური ეპიდიდიმიტით (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებით), მოგვიანებით კი სათესლე ჯირკვალზე, წინამდებარე ჯირკვალსა და თესლგამომტან სადინარზეც გადადის. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მწვავედ, ისე უსიმპტომოდ. პაციენტი უჩივის ტკივილს, რომელიც ლოკალიზებულია დაზიანების ადგილას – სათესლის არეში ან მუცლის ქვედა ნაწილში. ტკივილებს შესაძლოა თან ახლდეს გაძნელებული და მტკივნეული შარდვა. თავს იჩენს ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები: მოთენთილობა, ოფლიანობა, სუბფებრილური ტემპერატურა. დაავადება საბოლოოდ სასქესო ფუნქციის მოშლას იწვევს. უმეტესად რადიკალური ჩარევა, ქირურგიული მკურნალობა ხდება საჭირო.
ქალის სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად მოიცავს საშვილოსნოს მილებს, პროგრესირების შემთხვევაში – საშვილოსნოს დანამატებს, საშვილოსნოსა და გარეთა სასქესო ორგანოებსაც. ის ინიღბება ქალის სასქესო ორგანოთა სხვადასხვა ანთებით დაავადებად. ირღვევა მენსტრუალური ციკლი, ვითარდება უნაყოფობა. დამახასიათებელია ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის არეში, რომლებიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება.
სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ქალებს, რომლებსაც სასქესო სფეროს ისეთი ანთებითი დაავადებები აქვთ, რომლებიც არ ექვემდებარება არასპეციფიკურ თერაპიას. ტარდება როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა.

თვალის
ტუბერკულოზი

თვალის ტუბერკულოზი ყველა ასაკში გვხვდება. მიკობაქტერიას შეუძლია, დააზიანოს თვალის ნებისმიერი ნაწილი: რქოვანა, კონიუნქტივა, სისხლძარღვოვანი გარსი, თვალის ფსკერი, მხედველობის ნერვი და მინისებური სხეული. განასხვავებენ თვალის ალერგიულ-ტუბერკულოზურ დაზიანებას და თვალის მეტასტაზირებულ ტუბერკულოზს, როდესაც დაზიანების კერა ლოკალიზებულია თვალის კაკლის სისხლძარღვოვან ქსელსა და თვალის ბადურაში. თვალის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ხშირად დიაგნოზს გამორიცხვის მეთოდით ადგენენ. ნიშნები თითქმის არ განსხვავდება სარკოიდოზისა და სისტემური მიკოზისგან, მაგრამ რქოვანას ფლიქტენური ანთება მხოლოდ თვალის ტუბერკულოზის დროს ვითარდება. რქოვანას ზედა შრეებში ან თვალის კაკლის კონიუნქტივაში ტუბერკულოტოქსინისადმი ჰიპერმგრძნობელობის პასუხად გროვდება ინფილტრატი – ფლიქტენა, რომელიც ძირითადად ლიმფოიდური უჯრედებისგან შედგება. ტუბერკულოზი ამ შემთხვევაშიც თვალის სხვა დაავადებებად ინიღბება. აღმოცენდება თვალის ტკივილი, რომელიც ვრცელდება თავის ნახევარზე, შუპდება წარბები და წითლდება კონიუნქტივა. რქოვანას და მინისებური სხულის დაზიანებისას მოსალოდნელია სისხლჩაქცევები და მხედველობის გაუარესება.
თვალის ტუბერკულოზი კარგად ემორჩილება ტუბსაწინააღმდეგო თერაპიას. დაავადების დროული დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ფთიზიოოკულისტთან ვიზიტი იმ პაციენტთათვის, რომლებსაც ხშირად უმეორდებათ მორეციდივე უვეიტი, კერატიტი (რქოვანას ანთება), ქორიორეტინიტი, აწუხებთ თავის ტკივილი, დადებითი აქვთ მანტუს სინჯი და უჩივიან მხედველობის გაუარესებას.

ცენტრალური ნერვული სისტემისა და ტვინის გარსების ტუბერკულოზი

ამ ტიპის ტუბერკულოზით ადამიანი მაშინ ავადდება, როდესაც მიკობაქტერია ტვინის სისხლძარღვებში ხვდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ქალასშიდა წნევის მომატება, ტვინის შეშუპეპა და ინფარქტი. ტვინის ტუბერკულოზის დროს ადამიანი გაღიზიანებულია, აპათიური, ადვილად იღლება და თავის ტკივილები ტანჯავს.

ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი

ცნობილია მისი შემოსაზღვრული და გენერალიზებული ფორმები. ყველაზე მეტად ზიანდება ყბისქვეშა და კისრის ლიმფური კვანძები, შედარებით იშვიათად – იღლიისა და მუცლისა. ტუბერკულოზურად დაზიანებული ლიმფური კვანძები გამკვრივებული და უმტკივნეულოა, ხოლო პროგრესირებისდაკვალად უფრო მეტად მკვრივდება. დიაგნოზი ისმება ლიმფური კვანძების ბიოფსიის შედეგად. აღებულ მასალას შეისწავლიან როგორც ბაქტერიოლოგიურად, ისე ჰისტოლოგიურადაც. ამ ფორმის ტუბერკულოზი ტალღისებურად მიმდინარეობს. მოითხოვს საფუძვლიან მკურნალობას, ზოგჯერ – დაზიანებული კვანძის ამოკვეთასაც.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ტუბერკულოზი
კუჭი ტუბერკულოზური ინფექციისთვის ერთგვარი ბარიერია. ჩვეულებრივ, ვირულენტური გამომწვევების დიდი რაოდენობით ჩაყლაპვა არ იწვევს დაავადებას, მაგრამ ფილტვების დესტრუქციული ტუბერკულოზის დროს, ორგანიზმის გამოფიტვის პირობებში, ჩაყლაპული მიკობაქტერიები არღვევენ კუჭის ბარიერს და აღწევენ ბრმა ნაწლავამდე, სადაც ვითარდება ტუბერკულოზური ილეიტი დამახასიათებელი ქრონიკული დიარეითა და ტიპური წანაზარდებით, რომლებიც ნაწლავის ლორწოვან გარსზე ჩნდება, თანდათანობით ერთიანდება და იზრდება, ახშობს ნაწლავის სანათურს და მის ქვედა შრეებში ჩაზრდას იწყებს. თავდაპირველად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შემდეგ კი იწყება დიარეა და მუცლის ტკივილი, გულძმარვა, უმადობა, მუცლის შებერვა, წონის კლება, ბრმა ნაწლავი ისე მკვრივდება, რომ ხელითაც ისინჯება. ასეთი პაციენტები, ჩვეულებრივ, გასტროენტეროლოგებთან ხვდებიან. დაგვიანებული მკურნალობის დროს ვითარდება ნაწლავის ნაწილობრივი გაუვალობა, წყლულის პერფორაცია და პერიტონიტი. ტუბერკულოზი აზიანებს ღვიძლსაც.

კანის ტუბერკულოზი
კანის ტუბერკულოზი ხშირად მიკობაქტერიასთან ადამიანის პირველივე შეხვედრისას ვითარდება. დაავადება თავდაპირველად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა კანზე ჩირქოვანი ჭრილობები და ლიმფური კვანძების მტკივნეული გადიდება ზოგჯერ საწყის სტადიაშივე შეინიშნება. ეს ტუბერკულოზის იშვიათი ფორმაა, რომელიც მოგვიანებით საკმაოდ მრავალფეროვან კლინიკურ სურათს იწვევს: ეროზიებს, პუსტულებს, ზედაპირულ წყლულებს, ნაწიბურებს, ტუბერკულიდებს – კანსა და ლორწოვან გარსებზე პაპულურ გამონაყარს, რაც ტუბერკულოზის გამომწვევისადმი ორგანიზმის რეაქციაა. დიაგნოზი ისმება კანის ბიოფსიის საფუძველზე. დამახასიათებელია ტუბერკულინისადმი ჰიპერმგრძნობელობა. ზოგჯერ ვითარდება კვანძოვანი ერითემა – კანის ღრმა ანთებითი დაზიანება, რომელიც ან მწვავედ, ან ქრონიკულად მიმდინარეობს.

ტუბერკულოზური მენინგიტი
მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა. რბილი გარსის ანთებას ლეპტომენინგიტი ეწოდება, ქსელისებრი გარსის ანთებას – არაქნოიდიტი, ხოლო მაგარი გარსისას – პაქიმენინგიტი. “მენინგიტი” ვიწრო მნიშვნელობით რბილი გარსის ანთებას, იმავე ლეპტომენინგიტს გულისხმობს. მიზეზის კვალობაზე, მენინგიტი შეიძლება იყოს მენინგოკოკური, პნევმოკოკური, სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, ვირუსული, ბრუცელოზური, ტუბერკულოზური, სიფილისური, ინტოქსიკაციური და სხვა. განასხვავებენ ასევე პირველად და მეორეულ მენინგიტს. თავ-ზურგის ტვინის სითხის ცვლილების შესაბამისად კი განარჩევენ მენინგიტის სეროზულ (ტუბერკულოზურ, სიფილისურ, ბრუცელოზურ, ვირუსულ), ჩირქოვან (მენინგოკოკურ, პნევმოკოკურ, სტრეპტოკოკურ, სტაფილოკოკურ) და ჰემორაგიულ ფორმებს.

სეროზული მენინგიტის დროს თავ-ზურგის ტვინის სითხე გამჭვირვალეა, ჩირქოვანი მენინგიტის დროს – მღვრიე, ჰემორაგიულის დროს კი სისხლიანი და დიდი რაოდენობით შეიცავს შეცვლილ და შეუცვლელ ერითროციტებს. ყოველგვარი ეტიოლოგიის მენინგიტისთვის დამახასიათებელია მენინგეალური სინდრომი: თავის ტკივილი, რომელსაც ხშირად სდევს თან გულისრევა და პირღებინება, კეფისა და კისრის კუნთების რიგიდულობა თავის უკან გადახრით, ხერხემლის კისრის არეში აქტიური თუ პასიური მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა და სხვა. მენინგიტის დროს თავის პასიური დახრა თითქმის შეუძლებელია. ამ მოძრაობას თან ახლავს ბრუძინსკის ზედა სიმპტომი – ორივე ფეხის რეფლექსური მოხრა მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში. ტვინის გარსების დაზიანების ადრეული და მნიშვნელოვანი ნიშანია კერნიგის სიმპტომიც. მენინგეალური სინდრომი საერთოა ყოველგვარი სახის მენინგიტისთვის. მისი ეტიოლოგიური დიაგნოზი ეფუძნება ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევის შედეგებს. ამასთანავე, ყოველგვარი ეტიოლოგიის  მენინგიტისთვის დამახასიათებელია თავისებური კლინიკა და მიმდინარეობა.
ტუბერკულოზური მენინგიტი მილიარული (წვრილკეროვანი, გავრცობილი) ტუბერკულოზის ერთ-ერთ გამოვლინებად არის მიჩნეული. ამა თუ იმ შინაგანი ორგანოდან ტუბერკულოზური პროცესის გენერალიზაციის დროს ინფექცია ჰემატოლიმფოგენური გზით ვრცელდება ტუბერკულოზური კერიდან და დასაბამს აძლევს ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგად ტუბერკულოზურ დაზიანებას. გარდა ტუბერკულოზური მენინგიტისა, არსებობს:
-ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტი, როდესაც ანთებითი პროცესი გარსებთან ერთად ტვინის ქსოვილსაც მოიცავს, მენინგოენცეფალომიელიტი, როდესაც ანთებით პროცესში ტვინის გარსებთან ერთად თავისა და ზურგის ტვინის ნივთიერებებიც არის ჩართული და ცენტრალური ნერვული სისტემის ტუბერკულომები.
-მიელიტი – ზურგის ტვინის ტუბერკულოზური ანთება – შეიძლება განვითარდეს ინფექციის დაღმავალი გზით გავრცელების გამო, როდესაც ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტის დიაგნოზის დროულად დასმა ვერ ხერხდება, შესაბამისად, გვიანდება ეტიოლოგიური მკურნალობა და ამის გამო დაავადება პროგრესირებს. არ არის გამორიცხული, დაავადება მიელიტით ანუ ზურგის ტვინის ანთებით დაიწყოს. პაციენტები სხვადასხვა კლინიკაში ხვდებიან იშიასის (საჯდომი ნერვის ანთება), რადიკულიტის ან სხვა დიაგნოზით. მკურნალობენ სტეროიდებით, რაც, ცხადია, დიდ შედეგს არ იძლევა. მთავარი ის არის, რომ ამ დროს ხდება ინფექციის აღმავალი გზით გავრცელება. საბოლოოდ კი შესაძლოა ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტი განვითარდეს.
რაც შეეხება უშუალოდ ტუბერკულოზურ მენინგიტს, ეს არის სეროზული მენინგიტი, რომელიც გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მოხვედრით სუბარაქნოიდულ სივრცესა და თავის ტვინის გარსებში. ტუბერკულოზური ინფექცია სუბარაქნოიდულ სივრცეში უმთავრესად პარკუჭთა სისხლძარღვოვანი წნულიდან ხვდება. საზოგადოდაც, ტუბერკულოზური მენინგიტისთვის დამახასიათებელია მკვეთრი სისხლძარღვოვანი ცვლილებები. ამიტომ იყო, რომ წინათ ტუბერკულოზურ მენინგიტს ტუბერკულოზურ ვასკულიტადაც იხსენიებდნენ. როდესაც ფილტვებში ან სხვა ორგანოებში არის ტუბერკულოზური კერები და პაციენტი არ მკურნალობს, მაღალია რისკი, მოხდეს დაავადების დისემინირება (გავრცელება, მოთესვა) თავისა და ზურგის ტვინში, საზოგადოდ, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
ტუბერკულოზური მენინგიტი და, საზოგადოდ, ცენტრალური ნერვული სისტემის ტუბერკულოზური დაზიანება უმეტესად მეორეული, გართულების სახით განვითარებული დაავადებაა. როდესაც დაავადება აქტიურია და ტუბერკულოზური პროცესი პროგრესირებს, მაღალია სხვადასხვა გართულების განვითარების რისკი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს ტუბერკულოზური დაავადება, ორგანიზმში შემორჩენილია ძველი ანთებითი კერები (კალცინატები) და ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ ტუბერკულოზური მენინგიტი ვითარდება. ამას ხელს უწყობს ორგანიზმის გადაცივება, სხვა ინფექციის დართვა და სხვა ფაქტორები. გართულებების, მათ შორის – ტუბერკულოზური მენინგიტის, განვითარების მთავარი მიზეზია არანამკურნალევი ტუბერკულოზი. დაავადების დროულ დიაგნოსტიკას და, რაც მთავარია, სათანადო მკურნალობას მინიმუმამდე დაჰყავს გართულებებისა და სიკვდილიანობის ალბათობა.
მთელ მსოფლიოში და სხვა ქვეყნებთან ერთად – საქართველოშიც ძალზე გაუარესდა ტუბერკულოზური დაავადების ეპიდემიოლოგია. ამავე დროს ჩვენში დიდი პრობლემაა მკურნალობისადმი პაციენტთა დამყოლობა. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მკურნალობა აუცილებელია, როცა მკურნალობას დაიწყებენ, ის ბოლომდე უნდა მიიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნიან საკუთარ სიცოცხლეს და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას. ხშირად პირველადი ტუბერკულოზური კერის მიგნება ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში იზოლირებულ მენინგიტზე საუბრობენ, თუმცა თავზურგტვინის სითხის, ლიქვორის, კულტურალური გამოკვლევა საბოლოოდ მაინც ადასტურებს დიაგნოზს.

ტუბერკულოზური მენინგიტის დიაგნოსტიკა
თუ პაციენტს არ გადაუტანია ტუბერკულოზური ინფექცია, არ ჰქონია ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტი, ვერ ხერხდება პირველადი კერის გამოვლენა და ვერც ლიქვორში აღმოაჩენენ გამომწვევს, ტუბერკულოზური მენინგიტის დიაგნოზი ეფუძნება  დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას, ლიქვორის კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზის შედეგებს და სხვა ნიშნებს. ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში არსებობს რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის კომიტეტი, მოქმედებს სათანადო პროგრამა. ყველა საეჭვო პაციენტი გაივლის ამ კომისიას. პროგრამის ფარგლებში ტარდება განმეორებითი გამოკვლევები. დიაგნოზი საბოლოოდ მაინც ზუსტდება. უნდა ითქვას, რომ  პაციენტები ხშირად ხვდებიან სხვადასხვა საავადმყოფოში ბაქტერიული თუ ვირუსული მენინგიტის დიაგნოზით. მათ უტარებენ სიმპტომურ მკურნალობას, მაშინ როცა აქვთ ტუბერკულოზური მენინგიტი ან მენინგოენეცეფალიტი.
ნებისმიერ შემთხევაში აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკა, დიაგნოზის დაზუსტება და სათანადო, კერძოდ, ეტიოტროპული მკურნალობა. მეტიც – შიდსით დაავადებულები, რომელთა შორისაც ძალზე ხშირია ტუბერკულოზური მენინგიტის შემთხვევები, არცთუ იშვიათად თერაპევტებთან წლობით მკურნალობენ სინუსიტს ან სეროზიტს. იზოლირებული მენინგიტის დროს პაციენტები ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით ხშირად ხვდებიან კარდიოლოგიურ განყოფილებებში, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით – ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ძალიან გვიან, მენინგეალური ნიშნების კლასიკურად გამოვლენის შემდეგ – სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში. ცხადია, ასეთ დროს ეტიოტროპული მკურნალობაც კი დაგვიანებულია. მხოლოდ დიაგნოზის დროული დასმა, გამომწვევზე დროული ზემოქმედებაა საფუძველი პაციენტის გადარჩენისა. ასე რომ, თერაპევტებმა და ოჯახის ექიმებმა ტუბერკულოზზე მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში უნდა გაგზავნონ პაციენტები. მით უმეტეს, რომ იქ მკურნალობა უფასოა – მას სახელმწიფო აფინანსებს.

რით განსხვავდება ტუბერკულოზური მენინგიტი სხვა ეტიოლოგიის მენინგიტებისგან

ტუბერკულოზური მენინგიტი, სხვა ეტიოლოგიის მენინგიტებისგან განსხვავებით, თანდათანობით, არამწვავედ იწყება. დაავადების წინამორბედი ნიშნებია: აღგზნებადობის მომატება, პროგრესირებადი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სუბფებრილური ტემპერატურა. შემდეგ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსამდე იმატებს, თავის ტკივილი ინტენსიური ხდება და ყალიბდება მენინგეალური სინდრომი, თავის ტვინის ნერვების დაზიანების სიმპტომები: ზედა ქუთუთოს დაშვება, ეგზოფთალმი (თვალების გადმოკარკვლა), სახის ნერვის პარეზი, მხედველობის დვრილის შეშუპება, გარეთა ან შიგნითა სიელმე და სხვა. თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება. რაც შეეხება დიფერენციალურ დიაგნოსტიკას, ზურგის ტვინის სითხეში ამ დროს ტუბერკულოზური მენინგიტისთვის დამახასიათებელი ანთებითი ცვლილებებია – ლიმფოციტური პლეოციტოზი (ლიმფოციტური უჯრედების მომატება), ცილოვან-უჯრედოვანი დისოციაცია (ცილა მომატებულია და შეინიშნება ალბუმინ-გლობულინებზე დისოციაციურად დადებითი რეაქციები), დაბალი შაქარი. ეს უკანასკნელი ტუბერკულოზური მენინგიტისთვის პათოგნომური ნიშანია. 24 საათის განმავლობაში დამდგარ სითხეში ზოგჯერ (50-60%-ში) გამოიყოფა ფიბრინის ქსელისებრი ნაზი აპკი. მიკობაქტერიების აღმოჩენის ალბათობა იმატებს ზურგის ტვინის სითხის ფლოტაციის (გამდიდრების) შემდეგ. დიაბეტითა და შიდსით დაავადებულ პაციენტებთან დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად წაშლილია. ასეთ დროს ტარდება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, რადიოლოგიური გამოკვლევა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ხშირად ავლენს თავის ტვინის დაზიანებას. დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს ვირუსული, სხვა ბაქტერიული და, რაც მთავარია, სოკოვანი ეტიოლოგიის მენინგიტების მიმართ.

ტუბერკულოზური მენინგიტის მკურნალობა და პროგნოზი

მკურნალობა სენსიტიურია (მოწოდებული პირველი რიგის ხუთი პრეპარატით – სტრეპტომიცინით, იზონიაზიდით, რიფამპიცინით, ეტამბუტოლით, პირაზინამიდით) და სიმპტომური – პაციენტის მდგომარეობისა და კლინკური სიმპტომების შესაბამისად. გრძელდება საკმაოდ დიდხანს – ოთხ თვეს. ინტენსიური ფაზის თერაპია სტაციონარში ხორციელდება. შემდეგ პაციენტები ამბულატორიულ რეჟიმზე გადადიან და შინ აგრძელებენ ანტიტუბერკულოზურ თერაპიას. რაც შეეხება პროგნოზს, მკურნალობის თანამედროვე სტანდარტისა და მოწოდებული გაიდლაინების წყალობით ტუბერკულოზური მენინგიტის გართულებებისა და სიკვდილიანობის პროცენტი საგრძნობლად შემცირდა. მთავარია, მკურნალობა დროულად დაიწყოს.

ტუბერკულოზი და ორსულობა

ჰიპოკრატეს დროიდან მოყოლებული, ტუბერკულოზისა და ორსულობის თანაარსებობა ექიმთა ყურადღებისა და ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებების საგანია. ძველი ფთიზიატრების გამოთქმისამებრ,  “ტუბერკულოზით დაავადებული გოგონა არ უნდა დაორსულდეს, ორსულმა შვილი არ უნდა გააჩინოს, ხოლო დედამ არ უნდა აწოვოს ძუძუ”. რასაკვირველია, ტუბერკულოზი ორსულობისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ნუთუ მართლა ასე ცუდად არის საქმე? ამის შესახებ ვისაუბრებთ ქვემოთ.

ტუბერკულოზის გავრცელება რეპროდუქციული ასაკის ქალებში
ტუბერკულოზი, რომელიც ჩამქრალ დაავადებად იყო მიჩნეული, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელი მსოფლიოსთვის სერიოზულ საფრთხედ გამოაცხადა. XX საუკუნის 90-იან წლებში ცხოვრების დონის დაქვეითების გამო მსოფლიოში მისმა გავრცელებამ 2-ჯერ მოიმატა. მნიშვნელოვნად გაიზარდა 20-30 წლის დაავადებული ქალების წილი. ამასთანავე, ორსულებსა და ნამშობიარევ ქალებს შორის ავადობა 2-2,5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე არაორსულებს შორის. ბოლო დრომდე ტუბერკულოზი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებად მიიჩნეოდა. დღეს, გამაჯანსაღებელი და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სპეციალური ღონისძიებების დანერგვის, ტუბერკულოზის სადიაგნოზო მეთოდების დახვეწის, პრაქტიკაში კომპლექსური მკურნალობის ახალი მეთოდების (ანტიბიოტიკები, ქიმიოპრეპარატები, ხელოვნური პნევმოთორაქსი, ოპერაციული ჩარევა ფილტვებსა და გულმკერდზე) ჩართვის გამო, ტუბერკულოზიანი ქალების ორსულობისადმი მიდგომა შეიცვალა. ანტიბიოტიკების ეპოქის დადგომასთან ერთად შესაძლებელი გახდა ორსულობის მართვა ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმის დროს. დისპანსერსა და სტაციონარში ტუბერკულოზის სისტემატური კონტროლითა და მკურნალობით ორსულობის შენარჩუნება უმეტესად შესაძლებელია.
ხშირად ისმის კითხვა – რა ქნას მან, ვისაც შვილის გაჩენა სურს?
ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია, დაორსულება გადაიდოს სრულ გამოჯანმრთელებამდე, ანუ მკურნალობის კურსის დასრულებამდე და ამის შემდეგ – კიდევ 2 წლით.
როგორ მოიქცეს ქალი, თუ შემთხვევით დაორსულდა? ისეთი რა ცვლილებები მიმდინარეობს ორსულის ორგანიზმში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ტუბერკულოზურ პროცესზე?
-ორსულობის დროს ფილტვებში ტუბერკულოზური პროცესის გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს დაავადების ნებაზე მიშვებამ ან არარაციონალურმა მკურნალობამ. დაავადებაზე გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები (ენდოკრინული ჯირკვლების, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების, თირკმელების დატვირთვის მატება, ნივთიერებათა ცვლის გადაწყობა, ორგანიზმის იმუნური დაცვის დაქვეითება, კალციუმის ინტენსიური ათვისება). ნაყოფის ძვლოვანი სისტემის აგება მოითხოვს დედის მინერალური ნივთიერებების ინტენსიურ ხარჯვას. ამის გამო ხდება ქალის ორგანიზმის დემინერალიზაცია, რამაც შეიძლება ტუბერკულოზის ჩაკირული კერებიდან კალციუმის გამოტანა და მათი გარბილება გამოიწვიოს, ეს კი ბიძგს აძლევს პათოლოგიური პროცესის პროგრესს. ამ მხრივ განსაკუთრებით არასასურველია ორსულობის პირველი სამი თვე, მათ წილად მოდის ორსულობის პერიოდში ტუბერკულოზის გამწვავების შემთხვევათა მესამედი.
ახლა შევეხებით იმას, როგორ მოქმედებს ორსულობა და მშობიარობა ტუბერკულოზის მიმდინარეობაზე.
ამ მხრივ მნიშვნელობა აქვს ოთხ ფაქტორს:
-ტუბერკულოზური პროცესის ხასიათს;
-ორსულობის ვადას;
-სოციალურ-ყოფით და ოჯახურ გარემოებებს;
-ორსულის ასაკს.

ტუბერკულოზური პროცესის ხასიათი, აქტივობა

არააქტიური პროცესი ორსულობის გავლენით, ჩვეულებრივ, არ მწვავდება;
აქტიური პროცესი, რომელიც დაიწყო ორსულობამდე, ასევე – არანამკურნალევი ან ბოლომდე მიუყვანელი პროცესი, ჩვეულებრივ, ორსულობის ფონზე მწვავდება.

დაავადების დაწყების დრო

პირველადი ტუბერკულოზი, რომელმაც ორსულობისას იჩინა თავი, მიდრეკილია გენერალიზაციისკენ და გაცილებით საშიშია, ვიდრე მეორეული ტუბერკულოზი, რომელიც უკვე არსებული ინფიცირების ფონზე განვითარდა.

დაავადების ფორმა

ტუბერკულოზის გავრცობილი და დესტრუქციული ფორმები უფრო საშიშია, ვიდრე შემოფარგლული. განსაკუთრებით საშიშია:
ტუბერკულოზის მწვავედ მიმდინარე ფორმები, აგრეთვე – ქრონიკული დესტრუქციული, განსაკუთრებით – მედიკამენტებისადმი მდგრადი პროცესები, თირკმელის ტუბერკულოზისა და ორსულობის თანაობა, რადგან ორსულობა ზრდის თირკმელებზე დატვირთვას და ამწვავებს თირკმელებში ლატენტურად მიმდინარე ტუბერკულოზს.
ორსულობა იშვიათად ვითარდება გენიტალური ტუბერკულოზის ფონზე, მაგრამ ტუბერკულოზური ენდომეტრიოზის თანაობა ორსულობისას უკიდურესად არასასურველია – არსებობს ნაყოფის დედის მუცელშივე დაინფიცირების რისკი.
ტუბერკულოზური პროცესის გამწვავების თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხილოა ორსულობის პირველი ტრიმესტრი და ბოლო კვირები.

რომელი ორსულები შედიან რისკის ჯგუფში
რისკჯგუფში შედიან 20 წელზე ახალგაზრდები და 35 წელს გადაცილებულები. ასევე:
-ორსულები ახლახან გადატანილი ტუბერკულოზური პროცესით (როდესაც მკურნალობის დასრულებიდან ერთ წელზე ნაკლები ხანია გასული);
-ორსულები ტუბერკულოზის გამო გადატანილი ოპერაციის შემდგომ პერიოდში (ჩარევიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები);
-ორსულები გავრცობილი ტუბერკულოზური პროცესით, განურჩევლად მისი ფაზისა;
-ორსულები, რომელთაც აქვთ კონტაქტი ტუბერკულოზიან პაციენტებთან (როგორც ბაცილაგამომყოფთან, ისე არაგამომყოფთანაც);
-ორსულები პირველად დადგენილი ვირაჟით, ჰიპერერგულით ან მზარდი ტუბერკულინური მგრძნობელობით (მანტუს სინჯით 2 TE-დან);
-ორსულები თანმხლები დაავადებებით – შაქრიანი დიაბეტით, სასუნთქი სისტემის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებებით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით;
-ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკების მომხმარებლები;
-ქალები, რომლებიც ასოციალურ ცხოვრების წესს მისდევენ.

როდის არის უმჯობესი ორსულობის შეწყვეტა

ამ მხრივ საყურადღებოა ტუბერკულოზის ყველა აქტიური ფორმა:
-პირველადი ტუბერკულოზური ინფექცია;
-ფილტვისა და სასუნთქი სისტემის სხვა ორგანოთა ტუბერკულოზი;
-ნაწლავების, ჯორჯლის ლიმფური კვანძებისა და ბადექონის ტუბერკულოზი;
-ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი;
-შარდსასქესო ორგანოების ტუბერკულოზი;
-სხვა ორგანოების ტუბერკულოზი.

როდის და რატომ არ შეიძლება ორსულობის შეწყვეტა

ორსულობის შეწყვეტის უკუჩვენებაა:
-ტუბერკულოზური მენინგიტი;
-ფილტვის მწვავე მილიარული ტუბერკულოზი;
-ქვემწვავე დისემინირებული ტუბერკულოზი;
-სხვა მწვავედ მიმდინარე პროგრესირებადი პროცესები.
დაავადების ამ ფორმების დროს ორსულობის შეწყვეტა მიზანშეწონილი არ არის, რადგან აბორტის შემდეგ ტუბერკულოზური პროცესი განსაკუთრებით აგრესიული ხდება. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ორსულობის შეწყვეტა მე-12 კვირამდე, მაგრამ არა მანამდე, ვიდრე დაავადება მკურნალობის ფონზე გაწოვას დაიწყებს. გვიანდელ ვადებზე ორსულობის შეწყვეტა ერთმნიშვნელოვნად უკუნაჩვენებია, რადგან ქალისთვის ეს უფრო საშიშია, ვიდრე მშობიარობა.

როდის შეიძლება ორსულობის შენარჩუნება

ორსულობის შენარჩუნება შეუძლიათ:
-ქალებს, რომელთაც დაასრულეს სპეციფიკური მკურნალობის კურსი კლინიკური ეფექტით, აქვთ დაავადების არააქტიური ფორმა ან კლინიკურად განკურნებული ტუბერკულოზი;
-ქალებს შემოფარგლული აქტიური ტუბერკულოზის ნებისმიერი ლოკალიზაციის გაურთულებელი ფორმით, მათ შორის – ფილტვის კეროვანი, შემოფარგლული ინფილტრაციული ტუბერკულოზით, ექსუდაციური პლევრიტით. ასეთი პროცესები ორსულობის ფონზე ეფექტურად იკურნება. პროგრესირება, როგორც წესი, არ ხდება.

როგორ ინფიცირდება ბავშვი თანდაყოლილი ტუბერკულოზის დროს
ბავშვს ასნებოვნებს ენდომეტრიუმიდან შეჭრილი მიკობაქტერია. ტუბერკულოზური ინფექციის პლაცენტიდან გადაცემა უკვე დადასტურებულია. აღწერილია შემთხვევები, როდესაც ახალშობილებს ლიმფურ კვანძებში ტუბერკულოზის მიკობაქტერია აღმოუჩინეს. თანდაყოლილი ტუბერკულოზი შეიძლება იყოს ინფიცირებული პლაცენტიდან, ჭიპის ვენიდან ჰემატოგენური დისემინაციის ან ინფიცირებული ამნიონური სითხის ასპირაციის შედეგი. ღვიძლი ჰემატოგენური დისემინაციის მთავარი სამიზნეა. თანდაყოლილი ტუბერკულოზის დიაგნოზი ეფუძნება შემდეგ კრიტერუმებს:
-ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ბაქტერიოლოგიურ დადასტურებას;
-ემბრიონის ან ახალშობილის ღვიძლში პირველადი კომპლექსის არსებობას;
-საშვილოსნოსგარე ინფიცირების გამორიცხვას.

ტუბერკულოზის მართვა ორსულობის დროს

ორსულობის დროს ტუბერკულოზის სკრინინგი რეკომენდებული არ არის. მართვა ხორციელდება ფთიზიატრსა და მეან-გინეკოლოგთან ერთად. აუცილებელია ტუბდისპანსერის, ქალთა კონსულტაციისა და სამშობიარო სახლის თანამშრომლობა. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სტაციონარში ორსულობის გეგმური ჰოსპიტალიზაცია ხდება სამჯერ: I ტრიმესტრში, 30-36-ე კვირას და 36-40-ე კვირას. მშობიარობისთვის ჰოსპიტალიზაცია ხდება სპეციალიზებულ სამშობიარო სახლში ან ზოგადი პროფილის სამშობიარო სახლის ობსერვატორიულ განყოფილებაში (ხშირად – რეგულარული სამშობიარო მოქმედების ან სანაყოფე წყლების დაღვრის დასაწყისში). ტუბერკულოზის მქონე ორსულთა უმეტესობას დაავადების სიმპტომები არ აქვს, ამიტომ დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე ორსულები, დიდი ქალაქების მცხოვრებლები, ეპიდემიური კერებიდან ახალჩამოსულები უნდა შემოწმდნენ კანის ტუბერკულინური სინჯით (მანტუს სინჯი), თუ არ არსებობს მონაცემები, რომ ასეთი სინჯი მცირე ხნის წინ ჩატარდა.

რით შეიძლება გართულდეს ორსულობა
აქტიური ფორმის დროს ორსულობის გართულება უფრო ხშირია, ვიდრე არააქტიურის დროს. იმატებს ადრეული ტოქსიკოზების, რკინადეფიციტური ანემიის, ფეტოპლაცენტური უკმარისობის, ნაყოფის რესპირატორული დისტრესის, ნაადრევი მშობიარობის ალბათობა. არსებობს აგრეთვე ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ნაყოფის ინფიცირების (ტრანსპლაცენტური გზით ან ინფიცირებული ამნიონური სითხის ასპირაციის დროს) და ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის შედეგად ანტენატალური სიკვდილის საფრთხეც.

როგორ იმართება მშობიარობა და რით შეიძლება გართულდეს იგი
სპეციფიკური რეკომენდაციები არ არსებობს. მშობიარობის მეთოდი სამეანო ჩვენების მიხედვით შეირჩევა. ახალშობილისთვის გამომწვევის გადაცემა გამორიცხული არ არის, ამიტომ აუცილებელია, მშობიარობის წინა დღეს და მშობიარობის დროს განისაზღვროს ნახველში მიკობაქტერიის არსებობა. მშობიარობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, რაც განპირობებულია სანაყოფე გარსების ინფიცირებით. ფილტვის ტუბერკულოზის დროს მშობიარობის საერთო ხანგრძლივობა ჯანმრთელი ქალის მშობიარობის ხანგრძლივობაზე ნაკლებია.
რა უნდა გვახსოვდეს:
-აქტიური ტუბერკულოზის დროს აუცილებელია მშობიარის იზოლაცია.
-ტუბერკულოზიანმა მშობიარემ უნდა ატაროს ნიღაბი.
-სამედიცინო პერსონალმა, რომელიც მონაწილეობს მშობიარობის წარმართვაში, უნდა გაიკეთოს კანის სინჯი კონტაქტიდან 12 კვირის შემდეგ.

ლოგინობის პერიოდი

ლოგინობის პერიოდში ფილტვის ტუბერკულოზის გამწვავება ხშირად გამოწვეულია როგორც უეფექტო მკურნალობით ან პროცესის ნებაზე მიშვებით ორსულობის დროს, ასევე იმით, რომ მშობიარობა იწვევს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციის სწრაფ გარდაქმნას. ბავშვის ძუძუთი კვებისას იმატებს ქალის ორგანიზმის ყოველდღიური დანახარჯი (ცილებისა, ცხიმებისა). გარდა ამისა, მშობიარობის შემდეგ დიაფრაგმის დაწევის გამო დაზიანებული ფილტვის ქსოვილებიდან ინფექცია შესაძლოა დაუზიანებელ მიდამოში მოხვდეს. მშობიარობისას მიღებული ტრავმები, სისხლდენა, ენდოკრინული გარდაქმნები, ლაქტაცია, ემოციური სტრესი, ბავშვის მოვლა (დაღლილობა, გამოუძინებლობა) – ყოველივე ეს ამძიმებს ტუბერკულოზის მიმდინარეობას და შესაძლოა, მის გენერალიზაციამდე მიგვიყვანოს.
თუ დედას ნახველში მიკობაქტერიები არ აღმოაჩნდა, ახალშობილს დაუყოვნებლივ უნდა გაუკეთდეს BCG ვაქცინა.
ახალშობილებს, რომელთა დედებიც იტარებენ მკურნალობას, უნდა ჩაუტარდეთ ტუბერკულინური სინჯი დაბადებისთანავე და 3 თვის თავზე.
ძუძუთი კვება უკუნაჩვენები არ არის იზონიაზიდით, პირაზინამიდით, ეტამბუტოლითა და რიფამპიცინით მკურნალობის დროს. ეს პრეპარატები რძეში მცირე კონცენტრაციით გადადის და ახალშობილს არ ვნებს.
დედის ნახველში გამომწვევის არსებობისას აუცილებელია ბავშვისა და დედის ერთმანეთისგან იზოლირება. ძუძუთი კვების საკითხი წყდება ინდივიდუალურად ფთიზიატრის, გინეკოლოგისა და პედიატრის თანხმობით. ინფიცირების თავიდან ასაცილებლად უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი – სტერილური ნიღაბი, თავსაფარი, ხელები გულდასმით დავიბანოთ და ა.შ.

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა  ორსულებში
ტუბერკულოზის საწყისი ფორმებისა და მისი გამწვავების დიაგნოსტიკა ორსულობის დროს რთულია, რადგან ამ დროს კლინიკური სურათი ხშირად წაშლილია, ტუბერკულინისადმი მგრძნობელობა – დათრგუნული. გარდა ამისა, ედს-ის მატება, ანემია, მცირედ გამოხატული ლეიკოციტოზი ორსულებთან ბუნებრივადაც გვხვდება.

ორსულისთვის მანტუს სინჯის  უსაფრთხოება

კანის ტუბერკულინური სინჯი ორსულობისას უსაფრთხო და ინფორმაციულია. ამ დროს ტუბერკულინური ტესტი სკრინინგის მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს. ტუბერკულინური ტესტი ინფიცირებულის გამოსავლენად არის განკუთვნილი, მაგრამ არ განსაზღვრავს დაავადების გავრცელებას ან მის აქტივობას. მწვავე პროგრესირებადი ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს შესაძლოა დადებითი რეაქცია არ ჰქონდეთ.

რენტგენოლოგიური კვლევა

ფილტვის აქტიურ ტუბერკულოზზე ეჭვის შემთხვევაში ორსულებს, რომელთაც მანტუს სინჯი დადებითი აქვთ, აღენიშნებათ სიმპტომატიკა, რომელიც ტუბერკულოზს გვაეჭვებინებს: ხველა, რომელიც გრძელდება 3 თვეზე მეტხანს, სისხლის არსებობა ნახველში, ღამის ოფლიანობა, წონის დაკლება და ცხელება, – განურჩევლად სინჯის შედეგისა და ორსულობის ვადისა, სჭირდებათ გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა აქტიური ფილტვისმიერი პროცესის გამოსავლენად. ამ მეთოდის შიშმა შესაძლოა დიაგნოსტიკა დააგვიანოს და შორს წასულ ტუბერკულოზურ პროცესამდე მიგვიყვანოს. გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ორსულებისთვის იყენებენ სპეციალურ მეთოდებს და დამცავ საშუალებებს, რომლებიც ნაყოფის ზიანს მაქსიმალურად ამცირებს. გახსოვდეთ: ორსულობის დროს სიფრთხილის წესების დაცვით ჩატარებული ფილტვის რენტგენოგრაფია ნაყოფისთვის საშიში არ არის.

სიფრთხილის ზომები

-სასურველია, გამოკვლევა ჩატარდეს ორსულობის 12 კვირის შემდეგ.
-გამოყენებულ იქნეს ტყვიის შემცველი რეზინის წინსაფარი.
-აკრძალულია: ფლუოროგრაფია და რენტგენოსკოპია.
-ოპტიმალურია: დაბალციფრული რენტგენოგრაფია; ნეფროტუბერკულოზის დროს – ექსკრეტორული უროგრაფია, ქრომოცისტოგრაფია, რეტროგრადული პიელოგრაფია.

სხვა გამოკვლევები

დადებითი რენტგენოლოგიური მონაცემების შემთხვევაში ტარდება:
-ნახველის კვლევა მასში მიკობაქტერიის გამოსავლენად;
-ნახველის, ბრონქების ამონარეცხი წყლების ან ბაქტერიული სეკრეტის, შარდის (ნეფროტუბერკულოზზე ეჭვის შემთხვევაში) მრავალჯერადი ბაქტერიოსკოპიური კვლევა;
-კულტურალური კვლევა – ბაქტერიული ნათესი ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე (ლევენსტეინ-იენსენის მეთოდი);
მიკობაქტერიის განსაზღვრა ჯაჭვურ-პოლიმერაზული (PCR) მეთოდით. ამ მეთოდით დიაგნოზი რამდენიმე დღეში ისმება.
ნახველში კოხის ჩხირის აღმოჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია, ჩატარდეს სინჯი ქიმიოპრეპარატების მიმართ ტუბერკულოზური ჩხირის მგრძნობელობაზე და დაიწყოს მკურნალობა. ფილტვის ტუბერკულოზის ხანგრძლივი მკურნალობისას პაციენტს ყოველთვიურად უნდა ჩაუტარდეს ნახველის მიკროსკოპული და კულტურალური გამოკვლევა, სანამ ზედიზედ მომდევნო კვლევა არ მოგვცემს უარყოფით შედეგს. აქტიურ სპეციფიკურ პროცესზე აუცილებელი გამოკვლევა სჭირდებათ ორსულებს:
-რომელთაც უკვე გადაიტანეს ნებისმიერი ლოკალიზაციის აქტიური ტუბერკულოზური პროცესი;
-რომელთაც აქვთ კონტაქტი აქტიური ტუბერკულოზური პროცესის მქონე ავადმყოფთან, განსაკუთრებით – ბაქტერიაგამომყოფთან;
-ბოლო ორი წლის განმავლობაში დადგენილი ჰქონდათ ვირაჟი, ჰიპერერგული რეაქცია მანტუს სინჯზე ან ტუბერკულინის მიმართ მზარდი მგრძნობელობა;
-რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, სუნთქვის ორგანოების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, საშარდე სისტემის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
-ხანგრძლივად იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს;
-ინფიცირებულებს;
-სოციალურად დეზადაპტირებულებს.

ტუბერკულოზის მკურნალობა ორსულებში
დაავადებულმა ორსულებმა დაუყოვნებლივ, დიაგნოზის დასმისთანავე უნდა დაიწყონ მკურნალობა. არანამკურნალევი ტუბერკულოზი გაცილებით საშიშია ორსულისთვისაც და ნაყოფისთვისაც, ვიდრე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები. აქტიური ფორმის დროს ძირითადი მეთოდია ქიმიოთერაპიული მკურნალობა. სრულყოფილი მკურნალობის ფონზე დიდია ალბათობა, ორსულობა დედისა და ნაყოფისთვის უვნებლად ბოლომდე იქნეს მიყვანილი. ტუბერკულოზის მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია:
-რეჟიმის დაცვა;
-ფსიქოლოგიური კომფორტი;
-სრულფასოვანი ბალანსირებული კვება ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების საკმარისი შემცველობით;
-სრულფასოვანი ქიმიოთერაპია.

ანტიბაქტერიული თერაპიის პრინციპები

ოპტიმალურია დაინიშნოს ორსულობის მე-12 კვირის შემდეგ. ანტიბაქტერიული მკურნალობა აუცილებლად სტაციონარში უნდა დაიწყოს. არჩევის პრეპარატებია:
-იზონიაზიდი;
-პირაზინამიდი;
-რიფამპიცინი;
-პარაამინოსალიცილის მჟავა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს, არც ერთი მათგანი არ არის ტერატოგენული (არ იწვევს ნაყოფის სიმახინჯეებს) და არც ტოქსიკურია ნაყოფისთვის, თუმცა ორსულობის ადრეულ სტადიაში, ორგანოგენეზის პერიოდში (მე-12 კვირამდე), მათი გამოყენება სასურველი არ არის. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებიდან ორსულობის დროს მხოლოდ სტრეპტომიცინია უკუნაჩვენები. იგი აზიანებს ნაყოფის ვესტიბულურ და სმენის ნერვებს და იწვევს თანდაყოლილ სიყრუეს. არ შეიძლება ემბრიოტოქსიკური ანტიბიოტიკების (ამინოგლიკოზიდები, ფთორქინოლონები, ეტიონამიდი, პროტიონამიდი, ციკლისერინი) დანიშვნა. ანტიბიოტიკების დანიშვნა სასურველია B1, B6, B12, C ვიტამინებსა და ჰეპატოპროტექტორებთან ერთად. ტუბერკულოზის მკურნალობის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია და მოიცავს არამხოლოდ ორსულობას – ის შესაძლოა გაგრძელდეს ძუძუთი კვებამდეც. მეტადრე, თუ პაციენტს დაავადება ორსულობის დროს გამოაჩნდა. ამ შემთხვევაში, თუ ჩატარდა დროული და სათანადო მკურნალობა, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის, როგორც წესი, დაავადების მიმდინარეობაში შეინიშნება დადებითი კლინიკურ-რენტგენოლოგიური დინამიკა.

ტუბერკულოზი და ბავშვი

ტუბერკულოზი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციაა, რომელიც პატარას სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ ემუქრება. ბავშვის იმუნური სისტემა აცრისთვის დაბადებისთანავე მზად არის. რაც უფრო ადრე ჩატარდება ვაქცინაცია, მით უფრო ადრე გაეცნობა ორგანიზმის იმუნური სისტემა დაავადების გამომწვევს. შესაბამისად, მით უფრო ეფექტური იქნება მისი პასუხი ინფექციურ აგენტთან შეხვედრისას. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს სწორედ სამშობიაროში და არა იქიდან გამოწერის შემდეგ. მიკობაქტერიასთან (ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირთან) შეხვედრისგან პატარა არც შინ არის დაზღვეული, არც ქუჩაში და, მით უმეტეს, არც პოლიკლინიკაში, იმუნიტეტის უქონლობისას კი ასეთი შეხვედრა მისთვის ძალიან საშიშია.
სრულფასოვანი ანტიტუბერკულოზური იმუნიტეტი წლამდე ფორმირდება. წარმატებული იმუნიზაციის კრიტერიუმია მხარზე, ვაქცინის შეყვანის ადგილას, ნაწიბურის წარმოქმნა. ეს გადატანილი ლოკალური (ადგილობრივი) ტუბერკულოზის შედეგია. ძალიან პატარა, შეუმჩნეველი ნაწიბური არასაკმარის იმუნიზაციაზე მიუთითებს. თანამედროვე BCG ვაქცინა კანქვეშ ჰყავთ. ის უზრუნველყოფს ლოკალური (ადგილობრივი, შემოსაზღვრული), ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტუბეკულოზური პროცესის განვითარებას, შედეგად კი ორგანიზმი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის საწინააღმდეგო სპეციალურ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.

ვაქცინაციის ადგილის მოვლა

ვაქცინის კანქვეშ შეყვანის ადგილას 2-3 თვის შემდეგ ქსოვილი მკვრივდება ან სქელდება – წარმოიქმნება კოღოს ნაკბენის მსგავსი ინფილტრატი. მისი დიამეტრი 1 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ინფილტრატი ქერქით არის დაფარული. მისი მოცილება არ შეიძლება. ჩვილის ბანაობის დროს, დარბილებისას, ქერქი შესაძლოა თავისთავად მოძვრეს, მერე კი ხელახლა წარმოიქმნას. ბავშვის დაბანისას ერიდეთ ამ ადგილის ღრუბლით შეხებას. 6 თვიდან ყალიბდება ნაზი ნაწიბური, რომელიც საბოლოო სახეს 1 წლისთვის იღებს. აკრძალულია ვაქცინის შეყვანის ადგილის ანტისეპიკური ხსნარით (სპირტით, იოდით და ა.შ.) დამუშავება – ამან შესაძლოა ადგილობრივი ინფექციური პროცესი გამოიწვიოს.

BCG აცრის უკუჩვენება ანუ როდის არ შეიძლება ბავშვის აცრა
BCG-ვაქცინაცია არ შეიძლება ჩაუტარდეს ბავშვს:
-რომლის ოჯახშიც არის თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტის შემთხვევები;
-რომლის და-ძმას ტუბერკულოზური ვაქცინაციის შემდეგ გართულებები ჰქონდა;
-რომელსაც აქვს თანდაყოლილი ფერმენტოპათია (რომელიმე ფერმენტის თანდაყოლილი უკმარისობა ან სრული დაქვეითება), მძიმე მემკვიდრეობითი დაავადება (მაგალითად, დაუნის სინდრომი), ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე პერინატალური დაზიანება (ბავშვთა ცერებრული დამბლა).
BჩG-ვაქცინაცია უნდა გადაიდოს და გამოჯანმრთელების შემდეგ ჩატარდეს:
-ნებისმიერი ინფექციური პროცესის დროს;
-ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების დროს (ამ პათოლოგიას იწვევს დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა რეზუსფაქტორის ან ჯგუფის მიხედვით);
-ღრმა დღენაკლულობის დროს.

ვაქცინაციის გართულება

აცრის შემდეგ წარმოშობილი გართულებები ორ კატეგორიად იყოფა:
1. მძიმე გართულებები, რომლებიც ინფექციის გენერალიზაციას (გავრცელებას) უკავშირდება. ასეთ გართულებებს აცრისთვის ბავშვის არასწორი მომზადება განაპირობებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათი განვითარების რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აუცრელი ბავშვის დაავადების საფრთხე.
2. შედარებით მსუბუქი გართულებები, რომლებსაც უხარისხო ვაქცინის გამოყენება ან მისი შეყვანის ტექნიკის დარღვევა იწვევს:
-ინფილტრატის დაწყლულება. ინფილტრატი – გამკვრივებული ან გასქელებული მიდამო ინფექციის ადგილას – იზრდება, დიამეტრით 1 მმ-ს აჭარბებს და წყლულდება. წყლული მტკივნეულია.
-კანქვეშა ინფილტრატის წარმოქმნა. ამ დროს ინფილტრატი წარმოიქმნება არა კანზე, არამედ კანქვეშ, წააგავს ბურთულას, ისინჯება გლუვი, შეუცვლელი კანის ქვეშ. ეს გართულება ვაქცინის მეტისმეტად ღრმად შეყვანის შედეგია. ექიმის დროული ჩარევის გარეშე ინფილტრატი შესაძლოა გასკდეს და ინფექცია სისხლში მოხვდეს.
-კელოიდის წარმოქმნა: ეს იშვიათი გართულებაა, თანაც ახალშობილებში გაცილებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე შედარებით მოზრდილ ბავშვებში. მისი მიზეზია მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც კანის ნებისმიერ დაზიანებას ნაწიბუროვანი ქსოვილის ჭარბი წარმოქმნა მოსდევს. კელოიდის წარმოქმნისას ნაწიბური ხდება მკვეთრი, ნათელი, მის სიღრმეში ჩანს სისხლძარღვები; ზოგჯერ ამას თან სდევს ქავილი.
-ინფექციის გავრცელება ლიმფურ კვანძებში. ამ შემთხვევაში იღლიის ქვეშ ისინჯება გადიდებული, უმტკივნეულო ლიმფური კვანძები, რომლებსაც დედები უმეტესად ბავშვის ბანაობისას ამჩნევენ. ლიმფური კვანძები თხილისოდენაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა კვერცხისოდენაც კი ხდება.
ზოგჯერ ინფექცია კანის მთლიანობას არღვევს და წარმოიქმნება არხი, საიდანაც ანთებითი სითხე დის.
ნებისმიერი ამ გართულების შემთხვევაში, ასევე – სხვა უჩვეულო ნიშნის შემჩნევისას აუცილებელია ფთიზიატრის სასწრაფო კონსულტაცია.

რევაქცინაცია

BCG-ვაქცინაციის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი საშუალოდ 5 წელი ძლებს. შეძენილი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ტარდება ორი განმეორებითი ვაქცინაცია – რევაქცინაცია: ერთი – 7, მეორე – 14 წლის ასაკში, რადგან მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში ბავშვის ორგანიზმი ყველაზე მგრძნობიარე და შეღწევადია ტუბერკულოზური ინფექციის მიმართ. ორი განმეორებითი აცრა სავსებით საკმარისია და მეტი რევაქცინაცია მიზანშეწონილი არ არის.

მანტუს სინჯი

ზოგჯერ ექიმი ბავშვის ზოგადი მდგომარეობის, ჩივილების (ზოგადი სისუსტე, გახანგრძლივებული სუბფებრილიტეტი, უმადობა, წონის კლება და ა.შ.) გათვალისწინებით სინჯის ჩატარებას ითხოვს, მაშინაც კი, როცა ბავშვი გრაფიკის სრული დაცვით არის ვაქცინირებული. ეს აცრა არ არის, ეს თავისებური შემოწმებაა ორგანიზმის ინფიცირების დასადგენად, ვინაიდან, მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვი შესაძლოა ინფიცირებული იყოს. მანტუს რეაქცია მარტივი და ნაკლებმტკივნეულია. სინჯის ადგილას ჩნდება წითელი ლაქა – პაპულა, რომლის ზომაზეც არის დამოკიდებული ტუბერკულოზის დიაგნოზი. მანტუს სინჯის პასუხი იკითხება ასე: დადებითი რეაქციის შემთხვევაში ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს ფთიზიატრთან. საბედნიეროდ, მანტუს დადებითი სინჯი ავადმყოფობას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. დაავადების განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ინფიცირების დროული აღმოჩენა კი პროცესის დროულად შეჩერების საშუალებას გვაძლევს.

როგორ შეიძლება დაავადდეს ბავშვი ტუბერკულოზით
ინფექციის წყაროდ შეიძლება იქცეს დაავადებული ადამიანი, ტუბერკულოზით დაავადებული ცხოველის ხორცი და რძის პროდუქტები. გამომწვევი შეიძლება გადაეცეს ჰაერწვეთოვანი გზით, უფრო იშვიათად – საკვების საშუალებით, ტრანსპლაცენტურად (ორსული დედისგან ნაყოფს). ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, ხანგრძლივი კონტაქტი ბაქტერიამატარებელთან, შიმშილი, იმუნოდეპრესია. დაავადებას სეზონურობა არ ახასიათებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ტუბერკულოზით ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. საამისოდ რამდენიმე ფაქტორის თანხვედრაა საჭირო. დაავადების განვითარების რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი ინფიცირების მომენტში.

ბავშვებში ტუბერკულოზის გამოვლინება
ბავშვებს უმეტესად პირველადი ტუბერკულოზი უყალიბდებათ. ასე უწოდებენ ტუბერკულოზს, რომელიც არაინფიცირებული ორგანიზმის მიკობაქტერიებით ინფიცირებისას ვითარდება. დაავადება უპირატესად გულმკერდის ლიმფურ ჯირკვლებს, ფილტვებს მოიცავს. თუ პირველადი კერიდან გამომწვევი სისხლის საშუალებით ორგანიზმში მოითესა, ყალიბდება ფილტვგარე ფორმები და უფრო მეტად ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მეტია მძიმე ლოკალური და გენერალიზებული ფორმების განვითარების ალბათობა. ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ფორმებია:
-ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია;
-ტუბერკულოზური ბრონქადენიტი;
-ფილტვის დისემინირებული ტუბერკულოზი;
-შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი;
-ტუბერკულოზური მენინგიტი.

ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია

დაავადების ეს ფორმა ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებს შორის გვხვდება. ვითარდება უმთავრესად სკოლამდელ და მცირე სასკოლო ასაკში. ვლინდება შემდეგი ნიშნებით:
-სუბფებრილიტეტით;
-გაღიზიანებადობით;
-მოთენთილობით;
-ადვილად დაღლით;
-ძილის დარღვევით;
-მადის დაქვეითებით.
ყურადღებას იპყრობს სიფითრე, წონის კლება, კანის სიმშრალე, ლიმფური ჯირკვლების გადიდება (მიკროპოლიადენია). ამ ნიშნებს ზოგჯერ ერთვის არასპეციფიკური გამოვლინებები:
-კვანძოვანი ერითემა – მუხლებზე, ბარძაყებსა და მხრებზე 1-5 სმ დიამეტრის, არცთუ ისე მტკივნეული მუქი მოწითალო-მოიისფრო კვანძოვანი გამონაყარი;
-კერატოკონიუნქტივიტი – თვალის კონიუნქტივისა და რქოვანას ანთება.
დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება მანტუს, პირკეს სინჯები. სინჯის შედეგი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მოსმენით ფილტვის სპეციფიკური დაზიანების გამოვლენა შეუძლებელია.

სასუნთქი გზების ინფექციები და  ტუბერკულოზი
ტუბერკულოზური ბრონქიტი ბავშვებში პირველადი ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისთვის დამახასიათებელია:
-ბიტონალური, ყივილის მსგავსი ხველა;
-ხმის ჩახლეჩა;
-ქრონიკული ან მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები (სისუსტე, უმადობა, ჭირვეულობა, სუბფერილიტეტი).
დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. როდესაც ბავშვი ბრონქიტით ხშირად ავადმყოფობს, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება, რათა ტუბერკულოზური პროცესი გამოირიცხოს, ხოლო მისი აღმოჩენის შემთხვევაში დროულად ჩატარდეს სათანადო მკურნალობა.

ტუბერკულოზის სხვა ფორმები ბავშვებში

-ტუბერკულოზური მენინგიტი. ეს ფორმა უპირატესად მცირე ასაკში გვხვდება. დაავადება იწყება შეპარვით, თანდათანობით, პატარას ეცვლება ქცევა და ხასიათი, აქვს დაბალი სიცხეები (სუბფებრილიტეტი), მოგვიანებით თავს იჩენს თავის ტკივილი, სინათლის შიში, ძილიანობა, მენინგეალური ნიშნები (კისრის კუნთების დაჭიმულობა და ა.შ.). მოსალოდნელია განვითარდეს კრუნჩხვა და კომა. სადიაგნოზოდ საჭიროა თავ-ზურგტვინის პუნქცია და მიღებული სითხის, პუნქტატის (ლიქვორის) გამოკვლევა (დამახასიათებელია ცილოვანი დისოციაცია). მკურნალობის გარეშე ლეტალური შედეგის ალბათობა 100%-ია. ადრეული დიაგნოსტიკისა და სპეციფიკური მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი გაცილებით უკეთესია.
-ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებული ფილტვგარე ფორმაა საშარდე და სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი. მისი კლინიკური სურათი ნაკლებად განსხვავდება საშარდე სისტემის არასპეციფიკური ანთებისგან. უპირატესად ზიანდება თირკმელები. შარდში ჩნდება ლეიკოციტები (პიურია) და ერითროციტები (ერითროციტურია), სისხლი. დიაგნოზის დასაზუსტებლად სხვა სპეციფიკურ გამოკვლევებთან ერთად საჭიროა ჩატარდეს შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაც. შედეგი დაავადების გამოვლენის დროსა და მკურნალობაზეა დამოკიდებული. ადეკვატური, დროული მკურნალობისას პროგნოზი საიმედოა, სხვა შემთხვევაში კი შესაძლოა საჭირო გახდეს დაზიანებული თირკმლის ამოკვეთა.

ტუბერკულოზის  მკურნალობა ბავშვთა ასაკში
ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ფთიზიატრი და პედიატრი არიან ჩართული. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობენ სხვა სპეციალისტებიც – უროლოგი, თვალის ექიმი, ნევროლოგი, ორთოპედი… მკურნალობის ძირითადი რგოლია ეტიოტროპული (გამომწვევის საწინააღმდეგოდ მიმართული) ქიმიოთერაპია ბავშვის ასაკის, ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებების, დაავადების ფორმისა და ტუბერკულოზური პროცესის აქტიურობის გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დღის რეჟიმის ორგანიზებას, კვებას, ფიზიკურ დატვირთვას. მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია (6-18 თვე) და ეტაპობრივად მიმდინარეობს: სტაციონარი – სანატორიუმი (აბასთუმანი, ლიკანი) – ტუბდისპანსერი. ეს გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია, ამიტომ მშობლებს მოეთხოვებათ, მოთმინებით აიტანონ ბავშვის ჭირვეულობა და მკურნალობა აუცილებლად ბოლომდე მიიყვანონ. ამაზეა დამოკიდებული საბოლოო განკურნება და ოჯახის დანარჩენი წევრების უსაფრთხოება.

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს სხვა ორგანოებიც. ტუბერკულოზურმა პროცესმა შეიძლება დააზიანოს ნებისმიერი ორგანო და სისტემა. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფილტვის ტუბერკულოზი.
შედარებით იშვიათია ფილტვგარე (ცენტრალური ნერვული სისტემის, ძვლების, სახსრების, საშარდე და სასქესო ორგანოების, ლიმფური კვანძების და სხვა) ტუბერკულოზი. ანუ ტუბერკულოზი იყოფა ფილტვის – ბაქტერიაგამოყოფით (ღია) და არაბაქტერიაგამოყოფით (დახურულ) – და ფილტვგარე (ტუბერკულოზური მენინგიტი, ძვლებისა და სახსრების, შარდსასქესო ორგანოების, პერიფერიული ლიმფური კვანძების, მუცლის ღრუს ორგანოების, თვალის, კანის) ფორმებად.
ტუბერკულოზი ახალგაზრდების დაავადებაა. ეს დაავადების ეპიდემიოლოგიით აიხსნება – ტუბერკულოზის მაღალი გავრცელების ქვეყნებში უმთავრესად ახალგაზრდებს აქვთ ინფექციის წყაროსთან კონტაქტის მეტი შესაძლებლობა.

დაავადების გამომწვევი

დაავადების გამომწვევი მიკობაქტერიათა დიდ ჯგუფს მიეკუთვნება. მას რამდენიმე სახელით იხსენიებენ: კოხის ბაცილა, კოხის ჩხირი, ტუბერკულოზის მიკობაქტერია. ცნობილია ადამიანის, ხარისა და ფრინველის ტიპის მიკობაქტერიები. ადამიანი ყველაზე მეტად პირველი ორი ტიპის მიმართ არის მგრძნობიარე. მიკობაქტერიის დამახასიათებელი თვისება მისი მჟავაგამძლეობაა, იგი მშვენივრად ინახავს თავს მჟავე არეში.

ორგანიზმში შეჭრის გზები
ყველაზე ხშირად ორგანიზმში მიკობაქტერია სასუნთქი გზებიდან, გამომშრალი ნახველის ნაწილაკებთან ერთად იჭრება, თუმცა შესაძლებელია ჰაერწვეთოვანი ინფიცირებაც – ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქ გზებში კოხის ჩხირი ლორწოს ან ნახველის წვეთებით ხვდება, რომელსაც ავადმყოფი საუბრისას, ხველისას და ცემინებისას გამოყოფს. არსებობს ინფიცირების ალიმენტური გზაც – ინფიცირება დაავადებული ცხოველის ხორცით ან იმ რძის პროდუქტებით, რომლებიც მიკობაქტერიას შეიცავს. შესაძლებელია დაავადების შეჭრა კანიდან, კონიუნქტივიდან, ნუშურა ჯირკვლებიდან, თუმცა გაცილებით იშვიათად. ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელია მემკვიდრეობითი განწყობა (თავად დაავადება მემკვიდრეობით არ გადაეცემა, თუმცა არსებობს გენეტიკურად განპირობებული განწყობა ინფექციის მიმღეობისადმი; ოჯახური ტუბერკულოზის შემთხვევები ინფექციის წყაროსთან მჭიდრო და რეგულარული კონტაქტით არის განპირობებული). ტუბერკულოზით დასნებოვნების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია, როდესაც ჯანმრთელ ადამიანს დაავადებულთან დახურულ და ცუდად განიავებულ გარემოში ხანგრძლივი კონტაქტი უწევს.
მიჩნეულია, რომ ტუბერკულოზით ყველაზე ხშირად ავადმყოფობენ უსახლკარონი, ნარკომანები, მეძავები, თუმცა ბოლო ხანს დაავადება საზოგადოების სხვა ფენებსაც შეეხო. ყველაზე ხშირად ესენი არიან:
-სამედიცინო პერსონალი.
-სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და თავშესაფრებში მომუშავენი.
-დაავადებულთა ოჯახის წევრები.
ინფიცირების შემდეგ დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯუფებს წარმოადგენენ:
-არასრულფასოვან (ცილით ღარიბი) კვებაზე მყოფი პირები. მათ შორის სოციალურად დაუცველი ადამიანები (უსახლკაროები, მარტოხელები, მიგრანტები, დევნილები).
-ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ სტეროიდულ ჰორმონებს, აგრეთვე – სხივურ თერაპიაზე მყოფი პირები.
-სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე პირები (შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ა.შ.).
-ავადობენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც, ამიტომ ზოგჯერ ისინიც იქცევიან ინფექციის წყაროდ.
გაუნიავებელ და ნესტიან ადგილებში, სადაც ვერ ხვდება მზის სხივები, ტუბერკულოზის ჩხირები წლობით ცოცხლობენ. ტუბერკულოზით ინფიცირება ხდება ახალგაზრდა ასაკში, თუმცა ყველა ინფიცირებული როდი ავადდება; დაავადების განვითარება დამოკიდებულია ორგანიზმის სისუსტეზე, ცხოვრების პირობებზე, კვებაზე, თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენებაზე და სხვა მავნე ჩვევათა არსებობაზე. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია, ნორმალური ყოფა-ცხოვრების პირობები აქვს და კარგად იკვებება, მისი იმუნური სისტემა ადვილად უსწორდება ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირს.

ტუბერკულოზის სტატისტიკა
ეფექტური მკურნალობის გარეშე ტუბერკულოზი თანდათანობით პროგრესირებს და უმეტესად სიკვდილით მთავრდება. მიუხედავად მედიცინის დიდი მიღწევებისა ტუბერკულოზის მკურნალობისა და კონტროლის კუთხით, ეს დაავადება მაინც მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემად რჩება. მისი გავრცელების მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში, თუმცა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ტუბერკულოზი განვითარებული ქვეყნებისთვისაც სერიოზულ პრობლემად იქცა.
მსოფლიოს მასშტაბით ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, რომელთაგან ერთ-ერთი ძირითადია აივ ინფექცია/შიდსი. აივ ინფექცია/შიდსი რეგისტრირებულია დედამიწის ხუთივე კონტინენტზე. უკანასკნელ ხანს მკვეთრად იმატა მის შემთხვევათა რიცხვმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა რუსეთსა და უკრაინაში, სადაც მოსახლეობის 1% აივინფიცირებულია. მეტად საყურადღბოა, რომ სტატისტიკური მონაცემები მოწმობს ტუბერკულოზსა და აივ ინფექცია/შიდსს შორის მჭიდრო კავშირს. ვინაიდან საქართველოში ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სოლიდურ რიცხვს აღწევს, დიდია ტუბერკულოზური ინფექციის რეზერვუარიც, ამიტომ აივინფიცირებულ პაციენტებში ტუბერკულოზის განვითარების ალბათობა მაღალია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგადად მოსახლეობას, განსაკუთრებით კი აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ტუბერკულოზის შესახებ და პირიქით, ტუბერკულოზით დაავადებულები უნდა ფლობდნენ გარკვეულ ცნობებს აივ ინფექციის თაობაზე.

დაავადებული თუ ინფიცირებული ანუ ნიშნავს თუ არა ინფიცირება დაავადებას –
ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირება დაავადებას არ გულისხმობს, თუმცა ინფიცირებულ ადამიანს შესაძლოა ოდესმე განუვითარდეს დაავადება – ტუბერკულოზი.
დაავადების განვითარების ალბათობა მეტია ინფიცირებიდან მოკლე ხანში, მერე და მერე კი თანდათან იკლებს. ინფიცირებულთა დიდ უმრავლესობას, დაახლოებით 90%-ს, არასოდეს უვითარდება კლინიკურად გამოხატული ტუბერკულოზი, დაავადება მხოლოდ 10%-ს შეიძლება დაემართოს. ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის იმუნური სისტემის სიჯანსაღე – ინფიცირების შემდეგ სწორედ ის უშლის ხელს დაავადების განვითარებას. ტუბერკულოზური დაავადება უვითარდებათ იმუნიტეტდაქვეითებულ პირებს. იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს:
-ასაკი;
-ქრონიკული შიმშილი, არასრულფასოვანი (ცილით ღარიბი სურსათით) კვება;
-გენეტიკური ფაქტორები;
-იმუნოდეპრესორული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;
-ზოგიერთი დაავადება, რომლებიც ასუსტებს იმუნიტეტს. ასეთებია შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, სილიკოზი და სხვა;
-ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
-ნარკომანია.
აივ ინფექცია კი ტუბერკულოზის განვითარების ყველაზე ძლიერ რისკფაქტორს წარმოადგენს.

რით არის საშიში ტუბერკულოზი

დაავადება ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი მის სიმპტომებს უბრალოდ სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. საბოლოოდ პაციენტები დაგვიანებით მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას, ამ შემთხვევაში კი მკურნალობა მოითხოვს მეტ დროს, ძალისხმევას და, რაც მთავარია, შესაძლოა, უშედეგოც კი აღმოჩნდეს. ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებულმა ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა 10-15 ჯანმრთელი ადამიანი დააინფიციროს. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ავადმყოფის ოჯახის წევრებსა და მასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებს.

ფილტვის ტუბერკულოზი
ფილტვის ტუბერკულოზი წარმოადგენს ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებულ და ყველაზე გადამდებ ფორმას. მისი კლინიკური სიმპტომებია:
-სხვადასხვა ხასიათის (მშრალი ან ნახველიანი) ხველა 2 კვირისა და მეტი ხნის განმავლობაში;
-სისხლიანი ხველა;
-ფილტვიდან სისხლდენა;
-ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;
-ჰაერის უკმარისობა;
-სიცხე;
-ღამით ოფლიანობა;
-წონის კლება;
-საერთო სისუსტე.

რეზისტენტული ტუბერკულოზი
ამჟამად ფთიზიატრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რეზისტენტული ტუბერკულოზია. რეზისტენტული ტუბერკულოზი ისეთივე ინფექციური დაავადებაა, როგორიც ჩვეულებრივი ტუბერკულოზი, მაგრამ ამ შემთხვევაში ბაქტერიები რეზისტენტულნი არიან სტანდარტული ტუბერკულოზური მკურნალობის (მედიკამენტების) მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ წამლებს, რომლებიც ხოცავენ ჩვეულებრივი ტუბერკულოზის ბაქტერიებს, რეზისტენტული ბაქტერიების განადგურება არ შეუძლიათ. ისინი უფრო საშიშნი და ძნელად გასანადგურებელნი არიან, თუმცა კი მათი დამარცხებაც შესაძლებელია.
არსებობს რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადების ორი გზა:
-ადამიანი შესაძლოა იმთავითვე რეზისტენტობის მქონე ბაქტერიებით დაინფიცირდეს. ეს ხდება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტის დროს.
-ჩვეულებრივი ტუბერკულოზის მკურნალობისას ბაქტერიებმა შესაძლოა შეიძინონ მანამდე არარსებული რეზისტენტობა, თუ ავადმყოფმა შეწყვიტა მკურნალობა, გამოტოვა წამლის დოზები ან იმკურნალა არასწორი სქემით.
რეზისტენტული ტუბერკულოზი ისევე ვრცელდება, როგორც ჩვეულებრივი, ანუ ბაქტერია ორგანიზმში ხვდება ჰაერწვეთოვანი გზით, როდესაც ბაქტერიაგამომყოფი ადამიანი ახველებს, აცემინებს, ლაპარაკობს ან იცინის.
რეზისტენტული ტუბერკულოზი არ ვრცელდება ხელის ჩამორთმევით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჭურჭლით, ტანისამოსით.
რეზისტენტული ტუბერკულოზის სიმპტომები ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი ტუბერკულოზისა: ხველა, ტემპერატურა, ღამის ოფლიანობა, წონის კლება, საერთო სისუსტე.
რეზისტენტული ტუბერკულოზი უმეტესად იკურნება, მაგრამ უფრო ძნელად, ვიდრე ჩვეულებრივი და უფრო მეტი ხანიც სჭირდება, ვინაიდან მედიკამენტები, რომლებიც სპობდნენ ჩვეულებრივი ტუბერკულოზის ბაცილებს, არ არიან ეფექტურნი რეზისტენტული ბაქტერიების დასამარცხებლად. რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ საჭიროა განსხვავებული წამლები. ამ წამლებს II და III რიგის მედიკამენტები ეწოდება. ამ მედიკამენტებით მკურნალობას მეტი ხანი სჭირდება და უფრო მეტ გვერდით მოვლენასაც იწვევს, ვიდრე ტუბერკულოზის სამკურნალო სტანდარტული წამლები.

ბრონქიტი, პნევმონია და ტუბერკულოზი

ბრონქიტს და პნევმნიას თავ-თავისი გამომწვევი ჰყავს, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ტუბერკულოზთან, მაგრამ საქმე ის არის, რომ დღეს ტუბერკულოზი შეიძლება სწრაფად განვითარდეს და, ამასთანავე, ფილტვის ანთებითაც შეინიღბოს. თუ პნევმონიის მკურნალობამ 10 დღეში არ გამოიღო შედეგი, ავადმყოფმა უნდა მიმართოს ფთიზიატრს. მაგრამ ზოგჯერ, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ პაციენტები თვეობით მკურნალობენ ათასგვარი საშუალებით, შედეგად პროცესი ვრცელდება და შესაძლოა, მიღებული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობაც განვითარდეს.

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა

ტუბერკულოზის დროულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო დაავადებულის ადეკვატური მკურნალობის დროულად დასაწყებად, არამედ საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკისთვისაც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტუბერკულოზის კლინიკური სიმპტომატიკა მრავალფეროვანია და არ მოიცავს მხოლოდ ამ დაავადებისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ნიშნებს. მნიშვნელოვანია პაციენტის ანამნეზის ცოდნა. კერძოდ, ყურადღება უნდა მიექცეს:
-საყოფაცხოვრებო და შრომის პირობებს;
-პროფესიას. მედიცინის მუშაკები, რომელთაც მუდმივი კონტაქტი აქვთ ტუბერკულოზის გადამდები ფორმებით დაავადებულებთან, წარმოადგენენ ტუბერკულოზის განვითარების მომატებული რისკის ჯგუფს;
-კონტაქტს ტუბერკულოზით დაავადებულ ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან,
-თანმხლებ დაავადებებს.
როგორც ანამნეზის შეკრება, ისე ფიზიკური კვლევის მონაცემები ტუბერკულოზზე მხოლოდ ეჭვის მიტანის საშუალებას აძლევს ექიმებს. ძირითადი მეთოდები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში, არის: მიკრობიოლოგიური გამოკვლევები, ტუბერკულინოდიაგნოსტიკა (უმთავრესად – ბავშვებში) და რენტგენოლოგიური მეთოდები.

მიკრობიოლოგიური გამოკვლევები
ტუბერკულოზის დიაგნოზი დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ნახველში, შარდში, ქსოვილოვან სითხეებსა და ქსოვილებში აღმოჩენილ იქნა ტუბერკულოზის მიკობაქტერია.
ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმაციული საშუალებაა ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევა. ნახველი უმჯობესია შეგროვდეს დილით. ტუბერკულოზის მიკობაქტერიების აღმოსაჩენად ნახველი მრავალჯერ უნდა იქნეს გამოკვლეული. სასურველია, გამოკვლევა ჩატარდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დაწყებამდე.
არსებობს ტუბერკულოზის მიკობაქტერიების აღმოჩენის ორი ძირითადი მეთოდი: ნაცხის პირდაპირი მიკროსკოპია და კულტურალური გამოკვლევა ანუ მასალის სპეციალურ ნიადაგებზე დათესვა.
თუ ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულის ნახველი დიდი რაოდენობით შეიცავს ტუბერკულოზის მიკობაქტერიებს, მაშინ მათი აღმოჩენა შესაძლებელია ნახველის ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევის საშუალებით. თუ ნახველში გამომწვევი მცირე რაოდენობითაა, პირდაპირი მიკროსკოპიის მეთოდი მათ ვერ გამოავლენს. ამ შემთხვევაში ეფექტურია კულტურალური გამოკვლევა. ნახველის ბაქტერიოლოგიური (კულტურალური) მეთოდით გამოკვლევა, გარდა დიაგნოსტიკისა, საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს მიკობაქტერიების მგრძნობელობა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.

რენტგენოლოგიური გამოკვლევა ფილტვების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის თვალსაზრისით
რენტგენოლოგიური გამოკვლევა იწყება მიმოხილვითი სურათით პირდაპირ და გვერდით პროექციაში. გამოკვლევა გვერდით პროექციაში საშუალებას იძლევა:
-დადგინდეს პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაცია წილებისა და სეგმენტების მიხედვით;
-გამოვლინდეს ცვლილებები წილთაშუა ნაპრალებსა და გულის ჩრდილის უკან ფილტვებში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტომოგრაფიული გამოკვლევით. განსაკუთრებით ინფორმაციულია კომპიუტერული ტომოგრაფია.

ტუბერკულინოდიაგნოსტიკა
ტუბერკულინური სინჯი სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტია. იგი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ტუბერკულინური ალერგია ანუ ტუბერკულინისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა, რომელიც ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით ან ბცჟ-ვაქცინაციით არის გამოწვეული.

მანტუს სინჯი
ამჟამად ტუბერკულინური სინჯებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება მანტუს სინჯი (მანტუ ჩეხი მეცნიერის გვარია, რომელმაც ეს მეთოდი შეიმუშავა). სინჯი წარმოადგენს სტანდარტულ მეთოდს ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით ინფიცირებული პაციენტების გამოსავლენად. მანტუს სინჯი კეთდება წინამხრის შუა მესამედში. კანს წმენდენ სპირტით და შეჰყავთ ტუბერკულინის სტანდარტული დოზა. ტუბერკულინური ალერგია გამოვლენას იწყებს ტუბერკულინის შეყვანიდან 8 საათის შემდეგ და მაქსიმალურად გამოიხატება 48-72 საათის შემდეგ. ამ დროს ის უკვე უნდა შეფასდეს – გაიზომოს ინდურაცია (და არა ერითემა). რეაქცია უარყოფითად მიიჩნევა, თუ არ განვითარდა ინფილტრატი და ჰიპერემია. 10 მმ დიამეტრის და ამაზე დიდი ინდურაცია დადებით პასუხად ითვლება.
ბცჟ-ვაქცინაციის პირობებში მანტუს სინჯით შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ ინფექციური, არამედ პოსტვაქცინური ალერგიის არსებობაც. დიაგნოსტიკის ამ მეთოდების ერთობლიობის საფუძველზე შესაძლებელია დადგენილ იქნეს ორგანიზმში ტუბერკულოზის (ინფიცირების ან დაავადების) არსებობა და შემუშავდეს საექიმო მოქმედების ტაქტიკა.

ტუბერკულოზის გართულებები
ტუბერკულოზის ტიპური გართულებებია:
-სისხლდენა ფილტვებიდან ან სისხლიანი ხველა;
-სპონტანური პნევმოთორაქსი (როდესაც ფილტვის ქსოვილის მთლიანობა ირღვევა, ჰაერი ხვდება პლევრის ღრუში, რაც იწვევს ფილტვის ნაწილობრივ ან სრულ კოლაბირებას და სუნთქვის მწვავე უკმარისობას);
-სუნთქვის უკმარისობა;
-ფილტვ-გულის უკმარისობა;
-შინაგანი ორგანოების ამილოიდოზი და სხვა.

ტუბერკულოზის პროფილაქტიკის საშუალებები

1903 წელს საფრანგეთში, ქ. ლილში, პასტერის ინსტიტუტში, კალმეტისა და გერენის მიერ ვაქცინაციისთვის მოწოდებულ იქნა M. ბოვის-ის ატენუირებული შტამი, რომელსაც BCG (კალმეტ-გერენის ბაცილა) ეწოდა. სწორედ ამ ვაქცინით იმუნიზაცია ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ტუბერკულოზის პროფილაქტიკისთვის. ვაქცინაცია უტარდება ახალშობილს სიცოცხლის მე-5 დღემდე. ვაქცინაციის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი 5-7 წელიწადს გასტანს.

ტუბერკულოზის მკურნალობა
ტუბერკულოზის მკურნალობის მეთოდებიდან პრიორიტეტი ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას ენიჭება. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის ერა დაიწყო 1945 წელს, როდესაც ვაქსმანმა სტრეპტომიცინი აღმოაჩინა.
ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით. ის ორ ფაზას მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელებისას.
ინტენსიური ფაზის დროს, რომელიც 2 თვე გრძელდება, პაციენტი ყოველდღე იღებს 4 პრეპარატის – იზონიაზიდის, რიფამპიცინის, პირაზინამიდისა და ეტამბუტოლის – კომბინაციას, გაგრძელების ფაზაში კი 2-3 მედიკამენტს 4 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი საშუალოდ 6-თვიანია. აუცილებელია:
-პაციენტმა ზედმიწევნით შეასრულოს მკურნალი ექიმის დანიშნულება;
-რეგულარულად და დროულად მიიღოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების ყოველდღიური დოზა, ვინაიდან წამლების არარეგულარული მიღებისა და მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ტუბერკულოზის მედიკამენტებისადმი გამძლე (რეზისტენტული) ფორმა, რომლის მკურნალობა გაცილებით რთულია და ზოგჯერ უშედეგოც.
ეფექტური მკურნალობის დროს სიმპტომური გაუმჯობესება დაავადებულთა უმრავლესობას პირველ 2-3 კვირას აღენიშნება. 4-5 თვის შემდეგ რენტგენოლოგიურად დასტურდება პროცესის სტაბილიზაცია. ავადმყოფთა უმრავლესობა 2 თვის შემდეგ ბაქტერიებს აღარ გამოყოფს.

რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა
რეზისტენტული ბაცილების გასანადგურებლად პაციენტმა ყოველდღე უნდა მიიღოს 5-7 სხვადასხვა წამალი, ზოგიერთი მათგანი – დღეში 2-ჯერაც კი. ვინაიდან ამ წამლების ერთ აბად გაერთიანება შეუძლებელია (როგორც სტანდარტული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების შემთხვევაში), პაციენტს უწევს რამდენიმე აბის მიღება და ინექციის გაკეთება. ამასთანავე, ვინაიდან რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო წამლები არ არის ისეთივე ძლიერი, როგორიც ჩვეულებრივი ტუბერკულოზისა, მკურნალობა უფრო მეტხანს გრძელდება, უმეტესად – 2 წელიწადი, ვიდრე ექიმი არ დარწმუნდება, რომ ტუბერკულოზის ყველა ბაცილა დაიხოცა და ავადმყოფი განიკურნა. მკურნალობის პროცესს მეთვალყურეობას უწევს სამედიცინო პერსონალი – თუ დაავადებულმა მკურნალობის წესები დაარღვია, წამლის დოზა ან დოზები გამოტოვა ან ბოლომდე არ მიიყვანა კურსი, მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს, დაავადებული ისევ გადამდები გახდება და დააინფიცირებს ოჯახის წევრებს, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიაც უფრო მეტ გამძლეობას შეიძენს და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სიცოცხლეს. სხვა სახის მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს.

ტუბერკულოზი და  ქირურგიული მკურნალობა

ტუბერკულოზის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ, მაშინ, როდესაც სხვა სახის მკურნალობა უეფექტოა. ოპერაციამდე საჭიროა ტუბერკულოზური პროცესის მაქსიმალური სტაბილიზაცია.

ტუბერკულოზის მკურნალობის გვერდითი ეფექტები
ადამიანთა უმრავლესობა ადვილად ასრულებს დანიშნულ მკურნალობას. არიან ისეთებიც, რომელთაც მკურნალობის პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში აწუხებთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოგვიანებით, ჩვეულებრივ, ქრება, თუმცა არ არის გამორიცხული, გაძლიერდეს და შედარებით მეტხანსაც გაგრძელდეს, განსაკუთრებით – რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობისას. ამ შემთხვევაში გვერდითი მოვლენების სამკურნალოდ სპეციალური საშუალებები ინიშნება. გვერდითი მოვლენების შესახებ პაციენტმა უთუოდ უნდა აცნობოს მედდას და ექიმს, რათა პრობლემის დაძლევაში დაეხმარონ.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:
-გულისრევა;
-ღებინება;
-სახსრების ტკივილი;
-თავბრუხვევა;
-თავის ტკივილი;
-კანის ქავილი;
-გამონაყარი;
-ტკივილი ინექციის ადგილას.

სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობა

გართულებებისა და ტუბერკულოზური პროცესის მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა აუცილებლად ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში (ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერში, კაბინეტში ან სტაციონარში) უნდა ჩატარდეს. პაციენტმა მედიკამენტის ყოველი დოზა უნდა მიიღოს სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობით.
რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულმა სტაციონარში მანამდე უნდა იმკურნალოს, ვიდრე ბაქტერიაგამომყოფია (ნაცხი დადებითია).

კვებისა და ცხოვრების რეჟიმი

ტუბერკულოზის მკურნალობის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. იმუნიტეტის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა ცილით მდიდარი საკვების მიღება. ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
-ხაჭო;
-კვერცხი;
-რძის ნაწარმი;
-მოხარშული ხორცი;
-მოხარშული თევზი;
-მოხარშული ქათამი (აუცილებლად კანგაცლილი).
ძეხვეული უნდა გამოირიცხოს, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმები ცუდად შეიწოვება.
ასევე აუცილებელია ხილ-ბოსტნეული, მათ შორის:
-კომბოსტო;
-ჭარხალი;
-სტაფილო;
-მწვანილი;
-ვაშლი.
ფილტვებში მიმდინარე ინფექციური პროცესი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ამასთანავე, ავადმყოფს უხდება დიდი რაოდენობით წამლების მიღება, რაც ვნებს ღვიძლს. ხილ-ბოსტნეული კი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას აჩქარებს.
დილით, უზმოზე, სასურველია 1 კოვზი თაფლისა და ნახევარი ლიტრი წყლის მიღება. ეს ორგანიზმს ღამით დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდაში დაეხმარება.
ტუბერკულოზის დროს ყველა ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, მიიღოს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დროს პაციენტმა ექიმთან შეუთანხმებლად არ უნდა მიიღოს არც ერთი სხვა წამალი, მცენარეულიც კი, რადგან ის შესაძლოა რეაქციაში შევიდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ან შეამციროს მათი ეფექტი.
ანტიტუბერკულოზური მკურნალობის დროს იკრძალება ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები, ასევე – ნარკოტიკული საშუალებები. მათი მიღება ხელს უშლის მკურნალობას და ვნებს ღვიძლს.

ქცევის წესები

სტაციონარიდან გაწერის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ნაცხუარყოფითია, ჯერ კიდევ არსებობს გარშემო მყოფთა დასნებოვნების საფრთხე. პაციენტი გადამდები აღარ არის კულტურაუარყოფითი შედეგის 2-ჯერ ზედიზედ მიღების შემდეგ.
შინ ინფექციის გადაცემის ალბათობის შესამცირებლად პაციენტმა უნდა დაიცვას ქცევის შემდეგი წესები:
-იძინოს ცალკე ოთახში;
-ხველების ან ცემინების დროს ცხვირ-პირზე აიფაროს ხელსახოცი;
-ერიდოს კოცნასა და უშუალო კონტაქტს, განსაკუთრებით – პატარა ბავშვებსა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებთან;
-საერთო ოთახში ყოფნისას გაიკეთოს ქირურგიული (ცისფერი) ნიღაბი. ნიღაბი ყოველდღე იცვალოს.
-გადააფურთხოს მხოლოდ გარეთ. ნახველისთვის გამოიყენოს დახურული კონტეინერი. ნახველი და კონტეინერი რეგულარულად გაანადგუროს.
გარდა ამისა:
-ნახველის დაღვრის შემთხვევაში დაბინძურებული ადგილი უნდა გაწმინდოს ქლორისა და წყლის ნაზავით: დაესხას ქლორის ხსნარი, 10 წუთის შემდეგ კი გაიწმინდოს ჩვეულებრივი საწმენდი საშუალებით. პროცედურის დასრულების შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ.
-ბინის კარ-ფანჯარა, უამინდობასა და სიცივეშიც კი, რამდენიმე საათში ერთხელ 15 წუთით უნდა გაიღოს ოთახის გასანიავებლად.
-ოთახში უხვად უნდა შემოდიოდეს მზის სხივები, რადგან ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა მზის სხივების უშუალო ზემოქმედებით იღუპება.
-ავადმყოფის მეგობრებმა და ნათესავებმა, როცა ოთახში მასთან ერთად იმყოფებიან, უნდა გაიკეთონ მაღალი ფილტრაციის (ვარდისფერი) ნიღბები.
-ნახმარი ნიღბები, ხელთათმანები, ნახველით სავსე კონტეინერები უნდა მოთავსდეს ერთ პარკში. ავსების შემდეგ პარკი უნდა განადგურდეს.

რჩება თუ არა იმუნიტეტი

დაავადება მყარ იმუნიტეტს არ ტოვებს. ძალიან ხშირად ტუბერკულოზს თან ახლავს აივ/შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, რაც საგრძნობლად აქვეითებს იმუნიტეტს და მომავალში ხელს უწყობს რეციდივების განვითარებას.

ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა

ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ტუბერკულოზზე საეჭვო ნიშნების მქონე, აგრეთვე – ტუბერკულოზით დაავადებულ ბაცილაგამომყოფ პირებთან კონტაქტში მყოფთა ტუბერკულოზზე გამოკვლევა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პროგრამა აფინანსებს ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობისა და პროფილაქტიკის ხარჯებსაც. ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევათა გამოვლენა, მკურნალობა, კონტაქტში მყოფ პირთა ქიმიოპროფილაქტიკა უფასოა.

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციურ დაავადებათა ჯგუფს ეკუთვნის. ის პირველად XX საუკუნის დასაწყისში აღწერეს. ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებად მიიჩნევა. ამ თვალსაზრისით მან გონორეასა და სიფილისსაც კი გაუსწრო – ყოველ წელიწადს მისი 300 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა აღინუსხება.

გადაცემის გზები

საშოს ტრიქომონადა ერთუჯრედიანი, ოვალური ან მსხლის ფორმის მიკროორგანიზმია. უწყინარი უმარტივესებისგან განსხვავებით, ის ადამიანის შარდსასქესო გზებში ბინადრობს და ანთებით პროცესებს იწვევს: ქალებში – საშოს, საშვილოსნოს ყელისა და იმ ჯირკვლების ანთებას, რომლებიც სქესობრივი აქტისთვის აუცილებელ სეკრეტს გამოყოფს, მამაკაცებში კი – შარსადენისა და წინამდებარე ჯირკვლის ანთებას.
ტრიქომონიაზით დასნებოვნება უმთავრესად სქესობრივი გზით ხდება. იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია სხვაგვარად ინფიცირებაც. მაგალითად, ადამიანი შესაძლოა დასნებოვნდეს დაავადებულის მიერ ახალგამოყენებული, ჯერ კიდევ სველი ღრუბლით ან პირსახოცით სარგებლობისას.
ადამიანის შარდსასქესო გზებში ან სასქესო ორგანოში მოხვედრილი ტრიქომონადები სწრაფად ეკვრიან მათ ზედაპირზე მდებარე უჯრედებს, მრავლდებიან და მასპინძლის უჯრედებს აზიანებენ. დასნებოვნების მომენტიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე 4 დღიდან 4 კვირამდე დრო გადის.
სხვადასხვა ქვეყნის ვენეროლოგების დაკვირვებით, ტრიქომონიაზი უმეტესად რეპროდუქციული ასაკის ქალებს ემართებათ, თუმცა ისიც სათქმელია, რომ დაავადება ქალებში უფრო გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს, მამაკაცებში კი ან არავითარი ნიშნით არ ვლინდება, ან სუსტად არის გამოხატული. იშვიათად გვხვდება შემთხვევები, როცა ქალებში ტრიქომონიაზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მამაკაცებში კი პირიქით – კლინიკა მძაფრია.

სიმპტომები და მიმდინარეობა
დაავადების მიმდინარეობის თავისებურებათა მიხედვით, განასხვავებენ ახალ ტრიქომონიაზს, ქრონიკულ ტრიქომონიაზს და ტრიქომონამატარებლობას.
ტრიქომონიაზი ახალია, თუ ადამიანი მხოლოდ 2 თვის დასნებოვნებულია. თავის მხრივ, ახალი ტრიქომონიაზი შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე და სუსტად მიმდინარე.
მწვავე მიმდინარეობისას ქალები უჩივიან საშოდან მოთეთრო, ქაფიან გამონადენს, რომელსაც აქვს მოშუშული თევზის დამახასიათებელი სუნი. გარეთა სასქესო ორგანოები გაწითლებული და შეშუპებულია, რასაც თან ახლავს ქავილისა და წვის შეგრძნება. სქესობრივი აქტი მტკივნეულია. თუ ტრიქომონადები შარდსასქესო გზებში დასახლდნენ, შარდვა შესაძლოა მტკივნეული იყოს.
მამაკაცებში მწვავე ტრიქომონიაზი უპირატესად შარსადენ მილს აზიანებს, რის გამოც მათ შარდვის დროს წვა და ტკივილი აწუხებთ.
ახალი ტრიქომონიაზის სიმპტომები ადეკვატური მკურნალობის გარეშე 2-3 კვირაში გაივლის, მაგრამ ეს გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს. პირიქით – დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადადის.
ტრიქომონიაზი ქრონიკულია, თუ ის უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება. ქრონიკულ ფორმას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებით. გამწვავების პროვოცირება შეუძლია სხვადასხვა ფაქტორს. მაგალითად, ზოგად ან გინეკოლოგიურ დაავადებას, გაციებას ან სასქესო ორგანოების არასწორ ჰიგიენას. ქალებსტრიქომონიაზის სიმპტომები შეიძლება გაუძლიერდეთ მენსტრუაციის დროს.
ტრიქომონამატარებლობა ინფექციის ისეთი მიმდინარეობაა, როცა საშოში ტრიქომონადები კი ბინადრობენ, მაგრამ დაავადება კლინიკურად არ ვლინდება. ტრიქომონიაზის ფარული ფორმა ადამიანს შესაძლოა წლობით ჰქონდეს და არ აწუხებდეს, მაგრამ სქესობრივ პარტნიორს ის საფრთხეს უქმნის.

რითაა საშიში ინფექცია?
სასქესო ორგანოებში ანთებითი პროცესებით გამოწვეული ცვლილებების გამო ტრიქომონიაზს არცთუ იშვიათად უშვილობამდე მივყავართ. მამაკაცის ორგანიზმში ტრიქომონადები იწებებენ სპერმატოზოიდებს და შთანთქავენ გლუკოზას, რომელიც აუცილებელია სასქესო უჯრედების მოძრაობისთვის და ამით მათ განაყოფიერების უნარს ართმევენ.
ტრიქომონადები მეტად ვერაგი არსებები არიან: მათ შეუძლიათ, თავიანთ სხეულში დამალონ სქესობრივი გზით გადამდები სხვა მიკროორგანიზმები. ყველაზე ხშირად მათში გონოკოკები და ტრეპონემები იმალებიან და ამ გზით წამლისთვის მიუწვდომელნი ხდებიან. ასე რომ, სანამ ადამიანი ამ ერთუჯრედიან პარაზიტს არ მოიშორებს, სხვა ვენერული დაავადებისგან განკურნება შეუძლებელია.

დიაგნოსტიკა
ტრიქომონიაზზე ეჭვისას აუცილებელია ექიმთან მისვლა. ქალებმა შეიძლება გინეკოლოგს მიმართონ, მამაკაცებმა – უროლოგს. ტრიქომონიაზის მსგავსი სიმპტომები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, ამიტომ სწორი დიაგნოზის დასმა აუცილებელია. არ არის გამორიცხული, პაციენტს ვენეროლოგის ან დერმატოლოგის კონსულტაციაც დასჭირდეს.
ტრიქომონიაზის დიაგნოსტირებისთვის მიკროსკოპიულად იკვლევენ საშოდან და შარდსასქესო გზებიდან აღებულ ნაცხს, ასევე – წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტს.

მკურნალობა
ტრიქომონიაზის მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებული არ არის ორსულად. ორსულებში ტრიქომონიაზი იწვევს ნაყოფის მემბრანის ნაადრევ გასკდომას და ადრეულ მშობიარობას. გენიტალური ანთება, რომელიც ინფიცირებულებს ახასიათებთ, ზრდის აივ ინფექციით დაავადების შანსს. ამის მიზეზია ლორწოვანი ზედაპირის დაზიანება, ასევე რადგან ადგილობრივი იმუნიტეტი დაქვეითებულია, იზრდება მიმღებლობა ნებისმიერი ინფექციისადმი.
ტრიქომონიაზის მკურნალობისას, აუცილებელია სექსუალური პარტნიორის მკურნალობაც.  მკურნალობა საშუალოდ 14 დღე გრძელდება.

ტრიქინელოზი

ტრიქინელოზი პარაზიტული დაავადებაა, რომლის გამომწვევია სპირალური ტრიქინელა. ინვაზიის წყაროს მტაცებლები და მღრღნელები წარმოადგენენ. საქართველოში ადამიანის დასნებოვნების ძირითადი წყაროა ღორი, გარეული ღორი და მურა დათვი. ტრიქინელას ლარვების შემცველ, არასათანადოდ მოხარშულ ან შემწვარ ხორცთან ერთად პარაზიტის ჩანასახი ნაწლავის სანათურში ხვდება, იქ მწიფდება და გამოყოფს ლარვებს, რომლებიც ნაწლავის კედელს გაივლის და სისხლძარღვების მეშვეობით კუნთოვან ქსოვილში მოითესება, აქვე ლოკალიზდება და იკეთებს კაფსულას.
ბუნებაში ტრიქინელა კერებად გვხვდება და გარეულ ცხოველებს შორის ცირკულირებს. ამას ხელს უწყობს ცხოველთა კანიბალიზმი, მტაცებლობა, ლეშის ჭამა. იგივე ფაქტორები უწყობს ხელს ტრიქინელოზის შინაური კერების აღმოცენებას.

კლინიკური სურათი
ტრიქინელოზის სიმძიმე ორგანიზმში მოხვედრილი ლარვების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ადამიანისთვის სასიკვდილო დოზად ითვლება 5 ლარვა წონის ყოველ კილოგრამზე.
ტრიქინელოზის სიმპტომატიკა სხვადასხვა სტადიაზე სხვადასხვაა. განასხვავებენ სამ სტადიას:
I (ინვაზიის) სტადია – ვითარდება ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ნახევრად მწიფე ჰელმინთები აქტიურად მრავლდებიან. თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები: უმადობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და კოლიკა;
II (დისემინაციის) სტადია – დგება ინფიცირებიდან 10 დღეში, როცა ტრიქინელები ლორწოვანი გარსიდან ხვდებიან წვრილ ნაწლავში და განივზოლიან კუნთებში მიგრირებენ. ამ სტადიისთვის დამახასიათებელია სახის (განსაკუთრებით – ქუთუთოების) შეშუპება, კუნთების ტკივილი (პირველ რიგში – კიდურის კუნთებისა), გამონაყარი, ქავილი და წვა, ტემპერატურის 38-40 გრადუსამდე მატება. მძიმე შემთხვევაში ზიანდება სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემები.
III (ინკაფსულირების) სტადია დგება გამოჯანმრთელების პერიოდში, ჩვეულებრივ, მეორე სტადიის დასაწყისიდან ერთი კვირის შემდეგ, მაგრამ დაავადებულის კუნთებში კაფსულები ტოვებს ეროზიებს. ტრიქინელების ლარვები სისხლის ნაკადთან ერთად ედებიან მთელ ორგანიზმს და გარკვეული ჯგუფის კუნთებში რჩებიან. ყველაზე ხშირად ისინი აზიანებენ დიაფრაგმას, საღეჭ კუნთებს, ნეკნთაშუა და დელტისებრ კუნთებს, იშვიათად – თვალისას.
ტრიქინელოზი იწვევს გართულებებს სასუნთქი, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ. ძალიან მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ვითარდება იმუნოპათოლოგიური რეაქცია, რომელსაც დიფუზურ-კეროვანი მიოკარდიტის, პნევმონიის, მენინგოენცეფალიტის განვითარებამდე მივყავართ.
იშვიათად დაავადება სრულდება ლეტალური შედეგით.

დიაგნოსტიკა
ტრიქინელოზის დიაგნოსტიკა ემყარება პაციენტის ანამნეზს – თერმულად სათანადოდ დაუმუშავებელი ხორცით კვების ფაქტს, კლინიკურ ნიშნებს და ლაბორატორიულ მონაცემებს – სისხლის საერთო ანალიზისა და იმუნოლოგიური გამოკვლევების შედეგებს.

მკურნალობა
ტრიქინელოზის მკურნალობა ტარდება როგორც უშუალოდ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებით (მინთეზოლი, ვერმოქსი, ალბენდაზოლი), ასევე გლუკოკორტიკოიდებით, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატებით, საჭიროებისამებრ – კარდიოლოგიური მედიკამენტებით. დროული მკურნალობა ეფექტიანია, თუმცა წარმატებული მკურნალობის შემთხვევაშიც კი პაციენტს შესაძლოა 2-4, იშვიათად 6 თვის განმავლობაში აწუხებდეს კუნთების ტკივილი, აღენიშნებოდეს ეოზინოფილია.

პროფილაქტიკა
ტრიქინელოზს თავიდან ასაცილებლად საჭიროა ღორის ხორცის სწორად მომზადება.
ღორის უმი ხორცი და მისი ნაწარმი უნდა ინახებოდეს საყინულეში. კერძის მომზადების დროს ტრიქინელა რომ მოკვდეს, ხორცის შიგნით ტემპერატურა 65 გრადუსზე მაღალი უნდა იყოს. ვარდისფერმა ხორცმა უნდა მიიღოს რუხი ფერი.
ტრიქინელოზთან ბრძოლა გულისხმობს საღორეებში ვირთხების მოსპობას, გასაყიდად გამოტანილი ხორცის შემოწმებას. შეუმოწმებელი ხორცის ყიდვა არ შეიძლება!
ტრიქინელას ლარვები კარგად იტანენ ხანგრძლივ სიცივეს, გათბობას, დამარილებასა და შებოლვას. -19 გრადუზე გაყინულ ხორცში ისინი დიდხანს ცოცხლობენ, -12 გრადუსზე – 57 დღე, -18 გრადუსზე – 21 საათი. +50 გრადუს ტემპერატურაზე ლარვები რამდენიმე წუთს ძლებენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ ტემპერატურაზე ხორცის გაცხელებისას ნაჭრის სისქეში ყოველთვის იგივე ტემპერატურა არ არის.
დამარილებულ ხორცში ლარვებმა შესაძლოა წლამდეც კი იცოცხლონ.

triqinelozi

triqinelozi parazituli daavadebaa, romlis gamomwvevia spiraluri triqinela. invaziis wyaros mtaceblebi da mRrRnelebi warmoadgenen. saqarTveloSi adamianis dasnebovnebis ZiriTadi wyaroa Rori, gareuli Rori da mura daTvi. triqinelas larvebis Semcvel, arasaTanadod moxarSul an Semwvar xorcTan erTad parazitis Canasaxi nawlavis sanaTurSi xvdeba, iq mwifdeba da gamoyofs larvebs, romlebic nawlavis kedels gaivlis da sisxlZarRvebis meSveobiT kunTovan qsovilSi moiTeseba, aqve lokalizdeba da ikeTebs kafsulas.

bunebaSi triqinela kerebad gvxvdeba da gareul cxovelebs Soris cirkulirebs. amas xels uwyobs cxovelTa kanibalizmi, mtacebloba, leSis Wama. igive faqtorebi uwyobs xels triqinelozis Sinauri kerebis aRmocenebas.

klinikuri suraTi

triqinelozis simZime organizmSi moxvedrili larvebis raodenobazea damokidebuli. adamianisTvis sasikvdilo dozad iTvleba 5 larva wonis yovel kilogramze.

triqinelozis simptomatika sxvadasxva stadiaze sxvadasxvaa. ganasxvaveben sam stadias:

4 I (invaziis) stadia – viTardeba inficirebidan erTi kviris Semdeg, rodesac naxevrad mwife helminTebi aqtiurad mravldebian. Tavs iCens Semdegi simptomebi: umadoba, gulisreva, Rebineba, diarea, muclis tkivili da kolika;

4 II (diseminaciis) stadia – dgeba inficirebidan 10 dReSi, roca triqinelebi lorwovani garsidan xvdebian wvril nawlavSi da ganivzolian kunTebSi migrireben. am stadiisTvis damaxasiaTebelia saxis (gansakuTrebiT – quTuToebis) SeSupeba, kunTebis tkivili (pirvel rigSi – kiduris kunTebisa), gamonayari, qavili da wva, temperaturis 38-40 gradusamde mateba. mZime SemTxvevaSi ziandeba sasunTqi, gul-sisxlZarRvTa da centraluri nervuli sistemebi.

4 III (inkafsulirebis) stadia dgeba gamojanmrTelebis periodSi, Cveulebriv, meore stadiis dasawyisidan erTi kviris Semdeg, magram daavadebulis kunTebSi kafsulebi tovebs eroziebs. triqinelebis larvebi sisxlis nakadTan erTad edebian mTel organizms da garkveuli jgufis kunTebSi rCebian. yvelaze xSirad isini azianeben diafragmas, saReW kunTebs, neknTaSua da deltisebr kunTebs, iSviaTad – Tvalisas.

triqinelozi iwvevs garTulebebs sasunTqi, nervuli da gul-sisxlZarRvTa sistemebis mxriv. Zalian mZime mimdinareobis SemTxvevaSi viTardeba imunopaTologiuri reaqcia, romelsac difuzur-kerovani miokarditis, pnevmoniis, meningoencefalitis ganviTarebamde mivyavarT.

iSviaTad daavadeba sruldeba letaluri SedegiT.

diagnostika

triqinelozis diagnostika emyareba pacientis anamnezs – Termulad saTanadod daumuSavebeli xorciT kvebis faqts, klinikur niSnebs da laboratoriul monacemebs – sisxlis saerTo analizisa da imunologiuri gamokvlevebis Sedegebs.

mkurnaloba

triqinelozis mkurnaloba tardeba rogorc uSualod parazitebis sawinaaRmdego preparatebiT (minTezoli, vermoqsi, albendazoli), aseve glukokortikoidebiT, antihistaminuri (alergiis sawinaaRmdego) preparatebiT, saWiroebisamebr – kardiologiuri medikamentebiT. drouli mkurnaloba efeqtiania, Tumca warmatebuli mkurnalobis SemTxvevaSic ki pacients SesaZloa 2-4, iSviaTad 6 Tvis ganmavlobaSi awuxebdes kunTebis tkivili, aReniSnebodes eozinofilia.

profilaqtika

triqinelozs Tavidan asacileblad saWiroa Roris xorcis sworad momzadeba.

Roris umi xorci da misi nawarmi unda inaxebodes sayinuleSi. kerZis momzadebis dros triqinela rom mokvdes, xorcis SigniT temperatura 65 gradusze maRali unda iyos. vardisferma xorcma unda miiRos ruxi feri.

triqinelozTan brZola gulisxmobs saRoreebSi virTxebis mospobas, gasayidad gamotanili xorcis Semowmebas. Seumowmebeli xorcis yidva ar SeiZleba!

triqinelas larvebi kargad itanen xangrZliv sicives, gaTbobas, damarilebasa da Sebolvas. -19 graduze gayinul xorcSi isini didxans cocxloben, -12 gradusze – 57 dRe, -18 gradusze – 21 saaTi. +50 gradus temperaturaze larvebi ramdenime wuTs Zleben, magram unda gvaxsovdes, rom aseT temperaturaze xorcis gacxelebisas naWris sisqeSi yovelTvis igive temperatura ar aris.

damarilebul xorcSi larvebma SesaZloa wlamdec ki icocxlon.

ტრაქეიტი

ტრაქეიტი ტრაქეის (სასულე) ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. ის შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც.

მიზეზები
მწვავე ტრაქეიტი იშვიათად გვხვდება დამოუკიდებლად. იგი, ჩვეულებრივ, მწვავე რინიტის, ფარინგიტისა და ლარინგიტის თანხლებით მიმდინარეობს. ტრაქეიტის მიზეზი მეტწილად ვირუსული ინფექციაა, იშვიათად – სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მშრალი, ცივი ან მტვრიანი ჰაერით სუნთქვა ან გამაღიზიანებელი ორთქლისა და აირების ჩასუნთქვა.
მწვავე ტრაქეიტის დროს ხდება სასულის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ინფილტრირება და ჰიპერემია. ლორწოვანი გარსის ზედაპირზე შეინიშნება ლორწოს დაგროვება, ზოგჯერ კი (მაგალითად, გრიპის დროს) – წერტილოვანი სისხლჩაქცევები.
მწვავე ტრაქეიტი შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს. ის ხშირად ემართებათ ნიკოტინის მომხმარებლებს და ალკოჰოლის მოყვარულებს. ასევე შეიძლება განვითარდეს ფილტვების ემფიზემის, გულისა და თირკმლის დაავადებების ფონზე სასუნთქ გზებში შეგუბებითი მოვლენების შედეგად. არცთუ იშვიათად მას სათავეს უდებს ცხვირის ღრუსა და წიაღების ანთებითი დაავადებები.
ქრონიკული ტრაქეიტის დროს მოსალოდნელია სასულის ლორწოვანი გარსის როგორც ჰიპერტროფიული, ისე ატროფიული ცვლილებები.
ჰიპერტროფიული ტრაქეიტისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვების გაფართოება და ლორწოვანი გარსის შეშუპება, ჭარბი ლორწოვანი და ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა.
ატროფიის დროს ლორწოვანი გარსი განლეულია, რუხი, გლუვი, მბრწყინავი, ზოგჯერ იფარება წვრილი ქერქით, რაც მტანჯველ ხველას იწვევს.
ატროფიულ ქრონიკულ ტრაქეიტს, წესისამებრ, თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ატროფია.

სიმპტომები
მწვავე ტრაქეიტის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ზედა სასუნთქი გზების ანთებთი დაავადებების შემდეგ. მისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია მშრალი ხველა ღამღამობით, უფრო კი დილაობით, ასევე – ხველის შეტევები ღრმა ჩასუნთქვის, სიცილის, ტირილის, ჰაერის ტემპერატურის ცვლილების დროს. ხველის შეტევის დროს და მის შემდეგ ავადმყოფი გრძნობს ტკივილს სასულეში და მკერდის უკან და ამის გამო ცდილობს, შეზღუდოს სუნთქვითი მოძრაობები. მძიმე შემთხვევებში (განსაკუთრებით – ბავშვებთან) სუნთქვა ხდება ზედაპირული და ხშირი. ტრაქეის ბიფურკაციის ადგილას მცირეოდენი ნახველის დაგროვების შემთხვევაშიც კი ვითარდება ხველის ძლიერი შეტევა.
ლარინგიტის თანხლების შემთხვევაში დაავადებულს ხმა ეხლიჩება. ფილტვების პერკუსიით და აუსკულტაციით ნორმიდან გადახრა, ჩვეულებრივ, არ შეინიშნება. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა, წესისამებრ, უმნიშვნელოდ იცვლება, სხეულის ტემპერატურა ოდნავ იმატებს, განსაკუთრებით – საღამოობით. ბავშვებთან შესაძლოა 39 გრადუსს მიაღწიოს.
ნახველი თავდაპირველად წებოვანია (ლორწოვანი) და მწირი, ამოხველება ჭირს. თანდათანობით (მე-3-4 დღეს) ნახველი ხდება ლორწოვან-ჩირქოვანი, უფრო უხვი, ამოხველება ადვილდება, ხველის დროს ტკივილი ნაკლებინტენსიურია. ზოგჯერ ტრაქეიტის პარალელურად ანთებითი პროცესი ვრცელდება მსხვილ ბრონქებზე და კლინიკური სურათი იღებს ტრაქეობრონქიტის ხასიათს, რომლის დროსაც ხველა მუდმივი და უფრო მტანჯველია, ვიდრე ტრაქეიტის დროს, ხოლო სხეულის ტემპერატურა – მაღალი.
ტრაქეიტი და ტრაქეობრონქიტი შეიძლება გართულდეს და ანთებითი პროცესი გავრცელდეს ქვედა სასუნთქ გზებზე. განსაკუთრებით საშიშია ბრონქოპნევმონია მოხუცებულ პაციენტებთან და ბრონქიოლიტი – ბავშვებთან.
ქრონიკული ტრაქეიტის ძირითადი სიმპტომებია მტანჯველი შეტევითი ხველა, განსაკუთრებით – ღამისა და დილის საათებში, რომელსაც თან ახლავს გულმკერდის ტკივილი. ნახველი ზოგჯერ ცოტაა და წებოვანი, ზოგჯერ – უხვი და ლორწოვან-ჩირქოვანი, მაგრამ, კონსისტენციის მიუხედავად, ადვილი ამოსახველებელია. დაავადება მიმდინარეობს დიდხანს და ახასიათებს გამწვავებები.

დიაგნოსტიკა
მწვავე ტრაქეიტის დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის, ანამნეზისა და ლარინგოსკოპით ტრაქეის დათვალიერების საფუძველზე. ტრაქეობრონქიტის საწყის სტადიაზე აუსკულტაციით ისმინება მშრალი, მოგვიანებით კი სველი წვრილბუშტუკოვანი და საშუალობუშტუკოვანი ხიხინი ორივე ფილტვში, განსაკუთრებით – მათ ქვედა წილებში.

მკურნალობა
მწვავე ტრაქეიტის მკურნალობა მიმართულია დაავადების გამომწვევი მიზეზისა და ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრისკენ. ინიშნება მდოგვის საფენები გულმკერდის არეში, ცხელი სასმელები (მცირე ყლუპებით), თბილი ინჰალაცია და საჭიროებისამებრ – სიცხის დამწევი საშუალებებიც. ინტოქსიკაციის სიმპტომებისა და ანთებითი პროცესის ქვედა სასუნთქ გზებში გავრცელების შემთხვევაში მკურნალობა ტარდება სულფანილამიდური პრეპარატებით და ანტიბიოტიკებით (მათ შორის – აეროზოლის სახითაც). მტანჯველი ხველის შემთხვევაში ინიშნება კოდეინი, ლიბექსინი, ხოლო ნახველის გამოყოფის გაძნელებისას – ამოსახველებელი საშუალებები და ინჰალაცია ტუტე ხსნარით.
თუ მიზეზი ვირუსული ინფექციაა (უპირველეს ყოვლისა – A და  B გრიპი), ინიშნება ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა.
ქრონიკული ტრაქეიტის მკურნალობის პრინციპი ისეთივეა, როგორიც მწვავე ტრაქეიტისა. ჩირქოვანი და ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის არსებობისას ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, ინჰალაცია, ამოსახველებელი საშუალებები.

პროფილაქტიკა
მწვავე და ქრონიკული ტრაქეიტის პროფილაქტიკა გულისხმობს გამომწვევი მიზეზის დროულ აღმოფხვრას, ორგანიზმის გაკაჟებას.

ტოქსოპლაზმოზი

ტოქსოპლაზმოზი ფართოდ გავრცელებული  ქრონიკული  პარაზიტული დაავადებაა, რომელიც  უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მკურნალობასაც არ მოითხოვს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით უწყინარი ინფექცია, თუ ორსულს დაემართა, შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს. არსებობს დაავადებები, რომელთა თავისებურებაც ის არის, რომ თუმცა არაორსულებში განსაკუთრებული სირთულის გარეშე მიმდინარეობს, ორსულობისას მძიმე გართულებებს იწვევს. ასეთ ინფექციებს Torch კომპლექსის სახელწოდებით აერთიანებენ და სწორედ მისი წარმომადგენელია  ტოქსოპლაზმოზი (Toxoplazma), წითურა (Rubella), ციტომეგალოვირუსი (Citomegalovirus) და ჰერპესვირუსი (Herpes).  ტოქსოპლაზმოზს ახასიათებს ნერვული სისტემის დაზიანება, ლიმფადენოპათია, მეზადენიტი, მიოკარდის, კუნთებისა და თვალების ხშირი დაზიანება.

გამომწვევი

ტოქსოპლაზმოზს უჯრედშიდა პარაზიტი Toxoplazma Gondii იწვევს. პარაზიტის საბოლოო მასპინძელია კატა. თავად ის თაგვებისგან, ვირთხებისგან ან ფრინველებისგან ინფიცირდება. ინფიცირებული კატა ფეკალიებთან ერთად გამოყოფს ოოციტებს; ტოქსოპლაზმის გამომწვევი გარემო პირობების მიმართ დიდი გამძლეობით გამოირჩევა და მხოლოდ 60-65 გრადუსზე იღუპება. ნიადაგში მოხვედრილი პარაზიტი მკვრივ გარსს შემოიკრავს და ასე 6-დან 8 თვემდე შეიძლება იცოცხლოს. სწორედ მისი გამძლეობა განაპირობებს ამ დაავადების ძლიერ გავრცელებას. ადამიანის დასნებოვნება ხდება ოოციტების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას. სხვა ცხოველები საშიშროებას არ წარმოადგენენ. მათგან დასნებოვნება შესაძლებელია მხოლოდ უმი ხორცის (ხორცის ფარშის) მეშვეობით. დაავადებული ადამიანი გარშემო მყოფთათვის საშიში არ არის. ეს დაავადება უმეტესობას განსაკუთრებული სირთულეების გარეშე, უსიმპტომოდ გადააქვს, ორსულის ინფიცირებამ კი შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ჯანმრთელობას.

გადაცემის მექანიზმი

ტოქსოპლაზმით ინფიცირება სხვადასხვა გზით ხდება. გადაცემის მექანიზმი ძირითადად ფეკალურ-ორალურია. ინფიცირება უმეტესად კატასთან კონტაქტისას ხდება. ასევე ხშირია დაუმუშავებელი ხორცის, გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით დასნებოვნება. აღწერილია დაავადების გავრცელება პროფესიული გზით – ლაბორატორიებში. ინფიცირება ხდება ტრანსპლაცენტურადაც, ანუ დედისგან გადაედება ნაყოფს. ამ გზით დასნებოვნების ალბათობა დაახლოებით 44%-ია. ორსულისთვის ტოქსოპლაზმოზი სწორედ ამ გზით გადაცემის გამოა საშიში. ინფიცირება მოსალოდნელია ასევე სისხლის მეშვეობით, ორგანოთა ტრანსპლანტაციისას და ა.შ.
ძალიან იშვიათად ლაპარაკობენ გადაცემის სქესობრივ გზაზე, თუმცა ეს მოსაზრება დადასტურებული არ არის. ამ გზით დასნებოვნება ნაკლებსავარაუდოა.

ეტიოლოგია და პათოგენეზი
ტოქსოპლაზმოზის გამომწვევია უმარტივესი მიკროორგანიზმი – ტოქსოპლაზმა. ადამიანისა და შუალედური მასპინძლების ორგანიზმში იგი არსებობს ტროფოზოიტების სახით, რომლებიც უჯრედშიგნით მრავლდებიან; გარდა ამისა, ორგანიზმში წარმოიქმნება ცისტები – მკვრივი გარსით გარშემორტყმული პარაზიტების გროვა. ცისტები ძალზე გამძლეები არიან და ქიმიოთერაპიული პრეპარატების ზემოქმედებითაც არ იხოცებიან. ინფექციის კარიბჭეა საჭმლის მომნელებელი ორგანოები. გამომწვევი ჩაინერგება წვრილ ნაწლავში, მიჰყვება ლიმფის ნაკადს, ხვდება რეგიონულ ლიმფურ კვანძებში და იწვევს ანთებით ცვლილებებს. ჰემატოგენურად ანუ სისხლის ნაკადთან ერთად ტოქსოპლაზმა ხვდება სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში, სადაც წარმოქმნის ცისტებს და ათეულობით წელი, ზოგჯერ – სამუდამოდაც კი, რჩება ადამიანის ორგანიზმში. შედეგად ხდება ორგანიზმის ალერგიზაცია და ანტისხეულების გამომუშავება. ინფექცია ხშირად მიმდინარეობს ლატენტურად, ხოლო ორგანიზმის დამცველობითი ძალების დასუსტებისას შესაძლოა გამწვავდეს. იმუნური სისტემის მკვეთრი დათრგუნვის დროს შესაძლოა განვითარდეს გენერალიზებული ინფექცია მძიმე ენცეფალიტით.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ტოქსოპლაზმოზი ათიდან რვა შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტები უმეტესად ვერც კი ხვდებიან, ისე გადააქვთ ეს ინფექცია.
სუბკლინიკურ ფორმებს (როცა პროცესი არც მკვეთრადაა გამოხატული, მაგრამ არც მთლიანად წაშლილია) გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს. იშვიათად დიდდება ლიმფური ჯირკვლები, შეინიშნება აღგზნება, თავის ტკივილი, სისუსტე.
არსებობს დაავადების გენერალიზებული ფორმაც, როდესაც დიდდება პერიტონეული და მეზენტერიული (ჯორჯლის) ლიმფური ჯირკვლები. 10-20%-ში დაავადება მკვეთრად გამოხატული კლინიკით მიმდინარეობს და ინფექციურ მონონუკლეოზს მოგვაგონებს. ამ დროს დიდდება ლიმფური ჯირკვლები, ელენთა და ღვიძლი, ვითარდება სიყვითლე, კუნთებისა და ყელის ტკივილი. აღსანიშნავია, რომ არაორსულებთან, მძიმე შემთხვევებშიც კი, დაავადება თვითგანკურნებით მთავრდება და სპეციფიკურ ჩარევას არ მოითხოვს.
დაავადება ორსულებშიც უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გვხვდება მძიმე ფორმებიც. უსიმპტომო მიმდინარეობა ართულებს დაავადების გამოვლენას, ამიტომ მკურნალობაც გვიან იწყება, როცა პროცესი შორს არის წასული და ჩარევაც დაგვიანებულია.
საბედნიეროდ, თუ დედას ტოქსოპლაზმოზი აქვს, ნაყოფის დაავადება არ არის გარდაუვალი. ეს ორსულობის ვადაზეა დამოკიდებული. ინფიცირების რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მეტია გესტაციის ვადა. პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ინფიცირების ალბათობა 9%-მდეა, მეორეში – 39%-მდე, მესამეში კი – 60%-მდე. თუმცა აღსანიშნავია, რომ მძიმე გართულებები, მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობა გესტაციის მოგვიანებით ვადაზე უფრო იშვიათია, ანუ პირველ ტრიმესტრში დაინფიცირებული 100 დედისგან 81 ბავშვი სავსებით ჯანმრთელი იბადება, მაგრამ დაავადებულებში დიდია მკვდრადშობადობისა და პერინატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მესამე ტრიმესტრში კი, მართალია, 100-დან მხოლოდ 41-ია ჯანმრთელი, მაგრამ ინფიცირებულებს შორის მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობა თითქმის ნულის ტოლია.
ტოქსოპლაზმოზის მიმართ მყარი იმუნიტეტი ყალიბდება, ანუ თუ ადამიანმა ერთხელ გადაიტანა ის, მეორედ აღარ დაემართება. გამორიცხული არ არის, იმუნიტეტის ძლიერი დაქვეითების ფონზე დაავადება მაინც გააქტიურდეს, თუმცა ასეთი რამ ძალზე იშვიათია, თანაც ამ დროს დაავადება გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე პირველ შემთხვევაში.

ნაყოფი ტოქსოპლაზმოზის დროს
თუ დედა დაავადდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნაყოფის დაავადებას. თუ ნაყოფის ინფიცირება მაინც მოხდა, ვითარდება თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზისთვის დამახასიათებელი კლასიკური ტეტრადა: მიკროცეფალია (თავის ტვინის სიმცირე) ან ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი), ქორიორეტინიტი (თვალის ბადურა გარსის ანთება), კრუნჩხვა ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სხვა სიმპტომები და კალციფიკატები თავის ტვინში. იშვიათად შესაძლოა შეგვხდეს დაავადების სხვა ფორმებიც – თრომბოციტოპენიური პურპურა, სიყვითლე, დიარეა, ცხელება, ჰიპოთერმია (დაბალი ტემპერატურა), ღებინება, პნევმონია (ფილტვების ანთება). არის შემთხვევები, როცა ახალშობილი თითქოს ჯანმრთელი იბადება და თვეების შემდეგ გამოაჩნდება ღვიძლისა და ელენთის გადიდება. დაავადების სიმპტომები შესაძლოა დიდხანს არ ჩანდეს და მხოლოდ სკოლამდელ ასაკში იჩინოს თავი, რაც ასევე ართულებს მის დიაგნოსტიკას. ყველაზე მძიმე გართულებები კი მკვდრადშობადობა და პერინატალური სიკვდილიანობაა.
დაავადების გადატანიდან დაორსულებამდე ოპტიმალური შუალედია 6 თვე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, მყარ იმუნურ პასუხს 6 თვე სჭირდება.

დიაგნოსტიკა
ტოქსოპლაზმოზის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სეროლოგიური კვლევები ანუ სისხლის შრატის გამოკვლევა ტოქსოპლაზმის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე. ადამიანის სისხლში არის სხვადასხვა ტიპის ანტისხეულები, რომლებიც განსხვავებული მდგომარეობის დროს იმატებს. იმუნოგლობულინი M  მწვავე პროცესის მანიშნებელია და მას დიაგნოსტიკისას აუცილებლად განსაზღვრავენ. ის სისხლში ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩნდება, პიკს ერთ თვეში აღწევს, ხოლო მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში ნელ-ნელა იკლებს, თუმცა შესაძლოა, ეს ანტისხეული ორგანიზმში წლობითაც დარჩეს. ამიტომაც მხოლოდ M-ის ნახვით მწვავე ტოქსოპლაზმოზის დიაგნოზი ვერ დაისმება. ამისთვის საჭიროა იმუნოგლობულინ G-ს განსაზღვრაც. მწვავე პროცესის დიაგნოზი ისმება მაშინ, როცა წყვილ შრატებში G-ს ოთხჯერადად მატება ფიქსირდება.
დიაგნოზის დასმის საფუძველია ისიც, თუ სისხლში ტოქსოპლაზმოზის საწინააღმდეგო IgG-ს მაჩვენებელი უარყოფითი იყო და შემდეგ დადებითი გახდა, ანუ სერონეგატიური პასუხი სეროპოზიტიურით შეიცვალა.
ძალიან კარგი იქნება, განისაზღვროს ავიდობა, ანუ ანტისხეულებისა და ანტიგენის (გამომწვევის) ერთმანეთთან შეკავშირების სიმტკიცე. რაც უფრო მაღალია ავიდობის მაჩვენებელი (რაც პროცესის ხანდაზმულობაზე მეტყველებს), მით მყარია იმუნიტეტი.
თუ სეროლოგიური ტესტი IgG  ანტისხეულზე დადებითია, ხოლო IgM -ზე უარყოფითი, ეს ნიშნავს, რომ ქალმა დაავადება გადაიტანა და მის მიმართ მყარი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა.
არსებობს ტოქსოპლაზმის საწინააღმდეგო A და I ანტისხეულებიც. ისინი სისხლში ყველზე ადრე ჩნდებიან და მალევე ქრებიან, ამიტომ მათი “დაჭერა” ძალიან ძნელია. მათ ბავშვებში იყენებენ დიაგნოსტიკისთვის.
ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა ორსულთა რუტინული გამოკვლევა. მაგალითად, საფრანგეთში ტოქსოპლაზმოზზე გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და ის ორსულობის ყოველ ტრიმესტრში ტარდება. საქართველოში ასე არ არის. საერთოდ უმჯობესი იქნებოდა, ტოქსოპლაზმზის ინფექციებზე ქალს დაორსულებამდე რომ იკვლევდნენ, ეს მრავალ უსიამოვნებას აგვაცილებდა თავიდან. სამწუხაროდ, საქართველოში პირიქით ხდება და დიაგნოზი ხშირად იმ ეტაპზე ისმება, როცა მკურნალობა დაგვიანებულია.

პროფილაქტიკა
ორსულებს, რომელთაც ტოქსოპლაზმოზი არ გადაუტანიათ, ვურჩევთ:
-მინიმუმამდე დაიყვანონ კატის ფეკალიებთან კონტაქტი; თუ მაინც მოუხდათ, გამოიყენონ ხელთათმანი;
-ხშირად იბანონ ხელები, განსაკუთრებით – ჭამის წინ;
-მიირთვან თერმულად საკმარისად დამუშავებული ხორცი;
-ხილი და ბოსტნეული მიღებამდე საფუძვლიანად გარეცხონ;
-ერიდონ ნიადაგთან ურთიერთობას ან გამოიყენონ რეზინის ხელთათმანი.
გახსოვდეთ: პროფილაქტიკა დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე იაფი, ადვილი და ეფექტური საშუალებაა.

მკურნალობა
ტოქსპლაზმოზს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. პირველ ტრიმესტრში – სპირამიცინით, მეორესა და მესამეში – პირიმეტამინითა და სულფადიაზინით ფოლიუმის მჟავასთან ერთად, მაგრამ ვინაიდან ესენი საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებებია, მკურნალობა მხოლოდ მაშინ ინიშნება, როდესაც ნაყოფის ინფიცირება დადასტურებულია. ამისთვის ორსულობის 20 კვირის ვადაზე ტარდება ამნიოცენტეზი (სანაყოფე სითხის აღება შემდგომი კვლევისთვის) და დადებითი პასუხის შემთხვევაში იწყება მკურნალობა.
ორსულობისას ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია. თუ პათოლოგიათა განვითარების რისკი არანამკურნალებ შემთხვევებში 56%-მდეა, მკურნალობის შედეგად ის 24%-მდე ჩამოდის, დაავადების აგრესიულობა და სიმწვავე იკლებს. მაგრამ სრული განკურნება, სამწუხაროდ, არ დგება. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი TORCH ინფექციებზე გამოკვლევა დროულად, დაორსულებამდე, რათა თავი დავიზღვიოთ მძიმე გართულებებისგან და ორსულობა მშვიდად და უვნებლად წარიმართოს.

ტოქსიკოინფექცია

საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციები მწვავე ინფექციურ დაავადებათა საკმაოდ დიდი ჯგუფია. ის სხვადასხვა ბაქტერიის: სალმონელას, ნაწლავის ჩხირის, სტაფილოკოკის – ან მათი ცხოველქმედების ტოქსიკური პროდუქტების ზემოქმედებას უკავშირდება. საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმები დიდხანს ძლებენ წყალში, დაავადებული ადამიანის განავალში, მის ხელებზე, ჭურჭელზე, პირადი მოხმარების საგნებზე. ამ ბაქტერიებით ინფიცირება შესაძლებელია ჭუჭყიანი ხელების, დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი გამომწვევი სიცოცხლის უნარს დაბალ ტემპერატურაზეც ინარჩუნებს.
ყოველ ჩვენგანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც განუცდია საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციით მიღებული უსიამოვნება. უხარისხო პროდუქტის შეჭმიდან საათნახევრის-ორი საათის შემდეგ იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ზოგჯერ სხეულის ტემპერატურაც იმატებს, ადამიანს ეუფლება სისუსტე, ამცივნებს, ეხვევა თავბრუ. ეს სიმპტომები იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმში ავადმყოფობის გამომწვევმა მიკრობმა: პროტეუსმა, ენტეროკოკმა, კლოსტრიდიამ, ფსევდომონამ, – დაიდო ბინა.
ზაფხულობით ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება – მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები წელიწადის ამ დროს ხშირად ირღვევა, ამიტომ კვებითი ტოქსიკოინფექციების გამომწვევი მიკრობები შეუფერხებლად მრავლდებიან.
ზოგჯერ მოწამვლას იწვევს საკვებში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები (პესტიციდები), მძიმე ლითონების (თუთიის, სპილენძის, ტყვიის) მარილები, პროდუქტის ბუნებრივი შხამი (შხამასოკოები, ზოგიერთი ჯიშის თევზი). ეს კვებითი ინტოქსიკაცია არ არის. კვებით ინტოქსიკაციად არც უმწიფარი ნაყოფით ან რაციონალური კვების წესების დარღვევით (დიდი ოდენობით ცხიმიანი პროდუქტის, მჟავე რძის, ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების) მოხმარებით გამოწვეული დისპეფსიური მოვლენები მიიჩნევა. აქვე დავძენთ, რომ მარწყვით, კვერცხით და სხვა ამგვარი პროდუქტებით გამოწვეული `მოწამვლა~ ხშირად ამ პროდუქტის მიმართ ალერგიული რეაქციით არის განპირობებული.

ინფიცირების გზები

ჯანმრთელობისთვის მავნე თვისებებს საკვები სხვადასხვა დროს: წარმოებისას, ტრანსპორტირებისას, შენახვისა და რეალიზაციისას – იძენს. განსაკუთრებით საშიშია ფარშისგან მომზადებული კერძები, პაშტეტი, მაიონეზი. მათში მიკროორგანიზმები სწრაფად მრავლდება. ეს და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი შენახულ უნდა იქნეს მცირე ხნით და დაბალ ტემპერატურაზე. კატლეტის თუ პელმენის შეთბობა უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის – მიკრობები, რომლებიც პროდუქტის სიღრმეში ბინადრობენ, შესაძლოა, სიცოცხლისუნარიანნი დარჩნენ. მათი უვნებელყოფისთვის ინტენსიური სითბური დამუშავებაა საჭირო. კვებითი ინტოქსიკაციის ერთ-ერთი სახეა სტაფილოკოკური ინტოქსიკაცია. ის ვითარდება სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის შემცველი საკვების მოხმარებისას (ამ დროს შესაძლოა, პროდუქტი გამომწვევს არ შეიცავდეს). ენტეროტოქსინი სითბოგამძლეა. მისი უვნებელყოფისთვის საჭიროა 1-2-საათიანი დუღილი. სტაფილოკოკურ ტოქსიკოინფექციას ხშირად იწვევს კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი ხაჭო, რძე, კარაქი. საკვებს სტაფილოკოკით აბინძურებს ადამიანი (მზარეული, კონდიტერი), რომელსაც აქვს ფურუნკულოზი, პიოდერმია ან სხვა ჩირქოვანი დაავადება. საფრთხეს წარმოადგენს ანგინით, სურდოთი, ლარინგიტით, ბრონქიტით დაავადებული ადამიანიც. რძე ბინძურდება, თუ ძროხას აქვს სარძევე ჯირკვლის ანთება (მასტიტი).

საკვებისმიერი  ტოქსიკოინფექციის სიმპტომები და მიმდინარეობა

ნიშნები თავს იჩენს ინფიცირებული საკვების მიღებიდან 2-48 საათის შემდეგ. წამყვანი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლილობა, მუცლის ტკივილი. ტემპერატურა ზოგჯერ ნორმალური რჩება, ზოგჯერ 38-390C-მდე იმატებს. ავადმყოფობა, ჩვეულებრივ, 1-დან 3 დღემდე გასტანს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ვითარება რთულდება. სტაფილოკოკური ინტოქსიკაცია გამოირჩევა ხანმოკლე საინკუბაციო პერიოდით, რომლის ხანგრძლივობა 2-4 საათს არ აღემატება. დაავადება ვლინდება კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნებით, მკერდის ძვლის ქვეშ მზარდი ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით. მსუბუქი ინტოქსიკაცია ნორმალური ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. გამოჯანსაღებისთვის უმეტესად 1-2 დღეა საჭირო. იშვიათად ავადმყოფობა უფრო მეტხანსაც გასტანს. საბედნიეროდ,  კუჭ-ნაწლავის ამ ტიპის აშლილობა ჯანმრთელობას იშვიათად უქმნის საფრთხეს და რამდენიმე დღეში უკვალოდ გაივლის. ასეთ შემთხვევებში ექიმებს თვითმკურნალობის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მთავარია სწორი მიდგომა.

მკურნალობა

ღებინება ორგანიზმს ყველაზე სწრაფად და სრულყოფილად ათავისუფლებს ენტეროტოქსინითა და მისი წარმომქმნელი მიკრობით დაბინძურებული საკვებისგან. ამოირეცხეთ კუჭი კალიუმის პერმანგანატის ბაცი ვარდისფერი ხსნარით, სუფრის მარილის ან სოდის წყალხსნარით (1 სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე). შეიძლება უბრალო ანადუღარი წყლის გამოყენებაც. სასურველია 2 ლიტრამდე სითხის მიღება. თუ ღებინება არ განვითარდა, მექანიკურად გამოიწვიეთ – დააწექით ენის ძირს ორი (სუფთა) თითით ან კოვზით. პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ. გამოიჩინეთ ნებისყოფა და როგორც არ უნდა შეგაწუხოთ შიმშილმა, უახლოესი 24 საათის განმავლობაში (უმჯობესია, ცოტა მეტხანსაც) ნურაფერს შეჭამთ, სითხის მიღება კი განუსაზღვრელი ოდენობით შეგიძლიათ. ყველაფერს სჯობია თბილი უშაქრო ჩაი და სუფთა ანადუღარი წყალი. სვით თითო ჭიქა საათში ერთხელ, ყლუპობით. ღებინებისა და კუჭის აშლილობის დროს ორგანიზმი სითხესთან ერთად ნატრიუმსა და ქლორსაც კარგავს. ამ დანაკარგის შევსება შეიძლება ანადუღარ წყალში გახსნილი 1 ჩ.კ. სუფრის მარილით, კარტოფილისა და სტაფილოს ნახარშით.
2-3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი ან სტაფილო გახეხეთ მსხვილად, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი, წამოადუღეთ, ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ და გაწურეთ. დალევის წინ დაამატეთ ცოტაოდენი მარილი.
კარგია გარგარის ჩირისგან, ქიშმიშისა და ბანანისგან მომზადებული უშაქრო კომპოტის სმაც. ყველა ეს პროდუქტი მდიდარია კალიუმით. არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ თვითონ ხილი. როცა სამკურნალო შიმშილის პერიოდი ჩაივლის, გადადით 3-4 საათში ერთხელ მცირე ულუფებით კვებაზე. პირველ დღეს დასჯერდით კეფირს (ნაწლავის მიკროფლორას ყველაზე უკეთ აღადგენს ბიფიდოკეფირი, საბავშვო აციდოფილინი, ბიფილინი), თეთრი პურის ორცხობილა, ბრინჯის ან შვრიის წყალში მოხარშული თხელი ფაფა. მეორე დღეს მიირთვით რძიანი ფაფა, თოხლო კვერცხი, მესამე დღეს – მოხარშული ხორცი, თევზი, კარტოფილის ან სტაფილოს ფაფა. უმი ბოსტნეული, ხილი, წვენები (განსაკუთრებით – მჟავე: ფორთოხლისა,  გრეიპფრუტისა, პომიდვრისა) შეგიძლიათ გამოჯანმრთელების შემდეგაც მიიღოთ.

თუ ღებინება გაგრძელდა

თუ კუჭი შიგთავსისგან დაცლილია, მაგრამ ღებინება გრძელდება, დაწექით, მოეშვით, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და პირში ყინულის ნატეხი ჩაიდეთ. უმჯობესია, ეს იყოს არა უბრალოდ ანადუღარი წყლის, არამედ პიტნის ჩაის ყინული (2 ჩაის კოვზ ხმელ პიტნას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 5 წუთს გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ). კარგია ნახევარი ლიტრი პიტნის ნახარშის თბილი ოყნაც. უსიამოვნო შეგრძნების გაქრობამდე საათში ერთხელ ყლუპობით სვით პიტნის ჩაი.
თუ გრძნობთ, რომ თავბრუ გეხვევათ და გული მიგდით, ვალერიანის წვეთებით დაასველეთ დოლბანდის ნაჭერი და მორიგეობით ისუნთქეთ ორივე ნესტოთი, მეორეზე ამ დროს ხელი მიიჭირეთ. მუცლის ტკივილის შესამცირებლად პერიოდულად საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით მსუბუქად ისვით ხელი. შემდეგ მუცელი შალის ქსოვილით დაითბუნეთ. გაღიზიანებულ კუჭ-ნაწლავს აწყნარებს ბარამბოს, გვირილისა და თავშავას ნაყენი. ეს მცენარეები თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 30-40 წუთს. სვით თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

თუ აშლილობას ხანგრძლივი შეკრულობა მოჰყვა

როდესაც შეკრულობა 48 საათზე მეტხანს გრძელდება, ნაწლავის კედლიდან სისხლში გადადის ლპობისა და დუღილის მოლეკულები, რაც კვლავ ინტოქსიკაციას ნიშნავს, ეს კი იწვევს თავის ტკივილს, ღებინების შეგრძნებას და უსიამოვნო განწყობას. ამ დროს კარგია საფაღარათოს მიღება, მაგრამ მცირე ხნით – მისი ხანგრძლივი გამოყენება შეჩვევას იწვევს და დოზის გაზრდა ხდება საჭირო, რაც ორგანიზმისთვის საზიანოა. თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა, რაციონში კორექტივები უნდა შევიტანოთ: გავზარდოთ მცენარეული ბოჭკოს – ხილისა და ბოსტნეულის წილი. კარგია შავი ქლიავი, ვაშლის პიურე, გახეხილი ჭარხალი – ეს ხილ-ბოსტნეული შეიცავს პექტინებს, რომლებიც ნაწლავში იჯირჯვება და მის დაცლას აადვილებს. თუ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი, რაციონში ჩართეთ ბალასტური ნივთიერებები – ბურღული, რომელსაც კვებითი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას და ხელს უწყობს მის გადაადგილებას. მიიღეთ დღეში 3-4 სუფრის კოვზი კეფირთან, ფაფასთან ან პიურესთან ერთად.
მსუბუქი მოწამვლისას მედიკამენტის მიღება არ ღირს. გამოცდილება მოწმობს, რომ ასეთი დისფუნქცია რამდენიმე დღეში თავისთავად მოწესრიგდება. ზემოხსენებულ საშუალებებთან ერთად სასარგებლოა კრაზანასა და მუხის ქერქისგან დამზადებული სადეზინფექციო ნაყენები: ერთ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით მდუღარე, 15 წუთით გააჩერეთ ორთქლზე, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

როდის მივმართოთ ექიმს?

როცა მუცლის ტკივილი გვაფიქრებინებს ბრმა ნაწლავის შეტევას ან სხვა მწვავე დაავადებას, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოითხოვს – ამ შემთხვევაში წუთებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:
-თუ მუცლის ტკივილმა და ტემპერატურამ (38,50C და მეტი) 2-3 დღეში არ გაიარა;
-თვალის სკლერა, კანი გაყვითლდა, შარდი გამუქდა;
-ღებინება მომდევნო დღეებშიც განმეორდა, პირნაღები მასა ყავის ნალექს ჰგავს ან ამონაღებში სისხლი შეამჩნიეთ;
-კუჭის მოქმედება ხშირია (10 და მეტი დღეში), ნაწლავებიდან გამოსული მასა ბევრია ან მასში შეინიშნება სისხლის მინარევი, ლორწო და ჩირქი;
-თვალები ჩაცვენილია, პირი – მშრალი, ნერწყვი – სქელი და წებოვანი, მიღებული სითხე არ ჩერდება ორგანიზმში ან ავადმყოფს არ შეუძლია წყლის მოსმა. მოზარდებისთვის ეს მდგომარეობა სახიფათოა, თუ გაგრძელდა 10-12 საათს, 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 10 საათს, 2-დან 5 წლამდე – 8 საათს, 2 წლამდე – 6 საათს. 

toqsikoinfeqcia

sakvebismieri toqsikoinfeqciebi mwvave infeqciur daavadebaTa sakmaod didi jgufia. is sxvadasxva baqteriis: salmonelas, nawlavis Cxiris, stafilokokis – an maTi cxovelqmedebis toqsikuri produqtebis zemoqmedebas ukavSirdeba. sakvebismieri toqsikoinfeqciebis gamomwvevi mikroorganizmebi didxans Zleben wyalSi, daavadebuli adamianis ganavalSi, mis xelebze, WurWelze, piradi moxmarebis sagnebze. am baqteriebiT inficireba SesaZlebelia WuWyiani xelebis, dabinZurebuli wylisa da sakvebis meSveobiT. aRsaniSnavia, rom zogierTi gamomwvevi sicocxlis unars dabal temperaturazec inarCunebs.

yovel Cvengans sicocxleSi erTxel mainc ganucdia sakvebismieri toqsikoinfeqciiT miRebuli usiamovneba. uxarisxo produqtis SeWmidan saaTnaxevris-ori saaTis Semdeg iwyeba gulisreva, muclis tkivili, faRaraTi, zogjer sxeulis temperaturac imatebs, adamians eufleba sisuste, amcivnebs, exveva Tavbru. es simptomebi imaze metyvelebs, rom organizmSi avadmyofobis gamomwvevma mikrobma: proteusma, enterokokma, klostridiam, fsevdomonam, – daido bina.

zafxulobiT es problema ufro aqtualuri xdeba – malfuWebadi produqtebis Senaxvis pirobebi weliwadis am dros xSirad irRveva, amitom kvebiTi toqsikoinfeqciebis gamomwvevi mikrobebi Seuferxeblad mravldebian.

zogjer mowamvlas iwvevs sakvebSi moxvedrili qimiuri nivTierebebi (pesticidebi), mZime liTonebis (TuTiis, spilenZis, tyviis) marilebi, produqtis bunebrivi Sxami (Sxamasokoebi, zogierTi jiSis Tevzi). es kvebiTi intoqsikacia ar aris. kvebiT intoqsikaciad arc umwifari nayofiT an racionaluri kvebis wesebis darRveviT (didi odenobiT cximiani produqtis, mJave rZis, urTierTSeuTavsebeli produqtebis) moxmarebiT gamowveuli dispefsiuri movlenebi miiCneva. aqve davZenT, rom marwyviT, kvercxiT da sxva amgvari produqtebiT gamowveuli `mowamvla~ xSirad am produqtis mimarT alergiuli reaqciiT aris ganpirobebuli.

inficirebis gzebi

janmrTelobisTvis mavne Tvisebebs sakvebi sxvadasxva dros: warmoebisas, transportirebisas, Senaxvisa da realizaciisas – iZens. gansakuTrebiT saSiSia farSisgan momzadebuli kerZebi, paSteti, maionezi. maTSi mikroorganizmebi swrafad mravldeba. es da sxva malfuWebadi produqti Senaxul unda iqnes mcire xniT da dabal temperaturaze. katletis Tu pelmenis SeTboba usafrTxoebisTvis sakmarisi ar aris – mikrobebi, romlebic produqtis siRrmeSi binadroben, SesaZloa, sicocxlisunarianni darCnen. maTi uvnebelyofisTvis intensiuri siTburi damuSavebaa saWiro. kvebiTi intoqsikaciis erT-erTi saxea stafilokokuri intoqsikacia. is viTardeba stafilokokuri enterotoqsinis Semcveli sakvebis moxmarebisas (am dros SesaZloa, produqti gamomwvevs ar Seicavdes). enterotoqsini siTbogamZlea. misi uvnebelyofisTvis saWiroa 1-2-saaTiani duRili. stafilokokur toqsikoinfeqcias xSirad iwvevs kremiani sakonditro nawarmi, tkbili xaWo, rZe, karaqi. sakvebs stafilokokiT abinZurebs adamiani (mzareuli, konditeri), romelsac aqvs furunkulozi, piodermia an sxva Cirqovani daavadeba. safrTxes warmoadgens anginiT, surdoTi, laringitiT, bronqitiT daavadebuli adamianic. rZe binZurdeba, Tu Zroxas aqvs sarZeve jirkvlis anTeba (mastiti).

sakvebismieri toqsikoinfeqciis simptomebi da mimdinareoba

niSnebi Tavs iCens inficirebuli sakvebis miRebidan 2-48 saaTis Semdeg. wamyvani simptomebia gulisreva, Rebineba, kuWis aSliloba, muclis tkivili. temperatura zogjer normaluri rCeba, zogjer 38-39 0C-mde imatebs. avadmyofoba, Cveulebriv, 1-dan 3 dRemde gastans, Tumca aris SemTxvevebi, rodesac viTareba rTuldeba. stafilokokuri intoqsikacia gamoirCeva xanmokle sainkubacio periodiT, romlis xangrZlivoba 2-4 saaTs ar aRemateba. daavadeba vlindeba kuWis areSi simZimis SegrZnebiT, mkerdis Zvlis qveS mzardi tkiviliT, gulisreviT, RebinebiT, faRaraTiT. msubuqi intoqsikacia normaluri temperaturis fonze mimdinareobs. gamojansaRebisTvis umetesad 1-2 dRea saWiro. iSviaTad avadmyofoba ufro metxansac gastans. sabednierod, kuW-nawlavis am tipis aSliloba janmrTelobas iSviaTad uqmnis safrTxes da ramdenime dReSi ukvalod gaivlis. aseT SemTxvevebSi eqimebs TviTmkurnalobis sawinaaRmdego araferi aqvT. mTavaria swori midgoma.

mkurnaloba

Rebineba organizms yvelaze swrafad da srulyofilad aTavisuflebs enterotoqsiniTa da misi warmomqmneli mikrobiT dabinZurebuli sakvebisgan. amoirecxeT kuWi kaliumis permanganatis baci vardisferi xsnariT, sufris marilis an sodis wyalxsnariT (1 sufris kovzi 1 litr wyalze). SeiZleba ubralo anaduRari wylis gamoyenebac. sasurvelia 2 litramde siTxis miReba. Tu Rebineba ar ganviTarda, meqanikurad gamoiwvieT – daaweqiT enis Zirs ori (sufTa) TiTiT an kovziT. procedura gaimeoreT 3-4-jer. gamoiCineT nebisyofa da rogorc ar unda SegawuxoT SimSilma, uaxloesi 24 saaTis ganmavlobaSi (umjobesia, cota metxansac) nurafers SeWamT, siTxis miReba ki ganusazRvreli odenobiT SegiZliaT. yvelafers sjobia Tbili uSaqro Cai da sufTa anaduRari wyali. sviT TiTo Wiqa saaTSi erTxel, ylupobiT. Rebinebisa da kuWis aSlilobis dros organizmi siTxesTan erTad natriumsa da qlorsac kargavs. am danakargis Sevseba SeiZleba anaduRar wyalSi gaxsnili 1 C.k. sufris mariliT, kartofilisa da stafilos naxarSiT.

2-3 cali saSualo zomis kartofili an stafilo gaxexeT msxvilad, daasxiT 2 Wiqa civi wyali, wamoaduReT, xarSeT 20 wuTis ganmavlobaSi, gaaciveT da gawureT. dalevis win daamateT cotaodeni marili.

kargia gargaris Cirisgan, qiSmiSisa da bananisgan momzadebuli uSaqro kompotis smac. yvela es produqti mdidaria kaliumiT. araviTar SemTxvevaSi ar WamoT TviTon xili. roca samkurnalo SimSilis periodi Caivlis, gadadiT 3-4 saaTSi erTxel mcire ulufebiT kvebaze. pirvel dRes dasjerdiT kefirs (nawlavis mikrofloras yvelaze ukeT aRadgens bifidokefiri, sabavSvo acidofilini, bifilini), TeTri puris orcxobila, brinjis an Svriis wyalSi moxarSuli Txeli fafa. meore dRes miirTviT rZiani fafa, Toxlo kvercxi, mesame dRes – moxarSuli xorci, Tevzi, kartofilis an stafilos fafa. umi bostneuli, xili, wvenebi (gansakuTrebiT – mJave: forToxlisa, greipfrutisa, pomidvrisa) SegiZliaT gamojanmrTelebis Semdegac miiRoT.

Tu Rebineba gagrZelda

Tu kuWi SigTavsisgan daclilia, magram Rebineba grZeldeba, daweqiT, moeSviT, ramdenimejer Rrmad CaisunTqeT da pirSi yinulis natexi CaideT. umjobesia, es iyos ara ubralod anaduRari wylis, aramed pitnis Cais yinuli (2 Cais kovz xmel pitnas daasxiT 1 Wiqa mduRare wyali, 5 wuTs gaaCereT TermosSi, gawureT). kargia naxevari litri pitnis naxarSis Tbili oynac. usiamovno SegrZnebis gaqrobamde saaTSi erTxel ylupobiT sviT pitnis Cai.

Tu grZnobT, rom Tavbru gexvevaT da guli migdiT, valerianis wveTebiT daasveleT dolbandis naWeri da morigeobiT isunTqeT orive nestoTi, meoreze am dros xeli miiWireT. muclis tkivilis Sesamcireblad periodulad saaTis isris moZraobis mimarTulebiT msubuqad isviT xeli. Semdeg muceli Salis qsoviliT daiTbuneT. gaRizianebul kuW-nawlavs awynarebs barambos, gvirilisa da TavSavas nayeni. es mcenareebi Tanabari raodenobiT aurieT erTmaneTSi, 1 Cais kovz narevs daasxiT mduRare, gaaCereT TermosSi 30-40 wuTs. sviT TiTo Wiqa dReSi 3-4-jer.

Tu aSlilobas xangrZlivi Sekruloba mohyva

rodesac Sekruloba 48 saaTze metxans grZeldeba, nawlavis kedlidan sisxlSi gadadis lpobisa da duRilis molekulebi, rac kvlav intoqsikacias niSnavs, es ki iwvevs Tavis tkivils, Rebinebis SegrZnebas da usiamovno ganwyobas. am dros kargia safaRaraTos miReba, magram mcire xniT – misi xangrZlivi gamoyeneba SeCvevas iwvevs da dozis gazrda xdeba saWiro, rac organizmisTvis sazianoa. Tu es mdgomareoba gagrZelda, racionSi koreqtivebi unda SevitanoT: gavzardoT mcenareuli boWkos – xilisa da bostneulis wili. kargia Savi qliavi, vaSlis piure, gaxexili Warxali – es xil-bostneuli Seicavs peqtinebs, romlebic nawlavSi ijirjveba da mis daclas aadvilebs. Tu arc es aRmoCnda sakmarisi, racionSi CarTeT balasturi nivTierebebi – burRuli, romelsac kvebiTi Rirebuleba ar gaaCnia, magram zrdis nawlavis SigTavsis moculobas da xels uwyobs mis gadaadgilebas. miiReT dReSi 3-4 sufris kovzi kefirTan, fafasTan an piuresTan erTad.

msubuqi mowamvlisas medikamentis miReba ar Rirs. gamocdileba mowmobs, rom aseTi disfunqcia ramdenime dReSi TavisTavad mowesrigdeba. zemoxsenebul saSualebebTan erTad sasargebloa krazanasa da muxis qerqisgan damzadebuli sadezinfeqcio nayenebi: erT sufris kovz nedleuls daasxiT mduRare, 15 wuTiT gaaCereT orTqlze, gawureT da miiReT naxevari Wiqa dReSi 3-4-jer.

rodis mivmarToT eqims?

roca muclis tkivili gvafiqrebinebs brma nawlavis Setevas an sxva mwvave daavadebas, romelic saswrafo samedicino daxmarebas moiTxovs – am SemTxvevaSi wuTebs gadamwyveti mniSvneloba aqvs:

4 Tu muclis tkivilma da temperaturam (38,50C da meti) 2-3 dReSi ar gaiara;

4 Tvalis sklera, kani gayviTlda, Sardi gamuqda;

4 Rebineba momdevno dReebSic ganmeorda, pirnaRebi masa yavis naleqs hgavs an amonaRebSi sisxli SeamCnieT;

4 kuWis moqmedeba xSiria (10 da meti dReSi), nawlavebidan gamosuli masa bevria an masSi SeiniSneba sisxlis minarevi, lorwo da Cirqi;

4 Tvalebi Cacvenilia, piri – mSrali, nerwyvi – sqeli da webovani, miRebuli siTxe ar Cerdeba organizmSi an avadmyofs ar SeuZlia wylis mosma. mozardebisTvis es mdgomareoba saxifaToa, Tu gagrZelda 10-12 saaTs, 6-dan 10 wlamde asakis bavSvebisTvis – 10 saaTs, 2-dan 5 wlamde – 8 saaTs, 2 wlamde – 6 saaTs.

Don`t copy text!