Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 350

ოლიგოფრენია – oligophrenia – олигофрения

ოლიგოფრენია თანდაყოლილი ან შეძენილი (სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში) ჭკუასუსტობაა, რომელიც ვლინდება მთელი ფსიქიკის, უპირატესად კი ინტელექტის განუვითარებლობით.
ოლიგოფრენიას – თანდაყოლილ ჭკუასუსტობას, რომელსაც თან ახლავს ზოგადი განუვითარებლობის ნიშნები, განასხვავებენ დემენციისგან – შეძენილი ჭკუასუსტობისგან, რომლის დროსაც შეინიშნება ფსიქიკური ქმედების მოშლილობა.
ოლიგოფრენია მიეკუთვნება ონტოგენეზის დარღვევასთან დაკავშირებულ დაავადებათა ჯგუფს. მას განიხილავენ ავადმყოფის ფსიქიკის, პიროვნებისა და მთელი ორგანიზმის ანომალიად.
ოლიგოფრენია წარმოადგენს კლინიკურად არაერთგვაროვანი და განსხვავებული ეტიოლოგიის დაავადებათა ჯგუფს, რომელთა საერთო ნიშნებია: 1) თანდაყოლილი ან ადრეულ ასაკში შეძენილი ზოგადი განუვითარებლობა და ინტელექტუალური უკმარისობა; 2) პროგრესირების არარსებობა.
ოლიგოფრენიის დინამიკა ასაკობრივ განვითარებას უკავშირდება. ასაკობრივი კრიზებისა და სხვადასხვა ეგზოგენური (მათ შორის – ფსიქოგენური) ფაქტორის გავლენით მოსალოდნელია მდგომარეობის კომპენსაცია ან დეკომპენსაცია და პათოლოგიური რეაქციები.
ოლიგოფრენიას არ მიეკუთვნება თანდაყოლილი ან ბავშვობაში შეძენილი პროგრესირებადი დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ჭკუასუსტობით, ტვინის ადრეული ორგანული დაზიანების ნარჩენი მოვლენებით, ასევე – სხვადასხვა ფიზიკური დეფექტის, მეტყველების, სმენისა და სხვა დარღვევების გამო მეორეულად აღმოცენებული განვითარების შეფერხებებით.
ოლიგოფრენები არ არიან ნაკლებად ნიჭიერი ბავშვები და ის ბავშვები, რომელთაც გადატანილი გამომფიტავი დაავადებების ან არასასურველ გარემოში აღზრდის გამო დროებითი გონებრივი შეფერხება აღენიშნებათ.
მრავალ ქვეყანაში ოლიგოფრენია შედის გონებრივ ჩამორჩენილობათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს ადრეული დემენციისა და ფსიქიკური განვითარების შეფერხების სხვადასხვა ფორმას.
გონებრივი ჩამორჩენილობის ძირითადი დიაგნოსტიკური კრიტერიუმია ინტელექტის რაოდენობრივი შეფასება სტანდარტული ფსიქოლოგიური ტესტების მიხედვით (ინტელექტის კოეფიციენტი – IQ). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქოგენეზის ექსპერტთა კომიტეტის მე-15 მოხსენებაში (1967  წ.) მოყვანილია შემდეგი კრიტერიუმები: მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა – IQ=50-70; საშუალო სიმძიმის გონებრივი ჩამორჩენილობა – IQ=35-50; მკვეთრად გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა – IQ=20-35; ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა – IQ

ოლიგოფრენიის მიზეზებია:
1. მემკვიდრეობითი ფაქტორები, მათ შორის – მშობლების გენერაციული უჯრედების პათოლოგია; ჭეშმარიტი მიკროცეფალია; ცრუ მიკროცეფალია; ქსეროდერმული ფორმები (რადის სინდრეომი); ენზინოპათიური ფორმები (განპირობებულია ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და სხვა ნივთიერებათა ცვლის მოშლით – ფენილკეტონურიით, გალაქტოზემიით, მარფანის სინდრომით და სხვა); დაუნის სინდრომი და სხვა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები;
2. ჩანასახისა და ნაყოფის დაზიანება მუცლადყოფნის პერიოდში (ჰორმონული დარღვევები, წითურა და სხვა ვირუსული ინფექციები ორსულობის დროს, თანდაყოლილი სიფილისი, ტოქსოპლაზმოზი და სხვა);
3. მავნე ფაქტორების ზემოქმედება პერინატალურ პერიოდსა და სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში (ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსია, სამშობიარო ტრავმა, დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიური შეუთავსებლობა (უპირატესად – რეზუსკონფლიქტი), ადრეულ ასაკში მიღებული თავის ტრავმა, ბავშვთა ინფექციები, თანდაყოლილი ჰიდროცეფალია).
შემთხვევათა უმრავლესობაში გონებრივი ჩამორჩენილობის მიზეზი გაურკვეველია. უცნობი ეტიოლოგიისა და გაურკვეველი კლინიკური სურათის ოლიგოფრენიას პირობითად არადიფერენცირებულს უწოდებენ და განასხვავებენ დიფერენცირებული ოლიგოფრენიისგან იმით, რომ ამ უკანასკნელის ეტიოლოგია და კლინიკური სურათი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი.

კლინიკური სურათი.
ოლიგოფრენიის კლინიკურ ფორმებს შორის დიდი განსხვავების მიუხედავად, მათ აქვთ საერთო ნიშანი, რაც გამოიხატება ფსიქიკური განუვითარებლობის თავისებურებით: პირველი – ჭკუასუსტობა ტოტალური ხასიათისაა  (დეგრადირებულია არა მარტო შემეცნებითი უნარი, არამედ მთლიანად პიროვნება (პიროვნული სტატუსის განუვითარებლობა)); მეორე – ვლინდება არა მარტო ინტელექტისა და აზროვნების (უპირატესად – აბსტრაქტული აზროვნების), არამედ სხვა ფსიქიკური ფუნქციების (აღქმა, მახსოვრობა, ყურადღება, მეტყველება, მოტორიკა, ემოცია) განუვითარებლობაც. აღსანიშნავია, რომ უმთავრესად გამოხატულია შედარებით უფრო დიფერენცირებული, ონტოგენეტიკურად ახალგაზრდა ფუნქციების – აზროვნებისა და მეტყველების – განუვითარებლობა, ხოლო ევოლუციურად უფრო ძველი ელემენტარული ფუნქციები და ინსტინქტები შედარებით უკეთ არის შენარჩუნებული.
აზროვნების განუვითარებლობა ერთბაშად არ იჩენს თავს. ის უფრო თვალსაჩინო ხდება უფროსი სკოლამდელი ასაკისთვის. ადრეულ სკოლამდელ, ასევე – სასკოლო ასაკში უპირატესად შესამჩნევია ფსიქიკური მოქმედებისა და მოტორული აქტივობის განვითარების ჩამორჩენა, მხედველობითი და სმენითი პირობითი რეფლექსების ჩამოყალიბების დარღვევა და შენელებული ტემპი, ემოციური რეაქციების უკმარისობა, სიცოცხლის პირველ წელს გარესამყაროზე ემოციური რეაქციების გამოვლენის დაგვიანება, მეტყველების განვითარების ჩამორჩენა და სხვა.
მოზარდებსა და ზრდასრულ პირებში აბსტრაქტული აზროვნების უკმარისობასთან ერთად შესამჩნევი ხდება პიროვნული სტატუსის უმწიფრობაც.
ოლიგოფრენიის დროს ინტელექტუალური უკმარისობა ამა თუ იმ ხარისხით აისახება ყველა ფსიქიკურ პროცესზე, უპირველეს ყოვლისა – შემეცნებით პროცესებზე, რაც გამოიხატება აღქმის უკმარისობით, აქტიური ყურადღების დარღვევით, დამახსოვრების შენელებით, ლოგიკური მეხსიერების დაბალი დონით. ოლიგოფრენიით დაავადებულს სიტყვიერი მარაგი მცირე აქვს, მის მეტყველებაში ჭარბობს შტამპები, დაუსრულებელი ფრაზები და გამოთქმის დეფექტები. განუვითარებლობის ნიშნები შეიმჩნევა როგორც ფსიქიკურ მოქმედებაში, ისე მოტორულ აქტივობაში.
ოლიგოფრენიის დროს ხშირია არასპეციფიკური ნევროლოგიური დარღვევები, მაგალითად, ქალა-ტვინის ინერვაციისა და პირამიდული სისტემების მოშლა (პარეზები, კუნთოვანი ტონუსის დარღვევა), დიენცეფალური მოშლილობა, კერძოდ, ენდოკრინული უკმარისობა. ოლიგოფრენიის იმ ფორმების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ჩანასახის განვითარების დარღვევებთან, წესისამებრ, აღინიშნება განვითარების ანომალიები და დისპლაზიები, რაც გამოიხატება ქალას დეფორმაციითა და ზომების ცვლილებით, ყურის ნიჟარის, თვალების, ყბების, კბილების აგებულებისა და განლაგების ანომალიებით, თითის ფალანგების დამოკლებით, კურდღლის ტუჩით, გაპობილი სასით, სპინა ბიფიდათი და სხვა. დამახასიათებელია ასევე შინაგან ორგანოთა (გულის, ფილტვების, შარდსასქესო ორგანოებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის) განვითარების მანკები. ხშირია ჩამორჩენა ფიზიკური განვითარების მხრივ, სხეულის პროპორციების დარღვევა, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა.

ოლიგოფრენიის კლასიფიკაცია. ოლიგოფრენიის მრავალი კლასიფიკაცია არსებობს. ყველაზე მეტად მიღებულია კლასიფიკაცია ჭკუასუსტობის გამოხატულების მიხედვით, რასაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სოციალური ადაპტაციის საკითხების გადასაწყვეტად.
ჩვეულებრივ, განასხვავებენ გონებრივი ჩამორჩენილობის სამ ფორმას: დებილობას, იმბეცილობასა და იდიოტიას.
იდიოტია ფსიქიკური განვითარების ყველაზე დაბალი დონეა (IQიმბეცილობა გონებრივი ჩამორჩენილობის საშუალო დონეა (IQ=25-50). ამ დროს მეტყველება და სხვა ფსიქიკური ფუნქციები იდიოტიასთან შედარებით უფრო მეტად არის განვითარებული, მაგრამ იმბეცილი ვერ სწავლობს და შეუძლია მხოლოდ ელემენტარული ხასიათის თვითმომსახურება. გარესამყაროზე იმბეცილებს აქვთ საკმაოდ დიფერენცირებული და მრავალფეროვანი რეაქცია. მეტყველება არასაკმარისად აქვთ განვითარებული – შეუძლიათ მხოლოდ უმარტივესი ფრაზების წარმოთქმა, მათი ლექსიკონი 200-300 სიტყვით შემოიფარგლება, თუმცა აქვთ ინფორმაციის განსაზღვრული მარაგი და შეუძლიათ ორიენტირება ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში. საკმაოდ კარგი მექანიკური მახსოვრობისა და პასიური ყურადღების წყალობით მათ შეუძლიათ ელემენტარული ცოდნის გამომჟღავნება, რომელსაც იყენებენ შტამპების სახით. ზოგ იმბეცილს შეუძლია თვლა, ცნობს ზოგიერთ ასოს, მაგრამ ითვისებს მხოლოდ მარტივ სამუშაო პროცესებს (დალაგება, რეცხვა, ჭურჭლის რეცხვა). იმბეცილებს აქვთ ღარიბი ემოციები, სიტუაციის ცვლილებისას ამჟღავნებენ ნეგატიურ რეაქციას, მაგრამ მათი პიროვნება იდიოტიით დაავადებულებთან შედარებით განვითარებულია; მათ სწყინთ, რცხვენიათ თავიანთი ნაკლის, ადეკვატურ რეაქციას გამოხატავენ დატუქსვასა და შექებაზე. მათ არ გააჩნიათ ინიციატივისა და დამოუკიდებლობის უნარი, ძლიერ არიან დამოკიდებულნი სხვაზე, ადვილად იბნევიან უჩვეულო სიტუაციებში და საჭიროებენ მუდმივ მეთვალყურეობასა და მეურვეობას.
დებილობა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობაა (IQ=50-70). დებილობის დროს პიროვნებისა და ხასიათის თავისებურებანი გამოირჩევა უფრო მეტი დიფერენცირებულობითა და ინდივიდუალურობით. დებილებს საყოფაცხოვრებო მეტყველება საკმაოდ აქვთ განვითარებული, შესწევთ სპეციფიკური პროგრამების (შენელებულ ტემპში კონკრეტული, თვალსაჩინო დასწავლისას) და მარტივი შრომითი და პროფესიული ჩვევების ათვისების უნარი. დებილები იმბეცილებზე მეტი ადეკვატურობითა და ჩვეულ გარემოში დამოუკიდებელი ქცევის უნარით გამოირჩევიან.
ვინაიდან დებილობის შემთხვევაში ინტელექტუალური უკმარისობის დიაპაზონი ფართოა, პრაქტიკული მიზნით ხშირად გამოყოფენ მის საშუალო და მსუბუქ ფორმებს. მსუბუქი დებილობა ძნელად განსხვავდება ნორმის ქვედა ზღვარზე მდგომი ფსიქიკისგან.
იმბეცილებისგან განსხვავებით, დებილებს ზოგჯერ აქვთ საკმაოდ მაღალგანვითარებული მეტყველება, მათი ქმედებები უფრო დამოუკიდებელი და ადეკვატურია, რაც გარკვეულწილად ნიღბავს აზროვნების სისუსტეს (ამას განაპირობებს კარგი მექანიკური მეხსიერება, მიბაძვის უნარი), მაგრამ დაკვირვება და კვლევა ავლენს აბსტრაქტული აზროვნების სისუსტეს – დებილებს არ შეუძლიათ განყენებული აზროვნება, ცნებების განზოგადება.

ოლიგოფრენიის ცალკეული ფორმები:

  • ჭეშმარიტი (პირველადი), მემკვიდრეობითად განპირობებული მიკროცეფალია საკმაოდ იშვიათია. გარდა ქალას პატარა ზომებისა, გამოხატულია დისპროპორცია თავისა და სხეულის ნორმალურ ზომებს შორის, აღინიშნება თავის ქალას ტვინის ნაწილის აშკარა განუვითარებლობა ქალას სახის ნაწილთან შედარებით. ასეთ ავადმყოფებს აქვთ წაგრძელებული თავის ქალა, დაბალი შუბლი, ზედმეტად განვითარებული წარბების ზემოთა რკალი. ინტელექტუალური უკმარისობა, ჩვეულებრივ, იდიოტიის ან ღრმა იმბეცილობის მსგავსია. აშკარა ჭკუასუსტობის მიუხედავად, აღინიშნება ემოციური აქტიურობა, გამოხატულია მიმბაძველობა და დამაჯერებლობა.
  • ცრუ (მეორეული), ცერებროპათიური მიკროცეფალია განპირობებულია მუცლადყოფნის პერიოდში ჩანასახის ან ნაყოფის დაზიანებით. განუვითარებლობის ნიშნებთან ერთად ხშირია კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები და კრუნჩხვითი გულყრები. ჭეშმარიტ მიკროცეფალიასთან შედარებით ქალას დეფორმაცია უფრო ღრმაა და შერწყმულია დისპლასტიკურ აღნაგობასთან. სხეულის სიმაღლესა და მასას შორის დიდი შეუსაბამობაა. ჭკუასუსტობა მეტად მძიმედ არის გამოხატული, ავადმყოფები მოთენთილები, აპათიურები და პირქუშები არიან.

ჭეშმარიტ და ცრუ მიკროცეფალიებს შორის მკვეთრი ზღვრის გავლება შეუძლებელია.
ქსეროდერმული ოლიგოფრენია ანუ რადის სინდრომი – იშვიათი ანომალიაა, ახასიათებს ოლიგოფრენიისა და იქთიოზის თანხვედრა. კანი დაფარულია თევზის ქერცლის მსგავსი ადვილად მოსაცილებელი მშრალი ქერცლით. იქთიოზის მძიმე ფორმის დროს ბავშვები მალე იხოცებიან. ფსიკიკურ განუვითარებლობას ხშირად ერთვის კრუნჩხვითი გულყრები. არსებობს იქთიოზის ჭკუასუსტობის გარეშე მიმდინარე ფორმებიც.
ფენილკეტონურია დაკავშირებულია ფენილალანინის ცვლის დარღვევასთან. ჭკუასუსტობა შერწყმულია დეპიგმენტაციასთან (ალბინიზმი ან მეტისმეტად ბაცი ფერის თმა და თვალები) და ათიდან დაახლოებით სამ შემთხვევაში ახასიათებს კრუნჩხვითი გულყრები. თავის ქალას ტვინისმიერი ნაწილი სუსტად არის განვითარებული. ზოგიერთ ავადმყოფს აქვს ეპიკანტი (ვერტიკალური და ნახევარმთვარის ფორმის კანის ნაოჭი თვალის შიგნითა კუთხესთან), ჰიპერტელორიზმი (გაზრდილია თვალის კაკლების შიგნითა ზედაპირის დაცილება), სდის თავისებური (თაგვის, მგლის) სუნი. დამახასიათებელია უხერხული სიარული, მოძრაობა ცუდად არის კოორდინირებული, შეინიშნება ჰიპერკინეზიები. კუნთოვანი ტონუსი შეცვლილია. ჭკუასუსტობა მკვეთრად არის გამოხატული. ფსიქიკური განუვითარებლობის აღმოჩენა ჩვილ ასაკშივე ხდება. სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ჭკუასუსტობა შესაძლოა პროგრესირებდეს, 4-8 წლისთვის მდგომარეობა სტაბილიზდება.
ჰომოცისტეინურია უკავშირდება მეთიონინის ცვლის დარღვევას. მიმდინარეობს ფსიქომოტორული განვითარების შეფერხებით, კრუნჩხვებით, კუნთოვანი სისუსტით ან სპასტიკურობით. მისთვის ტიპობრივია თვალისმიერი სიმპტომები (ბროლის ექტოპია, კატარაქტა, ბადურა გარსის დეგენერაცია და სხვა), კანის სიწითლე ღაწვების არეში.
გალაქტოზემია, ფრუქტოზურია და სუკროზურია მიეკუთვნება ნახშირწყლოვანი ცვლის ენზიმოპათიებს. სიმპტომებიდან აღსანიშნავია ფაღარათი, ჰიპოტროფია და სხვა მძიმე სომატური დარღვევები, რომლებიც უმეტესად სიკვდილს იწვევს. ფსიქიკური განუვითარებლობა მკვეთრად არის გამოხატული, თან ახლავს სისუსტე, ზოგჯერ – კრუნჩხვითი გულყრები.
მარფანის სინდრომი განვითარების იშვიათი ანომალიაა. ახასიათებს შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება, ჩონჩხის არასწორი პროპორციები, სკოლიოზი, გრძელი კიდურები და მეტისმეტად გრძელი და თხელი (ობობას) თითები. ჩონჩხის განვითარების ანომალიას ერწყმის გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თვალის ანომალიები. ჭკუასუსტობა სხვადასხვა ხარისხით ვლინდება.
ლორენსის დაავადება (მუნ-ბარდე-ბილდის სინდრომი) მემკვიდრეობითი ოლიგოფრენიის იშვიათი გამოვლინებაა და ახასიათებს 5 ძირითადი სიმპტომი:  ჰიპოგენიტალიზმი, სიმსუქნე, დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ (პიგმენტური რეტინიტი, მხედველობის ნერვის ატროფია), სინდაქტილია (ხელის ან ფეხის თითების შეზრდა) ან პოლიდაქტილია (ზედმეტთითობა) და საკმაოდ მაღალი ხარისხის ფსიქიკური განუვითარებლობა.
ოლიგოფრენია მსხვრევადი X ქრომოსომით ანუ მარტინ-ბელის სინდრომი. წინათ ამ დაავადებას უწოდებდნენ ოლიგოფრენიას მარკერული X ქრომოსომით. მარტინ-ბელის სინდრომი დაუნის სინდრომის შემდეგ გონებრივი ჩამორჩენილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ვაჟებში 2-3-ჯერ ხშირია, ვიდრე გოგონებში. ამ სინდრომით დაავადებულებს აქვთ სპეციფიკური გარეგნობა: გრძელი სახე, წინ წამოწეული შუბლი, მაკროცეფალია, სახის ჰიპოპლაზია, წინ წამოწეული ნიკაპი, სქელი ტუჩები (ქვედა ტუჩი ხშირად გადმობრუნებულია), ყურის დიდი ნიჟარები, დიდი კიდურები. ერთ-ერთი სპეციფიკური სიმპტომია მაკროორქიდიზმი. ასევე ახასიათებთ მეტყველების ღრმა განუვითარებლობა (ზოგიერთი ავტორის აზრით, მეტყველების დანაწევრებაც). ხშირია აუტიზმი. ზოგიერთს აღენიშნება ფსიქოზი.
დაუნის დაავადებაც ოლიგოფრენიების ჯგუფს მიეკუთვნება. განპირობებულია ქრომოსომული ანომალიით (21-ე ქრომოსომის ტრისომია). დადგენილია, რომ რაც უფრო მეტია დედის ასაკი ორსულობისას, მით უფრო მეტია დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვის დაბადების ალბათობა. ამ დაავადების დროს ბავშვებს აქვთ დაბალი ტანი, ბრტყელი სახე, თვალების მონღოლოიდური ჭრილი, ღია პირი, ბრაქიცეფალია, ბრტყელი კეფა, თაღისებური სასა, კბილების ანომალია, დეფორმირებული ყურები, დაღარული ენა, მოკლე კიდურები, იშვიათი და მშრალი თმა. დამახასიათებელია პიგმენტური ლაქები ფერადი გარსის კიდესთან, გულის თანდაყოლილი მანკი, თორმეტგოჯა ნაწლავის შევიწროება, კატარაქტა, მწვავე ლეიკემია, ეპილეფსია, მოუქნელი მოძრაობები, ნაკლებად მეტყველი სახე. გონებრივი ჩამორჩენილობა ასიდან 75 შემთხვევაში აღწევს იმბეცილობას, 20-ში – იდიოტიას და მხოლოდ 5-ში – დებილიზმს. ემოციური სფერო შედარებით უკეთ არის შენარჩუნებული (იხ. დაუნის სინდრომი).
შერეშევსკი-ტერნერის სინდრომი დამახასიათებელია მხოლოდ ქალებისთვის და განპირობებულია ერთი X ქრომოსომის უკმარისობით. ახასიათებს კარგად გამოხატული ფენოტიპი, რომელიც ვლინდება სომატური სიმპტომებითა და ფსიქიკური დარღვევებით. Gგონებრივი ჩამორჩენილობა ათიდან 5 შემთხვევაში აღინიშნება. ძირითადი სიმპტომებია განვითარების მანკი, ტანდაბლობა, დაბალი მსხვილი კისერი, დეფორმირებული და ჩვეულებრივზე დაბლა მდებარე ყურები, გამოხატულია კანის ჰიპერპიგმენტაცია, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, სმენის დაქვეითება, სქესობრივი ინფანტილიზმი, უნაყოფობა.
კლაინფელტერის სინდრომი მხოლოდ მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი. განპირობებულია ქრომოსომების საერთო რიცხვის მატებით (47, 48 და მეტი) ზედმეტი X ქრომოსომის გამო. ამ დროს აღინიშნება სათესლე ჯირკვლების განვითარების დარღვევა. ძირითადი სიმპტომებია აზოოსპერმია, გინეკომასტია დამახასიათებელი თმიანობით, ასთენიური აგებულება, გრძელი კიდურები, ანდროგენების უკმარისობის გამო მაღალი, საჭურისისებრი ხმა. ხშირია სომატური დარღვევებიც. დებილიზმი სხვადასხვა ხარისხისაა. შესაძლოა, 46,XY/47,XXY მოზაიციზმის შემთხვევაში სათესლეების დაზიანება შესამჩნევად არ იყოს გამოხატული და სპერმატოგენეზი შენარჩუნდეს.
ზედმეტი ქრომოსომის სინდრომი (XYY) გვხვდება მხოლოდ მამაკაცებში. ახასიათებს სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალია, ტანმაღლობა, უნაყოფობა, ჰიპოგონადიზმი, გონებრივი ჩამორჩენილობა, რიგ შემთხვევაში – შიზოფრენია, აგრესიისკენ, აფექტისკენ მიდრეკილება. ფსიქიკური განუვითარებლობა სუსტად არის გამოხატული.
რუბეოლურ ოლიგოფრენიას განაპირობებს ინფიცირებული დედისგან წითურას ვირუსით ჩანასახის დაზიანება. წითურათი ჩანასახის ინფიცირების ალბათობას უშუალო კავშირი აქვს ორსულობის ვადასთან (ხშირია 5-9 კვირის ორსულებში). ჭკუასუსტობა შერწყმულია თვალის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სმენითი აპარატის განვითარების მანკებთან. არცთუ იშვიათია კბილების დეფექტი, ზოგადი ფიზიკური განუვითარებლობა, ჩონჩხისა და შარდსასქესო ორგანოების განვითარების მანკი. ფსიქიკური განუვითარებლობა ღრმაა, თან ახლავს აღგზნებადობა და იმპულსურობა.
თანდაყოლილი სიფილისით განპირობებული ოლიგოფრენია ხშირად აღმოცენდება ნაყოფის სპეციფიკური დაზიანების შედეგად. ამ დაავადების სიმპტომატიკა მოიცავს ნაყოფის მიერ გადატანილი სპეციფიკური პროცესის ნარჩენ მოვლენებსა და ოლიგოფრენიას. ჭკუასუსტობის ნიშნები მეტისმეტად ადრე ვლინდება და სხვადასხვა ხარისხით არის გამოხატული. ნევროლოგიური სიმპტომები რეზიდუალურია. ფსიქიკურ განუვითარებლობასთან ერთად ვითარდება ეპილეფსიური და ასთენიური სინდრომი. ხშირია გრძნობათა ორგანოების (კერატიტი, ოტიტი, რინიტი), შინაგანი ორგანოების (მეზოარტერიიტი, ღვიძლის ციროზი) და ძვლების (პერიოსტიტი) სპეციფიკური დაზიანებები. დამახასიათებელია სხვადასხვაგვარი დისპლაზია (ქალას, კბილების დეფორმაცია, მაღალი სასა, უნაგირა ცხვირი, კიდურების დეფორმირება და სხვა) და ტროფიკის დარღვევა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ მონაცემებს, უპირველეს ყოვლისა – სისხლისა და თავზურგტვინის სითხის სპეციფიკურ ცვლილებებს.
ტოქსოპლაზმოზით განპირობებული ოლიგოფრენია – გამოვლინდება როგორც განვითარების მანკი. ჭკუასუსტობა შერწყმულია მხედველობის დაზიანებასთან, ჰიდროცეფალიასა და კრუნჩხვით გულყრასთან. პარალელურად აღინიშნება ქალას დეფორმაცია, სახის ძვლების ასიმეტრია, ყურის, სასის, კბილების არასწორი შენება და განვითარების სხვა მანკები. შესაძლოა შინაგანი ორგანოების დაზიანებაც. ნევროლოგიური სიმპტომები რეზიდუალურია. კრუნჩხვითი გულყრები შესაძლოა სერიული ხასიათისა იყოს. ფსიქიკური განუვითარებლობა აღწევს ღრმა იმბეცილობამდე და იდიოტიამდე. ხშირია ეპილეფსიისმაგვარი, ფსიქოპათიისმაგვარი და ასთენიური სინდრომი. დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვალის ფსკერის გამოკვლევას, ქალას რენტგენოგრაფიასა და ლაბორატორიულ მონაცემებს. ასევე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მონაცემები და დედის ანამნეზში თვითნებური აბორტების არსებობა.
ჰიპოთირეოიდული ოლიგოფრენია (კრეტინიზმი) გამოხატულია თანდაყოლილი ან ადრეული ასაკის ჰიპოთირეოზით, ჭკუასუსტობის ხშირი ფორმაა და ენდოკრინული დარღვევებით არის განპირობებული. განასხვავებენ ენდემურ კრეტინიზმს – თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, რომელიც ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში საკვებში იოდის უკმარისობის გამო – და სპორადულ კრეტინიზმს, რომელიც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზის მემკვიდრეობითი დეფექტით. ჰიპოთირეოზის ნაირსახეობაა მიქსედემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფარისებრი ჯირკვლის ემბრიონული განვითარების მანკი ან ატროფია.
ენდემური კრეტინიზმისა და თანდაყოლილი კრეტინიზმის კლინიკური გამოვლინებები ერთმანეთის მსგავსია. კრეტინიზმის ძირითადი ნიშანია ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების შეფერხება და ლორწოვანი შეშუპება (მიქსედემა). ფსიქიკური განუვითარებლობა მით უფრო მეტად არის გამოხატული (იმბეცილობიდან იდიოტიზმამდე), რაც უფრო ადრე განვითარდება ჰიპოთირეოზი და რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება მისი ზემოქმედება. თირეოიდინის დეფიციტი საგრძნობლად ცვლის ოლიგოფრენიის კლინიკურ სურათს და იწვევს ენდოკრინული ფსიქოსინდრომის სიმპტომებს (მიზანსწრაფულობის მოშლა, მოტივაციის შესუსტება, ხასიათის ცვლილებები).
კრეტინიზმსა და თანდაყოლილ მიქსედემას ასევე ახასიათებს ფიზიკური განვითარების შეფერხება და სხეულის დისპროპორცია (გრძელი ტანი, მოკლე კიდურები ფართო მტევნებითა და ტერფებით, წვივების გამრუდება, მკვეთრი ლორდოზი), სასქესო ორგანოების განუვითარებლობა და მეორეული სასქესო ნიშნები, ლორწოვანი შეშუპება (მიქსედემა), რომელიც უპირატესად სახესა და კისერზეა გამოხატული. ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა იყოს შემცირებული ან გადიდებული მაკომპენსირებელი ჰიპოტროფიის (ჩიყვის) ხარჯზე. ავადმყოფს აქვს ბრაქიცეფალია, დაბალი შუბლი, პატარა, ფართო და ჩავარდნილი ცხვირი, კბილების დეფორმაცია, ყურების დეფორმაცია, სქელი ტუჩები, დიდი ენა, რომელიც პირში არ ეტევა, იშვიათი და მშრალი თმა, დაბალი და ყრუ ხმა. დამახასიათებელია ძილიანობა, ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება,  ნაწლავების ჰიპოტონია (მუცლის შებერილობა, შეკრულობა), ჭიპის თიაქარი. მკვეთრად არის გამოხატული ვეგეტაციური დისტონიის სიმპტომები.
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადებით განპირობებული ოლიგოფრენია ვითარდება დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიური შეუთავსებლობის, უპირატესად – რეზუსკონფლიქტის საფუძველზე. იმუნოლოგიური შეუთავსებლობის შედეგად ხდება ახალშობილის ერითროციტების ჰემოლიზი და ვითარდება ჰიპერბილირუბინემია,  რაც იწვევს თავის ტვინის დაზიანებას. ახასიათებს მოძრაობის დარღვევები, ყრუმუნჯობა და ჭკუასუსტობის ნიშნები. ღრმა ჭკუასუსტობა იშვიათია.
ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსიით ან ტრავმით განპირობებული ოლიგოფრენია. კლინიკური სურათი არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, გამოხატულია განუვითარებლობის სიმპტომები, მეორე მხრივ – თავის ტვინის დაზიანების ნარჩენი მოვლენები (ახალშობილთა ენცეფალოპათია). ჭკუასუსტობა (მსუბუქი დებილიზმიდან მძიმე იდიოტიზმამდე) შერწყმულია ნევროლოგიურ სიმპტომებთან, ასთენიურ მოვლენებთან, ფსიქოპათიის მსგავს ქცევებთან, ზოგჯერ – კრუნჩხვით გულყრებთან.

ადრეული პოსტნატალური ინფექციით განპირობებულ ოლიგოფრენიას და ტრავმით განპირობებულ ოლიგოფრენიას რამდენიმე მსგავსი თავისებურება ახასიათებს: არ აღინიშნება ოლიგოფრენიის თანდაყოლილი ფორმისთვის ჩვეული დისპლაზიური აღნაგობა და ცალკეული ორგანოების განვითარების მანკები. ორგანული დაზიანებებიდან ხშირია ნევროლოგიური სიმპტომები,  დიენცეფალური და ჰიპერტენზიული მოვლენები. ვლინდება ფსიქოპათოლოგიური და ეპილეფსიის მსგავსი სინდრომი. ავადმყოფს შრომის უნარი მკვეთრად და მყარად აქვს დაქვეითებული.
ჰიდროცეფალიით განპირობებული ოლიგოფრენია ვითარდება  თავის ტვინის მძიმე წყალმანკის დროს. ჭკუასუსტობის ხარისხი სუსტი დებილიზმიდან იდიოტიამდე მერყეობს. მეტყველება უფრო განვითარებულია, ვიდრე აზროვნება; კარგად განვითარებული მექანიკური მეხსიერების წყალობით ავადმყოფებს აქვთ სიტყვათა შედარებით დიდი მარაგი, დამახსოვრებულ ფრაზებს გაუაზრებლად იყენებენ. აქვთ კარგი მუსიკალური სმენა და ზეპირი ანგარიშის უნარი. უყვართ საუბარი, არიან გულღიანი, ძალიან ცოტას ახასიათებს გულჩათხრობილობა და აფექტური აფეთქებები. არ შეინიშნება იშვიათი კრუნჩხვითი გულყრა. თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის ფიზიკური ნიშნები ტიპურია: დიდი თავი გამობურცული შუბლით, სამკუთხა და თავთან შედარებით პატარა სახე. თავზე კანი თხელია, კარგად არის გამოხატული ვენური სურათი, განსაკუთრებით – საფეთქლებსა და ცხვირის ფუძეზე. თითქმის ყველა ავადმყოფს აღენიშნება მოძრაობითი დარღვევები (კიდურების პარეზი, დამბლა), დისკოს თიაქარი და მხედველობის ნერვის ატროფია, დიენცეფალური სიმპტომები, სმენისა და ვესტიბულური აპარატის დაზიანება.
ბავშვთა ცერებრულ დამბლასთან შერწყმული ოლიგოფრენია ამ დაავადების (ცერებრული დამბლის) ათიდან დაახლოებით 6 შემთხვევაში გვხვდება და სხვადასხვა ხარისხით არის გამოხატული. ავადმყოფი მოუსვენარია, აღენიშნება ემოციური და სენსორული ჰიპერესთეზია. ზოგჯერ შეინიშნება შენელებული რეაქციები, ერთი საქმიდან მეორეზე გადართვის გაძნელება და რიგიდულობა.

ნისტაგმი – nystagmus – нистагм

ნისტაგმი (ნყსტაგმუს) თვალების სპონტანური რხევითი მოძრაობაა. განასხვავებენ მის რამდენიმე სახეს: ციმციმისებურს, კლონურს (ბიძგისებურს) და შერეულს; მიმართულების მიხედვით – ჰორიზონტალურს, ვერტიკალურს, წრიულსა და დიაგონალურს (მიმართულება ფასდება რხევის სწრაფი ფაზის მიხედვით); ამპლიტუდის მიხედვით – დიდს, საშუალოს და მცირეს (რხევის ამპლიტუდა შეიძლება იყოს 15, 10, 5 გრადუსი). რხევითი მოძრაობის სიხშირემ წუთში შესაძლოა 100-საც კი მიაღწიოს.
ნისტაგმი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. შეძენილი ნისტაგმი უსუფთაო მხედველობითი აღქმით (თუმცა გამორიცხული არ არის, ცენტრალური მხედველობის სიმახვილე მაღალი იყოს) და თავბრუხვევით მიმდინარეობს, თანდაყოლილ ნისტაგმს კი თავბრუხვევა თან არ ახლავს.
ნისტაგმს შეიძლება ჰქონდეს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი გენეზი. მისი განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესებისა და სიმსივნური დაავადებების შედეგად თავის ტვინის ან მისი მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებამ. გარდა ამისა, ნისტაგმი შეიძლება აღმოცენდეს ორივე თვალში ცუდი მხედველობის გამო, ოპტიკური გარემოს ანომალიის, თვალის სისხლძარღვების, ბადურა გარსისა და მხედველობის ნერვის დაზიანების შემთხვევაში.
ნერვული სისტემის ცენტრალური უბნების დაზიანებისას ვითარდება კორტიკული, ვესტიბულური, დიენცეფალური, ისტერიკული და სხვა სახის ნისტაგმები. მხედველობის ნერვის პერიფერიული ნაწილის ან სმენითი ანალიზატორის დაზიანება იწვევს ოპტიკურ ან ლაბირინთულ ნისტაგმს.
არსებობს ფიზიოლოგიური ნისტაგმიც, რომელსაც მიეკუთვნება ოპტიკინეტიკური, ლაბირინთული და ნისტაგმის მსგავსი რხევები (თვალის უკიდურეს ნაწილებში). როგორც ცნობილია, ოპტიკინეტიკური ნისტაგმის საფუძველზე შეიძლება პატარებში მხედველობის სიმახვილის შემოწმება, ლაბირინთული ნისტაგმის შესწავლა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგალითად, კოსმონავტების ვესტიბულური აპარატის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებაში.
ნისტაგმის მკურნალობა რთულია და ხშირად უშედეგოც. მთელი ძალისხმევა მიმართულია მისი გამომწვევი მიზეზის მოხსნისკენ. მკურნალობის შედეგად, რომელიც გულისხმობს მხედველობის სიმახვილის გაზრდას (ამბლიოპიის მკურნალობა, სათვალით კორექცია, რეფლექსოთერაპია, კატარაქტის ექსტრაქცია, კერატოპლასტიკა და სხვა) და კუნთის ტონუსის აღდგენას, ნისტაგმის შემცირება შესაძლებელია.
ოპერაციული მკურნალობა მხოლოდ ჰორიზონტალური მიმართულების ნისტაგმის შემთხვევაშია შედეგიანი.

ნისტაგმის ფორმები

1. თანდაყოლილი ნისტაგმი
თანდაყოლილ ნისტაგმთან ერთად ხშირად შეინიშნება რეფრაქციისა და ფერის აღქმის მანკი, ალბინიზმი ან თანდაყოლილი კატარაქტა. ასეთ ავადმყოფთა უმრავლესობას ბადურა გარსი დაზიანებული არ აქვს. თანდაყოლილი ნისტაგმის მიზეზია ტვინის ღეროს არეში თვალის მამოძრავებელი ფუნქციის მოშლა.
თანდაყოლილ ნისტაგმს უმეტესად აღმოაჩენენ ბავშვის დაბადებიდან 6 კვირის შემდეგ, როცა მხედველობის ბინოკულარული ფიქსაცია უკვე ფორმირებულია.
ასეთ ნისტაგმს, წესისამებრ, ჰორიზონტალური მიმართულება აქვს. თვალის მოძრაობა ვერტიკალური მიმართულებით ინტაქტურია. აღწერილია აუტოსომურ-დომინანტური ტიპით დამემკვიდრებული ჰორიზონტალური ნისტაგმი, რომელიც ვერტიკალურ კომპონენტებსაც შეიცავს.
ნისტაგმის თანდაყოლილი ფორმის შემთხვევათა უმრავლესობას რხევების მრავალფეროვნება ახასიათებს. თვალების დახუჭვისას ნისტაგმი რამდენადმე სუსტდება. ხშირად ამ მდგომარეობაში სრულიად განსხვავებული ტიპის ნისტაგმი ფიქსირდება, ვიდრე გახელილი თვალების დროს.
თანდაყოლილი ნისტაგმის მქონე ადამიანები პოულობენ თვალების ისეთ მდგომარეობას, როდესაც ნისტაგმი მინიმალურად არის ნგამოხატული. როცა არჩეული მდებარეობა არ ემთხვევა შუა ხაზს, მას თან ახლავს ტორტიცოლლის ოცულარის.

2. ლატენტური ნისტაგმი
ლატენტური ნისტაგმი არის თანდაყოლილი ფიქსაციური ნისტაგმის ფორმა, რომელსაც ოჯახური გამოვლინება ახასიათებს. ლატენტური ნისტაგმი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ბინოკულარული ინტერფერენციის ფიქსაციისას, მაგალითად, ცალი თვალის დახუჭვის ან ორი მხედველობის ველის გამაცალკევებელი ორმხრივ ამოზნექილი ლინზების გამოყენების დროს. ნისტაგმი ყოველთვის მიმართულია ფიქსირებული თვალის მხარეს.

3. თავისუფალი ნისტაგმი
თავისუფალი ნისტაგმი გამოწვე ულია თვალის მამოძრავებელი კუნთების დაძაბვით ფიქსაციისა და კონვერგენციის (თვალების ერთმანეთთან მიზიდვის) დროს. რხევის სიხშირე წამში 10-17-ია. უნდა მოხდეს დიფერენცირება მიოკლონიისგან, რომელიც ვლინდება თვალდახუჭულ მდგომარეობაშიც, მაგრამ არა კონვერგენციის დროს. მას ისტერიკულ ნისტაგმს და თვალის ტრემორსაც უწოდებენ.

4. თვალების მიოკლონია, თვალის კაკლების ცეკვა
თვალების მიოკლონიის დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება თვალების მაღალი სიხშირით (წამში 13-ჯერ) მოძრაობა ჰორიზონტალური მიმართულებით. ზოგჯერ ამას აქვს სერიული ხასიათი (რხევათა ჯგუფებს შორის ინტერვალი სხვადასხვაა) და ვლინდება როგორც თვალგახელილ, ისე თვალდახუჭულ მდგომარეობაში.

5. რბილი სასის მიორიტმია და თვალის ნისტაგმი
რბილი სასისა და ენის მიორიტმიას ხშირად თან ახლავს იმავე სიხშირის ნისტაგმი. ასეთ ავადმყოფებს კბილის ფესვები დაზიანებული აქვთ. მიორიტმია ძილის დროსაც არ ქრება და მედიკამენტებით მისი კუპირება ძალიან ძნელია.

6. ნისტაგი სპასნიუს ნუტანს-ის დროს
ეს ნისტაგმის თანდაყოლილი ფორმაა. ვლინდება 6 თვის ასაკში, ახასიათებს კეთილსაიმედო მიმდინარეობა და გრძელდება დაახლოებით 12 თვე. ამ დროს ნისტაგმს თან ახლავს თავის ქნევა ან წრიული მოძრაობა. გვხვდება შეტევისებური ფორმაც. აღმოცენდება მხედველობის ფიქსირების მომენტში ან განსაზღვრული მიმართულებით გახედვისას.

7. უსინათლოთა ნისტაგმი (უსინათლოთა თვალების მოძრაობა)
ნისტაგმის ეს ფორმა აქვთ უსინათლოებს (როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი სიბრმავის შემთხვევაში) და საკმაოდ ხანგრძლივია. ნისტაგმს განაპირობებს არა სინათლის გამაღიზიანებლის უკმარისობა, არამედ თვალის მდებარეობაზე ვიზუალური კონტროლის უქონლობა. თვალის კაკლების მოძრაობა არაკოორდინირებულია, ზოგჯერ დისოცირებული. ძილის დროს ნისტაგმი არ აღინიშნება.

8. შეტევისებური ნისტაგმი
შეტევისებურ ნისტაგმს უმეტესად ეპილეფსიური ხასიათი აქვს.

9. დისოცირებული ნისტაგმი მხედველობის ფიქსირების დროს
ნისტაგმის ეს ფორმა გვხვდება ცალმხრივი ან ორმხრივი წინა ინტერნუკლეარული ოფთალმოპლეგიის დროს, აქვს ჰორიზონტალური მიმართულება და თვალის გარეთ განზიდვისას უკეთ არის გამოხატული, ვიდრე შიგნით მიზიდვისას. ზოგჯერ მხოლოდ თვალის მაქსიმალური განზიდვისას ვლინდება მონოოკულარული ჰორიზონტალური ნისტაგმი. წინა ინტერნუკლეარული ოფთალმოპლეგიის განვითარება მოსალოდნელია ცალმხრივი დემიელინიზაციის, სიმსივნისა და სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში, ხოლო ორმხრივისა – დემიელინიზაციის ან ტვინის გავრცობილი სიმსივნური დაავადების დროს.

10. ბრუნე-სტიუარტის ტიპის დისოცირებული ნისტაგმი
ეს ნისტაგმი უფრო ძლიერად არის გამოხატული დაზიანების მხარეს. აქ იგი უფრო უხეშია და აქვს რხევის ფართო ამპლიტუდა (ცენტრალური და პერიფერიული ვესტიბულური ნისტაგმის ნარევია). ვლინდება ტვინის აბსცესის, სიმსივნის და სხვათა დროს. დიაგნოსტიკისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

11. ალტერნატიული ნისტაგმი
ალტერნატიულ ნისტაგმს ახასიათებს რხევის ამპლიტუდისა და მოძრაობის მიმართულების ცვლილება. მიმართულება შეიძლება იცვლებოდეს ყოველ წუთს 20-წამიანი შუალედებით. ამ შუალედებში თვალები ისვენებს. ზოგიერთი ავტორის აზრით, ნისტაგმის ეს ფორმა თანდაყოლილია, ზოგიერთი კი მის აღმოცენებას სიმსივნეს, დემიელინიზაციას და ტვინის ღეროს ტოქსიკური ხასიათის დაზიანებას უკავშირებს.

12. თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანების დროს განვითარებული ნისტაგმი
ამ ტიპის ნისტაგმი ვლინდება, მაგალითად, მიასთენიის დროს. თუ დაზიანებულია ცალი თვალი, მაშინ ნისტაგმი მხოლოდ ჯანმრთელი თვალის დახუჭვისას აღმოცენდება. ეს ნისტაგმი გარდამავალია, გრძელდება რამდენიმე საათიდან დღემდე და გაივლის პროზერინის შეყვანის შემდეგ.

13. მედიკამენტური ნისტაგმი
მედიკამენტური ნისტაგმი ყველაზე ხშირად ვლინდება ბარბიტურატების შეყვანისა და ალკოჰოლის მოხმარების დროს. ბარბიტურატების დიდი დოზის შეყვანისას შეინიშნება თვალის კაკლების ნელი და ტონური რხევა. ბარბიტურატების ანესთეტიკური დოზის შეყვანის, ასევე – ღრმა კომის დროს შესაძლოა ვესტიბულური რეაქცია მთლიანად დაირღვეს. ამ შემთხვევაში თვალები ცენტრალურ მდგომარეობაში შეშდება, თუმცა ეს შექცევადია და უგონო მდგომარეობის ან ანესთეზიის სიღრმეზეა დამოკიდებული.

ნეფროზული სინდრომი – Nefrozny syndrome – Нефрозный синдром

ნეფროზულ სინდრომზე (ნს) საუბრობენ შეშუპების, პროტეინურიის (ცილა შარდში 3,5 გ-ზე მეტი უნდა იყოს), ჰიპოალბუმინემიის, ჰიპერლიპიდემიისა და ლიპიდურიის ერთობლივი აღმოცენების შემთხვევაში. თუ სიმპტომთა აღნიშნულ კომპლექსს 1 ან 2 სიმპტომი აკლია (უმეტესად აკლია შეშუპება, მაგრამ არასდროს – პროტეინურია), მაშინ საქმე გვაქვს არასრულ ანუ რედუცირებულ ნეფროზულ სინდრომთან.
პროტეინურია (შარდში ცილის არსებობა) ნს-ის წამყვანი სიმპტომი და ძირითადი მახასიათებელია. იგი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სხვა სიმპტომების აღმოცენებასა და განვითარებას. ნს-ის დროს დღე-ღამეში შარდთან ერთად გამოყოფილი ცილის ოდენობა მოზრდილებში აღემატება 3-3,5 გრამს სხეულის ზედაპირის 1,75მ2-ზე. ასეთი ხარისხის პროტეინურიას ნეფროზული რანგის პროტეინურია ეწოდება. პროტეინურიის მიზეზია თირკმლის გორგლების კაპილართა კედლის ბარიერული ფუნქციის დარღვევა, რაც შეინიშნება გლომერულონეფრიტის დროს.
ჰიპოალბუმინემია ანუ სისხლში ცილების შემცველობის დაქვეითება აღენიშნება ნეფროზული რანგის პროტეინურიის მქონე პაციენტთა უმრავლესობას,  მაგრამ არა ყველას. ჰიპოალბუმინემიის მიზეზია თირკმელების გზით ალბუმინის დიდი ოდენობით კარგვა ან ალბუმინის გადასვლა პლაზმიდან ინტერსტიციულ ან სეროზულ ღრუებში ჩაგუბებულ სითხეში. უნდა ითქვას, რომ ჰიპოალბუმინემიის გამო ალბუმინის წამლებთან შეკავშირების პროცესის ინტენსივობა შემცირებულია და ამის გამო სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭირო ხდება მედიკამენტების ჩვეულ დოზაზე მეტი ოდენობით გამოყენება, რაც მკურნალობის პროცესში დამატებით სირთულეებს ქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გლომერულების ფილტრაციის პროცესი მკვეთრად არის შემცირებული, რადგან ეს წამლის დოზის შემცირებას მოითხოვს.

შეშუპება. ნს-ის დროს შეშუპების მექანიზმი ასეთია: გორგლების დაზიანება მკვეთრი პროტეინურია (შარდში ცილა) ჰიპოპროტეინემია (სისხლში ცილების დაქვეითება) და ჰიპოალბუმინემია (სისხლში ალბუმინის დაქვეითება) პლაზმის ონკოზური წნევის და ქვეითება-სითხის გადანაცვლება ინტერსტიციულ სივრცეებში (შეშუპება) ჰიპოვოლემია.
ჰიპერლიპიდემიის ანუ სისხლში ცხიმების შემცველობის მატების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ჰიპოალბუმინემია და, შესაბამისად, პლაზმის ონკოზური წნევის დაქვეითება. ნეფროზული ჰიპერლიპიდემიის დროს ყველა სახის ლიპიდის (ცხიმის) კონცენტრაციამ შეიძლება მოიმატოს. ყველაზე ხშირად გვხვდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ბეტა-ლიპოპროტეიდების) და ქოლესტერინის მაღალი დონე.
ლიპიდურია ანუ შარდში ლიპიდების (ცხიმების) სიჭარბე ჰიპერლიპიდემიის შედეგია. შარდში შეინიშნება ცხიმოვანი ცილინდრებისა და ოვალური ცხიმოვანი სხეულაკების არსებობა.

მიზეზები. ნეფროზული სინდრომის შემთხვევათა უმრავლესობას თირკმლის გორგლოვანი აპარატის დაზიანება, კერძოდ, გორგლების კაპილართა ბარიერული ფუნქციის დარღვევა განაპირობებს (ამ დროს ცილებისთვის (პროტეინებისთვის) კაპილარების განვლადობა იმატებს). ამ ცვლილებების მიზეზად შეიძლება იქცეს თირკმლის მრავალი დაავადება, რომელთაგან ზოგიერთი პირველადია, უმეტესობა კი მეორეულ ნეფროპათიას წარმოადგენს.

ეს დაავადებებია:

1. პირველადი

  • გლომერულონეფრიტი მინიმალური ცვლილებებით;
  • მეზანგიურ-პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი;
  • კეროვანი და სეგმენტური გლომერულოსკლეროზი;
  • მემბრანული გლომერულონეფრიტი;
  • მემბრანაპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი;
  • სხვა პათოლოგიები: ნახევარმთვარეებით მიმდინარე გლომერულონეფრიტი, კეროვანი ან სეგმენტური პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი, ფიბრილარული და/ან იმუნოტაქტოიდური გლომერულონეფრიტი.

2. მეორეული

  • ინფექციები: პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი, ენდოკარდიტი, შუნტის ნეფრიტი, მეორეული სიფილისი, ლეპრა (კეთრი), ბ ჰეპატიტი, აივ-ინფექცია, ინფექციური მონონუკლეოზი, მალარია, შისტოიდოზი, ფილარიოზი;
  • მედიკამენტები: ორგანული ოქრო, არაორგანული, ორგანული და სუფთა ვერცხლისწყალი, პენიცილინი, ჰეროინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, პრობენეციდი, კაპტოპრილი, ტრიდიონი, მეზანთიონი, დეზინტოქსიკანტები, კონტრასტული ნივთიერებები;
  • სიმსივნეები: ჰოჯკინის დაავადება, ლიმფომები, ლეიკემიები, კარცინომები, მელანომა, ვილმსის სიმსივნე;
  • სისტემური დაავადებები: სისტემური წითელი მგლურა, ჰენოხ-შენლეინის დაავადება, ვასკულიტი, გუდპასჩერის დაავადება, დერმატომიოზიტი, ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ამილოიდოზი, სარკოიდოზი, შეგრენის სინდრომი, რევმატოიდული ართრიტი, შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება;
  • მემკვიდრეობითი დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ალპორტის სინდრომი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ფაბრის დაავადება, ლიპოდისტროფია, თანდაყოლილი ნეფროზული სინდრომი და სხვა;
  • სხვადასხვა: პრეეკლამფსიური ტოქსემია, თირეოიდიტი, მიქსედემა, ავთვისებიანი სიმსუქნე, რენოვასკულური ჰიპერტენზია, ტრანსპლანტანტის ქრონიკული მოცილება, ფუტკრის ნაკბენი.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ნს-ის ყველაზე ხშირი სიმპტომი შეშუპებაა, რომელიც გამოხატულია სახეზე, კიდურებზე და წელის მიდამოში. არის შემთხვევები, როდესაც ვითარდება ანასარკა – სრული შეშუპება, ასევე – გამოხატული ასციტი (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება), ჰიდროთორაქსი (სითხის დაგროვება გულმკერდის ღრუში). ნს-ის გართულებულ შემთხვევაში მოსალოდნელია სითხის პერიკარდიუმის ღრუში დაგროვებაც. მკვეთრი ჰიპოვოლემიის შემთხვევაში შეინიშნება ორთოსტაზური ჰიპოტენზია.
ნს-ის დროს, წესისამებრ, გამოხატულია ამა თუ იმ ხარისხის ჰიპერკოაგულაცია, რაც თრომბოზების განვითარებისკენ მიდრეკილებას განაპირობებს. ამ გართულებამ სხვადასხვა სახით შეიძლება იჩინოს თავი: პერიფერიული ვენებისა და არტერიების თრომბოზით, ფილტვის არტერიის თრომბოზით ან თრომბოემბოლიით, თირკმლის არტერიის თრომბოზით, თირკმლის ვენის (ცალმხრივი) თრომბოზით. ამ გართულებებიდან აღსანიშნავია თირკმლის ვენის თრომბოზი. დადგენილია, რომ ნეფროზული სინდრომით მიმდინარე ზოგიერთი გლომერულოპათია (უმეტესად – პირველადი) სხვებზე ხშირად რთულდება თირკმლის ვენის თრომბოზით. მათ რიცხვს, უპირველეს ყოვლისა, მიეკუთვნება მემბრანული გლომერულონეფრიტი. მოსალოდნელია თრომბოზის განვითარება აგრეთვე მეზანგიოკაპილარული გლომერულონეფრიტის, ლუპუს-ნეფრიტისა და ამილოიდოზის დროს. რისკი გაცილებით დაბალია დიაბეტური ნეფროპათიის, კეროვანი სკლეროზისა და მინიმალური ცვლილებებით მიმდინარე გლომერულონეფრიტის ფონზე აღმოცენებული ნს-ის შემთხვევაში.
თირკმლის ვენის მწვავე თრომბოზია საფიქრებელი, როცა აღინიშნება წელის ან გვერდის ცალმხრივი ან ორმხრივი ტკივილი, მაკროჰემატურია (შარდში სისხლი), მარცხენამხრივი ვარიკოცელე, პროტეინურიის ხარისხის მკვეთრი ცვლილება, თირკმლის ზომებისა და ფუნქციის ასიმეტრიულობა, ასევე – ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისა და/ან ფილტვის ინფარქტის ნიშნები.
თირკმლის ვენის ქრონიკული თრომბოზი ასიმპტომურად მიმდინარეობს. მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ თირკმლის ვენების ანგიოგრაფიით.
ჰიპოვოლემია ნს-ის ხშირი, მაგრამ არამუდმივი ნიშანია. აღსანიშნავია, რომ მოცირკულირე პლაზმის მოცულობა ზოგჯერ ნორმალურია, ზოგჯერ – მომატებულიც კი. მკვეთრი პროტეინურიისა და ჰიპოალბუმინემიის დროს მოცირკულირე პლაზმის მოცულობა შეიძლება ისე შემცირდეს, რომ ორთოსტაზული ჰიპერტენზია ან ცირკულაციური კოლაფსი გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში თირკმლის მწვავე უკმარისობამდე მიგვიყვანს. მინიმალური ცვლილებებით მიმდინარე გლომერულონეფრიტის დროს თირკმელების მწვავე უკმარისობა კარგად ემორჩილება გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, ფოკალური გლომერულოსკლეროზის დროს კი შესაძლოა თირკმელების მწვავე უკმარისობის შეუქცევადი ფორმა განვითარდეს. ნს-ის მქონე ავადმყოფებში თირკმელების მწვავე უკმარისობის მიზეზად შესაძლოა ორივე თირკმლის ვენის თრომბოზიც იქცეს.
ნს-ის ფონზე თირკმელების მწვავე უკმარისობის აღმოცენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ეს უკანასკნელი შესაძლოა ნს-ის გამომწვევი დაავადების გართულება იყოს. აუცილებელია მიზეზის ზუსტად განსაზღვრა და ამის საფუძველზე მკურნალობის დანიშვნა.
ჰიპოვოლემიით მიმდინარე ნს-ის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა ნეფროზული კრიზი (ანუ ჰიპოვოლემიური შოკი), რომელიც მკვეთრი ჰიპოპროტეინემიისა და ანასარკის ფონზე ვითარდება. მკვეთრმა ჰიპოვოლემიამ (მოცირკულირე პლაზმის 1,5 ლიტრამდე შემცირებამ) შესაძლოა კოლაფსი და სიკვდილი გამოიწვიოს.
აბდომინალური ნეფროზული კრიზის დროს აღინიშნება ანორექსია, ღებინება, მუცლის დიფუზური ტკივილი, მუცლის ფარის გამაგრება. ასეთ დროს საჭიროა მწვავე მუცლის გამორიცხვა. ნეფროზულ კრიზს, მწვავე მუცლისგან განსხვავებით, ახასიათებს მიგრირებადი წითელი ქარის მსგავსი ერითემის აღმოცენება მუცლის კანზე, წელის არეში, უფრო იშვიათად – ბარძაყებზე.
ნს-ის დროს მომატებულია მგრძნობელობა ბაქტერიული, ვირუსული თუ სოკოვანი ინფექციების მიმართ. განსაკუთრებით მაღალი აქვთ ინფიცირების რისკი ბავშვებსა და მოხუცებს. ინფიცირების მაღალ სიხშირეს განაპირობებს IgG-ს დეფიციტი, რომელიც ხშირად შეინიშნება მკვეთრი პროტეინურიით მიმდინარე ნს-ის დროს. ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია პნევმოკოკური ვაქცინის და/ან პარენტერალური ჰიპერიმუნური შრატის გლობულინის შეყვანა. ვაქცინაციის ჩატარება უმჯობესია რემისიის პერიოდში.
ნეფროზული სინდრომის მქონე ავადმყოფებს აქვთ ფილტვების შეშუპების განვითარების რისკი. მკვეთრი ჰიპოალბუმინემიისა და პლაზმის ონკოზური წნევის მკვეთრი დაქვეითების შემთხვევაში სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში გროვდება სითხე, რაც საბოლოოდ ფილტვების შეშუპებას განაპირობებს.

ნეიროცირკულარული დისტონია – Neurocirculatory Dystonia – Нейроциркуляторная Дистония

ზოგიერთი დაავადების დახასიათება შესაძლებელია რამდენიმე სიტყვით, ნეიროცირკულარული დისტონიის (ნცდ-ის) ერთი, ორი და თუნდაც რამდენიმე ფრაზით აღწერა კი ვერ მოგვცემს ამ პათოლოგიური მდგომარეობის სრულ და ზუსტ სურათს, რადგან მას აქვს რამდენიმე დაავადების მსგავსი სიმპტომები. შეიძლება ითქვას, რომ ნცდ ორგანიზმის ყველა სისტემის მოშლის ცოცხალი მაგალითია, რითაც ვლინდება ამ დაავადების ერთ-ერთი ძირითადი თვისება – სიმპტომთა მრავალფეროვნება. არსებობს უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებები. ზოგჯერ დაავადება მხოლოდ ერთი სუბიექტური ნიშნით ვლინდება, ნცდ-ის დროს კი ადამიანს ყველაფერი “სტკივა”. თუ ავადმყოფს აწუხებს მხოლოდ ერთი რამ, მაგალითად, გული და მეტი არაფერი, მაშინ ეს ჯერ კიდევ არ არის ნცდ.
ნცდ-ს უმეტესად ქალები უჩივიან, დაავადება, ჩვეულებრივ, ახალგაზრდობისას იწყება, მაგრამ ვლინდება 30-40 ან 46-59 წლის ასაკში. ნცდ-ით დაავადებულები უმეტესად თავდაჯერებას მოკლებული, მოუსვენარი, მშფოთვარე და სუსტი ნებისყოფის ადამიანები არიან. ისინი უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობით და ამაში სხვებს (განსაკუთრებით – ექიმებს) ადანაშაულებენ. ისინი იშვიათად არიან კარგი მუშაკები, რადგან მუდმივი უგუნებობის გამო საქმეს გულს ვერ უდებენ. მათი უმრავლესობა, როდესაც ხვდება, რომ ვერ ახერხებს პროფესიულ ზრდას, სამსახურს თავს ანებებს ან უფრო იოლ სამუშაოზე გადადის. ისინი მოსაწყენი, მძიმე პიროვნებები არიან. დადიან ექიმებთან, თავს კომფორტულად გრძნობენ სამკურნალო დაწესებულებაში, უყვართ გამოკვლევების ჩატარება და მკურნალობა მოდური მეთოდებით, თუმცა ზოგიერთი თავის დაავადებასთან მარტო რჩება და ბედს ეგუება.
ნცდ-ით დაავადებულებს ხშირად უჭირთ თავიანთი ჩივილების აღწერა. მათ, უპირველეს ყოვლისა, აწუხებთ “ძნელად გადმოსაცემი” განცდები, თავს ცუდად გრძნობენ, უჩივიან სისუსტეს, დროდადრო, ემოციის, გადაღლის, ამინდის ცვალებადობის ფონზე ანდა უმიზეზოდ, კარგავენ გონებას. ზოგჯერ აწუხებთ თავში სიმძიმის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება, სიცივე, ჩხვლეტის შეგრძნება. ჩივილების მრავალფეროვნება, დაავადების სხვადასხვა ეტაპზე მათი სხვადასხვაგვარი გამოვლენა ქმნის სხვადასხვა დაავადების შთაბეჭდილებას, რადგან ზოგჯერ წინა პლანზე სუბფებრილური ტემპერატურა და სისუსტე წამოიწევს, ზოგჯერ – ტკივილი, ზოგჯერ – სუნთქვის მოშლილობა, ზოგჯერ – ვეგეტაციური კრიზი და სხვა. ავადმყოფები უჩივიან სუბფებრილურ ტემპერატურას, სისუსტესა და სიცხის შეგრძნებას, მაგრამ ამ სიმპტომებს არ აქვს მუდმივი ხასიათი, კიდურები უსველდებათ და უცივდებათ, მოულოდნელად უწითლდებათ სახე, მთელი სხეული უხურთ. დაავადებულები ძნელად იტანენ სიცხეს, უხვად სდით ოფლი. ოფლდენას ხშირად ლოკალური ხასიათი აქვს, თან ახლავს პირისა და ტუჩების სიმშრალე და წყურვილის შეგრძნება. ავადმყოფებს ყელსა და გულმკერდზე ხშირად უჩნდებათ წითელი ლაქები, რომლებიც ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. ავადმყოფთა დიდ ნაწილს ნერვიულობის დროს უვითარდება ზედა კიდურების ტრემორი (კანკალი), ზოგჯერ – შინაგანი კანკალის შეგრძნებაც. თითქმის მუდმივად აწუხებთ სახსრების, კუნთების, ძვლების ტკივილი და ტეხა, რომელიც უფრო მოსვენებისას იჩენს თავს, ვიდრე მოძრაობისას. ქალებს აღენიშნებათ ქუთუთოების შეშუპება დილაობით ან ფეხების პასტოზურობა საღამოობით. არცთუ იშვიათად მძაფრდება მენსტრუაციამდელი სინდრომი. ხშირია დისპეფსიური ხასიათის ჩივილები – მუცლის ტკივილი, შებერილობა, ჭრა, ყურყური, ცხარე საკვების აუტანლობა. არცთუ იშვიათია ყავის და თითქმის მუდმივია ყოველგვარი ალკოჰოლური სასმლის აუტანლობა, თვით იდიოსინკრაზიის ჩათვლით. საკმაოდ ხშირად აღინიშნება ძილის დარღვევა – ძილი ხდება ზედაპირული, მშფოთვარე, ავადმყოფს აწუხებს კოშმარული სიზმრები, ახალგაღვიძებულზე უჩივიან სისუსტეს. გულისრევა და ღებინება დილაობით უმთავრესად ქალებისთვის არის დამახასიათებელი.
დაავადებულთა ნაწილს, განსაკუთრებით – ისტერიკულ პირებს, უქვეითდება მადა თვით ანორექსიის ჩათვლითაც კი. მრავალი ავადმყოფისთვის დამახასიათებელია შფოთვა, ეჭვიანობა, უგუნებობა, საკუთარი თავის რწმენის უქონლობა და პესიმიზმი. არცთუ იშვიათად ამას ენაცვლება სრულიად საპირისპირო თვისებები – საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და ეგოიზმი. ეს შინაგანი კონფლიქტი იწვევს მიდრეკილებას ისტერიკული რეაქციების, გულის წასვლის, ჰაერის უკმარისობის, კიდურების სპაზმური შეკუმშვებისა და კანკალის მიმართ. იშვიათი არ არის სქესობრივი დარღვევები: ქალებში – ფრიგიდულობა, მამაკაცებში – იმპოტენცია.
ქალების უმრავლესობას აღენიშნება მენსტრუაციამდელი სინდრომი და სხვადასხვა დიზოვარიული დარღვევა.
ზემოთ აღწერილი სიმპტომატიკა ნცდ-ის კლინიკური სურათისთვის არის არა წამყვანი, არამედ ფონური. ძირითადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია ტკივილი გულის არეში, არიტმია ან გულის ფრიალი, ტაქიპნოე ან დისპნოე, სისხლძაღვოვანი დისტონია და ვეგეტაციური დისფუნქცია. ეს სიმპტომები აღენიშნება პარაქტიკულად ყველა დაავადებულს, განსაზღვრავს დაავადების სიმძიმეს, განაპირობებს შრომის უნარის დაქვეითებას ან დროებით დაკარგვას.
აღნუსხულია ნცდ-ის 40-მდე ყველაზე ხშირად გამოვლინებადი სიმპტომი. ერთ ავადმყოფს 9-დან 26-მდე სიმპტომი აღენიშნება. ყველაზე ხშირია: ტკივილი გულის არეში (98%); სისუსტე და ადვილად დაღლა (97%); ნერვული მოშლილობანი – გაღიზიანებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა, ხასიათის გაფუჭება (95%); თავის ტკივილი (88%); სუნთქვითი მოშლილობანი – ჰაერის უკმარისობა, ხშირი ღრმა ჩასუნთქვის საჭიროება (85%); გულისცემის შეგრძნება (83%); კიდურების გაცივება და პარესთეზია (75%); ძილის დარღვევა (73%); ვეგეტო-სისხლძარღვოვანი პაროქსიზმი (64%); თავბრუხვევა, თვალების დაბნელება (62%); მენსტრუაციამდელი სინდრომი (59%); ხელების კანკალი, შინაგანი კანკალის შეგრძნება (54%); კარდიოფობია (54%); მუცლის ტკივილი (50%); სასხრების ტკივილი, მიალგია, ნევრალგია (50%); ჩქარი სიარულის დროს ქოშინი (44%); დილაობით სახისა და ქუთუთების ოფლიანობა (44%); გულის დაღლის შეგრძნება (42%); გულისრევის შეგძნება (35%); ყელისა და თავის სისხლძარღვების პულსაციის შეგრძნება (33%); სახესა და ყელზე სიცხის შეგრძნება (31%); იმპოტენცია (30%); სუბფებრილიტეტი (26%); გულის წასვლა (18%); დისმენორეა. დაავადების კლინიკური სურათის მრავალფეროვნების მიუხედავად, ყოველ სიმპტომს სხვადასხვა მნიშნელობა აქვს.

კარდიალგიური სინდრომი (ტკივილი გულის არეში)

გულის არეში ტკივილის სინდრომი ნდც-ით დაავადებულთა 80-100%-ს აღენიშნება. ტკივილის შეგრძნება სხვადასხვა სახისაა: ზოგიერთი გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას განიცდის, ზოგიერთი კი ისეთ აუტანელ ტკივილს, რომ მოსვენებას კარგავს. ხშირად ტკივილს თან ახლავს სიკვდილის შიში. სხვადასხვანაირია ტკივილის ხასიათიც: ის შეიძლება იყოს მჩხვლეტი, ყრუ, მჭრელი, მოჭერითი, გულის არეში უცხო სხეულის შეგრძნებისმაგვარი და სხვა. ზოგიერთი ავადმყოფი ამბობს, თითქოს “გულზე მარწუხებს უჭერენ”, “ბრჭყალებით კაწრავენ” და სხვა. სხვადასხვაგვარია ტკივილის ლოკალიზაციაც. ყველაზე ხშირად ტკივილი აღმოცენდება გულის პრეკარდიულ არეში ან ოდნავ ზემოთ. ბევრი ტკივილს მარცხენა ბეჭში შეიგრძნობს. ნცდ-ის დროს ხშირია პრეკარდიულ არეში მიგრირებადი ტკივილი.
ტკივილის შეგრძნება შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წამს (მჩხვლეტი) ან რამდენიმე საათს (ყრუ და ზეწოლითი ხასიათისა). მოულოდნელადაც შეიძლება აღმოცენდეს, თანდათანობითაც შეტევითისებურადაც.
ტკივილის აღმოცენების პირობები მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე ხშირი მიზეზია გადაღლა, ფიზიკური გადადაძაბვა, ნერვიულობა, ამინდის ცვალებადობა, მენსტრუაციამდელი პერიოდი, ცხელი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება, ფორსირებული სუნთქვა. ზოგჯერ ტკივილის პროვოცირებას იწვევს მარცხენა ხელით მძიმე ტვირთის აწევა, ზოგჯერ ის თავს იჩენს კოშმარული სიზმრის შემდეგ და ყოველთვის აღმოცენდება ტაქიკარდიის, ვეგეტაციური პაროქსიზმის და არტერიული წნევის მომატების დროს ან შემდეგ. განსაკუთრებით საყურადღებოა ტკივილის კავშირი ფიზიკურ დატვირთვასთან, რადგან ასეთი სიმპტომი სტენოკარდიასაც ახასიათებს. ნცდ-ის დროს ტკივილი აღმოცენდება არა ფიზიკური დატვირთვისა და ხანგრძლივი სიარულის დროს, არამედ მის შემდეგ. ხშირად პაციენტები ამბობენ, რომ ტკივილი სიარულის დროს აღმოცენდება, მაგრამ თუ ექიმი კარგად ჩაეკითხება, აღმოჩნდება, რომ ამ დროს ტკივილი კი არ ჩნდება, არამედ ძლიერდება. როგორც წესი, ტკივილი არ ქრება შესვენების შემდეგ.
ნცდ-ის დროს გულის არეში განვითარებულ ტკივილს თან ახლავს შფოთვა, მოუსვენრობა, უგუნებობა, მოთენთილობა, სისუსტე. შეტევისებურ და ძლიერ ტკივილს ხშირად სდევს თან შიში და ვეგეტაციური მოშლილობა – ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, გულისცემის შეგრძნება, თავბრუხვევა, ოფლიანობა, შინაგანი კანკალი და არტერიული წნევის მომატება.
სუსტი და ზომიერი ტკივილი, ჩვეულებრივ, არ საჭიროებს წამლის მიღებას და თავისთავად გაივლის. ზოგჯერ მის მოსახსნელად საკმარისია ყურადღების სხვა საგანზე გადატანა.
ზომიერი და ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ავადმყოფი იძულებულია, მიიღოს სხვადასხვა “საგულე” საშუალება, რომელთაც, როგორც წესი, მხოლოდ დროებითი შვება მოაქვთ.
ავადმყოფთა უმრავლესობა (98%) უპირატესობას ანიჭებს ვალოკორდინს ან კორვალოლს. ზოგიერთი იღებს ვალიდოლს, მაგრამ არა რეგულარულად. ნცდ-ით დაავადებულთა საკმაოდ დიდ ნაწილში ნიტროგლიცერინი იწვევს გვერდით ეფექტებს: ხმაურის შეგრძნებას თავში, გულისცემისა და ცხელების შეგრძნებას, თავის ტკივილს და სხვა, რის გამოც ამ პრეპარატს პრაქტიკულად არ იყენებენ.

სუნთქვითი მოშლილობანი

სუნთქვითი მოშლილობა ნცდ-ის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. რესპირატორულ სინდრომს ახასიათებს ტაქიპნოე, ფიზიკური დატვირთვისა და მღელვარების დროს ზედაპირული სუნთქვის გახშირება, ჩასუნთქვის გაძნელება – ავადმყოფს არ ჰყოფნის ჩასუნთქული ჰაერი და აქვეს ღრმად ჩასუნთქვის მოთხოვნილება. ზოგჯერ სუნთქვითი დარღვევები აღწევს “მოხრჩობის”, “ნევრასთენიული ასთმის” ან “სუნთქვითი კრიზის” ხარისხს. ამ დროს სუნთქვა შეიძლება წუთში 30-50 იყოს. არსებობს სუნთქვის მოშლილობის წაშლილი ფორმაც, ამ დროს მოსალოდნელია დისკომფორტი სუნთქვის დროს, ყელზე ზეწოლა, ავადმყოფი ვერ იტანს ჩახუთულ შენობაში ყოფნას, ფანჯარა მუდამ ღია აქვს, ხშირ-ხშირად გადის გარეთ და სხვა. არცთუ იშვიათად ამას თან ახლავს თავბრუხვევა, გულისცემის შეგრძნება, შფოთვა, დახრჩობისა და სიკვდილის შიში. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაავადების დიფერენცირება ბრონქული ასთმისა და გულის უკმარისობისგან.
ნცდ-ის დროს რესპირატორული სინდრომის განსაზღვრა არ არის ძნელი. მას მხოლოდ ეპიზოდური ხასიათი აქვს და მეტწილად ემოციური გადაძაბვის ფონზე ვითარდება. სუნთქვა ხშირია, შიგადაშიგ შეინიშნება ღრმა ჩასუნთქვა. აუსკულტაციურად ხიხინი არ ვლინდება, ამოსუნთქვა ხანმოკლეა, აღინიშნება სუნთქვითი არიტმია.

გულისცემის შეგრძნება, არიტმია და გულის რიტმის სხვა მოშლილობანი

ნცდ-ით დაავადებულთათვის დამახასიათებელია გულისცემის გახშირება. ზოგჯერ ამას თან ახლავს პულსაცია კისერსა და თავის არეში, რომელიც ვითარდება ფიზიკური დატვირთვისას, ზოგჯერ მოსვენების დროსაც, მაგალითად, ღამით, და ხელს უშლის ძილს. ზოგჯერ ავადმყოფი შეიგრძნობს გულის ხანმოკლე გაჩერებას. გულის მუშაობის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია ტაქიკარდია, რომელიც მოსვენებისას წუთში 80-89-დან 130-140 დარტყმამდე მერყეობს. ტაქიკარდია მუდმივი არ არის, იგი სხვადასხვა გამღიზიანებლის საპასუხოდ აღმოცენდება. კერძოდ, გულისცემის გახშირების პროვოცირება შეუძლია ფიზიკურ დატვირთვას, მღელვარებას, საკვების მიღებას, ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლას, ჰიპერვენტილაციას, ასევე – ყავის, ჩაის, ალკოჰოლიანი სასმლის დალევას, მოწევას. ტაქიკარდიის ფონზე არცთუ იშვიათად იმატებს არტერიული წნევა (განსაკუთრებით – სისტოლური). ამ დროს სრულიად უეფექტოა სათითურას პრეპარატები და ნაკლებეფექტურია ნოვოკაინამიდი. შედარებით ეფექტიანია ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები.
ძალიან იშვითია ბრადიკარდიისკენ მიდრეკილება, რასაც ზოგჯერ თან ახლავს გულის გამტარობის ცვლილებები.

ასთენიური სინდრომი

ასთენიური სინდრომი ამა თუ იმ პერიოდში პრაქტიკულად ყველა ნცდ-ით დაავადებულს უვლინდება, ბევრს კი ეს სინდრომი მუდმივად აღენიშნება. ასთენიური სინდრომი ვლინდება ფიზიკური სისუსტის ან დაღლილობის სახით, რომელიც შეიგრძნობა გაღვიძებისთანავე ან ძლიერდება თანდათანობით და პიკს აღწევს შუადღისას ან საღამოს. წაშლილი ფორმის დროს ასთენია გამოიხატება დაღლილობით მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. სისუსტისა და მუდმივი დაღლილობის სინდრომს თან ახლავს მოთენთილობა და უგუნებობა, თუმცა საწოლში ავადმყოფები თავს კარგად გრძნობენ.
ჩვეულებრივ, ასთენია ვლინდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ინტელექტუალური დაღლილობით, ყურადღების კონცენტაციის დარღვევით, მეხსიერებისა და ნებისყოფის დაქვეითებითაც. მამაკაცებს შესაძლოა დაუქვეითდეთ პოტენცია. ასთენიური სინდრომის დროს დაქვეითებულია შრომის უნარიც.

ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიისა და ვეგეტოსისხლძარღვოვანი კრიზის სინდრომი

ნცდ-ის კლინიკური ნიშნების უმრავლესობა (ოფლის გამოყოფის, თერომორეგულაციის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, კუნთოვანი ტონუსის დარღვევები, პერიფერიული ვაზომოტორული სიმპტომები, არტერიული წნევისა და პულსის ლაბილურობა, ზოგიერთი სახის ტროფიკული დარღვევა) ვეგეტაციურ დარღვევებზეა დამოკიდებული. ვეგეტაციური ქერქქვეშა ცენტრების დისფუნქციით აიხსნება გულ-სისხლძარღვთა დარღვევების პაროქსიზმული (შეტევითი) ხასიათი. ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირია სისხლძარღვთა ტონუსის დარღვევა, რომელიც რეგიონულიც შეიძლება იყოს და გავრცობილიც. იგი გამოიხატება როგორც სისხლძარღვების სპაზმი და პერიფერიული წინააღმდეგობის მატება ან მათი არაადეკვატური გაფართოება.
სისხლძარღვოვანი დისტონია კლინიკურად ვლინდება თავის ტკივილით, თავბრუხვევით, მხედველობის დროებითი მოშლით, თვალების ქვემოთ შეშუპებით, თავში პულსაციის და ყურში მოპულსირე ხმაურის შეგრძნებით. ასეთი ავადმყოფები ცუდად იტანენ სიმაღლეს, რყევას, ტრანსპორტით მგზავრობას. ნცდ-ის დროს თავის ტკივილი ხშირი და არცთუ იშვიათად წამყვანი სიმპტომია. ტკივილი ლოკალიზდება ნათხემის, საფეთქლისა და კეფის არეში (მუზარადისებურად). როგორც წესი, იგი სუსტია, ხანგრძლივი და ანალგეტიკების მიღებას არ საჭიროებს. უმეტესად ძლიერდება საღამო ხანს. ზოგჯერ მას აქვს პაროქსიზმული ხასიათი, ემთხვევა მეტეოროლოგიურ ცვლილებებს, გადაღლას, ალკოჰლის მიღებას, მოწევას და მენსტრუაციამდელ სინდრომს. ძლიერი თავის ტკივილის დროს, ჩვეულებრივ, ზომიერად იმატებს არტერიული წნევა, ხელის შეხებით ვლინდება მტკივნეული წერტილები საფეთქლისა და კეფის არეში. პერიფერიული ანგიოდისტონიური დარღვევა ვლინდება კიდურების გაცივებით, მათი შეფერილობის ცვლილებით, არტერიული წნევის ასიმეტრიით (კიდურებზე არტერიული წნევა განსხვავებულია). ვენურ ჰიპოტონიას შესაძლოა თან ახლდეს (განსაკუთრებით – ქალებში) კიდურებზე ვენების გაგანიერება, კიდურების შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება საღამო ხანს. ნცდ-ით დაავადებულებს ასევე აღენიშნებათ არტერიული წნევის სპონტანური მატება და კლება. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებისგან განსხვავებით, არტერიული წნევა მათ ზომიერად უწევთ და ძირითადად ემოციურ ფაქტორებს უკავშირდება. წნევის ნორმალიზებისთვის ჰიპოტენზიური საშუალებების მიღება, როგორც წესი, არ არის საჭირო.
ნცდ-ის დროს დაბალი წნევა ძალიან იშვიათია, უფრო სწორად, ნცდ-ით დაავადებულ ახალგაზრდა ქალებს ზოგჯერ აქვთ დაბალი არტერიული წნევა, თუმცა ზოგჯერ მაღალი წნევაც აქვთ. ასე რომ, ნცდ-ის ჰიპერტონიულ და ჰიპოტონიურ ტიპებად დაყოფა სწორი არ იქნება.

გულის წასვლა

ფუნქციური გულსისხლძარღვოვანი დარღვევები ძალიან იშვიათია. ისინი მეტწილად გვხვდება ახალგაზრდა, ასთენიისკენ მიდრეკილ, მაღალ გოგონებში. ამის მთავარი მიზეზი ვენური ტონუსის არასრულფასოვნებაა. ვენური მიმოქცევის უკმარისობა ტვინის ჰიპოქსიას და გულის წასვლას განაპირობებს. ნცდ-ის დროს ორთოსტატიკური ტიპის “გულის წასვლა” საშიში არ არის და დროთა განმავლობაში თავისთავად გაივლის. ხშირად ანალოგიური ხასიათის გულის წასვლა შეინიშნება სტრესულ სიტუაციაში როგორც რეაქცია ტკივილზე, შიშზე და სხვა.

თერმორეგულაციის დარღვევა

ნცდ-ით დაავადებულები ცუდად იტანენ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს. ისინი თავს ცუდად გრძნობენ გრილ შენობაში – ამცივნებთ და იფუთნებიან. ძნელად იტანენ სიცხესაც – ის ამწვავებს მრავალ სიმპტომს. ნცდ-ით დაავადებულთა ნაწილს პერიოდულად (რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე) აღენიშნება სუბფებრილური ტემპერატურა – ჩვეულებრივ, რომელიმე ინფექციური დაავადების (განსაკუთრებით – გრიპის) შემდეგ. დილით, გაღვიძებისას, ტემპერატურა თითქმის ნორმალურია, ან არ აღემატება 37-ს, დღის განმავლობაში კი არაერთხელ იმატებს 37,2-37,7 გრადუსამდე. ტემპერატურის მატებას თან არ სდევს სიცხის შეგრძნება, მაგრამ ახასიათებს სისუსტე, თავის დამძიმება. ბევრი ამას ყურადღებას აქცევს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე იზომავს ტემპერატურას და დარწმუნებულია, რომ მის ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. კიდურები ცივია, რაც თერმორეგულაციის ადგილობრივ დარღვევაზე მიუთითებს. ნცდ-ის დროს ტემპერატურა არ იკლებს ანტიბიოტიკებისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების შედეგად.

ვეგეტოსისხლძარღვოვანი კრიზი

ნცდ-ით დაავადებულებს ხშირად ემართებათ ვეგეტოსისხლძარღვოვანი კრიზი. წესისამებრ, ის თავს იჩენს დაავადების ხანგრძლივი და მწვავე მიმდინარეობისას. პაროქსიზმები მოულოდნელად, მეტწილად ღამით, ძილის დროს, ან გაღვიძებისას თითქოსდა უმიზეზოდ აღმოცენდება. ვლინდება კანკალით, შემცივნებით, თავბრუხვევით, გულისცემის შეგრძნებით, ოფლიანობით, თავისა და გულის არეში ტკივილით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით, არტერიული წნევის მატებითა და უმიზეზო შიშით. კრიზი 20-30 წუთიდან 2-3 საათამდე გრძელდება. კრიზის დასასრულს არცთუ იშვიათია დიდი ოდენობით შარდის გამოყოფა, ზოგჯერ – თხევადი განავლისაც. კრიზი ზოგჯერ თავისთავად გაივლის, ზოგჯერ კი საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. კრიზის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში, იშვიათად – 2-3 დღეც, ავადმყოფს რჩება სისუსტე, შფოთვა, ტკივილი გულის არეში. კრიზი შეიძლება განმეორდეს კვირაში 1-3-ჯერ ან თვეში 1-2-ჯერ (შეიძლება უფრო იშვიათადაც). ავადმყოფის დამოკიდებულება დაავადებისადმი ამძიმებს ვეგეტაციურ კრიზს, აღრმავებს ნერვულ დარღვევებს. მიუხედავად ამისა, ვეგეტაციური კრიზი არ არის ნცდ-ის მყარი სიმპტომი და დროთა განმავლობაში თავისთავად ან შესაბამისი მკურნალობის შედეგად გაივლის.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ნცდ-ის დროს ნერვული სისტემის მხრივი დარღვევების სიხშირისა და როლის შესახებ მედიკოსებს საერთო აზრი არ გააჩნიათ. არსებობს დიამეტრულად განსხვავებული შეხედულებები. ნცდ-ით დაავადებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი ყურადღებას არ აქცევს ნევროზულ სიმპტომებს. მოუსვენრობა და შფოთვა, არათანამიმდევრული საუბარი, საკუთარ ავადმყოფობაზე უსასრულოდ საუბრის სურვილი, ხელისა და ქუთუთოების კანკალი საეჭვოს ხდის ნერვული სისტემის მხრივ დარღვევების არსებობას. მრავალ ავადმყოფს, რომლებიც უკვე დიდი ხანია უშედეგოდ მკურნალობენ, თვალებში სევდა აქვთ ჩაგუბებული და ხშირად ხუმრობაზეც კი არ იცინიან. ასეთ ავადმყოფებს ტანჯავთ სხვადასხვა დაავადების (ინფარქტი, ასთმა, კიბო და სხვა) და სიკვდილის შიში. ნევროზული ხასიათის დარღვევების დროს თავს იჩენს ძლიერი შფოთვა, ინტელექტუალური და ემოციური გამოფიტვა, ემოციის შეკავების უუნარობა და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ დაავადებულთა უმრავლესობას აქვს ფსიქოპათოლოგიური ნიშნები, რომლებსაც შესაძლოა თან ახლდეს ასთენიურ-დეპრესიული ან დეპრესიულ-ჰიპოქონდრიული სინდრომი. შედარებით იშვიათია, ისიც – უმეტესად ქალებში, ისტერიკა.
ნერვული სისტემის მხრივი დარღვევების აღმოცენებაში უმეტესად დიდ როლს ასრულებს ფსიქიკური სტრესი, მაგრამ დაავადებულთა მნიშვნელოვან ნაწილს ეს დარღვევები გადაღლის, ინფექციის, ტრავმის ფონზე უყალიბდება.
ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, არსებობს კავშირი ნევროზული სინდრომის გამოხატულებასა და კარდიოლოგიური სინდრომის ინტენსიურობას შორის. მაგალითად, ზომიერი ტკივილის დროს შედარებით ხშირია შფოთვა და დეპრესიული სინდრომი, იშვიათი – ისტერიკული და ჰიპოქონდრიული. ნევროზული და კარდიოფობიური სინდრომები ერთნაირი სიხშირით გვხვდება. გამოხატული ტკივილის დროს წამყვანია ისტერიკული და ჰიპოქონდრიული სინდრომები.

სხვა სიმპტომები
ნცდ-ის დროს შესაძლოა თავი იჩინოს დისპეფსიურმა მოვლენებმა, მაგალითად, ღებინებამ (რომელიც განპირობებულია კუჭის მოტორული ფუნქციის დარღვევით ან აქვს ისტერიული ხასიათი), ბოყინმა, სლოკინმა. ზოგიერთს, უმეტესად – ასთენიური კონსტიტუციის ქალებს, აღენიშნება ანორექსია და წონის შესამჩნევი კლება. ასევე დამახასიათებელია: საკვების მიღების შემდეგ ეპიგასტრიუმში სიმძიმის შეგრძნება და გულისრევა ან შეტევისებური ტკივილი ჭიპის არეში, რასაც თან ახლავს მუცლის შებერილობა, ყურყური, კუჭის მოქმედების დარღვევა, ასევე – ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ როგორც სანაღვლე გზების დისკინეზიის გამოვლინება. ზოგიერთს პალპაციის დროს აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. ასეთ დროს ზოგჯერ შეცდომით მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზს სვამენ. დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე შესაძლოა დისპეფსიური მოვლენები გახდეს წამყვანი. ნცდ-ით დაავადებული ქალების დიდი ნაწილი უჩივის ხშირ და მტკივნეულ შარდვას ცხარე საკვების მიღების შემდეგ, მამაკაცებს კი ხშირად უსვამენ პროსტატიტის დიაგნოზს. დაავადებულ მამაკაცთა 30%-ს აღენიშნება ლიბიდოს დაქვეითება, ქალებს კი ჯანმრთელ ქალებთან შედარებით ხშირად აქვთ მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მეტრორაგია, წინარემენსტრუაციული სინდრომი, მტკივნეული მენსტრუაცია და სხვა.
ნცდ-ით დაავადებულები ხშირად უჩივიან სახსრების, ძვლების, კიდურების ნევრალგიურ ტკივილს. სახსრების ტკივილს თან არ ახლავს ანთების ობიექტური ნიშნები. ავადმყოფები, როგორც წესი, ვერ აზუსტებენ, სახსრები სტკივათ, ძვლები თუ კუნთები. ტკივილი მოსვენებისას აღმოცენდება და არა სიარულისა თუ ფიზიკური დატვირთვისას.

მკურნალობა

ნცდ-ის მკურნალობისადმი ძირითადი მიდგომები ასეთია:

  • ეტიოლოგიური მკურნალობა – გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა ან მათი ზემოქმედების შემცირება (ცხოვრების ჯანსაღი წესი, გაკაჟება, ცურვა, ტანვარჯიში);
  • დიდი ნახევარსფეროების ქერქისა და ჰიპოთალამუსის მოქმედების ნორმალიზება;
  • ნერვული სისტემის დისფუნქციის მოხსნა;
  • კარდიალგიისა და გულის რიტმის დარღვევათა სიმპტომური მკურნალობა;
  • ფიზიოთერაპია და სამკურნალო ფიზკულტურა;
  • ფსიქოთერაპია, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა.
  • მედიკამენტური მკურნალობისთვის გამოიყენება:
  • სედაციური პრეპარატები: კატაბალახას ძირები, ვალოკორდინი, კორვალოლი და სხვა;
  • ტრანკვილიზატორები (ნევროზის, შიშის, შფოთვის შესამცირებლად, კრიზის შესასუსტებლად): დიაზეპამი, ელენიუმი, ფენაზეპამი, ნოზეპამი და სხვა;
  • ანტიდეპრესანტები (ჰიპოთალამუსის ნორმალური მუშაობის აღსადგენად ასთენიურ-დეპრესიული სინდრომის დროს): ამიტრიპტილინი, ტერაპენი და სხვა;
  • ნოოტროპული საშუალებები: პირაცეტამი, ფეზამი (ცინარიზინი + პირაცეტამი);
  • ცერებროანგიოკორექტორი (ცენტრალური ნერვული სისტემის დისტონიის შესამცირებლად): კავინტონი, სტუგერონი;
  • ვეგეტატიური კორექტორები (ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციის მოსახსნელად, ჰიპოთალამუსისა და სიმპათიკური სტრუქტურების აღგზნების მოსახსნელად): ბელოიდი, ბელოსპანი, ბელოტამინალი;
  • ადრენომიმეტიკები – ინიშნება ტაქიკარდიის (პულსი – 120 და მეტი), არტერიული წნევის მატების, ხშირი ვეგეტოსისხლძარღვოვანი კრიზის, ტაქიკარდიის ფონზე გამოხატული კარდიალგიის დროს: ანაპრილინი, ატენოლოლი, კონკორი და სხვა; კარდიოსელექციური საშუალებები ინიშნება ნცდ-ის კარდიული ფორმის დროს, ხოლო არასელექციური – ჰიპერტენზიის შემთხვევაში;
  • ადაპტოგენები: ელეუტეროკოკი, ჟენ-შენი და სხვა; დაბალი წნევის დროს – პანტოკრინი, ფეტანოლი.

ნეიროლეიკემია – neyroleikemiya – нейролеикемия

ნეიროლეიკემია ლეიკემიის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა. ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინის გარსის, ქალას ნერვების, ტვინის ნივთიერების) სიმსივნური უჯრედებით ინფილტრაცია. ეს გართულება განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში მწვავე ლიმფობლასტომური  ლეიკემიის, იშვიათად – ლეიკემიის სხვა ფორმების დროს.
ნეიროლეიკემიის განვითარებას განაპირობებს ლეიკემიური უჯრედების თავისა და ზურგის ტვინში ან ტვინის ნივთიერებაში მეტასტაზირება. უკანასკნელი ვარიანტი გაცილებით მძიმე და რთული სამკურნალოა და არაკეთილსაიმედო პროგნოზი აქვს.
ნეიროლეიკემია მენინგეალური (ტვინ-გარსის) და ჰიპერტენზიული სინდრომებით ვლინდება. უმეტესად თავს იჩენს ტვინის გარსის დაზიანებისთვის დამახასიათებელი ნიშნები: მყარი თავის ტკივილი, განმეორებითი ღებინება, გულისრევა, მოთენთილობა, გაღიზიანებადობა, მხედველობის ნერვის შეშუპება, ნისტაგმი, სიელმე. არის გულის წასვლის შემთხვევებიც. ტვინის ნივთიერების დაზიანებისას მოსალოდნელია კრუნჩხვები, გულყრა, გონების დაბინდვა და არაადეკვატური ქმედება. ქალას ნერვების დაზიანებისას ირღვევა სმენა და მხედველობა, ვითარდება გრიმასები (სახის დაბრეცა).
აღწერილ კლინიკურ სურათზე ადრეული სიმპტომია მაღალი ციტოზი და ბლასტური უჯრედების არსებობა თავ-ზურგტვინის სითხეში. ტვინის შიდა მეტასტაზირების დროს ვლინდება ტვინის სიმსივნის სურათი ბლასტოციტოზის გარეშე.
ქრონიკული ლიმფოლეიკემიის დროს ნერვული სისტემის დაზიანება გაცილებით იშვიათია. მისი კლინიკური სურათი მწვავე ლეიკემიისგან არ განსხვავდება და დაზიანების ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.
დიაგნოსტიკა ციტოლოგიური კვლევის საფუძველზე ხორციელდება.
მკურნალობის არჩევით მეთოდებს წარმოადგენს მეტოტრექსატის ლუმბალური შეყვანა და თავის ასხივება. ძვლის ტვინის გარეთა ლეიკემიური კერების (ცხვირ-ხახა, საკვერცხე, შუასაყარის ლიმფური კვანძები და სხვა) არსებობისას, რომლებიც იწვევს ორგანოებზე ზეწოლას და ტკივილს, ნაჩვენებია სხივური თერაპია.

 

 

ნეირობლასტომა – neuroblastoma – нейробластома

ნეირობლასტომა (წინათ გლიომას უწოდებდნენ) ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სიმპათიკური ნერვული სისტემის ემბრიონული ნეირობლასტებისგან ვითარდება. იგი არადიფერენცირებული სიმსივნეა.
ნეირობლასტომა გვხვდება მხოლოდ ბავშვებში (15 წლამდე, ათიდან 9 შემთხვევაში – 5 წლამდე). ავადობა შეადგენს 100 000-იდან 0,85-1,1 შემთხვევას.
ნეირობლასტომას აქვს მრავალი ისეთი თვისება, რომელიც არ გააჩნია სხვა ავთვისებიან წარმონაქმნებს, მაგალითად:

  • სპონტანური რეგრესიის უნარი – შეუძლია დამოუკიდებლად რეგრესია მაშინაც კი, როცა სიმსივნე დიდი ზომისაა და განვითარებულია მეტასტაზები;
  • მომწიფების (დიფერენცირების) უნარი; იშვიათად განიცდის ტრანსფორმაციას კეთილთვისებიან სიმსივნედ – განგლიონევრომად;
  • სწრაფი აგრესიული მიმდინარეობის და მეტასტაზების განვითარების უნარი.

კლინიკური სურათი. სიმსივნეების უმეტესობას მუცლის ღრუში, მეტწილად თირკმელზედა ჯირკვლებში აღმოაჩენენ. იშვიათად გვხვდება შუასაყარში და კისერზე.
კლინიკური სურათი დამოკიდებულია სიმსივნის განვითარების ადგილზე, მეტასტაზების ლოკალიზაციაზე, სიმსივნური უჯრედების მიერ გამოყოფილი ვაზოაქტიური ნივთიერების რაოდენობაზე.
ნეირობლასტომის ძირითადი კლინიკური გამოვლინებებია:

  • სიმსივნე მუცლის ღრუში;
  • შეშუპება;
  • წონის კლება;
  • ძვლების ტკივილი (განპირობებულია მეტასტაზებით);
  • ანემია;
  • ცხელება;
  • ავადმყოფი ძირითადად უჩივის ტკივილს (ასიდან 30-35 შემთხვევა), ცხელებას (25-30 შემთხვევა), წონის კლებას (20 შემთხვევა).

შუასაყარში სიმსივნის ზრდის შემთხვევაში ბავშვები უჩივიან მუდმივ ხველას, სუნთქვით მოშლილობებს, დისფაგიას (ყლაპვის გაძნელებას) და მუდმივ სლოკინს. გარდა ამისა, აღენიშნებათ გულმკერდის ძვლების დეფორმაცია.
ძვლის ტვინის დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ანემია და ჰემორაგიული სინდრომი (სისხლდენა).
რეტრობულბურ სივრცეში სიმსივნის ზრდის შემთხვევაში ვითარდება სათვალის სინდრომი (ენოტის თვალები) და ეგზოფთალმი (თვალების გადმოკარკვლა).
თუ ნეირობლასტომა მუცლის ღრუში გაჩნდა, იგი სწრაფად ჩაიზრდება თავ-ზურგტვინის არხში, ხელით გასინჯვისას აღიქმება როგორც ბორცვისებური, უმოძრაო და ქვის კონსისტენციის სიმსივნე.
გულმკერდის სივრციდან დიაფრაგმის ხვრელის გავლით მუცლის ღრუში გავრცელების შემთხვევაში სიმსივნე იღებს მკვრივი კონსისტენციის მოლურჯო-მეწამული ფერის კვანძის სახეს.
ნეირობლასტომის მეტასტაზები ყველაზე ხშირად ძვლებში, ძვლის ტვინსა და ლიმფურ კვანძებში ჩნდება. სიმპტომატიკა დამოკიდებულია იმაზე, რომელ ორგანოს დააზიანებს მეტასტაზები. კერძოდ, მოსალოდნელია:

  • ღვიძლის სწრაფი ზრდა;
  • კანზე მოლურჯო კვანძების გაჩენა;
  • ძვლების ტკივილი;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ანემია, სისხლჩაქცევა და ლეიკოზისთვის დამახასიათებელი სხვა გამოვლინებები.

ნევროზები – neurosis – невроз

ნევროზები – ეს არის შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც აღმოცენდება ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად და მიმდინარეობს უგუნებობით, ხასიათის ცვალებადობითა და სომატოვეგეტატიური გამოვლინებებით. ნევროზი ყველა ასაკში სხვადასხვა ფორმით გვხვდება. ბავშვთა ნევროზის გამოვლინებაა ლოგონევროზი (მეტყ ველების გაძნელება), უნებლიე მოძრაობები, ღამის ენურეზი (ღამით შარდის შეუკავებლობა), რაც პიროვნების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. ზრდასრულ ასაკში ნევროზის კლინიკური გამოვლინება პიროვნების თავისებურებებს უკავშირდება და გარემოსთან შეგუების მექანიზმების დათრგუნვას გულისხმობს. ეს იმაზეა დამოკიდებული, შეუძლია თუ არა პიროვნებას, დაძლიოს საკუთარი მოთხოვნილებები, როდესაც ვითარდება კონფლიქტი მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებსა და შედეგს შორის.
ნევროზი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ მისი ხასიათი და ფორმა ფაქტორთა მთელ წყებაზეა დამოკიდებული. ერთი მხრივ, ნევროზის ფორმირება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის პიროვნულ თავისებურებებს, გარეშე ზემოქმედებათა მიმართ ამტანობის მემკვიდრეობით ხასიათს, ორგანიზმის შემგუებლობის უნარს. მეორე მხრივ, ნევროზის განვითარება განისაზღვრება ფსიქიკური ტრავმით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ერთმომენტიანი (მაგალითად, საყვარელი ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალება), ასევე ხანგრძლივი (კონფლიქტური სიტუაცია ოჯახში, სამსახურში და ა.შ.), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ემოციურად მნიშვნელოვანია ავადმყოფისთვის და მისთვის განსაზღვრულ ცხოვრებისეულ ფასეულობას წარმოადგენს. გარდა ამისა, ნევროზი ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ბავშვობაში ფსიქიკური ტრავმა აქვთ გადატანილი, მაგალითად, იზრდებოდნენ არასასურველ ოჯახურ ატმოსფეროში, ხშირად ავადმყოფობდნენ და სხვა.
პავლოვი ნევროზს განმარტავდა როგორც უმაღლესი ნერვული მოქმედების ქრონიკულად ხანგრძლივ დარღვევას, რომელიც გამოწვეულია ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში ნერვული პროცესების გადაძაბვით, რასაც, თავის მხრივ, განაპირობებს არაადეკვატური ძალისა და ხანგრძლივობის გარეგანი გამღიზიანებლის ზემოქმედება.
ფსიქოანალიტიკური თეორიების თანახმად, ნევროზი და მისი სიმპტომატიკა განიმარტება როგორც ადამიანის შიგნით არსებული კონფლიქტის შედეგი.
ზიგმუნდ ფროიდს მიაჩნდა, რომ ნევროზი იმ შეუსაბამობის შედეგია, რომელიც წარმოიშობა ადამიანის ინსტინქტურ ლტოლვასა და შინაგან აკრძალვას შორის (ამ აკრძალვას განაპირობებს ადამიანში ბავშვობიდან ჩადებული ქცევის კანონები და მორალი).
კარენ ჰორნი მიიჩნევდა, რომ ნევროზი ვითარდება როგორც ერთგვარი თავდაცვა ისეთი არასასურველი სოციალური ფაქტორებისგან, როგორიც არის დამცირება, სოციალური იზოლაცია, ბავშვობაში მშობლების ჭარბი მეურვეობა (ტოტალური კონტროლი), შვილის მიმართ მშობლების აგრესია და სხვა. ასეთ შემთხვევებში ბავშვს უყალიბდება დაცვის სამი ძირითადი სახეობა: “მოძრაობა ადამიანებისკენ”, “მოძრაობა ადამიანების საპირისპიროდ”, “მოძრაობა ადამიანებისგან”. “ადამიანებისკენ მოძრაობა” სიყვარულისა და დაცვის მოთხოვნილებას გულისხმობს. “მოძრაობა ადამიანების საპირისპიროდ” – ეს არის ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენის, დიდების, აღიარების, წარმატების, ძლიერებისა და ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვის მოთხოვნილება. “მოძრაობა ადამიანებისგან” წარმოადგენს დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ადამიანებისგან განცალკევებით ყოფნის მოთხოვნილებას. ნევროზის თითოეულ შემთხვევაში შეინიშნება დაცვის სამივე სახეობა, მაგრამ დომინირებს ერთი. ამის მიხედვით ნევროზით დაავადებულებს ყოფენ “სხვაზე დამოკიდებულებად”, “აგრესიულებად” და “განდეგილებად”.

სიმპტომები
ფსიქიკური სიმპტომები:

  • უგუნებობა (ხშირად უმიზეზო);
  • გაუბედაობა (უჭირთ გადაწყვეტილების მიღება);
  • პრობლემები ადამიანებთან ურთიერთობაში;
  • არაადეკვატური (ჭარბი ან დაქვეითებული) თვითშეფასება;
  • ხშირი განცდები, შფოთვა, შიში, ცუდი წინათგრძნობა, ფობიები, პანიკური შეტევები, პანიკური აშლილობები;
  • დაავადებულებს უჭირთ ფასეულობათა გასაზღვრა, ვერ ერკვევიან საკუთარ სურვილებში, არ გააჩნიათ გარკვეული აზრი საკუთარ თავზე, სხვებზე, ცხოვრებაზე, ხშირად ამჟღავნებენ ცინიზმს;
  • ხასიათის არასტაბილურობა, გუნება-განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვლა;
  • გაღიზიანებადობა;
  • სტრესისადმი მაღალი მგრძნობელობა (უმნიშვნელო სტრესულ მოვლენებზე ღრმა სევდით ან აგრესიით რეაგირება);
  • ადვილად გულისტკენა;
  • შფოთვა;
  • ფსიქომატრავმირებელ სიტუაციაზე ჩაციკვლა;
  • საქმიანობისას – ადვილად დაღლა (სუსტდება მეხსიერება, ყურადღება, აზროვნების უნარი);
  • მომატებული მგრძნობელობა მაღალი ხმების, მკვეთრი სინათლის, ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ;
  • ძილის დარღვევები (აღგზნების გამო ჭირს ჩაძინება, ძილი ზედაპირულია, მშფოთვარე, არ მოაქვს შვება, დილაობით ხშირია ძილიანობა).

ფიზიკური სიმპტომები:

  • თავის, გულისა და მუცლის ტკივილი;
  • დაღლილობა, შრომის უნარის დაქვეითება;
  • ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, თავბრუხვევა და თვალთ დაბნელება წნევის ცვალებადობის გამო;
  • მადის დარღვევა (გაძლიერება, დაქვეითება; შიმშილის შეგრძნება და სწრაფი დანაყრება);
  • ძილის დარღვევა (უძილობა): ჩაძინების გაძნელება, ადრე გაღვიძება; ღამით გაღვიძება; დილაობით, ახალგაღვიძებულზე, დასვენების შეგრძნების უქონლობა; კოშმარული სიზმრები;
  • ფსიქოლოგიური განცდები ფიზიკური ტკივილის გამო, საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტისმეტი ზრუნვა;
  • ვეგეტატიური მოშლილობანი: ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის ცვალებადობა (ხშირად – წნევის დაქვეითებისადმი მიდრეკილება), ხველა, კუჭის მოქმედების მოშლა, შარდვის ხშირი სურვილი, თხელი განავალი;
  • ზოგჯერ – ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითება.

ნევროზის ფორმები
ნევროზის ძირითადი ფორმებია: ნევრასთენია, ისტერიული ნევროზი, აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი, ფობიური და ჰიპოქონდრიული ნევროზები, ნევრასთენიული დეპრესია, შიშის ნევროზი და სხვა. განვიხილავთ ყევლაზე გავრცელებულ ფორმებს.

ნევრასთენია
ნევრასთენია ნევროზის ერთ-ერთ გავრცელებული კლინიკური გამოვლინებაა. იგი წარმოადგენს ფუნქციურ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს გამოფიტვის, ნერვული სისტემის სისუსტის ნიშნები, სწრაფი ფიზიკური და ფსიქიკური ასთენია ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების სიმპტომების გარეშე. ნევრასთენია ორივე სქესის წარმომადგენლებს ემართებათ.

სიმპტომები და მიმდინარეობა.
დაავადების საწყის ეტაპზე შეინიშნება ემოციური და ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა და გაღიზიანებადობა. ავადმყოფები ძნელად იტანენ მკვეთრ სინათლეს, მკვეთრ ხმაურს, ხმამაღალ საუბარს, ტემპერატურის ცვალებადობას; ადვილად უვითარდებათ ვეგეტატიური რეაქციები: გულისცემის შეგრძნება, ოფლიანობა, კიდურების გაცივება. ნევრასთენიისთვის დამახასიათებელია დაძინების გაძნელება და ზედაპირული ძილი. ავადმყოფები ხშირად უჩივიან თავის ტკივილს, თავში პულსაციისა და ხმაურის შეგრძნებას, რაც ართულებს გონებრივ მუშაობას. თანდათანობით გაღიზიანებას ცვლის გამოფიტვა, ძლიერი სისუსტე და დაღლილობა. ავადმყოფს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, გულს ვერ უდებს სამუშაოს, უჩნდება საკუთარი თავით უკმაყოფილების განცდა, ხდება გულჩათხრობილი, ხშირად ტირის. თუ თავს საქმის კეთება აიძულა, უჩნდება სისუსტის და ცუდად ყოფნის შეგრძნება. დილაობით ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ძილიანობა, ღამით – უძილობა. გამოხატული ვეგეტატიური სიმპტომების შემთხვევაში იწყებენ საკუთარი ორგანოების ფუნქციობისთვის თვალყურის დევნებას (მაგალითად, აკვირდებიან, როგორ უცემთ გული, როგორ უმუშავებთY კუჭი, როგორ სუნთქავენ და ა.შ.), ყურადღებას ამახვილებენ უსიამოვნო შეგრძნებებზე და ფიქრობენ, რომ მძიმე დაავადება აქვთ.
ნევრასთენია უმეტესად კეთილად სრულდება. მდგომარეობის ნორმალიზებისთვის უმეტესად საკმარისია ემოციური დაძაბულობის გამომწვევი სიტუაციის მოგვარება და კარგი დასვენება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო.

ისტერიული ნევროზი
ისტერიულ ნევროზს მრავალფეროვანი სიმპტომატიკა აქვს. ვლინდება ფუნქციურ-სომატური, ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევებით. ეს დარღვევები ავადმყოფის შთაგონებასა და თვითშთაგონებას უკავშირდება, ამიტომ ისტერიკის სიმპტომები შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გამოვლინებას ჰგავდეს. ისტერიული ნევროზი უმეტესად ისტერიული ბუნების ადამიანებს ემართებათ. მას საფუძვლად უდევს თავის ტვინში აგზნება-შეკავების პროცესთა მოშლა. ახასიათებს ემოციურ-აფექტური, ფსევდოორგანული და ვეგეტატიურ-ვისცერული დარღვევები. ავადმყოფობენ უპირატესად ახალგაზრდა ქალები. აღსანიშნავია, რომ პაციენტთა მშობლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ნევროზული გამოვლინება. ანამნეზში ფიქსირდება მძლავრი სოციალური და ფსიქიკური დისტრესმდგომარეობა, აღზრდის მანკიერება, ხშირი ოჯახური კონფლიქტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების კლინიკურ სურათში წამყვანია ემოციის დემონსტრაციული ხასიათი: აფექტური რეაქცია ვლინდება ხალხში, ერთბაშად და უმიზეზოდ. ისტერიული პიროვნებისთვის დამახასიათებელია სიტუაციური მოვლენების დამძიმება, ფაქტების არაადეკვატური აღქმა, თვითკრიტიკის უქონლობა. ხშირია ისტერიული ეგოიზმის გამოვლენა, ტირილი და გულის წასვლა. ისტერიული ადამიანი ჩივის, რომ მისი არ ესმით, არ აფასებენ, რომ ვიღაცის მსხვერპლია. ეს ე.წ. მცირე ისტერიაა.
ჩამოთვლილ სიმპტომებს თანდათან ემატება დიდი ისტერიის კლინიკური სიმპტომატიკა, რომელიც ვლინდება დიდი ისტერიული გულყრით: თავდაპირველად ვითარდება ზოგადი ტონური სპაზმი, შემცივნება და კანკალი, შემდეგ – კიდურებისა და ტანის კუნთების კლონური კრუნჩხვა, ზედა კიდურები განიცდის როტაციას, კიდური გაშლილია ტანისკენ ან აწეულია და სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს, ქვედა კიდურები მოხრილია და მოძრაობს ყველა მიმართულებით, თითები შეკრულია მუშტად, ტანის კუნთები დაჭიმულია და ქმნის ისტერიულ რკალს. კრუნჩხვა ვრცელდება მიმიკური ჯგუფის კუნთებში, კრიჭა შეკრულია, ცნობიერება – დაბინდული, მაგრამ არა ისე, როგორც ჭეშმარიტი ეპილეფსიური გულყრის დროს – ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ისტერიული გულყრის შემდეგ ავადმყოფი აღწერს ცნობიერების დაბინდვის მომენტს. ორიენტაცია და მოვლენების აღქმა შენარჩუნებულია. დაცემაც კი სხეულის დაუზიანებლად ხდება. რაც უფრო ძლიერია გარშემო მყოფთა აჟიოტაჟი, მით უფრო მეტხანს გრძელდება გულყრა. დამახასიათებელია მისი განვითარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ვლინდება ფსევდოორგანული სინდრომები, რომლებსაც ისტერიის კლინიკურ სურათში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ხშირად ჭირს მათი დიფერენცირება ჭეშმარიტი ორგანული დაავადებებისგან, რაც მკურნალობას, ცხადია, ართულებს.
გულყრები შესაძლოა კრუნჩხვების გარეშე, ჰიპერტონიული ან გულისმიერი კრიზის, მოხრჩობის შეტევის, კანკალის, ხანგრძლივი ტირილის თანხლებით მიმდინარეობდეს. საკმაოდ ხშირია ისეთი სიმპტომები, როგორიც არის კიდურების დამბლა, “ხელთათმანისა” და “წინდების” ტიპის მგრძნობელობის დაკარგვა, სიარულის მანერის შეცვლა. რამდენადმე იშვიათია ისტერიული სიბრმავე, სიყრუე და სიმუნჯე: როცა კითხვას უსვამენ, ავადმყოფი დუმს, მაგრამ შეუძლია, კითხვას წერილობით უპასუხოს.
ისტერიული დარღვევები შეიძლება იყოს როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი. ზოგჯერ ტალღოვანი ხასიათისაა და ხშირი გამწვავებით მიმდინარეობს – გააჩნია, რამდენად მოახერხებს ავადმყოფი თავისი ავადმყოფობით საწადელის მიღწევას. მაგრამ ხშირად პირიქით ხდება – ავადმყოფებს თავიანთი ინტერესების რეალიზებაზე მეტად საკუთარი თავისთვის ზიანი მოაქვთ: ენგრევათ ოჯახი, კარგავენ სამსახურს და ა.შ.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი – ეს არის დაავადება, რომლის დროსაც უნებლიეთ ჩნდება აკვიატებული აზრები, შიში, მოძრაობა. ავადმყოფები მტკივნეულად იღებენ, ებრძვიან მათ, მაგრამ თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. უმეტესად გვხვდება აკვიატებული შიშები (ფობიები), რის გამოც ფობიურ ნევროზებს ცალკე გამოყოფენ. ფსიქიკური ტრავმის გავლენით თავდაპირველად აღმოცენდება ვეგეტატიური რეაქციები გულსა და მუცელში უსიამოვნო შეგრძნების სახით, რასაც თან ახლავს შფოთვა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზს აკვიატებათა მრავალფეროვნება ახასიათებს, თუმცა კლინიკური სურათი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ერთფეროვანია. აკვიატება გამოიხატება უნებლიეთ აღმოცენებული დაუძლეველი სურვილებითა და აზრებით, რომლებიც გამოვლინდება რაღაცისადმი შიშის, ეჭვიანობის, ლტოლვის ან განსაზღვრული მოძრაობების სახით. აკვიატება სუბიექტურად უსიამოვნოა, ამ დროს დაავადებული (ბოდვისგან განსხვავებით) ხვდება, რომ ეს დარღვევაა და კრიტიკულად არის განწყობილი მისდამი.
ცალკე გამოყოფენ აკვიატებულ მდგომარეობებს (აკვატებული იდეა, აზრი, წარმოდგენა), აკვიატებულ შიშებს (ფობია), აკვიატებულ ლტოლვას და აკვიატებულ მოქმედებას.
აკვიატებული მდგომარეობები იყოფა აფექტურ-ნეიტრალური ხასიათის და მძიმე აფექტური ხასიათის აკვიატებად (გაუცხოების განცდა, შინაგანი კონფლიქტი). აფექტურ-ნეიტრალური აკვიატების დროს ყველაზე ხშირია აკვიატებული ხასიათის თვლა (საფეხურების, ჩიტების, ხეების…), დავიწყებული სახელებისა და ძალიან ძველი მოვლენების გახსენების მცდელობა და სხვა.
მძიმე აფექტით მიმდინარე აკვიატების დროს ადამიანს უჩნდება აკრძალულის კეთების, მაგალითად, ცინიკური სიტყვების წამოყვირების, ვისიმე გამოლანძღვის სურვილი, ასევე – ახლობლის გარდაცვალების დეტალებში დაწვრილებით გარკვევის დაუძლეველი სურვილი და სხვა. დაუძლეველი ეჭვიანობისას ადამიანს იპყრობს ეჭვი უკვე მიღებული გადაწყეტილების ან ჩადენილი ქმედების გამო (ჩაკეტა თუ არა კარი, ჩააქრო თუ არა გაზქურა და ა.შ).
ხშირია აგორაფობია (გაშლილი სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახურული სივრცის შიში), სიმაღლის შიში, ცალკეული სახის ტრანსპორტით მგზავრობის შიში, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის შიში, ერითროფობია (გაწითლების შიში), რომელიმე ჩვევითი ფუნქციის (ყლაპვის, მოშარდვის, სქესობრივი აქტის) შეუსრულებლობის შიში, ასევე – ნოზოფობიები (ავად გახდომის შიში): კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში), კარდიოფობია (მიოკარდიუმის ინფარქტის შიში), შიდსოფობია (აივ-ინფიცირების შიში), შიზოფობია (ჭკუიდან გადასვლის შიში) და სხვა (უფრო დაწვრილებთ იხ. ჰიპოქონდრიული ნევროზი).
აკვიატებული ქმედებები (მოძრაობები) უნებლიეა. ისინი ძალიან ჰგავს ბუნებრივ, მაგრამ აზრს მოკლებულ ჟესტებსა და მოძრაობებს. აკვიატებული შეიძლება იყოს თავის ქნევა, თავსაბურავის, თმის, ტანსაცმლის ნაკეცის გასწორების მასგავსი მოძრაობა და სხვა.
რიტუალი – ეს არის აკვიატებული მოძრაობა ან ქმედება, რომელსაც აქვს შელოცვის ხასიათი და ავადმყოფს, მისივე წარმოდგენით, ამა თუ იმ საშიშროებისგან იცავს. რიტუალებს, წესისამებრ, წინ უძღვის ფობია, უბედურების მოახლოების შიში და ა.შ. ამ დროს ადამიანი განსაზღვრული თანამიმდევრობით ასრულებს რიგ აკვიატებულ ქმედებას – მოძრაობს მხოლოდ განსაზღვრული მარშრუტით, მეტროს მხოლოდ წინა ვაგონში ჯდება და ა.შ. რიტუალის შესრულება მას შვებას ჰგვრის.
აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი სხვა სახის ნევროზებზე მკვეთრად არის გამოხატული და ხანგრძლივია. თუ ამ დროს სიმპტომატიკის მნიშვნელოვანი გავრცობა არ მოხდა, ავადმყოფი თანდათანობით ეგუება ფობიებს, სწავლობს შიშის გამომწვევი სიტუაციების თავიდან აცილების გზებს. ამრიგად, დაავადება ცხოვრების ხარისხს მკვეთრად არ აქვეითებს.

დეპრესიული ნევროზი
დეპრესიული ნევროზი არის ფსიქოგენური დეპრესიული მდგომარეობა, რომლის დროსაც უგუნებობა ფუნქციურ სომატურ დარღვევებს ერწყმის (ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია). ნევროზული დეპრესია უმეტესად ემართებათ უკომპრომისო ადამიანებს, რომელთაც მძაფრად აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა. ამ დროს ფსიქიკური ტრავმა, ჩვეულებრივ, ღრმავდება ან თავად ავადმყოფი იწვევს მას.

სიმპტომები და მიმდინარეობა.
დეპრესიის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ასთენია, რომლისთვისაც დამახასიათებელია შფოთვის სინდრომი, მაღალი მგრძნობელობა ყოველგვარი (სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი, ტაქტილური) გამღიზიანებლის მიმართ.
საზოგადოდ, დეპრესია მდგომარეობაა, რომელსაც შეუძლია, ადამიანს დიდი ხნით დააკარგვინოს ემოციური წონასწორობა და გააუარესოს მისი ცხოვრების ხარისხი (შრომითი საქმიანობა, პირადი ცხოვრება და დასვენება).
დეპრესია უმეტესად ფსიქოლოგი ური ტრავმის ან რაიმე ნეგატიური მოვლენის (ახლობლის გარდაცვალების) საპასუხო რეაქციაა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, სრულიად უმიზეზოდ განვითარდეს. მისთვის დამახასიათებელია სევდა, მოწყენილობა ან გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, საქმიანობის, კვების, ინტიმური ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა, მომავლის იმედის უქონლობა, მუდმივი დაღლილობა, კონცენტრაციის უნარის მოშლა, წონის მკვეთრი კლება ან მატება, ტკივილი თავის, გულის, ზურგის არეში (ორგანული დაზიანების არარსებობის ფონზე), საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ გაზვიადებული ყურადღება, სიკვდილის შიში. ზოგჯერ ასეთი პაციენტი ექიმს ეუბნება, რომ ეშინია, არ გაგიჟდეს.

ჰიპოქონდრიული ნევროზი
ჰიპოქონდრიული ნევროზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ჰგონია, რომ უკურნებელი სენი სჭირს და საკუთარ ჯანმრთელობას გადამეტებულად ადევნებს თვალყურს. ნევროზის ამ ფორმას შესაძლოა სათავე დაუდოს სხვა სახის, მაგალითად, ფობიურმა ნევროზმა ან დამოუკიდებლად განვითარდეს განსაზღვრული ხასიათის ფსიქომატრავმირებელი სიტუაციის შედეგად.

სიმპტომები და მიმდინარეობა.
ჰიპოქონდრიული ნევროზის უკეთ დასახასიათებლად განვიხილოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაცვლილი ახლობლის დასაფლავების დროს ადამიანს გულში უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდა. ამ არეში განმეორებითმა “ტკივილმა” შესაძლოა გულის დაავადების ეჭვი გააჩინოს. ექიმი ვერ პოულობს ამ დაავადების ობიექტურ ნიშნებს, ამიტომ პაციენტი სხვა ექიმს მიმართავს. ასეთ ადამიანებს ზოგჯერ მართლაც აღმოაჩნდებათ განსაზღვრული ფუნქციური სომატური დარღვევები, მაგრამ ისინი არ შეესაბამება წარმოსახვითი დაავადების სიმძიმეს. უკურნებელი დაავადების არსებობის შესახებ ეჭვი აკვიატებული ხდება.
საწყის ეტაპზე, ჰიპოქონდრიული სიმპტომატიკის შესაბამისი მკურნალობის ფონზე, ეს დაავადება შესაძლოა შესუსტდეს ან საერთოდ გაქრეს. უფრო შორს წასულ შემთხვევებში ხდება პიროვნების ჰიპოქონდრიული განვითარება, რაც ძნელად ემორჩილება თერაპიას.

მკურნალობა
ნევროზის მკურნალობა რთულია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის პრევენციას, რაც გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, სოციალური მდგომარეობის შეძლებისდაგვარად გაუმჯობესებას, სტრესული ფაქტორებისთვის თავის არიდებას. დაავადების ადრეულ ეტაპზე ნეიროფსიქოლოგთან მისვლა გააადვილებს მკურნალობას, ხელს შეუწყობს პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას, ფსიქოტრავმული სიტუაციების შემცირებისა და განეიტრალების უნარის გამომუშავებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოთერაპიას. განვითარებულ ქვეყნებში პირადი ფსიქოთერაპევტის ყოლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ შემთხვევაში ნეიროფსიქოლოგის ფუნქცია იქნება დაავადების პროფილაქტიკა და არა მკურნალობა, რაც გაცილებით შედეგიანი და ქმედითია.
თანამედროვე შეხედულებით, ნევროზული მოშლილობები სისტემური დისბალანსის შედეგია – ცუდ განწყობას უცილობლად თან სდევს ნეიროქიმიური და ენდოკრინული ცვლის დარღვევები, ამიტომ სპეციალისტი, ვიდრე დიაგნოზს დასვამს და მკურნალობას დანიშნავს, ისწრაფის, ყოველმხრივ და ზედმიწევნით გამოიკვლიოს ორგანიზმის ყველა სისტემის მუშაობა.
ნევროზის მკურნალობისას უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული შინაგანი ორგანოებისა და მათი სისტემების ფუნქციური შესაძლებლობები. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, ენდოკრინული სისტემების გამოკვლევა. ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსში უნდა ჩაერთოს პრეპარატები, რომლებიც ამ ორგანოთა მუშაობას არეგულირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისტემური ნევროზების, გულთან დაკავშირებული ფობიების მკურნალობისას. ფსიქიკური ტონუსის დაწევა იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს, ისე რომ, ნევროზით შეპყრობილი ადამიანი სომატური დაავადებებისგან ნაკლებად არის დაზღვეული. ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენა ხელს უწყობს ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებას. სიცოცხლისუნარიანი, სრულფასოვნად მცხოვრები ადამიანები უფრო იშვიათად ცივდებიან.
ფიზიკური უქეიფობა შესაძლოა ამა თუ იმ ნევროზული მოშლილობის გამოხატულება იყოს. ასეთი ადამიანები ხშირად დადიან ექიმებთან, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზს ვერ პოულობენ. ნევროზული მოშლილობა თავს იჩენს ცხოვრების ყველა სფეროში და საგრძნობლად ამცირებს მის ხარისხს. ადამიანი, რომელიც ვერ მიმხვდარა, რა ხდება მის თავს, ამ ნეგატიურ ცვლილებებს შეუქცევადად მიიჩნევს და ამით ფაქტობრივად უარს ამბობს ჯანმრთელობისთვის ბრძოლაზე, რაც უფრო მეტად ამძიმებს მის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას. ნებაზე მიშვებული ნევროზული მდგომარეობა შეიძლება გაღრმავდეს, ექიმთან დროული ვიზიტი კი დაზოგავს პაციენტის სულიერ ძალებს რეალურ სირთულეებთან ბრძოლისათვის.
ნევროზის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მედიკამენტურ (ტრანკვილიზატორებით, ანტიდეპრესანტებით, სედაციური საშუალებებით) თერაპიას, მაგრამ მხოლოდ მედიკამენტებით სრული განკურნება შეუძლებელია. მთავარი საშუალება ფსიქოთერაპიაა. მნიშვნელოვანია, თითოეული ავადმყოფისთვის ინდივიდუალურად შეირჩეს ფსიქოთერაპიის ზუსტად ის მეთოდი, რომელიც ყველაზე ეფექტური აღმოჩნდება. ნევროზულ პრობლემებზე ექიმთან საუბარი ნიშნავს პირველი ნაბიჯის გადადგმას გამოჯანმრთელების გრძელ გზაზე. ნევროზისა და ნევრასთენიის კომპლექსურ თერაპიაში კარგ შედეგს იძლევა აუტოტრენინგი, ჰიპნოზი, ოჯახური ფსიქოთერაპია, მშვიდი გარემო, სწორად შერჩეული კვების, შრომისა და დასვენების რეჟიმი, დიეტა, ბუნებაში გასეირნება, მასაჟი, წყლის პროცედურები, ერთი სიტყვით, ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ნევრიტი – neuritis – неврит

ნევრიტი ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ერთი (ლოკალური ნევრიტი) ან რამდენიმე პერიფერიული (პოლინევრიტი) ნერვი. ნევრიტი ძირითადად მოძრაობითი დარღვევებით ვლინდება, რომლებსაც თან ახლავს ნერვის გასწვრივ მგრძნობელობის მოშლა და ტკივილი. ნევრიტს შესაძლოა დაერთოს დამბლა და პარეზიც.
აღსანიშნავია, რომ ნევრიტის დროს ნერვულ ქსოვილში ვითარდება სტრუქტურული ცვლილებები.
ნევრიტის კლასიფიცირება ხდება ეტიოლოგიისა (მიზეზის) და დაზიანების ლოკალიზაციის (დაზიანებული ნერვების რაოდენობა და სახეობა) მიხედვით.

მიზეზები.
ლოკალური ნევრიტის მიზეზი შეიძლება იყოს ადგილობრივი ინფექცია, ტრავმა, სიმსივნე ან ართრიტი. პოლინევრიტს ყველაზე ხშირად იწვევს ინფექციური აგენტი – ვირუსი ან ბაქტერია. სახელდობრ, ნევრიტით შეიძლება გართულდეს გრიპი,  წითელა, ტიფი, ჰერპესი, მალარია. მეორე შესაძლო მიზეზია ინტოქსიკაცია (ალკოჰოლით, მძიმე მეტალებით – ტყვიით, ვერცხლისწყლით). მესამე მიზეზია ენდოკრინული დაავადებები (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი). გარდა ამისა, ნევრიტის მიზეზად შეიძლება იქცეს გაციება, სისხლძარღვოვანი დარღვევები, რევმატიზმი, პოდაგრა, ვიტამინების (B ჯგუფის) უკმარისობა. დაბოლოს, პოლინევრიტი შესაძლოა თან ახლდეს ორსულობას (ორსულთა მძიმე ტოქსიკოზი, რომელსაც თან ახლავს შეუპოვარი ღებინება და ვიტამინების კარგვა).
ნევრიტი შესაძლოა განვითარდეს ნერვის მიჭყლეტისას, მაგალითად, ფიბროზული კვანძით. მიჭყლეტას ზოგჯერ ხერხემლის მალათაშუა დისკოს თიაქარი ან ოსტეოფიტებიც იწვევს. სახელდობრ, ასეთი რამ ხდება ოსტეოქონდროზის დროს.
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სახის ნერვის, შუა ყურის ნერვის, თვალის მამოძრავებელი ნერვის, ენისქვეშა ნერვის, ენა-ხახის ნერვის, ცდომილი ნერვის, საჯდომი ნერვის, იდაყვისა და თეძოს ნერვის ნევრიტებს. არსებობს დიაფრაგმის ნერვის ნევრიტიც.

სიმპტომები.
ლოკალური ნევრიტებისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური (საინერვაციო უბნის შესაბამისი) სიმპტომები, რაც დიაგნოსტიკას აადვილებს. მაგალითად, სახის ნერვის ნევრიტის დროს ვითარდება მიმიკური კუნთების პარეზი და, წესისამებრ, ცვლილებები ხდება სახის ცალ მხარეს. სმენის ნერვის ნევრიტის დროს სუსტდება სმენა, აღინიშნება ყურების შუილი. სასმენი ნერვის ნევრიტი შეიძლება განვითარდეს როგორც შუა ყურის ანთების, ასევე ორგანიზმში ოტოტოქსიკური ნივთიერების (გენტამიცინი, სტრეპტომიცინი) მოხვედრის შედეგად.
ყოველგვარი სახის ნევრიტისთვის დამახასიათებელია ტროფიკული, სისხლძარღვოვანი, მამოძრავებელი დაზიანებანი, მგრძნობელობის დაქვეითება, კუნთების ატროფია, პარეზი, დამბლა.
ნევრიტის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ტკივილი და დაბუჟება. ტკივილი შეტევისებურია, თუმცა ყრუ. ძლიერდება დაზიანებული ნერვის საინერვაციო არის გასწვრივ. მოსალოდნელია, დაერთოს ვეგეტატიური მოვლენები – ციანოზი, ადგილობრივი შეშუპება, ოფლიანობა, დეპიგმენტაცია, თმის ცვენა (ეს სიმპტომები დაავადების მიზეზსა და დაზიანებული ნერვის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული).
პოლინევრიტი ლოკალური ნევრიტისგან გამოვლინების მასშტაბურობით განსხვავდება. მაგალითად, ინფექციურ პოლინევრიტს ახასიათებს ტემპერატურის მატება, ოფლიანობა, შემცივნება, სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე, კანის ფერის შეცვლა. ადამიანის უჭირს სიარული. მოძრაობის დარღვევა ყველაზე მეტად ტერფებსა და მტევნებშია გამოხატული.

მკურნალობა.
ნევრიტის მკურნალობა ერთსა და იმავე დროს სიმპტომური და პათოგენეზურია. უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ნერვის დაზიანების ჭეშმარიტი მიზეზი და დაინიშნოს ამ მიზეზის წინააღმდეგ მიმართული მკურნალობა (მაგალითად, თუ მიზეზი ინფექციური ბუნებისაა, ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკი).
ნევრიტის მკურნალობის დროს, განურჩევლად მისი სახეობისა, ფართოდ გამოიყენება B ჯგუფის ვიტამინები, პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ ნერვული ქსოვილების გამტარობას (პროზერინი) და მიკროცირკულაციას (ტრენტალი), ბიოგენური სტიმულატორები (ფიბსი, ალოე). ნერვის იშემიის შემთხვევაში ინიშნება სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებები (ეუფილინი, პაპავერინი). ტკივილის მოსახსნელად იყენებენ ანალგეტიკებს (კეტოროლს, ანალგინს, ბარალგინს) და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს (ინდომეტაცინს, კეტონალს, დიკლოფენაკს). შეშუპების შესამცირებლად პაციენტს უკეთდება დეჰიდრატები (ფუროსემიდი, ლაზიქსი). ზოგ შემთხვევაში ძალზე ეფექტურია კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები (ტეგრეტოლი, დიფენინი) და ანტიდეპრესანტები.
როცა ნევრიტი გამოწვეულია თანმხლები დაავადებით, მაგალითად, ხერხემლის გულმკერდის, კისრის ან წელის ნაწილის მალების ოსტეოქონდროზით, აუცილებელია, დაინიშნოს ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების შედეგების შესამცირებლად მიმართული მკურნალობა.
ნევრიტის დროს ფართოდ გამოიყენება მკურნალობის ფიზიოთერაპიული მეთოდები _ ელექტროფორეზი, ულტრამაღალი სიხშირის ბგერები, ინდუქტოფორეზი, ასევე _ ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და სხვა. ეფექტურია სამკურნალო ფიზკულტურა და მანუალური ზემოქმედებაც.

სმენის ნერვის ნევრიტი
სმენის ნერვის ნევრიტი ვლინდება ყურებში შიშინისა და ხმაურის შეგრძნებით და სმენის დაქვეითებით. მიზეზი მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად ეს არის:

  • ინფექციური დაავადება (გრიპი, ზედა სასუნთქ გზებში მიმდინარე ანთებითი პროცესები, პაროტიტი, ქუნთრუშა, წითურა და სხვა);
  • ოტოტოქსიკური პრეპარატები – ანტიბიოტიკები (ნეომიცინი, მონომიცინი, სტრეპტომიცინი, გენტამიცინი და სხვა), სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, სალიცილატები, ქინინი;
  • ოტოტოქსიკური ბუნების მძიმე მეტალების მარილები – რუტინი, ტყვია, დარიშხანი, ფოსფორი, ბენზინი და ნავთობის გადამუშავების სხვა პროდუქტები;
  • ალკოჰოლი და ნიკოტინი;
  • ტრავმები (ქალა-ტვინის ტრავმა);
  • კოხლეარულ ნევრიტს იწვევს ასევე სისხლძარღვოვანი მოშლილობანი,  კერძოდ,  ჰიპერტონიული დაავადების გამო თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა.

ცალკე ჯგუფად გამოყოფენ პროფესიულ ნევრიტებს, რომლებიც ორგანიზმზე ხმაურისა და ვიბრაციის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად აღმოცენდება. განსაკუთრებით ძლიერ ხმებს (გასროლა, სტვენა) ხანმოკლე ზემოქმედების შემთხვევაშიც კი შეუძლია კოხლეარული ნევრიტის გამოწვევა (ე.წ. აკუსტიკური ტრავმა).
ცნობილია სმენის ნერვის ალერგიული ბუნების ნევრიტიც.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 60-70 წლის ასაკში ხდება სმენის ნერვის დაზიანება, რაც დაბერების პროცესით აიხსნება.
არცთუ იშვიათად სმენის ნერვის ნევრიტი შუა ყურის ანთების შედეგია. ეს იმით აიხსნება, რომ შუა ყურისა და შიგნითა ყურის საერთო ლიმფისა და სისხლის მიმოქცევა შუა ყურის ანთებაზე ლაბირინთის შესაბამის რეაქციას იწვევს.
შედარებით იშვიათად სასმენი ნერვის ნევრიტი გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი პათოლოგიის, ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და სხვა დაავადებების დროსაც აღმოცენდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა.
სმენის ნერვის ნევრიტის დროს მთავარი ჩივილია ყურებში სხვადასხვა ინტენსივობის ხმაურისა და შიშინის შეგრძნება და სმენის დაქვეითება. სმენა შესაძლოა საგრძნობლად დაქვეითდეს და ცალმხრივი ან ორმხრივი სიყრუეც კი განვითარდეს. არცთუ იშვიათად ამ სიმპტომებს ერთვის წონასწორობის დარღვევა და თავბრუხვევა. ყურის დათვალიერებისას ცვლილებების აღმოჩენა ვერ ხერხდება. დიაგნოზი დაისმის აუდიომეტრიის (სმენის გამოკვლევის) შემდეგ.

მკურნალობა.
სმენის ნერვის ნევრიტის მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, ვიდრე დაზიანება ჯერ კიდევ შექცევადია. მწვავე კოხლეარული ნევრიტით (მოულოდნელად აღმოცენებული სიყრუე ან სმენის მკვეთრი დაქვეითება) დაავადებულ ავადმყოფებს სჭირდებათ სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა განყოფილებაში და კომპლექსური მკურნალობა.
მკურნალობის დაწყებამდე დაავადების მიზეზი უნდა დადგინდეს. შემდეგ ინიშნება ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი და ნერვული ქსოვილის აღმდგენი საშუალებები. ესენია: ვიტამინების კომპლექსი (B ჯგუფის, A და E ვიტამინები), ატფ, ბიოსტიმულატორები (ალოეს ექსტრაქტი, ფიბსი). ფართოდ გამოიყენება სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებები (ნიკოტინის მჟავა სპეციალური სქემით), მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალებები (ტრენტალი, კავინტონი, სტუგერონი), ნერვული ქსოვილის გამტარობის გამაუმჯობესებელი საშუალებები (პროზერინი).
ეფექტურია ნემსებით რეფლექსოთერაპია და ჰიპერბარიული ოქსი-გენოთერაპია (ჟანგბადით მკურნალობა).
სმენის ნერვის ნევრიტის განმეორებითი და ქრონიკული ფორმების დროს მკურნალობა ამბულატორიულია: მედიკამენტური მკურნალობა მიმართულია სასმენი ნერვის კვდომის პროცესის შესაჩერებლად. პერიოდულად, წელიწადში ერთი-ორჯერ, ტარდება შემანარჩუნებელი მკურნალობის კურსი. ამ კურსში რთავენ მედიკამენტებს, რომლებიც აუმჯობესებს უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას (ვიტამინები, ბიოსტიმულატორები, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალებები), ასევე ტარდება მეცადინეობები სურდოლოგთან და ფიზიოთერაპიული პროცედურები.
ავადმყოფებს, რომლებსაც სმენა ცალ ან ორივე ყურში დაკარგული აქვთ, სასმენ აპარატს ურჩევენ.

პროფილაქტიკა

  • სმენაზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების – ხმაურის, ვიბრაციის, ტოქსიკური ნივთიერებების – ზემოქმედების თავიდან აცილება ან შემცირება;
  • სამკურნალო პრაქტიკიდან (განსაკუთრებით – ბავშვებში) ოტოტოქსიკური საშუალებების ამოღება ან მათი დანიშვნა მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების დროს;
  • ინფექციური დაავადებების (გრიპი, ზედა სასუნთქი გზების დაავადება, წითურა და სხვა) დროული და სრულფასოვანი მკურნალობა.

მხედველობის ნერვის ნევრიტი
მხედველობის ნერვის ნევრიტი შესაძლოა გამოწვეული იყოს მწვავე და ქრონიკული ინფექციით (მენინგიტი, ენცეფალიტი, არაქნოიდიტი, გაფანტული სკლეროზი,  ათაშანგი,  გრიპი, ცხვირის დანამატი წიაღების ანთება და სხვა). ამ დროს ანთებით პროცესში ჩართულია ნერვის ღერო, გარსები და დვრილი. ხშირად ანთება დვრილის ირგვლივ მდებარე ბადურაზეც ვრცელდება.
დაავადება უმეტესად ერთბაშად იწყება. ანთების დაწყებისთანავე ცენტრალური მხედველობა მკვეთრად მცირდება, ზოგჯერ – სრულ სიბრმავემდეც კი. ყურადღებას იპყრობს მხედველობის ველის ცვლილებები. მხედველობის ველის საზღვრები ვიწროვდება ან ჩნდება უსწორმასწორო ფორმის ცენტრალური აბსოლუტური ან შეფარდებითი სკოტომები (მხედველობის ველის კუნძულოვანი დეფექტები, რომელთა არეშიც ობიექტები ნაწილობრივ აღიქმება ან არ აღიქმება). განსაკუთრებით საყურადღებოა მხედველობის ველის მკვეთრი შევიწროება მწვანე და წითელ ფერებზე და სიბნელეში ადაპტაციის დაქვეითება.
მხედველობის ნერვის ანთება ხშირად ორმხრივია და დიდხანს, თვეობით მიმდინარეობს.
მხედველობის ნერვის ანთების პროგნოზი არაერთმნიშვნელოვანია. თუ დიაგნოზი დროულად დაისვა და მკურნალობა სწორად წარიმართა, მხედველობის ფუნქციები სავსებით აღდგება. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება მხედველობის ნერვის ნევრიტული ატროფია, რაც მხედველობის საგრძნობ დაქვეითებას და სიბრმავესაც კი გამოიწვევს.

რეტრობულბური ნევრიტი
ამ დროს მხედველობის ნერვში ანთებითი პროცესი თვალის კაკლიდან ქიაზმამდე ლოკალიზდება. ის შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული. მწვავე რეტრობულბურ ნევრიტს ახასიათებს ცალ ან ორივე თვალში მხედველობის სწრაფი – რამდენიმე საათში ან ორიოდე დღეში – დაქვეითება. ავადმყოფი თვალბუდის სიღრმეში გრძნობს ტკივილს, რომელიც ძლიერდება თვალის მოძრაობისა და თვალის კაკალზე ზეწოლის დროს. გამოხატულია მსუბუქი ეგზოფთალმი.
რეტრობულბური ნევრიტის მიზეზად შესაძლოა იქცეს გაფანტული სკლეროზი და ინფექციური დაავადება. დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში მხედველობის ფუნქციის აღდგენა შესაძლებელია.
ქრონიკული რეტრობულბური ნევრიტი შედარებით იშვიათია, ახასიათებს ცენტრალური მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება, ცენტრალური სკოტომებისა და მხედველობის პერიფერიულ ნაწილში დეფექტების გაჩენა. ამ დაავადების მიზეზი შესაძლოა იყოს გაფანტული სკლეროზი, ავიტამინოზი, შიმშილობა, ალკოჰოლით ან ნიკოტინით ინტოქსიკაცია, შაქრიანი დიაბეტი.
ქრონიკული რეტრობულბური ნევრიტის დროს, მიუხედავად მკურნალობისა, მხედველობის ფუნქცია ძალიან ნელა აღდგება და შედეგიც ისეთი შესამჩნევი არ არის, როგორიც მწვავე ანთების შემთხვევაში.

მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება
მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება ქალასშიგა წნევის მომატების უხშირესი და უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა. მას ძირითადად ტვინის სიმსივნე იწვევს. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს თავის ტვინისა და მისი გარსების ანთება, ორგანიზმის ზოგადი დაავადება (ჰიპერტენზიული დაავადება და სხვა), ქალას დეფორმაცია.
დვრილის შეშუპება უმეტესად ორმხრივია. დამახასიათებელია ხანგამოშვებით მხედველობის უეცარი გამოვარდნა, განსაკუთრებით – ფიზიკური დაძაბულობის დროს, რაც ქალასშიგა წნევის მომატებას უკავშირდება.
პროგნოზი შეშუპების მიზეზზეა დამოკიდებული. ნებაზე მიშვებული ტვინის სიმსივნე იწვევს მხედველობის დაკარგვას ორივე თვალში.
მკურნალობის შედეგად ტვინისა და მისი გარსების ანთებით გამოწვეული დვრილის შეშუპება უკუვითარდება და მხედველობა აღდგება.

მხედველობის ნერვის ატროფია
მხედველობის ნერვის ატროფია რთული დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნერვული ბოჭკოების დაღუპვა და გლიოზური ქსოვილით ჩანაცვლება. იგი ვითარდება მრავალი პათოლოგიური პროცესის შედეგად (ანთება, შეშუპება, დეგენერაციული ცვლილებები, სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნერვზე ზეწოლა, ტრავმული დაზიანებები). განასხვავებენ პირველად (მხედველობის ნერვის ტრავმა, გაფანტული სკლეროზი და სხვა) და მეორეულ ატროფიას (როგორც ნევრიტის ან დვრილის შეგუბების შედეგი). მხედველობის ნერვის ატროფიას თან ახლავს მხედველობის მკვეთრი დაქვეითება, მხედველობის ველის შევიწროება და სრული სიბრმავეც კი.

სახის ნერვის ნევრიტი
სახის ნერვის ნევრიტის ყველაზე ხშირი მიზეზია ინფექცია. მაპროვოცირებელი ფაქტორის როლი შეიძლება შეასრულოს გაციებამ (შუშებჩაწეული ავტომობილით მგზავრობა, ღია ფანჯარასთან ახლოს ძილმა და სხვა). განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ტრავმას, არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევას (ჰიპერტენზიული დაავადების დროს), თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზს და სხვა. ხერხემლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს შეიმჩნევა სახის ნერვის არჩევითი დაზიანება. ზოგჯერ სახის ნერვის დაზიანება აღმოცენდება ოტიტის, პაროტიტის, ტვინის ღეროში ანთებითი, ნეოპლაზიური და სხვა პროცესების გართულების სახით. სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ცნობილია სახის ნერვის დამბლა ქვედა ალვეოლური ნერვის გაუტკივარების დროს.

სიმპტომები და მიმდინარეობა.
სახის ნერვი სახის მიმიკურ კუნთებს უწევს ინერვაციას და მამოძრავებელი ფუნქცია აქვს, ამიტომ მის დაზიანებას ძირითადად მიმიკური კუნთების მწვავე დამბლა და სახის მიმიკის მოშლა მოსდევს. მაგალითად, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის გასადავება, პირის კუთხის დაშვება, თვალღიაობა, წარბის მოძრაობის უნარის მოშლა, რის გამოც შუბლის ნაოჭები აღარ ჩნდება. მიმიკის მოშლის ხასიათი სახის ნერვის დაზიანებულ ნაწილზეა დამოკიდებული. ტოტალური დაზიანების შემთხვევაში სახე ნიღბისებური ხდება; თუ ნერვი ცალ მხარეს დაზიანდა, მაშინ ეს ცვლილებებიც მხოლოდ ცალ მხარეს იქნება გამოხატული.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს მსუბუქი ან ზომიერი ტკივილით ყურისა და დვრილისებრი მორჩის არეში. ჩვეულებრივ, ტკივილი დამბლასთან ერთად ან მასზე 1-2 დღით ადრე აღმოცენდება.

მკურნალობა.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნერვის დაზიანების მიზეზებთან ბრძოლა. გარდა ამისა, ინიშნება სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ვიტამინები და სხვა. თუ დაავადება მყარია და ხანდაზმული, კოსმეტიკური მიზნით ტარდება კუნთების მაკორეგირებელი ოპერაცია.

დიაფრაგმის ნერვის ნევრიტი
დიაფრაგმის ნერვის ნევრიტს ახასიათებს სლოკინი, ქოშინი, ნეკნების არის ტკივილი, რომელიც კისერსა და მხარში გადაეცემა. მსგავსი სიმპტომების გამო ეს დაავადება შესაძლოა კისრის ან გულმკერდის მალების ოსტეოქონდროზში ან ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგიაში აგვერიოს. დიაგნოზი დაისმის რენტგენოლოგიური გამოკვლევის შემდეგ. შედარებისთვის: ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგიის დროს ტკივილს აძლიერებს სუნთქვა, ხველება, ცემინება, ამასთანავე, ნევრალგია არასდროს მიმდინარეობს ნერვის გასწვრივ მგრძნობელობის დაქვეითებით, ნევრიტის დროს კი მგრძნობელობის დაქვეითება ან სრული დაკარგვა და მოძრაობითი დარღვევები, ისევე როგორც ტკივილი, ძირითადი სიმპტომებია.

საჯდომი ნერვის ნევრიტი (იშიასი)

იშიასი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.
იშიასის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

  • ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი;
  • მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს;
  • მსხლისებრი კუნთის სინდრომი (მსხლისებრი კუნთი დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ მდებარეობს. საჯდომი ნერვი მასში ან მის ქვეშ გაივლის. ტკივილს განაპირობებს საჯდომი ნერვის მიჭყლეტა მსხლისებრი კუნთის შეკუმშვის შედეგად, თვით კუნთის სპაზმი კი ხშირად გავა-წელის ოსტეოქონდროზით არის გამოწვეული);
  • მალათაშორისი დისკოს დეგენერაცია;
  • ართრიტი;
  • ტრავმა;
  • შეკრულობა;
  • დიაბეტი;
  • ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა.

სიმპტომები. იშიასის ძირითადი სიმპტომია დუნდულა კუნთის, თეძოს უკანა ზედაპირისა და წვივის ტკივილი, რომელიც ძლიერდება უხერხული მოძრაობისა და ნერვულ ღეროზე ზეწოლის დროს. აღსანიშნავია, რომ ტკივილს ნერვის დაჭიმვაც იწვევს. სწორედ ამას ეფუძნება იშიასის დიაგნოსტიკური სინჯები:

  • ლასეგას სიმპტომი – ზურგზე დაწოლილ ავადმყოფს ნელ-ნელა აწევინებენ გაჭიმულ ფეხს. განსაზღვრულ სიმაღლეზე თავს იჩენს ტკივილი.
  • წამოჯდომის სიმპტომი – ავადმყოფს გაშლილ ფეხს საწოლზე უფიქსირებენ და წამოჯდომას სთხოვენ. წამოჯდომა ძლიერ ტკივილს იწვევს. ავადმყოფი წამოჯდომას მხოლოდ მას შემდეგ ახერხებს, რაც მტკივან ფეხს მუხლის სახსარში მოხრის.
  • სიკარას სიმპტომი – ტკივილი ძლიერდება ტერფის მოხრის დროს.

იშიასისთვის დამახასიათებელია კუნთების ჰიპოტონია. კერძოდ,  ეშვება დუნდულა კუნთები, დაზიანების მხარეს მათი ნაოჭები დაბლა იწევს. სუსტდება აქილევსის რეფლექსი. ანთების მძიმე ფორმის დროს ავადმყოფი ძლიერი ტკივილის გამო ვერ ახერხებს საწოლიდან წამოდგომას, დაჯდომას, ფეხზე დგომას, სიარულს, დახრას და მიბრუნება-მობრუნებას.
იშიასი, ჩვეულებრივ, ცალმხრივია. ტკივილი შესაძლოა დაიწყოს წელის არეში, შემდეგ გადაინაცვლოს დუნდულა კუნთში, თეძოების გავლით დაეშვას მუხლისკენ, წვივისკენ, ტერფისა და ფეხის თითებისკენ. არც ტკივილის განვითარების სხვა ვარიანტია გამორიცხული. მაგალითად, ზემოხსენებული ლოკალიზაციის სხვადასხვა კომბინაცია წელის ტკივილის გარეშე.
იშიასის დროს ტკივილი სხვადასხვა ხასიათისაა: მჭრელი, მწველი, მჩხვლეტი. არც ის არის გამორიცხული, მხოლოდ დაბუჟების შეგრძნებამ იჩინოს თავი.

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ტკივილის შემთხვევაში

თუ შეტევა სახლში დაგეწყოთ, უპირველეს ყოვლისა, ისე მოთავსდით, რომ წელმა მაქსიმალური კომფორტი იგრძნოს. კარგია კორსეტით მისი დაფიქსირებაც. მწვავე ტკივილის დროს ხერხემლის დატვირთვის შესამცირებლად რეკომენდებულია წოლა. მწოლიარეს წელის ქვეშ უნდა ედოს ბალიში ან დახვეული პლედი, ხოლო ფეხები ოდნავ ამაღლებული და მუხლებში მოხრილი ჰქონდეს. ასეთ პოზიციაში ხერხემლის მიდამოს დიდი კუნთები დუნდება, რაც ტკივილს საგრძნობლად ამცირებს.

მკურნალობა.
იშიასის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია მწვავე პერიოდში მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფი მაგარ საწოლზე უნდა იწვეს. უმჯობესია, საწოლზე დავდოთ ხის დაფა და ზედ თხელი ლეიბი დავაგოთ.
ტკივილის დასაცხრობად მტკივან ადგილას ისვამენ გამაღიზიანებელ მალამოს, მაგალითად, ფინალგონს, ნიკოფლექსს, იდებენ წიწაკის ან მდოგვის საფენს. კარგია მტკივანი არის დაზელა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით (ინდომეტაცინით, ორტოფენით, ვოლტარენით). პარალელურად ინიშნება ასეთივე პრეპარატების საინექციო ან დასალევი ფორმები, მაგრამ ასეთ ფორმებს ახასიათებს გვერდითი ეფექტები (მაგალითად, კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება), ამიტომ მათი მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.
რაც შეეხება ვარჯიშს, მისი დაწყება ნებადართულია მხოლოდ მწვავე პერიოდის შემდეგ, ისიც მიზეზის გათვალისწინებითა და ექიმის შერჩევით, მსუბუქი მასაჟი კი მწვავე პერიოდშიც ეფექტურია.

ყნოსვის ნერვის დაზიანება
ყნოსვის ნერვის დაზიანება ყნოსვის დაქვეითებას (ჰიპოსმიას) ან დაკარგვას (ანოსმიას) იწვევს.
ყნოსვის ნერვის ფუნქციის მოშლას სხვადასხვა მიზეზი აქვს:
1. ძნელდება ყნოსვადი მოლეკულების ყნოსვის ნეიროეპითელიუმამდე (ყნოსვის აღმქმელ უჯრედებამდე) მისვლა. ასეთი რამ შეინიშნება, მაგალითად, მწვავე რესპირატორული დაავადებითა და ალერგიული რინიტით გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების, ანდა ცხვირის ღრუს სტრუქტურული ცვლილების (ცხვირის ძგიდის გამრუდება,  პოლიპი,  სიმსივნე) დროს.
2. ზიანდება ის უბანი, სადაც ყნოსვის რეცეპტორებია განლაგებული. დაზიანების მიზეზია ვირუსული ინფექცია, სიმსივნური წარმონაქმნი, ტოქსიკური ქიმიკატების შესუნთქვა, თავის დასხივება.
3) ზიანდება ან განუვითარებელი რჩება ყნოსვის გზები. თავის მხრივ, ამის მიზეზია თავის ქალას ტრავმა, სიმსივნური პროცესი, ნეიროფიზიოლოგიური პროცედურები, ნეიროტოქსიკური მედიკამენტები. ყნოსვის გზების განუვითარებლობა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ის, წესისამებრ, განვითარების სხვა მანკებთან, მაგალითად სახის (განსაკუთრებით – ცხვირის) ძვლების თანდაყოლილ ანომალიებთან არის შერწყმული.
რესპირატორული ანოსმიისა და ჰიპოსმიის მკურნალობა ეფექტურია. ძირითადი დაავადების მკურნალობის შემთხვევაში ყნოსვის ფუნქცია სავსებით აღდგება. ალერგიისა და ვირუსის შემთხვევაში მკურნალობა სასუნთქი გზების გახსნისკენ უნდა იყოს მიმართული. ამისთვის არსებობს ცხვირის სპეციალური წვეთები და შესასხურებლები. მიმართავენ ინჰალაციასაც. ზოგჯერ ინიშნება ანტიბიოტიკები, ანტიჰისტამინური პრეპარატები და კორტიკოსტეროიდები.
ცხვირის ძგიდის გამრუდება, პოლიპები და ადენოიდები ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.
ნეიროსენსორული (ცენტრალური) ხასიათის ანოსმია ძნელი სამკურნალოა.

ენა-ხახის ნერვის დაზიანება

ენა-ხახის ნერვის დაზიანება ნუშურა ჯირკვლების არეში იწვევს პაროქსიზმულ, ძლიერ ტკივილს, რომელიც ყლაპვის დროს ძლიერდება. ამ დროს გამოხატული მგრძნობელობითი ან მამოძრავებელი დაზიანება არ შეინიშნება. ძალზე ეფექტურია მკურნალობა კარბამაზეპინით ან ფენიტოინით, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა და IX ნერვის გადაკვეთა მოგრძო ტვინთან. ამ ნერვის დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს ჰერპესმა,  კომპრესიულმა ნევროპათიამ, როცა ის შერწყმულია ცდომილი ნერვის დამბლასთან და გამოწვეულია სიმსივნური წარმონაქმნით ან ანევრიზმით.

ცდომილი ნერვის დაზიანება

ცდომილი ნერვის დაზიანება იწვევს დისფაგიას (ყლაპვის გაუკუღმართებას) და დისფონიას (ხმის დაკარგვას ან ჩახლეჩას). ცალმხრივი დაზიანების შემთხვევაში რბილი სასა და ხახის ლატერალური კედელი ეშვება, ღებინების რეფლექსი ქრება. ამ სიმპტომებს ერთვის ხმის ჩახლეჩა და ცხვირში ლაპარაკი.
ცდომილი ნერვის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს დიფტერიამ, ტვინის გარსში მიმდინარე ინფექციურმა პროცესმა, მოგრძო ტვინის სიმსივნემ და სისხლძარღვოვანმა დაზიანებამ და სხვა.

ენისქვეშა ნერვის დაზიანება
ენისქვეშა ნერვის ბირთვი მოგრძო ტვინის ქვედა ნაწილში მდებარეობს. ქალადან გამოსვლის შემდეგ იგი იყოფა ტოტებად და ინერვაციას უწევს ენის კუნთებს. ამ ნერვის დაზიანების დროს შეინიშნება: ენის მოძრაობის შეზღუდვა წინ და დაზიანების მხარეს; ნახევარი ენის კუნთის ატროფია; ენის კანკალი; ენის ძირის ტკივილი. ენის კუნთის ცალმხრივი დაზიანება თვალში საცემი არ არის, მაგრამ ორმხრივი დაზიანების შემთხვევაში ვითარდება მეტყველების დარღვევა და საკვების მიღება ძნელდება.

ნევრინომა – neurinoma – невринома

ნევრინომა ნერვული ღეროების გარსებიდან გამომავალი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ყველაზე ხშირად სასმენ ნერვში გვხვდება.
სასმენი მილის ნევრინომა თავის ტვინის სიმსივნეთა 11-13%-ს შეადგენს და მეტწილად 30-დან 40 წლამდე აღინიშნება. ეს სიმსივნური დაავადება არ ვითარდება სქესობრივ მომწიფებამდე.
სიმსივნის ჰისტოლოგიური შენება კეთილთვისებიანია. დროული ამოკვეთის შემდეგ ავადმყოფს მთლიანად უბრუნდება შრომის უნარი, მაგრამ შორს წასულ შემთხვევაში ყალიბდება ავთვისებიანი კლინიკური ფორმა: სიმსივნე აწვება ტვინის ახლომდებარე უბნებს და იწვევს მძიმე ცერებრულ გართულებებს. ნერვის ზეწოლის შედეგად ავადმყოფს თანდათანობით უვითარდება სმენის ცალმხრივი დაქვეითება და ყურის შუილი. სიმსივნის შემდგომი ზრდისას შესაძლოა განვითარდეს დიზართრია (დანაწევრებული მეტყველების უნარის დარღვევა, ცალკეული სიტყვების, მარცვლებისა და ბგერების (განსაკუთრებით – თანხმოვნების) წარმოთქმის გაძნელება ან დამახინჯებული წარმოთქმა), დისფაგია (ყლაპვის აქტის მოშლა), ატაქსია (მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა),  ჰემიპარეზი (მოტორული ფუნქციის ნაწილობრივი მოშლა სხეულის ნახევარში), ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი, თავ-ზურგტვინის სითხის რაოდენობის მომატება ქალას ღრუში) და ქალასშიგა ჰიპერტენზია.

სიმპტომები. სასმენი მილის ნევრინომას ახასიათებს სმენის ცალმხრივი ნელი და თანდათანობითი დაქვეითება სრულ სიყრუემდე. ხშირად ავადმყოფი ცალ ყურში სიყრუეს დიდხანს ვერ ამჩნევს. არცთუ იშვიათად ადამიანი, რომლის დიაგნოზიც არის ცალმხრივი კოხლეარული ნევრიტი, დაავადების დაწყებიდან 5-6 წელი ინარჩუნებს შრომის უნარს.
სასმენი მილის ნევრინომა განვითარების ადრეულ სტადიაშივე ვლინდება, რასაც განაპირობებს მისი ანატომოტოპოგრაფიული თავისებურებები – სიმსივნე აწვება სასმენ მილს, ნათხემს, ტვინის ღეროს, მოგრძო ტვინს. პათოგნომური სიმპტომია ლიქვორში ცილების მატება, მაშინ როცა ავადმყოფს არ აღენიშნება თავბრუხვევა.
სიმპტომების გამოვლენის ხარისხი სიმსივნის ზომაზეა დამოკიდებული.
განასხვავებენ ნევრინომის 3 სტადიას.
I სტადია: ნევრინომა ზომით არ აღემატება ალუბალს. ავადმყოფს აღენიშნება ოტოლარინგოლოგიური სიმპტომები მკვეთრი ფოკალური ნიშნების სახით: სმენის დაქვეითება ცალ ყურში და ვესტიბულური აგზნებადობის დაქვეითება ამავე მხარეს, გემოს შეგრძნების დაკარგვა ენის ორ მესამედში, VII ნერვის (სახის ნერვის) მსუბუქი პარეზი.
II სტადია: ნევრინომა კაკლისოდენაა. შეინიშნება ყველა კლინიკური სიმპტომი. ტვინის ღეროზე ზეწოლის გამო გამოხატულია მრავლობითი სპონტანური ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე, რიტმული, სინქრონული გვერდითი, ზევით-ქვევითი ან ბრუნვითი ხასიათის მოძრაობები) და სტატიკის დარღვევა.
III სტადია: ნევრინომა მანდარინისოდენა ხდება. სიმპტომები განპირობებულია ტვინზე მსუბუქი ზეწოლით: აღინიშნება უხეში, ტონური და მრავლობითი სპონტანური ნისტაგმი, ჰიდროცეფალია იწვევს ფსიქიკის მოშლას, შესაძლოა განვითარდეს სიბრმავე მხედველობის ნერვზე სიმსივნური წარმონაქმნის ზეწოლის გამო. ამ სტადიაში ოპერაცია არ კეთდება.

დიაგნოსტირება.
დიაგნოზი დაისმის აუდიომეტრიის, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საფუძველზე.

მკურნალობა.
I და II სტადიაში ნევრინომის მკურნალობა ოპერაციულია. როგორც წესი, სრულდება გამოჯანმრთელებით ან მნიშვნელოვანი გაუმჯობესებითა და შრომის უნარის აღდგენით.

ნევრალგია – neuralgia – невралгия

ნევრალგია არის ტკივილის შეტევა, რომელიც რომელიმე ნერვის გასწვრივ არის ლოკალიზებული. ნევრალგიის ერთადერთი სიმპტომია სხვადასხვა ინტენსივობის შეტევისებური ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე, მწველი და მოპულსირე.
ნევრალგია ვითარდება ტრავმის, გადატანილი ინფექციის, გაციების, ამა თუ იმ ქრონიკული პათოლოგიის შედეგად. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ნევრალგიის მიზეზი დაუდგენელი რჩება.
იმის მიხედვით, ნერვული სისტემის რომელ ნაწილში აღმოცენდება ტკივილი, განასხვავებენ ნევრალგიის სხვადასხვა სახეს. ზოგიერთ მათგანს ნერვული სისტემის დაზიანებული უბნის სახელს უწოდებენ. ასეთია, მაგალითად, სამწვერა ნერვის ნევრალგია, ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგია, კეფის ნერვის ნევრალგია. ყველაზე მეტად გავრცელებულია სამწვერა ნერვის ნევრალგია. იგი ათასიდან ხუთ ადამიანს აქვს, უმეტესად – 40 წელს გადაცილებულ ქალებს.
პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ცალკე სახეობად მიიჩნევა გვირაბის სინდრომი – დაავადება, რომლის დროსაც ნერვის ტოტი იჭყლიტება მაჯის არეში, რასაც თავად ნერვის, ამ არხის შემომფარგვლელი მეზობელი მყესებისა და იოგების გასქელება განაპირობებს. ამის მიზეზია ხანგრძლივი ერთგვაროვანი სამუშაო, რომლის დროსაც მაჯა დიდხანს იმყოფება უხერხულ მდგომარეობაში (მაგალითად, ავტომობილის მართვა, კომპიუტერთან მაუსით მუშაობა და სხვა). გვირაბის სინდრომს თან სდევს ტკივილა, სპაზმი და მაჯაში მგრძნობელობის დაქვეითება.
ნევრალგიის მკურნალობის დაწყებამდე მისი მიზეზი უნდა გაირკვეს. თვითმკურნალობა და ტკივილის ტაბლეტებით გაყუჩება გამოსავალი არ არის. ნევრალგიის ნიღბის ქვეშ შესაძლოა უამრავი დაავადება იმალებოდეს, ამიტომ საჭიროა საგულდაგულო გამოკვლევა და სათანადო მკურნალობა.
რაც შეეხება ტკივილის სინდრომს, მის მოსახსნელად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. მძიმე შეტევის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ნარკოტიკული საშუალების გამოყენება და ნერვული ტოტის ბლოკადაც. სამკურნალოდ მიმართავენ ფიზიოთერაპიას, ზოგჯერ – ქირურგიულ ჩარევასაც კი.

სამწვერა ნერვის ნევრალგია
სამწვერა ნერვის (ტრიგემინული) ნევრალგია სამწვერა ნერვის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.
სამწვერა ნერვი შერეული ტიპის ნერვია, ანუ შეიცავს როგორც მგრძნობელობით (სენსორულ), ისე მამოძრავებელ (მოტორულ) ნეირონებს და, შესაბამისად, ორივე ფუნქციის მატარებელია. მგრძნობელობითი ნეირონები სახის მთელი ნახევრის მგრძნობელობას განაგებენ, რაც სამი: თვალბუდის, ზედა ყბისა და ქვედა ყბის – ტოტის მეშვეობით ხორციელდება, მოტორული ნეირონებით კი საღეჭი კუნთების ინერვაცია ხდება. გარდა ამისა, სამწვერა ნერვის მგრძნობელობითი ტოტების მეშვეობით გადაეცემა პარასიმპათიკური ნერვული იმპულსები საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლებს.
განასხვავებენ სამწვერა ნერვის ტიპურ და ატიპურ ნევრალგიას.
ტიპური სამწვერა ნევრალგიისათვის დამახასიათებელია:

  • ტკივილი სახის ნახევარში, სამწვერა ნერვის ერთი ან რამდენიმე ტოტის საინერვაციო მიდამოში, რომელიც რამდენიმე წამიდან 2 წუთამდე გრძელდება;
  • უეცარი, მწვავე ტკივილი, რომელიც “დენის გავლას” ჰგავს. ტკივილს აქვს ტრიგერული (მაპროვოცირებელი) წერტილები და ზონები. ეს იმას ნიშნავს, რომ ტკივილი შესაძლოა აღმოცენდეს ამ ზონების გაღიზიანებისას, მაგალითად, ჭამისას, პირის დაბანისას, ლაპარაკისას, კბილების გამოხეხვისას;
  • ტკივილის ეპიზოდებს შორის ნევროლოგიური სიმპტომატიკისა და ჩივილების არარსებობა;
  • ტკივილის სტერეოტიპურობა ანუ მსგავსება ყველა პაციენტში;
  • დაავადების საწყის სტადიაში კარბამაზეპინის (ტეგრეტოლის, ფინლეფსინის) მიღებით ტკივილის ინტენსივობის შემცირება.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის დიაგნოზის დასასმელად ჩამოთვლილი 5 კრიტერიუმიდან საკმარისია ოთხის არსებობა.
უნდა ითქვას, რომ ტკივილის მიზეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ყველაზე პოპულარულია ნეიროვასკულური კონფლიქტის თეორია. ამ თეორიის თანახმად, ტკივილის მიზეზია სამწვერა ნერვზე არტერიის ზეწოლა იქ, სადაც ნერვი ტვინის ღეროში შედის. ამ ადგილას სამწვერა ნერვი არ არის დაფარული მიელინის დამცავი გარსით, რის გამოც არტერიის ხანგრძლივი პულსაცია ნერვული იმპულსების გაუკუღმართებას იწვევს. სწორედ ეს განაპირობებს ტკივილს
ატიპურ ნევრალგიას,  ტიპურისგან განსხვავებით, ტკივილთან ერთად ნევროლოგიური სიმპტომატიკაც, დამატებითი ჩივილებიც ახასიათებს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის უკანა ფოსოში ლოკალიზებული სიმსივნური ან სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი ან რომელიმე მადემიელინიზებელი დაავადება, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი. სამწვერა ნერვის ორმხრივი ნევრალგიის დროს ტკივილის მიზეზი უმეტესად სწორედ გაფანტული სკლეროზია.

მკურნალობა. სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს, ჩვეულებრივ, კონსერვატიული მკურნალობა ტარდება. ყველაზე ხშირად გამოიყენება კარბამაზეპინი (ტეგრეტოლი, ფინლეფსინი), რომელიც ათიდან 7 შემთხვევაში საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას. აღნიშნული მედიკამენტით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში პერიოდულად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი. კარბამაზეპინის უეფექტობის შემთხვევაში გამოიყენება სხვა პრეპარატები, მაგალითად, ბაკლოფენი ან გაბაპენტინი. ასევე შეიძლება დაინიშნოს ფენიტოინი, კლონაზეპამი და სხვა. როცა მედიკამენტური თერაპია უშედეგოა, ტარდება ქირურგიული მკურნალობა.
ოპერაციული ჩარევა რეკომენდებულია უეფექტო მედიკამენტური მკურნალობის დროს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონსერვატიული მკურნალობის გვერდითი მოვლენები გამოხატული და ძნელად ასატანია.
სამწვერა ნერვის ნევრალგიის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს მიეკუთვნება მცირე ინვაზიური პროცედურები და ინტრაკრანიული პროცედურა.
მცირე ინვაზიური პროცედურებია პერკუტანული ტრიგემინული რიზოტომია ანუ სამწვერა ნერვის ნაწილობრივი დაზიანება, რომლის მიზანია ტკივილის ბოჭკოების მწყობრიდან გამოყვანა და მგრძნობიარეთა უვნებლად შენარჩუნება. ამ მიზნით ყველაზე ხშირად გამოიყენება სტერეოტაქსიური რადიოსიხშირული რიზოტომია (ნერვის თერმული დაზიანება რადიოტალღებით), გლიცეროლის ინექცია სამწვერა ნერვის კვანძში (გასერის კვანძში) ან მიკროკომპრესია ფოგარტის კათეტერით (კათეტერი შეჰყავთ სამწვერა ნერვის კვანძში და ახდენენ მასზე მცირე ზეწოლას ტკივილის ბოჭკოების დასაზიანებლად).
ინტრაკრანიული პროცედურაა სამწვერა ნერვის მიკროვასკულური დეკომპრესია. ეს მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული, ეფექტური და ამავე დროს ფიზიოლოგიური მეთოდია, რომელიც გულისხმობს ნერვის ანატომიური მთლიანობის შენარჩუნებას და უშუალოდ ტკივილის მიზეზზე ზემოქმედებას – ოპერაციის დროს ხდება თავის ქალას უკანა ფოსოს ტრეპანაცია და სამწვერა ნერვის არტერიისგან გამოყოფა სპეციალური პროტექტორის მეშვეობით, რომელიც არტერიასა და ნერვს შორის თავსდება.

ნეკნთაშუა ნევრალგია

გულმკერდის არეში ტკივილის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია ნეკნთაშუა სივრცეში ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტა. ამ ტკივილის კარდიულისგან გარჩევა ადვილია:

  • ნევრალგია ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს, იცვლება სხეულის მდებარეობის შეცვლის, გულმკერდის მოძრაობის შემთხვევაში.
  • გულის ტკივილი არ იცვლება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის, გულმკერდის მოძრაობისა და მდებარეობის შეცვლის დროს. გარდა ამისა, შესაძლოა თან ახლდეს გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის მატება ან დაცემა. წესისამებრ, ხსნის ნიტროგლიცერინი.

მიზეზი. ადამიანს აქვს 12 წყვილი ნეკნი. ყოველ ნეკნთაშუა სივრცეში გადის ნერვი. მასზე ზეწოლა ან მისი გაღიზიანება იწვევს ძლიერ ტკივილს, რომელმაც შესაძლოა სუნთქვითი მოძრაობის შეზღუდვაც კი გამოიწვიოს.
ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტის ან გაღიზიანების მიზეზი ნეკნთაშუა სივრცის დეფორმაციაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის არეში მიყენებულმა ტრავმამ, კუნთების გადაჭარბებულმა დაჭიმვამ, ხერხემლის გამრუდებამ, ხერხემლის გულმკერდის ნაწილის თიაქარმა.

მკურნალობა. ნეკნთაშუა ნევრალგია წარმატებით იკურნება. მკურნალობის ამოცანაა ნერვზე კუნთების, ნეკნების, მალათაშუა დისკოს მხრივ არსებული გაღიზიანების მოხსნა. მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია მანუალური თერაპია. ტკივილის მოხსნის მიზნით გაღიზიანებული ან მიჭყლეტილი ნერვის არეში შეჰყავთ (ინექცია, ელექტროფორეზი) ანტიბიოტიკი. ეფექტი რამდენიმე წუთში ხდება თვალსაჩინო და 3 კვირას გასტანს. ამ ხნის განმავლობაში ვარჯიშებითა და მანუალური თერაპიით მკურნალობენ ნერვის მიჭყლეტის მიზეზს.

კეფის ნერვის ნევრალგია
კეფის ნერვის ნევრალგიას ახასიათებს კეფის არეში მკვეთრი,  მტეხი ტკივილი,  რომელიც თანდათანობით მოიცავს მთელ თავს საფეთქლებისა და თვალების ჩათვლით. ტკივილი ძლიერდება თავის მიბრუნება-მობრუნების, კისერზე თითების დაჭერის, ცემინებისა და ხველების დროს. ხშირად თან ახლავს გულისრევის შეგრძნება და ღებინება.

მკურნალობა.
მწვავე და ქვემწვავე სტადიებში ტარდება კეფის ნერვის ფიზიოთერაპია.

თეძოს გარეთა კანის ნერვის ნევრალგია
თეძოს გარეთა კანის ნერვის ნევრალგია უმეტესად მამაკაცებს ემართებათ. მისი გავრცელებული მიზეზია საზარდულის ნაკეცში ნერვის მიჭყლეტა, რაც უმეტესად სიმსუქნისას ან ამა თუ იმ სამუშაოსთვის დამახასიათებელ პოზაში დიდხანს ყოფნისას ხდება. ქალებში თეძოს გარეთა კანის ნერვის ნევრალგია აღმოცენდება ორსულობის დროს და გაივლის მშობიარობის შემდეგ.
სიმპტომებიდან აღსანიშნავია პარესთეზია – თეძოს გარეთა ზედაპირის დაბუჟება, სიწითლე და წვის შეგრძნება. პარესთეზია ძლიერდება დგომისა და სიარულის დროს, წოლისას კი ქრება. დაავადება მძაფრად მიმდინარეობს, ტკივილი ძლიერდება სიცივეში,  ნესტში. იშვიათი არ არის რემისია და თვითგანკურნება. მძიმე შემთხვევაში საჭირო ხდება საზარდულის ნაკეცის გადაჭრა.

ენა-ხახის ნერვის ნევრალგია
ენა-ხახის ნერვის დაზიანება იწვევს ნუშისებრი ჯირკვლების არეში პაროქსიზმულ, ძლიერ ტკივილს, რომელიც ყლაპვის დროს ძლიერდება. ამ დროს აშკარა მგრძნობელობითი ან მამოძრავებელი დაზიანება არ შეიმჩნევა. მედიკამენტური მკურნალობა ეფექტიანია, მაგრამ ქირურგიული ჩარევა ზოგჯერ მაინც ხდება საჭირო. ამ ნერვის დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს ჰერპესმა და კომპრესიულმა ნევროპათიამ, როცა ის შერწყმულია ცდომილი ნერვის დამბლასთან და სიმსივნური წარმონაქმნით ან ანევრიზმით არის გამოწვეული.

გვირაბის სინდრომი
გვირაბის სინდრომს ახასიათებს ხელის, განსაკუთრებით – მარჯვენა მტევნის ტკივილი, რომელსაც ხანგრძლივი ერთგვაროვანი სამუშაო იწვევს. ამ სინდრომს მინიჭებული აქვს პროფესიულ დაავადებათა სტატუსი და ხშირია მძღოლებსა და ოფისის მუშაკებს (კომპიუტერთან მომუშავეებს) შორის. ტკივილის მიზეზია მაჯის არხში ნერვის გაჭყლეტა. დიაგნოზს სვამს ნევროლოგი პაციენტის გასინჯვისა და გამოკითხვის შედეგად. კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან გამოიყენება ელექტრომიოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ადგენენ წინამხრის კუნთის დაზიანების ხარისხს.
მკურნალობა გულისხმობს მაჯის არეში კორტიკოსტეროიდების შეყვანას, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატების, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას, სპეციალური მაჯის ბანდაჟის ტარებას. მედიკამენტური თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.
გვირაბის სინდრომის პროფილაქტიკისა და ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია, პაციენტს ჰქონდეს სათანადო სამუშაო პირობები, ხშირად შეწყვიტოს მუშაობა და ხელი გაავარჯიშოს.
არსებობს ვარჯიშთა მარტივი კომპლექსი:
1. დაფერთხეთ ხელები;
2. 10-ჯერ შეკარით მუშტი;
3. ამოძრავეთ მტევნები მაჯის სახსარში;
4. დააწექით ხელისგულით მეორე ხელის თითებს.
ამ ვარჯიშების წყალობით კუნთებში სისხლის მიმოქცევა გაგიუმჯობესდებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.
რაც უფრო ხშირად შეწყვეტთ მუშაობას ვარჯიშის შესასრულებლად, მით უკეთესი იქნება შედეგი.
გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციებიც:

  • კლავიატურასთან მუშაობის დროს იდაყვში ხელის მოხრის კუთხე უნდა შეადგენდეს 90 გრადუსს;
  • მაუსით მუშაობის დროს მტევანი უნდა იდოს სწორად და მაგიდის კიდიდან რაც შეიძლება შორს;
  • სკამს ან სავარძელს უნდა ჰქონდეს სახელურები. სასურველია მაჯისთვის დამატებითი საყრდენის არსებობაც (თაგვის ხალიჩა, სპეციალური ფორმის კლავიატურა ან კომპიუტერის მაგიდა სილიკონის ბალიშით);
  • თუ მაჯით ბევრი და ერთგვაროვანი სამუშაოს შესრულება გიხდებათ, უნდა ატაროთ მაჯისთვის განკუთვნილი სპეციალური ბანდაჟი.

Don`t copy text!