Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 361

კიბო საკვერცხის  – Ovarian Cancer – рак яичника

საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კარცინომას სიხშირით პირველი ადგილი უკავია. ამ დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად კლიმაქსისწინა და კლიმაქსურ პერიოდში ვითარდება.
განასხვავებენ საკვერცხის კიბოს პირველად, მეორეულ და მეტასტაზურ ფორმებს.
საკვერცხის პირველადი კიბო, წესისამებრ, ორმხრივია. წარმონაქმნი ხორკლიანი და მკვრივია, იშვიათად აღწევს დიდ ზომას. სტრუქტურა ჯირკვლოვანი აქვს, თუმცა შეიმჩნევა მკვრივი ეპითელური კერებიც. საკვერცხის პირველადი კიბო ყველაზე ხშირად 30 წლამდე ასაკში გვხვდება.
საკვერცხის მეორეული კიბო უმეტესად საკვერცხის კისტის საფუძველზე წარმოიქმნება. ეს კეთილთვისებიანი კისტოზური სიმსივნეები სხვადასხვა ზომისაა (გიგანტურიც კი გვხვდება) და სავსეა ან გამჭვირვალე სითხით (სეროზული კისტომა), ან ლორწოთი (ფსევდომუცინოზური კისტომა), ან საგოზავისმაგვარი ნივთიერებით (ტერატოიდული კისტომა). ყველაზე ხშირად ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის სეროზული კისტომები – პაპილომური წანაზარდები, რომლებიც გარეგნულად ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს და ნაწილობრივ ავსებს კისტის ღრუს. სეროზული კიბო უმეტესად 40-60 წლის ქალებს შორის გვხვდება, მუცინოზური კი 60 წელს გადაცილებულებს შორის.
საკვერცხის მეტასტაზური კარცინომა შესაძლოა განვითარდეს კიბოთი დაზიანებული ნებისმიერი ორგანოდან, თუმცა ყველაზე ხშირად კუჭის კარცინომიდან იღებს სათავეს. სიმსივნური უჯრედები საკვერცხეებში აღწევენ სისხლის ნაკადის მეშვეობით ან ლიმფური გზით (კრუკენბერგის სიმსივნე). საკვერცხის მეტასტაზურ კიბოს სწრაფი ზრდა და ავთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. უმეტესად ორივე საკვერცხე ზიანდება. სიმსივნე მალევე გადადის მცირე მენჯის ღრუში და მრავალრიცხოვან ხორკლოვან სიმსივნურ კვანძს წარმოქმნის.

ავთვისებიანი სიმსივნის განსაკუთრებული ფორმაა ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომა, რომელიც გარეგნულადაც და გავრცელებითაც ძალიან ჰგავს კიბოს, მაგრამ შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ეს სიმსივნეც შედგება მრავალრიცხოვანი პაპილარული წანაზარდების მქონე კისტოზური წარმონაქმნისგან, რომლებიც საკვერცხეებში ჩაიზრდება. იგი ვრცელდება მუცლის ფარის სეროზულ საფარზე, ცალკეული მეტასტაზური კვანძების სახით აზიანებს ბადექონსა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს და იწვევს ასციტს.
საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის მეტად იშვიათ ფორმას წარმოადგენს გრანულოზურუჯრედული კიბო, ადენობლასტომა, ბრენერის ავთვისებიანი სიმსივნე, სტრომული სიმსივნე (საკვერცხის გრანულები ჩნდება ახალგაზრდა ასაკში და ახასიათებს აგრესიული მიმდინარეობა), დისჰერმინომა (ახასიათებს სწრაფი ზრდა, მეტასტაზირდება მუცლის გარეთა ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, სხვა ორგანოებში, მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლის მოშლით), ტერატოკარცინომა და სხვა.

მიმდინარეობა და სიმპტომები. საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე უმეტესად ადრეულ სტადიაშივე ვლინდება. მცირე ზომის მოძრავი სიმსივნის შემთხვევაში ავადმყოფი არაფერს უჩივის. მენსტრუალური ციკლი ორივე საკვერცხის დაზიანების შემთხვევაშიც კი არ ირღვევა და დაავადებას შემთხვევით აღმოაჩენენ. როცა სიმსივნე დიდ ზომას აღწევს და მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას იწყებს, მუცლის ქვედა ნაწილში ჩნდება სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება, ვითარდება შეკრულობა, ჭირს შარდის გამოყოფა, თავს იჩენს ტკივილი. სიმსივნური წარმონაქმნის მენჯის ვენებზე ზეწოლის შემთხვევაში ფეხები შუპდება, ვითარდება თრომბოზი.
საკვერცხეების კარცინომის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა მისი ფეხზე შემოგრეხა, რომელიც იწვევს მწვავე მუცლის სურათს (მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება, ზოგჯერ – კოლაფსი). თუ სიმსივნე კისტოზური ბუნებისაა, მისი შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში, რაც კისტის დაჩირქების შემთხვევაში იწვევს პერიტონიტს. ფსევდომუცინოზური კისტის გაგლეჯას შესაძლოა მოჰყვეს მრავალი ლორწოიანი კისტის წარმოქმნა, რომლებიც მთელ მუცლის ღრუს აზიანებენ, ხოლო ავთვისებიანი პაპილარული ცისტადენომის გახევა იწვევს პროცესის დისემინაციას მთელ მუცლის ფარზე.
ავთვისებიან ეპითელურ სიმსივნეს ორი სახის სასქესო ჰორმონის გამოყოფა შეუძლია. ერთი მათგანი გრანულურუჯრედოვანი სიმსივნეა, რომელიც იწვევს ფემინიზაციას (გოგონებში – ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მენოპაუზის ასაკშის ქალებში – სისხლდენის განახლებას). მეორე სახის სიმსივნეა ადენობლასტომა, რომელიც, პირველისგან განსხვავებით, იწვევს ქალებში მუსკულატურის განვითარებას, წვერის ზრდას, ფიგურის შეცვლას, სარძევე ჯირკვ ლების შეჭმუხვნას, მენსტრუაციის შეწყვეტას. ამ ჰორმონულად აქტიური სიმსივნეების ამოკვეთის შემდეგ ქალს ადრინდელი გარეგნობა უბრუნდება.
მეტასტაზირება. საკვერცხეების კარცინომა მეტასტაზირებას განიცდის მუცლის ღრუში, ზოგჯერ – მუცლის ღრუს გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებში. შესაძლოა, განვითარდეს მეტასტაზური ასციტი და პლევრიტი. შედარებით იშვიათად მეტასტაზები ჩნდება ღვიძლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. საკვერცხეების კიბოს რეციდივი ხშირად ლოკალიზდება მცირე მენჯის ღრუს მიდამოში. მუცლის გარეთ მდებარე ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში მეტასტაზების განვითარება ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგაც კია შესაძლებელი.

დიაგნოსტიკა. საკვერცხეების კიბოს ადრეულ სტადიაში ამოცნობა ძნელია. ოპერაციის დროსაც კი მისი ავთვისებიანობის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. უნდა ითქვას, რომ საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების 20% ავთვისებიან ელემენტებს შეიცავს. გასინჯვის დროს საკვერცხის კარცინომაზე ეჭვის მიტანის საბაბს იძლევა შემდეგი ნიშნები: სიმსივნის მკვრივი კონსისტენცია, ხორკლიანი, კვანძოვანი ზედაპირი, ორმხრივი დაზიანება, სწრაფი ზრდა, მცირე მენჯის ღრუსში მეტასტაზური კვანძების არსებობა, ასციტი. გასინჯვის მონაცემებს ადასტურებს ულტრაბგერითი ტომოგრაფია. დაავადების შედარებით გვიანდელ სტადიაში ინფორმაციულია ლაპაროსკოპია, მორფოლოგიური ანალიზისთვის საჭირო მასალის ბიოფსია და ექსუდატის ციტოლოგიური გამოკვლევა.
დიაგნოზის დასადგენად და პროცესის დინამიკაში დაკვირვების მიზნით კარგია სიმსივნის მარკერის (A-ფეტოპროტეინი, ქორიონული გონადოტროპინი), ესტროგენებისა და ანდროგენების განსაზღვრა.
ვინაიდან საკვერცხეების კიბოს შესაძლოა მეტასტაზური ბუნება ჰქონდეს, სხვა ორგანოს პირველადი კიბოს გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს პაციენტის სრული გამოკვლევა (პირველ რიგში – კუჭის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა და სარძევე ჯირკვლების სრულფასოვანი შემოწმება).
მკურნალობა. საკვერცხეების კიბოს მკურნალობა ქირურგიულია. დაავადების ლოკალიზებული ფორმების შემთხვევაში საშვილოსნოსა და მის დანამატებს ამოკვეთენ და ატარებენ ბადექონის რეზექციას. ვინაიდან ქირურგიული ჩარევის დროს საკვერცხის სიმსივნის ხასიათის განსაზღვრა ყოველთვის ვერ ხერხდება, ოპერაციის მსვლელობის პარალელურად რეკომენდებულია სასწრაფო ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც ქირურგს ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრაში დაეხმარება.
საკვერცხის კიბოს დისემინირებული ფორმის შემთხვევაში მიმართავენ პალიატიურ ოპერაციას, რომლის მიზანიც ქიმიოთერაპიის წინ სიმსივნის მოცულობის შემცირებაა.
შედეგიანია საკვერცხის გავრცობილი კარცინომის მკურნალობა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. ქიმიოთერაპია, რომელიც საკვერცხის ლოკალიზებული კიბოს დროს მკურნალობის შედეგებს აუმჯობესებს, გავრცობილი სიმსივნეების შემთხვევაში მკურნალობის წამყვან მეთოდს წარმოადგენს. ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციის წინა პერიოდში. თუ ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის ფონზე დაავადების კლინიკური გამოვლინება შეწყდა, ტარდება ლაპაროსკოპიული კვლევა, ხოლო სრული რემისიის მიღწევისა და ქიმიოთერაპიის თორმეტთვიანი კურსის შემდეგ დაისმის მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
საკვერცხეების კიბოს ზოგიერთი ფორმის (პაპილარული ცისტადენომის) დროს ქიმიოთრეპიასთან ერთად მიმართავენ სხივურ თერაპიას, რომლის ეფექტიანობაც სიმსივნური წარმონაქმნის რადიომგრძნობელობაზეა დამოკიდებული.

პროფილაქტიკა. საკვერცხეების კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია რეგულარული გინეკოლოგიური პროფილაქტიკური გასინჯვით. გასინჯვის შედეგები ულტრაბგერითმა ტომოგრაფიამ უნდა დაადასტუროს. საკვერცხის სიმსივნე, თუნდაც კეთილთვისებიანს ჰგავდეს, უნდა ამოიკვეთოს.

 

 

კიბო კუჭის  – Stomach cancer, Gastric cancer – рак желудки

კუჭის სიმსივნეების 90-95% ავთვისებიანია. მათი 95% კარცინომაა. ავადობისა და სიკვდილიანობის მხრივ კუჭის კიბოს მეორე ადგილი უკავია ფილტვების კიბოს შემდეგ. ავთვისებიანი სიმსივნის ეს ფორმა მამაკაცებში 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება. ყველაზე ხშირად 40-45 წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა არცთუ იშვიათია 30-35 წლის და უფრო ადრეულ ასაკშიც. მამაკაცებს კუჭის კარცინომა უმთავრესად 50-57 წლის ასაკში უვლინდებათ.
კიბო კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმისგან წარმოიქმნება და ადენოკარცინომის მსგავსი სტრუქტურისაა, მაგრამ არცთუ იშვიათად აქვს უფრო ანაპლაზიური ხასიათიც.
განასხვავებენ დაავადების სამ სტადიას:
I სტადია – სიმსივნის დიამეტრი არ აღემატება 2 სმ-ს, მოიცავს მხოლოდ ლორწოვან გარსს, არ შეიმჩნევა მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში;
II სტადია – სიმსივნური წარმონაქმნის დიამეტრი უტოლდება 4-5 სმ-ს, ჩაზრდილია ლორწოვანქვეშა და კუნთოვან გარსში, შესაძლოა, განვითარდეს რეგიონული მეტასტაზები;
III სტადია – სიმსივნე დიდი ზომისაა, ჩაზრდილია სეროზულ გარსსა და მეზობელ ორგანოებში, განვითარებულია შორეული მეტასტაზები.
ოპერაციული ჩარევის შემდეგ სიმსივნე TNM სისტემის მიხედვით კლასიფიცირდება.
ზრდის მიხედვით განასხვავებენ კუჭის კიბოს ოთხ ფორმას.

  • პოლიპისებრი, ეგზოფიტურად მზარდი კიბო მკვეთრად გამოყოფილ და კუჭის სანათურში სოკოსებურად მზარდ სიმსივნეს წარმოადგენს. ეს ფორმა ნელა იზრდება, გვიან ვლინდება და მეტასტაზირდება, რაც მის კეთილსაიმედოობაზე მეტყველებს.
  • ლანგრისებრი ეგზოფიტურად მზარდი კიბო წარმოადგენს მკვეთრად შემოფარგლულ ბრტყელ წყლულს, რომელსაც გარს აკრავს მაღალი ლილვაკი. იგი მეტასტაზებს შედარებით გვიან იძლევა.
  • ინფილტრაციულ-წყლულოვანი კიბო წყლულს ჰგავს, მაგრამ არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები. კუჭის კედელი დიფუზურად ინფილტრირებულია.
  • მეოთხე ფორმაა ინფილტრირებული კიბო ხილული საზღვრების გარეშე.

ორი უკანასკნელი ფორმა ძლიერ ავთვისებიანია, ადრევე ჩაიზრდება კუჭის სეროზულ გარსში, იწვევს მეტასტაზებს და დისემინაციას მუცლის ღრუში.
კუჭში კიბოს ლოკალიზაცია ტიპურია. უმეტესად აზიანებს მცირე სიმრუდეს, კუჭის გამოსასვლელს, სუბკარდიულ და კარდიულ ნაწილებს. შედარებით იშვიათად ჩნდება დიდ სიმრუდესა და კუჭის ფსკერზე.
კუჭის კიბოს წარმოშობის მიზეზი უცნობია. შეინიშნება კარცინომის სიხშირის მატება (20%-ით) ოჯახის წევრებს შორის. სავარაუდოა გენეტიკური კომპონენტის არსებობაც. განსაზღვრული ეტიოლოგიური მნიშვნელობა აქვს C ვიტამინის დეფიციტს, კონსერვანტებს, ნიტროზამინებს.
კუჭის კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიბოსწინარე მდგომარეობები: ქრონიკული ატროფიული გასტრიტი, ქრონიკული წყლული, პერნიციოზული ანემია, კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა (განსაკუთრებით – რეზექციიდან 10-20 წლის შემდეგ), კუჭის ადენომური პოლიპი (მალიგნიზაციის სიხშირე უტოლდება 40%-ს 2 სმ-ზე მეტი დიამეტრის პოლიპებში), იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, Helicobacter pylori-თ ინფიცირება, ამიტომ კუჭის კიბოს პროფილაქტიკის უმთავრესი გზა ამ დაავადებების დროული მკურნალობაა. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება შინაგანი კანცეროგენული ფაქტორების (უხეში, დაშაშხული, ცხიმიანი, შემწვარი, ცხარე საკვები, კვების არასწორი რეჟიმი, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება) აღმოფხვრას. ეს ფაქტორები ხელს უწყობს გასტრიტის განვითარებას, რომელიც შემდგომ კიბოს საფუძვლად იქცევა.

 სიმპტომები და მიმდინარეობა. კუჭის კიბოს კლინიკური ნიშნები დაავადების საწყის სტადიაში მწირი და გაურკვეველია. ჩივილებს ზოგჯერ ექიმიც კი გასტრიტის გამოვლინებად მიიჩნევს და სრული გასტროლოგიური გამოკვლევის გარეშე ნიშნავს ამა თუ იმ მედიკამენტს. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომლებმაც ავადმყოფის ჩივილების ყურადღებით გაანალიზების შემთხვევაში ადვილად შეიძლება სპეციალისტს კიბო აეჭვებინოს. ეს სიმპტომებია:

  • განწყობის შეცვლა, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება და გამოიხატება უმიზეზო სისუსტით, შრომის უნარის დაქვეითებით, სწრაფი დაღლით;
  • უმადობა, საკვების მიმართ ზიზღი;
  • მუცელში დისკომფორტის შეგრძნება, ჭამის შედეგად ფიზიოლოგიური კმაყოფილების განცდის დაკარგვა, მუცლის გადავსების შეგრძნება ცოტაოდენი საკვების მიღების შემდეგაც კი, ჭრა მუცელში, ტკივილი მკერდის ძვლის ქვემოთ, იშვიათად – გულისრევა და ღებინება;
  • უმიზეზო პროგრესირებადი გახდომა, რომელსაც თან სდევს სიფითრე;
  • ცხოვრების ხალისის, ახლობლებისა და სამუშაოსადმი ინტერესის დაკარგვა, აპათია, გაუცხოება.

ეს სიმპტომები ზოგჯერ ფაქტობრივი ჯანმრთელობის ფონზე ვლინდება, ზოგჯერ კი წინ უძღვის კუჭის ხანგრძლივი დაავადება. ამ შემთხვევაში ყურადღებას აქცევენ ავადმყოფისთვის კარგად ნაცნობი გასტრიტული ან წყლულოვანი სიმპტომების შეცვლას და ახალი არასასიამოვნო შეგრძნებების გაჩენას. მკვეთრი, აშკარა სიმპტომები კიბოს მხოლოდ გავრცობილი ფორმის დროს ვლინდება. ესენია: მუდმივი, ძლიერი ტკივილი, რომელიც ზურგში გადაეცემა, შეუპოვარი ღებინება, საერთო სისუსტე, პროგრესირებადი გახდომა და ანემიზაცია. თავდაპირველად თვალში საცემია ავადმყოფის სიფითრე, გვიან სტადიაში კი კანს მიწისფერი ედება (კიბოს ადრეულ სტადიებში მრავალი ავადმყოფი გარეგნულად არ იცვლება). კუჭის კიბო ხშირად ადრეულ სტადიაშივე იწვევს მეტასტაზებს ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ღვიძლსა და უფრო შორეულ უბნებშიც კი (მაგალითად, მუცლის აორტაში). მეტასტაზები უმეტესად აზიანებს ღვიძლს, პანკრეასს, ფილტვებს, საკვერცხეებს, მუცლის კედელს, იწვევს ასციტს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გასინჯვადი სიმსივნური წარმონაქმნის არსებობისას პალპაცია მრავლისმომცემია, მაგრამ უმეტესად, განსაკუთრებით – ადრეულ სტადიებში, სიმსივნე ხელით არ ისინჯება.
ლაბორატორიული გამოკვლევებიდან ინფორმაციულია კუჭის წვენის ანალიზი და განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე.
სისხლის ანალიზი საგულისხმო ინფორმაციას არ გვაწვდის, მაგრამ ჰემოგლობინის დაცემა და ედს-ის დაქვეითება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.
კიბოს დიაგნოსტიკა დამატებითი გამოკვლევის შედეგებსაც ეფუძნება. ენდოსკოპია ბიოფსიითა და ციტოლოგიური გამოკვლევითურთ ასიდან 95-99 შემთხვევაში უტყუარი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია აუცილებელია მეტასტაზების გამოსავლენად.
ამჟამად, ენდოსკოპიური ტექნოლოგიის განვითარებისა და გამოკვლევის ამ მეთოდის ხელმისაწვდომობის პირობებში, კიბოს ამოსაცნობ მთავარ მეთოდს წარმოადგენს გასტროსკოპია (გასტროფიბროსკოპია). ეს გამოკვლევა იძლევა წარმონაქმნის დანახვის საშუალებას, ავლენს კუჭის კედლის ინფილტრაციის ზონას, აადვილებს ციტოლოგიური კვლევისთვის აუცილებელი ბიოფსიური მასალის აღებას. ატიპური უჯრედების აღმოსაჩენად მიმართავენ ციტოლოგიურ კვლევას.
დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ კვლევას, რომელიც წინათ კუჭის კიბოს დიაგნოსტირების მთავარ მეთოდს წარმოადგენდა.
საეჭვო შემთხვევებში, როდესაც კუჭის კარცინომის გამორიცხვა ვერც ერთი ზემოხსენებული გამოკვლევით ვერ ხერხდება, მიმართავენ დიაგნოსტირების უკანასკნელ ეტაპს – დიაგნოსტიკურ ლაპაროტომიას: ხსნიან კუჭის სანათურს და უშუალოდ ათვალიერებენ ლორწოვანს, ყველაზე საეჭვო უბნიდან იღებენ ნაცხს და ატარებენ ბიოფსიას. თანამედროვე ქირურგიული ტექნოლოგიებისა და გაუტკივარების პირობებში ეს ოპერაცია სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თანაც შედეგი საწყის სტადიაშიც კი უტყუარია.
მკურნალობა. კუჭის კიბოს მკურნალობის ძირითად და რადიკალურ მეთოდს ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. ოპერაციის ტიპი დამოკიდებულია კუჭში სიმსივნის მდებარეობაზე, რეგიონული ლიმფური კვანძების დაზიანების ხარისხსა და შორეული მეტასტაზების არსებობაზე. მკურნალობის ამ მეთოდის პარალელურად სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის დანიშვნის საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის სტადიაშია.
არსებობს კუჭის კიბოს რადიკალური ამოკვეთის სამი სახის ოპერაცია:

  • კუჭის სუბტოტალური რეზექცია – ტარდება კუჭის ქვედა ნახევარში სიმსივნის არსებობისას;
  • გასტროექტომია – ტარდება მაშინ, როდესაც პროცესი კუჭის ზედა მესამედზეა გავრცელებული;
  • პროქსიმული რეზექცია ანუ კუჭის ზედა მესამედის რეზექცია – ტარდება კუჭის კარდიული ნაწილის მცირე ორგანულ დაზიანებათა არსებობისას.

საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ გაფართოებულ, კომბინირებულ რეზექციას ან გასტროექტომიას. ამ დროს ქირურგიული ჩარევა ხდება არა მარტო კუჭსა და მის ლიმფურ აპარატზე, არამედ იმ მეზობელ ორგანოებზეც, რომლებშიც ჩაზრდილია კიბო (პანკრეასზე, ღვიძლზე, განივ კოლინჯზე).
კიბოთი დაავადებული დასუსტებული ავადმყოფისთვის ოპერაცია სერიოზულ ჩარევად ითვლება და მოითხოვს პაციენტის გულდასმით მომზადებას, ხოლო ოპერაციის შემდეგ – სათანადო მეთვალყურეობას.
ოპერაციის წინ ავადმყოფს უტარდება ზოგადგამაჯანსაღებელი მკურნალობა. კერძოდ, ხდება მისი ორგანიზმის შევსება ცილოვანი პრეპარატებით, სითხით, ვიტამინებით, ენიშნება მატონიზებელი საშუალებები, კუჭის გასავლის შევიწროებისა და მასში გადაუმუშავებელი საკვები მასების დაყოვნების შემთხვევაში – კუჭის ყოველდღიური გამორეცხვა მარილმჟავას სუსტი ხსნარით და სხვა.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში, კერძოდ, კუჭის რეზექციის შემდეგ – 2-3 დღის, ხოლო გასტროექტომიის შემდეგ 4-6 დღის განმავლობაში, იკრძალება საკვებისა და სითხის პირიდან მიღება. აუცილებელი სითხე და საკვები ნივთიერებები ორგანიზმს უნდა მიეწოდოს ვენაში ინსულინისა და ვიტამინების შემცველი ხსნარების, სისხლისა და ცილოვანი პრეპარატების გადასხმის გზით. სხვადასხვა ნივთიერებაზე ორგანიზმის მოთხოვნილება სისხლის გამოკვლევის საფუძველზე განისაზღვრება. გარდა ამისა, ისევე, როგორც ყველა დიდი ოპერაციის შემდეგ, ამ შემთხვევაშიც ინიშნება ანტიბიოტიკები, საგულე საშუალებები, ნარკოტიკი და ჟანგბადი. ოპერაციის მეორე დღეს სუნთქვისას გულმკერდის ყაფაზის მოძრაობის გასაადვილებლად და ფილტვებში შეგუბებითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფს მაღალ სასთუმალზე აწვენენ. მეტად მნიშვნელოვანია სამკურნალო ვარჯიშების ჩატარება, პირის ღრუს, ენისა და კბილების გაწმენდა. ტუჩებსა და ენაზე გამოშრობის შემთხვევაში უსვამენ გლიცერინის წყალხსნარს (1:1), რომელსაც რამდენიმე წვეთი სპირტი აქვს დამატებული.
ექიმის ნებართვით ავადმყოფი თავდაპირველად იწყებს თხიერი საკვების მიღებას, შემდეგ კი თანდათანობით აფართოებს დიეტას გახეხილი ყველი, თხიერი ფაფით, არაჟნით, მაწვნით, ხოლო 7-10 დღის შემდეგ გადადის მაგიდა #1-ზე.
ოპერაციის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს გართულებებმა. პირველ დღეებში მოსალოდნელია სისხლდენა კუჭის დარჩენილი ნაწილის სანათურში (რაც სისხლიანი ღებინებით ვლინდება) ან თავისუფალ მუცლის ღრუში, რაც ქმნის კოლაფსის განვითარების რისკს. ოპერაციიდან მეორე-მესამე დღეს არსებობს პნევმონიის განვითარების ალბათობა, მეოთხე-მეხუთე დღეს კი – პერიტონიტისა, რომელიც დაუყოვნებლივ დიაგნოსტირებას და აქტიურ ჩარევას საჭიროებს.
თუ კუჭის რეზექცია შეზღუდულად და ეკონომიურად განხორციელდა, არ არის გამორიცხული კიბოს რეციდივი, რომელსაც ხშირად თან სდევს შორეული მეტასტაზების გაჩენა. ამ დროს ავადმყოფის დახმარება შეუძლებელია, თუმცა ცნობილია განმეორებითი ოპერაციით რეციდივისგან რადიკალური განკურნების შემთხვევებიც.
კუჭის კიბოს გავრცობილი, არაოპერირებადი ფორმების დროს მიმართავენ ქიმიოთერაპიას ერთი ან რამდენიმე პრეპარატის გამოყენებით. კლინიკური სიმპტომების შესუსტება მიიღწევა ისეთი პალიატიური ოპერაციებით, როგორიც არის გასტროენტეროანასთომოზი, ეზოფაგოგასტროანასთომოზი, გასტროსტომია, რეკანალიზაცია ლაზერის მეშვეობით.

პროფილაქტიკა. კუჭის კიბოს პროფილაქტიკა გულისხმობს კიბოსწინარე მდგომარეობების (კუჭის პოლიპის, ქრონიკული წყლულის, ანაციდური გასტრიტის) მკურნალობას და კვების ნორმალური რეჟიმის დაცვას.

 

 

კიბო კანის – Cancer cutis – рак кожи

კანის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ-ერთი გავრცელებული ნაირსახეობაა. მის წილად მოდის ავთვისებიანი სიმსივნეების 5%. დაავადება თანაბრად არის გავრცელებული ორივე სქესში, უპირატესად 50 წლის შემდეგ გვხვდება და, ჩვეულებრივ, სხეულის ღია უბნებზე ვითარდება. ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახეზე (ცხვირის ზურგი და გვერდები, თვალის კუთხეები, შუბლი) და იღლიის მიდამოში, შედარებით იშვიათად აზიანებს ტერფს, მუხლს ან მტევანს.
განასხვავებენ კანის ბაზალურუჯრედოვან და ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. იშვიათია კანის დანამატებიდან (ცხიმოვანი, საოფლე ჯირკვლებისგან, თმის ფოლიკულისგან) განვითარებული კიბო.
კანის კარცინომის წარმოშობის მიზეზი შესაძლოა იყოს ჭარბი ინსოლაცია და შინაგანი კანცეროგენული ფაქტორების (რენტგენის სხივების, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების) ზემოქმედება. კიბოსწინარე დაავადებებად შეიძლება ჩაითვალოს ალბინიზმი, კანზე წყლულის დიდხანს არსებობა, გავრცობილი ჭრილობები და ქრონიკული კიბოსწინარე პროცესები – დისკერატოზი, პიგმენტური ქსეროდერმა, მგლურა, რადიაციული დერმატიტი და სხვა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა შესაძლოა მიმდინარეობდეს კვანძოვანი, წყლულოვანი, ინფილტრაციული და სხვა ფორმით.
კანის კიბო კლინიკურად ვლინდება ერთი ან რამდენიმე ერთმანეთში გარდამავალი უმტკივნეულო, მკვრივი კვანძით, რომლებსაც ზოგჯერ მოვარდისფრო-მოყვითალო ცვილისებური ნაპირები აქვს, ზოგჯერ კი მარგალიტივით მბრწყინავი კიდეები, ასევე – ერითრემატოზებით ან პიგმენტაციებით. სიმსივნე პროგრესულად დიდდება და სწრაფად წყლულდება. არსებობს კანის კიბოს ისეთი ფორმებიც, რომლებსაც ნელი ზრდა ახასიათებს. არის შემთხვევები, როდესაც ეს დაავადება წლების განმავლობაში რაიმე ხილული ცვლილების გარეშე არსებობს. კიბოს წყლულს აქვს დამახასიათებელი წამოწეული, ლილვაკისებური, მკვეთრად გამკვრივებული კიდეები და მორუხო-ჭუჭყიანი ფსკერი. განვითარების დონის კვალობაზე, სიმსივნე იწყებს მიმდებარე ქსოვილებში ჩაზრდას და მკვრივი, უმოძრაო ინფილტრატის წამოქმნას.
არის შემთხვევები, როდესაც კიბოსწინარე წარმონაქმნი არავითარ ცვლილებას არ განიცდის, მაგრამ ჩნდება მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში.
კანის კიბო იშვიათად მიმდინარეობს აგრესიულად (ხშირი და სწრაფი რეციდივები, ადრეული მეტასტაზირება ფილტვებში, ძვლებსა და სხვა ქსოვილებში). ბრტყელუჯრედოვანი კიბო ნელა ვითარდება, მაგრამ გვიან სტადიაში თავს იჩენს რეგიონული და შორეული მეტასტაზები.
კანის კიბოს მეტასტაზირება უმთავრესად ლიმფოგენური გზით ხდება, ამიტომ ავადმყოფის გამოკვლევისას აუცილებელია გაისინჯოს ახლომდებარე და შედარებით შორეული ლიმფური კვანძები, ხოლო მათ მეტასტაზურ დაზიანებაზე ეჭვის შემთხვევაში დიაგნოზი დადასტურდეს პუნქციის გზით.
ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა მეტასტაზირებას არ განიცდის.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. საეჭვო სიმსივნური წარმონაქმნის დათვალიერება ხდება გამადიდებელი შუშით. დიაგნოზის დასადასტურებლად მიმართავენ რადიოიზოტოპურ კვლევას. კანის კანცერომის ამოსაცნობ მთავარ მეთოდს წარმოადგენს სიმსივნური წარმონაქმნისგან აღებული ნაცხის ან ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური გამოკვლევა. შინაგან ორგანოებში მეტასტაზის არსებობის გამოსარიცხავად იყენებენ ულტრაბგერით კვლევას, რენტგენოგრაფიასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
კანის კიბოს ყველაზე ხშირად სხივური თერაპიით (ახლოფოკუსური რენტგენოთერაპიით) მკურნალობენ. უფრო გავრცობილი ფორმების დროს პარალელურად ტარდება დისტანციური გამა-თერაპია. იყენებენ დასხივების სხვა კომბინაციასაც.
დასხივების შედეგად, რომელიც საშუალოდ 3-4 კვირას გრძელდება, კიბოს ქსოვილი კვდება, ხოლო სხივური რეაქციის გაქრობის შემდეგ კანზე რჩება ნაწიბური.
ქირურგიულ ჩარევას ძალიან გავრცობილი დაზიანების ან სხივური თერაპიის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ფორმის შემთხვევაში მიმართავენ. კერძოდ, ოპერაციისწინა დასხივების შემდეგ ხდება სიმსივნის ფართო (პერიფერიასა და სიღრმეში) ამოკვეთა. ასეთი ოპერაციის შედეგად წარმოქმნილი ფართო ჭრილობის დახურვა ხორციელდება კანის პლასტიკით. შესაძლოა ჩატარდეს სიმსივნის კრიოდესტრუქციაც.

პაციენტი ოპერაციისთვის სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს. მთავარია, ირგვლივ მდებარე კანზე არ დარჩეს სხივური რეაქციის კვალი. ჩვეულებრივ, მასზე უსვამენ ინდიფერენტულ (ატმის ან ქაცვის) ზეთს. კანის უკეთ აერაციის მიზნით რეკომენდებული არ არის ნახვევის დადება.
კანის კიბოს დროს ქიმიოთერაპიას იშვიათად მიმართავენ, თუმცა ცნობილია კანის კიბოს ადრეული სტადიის ციტოსტატიკური პრეპარატებით (მალამოებით) წარმატებული მკურნალობის შემთხვევები.
მეტისმეტად გავრცობილი, არაოპერირებადი ფორმების დროს პლასტიკის მიზნით ტარდება ზედაპირული დასხივება, რომელსაც ზოგჯერ შინაგან ქიმიოთერაპიასაც უთავსებენ.
კანის კიბო კეთილსაიმედოდ ითვლება, თუმცა შორს წასულ სტადიებში რადიკალური შედეგი ყოველთვის არ მიიღწევა. ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რომელიც დიდი დეფექტების წარმოქმნას იწვევს.
ისევე, როგორც ნებისმიერ ავთვისებიან სიმსივნეს, რეციდივებისკენ მიდრეკილება კანის კიბოსაც ახასიათებს, განსაკუთრებით – არასწორად ჩატარებული დასხივების ან დაზიანებული უბნის არასაკმარისად ფართოდ ამოკვეთის შემთხვევაში.
კანის დანამატების კიბოს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია, სხვა მეთოდები უეფექტოა.

პროგნოზი. გარდა კიდურების კანის კიბოსი, რომელიც მაღალი ავთვისებიანობით გამოირჩევა და სწრაფად იძლევა მეტასტაზებს შორეულ არაოპერირებად ლიმფურ კვანძებში, კანის ნებისმიერი ლოკალიზაციის კარცინომა შესაძლოა სრულიად განიკურნოს. დაავადება მიმდინარეობს ნელა, მეტასტაზები იშვიათად ვითარდება. განკურნება ათიდან ცხრა შემთხვევაშია მოსალოდნელია. ზედაპირული ფორმების დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა.

პროფილაქტიკა. კანის კიბოს პროფილაქტიკა ითვალისწინებს ქრონიკული კიბოსწინარე დისკერატოზის, მგლურას, დიდხანს შეუხორცებელი წყლულის დროულ მკურნალობას.

 

 

კიბო თირკმლის – Cancer renis, Skin cancer – рак почки

თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე ზრდასრულ ადამიანებში შედარებით იშვიათია. მის წილად კარცინომების 2-3% მოდის. დაავადება უპირატესად 5-6 წლის ასაკში გვხვდება. თირკმლის კიბო მამაკაცებს ქალებთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ.
განასხვავებენ თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის სამ ფორმას:

  • თირკმლის სარკომას, რომელიც გვხვდება ადრეულ ასაკში (ათიდან 9 შემთხვევაში – 5 წლამდე) და ბავშვთა ავთვისებიანი სიმსივნეების ნახევარს შეადგენს;
  • ჰიპერნეფრომას ანუ თირკმელუჯრედოვან კიბოს (წარმოიშობა თირკმლის პარენქიმისგან);
  • თირკმლის კიბოს, იმავე თირკმლის მენჯის კიბოს (ადენოკარცინომას). წარმოიშობა თირკმლის მენჯის ეპითელიუმისგან. მის წილად მოდის თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნეების 7%.

ზრდასრულ ადამიანებში თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკფაქტორები ბოლომდე შეუსწავლელი და დაუდგენელია. სავარაუდოდ, ატიპური უჯრედების წარმოქმნას ხელს უწყობს გარემოს ქიმიური დაბინძურება, თამბაქოს წევა, ჰორმონული პრეპარატებისა და ციტოსტატიკების გამოყენება, დასხივება, ვირუსმატარებლობა, ნიტროზამინები და არომატული ამინები. კიბოთი დაავადების რისკი მაღალია თირკმლის პოლიკისტოზის დროს. გამოვლენილია თირკმელუჯრედოვანი ადენოკარცინომის მემკვიდრეობითი ბუნება.
ჰიპერნეფრომისა და თირკმლის კიბოს კლინიკური სურათი ერთმანეთისგან არ განსხვავდება, მაგრამ პირველ შემთხვევაში დაავადების ნიშნები ხშირად გვხვდება, მეორე შემთხვევაში კი იშვიათად.
თირკმლის კიბოს ახასიათებს:

  • ჰემატურია;
  • მუცელში ხელით გასინჯვადი სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა;
  • ტკივილი.

სამივე სიმპტომი მხოლოდ შორს წასული პროცესის შემთხვევაში შეიმჩნევა. კიბოს ადრეულ სტადიებზე, ჩვეულებრივ, გვხვდება მხოლოდ ერთი ან ორი მათგანი.
ჰემატურია – შარდში სისხლის მინარევის არსებობა – თირკმლის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია. ის, წესისამებრ, მოულოდნელად, რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე იჩენს თავს და შესაძლოა ცოტა ხნის შემდეგ ისევე მოულოდნელად შეწყდეს, როგორც დაიწყო. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ სისხლდენა მეორდება. არცთუ იშვიათად შარდი შეიცავს სისხლის კოლტებს. შემდგომ ჰემატურია (არაოპერირებადი თირკმლის კიბოს შემთხვევაში) ძლიერდება, ის დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე მეტყველებს და ძლიერ ანემიას იწვევს.
ტკივილი, ჩვეულებრივ, ყრუა და დაზიანებული თირკმლის მხარეს ლოკალიზდება. ჰემატურიის პერიოდში ტკივილის შეგრძნება ძლიერდება და აღმოცენდება თირკმლის ჭვალი. შარდის ბუშტში დიდი ოდენობით სისხლის კოლტების დაგროვების გამო მოსალოდნელია შარდის გამოყოფის დარღვევა (შარდის შეკავება).
ჰემატურიის შემთხვევაში ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოკვლეული უროლოგიურ განყოფილებაში.
გამოკვლევისას სიმსივნური წარმონაქმნის ან თირკმლის გადიდების  აღმოჩენა კიბოს დიაგნოზზე მიუთითებს, თუმცა კარცინომის არსებობას არც პალპაციის უარყოფითი მონაცემები გამორიცხავს.
თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე ხშირად ტემპერატურის მყარი მატებით მიმდინარეობს. 40 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა ტემპერატურის გაურკვეველი მატების შემთხვევაში (განსაკუთრებით – საღამოობით) უნდა მიმართონ ექიმს თირკმლის კიბოს გამორიცხვის მიზნით.
თირკმლის კარცინომის დამატებითი სიმპტომია სათესლე არხის ვენების გაფართოება სიმსივნის მხარეს. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შესივება არ ცხრება. ეს სიმპტომი სიმსივნის ვენებში ჩაზრდაზე მიუთითებს. შორს წასულ შემთხვევაში, როცა სიმსივნე ქვედა ღრუ ვენაში ჩაიზრდება, მუცელზე შეიმჩნევა ზედაპირული ვენების გაფართოება (მედუზას თავი).
ბავშვებში თირკმლის კიბო ზემოთ აღწერილი სიმპტომთა ტრიადით არ ვლინდება. მას უმეტესად შემთხვევით აღმოაჩენენ ბანაობის დროს ან სხვა დაავადების გამო ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევისას.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ზემოაღნიშნული სიმპტომების აღმოჩენისას უნდა ჩატარდეს ყოველმხრივი უროლოგიური გამოკვლევა ვენისშიდა ექსკრეტორული უროგრაფიის ჩათვლით. ყველაზე ინფორმაციული (და ამიტომ აუცილებელი) მეთოდებია ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. ზოგჯერ საჭიროა სიმსივნის ბიოფსია და მიღებული მასალის ციტოლოგიური კვლევა.
თირკმლის ანგიოგრაფია კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული მეთოდია თირკმელუჯრედოვანი კიბოს დროს, მაგრამ ნაკლებად ინფორმაციულია თირკმლის მენჯის კიბოს შემთხვევაში.
დაავადების გავრცელების ხარისხს ფილტვების რენტგენოგრაფიისა და ჩონჩხის ძვლების სცინტიგრაფიის საფუძველზე ადგენენ.
დამატებით შეიძლება გამოკვლეულ იქნეს შარდი ატიპური უჯრედების არსებობაზე, მაგრამ მათი გამოვლენა ძალიან იშვიათად ხდება. სისხლის მაჩვენებლებიდან საგულისხმოა ანემია, ედსის მომატება.
მკურნალობის ერთადერთი რადიკალური მეთოდია თირკმლის ამოკვეთა – ნეფრექტომია. ნეფრექტომია ტარდება ფილტვებში (ზოგჯერ ძვლებშიც) მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში. ამ დროს ოპერაციის მიზანია დიდი სიმსივნის მოშორება და მძიმე სიმპტომებისგან (ჰემატურიისგან, ტკივილისგან) ავადმყოფის გათავისუფლება.
ფილტვში ერთეული მეტასტაზების არსებობისას თირკმლის სიმსივნის ამოკვეთასთან ერთად ოპერაციული ჩარევა ფილტვზეც ხორციელდება, თუმცა ეს გამონაკლის შემთხვევებში ხდება, ვინაიდან მეტასტაზირების პროცესი იშვიათად არის იზოლირებული.
გავრცობილი ფორმის დროს, როდესაც სიმსივნე ჩაზრდილია ირგვლივ მდებარე ქსოვილებში და განვითარებულია შორეული მეტასტაზები, შესაძლებელია მხოლოდ პალიატიური ან სიმპტომური მკურნალობა ქიმიოთერაპიის მცდელობით.
მედიკამენტური მკურნალობა ზოგჯერ ეფექტურია. სიმსივნის რეგრესია ან დაავადების დიდი ხნით სტაბილიზება ფილტვებში მცირე ზომის მეტასტაზების არსებობისას ათიდან 4 შემთხვევაშია მოსალოდნელი, ამიტომ ნეფრექტომიის შემდეგ ავადმყოფზე უნდა ხორციელდებოდეს დინამიკური დაკვირვება, კერძოდ, ორი წლის განმავლობაში სამ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს ფილტვების რენტგენოგრაფია. მეტასტაზების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღწევის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
ბოლო დროს ბავშვებში თირკმლის კიბოს წარმატებით მკურნალობენ დასხივების, ქირურგიისა და ქიმიოთერაპიის კომპლექსური გამოყენებით.

პროფილაქტიკა. ვინაიდან თირკმლის კიბოს განვითარების მიზეზები და რისკფაქტორები სათანადოდ არ არის შესწავლილი, მისი პროფილაქტიკა ზოგადია და გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს, მავნე ჩვევებისთვის თავის დანებებას, ყოველგვარი დაავადების, უწინარეს ყოვლისა – თირკმლის სნეულებათა, დროულ მკურნალობას.
თირკმლის კარცინომის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად ადამიანი სისტემატურად უნდა იტარებდეს ულტრაბგერით გამოკვლევას, რადგან სიმპტომები ხშირად დაავადების შორს წასულ სტადიაზე ჩნდება. წელის არეში ტკივილის ან შარდის ფერის შეცვლის შემთხვევაში აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია.

 

 

 

კვანძოვანი პერიარტერიიტი – Periarteriitis odosa – узелковый периартериит

კვანძოვანი პერიარტერიიტი წარმოადგენს სისტემურ მანეკროზებელ ვასკულიტს, რომელსაც ახასიათებს საშუალო და წვრილი კალიბრის არტერიათა დაზიანება და ორგანოებსა და სისტემებში მეორეული ცვლილების განვითარება. კვანძოვანი პერიარტერიიტით უპირატესად 30-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები ავადდებიან. დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა უდავოა მის განვითარებაში ვირუსების (კერძოდ, B ჰეპატიტის ვირუსის) როლი (დაავადებულთა სისხლში პოულობენ HBSAg-ს და მის ანტისხეულებს).
კვანძოვანი პერიარტერიიტის რისკფაქტორებია გადატანილი ინფარქტი, ინტოქსიკაცია, ორგანიზმში ვაქცინის ან შრატის შეყვანა, წამლის მიღება, გაციება, ინსოლაცია.
კვანძოვანი პერიარტერიიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სისხლძარღვის კედელზე ფიქსირებული HBSAg-სა და სხვა ანტიგენების შემცველი იმუნური კომპლექსი. სისხლძარღვის კედლების იმუნურკომპლექსური დაზიანება იწვევს ფორმიანი ელემენტების აგრეგაციას, სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუარესებას და სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომის განვითარებას, ყოველივე ამის შედეგად კი ორგანოებსა და ქსოვილებში მიკროცირკულაცია ირღვევა და შესაბამისი კლინიკური სიმპტომები აღმოცენდება.

დაავადების სიმპტომებია:
1. სხვადასხვა ტიპის ხანგრძლივი ცხელება, რომელიც ანტიბიოტიკოთერაპიას არ ექვემდებარება;
2. გახდომა, სისუსტე, ადინამია;
3. სიფითრე, კიდურებსა და ტანზე – მარმარილოსებრი ელფერი, გამონაყარი (ერითემული, ლაქოვან-პაპულური, ჰემორაგიული, ურტიკარიული, იშვითად – ნეკროზული წყლულები); დაავადებულთა 20%-ს წვივის, წინამხრისა და თეძოს არეში კანში ან კანქვეშ, სისხლძარღვების გასწვრივ, ესინჯება მცირე ზომის კვანძები (სისხლძარღვთა ანევრიზმა ან გრანულები);
4. კუნთოვან-სახსროვანი სინდრომი: კუნთების ინტენსიური ტკივილი, სისუსტე და ატროფია; პოლიართრალგია, იშვიათად – მიგრირებადი არამადეფორმირებელი პოლიართრიტი, რომლის დროსაც უპირატესად ერთი ან რამდენიმე მსხვილი (მუხლის, ტერფ-წვივის, მხრის, იდაყვის) სახსარი ზიანდება;
5. კარდიული სინდრომი: კორონარიტები, რომელთაც მიოკარდიუმის ინფარქტამდე ან სტენოკარდიამდე მივყავართ; მოსალოდნელია მიოკარდიტი, კარდიოსკლეროზი, გულის რიტმის დარღვევა, ბლოკადა; დაავადებულთა 10%-ს უვითარდება მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება; დამახასიათებელია არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომები;
6. თირკმელების დაზიანება სისხლძარღვოვანი ნეფროპათიის სახით (დაავადებულთა 70-97%), პროტეინურია, მიკროჰემატურია (იშვიათად – მაკროჰემატურია), ცილინდრურია, თირკმლის უკმარისობის სწრაფი განვითარება; თირკმლის არტერიის თრომბოზის გამო მოსალოდნელია თირკმლის ინფარქტი, რომელსაც ახასიათებს წელის არეში ძლიერი ტკივილი, ჰემატურია, ტემპერატურის მატება; იშვიათად შესაძლოა განვითარდეს სისხლძარღვების ანევრიზმაც;
7. ფილტვების დაზიანება ფილტვების ვასკულიტის ან ინტერსტიციური პნევმონიის სახით: ხველა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, სისხლიანი ხველა, ფილტვების ინფარქტი;
8. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება: მკვეთრი ტკივილი მუცლის სხვადასხვა ნაწილში, მუცლის ფარის დაჭიმულობა, გულისრევა, ღებინება, თხიერი, სისხლიანი და ლორწოიანი განავალი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პანკრეატიტი, ნაწლავებისა და კუჭის წყლულის პერფორაცია, ღვიძლის დაზიანება;
9. ნერვული სისტემის დაზიანება: ასიმეტრიული მონო- და პოლინევრიტი (კიდურების ძლიერი ტკივილი, მგრძნობელობის დაქვეითება და დამბლა), ინსულტი, მენინგოენცეფალიტი, ეპილეფსიური გულყრები;
10. თვალის დაზიანება: ავთვისებიანი რეტინოპათია, თვალის ფსკერის სისხლძარღვთა ანევრიზმული გაგანიერება ან გასქელება;
11. კიდურთა პერიფერიული არტერიების დაზიანება, რაც თითების იშემიას და განგრენასაც კი იწვევს; შესაძლოა, განვითარდეს ფეხის არტერიების ანევრიზმა, საფეთქლის არტერიების ზედაპირული ტოტების ანთება;
12. ენდოკრინული სისტემის დაზიანება: დაავადებულთა 80%-ს აღენიშნება სათესლე ჯირკვლების დაზიანება (ორქიტი, ეპიდიდიმიტი), რომელიც ხშირია B ჰეპატიტით დაავადების ფონზე; ფარისებრი და თირკმელზედა  ჯირკვლების დაზიანება;
13. B ჰეპატიტით ინფიცირების ფონზე კვანძოვან პერიარტერიტს ახასიათებს სათესლე ჯირკვლებისა და თირკმელების დაზიანება და არტერიული ჰიპერტენზია, C ჰეპატიტით ინფიცირებისას კი მეტწილად კანი და ღვიძლი ზიანდება.

კლინიკური გამოვლინების კვალობაზე, კვანძოვანი პერიარტერიიტი შეიძლება იყოს:

  • კლასიკური. მისი პირველი სიმპტომებია ცხელება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კანზე გამონაყარი და წონის კლება. ამ ფორმის ძირითად კლინიკურ სინდრომებს წარმოადგენს: თირკმელების დაზიანება (იზოლირებული შარდის სინდრომი, მერყევ არტერიულ ჰიპერტენზიასთან შერწყმული შარდის სინდრომი, მყარი არტერიული ჰიპერტენზია, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ვენის თრომბოზის შემთხვევაში – ნეფროზული სინდრომი); აბდომინალური სინდრომი (სისხლძარღვოვანი წყლული, იშემია, არტერიების თრომბოზი); პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება (ნევრიტი, მიალგია, ჰიპერტენზია, მოძრაობის დარღვევა, კუნთების ატროფია); გულის დაზიანება (კორონარიტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის პროგრესული უკმარისობა, არითმია); ფილტვების დაზიანება (ვასკულიტი, პროგრესული ფიბროზი, ფილტვების ინფარქტი, პლევრიტი); ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (ფსიქიკური აშლილობანი, გულყრები, ჰემიპარეზი).
  • კან-თრომბანგიური. ვლინდება კვანძებით, ლივედო რეტიცულარის-ით, ჰემორაგიული პურპურებით. კვანძები ლოკალიზებულია კანზე ან კანქვეშ, კიდურთა სისხლძარღვების გასწვრივ. დამახასიათებელია ცხელება, მიალგია, სისუსტე, ოფლიანობა, წონის კლება.
  • მონოორგანული, ახასიათებს ორგანოთა სისხლძარღვების კვანძოვანი პერიარტერიიტისთვის ტიპობრივი ცვლილებები.
    მიმდინარეობის მიხედვით კვანძოვანი პერიარტერიიტი შეიძლება იყოს:
  • კეთილთვისებიანი. ასეთია კვანძოვანი პერიარტერიიტის კანის ფორმა. შესაძლოა 3-5-წლიანი რემისია.
  • ნელა პროგრესირებადი. აღენიშნება კვანძოვანი პერიარტერიიტის თრომბანგიური ფორმით დაავადებულთა ნახევარს. მათ მრავალი წლის განმავლობაში აქვთ გამოხატული პერიფერიული ნევრიტის ნარჩენი მოვლენები და კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. დაავადება გაურთულებელ შემთხვევაში 10 წელსა და მეტხანს გრძელდება.
  • რეციდიული. მწვავდება გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და  ციტოსტატიკების მოხსნის ან მათი დოზის შემცირების, ინფექციის, წამლისმიერი ალერგიის, გაციების შემთხვევაში. ახალ-ახალი ორგანული დაზიანებები დაავადებას ამძიმებს.
  • სწრაფად პროგრესირებადი. აღინიშნება თირკმელების მძიმე დაზიანებისა და ავთვისებიანი ჰიპერტენზიის შემთხვევაში. პროგნოზი სისხლძარღვოვან გართულებებზეა დამოკიდებული.
  • მწვავე ანუ ელვისებური. იშვიათია. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 5-12 თვეს შეადგენს. სიკვდილის მიზეზია თირკმელების უკმარისობა,  მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ცერებრული დარღვევები, გულის უკმარისობა, წყლულის პერფორაცია და მეზენტერიული არტერიის თრომბოზი.

გართულებები:

  • ამა თუ იმ ორგანოს ინფარქტი და სკლეროზი;
  • ჰემორაგია (ანევრიზმის გაგლეჯა);
  • წყლულის პერფორაცია;
  • ნაწლავების განგრენა;
  • ურემია;
  • ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • ენცეფალოპათია.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კვანძოვანი პერიარტერიტის სადიაგნოზო კრიტერიუმებია:
1. თირკმელების დაზიანება, რომელიც არტერიულ ჰიპერტენზიასთან არის შერწყმული;
2. აბდომინალური სინდრომის შერწყმა დისპეფსიურ დარღვევებთან;
3. პნევმონიტი ან ბრონქული ასთმა მაღალი ეოზინოფილიით;
4. კარდიული სინდრომი კორონიტის სახით;
5. პოლინევრიტი.
დაავადების სადიაგნოზოდ აუცილებელია, ხუთი კრიტერიუმიდან სამი მაინც არსებობდეს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ კანქვეშა კვანძების ბიოფსიას და ჰისტოლოგიურ გამოკვლევას.
კვანძოვანი პერიარტერიიტის სამკურნალო ძირითად საშუალებას წარმოადგენს იმუნოდეპრესანტები, კერძოდ, პრედნიზოლონი, აზატიოპრინი, ციკლოფოსფანი. სხვა მეთოდებიდან გამოიყენება პლაზმოფერეზი და ჰემადსორბცია.
სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომის საკორექციოდ და სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად გამოიყენება ჰეპარინი, ტრენტალი, კურანტილი.
კვანძოვანი პერიარტერიიტით დაავადებულები უნდა ერიდონ ვაქცინისა და შრატის გაკეთებას, ინსოლაციას, გაციებას, B ჯგუფის ვიტამინების მიღებას. ანტიბიოტიკების, სულფანილამიდებისა და სხვა წამლების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.
იმუნოდეპრესანტებით მკურნალობამ შესაძლოა შეაფერხოს დაავადების პროგრესი და პროცესის სტაბილიზება გამოიწვიოს. ათიდან ხუთ შემთხვევაში შესაძლებელია რემისიის მიღწევა და გამოჯანმრთელებაც კი, თუმცა შრომის უნარი დაქვეითებული რჩება.

 

 

კერატომა – Keratoma – кератома

კერატომა არის კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე – კანის რქოვანა გარსის წანაზარდი, რომელიც უმეტესად კანის ერთგვარი რეაქციაა ულტრაიისფერ გამოსხივებაზე. ის ვითარდება 40-50 წლის შემდეგ, მამაკაცებსა და ქალებში – თანაბარი სიხშირით.
თავდაპირველად წარმოიქმნება ოდნავ აქერცლილზედაპირიანი მონაცისფრო ან ყავისფერი ლაქა, რომელიც თანდათან სქელდება და იფარება მკვრივი ქერქით, რომელიც ზოგჯერ იფშვნება და ცვივა. ამ დროს დაზიანებული უბანი შესაძლოა აგვტკივდეს და სისხლმა დაიწყოს დენა.
კერატომა შესაძლოა გაავთვისებიანდეს. სწორედ ამიტომ არის მიზანშეწონილი დიდი და ტრავმირებული კერატომების დროული მოშორება.

კერატიტი  – keratitis – кератит

კერატიტი თვალის რქოვანა გარსის ანთებითი დაავადებაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ, სოკომ, ქრონიკულმა დაავადებებმა (ტუბერკულოზმა, სიფილისმა და სხვა), ავიტამინოზმა, დისტროფიულმა ცვლილებებმა.
კერატიტი მძიმე დაავადებაა – რქოვანა გარსის შემღვრევამ, გუგის არეში შეხორცებათა გაჩენამ და კერატიტის სხვა შედეგებმა შესაძლოა მხედველობის მყარი, შეუქცევადი დაქვეითება გამოიწვიოს. მძიმე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ენდოფთალმიტი (თვალის შიგნითა გარსის ანთება) და პანოფთალმიტი (თვალის ყველა გარსის ჩირქოვანი ანთება). დაავადება გრძელდება რამდენიმე კვირას ან რამდენიმე თვეს.
ზედაპირული (გვერდითი) კატარული კერატიტი. კერატიტის ეს ფორმა ვითარდება კონიუნქტივიტის (თვალის შემაერთებელქსოვილოვანი ანთება), ბლეფარიტის (ქუთუთოს კიდეების ანთება), ქრონიკული დაკრიოცისტიტის (საცრემლე პარკის ანთება) დროს. თან სდევს სინათლის შიში, თვალის ტკივილი. რქოვანას ირგვლივ კონიუნქტივა წითლდება. რქოვანას კიდეებში წარმოიქმნება ერთეული ან ერთმანეთში გარდამავალი ინფილტრატები, რომლებიც შესაძლოა დაწყლულდეს. შემდგომში რქოვანა გარსში სისხლძარღვები ჩაიზრდება.
კერატიტის ამ სახესხვაობას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა გამოხატული დინამიკის გარეშე.

მკურნალობა. უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია დაავადების მიზეზის აღმოფხვრა. ადგილობრივად ინიშნება:

  • ხსნარები – პენიცილინისა, 1%-იანი ტეტრაციკლინისა, 0,25%-იანი ლევომიცინისა, 0,5%-იანი გენტამიცინისა, 20-30%-იანი სულფაცილ-ნატრიუმისა, 10-იანი სულფაპირიდაზინ-ნატრიუმისა;
  • ალამოები: 1%-იანი ტეტრაციკლინისა, 1%-იანი ერითრომიცინისა, 1%-იანი სინტომიცინის ემულსია, სოლკოსერილი;
  • გუგების გამაფართოებელი ხსნარები: 1%-იანი გომატროპინი, 1%-იანი პლატიფილინი;
  • ვიტამინის წვეთები;
  • ჰიდროკორტიზონის ხსნარი (სიფრთხილით).

შინაგანად: 10%-იანი კალციუმის ქლორიდის ხსნარი, დიმედროლი, პიპოლფენი, სუპრასტინი.

რქოვანას მცოცავი წყლული. უმეტესად რქოვანას ტრავმისა და მიკროტრავმების შედეგად აღმოცენდება. იწყება მწვავედ: თვალის ძლიერი ტკივილით, სინათლის შიშით, ჩირქოვანი გამონადენით. კონიუნქტივა წითლდება და შუპდება. რქოვანა გარსზე ჩნდება მორუხო-მოყვითალო ინფილტრატი, რომელიც სწრაფად წყლულდება. ყალიბდება დეფექტი, რომლის ერთი კიდე თითქოს ამოთხრილია. პროცესი იწყებს გავრცელებას ჯანმრთელ ქსოვილებზე. შესაძლოა, მასში ჩაერთოს თვალის შიგაAგარსებიც. გამორიცხული არ არის რქოვანა გარსის გახევა.
რქოვანას მცოცავი წყლული, კარგი დასასრულის მიუხედავად, ტოვებს შეუქცევად შემღვრევას.

მკურნალობა. რქოვანა გარსის მცოცავი წყლულის მკურნალობა აუცილებლად სტაციონარში უნდა ჩატარდეს. თვალში აწვეთებენ ანტიბიოტიკებს, სულფანილამიდებს, გუგის გამაფართოებელ საშუალებებს. ანტიბიოტიკი შეჰყავთ ასევე კონიუნქტივის ქვეშ.
ზოგადი მკურნალობა გულისხმობს კუნთებსა და ვენებში ანტიბიოტიკების ინექციას, სულფანილამიდების, მადესენსიბილიზებელი საშუალებების დალევას. მძიმე შემთხვევაში ტარდება კრიოაპლიკაცია (დაბალ – -9-18 გრადუს ტემპერატურაზე), დიათერმოკოაგულაცია (მაღალი სიხშირის დენით), ტუშირება 10%-იანი იოდის სპირტხსნარით, წყლულის დაფარვა ბიოლოგიურად აქტიური ქსოვილებით (კონიუნქტივა, პლაცენტა, დონორის რქოვანა გარსი).

ვირუსული კერატიტი. არსებობს ვირუსული კერატიტის მრავალი ფორმა და  სახესხვაობა.
პირველადი ჰერპესული კერატიტი გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, იმ დროს, როდესაც ვირუსი პირველად იჭრება ორგანიზმში.
დაავადება იწყება მწვავედ: აღმოცენდება სინათლის შიში, ცრემლდენა, ამას ერთვის რეაქცია რეგიონული ლიმფური კვანძების მხრივ, რქოვანა გარსზე ჩნდება სხვადასხვა ფორმისა და ლოკალიზაციის შემღვრევა და შეშუპება, გამოხატულია ფერადი გარსის ანთებითი რეაქცია. ხშირად კერატიტს დაერთვის მეორეული ინფექციაც, რომელიც დაავადების მიმდინარეობას ართულებს.
პოსტპირველადი ჰერპესული კერატიტი სხვადასხვანაირია. ზედაპირული ფორმის დროს შემღვრევა მკვეთრია, მაგრამ დაავადება გამოხატული კლინიკური სურათის გარეშე მიმდინარეობს. ასეთი ფორმა იშვიათად გვხვდება. ხისებრი კერატიტი გამოირჩევა რქოვანა გარსის ზედაპირზე ტოტებისმაგვარი დეფექტის არსებობით და მწვავედ მიმდინარეობს. ღრმა ფორმები პათოლოგიურ პროცესში ითრევენ რქოვანა გარსის შიდა შრეს, რასაც მოჰყვება გავრცობილი დაწყლულება და უხეში ლიბრის ჩამოყალიბება.
ვირუსული კერატიტებისთვის დამახასიათებელია რქოვანა გარსის მგრძნობელობის დაქვეითება და საწყის სტადიაში სუსტი რეაქცია კონიუნქტივის მხრივ (არა ყოველთვის). დაავადება რეციდიული მიმდინარეობით გამოირჩევა. ვირუსულ კერატიტს, წესისამებრ, წინ უძღვის კანზე ჰერპესული გამონაყარის გაჩენა და ვირუსული ინფექცია.

მკურნალობა. სასურველია, ვირუსული კერატიტის მკურნალობა სტაციონარში ჩატარდეს. ადგილობრივად ინიშნება ინტერფერონი, გამაგლობულინი, სპეციალური მალამოები. ზოგადი მკურნალობა გულისხმობს ვიტამინოთერაპიას, იმუნიტეტის სტიმულირებას (მაგ., ლევამიზოლით). შედარებით გვიანდელ პერიოდში ადგილობრივად იყენებენ რქოვანა გარსის ეპითელიზაციის გამაუმჯობესებელ პრეპარატებს. მეორეული ინფექციის პროფილაქტიკისთვის ინიშნება ანტიბიოტიკები.

 

 

კბილის ქვა – Calculus dentalis – зубной камень

კბილის ქვა კბილის ზედაპირზე არსებული რბილი ნადებისგან წარმოიქმნება. ის მუქი ფერისაა, რაც იმით აიხსნება, რომ მის შემადგენლობაში შედის საკვების ნარჩენები, ბაქტერიები, მკვდარი ქსოვილები, კალციუმის, ნატრიუმის მარილები. ქვა თავდაპირველად რბილი ნადების დაგროვების ადგილებში ყალიბდება. ეს ის ადგილებია, რომლებიც ღეჭვის დროს სათანადოდ არ იწმინდება. დაგროვილი ნადები მინერალური კომპონენტებით იჟღინთება და მაგრდება.
თუ ადამიანი თავის კბილებს სარკეში კარგად დააკვირდება, მუქი ლაქების არსებობას შეამჩნევს. თუ ეს ლაქები საღეჭ ზედაპირზე მდებარეობს, მაშინ მათ კბილის ქვებთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ თუ ლაქები კბილის შიგნითა და გარე ზედაპირზეა განლაგებული, მაშინ ეს ქვა ყოფილა. ჩვეულებრივ, ქვა ღრძილთან ახლოს მდებარეობს.
კბილის ქვის ჩამოყალიბებას, როგორც წესი, 4-6 თვე სჭირდება. პირველი ქვები მოზარდ ასაკში ჩნდება. შემდეგ, პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის შემთხვევაში, მათი რაოდენობა თანდათან იმატებს.
კბილი ქვის წარმოშობის მიზეზად შესაძლოა იქცეს შემდეგი ფაქტორები:

  • კბილების არარეგულარული ან არასწორი წმენდა;
  • რაციონში რბილი საკვების სიჭარბე;
  • ღეჭვა მხოლოდ ცალ მხარეს;
  • უხარისხო კბილის ჯაგრისისა და პასტის გამოყენება;
  • ნივთიერებათა (პირველ რიგში – მარილოვანი) ცვლის დარღვევა.

კბილის ქვის წარმოშობის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს კბილების არასწორი განლაგება, ბჟენების ჩასმის გამო მათი ზედაპირის სიგლუვის დარღვევა. კბილის ქვის წარმოქმნის პირველი ნიშანია ღრძილების ქავილი, სისხლდენა და პირიდან უსიამოვნო სუნი. უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა კბილის გარემომცველი ყველა ქსოვილი დაზიანდეს, კბილი მოირყეს და ამოვარდეს.
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ ღრძილზედა (ნერწყვისმიერ) ქვას, რომელიც ლოკალიზდება კბილის ყელის არეში და ღრძილქვეშა (შრატისმიერ) ქვას, რომელიც კბილის ფესვზეა მიმაგრებული. ქვა შესაძლოა პროთეზზეც გაჩნდეს, თუ პატრონმა მას სათანადოდ არ მოუარა.
ღრძილზედა ქვა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მას აქვს თეთრი ან მოყვითალო ფერი, არის თიხისმაგვარი ან მყარი. ღრძილზედა ქვა სპეციალური ინსტრუმენტით ადვილად შორდება კბილის ზედაპირს.
ღრძილქვეშა ქვა, ჩვეულებრივ, მაგარი და მკვრივია. მისი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სტომატოლოგიური ინსტრუმენტების დახმარებით. არის მომწვანო-მოშავო ან მუქი ყავისფერი, მჭიდროდ ეკვრის კბილის ფესვს.
გაქვთ თუ არა კბილებზე ქვები, იოლი დასადგენია: აიღეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ ლუგოლის ხსნარში და კბილები გაიწმინდეთ. ქვა და ნადები შეიღებება. ასეთ შემთხვევაში პაროდონტიტის თავიდან ასაცილებლად, რასაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს ქვა, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს.
კბილებიდან ქვების მოცილება რეკომენდებულია ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
კბილის ქვის მოშორება რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • ქვისა და ნადების მოშორებას (ულტრაბგერისა და ხელის ინსტრუმენტის დახმარებით);
  • კბილების მოხვეწას;
  • კბილების გაპრიალებას.

მოხვეწისა და გაპრიალების ნაცვლად კბილებზე შეიძლება დაიდოს დამცავი პასტა.
კბილის ქვის მოშორება შესაძლებელია გაუტკივარებითაც.
კბილის ქვის საპროფილაქტიკოდ აუცილებელია კბილის სწორად ხეხვა, ხარისხიანი კბილის ჯაგრისისა და პასტის გამოყენება და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი. სასურველია, გამოიყენოთ ასევე კბილის ძაფი (რადგან ქვა ყველაზე ხშირად კბილებს შორის ჩნდება), კბილების საწმენდი ჩხირები, პირის ღრუში გამოსავლები სითხეები და ენის საწმენდი.
კბილები დღეში ორჯერ მაინც უნდა გაიხეხოთ: ნასაუზმევს და საღამოს, ძილის წინ. იდეალურ შემთხვევაში კბილების გახეხვა სასურველია ყოველი ჭამის შემდეგ. ხეხვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქვედა საჭრელი კბილების შიდა ზედაპირს და ზედა გვირგვინოვანი კბილების გარე ზედაპირს, განსაკუთრებით – ღრძილთან ახლოს. ასევე დიდი ყურადღებით უნდა გაიხეხოთ ეშვები.
ცაციებმა კბილების ხეხვა უნდა დაიწყონ ზედა ყბის მარცხენა ნაწილიდან, მემარჯვენეებმა – მარჯვენადან. ცალკე უნდა გაიხეხოთ გარე, ცალკე – შიდა და ცალკე – საღეჭი ზედაპირები. კბილების ხეხვა 3 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს. კბილების გამოხეხვის შემდეგ ჯაგრისი კარგად უნდა გაირეცხოს წყლით და გაშრეს. მისი გამოცვლა საჭიროა ყოველ 3-6 თვეში ერთხელ.
აუცილებელია კბილებს შორის არსებული არის მოვლაც. მათი გაწმენდა საჭიროა საღამოს, კბილების გახეხვის წინ. თუ კბილებს შორის არე ფართოა, შეიძლება სპეციალური ჯაგრისის გამოყენება, ხოლო თუ კბილები მჭიდროდ არის მიჯრილი ერთმანეთთან, სპეციალური ძაფი გამოიყენეთ. კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების ამოსაღებად შეიძლება სპეციალური ჩხირების გამოყენებაც.
თუ ყოველი კვების შემდეგ ვერ ახერხებთ კბილების გახეხვას, შეგიძლიათ, ღეჭოთ რეზინი, რომლის შემადგენლობაში შედის ქსილიტები – ეს ნივთიერებები კბილებს კარიესისგან იცავს. თუმცა, რასაკვირველია, საღეჭი რეზინი ჯაგრისს ვერ შეცვლის.

 

 

კატარაქტა  – cataracta – катаракта

“კატარაქტა” ბერძნული სიტყვაა და “წყალვარდნილს” ნიშნავს. ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ კატარაქტის დროს გუგაზე ზემოდან ქვემოთ წყალვარდნილივით ეშვებოდა ნაცრისფერი აპკი და ადამიანს თვალისჩინს ართმევდა. სინამდვილეში კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. ბროლი არის ორმხრივამოზნექილი ლინზა, რომელსაც სინათლის სხივების გატარება და ბადურაზე საგნების ფოკუსირება აკისრია. ჯანმრთელი ადამიანის ბროლი გამჭვირვალეა, თავისუფლად ატარებს და გარდატეხს სინათლის სხივს, რის წყალობითაც ადამიანი გარესამყაროს ნორმალურად ხედავს, კატარაქტის დროს კი ბროლის ბიოქიმიური შემადგენლობა იცვლება და ეს ორგანო თანდათან გაუმჭვირვალი ხდება. სინათლის სხივი შემღვრეული ბროლის გავლას ძლივსღა ახერხებს, ამიტომ ადამიანი საგნებს ისე ხედავს, თითქოს დაორთქლილი მინიდან უყურებდეს. დროთა განმავლობაში მხედველობის სიმახვილე უფრო და უფრო მეტად იკლებს.
ჩვეულებრივ, კატარაქტა ორივე თვალს აზიანებს, მაგრამ არა ერთდროულად. ერთ-ერთი თვალი შესაძლოა რამდენიმე თვით, რამდენიმე წლით ადრეც კი დაავადდეს.
სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, კატარაქტა თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის მთელ მსოფლიოში 40 წელს გადაცილებულთა მესამედს აღენიშნება.
ერთმანეთისგან განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტას. თანდაყოლილი კატარაქტის დროს ბროლის შემღვრევა, წესისამებრ, შემოსაზღვრულია და არ პროგრესირებს, შეძენილ ფორმას კი პროგრესირებადი ხასიათი აქვს.
თანდაყოლილი კატარაქტა ყოველი 10 000 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება. დაავადების მიზეზი შესაძლოა იყოს ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადება, მის მიერ სტეროიდული ჰორმონების მიღება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება.
შეძენილ კატარაქტას, განვითარების მიზეზის კვალობაზე, რამდენიმე ჯგუფად ყოფენ:

  • ასაკობრივი (ხანდაზმულთა) კატარაქტა;
  • ტრავმული კატარაქტა – ვითარდება როგორც დახურული ტრავმის, ისე თვალის კაკალში შემავალი ჭრილობის შედეგად;
  • გართულებული კატარაქტა – ვითარდება თვალის გარსის სისხლძარღვების ანთების (უვეიტი), მაღალი ხარისხის ახლომხედველობის, გლაუკომის, ბადურას პიგმენტური დეგენერაციისა და თვალის ზოგიერთი სხვა დაავადების ფონზე;
  • სხივური კატარაქტა – ბროლის შემღვრევა გამოწვეულია სხივური ენერგიის – ინფრაწითელი სხივების (ჩვეულებრივ, პროფესიულია, მაგალითად, მინის მბერავების კატარაქტა), რენტგენისა და რადიაციის ზემოქმედებით;
  • ტოქსიკური კატარაქტა – ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ წამლისმიერი კატარაქტების დიდ ნაწილს, რომლებიც აღმოცენდება ზოგიერთი წამლის (კორტიკოსტეროიდების, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების და სხვათა) ხანგრძლივი მიღების შედეგად;
  • ორგანიზმის ზოგადი დაავადებებით (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები) გამოწვეული კატარაქტა.

კატარაქტის განვითარების რისკს ზრდის მდედრობითი სქესი, თვალის მუქი ფერი, სიმსუქნე, მუქი კანი, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ კატარაქტის 4 სტადიას: დაწყებითს, უმწიფარს, მწიფესა და გადამწიფებულს.

  • დაწყებითი კატარაქტა. კატარაქტის ყველაზე ადრეულ ნიშნად მიიჩნევენ ბროლის გაწყლიანებას – მის შიგნით ჭარბი სითხის დაგროვებას. ეს სითხე ბროლის ქერქოვან შრეში, ბოჭკოებს შორის გროვდება. მოგვიანებით ქერქში ჩნდება დამახასიათებელი შემღვრევა, რომელიც უფრო მეტად არის გამოხატული ბროლის უკანა ზედაპირზე. დაწყებითი კატარქტის დროს ავადმყოფთა უმრავლესობა უჩივის მხედველობის ველში შავი მოძრავი წერტილების გაჩენას, გამოსახულების გაორებასა და გაბუნდოვანებას, საგნების მოყვითალოდ აღქმას. დაავადების ამ სტადიაში მხედველობა, პრაქტიკულად, არ სუსტდება.
    კატარაქტის დაწყებითი სტადია 2-დან 15 წლამდე გრძელდება.
  • უმწიფარი სტადია. პროცესი პროგრესირებს. შემღვრევა კაფსულისა და ცენტრალური ოპტიკური უბნისკენ ვრცელდება. დაწყებითი კატარაქტის დროს შემღვრევა ოპტიკური ზონის გარეთ არის, ამიტომ მისი არსებობა მხედველობის სიმახვილეზე არ აისახება, უმწიფარ სტადიაში კი ბროლის ნივთიერების ძლიერი შემღვრევა მხედველობის სიმახვილეს მკვეთრად აქვეითებს.
    რაც უფრო მწიფდება კატარაქტა, მით უფრო შესამჩნევია სიმპტომები. პაციენტები უჩივიან მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას, საგნებს ხედავენ ბურუსით მოცულს, სათვალე არ შველით, მომატებული აქვთ მგრძნობელობა სინათლის მიმართ. თანდათან ბაცდება გუგაც.
  • მწიფე კატარაქტა. ბროლის ქერქის ყველა ნაწილი შემღვრეულია. ზოგჯერ ამ სტადიას ყოფენ ორ ფაზად – თითქმის მწიფე კატარაქტად, როცა ქერქში შემღვრევა ფართოა, მხედველობის სიმახვილე დაქვეითებულია, მაგრამ პაციენტი არჩევს თვალის სიმახვილის შესამოწმებელი სპეციალური ტაბულის პირველ ორ სტრიქონს და მწიფე კატარაქტად, როცა ბროლის ნივთიერება სავსებით შემღვრეულია, ხოლო მხედველობის სიმახვილე იმდენად არის დაქვეითებული, რომ პაციენტი მხოლოდ სინათლეს აღიქვამს.
  • გადამწიფებული კატარაქტა. იწყება ბროლის ბოჭკოების დაშლა. ბროლის ნივთიერება თხიერდება, კაფსულა იკეთებს ნაკეცებს, ქერქი იღებს ერთგვაროვან რძისფერს, შედარებით მკვრივი ბირთვი სიმძიმის ძალის გავლენით დაბლა იწევს.

კატარაქტის კლინიკური გამოვლინება ბროლის შემღვრევის ადგილზეა დამოკიდებული. ამის კვალობაზე, განასხვავებენ:

  • წინა პოლარულ კატარაქტას;
  • უკანა პოლარულ კატარაქტას;
  • თითისტარისებურ კატარაქტას;
  • შრეობრივ კატარაქტას;
  • ბირთვულ კატარაქტას;
  • კორტიკალურ კატარაქტას;
  • უკანა სუბკაფსულურ კატარაქტას;
  • ტოტალურ კატარაქტას.

მაგალითად, ბირთვული (ცენტრალური) კატარაქტის დროს თავდაპირველად ირღვევა შორი მხედველობის სიმახვილე, ავადმყოფი საგნებს ისე ხედავს, როგორც ბურუსში. საღამოს და მოღრუბლულ ამინდში ავადმყოფი უკეთ ხედავს, ვიდრე დილით, რაც იმით აიხსნება, რომ კარგი განათებისას გუგები ვიწროვდება და ბროლის შემღვრეულ ცენტრალურ ნაწილში გავლილი სინათლის ოდენობა საკმარისი არ არის, შებინდებისას კი გუგები ფართოვდება და თვალში სხივები ბროლის გამჭვირვალე პერიფერიიდან შედის.
ბროლის ქერქში არსებული შემღვრევის (კორტიკალური კატარაქტის) საწყის სტადიაში მხედველობის სიმახვილე საერთოდ არ იცვლება. ასეთი კატარაქტა ნელა პროგრესირებს.
სუბკაფსულური კატარაქტა სწრაფი პროგრესირებით გამოირჩევა და ავადმყოფი მხედველობას რამდენიმე თვეში კარგავს.

საეჭვო ნიშნები

  • მხედველობა მოულოდნელად ქვეითდება – თვალწინ თითქოს ნისლი ჩნდება;
  • მხედველობის დაქვეითება არ უკავშირდება თვალზე დატვირთვის მატებას;
  • მსხვილი შრიფტით ნაბეჭდი ტექსტის კითხვა ჭირს, სათვალე მხედველობას არ აუმჯობესებს;
  • ჭირს შორს მდებარე საგნების გარჩევა;
  • ნელ-ნელა ირგვლივ მდებარე საგნები კარგავენ მოხაზულობას და ორდებიან;
  • თვალები სინათლისადმი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება;
  • გუგები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შავია, შესაძლოა გაბაცდეს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კატარაქტაზე სულ მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი. მხოლოდ მას შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა. ექიმი სადიაგნოსტიკოდ ატარებს ბიომიკროსკოპიას – თვალის დათვალიერებას, ოფთალმოსკოპიას – თვალის ფსკერის დათვალიერებას – და ჩვენებიდან გამომდინარე, სხვა ოფთალმოლოგიურ კვლევებს.
არსებობს კატარაქტის საწინააღმდეგო სპეციალური მედიკამენტებიც. ისინი უმთავრესად ბროლში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე ახდენენ გავლენას. წვეთებთან ერთად რეკომენდებულია თვალისთვის განკუთვნილი ვიტამინებისა და მოცვის შემცველი მედიკემენტების მიღება.
თუ მედიკამენტური მკურნალობა დაავადების საწყის ეტაპზევე დავიწყეთ და უწყვეტად განვაგრძეთ, შესაძლოა, პროცესი შევაფერხოთ, მაგრამ ამ გზით განკურნება შეუძლებელია. კატარაქტისგან განკურნების ერთადერთი გზა ოპერაციაა.
არსებობს კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: ინტრაკაფსულური ექსტრაქცია, ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია, ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია, ლაზერული ფაკოემულსიფიკაცია. ოპერაციისას ხდება ხელოვნური ბროლის ჩანერგვა. ჩამოთვლილ მეთოდთაგან ორი უკანასკნელი ე.წ. უნაკერო ოპერაციაა: სპეციალური ულტრაბგერითი ან ლაზერული აპარატის მეშვეობით ხდება ბროლის დანაწევრება, ამოღება და ხელოვნური კუმშვადი ბროლის იმპლანტაცია.
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით არჩევს ოპერაციის მეთოდს. თუ ორივე თვალის ოპერაციაა საჭირო, ქირურგიული ჩარევა ჯერ უფრო ნაკლებად მხედველ თვალზე ხდება. ერთდროულად ორივე თვალის ოპერაცია არ ტარდება.
პროფილაქტიკა. კატარაქტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს ამ დაავადების ადრეულ გამოვლენას, სათანადო მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით და ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებას.

 

 

კარცინომა შარდის ბუშტის  – Carcinoma vesicae urinariae – карцинома мочевого пузыря

შარდის ბუშტის კარცინომის წილად ავთვისებიან სიმსივნეთა 1,5-3% და შარდსასქესო ორგანოთა სიმსივნეების 30-50% მოდის. მამაკაცები ქალებზე 3-4-ჯერ ხშირად ავადდებიან. სიმსივნის ეს ფორმა ყველაზე ხშირად 40-60 წლის ასაკში გვხვდება. შარდის ბუშტის კიბოს განვითარება უკავშირდება თამბაქოს წევას და ზოგიერთი ქიმიური და ბიოლოგიური კანცეროგენის ზემოქმედებას. რეზინის, საღებავების, ქაღალდებისა და ქიმიურ მრეწველობაში გამოყენებული ნივთიერებების კანცეროგენული ნაწილაკები ხელს უწყობს შარდის ბუშტის კიბოს აღმოცენებას. ცნობილია ანილინის მავნე გავლენა. ანილინის საწარმოებში მომუშავეებს შორის შარდის ბუშტის კიბო გაცილებით ხშირად გვხვდება, ამასთანავე, ის ანილინთან კონტაქტის შეწყვეტიდან 10 წლის და უფრო მეტი ხნის შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს.
კიბოსწინარე დაავადებებს მიაკუთვნებენ კეთილთვისებიან ეპითელურ სიმსივნეებს (პაპილომებს). ესენია ხაოიანი წანაზარდები, რომლებსაც ხშირად გრძელი ფეხი აქვს, ზომით კი ქინძისთავისოდენადან დიდი ვაშლისოდენამდე მერყეობს. არცთუ იშვიათია მრავლობითი პაპილომა (შარდის ბუშტის პაპილომატოზი). კიბოს განვითარების ალბათობა ასევე დიდი აქვთ ქრონიკული ცისტიტით დაავადებულებს.
ყველაზე ხშირად გვხვდება გარდამავალუჯრედული კიბო. შედარებით იშვიათია ბრტყელუჯრედული კიბო და ადენოკარცინომა. შარდის ბუშტი, გარდა პირველადი კიბოსი, შესაძლოა დააზიანოს მეზობელი ორგანოების (წინამდებარე ჯირკვლის, საშვილოსნოს და სხვა) სიმსივნემაც.
სიმპტომები და მიმდინარეობა. შარდის ბუშტის კარცინომის მთავარი სიმპტომია ჰემატურია (შარდში სისხლის მინარევის არსებობა). ასიდან 75 შემთხვევაში ის დაავადების პირველ სიმპტომს წარმოადგენს. ჰემატურია მოულოდნელად ვითარდება. სისხლის მინარევი შესამჩნევია, მაგრამ არ შეინიშნება თირკმლის კიბოსთვის დამახასიათებელი ჭიისმაგვარი სისხლის კოლტები. ჰემატურია უფრო შეუპოვარია, ვიდრე პაპილომის დროს. ინფექციის დართვისა და ცისტიტის განვითარების შემთხვევაში შესაძლოა შარდვა გახშირდეს და მტკივნეული გახდეს. კიბოთი ინფილტრირებისას შარდის ბუშტის კედლის ელასტიკურობა იკლებს, რაც ასევე იწვევს შარდვის გახშირებას. დაავადება შესაძლოა გართულდეს ჰიდრონეფროზით და პიელონეფრიტით.

მეტასტაზირება. შარდის ბუშტის კიბოს მეტასტაზირება ძირითადად ლიმფური გზით ხდება. სიმსივნე მიდრეკილია ბუშტის გარშემო არსებულ ქსოვილებში სწრაფად გავრცელებისკენ. ხშირად ზიანდება მენჯის ლიმფური კვანძები. შედარებით იშვიათად ვითარდება შორეული მეტასტაზები ფილტვებში, ღვიძლსა და ძვლებში. სიმსივნის რეციდივი შესაძლოა აღმოცენდეს როგორც სხივური თერაპიის, ისე ქიმიოთერაპიის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ტარდება პალიატიური დასხივება ან სიმპტომური მკურნალობა.
დიაგნოსტიკა. ხელით გასინჯვა აუცილებელია, მაგრამ შარდის ბუშტის შიგნით მზარდი პატარა ზომის სიმსივნის შემთხვევაში ნაკლებინფორმაციულია.
შარდის ბუშტის კარცინომის კვლევის ძირითადი მეთოდია ცისტოსკოპია (შარდის ბუშტის ღრუს ენდოსკოპიური დათვალიერება), რომელიც ბუშტის შიგნიდან დათვალიერების, სიმსივნის გამოვლენის, მისი ხასიათისა და გავრცელების დიდი სიზუსტით დადგენის საშუალებას იძლევა. მორფოლოგიური დიაგნოზის დასადგენად ტარდება ბიოფსია.
თუ ცისტოსკოპიის ჩატარება და ჰისტოლოგიური კვლევისთვის მასალის აღება შეუძლებელია, ტარდება შარდის ციტოლოგიური ანალიზი ატიპურ უჯრედებზე.
ბოლო ხანს ფართოდ გავრცელდა შარდის ბუშტის ექოსკოპია და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის მეშვეობითაც არა მარტო სიმსივნეს, არამედ ბუშტის კედლისა და მეზობელი ორგანოების დაზიანების ხარისხს და რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების არსებობა-არარსებობასაც ადგენენ.
შარდის ბუშტის კედლის ინფილტრირების ხარისხისა და ირგვლივ არსებულ ქსოვილებში სიმსივნის გავრცელების დასადგენად ზოგჯერ მიმართავენ რენტგენოლოგიურ კვლევას ორმაგი კონტრასტირების პირობებში (შარდის ბუშტსა და გარს შემოკრულ ბოჭკოებში შეჰყავთ ჟანგბადი). ჰაერის ფონზე შესაძლებელია შარდის ბუშტის კედლის გასქელებისა და სიმსივნის ბუშტის გარეთ გამავალი უბნის ნახვა.
ფილტვებში მეტასტაზების არსებობის გამოსავლენად ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ძვლებში მეტასტაზირების ეჭვის შემთხვევაში ტარდება ძვლების რენტგენოგრაფია.
მკურნალობა. შარდის ბუშტის კარცინომის მკურნალობა გულისხმობს ოპერაციულ ჩარევას, სხივურ და მედიკამენტურ მკურნალობას.

მკურნალობის ტაქტიკა დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული. შარდის ბუშტის კიბოს ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია ადგილობრივი ქიმიოთერაპიის წარმოება. გავრცობილი დაზიანების (ურეთრისა და პროსტატის დაზიანების) და სიმპტომების პროგრესის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაცია. ის ტარდება უროონკოლოგიურ ან უროლოგიურ განყოფილებაში და მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნასა და კვალიფიკაციას. ქირურგიული ჩარევა ითვალისწინებს შარდის ბუშტის რეზექციას ან მის ამოკვეთას (მენჯის ლიმფურ კვანძებთან ერთად ან მათ გარეშე), შარდსადენის ნაწლავში გადანერგვას ან კანის გარეთ მის გამოტანას. ზოგჯერ ოპერაციას ქიმიოთრეპიასა და სხივურ თერაპიას ამჯობინებენ, შემდეგ კი, საჭიროებისამებრ, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.
რადიკალური ცისტექტომია ღრმად ინფილტრირებული სიმსივნის მკურნალობის არჩევით მეთოდს წარმოადგენს. მამაკაცებში ის შარდის ბუშტისა და პროსტატის ამოკვეთას გულისხმობს, ქალებში – შარდის ბუშტის, ურეთრის, საშოს წინა კედლის და საშვილოსნოს ამოკვეთას. შარდის ბუშტის პლასტიკა მსხვილი ან წვრილი ნაწლავით ხორციელდება. ოპერაციის შემდეგ ასიდან 25 შემთხვევაში ვითარდება რეციდივი.
შარდის ბუშტის ზედაპირული კიბოს ოპერაციის შემდეგ ბუშტის შიგნით წარმოებული ქიმიოთერაპია აქვეითებს რეციდივის განვითარების რისკს.
გავრცობილი კიბოს დროს, როდესაც პროცესში ჩათრეულია მუცლის გარეთა ლიმფური კვანძები და განვითარებულია შორეული მეტასტაზები, შარდის ბუშტში ადგილობრივად წარმოებულ ქიმიოთერაპიას საგულისხმო ეფექტი არ აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხანგრძლივი სხივური თერაპია ხანგრძლივ რემისიას არ იძლევა.

პროფილაქტიკა. შარდის ბუშტის კარცინომის პროფილაქტიკა ითვალისწინებს პროფესიული მავნე ფაქტორების მოშორებას. უნდა გამოირიცხოს ქიმიურ საწარმოებში მომუშავეთა უშუალო კონტაქტი ქიმიკატებთან, მკაცრად უნდა ჩატარდეს მათი დისპანსერიზაცია. აუცილებელია შარდის ბუშტის კეთილთვისებიანი პაპილომების რადიკალური მკურნალობა (ელექტროკოაგულაცია ან ქირურგიული მეთოდით მოშორება), ანთებითი დაავადებების დროული და სწორი თერაპია.
ბოლო ხანს ჩატარებულმა კვლევებმა ნათელყო შარდის ბუშტის კავშირი მოწევასთან, ამიტომ თამბაქოზე უარის თქმა შარდის ბუშტის სიმსივნის განვითარების საპროფილაქტიკოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.

 

 

Don`t copy text!