Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 362

ინსულტი – insultus – инсульт

ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა.
განასხვავებენ იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტებს.

იშემიური ინსულტი. ინსულტების უმრავლესობა იშემიური ხასიათისაა. ამ დროს მკვებავი სისხლძარღვის ძლიერი შევიწროების ან დახშობის გამო წყდება ტვინის რომელიმე უბნის სისხლით მომარაგება. ყველაზე ხშირად სისხლძარღვის გაუვალობის მიზეზია ათეროსკლეროზული ფოლაქის ნაწილი, მოწყვეტილი თრომბი ან სისხლძარღვის ხანგრძლივი სპაზმი, მაგალითად, სისხლძარღვის მიჭყლეტა სიმსივნური წარმონქმნით ან ტრავმის შედეგად. სისხლძარღვი შეიძლება დაახშოს – თუმცაღა გაცილებით იშვიათად – ცხიმის წვეთმა ან ჰაერის ბუშტმა (ცხიმოვანი და ჰაეროვანი ემბოლია). ამის შედეგად ტვინის უჯრედებს აღარ მიეწოდება სისხლი, რომელიც მათ ჟანგბადითა და საკვების ნივთიერებებით ამარაგებდა, და ტვინის ქსოვილი რბილდება.
იშემიური ინსულტი შესაძლოა მოულოდნელიც იყოს, თუმცა უმეტესად თანდათანობით ვითარდება. ზოგჯერ ის ძილის დროს აღმოცენდება. მეტწილად ემართებათ 40-50 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

ჰემორაგიული ინსულტის დროს სისხლძარღვის კედელი სკდება, ტვინის ქსოვილში სისხლი ჩაიქცევა და წარმოიქმნება ტვინშიგა ჰემატომა, რომელიც ავსებს თავისუფალ სივრცეს. ამის მიზეზად შეიძლება იქცეს ანევრიზმა ან სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო. მაპროვოცირებელი ფაქტორებია წნევის მკვეთრი ცვლილება, გონებრივი და ფიზიკური გადატვირთვა, სტრესი. ამ ტიპის ინსულტი უფრო იშვიათია, მაგრამ გაცილებით საშიში. ადამიანს ჰემორაგიული ინსულტი ხშირად აქტიური ცხოვრების პერიოდში, უმეტესად – 40 წლამდე ასაკში ემართება. ათიდან 7 შემთხვევა სიკვდილით სრულდება.
ორივე ტიპის ინსულტის შემთხვევაში ტვინის დაზიანებულ უბანში იწყება ნერვული უჯრედების კვდომა. ავადმყოფის მდგომარეობა და პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, ტვინის რომელი უბანია დაზიანებული. ტვინის სხვადასხვა უბანი ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციას განაგებს. მაგალითად,  თავის ტვინის წინა ნაწილში მდებარეობს მოძრაობათა მართვის ცენტრები: მარჯვენა ჰემისფეროში – მარცხენა ხელ-ფეხისა, ხოლო მარცხენაში – მარჯვენისა. ტვინის ღეროს დაზიანებისას ვითარდება ალტერნაციული სისუსტე – სახის კუნთების სისუსტე ერთ მხარეს და კიდურების სისუსტე მეორე მხარეს. როდესაც ტვინის ამ უბნებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ვითარდება დამბლა – აქტიურ მოძრაობათა შეზღუდვა ან სრული შეუძლებლობა. მოძრაობათა მოშლასთან ერთად ინსულტს ხშირად თან სდევს მგრძნობელობის დარღვევა, მეტყველებისა და ყლაპვის გაძნელება, მხედველობისა და მეხსიერების დაქვეითება, თავბრუხვევა და სხვა სიმპტომები.
შემჩნეულია, რომ ინსულტი (როგორც ჰემორაგიული, ასევე იშემიურიც) უმეტესად ვითარდება ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის ფონზე. ხელშემწყობი დაავადებებია მოციმციმე არითმია, გულის მანკი, პაროქსიზმული ტაქიკარდია, გულის უკმარისობა და ქრონიკული ტონზილიტი.
რისკფაქტორებია:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის დაავადებები;
  • დისლიპოპროტეინემია;
  • მოწევა;
  • სტრესი;
  • მოციმციმე არითმია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ინსულტის განვითარებაზე მიანიშნებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, რომელიც შეიძლება მოხდეს ინსულტის განვითარებამდე რამდენიმე კვირით ან რამდენიმე თვით ადრე. ეს არის ერთგვარი მცირე ინსულტი, რომელიც დროებით აბრკოლებს ტვინში სისხლის ცირკულაციას. სისხლის უკმარისობის გამო ტვინი ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. ტრანზიტორული იშემიური შეტევის სიმპტომები ჰგავს ინსულტის სიმპტომებს: მოულოდნელად აღმოცენებული თავის ტკივილი (ხშირად – ცალ მხარეს), თავში ხმაურისა და სიმძიმის შეგრძნება, თავბრუხვევა, სისუსტე, ძილიანობა, ხელის ან ფეხის სისუსტე და მეტყველების ნაწილობრივი დარღვევა, – მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ გაივლის. ამ ეტაპზე ორგანიზმს ჯერ კიდევ ძალუძს, აღადგინოს სისხლის ნორმალური მიწოდება და თავიდან აიცილოს გამოუსწორებელი შედეგები.
ინსულტის პირველი სიმპტომებია:

  • სახის, ზედა ან ქვედა კიდურების კუნთების (განსაკუთრებით – ცალ მხარეს) მოულოდნელი დასუსტება ან დაბუჟება;
  • მეტყველების მოულოდნელი დარღვევა;
  • ცალ ან ორივე თვალში მხედველობის მკვეთრი დაქვეითება;
  • მოძრაობის კოორდინაციის უეცარი დარღვევა, სიარულის დროს მოულოდნელი მერყეობა და თავბრუხვევა;
  • მკვეთრი, ძლიერი და შეუქცევადი ხასიათის თავის ტკივილის მოულოდნელი აღმოცენება.

ადამიანი ინსულტის დროს არცთუ იშვიათად კარგავს გონებას, შესაძლოა, აუკანკალდეს სხეულის ნახევარი და ტემპერატურამ 38-39 გრადუსამდე აუწიოს. სახე წამოუწითლდება, გუგები უფართოვდება, ერღვევა სუნთქვა, ზოგჯერ ზედიზედ აღებინებს.
ინსულტის შედეგად შესაძლოა პარალიზება განიცადოს სხეულის ნახევარმა თავის ტვინის დაზიანებული ნაწილის საპირისპირო მხარეს. პარალიზებული კიდურები სრულიად ან ნაწილობრივ კარგავს მგრძნობელობას. ხშირად მარჯვენამხრივ დამბლას თან სდევს მეტყველების დარღვევა, ხოლო მარცხენამხრივს – ფსიქიკური გადახრები: ადამიანი გონზეა, მაგრამ ვერ ცნობს ახლობლებს, არ ახსოვს, სად არის, რამდენი წლისაა, რა ჰქვია.

დიაგნოსტიკა. უწინარეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ინსულტის ტიპი. ამისთვის ტარდება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. იგი საშუალებას იძლევა, ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჰემორაგიული და იშემიური ინსულტები, გამორიცხავს სხვა დაავადებებს და ავლენს ტვინის დაზიანებული უბნის ზუსტ ზომასა და მდებარეობას.
იშემიური ინსულტის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ტარდება თავის ტვინის სისხლძარღვების ექოსკოპიური კვლევა.
ჰემორაგიული ინსულტის დიაგნოსტირების შემთხვევაში სისხლჩაქცევის მიზეზის გამოსავლენად აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცერებრული ანგიოგრაფია და დოპლეროგრაფია. ზოგჯერ საჭიროა ნეიროქირურგის კონსულტაციაც.

პირველი დახმარება ინსულტის დროს. შევამჩნევთ თუ არა ინსულტის პირველ ნიშნებს, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ინსულტის პირველ დღეებში მკურნალობა მხოლოდ სტაციონარულ პირობებში ტარდება, ვინაიდან აუცილებელია რთული მანიპულაციების ჩატარება ავადმყოფის სუნთქვის შესანარჩუნებლად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დასარეგულირებლად, პნევმონიისა და შარდის შეკავების პროფილაქტიკისთვის.
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე:

  • ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ ისე, რომ თავი 30 გრადუსით ჰქონდეს წამოწეული;
  • გამოვაღოთ ფანჯარა, რათა ოთახში შემოვიდეს სუფთა ჰაერი, ავადმყოფს შევუხსნათ ქამარი და საყელო, გამოვუღოთ პირიდან ყველაფერი, რამაც კი შეიძლება სუნთქვა შეაფერხოს: კბილის პროთეზი, საღეჭი რეზინი, საჭმლის ლუკმა;
  • თავზე დავადოთ ქსოვილში (პირსახოცში, ჩაის ტილოში) გახვეული ყინული;
  • გავუსინჯოთ არტერიული წნევა. თუ მომატებული აქვს, მივცეთ წნევის დამწევი საშუალება, რომელსაც, ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში იღებს ხოლმე;
  • ღებინების დაწყებისთანავე თავი გვერდზე მივაბრუნებინოთ, რათა პირნაღები მასა სასუნთქ გზებში არ გადასცდეს, ქვედა ყბის ქვეშ დავუდგათ თასი, გულდასმით გამოვუწმინდოთ პირის ღრუ პირნაღები მასისგან.

მკურნალობა. არსებობს ინსულტის მკურნალობის ორი მეთოდი: კონსერვატიული და ქირურგიული. მათ ინსულტის ფორმისა და ტვინის დაზიანების ხარისხის მიხედვით შეარჩევენ. კონსერვატიული მკურნალობის დროს ტარდება ინფუზიური, ვაზოაქტიური და ანტიაგრეგანტული თერაპია, რომლებიც ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც ააქტიურებს ნერვულ უჯრედებს შორის ნერვული იმპულსის გადაცემას.
გავრცელებულია მცდარი შეხედულება, თითქოს აუცილებელი იყოს არტერიული წნევის დაქვეითება ინსულტის პირველ საათებში. სინამდვილეში დაბალი არტერიული წნევა ინსულტის დროს არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე მაღალი. ინსულტის პირველ საათებში არტერიული წნევის ზომიერი მომატება განიხილება როგორც კომპენსატორული რეაქცია თავის ტვინის სისხლით მომარაგების უზრუნველსაყოფად. არტერიული წნევა პირველ დღესვე თავისთავად იკლებს. თუ წნევის მაჩვენებლები მეტისმეტად მაღალია (აღემატება 200-220/100-120 მმ.ვწყ.სვ-ს) ან გულის, ფილტვის, თირკმლის პათოლოგიის გამო აუცილებელია მისი დაწევა, მაშინ წნევის მაჩვენებლები უნდა შემცირდეს თანდათანობით, თავდაპირველად – არა უმეტეს 10%-სა. მაღალი არტერიული წნევის მატარებელი ადამიანისთვის იშემიური ინსულტის პირველ საათებში არტერიული წნევის სასურველი მაჩვენებელი 180/100 მმ.ვწყ.სვ-ია, ხოლო ნორმალური წნევის პატრონისთვის – 160/90 მმ.ვწყ.სვ.

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია. როდესაც ავადმყოფს შენარჩუნებული აქვს ნათელი ცნობიერება და ზოგადი მდგომარეობაც იძლევა საშუალებას, სასურველია, სარეაბილიტაციო ღონისძიებები ადრეულად იქნეს დაწყებული. უპირველეს ყოვლისა, ავადმყოფი სწორად უნდა იწვეს საწოლში (პირველ დღეს თავი წამოწეულია დაახლოებით 30°-ით) და სწორად ეწყოს მოძრაობაშეზღუდული კიდურები. რეკომენდებულია, პირველსავე კვირას დაიწყოს დადამბლავებული კიდურების მსუბუქი ზედაპირული მასაჟი. დღეს აქტიურად იყენებენ კუნთების ელექტროსტიმულაციას სპეციალური აპარატით, მაგრამ მოძრაობის ფუნქციის აღსადგენ უმთავრეს მეთოდად კვლავაც სამკურნალო ვარჯიში მიიჩნევა.
ინსულტგადატანილი ავადმყოფები ფაქტობრივად თავიდან სწავლობენ სიარულს, ჩაცმას, ჭამას, თვითმომსახურებას, ითვისებენ დაკარგულ უნარ-ჩვევებს, ამიტომ მათ სჭირდებათ ახლობლების მხარდაჭერა და გამოჯანმრთელების რწმენა.

ფიზიოთერაპია, მასაჟები და სამკურნალო ვარჯიში მიზნად ისახავს მოძრაობის დაკარგული უნარის აღდგენას და ისეთი გართულებების თავიდან აცილებას, როგორიც არის კუნთთა სპასტიკურობა – ტონუსის ჭარბი და არათანაბარი მომატება. ზედმიწევნით ჭარბი სპასტიკურობის ფონზე შესაძლოა განვითარდეს კუნთების მყარი დაჭიმულობა, რაც გამოიწვევს მათ დამოკლებას, შეჭმუხვნას, დეფორმაციას, მოძრაობის შეზღუდვას და ტკივილსაც კი. ამას კუნთოვანი კონტრაქტურა ეწოდება. სპასტიკურობის მკურნალობის მიზანია დადამბლავებული კიდურების ფუნქციურ შესაძლებლობათა გაუმჯობესება, ტკივილისა და კოსმეტიკური დეფექტის შემცირება. ძირითადი სამკურნალო საშუალებებია დაზიანებული კიდურების პასიური მოძრაობა და აქტიური სამკურნალო ვარჯიში, ანტისპასტიკური მედიკამენტები, ბოტულოტოქსინის ადგილობრივი ინექციები, უკიდურეს შემთხვევაში – ქირურგიული ჩარევა. როდესაც დაზიანებულ კიდურში კუნთთა ტონუსი უმნიშვნელოდ არის მომატებული, მის შემცირებას არ უნდა ვეცადოთ, რადგან შესაძლოა, კუნთების ტონუსის მკვეთრი შემცირების ფონზე მოიმატოს სისუსტის ხარისხმა.
თუ ინსულტი მეტყველების ფუნქციის დარღვევით წარიმართა, აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებები მეტყველების დეფექტის აღმოსაფხვრელად. ამაში ავადმყოფს ლოგოპედი და ფსიქოთერაპევტი დაეხმარებიან.
სარეაბილიტაციო ღონისძიებები ტარდება დიდხანს და სისტემატურად,  განსაკუთრებით ინტენსიურად – პირველი 2-3 თვის განმავლობაში. დაკარგული ფუნქციების აღდგენის პროცესი ერთ წელიწადს გრძელდება. შემდგომში ეს პროცესი ნელდება და ავადმყოფი უფრო მეტად ეგუება დეფექტებს, ადაპტირდება გარესამყაროსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ სამკურნალო ვარჯიში, მასაჟი, მედიკამენტური და ფიზოთერაპია ერთი წლის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია, აღდგენით და ადაპტაციურ ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩაბმული პაციენტის ოჯახის წევრებიც.
აშშ-ის ინსულტის ნაციონალური ასოციაციის რეკომენდაციები ინსულტის პროფილაქტიკისთვის:

  • იცოდეთ ყველაფერი თქვენი არტერიული წნევის შესახებ. შეამოწმეთ ის წელიწადში ერთხელ მაინც. მაღალი არტერიული წნევა ინსულტის მთავარი მიზეზია. თუ ზედა ციფრები (სისტოლური არტერიული წნევა) მუდმივად 140-ზე მაღალია ან ქვედა ციფრები (დიასტოლური არტერიული წნევა) – მუდმივად 90-ზე მაღალი, მიმართეთ ექიმს.

  • გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა მოციმციმე არითმია.
    მოციმციმე არითმია არის გულის არარეგულარული შეკუმშვა, რაც გულის ფუნქციის მოშლას და მის რომელიმე ნაწილში სისხლის შეგუბებას იწვევს. შეგუბებულმა სისხლმა შესაძლოა წარმოქმნას თრომბები, რომელთა ნაწილი გულის შეკუმშვის დროს გადავა საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემაში და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღევას გამოიწვევს.

  • თუ მწეველი ხართ, დაანებეთ თავი მოწევას.
    მოწევა ინსულტის ალბათობას ზრდის. როგორც კი მოწევას თავს დაანებებთ, ინსულტის რისკი მაშინვე დაიწყებს კლებას და ხუთი წლის შემდეგ არამწეველებისას გაუტოლდება.

  • თუ სასმელი გიყვართ, სვით ზომიერად.
    თუ რაიმე სხვა მიზეზით ალკოჰოლური სასმლის მიღება არ გეკრძალებათ, ყოველდღიურად ჭიქა ღვინის ან კათხა ლუდის მიღება ინსულტის რისკს დააქვეითებს კიდეც, უფრო მეტი ალკოჰოლის მოხმარება კი გაზრდის.

  • შეიმოწმეთ სისხლში ქოლესტერინის დონე.
    ჭარბი ქოლესტერინი ზრდის ინსულტის განვითარების რისკს. ზოგს მის შესამცირებლად დიეტა და ფიზიკური ვარჯიშიც ჰყოფნის, ზოგს კი უფრო სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

  • თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.
    დიაბეტი ინსულტის განვითარების ალბათობას ზრდის, მაგრამ ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლითა და ექიმის რჩევების ზედმიწევნით შესრულებით რისკის შემცირება შესაძლებელია.

  • ივარჯიშეთ.
    ყოველდღე ნახევარსაათიანი სეირნობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს და ინსულტის რისკს დააქვეითებს. თუ სეირნობა არ გიყვართ, მისდიეთ სპორტის სხვა სახეობას: ველოსპორტს, ცურვას, ჩოგბურთს, ცეკვას…

  • დაიცავით დიეტა მარილისა და ცხიმის დაბალი შემცველობით.
    საკვებში მარილისა და ცხიმის ოდენობის შემცირებით დააქვეითებთ არტერიულ წნევას და შეამცირებთ ინსულტის განვითარების ალბათობას. ეცადეთ, იკვებოთ ბალანსირებულად, რაციონი გაიმდიდროთ ხილით, ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტებით და ყოველდღიურად მიიღოთ ცილები, ოღონდ ზომიერად.

 

 

ინსულომა – insuloma – инсуломa

ინსულომა კუჭუკანა ჯირკვლის ბეტა უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ინსულინის ჭარბ გამომუშავებას იწვევს. ეს დაავადება გვხვდება 30-დან 60 წლამდე ასაკში და ძნელი აღმოსაჩენია, ვინაიდან სიმსივნური წარმონაქმნი შეიძლება მეტისმეტად პატარა იყოს. ასიდან 10-12 შემთხვევაში ინსულომა ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის, 5 შემთხვევაში კი სიმსივნე მდებარეობს არა პანკრეასში, არამედ კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავში.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების საწყის სტადიაში ძლიერდება მადა, ავადმყოფი სუქდება. შემდეგ ვითარდება ჰიპოგლიკემიის შეტევა – სისხლში შაქრის დონე მკვეთრად ეცემა. ავადმყოფი უჩივის ძლიერ სისუსტეს, უხვ (პროფუზულ) ოფლიანობას, სიფითრეს, კანკალს, გულისცემის შეგრძნებას. ძლიერი შეტევის დროს მოსალოდნელია გამოსახულების გაორება, დამბლა, გონების დაკარგვა და სიცოცხლისთვის საშიში კომაც კი. ხშირი შეტევები იწვევს პიროვნების ცვლილებას: მშვიდი ბუნების ადამიანი იოლად ღიზიანდება, ეუფლება აგრესია, ამჟღავნებს არამოტივირებულ მრისხანებას.

მკურნალობა.  ინსულომას ქირურგიული გზით მკურნალობენ. მწვავე შეტევის მოხსნა შესაძლებელია ცხელი ჩაის მიცემით. მძიმე შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

 

 

იმპოტენცია – impotentia – импотенция

მამაკაცის სქესობრივ პოტენციას უწოდებენ მის უნარს, სქესობრივად დააკმაყოფილოს ქალი, იმპოტენცია კი, შესაბამისად, ამ უნარის უქონლობაა. იმპოტენტად შეიძლება ჩაითვალოს არა მარტო ის, ვინც ვერ ახერხებს სქესობრივი აქტის ჩატარებას, არამედ ისიც, ვინც ვერ ახერხებს სქესობრივი აქტის საკმარისად გახანგრძლივებას პარტნიორის დასაკმაყოფილებლად.
სექსოპათოლოგიაში ტერმინ “იმპოტენციას” პრაქტიკულად აღარ იყენებენ. მის ნაცვლად დამკვიდრდა ტერმინი “ერექციული უკმარისობა”. ეს ტერმინი ერექციის ხარისხის აღნიშვნის მხრივ მანევრირების უფრო მეტ საშუალებას იძლევა, ვინაიდან სქესობრივი ფუნქცია შედარებითი ხასიათისაა – ერთი და იგივე მამაკაცი ერთ ქალთან შეიძლება იმპოტენტური იყოს, მეორესთან კი – არა.
სქესობრივი ფუნქციის დარღვევის მიზეზებს 6 ჯგუფად ყოფენ. ესენია:

  • სისხლის მიმოქცევის დარღვევები. ფაქტორები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას არღვევს, ხშირად ერექციულ უკმარისობასაც განაპირობებს. ასეთია, მაგალითად, თამბაქოს წევა, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება.
  • ნევროგენული მიზეზები. ირღვევა ნერვული კავშირი ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და გენიტალიებს შორის. ასეთი რამ გვხვდება ნარკომანიის, გაფანტული სკლეროზის, ალკოჰოლიზმის, შაქრიანი დიაბეტის დროს.
  • უროლოგიური მიზეზები, მაგალითად, თესლსავალი გზების მიკრობული დაბინძურება, რაც ხშირად ამცირებს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობას, თუმცა ერექციის ხარისხზე არ მოქმედებს.
  • ენდოკრინული მიზეზები. დარღვეულია სათესლე ჯირკვლების ნორმალური მუშაობა. თუ ამ პრობლემამ უკვე მოწიფულ ასაკში იჩინა თავი, ერექციაზე არცთუ ძლიერ გავლენას მოახდენს, მაგრამ სქესობრივი მომწიფების პერიოდში სათესლე ჯირკვლების მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული სქესობრივი ცხოვრებისადმი მზადყოფნა.
  • ფსიქოგენური მიზეზები – წარუმატებლობის შიში, უსიამოვნო განცდები.
  • სომატური მიზეზები. საშუალო ხარისხის სქესობრივი აქტი მამაკაცისგან 80-90 ვატი სიმძლავრის ენერგიას მოითხოვს. შესაძლოა, მამაკაცს გენიტალიები წესრიგში ჰქონდეს, მაგრამ რომელიმე სხვა ორგანოს, მაგალითად, ფილტვების, გულის, თირკმელების ქრონიკული დაავადება უშლიდეს ხელს სქესობრივი ცხოვრების ნორმალურ წარმართვას.

პოტენციის დაქვეითების მიზეზად შეიძლება იქცეს ტრავმა და რომელიმე პრეპარატის ხანგრძლივი მიღებაც. ასეთი უკუეფექტი აქვს, მაგალითად, წნევის დამწევ საშუალებათა 64%-ს, ფსიქოტროპულ საშუალებათა 90%-ს, ნარკოტიკულ საშუალებებს. ნარკოტიკები თავდაპირველად ასტიმულირებს კიდეც ერექციას, მაგრამ დროთა განმავლობაში სასქესო ორგანოს დამბლისმაგვარ მდგომარეობას იწვევს. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ხდება იმ გზების პარალიზება, რომლებითაც გენიტალიები ცენტრალურ ნერვულ სისტემას უკავშირდება. იგივე ხდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის შემთხვევაშიც.
მდარე ხარისხის პორნოგრაფია (კინო, ლიტერატურა) ვნებს სქესობრივად გაუთვითცნობიერებელ და დაბალი სქესობრივი კულტურის მქონე ადამიანებს. ისინი ხშირად იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს და სექსუალური წარუმატებლობის შიშს, რაც მამაკაცების ყველაზე დიდი მტერია.
სქესობრივი კავშირის დროს შიში, წარუმატებლობის მოლოდინი მართლაც უშლის ხელს აქტის ჩატარებას, მაგრამ როცა სასქესო ორგანოს სისხლძარღვები, ნერვები, კუნთები ნორმალურად მუშაობს, ფსიქოლოგიური სტრესი გარკვეული ხნის შემდეგ გადაივლის და ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება (სხვა საქმეა, როდესაც მამაკაცს სქესობრივი ცხოვრების შიში პირველი წარუმატებლობის შემდეგ ეუფლება – ამ შემთხვევაში კვალიფიციური სექსოლოგის დახმარება აუცილებელია). მაგრამ როცა არსებობს ორგანული დარღვევები, სტრესულ სიტუაციაში სექსუალური წარუმატებლობის შემდეგ მამაკაცს უჭირს, გადალახოს ეს პრობლემა. ამ შემთხვევაში პრობლემის ზედმეტმა ფსიქოლოგიზაციამ შესაძლოა ავნოს კიდეც საქმეს. ასეთ დროს აუცილებელია, დადგინდეს სექსუალური ჩავარდნის ორგანული მიზეზები. სხვაგვარად მკურნალობა ეფექტური ვერ იქნება.
წარმოშობის კვალობაზე, განასხვავებენ იმპოტენციის შვიდ ტიპს: ფსიქოგენურს, ნეიროგენულს, ვენოგენურს, ჰორმონულს, არტერიოგენულს, კავერნოზული ქსოვილის დისფუნქციას, ასაკობრივ იმპოტენციას.
ფსიქოგენური იმპოტენცია. ერექციის პრობლემა არცთუ იშვიათად იჩენს თავს დეპრესიის, მუდმივი სტრესის, გადაღლის ფონზე. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექსუალური ფობიები და დევიაციები.
ნეიროგენული იმპოტენციის მიზეზად შეიძლება იქცეს ზურგის ტვინის ტრავმა, ცერებროვასკულარული პათოლოგია, ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი, გაფანტული სკლეროზი და სხვა. ტრავმისა თუ რომელიმე დაავადების შედეგად თავისა და ზურგის ტვინში მომხდარი ცვლილებები ბლოკავს ნერვულ იმპულსებს, ხელს უშლის მათ გატარებას, რის შედეგადაც წარმოიშობა ერექციის პრობლემები.
ვენოგენური იმპოტენცია. არსებობს სისხლძარღვოვანი დაზიანების ორი ძირითადი ნაირსახეობა: არტერიული მიმოქცევის უკმარისობა და ვენებში სისხლის ჭარბი გადასროლა. პირველ შემთხვევაში  ერექცია ძნელად მიიღწევა და გრძელდება მცირე ხანს. სასქესო ასო თითქოსდა შუალედურ მდგომარეობაშია აგზნებასა და მოსვენებას შორის. მეორე შემთხვევისათვის დამახასიათებელია  ხარისხიანი ერექციის სწრაფი მიღწევა და ასევე სწრაფი შეწყვეტა (ზოგჯერ – სქესობრივი აქტის დაწყებამდეც კი).
ჰორმონული იმპოტენცია. იმპოტენციის ასეთი ფორმა გვხვდება შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოგონადიზმის (სასქესო ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობის) და ჰიპოფიზის სიმსივნის დროს.
არტერიოგენული იმპოტენცია. დაავადების ამ ფორმისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვების (მათ შორის – სასქესო ორგანოს სისხლძარღვების) არტერიოსკლეროზული დაზიანება, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს ასაკი, თანდაყოლილი ანომალია, ტრავმა, ჰიპერტონიული დაავადება და სხვა.
კავერნოზული ქსოვილის დისფუნქცია. ერექციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს იმ ფაქტორებმაც, რომლებიც მღვიმოვანი სხეულის, მისი სისხლძარღვებისა და ნერვული დაბოლოებების დაზიანებას განაპირობებს.
ასაკობრივი იმპოტენცია. ამ ტიპის ერექციული დისფუნქცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ასაკობრივი ცვლილებებით და სისტემური დაავადებებით.
ერექციის მასტიმულირებელი პრეპარატები, როგორიც არის, მაგალითად, ვიაგრა და სიალისი, ერთჯერადი ერექტოგენებია – მათ კონკრეტულ სიტუაციაში ერექციის გასაუმჯობესებლად იყენებენ. ეს აბები მაქსიმუმ 60-64%-ით აუმჯობესებს ერექციის ხარისხს, ისიც – არა ყოველთვის. წარუმატებლობის შიშის შემთხვევაში ეს აბები ნაკლებად ეფექტურია. ამ პრეპარატებს აქვთ კიდევ ერთი ნაკლი: მიღებისას აქტიური ნივთიერება მთელ ორგანიზმზე ნაწილდება. სასქესო ორგანოში ხვდება მისი მხოლოდ ერთი მეოთხასედი, დანარჩენი კი სისხლძარღვების საშუალებით სხვა ორგანოებში აღწევს და მათზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. კერძოდ, შესაძლოა დააზიანოს თვალის ბადურა, კორონარული (გულის მკვებავი) სისხლძარღვები, თირკმელები, თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები და სხვა.

მკურნალობა და პროფილაქტიკა. ერექციული უკმარისობის მკურნალობისას მიზნად ისახავენ, აღადგინონ სქესობრივი ცხოვრება არა დოპინგური ან ერთჯერადი ერექტოგენული მოქმედების პრეპარატებით, რომლებიც ფიტავს ორგანიზმს, არამედ ორგანიზმის შინაგანი რესურსების მობილიზების, გაზრდის გზით. სადღეისოდ ფართოდ არის დანერგილი ფრანგი პროფესორის, სისხლძარღვთა ქირურგის რონალდ ვირაგის მღვიმოვანშიგა ინექციის მეთოდი, რომელიც მამაკაცს წარუმატებლობისაგან აზღვევს. ეს მეთოდი ყველა პაციენტისადმი ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს და სავსებით შედეგიანია, მაგრამ დამოუკიდებლად მისი გამოყენება შეუძლებელია. მამაკაცმა აუცილებლად უნდა მიმართოს კვალიფიციურ სექსოლოგს. დღეს პრაქტიკულად ყველა მამაკაცს, რა ხარისხის ერექციული უკმარისობაც არ უნდა ჰქონდეს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სწრაფად და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად შეუძლია ამ ფუნქციის აღდგენა.
ერექციული დისფუნქციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, სწორი და რეგულარული კვება, ვარჯიში, ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
  • ნიკოტინზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და ნარკოტიკებზე უარის თქმა;
  • ერექციული დარღვევების გამომწვევ პრეპარატებზე უარის თქმა ან მათი მიღება ექიმის დანიშნულების ზედმიწევნითი დაცვით;
  • მცირე მენჯის მიდამოს ტრავმის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ოპერაციის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიული დაავადების შემთხვევაში – უროლოგის კონსულტაცია.

 

 

იდიოტიზმი – idiotismus – идиотизм

იდიოტიზმი ანუ იდიოტია არის თანდაყოლილი ან ადრეულ ბავშვობაში განვითარებული ჭკუასუსტობის (ოლიგოფრენიის) ყველაზე მძიმე ფორმა – ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელსაც თან ახლავს აზროვნებისა და მეტყველების უნარის სრული ან ფაქტობრივად სრული უქონლობა.
ჭკუასუსტობა შეიძლება გამოიწვიოს:

  • მემკვიდრეობითმა ფაქტორებმა;
  • ჰორმონული დარღვევების, წითელასა და სხვა ვირუსული დაავადებების, სიფილისის, ტოქსოპლაზმოზის გამო მუცლადყოფნის პერიოდში მიღებულმა დაზიანებამ;
  • მუცლადყოფნის ან ახალშობილობის პერიოდში გადატანილმა ასფიქსიამ, სამშობიარო ტრავმამ, დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიურმა შეუთავსებლობამ – რეზუსკონფლიქტმა, ადრეულ ასაკში მიღებულმა თავის ტრავმამ, საბავშვო ინფექციებმა, თანდაყოლილმა ჰიდროცეფალიამ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. იდიოტი გარეგან გამღიზიანებლებზე არ რეაგირებს ან რეაგირებს პრიმიტიულად, მეტყველების ნაცვლად გამოსცემს ხმებს და არ ესმის სხვისი ნათქვამი. თვითმომსახურების უმარტივესი ჩვევებიც კი არ გააჩნია – არ შეუძლია დამოუკიდებლად დაჯდომა, ზოგჯერ საჭმელს დაუღეჭავად ყლაპავს (ასეთ ავადმყოფებს მხოლოდ თხევადი საკვებით კვებავენ). ახლობლებს ყოველთვის ვერ არჩევს უცხოებისგან. ელემენტარული ემოცია მხოლოდ კმაყოფილებისა და უკმაყოფილების დროს უჩნდება. უკმაყოფილებას ხშირად გამოხატავს ყვირილით, ბრაზობს, აგრესია ეუფლება და არცთუ იშვიათად საკუთარ თავს აყენებს ზიანს. იდიოტი პასიურია, მოთენთილი, უმეტესად წევს, თუმცა ზოგჯერ აღეგზნება, ასრულებს სტერეოტიპულ მოძრაობებს (ქანაობს, უკრავს ტაშს და ა.შ.). ფსიქიკის ღრმა განუვითარებლობას თან ახლავს ფიზიკური განუვითარებლობა და დეფექტები. თუ ეს მანკები სიცოცხლესთან შეუთავსებელია, ავადმყოფი დაბადების შემდეგ მალევე კვდება. იდიოტიზმით დაავადებულს სჭირდება მუდმივი ყურადღება და თვალყურის დევნება. ასეთ ადამიანებს სპეციალურ ინტერნატებში ათავსებენ.

მკურნალობა და პროფილაქტიკა. იდიოტიის მკურნალობა ავადმყოფობის მიზეზზეა დამოკიდებული და სიმპტომურია. ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად ინიშნება ნოოტროპები, ცერებროლიზინი, გლუტამინის მჟავა, ლიპოცერებრინი, ტარდება ვიტამინოთერაპია. ქალასშიგა წნევის დასაქვეითებლად ვენაში კეთდება მაგნეზია, ინიშნება გლიცერინი და დიაკარბი. ძლიერი შეკავების შემთხვევაში იყენებენ სტიმულატორებს (სინდოკარბს, ჟენშენს, ალოეს), აგზნების შემთხვევაში – ნეიროლეპტიკებს, გულყრების არსებობისას – კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს.
იდიოტიის პირველადი პროფილაქტიკა გულისხმობს სამედიცინო-გინეკოლოგიურ კონსულტაციებს, ორსულზე მუდმივ მეთვალყურეობას, მავნე სამუშაოდან მის გათავისუფლებას, ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტრში) წამლების სიფრთხილით დანიშვნას, ალკოჰოლური სასმელებისა და ნიკოტინის აკრძალვას. მეორეული პროფილაქტიკა იდიოტიის ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობას, ადაპტაციასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

 

თრომბოციტოპენია – Thrombocytopenia – тромбоцитопения

თრომბოციტოპენია არის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის კლება 150X109/ლ-ზე მეტად, მიმდინარეობს სისხლდენით და სისხლის შეჩერების გართულებით ან შეუძლებლობით. ეს მდგომარეობა შესაძლოა თან ახლდეს სისხლის პრაქტიკულად ნებისმიერ დაავადებას. დამოუკიდებლად დიაგნოსტირდება როგორც აუტოიმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა ან ვერლჰოფის დაავადება. მისი მთავარი მიზეზია თრომბოციტების პროდუქციის დარღვევა და/ან თრომბოციტების დაშლის ან მისდამი ორგანიზმის მოთხოვნილების მატება. ყველაზე ხშირად გვხვდება სწორედ აუტოიმუნური თრომბოციტოპენია.
თრომბოციტოპენიას, რომლის მიზეზიც დაუდგენელია, იდიოპათიურს უწოდებენ. შესაძლოთაგან გამოყოფენ ეპიდემიოლოგიურ და ინფექციურ მიზეზებს: შიდსს, ჰეპატიტს, ჰერპესული ინფექციის გართულებას, ინფექციურ მონონუკლეოზს, მწვავე რესპირატორულ დაავადებებს,  გრიპს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კიდურებსა და ტანზე ჩნდება სისხლჩაქცევები (სილურჯეები), სისხლდენის შესაჩერებლად ადრინდელზე მეტი დროა საჭირო, ხშირდება სისხლდენა ცხვირიდან, ვითარდება სისხლდენა პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან. სისხლის კლინიკური ანალიზი აჩვენებს თრობოციტების ოდენობის შემცირებას 0-50X109/ლ-მდე (ნორმაა 150-320X109/ლ). ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა ერთი შეხედვით შემაშფოთებელი არ არის, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მოჩვენებითია – მოსალოდნელია სისხლდენა ნებისმიერ ორგანოში, თავის  ტვინში სისხლის ჩაქცევაც კი. კატეგორიულად იკრძალება ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია ყოველდღიური აქტიურობის შეზღუდვა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დიაგნოზირებისთვის აუცილებელია ექიმის გასინჯვა, სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, სისხლის შედედების ფაქტორის განსაზღვრა, თრომბოციტების საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების გამოვლენა, ძვლის ტვინის ბიოფსია.
თრომბოციტოპენიის მკურნალობის ძირითადი მომენტებია:

  • გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა;
  • სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა);
  • იმუნოდეპრესანტების (ციკლოფოსფანი, ვინკრისტინი) დანიშვნა;
  • ვენაში იმუნოგლობულინის შეყვანა.

თრომბოციტოპენიის მკურნალობის პერსპექტიულ მეთოდს წარმოადგენს მონოკლონური ანტი- CD20 ანტისხეულების გამოყენება.
ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები, წესისამებრ, თანმიმდევრულად გამოიყენება. დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევაში, როდესაც ეს მეთოდები უშედეგოა, შესაძლოა ჩატარდეს ზედოზირებული იმუნოსუპრესორული თერაპია სისხლწარმომქმნელი ღეროვანი უჯრედების გამოყენებით.

 

 

თრომბოზი – thrombisis – тромбиз

თრომბოზი (ბერძ. thrombosis – შედედება) არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რომლის შედეგადაც სისხლძარღვის სანათური შეიძლება ნაწილობრივNან მთლიანად დაიხშოს.
თრომბოზის წარმოქმნას ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების დაზიანება (ათეროსკლეროზული, ანთებითი ან სხვა ხასიათისა), სისხლის ნაკადის შენელება, სისხლის შედედებისა და სიბლანტის მატება.
ყველაზე მეტად გავრცელებულია პერიფერიული ვენების თრომბოზი (თრომბოფლებიტი). შედარებით უფრო იშვიათია არტერიული სისტემის თრომბოზი, რომელიც იწვევს სისხლმომარაგების დარღვევას ქსოვილის შესაბამის უბანში და არცთუ იშვიათად – მის ნეკროზს.
როცა არტერიებში არსებული თრომბი მთლიანად გადაკეტავს სისხლის ნაკადს, ნაკადის ქვემოთ ქსოვილი კვდება. სწორედ ეს არის ქსოვილის ნეკროზი. თუ კვდომა კიდურის ქსოვილმა განიცადა, ვითარდება განგრენა, კორონარული სისხლის მიმოქცევის სისტემის თრომბოზი იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს, ტვინის სისხლძარღვებისა – ინსულტს, ხოლო ნაწლავთა არტერიებში არსებული თრომბი ნაწლავების განგრენის მიზეზად იქცევა.ამ პათოლოგიების განვითარების შემდეგ შესაძლოა მოხდეს თრომბის გაწოვა (ლიზისი), რასაც მოჰყვება სისხლძარღვთა გამტარობის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა ან მათი გამკვრივება (ორგანიზაცია).
კაპილარების მრავლობითი თრომბოზი (სისხლის დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი), რომელსაც ხშირად თან სდევს სისხლდენა ქსოვილებში, შესაძლოა აღმოცენდეს შოკის, სისხლდენის, მძიმე ინფექციური დაავადების და სხვათა დროს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თრომბოზის დიაგნოზი შეიძლება დაისვას ავადმყოფის ჩივილებისა და გასინჯვის საფუძველზე. დიაგნოზის დასაზუსტებლად იყენებენ კვლევის ექოსკოპიურ, ბიოქიმიურ და რენტგენოლოგიურ მეთოდებს.
ნებისმიერი ლოკალიზაციისა და ნებისმიერი გართულების თრომბოზი თავისებურ მკურნალობას საჭიროებს. უშუალოდ თრომბის წარმოქმნასთან ბრძოლა გულისხმობს თრომბის წარმოქმნის პროცესის ლიკვიდაციას. ამისთვის ინიშნება ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები), ფიბრინოლიზური (თრომბის, უფრო ზუსტად, შედედების ძირითადი ფაქტორის – ფიბრინის დამშლელი) საშუალებები. ქსოვილის დეფექტის შემთხვევაში ამ პრეპარატების მიღებამ შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს, ამიტომ მათი შერჩევა და დოზირება ექიმის პრეროგატივაა.
გარდა ზემოხსენებული საშუალებებისა, ავადმყოფს ენიშნება სპაზმოლიზური და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ზოგჯერ თრომბის ოპერაციული წესით ამოღება ხდება საჭირო.

 

 

თირკმლის უკმარისობა – Insufficientia renis – почечная недостаточность

თირკმლის უკმარისობა არის სინდრომი, რომლის დროსაც ირღვევა თირკმლის ყველა ფუნქცია, რაც, თავის მხრივ, წყალმარილოვანი, აზოტოვანი და სხვა ნივთიერებათა ცვლის დაღვევას იწვევს.
განასხვავებენ თირკმელების მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას.
თირკმელების მწვავე უკმარისობა წარმოადგენს ერთი ან ორივე თირკმლის ფუნქციის მოულოდნელ შეწყვეტას ან მკვეთრ დაქვეითებას. ამ დროს ირღვევა თირკმლის ყველა ფუნქცია: ფილტრაციულიც, გამომყოფიც და სეკრეტორულიც.

თირკმელების მწვავე უკმარისობის მიზეზებს სამ ჯგუფად ყოფენ.
 ორგანიზმისმიერი მიზეზების რიცხვს მიაკუთვნებენ დაავადებებსა და ტრავმებს, რომლებიც იწვევს ხანგრძლივ სისხლდენას, რომლის შედეგადაც თირკმლის არტერიებში მკვეთრად ეცემა წნევა და თირკმელები ნორმალურ ფუნქციონირებას წყვეტს.
თირკმელების მწვავე უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ტრავმამ, სხეულის მოზრდილი უბნის დამწვრობამ, ელექტროტრავმამ, სეფსისმა, ალერგიულმა შოკმა.
სისხლით არასათანადო მომარაგება თავდაპირველად აქვეითებს თირკმლის ქსოვილის უჯრედთა  ფუნქციას, შემდეგ კი მათ სიკვდილს იწვევს. ასეთივე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხშირი ღებინებით, შარდმდენი პრეპარატების უკონტროლო მიღებით, ხანგრძლივი ფაღარათით განპირობებულ სითხის კარგვას. თუ სითხის დეფიციტი დროულად არ შეივსო, თირკმელებში შეუქცევადი ნეკროზული ცვლილებები მოხდება.
თირკმლისმიერი მიზეზები, თავის მხრივ, სამ ჯგუფად იყოფა:

  • თირკმლის ქსოვილის დაავადებები: მწვავე გლომერულონეფრიტი, თირკმელების რევმატული დაზიანება, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია, სისხლის დაავადებები;
  • ამა თუ იმ ნივთიერების (ვერცხლისწყლის, კადმიუმის, სპილენძის, ძმარმჟავას, შხამა სოკოს ტოქსინების, სასუქის) ტოქსიკური ზემოქმედება თირკმელებზე;
  • თირკმელების დაზიანება, რომელიც გამოწვეულია სულფანილამიდების ჯგუფის პრეპარატების, ზოგიერთი ანტიბიოტიკის, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი მიღებით. ტოქსიკური ნივთიერებები აზიანებენ თირკმლის ქსოვილის უჯრედებს, რის შედეგადაც ისინი იხოცებიან და თირკმელი ფუნქციონირებას წყვეტს.
  • მესამე ჯგუფია თირკმლისქვეშა ანუ საშარდე გზებიდან მომდინარე მიზეზები. თირკმელების მწვავე უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების კენჭით (ცალმხრივით ან ორმხრივით), სიმსივნური წარმონაქმნით, შედედებული სისხლით დახშობამ, ასევე – მუცლის ღრუში ჩატარებული ოპერაციის ან ტრავმის შედეგად შარდსადენის მიჭყლეტამ. თირკმლის მენჯფიალების სისტემაში შარდის დაგროვება მათში წნევის მატებას იწვევს, ხანგრძლივად არსებული მაღალი წნევა კი თირკმლის ქსოვილის შეშუპებასა და სიკვდილს განაპირობებს. ჩვეულებრივ, ამ მიზეზებით პირობადებული თირკმელების მწვავე უკმარისობა ნელ-ნელა ვითარდება და თუ შარდის გამოყოფის ნორმალიზება დროულად მოხერხდა, პათოლოგიური პროცესი შექცევადი ხდება.

მწვავე უკმარისობის დროს თირკმელები სისხლში ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნების უნარს კარგავენ, რის შედეგადაც იმატებს კალიუმის, კალციუმის, ქლორის იონების რაოდენობა, სისხლში გროვდება ცილოვანი ცვლის პროდუქტები – შარდოვანა და კრეატინინი. თირკმელების სეკრეტორული ფუნქციის დარღვევის გამო ვითარდება ანემია (სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობის შემცირება) ან ანურია (შარდის არარსებობა). პაციენტი უჩივის გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს, უმადობას, შუპდება კიდურები, დიდდება ღვიძლი. ავადმყოფის ქმედებები შენელებული ან, პირიქით, აგზნებულია.
გამოყოფენ თირკმელების მწვავე უკმარისობის 4 სტადიას:

  • საწყისს. ამ სტადიაში პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია თირკმელების უკმარისობის გამომწვევ მიზეზებზე.
  • ოლიგოანურიულს. ამ სტადიაში შარდის გამოყოფა არ ხდება ან შარდის ოდენობა დღე-ღამეში არ აღემატება 500 მილილიტრს. ეს ყველაზე საშიში სტადიაა და თუ დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ავადმყოფი კომაში ჩავარდეს. ოლიგოანურიულ სტადიაში ხშირია ლეტალური დასასრული.
  • დიურეზიულს. ამ სტადიაში შარდის ოდენობა განუწყვეტლივ იმატებს და დღე-ღამეში 5 ლიტრს აღწევს. აღდგება სისხლის წყალმარილოვანი ბალანსი. დიურეზიული სტადია ორ კვირამდე გრძელდება.
  • გამოჯანმრთელებისას. ამ სტადიაში თირკმელების ფუნქცია თანდათან აღდგება, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებას ზოგჯერ ერთი წელიც კი სჭირდება.

თირკმელების მწვავე უკმარისობის საწყის სტადიაში აუცილებელია მისი გამომწვევი დაავადების მკურნალობა ან პათოლოგიური ზემოქმედებების აღმოფხვრა.
დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვის შემთხვევაში ცდილობენ დანაკარგის შევსებას ვენაში სისხლის შემცველების გადასხმით. ორგანიზმიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს გამოძევებული ტოქსიკური ნივთიერებები. ამისთვის მიმართავენ კუჭის ამორეცხვას, შხამსაწინააღმდეგო საშუალებებს, პლაზმოფერეზს – სპეციალური აპარატით სისხლის თხიერი ნაწილის გაწმენდას. საშარდე გზების დახშობის შემთხვევაში აღადგენენ მათ გამტარობას ან ახდენენ თირკმლის ფიალების პუნქციას შარდის გამოყოფის მიზნით.
უშუალოდ თირკმელების მწვავე უკმარისობის სამკურნალოდ საწყის სტადიაში იყენებენ ოსმოსურ დიურეტიკებს. აუცილებელია წყლის ბალანსის, სისხლში შარდოვანასა და ელექტროლიტების კონტროლი. ვენაში შეჰყავთ სითხე. ინიშნება ანაბოლური ჰორმონები და E ვიტამინი. პაციენტი გადაჰყავთ დიეტაზე. თუ კონსერვატიული  მკურნალობა შედეგს არ იძლევა, მიმართავენ ჰემოდიალიზს.
თირკმელების მწვავე უკმარისობის პროგნოზი ბევრად არის დამოკიდებული ძირითად დაავადებაზე. მისი გადატანის შემდეგ თირკმელთა ფუნქციის სრული აღდგენისთვის 6 თვიდან 2 წლამდე დრო სჭირდება.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობა წარმოადგენს ამ ორგანოს ფუნქციის თანდათანობით დაქვეითებას სრულ შეწყვეტამდე. იგი გამოწვეულია თირკმლის ქსოვილის კვდომით თირკმელების ქრონიკული დაავადების გამო.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ის დაავადება, რომელიც თირკმლის გორგლების დაზიანებას იწვევს. ასეთია:

  • ქრონიკული გლომერულონეფრიტი და ქრონიკული პიელონეფრიტი;
  • შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ამილოიდოზი;
  • თირკმელების თანდაყოლილი პოლიკისტოზი, თირკმელების თანდაყოლილი განუვითარებლობა, თირკმლის არტერიის თანდაყოლილი შევიწროება;
  • სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, ჰემორაგიული ვასკულიტი;
  • არტერიული ჰიპერტენზია და დაავადებები, რომლებიც თირკმელებში სისხლის მიმოქცევას არღვევს;
  • შარდკენჭოვანი დაავადება, ჰიდრონეფროზი, შარსადენზე ზემწოლი სიმსივნე.

ყველაზე ხშირად თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზია ქრონიკული გლომერულონეფრიტი, შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის განვითარების საფუძველს ნეფრონების (თირკმლის შემადგენელი ფუნქციური სტრუქტურების) თანდათანობითი სიკვდილი წარმოადგენს. დარჩენილი ნეფრონები იძულებულნი არიან, სრული დატვირთვით იმუშაონ, რაც ზრდის მათი დაზიანებისა და სიკვდილის ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ თირკმლის კომპენსატორული შესაძლებლობები დიდია (ნეფრონების 10%-საც კი შეუძლია, შეინარჩუნოს ორგანიზმში წყალმარილოვანი ცვლა), ქრონიკული უკმარისობის საწყის სტადიაშივე ირღვევა სისხლის ელექტროლიტური შემადგენლობა, აღმოცენდება აციდოზი, იცვლება ცილოვანი ცვლა, ხდება ცვლის პროდუქტების (შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას) შეკავება. ამჟამად ცნობილია 200-ზე მეტი ნივთიერება, რომელთა ცვლაც ირღვევა თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს.

გამოყოფენ თირკმელების ქრონიკული უკმარისობის 4 სტადიას:
I – ლატენტურს. ამ სტადიაში ავადმყოფს შესაძლოა არაფერი აწუხებდეს ან უჩიოდეს სწრაფად დაღლას ფიზიკური დატვირთვის დროს, სისუსტეს საღამოობით და პირის სიმშრალეს. ბიოქიმიური გამოკვლევა ავლენს სისხლში ელექტროლიტების შემადგენლობის უმნიშვნელო დარღვევას, ზოგჯერ შარდში აღმოჩნდება ცილები.
II – კომპენსატორულს. ამ სტადიაში ავადმყოფის ჩივილები ანალოგიურია, მაგრამ უფრო ხშირი. გარდა ამისა, შარდის სადღეღამისო ოდენობა 2,5 ლიტრამდე იმატებს. შეიმჩნევა ცვლილებები სისხლის ბიოქიმიურ შემადგენლობასა და შარდში.
III – ინტერმისიულის (მონაცვლეობითს). თირკმელების ფუნქცია უფრო მეტად ქვეითდება. აღინიშნება სისხლში აზოტის ცვლის (ცილოვანი ცვლის) პროდუქტების მყარი ზრდა, კერძოდ, იმატებს შადოვანასა და კრეატინინის დონე. ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, სწრაფად დაღლას, წყურვილს, პირის სიმშრალეს, უმადობას. კანიDშრება და მოყვითალო ელფერს იღებს. ასეთ ავადმყოფებში ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადება, მაგალითად, ანგინა და ფარინგიტიც კი მძიმედ მიმდინარეობს. ამ სტადიაში ერთმანეთს ენაცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაუარესების პერიოდები.
IV – ტერმინალური სტადია. თირკმელების ფილტრაციული უნარი მინიმუმამდე მცირდება. ამ სტადიაში ავადმყოფი შესაძლოა წლობით დამაკმაყოფილებლად გრძნობდეს თავს, მაგრამ სისხლში გამუდმებით იმატებს შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას დონე, დარღვეულია ელექტროლიტური ბალანსი. ყოველივე ეს იწვევს ურემიულ ინტოქსიკაციას ან ურემიას (სისხლში შარდის გადასვლას). შარდის სადღეღამისო ოდენობა იკლებს, საბოლოოდ კი მისი გამოყოფა სრულებით წყდება. ზიანდება სხვა ორგანოებიც. ვითარდება გულის კუნთის დისფაგია, პერიკარდიტი, სისხლძარღვთა უკმარისობა, ფილტვების შეშუპება. ნერვული სისტემის მხრივ დარღევები გამოვლინდება ენცეფალოპათიის სიმპტომებით (ძილის, მეხსიერების დარღვევით, ხასიათის შეცვლით, დეპრესიით). ირღვევა ჰორმონების გამომუშავება, ვითარდება ცვლილებები სისხლის შემდედებელ სისტემაში, ირღვევა იმუნიტეტი. ყველა ეს ცვლილება შეუქცევადი ხასიათისაა. აზოტური ცვლის პროდუქტები ოფლთან ერთადაც გამოიყოფა, ამიტომ ავადმყოფს გამუდმებით შარდის სუნი სდის.

თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზს სვამენ, თუ დაავადების ხანგრძლივობა 5 წელზე მეტია, ხოლო სისხლსა და შარდში აღინიშნება დამახასიათებელი ცვლილებები. აუცილებელია თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზის დადგენა.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის კონსერვატიული მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების სიმძიმის შემცირებას. ინიშნება შრომისა და დასვენების საგანგებო რეჟიმი, დიეტა, მედიკამენტური მკურნალობა. ავადმყოფი უნდა ერიდოს გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას. რაციონში იზღუდება ცილოვანი პროდუქტები. პრეპარატებიდან ინიშნება ანაბოლური სტეროიდები (რეტაბოლილი, ნერაბოლი, ლესპენეფრილი).
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. ცვლის პროდუქტებისგან სისხლის გასაწმენდად მიმართავენ ჰემოდიალიზს: ზედა ან ქვედა კიდურის ზედაპირული სისხლძარღვიდან აღებულ სისხლს ატარებენ სპეციალურ სისტემაში, სადაც ის ხელოვნური მემბრანის გავლით კონტაქტში შედის მადიალიზებელ სითხესთან. ამ ხსნარსა და სისხლს შორის არსებული კონცენტრაციული განსხვავების წყალობით დაავადებულის სისხლიდან ცვლის პროდუქტები მადიალიზებელ სითხეში გადადის, გაწმენდილი სისხლი კი ავადმყოფს უკანვე უბრუნდება. კვირაში ტარდება დიალიზის 3 სეანსი. ერთი სეანსი 4-5 საათს გრძელდება.
დიალიზი საშუალებას იძლევა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებულს სიცოცხლე 25 წლამდე გაუხანგრძლივდეს.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის რადიკალურ მეთოდს წარმოადგენს თირკმლის გადანერგვა.

 

 

თირკმლის დაწევა – Nephroptosis – опущение почки, нефроптоз

თირკმლის დაწევას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის – წონის მკვეთრი კლება, მძიმე ფიზიკური შრომა. თირკმლის დაწევამ შეიძლება თირკმლის ჭვალი გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ როდესაც თირკმელი ჩვეული ადგილიდან გადაინაცვლებს, შარდსაწვეთი, რომელიც თირკმლის მენჯიდან შარდის ბუშტამდე სწორად უნდა მიდიოდეს, იგრიხება, იღუნება, რაც თირკმელში შარდის შეგუბებას განაპირობებს. ამას თავისთავად მოჰყვება მენჯისა და ფიალების გაგანიერება, კაფსულის დაჭიმვა და თირკმლის ჭვალი. ტკივილი უმთავრესად დიდხანს დგომისას იჩენს თავს. საკმარისია, ავადმყოფი დაწვეს, რომ ტკივილი თანდათან ქრება, ვინაიდან თირკმელი ჩვეულ ადგილს უბრუნდება, შარდსაწვეთი სწორდება და შარდი აღარ გუბდება.
თირკმლის დაწევის შემთხვევაში ექიმები პაციენტებს ხშირად ურჩევენ, 4-5 კგ მოიმატონ, რათა თირკმლის გარშემო წარმოიქმნას ცხიმოვანი ბალიში, რომელიც მას ერთ ადგილას დაამაგრებს. გარდა ამისა, ავადმყოფებმა თავი უნდა შეიკავონ მკვეთრი მოძრაობებისგან, ერიდონ სიმძიმეების აწევას ან ფრთხილად, სხეულის დაზოგვით ასწიონ. არსებობს მუცლის პრესის გამამაგრებელი სპეციალური ვარჯიშებიც, რომლებიც პაციენტებს მდგომარეობას საგრძნობლად უმსუბუქებს.

თირკმლის დაწევის ოპერაციული მკურნალობა საკამათო საკითხია, თუმცა რუსეთში დღესაც აქტიურად მიმართავენ პლასტიკურ ოპერაციებს, რასაც იმით ამართლებენ, რომ ვინაიდან თირკმლის დაწევა საფიქსაციო აპარატის მოდუნებით არის განპირობებული, მისი აწევა და თავის ადგილას დაფიქსირება აუცილებელია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თირკმლის იზოლირებული დაწევა ძალიან იშვიათია, მას უმეტესად მუცლის ღრუს სხვა ორგანოების დაწევაც ერთვის, ყველა ორგანოს აწევა და თავის ადგილას დაფიქსირება კი შეუძლებელია, ამიტომ თუ არ არსებობს მკაფიო ჩვენება (დარღვეული არ არის თირკმლის ფუნქცია ან სპეციალური სისხლძარღვოვანი კვლევა არ ადასტურებს, რომ არტერიული წნევის მიზეზი თირკმლის დაწევაა), ოპერაციული მკურნალობა არ უნდა ჩატარდეს. ასეთი ოპერაციები უმეტესად წარუმატებელია, ვინაიდან სხვა ორგანოები დაწეული რჩება და ავადმყოფებს ტკივილი მაინც აწუხებთ.

 

 

თირკმელკენჭოვანი დაავადება – Urolithiasis – почечно-каменная болезнь, мочекаменная болезнь

თირკმელში კენჭის გაჩენას მრავალი ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედება განაპირობებს. ასეთი ფაქტორებია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენზიმოპათიები, კლიმატური და გეოქიმიური პირობები, კვების თავისებურებები, სასმელი წყლის ქიმიური შედგენილობა, თირკმელებიდან შარდის გამოყოფის დარღვევა, თირკმელებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ანთებითი პროცესები თირკმელებში და სხვა. თირკმელკენჭოვანი დაავადების რისკფაქტორებს მიაკუთვნებენ სითხის მცირე ოდენობით მიღებას, შარდის მარილებით გაჯერებას, საშარდე გზების ინფექციებს, კვებით დარღვევებს, შარდის პასაჟის (გამოყოფის) შეფერხებას, თირკმლის ტრავმას.

თირკმელკენჭოვანი დაავადების – ნეფროლითიაზის – განვითარებისთვის გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომლებიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრეობითი ბუნებისაა.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გავლენით თირკმლის მენჯფიალებში დაგროვილი მარილის კრისტალები იკვრება და კენჭად იქცევა. კენჭის ზომა მერყევია – არსებობს როგორც მილიმეტრიანი დიამეტრის, ისე მარჯნისებრი კენჭები. ეს უკანასკნელი ერთგვარად ამოავსებს თირკმლის მენჯფიალოვან სისტემას. პატარა კენჭი უფრო მოძრავი და შემაწუხებელია, ხოლო დიდი, მით უმეტეს, თუ თირკმელი ინფიცირებული არ არის, მრავალი წლის განმავლობაში არანაირად არ ამჟღავნებს საკუთარ არსებობას.

თირკმლის ჭვალი. კენჭმა შეიძლება მდებარეობა შეიცვალოს ან სულაც შარდსაწვეთს გამოჰყვეს და ორგანიზმიდან გამოსვლა მოისურვოს. ეს პროცესი, ანუ თირკმლის ჭვალი, მეტად უსიამოვნოა.
კენჭის დაძვრა შეიძლება გამოიწვიოს:

  • უხერხულმა მოძრაობამ;
  • რყევამ;
  • დიდი ოდენობით სითხის მიღებამ და სხვა.

თირკმლის ჭვალისთვის დამახასიათებელია ძლიერი, შეტევითი ტკივილი წელის არეში, რომელიც საზარდულისკენ, სასქესო ორგანოებისკენ გადაეცემა. მზის წნულის გაღიზიანების გამო ვითარდება გულისრევა, ღებინება, ნაწლავების გარდამავალი პარეზი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა. პაციენტი ვერ ისვენებს, ცდილობს, იპოვოს მოხერხებული პოზა. მძიმე ჭვალის დროს შესაძლოა იკლოს შარდის ოდენობამ. არ არის გამორიცხული არც შარდვის შეწყვეტა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, მაღალი სიცხე.
თირკმლის ჭვალის დროს იღებენ ბარალგინს, ბუსკოპანს და სხვა ტკივილგამაყუჩებელ და სპაზმოლიზურ საშუალებებს, მაგრამ თვითმკურნალობა არასასურველია. უმჯობესია, სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ.
თუ კენჭის გამოყოფა მოხერხდა, საშარდე გზებში რჩება ნაკაწრები, ვითარდება პიელონეფრიტი და საჭირო ხდება ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარება. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მოსალოდნელ სისხლდენებსა და მათ დროულ ლიკვიდაციას. უნდა გაირკვეს, დატოვა თუ არა კენჭმა საშარდე სისტემა.

ქვიშა. ქვიშა, ისევე, როგორც კენჭი, აზიანებს თირკმლის ქსოვილს, ხელს უწყობს ორგანოს ინფიცირებას და ანთებას ანუ პიელონეფრიტის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ქვიშა შეიძლება დაიძრას და ისეთივე კლინიკური სურათი გამოიწვიოს, როგორიც ვითარდება თირკმლის ჭვალის დროს. აღსანიშნავია, რომ ქვიშა კენჭად ყოველთვის არ იქცევა.თირკმელში ქვიშა რომ არ დაგროვდეს, მიიღეთ დღე-ღამეში 1,5-2 ლ სითხე და მოერიდეთ უხეშ საკვებს.

გართულებები. თირკმელკენჭოვანი დაავადება უმეტესად რთულდება მწვავე ან ქრონიკული კალკულოზური პიელონეფრიტით ანუ თირკმლის ბაქტერიული ანთებით, ეს უკანასკნელი კი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როდესაც დარღვეულია შარდის გამოყოფა, ვითარდება თირკმლის ჰიდრონეფროზი. ხშირად ვითარდება თირკმელების მწვავე უკმარისობა.
თუ კენჭი არ გაწუხებთ, ეს არ ნიშნავს, რომ საშიშროება არ გემუქრებათ. კენჭზე მეტად საშიშია მის გამო დაზიანებული და ინფიცირებული თირკმლის ქსოვილის ბაქტერიული ანთება – პიელონეფრიტი, რომელიც შესაძლოა წლობით უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობდეს და საბოლოოდ თირკმლის შეჭმუხვნა და ქრონიკული უკმარისობა გამოიწვიოს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტირების ყველაზე მარტივი, არაინვაზიური (უსისხლო) და ხელმისაწვდომი მეთოდია ულტრაბგერითი კვლევა ანუ ექოსკოპია, რომელიც ყოველგვარი შედგენილობის, ზომისა და ფორმის კენჭის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. რენტგენოგრამაზე ყველანაირი კენჭი არ ჩანს; კონტრასტული უროგრაფია პაციენტის სათანადო მომზადებას მოითხოვს; შარდის ანალიზი მხოლოდ საორიენტაციო, სკრინინგული მეთოდია და მისი ინფორმაციულობა მხოლოდ სხვა კვლევებთან კომპლექსში არის სანდო.
გაურთულებელი თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობა კონსერვატიული ღონისძიებებით იწყება. პირველ ყოვლისა, უნდა გაირკვეს:

  • კენჭის ჩამოყალიბების მიზეზი;
  • კენჭის შემადგენლობა;
  • ექვემდებარება თუ არა მკურნალობა იმ მედიკამენტებს, რომლებიც მოწოდებულია კენჭის დასაშლელად და გამოსაყოფად.

კენჭის შემადგენლობის, ზომისა და მდებარეობის შესწავლის შემდეგ ხშირად პირდაპირ დაისმის ქირურგიული თუ ლითოტრიპსიული ჩარევის საკითხი.
კენჭის დაბადება, მისი ქირურგიული ან ლითოტრიპსიული გზით მოშორება პრობლემის საბოლოო მოგვარებას არ ნიშნავს. კენჭის ხელახალი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შესწავლილ იქნეს მისი ჩამოყალიბების ყოველი შესაძლო მიზეზი, Mმოწესრიგდეს დიეტა თუ მედიკამენტების მიღება, ლიკვიდირებულ იქნეს საშარდე გზების ინფექცია.
კვებითი რეკომენდაციები კენჭის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ურატული ნეფროლითიაზის დროს აკრძალულია ხორცის ნახარში, ხაში, კუჭმაჭი, ალკოჰოლი; კალციუმით განპირობებული ნეფროლითიაზის დროს იკრძალება რძის ნაწარმი, რეკომენდებულია ცომეული.
თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს ავადმყოფს სითხის, მინერალური წყლის ოდენობასა და სახეობას კენჭის შემადგენლობის გათვალისწინებით ექიმი შეურჩევს.
კენჭებისგან საშარდე სისტემის გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია დღე-ღამეში ორ ლიტრამდე ნებისმიერი სითხის, თუნდაც სასმელი წყლის მიღება. ეს მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. ცხადია, ყურადღება ექცევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას.

 

თირეოტოქსიკური ადენომა – Adenoma thyreotoxica – тиреотоксическая аденома

თირეოტოქსიკური ადენომა ჰიპერთირეოიდული მდგომარეობაა, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის ჭარბად მოფუნქციონირე ადენომა განაპირობებს. დაავადება იშვიათია. უმთავრესად ასაკოვან ქალებში გვხვდება.
თირეოტოქსიკური ადენომის კლინიკური სურათი (ემოციური აგზნებადობის გაძლიერება, კიდურებისა და კუნთების ცახცახი, გაძლიერებული ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, დეფეკაციის გახშირება, მადის მატების ფონზე სხეულის მასის შემცირება, საერთო სისუსტე, შრომის უნარის მნიშვნელოვანი დაქვეითება) დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის კლინიკურ სურათს ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ადენომის დროს არ აღინიშნება ოფთალმოპათია და ლოკალური მიქსედემა და უფრო მკვეთრად არის გამოხატული გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა დარღვევა.
თირეოტოქსიკურ ადენომას ქირურგიულად მკურნალობენ. ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს მკურნალობა თირეოსტატიკური პრეპარატებით.

 

Don`t copy text!