Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 364

თირკმლის უკმარისობა – Insufficientia renis – почечная недостаточность

თირკმლის უკმარისობა არის სინდრომი, რომლის დროსაც ირღვევა თირკმლის ყველა ფუნქცია, რაც, თავის მხრივ, წყალმარილოვანი, აზოტოვანი და სხვა ნივთიერებათა ცვლის დაღვევას იწვევს.
განასხვავებენ თირკმელების მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას.
თირკმელების მწვავე უკმარისობა წარმოადგენს ერთი ან ორივე თირკმლის ფუნქციის მოულოდნელ შეწყვეტას ან მკვეთრ დაქვეითებას. ამ დროს ირღვევა თირკმლის ყველა ფუნქცია: ფილტრაციულიც, გამომყოფიც და სეკრეტორულიც.

თირკმელების მწვავე უკმარისობის მიზეზებს სამ ჯგუფად ყოფენ.
 ორგანიზმისმიერი მიზეზების რიცხვს მიაკუთვნებენ დაავადებებსა და ტრავმებს, რომლებიც იწვევს ხანგრძლივ სისხლდენას, რომლის შედეგადაც თირკმლის არტერიებში მკვეთრად ეცემა წნევა და თირკმელები ნორმალურ ფუნქციონირებას წყვეტს.
თირკმელების მწვავე უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ტრავმამ, სხეულის მოზრდილი უბნის დამწვრობამ, ელექტროტრავმამ, სეფსისმა, ალერგიულმა შოკმა.
სისხლით არასათანადო მომარაგება თავდაპირველად აქვეითებს თირკმლის ქსოვილის უჯრედთა  ფუნქციას, შემდეგ კი მათ სიკვდილს იწვევს. ასეთივე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხშირი ღებინებით, შარდმდენი პრეპარატების უკონტროლო მიღებით, ხანგრძლივი ფაღარათით განპირობებულ სითხის კარგვას. თუ სითხის დეფიციტი დროულად არ შეივსო, თირკმელებში შეუქცევადი ნეკროზული ცვლილებები მოხდება.
თირკმლისმიერი მიზეზები, თავის მხრივ, სამ ჯგუფად იყოფა:

  • თირკმლის ქსოვილის დაავადებები: მწვავე გლომერულონეფრიტი, თირკმელების რევმატული დაზიანება, ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია, სისხლის დაავადებები;
  • ამა თუ იმ ნივთიერების (ვერცხლისწყლის, კადმიუმის, სპილენძის, ძმარმჟავას, შხამა სოკოს ტოქსინების, სასუქის) ტოქსიკური ზემოქმედება თირკმელებზე;
  • თირკმელების დაზიანება, რომელიც გამოწვეულია სულფანილამიდების ჯგუფის პრეპარატების, ზოგიერთი ანტიბიოტიკის, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი მიღებით. ტოქსიკური ნივთიერებები აზიანებენ თირკმლის ქსოვილის უჯრედებს, რის შედეგადაც ისინი იხოცებიან და თირკმელი ფუნქციონირებას წყვეტს.
  • მესამე ჯგუფია თირკმლისქვეშა ანუ საშარდე გზებიდან მომდინარე მიზეზები. თირკმელების მწვავე უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების კენჭით (ცალმხრივით ან ორმხრივით), სიმსივნური წარმონაქმნით, შედედებული სისხლით დახშობამ, ასევე – მუცლის ღრუში ჩატარებული ოპერაციის ან ტრავმის შედეგად შარდსადენის მიჭყლეტამ. თირკმლის მენჯფიალების სისტემაში შარდის დაგროვება მათში წნევის მატებას იწვევს, ხანგრძლივად არსებული მაღალი წნევა კი თირკმლის ქსოვილის შეშუპებასა და სიკვდილს განაპირობებს. ჩვეულებრივ, ამ მიზეზებით პირობადებული თირკმელების მწვავე უკმარისობა ნელ-ნელა ვითარდება და თუ შარდის გამოყოფის ნორმალიზება დროულად მოხერხდა, პათოლოგიური პროცესი შექცევადი ხდება.

მწვავე უკმარისობის დროს თირკმელები სისხლში ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნების უნარს კარგავენ, რის შედეგადაც იმატებს კალიუმის, კალციუმის, ქლორის იონების რაოდენობა, სისხლში გროვდება ცილოვანი ცვლის პროდუქტები – შარდოვანა და კრეატინინი. თირკმელების სეკრეტორული ფუნქციის დარღვევის გამო ვითარდება ანემია (სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობის შემცირება) ან ანურია (შარდის არარსებობა). პაციენტი უჩივის გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს, უმადობას, შუპდება კიდურები, დიდდება ღვიძლი. ავადმყოფის ქმედებები შენელებული ან, პირიქით, აგზნებულია.
გამოყოფენ თირკმელების მწვავე უკმარისობის 4 სტადიას:

  • საწყისს. ამ სტადიაში პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია თირკმელების უკმარისობის გამომწვევ მიზეზებზე.
  • ოლიგოანურიულს. ამ სტადიაში შარდის გამოყოფა არ ხდება ან შარდის ოდენობა დღე-ღამეში არ აღემატება 500 მილილიტრს. ეს ყველაზე საშიში სტადიაა და თუ დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ავადმყოფი კომაში ჩავარდეს. ოლიგოანურიულ სტადიაში ხშირია ლეტალური დასასრული.
  • დიურეზიულს. ამ სტადიაში შარდის ოდენობა განუწყვეტლივ იმატებს და დღე-ღამეში 5 ლიტრს აღწევს. აღდგება სისხლის წყალმარილოვანი ბალანსი. დიურეზიული სტადია ორ კვირამდე გრძელდება.
  • გამოჯანმრთელებისას. ამ სტადიაში თირკმელების ფუნქცია თანდათან აღდგება, თუმცა სრულ გამოჯანმრთელებას ზოგჯერ ერთი წელიც კი სჭირდება.

თირკმელების მწვავე უკმარისობის საწყის სტადიაში აუცილებელია მისი გამომწვევი დაავადების მკურნალობა ან პათოლოგიური ზემოქმედებების აღმოფხვრა.
დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვის შემთხვევაში ცდილობენ დანაკარგის შევსებას ვენაში სისხლის შემცველების გადასხმით. ორგანიზმიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს გამოძევებული ტოქსიკური ნივთიერებები. ამისთვის მიმართავენ კუჭის ამორეცხვას, შხამსაწინააღმდეგო საშუალებებს, პლაზმოფერეზს – სპეციალური აპარატით სისხლის თხიერი ნაწილის გაწმენდას. საშარდე გზების დახშობის შემთხვევაში აღადგენენ მათ გამტარობას ან ახდენენ თირკმლის ფიალების პუნქციას შარდის გამოყოფის მიზნით.
უშუალოდ თირკმელების მწვავე უკმარისობის სამკურნალოდ საწყის სტადიაში იყენებენ ოსმოსურ დიურეტიკებს. აუცილებელია წყლის ბალანსის, სისხლში შარდოვანასა და ელექტროლიტების კონტროლი. ვენაში შეჰყავთ სითხე. ინიშნება ანაბოლური ჰორმონები და E ვიტამინი. პაციენტი გადაჰყავთ დიეტაზე. თუ კონსერვატიული  მკურნალობა შედეგს არ იძლევა, მიმართავენ ჰემოდიალიზს.
თირკმელების მწვავე უკმარისობის პროგნოზი ბევრად არის დამოკიდებული ძირითად დაავადებაზე. მისი გადატანის შემდეგ თირკმელთა ფუნქციის სრული აღდგენისთვის 6 თვიდან 2 წლამდე დრო სჭირდება.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობა წარმოადგენს ამ ორგანოს ფუნქციის თანდათანობით დაქვეითებას სრულ შეწყვეტამდე. იგი გამოწვეულია თირკმლის ქსოვილის კვდომით თირკმელების ქრონიკული დაავადების გამო.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ის დაავადება, რომელიც თირკმლის გორგლების დაზიანებას იწვევს. ასეთია:

  • ქრონიკული გლომერულონეფრიტი და ქრონიკული პიელონეფრიტი;
  • შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ამილოიდოზი;
  • თირკმელების თანდაყოლილი პოლიკისტოზი, თირკმელების თანდაყოლილი განუვითარებლობა, თირკმლის არტერიის თანდაყოლილი შევიწროება;
  • სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, ჰემორაგიული ვასკულიტი;
  • არტერიული ჰიპერტენზია და დაავადებები, რომლებიც თირკმელებში სისხლის მიმოქცევას არღვევს;
  • შარდკენჭოვანი დაავადება, ჰიდრონეფროზი, შარსადენზე ზემწოლი სიმსივნე.

ყველაზე ხშირად თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზია ქრონიკული გლომერულონეფრიტი, შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის განვითარების საფუძველს ნეფრონების (თირკმლის შემადგენელი ფუნქციური სტრუქტურების) თანდათანობითი სიკვდილი წარმოადგენს. დარჩენილი ნეფრონები იძულებულნი არიან, სრული დატვირთვით იმუშაონ, რაც ზრდის მათი დაზიანებისა და სიკვდილის ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ თირკმლის კომპენსატორული შესაძლებლობები დიდია (ნეფრონების 10%-საც კი შეუძლია, შეინარჩუნოს ორგანიზმში წყალმარილოვანი ცვლა), ქრონიკული უკმარისობის საწყის სტადიაშივე ირღვევა სისხლის ელექტროლიტური შემადგენლობა, აღმოცენდება აციდოზი, იცვლება ცილოვანი ცვლა, ხდება ცვლის პროდუქტების (შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას) შეკავება. ამჟამად ცნობილია 200-ზე მეტი ნივთიერება, რომელთა ცვლაც ირღვევა თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს.

გამოყოფენ თირკმელების ქრონიკული უკმარისობის 4 სტადიას:
I – ლატენტურს. ამ სტადიაში ავადმყოფს შესაძლოა არაფერი აწუხებდეს ან უჩიოდეს სწრაფად დაღლას ფიზიკური დატვირთვის დროს, სისუსტეს საღამოობით და პირის სიმშრალეს. ბიოქიმიური გამოკვლევა ავლენს სისხლში ელექტროლიტების შემადგენლობის უმნიშვნელო დარღვევას, ზოგჯერ შარდში აღმოჩნდება ცილები.
II – კომპენსატორულს. ამ სტადიაში ავადმყოფის ჩივილები ანალოგიურია, მაგრამ უფრო ხშირი. გარდა ამისა, შარდის სადღეღამისო ოდენობა 2,5 ლიტრამდე იმატებს. შეიმჩნევა ცვლილებები სისხლის ბიოქიმიურ შემადგენლობასა და შარდში.
III – ინტერმისიულის (მონაცვლეობითს). თირკმელების ფუნქცია უფრო მეტად ქვეითდება. აღინიშნება სისხლში აზოტის ცვლის (ცილოვანი ცვლის) პროდუქტების მყარი ზრდა, კერძოდ, იმატებს შადოვანასა და კრეატინინის დონე. ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, სწრაფად დაღლას, წყურვილს, პირის სიმშრალეს, უმადობას. კანიDშრება და მოყვითალო ელფერს იღებს. ასეთ ავადმყოფებში ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადება, მაგალითად, ანგინა და ფარინგიტიც კი მძიმედ მიმდინარეობს. ამ სტადიაში ერთმანეთს ენაცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაუარესების პერიოდები.
IV – ტერმინალური სტადია. თირკმელების ფილტრაციული უნარი მინიმუმამდე მცირდება. ამ სტადიაში ავადმყოფი შესაძლოა წლობით დამაკმაყოფილებლად გრძნობდეს თავს, მაგრამ სისხლში გამუდმებით იმატებს შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას დონე, დარღვეულია ელექტროლიტური ბალანსი. ყოველივე ეს იწვევს ურემიულ ინტოქსიკაციას ან ურემიას (სისხლში შარდის გადასვლას). შარდის სადღეღამისო ოდენობა იკლებს, საბოლოოდ კი მისი გამოყოფა სრულებით წყდება. ზიანდება სხვა ორგანოებიც. ვითარდება გულის კუნთის დისფაგია, პერიკარდიტი, სისხლძარღვთა უკმარისობა, ფილტვების შეშუპება. ნერვული სისტემის მხრივ დარღევები გამოვლინდება ენცეფალოპათიის სიმპტომებით (ძილის, მეხსიერების დარღვევით, ხასიათის შეცვლით, დეპრესიით). ირღვევა ჰორმონების გამომუშავება, ვითარდება ცვლილებები სისხლის შემდედებელ სისტემაში, ირღვევა იმუნიტეტი. ყველა ეს ცვლილება შეუქცევადი ხასიათისაა. აზოტური ცვლის პროდუქტები ოფლთან ერთადაც გამოიყოფა, ამიტომ ავადმყოფს გამუდმებით შარდის სუნი სდის.

თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზს სვამენ, თუ დაავადების ხანგრძლივობა 5 წელზე მეტია, ხოლო სისხლსა და შარდში აღინიშნება დამახასიათებელი ცვლილებები. აუცილებელია თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზის დადგენა.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის კონსერვატიული მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების სიმძიმის შემცირებას. ინიშნება შრომისა და დასვენების საგანგებო რეჟიმი, დიეტა, მედიკამენტური მკურნალობა. ავადმყოფი უნდა ერიდოს გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას. რაციონში იზღუდება ცილოვანი პროდუქტები. პრეპარატებიდან ინიშნება ანაბოლური სტეროიდები (რეტაბოლილი, ნერაბოლი, ლესპენეფრილი).
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. ცვლის პროდუქტებისგან სისხლის გასაწმენდად მიმართავენ ჰემოდიალიზს: ზედა ან ქვედა კიდურის ზედაპირული სისხლძარღვიდან აღებულ სისხლს ატარებენ სპეციალურ სისტემაში, სადაც ის ხელოვნური მემბრანის გავლით კონტაქტში შედის მადიალიზებელ სითხესთან. ამ ხსნარსა და სისხლს შორის არსებული კონცენტრაციული განსხვავების წყალობით დაავადებულის სისხლიდან ცვლის პროდუქტები მადიალიზებელ სითხეში გადადის, გაწმენდილი სისხლი კი ავადმყოფს უკანვე უბრუნდება. კვირაში ტარდება დიალიზის 3 სეანსი. ერთი სეანსი 4-5 საათს გრძელდება.
დიალიზი საშუალებას იძლევა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებულს სიცოცხლე 25 წლამდე გაუხანგრძლივდეს.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის რადიკალურ მეთოდს წარმოადგენს თირკმლის გადანერგვა.

 

 

თირკმლის დაწევა – Nephroptosis – опущение почки, нефроптоз

თირკმლის დაწევას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის – წონის მკვეთრი კლება, მძიმე ფიზიკური შრომა. თირკმლის დაწევამ შეიძლება თირკმლის ჭვალი გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ როდესაც თირკმელი ჩვეული ადგილიდან გადაინაცვლებს, შარდსაწვეთი, რომელიც თირკმლის მენჯიდან შარდის ბუშტამდე სწორად უნდა მიდიოდეს, იგრიხება, იღუნება, რაც თირკმელში შარდის შეგუბებას განაპირობებს. ამას თავისთავად მოჰყვება მენჯისა და ფიალების გაგანიერება, კაფსულის დაჭიმვა და თირკმლის ჭვალი. ტკივილი უმთავრესად დიდხანს დგომისას იჩენს თავს. საკმარისია, ავადმყოფი დაწვეს, რომ ტკივილი თანდათან ქრება, ვინაიდან თირკმელი ჩვეულ ადგილს უბრუნდება, შარდსაწვეთი სწორდება და შარდი აღარ გუბდება.
თირკმლის დაწევის შემთხვევაში ექიმები პაციენტებს ხშირად ურჩევენ, 4-5 კგ მოიმატონ, რათა თირკმლის გარშემო წარმოიქმნას ცხიმოვანი ბალიში, რომელიც მას ერთ ადგილას დაამაგრებს. გარდა ამისა, ავადმყოფებმა თავი უნდა შეიკავონ მკვეთრი მოძრაობებისგან, ერიდონ სიმძიმეების აწევას ან ფრთხილად, სხეულის დაზოგვით ასწიონ. არსებობს მუცლის პრესის გამამაგრებელი სპეციალური ვარჯიშებიც, რომლებიც პაციენტებს მდგომარეობას საგრძნობლად უმსუბუქებს.

თირკმლის დაწევის ოპერაციული მკურნალობა საკამათო საკითხია, თუმცა რუსეთში დღესაც აქტიურად მიმართავენ პლასტიკურ ოპერაციებს, რასაც იმით ამართლებენ, რომ ვინაიდან თირკმლის დაწევა საფიქსაციო აპარატის მოდუნებით არის განპირობებული, მისი აწევა და თავის ადგილას დაფიქსირება აუცილებელია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თირკმლის იზოლირებული დაწევა ძალიან იშვიათია, მას უმეტესად მუცლის ღრუს სხვა ორგანოების დაწევაც ერთვის, ყველა ორგანოს აწევა და თავის ადგილას დაფიქსირება კი შეუძლებელია, ამიტომ თუ არ არსებობს მკაფიო ჩვენება (დარღვეული არ არის თირკმლის ფუნქცია ან სპეციალური სისხლძარღვოვანი კვლევა არ ადასტურებს, რომ არტერიული წნევის მიზეზი თირკმლის დაწევაა), ოპერაციული მკურნალობა არ უნდა ჩატარდეს. ასეთი ოპერაციები უმეტესად წარუმატებელია, ვინაიდან სხვა ორგანოები დაწეული რჩება და ავადმყოფებს ტკივილი მაინც აწუხებთ.

 

 

თირკმელკენჭოვანი დაავადება – Urolithiasis – почечно-каменная болезнь, мочекаменная болезнь

თირკმელში კენჭის გაჩენას მრავალი ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედება განაპირობებს. ასეთი ფაქტორებია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენზიმოპათიები, კლიმატური და გეოქიმიური პირობები, კვების თავისებურებები, სასმელი წყლის ქიმიური შედგენილობა, თირკმელებიდან შარდის გამოყოფის დარღვევა, თირკმელებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ანთებითი პროცესები თირკმელებში და სხვა. თირკმელკენჭოვანი დაავადების რისკფაქტორებს მიაკუთვნებენ სითხის მცირე ოდენობით მიღებას, შარდის მარილებით გაჯერებას, საშარდე გზების ინფექციებს, კვებით დარღვევებს, შარდის პასაჟის (გამოყოფის) შეფერხებას, თირკმლის ტრავმას.

თირკმელკენჭოვანი დაავადების – ნეფროლითიაზის – განვითარებისთვის გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომლებიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრეობითი ბუნებისაა.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გავლენით თირკმლის მენჯფიალებში დაგროვილი მარილის კრისტალები იკვრება და კენჭად იქცევა. კენჭის ზომა მერყევია – არსებობს როგორც მილიმეტრიანი დიამეტრის, ისე მარჯნისებრი კენჭები. ეს უკანასკნელი ერთგვარად ამოავსებს თირკმლის მენჯფიალოვან სისტემას. პატარა კენჭი უფრო მოძრავი და შემაწუხებელია, ხოლო დიდი, მით უმეტეს, თუ თირკმელი ინფიცირებული არ არის, მრავალი წლის განმავლობაში არანაირად არ ამჟღავნებს საკუთარ არსებობას.

თირკმლის ჭვალი. კენჭმა შეიძლება მდებარეობა შეიცვალოს ან სულაც შარდსაწვეთს გამოჰყვეს და ორგანიზმიდან გამოსვლა მოისურვოს. ეს პროცესი, ანუ თირკმლის ჭვალი, მეტად უსიამოვნოა.
კენჭის დაძვრა შეიძლება გამოიწვიოს:

  • უხერხულმა მოძრაობამ;
  • რყევამ;
  • დიდი ოდენობით სითხის მიღებამ და სხვა.

თირკმლის ჭვალისთვის დამახასიათებელია ძლიერი, შეტევითი ტკივილი წელის არეში, რომელიც საზარდულისკენ, სასქესო ორგანოებისკენ გადაეცემა. მზის წნულის გაღიზიანების გამო ვითარდება გულისრევა, ღებინება, ნაწლავების გარდამავალი პარეზი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა. პაციენტი ვერ ისვენებს, ცდილობს, იპოვოს მოხერხებული პოზა. მძიმე ჭვალის დროს შესაძლოა იკლოს შარდის ოდენობამ. არ არის გამორიცხული არც შარდვის შეწყვეტა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, მაღალი სიცხე.
თირკმლის ჭვალის დროს იღებენ ბარალგინს, ბუსკოპანს და სხვა ტკივილგამაყუჩებელ და სპაზმოლიზურ საშუალებებს, მაგრამ თვითმკურნალობა არასასურველია. უმჯობესია, სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ.
თუ კენჭის გამოყოფა მოხერხდა, საშარდე გზებში რჩება ნაკაწრები, ვითარდება პიელონეფრიტი და საჭირო ხდება ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარება. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მოსალოდნელ სისხლდენებსა და მათ დროულ ლიკვიდაციას. უნდა გაირკვეს, დატოვა თუ არა კენჭმა საშარდე სისტემა.

ქვიშა. ქვიშა, ისევე, როგორც კენჭი, აზიანებს თირკმლის ქსოვილს, ხელს უწყობს ორგანოს ინფიცირებას და ანთებას ანუ პიელონეფრიტის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ქვიშა შეიძლება დაიძრას და ისეთივე კლინიკური სურათი გამოიწვიოს, როგორიც ვითარდება თირკმლის ჭვალის დროს. აღსანიშნავია, რომ ქვიშა კენჭად ყოველთვის არ იქცევა.თირკმელში ქვიშა რომ არ დაგროვდეს, მიიღეთ დღე-ღამეში 1,5-2 ლ სითხე და მოერიდეთ უხეშ საკვებს.

გართულებები. თირკმელკენჭოვანი დაავადება უმეტესად რთულდება მწვავე ან ქრონიკული კალკულოზური პიელონეფრიტით ანუ თირკმლის ბაქტერიული ანთებით, ეს უკანასკნელი კი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როდესაც დარღვეულია შარდის გამოყოფა, ვითარდება თირკმლის ჰიდრონეფროზი. ხშირად ვითარდება თირკმელების მწვავე უკმარისობა.
თუ კენჭი არ გაწუხებთ, ეს არ ნიშნავს, რომ საშიშროება არ გემუქრებათ. კენჭზე მეტად საშიშია მის გამო დაზიანებული და ინფიცირებული თირკმლის ქსოვილის ბაქტერიული ანთება – პიელონეფრიტი, რომელიც შესაძლოა წლობით უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობდეს და საბოლოოდ თირკმლის შეჭმუხვნა და ქრონიკული უკმარისობა გამოიწვიოს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტირების ყველაზე მარტივი, არაინვაზიური (უსისხლო) და ხელმისაწვდომი მეთოდია ულტრაბგერითი კვლევა ანუ ექოსკოპია, რომელიც ყოველგვარი შედგენილობის, ზომისა და ფორმის კენჭის ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. რენტგენოგრამაზე ყველანაირი კენჭი არ ჩანს; კონტრასტული უროგრაფია პაციენტის სათანადო მომზადებას მოითხოვს; შარდის ანალიზი მხოლოდ საორიენტაციო, სკრინინგული მეთოდია და მისი ინფორმაციულობა მხოლოდ სხვა კვლევებთან კომპლექსში არის სანდო.
გაურთულებელი თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობა კონსერვატიული ღონისძიებებით იწყება. პირველ ყოვლისა, უნდა გაირკვეს:

  • კენჭის ჩამოყალიბების მიზეზი;
  • კენჭის შემადგენლობა;
  • ექვემდებარება თუ არა მკურნალობა იმ მედიკამენტებს, რომლებიც მოწოდებულია კენჭის დასაშლელად და გამოსაყოფად.

კენჭის შემადგენლობის, ზომისა და მდებარეობის შესწავლის შემდეგ ხშირად პირდაპირ დაისმის ქირურგიული თუ ლითოტრიპსიული ჩარევის საკითხი.
კენჭის დაბადება, მისი ქირურგიული ან ლითოტრიპსიული გზით მოშორება პრობლემის საბოლოო მოგვარებას არ ნიშნავს. კენჭის ხელახალი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შესწავლილ იქნეს მისი ჩამოყალიბების ყოველი შესაძლო მიზეზი, Mმოწესრიგდეს დიეტა თუ მედიკამენტების მიღება, ლიკვიდირებულ იქნეს საშარდე გზების ინფექცია.
კვებითი რეკომენდაციები კენჭის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ურატული ნეფროლითიაზის დროს აკრძალულია ხორცის ნახარში, ხაში, კუჭმაჭი, ალკოჰოლი; კალციუმით განპირობებული ნეფროლითიაზის დროს იკრძალება რძის ნაწარმი, რეკომენდებულია ცომეული.
თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს ავადმყოფს სითხის, მინერალური წყლის ოდენობასა და სახეობას კენჭის შემადგენლობის გათვალისწინებით ექიმი შეურჩევს.
კენჭებისგან საშარდე სისტემის გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია დღე-ღამეში ორ ლიტრამდე ნებისმიერი სითხის, თუნდაც სასმელი წყლის მიღება. ეს მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. ცხადია, ყურადღება ექცევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას.

 

თირეოტოქსიკური ადენომა – Adenoma thyreotoxica – тиреотоксическая аденома

თირეოტოქსიკური ადენომა ჰიპერთირეოიდული მდგომარეობაა, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის ჭარბად მოფუნქციონირე ადენომა განაპირობებს. დაავადება იშვიათია. უმთავრესად ასაკოვან ქალებში გვხვდება.
თირეოტოქსიკური ადენომის კლინიკური სურათი (ემოციური აგზნებადობის გაძლიერება, კიდურებისა და კუნთების ცახცახი, გაძლიერებული ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, დეფეკაციის გახშირება, მადის მატების ფონზე სხეულის მასის შემცირება, საერთო სისუსტე, შრომის უნარის მნიშვნელოვანი დაქვეითება) დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის კლინიკურ სურათს ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ადენომის დროს არ აღინიშნება ოფთალმოპათია და ლოკალური მიქსედემა და უფრო მკვეთრად არის გამოხატული გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციათა დარღვევა.
თირეოტოქსიკურ ადენომას ქირურგიულად მკურნალობენ. ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს მკურნალობა თირეოსტატიკური პრეპარატებით.

 

თირეოიდიტი – thyreoiditis – тиреоидит

თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ანთებაა. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთება და ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული აუტოიმუნური ანთება. ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთების მიზეზად მიჩნეულია ვირუსული ინფექცია (ყბაყურას ვირუსი, ადენოვირუსები და სხვა). ქვემწვავე თირეოიდიტის კლინიკური სურათი ინფექციური დაავადების გადატანიდან ორი კვირის შემდეგ ყალიბდება.
ქვემწვავე თირეოიდიტს ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ზომიერი გადიდება და ანთებითი რეაქცია. პროცესში ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის კაფსულაც, რაც დაზიანებული მიდამოს მტკივნეულობას განაპირობებს.
დაავადება იწყება სწრაფად, შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის მატებით, ტკივილით კისრის წინა ნაწილში – იქ, სადაც ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს. ტკივილი ხშირად გადაეცემა ყურების, ყბებისა და კეფისკენ. დამახასიათებელია ჩიყვის გაჩენა მტკივნეული წარმონაქმნის სახით. ყლაპვა ხშირად გაძნელებულია. ძლიერი საერთო სისუსტისა და შრომის უნარის მკვეთრი დაქვეითების გამო ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ედს-ის მომატებას, თუმცა, სხვა სახის ანთებითი პროცესებისგან განსხვავებით, ლეიკოციტების ოდენობა საგრძნობლად არ არის შეცვლილი.
განასხვავებენ ქვემწვავე თირეოიდიტის რამდენიმე ფორმას, რომელთა დროს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები სხვადასხვა სიმძიმით არის გამოხატული. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში დაავადება ტალღისებურ ხასიათს იძენს – პერიოდულ გამწვავებას მეტ-ნაკლები ხანგრძლივობის მშვიდი პერიოდები ცვლის.
მკურნალობის მეთოდებს შორის ყველაზე ეფექტურია თერაპია გლუკოკორტიკოიდული პრეპარატებით: პრედნიზოლონით, დექსამეტაზონით და სხვა. დოზებს ექიმი ინდივიდუალურად ადგენს. ავადმყოფმა უნდა იცოდეს, რომ მდგომარეობა მკურნალობის პირველსავე დღეებში უმჯობესდება და თითქმის ყველა შემაწუხებელი მოვლენა ქრება, მაგრამ თერაპია უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ედს-ის მაჩვენებელი ნორმას არ დაუბრუნდება, ამისთვის კი, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირაა საჭირო. ედს-ის ნორმალიზების შემდეგ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მედიკამენტთა დოზების შემცირების შესახებ, თან პერიოდულად აკონტროლებს სისხლს, რათა არ გამოეპაროს დაავადების გამწვავება, რომლის ერთ-ერთი მაჩვენებელიც ედს-ის მატებაა. გამწვავების შემთხვევაში მკურნალობა თავიდან უნდა დაიწყოს, ხოლო მედიკამენტთა დოზების შემცირება უფრო ნელი ტემპით მოხდეს.

დაავადების დასაწყისში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები დიდი ოდენობით გადადის სისხლში, რაც დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის მსგავს სიმპტომებს იწვევს, მოგვიანებით კი პირიქით ხდება – დაზიანებული ჯირკვალი ვერ ახერხებს საკმარისი ოდენობის ჰორმონის გამომუშავებას და ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები, რასაც ხშირად თან სდევს მისი გადიდებაც. ამის გამო თავდაპირველად ბეტა ადრენობლოკატორები ინიშნება (მერკაზოლილის გამოყენება დაუშვებელია), მოგვიანებით კი – თიროქსინის ან მისი მსგავსი პრეპარატები.
აუტოიმუნური თირეოიდიტი თირეოიდიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ფარისებრი  ჯირკვლის ფუნქციური ქსოვილი აუტოანტისხეულების გავლენით დესტრუქციას განიცდის, მას შემაერთებელი ქსოვილი ენაცვლება და ვითარდება ჰიპოთირეოზის (თირეოიდული ჰორმონის გამომუშავების დათრგუნვის) კლინიკური ნიშნები. დაავადება უპირატესად 30-დან 60 წლამდე ასაკის ქალებშია გავრცელებული.
დაავადება აუტოიმუნური ბუნებისაა – იმუნური სისტემა ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ ანტისხეულებს გამოიმუშავებს (ნორმაში ანტისხეულები უცხო უჯრედების ან ნივთიერებების საწინააღმდეგოდ წარმოიქმნება, მაგრამ განსაზღვრული პათოლოგიური ცვლილებების დროს ზოგიერთი ორგანიზმი ანტისხეულებს თავისივე ქსოვილების წინააღმდეგ მიმართავს. ამის შედეგად განვითარებულ დაავადებას აუტოიმუნურს უწოდებენ).
აუტოიმუნური თირეოიდიტი ყველა ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ასაკთან ერთად მისი გავრცელების კოეფიციენტი იმატებს. დაავადების აღმოცენებას ხშირად წინ უძღვის ზოგიერთი პრეპარატის მიღება, მაგალითად, ისეთისა, როგორიც არის ამიოდარონი, ალფა ინტერფერონი, ინტერლეიკინი-2.
განასხვავებენ აუტოიმუნური თირეოიდიტის ორ ფორმას: ატროფიულსა და ჰიპერტროფიულს. ჰიპოთირეოზის მოვლენებით მიმდინარე ჰიპერტროფიული ფორმის დროს ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, ჰიპოთირეოზით მიმდინარე ატროფიული ფორმის დროს კი – არა.
ფარისებრი ჯირკვლის  გადიდებას ხშირად თან სდევს ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობის აშკარა ან ფარული ნიშნები. ჭირს ყლაპვა და სუნთქვა, აღინიშნება მცირედი მტკივნეულობა ფარისებრი ჯირკვლის არეში და მისი დაჭიმულობა, რაც ჯირკვლის სწრაფი ზრდით არის განპირობებული. გადიდება სიმეტრიულია. ჯირკვალი მკვრივი და კვანძოვანია.
ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს (უმთავრესად – ჰიპოთირეოზს) და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს.
როდესაც აუტოიმუნური თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციისა და სტრუქტურის შეუცვლელად მიმდინარეობს, მედიკამენტური მკურნალობა ნაჩვენები არ არის, საჭიროების შემთხვევაში კი ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები. რაკი აუტოიმუნური თირეოიდიტი ქრონიკული დაავადებაა, მკურნალობა პრაქტიკულად მთელი სიცოცხლე გრძელდება, მაგრამ პრეპარატების შერჩევა და მათი დოზირება ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

 

 

თიაქარი – Hernia – грыжа

მუცლის თიაქარი მუცლის ფარის დეფექტია, რომლის გამოც მუცლის ღრუს ორგანოები პარიესულ პერიტონეუმთან ერთად გამოდიან კანქვეშ. თიაქარი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილ დეფექტს მუცლის ფარის განუვითარებლობა იწვევს. შეძენილი თიაქრის განვითარებას ხელს უწყობს მემკვიდრეობითი განწყობა, ძლიერი ფიზიკური შრომა, ხშირი ყაბზობა და ყველა ის ფაქტორი, რომელიც კი მუცლის ღრუში წნევის მომატებას იწვევს.
მდებარეობის კვალობაზე, განასხვავებენ საზარდულის,  ჭიპის,  თეთრი ხაზის და სხვა თიაქარს.
თიაქარი მოიცავს კარს, პარკს და შიგთავსს. თიაქრის კარი კუნთოვან-ბოჭკოვან ელასტიკურ რგოლს წამოადგენს. თიაქრის პარკი მუცლის ღრუს შიგნითა გარსის გაგრძელებაა, თიაქრის შიგთავსი კი პარკში გამოსული მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოა.
თიაქარი შეიძლება იყოს:
1) თავისუფალი ანუ ჩასწორებადი, როდესაც თიაქრის კარიდან თიაქრის პარკში გამოსული ორგანო თავისუფლად ბრუნდება მუცლის ღრუში;
2) ჩაუსწორებელი, როცა თიაქრის პარკის შიგთავსსა და პარკს შორის წარმოიქმნება ნაწიბუროვანი შეხორცებები, რასაც მოჰყვება შიგთავსის ნაწილობრივი ან მთლიანი შეუბრუნებლობა მუცლის ღრუში.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ჩაუჭედავ თიაქარს ახასიათებს ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს. მოსვენებისას ტკივილი ქრება. გასინჯვისას მუცლის ზედაპირზე შეიმჩნევა მტკივნეული გამობერილობა.
თიაქრის მძიმე გართულებაა ჩაჭედვა. მას გამოსულ ორგანოზე თიაქრის კარის მოჭერა იწვევს. ჩაჭედვას ორგანოს სისხლმომარაგების შეწყვეტა და ნეკროზი მოჰყვება.
ჩაჭედვა ერთბაშად ხდება. მისი პირველი ნიშანი თიაქრის არეში აღმოცენებული უეცარი ტკივილია. ნაწლავის ჩაჭედვის შემთხვევაში ვითარდება გაუვალობა.

მკურნალობა. თიაქრის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ოპერაციაა. თუ თიაქარი ჩაჭედილი არ არის, ოპერაცია გეგმურად ტარდება. დეფექტის ლიკვიდაცია და პლასტიკა ადგილობრივი, საკუთარი ქსოვილებით ხდება. ამ კუთხით შედეგიანია პოლიპროპილენის ბადის იმპლანტირებაც. ასეთ ბადეს იყენებენ დიდი ზომის თიაქრის შემთხვევაში, როდესაც ორგანოების 2/3 კანქვეშ არის გამოსული. ამ ორგანოების უკან, მუცლის ღრუში შებრუნებისას ყველაზე დიდ საფრთხეს ის წარმოადგენს, რომ იმატებს მუცელშიგა წნევა, ორგანოები აწვება დიაფრაგმას და ავადმყოფს სუნთქვა უჭირს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის განკუთვნილი პოლიპროპილენის ბადე, რომლის მეშვეობითაც თიაქრის ლიკვიდაცია მუცლის ფარის ფართობის შეუმცირებლად ხერხდება.
არსებობს სპეციალური ქამრებიც, რომლებიც ავადმყოფს მუდმივად უნდა ეკეთოს, რათა თავიდან აიცილოს ორგანოს გამოვარდნა და ჩაჭედვა, მაგრამ ქამარი არ არის ქირურგიული მეთოდის ალტერნატივა და ვერც ავადმყოფს აზღვევს გართულებებისგან.
ჩაჭედილი თიაქარი სასწრაფო ოპერაციას მოითხოვს. უნდა მოხდეს თიაქრის კარის ლიკვიდაცია, დათვალიერდეს ჩაჭედილი ორგანო, შემოწმდეს მისი სიცოცხლისუნარიანობა და გადაწყდეს, თუ როგორ წარიმართოს ოპერაცია.
ცალ-ცალკე შევეხოთ თიაქრის თითოეულ ნაირსახეობას.
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი არის დიაფრაგმის ხვრელიდან საყლაპავის მუცლის ნაწილის, კუჭის ან მისი ნაწილის ან ნაწლავის მარყუჟის გადანაცვლება გულმკერდის ღრუში. ამ დაავადების განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს ფაქტორთა სამი ჯგუფი: დიაფრაგმის ხვრელში საყლაპავის დამამაგრებელი სტრუქტურების სისუსტე; მუცლის ღრუში წნევის მომატება; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიების დროს საყლაპავის ტრაქცია ზემოთ.
ავადმყოფები ხშირად უჩივიან გულის რიტმის დარღვევას (ექსტრასისიტოლიას, პაროქსიზმულ ტაქიკარდიას) ან ტკივილს გულის არეში, რაც შეიძლება დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზად იქცეს. მახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ტკივილი აღმოცენდება ჭამის შემდეგ, განსაკუთრებით – დიდი ოდენობით საკვების მიღების შემთხვევაში, ფიზიკური დატვირთვისას, სიმძიმის აწევის, ხველისა და მეტეორიზმის დროს, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში; ქრება ან მცირდება ამობოყინების, ღებინების შემდეგ, ღრმა ჩასუნთქვისას, ადგომის, ტუტე ხსნარის, წყლის მიღების შემდეგ.
დიაგნოზი დაისმის რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური გამოკვლევების საფუძველზე.
მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას: ნორმალური წონის შენარჩუნებას, სიგარეტზე უარის თქმას, მწარე, ცხარე საკვების შეზღუდვას. ბოლო ტრაპეზი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე უნდა ჩატარდეს. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს რეგულარულად და მცირე ულუფებით. რეკომენდებულია თავის დადება შედარებით მაღალ სასთუმალზე. მედიკამენტებიდან ინიშნება პროკინეტიკები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ანტისეკრეტორული საშუალებები.
საზარდულის თიაქარი. ემბრიონული განვითარების პერიოდში სათესლე ჯირკვლები მუცლის ღრუდან საზარდულის არხის გავლით განუწყვეტლივ ეშვება სათესლე პარკში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს პროცესი ირღვევა და ვითარდება თანდაყოლილი თიაქარი ან იქმნება მისი განვითარების საფრთხე. მსგავსი პროცესები შეიმჩნევა  ქალებშიც – ისინი საშვილოსნოს მრგვალ იოგთან არის დაკავშირებული.
საზარდულის თიაქარი  სწორიც შეიძლება იყოს და მოხრილიც. ეს იმაზეა დამოკიდებული, სად არის მოსუსტებული მუცლის ფარი.
საზარდულის თიაქრის დროს ავადმყოფი უჩივის მუცელში სიმძიმის შეგრძნებას, საზარდულის არეში ცვალებადი მოცულობის შებერილობას, რომელიც წოლისას ქრება. წესისამებრ, ეს ნიშნები დაძაბულობის ან ხველის დროს ვლინდება. დაავადება იწყება სიმძიმის აწევის ან დაძაბულობის შემდეგ აღმოცენებული ტკივილით, რამდენიმე დღის შემდეგ კი მუცლის შებერილობა ვითარდება.
მკურნალობა ნებისმიერი სახის თიაქრის დროს ოპერაციულია, ვინაიდან ყოველთვის არსებობს მისი ჩაჭედვის საშიშროება.
თეძოს თიაქარი ყოველთვის შეძენილია. დაზიანების ხასიათით და სიმპტომებით ჰგავს საზარდულის თიაქარს.
მუცლის თიაქარი, ჩვეულებრივ, მუცლის კედლის ჭრილობის ინფიცირების შედეგს წარმოადგენს. ზოგჯერ ის მეტისმეტად დიდია და ძნელად იკურნება. მისი ნიშნებია ანთება და ტკივილი. ჩაჭედვის შემთხვევაში ტკივილი მწვავეა, შებერვა – მტკივნეული.
ჭიპის თიაქრის სიმპტომები მუცლის თიაქრის სიმპტომებს ჰგავს.
ცალკე უნდა განვიხილოთ ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი, რომელიც ოსტეოქონდროზის გართულებას წარმოადგენს.
ხერხემლის მალის სხეულის წინა კედელზე მოდის იოგი, რომელიც დისკის დაზიანების (მაგალითად, ასაკობრივი დაზიანების) შემდეგ, რაც ხერხემლის არასტაბილურობას იწვევს, განიცდის კალციფიცირებას ანუ ძვალდება, რის შედეგადაც ხერხემლის სტაბილურობა აღდგება. ეს ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. მალის წანაზარდი, რომელიც სინამდვილეში გაძვალებული იოგია (ხალხში მას მარილების დაგროვებას უწოდებენ), არც ნერვს აზიანებს და არც ზურგის ტვინს, უმტკივნეულოა და საერთოდ, არავითარ კლინიკურ სიმპტომს არ იწვევს. მაგრამ ზოგჯერ დისკის დაზიანებას ერთვის ხერხემლის კუნთის სისუსტე, რის გამოც ხერხემლის სტაბილიზაცია ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში მცირედმა ფიზიკურმა დატვირთვამაც კი (დაცემინებამ, გაჭინთვამ, უხერხულმა მოძრაობამ) შეიძლება მალის მალაზე დარტყმა და დისკის მთლიანობის დარღვევა გამოიწვიოს.
დისკს გარს აკრავს ფიბროზული რგოლი, რომლის ცენტრში მოთავსებულია პულპოზა ანუ ბირთვი. ის არაჟნისებრი ნივთიერებაა, რომელიც ფიბროზული რგოლის დაზიანების შემდეგ დისკის საპროექციო არიდან გამოდის. სწორედ ეს არის ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი. ხშირად გამოსული ფრაგმენტი ზურგის ტვინს აწვება და წელის ტკივილს იწვევს. ზურგის ტვინიდან ტოტებივით გამოდის ნერვები, რომლებიც ქვედა კიდურებისკენ მიემართება. თუ გამოსული ფრაგმენტი რომელიმე ამ ნერვს მიაწვა, აღმოცენდება ტკივილი ფეხში. ტკივილს ნერვის ოდნავი შეხებაც კი იწვევს, რაც ავადმყოფებს აშფოთებთ, მაგრამ ექიმებს ამისი ნაკლებად ეშინიათ. თუ დისკის ფრაგმენტი ნერვს უფრო მეტად მიაწვა, ხდება მგრძნობელობის დაქვეითება (დაბუჟება) ან გაუკუღმართება. ეს სიმპტომები ავადმყოფებს არ აშინებთ, თუმცა ამ დროს პროცესი უფრო შორს არის წასული და უფრო რთული სამკურნალოა.
დისკის დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;
  • გადატანილი ინფექციები;
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  • ნიკოტინი, ალკოჰოლი;
  • ორსულობა, მშობიარობა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • სკოლიოზი.

თუმცა იმ უშუალო მიზეზის დასახელება, რომელმაც დისკის დაზიანება გამოიწვია, შეუძლებელია. ამ დროს ხდება დისბალანსი კუნთების შესაძლებლობასა და დატვირთვას შორის.
დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა ჩატარდეს  რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, სპონდილოგრაფია.
დაავადების მკურნალობა უმთავრესად კუნთების გაძლიერებისკენ არის მიმართული. წამალი მას ვერ შველის, მხოლოდ ტკივილს აყუჩებს, რაც ამ შემთხვევაში, ცხადია, გამოსავალი არ არის. რასაკვირველია, ტკივილგამაყუჩებელი უნდა დაინიშნოს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ავადმყოფს ვარჯიშის საშუალება მიეცეს.
განვითარებულ ქვეყნებში ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარს ვარჯიშებითა და ცურვით მკურნალობენ. შედეგიანია წყალქვეშ დაჭიმვა და მანუალური თერაპიაც, თუმცა ამ მეთოდებით მიღებული შედეგების შესანარჩუნებლად ვარჯიში მაინც აუცილებელია.

 

 

თვალის ტრავმა – Trauma oculi – травма глаза

წარმოშობის კვალობაზე, თვალის ტრავმა შეიძლება იყოს საწარმოო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო. ცალკე გამოყოფენ ბავშვთა ტრავმებს.
თვალის კაკლის ტრავმა. თვალის ორბიტის ცხვირსა და დანამატ წიაღებთან დამაკავშირებელი კედლის მთლიანობის დარღვევის დროს ვითარდება ქუთუთოებისა და თვალის კაკლის ემფიზემა (ჰაერის მოხვედრა კანქვეშ ან ქსოვილში). ქუთუთოები შუპდება, ყალიბდება ეგზოფთალმი. შეხებისას შეიგრძნობა ტკაცატკუცი, ჰაერის ბუშტუკები თავისუფლად გადაადგილდება ფაშარ ქსოვილებში. ორბიტის კედლების ერთმანეთისგან დაშორებას მოჰყვება თვალის ჩავარდნა – ენდოფთალმი. ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანება. ის შეიძლება გაიგლიჯოს, მიეჭყლიტოს მხედველობის არხს ან თვალის კაკალს. მხედველობის ნერვის ტრავმას ხშირად მოსდევს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა.
თვალის მამოძრავებელი კუნთების ტრავმა იწვევს მხედველობის მყარ გაორებას. ზოგჯერ აღინიშნება თვალის კაკლის ქუთუთოების წინ გამოვარდნა. ამ დროს თვალის თავის ადგილას დასაბრუნებლად ადამიანი იძულებულია, ქუთუთოები ხელით ან სპეციალური ინსტრუმენტით გაიწიოს.
ქუთუთოების ტრავმა. თვალის ტრავმის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება ქუთუთოები. ქუთუთოს შეშუპება და მასზე ჰემატომის გაჩენა წარმოადგენს ტრავმის თვალსაჩინო სიმპტომს, რომელსაც საგანგებო მკურნალობა არ სჭირდება. საშიშია ქუთუთოს ჭრილობა. მცირე ზომის ჭრილობაც კი მოითხოვს ქირურგიულ დამუშავებას, რომლის მიზანია ქუთუთოს ანატომიური მთლიანობის მაქსიმალური აღდგენა, განსაკუთრებით – თვალის შიდა კუთხის მიდამოში, ვინაიდან აქ მდებარეობს ცრემლწარმომქმნელი ორგანო. ქუთუთოების ტრავმა შეიძლება გართულდეს ქუთუთოს ჩაბრუნებით, წამწამების არასწორი მიმართულებით ზრდით, მუდმივი ცრემლდენით.
კონიუნქტივაზე არსებული მცირე ზომის ჭრილობა თავისთავად ხორცდება.
განასხვავებენ თვალის კაკლის არაშემავალ და შემავალ ტრავმებს.
არაშემავალი ტრავმებია რქოვანა გარსის ეროზია, თვალში სისხლის ჩაქცევა (ჰემოფთალმი), ბადურა გარსისა და სისხლძარღვოვანი გარსის გაგლეჯა, ბადურას ჩამოცლა, ირიდოციკლიტი, ტრავმული კატარაქტა.
თვალისთვის უფრო საშიშია შემავალი ტრავმები, განსაკუთრებით – თვალში უცხო სხეულის ჩარჩენა. დიდი ზომის ჭრილობის აღმოჩენა ძნელი არ არის, მცირე ზომის ტრავმების შემთხვევაში კი ჭრილობის შესასვლელი ყოველთვის არ ჩანს და შემავალი ტრავმის  დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ რენტგენოლოგიური კვლევით, ულტრაბგერითი სკანირებით ან საოპერაციო მაგიდაზე სკლერის სპეციალური მიკროსკოპით დათვალიერებით.
თვალის ნებისმიერი ტრავმა სასწრაფოდ უნდა დაათვალიეროს ოკულისტმა, რომელიც მკურნალობის სქემას შეიმუშავებს.

 

 

თვალის სისხლძარღვთა სიმსივნე – Тumor blood vessels in the eye – опухоль кровеносных сосудов глаза

თვალის სისხლძარღვთა კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია ნეიტროფიბრომა, ნევრინომა, ლეიომიომა, ნევუსები და კისტები. როცა სიმსივნე თვალის წინა ნაწილშია ლოკალიზებული, იცვლება ფერადი გარსის სტრუქტურა და ფერი.
ყველაზე მეტად შესამჩნევია ნევუსები და კისტები. ნევუსი წარმოადგენს ლაქის, რომელიც დიდხანს არ იცვლება, მაგრამ შესაძლოა გადაგვარდეს. ფერად გარსზე კისტები იოლი შესამჩნევია. ეს წარმონაქმნები თვალის მდგომარეობაზე დიდ გავლენას არ ახდენს. მათი აღმოცენების მიზეზია ემბრიონულ პერიოდში მომხდარი დარღვევები და თვალის ტრავმები. კისტა შეიძლება გაიზარდოს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლაზერული კოაგულაცია ან ქირურგიული მკურნალობა.
ავთვისებიანი წარმონაქმნები ზრდისა და მეტასტაზირებისკენ არის მიდრეკილი. მათ შორის განსაკუთრებით საშიშია მელანომები. ისინი შეიძლება თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ნებისმიერ ნაწილში იყოს ლოკალიზებული. ფერად გარსზე ლოკალიზების შემთხვევაში ჩნდება მუქი ყავისფერი, უსწორმასწოროსაზღვრებიანი ლაქები. გუგები დეფორმირდება.

დიაგნოსტიკა. ავადმყოფს ექიმთან მისვლას მხედველობის დაქვეითება აიძულებს. სიმსივნე, ლოკალიზაციის კვალობაზე, ყოველთვის შეიძლება არ იყოს შესამჩნევი, ამიტომ მხოლოდ დათვალიერებით დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. აუცილებელია ულტრაბგერითი სკანირება, ფლუორესცენციური ანგიოგრაფია, რადიოიზოტოპული გამოკვლევა.
ოკულისტთან ყოველწლიური ვიზიტი დიაგნოზის დროულად დასმის საშუალებას იძლევა.

მკურნალობა. სიმსივნური წარმონაქმნის ლოკალიზაციის მიხედვით, მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას, ლაზერულ კოაგულაციას, ბეტა-აპლიკაციას ან კრიოთერაპიას.

 

 

თვალის კაკლის სიმსივნე – Neoplasm Of eyeball – опухоль глазного яблока

სიმსივნედ შეიძლება გადაგვარდეს თვით თვალის კაკლის ქსოვილი, ავთვისებიანი წარმონაქმნი მასზე მეზობელი სტრუქტურებიდან (თავიდან) გავრცელდეს ან სხვა ორგანოების სიმსივნემ მეტასტაზირება განიცადოს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ყველაზე აშკარა სიმპტომია პროგრესირებადი ეგზოფთალმი. ამ დროს თვალის კაკალი მხოლოდ წინ კი არ არის წამოწეული, არამედ რომელიმე მხარესაც არის გადახრილი. დაავადებული თვალის მხარეს ვითარდება ორგანული დაზიანებები. პროცესი თანდათანობითია. მოსალოდნელია ქუთუთოების ზომიერი შეშუპება, ირგვლივ მდებარე ქსოვილების მგრძნობელობის მოშლა. აღინიშნება სხვადასხვა ხარისხის ტკივილი. პროცესის მხედველობის ნერვთან ლოკალიზაციის შემთხვევაში ირღვევა მხედველობის სიმახვილე, ვიწროვდება მხედველობის ველი ან ხდება მხედველობის ველიდან სექტორული ამოვარდნები.

დიაგნოსტიკა. სიმპტომები სხვადასხვა კომბინაციას ქმნის, მაგრამ საწყის სტადიაში არც ერთი მათგანი არ იძლევა უტყუარი დიაგნოზის დასმის საშუალებას. შედარებით ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ორგანზომილებიანი ულტრაბგერითი სკანირება, თერმოგრაფია, მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა, პუნქცია. დაავადების ადრეულ საფეხურზე სიმსივნის ხასიათის (კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი) დიფერენცირება ზოგჯერ ჭირს.

მკურნალობა. მკურნალობა უმეტესად ქირურგიულია. დამატებით მიმართავენ ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას. მხედველობის ორგანოს შენარჩუნება ყოველთვის ვერ ხერხდება.

 

 

თვალის დამწვრობა – Combustio oculi, Burn of the eye – ожог глаза

განასხვავებენ თვალის თერმულ და ქიმიურ დამწვრობას. დამწვრობისას ზიანდება ქუთუთოების კანი, კონიუნქტივა, ცრემლსადენი გზა და წამწამები.

თერმულ დამწვრობას იწვევს ალი, ცხელი ჰაერი და სითხე, გამდნარი ლითონი, გახურებული ნაწილაკები. ამჟამად უფრო ხშირია დაბალტემპერატურული (კრიოგენული სითხით, მშრალი ყინულით) დამწვრობა. ყინვაში თვალის დაზიანება იშვიათია.

სიმპტომები და მიმდინარეობა. აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ბლეფაროსპაზმი, ცრემლდენა, ქუთუთოებისა და კონიუნქტივის შეშუპება, მხედველობის დაქვეითება.
განასხვავებენ დამწვრობის რამდენიმე ხარისხს.

  • მსუბუქი დამწვრობა: აღინიშნება სიწითლე, ქუთუთოების კანის შეშუპება, შესაძლოა, შეიტრუსოს წამწამები და წარბები, შეშუპდეს კონიუნქტივის რქოვანა ეპითელიუმი ან ჩამოყალიბდეს მისი დეფექტი.
  • საშუალო ხარისხის დამწვრობა: კანი გაწითლებულია, შეშუპებული, მასზე ჩნდება სითხოვანი ბუშტუკები, კონიუნქტივა შეშუპებულია, გაწითლებული, აღინიშნება რქოვანას ეპითელიუმისა და შუა ფენების დეფექტი.
  • მძიმე დამწვრობა: ქუთუთოების კანის ნაწილი დამწვარი და მკვდარია. კონიუნქტივა დაფარულია ფუფხით და ფერმკრთალია, რქოვანა გარსზე აღინიშნება ღრმა თეთრი (ფაიფურისმაგვარი) დეფექტი.

მკურნალობა. თავდაპირველად საჭიროა თვალის ჩამობანა ცივი წყლით, შემდეგ – სტერილური ქსოვილის დაფარება და სპეციალურ საავადმყოფოში წაყვანა, სადაც დაშავებულს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდება.

ქიმიური დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს ტუტე და მჟავა ნივთიერებებმა.
მჟავათი გამოწვეული დამწვრობა ცილების შეწებებას იწვევს, ამიტომ პირველ საათებში ჩნდება ერთგვარი ფუფხი, რომელიც ქვემოთ მდებარე კანს შემდგომი დაზიანებისგან იცავს.
მჟავათი გამოწვეული დამწვრობის დროს დაშავებული უჩივის ტკივილს, სინათლის შიშს, ცრემლდენას, მხედველობის დაქვეითებას. ქუთუთოები შეწითლებული და შეშუპებულია, კონიუნქტივა – ჰიპერემიული და შეშუპებული. რქოვანა გარსი შუპდება და იღებს მორუხო ელფერს, მძიმე შემთხვევაში კი რძისფერს.
ტუტეებით გამოწვეული დამწვრობა უფრო რთულია. ტუტე ხსნარი შლის ცილას და იოლად აღწევს ქსოვილის შიგნით. დამაზიანებელი მოქმედება გრძელდება რამდენიმე საათს და დღესაც კი. ზიანდება არა მარტო კანი, არამედ კონიუნქტივა და რქოვანა გარსიც. შესაძლოა, დაზიანდეს ფერადი გარსი, ბროლი და თვალის სხვა ქსოვილები. ტუტე ხსნარით დამწვრობის დროს ზედაპირზე შესამჩნევი ფუფხი არ წარმოიქმნება, ამიტომ პირველ საათებში თვალი მძიმედ დაშავებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. გარდა ამისა, შეგრძნებები არც ისე მძაფრია, ვინაიდან ტუტე ნერვულ დაბოლოებებსაც აზიანებს. ტუტე ხსნარით გამოწვეული დამწვრობის შეფასება საბოლოოდ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თუ ავადმყოფი გონზეა, დამწვრობის დიაგნოზის დასმა ადვილია. ძნელია ქიმიური რეაქტივის რეაქციის (მჟავაა თუ ტუტე) ამოცნობა, ამიტომ პირველი დახმარება ყველა შემთხვევაში ერთნაირია.
დამწვარი თვალი კარგად უნდა ჩამოიბანოთ ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით, დაიფაროთ სტერილური ნაჭერი (დოლბანდი). თუ ტკივილი აუტანელია, შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის მიღებაც. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა  მიმართოთ სპეციალისტს.

 

 

Don`t copy text!