Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 366

ენტერიტი – enteritis – энтерит

ენტერიტი წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ანთებითი პროცესი შესაძლოა ერთდროულად გავრცელდეს წვრილ და მსხვილ ნაწლავზე (ენტეროკოლიტი), ან კუჭსა და წვრილ ნაწლავზე (გასტროენტერიტი), ან მთელ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (გასტროენტეროკოლიტი). ენტერიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

მწვავე ენტერიტი. მწვავე ენტერიტი შეიმჩნევა ინფექციური დაავადებების (მუცლის ტიფი, პარატიფი, ქოლერა და სხვა), საკვებისმიერი მოწამვლის, კვებისმიერი ალერგიისა და სხვათა დროს. ის წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი შეშუპებითა და ჰიპერემიით,  მისი სეკრეტის მატებით მიმდინარეობს, მძიმე შემთხვევაში აღმოცენდება სისხლდენა და დაწყლულება.

სიმპტომები. დაავადება იწყება მოულოდნელი ტკივილით მუცელში, ხშირია ღებინება, ფაღარათი, ტემპერატურის მატება, მძიმე შემთხვევაში გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაცია, გულ-სისხლძარღვთა მხრივ მოშლილობანი, ორგანიზმის მოდუნება, შესაძლებელია კრუნჩხვებიც.

მკურნალობა. მწვავე ენტერიტის მსუბუქი ფორმა რამდენიმე დღეში ან კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება. მკურნალობა ტარდება სტაციონარულად ან ამბულატორიულად; ეს დამოკიდებულია  ენტერიტის გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმის ხარისხზე. ავადმყოფს ენიშნება გამწმენდი ოყნა, სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, სპაზმოლიტიკები, შემკვრელი პრეპარატები და სხვა საშუალებები. პირველ ორ დღეს აუცილებელია მკაცრი დიეტა, ცხელი უშაქრო ჩაი, ორცხობილა, შემდეგ კი თხევადი საჭმელი: ლორწოვანი წვნიანი, ხორცის ბულიონი, კისელი და სხვა.

ქრონიკული ენტერიტი. ქრონიკული ენტერიტი არარაციონალური კვების (კვების რეჟიმის სისტემატური დარღვევა, მწარე, ცხარე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება და სხვა), ჰელმინთოზის, ლამბლიოზის, საწარმოო შხამებით (მაგალითად, ტყვიით) ქრონიკული ინტოქსიკაციის, ზოგიერთი მედიკამენტის (საფაღარათო საშუალებების, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების) ხანგრძლივი უკონტროლო მიღების, ნაწლავის ფერმენტების სინთეზის დარღვევით მიმდინარე ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადების შედეგად ვითარდება. მწვავე ენტერიტი არასწორი ან დაუმთავრებელი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადავიდეს.

სიმპტომები. ავადმყოფს აწუხებს ნაწლავების ყურყური, ტკივილი ჭიპთან,  გულისრევა,  სისუსტე,  ფაღარათი (განსაკუთრებით - ენტეროკოლიტის დროს). შეწოვის ფუნქციის დარღვევის გამო შესაძლოა ნაწლავებში სხვადასხვა დარღვევა აღმოცენდეს.

მკურნალობა. ინიშნება პოლივიტამინური დიეტა, ფაღარათის შემთხვევაში - შემკვრელი საშუალებები, ფერმენტები, ტკივილის მომხსნელი სპაზმოლიზური პრეპარატები, ფიზიოთერაპიული პროცედურები და სხვა. გამწვავებისას მკურნალობა სტაციონარში უნდა ჩატარდეს.

 

 

ენდომეტრიტი – endometritis – эндометрит

ენდომეტრიტი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთებაა. მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გართულებული აბორტი, გართულებული მშობიარობა, საშვილოსნოს სადიაგნოსტიკო გამოფხეკა, ჰისტეროსალპინგოგრაფია (საშვილოსნოს ღრუსა და მილების რენტგენოგრაფიული გამოკვლევა საკონტრანსტო ნივთიერების შეყვანით) და საშვილოსნოსშიდა ჩარევები. ენდომეტრიტის განვითარების გარკვეულ წინაპირობას წარმოადგენს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები. ენდომეტრიტის დროს ზიანდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსისა და ბაზალური შრეები. ანთებითი პროცესი შესაძლოა მთელ ლორწოვანზე გავრცელდეს ან კეროვანი ხასიათი ჰქონდეს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ავადმყოფს აღენიშნება:

  • ტემპერატურის მომატება;
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნახევარსა და საზარდულის არეში;
  • თხიერი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, ზოგჯერ - უსიამოვნო სუნით.

დიაგნოსტირება. დაავადების ამოცნობა არ არის რთული, როცა ავადმყოფი აღნიშნავს, რომ ჩაუტარდა საშვილოსნოსშიდა ჩარევები, მომატებული აქვს ტემპერატურა, საშვილოსნო გასინჯვით მტკივნეულია და შეიმჩნევა ჩირქოვანი გამონადენი. ამ დროს სისხლის სურათი შეცვლილია და ანთებითი პროცესის არსებობაზე მიუთითებს. ავადმყოფს უნდა გაუკეთდეს საშვილოსნოს ღრუს შიგთავსის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევები, რათა განისაზღვროს მიკროფლორა, რასაც მკურნალობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. 

მკურნალობა. ავადმყოფს მწვავე ენდომეტრიტის დროს ენიშნება ადეკვატური მკურნალობა ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების მონაცემების მიხედვით. უტარდება ანტიბიოტიკოთერაპია. ინიშნება სულფანილამიდები, მადესენსიბილიზებელი პრეპარატები და ვიტამინები.

 

 

ენდომეტრიოზი – endometriosis – эндометриоз

ენდომეტრიოზი დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ეს არის არა ჭეშმარიტი სიმსივნე, არამედ ენდომეტრიუმის ჰორმონდამოკიდებული ჰიპერპლაზია (ენდომეტრიუმის უჯრედების არანორმალური გამრავლება). ენდომეტრიოიდულ წარმონაქმნებს უმეტესად უკონტურო ინფილტრატის ფორმა აქვს, ზოგჯერ კი კვანძს ან სქელი, ყავისფერი სითხით სავსე კისტურ წარმონაქმნს წააგავს. ენდომეტრიოზის დროს შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა (სასქესო ორგანოების ჩათვლით), რის გამოც მას პოლისისტემური დაავადებების რიცხვს მიაკუთვნებენ.

ენდომეტრიოზის მიზეზები დღემდე დაუდგენელია. არსებობს მისი განვითარების რამდენიმე თეორია, მაგრამ დაავადების პათოგენეზს სრულყოფილად ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის.
ენდომეტრიოზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა, რომლის დროსაც სასქესო სისტემის ტრავმირებულ უბნებში ენდომეტრიუმის იმპლანტაციის პირობები იქმნება. მაგალითად, აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს ღრუს გახსნით ჩატარებული მიომექტომია.
ზოგიერთი ავტორის აზრით, ენდომეტრიუმის ლოკალიზაცია მუცლის ღრუს გარეთ (ჭიპის არეში, შარდის ბუშტში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში) ენდომეტრიუმის ნაწილაკების ლიმფოგენური და ჰემატოგენური (სისხლის) გზით გამოთესვით არის განპირობებული.
ენდომეტრიოზის პათოგენეზის მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სასტემაში მომხდარი ჰორმონული ცვლილებებიც.
განასხვავებენ გენიტალიურ (95%) და ექსტრაგენიტალიურ (5%) ენდომეტრიოზს. გენიტალიური ენდომეტრიოზი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს შინაგანიც და გარეგანიც. შინაგანია ენდომეტრიოზის საშვილოსნოსა და მილის ფორმები, გარეგანი - საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის, საშვილოსნოს მრგვალი იოგების, გარეთა სასქესო ორგანოების, საშვილოსნოს ყელის უკან განვითარებული რეტროცერვიკალური ენდომეტრიოზი. ხშირად შინაგანი ენდომეტრიოზი გარეგანის რომელიმე ფორმასთან არის შერწყმული.
ექსტრაგენიტალიური ენდომეტრიოზი ყველაზე ხშირად ლოკალიზდება მსხვილ ნაწლავში, ოპერაციის შემდგომ ნაწიბურში,  ჭიპში და სხვა. შესაძლოა, ორგანიზმში ერთდროულად არსებობდეს დაავადების რამდენიმე კერა, რომლებიც მენსტრუაციული ციკლის შესაბამის ციკლურ ცვლილებებს განიცდის.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ენდომეტრიოზი უპირატესად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება. დაავადება ხშირად იწვევს ქალის მენსტრუაციული და რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევას და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
დაავადების მთავარი ნიშანია პროგრესირებადი ტკივილი, რომელიც მენსტრუაციის წინა პერიოდში იჩენს თავს და განსაკუთრებით მწვავედ მენსტრუაციის დროს ვლინდება. ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვემოთ, გავის არეში, მუდმივი ინტენსიური ხასიათისაა, ზოგჯერ მწვავე მუცლის სურათს იძლევა. ენდომეტრიოზული წარმონაქმნების შიგთავსის (სისხლი, ჯირკვლების სეკრეტი) გარემომცველ ქსოვილებში მოხვედრა ტკივილს, ანთებით რეაქციას, ნაწიბურების, შეხორცებების განვითარებას იწვევს.
ენდომეტრიოზის დროს ირღვევა მენსტრუაციული ციკლი. კერძოდ, აღინიშნება გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია, რომელსაც ხშირად წინ უსწრებს მცირეოდენი მუქსისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან.
ენდომეტრიოზის მქონე ავადმყოფებში უნაყოფობის სიხშირე შედარებით მაღალია. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ანოვულაცია, ყვითელი სხეულის ფუნქციური უკმარისობა, საშვილოსნოს მილის დაზიანება, ენდომეტრიუმის ფუნქციური უკმარისობა.
ენდომეტრიოზის კლინიკურ სურათს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პათოლოგიური პროცესის უპირატესი ლოკალიზაცია და მისი გავრცელების ხარისხი.
შინაგანი ენდომეტრიოზი (ადენომიოზი) საშვილოსნოს დაზიანებისას ვითარდება. ენდომეტრიოზის ასეთი ლოკალიზაცია ყველაზე ხშირია. გამოყოფენ საშვილოსნოს სხეულისა და ყელის ენდომეტრიოზს. საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზის დროს გახანგრძლივებული, ჭარბი და ძლიერ მტკივნეული მენსტრუაცია ვითარდება. საშვილოსნოდან გამოხატული სისხლდენა იწვევს ანემიას, რომელსაც თან ახლავს სისუსტე, ადვილად დაღლა, ზოგჯერ თავბრუხვევა, შრომის უნარის დაქვეითება. საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზი ხშირია იმ ქალებში, რომელთაც ფსევდოეროზიის გამო დიათერმოკოაგულაცია აქვთ ჩატარებული.

საკვერცხეების ენდომეტრიოზი გენიტალიური ენდომეტრიოზის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. მისთვის დამახასიათებელია ჰორმონული დარღვევები, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ნაწილები (მენსტრუაციის დროს ჩამოფცქვნილი ქსოვილი) საშვილოსნოს მილის პერისტალტიკის დარღვევის გამო ხვდება მუცლის ღრუში, მათ შორის საკვერცხეზე. ეს პროცესი ჯანმრთელ ორგანიზმშიც მიმდინარეობს, მაგრამ ჰორმონული ფონის დარღვევის (ჰიპერესტროგენემია), სპეციალური უჯრედების (მუცლის ღრუს მაკროფაგების, რომლებმაც უნდა გაანადგურონ ენდომეტრიუმის ნაწილები) არასათანადო აქტიურობის, ასევე მემკვიდრული წინასწარგანწყობის და სტრესის გამო საკვერცხის ენდომეტრიოზი ვითარდება. თავდაპირველად საკვერცხის ზედაპირზე ენდომეტრიოზული კერები, შემდეგ კი კისტა ჩნდება.
ენდომეტრიოზული კისტები სხვადასხვაგვარია:

  • არსებობს არცთუ დიდი (5 სმ დიამეტრის) ენდომეტრიოზული წარმონაქმნები, რომელთაც მკვეთრად გამოხატული კლინიკა აქვთ. ავადმყოფები მენსტრუაციამდე, მის შემდგომ ან სქესობრივი კავშირის დროს მუცლის ქვედა არეში მუდმივ ან პერიოდულ ტკივილს, უშვილობას უჩივიან. ასეთი კისტა ხშირად ორმხრივია, თან ახლავს საკვერცხეებში - სხვა ენდომეტრიოზული კერების, ხოლო მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესების არსებობა. მისი მკურნალობა ქირურგიულია. რეციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ენდომეტრიოზული უბნის მაქსიმალურად მოშორება. ოპერაციის შემდეგ ენდომეტრიოზის ზრდის შესაჩერებლად და დარღვეული ჰორმონული ფონის აღსადგენად ჰორმონული თერაპიის ჩატარებაა საჭირო.

  • არსებობს საკვერცხის ენდომეტრიოზის მეორე - კისტოზური ვარიანტიც. ენდომეტრიოზული კისტა, როგორც წესი, დიდი იზრდება, მაგრამ, რაც უნდა საკვირველი იყოს, დაავადება უსიმპტომოდ ან მინიმალური გამოვლინებებით მიმდინარეობს. მესტრუაციისა და სქესობრივი აქტის დროს პაციენტი ან სრულიად არ უჩივის მუცლის ტკივილს, ან ის უმნიშვნელოა, არ აღინიშნება უნაყოფობა, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები არ მიმდინარეობს. ასეთი კისტას, ჩვეულებრივ, შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევის ან ექოსკოპიის დროს. თუ კისტა დიდი ზომისაა, კაფსულა სკდება და პაციენტი მწვავე მუცლის შეტევით ქირურგიულ განყოფილებაში ხვდება. კისტის მოშორების შემდეგ ნაოპერაციევი საკვერცხის ფუნქციის აღსადგენად ჰორმონული პრეპარატები ინიშნება.

დიაგნოსტირება. უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სითხის შემცველ სიმსივნურ წარმონაქმნს გამოავლენს. დიაგნოსტიკის მაღალინფორმაციული მეთოდი, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიაში, ლაპაროსკოპია გახლავთ. თუ დიაგნოზის დასმა ჭირს, აიროვან პელვიოგრაფიას (მენჯის ღრუს დათვალიერება) მიმართავენ.
საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია კოლპოსკოპია (საშოს დათვალიერება), რომელსაც მენსტრუაციული ციკლის დროს რამდენიმეჯერ ატარებენ. საბოლოო დიაგნოზს საშვილოსნოს ყელის ბიოპტატის მორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სვამენ.
მკურნალობა. ენდომეტრიოზის დროს ჰორმონულ, სიმპტომურ და ფიზიოთერაპიულ მკურნალობას აწარმოებენ.

საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზის საწყისი სტადიისას ესტროგენ-გესტაგენურ პრეპარატებს ნიშნავენ. მკურნალობის შედეგად ტკივილები მცირდება და საბოლოოდ სრულებით წყდება. კონსერვატიული მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატების შემდგომი დანიშვნით.
მრავალი მეცნიერის აზრით, ენდომეტრიოზის სამკურნალოდ იდეალური პრეპარატებია ანტიგონადოტროპები, მაგალითად, დანაზოლი.
საკვერცხეების ენდომეტრიოზული კისტის მკურნალობა ოპერაციულია.
ენდომეტრიოზის მკურნალობას ავადმყოფის ასაკის, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციისა და გავრცელების ხარისხის მიხედვით აწარმოებენ. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. ავთვისებიანი ენდომეტრიოზის შემთხვევები შედარებით იშვიათია.

პროფილაქტიკა. ენდომეტრიოზის თავიდან ასაცილებლად, უპირველეს ყოვლისა, ენდომეტრიუმის ნაწილების საშვილოსნოს ღრუდან სასქესო ორგანოების სხვა ნაწილებში მოხვედრა უნდა შეფერხდეს. ამიტომ ენდომეტრიოზის პროფოლაქტიკის ქმედით ღონისძიებებს წარმოადგენს:

  • ბრძოლა აბორტთან;

  • საშვილოსნოს ანომალიების დროული მკურნალობა;

  • საშვილოსნოსშიდა ჩარევის მკაცრი ჩვენებებით ჩატარება.

 

 

ენდოკარდიტი – endocarditis – эндокардит

გული კუნთოვანი ორგანოა. მისი კედელი შედგება სამი შრისგან. ესენია:

  • გარეთა შრე პერიკარდიუმი - შემაერთებელქსოვილოვანი თხელი ფურცელი;
  • შუალა შრე მიოკარდიუმი - კუნთოვანი შრე;
  • შიგნითა შრე ენდოკარდიუმი - შემაერთებელქსოვილოვანი ფურცელი, რომლითაც გული და მისი სარქვლებია ამოფენილი.

ინფექციური ენდოკარდიტი არის ინფექციურ-ანთებითი დაავადება, რომელიც აზიანებს ენდოკარდიუმს, გულის სარქვლებს და მიმდებარე სისხლძარღვების შიგნითა გარსს. ენდოკარდიტთან ერთად ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების, ღვიძლისა და ელენთის დაავადებაც.
ანტიბიოტიკების გამოგონებამდე ინფექციური ენდოკარდიტოთ დაავადებულთა უმრავლესობა იღუპებოდა, დღეს კი  კონსერვატიული თერაპიით ათიდან რვა პაციენტი იკურნება. 20%-ში მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა და დიდია გულის უკმარისობის ჩამოყალიბების ალბათობა. ასეთ შემთხვევაში პაციენტს ქირურგიული გზით მკურნალობენ.
მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა ინფექციური ენდოკარდიტით ავადობის მატება. ეს, ერთი მხრივ, იმის ბრალია, რომ ინფექცია ადვილად იკიდებს ფეხს პათოლოგიურად შეცვლილ სარქვლებსა და ენდოკარდიუმზე, მეორე მხრივ კი იმისა, რომ ბოლო ხანს საგრძნობლად იმატა ისეთი ადამიანების რიცხვმა, რომელთაც აქვთ სარქვლების მექანიკური ან ბიოლოგიური პროთეზი და რითმის ხელოვნური მატარებელი. ენდოკარდიტის რისკჯგუფს ქმნიან პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ სარქვლების ათეროსკლეროზული, რევმატული და ტრავმული დაზიანებანი. ინფექციური ენდოკარდიტით ავადობის მატებას იწვევს ხანგრძლივი გადასხმები ვენაში. ამის კვალობაზე, დაავადება ხშირია ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებლებს შორის.
წინათ ინფექციური ენდოკარდიტის მთავარ მიზეზად მიიჩნეოდა სტრეპტოკოკული ინფექცია, რომელიც მკურნალობას ადვილად ემორჩილება. ამჟამად ანტიბიოტიკების ფართო გამოყენების გამო გამომწვევი მიკრობების სპექტრი შეიცვალა: ინფექციურ ენდოკარდიტს იწვევს სტაფილოკოკები, ლურჯ-მწვანე ჩხირები, სოკოვანი მიკროორგანიზმები. განსაკუთრებით მძიმედ სოკოვანი ინფექციით გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს. ხშირად ინფექცია პროთეზირებული სარქვლის ადგილას აღმოცენდება. ამგვარ ინფექციურ ენდოკარდიტს პროთეზულს უწოდებენ. ის გულის სარქვლის პროთეზირებიდან ორი თვის განმავლობაში ვითარდება და უმეტესად სტრეპტოკოკით არის გამოწვეული. ენდოკარდიტით დაავადების დიდი ალბათობა აქვთ გულისმანკიან პაციენტებს, განსაკუთრებით - მათ, ვისაც აორტული სარქვლის მანკი, პარკუჭთაშორისი ძგიდის დეფექტი ან აორტის კოარქტაცია აღენიშნება.
ინფექციური ენდოკარდიტით ჯანმრთელი ადამიანიც შეიძლება დაავადდეს. ამას ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური გადატვირთვა, იმუნიტეტის დაქვეითება.

ადამიანი მუდამ მიკრობებით არის გარემოცული. დამტკიცებულია, რომ კბილების წმენდის დროსაც კი მიკრობების ნაწილი სისხლში ხვდება, თუმცა ეს, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც კბილებს იხეხავს, დაავადდება. სისხლის ნაკადს მიკროორგანიზმი გულისკენ მიაქვს. თუ სარქველი დაზიანებულია, მიკრობი ადვილად ეკვრის მას, იწყებს გამრავლებას და წარმოქმნის კოლონიას - ე.წ. მიკრობულ ვეგეტაციას, რომელიც გულის სარქველს სწრაფად აზიანებს. მიკრობული ვეგეტაციის ნაწილი შესაძლოა მოსწყდეს სარქველს, სისხლის ნაკადის მეშვეობით თავის ტვინში მოხვდეს და გამოიწვიოს ამ ორგანოს ინფარქტი, რასაც დამბლა, პარეზი და სხვა ნევროლოგიური დაზიანებანი მოჰყვება. რაც შეეხება დაზიანებულ სარქველს, ის ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და მალე გულის უკმარისობა ყალიბდება, რომელიც სწრაფად პროგრესირებს, ვინაიდან გული ვერ ასწრებს თავისი საკომპენსაციო შესაძლებლობების გამოყენებას.
ენდოკარდიტი შეიძლება იყოს აქტიური და არააქტიური. დაზიანება ზოგჯერ მხოლოდ სარქველს მოიცავს, ზოგჯერ კი სცდება მას.

მიმდინარეობა და სიმპტომები. კლასიკური ინფექციური ენდოკარდიტის დროს ავადმყოფს აქვს მაღალი ტემპერატურა, აციებს, აწუხებს სისუსტე, ქოშინი, ოფლიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა და ღებინება, იკლებს წონას, კანზე უჩდება გამონაყარი, თითები დოლის ჯოხისებრი უხდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნორმალური ტემპერატურა ან სუფთა კანი აქვს. დიდდება ელენთა, ზიანდება თვალის ბადურა გარსი, ანთებითი პროცესი აზიანებს თირკმელებს.

დიაგნოსტიკა. აუცილებელია სისხლის ანალიზი, რომელიც ანთებისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს გამოავლენს. ანალიზისთვის სისხლს არტერიიდან იღებენ. ინფექციური ენდოკარდიტის დროს სისხლში აუცილებლად აღმოჩნდება ინფექცია. ექოკარდიოგრამაზე ჩანს სარქვლებზე არსებული 3 მმ-ზე დიდი ზომის მიკრობული ვეგეტაციები. დიაგნოზი ათიდან რვა შემთხვევაში სწორედ ექოკარდიოგრაფიას ეფუძნება.

მკურნალობა. ინფექციურ ენდოკარდიტს მკურნალობენ მედიკამენტებით, გულის მდგომარეობის მუდმივი კონტროლის თანხლებით. დაავადება მეტწილად იკურნება. თუ კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას. ქირურგიული მკურნალობა მოწოდებულია, როდესაც:

  • ვითარდება გულის უკმარისობა;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის მიუხედავად, სისხლში მაინც არის მიკროორგანიზმები;
  • ენდოკარდიტი სოკოვანია.

გულის მძიმე უკმარისობით გართულებული ინფექციური ენდოკარდიტი ქირურგიული მკურნალობის გარეშე ათიდან 6 შემთხვევაში სიკვდილით სრულდება, ხოლო აორტის სარქვლის დაზიანებისას ავადმყოფი ათიდან 8 შემთხვევაში იღუპება. ოპერაცია გულის უკმარისობის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა გაკეთდეს.

 

 

ენაბორძიკობა. – Tongue-tie – косноязычие

ენაბორძიკობა არის მეტყველების დარღვევა, რომელიც ვლინდება ცალკეული ბგერების, მარცვლების ან მთელი სიტყვის უნებლიე გამეორებით, ბგერების არაბუნებრივი გაწელვით და/ან მეტყველებისას დაუგეგმავი პაუზებით - ე.წ. სიჩუმის ბლოკებით, რომელთა დროსაც ადამიანი ვერ ახერხებს ბგერის წარმოთქმას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ენაბორძიკობა მეტყველების რიტმისა და თანმიმდევრობის დარღვევაა, რომელიც ართულებს მეტყველებით ურთიერთობას. ენის ბორძიკს თითქმის ყოველთვის სდევს თან დაძაბულობა, შფოთვა და შიში მეტყველების დაწყების წინ.
ჯანმრთელი ადამიანი საუბრის 7-10%-ს შესვენებებით ახორციელებს - იმეორებს ცალკეულ სიტყვებს ან ფრაზებს, ურთავს ბგერებს "ე-ე", "მ-მ", შორისდებულებს, - მაგრამ თუ საუბრისას შესვენებამ 10%-ზე მეტი შეადგინა, საქმე ენაბორძიკობასთან გვაქვს.
ენაბორძიკობა სკოლამდელი ასაკის ბავშვების 2,5%-ს ახასიათებს. მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ს ბავშვობაში მცირე ხანს მაინც ჰქონია ეს პრობლემა. ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს ენა ებმის, აქედან 80% მამაკაცია, 20% - ქალი.

მეცნიერები ენაბორძიკობის ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ. პირველი უვითარდებათ ნერვული სისტემის დეფექტის მქონე ბავშვებს. ასეთი ენაბორძიკობის მიზეზია მემკვიდრეობითი განწყობა, სამშობიარო ტრავმა, მძიმე ორსულობა, ახალშობილის ხშირი ავადმყოფობა. ბავშვები, რომლებსაც ენა ებმით, გარეგნულად სავსებით ჯანმრთელები და გონებრივად განვითარებულნი არიან. ნევროლოგიური გამოკვლევა ავლენს ქალასშიგა წნევის მატების ნიშნებს, რეფლექსების ცვლილებებს და კრუნჩხვებისადმი მიდრეკილებას.
მეორე ტიპის ენაბორძიკობა ჯანმრთელი ნერვული სისტემის მქონე ბავშვებს უვითარდებათ. მათ ენა ებმით ძლიერი გადაღლით ან სტრესით განპირობებული ნევროზის გამო. ნევროზულ ენაბორძიკობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - უეცარი შიში, გონებრივი გადაღლა, ძლიერი განცდა, თუმცა ეს ფაქტორები ყველა ბავშვში როდი იწვევს ენაბორძიკობას. ამ ტიპის ენაბორძიკობისას მეტყველების დეფექტს აძლიერებს ემოციური და ნერვულ-ფიზიკური გადაძაბვა.
ცნობილია ენაბორძიკობის სხვა მიზეზებიც. მაგალითად, ზოგი ბავშვი ენას ვისიმე მიბაძვით უკიდებს; ცაციებს, რომლებსაც მარჯვენა ხელით მუშაობას აიძულებენ, ზოგჯერ ენაბორძიკობა უვითარდებათ.
ენაბორძიკობას ჰგავს მეტყველების ისეთი დარღვევა, როგორიც არის სკანდირებული მეტყველება - ავადმყოფი ხან სწრაფად ლაპარაკობს, ხან ნელა, ხან ხმამაღლა, ხან ხმადაბლა. ასეთი რამ ნათხემის პათოლოგიას ახასიათებს და სხვაგვარად მეტყველების ატაქსიას უწოდებენ.
ჭეშმარიტი ენაბორძიკობა ძლიერდება მღელვარებისას, სუსტდება მშვიდ გარემოში, ქრება სიმღერისას.
ენის ბორძიკი სამეტყველო აპარატის (ენა, ტუჩები, რბილი სასა, ქვედა ყბა) კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობის შედეგია. კუნთების რამდენიმე ხანმოკლე შეკუმშვა ცალკეული ბგერებისა და მარცვლების უნებლიე გამეორებას (კლონური ენაბორძიკი) იწვევს, ძლიერი ხანგრძლივი შეკუმშვა კი - მეტყველების შეფერხებას (ტონური ენაბორძიკი). ხშირია ენაბორძიკის შერეული ფორმა - ორივეს შერწყმა. ზოგჯერ მეტყველების აპარატის კუნთების კრუნჩხვით მოძრაობებს სახისა და კიდურების კუნთების შეკუმშვაც ერთვის.
ენაბორძიკის მიზეზი თავის ტვინში მდებარეობს. სწორედ იქ არის მეტყველებაზე პასუხისმგებელი ნერვული ცენტრები:

  • ბროკის ცენტრი - ხმის ცენტრი. პასუხისმგებელია მეტყველებაში მონაწილე კუნთებისა და იოგების  მუშაობაზე, აწესრიგებს ენის მოძრაობასა და ხმის იოგების ფუნქციებს;
  • ვერნიკის ცენტრი - სმენის ცენტრი. მისი მეშვეობით ვცნობთ სხვებისა და საკუთარ მეტყველებას;
  • ასოციაციური ცენტრი - აანალიზებს ნათქვამს და გადაწყვეტილებას იღებს შემდგომი საუბრის თაობაზე.

ამ ცენტრების შეთანხმებული მუშაობის შედეგია მეტყველების ცენტრის ფორმირება: ხმის ცენტრი ფრაზების წარმოთქმის საშუალებას გვაძლევს და თან სმენის ცენტრს ააქტიურებს; სმენის ცენტრი აღიქვამს ლაპარაკს და ასოციაციურ ცენტრს უბრძანებს, იფიქროს, ეს უკანასკნელი კი დაფიქრების შემდეგ ააქტიურებს ხმის ცენტრს და ა.შ.
ენაბორძიკობას საფუძვლად ამ ცენტრების შეთანხმებული მუშაობის დარღვევა (სხვადასხვა სიჩქარით მუშაობა) უდევს. 2-5 წლის ბავშვებს მეტყველების ცენტრები და მათი სინქრონული კავშირი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, რაც არცთუ იშვიათად ენებორძიკობის პროვოცირებას ახდენს.
ენაბორძიკობის მექანიზმი თანამედროვე მედიცინას დაახლოებით ასე წარმოუდგენია: ნერვული სისტემის ზემოხსენებული ცვლილებები ბროკის ცენტრის გადაძაბვას იწვევს, მისი მუშაობის სიჩქარე იმატებს და მეტყველების ცენტრებს შორის არსებული კავშირი დროებით წყდება. გადაძაბვა გადაეცემა ბროკის ცენტრის გვერდით მდებარე თავის ტვინის ქერქის იმ უბნებს, რომლებიც მოძრაობის აქტივაციაზე აგებს პასუხს. შედეგად აღმოცენდება კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობები და ადამიანს ენა ებმის, ხოლო ბროკის ცენტრი ნორმამდე დუნდება და მეტყველების ცენტრებს შორის არსებული წრე კვლავ იკვრება.
ნერვული სისტემის გადაძაბვისას ნერვული იმპულსები და თანხმოვანი (განსაკუთრები - ყრუ) ბგერების სიხშირეები თვისობრივად ახლოს დგას ერთმანეთთან, ამიტომ ადამიანს ენა ებმის უმეტესად - თანხმოვნების, ძალიან იშვიათად - ხმოვნების წარმოთქმისას.
ენაბორძიკობისას მეტყველების დარღვევა სხვადასხვა სახისაა: შესაძლებელია ბგერების ან მარცვლების გამეორება, სიჩუმის ბლოკები, ბგერების არაბუნებრივი გაწელვა (გახანგრძლივება). ენაბორძიკობას თან სდევს დაძაბულობა და შფოთვა, სახის მიმიკის ცვლილებები და ტიკები.
არარიტმული და არათანმიმდევრული მეტყველება 2-7 წლის ასაკში ნორმად ითვლება, მაგრამ ბავშვს თუ ენა მეტისმეტად ხშირად ებმის და ამ დროს შესამჩნევად შფოთავს, შესაძლოა, ენაბორძიკობასთან გვქონდეს საქმე.
ენაბორძიკობის დასაწყისზე მიუთითებს შემდეგი ნიშნები:

  • მარცვლების ხშირი გამეორება;
  • ბგერების გაჭიანურება;
  • ხშირად საუბრისთვის თავის არიდება;
  • სახისა და ყელის კუნთების დაძაბულობა;
  • საუბრისას მოულოდნელად ხმის ტემბრის აწევა.

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა დახმარებითაც შეიძლება, ბავშვებში ენაბორძიკობის განვითარების ალბათობა შევამციროთ:

  • ბავშვს ესაუბრეთ ნელა და რიტმულად;
  • საუბრისას გააკეთეთ პაუზა, განსაკუთრებით - იმ მომენტში, როდესაც ბავშვმა უკვე დაასრულა ფრაზა, თქვენ კი ჯერ არ დაგიწყიათ. ეს ბავშვს კიდევ რამის თქმის საშუალებას მისცემს, თქვენ კი ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ იმაზე იფიქროთ, რისი თქმა სურს თქვენს პატარას.
  • ბავშვს ნაკლები შეკითხვა დაუსვით და იშვიათად მიმართეთ ბრძანების კილოთი. უმჯობესი იქნება, თუ თხოვნასა და შეკითხვას დაიწყებთ სიტყვებით: ,,მოდი...", ,,როგორ ფიქრობ....", ,,შენი აზრით..."

ენაბორძიკობის მკურნალობა ლოგოპედის პრეროგატივაა. თუ მიზეზი ფსიქიკური ტრავმაა, შესაძლოა, ლოგოპედმა ბავშვი ფსიქოთერაპევტთან გაგზავნოს.
მიუხედავად იმისა, რომ ენაბორძიკობის მიზეზები და მექანიზმი ცნობილია, მისგან მყისიერი განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს. დღესდღეობით ენაბორძიკობის მკურნალობა ბროკის ცენტრის ნორმალიზებას ითვალისწინებს. ამისთვის პაციენტს უნიშნავენ:

  • დამამშვიდებელ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს;
  • ჰიპნოზს;
  • ნემსებით თერაპიას;
  • სარელაქსაციო აბაზანებს;
  • ზოგადგამაჯანსაღებელ პროცედურებს;
  • მეტყველებით ვარჯიშებს, რომლებიც საუბრის ტემპის შენელებას, რიტმული საუბრის ჩვევის ჩამოყალიბებას, საუბრისას ხანგრძლივ პაუზებს გულისხმობს.

ბროკის ცენტრის დასამუხრუჭებლად ასევე გამოიყენება სხვა მამოძრავებელი ცენტრების აქტივაციის მეთოდები. ეს მიიღწევა მეტყველების დირიჟორობით, ხელის თითების რიტმული მოძრაობით, სუნთქვის რეგულირებით, ლაპარაკისას წერით.
არსებობს ენაბორძიკობის სამკურნალო სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. ზოგიერთი მათგანი პაციენტს საშუალებას აძლევს, მოისმინოს თავისი დამახინჯებული მეტყველების გასწორებული ვარიანტი, ზოგიერთი კი პაციენტს თავის საუბრის ოდნავ დაგვიანებით მოსმენის საშუალებას აძლევს. არსებობს ისეთი პროგრამებიც, რომლებიც ხმას ფონური ხმაურით ახშობს ან ეკრანზე ნათქვამის დანახვის საშუალებას იძლევა, ადაბლებს ან ამაღლებს ბგერებს  და სხვა.  

 

 

ემფიზემა – emphysema – эмфизема

ფილტვის ემფიზემა ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომელიც სუნთქვის დარღვევით და ფილტვში აიროვანი ცვლის შეფერხებით ვლინდება. ამ დაავადებას ახასიათებს ბრონქიოლების მეტისმეტი გაფართოება (გაწელვა, გაბერვა), რასაც თან სდევს ალვეოლების კედლის დესტრუქციული ცვლილებები. გაწელვა ფილტვის ქსოვილის მოდუნებით და ორგანოს არქიტექტონიკის დარღვევით არის განპირობებული. ხსენებული ცვლილებების შედეგად ფილტვის ქსოვილში ჩნდება ჰაერის შემცველი ბუშტუკები - ბულები, რომლებიც ზოგჯერ მთელ ფილტვებშია მოთესილი, ზოგჯერ კი ორგანოს ცენტრალურ წილში იყრის თავს. მათი მდებარეობის კვალობაზე, განასხვავებენ ფილტვის ემფიზემის დიფუზურ და ლოკალურ ფორმებს.

ფილტვის ემფიზემის მიზეზებს ორ ჯგუფად ყოფენ. პირველი ჯგუფი აერთიანებს ფაქტორებს, რომლებიც არღვევს ფილტვის სტრუქტურული ელემენტების სიმტკიცესა და ელასტიკურობას და პირველად, დიფუზურ ემფიზემას იწვევს. ასეთი ფაქტორებია პათოლოგიური მიკროცირკულაცია, სურფაქტანტის თვისებების შეცვლა, ალფა-ანტიტრიფსინის თანდაყოლილი დეფიციტი, თამბაქოს კვამლი, სასუნთქ გზებში მტვრის ნაწილაკების მოხვედრა. ამ დროს ხდება ფილტვების რესპირაციული ნაწილის პათოლოგიური გადაწყობა. ამოსუნთქვისას, როდესაც გულმკერდში წნევა იმატებს, წვრილი ბრონქები და ფილტვები პასიურად იჩუტება, რითაც ზრდის ბრონქების წინააღმდეგობას ამოსუნთქვის მიმართ და ალვეოლურ წნევას. პირველადი ემფიზემის დროს ჩასუნთქვისას ბრონქების გამტარობა არ არის დარღვეული.
მეორე ჯგუფი აერთიანებს ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ფილტვების რესპირაციულ ნაწილში წნევის მატებას და ალვეოლების, ალვეოლური შესასვლელებისა და რესპირაციული ბრონქიოლების ძლიერ გაფართოებას. ამ ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რომელიც ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს ვითარდება. ეს დაავადება ფილტვების მეორეული ემფიზემის მთავარი მიზეზია და აი რატომ: ჩასუნთქვისას გულმკერდის ღრუში წნევის დაქვეითება იწვევს ბრონქების სანათურის პასიურ გაფართოებას და ამცირებს ბრონქული ობსტრუქციის ხარისხს; ამოსუნთქვისას გულმკერდის შიდა დადებითი წნევა იწვევს ბრონქული ტოტის დამატებით კომპრესიას და აღრმავებს უკვე არსებულ ბრონქულ ორსტრუქციას, რითაც ხელს უწყობს ალვეოლებში ინსპირირებული ჰაერის შეჩერებას და მათ გაბერვას. დიდი მნიშვნელობა აქვს ანთებითი პროცესის გავრცელებას  ბრონქიოლებიდან მიმდებარე ალვეოლებში, რასაც თან სდევს ალვეოლიტის განვითარება.
მეორეულ ემფიზემას ახასიათებს რესპირაციული ბრონქიოლების გაბერვა და მათ ახლოს მდებარე ალვეოლების ფორმის ცვლილება (ცენტრალური ემფიზემა). პროგრესირების შემთხვევაში პათოლოგიურ პროცესში შეიძლება ჩაერთოს ფილტვის ყველა წილი. ალვეოლები გასქელებულია, შესართავები - გაფართოებული, გლუვკუნთოვანი ქსოვილი ჯერ ჰიპერტროფირდება, შემდეგ კი დისტროფიას განიცდის. ელასტიკური ბოჭკოები გასწორებულია. რესპირაციული ბრონქიოლების კედლები განლეულია, მათში კაპილარებისა და უჯრედული ელემენტების რაოდენობა შემცირებულია. ემფიზემის გვიან სტადიაზე ფილტვების რესპირაციული ნაწილის სტრუქტურული ელემენტები სრულიად ქრება.
პირველადი ემფიზემის დროს ფილტვის წილში (აცინუსში) არსებული ყველა ალვეოლა ზიანდება (პანაცინარული ემფიზემა). ბრონქებში არსებული ანთებითი ცვლილებები ბრონქიოლებზე არ აისახება. შესაბამისად, არ ხდება მათი შეშუპება და ამით გამოწვეული ობსტრუქცია.

მიმდინარეობა და სიმპტომები. ფილტვების ემფიზემისთვის დამახასიათებელია ქოშინი, კასრისებრი გულმკერდის ყაფაზი, სუნთქვისას გულმკერდის მოძრაობის შეზღუდვა, ნეკნთაშუა სივრცის გაფართოება, მკერდის ძვლის მიდამოს ამობურცვა, სუნთქვის შენელება.
ემფიზემის საწყის სტადიაში ქოშინი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას აღმოცენდება, თავდაპირველად, წესისამებრ, ზამთრობით, მერე და მერე - წელიწადის ნებისმიერ დროს. მოგვიანებით მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც ვითარდება და ბოლოს შესაძლოა მოსვენებისასაც კი იჩინოს თავი. ავადმყოფს, განსაკუთრებით - ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ტუჩები და ფრჩხილები ულურჯდება. სუნთქვისას ისმის სტვენა და ხროტინი. ამოსუნთქვა გახანგრძლივებულია.
პირველად ემფიზემას მეორეულზე გაცილებით მეტად ახასიათებს მძიმე ფორმის ქოშინი. დაავადება სწორედ ამით იწყება. ავადმყოფს ვენტილაციის მოცულობა მოსვენებისასვე მაღალი აქვს, ამიტომ ფიზიკური დატვირთვის მიმართ მისი ტოლერანტობა ძალზე დაბალია. პირველადი ემფიზემისთვის დამახასიათებელ ქოშინის სიმპტომს განაპირობებს აუცილებლობა, ამოსუნთქვისას ბრონქებში წნევა გაიზარდოს და შემცირდეს წვრილი ბრონქების ექსპირაციული კოლაფსი, რომელიც აფერხებს ვენტილაციის მოცულობის ზრდას. პირველადი ემფიზემის დროს სისხლის აიროვანი შემადგენლობა უფრო მეტად არის შეცვლილი.

დიაგნოსტიკა. უნდა ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ადგენენ ფილტვების ჰაერით გადავსებას და დიაფრაგმის დაბლა დგომას. ასევე აუცილებელია ფილტვების ფუნქციონალური კვლევა, ვინაიდან სწორედ მისი მეშვეობით ადგენენ ამოსუნთქული ჰაერის ოდენობის შემცირებას.

მკურნალობა. პირველადი ემფიზემის მკურნალობა ითვალისწინებს:

  • სუნთქვით ვარჯიშებს, რომლებიც მიზნად ისახავს სუნთქვით აქტში დიაფრაგმის მაქსიმალურად ჩართვას;
  • ოქსიგენოთერაპიას (ჟანგბადით მკურნალობას);
  • ფილტვებზე თამბაქოსა და სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების გამორიცხვას;
  • ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვას;
  • თერაპიას ალფა 1-ანტიტრიფსინის ინჰიბიტორებით;
  • ინფექციის თანდართვის შემთხვევაში - ანტიბიოტიკოთერაპიას.

მეორეული ემფიზემის დროს საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა და სუნთქვითი და გულის უკმარისობის საწინააღმდეგო თერაპია, რათა ფილტვების ფუნქცია თანდათან უფრო და უფრო მეტად არ დაირღვეს, არ მოხდეს გულის მარჯვენა ნაწილის გადაძაბვა და არ ჩამოყალიბდეს ფილტვების უკმარისობა ან გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა (ფილტვისმიერი გული).
მეორეული ემფიზემის პროფილაქტიკა ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის პროფილაქტიკას გულისხმობს.

 

 

ელექტროტრავმა – electrotrauma – элекротравма

ელქტროტრავმა დაზიანებაა, რომელსაც ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედება იწვევს და ხშირად სიკვდილით სრულდება. ელექტროტრავმა შეიძლება მოჰყვეს დენის წყაროსთან სხეულის უშუალო ან რკალურ კონტაქტს (ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი მეტისმეტად ახლოს არის დენის წყაროსთან, მაგრამ არ ეხება მას).
ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედების ხარისხი მრავალი ფაქტორით განისაზღვრება. მათ შორის აღსანიშნავია დენის ფიზიკური პარამეტრები, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, გარემოს თავისებურებანი. დადგენილია, რომ 450-500 ვოლტი ძაბვის შემთხვევაში საშიშია ცვლადი დენი, უფრო მაღალი ძაბვისას კი - მუდმივი.
დენის გამღიზიანებელ ზემოქმედებას ადამიანი 1 მა-დან გრძნობს. 15 მა ძალის დენის ზემოქმედების შედეგად ვითარდება კუნთების ძლიერი სპაზმი (შეკუმშვა), რის გამოც ადამიანი დენის წყაროს ეწებება, ამიტომ პირველი დახმარების აღმოჩენამდე დენის წყარო უნდა გამოირთოს, ოღონდ ისე, რომ საფრთხე თვითონ დამხმარეს არ დაემუქროს. მიწებების ეფექტი გაცილებით ნაკლები ძალის დენმაც შეიძლება გამოიწვიოს. ელექტროტრავმა სასიკვდილოა 100 მა-ზე მეტი ძალის დენის შემთხვევაში.
ორგანიზმში ელექტრული დენის გავლისას:

  • ეშვება გულის ქსოვილი, რაც გულის რიტმის დარღვევას და გულის გაჩერებას იწვევს;
  • ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემა, რაც შესაძლოა სუნთქვის შეწყვეტის მიზეზად იქცეს;
  • ელექტრული დენის ორგანიზმში შესვლისა და გამოსვლის ადგილას ვითარდება დამწვრობა.

განასხვავებენ ელექტროტრავმის სამ სახეს:

  • მაღალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
  • დაბალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
  • მეხით გამოწვეულს.

მაღალი ძაბვით გამოწვეული ელექტროტრავმა უმეტესად სასიკვდილოა. ამ დროს სხეულზე მოქმედებს 2000-40000С ტემპერატურა, რომელიც ძლიერ დამწვრობას იწვევს. კუნთების ძლიერი შეკუმშვა დაშავებულის დიდ მანძილზე გადასროლისა და მოტეხილობების მიზეზად იქცევა.
მაღალი ძაბვის დენით მიღებული ელექტროტრავმის დროს:

  • 4 დაუყოვნებლივ ვიძახებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას;
  • 4 იკრძალება დაშავებულთან 18 მეტრზე ახლოს მისვლა, ვიდრე არ გამოირთვება დენი და არ მოხდება იზოლაცია.

მაღალი ძაბვით მიღებული ელექტროტრავმის შედეგად ადამიანი, როგორც წესი, გონს კარგავს, ამიტომ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ, პირველ ყოვლისა, მისთვის სასუნთქი გზების გახსნაზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ თავის უკან გადაწევა კატეგორიულად იკრძალება, დასაშვებია მხოლოდ ქვედა ყბის წინ წამოწევა. უნდა შემოწმდეს სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს რეანიმაციული ღონისძიებები (ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი). თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქავს, ის გადაყვანილ უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილას.

დამწვრობისა და მოტეხილობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სათანადო პირველი დახმარება.
დაბალი ძაბვის დენით გამოწვეული ელექტროტრავმა შესაძლოა სხეულის მძიმე დაზიანების და სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. ამ ტიპის ტრავმას ხშირად იწვევს დაზიანებული ჩამრთველი, ელექტროგაყვანილობა და მოწყობილობა. სველ იატაკზე დგომისას ან სველი ხელებით ელექტროგაყვანილობასთან შეხებისას ელექტროტრავმის მიღების რისკი იმატებს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს დენი უმეტესად ხელის არეში შედის და ტერფიდან გამოდის. ამ დროს ზიანდება შინაგანი ორგანოები, ამიტომ აუცილებლად უნდა გაირკვეს, როგორი იყო სხეულში ელექტროდენის მიმართულება - ეს ექიმს საშუალებას აძლევს, ამა თუ იმ ორგანოს დაზიანება ივარაუდოს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს:

  • არ შეიძლება დაშავებულთან შეხება, ვიდრე არ შეწყდება დენის წყაროსთან კონტაქტი - შესაძლოა, ელექტროტრავმა დამხმარემაც მიიღოს. დენის წყაროს მოსაშორებლად არ შეიძლება ლითონის საგნის გამოყენება. თუ შესაძლებელია, დენის მიწოდების შესაწყვეტად უნდა გამოირთოს ჩამრთველი. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დამხმარე უნდა დადგეს მშრალ მაიზოლირებელ საგანზე (ფიცარზე, რეზინის ან პლასტმასის საფენზე, წიგნის ან გაზეთების დასტაზე) და დაშავებულს დენის წყარო ცოცხის, ხის ჯოხის, სკამის საშუალებით მოაშოროს. შეიძლება თავად დაშავებულის გადაადგილებაც: ტერფებზე ან მხრებზე ისე უნდა შემოვახვიოთ ბაწარი, რომ სხეულზე არ შევეხოთ, უკიდურეს შემთხვევაში, მოვკიდოთ ხელი მშრალ ტანსაცმელზე (თუ ტანზე მჭიდროდ არ აქვს მიკრული) და ასე გავათრიოთ.
  • თუ დაშავებული უგონოდ არის, უნდა გავუხსნათ სასუნთქი გზები, შევუმოწმოთ სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩავუტაროთ სარეანიმაციო ღონისძიებები.
  • თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქვა და პულსი აღენიშნება, უნდა მოთავსდეს უსაფრთხო ადგილას, დამწვარი ადგილები გაგრილდეს და დაედოს სუფთა ნახვევი.
  • დროულად უნდა იქნეს გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თუ დაშავებულს ელექტროტრავმის შემდეგ არ აღენიშნება ხილული დაზიანებები და თავს კარგად გრძნობს, უმჯობესია, კარგად დაისვენოს.
მეხით გამოწვეული ელექტროტრავმის დროს ხშირია დამწვრობა, სახისა და თვალების დაზიანება. მეხმა შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილიც. დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას და პირველი დახმარება ჩაუტარდეს ისე, როგორც სხვა სახის ელექტროტრავმის შემთხვევაში.

 

 

ეკლამფსია – eclampsia – эклампсия

ეკლამფსია ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის მძიმე ფორმაა. ახასიათებს არტერიული წნევის მკვეთრი მატება, რაც ძალზე სახიფათოა როგორც დედის, ისე ბავშვის სიცოცხლისთვის. ეკლამფსიის დროს ორსულის მდგომარეობის სიმძიმეზე მიუთითებს ყველა მნიშვნელოვანი სისტემისა და ორგანოს ფუნქციის დარღვევა. ის უპირატესად მშობიარობისას ვითარდება, იშვიათად - მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ. შედარებით ხშირია პირველმშობიარეებს (განსაკუთრებით - ხანდაზმულ პირველმშობიარეებს) და იმ ქალებს შორის, რომელთაც ღვიძლის, თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა, ნეიროენდოკრინული და სხვა სისტემების დაავადება აქვთ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ეკლამფსიის მნიშვნელოვანი სიმპტომია სხეულის მუსკულატურის კრუნჩხვითი მოძრაობები, რომლებსაც თან სდევს გონების დაკარგვა (კომა). კრუნჩხვის შეტევას წინ უძღვის ნეფროპათიის (ჰიპერტონია, შეშუპება, პროტეინურია) ფონზე განვითარებული პრეეკლამფსიის სიმპტომები: თავის ტკივილი, ნაპერწკლების მაგვარი ნათება თვალწინ, ტკივილი გულის კოვზთან, შფოთვა, არტერიული წნევის მატება, ცილა შარდში.
ეკლამფსიის შეტევა 1-2 წუთს გრძელდება და მოიცავს რამდენიმე პერიოდს:

1 - კრუნჩხვის წინარე პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. სახის კუნთები ტოკავს, გუგები ფართოვდება, ქუთუთოებიდან ჩანს მხოლოდ თეთრი სკლერა, ტუჩის კუთხეები დაბლა ეშვება.

2 - ტონური კრუნჩხვის პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. ამ დროს ხდება მთელი სხეულის კუნთების ტეტანური შეკუმშვა, ავადმყოფი წელში იზნიქება, სუნთქვას წყვეტს, სახე თანდათან ულურჯდება.

3 - კლონური კრუნჩხვების პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. ვითარდება სახის, ტანისა და კიდურების კუნთთა ძლიერი სპაზმი, რომელიც თანდათან სუსტდება. ორსული ხროტინებს, პირიდან სდის სისხლნარევი (ენაზე კბენის გამო) ქაფი.

4 - შეტევის დასრულების პერიოდს. ის ზოგჯერ საათობითაც კი გრძელდება. ავადმყოფი კომურ მდგომარეობაშია, გონება ნელ-ნელა უბრუნდება, მომხდარი არ ახსოვს.

ხშირად შეტევას თან სდევს ტემპერატურის მატება და პულსის გაიშვიათება. შეტევის შემდეგ იმატებს არტერიული წნევა. ზოგჯერ კომურ მდგომარეობაში ხელახლა ვითარდება კრუნჩხვა.
მეტად იშვიათია ეკლამფსიის კრუნჩხვის გარეშე მიმდინარე ფორმა - ავადმყოფი მყისვე კომურ მდგომარეობაში ვარდება. ამ შემთხვევაში პროგნოზი ძალიან ცუდია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემების, მათ შორის - ნერვული სისტემის ფუნქციის ძლიერი დარღვევის გამო იმატებს ორგანიზმის აგზნებადობა, ამიტომ ნებისმიერმა გამღიზიანებელმა (ტკივილმა, ხმაურმა, მკვეთრმა სინათლემ) შესაძლოა ახალი შეტევის პროვოცირება მოახდინოს.
შეტევის დროს მოსალოდნელია ასფიქსია, ენის მოკვნეტა, მოტეხილობა. კრუნჩხვის დასრულების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ასპირაციული პნევმონია და ღვიძლ-თირკმლის უკმარისობა. ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს კრუნჩხვითი შეტევის დროს ან მის შემდეგ თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის, ასფიქსიის, ფილტვების შეშუპების გამო. არცთუ იშვიათად მწვავე ჰიპოქსიის გამო იღუპება ნაყოფი.

დიაგნოსტიკა. ეკლამფსიის დიაგნოსტირება ძნელი არ არის. კრუნჩხვითი შეტევები ორსულობისას, მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ დიაგნოზის დასმას აადვილებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ზოგიერთი დაავადებისგან ეკლამფსიის დიფერენცირება.

ეს დაავადებებია:

  • ჰიპერტონიული ენცეფალოპათია. მასზე მიუთითებს ანამნეზში ჰიპერტონიული დაავადების არსებობა, ეკგ-ის დამახასიათებელი ცვლილებები და შარდში პათოლოგიური ცვლილებების არარსებობა;
  • ეპილეფსია, რომელზეც შეშუპებისა და ჰიპერტონიის არარსებობა, გუგების შევიწროება მიუთითებს;
  • თავის ტვინის სიმსივნე. მასზე მეტყველებს გვიანი ტოქსიკოზის ნიშნების არარსებობა, სიმპტომატიკის თანდათანობითი გაძლიერება, შეგუბებითი მოვლენები თვალის ფსკერზე;
  • ისტერიკა ამ დროს ტოქსიკოზის სიმპტომები არ აღინიშნება. გონება და რეფლექსები შენარჩუნებულია.

მკურნალობა. ეკლამფსიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ითვალისწინებს:

  • წოლით რეჟიმსა და სიმშვიდეს, მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური და ტკივილის გამომწვევი გამღიზიანებლებისგან იზოლირებას (ავადმყოფი უნდა მოთავსდეს ჩაბნელებულ, კარგად ვენტილირებად პალატაში, სადაც ვერ აღწევს ხმაური. საწოლთან მუდმივად უნდა მორიგეობდეს ბებიაქალი, რომელიც ექიმის ხელმძღვანელობით ახორციელებს სამკურნალო-ჰიგიენური ღონისძიებების კომპლექსს).
  • არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი სისხლძარღვთა სპაზმის მოხსნას;
  • დეჰიდრატაციულ თერაპიას, რომელიც აძლიერებს დიურეზს, ხელს უშლის ტვინის შეშუპებასა და ჰიპერტენზიის განვითარებას (ლაზიქსი, ფუროსემიდი, მანიტოლი);
  • ვენაში წვეთოვანი სახით ცილოვანი (ალბუმინი, პროტეინი, მშრალი პლაზმის ხსნარი) პრეპარატების შეყვანას, დეტოქსიკაციისთვის გლუკოზა-ნოვოკაინის ხსნარის, რეოპოლიგლუკინის, ჰემოდეზის გადასხმას;
  • ოქსიგენოთერაპიას - ჟანგბადით სუნთქვას.

ჩამოთვლილი მეთოდების არასათანადო ეფექტიანობის შემთხვევაში ნაჩვენებია ადრეული მშობიარობა ან საკეისრო კვეთა.
ეკლამფსიის შეტევაგადატანილ ორსულებს განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდებათ. მშობიარობის შემდეგ მათ ყოველდღიურად უზომავენ არტერიულ წნევას, ყოველ მეორე-მესამე დღეს უკეთებენ შარდის ანალიზს, აკვირდებიან მელოგინის საერთო მდგომარეობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებას და სასაქესო ორგანოების ინვოლუციის პროცესს. ეს საჭიროა მშობიარობის შემდგომი სეპტიკური და სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად. ახალშობილებს არცთუ იშვიათად დაქვეითებული აქვთ სენშეუვალობა ინფექციების მიმართ, ამიტომ ახლობლებისა და პედიატრის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

 

 

ეზოფაგიტი – oesophagitis – эзофагит

ეზოფაგიტი საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს, მიზეზის კვალობაზე - ალიმენტურს (იწვევს მეტისმეტად ცხელი ან ცივი, უხეში საკვების, ალკოჰოლის მიღება), პროფესიულს (მჟავას, ტუტეს ან მძიმე მეტალის ორთქლის ჩასუნთქვის შედეგია), შეგუბებითს (იწვევს საყლაპავში საკვების დიდხანს გაჩერება დივერტიკულის, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნის, სტენოზის, კარდიის აქალაზიის შემთხვევაში), ალერგიულს (ხშირია ბავშვებში საკვებისმიერი ალერგიის დროს, მოზარდებში ბრონქული ასთმის დროს), დისმეტაბოლურს (ვითარდება პოლიჰიპოვიტამინოზის, რკინის დეფიციტის, კანის დიდი ფართობის დამწვრობის, პორტული ჰიპერტენზიის ფონზე), პეპტიურს და რეფლუქს-ეზოფაგიტს (განაპირობებს კუჭის წვენის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის განუწყვეტელი უკუგადმოსროლა).
თითქმის ყოველგვარი ეზოფაგიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ირადიაცია ზურგისა და ზედა კიდურებისკენ. ეს შეგრძნება ძალიან ჰგავს სტენოკარდიულ ტკივილს და ძლიერდება საკვების მიღებისას. დამახასიათებელია ტკივილის კავშირი ჭამასთან და დისფაგია.
რეფლუქს-ეზოფაგიტის (გასტროეზოფაგურ-რეფლუქსური დაავადების) განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის დისფუნქცია, იშვიათად - დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი. საყლაპავის მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევას თან სდევს კუჭიდან გადმოსროლილი მჟავე მასის შეკავება და ხანგრძლივი კონტაქტი საყლაპავის ლორწოვანთან, რაც განაპირობებს კიდეც რეფლუქს-ეზოფაგიტის განვითარებას. მას ახასიათებს: ჭამასთან დაკავშირებული გულძმარვა, რომელიც წოლისას, დახრისას და ფიზიკური დატვირთვისას ძლიერდება; წამოღებინება მჟავე ან ნაღვლის შემცველი შიგთავსით; დისფაგია, რომელიც მცირდება ანტაციდების ან ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღების შემდეგ; ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც სტენოკარდიისგან დიფერენცირებას მოითხოვს; ღამის ხველა ან ასთმის შეტევები, რომელთა კუპირება ანტირეფლექსური თერაპიით შეიძლება.

დიაგნოზი დაისმის ენდოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე. ზოგჯერ საჭიროდ მიიჩნევენ ბიოფსიური მასალის შესწავლას და დღეღამურ pH-მეტრიას, რომლის საშუალებითაც ხდება ატიპური სიმპტომების (მათ შორის - გულის არეში აღმოცენებული ტკივილი) დიფერენცირება.
მკურნალობის წამყვანი კომპონენტებია კვების რეჟიმის დაცვა და ცხოვრების ნირის შეცვლა. კერძოდ, საჭიროა კვება რეგულარულად და მცირე ულუფებით, ალკოჰოლზე უარის თქმა, ცხიმის შეზღუდვა, 10-15-საათიანი ძილი შემაღლებულ სასთუმალზე.
მედიკამენტებიდან ინიშნება ანტაციდები, პროკინეტიკები და ანტისეკრეტორული საშუალებები, ეროზიული ეზოფაგიტის შემთხვევაში - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (იხ. რეფლუქსი).

 

 

ეგზოსტოზი – exostosis – экзостоз

ეგზოსტოზი არის ხაზოვანი, სფერული ან სხვაგვარი ფორმის ერთეული ან მრავლობითი არასიმსივნური, ძვლოვანი ან ძვლოვან-ხრტილოვანი წანაზარდი ძვლის ზედაპირზე. ის ნელ-ნელა იზრდება, არც მტკივნეულია და არც სხვაგვარ დისკომფორტს იწვევს, ამიტომ უმეტესად შეუმჩნეველი რჩება. აღმოაჩენენ შემთხვევით, რენტგენოლოგიური კვლევისას, ან მაშინ, როცა წანაზარდი შესამჩნევი ხდება.
ეგზოსტოზის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება და გაზრდილი ძვლოვანი ქსოვილის მოკვეთას ითვალისწინებს.

 

Don`t copy text!