Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 369

გულის უკმარისობა – Cardiac Insufficiency – сердечная недостаточность

გულის უკმარისობა არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც გულს უნარი არ შესწევს, ორგანოები და ქსოვილები მათი ნორმალური ცხოველქმედებისთვის საჭირო ოდენობის სისხლით მოამარაგოს.
თავდაპირველად გული ნებისმიერ ვითარებაში აწვდის ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო ოდენობის სისხლს, თუმცა ამისთვის საჭირო ხდება ყველა საკომპენსაციო მექანიზმის მობილიზება. თანდათან ეს მექანიზმები დატვირთვას ვეღარ უძლებს და სუსტდება. ვითარდება გულის უკმარისობა. თავდაპირველად ის მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას ვლინდება, მოგვიანებით კი - მოსვენების დროსაც.
გულის უკმარისობის ნაცვლად ზოგჯერ ხმარობენ ტერმინებს: გულის ნაკლოვანება ან გულის დეკომპენსაცია. ეს მდგომარეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1-2%-ს აღენიშნება. მისი გავრცელების მაჩვენებელი ასაკთან ერთად იზრდება. 75 წელს გადაცილებულ პირებს შორის გულის უკმარისობა 10%-ზე მეტს აქვს.

მიზეზები. გულის უკმარისობა შეიძლება იყოს როგორც პირველადი (თვით გულის დაავადებით გამოწვეული), ისე მეორეული - განპირობებული სხვა ორგანოთა დაავადებით. მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
 მიოკარდიუმის ინფარქტი - როგორც მწვავე პროცესი, ისე პოსტინფარქტული მდგომარეობა;
 ჰიპერტონიული დაავადება;
 გულის მანკი;
 ანემია;
 მიოკარდიტი;
 ტოქსიკური ჩიყვი;
 ჰიპერთირეოზი;
 ფილტვების პათოლოგია;
 ორსულობა.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, მწვავედ მიმდინარეობს იგი თუ ქრონიკულად და უპირატესად რომელი პარკუჭის ნაკლოვანებაა გამოხატული. ამის კვალობაზე, განასხვავებენ მარცხენაპარკუჭოვან, მარჯვენაპარკუჭოვან და ტოტალურ უკმარისობას. ასევე, ხდება კლასიფიცირება სისტოლურ და დიასტოლურ ფორმებად. სისტოლური უკმარისობისას დაქვეითებულია გულის კუნთის შეკუმშვის უნარი, ხოლო დიასტოლური უკმარისობისას შეზღუდულია პარკუჭების გაფართოების უნარი და შემცირებულია მათი სისხლით ავსების ინტენსივობა.
მარცხენა პარკუჭის მწვავე ნაკლოვანება ანუ კარდიული ასთმა შეიძლება განვითარდეს ფიზიკური და ემოციური გადაძაბვის, კრიზის, ჭარბი საკვების ან სასმლის მიღების, მოწამვლის დროს. კარდიული ასთმა და ფილტვების შეშუპება მარცხენა წინაგულში მოძრავი თრომბის არსებობამაც შეიძლება გამოიწვიოს.
მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობისას, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაავადების დიფერენცირება ბრონქული ასთმისგან, რათა სწორად ჩატარდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სავალალო შედეგი მივიღოთ.
მოსახლეობის უმრავლესობისათვის ტერმინი კარდიული ასთმა უცხოა, ამიტომ ბევრს ის ბრონქულ ასთმაში ერევა. კარდიული ასთმა, ბრონქულისგან განსხვავებით, ვითარდება მოწიფულ ან ხანშიშესულ ასაკში და ახასიათებს:
 ჩასუნთქვის გაძნელება;
 სიფერმკრთალე;
 პულსის გახშირება;
 უხვი ქაფიანი, ვარდისფერი ნახველი.
ბრონქულ ასთმას კი ახასიათებს:
 ამოსუნთქვის გაძნელება;
 გაფანტული ციანოზი (სილურჯე);
 ნორმალური ან შენელებული პულსი;
 მცირე ოდენობის ლორწოვან-წებოვანი ნახველი.
მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა მისი უეცარი და მკვეთრი გადაძაბვის შედეგად ვითარდება. მიზეზი შეიძლება იყოს ტოტალური კრუპოზული პნევმონია, ბრონქული ასთმა, პლევრიტი, გულმკერდის დეფორმაცია, ფილტვის ინფარქტი, გულის თანდაყოლილი მანკი. ამ დროს სისხლი სწრაფად გუბდება ვენურ სისტემასა და ღვიძლში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დიდდება. აღმოცენდება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და შეშუპება. ამასთან ერთად, აღინიშნება:
 ძლიერი ქოშინი;
 გულმკერდში ზეწოლის შეგრძნება და ტკივილი;
 ძლიერი სისუსტე;
 კისრის ვენების შებერვა;
 არტერიული წნევის დაქვეითება.
გულის ნებისმიერი სახის მწვავე ნაკლოვანების შემთხვევაში ავადმყოფს პირველსავე წუთებში უნდა ჩაუტარდეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. თვითმკურნალობამ შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს გულის ფუნქციის დარღვევის გამო ვითარდება ორგანოებისა და ქსოვილების ჰიპოქსია, რაც შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების) ფუნქციის მოშლას იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, უფრო მეტად აუარესებს გულის მუშაობას. გულის ქრონიკული დაავადებების დროს მარცხენა ან მარჯვენა პარკუჭის იზოლირებული უკმარისობა შედარებით იშვიათია. უმეტესად ორივე პარკუჭის შეკუმშვის ფუნქციაა დაქვეითებული, რის გამოც ხდება შეგუბება სისხლის მიმოქცევის როგორც დიდ, ისე მცირე წრეში. ეს უმთავრესად ისეთი პათოლოგიური პროცესით არის განპირობებული, რომელიც დიფუზურად აზიანებს გულის კუნთს, უმეტესად - გულის ქრონიკული იშემიური დაავადებით, სიმპტომური ჰიპერტენზიით, კარდიოსკლეროზით.
გულის ქრონიკული უკმარისობის საწყის სტადიაში ავადმყოფებს ერთხანს არაფერი აწუხებთ. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ თავს იჩენს:
 ადვილად დაღლა;
 შრომის უნარის დაქვეითება;
 ჰაერის უკმარისობა;
 ქოშინი;
 გულისცემის გახშირება.
მერე და მერე გულის აჩქარება და ქოშინი მოსვენების დროსაც ვითარდება და ერთვის:
 ფეხების შეშუპება;
 შარდის დღეღამური ოდენობის შემცირება;
 ღამის შარდვა;
 ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდის ქვეშ.
ნიუიორკული კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის ხარისხს ეფუძნება, გულის ქრონიკული უკმარისობა ოთხ კლასად იყოფა.
I კლასი - ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვა სისუსტეს, დაღლას, ქოშინსა და ტაქიკარდიას არ იწვევს.
II კლასი - აღინიშნება ფიზიკური აქტივობის ზომიერი შეზღუდვა. მოსვენებისას პათოლოგია არ ვლინდება.
III კლასი - აღინიშნება ფიზიკური აქტივობის გამოხატული შეზღუდვა. ავადმყოფი კომფორტულად თავს მხოლოდ მოსვენებისას გრძნობს.
IV კლასი - გულის უკმარისობისთვის ჩვეული მოვლენები მოსვენების დროსაც კი ვლინდება.
ამ კლასიფიკაციის გათვალისწინებით, მკითხველისთვის იოლი მისახვედრი უნდა იყოს, როდის მიმართოს ექიმს, რათა დროულად აღკვეთოს პათოლოგია. ძირითადი დაავადების მართებული მკურნალობა ხშირად ამცირებს გულის ქრონიკული უკმარისობის გამოვლინებას. ამ პოტენციურად უკუგანვითარებადი მიზეზების რიცხვს მიეკუთვნება არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, ალკოჰოლიზმი, ტოქსიკური ჩიყვი, მიქსედემა, პერიკარდიტი, ანემია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
გულის ქრონიკული უკმარისობის პროვოცირებას ხშირად იწვევს ესა თუ ის ინფექცია, ფიზიკური აქტივობის ინდივიდუალური რეჟიმის დარღვევა, ჭარბი მარილისა და სითხის მოხმარება და უძილობა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გულის უკმარისობის დიაგნოსტირება ძნელი არ არის. ის ანამნეზურ მონაცემებსა და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ემყარება. ამასთანავე, მკურნალობა სწორად რომ წარიმართოს, აუცილებელია ძირითადი (გულის უკმარისობის გამომწვევი) დაავადების ამოცნობაც. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ რენტგენოლოგიურ და ექოკარდიოგრაფიულ გამოკვლევებს. შედარებით ნაკლებინფორმაციულია ელექტროკარდიოგრაფია. სისხლის ანალიზი ძირითადი დაავადების (ანემიის, თირეოტოქსიკოზის და სხვა) გამოვლენაში გვეხმარება.
გულის მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის დროს (კარდიული ასთმა, ფილტვების შეშუპება) აუცილებელია გადაუდებელი ღონისძიებები. ავადმყოფი უნდა იწვეს მაღალ სასთუმალზე ან იჯდეს და ფეხები ჩამოშვებული ჰქონდეს. შემდგომი ღონისძიებები უკვე ექიმმა უნდა განახორციელოს.
გულის ქრონიკული უკმარისობისას მეტად მნიშვნელოვანია მკურნალობის სქემის მართებული შერჩევა და თანამიმდევრული მკურნალობა ამ სქემის მიხედვით. სამკურნალო საშუალებებიდან უმთავრესად იყენებენ აგფ-ინჰიბიტორებს, შარდმდენებს, ბეტა-ბლოკატორებს, საგულე გლიკოზიდებს, სტატინებს, ანტიკოაგულანტებსა და ანტიაგრეგატორებს. ეს პრეპარატები ინდივიდუალურად შეირჩევა, რაც ექიმის პრეროგატივაა.
თუ ავადმყოფი მედიკამენტურ მკურნალობას არ ექვემდებარება და პროგნოზი ცუდია, მიმართავენ გულის ტრანსპლანტაციას. გადანერგილი გულით ერთ წელს ცოცხლობს პაციენტთა 80%, ხოლო ხუთ წელს - 75%. ზოგიერთი ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელსაც კი აღწევს. გულის გადანერგვის შემდეგ პაციენტები კარგად იტანენ ფიზიკურ დატვირთვას.

პროფილაქტიკა. ერთი მხრივ, აუცილებელია ძირითადი დაავადების (მაგალითად, გულის იშემიური დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის) პროფილაქტიკა, მეორე მხრივ - უშუალოდ გულის უკმარისობის პროგრესირებისა და მისი რისკფაქტორების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

 

 

გულის იშემიური დაავადება – Cardiac Ishemia – ишемическая болезнь сердца

გულის იშემიური დაავადება (გიდ) გულის კუნთის სისხლით არასაკმარისი მომარაგების შედეგია. გულის სისხლძარღვების შევიწროების ან დახშობის გამო ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გადამტანი სისხლი მათში სათანადო ოდენობით ვერ გაედინება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. იმის მიხედვით, რამდენად არის გამოხატული, რამდენად ხანგრძლივია და რამდენად სწრაფად პროგრესირებს გულის შიმშილი, განასხვავებენ გიდ-ის რამდენიმე ფორმას. ესენია:

  • გიდ-ის უსიმპტომო ანუ ჩუმი ფორმა. ამ დროს გულის შიმშილი კლინიკური სიმპტომებით არ გამოვლინდება.
  • სტენოკარდია. ამ დროს გულის კვების უკმარისობა ვლინდება გულმკერდის არის ძლიერი ტკივილით, რასაც პროვოცირებას უწევს ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, სიცივე ან უზომო დანაყრება (იხ. სტენოკარდია).
  • გიდ-ის ასთმური ფორმა. ამ დროს გულის სისხლით არასათანადო მომარაგება ვლინდება გულის რიტმის მოშლით, უმეტესად - მოციმციმე არითმიით (იხ. კარდიული ასთმა).
  • მიოკარდიუმის ინფარქტი. ეს არის გულის კუნთის ნაწილის სიკვ¬დილი, რომელსაც მისი შიმშილი იწვევს (იხ. მიოკარდიუმის ინფარქტი).
  • უეცარი გულისმიერი სიკვდილი - გულის გაჩერება, რომელიც უმეტესად სისხლის მიწოდების მკვეთრი შემცირებით არის გამოწვეული. ამ დროს ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სასწრაფო სარეანიმაციო ღონისძიებებს შეუძლია (იხ. უეცარი სიკვდილი).

თუ გიდ-ს არ ვუმკურნალეთ, ჟანგბადის დეფიციტის გამო გული ნორმალურად ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციას, ამას კი ყველა დანარჩენ ორგანოში სისხლის მიწოდების შეზღუდვა მოჰყვება. ეს უკვე გულის ქრონიკული უკმარისობაა.

მიზეზები. გიდ გულის სისხლძარღვების (კორონარების) ათეროსკლეროზის გამო ვითარდება. ამ დროს არტერიის კედლებზე ჩნდება ე.წ. ფოლაქები, რომლებიც ან ავიწროებს სისხლძარღვების სანათურს, ან სავსებით ახშობს მათ. თავდაპირველად კორონარული სისხლძარღვების შევიწროება უმნიშვნელოა და გულმკერდის არის ტკივილით (სტენოკარდიით) ვლინდება. ათეროსკლეროზული ფოლაქის დაშლისას შევიწროებულ სისხლძარღვში ჩნდება თრომბები, რომლებიც მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს.
გულში სისხლის მიდინება ასევე შეიძლება შეაფერხოს კორონარული სისხლძარღვების სპაზმმა ან ანთებამ, რასაც მოწევა, სიმსუქნე, არტერიული წნევის მატება, წამლების უკონტროლო მიღება, ჰორმონული ცვლილებები, არასწორი კვება და ზოგიერთი სხვა მიზეზი იწვევს.

გართულებები. გიდ შესაძლოა გართულდეს გულის რიტმის დარღვევით ან ბლოკადით. მძიმე ფორმისას ვითარდება გულის ქრონიკული უკმარისობა. განვითარებულ ქვეყნებში გიდ სიკვდილისა და დაინვალიდების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მის წილად მოდის სიკვდილიანობის დაახლოებით 30%. ეს დაავადება ემუქრება ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეორე მამაკაცს. განსხვავება იმით არის განპირობებული, რომ ქალის სასქესო ჰორმონები სისხლძარღვებს რამდენადმე იცავს ათეროსკლეროზული დაზიანებისგან. მენოპაუზის შემდეგ ჰორმონული ფონის შეცვლის გამო ქალებში ინფარქტის განვითარების ალბათობა იზრდება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გიდ-ის ეჭვს ბადებს ავადმყოფის ჩივილები: ტკივილი გულმკერდის არეში, გულის რიტმის დარღვევა, ქოშინი. ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ელექტროკარდიოგრაფიას მიმართავენ. აუცილებელია ექოკარდიოგრაფიის ჩატარებაც. საჭიროებისას ინიშნება კარდიოანგიოგრაფია. ასევე უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, ჩატარდეს ბიოქიმიური კვლევა და კოაგულოგრაფია.
გიდ-ის მედიკამენტური მკურნალობისას გამოიყენება სხვადასხვაგვარი მოქმედების კომბინირებული პრეპარატები. ზოგიერთი პრეპარატი გულის სისხლძარღვებს აფართოებს, ზოგიერთი ამცირებს ამ ორგანოს დატვირთვას, აქვეითებს არტერიულ წნევას და ათანაბრებს გულის რიტმს. არსებობს საშუალებებიც, რომლებიც გიდ-ის ძირითად მიზეზს ებრძვის - სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს.
შევიწროებული არტერიის გაფართოება შესაძლებელია არცთუ ისე რთული ოპერაციით - კორონარული ანგიოპლასტიკით: სისხლძარღვის დაზიანებულ უბანში იდგმება სტენტი. რთულ შემთხვევებში კარდიოქირურგები მიმართავენ შუნტირებას, რომლის დროსაც დახშული სისხლძარღვი კარგად გამავალი ახალი სისხლძარღვით იცვლება (ის, როგორც წესი, კიდურის ვენისგან მზადდება).

 

 

გულის ბლოკადა – Cardiac blockade – блокада сердца

გულის ბლოკადას უწოდებენ გულის გამტარ სისტემაში იმპულსის გავრცელების შეფერხებას ან შეწყვეტას. გასაგები რომ გახდეს, რა არის ბლოკადა და რამდენად საშიშია ის, ორიოდე სიტყვა მაინც უნდა ითქვას გულის გამტარი სისტემის შესახებ. გულის მუშაობას მისი კუნთის შეკუმშვა-მოდუნება უზრუნველყოფს. შეკუმშვა ხორციელდება ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით, რომლებიც ე.წ. გამტარი სისტემის საშუალებით გულის კუნთის ყოველ ნაწილში გაივლის. იმპულსი წარმოიქმნება სინუსურ კვანძში, ვრცელდება წინაგულებში და მათ შეკუმშვას იწვევს, წინაგულებიდან იმპულსი ვრცელდება პარკუჭებში, სადაც გამტარი სისტემა იტოტება, რათა იმპულსმა პარკუჭის ყველა წერტილამდე მიაღწიოს. გამტარი სისტემის რომელიმე უბანში ელექტრული იმპულსების გატარების დარღვევას გულის ბლოკადას უწოდებენ.
გულის ბლოკადა შეიძლება განვითარდეს გულის კუნთის პრაქტიკულად ყოველგვარი დაზიანების (მათ შორის - სტენოკარდიის, მიოკარდიტის, კარდიოსკლეროზის, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის რომელიმე ნაწილის ჰიპერტროფიის, მომატებული დატვირთვის, ასევე - რომელიმე წამლის ზედოზირების ან არასწორად დანიშვნის შემთხვევაში. გულის ბლოკადა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითმა წინასწარგანწყობამ ან გულის განვითარების შეფერხებამ მუცლადყოფნის პერიოდში.
გულის ბლოკადის კლასიფიკაცია იმის მიხედვით ხდება, თუ რომელ ნაწილში ფერხდება იმპულსის გავლა: სინუსურ კვანძში, ატრიოვენტრიკულურ კვანძში თუ გამტარი სისტემის ტოტებში და როგორ გამოვლინდება იგი.
განასხვავებენ გულის ბლოკადის რამდენიმე ხარისხს:
I ხარისხის ბლოკადას - როცა იმპულსების გავლა გვიანდება;
II ხარისხის ანუ არასრულ ბლოკადას - როცა იმპულსების ნაწილი გამტარ სისტემაში საერთოდ არ გაივლის;
III ხარისხის ანუ სრულ ბლოკადას - როცა იმპულსების გატარება საერთოდ არ წყდება.
გულის ბლოკადა შეიძლება იყოს მყარი და გარდამავალი. პირველი მუდმივია, ხოლო მეორე მხოლოდ განსაზღვრულ მომენტებში აღმოცენდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა. გულის ბლოკადის კლინიკური სურათი მის ტიპზეა დამოკიდებული.
სინოატრიული ბლოკადა (დარღვეულია სინუსურ კვანძში გენერირებული იმპულსების გატარება წინაგულში) ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მძიმე მიმდინარეობისას აღინიშნება თავბრუხვევა, გულის წასვლა, იშვიათად - კრუნჩხვა.
წინაგულთაშუა ბლოკადა (შეფერხებულია იმპულსების გავრცელება წინაგულების მიოკარდიოციტებში) პათოლოგიური სიმპტომებით არ ვლინდება და არც მკურნალობას მოითხოვს.
ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (შეფერხებულია იმპულსების გავრცელება პარკუჭებში) ნაწილობრივიც შეიძლება იყოს და სრულიც. სრული ბლოკადის დროს პარკუჭების შეკუმშვის სიხშირე შეიძლება წუთში 30-მდე და უფრო მეტად დაეცეს (ზრდასრული ადამიანის ნორმალური გულისცემა მოსვენებისას წუთში 60-80-ს უტოლდება). თუ შეკუმშვებს შორის ინტერვალმა რამდენიმე წამს მიაღწია, ადამიანს შეიძლება გული წაუვიდეს, გაფითრდეს, კრუნჩხვა დაეწყოს (ეს ე.წ. მორგან-ადამს-სტოქსის სინდრომის სიმპტომებია) და საქმე ლეტალურ დასასრულამდეც კი მივიდეს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჩვეულებრივი ელექტროკარდიოგრაფიით შესაძლებელია გულის შეკუმშვების შეფასება მხოლოდ გამოკვლევის მომენტში, გულის ბლოკადა კი ყოველთვის არ არის მუდმივი. გარდამავალი ბლოკადის გამოსავლენად მიმართავენ სპეციალურ მონიტორულ გამოკვლევასა და ტესტებს. დიაგნოზის დასაზუსტებლად  ექოკარდიოგრაფიას ატარებენ.
მორგან-ადამს-სტოქსის სინდრომის აღმოცენების შემთხვევაში ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ და სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ.
გამტარი სისტემის ცალკეული ტოტის ბლოკადა მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ შესაძლოა, გულის რომელიმე ისეთ დაავადებაზე მიუთითებდეს, რომლის დროსაც მკურნალობა აუცილებელია. ზოგიერთი სახის ბლოკადა სათანადო პრეპარატით მკურნალობისას გაივლის, მაგრამ სრული ბლოკადა საგრძნობლად აუარესებს ავადმყოფის მდგომარეობას. ამ დროს პირდაპირ არის ნაჩვენები რიტმის ხელოვნური მატარებლის გადანერგვა, დროებითი ან მუდმივი პარკუჭოვანი სტიმულატორების გამოყენება.
ვინაიდან გულის დაავადებების სამკურნალო რამდენიმე პრეპარატი ხელს უწყობს გულის ბლოკადის აღმოცენებას, აუცილებელია მათი მიღების წესების ზედმიწევნით დაცვა და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება.

 

 

გრიპი ქათმის – Grippus avium – грипп птичий

ქათმის ანუ ფრინველის გრიპი ფრინველის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც A ტიპის გრიპის ვირუსის ერთ-ერთი შტამი იწვევს. მან პირველად საუკუნის წინათ იტალიაში იჩინა თავი, დღეს კი უკვე ყველგან გვხვდება. ქათმის გრიპის ვირუსით ნებისმიერი ფრინველი შეიძლება დასნებოვნდეს, თუმცა ზოგიერთი სახეობა შედარებით იშვიათად ინფიცირდება. გარეულ ფრინველებში ქათმის გრიპი ფარულად მიმდინარეობს და ეპიდემიური თვალსაზრისით საშიში არ არის, შინაურ ფრინველებში კი შესაძლოა მეტად მძიმე, მომაკვდინებელი სნეულება და ეპიდემია გამოიწვიოს.
შინაურ ფრინველებში ინფექცია ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი კვერცხდების შემცირებას ან სასუნთქი სისტემის დაავადებას იწვევს. არსებობს ელვისებური ფორმაც, რომელიც წინამორბედი სიმპტომების გარეშე ფრინველის სიკვდილით სრულდება. ქათმის გრიპს ფრინველები ავრცელებენ. ვირუსის რეზერვუარად მიჩნეულნი არიან გადამფრენი წყლის ფრინველები - გარეული იხვი, ბატი, ყანჩა და სხვები. მათ ვირუსი ნაწლავებით გადააქვთ და ნერწყვსა და ფეკალურ მასასთან ერთად გარემოში გამოყოფენ. გამომწვევი ყველაზე ხშირად სწორედ ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა.
ფრინველის გრიპის ვირუსი უძლებს ყინვას, მაგრამ რამდენიმე წამში კვდება მაღალ ტემპერატურაზე, მაგალითად, მდუღარე წყალში ან გახურებულ ტაფაზე. ინფიცირებული ფრინველის ხორცის საკვებად გამოყენება, თუ ის თერმულად სათანადოდ არის დამუშავებული, დაავადებას არ გამოიწვევს, მაგრამ საშიშია გრიპით დაავადებულ მკვდარ ფრინველთან შეხება - მის სხეულზე გრიპის ვირუსის არსებობის ალბათობა ძალიან დიდია.
ადამიანებში ფრინველის გრიპი ისეთსავე სიმპტომებს იწვევს, როგორსაც გრიპის ნებისმიერი სხვა ვირუსი: მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის გაძნელებას, ხველას, ყელისა და კუნთების ტკივილს. ეს ვირუსი იმით არის საშიში, რომ ძალიან მალე იწვევს პნევმონიას, გულისა და თირკმელების მხრივ მძიმე გართულებებს.
ფრინველის გრიპის ვირუსი, თეორიულად, ადამიანის ინფიცირებას არ უნდა  იწვევდეს, მაგრამ 1997 წლიდან დღემდე ინფიცირებისა და სიკვდილის რამდენიმე ათეული შემთხვევა აღირიცხა. ადამიანი ქათმის გრიპის გავრცელების ჯაჭვში უკანასკნელ რგოლს წარმოადგენს. დასნებოვნება შესაძლებელია ცოცხალ ინფიცირებულ ფრინველთან ან ავადმყოფი ფრინველის ხორცთან კონტაქტით. არ არის აღრიცხული ამ ვირუსის ადამიანისგან ადამიანისთვის გადაცემის შემთხვევა.
გარდა ადამიანისა, ფრინველის გრიპის ვირუსით დასნებოვნების შემთხვევები რეგისტრირებულია ვეშაპებს, ვირთხებს, ღორებს, წაულებსა და შინაურ ცხენებს შორის. ღორების პოპულაციაში გრიპის გავრცელება 1970, 1996 და 2004 წლებში აღირიცხა. ღორების ინფიცირება ერთი რამის გამოა საყურადღებო: ისინი შეიძლება დაავადდნენ როგორც ფრინველის, ისე ადამიანის გრიპით, ამ ორი ვირუსის თანხვედრის შემთხვევაში კი შესაძლოა მოხდეს ფრინველის გრიპის მუტაცია და მან ადამიანისგან ადამიანზე გავრცელების უნარი შეიძინოს. მუტაციის საშიშროება არსებობს ადამიანის ორგანიზმში ფრინველის გრიპისა და სხვა სახის გრიპის ვირუსების თანხვედრისას.

 

 

გრიპი – grippus – грипп

გრიპი მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერი ასაკის, სქესისა თუ ეროვნების ადამიანს დაემართოს. ამ დაავადებას ზოგჯერ ლეტალური შედეგი აქვს, განსაკუთრებით - მცირეწლოვან ბავშვებსა და მოხუცებში. გრიპის ეპიდემია, როგორც წესი, წელიწადის ცივ სეზონზე იფეთქებს ხოლმე და მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს ედება. გრიპი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიძლება დაგვემართოს. საერთო ჯამში ადამიანი ამ ინფექციით 1 წელი მაინც არის ავად და ამ ხნის მანძილზე ქმედობაუუნაროა, აქვს სიცხე, თავის ტკივილი, სხეულში ტეხის შეგრძნება. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმი გრიპის ვირუსის შხამიანი ცილებით იწამლება. გრიპი თანდათან ასუსტებს ორგანოთა ფუნქციონირებას. ამ დაავადების მძიმე ფორმები არცთუ იშვიათად გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი ორგანოების, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.
ეპიდემიაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც ერთ ქვეყანაში გრიპით ერთდროულად მრავალი ადამიანი ავადდება. ის, როგორც წესი, 3-6 კვირას გრძელდება. გრიპი სეზონური დაავადებაა. მისი ეპიდემია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომაზე და ზამთარში იფეთქებს ხოლმე, სამხრეთ ნახევარსფეროში კი - გაზაფხულზე და ზაფხულში. მისი ხანგრძლივობა 1-3 თვეა. ამის შემდეგ ვირუსი ქრება. სად ატარებს დანარჩენ დროს ეს მიკროორგანიზმი, სად და როგორ ხდება მისი ახალი ტიპების ფორმირება, დღემდე უცნობია. ვარაუდობენ, რომ ვირუსი ეკვატორის მიმდებარე რაიონებში ცირკულირებს - ტროპიკულ ქვეყნებში გრიპის შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. წელიწადის ცივ დროს გრიპით ავადობის გახშირება იმით აიხსნება, რომ ცივ და ნალექიან ამინდში დახურულ შენობებში უფრო მეტი ხალხი გროვდება. ვირუსის რეზერვუარი დაავადებული ადამიანია, თუმცა ბოლო ხანებში მომხდარმა ეპიდემიურმა აფეთქებებმა ცხადყო, რომ არ არის გამორიცხული, ვირუსი ადამიანს ცხოველისგანაც გადაედოს.
ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ვირუსი სასუნთქი გზების ლორწოვანიდან სუნთქვის, ცემინების, ხველებისა და ლაპარაკისას გამოიყოფა.
გრიპს ახასიათებს ძლიერი ტოქსიკოზი და ზომიერი კატარული მოვლენები. დაავადება უმეტესად ტრაქეასა და მსხვილ ბრონქებს აზიანებს. გრიპი მწვავედ იწყება. საინკუბაციო პერიოდი უმეტესად 1-2 დღეს გრძელდება, თუმცა შესაძლოა, 5 დღესაც გასტანოს. შემდეგ კლინიკური პერიოდი იწყება. დაავადების სიმძიმე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე, იმაზე, შეხვედრია თუ არა ადამიანს აქამდე ამ ტიპის ვირუსი. ამის  კვალობაზე, ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე და ჰიპერტოქსიკური ფორმა.
მსუბუქი ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა შესაძლოა ნორმალური დარჩეს ან სუბფებრილურ რიცხვებამდე (380C-მდე) მოიმატოს, ინტოქსიკაციის ნიშნები სუსტად არის გამოხატული ან სრულებით არ შეიმჩნევა.
საშუალო სიმძიმის ფორმის  დროს ტემპერატურა 38,5 0C-დან 39,5 0C-მდე იმატებს. ყალიბდება დაავადების კლასიკური სიმპტომები:
ინტოქსიკაცია (ჭარბი ოფლის გამოყოფა, სისუსტე, სინათლის შიში, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი);
კატარული მოვლენები (რბილი სასისა და ხახის უკანა კედლის სიწითლე, სკლერების ჰიპერემია);
რესპირატორული სიმპტომები (ტრაქეისა და ხორხის დაზიანება, ხმის შეცვლა, მშრალი მტკივნეული ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სურდო, ცხვირისა და ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, ციანოზი და სიმშრალე);
ფილტვების სეგმენტური დაზიანების სინდრომი - ფილტვგულისმიერი უკმარისობა, რომელიც გრიპის გავლასთან ერთად უკვალოდ ქრება;
აბდომინალური სინდრომი (მუცლის ტკივილი, დიარეა).
მძიმე ფორმის დროს ტემპერატურა 40-40,5 გრადუსს აღწევს. ზემოთ აღწერილ სიმპტომებს ხშირად ერთვის ენცეფალოპათიის ნიშნები (ფსიქოზური მდგომარეობა, კრუნჩხვითი შეტევები, ჰალუცინაციები), სისხლძარღვოვანი დაზიანებები (ცხვირიდან სისხლდენა) და ღებინება.
ჰიპერტოქსიკური ფორმის დროს დიდია ლეტალური შედეგის საფრთხე, განსაკუთრებით - რისკჯგუფის პაციენტებში. შესაძლოა, განვითარდეს მენინგიტი, ენცეფალიტი, ჰემორაგიული და შეშუპებითი სინდრომი (ფილტვების ან ტვინის შეშუპება).

თუ გრიპი გართულების გარეშე მიმდინარეობს, ცხელება 3-4 დღეში გაივლის, ხოლო 5-10 დღეში ადამიანი სავსებით იკურნება.
მკურნალობის მთავარი მეთოდია ვაქცინაცია ანუ იმუნიზაცია. ვაქცინაციის დროს ორგანიზმში მცირე რაოდენობით შეჰყავთ ინფექციის გამომწვევი. ის დაავადებას არ იწვევს, მაგრამ ანტისხეულების გამომუშავებას ასტიმულირებს და ვირუსის ველურ შტამთან შეხვედრისას ორგანიზმს მათი გამომუშავებისთვის დროის ხარჯვა აღარ უხდება. ანტისხეულები ვირუსს ბოჭავს და მის გამრავლებას აფერხებს. ასე რომ, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მთლად წამალი არ არის. ის ვირუსული ინფექციის იმიტირებას ახდენს, რათა ორგანიზმის იმუნურ სისტემას მასთან ბრძოლაში დაეხმაროს.
 
ზოგადჰიგიენური საშუალებები

  • გრიპის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი საშუალება დოლბანდის ნიღაბია, თუმცა დაავადებისგან თავის დასაცავად ეს არ კმარა.
  • ინფექცია ადვილად გადაედება ჭუჭყიანი ხელებიდან. ხელები დღეში 300-ჯერ მაინც ეხება ცხვირიდან და თვალებიდან გამონადენსა და ნერწყვს. დაბინძურებული საგნებიდან გრიპის ვირუსი ჯანმრთელი ადამიანის ხელზე გადადის, იქიდან კი ცხვირისა და პირის ღრუს ან თვალის ლორწოვანზე ხვდება. ამიტომ ეპიდემიის დროს თავი უნდა შევიკავოთ ხელის ჩამორთმევისგან. ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ, განსაკუთრებით - თუ დაავადებულთან კონტაქტი გვიწევს.
  • არიდეთ ბავშვები გრიპით დაავადებულებთან კონტაქტს.
     
    ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები
    გაკაჟდით.
    მიიღეთ პოლივიტამინები, C ვიტამინი (0,5 გ დღეში 1-2-ჯერ). ეს მოაწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და გაზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს. C ვიტამინს უხვად შეიცავს მჟავე კომბოსტო, ლიმონი, კივი, მანდარინი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი. სასარგებლოა მცენარეული ზეთით შეკაზმული ახალი კომბოსტოს სალათიც, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
    ეპიდემიის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით ყოველდღიურად მიიღეთ 2-3 კბილი ნიორი (ერთი კბილი მაინც). საკმარისია რამდენიმე წუთს ნიორი ღეჭოთ, რომ პირის ღრუ მთლიანად გაიწმინდება ბაქტერიებისაგან. ასეთივე ეფექტი აქვს ხახვს.
    უხვად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.
     
    დამატებითი საშუალებები
    1. დღეში 2-ჯერ საპნით დაიბანეთ ცხვირის ძგიდე და ნესტოები.
    2. ყელში გამოივლეთ კალიუმის პერმანგანატის, ფურაცილინის, სოდის ხსნარი, გვირილის ნაყენი.
    3. 3 ს/კ წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 50 მლ თბილი წყალი, დაამატეთ 1/2 ჩ/კ თაფლი და 30 წუთს გააჩერეთ. ნაყენი პიპეტით იწვეთეთ ცხვირში.
    4. გახეხილი ნივრისა და ხახვის ნარევს დაამატეთ ცხიმი და ცხვირის ლორწოვან გარსზე წაისვით.
    5. ჭურჭელში ჩაასხით 300 გ წყალი, აადუღეთ,  დაამატეთ 30-40 წვეთი ევკალიპტის ნაყენი ან 1/2 ჩაის კოვზი სოდა და გაიკეთეთ ინჰალაცია.
    6. ფეხები 5-10 წუთით ჩაყავით მდოგვიან ცხელ წყალში, შემდეგ ტერფები რომელიმე გამახურებელი კრემით დაიზილეთ.

 

 

გონორეა – Gonorrhoea – гоноррея

გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. ინფიცირება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი აქტის დროს ხდება. საყოფაცხოვრებო ნივთების, მაგალითად, სააბაზანოს ღრუბლის, პირსახოცის, უნიტაზის სახურავის მეშვეობით ზრდასრული ადამიანის დასნებოვნება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გოგონები ინფიცირდებიან დედის პირსახოცით გამშრალებისას, თუ მასზე შერჩენილია ჯერ კიდევ შეუმშრალი გონოკოკებით სავსე ჩირქი.
გონორეას გონოკოკი იწვევს. შარდსადენ მილში მისი მოხვედრისას ვითარდება ურეთრიტი (შარდსადენი არხის ანთება). თუ გონოკოკი საშოში მოხვდა, აღმოცენდება კოლპიტი (საშოს ანთება) ან ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთება). პირის ღრუში მოხვედრილი გონოკოკი იწვევს სტომატიტს (პირის ღრუს ანთებას), ტონზილიტს (ნუშურა ჯირკვლების ანთებას), ფარინგიტს (ხახის ანთებას), ხოლო სწორ ნაწლავში მოხვედრილი - პროქტიტს (სწორი ნაწლავის ანთებას).

სიმპტომები და მიმდინარეობა. დაავადების ფარული პერიოდი (გონოკოკი ორგანიზმშია, მაგრამ სიმპტომები ჯერ არ არის გამოვლენილი) რამდენიმე საათიდან 2-10 დღემდე გრძელდება.
ქალებში გონორეა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა არცთუ იშვიათად სიმპტომების მართებული შეფასება მათი გამოვლენის შემთხვევაშიც ვერ ხდება. მაგალითად, საშოდან მოყვითალო-მოთეთრო გამონადენს, ჩვეულებრივ, კანდიდოზს (რძიანას) უკავშირებენ, შარდვის დროს ტკივილს - ცისტიტს, არადა ერთიც და მეორეც შესაძლოა გონორეაზე მიუთითებდეს. დაავადებისას ქალი შესაძლოა უჩიოდეს ტკივილს მუცლის ქვედა არეში და სისხლიან გამონადენს მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდში.
მამაკაცებში გონორეა უფრო თვალსაჩინოდ ვლინდება: შარდსადენი არხიდან გამოიყოფა უსიამოვნო სუნის მქონე მოყვითალო-მოთეთრო ლორწო, შარდის გამოყოფის პროცესს უსიამოვნო შეგრძნებები (წვა, ტკივილი) ახლავს თან, სასქესო ასოს თავი წითლდება და შუპდება, შესაძლოა, მის ირგვლივ პატარ-პატარა წყლულებიც გაჩნდეს.
გონოკოკური ფარინგიტი პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ყელის ტკივილი აღმოცენდება. ყოველთვის არც პროქტიტის ამოცნობაა შესაძლებელი, იშვიათად თუ აღინიშნება სწორ ნაწლავში ქავილი და ფეკალურ მასებს მოჰყვება ლორწო და ჩირქი.
თუ გონორეა 2 თვის განმავლობაში არ განიკურნა, ქრონიკულ ხასიათს მიიღებს და თვალების, სახსრებისა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანებას დაიწყებს. ქალებში ქრონიკული გონორეა საშვილოსნოს დანამატების (საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის) ანთებას იწვევს და შესაძლოა, საქმე უშვილობამდეც კი მივიდეს. მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზიც ხშირად სწორედ შორსწასული გონორეაა.

დიაგნოსტიკა. გონორეაზე ეჭვის მიტანისთანავე უნდა მიმართოთ ვენეროლოგს. დღეს ამ დაავადების ანონიმურად მკურნალობაც შეიძლება. დიაგნოზს ჩივილებისა და გამოკვლევის საფუძველზე სვამენ. აუცილებელია შარდსადენი არხიდან გამონადენის ლაბორატორიული გამოკვლევა, ასევე - სისხლისა და შარდის ანალიზი.

მკურნალობა. მკურნალობის მართებული სქემის შერჩევა მხოლოდ ექიმ ვენეროლოგს შეუძლია. ამჟამად გონორეას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, პარალელურად ზრუნავენ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და უნიშნავენ ფიზიოპროცედურებს. თუ ერთ-ერთ სქესობრივ პარტნიორს გონორეა აღმოაჩნდა, მეორემ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - სათანადო მკურნალობა.

 

 

გონიტი – Gonitis – гонит

გონიტი (ბერძნული სიტყვიდან, რაც `მუხლს~ ნიშნავს) მუხლის სახსრის ანთებაა. ის, ისევე როგორც სხვა სახის ართრიტები, სახსარში ინფექციის შეჭრის შედეგად ვითარდება. ინფექცია იჭრება სისხლიდან, დაზიანებული მეზობელი ქსოვილიდან ან უშუალოდ დაზიანებული სახსრიდან (მაგალითად, ჭრილობიდან, რომელიც სახსარს უერთდება). გონიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე გონიტის დროს სახსრის ღრუში გროვდება სეროზული, ჩირქოვანი, ფიბროზული ან სხვა სახის გამონადენი, აღმოცენდება ტკივილი, სახსრის ზემოთ კანი წითლდება, იმატებს ტემპერატურა. გონიტისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურის თავისებური მდებარეობა: ავადმყოფი ფეხს ბოლომდე ვერ მართავს. ამას ექიმები კონტრაქტურას უწოდებენ. გონიტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას კონტრაქტურამ შესაძლოა მყარი ხასიათი მიიღოს. თუ პროცესში ხრტილიც ჩაერთო, გამორიცხული არ არის, ანკილოზი (სახსრის უძრაობა) ჩამოყალიბდეს.
ქრონიკული გონიტი ზოგჯერ მწვავე ფორმის გაგრძელებაა, ზოგჯერ კი ანთებას თავიდანვე ხანგრძლივად მიმდინარე ხასიათი აქვს (ასეთია, მაგალითად, ტუბერკულოზური და სიფილისური გონიტი). ქრონიკული გონიტი მიმდინარეობით მწვავეს ჰგავს, მაგრამ სიმპტომები ნაკლებად მკვეთრია.

მკურნალობა ანთების მიზეზებსა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. ინიშნება ანტიბიოტიკები, იმობილიზაცია, მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ოპერაციული ჩარევაც გახდეს საჭირო.
 

 

გოგირდის საცობები – Sulfur cork – серная пробка

გავრცელებული მოსაზრებით, ყურების ხშირი და საფუძვლიანი წმენდა სასარგებლოა. ეს მცდარი შეხედულებაა - ყურის ნიჟარა უნდა გაიწმინდოს, სასმენ მილში შეძვრომა კი საჭირო არ არის, ჯანმრთელი ყურები ჩვენს დაუხმარებლადაც იწმინდება. მათი თვითგაწმენდა გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან მდებარე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მოძრაობისას (ღეჭვის, ლაპარაკის, ხველის დროს) ხორციელდება.
გარეთა სასმენი მილი ორი ნაწილისგან შედგება. ხრტილოვანი ნაწილი გამოსასვლელის ახლოს მდებარეობს, ძვლოვანი - უფრო ღრმად. ხრტილოვანი ნაწილის კანი გოგირდის ჯირკვლებისა და თმის დახმარებით თავისთავად იწმინდება, გარეთა სასმენი მილის კანის თვითგაწმენდა კი კანის ზედაპირული უჯრედების ზრდის ხარჯზე ხორციელდება.
გოგირდი მხოლოდ ხრტილოვან ნაწილში წარმოიქმნება. ის სასმენი მილის კანს დაზიანებისა და ანთებისგან იცავს. ასე რომ, გოგირდი ჭუჭყი არ არის და არც მისგან ყურის სისტემატურად გაწმენდაა საჭირო.
ხრტილოვანი ნაწილიდან ძვლოვანში გადასასვლელი (ყელი) ვიწროა, ამიტომ როცა ადამიანი ყურს დამოუკიდებლად იწმენდს, გოგირდოვანი მასები ყელში იჭედება და ერთგვარი საცობები წარმოიქმნება. ყურის დამოუკიდებლად ღრმად გაწმენდა იმითაც არის საშიში, რომ შესაძლოა, უნებლიეთ სასმენი მილი და დაფის აპკი დავიზიანოთ, რასაც სმენის დაქვეითება და თავბრუხვევა მოჰყვება.
ყურების წმენდისას გოგირდის ჯირკვლები ღიზიანდება და შესაძლოა გოგირდის გამომუშავებამ მოიმატოს ან მოიკლოს. არც მისი შეწყვეტაა გამორიცხული. გოგირდის ჭარბი წარმოქმნისას საცობები ჩნდება, მისი უქონლობისას კი სასმენ მილში ქავილი და უსიამოვნო შეგრძნება აღმოცენდება.
გოგირდის საცობი გოგირდის ჯირკვლების სეკრეტის, კანის უჯრედებისა და მტვრის გროვაა. გარდა ზემოხსენებული მიზეზისა (ბამბის ჩხირებით, ასანთით, თმის სარჭით ყურების რეგულარული წმენდისას გოგირდი იპრესება და საცობად იქცევა), მის წარმოქმნას კიდევ რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს:
ორგანიზმის ბუნებრივი განწყობა გოგირდის ჭარბი წარმოქმნის მიმართ;
სასმენი მილის ვიწრო გამოსავალი;
ყურის ანთება, სასმენ მილში უცხო სხეულის, მტვრის ნაწილაკების მოხვედრა;
ნივთიერებათა ცვლის მოშლა (სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება).
გოგირდის საცობის არსებობა უნდა ვიეჭვოთ, თუ შევამჩნიეთ:

  • ყურების უმიზეზო დაგუბება;
  • საკუთარი ხმის რეზონანსის შეგრძნება;
  • ხმაური ყურებში.

გოგირდოვანი საცობების გამორეცხვა მხოლოდ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს შეუძლია, ამ პროცედურის შემდეგ კი კარგი იქნება, თუ პროფილაქტიკის მიზნით შინ თვეში 2-3-ჯერ დამოუკიდებლად ჩავიტარებთ მარტივ პროცედურას: ვწვებით გვერდზე და ვიწვეთებთ ყურში 5 წვეთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იან ხსნარს ან ვაზელინის ზეთს. ასე ვრჩებით 15-20 წუთს. შემდეგ ვიწმენდთ სასმენი მილის შესასვლელს სტერილური ბამბის წრიული მოძრაობით. არასტერილური ბამბის წკირები და ასანთის ღერზე დახვეული ბამბა არ გამოიყენოთ - დიდია ალბათობა, ყურის სტრუქტურა დაიზიანოთ.

 

 

გლომერულონეფრიტი – Glomerulonephritis – гломерулонефрит

თირკმელი შედგება პარენქიმისგან (თირკმლის ქსოვილი, სადაც იფილტრება შარდი) და მენჯფიალოვანი სისტემისგან, რომელიც შარდს აგროვებს და შარდსადენში გადაისვრის. პარენქიმა შეიცავს ურიცხვ კაპილარულ გორგალს (გლომერულებს), რომელთა მეშვეობითაც გამოიწოვება სისხლის თხევადი ნაწილი. ეს უკანასკნელი გადამუშავდება და შარდად გარდაიქმნება. პროცესის არსი ასეთია: გორგლების ფორების დიამეტრი იმდენად მცირეა, რომ ერითროციტებსა და ცილებს არ ატარებს, მაგრამ ატარებს სისხლის პლაზმაში არსებულ ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს (ეს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებია). ინფექციებთან მრავალჯერადი ან ხანგრძლივი კონტაქტის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა შესაძლოა `დაიბნეს~ და თირკმლის გორგლებში არსებული უჯრედების საწინააღმდეგოდ ამოქმედდეს. ამის შედეგად თირკმელებში ვითარდება აუტოიმუნური ბუნების ანთება, რომელიც თირკმლის გორგლებს ანუ ორგანიზმიდან თირკმელებში მავნე ნარჩენების გადამტან სისტემას აზიანებს. გორგლის კედლებში წარმოიქმნება ნაპრალები, სადაც ძვრებიან ერითროციტები და ცილები. სწორედ ამ დროს ჩნდება შარდში ცილები (პროტეინურია) და სისხლი (ჰემატურია). ამ დაავადებას გლომერულონეფრიტს უწოდებენ (ბერძ. ნეპჰროს - თირკმელი, ლათ. გლომერულუს - გორგლები). ამრიგად, გლომერულონეფრიტი თირკმელების გორგლების დიფუზური იმუნური ანთებაა.
გლომერულონეფრიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ეს უკანასკნელი ზოგჯერ მწვავე ფორმის გართულებაა, ზოგჯერ კი პირველადად აღმოცენდება.

მიზეზები. მწვავე გლომერულონეფრიტი შესაძლოა განვითარდეს ინფექციური დაავადების შემდეგ. ეს ინფექცია უმეტესად სტრეპტოკოკულია (მაგალითად, ანგინა, ტონზილიტი, ქუნთრუშა), შედარებით იშვიათად - ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული ბუნებისა. კიდევ უფრო იშვიათია გლომერულონეფრიტის განვითარება შრატის, ვაქცინის ან წამლის შეყვანის, საკვების, მტვრის და სხვა ნივთიერებათა მიმართ აღმოცენებული ალერგიული რეაქციის შემდეგ. დიდ როლს ასრულებს გაციება. ბოლოდროინდელი გამოკვლევები ავლენს მჭიდრო კავშირს ჰიპერტონიულ დაავადებასა და გლომერულონეფრიტს შორის.
თუ ანგინის, ფილტვების ანთების, ტონზილიტის ან რომელიმე სხვა ინფექციური დაავადების გადატანიდან 1-3 კვირის შემდეგ დაგეწყოთ თავის ტკივილი, აგიწიათ სიცხემ, მოიმატა არტერიულმა წნევამ და თავი იჩინა ჰიპერტონიისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმა, შესაძლოა, საქმე მწვავე გლომერულონეფრიტთან გვქონდეს. ისიც სათქმელია, რომ თირკმელებში ფილტრაციის სისტემის მოშლის გამო ორგანიზმიდან სითხის გამოყოფის რეჟიმი იცვლება, რაც შეშუპებას იწვევს და შესაძლოა, გულისმიერი ასთმისა და ფილტვების შეშუპების მიზეზადაც იქცეს. მწვავე გლომერულონეფრიტის დროს არცთუ იშვიათად მცირდება შარდის გამოყოფა, ვითარდება მაკროჰემატურია და შარდი ხორცისნარეცხისფერი ხდება. შესაძლოა, თავი იჩინოს ტკივილმა მუცლისა და წელის არეში და შეტევითი ღებინებაც კი განვითარდეს.

მწვავე სტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის სადიაგნოზო კრიტერიუმებად მიიჩნევა:
კავშირი სტრეპტოკოკულ ინფექციასა და დაავადების გამოვლინებას შორის;
მიკრო ან მაკროჰემატურია - სისხლიანი შარდი (ჰემატურიის გარეშე ეს დაავადება მეტად იშვიათია. ასეთ დროს დიაგნოზს თირკმლის ბიოფსიის საფუძველზე სვამენ);
პროტეინურია - შარდში ცილების არსებობა;
შეშუპება - დაავადების დასაწყისში შუპდება სახე, ქუთუთოები, ხელები, შეშუპება თანდათან იმატებს და ქვედა კიდურებზეც ვრცელდება, ბავშვებს შესაძლოა ასციტიც განუვითარდეთ;
არტერიული წნევის მატება;
ოლიგურია (შარდის გამოყოფის შემცირება), ანურია (შარდის გამოყოფის შეწყვეტა).
ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს სიმპტომები გაცილებით სუსტი, ნაკლებ შესამჩნევია. ეს დაავადება შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, მაგრამ მკურნალობის გარეშე პროგნოზი მეტად არასახარბიელოა  - დაავადება გულის ან თირკმლის უკმარისობამდე მიგვიყვანს.
ყველამ, ვისაც კი ქრონიკული გლომერულონეფრიტის დიაგნოზს უსვამენ, უნდა იცოდეს: ეს დაავადება იმუნური ხასიათისაა, ხანგრძლივად მიმდინარეობს და ორივე თირკმელს აზიანებს. ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს თირკმელების ფუნქცია თანდათანობით ირღვევა. ეს წყვილი ორგანო ვეღარ უმკლავდება ძირითად დანიშნულებას - ზედმეტი სითხისა და ცხოველქმედების პროდუქტებისგან ორგანიზმის გათავისუფლებას. ორგანიზმში მიმდინარე ყოველგვარი ანთებითი პროცესი, მათ შორის - გლომერულონეფრიტი, ქსოვილის სკლეროზირებას იწვევს: თირკმლის ქსოვილზე, იმ ადგილას, სადაც იმუნური ანთება მძიმედ მიმდინარეობს, ისეთივე ნაწიბურები ჩნდება, როგორიც ნაჭრილობევზე. სკლეროზირებული ქსოვილი ვეღარ მუშაობს, თანაც მისი გაჯანსაღება შეუძლებელია, მას აღარაფერი ეშველება.

დიაგნოსტიკა. დაავადების დიაგნოზის დასაზუსტებლად უნდა ჩატარდეს შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი, ყურადღებით ინახოს, ხომ არ არის შარდში ცილა, ერითროციტები ან ლეიკოციტები. დიაგნოსტირების გადამწყვეტი მეთოდია თირკმელების ბიოფსია.

მკურნალობა. მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს:
1) ფიზიკური დატვირთვის განსაკუთრებულ რეჟიმს - 2-3-კვირიან წოლით რეჟიმს დაავადების აქტიურ ფაზაში და  ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას რემისიის პერიოდში;
2) დიეტოთერაპიას, რომლის მთავარი პრინციპებია:
3 კვების რაციონიდან ავადმყოფისთვის ალერგენული სურსათის ამოღება;
3 ცილების ოდენობის შეზღუდვა;
3 ნატრიუმის შემცველი სურსათის შეზღუდვა (უმარილო დიეტა), ვინაიდან ეს ელემენტი შეშუპებისა და ჰიპერტონიის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია;
3 კალიუმის შემცველი პროდუქტებით რაციონის გამდიდრება (ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ კორტიკოსტეროიდული თერაპიისთვის დამახასიათებელი ჰიპოკალიემია);
3) სიმპტომურ თერაპიას დიურეტიკების, ჰიპოტენზიური და სხვა პრეპარატების გამოყენებით;
4) პრეპარატებით აქტიურ ზემოქმედებას თირკმლის გორგლების დაზიანების გამომწვევი იმუნური რეაქციის სხვადასხვა რგოლზე. მაგალითად, ანტიბიოტიკები (პენიცილინი, ამპიცილინი, ოქსაცილინი, მეტიცილინი, ამპიოქსი) 2-3 კვირის განმავლობაში თრგუნავს ანტიგენურ (სტრეპტოკოკულ თუ სხვა) კომპონენტს, იმუნოდეპრესიული საშუალებები (პრედნიზოლონი, ციტოსტატიკები და ანტიმეტაბოლიტები) - ანტისხეულების გამომუშავებას, ანტიკოაგულაციური და ანტიაგრეგატული პრეპარატები (ჰეპარინი, მეტინზოლი და სხვა) თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებებას) აფერხებს. იმუნოდეპრესანტები ზოგჯერ მეტად საშიშ უკუეფექტს იწვევს, ამიტომ მათი დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მითითებათა ზედმიწევნით შესრულება. იმუნოდეპრესანტები მხოლოდ მაშინ ინიშნება, როდესაც სხვა სახის მკურნალობა უეფექტოა (სამწუხაროდ, სპონტანური რემისიის არარსებობა მწვავე გლომერულონეფრიტის ათიდან 8-9 შემთხვევაში აღინიშნება). შარდმდენებს, ჩვეულებრივ, 5-7 დღით უნიშნავენ, მაგრამ უმარილო დიეტისადმი რეზისტენტული შეშუპების შემთხვევაში მათი დოზა და მიღების ხანგრძლივობა იზრდება. უკეთესი ეფექტისთვის ინიშნება შარდმდენების სხვადასხვა კომბინაცია. ჰიპოტენზიურ საშუალებებს იყენებენ მაშინ, როდესაც უმარილო დიეტა უეფექტოა ანდა ეფექტი საკმარისი არ არის.

პროფილაქტიკა. თუ ადამიანს ქრონიკული გლომერულონეფრიტის დიაგნოზი დაუსვეს, მას ეკრძალება ხანგრძლივი მივლინებები, ღამის მორიგეობა, მუშაობა ტოქსიკურ და სხვა მავნე პროდუქტებთან. არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებლები თირკმელების ქრონიკული უკმარისობის განვითარების საშიშროებაზე მიუთითებს. გლომერულონეფრიტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინფექციური დაავადებების (განსაკუთრებით - ტონზილიტის) დროული და მართებული მკურნალობა.

 

 

გლაუკომა – Glaukoma – глаукома

გლაუკომა თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც პერიოდულად იზრდება თვალშიგა წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება. თავდაპირველად ადამიანი უბრალოდ ცუდად ხედავს, შემდეგ ერღვევა პერიფერიული მხედველობა, თანდათან უმცირდება მხედველობის ველი... საბოლოოდ საქმე სრულ და განუკურნებელ სიბრმავემდე მიდის.
გლაუკომის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების  დაზიანება, ქრონიკული სტრესი და მემკვიდრეობითი განწყობა. რისკჯგუფს ქმნიან ასაკოვანი ადამიანები, კომპიუტერთან დიდხანს მომუშავე პირები და ისინი, ვისი პროფესიაც მუდმივ რისკსა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება.
მიმდინარეობა და სიმპტომები. გლაუკომის კლინიკური ნიშნებია: თვალშიგა წნევის მომატება, მხედველობის ნერვის გლაუკომური ატროფია, მხედველობითი ფუნქციების დაქვეითება.
თვალშიგა წნევის მომატებისას, მეტწილად - დილაობით, ავადმყოფი ამჩნევს:

  • მხედველობის უეცარ დაბინდვას (საგნები თითქოს ნისლით ან რუხი კვამლით არის დაფარული);
  • ნათურის გარშემო ცისარტყელას რგოლებს;
  • ყრუ ტკივილს წარბების ზემოთ, თვალისა და საფეთქლის არეში.

ეს ნიშნები ხშირად ისე სწრაფად ქრება, რომ ავადმყოფი ექიმთან მისვლას ვერ ასწრებს. თუ მხედველობა მეტ-ნაკლებად აღდგა, ავადმყოფი უყურადღებოდ ტოვებს მას, ეს მეტისმეტად სახიფათოა, რადგან ერთ-ერთი ასეთი შეტევა შეიძლება მხედველობის მკვეთრი დაქვეითებით ან მთლიანად დაკარგვით დამთავრდეს. გლაუკომის ადრიან დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისგან გამოწვეული სიბრმავის თავიდან აცილებაში.
თუ გამთენიისას თვალის უეცარმა ძლიერმა, თავში გავრცელებადმა ტკივილმა გაგაღვიძათ, შემდეგ კი დაგეწყოთ ღებინება, მოდუნდით და თითქმის ვეღარაფერს ხედავთ, გლაუკომის მწვავე შეტევა თითქმის ეჭვგარეშეა. ნუ დაელოდებით, როდის გაგივლით შეტევა. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, ექიმის მოსვლამდე კი დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი და შარდმდენი საშუალებები.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გლაუკომის ადრეული გამოვლენის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ გასინჯვას. სასურველია, 40 წელს გადაცილებულმა ყველა პირმა გაისინჯოს თვალშიგა წნევა, საეჭვო შემთხვევაში ჩაიტაროს დეტალური გამოკვლევა: ოფთალმოსკოპია, პერიმეტრია, დატვირთვის ცდები. ეს ყოველივე დაავადებას ადრეულ სტადიაშივე გამოავლენს, როდესაც მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია.
გლაუკომიანი პაციენტისთვის მეტად მნიშვნელოვანია ყოფა-ცხოვრების რეჟიმის დაცვა. ავადმყოფი უნდა ერიდოს უსიამოვნო განცდებს, გაციებას. აკრძალულია ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ტელევიზორის ყურება დასაშვებია მხოლოდ განათებულ ოთახში, ისიც - შეზღუდულად. გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს მარილიანი, ცხარე საკვები, მოწესრიგდეს კუჭ-ნაწლავის ფუნქციები. აკრძალულია თამბაქო, ალკოჰოლი, მაგარი ჩაი, ყავა. სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ყოფნა, მსუბუქი ფიზიკური შრომა. სასურველია, პაციენტმა მზეზე მწვანემინებიანი სათვალე ატაროს. მედიკამენტური მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა. თუ კონსერვატიული თერაპია უეფექტო აღმოჩნდა, ტარდება ანტიგლაუკომური ოპერაცია.

 

 

Don`t copy text!