Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 368

ენაბორძიკობა. – Tongue-tie – косноязычие

ენაბორძიკობა არის მეტყველების დარღვევა, რომელიც ვლინდება ცალკეული ბგერების, მარცვლების ან მთელი სიტყვის უნებლიე გამეორებით, ბგერების არაბუნებრივი გაწელვით და/ან მეტყველებისას დაუგეგმავი პაუზებით – ე.წ. სიჩუმის ბლოკებით, რომელთა დროსაც ადამიანი ვერ ახერხებს ბგერის წარმოთქმას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ენაბორძიკობა მეტყველების რიტმისა და თანმიმდევრობის დარღვევაა, რომელიც ართულებს მეტყველებით ურთიერთობას. ენის ბორძიკს თითქმის ყოველთვის სდევს თან დაძაბულობა, შფოთვა და შიში მეტყველების დაწყების წინ.
ჯანმრთელი ადამიანი საუბრის 7-10%-ს შესვენებებით ახორციელებს – იმეორებს ცალკეულ სიტყვებს ან ფრაზებს, ურთავს ბგერებს “ე-ე”, “მ-მ”, შორისდებულებს, – მაგრამ თუ საუბრისას შესვენებამ 10%-ზე მეტი შეადგინა, საქმე ენაბორძიკობასთან გვაქვს.
ენაბორძიკობა სკოლამდელი ასაკის ბავშვების 2,5%-ს ახასიათებს. მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ს ბავშვობაში მცირე ხანს მაინც ჰქონია ეს პრობლემა. ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს ენა ებმის, აქედან 80% მამაკაცია, 20% – ქალი.

მეცნიერები ენაბორძიკობის ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ. პირველი უვითარდებათ ნერვული სისტემის დეფექტის მქონე ბავშვებს. ასეთი ენაბორძიკობის მიზეზია მემკვიდრეობითი განწყობა, სამშობიარო ტრავმა, მძიმე ორსულობა, ახალშობილის ხშირი ავადმყოფობა. ბავშვები, რომლებსაც ენა ებმით, გარეგნულად სავსებით ჯანმრთელები და გონებრივად განვითარებულნი არიან. ნევროლოგიური გამოკვლევა ავლენს ქალასშიგა წნევის მატების ნიშნებს, რეფლექსების ცვლილებებს და კრუნჩხვებისადმი მიდრეკილებას.
მეორე ტიპის ენაბორძიკობა ჯანმრთელი ნერვული სისტემის მქონე ბავშვებს უვითარდებათ. მათ ენა ებმით ძლიერი გადაღლით ან სტრესით განპირობებული ნევროზის გამო. ნევროზულ ენაბორძიკობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის – უეცარი შიში, გონებრივი გადაღლა, ძლიერი განცდა, თუმცა ეს ფაქტორები ყველა ბავშვში როდი იწვევს ენაბორძიკობას. ამ ტიპის ენაბორძიკობისას მეტყველების დეფექტს აძლიერებს ემოციური და ნერვულ-ფიზიკური გადაძაბვა.
ცნობილია ენაბორძიკობის სხვა მიზეზებიც. მაგალითად, ზოგი ბავშვი ენას ვისიმე მიბაძვით უკიდებს; ცაციებს, რომლებსაც მარჯვენა ხელით მუშაობას აიძულებენ, ზოგჯერ ენაბორძიკობა უვითარდებათ.
ენაბორძიკობას ჰგავს მეტყველების ისეთი დარღვევა, როგორიც არის სკანდირებული მეტყველება – ავადმყოფი ხან სწრაფად ლაპარაკობს, ხან ნელა, ხან ხმამაღლა, ხან ხმადაბლა. ასეთი რამ ნათხემის პათოლოგიას ახასიათებს და სხვაგვარად მეტყველების ატაქსიას უწოდებენ.
ჭეშმარიტი ენაბორძიკობა ძლიერდება მღელვარებისას, სუსტდება მშვიდ გარემოში, ქრება სიმღერისას.
ენის ბორძიკი სამეტყველო აპარატის (ენა, ტუჩები, რბილი სასა, ქვედა ყბა) კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობის შედეგია. კუნთების რამდენიმე ხანმოკლე შეკუმშვა ცალკეული ბგერებისა და მარცვლების უნებლიე გამეორებას (კლონური ენაბორძიკი) იწვევს, ძლიერი ხანგრძლივი შეკუმშვა კი – მეტყველების შეფერხებას (ტონური ენაბორძიკი). ხშირია ენაბორძიკის შერეული ფორმა – ორივეს შერწყმა. ზოგჯერ მეტყველების აპარატის კუნთების კრუნჩხვით მოძრაობებს სახისა და კიდურების კუნთების შეკუმშვაც ერთვის.
ენაბორძიკის მიზეზი თავის ტვინში მდებარეობს. სწორედ იქ არის მეტყველებაზე პასუხისმგებელი ნერვული ცენტრები:

  • ბროკის ცენტრი – ხმის ცენტრი. პასუხისმგებელია მეტყველებაში მონაწილე კუნთებისა და იოგების  მუშაობაზე, აწესრიგებს ენის მოძრაობასა და ხმის იოგების ფუნქციებს;
  • ვერნიკის ცენტრი – სმენის ცენტრი. მისი მეშვეობით ვცნობთ სხვებისა და საკუთარ მეტყველებას;
  • ასოციაციური ცენტრი – აანალიზებს ნათქვამს და გადაწყვეტილებას იღებს შემდგომი საუბრის თაობაზე.

ამ ცენტრების შეთანხმებული მუშაობის შედეგია მეტყველების ცენტრის ფორმირება: ხმის ცენტრი ფრაზების წარმოთქმის საშუალებას გვაძლევს და თან სმენის ცენტრს ააქტიურებს; სმენის ცენტრი აღიქვამს ლაპარაკს და ასოციაციურ ცენტრს უბრძანებს, იფიქროს, ეს უკანასკნელი კი დაფიქრების შემდეგ ააქტიურებს ხმის ცენტრს და ა.შ.
ენაბორძიკობას საფუძვლად ამ ცენტრების შეთანხმებული მუშაობის დარღვევა (სხვადასხვა სიჩქარით მუშაობა) უდევს. 2-5 წლის ბავშვებს მეტყველების ცენტრები და მათი სინქრონული კავშირი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, რაც არცთუ იშვიათად ენებორძიკობის პროვოცირებას ახდენს.
ენაბორძიკობის მექანიზმი თანამედროვე მედიცინას დაახლოებით ასე წარმოუდგენია: ნერვული სისტემის ზემოხსენებული ცვლილებები ბროკის ცენტრის გადაძაბვას იწვევს, მისი მუშაობის სიჩქარე იმატებს და მეტყველების ცენტრებს შორის არსებული კავშირი დროებით წყდება. გადაძაბვა გადაეცემა ბროკის ცენტრის გვერდით მდებარე თავის ტვინის ქერქის იმ უბნებს, რომლებიც მოძრაობის აქტივაციაზე აგებს პასუხს. შედეგად აღმოცენდება კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობები და ადამიანს ენა ებმის, ხოლო ბროკის ცენტრი ნორმამდე დუნდება და მეტყველების ცენტრებს შორის არსებული წრე კვლავ იკვრება.
ნერვული სისტემის გადაძაბვისას ნერვული იმპულსები და თანხმოვანი (განსაკუთრები – ყრუ) ბგერების სიხშირეები თვისობრივად ახლოს დგას ერთმანეთთან, ამიტომ ადამიანს ენა ებმის უმეტესად – თანხმოვნების, ძალიან იშვიათად – ხმოვნების წარმოთქმისას.
ენაბორძიკობისას მეტყველების დარღვევა სხვადასხვა სახისაა: შესაძლებელია ბგერების ან მარცვლების გამეორება, სიჩუმის ბლოკები, ბგერების არაბუნებრივი გაწელვა (გახანგრძლივება). ენაბორძიკობას თან სდევს დაძაბულობა და შფოთვა, სახის მიმიკის ცვლილებები და ტიკები.
არარიტმული და არათანმიმდევრული მეტყველება 2-7 წლის ასაკში ნორმად ითვლება, მაგრამ ბავშვს თუ ენა მეტისმეტად ხშირად ებმის და ამ დროს შესამჩნევად შფოთავს, შესაძლოა, ენაბორძიკობასთან გვქონდეს საქმე.
ენაბორძიკობის დასაწყისზე მიუთითებს შემდეგი ნიშნები:

  • მარცვლების ხშირი გამეორება;
  • ბგერების გაჭიანურება;
  • ხშირად საუბრისთვის თავის არიდება;
  • სახისა და ყელის კუნთების დაძაბულობა;
  • საუბრისას მოულოდნელად ხმის ტემბრის აწევა.

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა დახმარებითაც შეიძლება, ბავშვებში ენაბორძიკობის განვითარების ალბათობა შევამციროთ:

  • ბავშვს ესაუბრეთ ნელა და რიტმულად;
  • საუბრისას გააკეთეთ პაუზა, განსაკუთრებით – იმ მომენტში, როდესაც ბავშვმა უკვე დაასრულა ფრაზა, თქვენ კი ჯერ არ დაგიწყიათ. ეს ბავშვს კიდევ რამის თქმის საშუალებას მისცემს, თქვენ კი ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ იმაზე იფიქროთ, რისი თქმა სურს თქვენს პატარას.
  • ბავშვს ნაკლები შეკითხვა დაუსვით და იშვიათად მიმართეთ ბრძანების კილოთი. უმჯობესი იქნება, თუ თხოვნასა და შეკითხვას დაიწყებთ სიტყვებით: ,,მოდი…”, ,,როგორ ფიქრობ….”, ,,შენი აზრით…”

ენაბორძიკობის მკურნალობა ლოგოპედის პრეროგატივაა. თუ მიზეზი ფსიქიკური ტრავმაა, შესაძლოა, ლოგოპედმა ბავშვი ფსიქოთერაპევტთან გაგზავნოს.
მიუხედავად იმისა, რომ ენაბორძიკობის მიზეზები და მექანიზმი ცნობილია, მისგან მყისიერი განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს. დღესდღეობით ენაბორძიკობის მკურნალობა ბროკის ცენტრის ნორმალიზებას ითვალისწინებს. ამისთვის პაციენტს უნიშნავენ:

  • დამამშვიდებელ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს;
  • ჰიპნოზს;
  • ნემსებით თერაპიას;
  • სარელაქსაციო აბაზანებს;
  • ზოგადგამაჯანსაღებელ პროცედურებს;
  • მეტყველებით ვარჯიშებს, რომლებიც საუბრის ტემპის შენელებას, რიტმული საუბრის ჩვევის ჩამოყალიბებას, საუბრისას ხანგრძლივ პაუზებს გულისხმობს.

ბროკის ცენტრის დასამუხრუჭებლად ასევე გამოიყენება სხვა მამოძრავებელი ცენტრების აქტივაციის მეთოდები. ეს მიიღწევა მეტყველების დირიჟორობით, ხელის თითების რიტმული მოძრაობით, სუნთქვის რეგულირებით, ლაპარაკისას წერით.
არსებობს ენაბორძიკობის სამკურნალო სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. ზოგიერთი მათგანი პაციენტს საშუალებას აძლევს, მოისმინოს თავისი დამახინჯებული მეტყველების გასწორებული ვარიანტი, ზოგიერთი კი პაციენტს თავის საუბრის ოდნავ დაგვიანებით მოსმენის საშუალებას აძლევს. არსებობს ისეთი პროგრამებიც, რომლებიც ხმას ფონური ხმაურით ახშობს ან ეკრანზე ნათქვამის დანახვის საშუალებას იძლევა, ადაბლებს ან ამაღლებს ბგერებს  და სხვა.  

 

 

ემფიზემა – emphysema – эмфизема

ფილტვის ემფიზემა ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომელიც სუნთქვის დარღვევით და ფილტვში აიროვანი ცვლის შეფერხებით ვლინდება. ამ დაავადებას ახასიათებს ბრონქიოლების მეტისმეტი გაფართოება (გაწელვა, გაბერვა), რასაც თან სდევს ალვეოლების კედლის დესტრუქციული ცვლილებები. გაწელვა ფილტვის ქსოვილის მოდუნებით და ორგანოს არქიტექტონიკის დარღვევით არის განპირობებული. ხსენებული ცვლილებების შედეგად ფილტვის ქსოვილში ჩნდება ჰაერის შემცველი ბუშტუკები – ბულები, რომლებიც ზოგჯერ მთელ ფილტვებშია მოთესილი, ზოგჯერ კი ორგანოს ცენტრალურ წილში იყრის თავს. მათი მდებარეობის კვალობაზე, განასხვავებენ ფილტვის ემფიზემის დიფუზურ და ლოკალურ ფორმებს.

ფილტვის ემფიზემის მიზეზებს ორ ჯგუფად ყოფენ. პირველი ჯგუფი აერთიანებს ფაქტორებს, რომლებიც არღვევს ფილტვის სტრუქტურული ელემენტების სიმტკიცესა და ელასტიკურობას და პირველად, დიფუზურ ემფიზემას იწვევს. ასეთი ფაქტორებია პათოლოგიური მიკროცირკულაცია, სურფაქტანტის თვისებების შეცვლა, ალფა-ანტიტრიფსინის თანდაყოლილი დეფიციტი, თამბაქოს კვამლი, სასუნთქ გზებში მტვრის ნაწილაკების მოხვედრა. ამ დროს ხდება ფილტვების რესპირაციული ნაწილის პათოლოგიური გადაწყობა. ამოსუნთქვისას, როდესაც გულმკერდში წნევა იმატებს, წვრილი ბრონქები და ფილტვები პასიურად იჩუტება, რითაც ზრდის ბრონქების წინააღმდეგობას ამოსუნთქვის მიმართ და ალვეოლურ წნევას. პირველადი ემფიზემის დროს ჩასუნთქვისას ბრონქების გამტარობა არ არის დარღვეული.
მეორე ჯგუფი აერთიანებს ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ფილტვების რესპირაციულ ნაწილში წნევის მატებას და ალვეოლების, ალვეოლური შესასვლელებისა და რესპირაციული ბრონქიოლების ძლიერ გაფართოებას. ამ ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რომელიც ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს ვითარდება. ეს დაავადება ფილტვების მეორეული ემფიზემის მთავარი მიზეზია და აი რატომ: ჩასუნთქვისას გულმკერდის ღრუში წნევის დაქვეითება იწვევს ბრონქების სანათურის პასიურ გაფართოებას და ამცირებს ბრონქული ობსტრუქციის ხარისხს; ამოსუნთქვისას გულმკერდის შიდა დადებითი წნევა იწვევს ბრონქული ტოტის დამატებით კომპრესიას და აღრმავებს უკვე არსებულ ბრონქულ ორსტრუქციას, რითაც ხელს უწყობს ალვეოლებში ინსპირირებული ჰაერის შეჩერებას და მათ გაბერვას. დიდი მნიშვნელობა აქვს ანთებითი პროცესის გავრცელებას  ბრონქიოლებიდან მიმდებარე ალვეოლებში, რასაც თან სდევს ალვეოლიტის განვითარება.
მეორეულ ემფიზემას ახასიათებს რესპირაციული ბრონქიოლების გაბერვა და მათ ახლოს მდებარე ალვეოლების ფორმის ცვლილება (ცენტრალური ემფიზემა). პროგრესირების შემთხვევაში პათოლოგიურ პროცესში შეიძლება ჩაერთოს ფილტვის ყველა წილი. ალვეოლები გასქელებულია, შესართავები – გაფართოებული, გლუვკუნთოვანი ქსოვილი ჯერ ჰიპერტროფირდება, შემდეგ კი დისტროფიას განიცდის. ელასტიკური ბოჭკოები გასწორებულია. რესპირაციული ბრონქიოლების კედლები განლეულია, მათში კაპილარებისა და უჯრედული ელემენტების რაოდენობა შემცირებულია. ემფიზემის გვიან სტადიაზე ფილტვების რესპირაციული ნაწილის სტრუქტურული ელემენტები სრულიად ქრება.
პირველადი ემფიზემის დროს ფილტვის წილში (აცინუსში) არსებული ყველა ალვეოლა ზიანდება (პანაცინარული ემფიზემა). ბრონქებში არსებული ანთებითი ცვლილებები ბრონქიოლებზე არ აისახება. შესაბამისად, არ ხდება მათი შეშუპება და ამით გამოწვეული ობსტრუქცია.

მიმდინარეობა და სიმპტომები. ფილტვების ემფიზემისთვის დამახასიათებელია ქოშინი, კასრისებრი გულმკერდის ყაფაზი, სუნთქვისას გულმკერდის მოძრაობის შეზღუდვა, ნეკნთაშუა სივრცის გაფართოება, მკერდის ძვლის მიდამოს ამობურცვა, სუნთქვის შენელება.
ემფიზემის საწყის სტადიაში ქოშინი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას აღმოცენდება, თავდაპირველად, წესისამებრ, ზამთრობით, მერე და მერე – წელიწადის ნებისმიერ დროს. მოგვიანებით მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც ვითარდება და ბოლოს შესაძლოა მოსვენებისასაც კი იჩინოს თავი. ავადმყოფს, განსაკუთრებით – ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ტუჩები და ფრჩხილები ულურჯდება. სუნთქვისას ისმის სტვენა და ხროტინი. ამოსუნთქვა გახანგრძლივებულია.
პირველად ემფიზემას მეორეულზე გაცილებით მეტად ახასიათებს მძიმე ფორმის ქოშინი. დაავადება სწორედ ამით იწყება. ავადმყოფს ვენტილაციის მოცულობა მოსვენებისასვე მაღალი აქვს, ამიტომ ფიზიკური დატვირთვის მიმართ მისი ტოლერანტობა ძალზე დაბალია. პირველადი ემფიზემისთვის დამახასიათებელ ქოშინის სიმპტომს განაპირობებს აუცილებლობა, ამოსუნთქვისას ბრონქებში წნევა გაიზარდოს და შემცირდეს წვრილი ბრონქების ექსპირაციული კოლაფსი, რომელიც აფერხებს ვენტილაციის მოცულობის ზრდას. პირველადი ემფიზემის დროს სისხლის აიროვანი შემადგენლობა უფრო მეტად არის შეცვლილი.

დიაგნოსტიკა. უნდა ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ადგენენ ფილტვების ჰაერით გადავსებას და დიაფრაგმის დაბლა დგომას. ასევე აუცილებელია ფილტვების ფუნქციონალური კვლევა, ვინაიდან სწორედ მისი მეშვეობით ადგენენ ამოსუნთქული ჰაერის ოდენობის შემცირებას.

მკურნალობა. პირველადი ემფიზემის მკურნალობა ითვალისწინებს:

  • სუნთქვით ვარჯიშებს, რომლებიც მიზნად ისახავს სუნთქვით აქტში დიაფრაგმის მაქსიმალურად ჩართვას;
  • ოქსიგენოთერაპიას (ჟანგბადით მკურნალობას);
  • ფილტვებზე თამბაქოსა და სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების გამორიცხვას;
  • ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვას;
  • თერაპიას ალფა 1-ანტიტრიფსინის ინჰიბიტორებით;
  • ინფექციის თანდართვის შემთხვევაში – ანტიბიოტიკოთერაპიას.

მეორეული ემფიზემის დროს საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა და სუნთქვითი და გულის უკმარისობის საწინააღმდეგო თერაპია, რათა ფილტვების ფუნქცია თანდათან უფრო და უფრო მეტად არ დაირღვეს, არ მოხდეს გულის მარჯვენა ნაწილის გადაძაბვა და არ ჩამოყალიბდეს ფილტვების უკმარისობა ან გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა (ფილტვისმიერი გული).
მეორეული ემფიზემის პროფილაქტიკა ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის პროფილაქტიკას გულისხმობს.

 

 

ელექტროტრავმა – electrotrauma – элекротравма

ელქტროტრავმა დაზიანებაა, რომელსაც ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედება იწვევს და ხშირად სიკვდილით სრულდება. ელექტროტრავმა შეიძლება მოჰყვეს დენის წყაროსთან სხეულის უშუალო ან რკალურ კონტაქტს (ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი მეტისმეტად ახლოს არის დენის წყაროსთან, მაგრამ არ ეხება მას).
ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედების ხარისხი მრავალი ფაქტორით განისაზღვრება. მათ შორის აღსანიშნავია დენის ფიზიკური პარამეტრები, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, გარემოს თავისებურებანი. დადგენილია, რომ 450-500 ვოლტი ძაბვის შემთხვევაში საშიშია ცვლადი დენი, უფრო მაღალი ძაბვისას კი – მუდმივი.
დენის გამღიზიანებელ ზემოქმედებას ადამიანი 1 მა-დან გრძნობს. 15 მა ძალის დენის ზემოქმედების შედეგად ვითარდება კუნთების ძლიერი სპაზმი (შეკუმშვა), რის გამოც ადამიანი დენის წყაროს ეწებება, ამიტომ პირველი დახმარების აღმოჩენამდე დენის წყარო უნდა გამოირთოს, ოღონდ ისე, რომ საფრთხე თვითონ დამხმარეს არ დაემუქროს. მიწებების ეფექტი გაცილებით ნაკლები ძალის დენმაც შეიძლება გამოიწვიოს. ელექტროტრავმა სასიკვდილოა 100 მა-ზე მეტი ძალის დენის შემთხვევაში.
ორგანიზმში ელექტრული დენის გავლისას:

  • ეშვება გულის ქსოვილი, რაც გულის რიტმის დარღვევას და გულის გაჩერებას იწვევს;
  • ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემა, რაც შესაძლოა სუნთქვის შეწყვეტის მიზეზად იქცეს;
  • ელექტრული დენის ორგანიზმში შესვლისა და გამოსვლის ადგილას ვითარდება დამწვრობა.

განასხვავებენ ელექტროტრავმის სამ სახეს:

  • მაღალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
  • დაბალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
  • მეხით გამოწვეულს.

მაღალი ძაბვით გამოწვეული ელექტროტრავმა უმეტესად სასიკვდილოა. ამ დროს სხეულზე მოქმედებს 2000-40000С ტემპერატურა, რომელიც ძლიერ დამწვრობას იწვევს. კუნთების ძლიერი შეკუმშვა დაშავებულის დიდ მანძილზე გადასროლისა და მოტეხილობების მიზეზად იქცევა.
მაღალი ძაბვის დენით მიღებული ელექტროტრავმის დროს:

  • 4 დაუყოვნებლივ ვიძახებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას;
  • 4 იკრძალება დაშავებულთან 18 მეტრზე ახლოს მისვლა, ვიდრე არ გამოირთვება დენი და არ მოხდება იზოლაცია.

მაღალი ძაბვით მიღებული ელექტროტრავმის შედეგად ადამიანი, როგორც წესი, გონს კარგავს, ამიტომ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ, პირველ ყოვლისა, მისთვის სასუნთქი გზების გახსნაზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ თავის უკან გადაწევა კატეგორიულად იკრძალება, დასაშვებია მხოლოდ ქვედა ყბის წინ წამოწევა. უნდა შემოწმდეს სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს რეანიმაციული ღონისძიებები (ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი). თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქავს, ის გადაყვანილ უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილას.

დამწვრობისა და მოტეხილობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სათანადო პირველი დახმარება.
დაბალი ძაბვის დენით გამოწვეული ელექტროტრავმა შესაძლოა სხეულის მძიმე დაზიანების და სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. ამ ტიპის ტრავმას ხშირად იწვევს დაზიანებული ჩამრთველი, ელექტროგაყვანილობა და მოწყობილობა. სველ იატაკზე დგომისას ან სველი ხელებით ელექტროგაყვანილობასთან შეხებისას ელექტროტრავმის მიღების რისკი იმატებს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს დენი უმეტესად ხელის არეში შედის და ტერფიდან გამოდის. ამ დროს ზიანდება შინაგანი ორგანოები, ამიტომ აუცილებლად უნდა გაირკვეს, როგორი იყო სხეულში ელექტროდენის მიმართულება – ეს ექიმს საშუალებას აძლევს, ამა თუ იმ ორგანოს დაზიანება ივარაუდოს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს:

  • არ შეიძლება დაშავებულთან შეხება, ვიდრე არ შეწყდება დენის წყაროსთან კონტაქტი – შესაძლოა, ელექტროტრავმა დამხმარემაც მიიღოს. დენის წყაროს მოსაშორებლად არ შეიძლება ლითონის საგნის გამოყენება. თუ შესაძლებელია, დენის მიწოდების შესაწყვეტად უნდა გამოირთოს ჩამრთველი. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დამხმარე უნდა დადგეს მშრალ მაიზოლირებელ საგანზე (ფიცარზე, რეზინის ან პლასტმასის საფენზე, წიგნის ან გაზეთების დასტაზე) და დაშავებულს დენის წყარო ცოცხის, ხის ჯოხის, სკამის საშუალებით მოაშოროს. შეიძლება თავად დაშავებულის გადაადგილებაც: ტერფებზე ან მხრებზე ისე უნდა შემოვახვიოთ ბაწარი, რომ სხეულზე არ შევეხოთ, უკიდურეს შემთხვევაში, მოვკიდოთ ხელი მშრალ ტანსაცმელზე (თუ ტანზე მჭიდროდ არ აქვს მიკრული) და ასე გავათრიოთ.
  • თუ დაშავებული უგონოდ არის, უნდა გავუხსნათ სასუნთქი გზები, შევუმოწმოთ სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩავუტაროთ სარეანიმაციო ღონისძიებები.
  • თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქვა და პულსი აღენიშნება, უნდა მოთავსდეს უსაფრთხო ადგილას, დამწვარი ადგილები გაგრილდეს და დაედოს სუფთა ნახვევი.
  • დროულად უნდა იქნეს გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თუ დაშავებულს ელექტროტრავმის შემდეგ არ აღენიშნება ხილული დაზიანებები და თავს კარგად გრძნობს, უმჯობესია, კარგად დაისვენოს.
მეხით გამოწვეული ელექტროტრავმის დროს ხშირია დამწვრობა, სახისა და თვალების დაზიანება. მეხმა შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილიც. დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას და პირველი დახმარება ჩაუტარდეს ისე, როგორც სხვა სახის ელექტროტრავმის შემთხვევაში.

 

 

ეკლამფსია – eclampsia – эклампсия

ეკლამფსია ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის მძიმე ფორმაა. ახასიათებს არტერიული წნევის მკვეთრი მატება, რაც ძალზე სახიფათოა როგორც დედის, ისე ბავშვის სიცოცხლისთვის. ეკლამფსიის დროს ორსულის მდგომარეობის სიმძიმეზე მიუთითებს ყველა მნიშვნელოვანი სისტემისა და ორგანოს ფუნქციის დარღვევა. ის უპირატესად მშობიარობისას ვითარდება, იშვიათად – მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ. შედარებით ხშირია პირველმშობიარეებს (განსაკუთრებით – ხანდაზმულ პირველმშობიარეებს) და იმ ქალებს შორის, რომელთაც ღვიძლის, თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა, ნეიროენდოკრინული და სხვა სისტემების დაავადება აქვთ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ეკლამფსიის მნიშვნელოვანი სიმპტომია სხეულის მუსკულატურის კრუნჩხვითი მოძრაობები, რომლებსაც თან სდევს გონების დაკარგვა (კომა). კრუნჩხვის შეტევას წინ უძღვის ნეფროპათიის (ჰიპერტონია, შეშუპება, პროტეინურია) ფონზე განვითარებული პრეეკლამფსიის სიმპტომები: თავის ტკივილი, ნაპერწკლების მაგვარი ნათება თვალწინ, ტკივილი გულის კოვზთან, შფოთვა, არტერიული წნევის მატება, ცილა შარდში.
ეკლამფსიის შეტევა 1-2 წუთს გრძელდება და მოიცავს რამდენიმე პერიოდს:

1 – კრუნჩხვის წინარე პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. სახის კუნთები ტოკავს, გუგები ფართოვდება, ქუთუთოებიდან ჩანს მხოლოდ თეთრი სკლერა, ტუჩის კუთხეები დაბლა ეშვება.

2 – ტონური კრუნჩხვის პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. ამ დროს ხდება მთელი სხეულის კუნთების ტეტანური შეკუმშვა, ავადმყოფი წელში იზნიქება, სუნთქვას წყვეტს, სახე თანდათან ულურჯდება.

3 – კლონური კრუნჩხვების პერიოდს. გრძელდება 20-30 წამს. ვითარდება სახის, ტანისა და კიდურების კუნთთა ძლიერი სპაზმი, რომელიც თანდათან სუსტდება. ორსული ხროტინებს, პირიდან სდის სისხლნარევი (ენაზე კბენის გამო) ქაფი.

4 – შეტევის დასრულების პერიოდს. ის ზოგჯერ საათობითაც კი გრძელდება. ავადმყოფი კომურ მდგომარეობაშია, გონება ნელ-ნელა უბრუნდება, მომხდარი არ ახსოვს.

ხშირად შეტევას თან სდევს ტემპერატურის მატება და პულსის გაიშვიათება. შეტევის შემდეგ იმატებს არტერიული წნევა. ზოგჯერ კომურ მდგომარეობაში ხელახლა ვითარდება კრუნჩხვა.
მეტად იშვიათია ეკლამფსიის კრუნჩხვის გარეშე მიმდინარე ფორმა – ავადმყოფი მყისვე კომურ მდგომარეობაში ვარდება. ამ შემთხვევაში პროგნოზი ძალიან ცუდია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემების, მათ შორის – ნერვული სისტემის ფუნქციის ძლიერი დარღვევის გამო იმატებს ორგანიზმის აგზნებადობა, ამიტომ ნებისმიერმა გამღიზიანებელმა (ტკივილმა, ხმაურმა, მკვეთრმა სინათლემ) შესაძლოა ახალი შეტევის პროვოცირება მოახდინოს.
შეტევის დროს მოსალოდნელია ასფიქსია, ენის მოკვნეტა, მოტეხილობა. კრუნჩხვის დასრულების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ასპირაციული პნევმონია და ღვიძლ-თირკმლის უკმარისობა. ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს კრუნჩხვითი შეტევის დროს ან მის შემდეგ თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის, ასფიქსიის, ფილტვების შეშუპების გამო. არცთუ იშვიათად მწვავე ჰიპოქსიის გამო იღუპება ნაყოფი.

დიაგნოსტიკა. ეკლამფსიის დიაგნოსტირება ძნელი არ არის. კრუნჩხვითი შეტევები ორსულობისას, მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ დიაგნოზის დასმას აადვილებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ზოგიერთი დაავადებისგან ეკლამფსიის დიფერენცირება.

ეს დაავადებებია:

  • ჰიპერტონიული ენცეფალოპათია. მასზე მიუთითებს ანამნეზში ჰიპერტონიული დაავადების არსებობა, ეკგ-ის დამახასიათებელი ცვლილებები და შარდში პათოლოგიური ცვლილებების არარსებობა;
  • ეპილეფსია, რომელზეც შეშუპებისა და ჰიპერტონიის არარსებობა, გუგების შევიწროება მიუთითებს;
  • თავის ტვინის სიმსივნე. მასზე მეტყველებს გვიანი ტოქსიკოზის ნიშნების არარსებობა, სიმპტომატიკის თანდათანობითი გაძლიერება, შეგუბებითი მოვლენები თვალის ფსკერზე;
  • ისტერიკა ამ დროს ტოქსიკოზის სიმპტომები არ აღინიშნება. გონება და რეფლექსები შენარჩუნებულია.

მკურნალობა. ეკლამფსიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ითვალისწინებს:

  • წოლით რეჟიმსა და სიმშვიდეს, მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური და ტკივილის გამომწვევი გამღიზიანებლებისგან იზოლირებას (ავადმყოფი უნდა მოთავსდეს ჩაბნელებულ, კარგად ვენტილირებად პალატაში, სადაც ვერ აღწევს ხმაური. საწოლთან მუდმივად უნდა მორიგეობდეს ბებიაქალი, რომელიც ექიმის ხელმძღვანელობით ახორციელებს სამკურნალო-ჰიგიენური ღონისძიებების კომპლექსს).
  • არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი სისხლძარღვთა სპაზმის მოხსნას;
  • დეჰიდრატაციულ თერაპიას, რომელიც აძლიერებს დიურეზს, ხელს უშლის ტვინის შეშუპებასა და ჰიპერტენზიის განვითარებას (ლაზიქსი, ფუროსემიდი, მანიტოლი);
  • ვენაში წვეთოვანი სახით ცილოვანი (ალბუმინი, პროტეინი, მშრალი პლაზმის ხსნარი) პრეპარატების შეყვანას, დეტოქსიკაციისთვის გლუკოზა-ნოვოკაინის ხსნარის, რეოპოლიგლუკინის, ჰემოდეზის გადასხმას;
  • ოქსიგენოთერაპიას – ჟანგბადით სუნთქვას.

ჩამოთვლილი მეთოდების არასათანადო ეფექტიანობის შემთხვევაში ნაჩვენებია ადრეული მშობიარობა ან საკეისრო კვეთა.
ეკლამფსიის შეტევაგადატანილ ორსულებს განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდებათ. მშობიარობის შემდეგ მათ ყოველდღიურად უზომავენ არტერიულ წნევას, ყოველ მეორე-მესამე დღეს უკეთებენ შარდის ანალიზს, აკვირდებიან მელოგინის საერთო მდგომარეობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, სასუნთქი სისტემის ფუნქციონირებას და სასაქესო ორგანოების ინვოლუციის პროცესს. ეს საჭიროა მშობიარობის შემდგომი სეპტიკური და სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად. ახალშობილებს არცთუ იშვიათად დაქვეითებული აქვთ სენშეუვალობა ინფექციების მიმართ, ამიტომ ახლობლებისა და პედიატრის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

 

 

ეზოფაგიტი – oesophagitis – эзофагит

ეზოფაგიტი საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს, მიზეზის კვალობაზე – ალიმენტურს (იწვევს მეტისმეტად ცხელი ან ცივი, უხეში საკვების, ალკოჰოლის მიღება), პროფესიულს (მჟავას, ტუტეს ან მძიმე მეტალის ორთქლის ჩასუნთქვის შედეგია), შეგუბებითს (იწვევს საყლაპავში საკვების დიდხანს გაჩერება დივერტიკულის, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნის, სტენოზის, კარდიის აქალაზიის შემთხვევაში), ალერგიულს (ხშირია ბავშვებში საკვებისმიერი ალერგიის დროს, მოზარდებში ბრონქული ასთმის დროს), დისმეტაბოლურს (ვითარდება პოლიჰიპოვიტამინოზის, რკინის დეფიციტის, კანის დიდი ფართობის დამწვრობის, პორტული ჰიპერტენზიის ფონზე), პეპტიურს და რეფლუქს-ეზოფაგიტს (განაპირობებს კუჭის წვენის ან თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის განუწყვეტელი უკუგადმოსროლა).
თითქმის ყოველგვარი ეზოფაგიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ირადიაცია ზურგისა და ზედა კიდურებისკენ. ეს შეგრძნება ძალიან ჰგავს სტენოკარდიულ ტკივილს და ძლიერდება საკვების მიღებისას. დამახასიათებელია ტკივილის კავშირი ჭამასთან და დისფაგია.
რეფლუქს-ეზოფაგიტის (გასტროეზოფაგურ-რეფლუქსური დაავადების) განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის დისფუნქცია, იშვიათად – დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი. საყლაპავის მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევას თან სდევს კუჭიდან გადმოსროლილი მჟავე მასის შეკავება და ხანგრძლივი კონტაქტი საყლაპავის ლორწოვანთან, რაც განაპირობებს კიდეც რეფლუქს-ეზოფაგიტის განვითარებას. მას ახასიათებს: ჭამასთან დაკავშირებული გულძმარვა, რომელიც წოლისას, დახრისას და ფიზიკური დატვირთვისას ძლიერდება; წამოღებინება მჟავე ან ნაღვლის შემცველი შიგთავსით; დისფაგია, რომელიც მცირდება ანტაციდების ან ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღების შემდეგ; ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც სტენოკარდიისგან დიფერენცირებას მოითხოვს; ღამის ხველა ან ასთმის შეტევები, რომელთა კუპირება ანტირეფლექსური თერაპიით შეიძლება.

დიაგნოზი დაისმის ენდოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე. ზოგჯერ საჭიროდ მიიჩნევენ ბიოფსიური მასალის შესწავლას და დღეღამურ pH-მეტრიას, რომლის საშუალებითაც ხდება ატიპური სიმპტომების (მათ შორის – გულის არეში აღმოცენებული ტკივილი) დიფერენცირება.
მკურნალობის წამყვანი კომპონენტებია კვების რეჟიმის დაცვა და ცხოვრების ნირის შეცვლა. კერძოდ, საჭიროა კვება რეგულარულად და მცირე ულუფებით, ალკოჰოლზე უარის თქმა, ცხიმის შეზღუდვა, 10-15-საათიანი ძილი შემაღლებულ სასთუმალზე.
მედიკამენტებიდან ინიშნება ანტაციდები, პროკინეტიკები და ანტისეკრეტორული საშუალებები, ეროზიული ეზოფაგიტის შემთხვევაში – პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (იხ. რეფლუქსი).

 

 

ეგზოსტოზი – exostosis – экзостоз

ეგზოსტოზი არის ხაზოვანი, სფერული ან სხვაგვარი ფორმის ერთეული ან მრავლობითი არასიმსივნური, ძვლოვანი ან ძვლოვან-ხრტილოვანი წანაზარდი ძვლის ზედაპირზე. ის ნელ-ნელა იზრდება, არც მტკივნეულია და არც სხვაგვარ დისკომფორტს იწვევს, ამიტომ უმეტესად შეუმჩნეველი რჩება. აღმოაჩენენ შემთხვევით, რენტგენოლოგიური კვლევისას, ან მაშინ, როცა წანაზარდი შესამჩნევი ხდება.
ეგზოსტოზის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება და გაზრდილი ძვლოვანი ქსოვილის მოკვეთას ითვალისწინებს.

 

ეგზემა – eczema – экзема

ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ეცზეო, რაც დუღილს ნიშნავს – მწვავე ეგზემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის შემცველი გამონაყარი, მართლაც წააგავს მდუღარე სითხის ბუშტუკებს.
ეგზემის მიზეზი უცნობია. დაავადების წარმოქმნის მექანიზმს საფუძვლად უდევს ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილება, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის (უპირატესად – ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის) ფუნქციური დარღვევებით. ამ დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ეგზემით დაავადებულებში ერთობ თვალსაჩინოდ არის გამოხატული.
ენდოგენური ფაქტორების არსებობისას (ნერვული და ენდოკრინული სისტემების, ღვიძლის, ნაწლავების ფუნქციის მოშლის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში) ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ეგზოგენური გამღიზიანებლები, რომლებსაც ორ ჯგუფად – ჩვეულებრივ ანუ ბანალურ გამღიზიანებლებად და ალერგენებად ყოფენ.
ბანალური გამღიზიანებელია სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური აგენტი, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე საყოფაცხოვრებო თუ პროფესიულ პირობებში. მათ შორის – მეტეოროლოგიური ფაქტორები (სიცივე, სიცხე, ქარი, მზის სხივები), წყალი, საპონი, მჟავები, ტუტეები.
ენდოგენური დარღვევებისა და ეგზოგენური გამღიზიანებლების კომპლექსი განაპირობებს ორგანიზმის მგრძნობელობის მომატებას (სენსიბილიზაციას) გარე გამღიზიანებლების მიმართ.
ალერგენები ისეთი გამღიზიანებლების მრავალრიცხოვანი ჯგუფია, რომლებიც ორგანიზმზე ერთჯერადი მოქმედებისას შესამჩნევ ცვლილებებს არ იწვევს, მაგრამ ხანგრძლივი, მრავალჯერადი ზემოქმედებისას ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლას – სენსიბილიზაციას განაპირობებს. ალერგენების მაგალითად გამოდგება ორგანული ნივთიერებები: სკიპიდარი, საღებავები, ნიკელის, ქრომის მარილები და სხვა.
სენსიბილიზაციის დასაწყისში შესაძლოა ორგანიზმი რომელიმე ერთ გამღიზიანებელზე რეაგირებდეს. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ორგანიზმის რეაქტიულობა იცვლება და იწყება რეაგირება მრავალ სხვადასხვა, მათ შორის – ბანალურ გამღიზიანებლებზეც კი.
ენდოგენური ფაქტორებიდან აღსანიშნავია ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომლის მნიშვნელობაზეც მიუთითებს ქავილისა და წვის შეგრძნებები და თერმორეგულაციის დარღვევა.
დაავადებულთა ალერგიულ მდგომარეობას შესაძლოა ხელი შეუწყოს ქრონიკული ინფექციის კერებმა (ტონზილიტმა, სინუსიტმა, ქოლეცისტიტმა, აპენდიციტმა, პროსტატიტმა, კოლიტმა). აგრეთვე – სოკოვანი დაავადების გამწვავებამ, ნაწლავთა პარაზიტების ცხოველმყოფელობის პროდუქტებმა და ა.შ. გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი განწყობა დაავადების მიმართ.

სიმპტომები და მიმდინარეობა. განასხვავებენ დაავადების ოთხ კლინიკურ ფორმას: ჭეშმარიტს, სებორეულს, მიკრობულსა და პროფესიულს. ჭეშმარიტი ეგზემის კლინიკური სურათი იწყება კანის მეტ-ნაკლებად გამოხატული შეშუპებით და ანთებით (ერითემული სტადია), რასაც თან სდევს ინტენსიური ქავილი. ამ ფონზე ჩნდება მრავალრიცხოვანი წვრილი, წერტილოვანი, იშვიათად – მსხვილი კვანძი (კვანძოვანი სტადია) და გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები (ბუშტუკოვანი სტადია), თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეგზემა მხოლოდ შეშუპებით და ანთებითი სიწითლით მიმდინარეობს. ბუშტუკები სკდება და შიშვლდება კანის სველი ზედაპირი. სითხე გამოიჟონება წვრილი ელემენტებიდან და ვრცლად ფარავს კერებს. ამ სტადიაზე დაავადებას სველ ეგზემას უწოდებენ. სითხე თანდათან შრება და თავდაპირველად – ნახევრად გამჭვირვალე-მოყვითალო, შემდეგ კი სქელ მორუხო ან მოყავისფრო ლაქებად გარდაიქმნება (ქერქოვანი სტადია). რამდენიმე დღის შემდეგ ქერქი კანის ზედაპირს სცილდება და მის ქვეშ ჩნდება ღია ვარდისფერი სადა, ნაზი, ოდნავ პრიალა ეპიდერმისით დაფარული კანი, რომელიც იწყებს აქერცვლას (აქერცვლისა და ეპითელიზაციის სტადია). ანთებითი პროცესი თანდათან სუსტდება და კანი ბუნებრივ ელფერს იღებს. ზოგჯერ კერაში მუქი შეფერილობის ლაქა რჩება. შესაძლოა, პროცესი განვითარების რომელიმე (ნებისმიერ) სტადიაზე შეჩერდეს, უკუგანვითარდეს და რამდენიმე ხანში განკურნებით დასრულდეს. შესაძლოა, კერაში ერთდროულად სხვადასხვა ნიშანმა იჩინოს თავი. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ გამონაყარი პოლიმორფულია.

ჭეშმარიტი ეგზემის კერა სხვადასხვა ზომისაა, აქვს არცთუ მკვეთრად გამოხატული საზღვრები, ახასიათებს უპირატესად სიმეტრიულობა და ჩნდება ხელის ზურგზე, წინამხრებზე, ტერფების ზემოთა ზედაპირზე, ბავშვებში – სახეზე, ტანზე, გულმკერდზე და ნებისმიერ სხვა მიდამოში. ჭეშმარიტი ეგზემის ლოკალიზაცია დაავადების მორფოლოგიურ სურათზე გავლენას არ ახდენს. გამონაკლისია ხელისგულები და ფეხისგულები, სადაც კანის აგებულების თავისებურებების (რქოვანას სისქის) გამო დაავადება სხვაგვარი ფორმით ვლინდება. მას დისჰიდროზულ ეგზემას უწოდებენ. ამ დროს ხელისგულებისა და ფეხისგულების, თითების გვერდითა ზედაპირებზე ჩნდება მრავალი წვრილი ბუშტუკი. ეპიდერმისის სისქის გამო ანთებითი ფონი ამ ადგილებში ძლიერ სუსტად არის გამოხატული. ბუშტუკები ან იხსნება, ან ხმება და ბრტყელ მოყვითალო ფუფხად იქცევა. დისჰიდროზული ეგზემის კერა მკვეთრად არის შემოსაზღვრული ჯანმრთელი კანისგან. დაზიანების კერა შესაძლოა გაფართოვდეს და გადავიდეს ხელის მტევნებსა და ტერფების ზემოთა ზედაპირზე, სადაც პროცესი ჭეშმარიტი ეგზემის ტიპურ კლინიკურ სურათს შექმნის.
სახელწოდება `დისჰიდროზული~ ოფლის გამოყოფის დარღვევით მიმდინარეს ნიშნავს, თუმცა საოფლე ჯირკვლები ამ დროს ნორმალურად ფუნქციონირებს.
გახანგრძლივების შემთხვევაში მწვავე ეგზემამ შესაძლოა ქვემწვავე ან ქრონიკული ხასიათი მიიღოს.
ქრონიკული ეგზემა გახანგრძლივებული მორეციდივე ეგზემის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს და დამოუკიდებლადაც. ქრონიკული ეგზემის შემთხვევაში სისველე სუსტად არის გამოხატული ან სრულებით არ აღინიშნება. ქრონიკული ეგზემის მთავარი ნიშნებია კანის ინფილტრაცია, ლიქენიფიკაცია და აქერცვლა. ბუშტუკოვანი ელემენტები მხოლოდ პროცესის გამწვავებისას ჩნდება.
სებორეული ეგზემა, რომლის წინარე მდგომარეობა სებორეაა, უმთავრესად ლოკალიზებულია ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებზე: თავის თმიან ნაწილზე, ყურის ნიჟარებზე, სახეზე, შუბლის, საფეთქლების, ცხვირ-ლოყის ნაოჭებში, გულმკერდსა და ბეჭთაშუა არეებში, იღლიისქვეშა ფოსოში, საზარდულის, ჭიპის მიდამოებში, ზემო და ქვემო კიდურების მომხრელ და გვერდით ზედაპირებზე. პროცესი თავის თმიანი ნაწილიდან იწყება. ამ უბანზე სისველის შედეგად დიდი რაოდენობის ქატოსებრ, მონაცრისფრო-მოთეთრო ქერცლთან ერთად გროვდება უხვი ქერქი, რომელიც ზოგჯერ მთელ თავს ფარავს. ყურის ნიჟარების უკან კანი შეშუპებული, წითელი და სველია, დაფარულია ქერქით. ყურებს უკანა ნაოჭებში მტკივნეული ნაპრალებია, სისველის პერიოდებს ცვლის კანის მეტისმეტი სიმშრალის პერიოდები. სებორეული ეგზემის მძიმე შემთხვევაში იქ, სადაც დაზიანება უფრო ინტენსიურია, თმა ცვივა. პროცესს თან სდევს ქავილი, წვა, ზოგჯერ – ტკივილი, თუმცა შესაძლოა, სებორეული ეგზემა თითქმის სუბიექტური შეგრძნებების გარეშე მიმდინარეობდეს.
მიკრობული ეგზემა ვითარდება პიოდერმიის, სოკოვანი დაავადების (მიკოზური ეგზემა), ინფიცირებული ტრავმის, ჭრილობის, დამწვრობის (პარატრავმული ეგზემა), ქვემო კიდურების სისხლის მიმოქცევის მოშლის, ტროფიკული წყლულის (ვარიკოზული ეგზემა) მეორეული ეგზემატიზაციის შედეგად. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით, დაავადება გამოირჩევა ასიმეტრიული განლაგებით (ანთებითი შეშუპებული კანი დაფარულია წვრილი ბუშტუკებით ან ჩირქოვანი ელემენტებით), მკაფიოდ გამოხატული საზღვრებით, ჩვეულებრივ, იოლად ექვემდებარება მადეზინფიცირებელი საშუალებებით მკურნალობას, რომელთა გამოყენება ჭეშმარიტი ეგზემის დროს გაღიზიანებას იწვევს. დაზიანება ლოკალიზებულია წვივებისა და ჭიპის გარშემო, სარძევე ჯირკვლების ქვეშ.
ვარიკოზული ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ტრავმები და სენსიბილიზაცია ვარიკოზული დაავადების სამკურნალო პრეპარატების მიმართ.
პროფესიული ეგზემა ჭეშმარიტისგან კლინიკურად არ განსხვავდება. იგი ვითარდება საწარმოო ალერგენებთან მრავალჯერადი კონტაქტის შედეგად, რომელიც წლობით გრძელდება. თავდაპირველად კანის ანთებით რეაქციას ალერგენის ზემოქმედების ადგილებზე ალერგიული დერმატიტის ხასიათი აქვს და ალერგენის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ მალევე უკუვითარდება. ალერგენთან კონტაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში დაავადება უფრო მდგრადი ხდება. ამ დროს მოსალოდნელია გამწვავება არამარტო საწარმოო გამღიზიანებელზე.
პროფესიული ეგზემის გახანგრძლივებისას შესაძლოა გამოვლინდეს ორგანიზმის სენსიბილიზაცია არა მარტო საწარმოო, არამედ საყოფაცხოვრებო გამღიზიანებლებზეც.

ბავშვებში ეგზემა ვლინდება ჭეშმარიტი, სებორეული და მიკრობული ფორმებით. შესაძლოა კომბინირებული განვითარებაც – სხვადასხვა ადგილას დაავადება სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი.
მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს ნერვული, ენდოკრინული დარღვევების ლიკვიდაციას, ქრონიკული ინფექციის კერების სანაციას, ჰიპოალერგენულ დიეტას. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასაკი და თანმხლები დაავადებანი შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, პროფესია, ცხოვრებისა და კვების რეჟიმი, მავნე ჩვევები.
ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად ინიშნება სედაციური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, განგლიობლოკატორები (ვალერიანის ექსტრაქტი, სედუქსენი, ამინაზინი). ჰიპოსენსიბილიზაციისთვის ანუ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის შესამცირებლად ინიშნება კალციუმის ქლორიდისა და ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარები. ფართოდ გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები (როგორც საინექციოდ, ისე შინაგანად) და ვიტამინები (უპირატესად – B ჯგუფისა).
დაავადების მყარი და მძიმე ფორმების შემთხვევაში სისტემური დანიშნულების კორტიკოსტეროიდულ თერაპიასაც მიმართავენ.
განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება რაციონალურ დიეტას. რეკომენდებულია მარილიანი, ცხარე, შებოლილი საკვების, შოკოლადის, კაკაოს, კვერცხის, ნიგვზისა და ციტრუსების შეზღუდვა. უკუნაჩვენებია ალკოჰოლი და თამბაქო.

ადგილობრივი მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, კლინიკურ ფორმაზე, ამა თუ იმ სამკურნალო საშუალების მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. სისველის სტადიაში ანთებითი მოვლენებისა და შეშუპების შესამცირებლად ინიშნება გამაგრილებელი (რეზორცინის, ბორის მჟავას, რივანოლის) საფენები, ზედაპირის შეშრობის შემდეგ – გოგირდისა და კუპრის მალამოები, კორტიკოსტეროიდული მალამოები. მიკრობული ეგზემის შემთხვევაში ინიშნება იგივე მალამოები ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად. ადგილობრივი მკურნალობისთვის იყენებენ ფიზიოთერაპიულ საშუალებებსაც: ულტრაიისფერ სხივებს, ელექტროფორეზს, პარაფინის აპლიკაციებს და სხვა. რემისიის პერიოდში რეკომენდებულია კურორტული მკურნალობა (წყალტუბო, ურეკი).

 

 

დუოდენიტი – duodenitis – дуоденит

დუოდენიტი თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით-დისტროფიული დაავადებაა. ამ დროს თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის, ხოლო მისი ჯირკვლოვანი აპარატი – განუწყვეტელ ატროფიას. დუოდენიტი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და მეტწილად მამაკაცებს შორის გვხვდება.
დუოდენიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე დუოდენიტი, წესისამებრ, მიმდინარეობს კუჭისა და ნაწლავების მწვავე ანთებასთან ერთად მწვავე გასტროენტერიტის, გასტროენტეროკოლიტის სახით. განასხვავებენ მის კატარულ, ეროზიულ-წყლულოვან და ფლეგმონურ ფორმებს. მწვავე დუოდენიტი შეიძლება გამოიწვიოს საკვებისმიერმა ინტოქსიკაციამ – იმ ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლამ, რომლებიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელ ზემოქმედებას ახდენს, ასევე – მწარე და ცხარე საკვების ჭარბმა მიღებამ, ალკოჰოლიანმა სასმელებმა, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის უცხო სხეულით დაზიანებამ.
მწვავე დუოდენიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, ძლიერი სისუსტე. ეპიგასტრიუმის მიდამოში შეხება მტკივნეულია. დიაგნოზი დასტურდება დუოდენოფიბროსკოპიით, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში ანთებით ცვლილებებს ავლენს.
ფლეგმონური ფორმის დროს ავადმყოფის მდგომარეობა სწარაფად უარესდება. ეპიგასტრიუმის არეში კუნთები დაჭიმულია. ტემპერატურა იმატებს. მომატებულია ედს-იც. ამ დროს ზონდირება და დუოდენოფიბროსკოპია უკუნაჩვენებია.
მწვავე კატარული და ეროზიულ-წყლულოვანი დუოდენიტი, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში თვითგანკურნებით სრულდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის განმეორებად ხასიათს იღებს და ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. ფლეგმონური დუო¬დენიტის პროგნოზი კი მძიმეა: მოსალოდნელია ნაწლავებიდან სისხლდენა, ნაწლავის კედლის პერფორაცია, მწვავე პანკრეატიტი.
ქრონიკული დუოდენიტი შეიძლება იყოს პირველადიც, როდესაც თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება დამოუკიდებლად ვითარდება, და მეორეულიც, როდესაც ის სხვა დაავადებით არის განპირობებული. უკანასკნელ შემთხვევაში დუოდენიტი შერწყმულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოების პათოლოგიასთან, მაგალითად, გასტრიტთან, წყლულოვან დაავადებასთან, პანკრეატიტთან, ქოლეცისტიტთან.
დუოდენიტის დროს ანთებითი პროცესი შეიძლება მთელ ნაწლავზე გავრცელდეს. ასეთ შემთხვევაში ანთებას დიფუზურს უწოდებენ. თუ ანთებითი პროცესი თორმეტგოჯა ნაწლავის რომელიმე ნაწილზეა ლოკალიზებული, დუოდენიტი ლოკალურია.
პირველადი ქრონიკული დუოდენიტი იშვიათია. მის მიზეზად შეიძლება იქცეს კვების რეჟიმის დარღვევა (არარეგულარული კვება, ცხარე საკვების მიღება, არასრულფასოვანი ღეჭვა, მაგარი ალკოჰოლური სასმელების, მაგარი ყავის ან ჩაის ჭარბი მოხმარება). გამაღიზიანებელი საკვების მიღებისას იმატებს კუჭის წვენის მჟავიანობა და მისი ნეგატიური ზემოქმედება თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. იშვიათად პირველადი ქრონიკული დუოდენიტი მწვავე ფორმის შემდეგ ვითარდება. მის განვითარებას ხელს უწყობს თამბაქოს წევა – სიგარეტის კვამლში არსებული ნივთიერებები ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და თრგუნავს თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე რეაქციის მქონე სეკრეტის პროდუქციას.
მეორეული ქრონიკული დუოდენიტი შედარებით ხშირად გვხვდება. მას სხვადასხვა მიზეზი აქვს: ჰელიკობაქტერიული ინფექცია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი. შესაძლოა, განვითარდეს ალერგიული დაავადების, ნაწლავებსა და სანაღვლე გზებში გლისტების არსებობის, თორმეტგოჯა ნაწლავში სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე სხვა პათოლოგიების დროსაც.
ჰელიკობაქტერიული ინფექციისას ანთებითი პროცესის დასაწყისსა და გაქრონიკულებაში ჰელიკობაქტერიის დამაზიანებელ ზემოქმედებას მიუძღვის ბრალი. რაც შეეხება ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკულ დაავადებებს, ამ დროს ფერმენტების ბალანსი ირღვევა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი მათ აგრესიულ ზემოქმედებას განიცდის. ანთებითი პროცესი მხოლოდ ლორწოვანი გარსის ზედა შრეზე ვრცელდება. ლორწოვანი გარსი შუპდება, უჯრედთა კვება ირღვევა და უჯრედები განილევა.
დიფუზური დუოდენიტის დროს დისტროფიული პროცესი ვრცელდება ლორწოვანი გარსის მთელ სისქეზე და მოიცავს თორმეტგოჯა ნაწლავის ჯირკვლებს. ამ დროს სეკრეტორული ფუნქცია შესაძლოა მომატებულიც კი იყოს.
ანთების ერთ-ერთ ფორმას, ატროფიულ დუოდენიტს, ნაწლავის ლორწოვანი გარსის განლევა და მისი სეკრეტორული ფუნქციის დათრგუნვა ახასიათებს.
გვხვდება ეროზიული დუოდენიტიც, რომლის დროსაც ნაწლავის ლორწოვან გარსზე წვრილ-წვრილი ზედაპირული წყლულები ჩნდება.
ქრონიკული დუოდენიტი შეიძლება მიმდინარეობდეს წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის მსგავსი ან შერეული სიმპტომებით. არსებობს დაავადების ფარული ფორმაც, რომლის დროსაც ავადმყოფს, ფაქტობრივად, არაფერი აწუხებს.
ქრონიკული დუოდენიტის დროს ავადმყოფი უჩივის ყრუ, მჩხვლეტ ან სპაზმურ ტკივილს კუჭის ქვედა არეში. ზოგჯერ ეს შეგრძნება ჭიპის მიდამოსაც გადაეცემა. ტკივილი, წესისამებრ, აღმოცენდება ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ. აყუჩებს ანტაციდური პრეპარატების ან საკვების მიიღება. ზოგჯერ კუჭში ჩნდება სიმძიმის შეგრძნებაც.
თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილის ანთება შესაძლოა კუჭის წყლულოვან დაავადებას ჰგავდეს, ქვედა ნაწილისა კი ქოლეცისტიტის ან პანკრეატიტის მსგავსი ჩივილებით მიმდინარეობს. იშვიათად აღინიშნება ღებინება, შედარებით ხშირად – ბოყინი ან გულძმარვა. ზოგჯერ თავს იჩენს მოულოდნელი შიმშილის გრძნობა.
ხშირია შემთხვევა, როდესაც დუოდენიტს თან სდევს ცვლილებები ვეგეტაციური ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, ოფლიანობა, თავბრუხვევა, რომლებიც თავს იჩენს ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. ენაზე ჩნდება ნადები, მკერდის ძვლის ქვედა არის შეხება მტკივნეულია.
ქრონიკული დუოდენიტის დიაგნოზი დაისმის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის რენტგენოსკოპიული გამოკვლევისა და ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის საფუძველზე. გარდა ამისა, ტარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეტორული ფუნქციის კვლევა, დუოდენალური ზონდირება.
ქრონიკული დუოდენიტის მკურნალობისას, პირველ ყოვლისა, დიეტა ინიშნება. გამწვავების პერიოდში დიეტა დამზოგველი უნდა იყოს, რათა ლორწოვანი გარსი მექანიკური, თერმული და ქიმიური გამღიზიანებლებისგან დავიცვათ. საჭიროა კვება დღეში 5-6-ჯერ. მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს ანტაციდური, მარილმჟავას სეკრეციის დამაქვეითებელი, თორმეტგოჯა ნაწლავის უჯრედთა რეგენერაციის გამაძლიერებელი და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის მარეგულირებელის პრეპარატების მიღებას. მეტად ეფექტურია ფიზიოთერაპიული მკურნალობა. რეკომენდებულია სანატორიულ-კურორტული თერაპია.
დუოდენიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს რეჟიმულ კვებას, ალკოჰოლისგან თავის შეკავებას, დუოდენიტის მაპროვოცირებელი დაავადებების მკურნალობას.

 

 

დიფთერია – diphtheria – дифтерия

დიფთერია ინფექციური დაავადებაა, რომელსაც დიფთერიის ტოქსინი იწვევს. ტოქსინებს Corynebacterium diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამები გამოიმუშავებს. დიფთერიის გამოწვევა არატოქსიგენურ გამომწვევებსაც შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში დაავადების კლინიკური მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია. ინფექციის წყაროა ადამიანი, რომელიც გადამდებია დაავადების პირველივე დღიდან ავადმყოფობის დასასრულამდე, ზოგჯერ – მის შემდეგაც. დიფტერიის ბაქტერიები ცხვირ-ხახის ლორწოვანზე ბინადრობენ და ხველის, ცემინების, კოცნის დროს ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდებიან. ბაქტერია გარემოში დიდხანს ძლებს, ამიტომ ავადმყოფის სათამაშოებმა, ჭურჭელმა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებმა შესაძლოა ჯანმრთელი ბავშვი დაასნებოვნოს.

დაავადება ხშირია შემოდგომაზე და ზამთარში. დიფთერიით უმეტესად ის ბავშვები და მოზარდები ხდებიან ავად, რომელთაც სწორად არ ჩაუტარდათ ან საერთოდ არ ჩასტარებიათ დიფტერიის საწინააღმდეგო აცრა. აუცრელი ადამიანის ორგანიზმში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად ვითარდება ძლიერი ინტოქსიკაცია, ყელისა და სასუნთქი გზების ანთება და ისეთი მძიმე გართულებები, როგორიც არის ხორხის შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, გულის, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. წინათ დიფთერია ხშირად იწვევდა სიკვდილს. რამდენიმე ათეული წელია, გეგმური აცრების შედეგად ავადობა და სიკვდილიანობა, ფაქტობრივად, აღმოიფხვრა, თუმცა გვხვდება ერთეული, ზოგჯერ – დაგვიანებით ნამკურნალევი და მძიმედ მიმდინარე შემთხვევები.

სიმპტომები და მიმდინარეობა. დიფთერიის ფარული პერიოდი 2-დან 10 დღემდე გრძელდება. განასხვავებენ მის შემდეგ ფორმებს:

  • ხახის დიფთერიას;
  • სასუნთქი გზების დიფთერიას;
  • ცხვირის დიფთერიას;
  • იშვიათი ლოკალიზაციის (კანის, გარეთა სასქესო ორგანოების) დიფთერიას.

ყველაზე ხშირია დიფთერიის ხახის ფორმა. თავდაპირველად ის ზოგადი სიმპტომებით: საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, მუცლის ტკივილით, ყლაპვის გაძნელებით, უმადობით, ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით ვლინდება. ინფიცირებული ბავშვი ფითრდება, ხახა, ნუშურა ჯირკვლები და სასა შეწითლებული აქვს, დიდი ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლები – გადიდებული, გულისცემა – გახშირებული. გადიდებულ ნუშურა ჯირკვლებზე ჩნდება დამახასიათებელი აპკოვანი ნადები, რომელსაც აქვს ჭუჭყიანი რუხი ფერი, მკვრივი კონსისტენცია და იმდენად მჭიდროდ არის შეზრდილი ქვეშ მდებარე ქსოვილთან, რომ მოცილებისას სისხლდენაც კი იწყება. დაავადების ხანგრძლივობის კვალობაზე, აპკოვანი ნადები სხვადასხვა ფართობს იკავებს, ხოლო ფერი მოყვითალო-მორუხოდან კრემისფრამდე იცვლება. ავადმყოფი თავს ძალიან ცუდად გრძნობს, შესაძლოა, აღებინოს კიდეც, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მცირე ასაკის ბავშვებს ეს სიმპტომები დაავადების სრულ განვითარებამდე არც კი უვლინდებათ.
თუ ხახის დიფტერია დროულად არ იქნა ამოცნობილი, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები 6-7 დღე გრძელდება, მეორე კვირიდან კი თითქოსდა გამოჯანმრთელება იწყება: ტემპერატურა ნორმას უბრუნდება, ნადები შორდება ლორწოვანს (ავადმყოფი ამ ნადებს ან გადმოაფურთხებს, ან ყლაპავს), მაგრამ სიფითრე და აჩქარებული პულსი რჩება. თითქოსდა განკურნებულ ავადმყოფს შესაძლოა აღმოაჩნდეს უმძიმესი გართულებები მიოკარდიტისა და დამბლის სახით.
ცხვირის დიფთერია გაცილებით იშვიათია და მცირე ასაკის ბავშვებშიც გვხვდება. ამ დროს ცხვირიდან მოედინება ლორწოვან-ჩირქოვანი, სისხლიანი სითხე, ცხვირით სუნთქვა ჭირს, ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია.
ხორხის დიფთერია (კრუპი) იწყება ტემპერატურის მატებით, ხმის ჩახლეჩით, უხეში მყეფავი ხველით. ბავშვი ხმას მალე კარგავს. ვითარდება დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), ინტოქსიკაცია. ხორხისა და საყლაპავის შეშუპება იწვევს სუნთქვის გაძნელებას. აპკმა შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად გადაფაროს სასუნთქი გზა. კისრის ლიმფური კვანძები დიდდება. მძიმე შემთხვევაში ეგზოტოქსინი აღწევს კისრის ქსოვილებში და იწვევს მათ შეშუპებას (ე.წ ხარის კისერს). თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა და სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, ნადებისა და ძლიერი შეშუპების გამო სუნთქვის უკმარისობა გაძლიერდება, ბავშვი თანდათან დასუსტდება, გალურჯდება და შესაძლოა, დაიხრჩოს.

გართულებები. თუ ანტიტოქსინის შეყვანა დაგვიანდა, მოსალოდნელია შემდეგი გართულებების განვითარება:

  • ბაქტერიის ტოქსიკური მოქმედების შედეგად მინიმუმ – 3-14 დღეში, მაქსიმუმ – 4-7 კვირაში შესაძლოა განვითარდეს გულის კუნთის მძიმე დაზიანება (ტოქსიკური მიოკარდიტი), რომელიც ხშირად ლეტალურად სრულდება. ამ გართულების ალბათობა 50%-ს შეადგენს.
  • მოსალოდნელია გულის უკმარისობა და უეცარი სიკვდილი.
  • ავადმყოფების 20-30%-ს კარდიოგრამაზე აღენიშნება უმნიშვნელო ცვლილებები, გულის სრული ბლოკადა, პარკუჭოვანი არითმია, რომლის დროსაც ხშირია ლეტალური დასასრული.
  • მონო- ან პოლინევრიტი: რბილი სასის პარეზი (ხმის ჩახლეჩა, სასის ლაგამის ასიმეტრიული განლაგება, სასის რეფლექსის უქონლობა), თვალის მამოძრავებელი კუნთის პარეზი (მხედველობის აკომოდაციის დარღვევა, რომლის შედეგადაც შეუძლებელი ხდება წვრილი ნაბეჭდი შრიფტის წაკითხვა). გართულება 14-24 დღეში იჩენს თავს. მისი განვითარების ალბათობა 20%-ს შეადგენს. მეოთხე-მეხუთე კვირას მოსალოდნელია ტანის, კიდურებისა და სასუნთქი კუნთების გენერალიზებული დამბლა.
  • ტოქსიკური ნეფროზი – 5-8 დღე.
  • ტოქსიკური შოკი – პირველი 3-4 დღე.
  • პნევმონია – 2-4 კვირა.
  • ასფიქსია (სასუნთქი გზების დიფტერიის დროს) – 3-5 დღე.

ამჟამად დიფთერიის ლეტალური დასასრულის ალბათობა 10%-ს შეადგენს. უმეტესად იღუპებიან 5 წლამდე ასაკისა და 40 წელს გადაცილებული პაციენტები.
სპონტანური გამოჯანმრთელება მიმდინარეობს ნელა, კვირების განმავლობაში. დაავადების გვიანდელ ეტაპზე ანტიტოქსინის ან კორტიკოსტეროიდების დანიშვნა მიოკარდიტსა და დამბლას ვერ ამსუბუქებს.

მკურნალობა. დიფთერიის ეჭვის შემთხვევაში ავადმყოფი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საავადმყოფოში. დიფტერიის საწინააღმდეგო შრატით დროული მკურნალობა მოკლე ხანში გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს. კრუპის შემთხვევაში საჭიროა ხორხში სპეციალური მილის ჩადგმა (ინტუბაცია) ან სხეულის გარედან გაკვეთა (ტრაქეოტომია).

პროფილაქტიკა. დიფთერიის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა აცრაა. დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა იწვევს ანტიტოქსიკური ანტისხეულების წარმოქმნას, რაც დიფთერიის კლინიკურ გამოვლენას შეუძლებელს ხდის. ეფექტი 95-100%-ში მიიღწევა. დაავადების შემთხვევაში დითტერია მსუბუქად მიმდინარეობს. ვაქცინის მოქმედების პერიოდი 10 წელია.

 

 

დისპლაზია – dysplasia – дисплазия

დისპლაზია ქსოვილის ან ორგანოს განვითარების დარღვევაა. ხშირია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია. ის ჩვენში სამხარეო პათოლოგიად მიიჩნევა – საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში იყო აღრიცხული.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება ემბრიონის განვითარების მე-4-5 კვირას იწყება, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს. დარღვევა შეიძლება მოხდეს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ყველაზე ხშირად მისი მიზეზი გენეტიკური დეფექტია. თუ ბავშვის დედას ან მის რომელიმე ნათესავს ჩვილ ასაკში ან ბავშვობაში ორთოპედიული პრობლემები ჰქონდა, ასეთი გადახრის მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა დიდია. განსაზღვრულ როლს ასრულებს გარეგანი ფაქტორები და ორსულობის დროს დედის ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული დარღვევები.
ორთოპედიაში დისპლაზიური სინდრომის ცნება გულისხმობს შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევას, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტესთან შერწყმული სახსრების ჰიპერმობილურობის (ჭარბი მოძრაობის) სახით. დისპლაზია დამოუკიდებელი დიაგნოზი არ არის. ის მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება.

დისპლაზიის ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს ბარძაყის თავის ამოვარდნილობა. განასხვავებენ მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილების ურთიერთდამოკიდებულების დარღვევის სამ ძირითად ფორმას: ბარძაყის წინარეამოვარდნილობას, ბარძაყის ქვეამოვარდნილობას და ბარძაყის ამოვარდნილობას. განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს დისპლაზიური, მოუმწიფებელი მენჯ-ბარძაყის სახსარი (ხშირად ბარძაყის თავი ცდომის გარეშეა და საგანგებო მკურნალობას არ მოითხოვს).
ბარძაყის თავის ამოვარდნილობა სახსრის შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობაა. ის უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება და გოგონებში 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ვაჟებში. ხშირია ჯდომით წინმდებარეობით დაბადებულ და მცირეწონიან (2500 გ-ზე ნაკლები წონის) ახალშობილებში. ჯდომით წინმდებარეობისას სახსრებში, განსაკუთრებით – მენჯ-ბარძაყის სახსარში, მოძრაობის მოცულობა მცირდება, რაც სახსრის განუვითარებლობის წინაპირობას წარმოადგენს, მცირე მასა კი, როგორც წესი, შერწყმულია კუნთოვანი ქსოვილის სიმცირესთან, რაც სახსრის არასწორი განვითარების ალბათობას ზრდის. გარდა ამისა, ბარძაყის ამოვარდნილობის რისკფაქტორია საშვილოსნოს გინეკოლოგიური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოში შეხორცებითი პროცესები და სხვა, რამაც მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის მოძრაობის შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს).

დაავადების ნიშნები. ბარძაყის თავის ამოვარდნილობა შეიძლება დაკვირვებულმა დედამაც შეამჩნიოს. მისი ნიშნები ასეთია:

  • ბავშვს ცალი ფეხი მეორეზე მოკლე აქვს;
  • ბარძაყზე დამატებითი ნაოჭი ჩნდება;
  • დუნდულა კუნთისა და საზარდულის ნაოჭები ასიმეტრიულია
  • მენჯ-ბარძაყის განზიდვისას ბარძაყების მდებარეობა ასიმეტრიულია
  • განზიდვისას ისმის ტკაცუნი ხან მენჯ-ბარძაყის, ხან მუხლის სახსრებში.

ეს არის თანდაყოლილი ამოვარდნილობის უტყუარი ნიშნები, რომელთა აღმოჩენისთანავე დედამ ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა მიუყვანოს ორთოპედს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგვიანების გამო ბავშვი შესაძლოა დაკოჭლდეს.

დიაგნოსტიკა. ბავშვი ორთოპედმა უნდა გასინჯოს და საეჭვო შემთხვევაში მენჯ-ბარძაყის სახსრის ექსკოპიურ კვლევაზე გაგზავნოს. ეს კვლევის უვნებელი მეთოდია, რომელიც 6 თვემდე ასაკის ბავშვებს უტარდებათ. ამის შემდეგ რენტგენული კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული.

პროფილაქტიკა. პროფილაქტიკისთვის ნაჩვენებია ფართო შეხვევა: ბავშვს ფეხებს შორის უნდა ამოვუფინოთ დიდი ზომის საფენი, რაც უზრუნველყოფს მენჯ-ბარძაყის სახსრის განზიდვას და ბარძაყის თავის სწორ მდებარეობას ტაბუხის ფოსოში. სახსრების სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მოძრაობის ადეკვატური მოცულობა (რაც ჩვილის მჭიდროდ შეხვევისას გამორიცხულია), მოსვენებისას კი ფიზიოლოგიური მდებარეობის შენარჩუნება.

მკურნალობა. თუ ორთოპედი ამოვარდნილობის დიაგნოზს დაადასტურებს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსურია. იყენებენ ფართო შეხვევას, გამბჯენებს (სპეციალური არტაშნით), პავლიკის თასმას, თაბაშირის ნახვევს, რაც ქმნის პირობებს სახსრის ყველა ელემენტის (ბარძაყის თავის, ტაბუხის ფოსოს) განვითარებისთვის. გამბჯენების ტარების ვადა ინდივიდუალურია და რამდენიმე თვიდან 1 წლამდე მერყეობს. მთავარია, მკურნალობა ნაადრევად არ შეწყდეს. ასევე ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპია, მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, თუმცა ისინი მკურნალობის მხოლოდ დამხმარე მეთოდებია.
რაც უფრო ადრე დაიწყება კონსერვატიული მკურნალობა, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციას, რომლის მიზანიც ბარძაყის ძვლის თავის გასწორება და მენჯ-ბარძაყის სახსრის ელემენტების ანატომიური ურთიერთმდებარეობის აღდგენაა. ქირურგიული ჩარევის მოცულობა ინდივიდუალურია (ზოგჯერ რამდენიმე ოპერაცია ხდება საჭირო). ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ხანგრძლივი ფიქსაცია, შემდეგ – აღდგენითი მკურნალობა სახსრის ადეკვატური ფიზიკური დატვირთვით, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ფიზიოთერაპია.
თუ ბარძაყის თავის ამოვარდნილობას არ ვუმკურნალეთ ან მკურნალობა ნაადრევად შეწყდა, 20 წლისთვის ან მშობიარობის შემდეგ მოსალოდნელია სახსრის ტკივილი და კოჭლობა, მოგვიანებით კი შესაძლოა კოქსართროზი განვითარდეს. ეს მეტად მძიმე დაავადებაა, თან სდევს ძლიერი ტკივილი, კოჭლობა, სახსრის მოძრაობის მოცულობის შეზღუდვა, რაც საბოლოო ჯამში ინვალიდობას იწვევს. მისი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური სახსრის ჩადგმით, თანაც რაც უფრო გვიან გაკეთდება ოპერაცია, მით უფრო მცირეა სრული განკურნების შანსი.

ვარჯიშები. მასაჟიც და ვარჯიშიც მაგარ, ბრტყელ ზედაპირზე უნდა შესრულდეს. ყველაზე მოხერხებული ზეწარგადაფარებული მაგიდაა. მასაჟი კეთდება დღეში ერთხელ, მაშინ, როცა ბავშვი კარგ გუნებაზეა. კურსი 10-15 სეანსს მოიცავს, შემდეგ კეთდება 3-თვიანი შესვენება და კურსი მეორდება. მასაჟი ბავშვისთვის დატვირთვაა, ამიტომ შესვენება აუცილებელია. სამკურნალო კომპლექსი ტარდება დღეში 2-3-ჯერ, თითოეული ვარჯიში მეორდება 10-15-ჯერ.

  • ველოსიპედი:  ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და მოახდინეთ პედლების ტრიალის იმიტაცია.
  • ფეხების გაშლა-მოხრა: ერთი ფეხი მოხრილია მუხლში, მეორე – გაშლილი და ასე რიგრიგობით.
  • მოახრევინეთ ბავშვს ფეხები მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში, გააკეთეთ ბრუნვითი მოძრაობები – ცალი ხელით მენჯ-ბარძაყის სახსარი შეაკავეთ, მეორე ხელი მუხლში მოჰკიდეთ და მსუბუქი მიწოლით აბრუნეთ ბარძაყი გარედან შიგნით.
  • ბავშვს ფეხები მუხლებსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მოახრევინეთ და ფრთხილად განუზიდეთ. ერიდეთ მკვეთრ მოძრაობას, რათა პატარას ტკივილი არ მიაყენოთ.

საუკეთესო ვარჯიშია იატაკზე ხოხვა 8 თვის ასაკიდან.

 

 

Don`t copy text!