Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 378

ჯონჯოლი – კოლხური ჯონჯოლი ჩვეულებრივი – Staphylea Pinnata L – S. Colchica Stev – Клекачка колхидская

ჯონჯოლისებრთა ოჯახის მოზრდილი 2-6 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. ჩვეულებრივი ჯონჯოლის კენტფრთართული ფოთლების ფოთოლაკთა რაოდენობა 5-7 თესლის ფარგლებში მერყეობს. ახალგაზრდა ყლორტები მუხლთშორისებში ღრუიანია უგულგულობის გამო. თეთრი ოდნავ მოვარდისფრო ყვავილები კენწრულ დაკიდულ ქოლგა ან საგველა ყვავილედებადაა შეკრებილი.
ნაყოფი უკუკვერცხრისებრი, სიფრიფანა ბუშტივით გაბერილი 2-3 ბუდიანი წვერში შეზრდილი ამდენივე ნაკვთიანი კოლოფია. თესლი ბურთივით მრგვალი, კოლოფთან მიმაგრების ადგილას მობრტყო, მუქჩალისფერმოყავისფრო ნაჭუჭიანი. იზრდება ტყეებში და მდინარეთა ხეობებში 1000-1200 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან იმერეთში, აჭარაში, სამხრეთ ოსეთში, ქართლსა და კახეთში. ჩვეულებრივ ჯონჯოლთან შედარებით კოლაჯური ჯონჯოლის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშნებია ის, რომ კენტფრთართული ფოთლების ფოთოლაკთა რაოდენობა უმეტესწილად 3 ცალს არ აღემატება და ნაყოფის ნაკვთები წვერში განცალკევებულია. იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა და ხევებში მთის შუა სარტყლამდე (ხშირად 100 მეტრამდე). გვხვდება აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში.
ორივე სახეობის ჯონჯოლის თანაყვავილედები ბუტონობის ფაზაში (გასაშლელად გამზადებული საყვავილე კვირტები) ჩვენში ოდითგანვე გამოიყენება როგორც შესანიშნავი საწნილე ნედლეულია. ამის გამო ჯონჯოლს ბაღ-ვენახების ნაპირებზეც კი აშენებენ საკარმიდამო ნაკვეთებში.
ჯონჯოლის თესლისაგან ადრე ზეთსაც ხდიდნენ, რომელიც სუნითა და გემოთი ფსტის ზეთს მოგვაგონებს. მაგრამ მისი მსუბუქი გამხსნელი თვისების გამო საჭმელად ნაკლებად გამოიყენებოდა. ამ თვისებების გამო იგი საყურადღებოა როგორც ქრონიკული კუჭშეკრულობის საწინააღმდედო საშუალება.

 

ჯინჭარა  – Phlomis tuberosa L – Зопник клубненосный

ტუჩოსანთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი 50-150 სმ სიმაღლის მცენარეა გრძელი თასმისებრი ფესვებით, რომელთა ნაწილზე ბოლქვისებრი მრგვალი გამსხვილებებია განვითარებული.
ღეროს ქვედა ნაწილსა და ძირში არსებული 15 სმ-მდე სიგრძის და 12 სმ სიგანის ფოთლები ღრმად გულისებრამოჭრილფუძიანი და სამკუთხა კიდემრგვალკბილა კონფიგურაციისაა. ღეროს შუა და ზედა ნაწილში კვერცხისებრი ფოთლები ერთიმეორის პირისპირაა განწყობილი, რომელნიც ქვედა ფოთლებზე უფრო პატარაა. კენწრული ფოთლები ლანცეტა და მჯდომარეა.
ვარდისფერგვირგვინიანი ყვავილები ფოთლების იღლიებში მრავალყვავილიან (10-16 ) რგოლებადაა განწყობილი, ხაზურ-სადგისისებრი მრავალრიცხოვანი გაფშეკილი ბეწვებით.
იზრდება ბუჩქნარებში, ბალახოვან ფერდობებზე ნასვენ მიწებზე, მთის ქვედა და შუა სარტყელში. გვხვდება კახეთში, ქართლში, აფხაზეთში, მესხეთსა და ჯავახეთში. უფრო მცირე რაოდენობით სხვა რაიონებშიც აღინიშნება. არეალი საკმაოდ ფართოა, მაგრამ ჯინჭარას საერთო მარაგი მცირეა.
ჯინჭარას გვარის წოდება წარმოშობილია ბერძნულიდან Phomilus - "ალი", ასეთი დასახელება მას იმიტომ მიეცა, რომ უძველეს დროში ჯინჭარასა და ქერიფქლას ერთ-ერთი სახეობის ფოთლებისაგან ლამპის პატრუქებს ამზადებდნენ.
კარგი თაფლოვანი მცენარეა, იმავე დროს ფრიად მიმზიდველი შესახედაობისაცაა. ფესვების მსხვილი ბოლქვისებრი გამონაზარდები მდიდარია სახამებლით და საჭმელად გამოიყენება როგორც გამხმარ, ასევე მოხარშულ ან შემწვარ მდგომარეობაში. ზოგჯერ მას ფქვავენ და რძის ფაფას აკეთებენ.
მიწისზედა ნაწილები ალკალოიდებს შეიცავს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭის დაავადებების (გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება), პნევმონიის, ბრონქიტის ფილტვის ტუბერკულოზის, გინეკოლოგიური დაავადებების, წყალმანკის, სიყვითლის, გაციებით გამოწვეული დაავადებების, ციებ-ცხელების და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.
ქრონიკული გასტრიტის შემთხვევაში კარგად მოქმედებს ნახარში (1-2 სუფრის კოვზი ბალახი 1 ჭიქა წყალზე), რომელსაც ნახევარ-ნახევარ ჭიქას იღებენ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, ორი თვის განმავლობაში.

 

 

ჯადვარი, გუგულის კაბა  – Orchis maculata L – Ятрышник пятнистый, кукушкины слезки

ჯადვარისებრთა ოჯახიდანაა. ჯადვარი ტუბერაკებიანი, მრავალწლიანი, 20-60 სმ სიმაღლის მცენარეა. 4-8 წაგრძელებული, უკუკვერცხისებრი ან ლანცეტა, 6-15 სმ სიგრძის ფოთლები ზემოდან მოყავისფრო ლაქებიანია, ქვემოდან კი ღია მწვანე. კენწრული ყვავილები ყვავილების სრულ გაშლამდე კონუსურია, შემდეგ კი ცილინდრულ ფორმას იღებს, ყვავილედის სიგრძე 5-15 სმ ფარგლებში მერყეობს. ყვავილები უმთავრესად მოწითალო-იისფერია. ყვავის მაის-ივნისში.
ჯადვარი უფრო ხშირად გვხვდება ტყეებსა (ნაძვნარები, სოჭნარები, წიფლნარები და სხვა) და ბუჩქნარებში, აგრეთვე, მდელოებზე და იშვიათად დაჭაობებულ ადგილებში.
მედიცინაში ჯადვარის ახალი ტუბერაკები გამოიყენება, რომელსაც ყვავილობის ან დაყვავილებისთანავე აგროვებენ, მდუღარე წყალში 5 წუთამდე ამყოფებენ და ჩრდილში ახმობენ, ეს იმიტომ, რომ ტუბერაკი არ გაღვივდეს და ამით ნედლეული არ გაფუჭდეს. ტუბერაკების შეგროვებისას საჭიროა დაკვირვება. ადამიანის ხელის მტევანის მსგავსი ორი ტუბერაკი ჯადვარის ღეროს ძირში მიწაში, ერთი მათგანი მუქნაცრისფერი და მოშვებულია. ეს გასული წლის ტუბერაკია, გამოფიტული და უვარგისია. მეორე კი ღია მოყვითალო-მოთეთრო და გაჭედილია, ესაა მიმდინარე წლის ახალი სამკურნალოდ ვარგისი ტუბერაკი.
ჯადვარის გამშრალი ძირბოლქვისაგან დამზადებულ პრეპარატებს "სალეპს" ეძახიან და იყენებენ, როგორც შიგნით მისაღებ შემომგარსველ საშუალებას, უმთავრესად ბავშვების ნაწლავთა კატარის შემთხვევაში, აგრეთვე ზოგიერთი მოწამვლის დროს. "სალეპს" უნიშნავენ დასალევად ან ოყნის სახით.
 ჯადვარის ტუბერაკს იყენებენ, კოლიტის, გასტრიტის და გასტრიტული ვარიანტის წყულოვანი დაავადების დროს. იყენებენ აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების კატარის და პირის ღრუს ანთებითი დაავადების სამკურნალოდ.
გამოიყენება სალეპის ლორწო, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ, ჯადვარის ტუბერაკებს ფხვნიან, ასხამენ ცხელ წყალს შეფარდებით: 2 გ ტუბერაკების ფხვნილი 200 მლ მდუღარე წყალზე, თქვეფავენ კოვზით 10-15 წუთის განმავლობაში. სვამენ თითო სუფრის კოვზს ჭამის წინ რამდენიმეჯერ დღეში და ღამით ძილის წინ. იკეთებენ ოყნის სახითაც - 50 მლ ერთი ოყნისათვის.
ხალხურ მედიცინაში დიდ პოპულარობით სარგებლობს ჯადვარი, როგორც ენერგიის აღმდგენი საშუალება. ირანული წყაროების მიხედვით სხვა საჭმლის უქონლობისას დღე-ღამეში მოზრდილი ადამიანისათვის საკმაოა 40,0 გ ჯადვარის ტუბერაკის ფხვნილი ემულსიის სახით წყალზე მომზადებული. კიდევ უკეთესია თუ ემულსია რძით მომზადდება.
ირანელთა რეკომენდაციით კარგია სათადარიგოდ ვიქონიოთ ჯადვარის ტუბერაკები შორეული გადასვლების დროს. თათარი მხედრები ყოველთვის თან ატარებდნენ ჯადვარის ტუბერაკებს საკვების უკმარისობის შემთხვევისათვის.  ჯადვარი ძალ-ღონის აღმდგენი მართლაც კარგი საშუალებაა.
სვამენ ნახარშს - 3,0-10,0 გ ტუბერაკები 180 გ წყალზე - კუჭაშლილობის, მსხვილი ნაწლავის კოლიტის და საშარდე ბუშტის კატარის სამკურნალოდ. ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: საჭირო დოზის ფხვნილს 10 ნაწილ ანადუღარ ცივ წყალში ათქვეფავენ, შემდეგ უმატებენ 90 ნაწილ მდუღარე წყალს და ხელახლა თქვეფავენ მანამდე, ვიდრე არ მიიღება სქელი, ერთფეროვანი, უფერული და რამდენადმე გამჭვირვალე სითხე (ლორწო), წყლის მაგიერ შესაძლოა რძის გამოყენება, რაც დიდად ამაღლებს ჯადვარის ყუათიანობას.
ჯადვარის წყლიან ნადღვებს წარმატებით იყენებენ ოყნისათვის კუჭაშლილობის, მათ რიცხვში დიზენტერიის დროს: ჯადვარის ემულსიას უმატებენ სელის თესლის ნახარშს (1 ჩაის კოვზი სელის თესლი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე).
ზაფხულში ბავშვების კუჭაშლილობისას იყენებენ  ჯადვარს შემდეგი დოზით: 120,0 გ ჯადვარის ტუბერაკების ფხვნილი და 86 გრადუსიანი სპირტი, მხოლოდ 0,5 გრამამდე ყოველ ორ საათში ჩაის კოვზით. იმავე ავტორის რეკომენდაციით ჯადვარი აუცილებელი საშუალებაა მოხუცების მოსამაგრებლად, ტუბერკულოზიანების, მძიმე დაავადებაგადატანილი ადამიანების, ხანგრძლივი სისხლდენით დასუსტებულთა (მათ შორის ბუასილიანთა) მოსამაგრებლდა.
ბულგარეთის მედიცინა ურჩევს ჯადვარის ნაყენის გამოყენებას, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზ ჯადვარის ტუბერაკის ფხვნილს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 15 წუთით თბილ ადგილზე დგამენ. ნაყენს ცხელ მდგომარეობაში სვამენ. ბავშვებს კუჭაშლილობისას ცივ მდგომარეობაში ასმევენ.

 

ხურტკმელი  – Grossularia reclinata (L.) Mill – Крыжовник

ხურტკმელისებრთა ოჯახიდანაა. ხურტკმელი 1 მეტრამდე სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, 3-5 ბლაგვნაკვთებიანი, მცირე ზომის - 1-5 სმ სიგანის, ქვედა მხრიდან შებუსვილი ფოთლებით. ფოთლის ქვედა მხარის ძარღვების გაყოლებაზე არსებული ბუსუსები უხეში და მჩხვლეტავია.
ბუსუსებიანი ყვავილები მომწვანო ან მოწითალოა და ფოთლების იღლიებში თითო ან წყვილ-წყვილადაა განლაგებული. 1,5 სმ-მდე სიმსხოს ნაყოფი ელიფსური ან მრგვალია, მომწვანო, ყვითელი ან მოწითალო შეფერვით. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები ივლისში მწიფდება, საჭმელად მოუმწიფებელი ნაყოფებიც გამოიყენება.
ბუნებრივად გავრცელებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული ნაწილის ბევრ რაიონსა და კავკასიაში მთის შუა სარტყლისა და სუბალპურ ტყეებში, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე, მშრალ თხელ ხირხატ ნიადაგებზე. კარგად იტანს გვალვას და სიცივესაც. სინათლის მომთხოვნია. კულტივირებულია ფართოდ, მრავლდება თესლით და ვეგტაციურად - კალმებით, ბუჩქის დაყოფით, ძირკვის ამონაყარს უხვად ინვითარებს.
ხურტკმელის ნაყოფი (კენკრა) 13,5 პროცენტამდე შაქრებს, 2 პროცენტამდე ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟავებს, 1 პროცენტზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, 54 მგ პროცენტამდე C, 3,25 მგ პროცენტამდე P, B და A ვიტამინებს შეიცავს. გარდა მის ამის შემადგენლობაში შედის ფოსფორი, სპილენძი, რკინა, კალიამი. ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი. ნედლი ნაყოფიკარგი ხილია,. მისგან ამზადებენ მურაბას, კონფიტიურს, კომპოტს, მარმელადს, ღვინოს და სხვ. საზამთროდ ნაყოფს ახმობენ, ამზადებენ მარინადს ან კონფიტიურს, ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ. ხურტკმელის ნაყოფი პოპულარულია ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგოდ. ხალხური მედიცინა მასვე იყენებს კუჭსასაქმებლად შარდ და ნაღველდამდენ საშუალებად. საუცხოო თაფლოვანი მცენარეა.

 

ხურმა ჩვეულებრივი  – Diospyros lotus L – Хурма обыкновенная, или кавказская

აბანოზისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ხურმა 20-25 მ სიმაღლის ხეა, მისი მყიფე, ადვილად მტვრევადი ყლორტები უხვმეჭეჭიანი მოყავისფრო ქერქითაა დაფარული, ტოტების ქერქი მონაცრისფროა, ღერო კი მუქი მოშავო ელფერისაა ღრმა ნაღარებით. შესანიშნავი ტექნიკური მნიშვნელობის მქონე მერქანი საუცხო მასალაა საავეჯო წარმოებისათვის.
ფოთლები დიდია, მოხაზულობით კვერცხისებრი ან მოგრძო ელიფსური, 70-100 მმ სიგრძისა და 25-40 მმ სიგანის, კიდემთლიანი, ზემოდან მუქი მწვანე, პრიალა, ქვემოდან უფრო ლეგა მწვანე, ორსახლიანი მცენარეა, ორი-სამი ყვავილი ჯგუფადაა განლაგებული ფოთლის იღლიაში, ყვავილობას მაისში იწყებს მოყვითალო ფერის ყვავილებით.
მომრგვალო ნაყოფი სრულ სიმწიფემდე მოყვითალო-წითელია, მწიფე კი მოშაო-მუქი. ლეგა-ლურჯი ელფერით. მწიფე ნაყოფი მწკლარტეა, გადამწიფებული კი ძალიან ტკბილი და გემრიელია.
ხურმა ბარის მცენარეა, მთაში ზღვის დონიდან 900 მეტრზე მაღლა თითქმის არ გვხვდება. მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელია დაბლობი, ტენით უზრუნველყოფილი დაბლობები, ხევები და ნესტიანი ფერდობები. ბუნებრივად დასავლეთ საქართველოს ბევრ რაიონში, უფრო მეტად კი კოლხეთში, კახეთში ალაზნის მარცხენა მხარესაა, საკმაოდ სწრაფმზარდი ხეა ძლიერი ფესვთა სისტემით, ფართოდ კულტივირებული საქართველოში, გამოყენებულია ხურმის მსხვილნაყოფა საუკეთესო საბაღო ფორმების საძირედ.
ხურმის ნაყოფი 61 მგ პროცენტამდე ვიტამინ C-ს  და კაროტინს შეიცავს. აღმოსავლეთის ხურმის ნაყოფების დაკონსერვებული წვენი თირეოტოქსიკოზის დროს გამოიყენება, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ახალად დაკრეფილი ნაყოფებიდან გამოწურულ წვენს 20 პროცენტის რაოდენობით ემატება სპირტი. ნაყოფებისგანვე ამზადებენ შესქელებულ წვენს (ხურმადოშაბი), რომელსაც ჰიპერტონიის დროს იყენებენ, აგრეთვე სისხლნაკლულობისას და ამოსახველებელ საშუალებად სასუნთქი გზების კატარის დროს.

 

ხეჭრელი – Frangula alnus Mill – Крушина ольховидная

ხეჭრელი ბუჩქიანი დაბალტანიანი ხეა ხეჭრელისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 2-5 მ, ძველ ტოტებზე მუქი ნაცრისფერი ქერქი აქვს, ხოლო ყლორტებზე მოწითალო-ყავისფერია. ქერქის გარე ფენის ჩამოფხეკის შემდეგ შეიმჩნევა მუქი-ჟოლოსფერი კორპისებრი ფენა. სწორედ კორპის ფენის საშუალებით შეიძლება იგი ადრე გაზაფხულზე გამოვარჩიოთ ხეჭრელთა სხვა სახეობის ბუჩქებისაგან. ფოთლები მორიგეობითია, უკუკვერცხისებრი ან ელიფსური, ყუნწიანი, სიგრძით 3-8 სმ. სიგანით 1,5-4,5 სმ, კიდემთლიანი, 7-10 წყვილი ძარღვით. ყვავილები წვრილია ორსქესიანი, მოკლე ყვავილის ყუნწით, ზარისები, მომწვანო-თეთრი ფერის ხუთფურცლიანი გვირგვინით, მოთავსებულია ფოთლის უბეებში და ქმნიან 2-7 ყვავილიან ჯგუფს. ნაყოფი სფეროსებრია, კურკიანი, წვნიანი, დიამეტრით 8 მმ. დამწიფებამდე წითელია, ხოლო სრული სიმწიფის დროს მოიისფრო-შავია, 3 კვერცხისებრი კურკით. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფება აგვისტო-სექტემბერში. ხეჭრელი უხვთესლიანია და სწრაფად მრავლდება. ბუჩქზე ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ყვავილები, ასევე უმწიფარი და მწიფე ნაყოფიც.
საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული: ტყეებში, ტყის პირებზე, მდინარის ხეობებში, მთაში.
სამკურნალოდ გამოიყენება ხეჭრელის ქერქი. მას ამზადებენ  წვენის ინტენსიური მოძრაობის პერიოდში – აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე.
იმ ადგილებში, სადაც ხეჭრელი დიდი რაოდენობითაა, ჭრიან ტოტებს უკეთებენ წრიულ ნაჭდევებს და აცლიან 1 სმ სისქის ქერქს ხის სპეციალური პატარა ნიჩბებით. ნედლეულს აშრობენ კარგ ამინდში ჩრდილში სხვენზე, ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის მქონე ნაგებობებში. ცუდ ამინდში კი აშრობენ დამატებით გამთბობი ხელსაწყოების დახმარებით. ყოვლად დაუშვებელია ახალი ქერქის გამოყენება. გამშრალი ქერქი უნდა შეინახოს არანაკლებ 1 წლისა და გახურდეს 100 გრადუს ტემპერატურაზე 1 სთ-ის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება.
ხეჭრელის ქერქი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (8%-მდე), მათ შორის გლუკოფრანგულინს, ემოდინს და იზოემოდინს, აგრეთვე ტრიტენპენოიდულ გლიკოზიდებს, ქრიზოფანის მჟავას და სხვა.
ხეჭრელის ქერქი გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება. მასში არსებული ანტრაგლიკოზიდები აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას, ამიტომ ქერქი ხშირად იხმარება სპასტიკური კოლიტებისა, ატონიური შეკრულობის, ბუასილის დროს კუჭნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს და სხვა.
ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს ხეჭრელის თხევად და მშრალ ექსტრაქტებს. მართალია ხეჭრელის პრეპარატების მიღება არ არღვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, მაგრამ მისი ხანგრძლივი დროით მიღების შედეგად ორგანიზმი ეჩვევა მას და მისი მოქმედების ეფექტი მცირდება; ხეჭრელის პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება ფეხმძიმე ქალებისათვის დაუშვებელია.
ხეჭრელის ქერქის ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში. სვამენ 1/2 ჭიქას დილას და საღამოს.

 

ხეშავი – Rhamnus cathartica – крушина слабительная

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები განლაგებულია მოპირისპირედ, ელიფსური ან მომრგვალო-კვერცხისებრი ფორმისაა, სიგრძით 5 სმ-მდე, სიგანით 3 სმ-მდე, სამი წყვილი რკალისებრი ძარღვით. ფოთლები ზემოდან _ მწვანე ან მორუხო ფერისაა, ქვედა მხრიდან უფრო ღია ფერისა, შიშველი, ან ორივე მხრიდან თხლად შებუსული. ყვავილები წვრილი აქვს მომწვანო-მოთეთრო ფერის, ერთსქესიანი, შეკრებილია 10-15 კონად ფოთლით უბეებში. ნაყოფი სფეროსებრია, კურკიანი 6-8 მმ დიამეტრით მოლურჯო-შავი ფერის, პრიალა ზედაპირით, ზოგჯერ ნაფიფქით.
ხეშავი ყვავილობს მაის-ივნისში, 10-12 დღის განმავლობაში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში და მცენარეზე დიდხანს რჩება.
გავრცელებულია მთის ხეობებში, მეჩხერ ტყეებში, ტყის პირებზე. ზოგჯერ იგი გაუვალ ბარდებსაც ქმნის. გვხვდება ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. ჩვენში სამკურნალოდ გამოიყენება იმერული ხეშავი (Rhamnus imeretina Booth).
სამკურნალოდ იყენებენ გვიან შემოდგომით დაკრეფილ მწიფე ნაყოფს, რომელსაც კრეფენ სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც იგი შავი ფერის ხდება. ნაყოფს ჯერ აჭკნობენ ჰაერზე, შემდეგ კი აშრობენ საშრობებში, ღუმელებში 50-60 გრადუს ტემპერატურაზე. მშრალ ნაყოფს შავი ფერი, სუსტი, უსიამოვნო სუნი და მოტკბო-მომწარო გემო აქვს. ინახავენ ნაჭრის ტომრებში 4 წლის განმავლობაში.
ხეშავის ნაყოფი შეიცავს 1%-მდე ოქსიმეტილანტრაქინონს. მის შემადგენლობაში ნაყენი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ქრონიკული შეკრულობის დროს. მოქმედება ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ.
ხეშავის ნაყოფისაგან ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 სთ. მიიღეთ ძილის წინ 1/2 ჭიქა.
ხეშავი შედის საფაღარათო ნაკრებების შემადგენლობაში.
ხალხურ მედიცინაში ხეშავს იყენებენ აგრეთვე დაავადებული ღვიძლის სამკურნალოდაც, როდესაც პათოლოგიას თან ახლავს ასციტი. თვლიან, რომ მას აქვს უნარი, არეგულიროს და მოაწესრიგოს დეფეკაცია, რითაც იზღუდება ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრა ნაწლავებიდან ღვიძლში. ბულგარელი მედიკოსების აზრით ხეშავის ნაყოფი უმჯობესია გამოვიყენოთ დამზადებიდან ერთი წლის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.

ხებალახა – Solanum pseudocapsicum – Соланум или Паслен

ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლიანი, ძირში ღეროგამერქანებული, 1-4 მ სიგრძის მცოცავი მცენარეა. სოსანი ყვავილები ქოლგისებრ საგველა ყვავილედადაა შეკრებილი. წითელი, კვერცხისებრი, კენკრა ნაყოფები ღეროზე ქოლგებადაა დაკიდული. ამოკვეთილდაკბილულკიდეებიანი, კვერცხისებრი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი.
იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, მდინარეთა სანაპიროებსა და არხის პირებში, ზღვის დონიდან უფრო ხშირად 1000 მეტრამდე სიმაღლეზე. გავრცელებულია აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, ქართლში, მთიულეთში, გარეკახეთში, გარდაბანში, თრიალეთზე, ქვემო ქართლსა და მესხეთში. შესანიშნავი მცენარეა ვერტიკალური გამწვანებისათვის.
ფარმაკოქიმიურად უფრო კარგად S. dulcamara L. არის შესწავლილი, რომელთანაც თავისი ქიმიზმით და სისტემატიკური მდგომარეობითაც ძალიან ახლოს დგას აქ განხილული სახეობა. ამიტომ სამკურნალოდ იგი წარმატებით გამოიყენება S. dulcamara L. მსგავსად.
უმეტეს ავტორთა აღიარებით შხამიანი მცენარეა, მაგრამ ზოგი მკვლევარი დასაშვებად მიიჩნევს ნაყოფების ჭამას.
ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება კატარისა და რევმატიზმის წინააღმდეგ, აგრეთვე ოფლმომდენ და შარდმდენ საშუალებად. ხალხურ მედიცინაში ხებალახას ხმარობენ სასუნთქი გზების კატარის, ხველის, რევმატიზმის და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ნედლ ტოტებს ბეღლებში ყრიდნენ თაგვებისა და ვირთხების დასაფრთხობლად (ტოტების სუნს ვერ იტანენ და გარბიან ბეღლიდან).
ატროფინის მსგავსად ხებალახა გლიკოზიდი თვალის გუგის გაფართოებას იწვევს.
ციმბირისა და რუსეთის ხალხური მედიცინა სამკურნალოდ უპირატესობას ყლორტების გამოყენებას აძლევს, რომელთაც ძლიერმომქმედად სცნობენ რევმატიზმის, ნიკრისის ქარის ("პოდაგრა"), იშიასის, წყალმანკის, სიყვითლის, ეგზემის, ესკუდატური დიათეზის, ბრონქების, კატარის, ბრონქიალური ასთმის საწინააღმდეგოდ. მასვე ჭიისდამდენ და შარდმომგვრელ კარგ საშუალებად მიიჩნევენ. ნაყოფების ნახარშს სვამენ ეპილეპსიისა და თავის შეტევითი ტკივილების დასაწყნარებლად. ყვავილების ნახარშს ურჩევენ ფილტვების დაავადებისა და ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს .

 გერმანული ხალხური მედიცინა ხებალახას იყენებს ბღერის (მუნის), ნევრალგიის, რევმატიზმის, შარდის ბუშტის სამკურნალოდ, აგრეთვე ანთებითი პროცესების ჩასაქრობად ყურებსა და ყელში. გამოიყენება სპირტზე ნაყენი და ფხვნილი დღეში 1-2გ დოზით რამოდენიმე დღის განმავლობაში.
უკრაინაში ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით შეგროვილი ყლორტის ნახარშს იყენებენ 1-1/2 კოვზი დაქუცმაცებული ყლორტი (15-22 გ) ერთი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე იხარშება 2 ჩაის ჭიქა წყალში. მიიღება სუფრის კოვზით დღეში 2-3-ჯერ როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი, ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი და თავის ტკივილის საშუალება.
იყენებენ აგრეთვე ყლორტების ნახარშს: 1 ჩაის კოვზი (1,5-3 გ) ნედლეული 1 ჩაის ჭიქა წყალზე (ერთი დღის დოზა) სახსრების ტკივილების, ბრონქების ქრონიკული დაავადების აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის შედეგად გამოწვეული კანის დაავადებების (ექსუდატური დიათეზის, საყმაწვილო სურავანდის სხვადასხვა გამონაყრების ეგზემის, პსორეაზის, დერმატიზების), ასთმის, ყივანახველის, ნიკრისის ქარის, წყალმანკის, სიყვითლის, კუჭაშლილობის და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.
ბულგარეთის მედიცინა სამკურნალოდ ყლორტებს იყენებს ფოთლებითურთ, რომელთა ქიმიზმი შემდეგნაირი შემადგენლობით ხასიათდება, გლიკოალკალოიდები: სოლაცეინი (1%-მდე) და სოლანეინი (0,7%მ-დე), ნაყოფები 0,5%-მდე ალკალოიდ სოლანინს შეიცავენ. გარდა აღნიშნულისა ფოთლებში 8,5-11,5% ტანინები და სხვა ნივთიერებები მოიპოვება.
ყლორტები ფოთლებიანად ბულგარეთის ხალხურ მედიცინაში ნაცადი საშუალებაა კანის დაავადების, კანის მქავანა ეგზემისა და კანის ანთების, ბრონქიალური ასთმის, გაციებისდროინდელი და მისი მიზეზით გამოწვეული შედეგების: ნევრალგიის, რევმატიული ტკივილების, საშარდე ბუშტის ანთების, კუჭაშლილობის, არარეგულარული მენსტრუაციის, ყურების ტკივილის დროს. ბულგარელები მას ნახარშის სახით იყენებენ: 1 ჩაის კოვზ (3 გ) ფხვნილადქცეულ ნედლეულს 150 გ წყალში 10 წუთს ხარშავენ (10 დღის დოზა. მიიღება 2 ჩაის კოვზი ერთი დღის განმავლობაში. კანის დაავადების სამკურნალოდ ხებალახას ყლორტებისა და ფოთლების ფხვნილს იყენებენ, იმდენს რასაც დანის წვერი აიღებს (0,10 გ) დღეში სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში.
უფრო დიდხანს და მეტი დოზებით მიიღება სახიფათოა. ხებალახა, როგორც უკვე აღინიშნა, შხამიანია და ექიმის დანიშნულების გარეშე მისი გამოყენება დაუშვებელია.

 

ხბოშუბლა სამკურნალო  – Galega officinalis L – Галега лекарственная

პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლიანი 40-90 სმ სიმაღლის მცენარეა. ფესვის ყელიდან მრავალი ღერო ამოდის, თითოეული ღერო თავის მხრივ, დატოტვილია. ფოთლები კენტფრთართული აქვს, ფოთლის ყუნწის ფუძესთან შუბისებრი თანაფოთლებია განწყობილი. ფოთოლი 5-10 წყვილ ფოთოლაკს შეიცავს, რომელიც წაგრძელებული, ხაზური და ლანცეტა მოყვანილობისაა, მცირედ წაწვეტებული წვერით.
ღია მოცისფრო ან ღია მოიისფრო, ზოგჯერ თეთრი ყვავილები, 8-27 სიგრძის მტევნებად ფოთლების იღლიებშია განლაგებული, ყვავის ივნისიდან აგვისტომდე. გვხვდება ბუჩქნარებში, გამეჩხრილ ტყეებში, ტყისპირებში, მდინარეთა ნაპირებზე და მდელოებზე.
ხალხურ მედიცინაში ხბოშუბლა გამოიყენება როგორც ოფლმდენი და შარდმომგვრელი საშუალება, აგრეთვე რძის სეკრეციის გასაძლიერებლად და დიაბეტის სამკურნალოდ, ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ ადგილობრივი გამოყენებისას გალეგინი იწვევს თვალის გუგის შევიწროებას, კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის დაქვეითებას. საზღვარგარეთელი ზოგი ექიმი გალეგინს იყენებს დიაბეტის სამკურნალოდ და მშობიარე ქალებში რძის სეკრეციის გასაძლიერებლად .
ხბოშუბლა ინსულინისებურად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტის დროს, განსაკუთრებით ამ დაავადების იოლი ფორმის შემთხვევაში. დიაბეტის სამკურნალოდ მას დამატებით საშუალებად იყენებენ ინსულინით მკურნალობასთან ერთად, რაც ინსულინის დოზის შემცირების საშუალებას იძლევა. უფრო მყარი ეფექტი მიიღება ხბოშუბლას თესლის ნაყენის გამოყენებით (1/2-1 ჩაის კოვზი თესლი 1 ჭიქა წყალზე).
ბალახი წყლიანი ნაყენის სახით მიიღება შიგნით სახმარად (1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ხბოშუბლას ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ, რაც ერთი დღის დოზას წარმოადგენს).
ბალახი წყლიანი ნაყენის სახით მიიღება შიგნით სახმარად (1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ხბოშუბლას ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ, რაც ერთი დღის დოზას წარმოადგენს). ბულგარეთის ხალხური მედიცინა ამავე მიზნებისათვის ხბოშუბლას მარტო ყვავილების გამოყენებას ურჩევს.
ხბოშუბლას ყველა სახეობა შხამიან მცენარეებად ითვლება. მათი ბალახი განსაკუთრებით მავნეა ცხვრებისათვის., 3კგ ხბოშუბლა ცხვრისათვის სასიკვდილო დოზაა. მარილწყალში მოხარშული ხბოშუბლას ნორჩი ღერო და ფოთოლი ადამიანისათვის საჭმელად ვარგისია, როგორც ჩანს, ჩვილი ხბოშუბლა ნაკლებტოქსიკური უნდა იყოს.

 

ხახვთესლა – Lysimachia Verticillata Pall – Вербейник

ფურისულასებრთა ოჯახში შედის. ხახვთესლა 50-100 სმ სიმაღლის მრავალწიანი ფესურიანი ბალახია. ოდნავ წახნაგოვანი ღრუ ღერო ზედა ნაწილში დატოტვილია, რომლის მუხლებიც ხშირბუსუსიანია. თვით ღერო კი მეჩხერბეწვიანია.
მოგრძო კვერცხისებური, ზოგჯერ ელიფსური, გრძელყუნწიანი, კიდემთლიანი, მაგრამ კიდეწამწამიანი ფოთლები ღეროზე 3-4 ცალიან რგოლებადაა გაწყობილი. ფოთოლი ზემოდან მუქმწვანეა, ქვედა მხრიდან კი ბაცი ფერისა.
ყვავილები ნახევარჩხროებადაა შეკრებილი ფოთლების იღლიებში, ყვავის ყვითელი ყვავილებით მაის-აგვისტოს განმავლობაში.
ძირითადად ნესტიანი ადგილების მცენარეა. გვხვდება წითლნარებში, წიფლნარ-ნაძვნარებსა და წიფლნარ-რცხილნარებში, ნაძვნარ-სოჭნარებში და სხვ. მთაში სუბალპურ სარტყლამდე აღწევს.
ფოთლებს ხალხი ყვითელი საღებავის მისაღებად იყენებს. მისი კვამლი ხოცავს ბუზებს. ღვინოზე ნაყენს ან წყლიან გამონაცემს ჩაის სახით ხმარობენ სისხლიანი ხველის, ძლიერი კუჭაშლილობის, დიზენტერიის და რევმატიზმის წინააღმდეგ. დასალევად ერთი დღე-ღამის დოზას ამზადებენ შემდეგნაირად: იღებენ 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ხახვთესლას და ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 7-10 წუთს შემდეგ ჩაისებური გამონაწვლილი მზადაა მისაღებად.
ხახვთესლას მონახარში შაქრით დატკბობისა და ცოტაოდენი ძმრის შერევის შემდეგ გამოიყენება პირში გამოსავლებად, პირის ღრუში წვრილი გამონაყარის დროს.
მონახარშის მოსამზადებლად შესაძლოა ავიღოთ 30 გრ წვრილად დაჭრილი ხახვთესლა 2 ჭიქა წყალზე, რომელსაც ვადუღებთ 10 წუთს, გაცივებისა და გაწურვის შემდეგ სვამენ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.
ნედლი ბალახისგან გაწურული წვენი ახალ ჭრილობაზე ხმარებისას აჩერებს სისხლდენას. წვენს ხმარობენ დასალევადაც თითო სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში.
ფხვნილად ქცეული ხახვთესლა წარმატებით გამოიყენება ბუზების საწინააღმდეგოდ.

 

Don`t copy text!