Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 379

ალგოდისმენორეა – Algodysmenorrhea – алгодисменорея

ალგოდისმენორეა სიმპტომთა კომპლექსია, რომელიც მენსტრუაციის პერიოდში აღმოცენებული ნეიროვეგეტაციური დარღვევებით და ტკივილით ვლინდება. თუ მხოლოდ ტკივილი აღინიშნება, საქმე გვაქვს ალგომენორეასთან ან მენალგიასთან.
ალგოდისმენორეა საკმაოდ გავრცელებულია. ის 14-დან 44 წლამდე ასაკის ქალების 31-52%-ს აწუხებს. ამასთანავე, ასიდან 10 შემთხვევაში ტკივილი ისეთი ძლიერია, რომ ქალი შრომისუუნარო ხდება.
განასხვავებენ ორი სახის ალგოდისმენორეას: პირველადს, რომელიც არ უკავშირდება სასქესო აპარატის ანატომიურ თავისებურებებს და მეორეულს ანუ გენიტალიების პათოლოგიით განპირობებულს. პირველადი ალგოდისმენორეა უფრო მეტად გოგონებსა და არანამშობიარევ ქალებს აღენიშნებათ და მუცლის მწვავე (სამშობიარო ჭინთვების მსგავსი) ტკივილი ახასიათებს. ტკივილის სინდრომი უმეტესად პირველივე მესტრუაციისას აღმოცენდება. ამ დროს, ჩვეულებრივ, ადგილი აქვს ასთენონევროზულ სინდრომს გენიტალიების ჰიპერპლაზიასთან ერთად, მაგრამ არცთუ იშვიათად ძლიერ ალგოდისმენორეას უჩივიან ფიზიკურად კარგად განვითარებული პაციენტები, რომელთაც არც გენიტალიების ჰიპერპლაზია ახასიათებთ და არც ცენტრალური ნერვული სისტემის სისუსტე.
კარგა ხანს მიაჩნდათ, რომ პირველადი ალგოდისმენორეის დროს ტკივილი ფსიქოგენური ბუნების იყო. ზოგი ამის მიზეზად მიიჩნევდა ნეიროენდოკრინულ ცვლილებებს, მინერალების, ნახშირწყლების, ჰორმონების ცვლის, თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის დარღვევას. ამჟამად პირველად ალგოდისმენორეას უკავშირებენ პროსტაგლანდინების გადაჭარბებულ სინთეზს. სწორედ ამით აიხსნება, რომ მენსტრუაციის დროს ტკივილს ამცირებს ან სრულიად აქრობს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს).
ისევე როგორც ჰიპერპროსტაგლანდინემიას (პროსტაგლანდინების სიჭარბეს), პირველად ალგოდისმენორეასაც ახასიათებს არა მარტო მუცლის ტკივილი, არამედ ვეგეტოსისხლძარღვოვანი სიმპტომებიც: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, პარესთეზია, დიარეა, ოფლიანობა, ტაქიკარდია. მტკივნეული მენსტრუაციის დროს ასაკი (16-25 წელი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი სიმპტომები და გინეკოლოგიური გასინჯვისას პათოლოგიური ცვლილებების არარსებობა პირველად ალგოდისმენორეაზე მიგვანიშნებს.
მეორეული ალგოდისმენორეა სხვა დაავადების სიმპტომია. ასეთია, მაგალითად, შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები, შეხორცებითი პროცესები მენჯის ღრუში, საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა ან განუვითარებლობა, გამოფხეკის შემდეგ საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირის შევიწროება.
მეორეული ალგოდისმენორეის დროს მტკივნეული მენსტრუაციის გარდა გამოხატულია ის სიმპტომებიც, რომლებიც ძირითად დაავადებას ახასიათებს.
მკურნალობა მიზნად ისახავს ტკივილის გამომწვევი მიზეზის მოხსნას, რაც ექიმის დაუხმარებლად შეუძლებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადგამაჯანსაღებელ თერაპიას სპაზმოლიზური საშუალებების (პაპავერინის, ნო-შპას, ატოპინის, ვალერიანის), გამაყუჩებლების, დამამშვიდებლების გამოყენებით.

 

ალბინიზმი – Albinismus – альбинизм

ალბინიზმი კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტების თანდაყოლილი უქონლობაა. მიიჩნევა, რომ ალბინიზმით დაავადებულთა კანში მელანოციტები (მელანინის წარმომქმნელი უჯრედები) ნორმალური ოდენობით არის (მელანინი განსაკუთრებული ნივთიერებაა, რომელზეც არის დამოკიდებული ქსოვილის შეფერილობა); დაავადებას მისი სინთეზისთვის საჭირო ფერმენტის თიროზინაზის უქონლობა ან ბლოკადა იწვევს.
თიროზინაზაზე პასუხისმგებელ გენებში შეიძლება სრულიად სხვადასხვა დარღვევა მოხდეს. ალბინიზმის შემთხვევაში ამ დარღვევის ხასიათზეა დამოკიდებული მელანინის უკმარისობის ხარისხი. არის შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს აღენიშნება ასეთი დარღვევები, მაგრამ ალბინიზმი არ უვითარდება.
ალბინიზმი ყოველთვის ერთნაირად არ ვლინდება. ზოგჯერ უპირატესად თვალის ფერადი გარსის შეფერილობის ინტენსივობა იკლებს, ზოგჯერ კი კანისაც, თმისაც და თვალის ფერადი გარსისაც. შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს ბადურა გარსში, ჩამოყალიბდეს მხედველობის სხვადასხვაგვარი დარღვევა, მათ შორის – ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი, ასევე – სინათლის მიმართ მგრძნობიარობის მატება და სხვა ანომალიები.
ალბინიზმით დაავადებულებს აქვთ თეთრი კანი (ეს განსაკუთრებით თვალში საცემია არაევროპეიდული რასის წარმომადგენლებში), თეთრი (ან ქერა) თმა და წითელი თვალები.
ალბინიზმი სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. განასხვავებენ ნაწილობრივი ალბინიზმის რამდენიმე სახეს:

  • კანის ალბინიზმი – კანის ზოგიერთ უბანში პიგმენტის თანდაყოლილი უქონლობა, რასაც ამ ადგილებში თმების სითეთრე სდევს თან;
  • თვალის ალბინიზმი – კანისა და თმის ფერი ჩვეულებრივია, თვალის ფერად გარსში კი პიგმენტები არ არის.

ალბინიზმის მკურნალობა უშედეგოა. მელანინის ნაკლებობის აღდგენა და მხედველობის დარღვევების ნორმალიზება შეუძლებელია. ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, ერიდოს მზეს, ხოლო მზეზე გასვლისას გამოიყენოს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი ფილტრი, მუქი სათვალე ან ლინზები (ჩვეულებრივ, ამ ფუნქციას მელანინი ასრულებს). სიელმის შემთხვევაში თვალის მამოძრავებელი კუნთის კორექციის მიზნით ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ. ბადურა გარსსა და თვალის ნერვში არსებული პათოლოგიის აღმოფხვრა არ ხერხდება.

 

აკრომეგალია  – Acromegalia – акромегалия

აკრომეგალია დაავადებაა, რომელსაც ძვლების, რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების არაპროპორციული ზრდა ახასიათებს. ის ჰიპოფიზის მიერ ზრდის ჰორმონის სომატოტროპინის ჭარბ წარმოქმნას უკავშირდება. აკრომეგალია ზრდასრულ პირთა დაავადებაა. უმეტესად 40-45 წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა ნებისმიერ სხვა ასაკშიც შეიძლება გამოვლინდეს. მიზეზად შეიძლება იქცეს თავის ტვინის ტრავმა, პათოლოგიური მშობიარობა, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების (გრიპის, წითელას) გართულება, ფსიქიკური ტრავმა, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნე (ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის სიმსივნეები).
სიმპტომები და მიმდინარეობა დაავადების ნიშნები ნელა, წლების განმავლობაში ვითარდება. ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, თავის ტკივილს, ტკივილს ყვრიმალებსა და შუბლის ძვლის მიდამოში (განპირობებულია სახის ნერვის გაღიზიანებით), სინათლის შიშსა და დიპლოპიას (უკავშირდება თვალის მამოძრავებელი ნერვის დაზიანებას), ქოშინს, ყნოსვისა და სმენის დაქვეითებას, ხმაურს ყურებში (განპირობებულია სმენის ნერვის დაზიანებით). იცვლება გარეგნობა: იზრდება თავის გარშემოწერილობა; შუბლის ძვლის ორბიტული ნაწილი წინ წამოიწევს; ყვრიმალის ძვლები ფართოვდება; რბილი ქსოვილების ჰიპერტროფიის გამო იზრდება ცხვირი, ყურები და ენა; სქელდება კანი; ფართოვდება მტევნები და ტერფები, სქელდება თითები; წინ წამოიწევს და იზრდება ქვედა ყბა (პროგნატიზმი); იზრდება შუალედი კბილებს შორის; ხორხისა და ხმოვანი იოგების ჰიპერტროფიის გამო ხმა დაბლდება; ფართოვდება გულმკერდის ყაფაზი; ფართოვდება ნეკნთაშუა სივრცეები. თავს იჩენს სახსრების ტკივილი. საოფლე ჯირკვლები ჰიპერტროფიას განიცდის, რის გამოც ძლიერდება ოფლის გამოყოფა. იზრდება შინაგანი ორგანოები, რასაც მოჰყვება გულის, ფილტვის, კუჭის დაავადებები (მიოკარდიუმის დისტროფია, ბრონქიტი, კუჭის წყლული). ხშირად იმატებს სისხლში შაქრის შემცველობა.

დიაგნოსტირება
დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია ჩონჩხის ძვლებისა და ქალას რენტგენოგრაფია, თავის ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლში ზრდის ჰორმონის დონის განსაზღვრა.

მკურნალობა
აკრომეგალიის მკურნალობისთვის იყენებენ როგორც ქირურგიულ მეთოდს, ისე მედიკამენტურ და სხივურ თერაპიას.
ქირურგიული ჩარევა ჰიპოფიზიდან სიმსივნის მოცილებას ითვალისწინებს. ოპერაცია სპეციალურ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ტარდება. სიმსივნის მთლიანად ამოკვეთის შემთხვევაში სისხლში ზრდის ჰორმონის დონე სწრაფად ნორმალიზდება, რასაც ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება და დაავადების კლინიკური სურათის უკუგანვითარება მოსდევს.
მედიკამენტური თერაპია გულისხმობს ისეთი პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც ზრდის ჰორმონის გამომუშავებას ამუხრუჭებს.
სხივური თერაპიის არსია ჰიპოფიზის დასხივება გამა-სხივებით ან მაღალი ენერგიის პროტონების კონით. სხივური თერაპია გამოიყენება როგორც მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი, როდესაც ავადმყოფი ოპერაციაზე ან მედიკამენტურ თერაპიაზე უარს ამბობს ანდა როგორც დამატებითი მკურნალობა, როდესაც ქირურგიული გზით ჰიპოფიზის სიმსივნის მთლიანად ამოკვეთა ვერ ხერხდება, ასევე – სიმსივნის განსაზღვრული თავისებურებისას.
დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

 

აკნე – acne – акне,угорь

აკნე ანუ ფერიმჭამელა თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა. მისი მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა, რომელსაც ჰორმონული დარღვევები (გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ჭარბი სეკრეცია), სებორეა, შაქრიანი დიაბეტი, ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა უწყობს ხელს. აკნეს განვითარებას აგრეთვე ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა.
აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ძლიერდება ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება. ფოლიკულები კერატინით (გარქოვანებული ეპითელიუმი) და ცხიმით იხშობა. ჩნდება კომედონი.

სიმპტომები და მიმდინარეობა. აკნეს განვითარების საწყის ეტაპზე წარმოიქმნება მიკროკომედონები, რომლებიც იზრდება და დახურულ, ე.წ. თეთრ (წერტილების ან კვანძების მსგავს) და ღია, ე.წ. შავ კომედონებად იქცევა. პაპულოზური და პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელები მეორეული ანთებითი ელემენტებია, რომლებსაც კომედონებში ბაქტერიების გამრავლება იწვევს. კომედონის ადგილას წარმოიქმნება 2-5 მმ დიამეტრის ვარდისფერი კვანძი  პაპულა. შემდგომი განვითარებისას მის მწვერვალზე კონუსისებრი პუსტულა ჩნდება. პუსტულის შიგთავსი, ჩირქოვანი ექსუდატი, ან ხმება და ქერქს აჩენს, ანდა იხსნება და კანის ზედაპირზე გამოდის. უკუგანვითარების შემდეგ პუსტულის ადგილას რჩება პიგმენტური ლაქა ან პატარა ნაწიბური.
დახურული და ღია კომედონების, პაპულოზური და პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელების არსებობისას მსუბუქ აკნეზე ლაპარაკობენ.
ინდურაციული ფერიმჭამელა (აცნე ინდურატა)  პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელას შედარებით რთული ფორმაა და მისგან ანთების კერის ღრმა მდებარეობით განსხვავდება. პაპულა მაგარია, ამასთანავე, ანთებითი პროცესი (უმთავრესად  გამონაყარის სიმრავლის გამო) ირგვლივ მდებარე ქსოვილებზეც ვრცელდება. ამგვარი კვანძები უკუგანვითარებისას ატროფიულ ან ინდურაციულ ნაწიბურებს წარმოქმნის. აღინიშნება კანის მყარი პიგმენტაციაც. სათანადო მკურნალობისას ასეთი გამონაყარი მთლიანად გაიწოვება, თუმცა უფრო ნელა, ვიდრე პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელები. მკურნალობა ისეთივეა, როგორიც პაპულო-პუსტულოზური ფერიმჭამელების დროს.
შემდგომი განვითარებისას ინდურაციული ფერიმჭამელების ადგილას ჩნდება ჩირქით სავსე კისტოზური (ბუშტუკოვანი) ღრუები, რომლებიც შეიძლება შეერთდეს. ასეთ წარმონაქმნებს ფლეგმონოზურ ფერიმჭამელებს უწოდებენ.
ინდურაციულ და ფლეგმონოზურ ფერიმჭამელებს ხშირად კვანძოვანკისტოზურადაც იხსენიებენ. მათი არსებობა აკნეს მძიმე მიმდინარეობაზე მეტყველებს.
შესაძლოა, კანის ამა თუ იმ უბანზე ერთდროულად სხვადასხვა ელემენტი არსებობდეს, მაგრამ ყველა მათგანი ცხიმოვანი ჯირკვლების არეშია განლაგებული. ამიტომ არის, რომ აკნეს დროს გამონაყარი უმთავრესად შუბლზე, საფეთქლებზე, ლოყებზე, ცხვირზე, ცხვირ-ტუჩის არეში, ნიკაპზე, გულმკერდსა და ზურგის ზედა ნაწილში ჩნდება.

მკურნალობა. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა, რაც დერმატოლოგის პრეროგატივაა, ექიმი კოსმეტოლოგი კი კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ.
თუ აკნეს მიზეზი ჰორმონული დარღვევები აღმოჩნდა, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აკნეს დროს მიმართავენ კანის ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, კრემებით, ლოსიონით, რომლებიც კომედონების საწინააღმდეგო, ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს.
ჰორმონული დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონები.
ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი  ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა.

პროფილაქტიკა

  • ერიდეთ ნახშირწყლებსა და ცხიმს, გაიმდიდრეთ რაციონი რძის ნაწარმით, ხილით, ბოსტნეულით. მარილის შემცირებაც არ იქნება ურიგო.
  • ხელი არ ახლოთ გამონაყარს  გამორწყვისას კანს უფრო მეტად დაიზიანებთ და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.
  • დღეში ორჯერ დაიბანეთ პირი ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით და ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით.
  • გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც აქვს წარწერა ნონ ცომედოგენ.
  • ერიდეთ მზის სხივებს  ნამზეური აკნეს მხოლოდ ნიღბავს.

 

 

ათეროსკლეროზი – atherosclerosis – атеросклероз




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ჯორისძუა – Urtica dioica L – Крапива двудомная

ჯორისძუასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ჯორისძუა 1-2 მ სიმაღლის ბუჩქია. ქერქი ღეროსა და ხნიერ ტოტებზე ნაცრისფერია. დამუხლული ახალგაზრდა ტოტები აღმამდგომია. მწვანე ან მონაცრისფერო მწვანე და გლუვია. მამრობითი მჭადა ყვავილედი თითქმის მჯდომარეა, სათითაოდ განწყობილი ერთიმეორის პირისპირ, ფორმით ბურთისებრი. ბუტკოიანი ყვავილედი ერთყვავილიანია, კვლავ მოპირისპირედ განწყობილი.
მწიფე ცრუ ნაყოფი – კენკრაგირჩა წითელი ან მოწითალო ყვითელი კვერცხისებრი მოგრძო ან კვერცხისებრ სფერულია.
ყვავის მარტ-აპრილში. ცრუ ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. იზრდება უმეტესად ბარში, მთაში ზღვის დონიდან 1600 (1800) მეტრამდე სიმაღლეზე გვხვდება, თხელ მშრალ ხირხატიან ნიადაგებზე, არც თუ იშვიათად შიშველ კლდეებზეც სახლდება, გვხვდება სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთსა და მესხეთში.
მედიცინაში მწვანე ტოტები გამოიყენება, რომელთა ყვავილობის ან ცრუ ნაყოფების მომწიფების პერიოდში აგროვებენ. სამედიცინო პრაქტიკაში უფრო ხშირად Ephedra vulgaris Rich. P. იყენებენ.
ჯორისძუა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. მთავარ მოქმედ ნივთიერებას ალკალოიდი ეფედრინი წარმოადგენს.
ჯორისძუა როგორც სამკურნალო მცენარე, ჩინეთში ცნობილი იყო 1500 წლის წინათ ჩვენ წელთაღრიცხვამდე “მუ-გუანგის” სახელწოდებით.
ეფედრინი აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გულის მუშაობას, უმატებს სისხლის წნევას, ავიწროებს სისხლძარღვებს.
ჯორისძუიდან გამოყოფილია აგრეთვე ლეიკოანტოციან ლეიკოეფედრინი, რომელიც უფრო მაღალი P ვიტამინური აქტივობის მქონეა სამკურნალო პრაქტიკაში გამოყენებულ ჩაის კახეტინთან შედარებით.
პრეპარატი ეფედრინი მედიცინაში უმთავრესად ბრონქიალური ასმის დროს გამოიყენება. აგრეთვე ყივანახველის, გულის კუნთის დაავადებისას და სისხლის დაბალი წნევის საწინააღმდეგოდ.
მონღოლეთის ხალხურ მედიცინაში ჯორისძუა იციან როგორც საშუალება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადების დროს. ჯორისძუა საკმაოდ შხამიანია. ცნობილია მისი მიზეზით ბატკნებისა და თიკნების მოწამვლის შემთხვევები დედა ცხვრებისა და თხების რძის მეშვეობით, რომელთაც ჯორისძუა ძოვეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჯორისძუა სამკურნალოდ მხოლოდ ექიმს დანიშნულებით უნდა იქნას გამოყენებული.
ჩამოთვლილი დაავადების დროს ჯორისძუას პრეპარატს ჩვეულებრივ იღებენ 0,025-0,05 გ 2-3-ჯერ დღეში. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს უნიშნავენ 0,002-0,003 გ. 2-5 წლისს 0,03-0,02 გ, 6- 12 წლისას კი 0,01-0,02 გ ერთ მიღებაზე. მკურნალობის კურსი 10-15 დღეს გრძელდება. რაკი ეფედრინი ცენტრალურ ნერვულ სისტემას აღაგზნებს, ამიტომ დაუშვებელია, მისი ღამით მიღება ძილის მოშლის თავიდან აცილების მიზნით.
ჯორისძუის პრეპარატების მიცემა არ შეიძლება ჰიპერტონიან, ათეროსკლეროზიან, ძლიერ აღგზნებულ ავადმყოფებისათვის, აგრეთვე უძილობადაჩემებულთათვის და გულის კუნთის მძიმე ორგანული დაზიანების დროს.
ეფედრინი თანმხლებ მოვლენებს არ იწვევს, ზოგ შემთხვევებში ავადმყოფს ემართება სწრაფწარმავალი სუსტი ცახცახი და გულისცემა. დიდი დოზით მიღებისას შეიმჩნევა აღგზნება, უძილობა, მთელი სხეულის ან კიდურების ცახცახი, პირღებინება, ოფლიანობის გაძლიერება, შარდის ხუთვა.

 

ჯონჯოლი – კოლხური ჯონჯოლი ჩვეულებრივი – Staphylea Pinnata L – S. Colchica Stev – Клекачка колхидская

ჯონჯოლისებრთა ოჯახის მოზრდილი 2-6 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. ჩვეულებრივი ჯონჯოლის კენტფრთართული ფოთლების ფოთოლაკთა რაოდენობა 5-7 თესლის ფარგლებში მერყეობს. ახალგაზრდა ყლორტები მუხლთშორისებში ღრუიანია უგულგულობის გამო. თეთრი ოდნავ მოვარდისფრო ყვავილები კენწრულ დაკიდულ ქოლგა ან საგველა ყვავილედებადაა შეკრებილი.
ნაყოფი უკუკვერცხრისებრი, სიფრიფანა ბუშტივით გაბერილი 2-3 ბუდიანი წვერში შეზრდილი ამდენივე ნაკვთიანი კოლოფია. თესლი ბურთივით მრგვალი, კოლოფთან მიმაგრების ადგილას მობრტყო, მუქჩალისფერმოყავისფრო ნაჭუჭიანი. იზრდება ტყეებში და მდინარეთა ხეობებში 1000-1200 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან იმერეთში, აჭარაში, სამხრეთ ოსეთში, ქართლსა და კახეთში. ჩვეულებრივ ჯონჯოლთან შედარებით კოლაჯური ჯონჯოლის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშნებია ის, რომ კენტფრთართული ფოთლების ფოთოლაკთა რაოდენობა უმეტესწილად 3 ცალს არ აღემატება და ნაყოფის ნაკვთები წვერში განცალკევებულია. იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა და ხევებში მთის შუა სარტყლამდე (ხშირად 100 მეტრამდე). გვხვდება აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში.
ორივე სახეობის ჯონჯოლის თანაყვავილედები ბუტონობის ფაზაში (გასაშლელად გამზადებული საყვავილე კვირტები) ჩვენში ოდითგანვე გამოიყენება როგორც შესანიშნავი საწნილე ნედლეულია. ამის გამო ჯონჯოლს ბაღ-ვენახების ნაპირებზეც კი აშენებენ საკარმიდამო ნაკვეთებში.
ჯონჯოლის თესლისაგან ადრე ზეთსაც ხდიდნენ, რომელიც სუნითა და გემოთი ფსტის ზეთს მოგვაგონებს. მაგრამ მისი მსუბუქი გამხსნელი თვისების გამო საჭმელად ნაკლებად გამოიყენებოდა. ამ თვისებების გამო იგი საყურადღებოა როგორც ქრონიკული კუჭშეკრულობის საწინააღმდედო საშუალება.

 

ჯინჭარა  – Phlomis tuberosa L – Зопник клубненосный

ტუჩოსანთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი 50-150 სმ სიმაღლის მცენარეა გრძელი თასმისებრი ფესვებით, რომელთა ნაწილზე ბოლქვისებრი მრგვალი გამსხვილებებია განვითარებული.
ღეროს ქვედა ნაწილსა და ძირში არსებული 15 სმ-მდე სიგრძის და 12 სმ სიგანის ფოთლები ღრმად გულისებრამოჭრილფუძიანი და სამკუთხა კიდემრგვალკბილა კონფიგურაციისაა. ღეროს შუა და ზედა ნაწილში კვერცხისებრი ფოთლები ერთიმეორის პირისპირაა განწყობილი, რომელნიც ქვედა ფოთლებზე უფრო პატარაა. კენწრული ფოთლები ლანცეტა და მჯდომარეა.
ვარდისფერგვირგვინიანი ყვავილები ფოთლების იღლიებში მრავალყვავილიან (10-16 ) რგოლებადაა განწყობილი, ხაზურ-სადგისისებრი მრავალრიცხოვანი გაფშეკილი ბეწვებით.
იზრდება ბუჩქნარებში, ბალახოვან ფერდობებზე ნასვენ მიწებზე, მთის ქვედა და შუა სარტყელში. გვხვდება კახეთში, ქართლში, აფხაზეთში, მესხეთსა და ჯავახეთში. უფრო მცირე რაოდენობით სხვა რაიონებშიც აღინიშნება. არეალი საკმაოდ ფართოა, მაგრამ ჯინჭარას საერთო მარაგი მცირეა.
ჯინჭარას გვარის წოდება წარმოშობილია ბერძნულიდან Phomilus – “ალი”, ასეთი დასახელება მას იმიტომ მიეცა, რომ უძველეს დროში ჯინჭარასა და ქერიფქლას ერთ-ერთი სახეობის ფოთლებისაგან ლამპის პატრუქებს ამზადებდნენ.
კარგი თაფლოვანი მცენარეა, იმავე დროს ფრიად მიმზიდველი შესახედაობისაცაა. ფესვების მსხვილი ბოლქვისებრი გამონაზარდები მდიდარია სახამებლით და საჭმელად გამოიყენება როგორც გამხმარ, ასევე მოხარშულ ან შემწვარ მდგომარეობაში. ზოგჯერ მას ფქვავენ და რძის ფაფას აკეთებენ.
მიწისზედა ნაწილები ალკალოიდებს შეიცავს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭის დაავადებების (გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება), პნევმონიის, ბრონქიტის ფილტვის ტუბერკულოზის, გინეკოლოგიური დაავადებების, წყალმანკის, სიყვითლის, გაციებით გამოწვეული დაავადებების, ციებ-ცხელების და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.
ქრონიკული გასტრიტის შემთხვევაში კარგად მოქმედებს ნახარში (1-2 სუფრის კოვზი ბალახი 1 ჭიქა წყალზე), რომელსაც ნახევარ-ნახევარ ჭიქას იღებენ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, ორი თვის განმავლობაში.

 

 

ჯადვარი, გუგულის კაბა  – Orchis maculata L – Ятрышник пятнистый, кукушкины слезки

ჯადვარისებრთა ოჯახიდანაა. ჯადვარი ტუბერაკებიანი, მრავალწლიანი, 20-60 სმ სიმაღლის მცენარეა. 4-8 წაგრძელებული, უკუკვერცხისებრი ან ლანცეტა, 6-15 სმ სიგრძის ფოთლები ზემოდან მოყავისფრო ლაქებიანია, ქვემოდან კი ღია მწვანე. კენწრული ყვავილები ყვავილების სრულ გაშლამდე კონუსურია, შემდეგ კი ცილინდრულ ფორმას იღებს, ყვავილედის სიგრძე 5-15 სმ ფარგლებში მერყეობს. ყვავილები უმთავრესად მოწითალო-იისფერია. ყვავის მაის-ივნისში.
ჯადვარი უფრო ხშირად გვხვდება ტყეებსა (ნაძვნარები, სოჭნარები, წიფლნარები და სხვა) და ბუჩქნარებში, აგრეთვე, მდელოებზე და იშვიათად დაჭაობებულ ადგილებში.
მედიცინაში ჯადვარის ახალი ტუბერაკები გამოიყენება, რომელსაც ყვავილობის ან დაყვავილებისთანავე აგროვებენ, მდუღარე წყალში 5 წუთამდე ამყოფებენ და ჩრდილში ახმობენ, ეს იმიტომ, რომ ტუბერაკი არ გაღვივდეს და ამით ნედლეული არ გაფუჭდეს. ტუბერაკების შეგროვებისას საჭიროა დაკვირვება. ადამიანის ხელის მტევანის მსგავსი ორი ტუბერაკი ჯადვარის ღეროს ძირში მიწაში, ერთი მათგანი მუქნაცრისფერი და მოშვებულია. ეს გასული წლის ტუბერაკია, გამოფიტული და უვარგისია. მეორე კი ღია მოყვითალო-მოთეთრო და გაჭედილია, ესაა მიმდინარე წლის ახალი სამკურნალოდ ვარგისი ტუბერაკი.
ჯადვარის გამშრალი ძირბოლქვისაგან დამზადებულ პრეპარატებს “სალეპს” ეძახიან და იყენებენ, როგორც შიგნით მისაღებ შემომგარსველ საშუალებას, უმთავრესად ბავშვების ნაწლავთა კატარის შემთხვევაში, აგრეთვე ზოგიერთი მოწამვლის დროს. “სალეპს” უნიშნავენ დასალევად ან ოყნის სახით.
 ჯადვარის ტუბერაკს იყენებენ, კოლიტის, გასტრიტის და გასტრიტული ვარიანტის წყულოვანი დაავადების დროს. იყენებენ აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების კატარის და პირის ღრუს ანთებითი დაავადების სამკურნალოდ.
გამოიყენება სალეპის ლორწო, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ, ჯადვარის ტუბერაკებს ფხვნიან, ასხამენ ცხელ წყალს შეფარდებით: 2 გ ტუბერაკების ფხვნილი 200 მლ მდუღარე წყალზე, თქვეფავენ კოვზით 10-15 წუთის განმავლობაში. სვამენ თითო სუფრის კოვზს ჭამის წინ რამდენიმეჯერ დღეში და ღამით ძილის წინ. იკეთებენ ოყნის სახითაც – 50 მლ ერთი ოყნისათვის.
ხალხურ მედიცინაში დიდ პოპულარობით სარგებლობს ჯადვარი, როგორც ენერგიის აღმდგენი საშუალება. ირანული წყაროების მიხედვით სხვა საჭმლის უქონლობისას დღე-ღამეში მოზრდილი ადამიანისათვის საკმაოა 40,0 გ ჯადვარის ტუბერაკის ფხვნილი ემულსიის სახით წყალზე მომზადებული. კიდევ უკეთესია თუ ემულსია რძით მომზადდება.
ირანელთა რეკომენდაციით კარგია სათადარიგოდ ვიქონიოთ ჯადვარის ტუბერაკები შორეული გადასვლების დროს. თათარი მხედრები ყოველთვის თან ატარებდნენ ჯადვარის ტუბერაკებს საკვების უკმარისობის შემთხვევისათვის.  ჯადვარი ძალ-ღონის აღმდგენი მართლაც კარგი საშუალებაა.
სვამენ ნახარშს – 3,0-10,0 გ ტუბერაკები 180 გ წყალზე – კუჭაშლილობის, მსხვილი ნაწლავის კოლიტის და საშარდე ბუშტის კატარის სამკურნალოდ. ნახარშს შემდეგნაირად ამზადებენ: საჭირო დოზის ფხვნილს 10 ნაწილ ანადუღარ ცივ წყალში ათქვეფავენ, შემდეგ უმატებენ 90 ნაწილ მდუღარე წყალს და ხელახლა თქვეფავენ მანამდე, ვიდრე არ მიიღება სქელი, ერთფეროვანი, უფერული და რამდენადმე გამჭვირვალე სითხე (ლორწო), წყლის მაგიერ შესაძლოა რძის გამოყენება, რაც დიდად ამაღლებს ჯადვარის ყუათიანობას.
ჯადვარის წყლიან ნადღვებს წარმატებით იყენებენ ოყნისათვის კუჭაშლილობის, მათ რიცხვში დიზენტერიის დროს: ჯადვარის ემულსიას უმატებენ სელის თესლის ნახარშს (1 ჩაის კოვზი სელის თესლი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე).
ზაფხულში ბავშვების კუჭაშლილობისას იყენებენ  ჯადვარს შემდეგი დოზით: 120,0 გ ჯადვარის ტუბერაკების ფხვნილი და 86 გრადუსიანი სპირტი, მხოლოდ 0,5 გრამამდე ყოველ ორ საათში ჩაის კოვზით. იმავე ავტორის რეკომენდაციით ჯადვარი აუცილებელი საშუალებაა მოხუცების მოსამაგრებლად, ტუბერკულოზიანების, მძიმე დაავადებაგადატანილი ადამიანების, ხანგრძლივი სისხლდენით დასუსტებულთა (მათ შორის ბუასილიანთა) მოსამაგრებლდა.
ბულგარეთის მედიცინა ურჩევს ჯადვარის ნაყენის გამოყენებას, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზ ჯადვარის ტუბერაკის ფხვნილს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 15 წუთით თბილ ადგილზე დგამენ. ნაყენს ცხელ მდგომარეობაში სვამენ. ბავშვებს კუჭაშლილობისას ცივ მდგომარეობაში ასმევენ.

 

ხურტკმელი  – Grossularia reclinata (L.) Mill – Крыжовник

ხურტკმელისებრთა ოჯახიდანაა. ხურტკმელი 1 მეტრამდე სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, 3-5 ბლაგვნაკვთებიანი, მცირე ზომის – 1-5 სმ სიგანის, ქვედა მხრიდან შებუსვილი ფოთლებით. ფოთლის ქვედა მხარის ძარღვების გაყოლებაზე არსებული ბუსუსები უხეში და მჩხვლეტავია.
ბუსუსებიანი ყვავილები მომწვანო ან მოწითალოა და ფოთლების იღლიებში თითო ან წყვილ-წყვილადაა განლაგებული. 1,5 სმ-მდე სიმსხოს ნაყოფი ელიფსური ან მრგვალია, მომწვანო, ყვითელი ან მოწითალო შეფერვით. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები ივლისში მწიფდება, საჭმელად მოუმწიფებელი ნაყოფებიც გამოიყენება.
ბუნებრივად გავრცელებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული ნაწილის ბევრ რაიონსა და კავკასიაში მთის შუა სარტყლისა და სუბალპურ ტყეებში, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე, მშრალ თხელ ხირხატ ნიადაგებზე. კარგად იტანს გვალვას და სიცივესაც. სინათლის მომთხოვნია. კულტივირებულია ფართოდ, მრავლდება თესლით და ვეგტაციურად – კალმებით, ბუჩქის დაყოფით, ძირკვის ამონაყარს უხვად ინვითარებს.
ხურტკმელის ნაყოფი (კენკრა) 13,5 პროცენტამდე შაქრებს, 2 პროცენტამდე ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟავებს, 1 პროცენტზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, 54 მგ პროცენტამდე C, 3,25 მგ პროცენტამდე P, B და A ვიტამინებს შეიცავს. გარდა მის ამის შემადგენლობაში შედის ფოსფორი, სპილენძი, რკინა, კალიამი. ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი. ნედლი ნაყოფიკარგი ხილია,. მისგან ამზადებენ მურაბას, კონფიტიურს, კომპოტს, მარმელადს, ღვინოს და სხვ. საზამთროდ ნაყოფს ახმობენ, ამზადებენ მარინადს ან კონფიტიურს, ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ. ხურტკმელის ნაყოფი პოპულარულია ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგოდ. ხალხური მედიცინა მასვე იყენებს კუჭსასაქმებლად შარდ და ნაღველდამდენ საშუალებად. საუცხოო თაფლოვანი მცენარეა.

 

Don`t copy text!