Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 390

მატიტელა ჩვეულებრივი – Polygonum aviculare – Горец птичий

ჩვეულებრივი მატიტელა განეკუთვნება მატიტელასებრთა ოჯახს. იგი ერთწლიანი პატარა მცენარეა წვრილი ფესვებით და დატოტვილი, მიწაზე გართხმული ღეროთი. სხვა მცენარეებს შორის ზრდის დროს მისი ღერო შესაძლებელია იყოს სწორმდგომი, 30-35 სმ სიმაღლის. ღერო მრავალმუხლიანია, როგორც ამ გვარის სხვა წარმომადგენლებისა, მაგრამ ბოსტნის წალიკასაგან განსხვავებით მოთეთროა, სიფრიფანა, განკვეთილი ფოთლები მორიგეობითია, პატარა, მთლიანკიდიანი, ოვალური ბლაგვი წვერით. ყვავილები წვრილია, შეუმჩნეველი, სხედან 1-5 ცალი ფოთლების უბეებში და არ ქმნიან ყვავილედებს. ნაყოფი – მუქი ნაცრისფერი კაკლურაა და მოთავსებულია ყვავილსაფარში. ყვავის მთელი ზაფხულის განმავლობაში.
ქართლში მას მამალ მატიტელას ეძახიან, ბორჯომის რაიონში – ჩიტიპურას, თუშეთში – ჭიმჭიკს, რაჭა-ლეჩხუმში – თიათეთრას.

ჩვეულებრივი მატიტელა ფართოდ გავრცელებული სარეველაა. გვხვდება გზის პირებში, ეზოებში, დანაგვიანებულ ადგილებში და არ ეშინია ფეხით დატკეპნისა.
აგროვებენ მთელ მცენარეს, ფესვის გარეშე, ყვავილობის დროს. ნედლეულის შენახვის ვადა 3 წელია. მის შემადგენლობაში აღმოჩენილია ფლავონოიდური გლიკოზიდი, ხსნადი სილიციუმმჟავა, სათრიმლავი ნივთიერებები (3-4%).
მატიტელა ხელს უწყობს დიურეზს, გამოაქვს შარდთან ერთად ნატრიუმისა და ქლორის ჭარბი იონები, ხელს უშლის შარდის ბუშტში კენჭების წარმოშობას, რაც დაკავშირებულია მასში სილიციუმმჟავას ხსნადი შენაერთების არსებობით.
მატიტელას ბალახსა და ნარევებს, რომლებშიც მატიტელა ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, იყენებენ შარდსადენი მილების ქრონიკული დაავადებების, თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის შესუსტების და შარდში დიდი რაოდენობით მინერალური მარილების, განსაკუთრებით მჟაუნმჟავას მარილების არსებობის დროს. როგორც დამატებით საშუალებას უნიშნავენ ავადმყოფს შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიების, შარდის ბუშტის ოპერაციისა და კანის დაავადებების (ძირმაგარა, ფერიმჭამელა, ზოგიერთი დერმატიტი) დროს.
მცენარეს იყენებენ აგრეთვე ღვიძლის ფუნქციონალური უკმარისობისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური პროდუქტების გამოსაყოფად. აგრეთვე, როგორც ანტისეპტიკურ, სპაზმოლიტურ, ტკივილგამაყუჩებელ, ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ამოსახველებელ, ჭიის საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.
მატიტელას ხმარობენ გაცივებით გამოწვეული ავადმყოფობების, ბრონქიტების, პნევმონიის, პლევრიტის, ბრონქული ასთმისა და ფილტვების ტუბერკულოზის დროს. მის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საშვილოსნოს ატონიით გამოწვეული სისხლის დენისა და ბუასილის დროს.
მატიტელას გამოყენება არ შეიძლება თირკმელებისა და შარდის ბუშტის მწვავე ანთებების დროს.
სასუნქი ორგანოების დაავადების, ფილტვების ტუბერკულოზისა და ყივანახველის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მატიტელა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ თავდახურული 15 წთ-ის განმავლობაში წყლის აბაზანაში. გააცივეთ 1-2 სთ, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თთო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისა და დიზენტერიის დროს 1 სუფრის კოვზი მატიტელა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული, 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (0,5 ლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

მარწყვაბალახა – Potentilla tormentilla Neck – Лапчатка прямостоячая

მარწყვაბალახა ხალხურ მედიცინაში კარგად ცნობილი მცენარეა. მან სახელწოდება მიიღო სიტყვებისაგან tormind (ასე უწოდებენ შუა საუკუნეებში დიზენტერიას, რომლის საწინააღმდეგოდაც იყენებდნენ მცენარეს) და potentilla “ძალა”.
მარწყვაბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა გორგლისებრია ან მოკლეცილინდრული. ღერო სწორმდგომია ან ამართებადი, წვრილი; ზემოთა ნაწილში დატოტვილი. ღეროს ფოთლები მჯდომარეა, სამყურა, ორი მსხვილი თანაფოთლით. ფოთოლაკები ლანცეტისებრია ან მოგრძო-სოლისებრი. მსხვილ-ხერხკბილა ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ყვავილობის დროს უკვე დამჭკნარია. ყვავილები სწორია, მარტოული, სხედან წვრილ გრძელ ყუნწებზე. ჯამი ორმაგია, 4 გარეთა და 4 შიდა ერთმანეთის მონაცვლე ფოთლით. გვირგვინი ოთხფურცლიანია, რითაც განსხვავდება დანარჩენი სახეობის მარწყვაბალახებისაგან, რომელთაც აქვთ გვირგვინის 5 ფურცელი. ფურცლები ოქროსფერ-მოყვითალოა, ფუძესთან წრიული ლაქებით. მტვრიანა ბევრი აქვს, ნაყოფი მშრალია.
მარწყვაბალახა გვხვდება წიწვოვან და წიწვოვან-წვრილფოთლოვან ტყეებში, მდებლოებში და ტყის პირებში, მდინარის ნაპირის გასწვრივ, ბუჩქნარებში, შოთხვსა და ტირიფთან ერთად. ნესტიან ადგილებში ვითარდება უფრო მსხვილი ფესურებით.
ფესურას აგროვებენ შემოდგომით, აცლიან წვრილ ფესვებს, რეცხავენ და აშრობენ. გამშრალი ფესურები მაგარია და მძიმე, მაგრამ მათი დანაყვა ადვილია. გარედან მუქი-რუხია, გადატეხის ადგილას მუქი წითელი ან მოწითალო-წაბლისფერი. გემო ძალიან მწკლარტე აქვს. შეიცავს 15-30% სათრიმლავ ნივთიერებებს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ფლავონოიდები, გლიკოზიდი ტორმენტილინი, ქინაქინის მჟავა, ფისები, ეთერზეთის კვალი.


მარწყვაბალახას იყენებენ როგორც შემკვრელ, სისხლდენის შემაჩერებელ და ბაქტერიოციდულ საშუალებას. გარედან – ყელში გამოსავლებად და საფენებად, შინაგანად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის დროს.
ამ დროს იყენებენ ნახარშს ან ნაყენს.
ნახარშის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი მსხვილად დანაყილი ფესურა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ ნახევარი საათით ადრე ჭამის წინ.
მარწყვაბალახა შედის რთული ნაკრებების შემადგენლობაში.

მარიამსაკმელა  – Peganum Harmala L – Гармала обыкновенная (могильник)

ორყურასებრთა ოჯახის მრავალღეროიანი, 20-70 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. მოკლეყუნწიანი ძირამდე სამად გაყოფილი და თითოეული მათგანი კვლავ 2-3 ხაზურა ნაკვთიანი ფოთლები დატოტვილ ღეროებზე მორიგეობითაა განლაგებული, რომელთა ძირშიაც სადგისისებრი თანაფოთლები ზის.
მთავარღერძიანი ფესვი სიგრძით ორ მეტრამდეა. შედარებით დიდი ზომის თეთრი ან მკრთალი ყვითელი ფერის ყვავილები ტოტების ბოლოებზე, ბუჩქის ზედა ნაწილშია გაბნეული, ჯამის ფოთლები (რომლებიც ნაყოფობის დროს ზედვე რჩება), თითქმის, ძირამდე ხუთადაა გაყოფილი წვეტიან ნაკვეთებად. ყვავილის გვირგვინის ელიფსური ფორმის ფურცლებიც ხუთია.
ნაყოფი ზემოდან ოდნავ შეჭყლეტილი, 6-10 მმ დიამეტრის ბურთისებრი სამბუდიანი და სამსაგდულიანი კოლოფაა. სამწახნაგოვანი ან პირამიდული თესლი მრავალრიცხოვანია.
იზრდება უმთავრესად ნათელი ტყის ზონისა და მთის შუა სარტყლის (1200 მ) ღია მშრალ ადგილებში, დასახლებული პუნქტების მახლობლად, განსაკუთრებით ხშირია ძოვებით გადატვირთულ ველებზე. გხვდება აჭარაში, იმერეთში, ქართლში, ქიზიყში, გარდაბანში, კახეთში და მესხეთში. განსაკუთრებით ბევრია ასპინძის რაიონში ავტოტრასის მიმდებარე მშრალ ველებზე.
მედიცინაში ძირითადად თესლები გამოიყენება ჰარმინის მისაღებად. ზოგჯერ კი – ფესვებიც. ალკალოიდი ჰარმინი გამოიყენება ექსტრაპირამიდული სისტემისა და ეპიდემიური ენცეფალიტის შედეგების სამკურნალოდ, აგრეთვე პარკინსონიზმის და მთრთოლვარე (მოცახცახე) დამბლის დროს. მისი ზემოქმედებით ავადმყოფებს უუმჯობესდებათ ნებისმიერი მოძრაობები, რომლებიც უფრო სწრაფი და თავისუფალი ხდება. ექსპერიმენტებში ჰარმინი ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებას ახდენს.
განსაკუთრებით მოქმედებს ტვინის ქერქის მამოძრავებელ ცენტრებზე, დაბლა სწევს წნევას, აუმჯობესებს სუნთქვას, ადუნებს კუჭნაწლავის, საშვილოსნოსა და გულის კუნთებს, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს. დიდი დოზა იწვევს კრუნჩხვებს.

მარიამსაკმელას თესლს აქვს ოფლმდენი, შარდმომგვრელი და ჭიის დამდენი თვისებები. ძველად ბერძნები თვალის დაავადების სამკურნალოდაც იყენებდნენ. მას აქვს მათრობელი და ძილისმომგვრელი თვისებაც. თურქეთში თესლების ნაყენს მსუბუქად შემაზარხოშებელი (დამათრობელი) სასმელების მოსამზადებლად იყენებდნენ. თესლი 14-16 %-მდე ზეთს შეიცავს, რომელიც სამღებრო საქმეთა და განათებისთვის იხმარებოდა.
თესლს აგრეთვე გაუხუნებელ წითელფრად შეღებვისათვის იყენებდნენ საფეიქრო წარმოებაში. მისგან თურქეთსა და ყირიმში წითელ მელანსაც ამზადებდნენ.
მარიამსაკმელა ოდითგანვე ცნობილი შხამიანი მცენარეა, თესლში ალკალოიდების რაოდენობა 5%-მდე აღწევს, რომელთა ერთი მესამედიც ჰარმინზე მოდის, მასვე შეიცავს ფესვებიც.
ფოთლებსა და ღეროში არსებული ალკალოიდი პეგანინი ნერვული დაავადებების: მიოპათიისა და მიასთენიის სამკურნალოდ, აგრეთვე საფაღარათო საშუალებად გამოიყენება.
ხალხური მედიცინა მარიამსაკმელას უფრო ფართოდ იყენებს. ბალახის ნაყენით წარმატებით მკურნალობენ საქონლის, განსაკუთრებით აქლემების მუნს.
მცენარეს ინსექტიციდური თვისებები გააჩნია და წარმატებით იყენებენ სასოფლო სამეურნეო კულტურების მავნე მწერების წინააღმდეგ.
ძლიერი ტოქსიკურობის გამო მარიამსაკმელის სამკურნალოდ გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის რჩევით დაიშვება.

 

მაჟალო  – Malus Orientalis Uglitz – Дикая яблоня

ვარდისებრთა ოჯახში შედის. დაბალი, 10 მეტრამდე სიმაღლის ხეა, ყლორტები არც თუ იშვიათად ეკლებიანია. ტოტები გლუვი ნაცრისფერქერქიანია, ერთწლიან ყლორტებზე კი კანი მოყავისფროა. ქერქი ღეროზე მუქი ნაცრისფერია, საკმაოდ ღრმად დახეთქილი, უფრო ხშირად ღეროს ქვედა ნაწილში, 5-6 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სიგანის ელიფსური, ან მომრგვალო, წვერში წამახული და კიდეხერხკბილა, ახალგაზრდობაში ძლიერ შებუსვილი (განსაკუთრებით ქვემოდან), ხანდაზმულობაში შიშველი, ზემოდან პრიალა ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
ყვავილები დამოკლებულ ტოტებზე ფარისებრ ჯგუფებადაა შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო გვირგვინის ფურცლებით.
ცრუ ნაყოფი 3-5 სმ სიმსხოსია, მრგვალი ან კვერცხისებრი, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ყვავილობს მაისს-ივნისში.
მრავლდება თესლით, ძირკვი იძლევა ამონაყარს. უფრო ხშირად მთის შუა და ქვედა სარტყლებშია გავრცელებული. ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლეზე. გვხვდება როგორც ტყისპირებსა და ღია ადგილებში, ასევე წიფლისა და სხვა ფორმაციის კორომებში შენარევის სახის. მართალია გარკვეულწილად სიგრილეს იტანს, მაგრამ ნორმალურად ტენით უზრუნველყოფილ კარგად დრენირებულ ნოყიერ ნიადაგებზე იზრდება. სინათლის მომთხოვნი მცენარეა.
ნაყოფი 16 პროცენტ შაქრებს (ფრუქტოზას, გლუკოზას და საქაროზას), 2,4 პროცენტამდე ვაშლის, ლიმონის და სხვა მჟავებს, 3 პროცენტზე მეტ პექტინებს C, B1, D2 ვიტამინებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა მარილებს შეიცავს. მაჟალოს ნაყოფი დიდი რაოდენობით მიდის ღვინის დასამზადებლად, მისგანვე კეთდება ნაირგვარი წვენები, სიროფი, ესენცია, ბურახი, მურაბა და ხილფაფა. საუცხოო მასალაა მარმელადის, ტყლაპის და სხვა ტკბილეულისათვის. მაჟალოსგან კეთდება კისელი და კომპოტი.
სამკურნალოდ მაჟალოს ნაყოფი გამოიყენება. ამ მიზნით საერთოდ უპირატესობას ვაშლის კულტურულ ჯიშებს ანიჭებენ.
ნედლ მაჟალოს გააჩნია ორგანიზმის მომმაგრებელი თვისება და ამის გამო დიეტურ საშუალებად ითვლება, ფართოდ გამოიყენება ავიტამინოზისა და კუჭაშლილობის დროს, ნაყენი კი – სისხლნაკლოვანების დროს.
მაჟალოსაგან დამზადებული პრეპარატები მეცნიერულ მედიცინაში გამოიყენება სისხლმბადი ორგანოების მუშაობის გასაუმჯობესებლად (ანემიები) და იგი შედის მცირე ხასიათის გარეგანი სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებათა შემადგენლობაში.

 

მაგნოლია – Magnolia grandiflora – Магнолия

 

მაგნოლია მსხვილყვავილებიანი მარადმწვნე ხეა მაგნოლიისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 30 მ-მდე, პირამიდული ვარჯით. ღერო სწორია, დიამეტრით 1-1,5 მ, გლუვი. ნაცრისფერი ან ღია რუხი ფერის ქერქით. როგორც ახალგაზრდა ღერები, ასევე ყვავილისა და ფოთლის ყუნწები დაფარულია მორუხო ხავერდისებური ბუსუსებით. ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი, ტყავისებური, მოგრძო ან უკუკვერცხისებრი, სიგრძით 10-25 სმ, სიგანით 4-12 სმ, ზემოდან გლუვი, პრიალა, მუქი მწვანე, ქვემოდან მორუხო-ყავისფერი, ბუსუსებით. ფოთლების ყუნწები სქელია, სიგრძით 3-5 სმ. ყვავილები მსხვილი აქვს დიამეტრით 10-12 სმ, ძლიერ არომატული, თასისებრია, განლაგებულია ტოტის ბოლოზე თითო-თითოდ. უბრალო ყვავილსაფარი გვირგვინისებრია, შედგება 6-12 ფოთლაკისაგან რომელიც რძისფერი-თეთრი ან ნაღებისფერია. ნაყოფი გირჩისებრი, ელიფსური, მრავალფოთლურაა სიგრძით 8-12 სმ.
ყვავილობს აპრილიდან-ოქტომბრამდე, თესლი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.
საქართველოში მაგნოლია გავრცელებულია შავი ზღვისპირა ზოლში.
მაგნოლიის ფოთლების დამზადება ხდება მთელი ყვავილობის პერიოდში. ფესვიდან ჭრიან ყლორტებს ისე, რომ ძირითადი ვარჯის ტოტები შეინარჩუნონ, შემდეგ გლეჯენ ფოთლებს, აშრობენ ჩრდილში, ან საშრობებში, ღუმელებში, არაუმეტეს 60 გრადუსისა. გამშრალი ფოთლები უნდა შეინახოთ მშრალ, კარგად განიავებად ადგილებში. შენახვის ვადა 4 წელია.
მაგნოლიის ფოთლები შეიცავენ ალკალოიდებს, რუტინს და სხვა ფლავონოიდებს. სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებებს შეიცავენ აგრეთვე მაგნოლიის ქერქი, თესლი და ფესვები.
მაგნოლიის თხევადი ექსტრაქტი წნევის დამწევი საშუალებაა, ამცირებს გულისცემას, ტკივილს გულის არეში. განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადების ადრეულ სტადიაში. მკურნალობის კურსი 3-4 კვირიანია (20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში).

ლიკოპოდიუმი – Lycopodium Clavatum L – Плаун булавовидный

ლოკოპოდიუმისებრთა ოჯახში შედის. ფრიად თავისებური გარეგნობის მცენარეა. მას ახასიათებს წვრილი და გრძელი ღეროები, რომელთაც ბანჯგვლიანი შესახედაობა აქვთ მრავალრიცხოვანი წვრილი და ხშირი ფოთლების გამო. ღერო მიწაზეა გართხმული თავისი მოკლე ტოტებითურთ, რომელიც გრძელ მწვანე თოკს მოგვაგონებს. ზოგჯერ მისი სიგრძე რამოდენიმე მეტრამდე აღწევს. ერთის შეხედვით მთელი ეს მწვანე “თოკი” მიწაზე თავისუფლად დევს, მაგრამ თუ ხელის შეხებით ავწევთ, მაშინვე დავრწმუნდებით, რომ ღერო თავისუფლად კი არ დევს მიწაზე, არამედ ალაგ-ალაგ მიწაზეა მიმაგრებული თავისი ფესვებით. მარადმწვანე მცენარეა, ერთნაირად ხასხასა მწვანე როგორც ნედლ, ასევე ხმელ მდგომარეობაშიც, ამიტომაც ხალისით იყენებენ ყვავილწნულებისათვის (გირლიანდებისათვის).
ღეროს აქა-იქ ამოუდის განსაკუთრებული მოგრძო ტოტები, რომელიც ვიწრო ცლინდრული თავთავისებრი წარმონაქმნით მთავრდება, თითოეულ ტოტზე მათი რაოდენობა 2-5 ცალის ფარგლებში მერყეობს, ამ თავთავებში უამრავი სპორები მწიფდება და ზაფხულის ბოლოს ყვითელი მტვრის სახით გამოიბნევა ხოლმე.
სპორები ძალიან ადვილად აალებად მასალას წარმოადგენს. თითქმის თოფისწამლისებურად აალებადია. ანთებულ ასანთზე სპორების დაყრით უცბად მიიღება კაშკაშა საკამაოდ მაღალი ალი, ეს თვისება გამოყენებულია მეტალურგიაში ფრიად გლუვზედაპირანი სხმულის მისაღებად. ყალიბს, რომელშიც მეტალი უნდა ჩამოისხას, კედლებზე და ფსკერზე ლიკოპოდიუმის სპორებს აფრქვევენ. გამდნარი მეტალის შეხებისთანავე სპორები ფეთქდება და იწვის, ამ დროს ყალიბის კედლებსა და მეტალს შორის წამის მერამდენიმე ნაწილში ჰაერის შრე ჩნდება იმ გაზებისაგან, რომელიც სპორების წვის პროცესში გამოიყო, რაც მეტალს ყალიბის კედელზე მიკვრის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ გაციების შემდეგ ფრიად გლუვია და ყალიბიდან ადვილად ამოდის.
ამ მცენარის ფოთლები მოყვანილობით ხაზურია, 1-2 სმ სიგრძის წვერზე წვრილი თეთრი წვეტით. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში ალპურ მდელოებამდე წიწვოვან ტყეებში, ტყეთაშორის ველებზე, მდელოებზე, გვხვდება ფოთლოვან ტყეებსა და ბუჩქნარებშიც. ღეროები ქსოვილებს ლურჯ ფერად ღებავს.
ლიკოპოდიუმის სპორებს ბავშვთა პრაქტიკაში იყენებენ პუდრის სახით კანის ანთებად და გამონაყარ კერებზე შესაფრქვევად.
ხალხური მედიცინა ლიკოპოდიუმის სპორებს და თვით ბალახსაც იყენებს, როგორც გამხსნელ და შარდმდენ საშუალებას თირკმლების საშარდე ბუშტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სასუნთქი გზების დაავადების დროს, სვამენ თითო სუფრის კოვზ ნახარშს ყოველ სათში (1 სუფრის კოვზი სპორები ან 10 გ ლიკოპოდიუმის ბალახი 1 ჭიქა წყალზე). ზოგჯერ სპორებს აყრიან ჭრილობაზე, ბალახის ნაყენით მკურნალობენ გრიპის და ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევაშიც.
ლიკოპოდიუმის სპორების ნახარშს სვამენ საშარდე ბუშტის არეში ტკივილების, მისი მწვავე ანთების, თირკმლისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, აგრეთვე საშარდე ბუშტის სპაზმების დროს. იღებენ 2 სუფრის კოვზ სპორებს 2 ჭიქა ცივ წყალზე, ადუღებენ 15 წუთს, დუღილის დროს ხშირად ურევენ კოვზით. სვამენ თითო სუფრის კოვზს სპორებთან ერთად ყოველ საათში ერთხელ. სპორების უქონლობის შემთხვევაში სვამენ ლიკოპოდიუმის ბალახიან ნახარშს 20-30 გრამს (ერთი სირჩა) რაოდენობით ყოველ საათში ერთხელ (30-40 გ. ბალახი 1 ლ წყალზე). პატარა ჭრილობებდსან სისხლდენის შესაწყვეტად ლიკოპოდიუმის სპორებს იყრიან ჭრილობაზე.

ლოკოპოდიუმის ბალახი რეკომენდებულია როგორც ტკივილიგამაყუჩებელი და დამაწყნარებელი საშუალება რევმატული, ნერვული დაავადებების, თირკმლების და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციების დარღვევის, აგრეთვე ჭვლების დროს. უნიშნავენ წყალზე ნაყენს: 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ბალახი 12 ჭიქა მღუღარე წყალზე (ერთი დღის დოზა). სპორებს სველ ეგზემურ კერებზეც აყრიან.
აქ დახასიათებული ლიკოპოდიუმის შემცვლელად გამოიყენება Lycopodium Annotihum L.-იც, რომელიც ჩვენში უფრო ფართოდაა გავრცელებული.
ლიკოპოდიუმის სხვა სახეობას Lycopodium Selago-ს მიწისზედა ნაწილებს იყენებენ 5 პროცენტიანი გამონახარშის სახით ქრონიკული ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგოდ. იგი იწვევს ხასიათის საერთო მდგომარეობის დამძიმებას, ძლიერ (5-8 ჯერად) პირღებინებას, ოფლიანობას, ტანის მუსკულატურის ფიბრილიზაციას, არტერიული წნევის დაწევას, არითმიას, სუნთქვის გაიშვიათებას. გულისრევა ძლიერდება ალკოჰოლის მიღებით ან პაპიროსის მოწევით. ნახარშის ძლიერი ტოქსიკურობის გამო ავადმყოფს მკურნალობენ სპეციალურ დაწესებულებებში.

ალკოჰოლისტს აძლევენ ნახარშს ბოლო ალკოჰოლის მიღებიდან 4 დღის შემდეგ, ახლად მომზადებულ გამონახარშს 80-100 მლ დოზით აძლევენ დასალევად, 3-15 წუთის შემდეგ კი უნიშნავენ არაყს, ან ღვინოს. იმავე დროს აყნოსვინებენ იმ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც უკვე დაალევინეს. 10-15 წუთის შემდეგ ავადმყოფს პირღებინება ეწყება, ზოგჯერ 1-3 საათის მოგვიანებით. შემდგომში ყოველი პირღებინების შემდეგ განმეორებით აძლევენ ალკოჰოლს. ეს იწვევს ალკოჰოლისადმი ზიზღის რეფლექსის გამომუშავებას, რაც მონახარშის და ალოკოჰოლის აღწერილი შეხამებით 2-3-ჯერ მიღების შემდეგ უვითარდება. განმეორებით მკურნალობას 1/2-1-2 წლის შემდეგ ახდენენ, ეს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ალკოჰოლისადმი წინანდებური დიდი ლტოლვა.
გამონახარშს შემდეგნაირად ამზადებნ: 10 გ დაქუცმაცებულ ლიკოპოდუმის ბალახს ყრიან მინის ქილაში, ასხამენ 200 მლ წყალს და 10 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე, გაციების შემდეგ კიდევ 200 მლ წინასწარ ანადუღარ და გაგრილებულ წყალს უმატებენ, ფილტრავენ (ბალახსაც ხელმოჭერით წურავენ) და მაცივარში ინახავენ არაუმეტეს ორი დღე-ღამისა.

 

ლეშურა – Bryonia Alba L – Переступень белый

გოგრისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახია. მიწისქვეშა ნაწილი გარედან მოყვითალოა, შიგნით კი თეთრხორცოვანი. 4 მეტრამდე სიგრძის, რამდენიმე მცოცავი ღერო ამოდის ფესვის ყელიდან, რომელნიც ფოთლების იღლიებში განლაგებული მარტივი ულვაშებით, ემაგრებიან მცენარეებს და სხვა საგნებს. საკმაოდ გრძელყუნწიანი ფოთლები ღეროებზე მორიგეობითაა განლაგებული, გარემოხაზულობის მიხედვით მათ განიერკვერცხისებრი მოყვანილობა აქვთ, გულისებრი ფუძით დ 5-7 წვეტიანი სამკუთხა ნაკვეთით, რომლებიც თავის მხრივ დაკბილული არიან, ფოთლის ორივე მხარე ხოიანია.
ყვავილები ცალსქესიანია, თვით მცენარე კი ერთბინიანი, ე.ი. მდედრობითი და მამრობითი ყვავილები მართალია ცალ-ცალკეა, მაგრამ ორივე ერთ ინდივიდზეა განვითარებული. მამრობითი ღიამოყვითალო ყვავილი 2 სმ სიგრძისაა და თავმოყრილი ფარისებრ მტევნებში. მომწვანო-მოყვითალო მდედრობითი ყვავილები 5-12-ის რაოდენობით კვლავ ფარისებრ მტევნებშია თავმოყრილი. ნაყოფი შავი, მრგვალ, 7-8 მმ სიმსხო კენკარაა 4-6 თესლით. ყვავილობს მაის-ივნის-ივლისში. ნაყოფები მწიფდება ივლის-აგვისტოში.
გზადმოყოლილი მცენარეა. იზრდება ქართლში, მესხეთსა და იმერეთში ბუჩქნარებსა და ბაღბოსტნებში, როგორც სარეველა, დასახლებული პუნქტების მახლობლად მთის შუა სარტყლამდე.
ლეშურა მოწითალო, მოყავისფრო ნაყოფებიანი მეორე სახეობითაც – b. dioica jacq. გვხვდება საქართველოში, რომელიც ასევე მთის შუა სარტყლამდე იზრდება ქართლში, თრიალეთს და ჯავახეთში, ბუჩქნარებში, გზისპირებზე და ბაღ-ბოსტნების კიდეებში.
გლიკოზიდების ბრიონინისა და ბრიონიდინის შემცველობის გამო ლეშურას ფესვი შხამიანია.
ზოგიერთ ქვეყანაში ლეშურა უნივერსალურ სამკურნალო მცენარედ ითვლებოდა, როგორც ჟენშენი – ჩინეთში, ხალხურ მედიცინაში იგი ახლაც გამოიყენება როგორც შარდმდენი, საფაღარათო, ამოსახველებელი, ტკივილგამაყუჩებელი, სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება. მასვე ხმარობენ ღვიძლში ჩხვლეტების, წყლულოვანი დაავადების, ნიკრისის ქარის, რევმატული პოლიართრიტის, ნაირგვარი წარმოშობის შეშუპებების, შაკიკის, გულის არეში ტკივილების, წყალმანკის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ეპილეპსიის (ავი ზნე), დამბლის, ხველის, პლევრიტის, კუჭის დაწევის დროს.
ფესვის ფხვნილს ურჩევენ, როგორც გამხსნელ საშუალებას, 0,5 გრამის რაოდენობით დღეში სამჯერ. სპირტით გამონაწვლილს ერთ სუფრის კოვზს (6გ) ერთი ჭიქა ანადუღარ წყალზე, ამ ნარევს სუფრის კოვზით იღებენ დღეში სამჯერ ნახველის ამოღების გასაადვილებლად.
აღნიშნულია დადებითი მოქმედება ჰიპერტონიული დაავადების დროს. საამისოდ ფესვის 10% სპირტზე ნაყენს 30 წვეთს ან 25%-იან წყალზე ნაყენს სუფრის კოვზით დღეში სამჯერ იღებენ 3-4 კვირის განმავლობაში.
წყალმანკის დროს რეკომენდებულია ლეშურის ფესვისაგან გამოწურული წვენის გამოყენება 4-5 გ (1 ჩაის კოვზი) წყალში განზავებით 1-2-ჯერ დღეში (მაგრამ არაუმეტეს 10 გრამისა ერთ ჯერზე მიღებისას).აგრეთვე რეკომენდებულია ფესვის ღვინოზე ნაყენიც (30 გ ფესვი 700 გ ნატურალურ კარგ ღვინოზე) სუფრის კოვზით დღეში რამდენიმეჯერ. ამ უკანასკნელს ისინი ძლიერ შარდმდენად მიიჩნევენ.
ხალხში ლეშურას ფესვს კანის მუქი ლაქებისაგან, მეჭეჭებისა და გამონაყარისაგან გასაწმენდ და სიმსივნეთა დამარბილებელ, აგრეთვე სისხლჩაქცევების საწინააღმდეგო საშუალებადაც მიიჩნევენ. ანალოგიურად იყენებენ წითელ ნაყოფა ლეშურასაც.
ტკივილიგამაყუჩებელ საშუალებად ლეშურას ფესვი განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება ნიკრისის ქარის, რევმატული პოლიათრიტისა და ნეკნთაშორის ნევრალგიის დროს. ექსპერიმენტული მონაცემებით ლეშურას გლიკოზიდები ტკივილგამაყუჩებელი თვისებისაა. გარდა ამისა მათი გამოყენება კუნთების ტონიზირებასა და სისხლის წნევის მომატებას იწვევს. ბრიონინშემცველი პრეპარატის დიდი დოზით მიღება იწვევს მოწამვლას, რაც გამოიხატება პირღებინებაში, სისხლნარევ ფაღარათიანობასა და მუცლის არის აშკარა ტკივილებში. შემდგომში კი კრუნჩხვები და ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლა ვითარდება.
1:10000 განზავებული ლეშურას ფესვის ახალი ნაყენი შედის პრეპარატ “აკოფიტის” შემადგენლობაში, რომელსაც შესაზელად იყენებენ იშიასის, რადიკულიტისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. ყოველივე თქმული ლეშურას სამკურნალოდ გამოყენებისადმი ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, უმჯობესია იგი ამ მიზნით არ გამოვიყენოთ ექიმის რჩევის და მისი უშუალოდ მეთვალყურეობის გარეშე.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ლეშურასა და ძაღლის სატაცურს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ერთნაირად იყენებს. თუმცი ზოგი დაავადების შემთხვევაში მათი ქმედითუნარიანობა თითქმის იდენტურია, მაგრამ ორივე მცენარე შხამიანია და ექიმის გარეშე არ უნდა გამოვიყენოთ.

 

ლენცოფა – Hyoscyamus niger – Белена черная

ლენცოფა ძალზე გავრცელებული სარეველაა. მისი ფართოდ გავრცელების ძირითადი მიზეზია თესლების დიდი რაოდენობა. ერთი მცენარე საშუალოდ იძლევა 10000 თესლს, ლიტერატურაში ცნობილია ისეთი ეგზემპლარებიც, რომლებშიც აღმოჩნდა 950000 თესლზე მეტი. გარდა ამისა, ლენცოფას თესლი ადვილად ვითარდება ცუდ პირობებშიც.
ლენცოფა განეკუთვნება ძაღლყურძენათა ოჯახს. მისი მეცნიერული სახელწოდება წარმოდგენა ბერძნული hyos “ღორი” და cyamus- “პარკი”. სახელწოდება მცენარეს მისცა დიოსკორიდმა, რომელმაც შენიშნა, რომ ლენცოფას ჭამის შემდეგ ღორები ავად ხდებიან.
ლენცოფა ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა ღერძიანი ფესვით. სიცოცხლის პირველ წელიწადს ვითარდება მხოლოდ ფესვთანური ფოთლები. ფოთლები მსხვილია გრძელ ყუნწებზე, კვერცხისებრი ან მოგრძო, ფოთლებს ფორმა მეტად ცვალებადი აქვთ. მეორე წელიწადს ვითარდება 100-150 სმ სიმაღლის ძირიდანვე დატოტვილი ღერო, რომელიც ზედა ნაწილში კვლავ იტოტება. ღეროს ფოსოები მორიგეობითია, მჯდომარე, ღერომხვევი და ზომით უფრო პატარაა, ვიდრე ფესვთანური ფოთლები, ფორმით კვერცხისებრია, ამოკვეთილდასერილი, ქვედა ფოთლები 5-7 ნაკვთიანია, შუა 3 ნაკვთიანი, ზედა 1-2 ნაკვთიანია, მსხვილი მთლიანკიდიანი კბილებით. ფოთლები რბილია და წებოვანი დიდი რაოდენობით ბუსუსიანი ჯირკვლების გამო. ყვავილედი _ შეფოთლილი ხვეულაა, მოთავსებული ღეროსა და ტოტების კენწრულ ნაწილში, რომელიც ყვავილების გაშლასთან ერთად იწელება. ყვავილები ვითარდება თანდათანობით. ისე, რომ ღეროზე ერთდროულად არის როგორც გასაშლელი ყვავილი, ასევე განვითარებისა და მწიფობის ყველა სტადიაში მყოფი ნაყოფი. ყვავილები საკმაოდ მსხვილია, ფურცელშეზრდილნი სხედან ფოთლების უბეებში. ჯამი დოქისებრია, ხუთკბილიანი, რჩება ნაყოფთან ერთად. გვირგვინი მსხვილი, აბრისებრია, ხუთფურცლიანი, ჭუჭყიანი-ყვითელი, მუქი-მელნისფერი ძარღვების ბადითა და მუქი-მელნისფერი ხახით. მტვრიანა 5, ნასკვი – ზემოთა. ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხული. ნაყოფი – ორბუდიანი, მრავალთესლიანი დოქისებრ ჯამში მოთავსებული კოლოფია, რომელიც იხსნება თავსახურით. თესლი წვრილია, მომრგვალო, ბრტყელი, მონაცრისფრო-ყვითელი ფერის.
მთელი მცენარე შხამიანია.
ლენცოფა გვხვდება საცხოვრებელი სახლების მახლობლად დანაგვიანებულ ადგილებში, საბალახოებში.
ნედლეულად აგროვებენ პირველი წლის ფესვთანურ ფოთლებსა და აყვავებული მცენარის ღეროს ფოთლებს ყვავილობის პერიოდში. ჩვეულებრივად მიწიდან თხრიან მთელ მცენარეს, ჭრიან ღეროს და შემდეგ აცლიან ფოთლებს. ნედლეულს ამზადებენ აგრეთვე მთელი მცენარისგანაც. ამ შემთხვევაში ჭრიან მცენარის ღეროს ფოთლებიანად, ყვავილითა და განვითარების ყველა სტადიაში მყოფ ნაყოფთან ერთად. ბალახს ჭრიან 2 სმ სიგრძის ნაჭრებად. ნედლეულის შენახვის ვადა 2 წელია.
ნედლ მცენარეს აქვს მძიმედ გამაბრუებელი სუნი, რომელიც შრობის შემდეგ თითქმის ქრება.
ლენცოფას ფოთოლში ნაპოვნია 0,045-0,1% ალკალოიდები, ფესვებში – 0,05-0,17%, თესლში – 0,06-0,1%.
ლენცოფას ფოთლები შეიცავენ დიდი რაოდენობით ნაცარს, ეს იმით აიხსნება, რომ მცენარე `აგროვებს მტვერს~, რადგან აქვს ბევრი წებოვანი ბუსუსი და იზრდება დანაგვიანებულ ადგილებში.
ლენცოფას ხმარობენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. გარეგანად მას იყენებენ ზეთის სახით. რევმატიზმის დროს სვამენ ლენცოფას ზეთს. შინაგანად მას გამოყენება აქვს ფხვნილის სახით ხველის დროს; იგი შედის ასთმის საწინააღმდეგო ფხვნილში – “ასტმატოლი”.
ლენცოფას სამკურნალო თვისებებს კარგად იცნობდნენ ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში, ეგვიპტეში, სპარსეთში, არაბეთში, საბერძნეთსა და რომში.
ავიცენა ლენცოფას შესახებ წერდა, რომ იგი მალამოს სახით აყუჩებს ნიკრისის ქარით გამოწვეულ ტკივილებს  ზეთი კი – ყურის ტკივილს. მკერზე სიმსივნის დროს იკეთებენ ფოთლების საფენებს. მის წვენს ისვამდნენ აგრეთვე ორსულობის შემდეგ მკერდის სიმსივნის დროს, რადგან იგი ხელს უშლის სიმსივნეების წარმოშობას და შლის მათ. ავიცენა იქვე აღნიშნავს, რომ ლენცოფას ფოთლის სახვევს იკეთებენ საკვერცხეების სიმსივნის დროსაც.
ლენცოფა ძალიან შხამიანი მცენარეა. ავიცენა წერს, რომ ლენცოფას შხამი იწვევს ჭკუაზე შეშლას, მეხსიერების დაკარგვასა და გაცოფებას.

კუნელი – Crataegus oxyacantha – Боярышник

კუნელის მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ  და წითელ კუნელს.
კუნელი განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. იგი მაღალი ბუჩქია, იშვიათად ბუჩქნარი, უბეში მოთავსებული ეკლებით. ფოთლები მორიგეობითია, მოკლეყუნწიანი, ფოთოლაკებით, უკუკვერცხისებრი, სოლისებრი ფუძით, ძლიერ დაკბილული კიდით. ყვავილები ქმნიან ფარს. ყვავილის ფურცლები თეთრია, წითელი მტვრიანათი. ნაყოფი – ცრუ, ვაშლის მსგავსი. პატარა, წითელი. ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფს იძლევა აგვისტოში.
კუნელს ქართლში – სკუნელს, იმერეთსა და რაჭაში – კუნელას, გურიაში – კურკანტელას უწოდებენ.
ძირითადი განსხვავება ორი სახეობის კუნელს შორის ის არის, რომ ჩვეულებრივი კუნელის ტოტები ნაცრისფერია, ფოთლები შიშველი, ნაყოფს აქვს 2-3 კურკა, ხოლო წითელი კუნელის ახალგაზრდა ტოტები მოწითალო-ყავისფერია, მბზინავი, ფოთლები შებუსული, ნაყოფს აქვს 3-4 კურკა.
სამკურნალო მიზნით ამზადებენ კუნელის ყვავილსა და ნაყოფს. კუნელის ნაყოფს ამზადებენ მისი სრული მომწიფების დროს, ხშირად სექტემბერ-ოქტომბერში. კრეფენ მთელ ფარს, შემედგ აცილებენ როგორც ნაყოფის ყუნწს, ასევე დაუმწიფებელ და გაფუჭებულ ნაყოფს. აშრობენ მზეზე, თბილ შენობებში, ღუმელებში ან საშრობებში თხელ ფენად.
ყვავილს აგროვებენ ყვავილობის დაწყების დროს, როდესაც ყვავილების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გაშლილი. ყვავილს მოკლე ყუნწთან ერთად (დაახლ. 1 სმ) გასაშრობად აწყობენ თხელ ფენად. დაკრეფიდან არაუგვიანეს 1-2 სთ-ისა ისეთ ნაგებობებში, რომლებიც კარგად ნიავდება. ნედლეულის შენახვის ვადა 2 წელია.
კუნელის ნაყოფში არის შაქარი, ორგანული მჟავები, ფლავონოიდები, ვიტამინი C, კაროტინი, სათრიმლავი ნივთიერებები, ცხიმოვანი ზეთი. ყვავილი შეიცავს ორგანულ მჟვავებს, ეთერზეთს, ფოთლები – 230 მგ-მდე ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ღვინის ქვისა და ლიმონმჟავებს, თესლი შეიცავს ამიგდალინს.
კუნელის პრეპარატებს იყენებნ გულის კუნთის ფუნქციონალური მოშლილობის დროს, ჰიპერტონიული დაავადების, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, საერთო ათეროსკლეროზისა და კლიმაქტერული ნევროზის დროს. კუნელის ნაყენი შედის პრეპარატ კარდიოვალენში.
კუნელის პრეპარატები ნაკლებად ტოქსიკურია და უკუჩვენებები არ შეიმჩნევა.
გულის დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე გულით გამოწვეული თავბრუსხვევისა და ხუთვის დროს, ნევროზისა და კლიმაქსის დაწყების წინ სასარგებლოა შემდეგი ნაყენის მიღება: აიღეთ 3 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მლ (3 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპირტის ნაყენი. კუნელის ახალი ყვავილის წვენს დაუმატეთ 2 წილი სპირტი (90 გრადუსი) და გააჩერეთ 15 დღე, მიიღეთ დღეში 3-ჯერ 40 წვეთი.
აიღეთ 0,5 კგ მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და დაჩეჩქვეთ ხის ჩაქუჩით, დაასხით 100 მლ (1/2 ჩაის ჭიქა) წყალი, გააცხელეთ 40 გრადუსამდე და დაწნეხეთ წვენის გამოსაწურში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ეს ნაყენი კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ასაკოვანი ხალხის გულის კუნთის მუშაობაზე, იცავს გულს გადაღლილობისაგან.
ჰიპერტონული დაავადების, ვეგეტონევროზების, თავბრუსხვევის, ხუთვისა და კლიმაქსის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის მშრალი ნაყოფი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 სთ-ის განმავლობაში თბილ ადგილას (ჰაერღუმელში, ქურაზე). გაწურეთ. ნაყენი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ამავე დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის ნაყენი. 10 გ კუნელის მშრალ ნაყოფს დაასხით 100 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი და გააჩერეთ 10 დღე, გაფილტრეთ. მიიღეთ ნაყენის 30 წვეთი წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
კუნელის წვენის მისაღებად აიღეთ 1 კგ ნაყოფი, 500 გ შაქრის ფხვნილი, 1 ლ წყალი. გარეცხილ ნაყოფს დაასხით ცოტა წყალი და ხარშეთ 1-2 სთ-ის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, გახეხეთ საცერში, მიღებულ პიურეს დაუმატეთ შაქარი, წყალი, დადგით ისევ დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, გააცივეთ.

 

კულმუხო – Inula helenium – Девясил лекарственный

კულმუხო ხალხურ მედიცინაში მეტად პოპულარული მცენარეა, მას თითქმის ყველა დაავადების სამკურნალოდ ხმარობდნენ. კულმუხოს შესახებ ცნობები გხვდება ჯერ კიდევ ჰიპოკრატესთან. ძველ საბერძნეთსა და რომში მის ფესვებს იყენებდნენ არა მარტო სამკურნალოდ, არამედ საჭმელშიც. კულმუხოს დიდ ყურადღებას უთმობს ტიბეტის მედიცინაც.
კულმუხო განეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. იგი დიდი ზომის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა ხორციანია, მოკლე, რომლიდანაც ვითარდება მრავალრიცხოვანი საკმაოდ გრძელი მსხვილი ფესვი. გარედან ისინი მონაცრისფრო-მორუხოა, შიგნიდან კი – მოყვითალო-თეთრი, რუხი წერტილებით (რაც ეთერზეთის არსებობაზე მიუთითებს). ღერო ერთია ან რამდენიმე, სიმაღლით 1-1,5 მ და მეტი, ზევით მცირედ დატოტვილი. ფოთლები მორიგეობითია, მოგრძო-ოვალური, ყუნწიანი, ძალიან მსხვილი, წვეროსკენ ზემოთ თანდათან მცირდება, ზემოთა ფოთლები მჯდომარეა, მუქი მწვანე. ზედა მხრიდან უხეშბოჭკოვანი, ქვედა მხრიდან კი – მონაცრისფრო-მწვანე რბილი ბუსუსებით. კალათები დიდია, ოქროსფერ-მოყვითალო და ქმნიან მტევანს. კალათის საფარველი ნახევრადბურთისებრია, კრამიტისებრი, მრავალფოთლიანი, ფოთოლაკები გადმოღუნული, კვერცხისებრი, შებუსული. კიდურა ყვავილები ენისებრია, შუა – მილისებრი, ქოჩრით. ყვავილსაჯდომი – შიშველი. ყვავილობს ივლისიდან-სექტემბრამდე.
კულმუხოს ფშავში ლუხუმას, აჭარაში ანდუზას, კახეთში კურმუხოს ეძახიან.
კულმუხო ხარობს მდინარის ნაპირებზე, ნესტიან ველებში, ბუჩქებს შორის, ხშირად დანაგვიანებულ ადგილებში.
ნედლეულად იყენებენ ფესურებსა და ფესვებს. მათ აგროვებენ ყვავილობის მეორე წელიწადს შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. მიწიდან ამოთხრილ ფესურებსა და ფესვებს რეცხავენ ცივი წყლით. შრობის წინ ჭრიან მცირე ზომის ნაჭრებად.
კულმუხოს, ერთ დროს უსაფუძვლოდ დავიწყებულ სამკურნალო მცენარეს, კვლავ დიდ ყურადღებას აქცევენ.
კულმუხოს ფესურა და ფესვი შეიცავენ ეთერზეთს (1-3%), საპონინებს, ფისებს, ლორწოვან და მწარე ნივთიერებებს. ეთერზეთის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ალანტოლაქტონი იზოალანტოლაქტონის მინარევით.
კულმუხოს პრეპარატებს იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების: ტრაქეიტებისა და ბრონქიტების მკურნალობისას, როდესაც თან ახლავს დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა. ისინი კარგი საშუალებაა გასტროენერიტებისა და არაინფექციური წარმოშობის ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, ქალის სასქესო ორგანოების, ღვიძლის დაავადებისა და ბუასილის დროს.
ხველის დროს აიღეთ 10 გ (1 სუფრის კოვზი) წვრილად დაჭრილი კულმუხოს ფესურა და ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე თავდახურული, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 10-15 წთ. გააცივეთ, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე და დალიეთ თბილი სახით თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ნაყენი შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი კულმუხოს ფესურა და ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10-15 წთ, გააჩერეთ 4 სთ, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. გამოივლეთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისა და ღრძილების გაღიზიანების დროს.
Don`t copy text!