Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 391

მეჭეჭიანი ჭანჭყატი  – Evonymus Verrucosa Scop – Бересклет бородавчатый

ჭანჭყატისებრთა ოჯახში შედის. ორ მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია მოშაო-მონაცრისფერი მეჭეჭებით უხვად მოფენილი ყლორტებით. მოკლეყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებრი. კიდეებხერხკბილა, 15-20 მმ სიგრძისა და 5-8 მმ სიგანის ფოთლები ტოტებზე ერთიმეორის მოპირისპირედაა განლაგებული. მომწვანო-მურა ან მოყავისფრო-მოწითალო პატარა ყვავილები 3-9 ცალი ერთად შეკრებილია ნახევრად ქოლგისებრ თანაყვავილედში.
ნაყოფი ოთხბუდიანი ბლაგვწიბოებიანი, უფრო მომწიფებისას მოვარდისფრო კოლოფაა. თითოეულ ბუდეში 1-2 კრიალა შავი ფერის, ნახევრამდე წითელი ფერის საბურველშემოხვეული, კვერცხისებრი თესლი ზის.
ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფები აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. თესლი 1-1,5 წელიწადში ღვივდება. ნელმზარდი ბუჩქია. კულტურაში 4 წლის, ბუნებაში კი 8-11 წლის ასაკში იწყებს მსხმოიარობას. უხვი თესლმსხმოიარობა 2-3 წელიწადში ერთხელ მეორდება, მცირე მოსავალს კი ყოველწლიურად იძლევა. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყით და ძირკვის ამონაყრით.
ფართოდ გავრცელებული ბუჩქია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებში ქვეტყის სახით. კარგად იტანს დაჩრდილვას. უფრო ხშირად გვხვდება ბარისა და მთის შუა სარტყლის ტყეებში ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლემდე.
ფესვების ქერქი 8-10 პროცენტ, ზოგჯერ კი 35 პროცენტამდე გუტაპერჩს შეიცავს. სწორედ ამის წყალობით არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მნიშვნელოვან ნედლეულს წარმოადგენდა ამ ტექნიკური პროდუქტის მრეწველობისათვის. ფესვები დიდი რაოდენობით მზადდებოდა ბუნებაში და სპეციალური პლანტაციებიც იყო გაშენებული გუტაპერჩის ნედლეულის უფრო დიდი რაოდენობით დამზადებისათვის.
ერთი ჰექტრიდან 0,44-4,3 კგ ხმელ ქერქს აგროვებდნენ, გუტაპერჩს ჭანჭყატის ღეროს ქერქი და ფოთლებიც შეიცავს. ქერქის დამზადებისას მერქანსაც იყენებდნენ მაქოების, მუსიკალური ხელსაწყოების, საქსოვი ჩხირების, სავარცხლების და სხვა წვრილმანი ნაკეთობებისათვის.
ნაყოფების ბუდეებისაგან მიიღება ყვითელი და ყავისფერი საღებავები.
მრეწველობისათვის გუტაპერჩის წყაროს წარმოადგენდა აგრეთვე კიდობანა Evonymis europea L. რომლის თესლიდან გამოყოფილია საგულე საშუალებად გამოყენებული გლიკოზიდები.
წინათ კიდობანას ნაყოფის ფხვნილით ხოცავდნენ სახლის ბუზებსა და მწერებს, მკურნალობდნენ მუნს (ბღერს).

მდგნალი  – Salix Caprea L – Ива козья, бредина

ტირიფისებრთა ოჯახში შედის. მდგნალი საქართველოს სხვადასხვა მხარეში ნაირგვარი სახელწოდებითაა ცნობილი. კახურად – ბატიჭუკა, მთიულურად და ხევსურულად დგნალი და დგნარი, ფშავურად – ფოხვი, აჭარულად – ციცალა, რაჭულად – ძენწნა, მეგრულად – ტუჯვარი, სვანურად – ბაგვრა და სხვა.
მდგნალი 15 მეტრამდე სიმაღლის ხეა ან მაღალი ბუჩქი. სუსტად შებუსვილი ყლორტები მომწვანო-მონაცრისფროკანიანია. უფრო ხანდაზმული ტოტების ქერქი მურა ან რუხი ფერისაა. კვერცხისებრი ან ელიფსური, 11-12 სმ სიგრძისა და 5-8 სმ სიგანის, კიდეებდაკბილული, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან ბუსუსიანი და ნაცრისფერი, წვერმობრეცილი, თირკმლისებრი წყვილი ფოთოლთანით, ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
მდგნალი ერთბინიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით, რომელნიც მჭადა თანაყვავილედებადაა შეკრებილი. მამრობითი მჭადა მჯდომარეა, ძირში პატარა ფოთლებით, მოხაზულობით კვერცხისებრი, 4 სმ-დე სიგრძისა და 2 სმ-დე დიამეტრის. მდედრობითი მჭადა ცილინდრულია 2 სმ-დე სიგრძის, მოკლე ყუნწით, რომლის ძირშიც ყვავილიანი ქერქლებია განვითარებული.
მამრობითი მჭადა ყვითელია, მდედრობითი კი მოთეთრო. ადრე მოყვავილე მცენარეა. ყვავის ფოთლების გაშლამდე მარტ-აპრილში. ახასიათებს ძალიან უხვი თესლმსხმოიარობა. თესლი მაისში მწიფდება. მრავლდება თესლით და ძირკვები უხვ ამონაყარს იძლევა.
მდგნალს მოწითალოგულიანი მერქანი ახასიათებს, მოთეთრო ცილით. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ მდგნალის რბილი და მსუბუქი, გულიანი მერქანი ლპობისადმი დიდი წინაღობის თვისებით გამოირჩევა. ეს თვისება ხალხმა ძალიან კარგად იცის. ამიტომაა, რომ რაჭაში, აჭარაში, ზემო ქართლსა და ბევრ სხვა მხარეში მოსახლეობა დიდ უპირატესობას აძლევს მდგნალის ბოძებსა და ჭიგოებს. მდგნალის ბოძის მიწაში ჩაფლული ნაწილი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაშიაც კი არ ლპება.

მდგნალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია “ტირიფის ქერქის” სამრეწველო მიზნებით დამზადების თვალსაზრისით. მისგან პირველხარისხოვან მთრიმლავ ექსტრაქტს იღებენ, რომელსაც საუკეთესო ხარისხის ტყავების გასათრიმლავად და შესაღებად იყენებენ. ტანინის შემცველობა მდგნალის ქერქში საშუალოდ 16,5 პროცენტს შეადგენს, მაგრამ მთელ რიგ ადგილებში იგი 21 პროცენტზე მეტია.
მდგნალის მამრობითი მჭადა ყვავილედების სპირტზე 10 პროცენტიანი ნაყენის გავლენა გულზე ისეთივეა, როგორიც ფუტკარას მოქმედება.
მწვანე ნეკერს (ყლორტები ფოთლებით), რომელიც 200 მგ პროცენტ ვიტამინ ??-ს შეიცავს, ამზადებენ საქონლის საკვებად. ნეკერს ზამთარში განსაკუთრებით ეტანება ცხვარი, თხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. ეს ფაქტი იმითაა საინტერესო, რომ ზამთარში საქონელს ვიტამინინი საკვები აქვს მდგნალის მწვანე ნეკერის სახით, რაც წველადობას თვალსაჩინოდ ზრდის.
ქართული ხალხური მედიცინა მდგნალის ფოთოლს თირკმლების დაავადების სამკურნალოდ იყენებს.

 

მაჯაღვერი ჩვეულებრივი – Daphne Mezereum L – Волчеягодник обыкновенный

მაჯაღვერისებრთა ოჯახში შედის. ერთ მეტრამდე სიმაღლის ელასტიური ღერო-ტოტებიანი, მოყვითალო ნაცრისფერქერქიანი, მუქწერტილებიანი ბუჩქია.
წაგრძელებული ლანცეტა ფორმის, ბლაგვი ან ბოლოწვეტიანი, ზედა მხრიდან მბრწყინავი, ქვემოდან ბაცი ფოთლები უმეტესწილად ტოტების ბოლოებზე მორიგეობითაა განლაგებული.
მოვარდისფრო-სურნელოვანი ორსქესიანი ყვავილები, 3-5 ცალიან ჯგუფებად ზის ტოტების ქვედა შეუფოთლავ ნაწილში. ნაყოფი მომრგვალო კვერცხისებრი, ერთთესლიანი, წითელი, წვნიანი და კურკიანია.
მაჯაღვერის ყველა სახეობის ნედლ ქერქსა და მერქანს არასასიამოვნო სპეციფიური სუნი ახასიათებს, დიდი ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეა, გვხვდება დარიდან დაწყებული სუბალპური ტყეების ჩათვლით.
მთელი მცენარე, განსაკუთრებით კი ნაყოფები მწვავე შხამიან წვენს შეიცავს. იშვიათად, მაგრამ მშობლების მხრივ გაუფრთხილებლობის გამო არის ბავშვების მოწამვლის შემთხვევები მაჯაღვერის ნაყოფების შეჭმის შედეგად.
მაჯაღვერის ქერქის ხელზე ხანგრძლივი შეხებისას კანის დასუსხვა და ბუშტუკების დაყრა ხდება.
მაჯაღვერის ყველა ნაწილებში ნაპოვნია მუქი-მოყვითალო ფისი მეზერინი. გარდა ამისა, ქერქი შეიცავს გლიკოზიდ დაფნინს, კუმარინს (უმბელიფერონი), გუმფისს, საღებავ ნივთიერებებს. ნაყოფი შეიცავს ცხიმებსა და ეთერზეთს, დაფნინისმაგვარ ნივთიერებას, ცილოვან და საღებავ ნივთიერებებსა და სხვ.
ჰომეოპათიურ და ხალხურ მედიცინაში მაჯაღვერი გამოიყენება, როგორც კანის გაღიზიანების და დაჩირქების საწინააღმდეგო საშუალება, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ნევრალგიის, სიმსივნის, ჩირქგროვების, სიყვითლისა და სახსრების ტკივილის საწინააღმდეგოდ.
ზოგჯერ მწიფე ახლად შეგროვილ ან გამხმარ ნაყოფს დღეში თითო ცალს იღებენ უმადობის, დაღლილობის, ათეროსკლეროზის, ხოლო ქერქის ნაყენს კი კუჭის დაავადებების დროს. ამ მცენარეს იყენებენ აგრეთვე ფაღარათიანობის და ციებ-ცხელების, ხველის და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ, აგრეთვე სიყვითლის და დიზენტერიის სამკურნალოდ.
ნაყოფს იყენებენ აგრეთვე თრომბოფლებიტის ზოგი ფორმის მკურნალობისათვის, ძაღლებში პარაზიტი ჭიების დასაყრელად ნაყოფები გამოიყენება, ხოლო ნაყოფებისა და ქერქის ნაყენი გამოიყენება, როგორც ინსექტიციდური (მწერების საწინააღმდეგო) საშუალება, ქერქს საღებავადაც იყენებენ.
ძლიერი ტოქსიკურობის გამო მაჯაღვერის პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის გამოწერითა და მისი ზედამხედველობითაა დასაშვები. გამხმარი ქერქის სპირტზე ნაყენს გარეგან შესაზელად ხმარობენ დამბლის დროს.

 

 

მაყვალი – Rubus caesius – Ежевика сизая

მაყვალი ბუჩქოვანი (ან ნახევარბუჩქოვანი) მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან, რკალისებურად მოხრილი ეკლიანი ყლორტებით, რომელთა სიგრძე 1,5 მ-მდეა. ყლორტები ორი სახისაა – ერთწლიანი – ვეგეტატიური და ორწლიანი–გახევებული, რომლებსაც ფოთლების გარდა აქვს ყვავილები და ნაყოფსაც იძლევა, ფოთლები მორიგეობითია, სამჯერადნაკვთული თანაფოთლებით. ყვავილები დიდი აქვს, დაახლოებით 3 სმ-მდე დიამეტრით, ფარისებურად შეკრებილი ყვავილედი, ორწლიანი ტოტების ფოთლის უბეებშია მოთავსებული. ყვავილებს ჯამის 5 მწვანე ფოთოლი, გვირგვინის 5 თეთრი ფურცელი, მრავალრიცხოვანი მტვრიანა და ზედანასკვიანი ბუტკოები აქვს. ნაყოფი შედგენილია მრავალკურკიანი ცალკეული მარცვლებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან და ყვავილსაჯდომზე ძირებითაა მიხორცებული, შავი ფერისაა, ნაცარა ნაფიფქით.
მაყვალი ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე, ნაყოფი მწიფდება ივლის-ოქტომბერში.
საქართველოში გავრცელებულია ტყის პირებზე, მდელოებზე, ბუჩქნარებში, გზის, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე. არსებობს მაყვლის მრავალი სახეობა. ყოველი მათგანი საკვებად ვარგისია. ყირიმში საბოსტნე ნაკვეთებში ამრავლებენ კულტურული მაყვლის ჩრდილოამერიკული სახეობის ჰიბრიდს.
სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. მაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზას და ფრუქტოზას), 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), სათრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი. ფოთლები შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით ეთერზეთს; ფესვების შემადგენლობა საკმარისად არაა შესწავლილი.
ნაყოფს აგროვებენ მისი სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში, შემდეგ აშრობენ 30-40 გრადუს ტემპერატურაზე. შრობის ბოლო ტემპერატურა 60 გრადუსია. მაყვალს იყენებენ როგორც სადესერტო, დიეტურ საკვებს. მისგან ამზადებენ წვენებს, ვაჟინს, მურაბას, კომპოტს, ჯემს, მარმელადს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს.
მაყვლის ფოთლებს აგროვებენ ზაფხულობით მათი სრული განვითარების პერიოდში. აშრობენ ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში.
ფესვებს თხრიან გვიან შემოდგომით, ასუფთავებენ, ჭრიან და კარგად აშრობენ.
მაყვლის ფოთლებისაგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. იმისათვის რომ მიიღოთ ჩაის სუროგატი, ახალი ფოთლები მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში და მოახდინეთ მისი ფერმენტაცია. ფოთლები დაჭკნება და გაშავდება, რის შემდეგ გააშრეთ ჰაერზე, თხელ ფენად გაშლილი.

მაყვლის მწიფე ნაყოფი და წვენი გამოიყენება წყურვილის მოსაკლავად, ციებისა და მაღალი ტემპერატურის დროს. მწიფე ნაყოფი გამოიყენება როგორც საღაფარათო საშუალება კუჭში შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე – როგორც შემკვრელი.
ნედლი ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ითვლება გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.
ადრე, გამომშრალი ნაყოფის ნაყენები და ნახარშები გამოიყენებოდა როგორც ოფლსადენი და შარდსადენი საშუალება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი მოქმედება გააჩნია ფოთლების ნახარშსაც, რომელსაც იყენებენ გაცივების დროს.
ნაყენი ასე შეიძლება მომზადდეს: 1 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭქა) მდუღარე წყალი, გაჩერეთ 4 საათი, მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 20-30 წუთით ადრე.
ხალხურ მედიცინაში ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს, როგორც ამოსახველებელ საშუალებას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის დროს გამოსავლებად. ფოთლების ნახარშის საფენებს იყენებენ სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.
მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში. კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ გამოიყენება აგრეთვე ფოთლებისაგან მომზადებული ფხვნილები.
ბულგარელი მედიკოსების ცნობით ფოთლების ნაყენს უფრო უკეთესი თვისება აქვს ვიდრე ნახარშს. მათივე მონაცემებით მაყვლის გამომშრალი ფესვების ნახარში შესანიშნავი შემკვრელი საშუალებაა. ფესვების ნახარშის მოსამზადებლად 20 გრ გამომშრალი ფესვები 500 მლ წყალში ადუღეთ 2-3 წუთი.
ხალხურ მედიცინაში ასევე იყენებენ სამკურნალო მაყვლის ნაყოფისაგან დაყენებულ დამტკბარ გამთბარ ღვინოს გაცივების, გრიპის, ხველების, ტრაქეიტების, ბრონქიტების, ანგინის დროს.
ბულგარელები გვთავაზობენ შემდეგ რეცეპტებს: ორი სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი საათი. გადაწურეთ ნაყენი და დალიეთ პატარა ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში ჭამის წინ. ფესვებსაც ასეთივე სახით გამოიყენებენ, თუმც კი უმჯობესია შემდეგი წესით მომზადებული ნახარში: 2 სუფრის კოვზ ფოთლებს დაასხით წყალი და გააჩერეთ 12 სთ (მთელი ღამე), შემდეგ ხარშეთ 3 წუთი, გააცივეთ 5 წუთი. დალიეთ 3-ჯერ დღეში 150 მლ უზმოზე.

მატიტელა ჩვეულებრივი – Polygonum aviculare – Горец птичий

ჩვეულებრივი მატიტელა განეკუთვნება მატიტელასებრთა ოჯახს. იგი ერთწლიანი პატარა მცენარეა წვრილი ფესვებით და დატოტვილი, მიწაზე გართხმული ღეროთი. სხვა მცენარეებს შორის ზრდის დროს მისი ღერო შესაძლებელია იყოს სწორმდგომი, 30-35 სმ სიმაღლის. ღერო მრავალმუხლიანია, როგორც ამ გვარის სხვა წარმომადგენლებისა, მაგრამ ბოსტნის წალიკასაგან განსხვავებით მოთეთროა, სიფრიფანა, განკვეთილი ფოთლები მორიგეობითია, პატარა, მთლიანკიდიანი, ოვალური ბლაგვი წვერით. ყვავილები წვრილია, შეუმჩნეველი, სხედან 1-5 ცალი ფოთლების უბეებში და არ ქმნიან ყვავილედებს. ნაყოფი – მუქი ნაცრისფერი კაკლურაა და მოთავსებულია ყვავილსაფარში. ყვავის მთელი ზაფხულის განმავლობაში.
ქართლში მას მამალ მატიტელას ეძახიან, ბორჯომის რაიონში – ჩიტიპურას, თუშეთში – ჭიმჭიკს, რაჭა-ლეჩხუმში – თიათეთრას.

ჩვეულებრივი მატიტელა ფართოდ გავრცელებული სარეველაა. გვხვდება გზის პირებში, ეზოებში, დანაგვიანებულ ადგილებში და არ ეშინია ფეხით დატკეპნისა.
აგროვებენ მთელ მცენარეს, ფესვის გარეშე, ყვავილობის დროს. ნედლეულის შენახვის ვადა 3 წელია. მის შემადგენლობაში აღმოჩენილია ფლავონოიდური გლიკოზიდი, ხსნადი სილიციუმმჟავა, სათრიმლავი ნივთიერებები (3-4%).
მატიტელა ხელს უწყობს დიურეზს, გამოაქვს შარდთან ერთად ნატრიუმისა და ქლორის ჭარბი იონები, ხელს უშლის შარდის ბუშტში კენჭების წარმოშობას, რაც დაკავშირებულია მასში სილიციუმმჟავას ხსნადი შენაერთების არსებობით.
მატიტელას ბალახსა და ნარევებს, რომლებშიც მატიტელა ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, იყენებენ შარდსადენი მილების ქრონიკული დაავადებების, თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის შესუსტების და შარდში დიდი რაოდენობით მინერალური მარილების, განსაკუთრებით მჟაუნმჟავას მარილების არსებობის დროს. როგორც დამატებით საშუალებას უნიშნავენ ავადმყოფს შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიების, შარდის ბუშტის ოპერაციისა და კანის დაავადებების (ძირმაგარა, ფერიმჭამელა, ზოგიერთი დერმატიტი) დროს.
მცენარეს იყენებენ აგრეთვე ღვიძლის ფუნქციონალური უკმარისობისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური პროდუქტების გამოსაყოფად. აგრეთვე, როგორც ანტისეპტიკურ, სპაზმოლიტურ, ტკივილგამაყუჩებელ, ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ამოსახველებელ, ჭიის საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.
მატიტელას ხმარობენ გაცივებით გამოწვეული ავადმყოფობების, ბრონქიტების, პნევმონიის, პლევრიტის, ბრონქული ასთმისა და ფილტვების ტუბერკულოზის დროს. მის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საშვილოსნოს ატონიით გამოწვეული სისხლის დენისა და ბუასილის დროს.
მატიტელას გამოყენება არ შეიძლება თირკმელებისა და შარდის ბუშტის მწვავე ანთებების დროს.
სასუნქი ორგანოების დაავადების, ფილტვების ტუბერკულოზისა და ყივანახველის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მატიტელა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ თავდახურული 15 წთ-ის განმავლობაში წყლის აბაზანაში. გააცივეთ 1-2 სთ, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თთო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისა და დიზენტერიის დროს 1 სუფრის კოვზი მატიტელა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული, 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (0,5 ლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

მარწყვაბალახა – Potentilla tormentilla Neck – Лапчатка прямостоячая

მარწყვაბალახა ხალხურ მედიცინაში კარგად ცნობილი მცენარეა. მან სახელწოდება მიიღო სიტყვებისაგან tormind (ასე უწოდებენ შუა საუკუნეებში დიზენტერიას, რომლის საწინააღმდეგოდაც იყენებდნენ მცენარეს) და potentilla “ძალა”.
მარწყვაბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა გორგლისებრია ან მოკლეცილინდრული. ღერო სწორმდგომია ან ამართებადი, წვრილი; ზემოთა ნაწილში დატოტვილი. ღეროს ფოთლები მჯდომარეა, სამყურა, ორი მსხვილი თანაფოთლით. ფოთოლაკები ლანცეტისებრია ან მოგრძო-სოლისებრი. მსხვილ-ხერხკბილა ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ყვავილობის დროს უკვე დამჭკნარია. ყვავილები სწორია, მარტოული, სხედან წვრილ გრძელ ყუნწებზე. ჯამი ორმაგია, 4 გარეთა და 4 შიდა ერთმანეთის მონაცვლე ფოთლით. გვირგვინი ოთხფურცლიანია, რითაც განსხვავდება დანარჩენი სახეობის მარწყვაბალახებისაგან, რომელთაც აქვთ გვირგვინის 5 ფურცელი. ფურცლები ოქროსფერ-მოყვითალოა, ფუძესთან წრიული ლაქებით. მტვრიანა ბევრი აქვს, ნაყოფი მშრალია.
მარწყვაბალახა გვხვდება წიწვოვან და წიწვოვან-წვრილფოთლოვან ტყეებში, მდებლოებში და ტყის პირებში, მდინარის ნაპირის გასწვრივ, ბუჩქნარებში, შოთხვსა და ტირიფთან ერთად. ნესტიან ადგილებში ვითარდება უფრო მსხვილი ფესურებით.
ფესურას აგროვებენ შემოდგომით, აცლიან წვრილ ფესვებს, რეცხავენ და აშრობენ. გამშრალი ფესურები მაგარია და მძიმე, მაგრამ მათი დანაყვა ადვილია. გარედან მუქი-რუხია, გადატეხის ადგილას მუქი წითელი ან მოწითალო-წაბლისფერი. გემო ძალიან მწკლარტე აქვს. შეიცავს 15-30% სათრიმლავ ნივთიერებებს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ფლავონოიდები, გლიკოზიდი ტორმენტილინი, ქინაქინის მჟავა, ფისები, ეთერზეთის კვალი.


მარწყვაბალახას იყენებენ როგორც შემკვრელ, სისხლდენის შემაჩერებელ და ბაქტერიოციდულ საშუალებას. გარედან – ყელში გამოსავლებად და საფენებად, შინაგანად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის დროს.
ამ დროს იყენებენ ნახარშს ან ნაყენს.
ნახარშის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი მსხვილად დანაყილი ფესურა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ ნახევარი საათით ადრე ჭამის წინ.
მარწყვაბალახა შედის რთული ნაკრებების შემადგენლობაში.

მარიამსაკმელა  – Peganum Harmala L – Гармала обыкновенная (могильник)

ორყურასებრთა ოჯახის მრავალღეროიანი, 20-70 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. მოკლეყუნწიანი ძირამდე სამად გაყოფილი და თითოეული მათგანი კვლავ 2-3 ხაზურა ნაკვთიანი ფოთლები დატოტვილ ღეროებზე მორიგეობითაა განლაგებული, რომელთა ძირშიაც სადგისისებრი თანაფოთლები ზის.
მთავარღერძიანი ფესვი სიგრძით ორ მეტრამდეა. შედარებით დიდი ზომის თეთრი ან მკრთალი ყვითელი ფერის ყვავილები ტოტების ბოლოებზე, ბუჩქის ზედა ნაწილშია გაბნეული, ჯამის ფოთლები (რომლებიც ნაყოფობის დროს ზედვე რჩება), თითქმის, ძირამდე ხუთადაა გაყოფილი წვეტიან ნაკვეთებად. ყვავილის გვირგვინის ელიფსური ფორმის ფურცლებიც ხუთია.
ნაყოფი ზემოდან ოდნავ შეჭყლეტილი, 6-10 მმ დიამეტრის ბურთისებრი სამბუდიანი და სამსაგდულიანი კოლოფაა. სამწახნაგოვანი ან პირამიდული თესლი მრავალრიცხოვანია.
იზრდება უმთავრესად ნათელი ტყის ზონისა და მთის შუა სარტყლის (1200 მ) ღია მშრალ ადგილებში, დასახლებული პუნქტების მახლობლად, განსაკუთრებით ხშირია ძოვებით გადატვირთულ ველებზე. გხვდება აჭარაში, იმერეთში, ქართლში, ქიზიყში, გარდაბანში, კახეთში და მესხეთში. განსაკუთრებით ბევრია ასპინძის რაიონში ავტოტრასის მიმდებარე მშრალ ველებზე.
მედიცინაში ძირითადად თესლები გამოიყენება ჰარმინის მისაღებად. ზოგჯერ კი – ფესვებიც. ალკალოიდი ჰარმინი გამოიყენება ექსტრაპირამიდული სისტემისა და ეპიდემიური ენცეფალიტის შედეგების სამკურნალოდ, აგრეთვე პარკინსონიზმის და მთრთოლვარე (მოცახცახე) დამბლის დროს. მისი ზემოქმედებით ავადმყოფებს უუმჯობესდებათ ნებისმიერი მოძრაობები, რომლებიც უფრო სწრაფი და თავისუფალი ხდება. ექსპერიმენტებში ჰარმინი ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებას ახდენს.
განსაკუთრებით მოქმედებს ტვინის ქერქის მამოძრავებელ ცენტრებზე, დაბლა სწევს წნევას, აუმჯობესებს სუნთქვას, ადუნებს კუჭნაწლავის, საშვილოსნოსა და გულის კუნთებს, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს. დიდი დოზა იწვევს კრუნჩხვებს.

მარიამსაკმელას თესლს აქვს ოფლმდენი, შარდმომგვრელი და ჭიის დამდენი თვისებები. ძველად ბერძნები თვალის დაავადების სამკურნალოდაც იყენებდნენ. მას აქვს მათრობელი და ძილისმომგვრელი თვისებაც. თურქეთში თესლების ნაყენს მსუბუქად შემაზარხოშებელი (დამათრობელი) სასმელების მოსამზადებლად იყენებდნენ. თესლი 14-16 %-მდე ზეთს შეიცავს, რომელიც სამღებრო საქმეთა და განათებისთვის იხმარებოდა.
თესლს აგრეთვე გაუხუნებელ წითელფრად შეღებვისათვის იყენებდნენ საფეიქრო წარმოებაში. მისგან თურქეთსა და ყირიმში წითელ მელანსაც ამზადებდნენ.
მარიამსაკმელა ოდითგანვე ცნობილი შხამიანი მცენარეა, თესლში ალკალოიდების რაოდენობა 5%-მდე აღწევს, რომელთა ერთი მესამედიც ჰარმინზე მოდის, მასვე შეიცავს ფესვებიც.
ფოთლებსა და ღეროში არსებული ალკალოიდი პეგანინი ნერვული დაავადებების: მიოპათიისა და მიასთენიის სამკურნალოდ, აგრეთვე საფაღარათო საშუალებად გამოიყენება.
ხალხური მედიცინა მარიამსაკმელას უფრო ფართოდ იყენებს. ბალახის ნაყენით წარმატებით მკურნალობენ საქონლის, განსაკუთრებით აქლემების მუნს.
მცენარეს ინსექტიციდური თვისებები გააჩნია და წარმატებით იყენებენ სასოფლო სამეურნეო კულტურების მავნე მწერების წინააღმდეგ.
ძლიერი ტოქსიკურობის გამო მარიამსაკმელის სამკურნალოდ გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის რჩევით დაიშვება.

 

მაჟალო  – Malus Orientalis Uglitz – Дикая яблоня

ვარდისებრთა ოჯახში შედის. დაბალი, 10 მეტრამდე სიმაღლის ხეა, ყლორტები არც თუ იშვიათად ეკლებიანია. ტოტები გლუვი ნაცრისფერქერქიანია, ერთწლიან ყლორტებზე კი კანი მოყავისფროა. ქერქი ღეროზე მუქი ნაცრისფერია, საკმაოდ ღრმად დახეთქილი, უფრო ხშირად ღეროს ქვედა ნაწილში, 5-6 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სიგანის ელიფსური, ან მომრგვალო, წვერში წამახული და კიდეხერხკბილა, ახალგაზრდობაში ძლიერ შებუსვილი (განსაკუთრებით ქვემოდან), ხანდაზმულობაში შიშველი, ზემოდან პრიალა ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
ყვავილები დამოკლებულ ტოტებზე ფარისებრ ჯგუფებადაა შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო გვირგვინის ფურცლებით.
ცრუ ნაყოფი 3-5 სმ სიმსხოსია, მრგვალი ან კვერცხისებრი, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ყვავილობს მაისს-ივნისში.
მრავლდება თესლით, ძირკვი იძლევა ამონაყარს. უფრო ხშირად მთის შუა და ქვედა სარტყლებშია გავრცელებული. ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლეზე. გვხვდება როგორც ტყისპირებსა და ღია ადგილებში, ასევე წიფლისა და სხვა ფორმაციის კორომებში შენარევის სახის. მართალია გარკვეულწილად სიგრილეს იტანს, მაგრამ ნორმალურად ტენით უზრუნველყოფილ კარგად დრენირებულ ნოყიერ ნიადაგებზე იზრდება. სინათლის მომთხოვნი მცენარეა.
ნაყოფი 16 პროცენტ შაქრებს (ფრუქტოზას, გლუკოზას და საქაროზას), 2,4 პროცენტამდე ვაშლის, ლიმონის და სხვა მჟავებს, 3 პროცენტზე მეტ პექტინებს C, B1, D2 ვიტამინებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა მარილებს შეიცავს. მაჟალოს ნაყოფი დიდი რაოდენობით მიდის ღვინის დასამზადებლად, მისგანვე კეთდება ნაირგვარი წვენები, სიროფი, ესენცია, ბურახი, მურაბა და ხილფაფა. საუცხოო მასალაა მარმელადის, ტყლაპის და სხვა ტკბილეულისათვის. მაჟალოსგან კეთდება კისელი და კომპოტი.
სამკურნალოდ მაჟალოს ნაყოფი გამოიყენება. ამ მიზნით საერთოდ უპირატესობას ვაშლის კულტურულ ჯიშებს ანიჭებენ.
ნედლ მაჟალოს გააჩნია ორგანიზმის მომმაგრებელი თვისება და ამის გამო დიეტურ საშუალებად ითვლება, ფართოდ გამოიყენება ავიტამინოზისა და კუჭაშლილობის დროს, ნაყენი კი – სისხლნაკლოვანების დროს.
მაჟალოსაგან დამზადებული პრეპარატები მეცნიერულ მედიცინაში გამოიყენება სისხლმბადი ორგანოების მუშაობის გასაუმჯობესებლად (ანემიები) და იგი შედის მცირე ხასიათის გარეგანი სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებათა შემადგენლობაში.

 

მაგნოლია – Magnolia grandiflora – Магнолия

 

მაგნოლია მსხვილყვავილებიანი მარადმწვნე ხეა მაგნოლიისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 30 მ-მდე, პირამიდული ვარჯით. ღერო სწორია, დიამეტრით 1-1,5 მ, გლუვი. ნაცრისფერი ან ღია რუხი ფერის ქერქით. როგორც ახალგაზრდა ღერები, ასევე ყვავილისა და ფოთლის ყუნწები დაფარულია მორუხო ხავერდისებური ბუსუსებით. ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი, ტყავისებური, მოგრძო ან უკუკვერცხისებრი, სიგრძით 10-25 სმ, სიგანით 4-12 სმ, ზემოდან გლუვი, პრიალა, მუქი მწვანე, ქვემოდან მორუხო-ყავისფერი, ბუსუსებით. ფოთლების ყუნწები სქელია, სიგრძით 3-5 სმ. ყვავილები მსხვილი აქვს დიამეტრით 10-12 სმ, ძლიერ არომატული, თასისებრია, განლაგებულია ტოტის ბოლოზე თითო-თითოდ. უბრალო ყვავილსაფარი გვირგვინისებრია, შედგება 6-12 ფოთლაკისაგან რომელიც რძისფერი-თეთრი ან ნაღებისფერია. ნაყოფი გირჩისებრი, ელიფსური, მრავალფოთლურაა სიგრძით 8-12 სმ.
ყვავილობს აპრილიდან-ოქტომბრამდე, თესლი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.
საქართველოში მაგნოლია გავრცელებულია შავი ზღვისპირა ზოლში.
მაგნოლიის ფოთლების დამზადება ხდება მთელი ყვავილობის პერიოდში. ფესვიდან ჭრიან ყლორტებს ისე, რომ ძირითადი ვარჯის ტოტები შეინარჩუნონ, შემდეგ გლეჯენ ფოთლებს, აშრობენ ჩრდილში, ან საშრობებში, ღუმელებში, არაუმეტეს 60 გრადუსისა. გამშრალი ფოთლები უნდა შეინახოთ მშრალ, კარგად განიავებად ადგილებში. შენახვის ვადა 4 წელია.
მაგნოლიის ფოთლები შეიცავენ ალკალოიდებს, რუტინს და სხვა ფლავონოიდებს. სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებებს შეიცავენ აგრეთვე მაგნოლიის ქერქი, თესლი და ფესვები.
მაგნოლიის თხევადი ექსტრაქტი წნევის დამწევი საშუალებაა, ამცირებს გულისცემას, ტკივილს გულის არეში. განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადების ადრეულ სტადიაში. მკურნალობის კურსი 3-4 კვირიანია (20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში).

ლიკოპოდიუმი – Lycopodium Clavatum L – Плаун булавовидный

ლოკოპოდიუმისებრთა ოჯახში შედის. ფრიად თავისებური გარეგნობის მცენარეა. მას ახასიათებს წვრილი და გრძელი ღეროები, რომელთაც ბანჯგვლიანი შესახედაობა აქვთ მრავალრიცხოვანი წვრილი და ხშირი ფოთლების გამო. ღერო მიწაზეა გართხმული თავისი მოკლე ტოტებითურთ, რომელიც გრძელ მწვანე თოკს მოგვაგონებს. ზოგჯერ მისი სიგრძე რამოდენიმე მეტრამდე აღწევს. ერთის შეხედვით მთელი ეს მწვანე “თოკი” მიწაზე თავისუფლად დევს, მაგრამ თუ ხელის შეხებით ავწევთ, მაშინვე დავრწმუნდებით, რომ ღერო თავისუფლად კი არ დევს მიწაზე, არამედ ალაგ-ალაგ მიწაზეა მიმაგრებული თავისი ფესვებით. მარადმწვანე მცენარეა, ერთნაირად ხასხასა მწვანე როგორც ნედლ, ასევე ხმელ მდგომარეობაშიც, ამიტომაც ხალისით იყენებენ ყვავილწნულებისათვის (გირლიანდებისათვის).
ღეროს აქა-იქ ამოუდის განსაკუთრებული მოგრძო ტოტები, რომელიც ვიწრო ცლინდრული თავთავისებრი წარმონაქმნით მთავრდება, თითოეულ ტოტზე მათი რაოდენობა 2-5 ცალის ფარგლებში მერყეობს, ამ თავთავებში უამრავი სპორები მწიფდება და ზაფხულის ბოლოს ყვითელი მტვრის სახით გამოიბნევა ხოლმე.
სპორები ძალიან ადვილად აალებად მასალას წარმოადგენს. თითქმის თოფისწამლისებურად აალებადია. ანთებულ ასანთზე სპორების დაყრით უცბად მიიღება კაშკაშა საკამაოდ მაღალი ალი, ეს თვისება გამოყენებულია მეტალურგიაში ფრიად გლუვზედაპირანი სხმულის მისაღებად. ყალიბს, რომელშიც მეტალი უნდა ჩამოისხას, კედლებზე და ფსკერზე ლიკოპოდიუმის სპორებს აფრქვევენ. გამდნარი მეტალის შეხებისთანავე სპორები ფეთქდება და იწვის, ამ დროს ყალიბის კედლებსა და მეტალს შორის წამის მერამდენიმე ნაწილში ჰაერის შრე ჩნდება იმ გაზებისაგან, რომელიც სპორების წვის პროცესში გამოიყო, რაც მეტალს ყალიბის კედელზე მიკვრის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ გაციების შემდეგ ფრიად გლუვია და ყალიბიდან ადვილად ამოდის.
ამ მცენარის ფოთლები მოყვანილობით ხაზურია, 1-2 სმ სიგრძის წვერზე წვრილი თეთრი წვეტით. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში ალპურ მდელოებამდე წიწვოვან ტყეებში, ტყეთაშორის ველებზე, მდელოებზე, გვხვდება ფოთლოვან ტყეებსა და ბუჩქნარებშიც. ღეროები ქსოვილებს ლურჯ ფერად ღებავს.
ლიკოპოდიუმის სპორებს ბავშვთა პრაქტიკაში იყენებენ პუდრის სახით კანის ანთებად და გამონაყარ კერებზე შესაფრქვევად.
ხალხური მედიცინა ლიკოპოდიუმის სპორებს და თვით ბალახსაც იყენებს, როგორც გამხსნელ და შარდმდენ საშუალებას თირკმლების საშარდე ბუშტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სასუნთქი გზების დაავადების დროს, სვამენ თითო სუფრის კოვზ ნახარშს ყოველ სათში (1 სუფრის კოვზი სპორები ან 10 გ ლიკოპოდიუმის ბალახი 1 ჭიქა წყალზე). ზოგჯერ სპორებს აყრიან ჭრილობაზე, ბალახის ნაყენით მკურნალობენ გრიპის და ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევაშიც.
ლიკოპოდიუმის სპორების ნახარშს სვამენ საშარდე ბუშტის არეში ტკივილების, მისი მწვავე ანთების, თირკმლისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, აგრეთვე საშარდე ბუშტის სპაზმების დროს. იღებენ 2 სუფრის კოვზ სპორებს 2 ჭიქა ცივ წყალზე, ადუღებენ 15 წუთს, დუღილის დროს ხშირად ურევენ კოვზით. სვამენ თითო სუფრის კოვზს სპორებთან ერთად ყოველ საათში ერთხელ. სპორების უქონლობის შემთხვევაში სვამენ ლიკოპოდიუმის ბალახიან ნახარშს 20-30 გრამს (ერთი სირჩა) რაოდენობით ყოველ საათში ერთხელ (30-40 გ. ბალახი 1 ლ წყალზე). პატარა ჭრილობებდსან სისხლდენის შესაწყვეტად ლიკოპოდიუმის სპორებს იყრიან ჭრილობაზე.

ლოკოპოდიუმის ბალახი რეკომენდებულია როგორც ტკივილიგამაყუჩებელი და დამაწყნარებელი საშუალება რევმატული, ნერვული დაავადებების, თირკმლების და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციების დარღვევის, აგრეთვე ჭვლების დროს. უნიშნავენ წყალზე ნაყენს: 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ბალახი 12 ჭიქა მღუღარე წყალზე (ერთი დღის დოზა). სპორებს სველ ეგზემურ კერებზეც აყრიან.
აქ დახასიათებული ლიკოპოდიუმის შემცვლელად გამოიყენება Lycopodium Annotihum L.-იც, რომელიც ჩვენში უფრო ფართოდაა გავრცელებული.
ლიკოპოდიუმის სხვა სახეობას Lycopodium Selago-ს მიწისზედა ნაწილებს იყენებენ 5 პროცენტიანი გამონახარშის სახით ქრონიკული ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგოდ. იგი იწვევს ხასიათის საერთო მდგომარეობის დამძიმებას, ძლიერ (5-8 ჯერად) პირღებინებას, ოფლიანობას, ტანის მუსკულატურის ფიბრილიზაციას, არტერიული წნევის დაწევას, არითმიას, სუნთქვის გაიშვიათებას. გულისრევა ძლიერდება ალკოჰოლის მიღებით ან პაპიროსის მოწევით. ნახარშის ძლიერი ტოქსიკურობის გამო ავადმყოფს მკურნალობენ სპეციალურ დაწესებულებებში.

ალკოჰოლისტს აძლევენ ნახარშს ბოლო ალკოჰოლის მიღებიდან 4 დღის შემდეგ, ახლად მომზადებულ გამონახარშს 80-100 მლ დოზით აძლევენ დასალევად, 3-15 წუთის შემდეგ კი უნიშნავენ არაყს, ან ღვინოს. იმავე დროს აყნოსვინებენ იმ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც უკვე დაალევინეს. 10-15 წუთის შემდეგ ავადმყოფს პირღებინება ეწყება, ზოგჯერ 1-3 საათის მოგვიანებით. შემდგომში ყოველი პირღებინების შემდეგ განმეორებით აძლევენ ალკოჰოლს. ეს იწვევს ალკოჰოლისადმი ზიზღის რეფლექსის გამომუშავებას, რაც მონახარშის და ალოკოჰოლის აღწერილი შეხამებით 2-3-ჯერ მიღების შემდეგ უვითარდება. განმეორებით მკურნალობას 1/2-1-2 წლის შემდეგ ახდენენ, ეს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ალკოჰოლისადმი წინანდებური დიდი ლტოლვა.
გამონახარშს შემდეგნაირად ამზადებნ: 10 გ დაქუცმაცებულ ლიკოპოდუმის ბალახს ყრიან მინის ქილაში, ასხამენ 200 მლ წყალს და 10 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე, გაციების შემდეგ კიდევ 200 მლ წინასწარ ანადუღარ და გაგრილებულ წყალს უმატებენ, ფილტრავენ (ბალახსაც ხელმოჭერით წურავენ) და მაცივარში ინახავენ არაუმეტეს ორი დღე-ღამისა.

 

Don`t copy text!