ენდრო მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან. სუსტი, წვრილი, ბღაუჭა, მცოცავი ღეროებით, რომელთა სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს. მთავარი ფესვი საკმაოდ ძლიერი აქვს, სიღრმეში დატოტვილი, ფესვის ზედა ნაწილიდან იზრდება მხოხავი, მერქნისებრი მრავალთავა ფესურა, რომელზეც კვირტებია განლაგებული. ფოთლები ვიწროკვერცხისებრია, წაწვეტებული, ზომით ერთმანეთისაგან მეტად განსხვავებულ ფოთოლზე თითო ბაზალური ძარღვია, რომელზეც, ისევე როგორც ფოთლის ფირფიტის კიდეებზე, ხრტილისებრი ბღაუჭა კბილებია. ღეროები და ფოთლები შებუსულია, განსაკუთრებით ქვედა მხრიდან.
ყვავილედი – გაშლილი, რთული საგველაა, გრძელი ღეროებით. ყვავილები წვრილია, ყვითელი გვირგვინით, მწიფე ნაყოფი შავია, წვნიანი, კენკროვანი, ერთი – იშვიათად ორთესლიანი. მისი წვენი მუქ-ღვინისფერ ლაქებს ტოვებს.
ენდრო ყვავილობს ივნისიდან _ სექტემბრამდე, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.
ენდრო გავრცელებულია როგორც ზღვისპირეთში, ასევე მთის ფერდობებზე, თითქმის ყველა სახის ნიადაგზე იზრდება. ხშირად გვხვდება ღობის ძირებში, ვენახებში, ბაღებში, როგორც სარეველა.
ნედლეულად ამზადებენ ენდროს ფესურასა და ფესვებს გაზაფხულზე, მარტსა და აპრილში, ან ვეგეტაციის ბოლოს, სექტემბრიდან – ყინვების დაწყებამდე. მათი მოთხრა შრომატევადი პროცესია, რადგან ენდრო ხშირად ღობის ძირებში, ბუჩქნარებშია გაბნეული. შეგროვილ ნედლეულს აცლიან მიწას. ფესვებსა და ფესურას დაბერტყვით ათავისუფლებენ მიწისაგან. აშრობენ თხელ ფენად გაშლილს ჩრდილში – ფარდულში, სხვენზე, კარგი ვენტილაციის პირობებში, ან საშრობში 45-51 გრადუს ტემპერატურაზე. ნედლეული უნდა ინახებოდეს მშრალ ადგილას. არ უნდა დავუშვათ მისი დაობება. შენახვის ვადა 3 წელია.
ენდროს ფესვები შეიცავენ 5-6% საღებავ ნივთიერებებს (ოქსიმეთილსა და ოქსიანტრაქინონებს). მათ შორის რუბერიტრინის მჟავას, რუბიადინს და სხვა. გარდა ამისა, ნედლეული შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინებს, შაქარსა და სხვა.
ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ენდროს ფესვებს იყენებდნენ ქსოვილების შესაღებად. მათი გამოყენებით იღებდნენ წითელი ფერის სხვადასხვა ტონებს.
ენდროსშემცველი პრეპარატები შლიან ფოსფატურ და ოქსალატურ ქვებს თირკმელებსა და შარდის ბუშტში. აქვთ შარდმდენი და სპაზმოლიტური მოქმედება. აძლიერებენ შარდსადენების მუსკულატურის პერისტალტიკას, რითაც ხელს უწყობენ ქვების გამოდევნას.
ენდროს ფესვებისა და ფესურის ნაყენი შედის პრეპარატ ცისტენალის შემადგენლობაში, რომელსაც უნიშნავენ ავადმყოფებს კენჭოვანი დაავადების დროს. ასეთი ნაყენების გამოყენება არ შეიძლება კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და თირკმელების უკმარისობის დროს.
ენდრო – Rubia tinctorum – Марена красильная Грузинская
ევკალიპტი – Eucalyptus globulus Labill – Эвкалипт шаровидный
ევკალიპტი მარადმწვანე ხეა, მირტისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-70 მ, ძლიერი ფესვთა სისტემით და სწორი ტანით. ქერქი ხის ტანსა და ღერებზე გლუვია, მონაცრისფრო-თეთრი, ღეროს წვერებისაკენ მოცისფრო ელფერით. გარე კანი ექერქება. ძველი ქერქის ნარჩენები ყოველთვის შეიძლება შეამჩნიოთ ტანის ზემო ნაწილზე, როკებს შორის, ტოტებზე. ყლორტები ოთხკუთხაა, წახნაგოვანი. ყლორტები, ისევე როგორც ფოთლები, დაფარულია ცვილისებრი, მომწვანო-მონაცრისფრო ნაფიფქით. ევკალიპტის ახალგაზრდა ტოტების ფოთლები განლაგებულია მოპირისპირედ, უყუნწოა ან მოკლეყუნწიანი, კვერცხისებური ან მოგრძო-კვერცხისებური ფორმის, ფოთლის ძირთან გულისებრი მონაკვეთით, წვეროსაკენ წამახვილებული, თხელი და მკვრივი. მონაცრისფრო-მწვანე, მოცისფრო ელფერით. სიგრძით – 7-16 სმ, სიგანით 1-9 მ. ძველი ტოტების ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი მზის მიმართ წახნაგითაა განლაგებული, წაგრძელებულ-ლანცეტისებრი. იშვიათად ფართო-ლანცეტისებრი, უმეტესად ნამგალივით მოღუნული ფორმის. სქელი, ტყავისებრი, მონაცრისფრო-მწვანე, სიგრძით 10-30 სმ, სიგანით 3-4 სმ. კოკორი კონუსურია, ოთხწახნაგოვანი, ბორცვაკიანი, სიგრძით 2-3 სმ. ყვავილსაჯდომი მოკლეა, ან თითქმის მჯდომარე, მარტოული ყვავილებით, რომლებიც ფოთლის უბეებშია განლაგებული.
ნაყოფი მიჭყლეტილ-სფეროსებრი, მეჭეჭიანი კოლოფია სიგრძით 10-15 მმ.
ევკალიპტი ყვავილობს შემოდგომით 3-5 წლის ასაკში, ნაყოფი მწიფდება ყვავილობიდან 1,5-2 წლის შემდეგ.
ევკალიპტი გავრცელებულია აჭარისა და აფხაზეთის ზღვისპირა რაიონებში, ნედლეულად ამზადებენ ევკალიპტის ფოთლებს და ერთ ან სამწლიან ყლორტებს. აშრობენ ჩრდილში, სტელაჟებზე, 10 სმ სისქეზე გაფენილს, კარგი ვენტილაციის პირობებში, ხშირად აბრუნებენ.
ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს 1%-ზე მეტ ეთერზეთს, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ცინეოლი. ასევე შედის მის შემადგენლობაში სათრიმლავი ნივთიერებები.
ევკალიპტის ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ახალი ინფექციური ჭრილობების, ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს. გარდა ამისა, ევკალიპტის ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონის, ტროფიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
ფოთლებისაგან ნახარშის მოსამზადებლად 10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. იხმარება ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად. აღნიშნული კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება აგრეთვე ფლეგმონების, ასცესების, ჩირქოვანი გასტრიტების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ხმარობენ, აგრეთვე, ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს ინგალაციისათვის.
ევკალიპტის ზეთი, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში სავლებად და ინჰალაციისათვის.
ხალხურ მედიცინაში ევკალიპტს ხმარობენ როგორც ნერწყვის და კუჭის წვენის გამოსაყოფ საშუალებას, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს. ამისათვის 1 სუფრის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე წყალი. მიღებული ცხელი ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში თითო ღვინის ჭიქა ჭამის წინ.
დიდგულა – Sambucus nigra – Бузина черная
დიდგულა მსხვილი ბუჩქნარია, მოპირისპირედ გალბაგებული კენტფრთიანი ფოთლებით, ყვავილები წვრილია, სურნელოვანი, მოყვითალო-მოთეთრო, შეკრებილია მრავალყვავილედოვან ფარებად. ცალკეული ყვავილები მჯდომარეა ან სხედან მოკლე ყუნწებზე. ჯამი ხუთკბილიანია, ფოთლებშეზრდილი, ოდნავ შესამჩნევი. გვირგვინი მრგვალია, ხუთფურცლიანი, დიამეტრით 5-6 მმ. მტვრიანა 5. ისინი მიმაგრებული არიან გვირგვინზე და მთავრდებიან ყვითელი სამტვერეთი. ბუტკო 1, ქვედა ნასკვით, რომელსაც ზედა ნაწილში აქვს მასიური ბადრო სამი მოკლე დინგით. ნაყოფი შავია, კურკიანი, 3-6 კურკით.
დიდგულას ქართლ-კახეთში დუდგულას ეძახიან, ზემო იმერეთში – ხეკროს, ქვემო იმერეთში – ანწლს, რაჭაში – ხრეკოლას, გურიაში – ხელთოფას. ვარაუდობენ რომ ამ მცენარის ლათინური სახელწოდება წარმოდგა ირანული მუსიკალური საკრავიდან – სამბუკი, რომელსაც დიდგულას ღეროდან ამზადებენ.
დიდგულა გვხვდება ფოთლოვანი ტყეების ქვეტყეებში, ბუჩქნარის ბარდებში, ხშირად ნახავთ ბაღებსა და პარკებში.
ნედლეულად ძირითადად იყენებენ ყვავილებს. აგროვებენ მთელ ყვავილედს მათი სრული გაშლის შემდეგ. აშრობენ ჩრდილში, შემდეგ კი, ხეხავენ ცხრილზე ყვავილის ყუნწის მოსაცილებლად. ნედლეულის შეგროვებისას შესაძლებელია შეყვეს მყრალი დიდგულა, რომლის მტვრიანები წითელი ფერისაა, აგრეთვე წითელი დიდგულა. წითელი დიდგულას ყვავილები უფრო პატარა ზომისაა, მომწვანო; ბუსუსიანი ყვავილის ყუნწით.
დიდგულას ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია, რომ ყვავილი შეიცავს ოფლმდენ გლიკოზიდს, ფლავონურ გლიკოზიდ რუტინს, ეთერზეთის კვალს. გლიკოზიდი სამბუცინიგრინი აღმოჩენილია მხოლოდ ახალ ყვავილში, გაშრობის შემდეგ ის ორთქლდება.
დიდგულას პრეპარატებს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას გაცივების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონტოექტაზების დროს. ასევე იყენებენ გრიპისა და ანგინის საწინააღმდეგოდაც. მისი პრეპარატები გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, ხოლო როგორც შარდმდენი საშუალება – თირკმლის დაავადების დროს, თუ თან ახლავს შეშუპება.
ხალხურ მედიცინაში დიდგულას ყვავილს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას. 1 სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალს, აჩერებენ თავდახურულს 20 წუთის განმავლობაში, გაწურავენ და სვამენ ცხელ ნაყენს. ყვავილი შედის აგრეთვე ოფლმდენი ჩაის შემადგენლობაში.
ყვავილის ნახარშს ივლებენ პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში ანთებითი პროცესების და რინიტისა და ანგინის დროს. გარდა ამისა მას იყენებენ საფენების სახით დამწვრობის, ჭრილობებისა და ძირმაგარების დროს, მიოზიტების, ნევრალგიისა და სახსრების ტკივილებისას. ბუასილის დროს რეკომენდებულია ყვავილის ნაყენის ან ნახარშის აბაზანის მიღება. დიდგულას ყვავილის ნაყენის მისაღებად აიღეთ 5 გ (1 სუფრის კოვზი) ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი სახით 1/2 – 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
დიდგულას ნაყოფს ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც სუსტ საფაღარათო საშუალებას, ხოლო ქერქის ნახარშს – როგორც ოფლმდენ და შარდმდენ საშუალებას.
დიდგულას ნაყოფისაგან ტკბილი ნაყენის მისაღებად აიღეთ დიდგულას 200 გ სიროფი (ვაჟინი) 1 ლ არაყი და 1 ჩაის ჭიქა წყალი. სიროფი გახსენით წყალში, დაუმატეთ არაყი და დადგით 3-4 დღე.
დღეგრძელთა სასმელის მისაღებად 1 სუფრის კოვზ გამშრალ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ წყალი, მოხარშეთ, გაწურეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და მიიტანეთ სუფრასთან ცხელი სახით.
დედოფლისთითა – Veronica Officinalis L – вероника лекарственная
შავწამალასებრთა ოჯახს ეკუთვნის. დედოფლისთითა გურიაში ცნობილია ონჯახუას სახელით, აჭარაში ნაღრძობის ბალახი. მხოხავფესვურიანი მრავალწლიანი ბალახია. ღერო მწოლარეა ან ოდნავ წამოწეული. მიწასთან შეხების ადგილებში დამატებით ფესვებს ივითარებს. სიგრძით 15-30 სმ-ს აღწევს.
უკუკვერცხისებრი ან ელიფსური, მოკლეყუნწიანი ფოთლები ნაპირებში ხერხისმაგვარადაა დაკბილული და ღეროზე ერთმანეთის მოპირდაპირედაა განლაგებული.
კენწრულ მტევნებად შეკრებილი მკრთალი ცისფერი ყვავილები ამოსულია კენწეროსთან ახლომყოფი ფოთლების იღლიებიდან, ხშირად სულ ორი მტევანია მცენარეზე.
ყვავილობა მაისიდან დაწყებული, სექტემბრამდე გრძელდება. ნაყოფი სამკუთხა უკუკვერცხისებრი ფორმისაა წაკვეთილი თავით.
გვხვდება უმეტესად წიწვოვან ტყეებში – ნაძვნარებში, ნაძვნარსოჭნარებში და ფიჭვნარნაძვნარებში.
ეს მცენარე ხალხურ მედიცინაში საკმაოდ პოპულარულია. მას იყენებენ ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად. საშარდე ბუშტის ტკივილის, სისხლდენის და გაციების დროს. იგი აადვილებს ნახველის ამოღებას. მას იყენებენ ასთმისა და ყელის ანგინის დროს. კანზე გამონაყარისა და ფურუნკულების სამკურნალოდ, ურჩევენ აგრეთვე როგორც შარდდამდენ საშუალებას თირკმლებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. ამ ბალახის სპირტიან ნაყენს ხალხური მედიცინა ეგზემის სამკურნალოდ იყენებს, დადებით შედეგებს იღებენ ქერტლის მკურნალობაშიც.
მონახარშის მოსამზადებლად 20 გრ ბალახს იღებენ ერთ ლიტრ წყალზე და ადუღებენ 5-7 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. კანზე გამონაყრების, ეგზემის და სიყვითლის დროს დადებით შედეგს იძლევა მონახარში, რომლის შემადგენლობაში შედის: დედოფლისთითა, სამფერა ია და ორკბილა, თითოეული 10-10 გრ რაოდენობით 1 ლიტრ წყალზე, ერთი ლიტრი მონახარში ერთი დღე-ღამის დოზაა დასალევად.
გარეგან სახმარად კარგ შედეგს იძლევა დედოფლისთითას სპირტიანი ნაყენი. საამისოდ ნედლი აყვავებული ბალახიდან გამოწურულ 250 გრ წვენს ასხამენ 90 გრადუსიან 250 გ სპირტს და 10 დღეს დადგამენ.
საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლისთითა სუსტად მოქმედი საშუალებაა და მის სამკურნალო ეფექტზე ხალხში არსებული შთაბეჭდილებები რამდენადმე გადაჭარბებულია.
დათვის კენკრა – Arctostaphylos uva-ursi – толокнянка
მანანასებრთა ოჯახს ეკუთვნის. მიწაზე გართხმული ბუჩქია 80 სმ-მდე სიგრძით, ფოთლები უკუკვერცხისებრ წაგრძელებული ფორმისა, ტყავისებრი და კიდემთლიანი, 2,5 სმ-დე სიგრძის.
ყვავილის ჯამი 5 წვერიანია. ყვავილის გვირგვინი კვერცხისებრქოთნისებურია, მოვარდისფრო. ყვავილები ტოტების კენწეროზე მოკლე მცირერიცხოვან ყვავილებიან თავჩაქინდრულ მტევნებშია შეკრებილი. 1-5 თესლიანი წითელი ფერის, მრგვალი ნაყოფი, კურკიანაა. გვხვდება ზღვის დონიდან 1000-2400 მ სიმაღლეზე. იზრდება ფიჭვნარებში, სუბალპებსა და ალპურ სარტყელში, მშრალ, ღორღიან ნიადაგებზე. შედარებით ხშირია აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოსა და იმერეთში.
მედიცინაში ყვავილობის დროს მოკრეფილი ფოთლები გამოიყენება. მისი პრეპარატები ფართოდ გამოიყენება სადეზინფექციო და შარდმომგვრელ საშუალებად. საშარდე ბუშტისა და საშარდე გზების ანთებად დაავადებისას (პიელიტი, ცისტიტი, ურეტრიტი) ვეტერინარიაშიც ამავე მიზნით გამოიყენება. გარდა ამისა მას იყენებენ მასტიტის დროსაც. დალევის შემთხვევაში იგი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს, რაც ცალკეულ შემთხვევებში გამოხატულებას პოულობს გულის რევაში, პირღებინებასა და კუჭაშლილობაში.
დათვის კენკრას იღებენ ცისტიტის დროს – იგი მადეზინფიცირებელ და დიურეტიულ მოქმედებას ახდენს, ამით საშარდე გზები “ირეცხება” ანთების გამომწვევი პროდუქტებისაგან და ამავე დროს დეზინფექციაც უკეთდება. დიდი დოზების დროს ვლინდება პირღებინება, გულისრევა, კუჭაშლილობა და სხვა მოვლენები. გამონახარშსა და ნაყენს არასასიამოვნო გემო აქვს. გამონახარში შემდეგნაირად მზადდება: 5 გ ფოთოლს ასხამენ 100 მლ წყალს. ფოთოლი 0,3-0,5 მმ ზომით ქუცმაცდება და ოთახის ტემპერატურის წყალს ასხამენ, ადუღებენ 15-30 წუთის განმავლობაში ნელი დუღილით და წურავენ. ინახავენ გრილ ადგილას.
წყლით გამონაწვლილსაც გამონახარშივით აკეთებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მდუღარე წყალს ასხამენ და 5-10 წუთს ხარშავენ, ამის შემდეგ 40 წუთს დგამენ. იღებენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ. ხალხური მედიცინა დათვის კენკრას ჩვილ ფოთლებს სისხლგამწმენდ, ხოლო ზრდასრულ ფოთოლს შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო, სისხლშემადედებელ და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევს. ყვავილებიან ტოტებს იყენებენ გულის დაავადებების, ხოლო ნაყოფს კუჭაშლილობის დროს. ფოთლებისგან შესაძლოა შავი, მწვანე და ყავისფერი საღებავების მიღება.
ნერვული დაავადებებისას დათვის კენკრას ფოთლებს ურევენ შავბალახას თანაბარი რაოდენობით, კერძოდ თითო სუფრის კოვზ დათვის კენკრას ფოთოლსა და შავბალახას იღებენ 3 ჭიქა წყალზე და ხარშავენ 1/3 წყლის აორთქლებამდე. დარჩენილ სითხეს წურავენ და ერთი დღის განმავლობაში 3-ჯერ სვამენ.
დათვის კენკრის ფოთოლს ხმარობენ ქრონიკული ცისტიტისა და პიელიტის დროს. რაკი ტუტე რეაქციის პირობებში უფრო კარგად მოქმედებს, ამიტომ ურჩევენ რომ ფოთლების გამონახარშთან ერთად ერთი ჩაის კოვზი სასმელი სოდაც მიიღონ ავადმყოფებმა. ხანგრძლივ გამოყენებას არ ურჩევენ.
გამოიყენება წყლიანი ნაყენის სახით: 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა ცივ წყალს და ასე დგამენ მთელი ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ ხარშავენ 5 წუთს, წურავენ და სვამენ 1-2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ. ნახარშს არ იყენებენ ადგილობრივი გაღიზიანებების თავიდან აცილების მიზნით.
გულყვითელა – Calendula officinalis – Календула

გულყვითელა კარგად ხარობს ნესტიან, ნაყოფიერ და კარგად დამუშავებულ ნიადაგში. საქართველოში გავრცელებულია როგორც კულტურული, დეკორატიული და სამკურნალო მცენარე. ითესება ადრე გაზაფხულზე.
ნედლეულად აგროვებენ სრული ყვავილობის დროს ყვავილედს, როდესაც მასზე ენისებრი ყვავილები ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია. წყვეტენ ყვავილედს ძირში, ხელით. ერთ სეზონზე შეიძლება რამდენიმეჯერ მოიკრიფოს ყვავილები. მოკრეფილი ყვავილები სწრაფად უნდა გაშრეს ჩრდილში, კარგი ვენტილაციის პირობებში. გამშრალად ითვლება ყვავილედი თუ ზეწოლის შედეგად ის იშლება.
გამშრალი ყვავილების შენახვა შეიძლება ბნელ ადგილას 2 წლის განმავლობაში.
გულყვითელას კალათა ყვავილედი შეიცავს კაროტინს, ლიკოპინს, ვიოლაკსატინს, ციტროკსანტინს, სიტოსტერინს, ფისებს, ვაშლის, სალიცილის, ასკორბინის მჟავებს.
გულყვითელას ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებას. გულყვითელას ნაყენის ხშირი გამოვლება პირის ღრუში ეფექტური საშუალებაა ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ, ამცირებს ან სრულიად წყვეტს ღრძილებიდან სისხლის დენას, ამაგრებს ღრძილების ქსოვილს. მის ნაყენს ივლებენ აგრეთვე ტონზილიტისა და ანგინის დროს.
გულყვითელას ნაყენის დალევა აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს შეშუპებას. იგი ასევე კარგად მოქმედებს გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტებისა და ენტეროკოლიტების დროს.
განსაკუთრებით ეფექტურია გულყვითელას გამოყენება სააფთიაქო გვირილასა და ფარსმანდუკთან ერთად.

გულყვითელას ნაყენის მისაღებად 20 გრ ყვავილი (2 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ წყლიან აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, ხშირად ურიეთ, შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი 1-2 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს.
პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად 1 სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს.
პროქტიტების დროს იკეთებენ გულყვითელას ნაყენის ოყნებს (1 ჩაის კოვზი ნაყენი, 1/4 ჭიქა წყალზე).
გულყვითელას სპირტიანი ნაყენი იყიდება აფთიაქებშიც მიიღება 30 წვეთიდან 1 ჩაის კოვზამდე 2-3-ჯერ დღეში.
სხვადასხვა ხალხურ მედიცინაში გამოიყენებენ ისეთი დაავადების სამკურნალოდ როგორიცაა ნევრასთენია, კლიმაქსი, კანის დაავადებები, პარონდონტოზი, სტომატიტი.
გულყვითელა შედის მრავალი წამლისა და მალამოს შემადგენლობაში.
გრძელწიწვიანი ღვია – Juniperus Oblonga M. B. – можжевельник длиннолистный
კვიპაროსისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მარადმწვანე ორბინიანი, იშვიათად ერთბინიანი, 8-12 მ სიმაღლის ბუჩქადაც გვხვდება მურა-ნაცრისფერი ქერქით.
წახნაგოვანი ყლორტები შეფოთლილია სამწახნაგოვანი გრძლად წაწვეტილი 4-16 (20) მმ სიგრძის წიწვისებრი მჩხვლეტავი ფოთლებით, რომელიც ზედა მხრიდან ღარისებრი ჩაღრმავებით და თეთრი ზოლით ხასიათდება, ქვემოდან კი მბრწყინავი მწვანე ფერისაა, დამახასიათებელი ქედით. გირჩები კი მრავალრიცხოვანია – მოგრძო, კვერცხისებრი, 2 მმ-მდე სიგრძით, რომლებიც სათითაოდ სხედან ფოთლების იღლიებში. პირველ წელს მწვანეა, კვერცხისებრი ფორმით, მეორე წელს მომწიფებისას კი მრგვალ ფორმას იძენს და მოლურჯო-შავი შეფერვისაა მორუხო ნაფიფქით, გირჩში 3, იშვიათად 1-2 სამწახნაგოვანი თესლი ზის. 1000 თესლის წონა დაახლოებით 13 გრამს შეადგენს. მრავლდება თესლით.
გვხვდება ხირხატნიადაგიან მშრალ განათებულ ადგილებში. ღვიების სხვა სახეობებთან შედარებით იგი ყველაზე ხშირად გვხვდება, ამასთან დიდი ეკოლოგიური დიაპაზონითაც გამოირჩევა, იზრდება როგორც დაბლობ, ისე მაღალმთიან ადგილებშიც. გავრცელებულია თითქმის მთელს კავკასიაში.
გრძელწიწვიანი ღვიის გირჩი მედიცინაში გამოიყენება ნაყენის სახით, როგორც ანთების საწინააღმდეგო და დიურეტული (შარდმომგვრელი) კარგი საშუალება. იგი საშარდე გზების დეზინფიცირებას ახდენს, აქვს ამოსახველებელი მოქმედება და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გამოიყენება შარდმდენად თირკმლების (არამწვავე) და საშარდე ბუშტის ანთების დროს. რეკომენდებულია სახსრების ტკივილის, კანის ანთებითი (დერმატიტის), აგრეთვე კუჭისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.
გირჩების ნაყენის მოსამზადებლად წვრილად დანაწევრებულ ხმელ გირჩს ორი ჩაის კოვზის რაოდენობით ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და სამ სათს დააყენებენ. ესაა ერთი დღე-ღამის ნორმა შარდის დენის გასაძლიერებლად. 100გ გირჩს 400 გ წყალში ხარშავენ, მიღებულ გამონახარშს ფილტრავენ, შემდეგ ნახარშს კვლავ დგამენ მდუღარე წყლიან ჭურჭელში და ხარსავენ ორთქლზე, დაუმატებენ შაქარს ვაჟინის (სიროფის) მისაღებად. გამზადებულ ვაჟინს დღეში 3-ჯერ იღებენ ჩაის კოვზით ჭამის წინ კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ.გირჩის გამონახარშს რევმატიზმის წინააღმდეგ იყენებენ შემდეგნაირად: 200 გ გირჩს ხარშავენ 1 ლ წყალში და ამ ნახარშს უმატებენ სააბაზანოდ განკუთვნილ წყალს. გაზაფხულობით კანზე გამონაყარის საწინააღმდეგოდ ურჩევენ პირდაპირ გირჩების ჭამას. (ყლაპავენ კარგად დაღეჭილ რბილობს, მაგარ თესლს კი გადააგდებენ). პირველ დღეს 5 ცალს, მეორე დღეს – 6-ს და ა.შ. ვიდრე 15-მდე არ ავლენ, შემდგომ დოზას ამცირებენ ასევე თანდათანობით, ვიდრე 5-მდე არ დავლენ. ასეთ მკურნალობას მიმართავენ ღვიძლის დაავადებების დროსაც.
თირკმლების მწვავე ანთებისას ღვიის გირჩის პრეპარატები დაავადების გამწვავებას იწვევს, ამიტომ ექიმის გარეშე მისი გამოყენება დაუშვებელია.
გირჩის ეთერზეთები ოპერაციულ ან სხივური მკურნალობისას კომბინირებულად, კეთილნაყოფიერად მოქმედებს კანის კიბოთი დაავადებისას. ღვიის ქერქის მონახარშს ხალხური მედიცინა ურჩევს როგორც აღმგზნებ საშუალებას სქესობრივი უნარის დაქვეითებისას. გირჩებისა და წვრილი ტოტების ფოთლებითურთ ნახარშის აბაზანებს იღებენ რევმატიზმის სამკურნალოდ. ტოტებსა და გირჩებს იყენებენ წყლამანკისა და ნერვული დაავადებების დროს.
ჩვენი ქვეყნის დასავლეთ რაიონებში ხალხური მედიცინა ღვიის ფესვების სპირტიან ნაყენს ტუბერკულოზის, ბრონქიტის, თირკმლის ქვის და კანის დაავადების საწინააღმდეგოდ იყენებს.
ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთსა და ფინეთში ღვიის ხმელი გირჩებით (ნაყოფები) კაზმავენ წვნიანებს, ღვიის დანაყილ ნაყოფს აყრიან ნადირის ხორცს, მისი ცხელი წყლით გამონაწვლილს ურევენ დანაყილ ნიორსა და ხახვს, ასეთნაირად შეკმაზულ გამონაწვლილში 5 ან 2-3 საათის განმავლობაში ათავსებენ ხორცს მისთვის მარინადის გემოს მისაცემად. 1 კგ ხორცზე 6-8, ხოლო ფრინველზე 4-5 ნაყოფს იღებენ.
ღვიის პრეპარატების ხმარება დაუშვებელია ნეფრიტისა და ნეფროზონეფრიტის დროს. ხანგრძლივი გამოყენებისას თირკმლის პარენქიმის გაღიზიანებას იწვევს.
გლერძა – Astragalus Pycnophyllus Stev. – астрагал густолистый
პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი 20-50 (80) სმ სიმაღლის მოთეთრო ნაცრისფერ-ბუსუსებიანი, ხშირტოტებიანი, მოყვითალო გაფარჩხულეკლებიანი ბალიშისებრი შესახედაობის ბუჩქია. ბაცი ყვითელი ფერის 8-10 სმ სიგრძის ყვავილები 2-3 სმ დიამეტრის ბურთისებრ ან ოვალურ თანაყვავილედებშია შეკრებილი. თანაყვავილები არ გააჩნია, ყვავილის ჯამი ძირში შიშველი, ზემო ნაწილში კი ხშირბუსუსიანია. მისი კბილები ჯამის მილზე მოკლე და ბუსუსებში ჩამალულია. ჯამი კბილების გასწვრივ ძირამდეა ჩახეული. ყვავილის გვირგვინის ნაპირებჩაზნექილი აფრა შუა ნაწილის ოდნავ ქვემოდან შევიწროებულ ფრჩხილში გადადის. კვერცხისებრი შებუსვილი პარკი ჯამზე გრძელია.
ნაცრისფერბუსუსებიანი, ზოგჯერ თითქმის შიშველი, ხშირად სიგრძეზე გაკეცილი, ვიწრო წაგრძელებულ – ლანცეტა ფოთოლაკების რიცხვი წყვილფრთართულ ფოთლებში 10-80 ფარგლებში მერყეობს. ღერო მიწისპირთან საკმაოდ სქელ (4-8 სმ).
იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში მშრალ, კლდოვან ადგილებში, არცთუ იშვიათად ზღვის დონიდან 1650-მდე და ზოგან უფრო მაღლაც. არაიშვიათად თავისი დომინანტობით შექმნილ რაყებადაა წარმოდგენილი გამეჩხრილ ფიჭვნარებსა და მუხნარებში. გვხვდება ქართლში, კახეთში, ქიზიყში, თრიალეთსა და მესხეთ-ჯავახეთში.
გლერძა გუმფისით მდიდარი მცენარეა, ამდენად იგი გუმფისის დამზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. საამისოდ ღეროს ქვედა ნაწილში ბასრი დანით კანს ღრმად ჩასერავენ ხოლმე. ჭრილობიდან გუმფისის დენა მით ინტენსიურია რაც უფრო ცხელი ამინდია.
გუმფისი უხვად შეიცავს ანთების საწინააღმდეგო პოლისაქარიდებს, აგრეთვე სახამებელს, ლორწოვან ნივთიერებებს, შაქარს, საღებავებს. უმნიშვნელო რაოდენობით კი ორგანულ მჟავებსა და აზოტოვან შენაერთებს.
ხალხური მედიცინა გუმფისს უხსოვარი დროიდან იყენებს როგორც შარდმდენ, ამოსახველებელ, ოფლმომდენ და გამხსნელ საშუალებას. ფარმაკოქიმიური მრეწველობა კი მწებავ საშუალებად იყენებს აბებში, 10%-იანი ნაყენის სახით გულის ქრონიკული უკმარისობის ჰიპერტონიული და თირკმელის სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება, რომლის გავლენითაც მცირდება ვენური წნევა, ჩქარდება სისხლის მიმოქცევა, ნორმალური ხდება არტერიული წნევა, ქრება ტრაქიკარდია, უმჯობესდება პულსის დეფიციტი, ძლიერდება დიურეზი და ცხრება შეშუპებები. ცხოველებზე წარმოებულმა ცდება ცხადყო, რომ ყველაზე ეფექტურია მწვავე ნეფრიტის დროს და სისხლის მიმოქცევის უკმარობის პირველსა და მეორე სტადიაზე.
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გუმფისში არსებული ბასორინის შემცველი პრეპარატი ნორეკტალი საფაღარათო საშუალებად გამოიყენება. საფეიქრო მრეწველობაში იგი საღებავთმედეგობის გასაძლიერებელი საშუალებაა.
აი ბიოლოგიურად რა აქტიურად მომქმედ ნივთიერებებს შეიცავს ერთის შეხედვით თითქოსდა უსარგებლო არცთუ ლამაზი გარეგნობის მცირეტანოვანი ეს ბუჩქი. მოყვანილი მაგალითი მთელი სიცხადით გვიდასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ბუნებაში, აბსოლუტური გაგებით, უსარგებლო მცენარე არ არსებობს. ყველა მცენარე სასარგებლოა, მაგრამ აუცილებელია ამის ცოდნა. შუა საუკუნეების ცნობილი ექიმის პარაცელსის (1493-1541 წლები) სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ნივთიერება შხამიანია, არაფერია ისეთი, რომელშიდაც შხამი არ იყოს. მთელი საქმე დოზაშია. სწორი დოზირება შხამს არაშხამად აქცევს. ამ დებულების დასტურია ოდითგანვე ამაზრზენი ემოციების გამომწვევი გველის შხამი, რომელიც ამჟამად უმცირესი დოზებით წარმატებით გამოიყენება ნაირგვარი უმძიმესი დაავადებების სამკურნალოდ.
გლედიჩია – Gleditschia Triacanthos L – гледичия

ყვავილები ცალსქესიანია, იშვიათად ორსქესიანი ოდნავ მოყვითალო-მწვანე ფერის. საკმაოდ სურნელოვანი. ნაყოფი პარკია 50 სმ-მდე სიგრძის, ხმლისებრ ოდნავ მოხრილი, მოწითალო-ყავისფერი და მბრწყინავი. ცალ კიდეზე პარკს ტკბილი რბილობი აქვს. თითო პარკში 12-15 თესლია, რომელიც ფორმით წაგრძელებულ-ელიფსურია, ყავისფერი. 1000 თესლის წონა 238-263 გრამია. ყვავის მაის-ივლისის განმავლობაში, ნაყოფი ოქტომბერ-ნოემბერში მწიფდება.
გლედიჩია უფრო ბარის მცენარეა, მისი ნორმალური ზრდისათვის აუცილებელია სითბო და კარგი განათება, შესანიშნავად იზრდება მდინარეთა ნაპირებზე. ბუნებრივად იგი ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთითაა გავრცელებული. კულტურა კი ბევრ ქვეყანაშია შეტანილი. მათ შორის საქართველოში. გლედიჩია კოლხეთის დაბლობზეც გვხვდება, ძირითადად კი აღმოსავლეთ საქართველოშია კულტივირებული, ზოგან გავრცელებული.
გლედიჩიის ჩვილი ფოთლები ალკალოიდ ტრიაკანტინს, ფოთლებსა და ნაყოფებში 100-400 მგ პროცენტ ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) შეიცავს.

ტრიაკანტინს სპაზმოლიტური მოქმედების თვისება აქვს. ახდენს ძარღვების გაგანიერებას, აღაგზნებს სასუნთქ ცენტრს და დაბლა სწევს სისხლის წნევას. დადებით თერაპიულ ეფექტს ახდენს კუჭ-ნაწლავების დაავადებებზე (სპასტიკური კოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), გარდა ამისა დადებითად მოქმედებს ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავებისას.
ტრიაკანტინი ბრონქიალური ასთმის დროსაც გამოიყენება. პრეპარატის მიღებას ურჩევენ 0,1 გ 2-3-ჯერ დღეში. იგი 10-20 დღის განმავლობაში მიიღება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ. ამჟამად ტრიაკანტინი სამკურნალო საშუალებების ნომენკლატურიდან ამოღებულია.
გვირილა – Matricaria chamomilla – Ромашка аптечная
ბუნებაში არსებულ მრავალი სახეობის გვირილებს შორის გვხვდება სამკურნალო გვირილაც, რომლის ბოტანიკური სახელწოდება ლათინურად არის Matricaria chamomilla. იგი ერთწლიანი, 35 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, ძლიერ დატოტვილი ღეროთი. ფოთლები მორიგეობითია, ფრთისებრ განკვეთილი. კალათები სხედან სათითაოდ ყვავილის გრძელ ყუნწზე ტოტების კენწრულ ნაწილში და აქვთ თეთრი ენისებრი და ყვითელი მილისებრი ყვავილები. კალათის საერთო საფარველი კრამიტისებრია. კიდურა ბუტკოიანი, ყვავილების რიცხვი კალათაში იცვლება 12-დან 17-მდე, ისინი თეთრი ფერისაა, სამკბილიანი, ენისებრი გვირგვინით. შიგნითა ყვავილები ხუთკბილიანია. ყვავილსაჯდომი კონუსისებრია, შიშველი, უაპკო, შიგნით ღრუ. გამშრალი კალათის დიამეტრი 5-8 მმ-ია. კალათა იშლება თანდათანობით. ყვავილობის დასაწყისში ენისებრი ყვავილები აღმართულია ზევითკენ, ყვავილსაჯდომი ბრტყელია, ყვავილობის შემდეგ სტადიაში ენისებრი ყვავლების ფურცლები იღებენ ჰორიზონტალურ მდებარეობას, ყვავილსაჯდომი იჭიმება და ყვავილობას იწყებენ ქვედა მილისებრი ყვავილები, ამის შემდეგ ენისებრი ყვავილები დაიყვავილებენ, გვირგვინი ქვევით იხრება, ყვავილსაჯდომი სულ უფრო კონუსურ ფორმას იღებს და თანდათანობით კიდიდან ცენტრისაკენ ყვავილობას იწყებენ მილისებრი ყვავილები. ამ დროს კი ქვედა მილისებრი ყვავილები უკვე იწყებენ ნაყოფის მოცემას. ნაყოფი თესლურაა. მცენარე სურნელოვანია, ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხული. ცალკეული კალათა ყვავის სამ კვირამდე.
გვირილას ზემო იმერეთში ირაგას ეძახიან, ქვემო იმერეთში – ანაგრულას, გურიაში – ქამენიას, სამეგრელოში – ქამანიას, მესხეთში – ყვითელგულას, მთის რაჭაში – კაკულს.
გვირილა ხარობს მდელოებში, სტეპებში, უშენ და დანაგვიანებულ ადგილებში და დიდ ფართობებზეც ვრცელდება.
ნედლეულის სახით აგროვებენ გვირილის ყვავილებს, მხოლოდ მაშინ როდესაც ენისებრ ყვავილებს ჰორიზონტალური მდგომარეობა უკავიათ. სამკურნალო გვირილის გარდა გვხვდება სხვა სახეობის გვირილებიც, რომელთა შეგროვება და გამოყენება დაუშვებელია. სხვა სახეობის გვირილების ყვავილსაჯდომები არ არის ღრუ, ხოლო კალათები უფრო დიდი ზომისაა, დაახლოებით 12 სმ-მდე დიამეტრისა.
გვირილას ყვავილედი შეიცავს 0,2-0,8% ეთერზეთს, სპაზმოლიტური ქმედების გლიკოზიდ-აპიგენონს, ამიტომ მას ხმარობენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ნაწლავების სპაზმების დროს. ეთერზეთის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს წარმომადგენენ ქამაზულენი და პროქამაზულენი.
მედიცინაში გვირილას ყვავილების ნაყენს იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პირის ღრუს დაავადებების (სტომატიტები და სხვა), ტონზოლიტებისა და ანგინის დროს. გვირილას უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტების, ენტეროკოლიტების საწინააღმდეგოდ, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარი გზების დაავადების დროს. გვირილას პრეპარატები ამცირებენ ნაღვლის სადინარების სპაზმებს, აძლიერებენ ნაღვლის გამოყოფას, ამცირებენ ანთებით პროცესებს. ნაწლავების სპაზმებისა და მეტეორიზმისას იყენებენ გვირილის დამამშვიდებელ ჩაის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, ფაღარათის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს აიღეთ 10 ჩაის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8 სთ, გაწურეთ. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ერთი ულუფა ნაყენი მიიღეთ 1-2 დღის განმავლობაში.
ნიკრისის ქარისა და რევმატიული ტკივილების საწინააღმდეგოდ იკეთებენ გვირილის ყვავილების აბაზანებს.
ბუასილის დროს გვირილას იყენებენ გარეგან საშუალებად. აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ კარგად თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ. ამ ნაყენს ხმარობენ აგრეთვე თვალების მოსაბანად. თვალების ანთებითი პროცესების დროს.
გვირილას დიდი გამოყენება აქვს კოსმეტიკაში.