Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 393

კატაბარდა  – Clematis Vitalba L – Ломонос виноградолистный

ბაიასებრთა ოჯახის მცოცავი, ყლორტებზე მოპირისპირედ განლაგებული კენტფრთართულფოთლებიანი მცენარეა. მუქმწვანე ფოთლები უფრო ხშირად ხუთფოთოლაკიანია. კვერცხისებრი, თავწაწვეტებული, ფუძეგულისებრი ფოთოლაკები კიდემთლიანი ან უთანაბროდ-დანაკვთულია, ქვედა მხრიდან, ძარღვებშებუსვილი. ფრიად სურნელოვანი თეთრი ყვავილები ფოთლების იღლიებში საგველნაირ თანაყვავილებადაა შეკრებილი. ყვავილსაფრის თავბლაგვი და წაგრძელებული ფოთოლაკები თვითოეულ ყვავილში ხშირად ოთხია, იშვიათად კი ხუთიც, რომელიც ორივე მხარეს ქეჩისებრბუსუსიანია.
იზრდება ზღვის დონედან 1200 მ სიმაღლეზე, უფრო ხშირად ჩალისა და დაბლობთა ტყეებში მთელს საქართველოში. ჩვენში იგი ნაირგვარი სახელწოდებითაა ცნობილი. სამეგრელოში – შხური მიჭი, შხურიში ჭუ, გურიაში – ოსურადა; რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში – ციცაბარდა; ზემოიმერეთში – კატავენახა; ფშავსა და კახეთში უსურვაზი, თეთრი უსურვაზი. ვერტიკალურ გამწვანებაში გამოსაყენებლად ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა.
ლიტერატურული ცნობებით შხამიანია, ამიტომ მისი ნედლი ფოთლები დიდი სიფრთხილით და თანაც იშვიათად გამოიყენება სამკურნალოდ. ხალხში ნედლ ფოთლებს ჩირქოვან მუწუკებზე ადებენ, ჩვილ ყლორტებს ადრე ბუასილის სამკურნალოდ ხმარობდნენ მთელს კავკასიაში.
ნედლი ფოთოლი რეკომენდებულია კუჭის წყლულისა და შაკიკის სამკურნალოდ, აგრეთვე ჩირქოვან მუწუკებზე დასაფენად. იყენებენ ტინქტურის სახითაც.
ხალხურ მედიცინაში კატაბარდას ფესვების ნახარშს იყენებენ თავის ტკივილისა და ციებ-ცხელების სამკურნალოდ. გარეგან სახმარად კი ძირმაგარებისა და მუნის (ბღერის) საწინააღმდეგოდ.
კატაბარდას ყვავილებისა და მოუმწიფებელი ნაყოფების სპირტზე ნაყენის გამოყენებით, აგრეთვე შემდგომში ცხოველებზე ჩატარებული ცდებით დამტკიცდა, რომ კატაბარდა გულზე მოქმედებს დამაწყნარებლად, მნიშვნელოვნად აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას და სპობს კანის სოკოვან დაავადებებს. გააჩნია ძლიერი ბაქტერიციდული თვისებები და სხვა.
ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ხალხში ცნობილი მცენარეული სამკურნალო რესურსებიდან მეცნიერული მედიცინის მიერ ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოუკვლეველია და აუცილებელ შესწავლას ელოდება მათი სამკურნალო თვისებების მეცნიერულად დასაბუთების თვალთახედვით.

 

კატაბალახა – Valeriana officinalis – Валериана

კატაბალახას სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში იყენებდნენ. იგი კარგად აქვს აღწერილი ცნობილ რომაელ ენციკლოპედისტს პლინიუსს. უკვე XVIII საუკუნეში კატაბალახა განეკუთვნებოდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამკურნალო საშუალებას.
კატაბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე ვერტიკალური ფესურითა და ხშირი, გრძელი, წვრილი ფესვებით. ფესვთანური ფოთლების როზეტი ვითარდება სიცოცხლის პირველივე წელიწადს, მეორე წელიწადს კი – ღერო და მცენარე ყვავილობს. ღერო სწორმდგომია, შიგნით ღრუ, 0,5-1,0 მ სიმაღლის ზემოთ დატოტვილი. ფოთლები კენტფრთისებრ-დაყოფილია, ქვედა – ყუნწიანია, ზედა – მჯდომარე. ყვავილები წვრილია, ღია ვარდისფერი, სურნელოვანი, ღეროს კენწრულ ნაწილში ქმნიან ფარისებრ საგველებს. ჯამი ყვავილობის დროს შეუმჩნეველია, შიგნით ჩაბრუნებული; ამობრუნდება ნაყოფის დამწიფების დროს. გვირგვინი ძაბრისებრია, ხუთფრთიანი, კიდეებგამოღუნული, ძაბრის ბოლოს ღრუ ბორცვით; მტვრიანა – 3, ნასკვი – ქვედა; ნაყოფი – წვრილი მოგრძოკვერცხისებრი თესლურაა, რომელიც ბოლოვდება 10 სხივისებური ქოჩრით. ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე.
კატაბალახას რაჭასა და იმერეთში კატაპარიას, თუშეთში გულბანდს ეძახიან.
იგი ხარობს სხვადასხვა სახის ნიადაგში და განსხვავებულ ადგილებში. ყველაზე ხშირად ნესტიან, ზოგჯერ ჭაობიან ადგილებში, ტყის პირას, მდინარის ნაპირებზე, ბუჩქნარს შორის, სტეპებში.
ნედლეულად აგროვებენ კატაბალახას ფესურებსა და ფესვებს. მათ თხრიან შემოდგომაზე, სიცოცხლის მეორე წელიწადს მჭრელი ნიჩბით ან ბაღის ჩანგლით. შეგროვება ხდება მას შემდეგ, რაც ქარი ნაყოფს უკვე წაიღებს (რაც აუცილებელია მცენარის გასამრავლებლად), მაგრამ ღეროზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ფარისებრი ყვავილედები, რადგან მათ გარეშე მცენარის ცნობა ძნელია.
დამზადებისას მცენარის ღეროებს ჭრიან ფესვებთან რაც შეიძლება ახლოს, ფესვებს აცილებენ მიწას და რეცხავენ. აწყობენ ჰაერზე სქელ ფენად (დაახლოებით 15 სმ) 2-3 დღის განმავლობაში. შემდეგ ამცირებენ ფენის სიმაღლეს და ნელა აშრობენ. ხანგრძლივი შრობის შედეგად მიიღება უფრო სურნელოვანი ნედლეული. ახლადმოთხრილი ფესვები ღია ფერისაა, თითქმის უსუნო, გაშრობის შემდეგ თანდათანობით იღებს მუქ რუხ ფერს და დამახასიათებელ სუნს. 
კატაბალახას ფესვები და ფესურები ძირითადად შეიცავენ ეთერზეთს 0,5-2%-მდე, ბრონიზოვალერიანატს, თავისუფალ იზოვალერიანის მჟავას. ნედლეული შეიცავს აგრეთვე ვალერიანს და ხატინინს, საპონინებს. ფესვების შენახვის ვადა 3 წელია.
სპირტიანი ექსტრაქტების მისაღებად ნედლეულად იყენებენ კატაბალახას ფოთლებსაც და ყვავილებსაც. მისი შენახვის ვადაა 2 წელი.
კატაბალახას ძალიან ჰგავს ჩვენი ფლორის ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარე – კონიო. მაგრამ მათ შორის არის განსხვავებაც. კონიოს თითებს შორის გასრესილ ფოთოლს აქვს არასასიამოვნო სუნი, მას ლიტერატურაში თაგვის შარდის სუნს ამსგავსებენ, მაშინ როდესაც კატაბალახას ფოთოლს აქვს სასიამოვნო, ოდნავ დამათრობელი სურნელი. კატაბალახას ფერი მომწვანოა, კონიოსი კი – მოწითალო ლაქებით. კონიოს ნახარშით მოწამლეს ცნობილი ფილოსოფოსი სოკრატე.
კატაბალახას ფართოდ იყენებენ ნევრასთენიისა და ფსიქასთენიის მსუბუქი ფორმების, კლიმაქსით გამოწვეული აშლილობის, ვეგეტონევროზების მსუბუქი ფორმების, გულსისხლძარღვთა ნევროზების, სტენოკარდიის საწყისი სტადიის, ჰიპერტონული დაავადების, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლსადენი გზების ზოგიერთი დაავადების დროს, როდესაც ამ უკანასკნელთ თან ახლავს კუჭისა და ნაწლავვების სპაზმები.
დამამშვიდებელი მოქმედება მჟღავნდება ნელა, მაგრამ საკმაოდ სტაბილურია. პრეპარატების ზედმეტი დოზით მიღება იწვევს მოთენთილობას, დათრგუნვის შეგრძნებას, ეს გვერდითი მოვლენები სწრაფად ქრება კატაბალახას პრეპარატების მიღების შეწყვეტის შემდეგ.
კატაბალახას ნაყენის მისაღებად აიღეთ 10 გ (1-1,5 სუფრის კოვზი) ფესურები და ფესვები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ. გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამის შემდეგ. ნაყენი კარგად მოქმედებს თავის ტკივილების დროსაც.
ჰიპერტონიული დაავადების პირველი სტადიის დროს, როდესაც ადგილი აქვს საერთო ნევროზის გამოვლინებას, იღებენ კატაბალახს ნაყენს, ნახარშს ან ფხვნილს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ნახარშის მისაღებად აიღეთ 10 გ (1-1,5 სუფრის კოვზი) კატაბალახას ფესურები და ფესვები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წთ-ის განმავლობაში. გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

 

კაპარი  – Capparis Spinosa L – Каперсы колючие

კაპარისებრთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი, მიწაზე ტოტებგართხმული, ფრიად მძლავრფესვთა სისტემიანი, სიმშრალისა და ნიადაგის დამლაშების ამტანი მცენარეა. მიწაზე გართხმული თითოეული ტოტის საშუალო სიგრძე 1,5 მეტრამდე აღწევს, მთავარღერძა ფესვი კი ძალიან ღრმად მიდის ნიადაგსა და გრუნტში.
მომრგვალო, ზოგი ოდნავ წაწვეტებული, მოკლე ყუნწიანი, ყუნწის ძირში წყვილ ეკლოვანფოთოლთანიანი, ზემოდან მბრწყინავი ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
საკმაოდ დიდი (დიამეტრში 8 სმ-მდე) გრძელყუნწიანი, თეთრი ან მოთეთრო-მოვარდისფრო ყვავილები ფოთლების იღლიებშია სათითაოდ განლაგებული. ყვავილის გვირგვინი ოთხფურცლიანია, ჯამის ფოთოლაკებიც ოთხია.
ნაყოფი მოგრძოა 2-4 სმ სიგრძის, წაგრძელებული ფორმის, საზამთროს მოგვაგონებს, სინამდვილეში კი იგი ხორცოვანი და მრავალთესლიანი, წვნიანი კოლოფა ნაყოფია, წითელი რბილობით, გარედან კი მწვანეა. ყვავის ხანგრძლივად, მაისიდან დაწყებული, გვიან ზაფხულამდე. ნაყოფის მომწიფებაც ასევე გახანგრძლივებულია – ივნისიდან თითქმის ოქტომბრამდე.
მრავლდება თესლით. თესლმსხმოიარობას 5 წლის ხნოვანებიდან იწყებს, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 50 წელზე მეტია.
იზრდება უმთავრესად ე.წ სამხრეთის ტიპის არიდული ტყეების (ნათელი ტყეების) ზონაში, გვხვდება მთის შუა სარტყლამდე თიხნარ, ცოტად თუ ბერვად მლაშობ ნიადაგებზე, აღმოსავლეთ საქართველოში, უმთავრესად ქართლსა და კახეთში.
კაპარის კვირტები და ნაყოფები იჭმება. დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყნებში იგი კულტივირებულია. დაწნილებული კვირტები სასიამოვნო გემოსია, რომელიც 29 პროცენტამდე ცილოვან ნივთიერებებს შეიცავენ, გარდა ამისა მათში 4,6 პროცენტამდე ცხიმია, 0,32 პროცენტი რუტინი, 150 მგ პროცენტი ასკორბინის მჟავა, ეთერზეთი, პექტინი და ორგანიზმისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებები.
ნაყოფი უმად იჭმება, თესლებს ჭამის დროს ყრიან. წინათ ნაყოფებს ახმობდნენ და შაქრის ნაცვლად იყენებდნენ. ხორცოვანი რბილობი ძალიან გემრიელია, 12 პროცენტამდე შაქარს შეიცავს და გემოთი რამდენადმე საზამთროს მოგვაგონებს. თესლებში 18 პროცენტი ცილოვანი ნივთიერებები და 36 პროცენტამდე ზეთია, რომლის საჭმელად გამოყენებაც შეიძლება. ზოგან ჩვილ ყლორტებსაც ყვავილებთან ერთად აწნილებენ და ისე ჭამენ.
ჩვენი ხალხი კაპარს მარტო საჭმელად კი არა, სამკურნალოდაც იყენებდა. კაპარის ფესვებს ხალხური მედიცინა ურჩევდა ნევროზის (კერძოდ ისტერიული მდგომარეობის), რევმატიზმის, ბრუცელოზის, კბილის ტკივილის, წყლულებისა და ჭრილობების სამკურნალოდ. ფესვებს იყენებენ აგრეთვე აბრეშუმის მწვანედ და მოყავისფროდ შესაღებად. კაპარი ამავე დროს შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეცაა.
ხალხურ მედიცინაში, მოხარშულ და ძმრითა და კარაქით შეკაზმულ კაპარს სჭამენ გადიდებული ელენთის სამკურნალოდ.

 

კაკალი  – Juglans Regia L – Грецкий орех

კაკლისებრთა ოჯახში შედის. დიდი, 20 (35) მ სიმაღლის ხეა ძლიერი გუმბათისებრი ვარჯით. ღერო დაფარულია ღრმანაღარებიანი ღია ნაცრისფერი ქერქით. ახალგაზრდა ტოტები მომწვანო-ყავისფერია. ტოტებზე მორიგეობით განლაგებული კენტფრთართული ფოთლები გრძელყუნწიანია, 7-9 განიერი, ელიფსური ან წაგრძელებულკვერცხისებრი კიდემთლიანი ფოთოლაკებით, რომელთაგან კენწრული ფოთოლაკი ყოველთვის უფრო დიდი და გრძელყუნწიანია.
ერთბინიანი ხეა სქესგაყოფილი ყვავილებით. მამრობითი ყვავილები თავჩაქინდრულ 10 სმ-დე სიგრძის მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი. თითოეულ ყვავილში მტვრიანათა რიცხვი 8-40 ცალის ფარგლებში მერყეობს. მდედრობითი ყვავილები 1-4 ცალის რაოდენობით შეკრებილია მწვანე ყლორტების კენწრულ ნაწილში.
ნაყოფი ცრუ კურკიანაა, ელიფსურიდან თითქმის მრგვალ ფორმამდე, რომელიც სიდიდის მიხედვითაც ძლიერ ცვალებადია. ნაყოფს გარეთ არსებული წენგო ხორცოვანი და მწვანეა, რომელიც მომწიფებისას შავდება და ტყვავისებრი ხდება. 1000 ცალი კაკლის წონა 6500-15000გ.
ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. ფართოდ კულტივირებული ხეა. ზოგან ბუნებრივ კორომებსაც ქმნის. ჩვენთან კარგად იზრდება და უხვად ისხამს. ბარში და მთაშიც 1300 მეტრამდე სიმაღლეზე. ცალკეული ხეების სახით გვხვდება 1600-1700 მეტრზეც, მაგრამ ასე მაღლა იგი ფართოდ არაა კულტივირებული, გარდა ამისა აქ ხშირად ზიანდება ყინვებით და იშვიათად მსხმოიარობს. თანაც მეტად ცოტას ისხამს, კარგად განვითარებული ზოგი ეგზემპლარი მისი ზრდის ოპტიმალურ პირობებში 300 კგ-მდე ნაყოფს იძლევა. ყველაზე დიდი მსხმოიარობით 150-180 წლის ასაკში ხასიათდება.
კაკლის მერქანი უძვირფასესი საავეჯო ნედლეულია, იგი ადრე წონით იყიდებოდა და საზღვარგარეთ დიდი რაოდენობით გაჰქონდათ შავი ზღვით.
კაკლის გული 54-74 პროცენტ ზეთს, 12-21 პროცენტ ცილოვან ნივთიერებებს, ვიტამინ B-სა და პროვიტამინ A-ს შეიცავს. იგი საუცხოო გემოსია და მეტად ყუათიანი, საჭმელად გამოიყენება ნატურალური და ნაირგვარი ტკბილეულის სახით (ხალვა, კანფეტი, ტორტი და სხვა მრავალი).
კაკალი საქართველოში ოდითგანვე საკულტო ხედ ითვლებოდა. ახლად გამონასკვული მწვანე ნაყოფი დიდი რაოდენობით გამოიყენება მურაბისათვის. კაკლის ზეთი შესანიშნავი საკვებია და ფერწერისათვის საჭირო ლაქის მასალაა. ზეთგამოხდის შემდეგ დარჩენილი ნარჩენი 40 პროცენტამდე ცილოვან ნივთიერებებს შეიცავს 10 პროცენტ ცხიმთან ერთად. იგი საუცხოოა შინაური ფრინველების საკვებად.
ახალგაზრდა მწვანე ნაყოფი მდიდარია ასკორბინის მჟავით (3000 მგ პროცენტამდე) და კაროტინით, ამიტომ ვიტამინიან კონცენტრატის საუცხოო მასალაა. ფოთლებშიდაც ვიტამინ C-ს შემცველობა 4500 მგ პროცენტამდე აღწევს.
ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხურ მედიცინაში კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის სამკურნალოდ ხმარობენ. გარდა ამისა სვამენ ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის გასამაგრებლად ავიტამინოზის დროს. წენგოს ფხვნილი სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად ითვლება. ამ უკანასკნელ დრომდე წენგოსაგან კეთდებოდა პრეპარატი “იუგლონი” კანის ტუბერკულოზის სამკურნალოდ. ქართულ ხალხურ მედიცინაში ეგზემის წინააღმდეგ დიდი ეფექტურობით იყენებენ წენგოს და ჩვილ მწვანე ნაყოფებს, მათ გასჭრიან და უსვამენ ეგზემურ ადგილებზე.
კაკლის ზეთი კონიუნქტივიტების და შუა ყურის ანთების სამკურნალოდ გამოიყენება.
წენგოს გამოყენება შეიძლება ტყავის გასათრიმლად, ფოთლებს, ქერქს და წენგოს იყენებენ ქსოვილების, მატყლის, ხალიჩების და თმის ქარცისფრად ან მოყავისფროდ შესაღებად.

იაპონიის ერთ-ერთი ფირმა კაკლის დაფხვნილ ნაჭუჭს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად იყენებს ცვეთისადმი დიდი გამძლეობის სამუხრუჭე მასალის წარმოებაში მაღალტემპერატურული პირობებში გამოსაყენებლად.
ხალხური მედიცინა უფრო ხშირად კაკლის ფოთოლს იყენებს. ფოთლების ჩაის – 50 გ. 1 ლ წყალზე სვამენ კანის ნაირგვარი დაავადებისას, ვენერიული სნეულებების, მრგვალი ჭიების წინააღმდეგ და კუჭ-ნაწლავის კატარის სამკურნალოდ. აღნიშნავენ, რომ დიაბეტიანებს შაქრის შემცველობას უმცირებს შარდში.
წვრილად დაჭრილი ჩვილი ნაყოფებიდან სპირტზე ნაყენს ამზადებენ. ბოთლში ჩაყრილ კაკალს ასხამენ სპირტს და მზეზე დგამენ 14 დღის განმავლობაში. შავ, სურნელოვან ნაყენს გადაასხამენ სხვა ჭურჭელში და დარჩენილ კაკალს კი შაქარს აყრიან, კარგად ურევენ და თითქმის მთელი თვე დგამენ. ასე მიიღება საუცხოო ლიქიორი. ნაყენიც და ლიქიორიც მიიღება კუჭისა და ნაწლავების ტკივილის, კუჭის აშლილობის დროს (განსაკუთრებით საჭმლის გაძნელებული მონელებისას). ლიქიორი უფრო ნაკლებეფექტურად მოქმედებს, მაგრამ მეტად კარგი გემოსია. იღებენ ჭამის შემდეგ საჭმლის ძნელად მონელების არართული ფორმის დროს.
ნაყენისათვის იღებენ დაახლოებით 30 კაკალს 1 ლ სპირტზე. ლიქიორს კი გემოვნებით მიხაკსაც უმატებენ.
კაკლის ფოთლების წყლიან ნაყენს ან მონახარშს რაქიტიანი ბავშვების აბაზანებისათვის იყენებენ.
თმისათვის უფრო მუქი ფერის მისაცემად თავს კაკლის ფოთლის მაგარი ნახარშით იბანენ. სამკურნალოდ კაკლის ფოთლებს იყენებენ უყუნწოდ ღრძილებისა და ლიმფური ჯირკვლების ანთებისას, კანის დაავადებების ჩირქოვანი ჭრილობების, გასტროენტერიტის, კუჭაშლილობის სამკურნალოდ, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციისა და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.
დასალევად გამოიყენება წყლიანი ნაყენი. ერთ სუფრის კოვზ ხმელ წვრილად დაჭრილ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (დღეღამის დოზა). გარეგან პრაქტიკაში იყენებენ მონახარშს: 3-5 სუფრის კოვზ ფოთოლს 0,5 ლ წყალს ასხამენ და 15 წუთს ხარშავენ.
ხალხური მედიცინა ფოთოლსა და წენგოს მრავალი დაავადების დროს იყენებს, კერძოდ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გარდა მათ იყენებენ კუჭ-ნაწლავების ანთებისა და ტკივილის, ფურუნკულების, ჩიყვის, ტუბერკულოზის, სიფილისის, ბუასილის, ნიკრისის ქარის, სიყვითლის, სისხლიანი ნახველის სამკურნალოდ, აგრეთვე კომპრესებად ძუძუთა ბავშვების მკვებავი ქალების ძუძუს თავების დახეთქვისას. მოხარშულ თბილ ფოთლებს იდებენ ბუასილიან ადგილზე.

 

კავკასიური სურო – Hedera Caucasigena Pojark. (H. Helix Auct. Cauc. Non L.) – Плющ кавказский

სუროსებრთა ოჯახის, მცოცავი (ლიანა), მარადმწვანე მცენარეა. ახალგაზრდა ტოტები შებუსვილია, ხანდაზმული კი შიშველი. საკმაოდ გრძელყუნწიანი ტყავისებრი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა გაწყობილი, რომელნიც მიწაზე გართხმულ უნაყოფო და მცოცავ ყლორტებზე საერთო გარეგნული შეხედულებებებით სამკუთხა კვერცხისებრია, 3-5 (7) ნაკვთით, უფრო ხშირია სამნაკვთიანი ფოთლები. ფოთლის შუა ნაკვთი სხვებთან შედარებით ჩვეულებრივ უფრო დიდია. გენერაციული ტოტების დაუნაკვთავი ფოთლები კვერცხისებრი ან რომბულია. ფოთოლი ზემოდან მუქ-მწვანე, ქვემოდან კი უფრო მკრთალია. ფოთლების ყუნწები შებუსვილია.
მომწვანო-მოყვითალო ყვავილები აღმამდგომი მტევნის ცალკეულ ტოტებზე ქოლგებადაა შეკრებილი. მთელი ყვავილედი თეთრი ვარსკვლავისებრი ბეწვითაა მოფენილი, ყვავის გვიან ზაფხულში (ხშირად სექტემბერში). მრგვალი 2-4 თესლიანი შავი ფერის კენკრა ნაყოფები შემოდგომით საკმაოდ გვიან მწიფდება. მრავლდება თესლითა და კალმებით, მიწაზე მხოხავი ყლორტები ცალკეულ კვანძებში ფესვებს ივითარებს. ხეებსა და სხვა საყრდენ საგნებზე მცენარე დამატებითი ფესვებით საიმედოდ ემაგრება. ჩრდილის დიდი ამტანია, ამიტომ კარგად იზრდება ტყეებში, როგორც საბურველქვეშ, მიწაზე გართხმული, ასევე ადვილად აღწევს ხეთა ვარჯებში. უპირატესად ტყის მცენარეა, მაგრამ ზოგან შიშველ კლდეებზედაცაა შეფენილი. ნორმალურად ტენით უზრუნველყოფილ მდიდარ ნიადაგებზე იზრდება ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე სიმაღლეზე. გვხვდება იმერეთში, რაჭა-ლუჩხუმში, აჭარაში, ქართლსა და თრიალეთზე. საქართველოში გარდა განხილულისა იზრდება კოლხური და პასტუხოვის სუროები, რომელთა ფოთლები დანაკვთული არაა.
ფარმაკოქიმიურად უფრო კარგად შესწავლილია კავკასიური სურო, დანარჩენი ორი კი ძლიერ სუსტად ან სრულებითაც არაა გამოკვლეული. საერთოდ ცნობილია, რომ ქიმიური შემადგენლობით სუროების სხვადასხვა სახეობები ერთმანეთისაგან არსებითად არ განსხვავდება. ხალხიც სამკურნალოდ გამოყენებისას სახეობრივ ნაირგვარობას ყურადღებას არ აქცევს. იყენებს იმ სახეობას, რომელიც მისთვის ტერიტორიულად უფრო მისაწვდომია.
სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება, მაგრამ გლიკოზიდ ჰედერნინის და საპონინების შემცველობის გამო მომწამვლელ გავლენას ახდენს, რაც მათ სამკურნალოდ გამოყენებისადმი ფრთხილად მიდგომის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.
ჰედერინს გამხსნელი და პირსასაქმებელი თვისება გააჩნია. დანით დასერვის შემთხვევაში ღეროდან ფისოვან-გუმფისოვანი წვენი გამოდის, რომელიც ჰაერზე გამჭვირვალე მუქყავისფერ მყარ ნაწილებად მკვრივდება. იგი წვის დროს საკმევლის სურნელისებრ არომატს აფრქვევს. მისგან ღვინის სპირტში გახსნით ამზადებენ ლაქს, რომელიც ფერწერაში გამოიყენება.
მიუხედავად არასასიამოვნო გემოსი, ნაყოფებს ორნიტოფაუნის ბევრი წარმომადგენლი ჭამს.
სუროს პრეპარატები მცირე დოზით სეკრეტორიტულ გავლენას ახდენს ქრონიკული ბრონქიალური კატარის დროს, ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს გარეგანი ხმარებისას ქალებში თეთრად შლისას. მასვე იყენებენ ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. გარეგან სახმარად გამოიყენება კოჟრების, მეჭეჭების, პოლიპების, დამწვრობით გამოწვეული ჩირქოვანი მუწუკების სამკურნალოდ. დასალევად იყენებენ ცივი წყლით გამონაწვლილს: 1/2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ერთ ჭიქა წყალს ასხამენ და 8 საათს დგამენ. ესაა დღე-ღამის დოზა.

 

 

 

 

 

 

 

 

კავკასიური სოჭი  – Abies Nordmanniana (Stev). Spash.  – пихта кавказская

ფიჭვისებრთა ოჯახს ეკუთვნის. კავკასიური სოჭი სიმაღლეში 60-70 მეტრამდე აღწევს. დიამეტრი კი – 2 მეტრამდე. მისი ფისითა და მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარი ქერქი ერთწლიან ყლორტებზე მოყვითალომწვანე ან მურა-მოწითალოა, ზოგჯერ – ღია ყავისფერი. ევროპული სოჭისაგან განსხვავებით, ყლორტის კენწეროზე ოთხი კვირტი ზის.
ბლაგვი ან წვერომოკვეთილი ბრტყელი წიწვი ქვედა მხრიდან წყვილ თეთრზოლიანია, ტოტზე წიწვები ორ მწკრივადაა განლაგებული.
ღია ადგილზე სოჭი 30-40 წლის, ხოლო კორომში 60-70 წლის ასაკში იწყებს მსხმოიარობას.
მოყვითალო მწვანე მამრობითი ყვავილები თავთავისებრ ყვავილედებადაა შეკრებილი წიწვების იღლიებში და გასული წლის ტოტების კენწრულ ნაწილში არის განლაგებული.
მდედრობითი აღმამდგომი გირჩები გასული წლის ყლორტების კენწეროებზე ზის, ამასთან ხის მხოლოდ კენწეროშია თავმოყრილი.
თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება, გირჩის დაშლა და თესლის გამობნევაც ამ დროს ხდება.
1000 ცალი თესლის წონა 64 გრამს შეადგენს. კავკასიური სოჭის სიცოცხლის ხანგრძლივობა 500 წელს აღწევს.
კავკასიური სოჭი ქიმიკო-ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით ჯერ კიდევ სუსტადაა შესწავლილი, მაგრამ ამ მიმართებით იგი ძალიან ახლოს დგას ციმბირულ სოჭთან და მის შემცვლელადაც გამოდგება.
მედიცინაში სოჭის წიწვები, ქერქი და ახალგაზრდა ტოტები გამოიყენება, მათგან მიღებული ეთერზეთი ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სინთეზური ქაფურის მისაღებად.
ქაფური სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის აღმგზნები, ინფექციური და სხვა დაავადების დროს გულის მოქმედების გამაძლიერებელი საშუალება. ამავე მიზნით გამოიყენება გულის გასამაგრებლად ნარკოტიკებით, ძილისმომგვრელი და ტკივილგამაყუჩებელი (მორფინი) ნივთიერებებით მოწამვლისას და სხვ. ქაფურს გარეგან საშუალებადაც იყენებენ მიოზიტის, ნევრიტის და სახსრების რევმატიზმების დროს. დიდი დოზით შიზოფრენიის მკურნალობაში იყენებენ. სოჭისაგან მიღებულ სკიპიდარს გარეგან სახმარად იყენებენ გამაღიზიანებელ საშუალებად.
კვირტებისა და ჩვილი წიწვების ნახარში ვიტამინიზებული სასმელია და შესაძლოა გამოყენებული იქნას სურავანდის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.
სოჭის ფისისაგან მიღებული “სოჭის ბალზამი” მედიცინაში ჭრილობების შეხორცების მასტიმულიზებელ საშუალებადაა ცნობილი, მასვე ხმარობენ მინის შესაწებებლად.

 

კავკასიური პანტა  – Pyrus Caucasica A. Grossh. – Груша кавказская

ვარდისებრთა ოჯახში შედის. საკმაოდ მაღალი, 20 მეტრამდე სიმაღლის ხეა ეკლიანი  ტოტებით. ყლორტების კანი მოყავისფროა, ტოტების ქერქი ნაცრისფერი და ღეროზე კი მუქი ნაცრისფერია.
მომრგვალო ან კვერცხისებრი, საკმაოდ გრძელყუნწიანი, პრიალა, კიდემთლიანი ფოთლები დამოკლებულ ტოტებზე ჯგუფურად, დაგრძელებულ ტოტებზე კი მორიგეობითაა გაწყობილი.
საშუალო ზომის (2,5-3,5 სმ დიამეტრში), ხასხასა თეთრი ფერის, ზოგჯერ ოდნავ მოვარდისფრო ყვავილები დამოკლებულ ტოტებზე ფარისებრ ყვავილედებშია შეკრებილი,
მოუმწიფებელი ნაყოფი მწვანეა, მომწიფების წინ მოყვითალო-მწვანე, ხოლო მომწიფებული – მუქი ყავისფერი, ფორმით მსხლისებრი, მომრგვალო ან მობრტყო, გრძელყუწიანი ნაყოფს რბილობი მდიდარია გაქვავებული უჯრედებით.
ყვავის ფოთლების გაშლასთან ერთად აპრილ-მაისში, ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება, ზოგან უფრო გვიან. უხვი ნაყოფის მსხმოიარობა ყოველი 1-2 წლის შემდეგ მეორდება.
ნაყოფი 6-13 პროცენტ შაქარს (ძირითადად მონოსახარს), 0,12-0,19 პროცენტ შაქრის, ლიმონის და ასკორბინის მჟავას, 4 პროცენტამდე პექტინებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, აგრეთვე მცირედ კაროტინს შეიცავს, იყენებენ კომპოტების და ესენციისათვის, რომლისგანაც ხილის გამაგრილებელ წყლებს ამზადებენ. შაქარშემცველობის გამო ნაყოფები ვარგისია ღვინის, ძმრის და არყის გამოსახდელად. მისგან ბურახსაც აკეთებენ. ხმელ პანტას ფქვავენ და პურის ფქვილში ურევენ, მისგან აკეთებენ ტკბილ კვერს, თათარას ჩურჩხელებისათვის და სხვ.
პანტას ნაყოფი უძველესი დროიდანვე აღიარებულია კუჭშემკვრელ საშუალებად და ხალხი ფართოდაც იყენებს კუჭაშლილობის დროს.
მოწითალო ფერის მერქანი უძვირფასესი მასალაა საავეჯო წარმოებისა და წვრილმანი სახარატო ნაკეთობებისათვის.
ყოველივე ზემოაღწერილი ვრცელდება ბერყენას სხვადასხვა სახეობის ნაყოფებზეც. ბერყენას ნაყოფიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც კარგი ხილი და სამკურნალო საშუალება კუჭაშლილობის დროს.

იფანი ჩვეულებრივი – Fraxinus Excelsior L – Ясень обыкновенный

ზეთისხილისებრთა ოჯახის ტანმაღალი ხეა (30-45 მ). ახალგაზრდა ღერო ნაცრისფერქერქიანია, ერთწლიანი ყლორტები კი მწვანე. მისი ძირითადი მორფოლოგიური ნიშნებია, მომრგვალო, ტოტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ მჯდომი შავი კვირტები, კენტფრთართულ მოპირისპირედ განლაგებული, (5) 7-13 ლანცეტა ფოთოლაკიანი ფოთლებით, რომლებიც ზემოდან უფრო მუქი მწვანეა, ხოლო ქვემოდან რამდენადმე მკრთალია, შებუსვილი ძარღვებით. ახასიათებს როგორც ცალსქესიანი (მამრობითი), ასევე ორსქესიანი ყვავილები. ყვავილები ჯგუფებადაა განლაგებული, მათ ჯამი და გვირგვინი არ გააჩნიათ. ყვავის ფოთლების გაშლამდე. უფრო ხშირად წვერში ამოკვეთილი ან თავბლაგვი, ხაზურა, წვერისაკენ ოდნავ გაფართოებული, ფრთა ნაყოფი 30-45 მმ სიგრძისაა. ბუნებრივად მთაში 1800 მ სიმაღლემდეა გავრცელებული. გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, რაჭაში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთში, ქიზიყსა და ქვემო ქართლში.
ხალხურ მედიცინაში ქერქი და ნაყოფები გამოიყენება ციებ-ცხელების, წყალმანკის, დიზენტერიისა და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ. ქერქს შავ, ყავისფერ და ლურჯ საღებავად იყენებენ. მოუმწიფებელ ნაყოფებს საჭმელად ძმარსა და მარილში ამწნილებენ. ქერქის დაფნის ნაწილის ნახარშს ძლიერ შარდმდენ და ციებცხელების საწინააღმდეგო საშუალებად თვლიდნენ. იგი წინათ (ქერქი) ქინაქინის ქერქადაც კი იყო ცნობილი აფხაზეთში. ფოთლებს რევმატიზმის წინააღმდეგ ხმარობდნენ.
ბულგარეთის მედიცინაშიი სამკურნალოდ იფნის ფოთლები და ქერქი გამოიყენება.
ფოთლები ფლაონურ გლიკოზიდ ქვერციტრინს, მანიტს, ტანინსა და ინოზიტს, აგრეთვე მცირე რაოდენობის ეთერზეთს შეიცავს, ქერქი კი გლიკოზიდ ფრაქსინს, ტანინსა და მანიტს.
ფოთლები რეკომენდებულია სახსრების რევმატიზმის, ღვიძლის, სიყვითლის, თირმკლის კენჭის სამკურნალოდ. მასვე იყენებენ ამოსახველებელ, ჭიისდამდენ და საფაღარათო საშუალებად. ჭრილობებზე ურჩევენ დანაყილი ფოთლის ფაფისებრი მასის დადებას. ქერქსაც ასეთსავე სამკურნალო თვისებებს მიაწერენ. ორივე სახის ნედლეული ცხელი ნაყენის სახით მიიღება: 3 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს 2 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 10 წუთს დგამენ (ერთი დღე-ღამის დოზა).

 

 

ინულა, ჩვეულებრივი მზიურა  – Inula Vulgaris (Lam) Trevis.; Inula Conyza DC  – Девясил обыкновенный, Девясил растопыренный

ასტრასებრთა ოჯახში შედის. ორი ან მრავალწლიანი, 20-120 სმ სიმაღლის, კენწრულ ნაწილში დატოტვილი, თეთრი ბეწვით შებუსვილი, მთელ სიგრძეზე წვრილად დაღარული, ოდნავ მოწითალოღეროიანი მცენარეა. ამ მცენარის გვარის ბევრ სახეობას აქვს ქართული შესატყვისები – მზიურა, კულმუხო და სხვა. მაგრამ აქ განსახილველი სახეობის ქართული სახელი არაა ცნობილი, ამიტომ მის აღსანიშნავად ლათინური შესატყვისია გამოყენებული.
მოგრძო კვერცხისებრი ან ელიფსური ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა – თითქმის მჯდომარე, ნაპირებში ამოკვეთილი, ტალღისებრი ან წვრილკბილა. ფოთლის ფუძე შევიწროებულია და ყუნწში თანდათან გადადის. ფოთლის ფირფიტის ზედა მხარე თხელბეწვიანია, ქვედა კი სქლადაა შებუსვილი და უფრო მონაცრისფეროა ზედა მხარესთან შედარებით.
ფოთოლს ხალხური მედიცინა კუჭ-ნაწლავში გაზების დაგროვების და სიყვითლის წინააღმდეგ იყენებს; გარდა ამისა მას ხმარობენ როგორც საოფლე და ჭრილობების შემხორცებელ საშუალებას.

 

იაპონური სოფორა  – Sophora Japonica L – Софора японская

პარკოსანთა ოჯახის საშუალო სიმაღლის ხეა, რომელიც სპორადულად ჩინეთსა და იაპონიაშია გავრცელებული. საქართველოში შემოტანილი და უმთავრესად ბაღ-პარკებშია დანერგილი. მცირე რაოდენობით გაშენებულია თბილისისა და გორის შემოგარენის ტყის კულტურებში, აგრეთვე ამიერკავკასიის რკინიგზის დაცვის ტყის ზოლებში.
ტოტებისა და ყლორტების გლუვი, მომწვანო ქერქი უხვადაა მოფენილი მეჭეჭებით. ფოთლები კენტფრთართულია, 7-15 კიდემთლიანი წაგრძელებულკვერცხისებრი ან ოვალური, წვერში მოკლედ წაწვეტებული, ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან მონაცრისფერო თეთრი ბეწვით შებუსვილი ფოთოლაკებით. ფოთლის ყუნწის ძირი მნიშვნელოვნადაა გაგანიერებული; ღია მოყვითალო ფერის ყვავილები კენწრულ საგველა ან მტევნისებრ ყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი ცილინდრული, თესლებს შორის შეზიდული 6 სმ-მდე (ზოგჯერ უფრო გრძელიც) სიგრძის პარკია. თესლები ხორცოვანი პარკის გაგანიერებულ ნაწილებში ზის. ყვავის საკმაოდ გვიან, მაღალი ტემპერატურული რეჟიმის დადგომის შემდეგ, უმეტესად ივლის-აგვისტოში.
საკმაოდ გვალვისამტანი, სითბოს მომთხოვნი მცენარეა, ამიტომ უფრო დაბალი ზონის გამწვანებისთვისაა სასურველი.
სოფორას ბუტონებს (გაშლის ზღვარზე მყოფი საყვავილე კვირტები) სამკურნალოდ იყენებენ სისხლჩაქცევის საწინააღმდეგოდ და სისხლსადინარი კაპილარების ელასტიურობის აღმდგენ საშუალებად.
სოფორის ბუტონები სხვა სამკურნალო მცენარეებთან შედარებით უხვად შეიცავს რუტინს (12-17 (30)%-მდე). ამიტომ სოფორის ბუტონები ამჟამად რუტინის მიღების მსოფლიო მნიშვნელობის ნედლეულს წარმოადგენს. ზემოთჩამოთვლილი ყველა დაავადების დროს რუტინს ვიტამინ C-სთან ერთად იყენებენ.
სოფორის ნაყოფს ბაქტერიციდული თვისებები გააჩნია ოქროსფერი სტაფილოკოკისა და ნაწლავის ჩხირის მიმართ. ნაყოფისაგან მომზადებულ ნაყენს სველი საფენებისა და ტამპონების სახით იყენებენ ეგზემის, ქრონიკული ანთებითი პროცესის, ჭრილობების, დამწვრობის და ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ.
სოფორის ბუტონები გამოიყენება როგორც შინაგანი საშუალება. იღებენ 0,2-0,5 გ ბუტონების ფხვნილს დღეში 3-4-ჯერ, ან სპირტზე ნაყენს (20 გ ბუტონებს 70 გრადუსიან 100 გრ სპირტზე აყენებენ 7 დღის განმავლობაში,) იღებენ 20-40 წვეთს დღეში 3-ჯერ.

 

Don`t copy text!